მამათა სწავლანი - თევდორე სტოდიელის სწავლება მწვალებელთა შესახებ 4 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სქიმმონაზონი ეპიფანე (ჩერნოვი)

ღირ. თევდორე სტოდიელის სწავლება

თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გაბატონებულია მწვალებლობა

ამონაწერები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან


წმ. თევდორე სტოდიელი

ნაწილი IV

ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III

ქრისტესთვის აღმსარებლობა და მოწამეობა

20. არსებობს თუ არა გამონაკლისი და შემსუბუქება.

თუკი არსებობს რაიმე გამონაკლისი დაცემულთათვის და მდგომარეობის შემსუბუქება ქრისტეს უარმყოფელთათვის, რაღა აზრი აქვს ღვაწლსა და მოწამეობას? ამ კითხვას არაერთხელ სვამს დიდი აღმსარებელი მათ წინაშე, ვისაც სურდა ეპითიმიების შემსუბუქება და მღვდელმსახურების ნებართვის მიღება იმ სასულიერო პირთათვის, ვინაც მწვალებელთა წინაშე ქედი მოიდრიკა.

"თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, - ამბობს მოციქული, - რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან?" (1 კორ. 15:32). მეც ასე ვიტყვი: თქვენის აზრით, თუ ქრისტეს უარყოფის ან ქრისტეს მტრებთან თანაზიარობის შემდეგ იმწამსვე უნდა იქნეთ მიღებულ ეპითემიების გარეშე; რისთვის ვეწამები მე ყოველდღიურად, რატომ იმწამსვე არ მივიდრიკე მწვალებელთაკენ და შემდეგ იმწამსვე სინანულით არ შემოვუერთდი მართლმადიდებლობას ეპითემიის გარეშე? "ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს" (1 კორ. 14:20) (იქვე., часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 343).

"თუ შეიძლება მღვდელმსახურების უფლება მივცეთ პრესვიტერს, რომელიც მწვალებლობისკენ მიიდრიკა, რაღა აზრი აქვს მოწამეობას? - პასუხი: შენ იცი, რომ მრავალი დევნა-შევიწროება განუცდია მართლმადიდებელთ დღემდე მძვინვარე მწვალებლობისგან, იღვრებოდა სისხლი, გლეჯდნენ სხეულებს, და მოწამეები ასე აღესრულებოდნენ. რაღა ვთქვა იმ ტანჯვაზე, რომელსაც მართლმადიდებელნი საპყრობილეებსა და დილეგებში განიცდიან? გადასახლება, დევნულება, ძარცვა, რკინის ბორკილები, შიმშილით დაძაბუნება, უდაბნოში განცალკევება და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს. და თუკი ასეა, ნუთუ ამ პრესვიტერს შეუძლია გამოვიდეს მშვიდად და მიიღოს უხრწნელი გვირგვინი დიდებისა? პირიქით, რადგან ის ქრისტეს, მისი პატიოსანი დედისა და ყველა წმინდანის საწინააღმდეგო ხელწერილშია მხილებული, - რამეთუ, მათი ხატებით ვუკავშირდებით პირველხატებას, - რამეთუ დიდ საქმედ არ მიიჩნია თავისთვის, რომ ჯერაც ცოცხლობს და ამგვარი უსჯულოება ღმრთისგან მიეტევება, კაცთმოყვარებით შეიწნყარება, მაგრამ როდი გაიხსნება აკრძალვისგან. სხვაგვარად ყველაფერი წარწყმდებოდა, ამაო გახდებოდა მოწამეობა, ღვაწლი და მოსაგრეობა; მაგრამ, ნუმც იყოფინ! მოწამე ამგვარი ღვაწლისთვის არის მოწამე, ხოლო განდგომილი - თავისი განდგომილებისთვის, და ყოველ დაცემულს სიკვდილამდე სინანული და გლოვა სჭირდება, თუ დაუჯერებს ჩემს კეთილ რჩევას" (იქვე, часть 2, письмо 204. К Ирине игумении, стр. 608).

აქ განსაკუთრებით ძლიერად არის გამოთქმული შემდეგი აზრი: თუკი აღმსარებელი, რომელიც ვერ გაუძლებს წამებას, ეკლესიის კანონების მიხედვით განდგომილად მიიჩნევა, როგორ არის შესაძლებელი ამგვარად არ იქნეს მიჩნეული ის, ვინც საკუთარი ნებით განუდგა ქრისტეს რწმენას?

ღირსი აღმსარებელი განმარტავს, რატომ არ შეუძლია მას დაუშვას გამონაკლისი დაცემულთათვის: "შენი ღირსება კვლავ მსჯელობს პრესვიტერზე, რომელიც დაეცა და მღვდელმსახურებაზე მისი დაშვების ნებართვას მთხოვს; ეს საქმე კაცობრივი რომ იყოს, ამგვარი დაშვება ადვილი იქნებოდა; ჩვენ ვცდილობთ ყოველივეში დაგაკმაყოფილოთ და შენთვის სასურველი ვაკეთოთ, რადგან მრავალი პატივისცემა გვახსოვს შენგან; მაგრამ რაკიღა ეს საგანი ღმერთს ეხება, და საღმრთო კანონთა დარღვევას, მოგვიტევე, საყვარელო მეგობარო, არ ძალგვიძს დავაწესოთ სამართალი ღმრთისა და მისი კანონების საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს როდესაც მსგავსი საქმისთვის ადრეც გაგვიწირავს ჩვენი სიცოცხლე და უმალ საფრთხეში თავის ჩაგდებას ვისურვებდით, ან მომაკვდინებელ გადასახლებას, ვიდრე დავეთანხმებოდით უკეთურებას და ქრისტეს სახარების დარღვევას...

ამრიგად, ვიცით რა საშინელება სამსჯავროსი, ნუ აიძულებს ჩვენს მორჩილებას. და რადგან ყოველდღიურად ვექვემდებარებით საფრთხეს ჭეშმარიტებისთვის, როგორ შევძლებთ მისსავე წინააღმდეგ წასვლას? არ გვმართებს, ბატონო, ღმრთისგან დადგენილი კანონების საწინააღმდეგოდ რაიმეს კეთება. ვიმედოვნებთ, რომ შენ თვითონაც, რომელიც მხოლოდ ღმრთის ნებას ეძიებ, დაგვეთანხმები ნათქვამში და ილოცებ, რათა კიდევ უფრო განვმტკიცდეთ საღმრთო კანონებში, რათა არაფერში გარდავდიოდეთ ღმრთის მცნებებსა და განწესებას" (იქვე, часть 2, письмо 202. К Филофею ктитору, стр. 606-607).

ღირ. თევდორე კვლავ სვამს შეკითხვას: როგორ განვასხვავოთო ერთურთისგან ისინი, ვინც უერთგულა ჭეშმარიტებას და ვინც ზურგი შეაქცია მას, თუკი არ იქნება ღმრთისმსახურებისგან აკრძალვა მათთვის, ვინც მწვალებლობას თანაეზიარა?

"კარგად უწყო, ღმრთივპატივდებულო, რომ საერთო თანხმობით, რომლებიც ჯერაც დედამიწაზე მცხოვრებ და ამასწინათ გარდაცვლილ აღმსარებელთა საერთო თანხმობით, დადგენილია აეკრძალოს ღვთისმსახურება იმ სამღვდლო პირებს, ვისაც თუნდაც ერთხელ ჰქონდა თანაზიარობა მწვალებლებთან (ცხადია ღმრთის განგების გამოვლინებამდე, ანუ კრებამდე, რომელიც აღადგენს მართლმადიდებლობას და დაგმობს არსებულ მწვალებლობას).

როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს კანონი?! რაშია განსხვავება ჭეშმარიტების გამცემსა და მის ერთგულს შორის, გმირულად მოღვაწესა და განდგომილს შორის? და სად აღმოჩნდება განსხვავება ქრისტესა და ბელიარს შორის, ნათელსა და ბნელს შორის, თუკი ყოველივე აირევა, თუკი მსჯავრი საკრებო სასამართლომდე დადგინდება, და მშვიდობა მშვიდობის დადგომამდე გაიცემა? ამგვარი რამ, გულადო მამაო, გადაჭრით უნდა იქნეს უარყოფილ; მე ასე მიმაჩნია, და ვიტყვი - ჭეშმარიტებასაც!... რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე (კრებამდე) არავის უნდა დაუბრუნდეს თავისი სასულიერო წოდება, რომლისგანაც დაამხეს მცნებათა დარღვევისთვის..." (იქვე, часть 3, письмо 284. К Ефимию, стр. 817).

მიუხედავად ყოველივესი, მცირედნიც რომ იყვნენ იმგვარნი მღვდელმსახურნი, ვინც შიშის გამო არ თანაეზიარეობდა დღევანდელ, ანტიქრისტეანულ მწვალებლობას, წმიდა აღმსარებელთა კანონები, რომლებიც კრებამდე აჩერებენ დაცემულ მღვდელმსახურთა უფლება-მოსილებას, ძალაში უნდა დარჩეს დღეს არსებული ეკლესიისთვისაც, რომელსაც დევნის და ავიწროვებს თანამედროვე ანტიქრისტეანობა.



21. გაქცევა - კანონიერია, მოტყუება კი - დაუშვებელი

გაჩნდა შეკითხვა, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ამჟამინდელი მწვალებლობის ბობოქრობისას, რომელიც უმძიმესი და აუტანელია და თავის საბოლოო ფორმას სამყაროს აღსასრულისთვის მიაღწევს. ღირ. თევდორე სტოდიელი აუცილებელ დარიგებასა და განმარტებას გვაძლევს ამ მიმართებითაც, რომლებიც, ამავე დროს, ამ წმიდა მამის სჯულმდებლობაცაა.

"გისურვებ ჯანმრთელობას ჩემო საყვარელო შვილო, გამხნევდი, უწინამძღვრე შენს ძმებს და განამხნევე; აჩვენე, როგორი დამოკიდებულება გაქვს ჭეშმარიტებასთან, უბიძგე ყველას მოწამეობისკენ. თუმცა, თქვენი დამალვა კანონიერია. რამეთუ საკუთარი თავის განსაცდელში ჩაგდება, რისი გაგებაც შენ გსურდა, იმავეს ნიშნავს, ვინმეს საკუთარი მოსაზრებით მკვლელებს რომ მისცემოდა. და თუ წმიდა გორდი და ზოგიერთი სხვა მოწამე თვითნებურად გადიოდნენ საწამებლად, ამგვარ საქციელს იმ დროს არსებული ვითრება ითხოვდა, რამეთუ ისეც ხდებოდა, რომ ვერავინ ბედავდა პირდაპირ თქმას და აღსარებას, რის გამოც ფრიად ძლიერდებოდა უღმრთოება. თანაც, ისინი წმიდა გულით ღმერთს ჭვრეტდნენ და მისგან აღიძვრებოდნენ ამგვარ საქციელზე. ასე მოიქცა დიდი წინამორბედიც, როდესაც მან ჰეროდე ამხილა. ახლა კი ღვთის მადლით უამრავი აღმსარებელი და მოწამეა; მაგრამ საკუთარი თავის მიცემა თვითნებურად - უსჯულოებაა" (იქვე, часть, 3, письмо 44. К Симеону сыну, стр. 399-400).

"განთესვაში მყოფი ძმებისადმი" მიწერილ წერილში თევდორე სტოდიელი ამბობს: "ამიტომაც, ჩემი სიმდაბლე კვლავ გეუბნებათ: გიხაროდენ უფალში მამანო და ძმანო; გიხაროდენ, სიმართლისთვის დევნილნო" (მათე 5:10); გიხაროდენ, მთებსა და კლდეებში, ქალაქებსა და იდუმალ ადგილებში მიმალულნო" (იქვე, часть 2, письмо 62, стр. 417).

თვით გაქცევას წმიდა მამა აღმსარებლობით ღვაწლს ადარებს: "თვით ქრისტე, რომელსაც აღიარებენ, ხარობს და იღვწის ყოველ აღმსარებელთან ერთად. რადგან სხვაგვარად დღევანდელი უბედურებების გმირულად გადამტანნი ამას ვერ შესძლებდნენ... ვერ გამოჩდნებოდნენ საჯარო საპყრობილენი, ვერ აღივსებოდნენ უდაბნონი, მთები და ტყეები უფლის გულისთვის გაქცეულებითა და აღმსარებლებით" (იქვე, часть 2, письмо 71. К Навкратию сыну, стр. 430).

"ვმადლობ ღმერთს, რომ თქვენც, წმიდა მამანო, ურყევნი დარჩით ხატმებრძოლეობის ამ გრიგალში, არ წარგიტაცათ სულისწარმწყმედელმა თანაზიარობამ მწვალებლებთან, არამედ გაქცევით მიაღწიეთ დევნულების უნეტარეს გვირგვინს. ჭეშმარიტად თანასწორია ასკეტური ღვაწლი თქვენი სათნოებისა" (იქვე, часть 2, письмо 199. К Аволию и Иоанну монахам, стр. 596).

მრავალი ამგვარი სიტყვების დამოწმება შეიძლება, მაგრამ ესეც კი საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ გაქცევა მძვინვარე მწვალებლობისგან და სხვადასხვა ადგილებში დამალვა, არა თუ სჯულიერია, არამედ კურთხეულიცაა და ნეტარების მომგვრელიც. მწვალებელ მდევართაგან გაქცევასა და დამალვას თევდორე სტოდიელი თუ ამართლებს და აღმსარებლობის ღვაწლს უტოლებს, მდევართა მოტყუებას, მათდამი მიცემულ ყალბ დაპირებებსა და მომატყუებელ სიტყვებს, წმიდა მამა არა თუ გმობს, არამედ ჭეშმარიტების ღალატად და ღმრთისგან განდგომადაც მიიჩნევს.

"თუ მართლმადიდებელს ამხელენ იმაში, რომ მას ჯერაც არ ჰქონია კავშირი ერეტიკოსებთან, ის კი ჯვარს გადაიწერს და იტყვის: "მე მაქვს თანაზიარობა", მაშინ როდესაც მწვალებლებს სხვა არაფერი მოუთხოვიათ; თვითონ კი გულში ფიქრობდა: "მე თანაზიარობა მაქვს მწვალებლებთან", ეს იკონომია კი არა, ვითარებასთან დაუშვებელი შეთანაწყობაა, ჭეშმარიტების ღალატია. ამგვარს ეკუთვნის იმ ეპითიმიის ნახევარი, რაც მწვალებლობასთან სრულ ერთობაში შესულისთვის განსაზღვრულა" (იქვე, часть 2, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 394).

არსებობს ასეთი კითხვაც, რომელმაც ჩვენს დროში და ჩვენს პირობებში შეიძლება სხვაგვარი სახე მიიღოს, თუმცა არსებითად იგივე საკითხია, ოღონდ უფრო მძაფრ ფორმაში.

წმიდა აღმსარებელი წერს: "თუ ვინმე შეინანებს, რომ არ ეთაყვანება საღმრთო ხატებს და არ შიწყნარებდა მართლმადიდებელ ბერ-მონაზვნებს, არამედ ფიცის შემდეგ, შეიგნო რა თავისი დაცემა, შეინანა და საიდუმლოდ თაყვანს მიაგებდა ხატებს, მაინც მძიმე დაცემაა; ის უკვე გახდა განდგომილი, ამიტომაც, სამი წლით უნდა განეშოროს წმიდა სადიუმლოსთან ზიარებას, და ესეც მისდამი უდიდესი მოწყალებით" (იქვე, стр. 395).

მაგრამ რაკიღა დღეს ლაპარაკია სარწმუნოებასა და ღმრთისადმი თაყვანისცემაზე, აშკარაა, რომ: თუ ვინმე იტყვის, ან განაცხადებს, რომ ურწმუნოა, შემდეგ კი შეინანებს, საიდუმლოდ ირწმუნებს, და რამდენადაც შესაძლებელია ღმერთსაც ეთაყვანება, მაინც დიდი იქნება ეს დაცემა. ეს არის ღმრთისა და ქრისტეს უარყოფა. და ამგვარი ადამიანი - განდგომილია.

ამრიგად, მწვალებელთაგან გაქცევა და თავშესაფრის ძიება ნებადართულია. ხოლო მათი მოტყუება: "მე არ ვარ მორწმუნე" - ღმრთის სარწმუნოებისგან განდგომაა.



22. ღმრთისადმი რწმენა და გაბედული აღმსარებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია.


ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეუძლებელია გწამდეს ღმერთი, ხოლო ადამიანთა წინაშე არ აღიარებდა და უარყოფდე ამ სარწმუნოებას. ამის შესახებ მუდმივად მსჯელობს ღირ. თევდორე.
"მაშ, დაგვიმტკიცე, თუ შეგიძლია, საღმრთო წერილიდან, რომ ამგვარი ქმედება არ არის მწვალებლობა და ნუ მიმითითებ უმრავლესობაზე და თავს ნუ შეიქებ დაფარულში მადიდებლებით ღმრთისა... ისინი თუ ღმერთს ადიდებენ, სად არის აღმსარებლობის გამბედაობა?" (იქვე, часть 1, письмо 48. К Афанасию сыну, стр. 302).

"ხოლო დუმილი (მწვალებლობათა წინააღმდეგ) ერთგვარი თანხმობაც არის მწვალებლობასთან... ამიტომაც, დღეს, საყვარელო, დადგა ჟამი ჩვენი ქადაგებისა... ბასილი დიდის თანახმად, ზედმიწევნით უნდა მივსდევდეთ განწესებათ, რამეთუ სხვა სიტყვა ითქმის ომამდე, და სხვა ომის შემდეგ!... ყოველი, რომელიც იცავს ჭეშმარიტებას და იჩაგრება ამის გამო, საფუძველი და მწვერვალია ეკლესიისა" (იქვე, часть 1, письмо 43. К брату Иосифу и архиепископу, стр. 292-293).

"დღეს, როდესაც საშინელი დევნულება აღმართულა ქრისტეს წინააღმდეგ, არა მარტო საკუთარი მაღალი მდგომარეობითა და ცოდნით უნდა ვიღვწოდეთ სიმართლის დასაცავად, ვიქადაგოთ და ვასწავლოთ სიტყვა მართლმადიდებლობისა, არამედ გაბედულად აღვიაროთ ჭეშმარიტება და თავისუფლად განვაცხადოთ მის შესახებ. და ეს ჩემისთანა ცოდვილის ნათქვამი კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ოქროპირისა, ასევე სხვა წმიდა მამებისაც" (იქვე, часть 3, письмо 278. Монашествующим, стр. 808-809).

"რამეთუ უფლის მცნებაა - არ დადუმდე იმ დროს, როდესაც საფრთხეშია სარწმუნოება. ნუ დადუმდები, არამედ იქადაგეო, - ბრძანა მაცხოვარმა. "ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული" (ებრ. 10:38). და კიდევ: "ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს" (ლუკა 19:40).

ამრიგად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ უნდა თქვა: "მე ვინაღა ვარ?" - მღვდელი? არა. მეთაური? არა. მეომარი? ასევე არა. მე ვარ - გლახაკი, რომელიც მხოლოდ ყოველდღიურ სარჩო-საბადებელზე გამოვსულვარ. მე არ მეხება მსჯელობა და ზრუნვა ამ საკითხზე. ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი დუმხარ და უდებებას მისცემიხარ. უგრძნობი ბუნება უსმენს უფალს, შენ კი განსდგომიხარ? უსულო არსებები, რომლებიც სასამართლოს არ ექვემდებარებიან, თითქოსდა ბრძანების ეშინიათო, ხმას გამოსცემენ, შენ კი, თუნდაც გლახაკი იყო, პასუხს მისცემ უფალს განკითხვის დღეს ყოველი სიტყვისთვის, უგუნურად ამბობ: "რა ჩემი საქმეა?"... ასე ყველაზე უკიდურესი გლახაკიც კი ვერ გაიმართლებს თავს საშინელ სამსჯავროზე, და რაღა უნდა ითქვას მაღალი ხარისხით შემოსილზე, რომელსაც დაუნდობელი მსჯავრი ელოდება. რამეთუ, "რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა" (სიბრძნე სოლ. 6:6-7). მაშ, იქადაგე, ბატონო ჩემო, იქადაგე! ამიტომ ვქადაგებ მეც, უბედური, რადგან მეშინის ღმრთისა" (იქვე, часть 2, письмо 81. К Пантолеону логофету, стр. 441-442).

"ამრიგად, საშინელი მსჯავრი ელოდება იმას, ვინც შეგნებულად დაიდუმებს მწვალებელთა ბობოქრობის ჟამსს... მაშ გამობრწყინდი, საყვარელო, სიტყვის სასანთლეზე და სახარების სიტყვისაებრ "გაუნათე ყველას ვინც სახლშია" (მათე 5:15), რათა უბრალოებით მიიღონ ნათელი, ხოლო გრძნობაარეულებმა მოიმკან ნაყოფი თავიანთი უგულისხმოებისა..." (იქვე, часть 2, письмо 209. К Антонию епископу, стр. 614).

"ხოლო შენ, შვილო ჩემო, უფალში გაძლიერდი და გამხნევდი. ნუ დაეცემი სულიერად დევნულების წინაშე. მტკიცე იდექ თუ გკითხავენ გამოიღე ნაყოფი აღმსარებლობისა; თუ გცემენ, ქრისტესთან ერთად გცემენ, ნუ შეუშინდები საპყრობილეს, მიიღე სასმისი მწარე ვითარებებისა, ნებით ადი ჯვარზე, რადგან, ყოველს, ვისაც კი სურს ჯვრის ტარება, ამგვარი ღვაწლი ჭეშმარიტ ტანჯვად ჩაეთვლება... ვინ უნდა ხარობდეს, ვინ უნდა აღფრთოვანდებოდეს და ვინ უნდა განისვენებდეს თუ არა ის, ვინც ქრისტესთვის შეუპყრიათ და უტანჯიათ?" (იქვე, часть 2, письмо 44. К Навкратию сыну, стр. 663-664).
"ვაცილებ რა იმქვეყნად მამას ჩემსას წმიდა კალოგიროსთან ერთად (ეტანჯნე ქრისტესთვის - ავტ.), ვხარობ და ვზეობ მათთან ერთად. ასე ვხვდები, ასე ვნეტარებ როდესაც ამქვეყნიური ბოროტება თავს მატყდება; უშიშრად და ურყევად ვბედავ განვაცხადო დავითთან ერთად: "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ" (ფსალმ. 26:3). ტკბილია სიკვდილი - თუ ის მარადისობის მომტანია! ამგვარად ვაღიარებ მე, მრავალ ცოდვათათვის კაცთაგან და ღმრთისგან მოძულებული" (იქვე, стр. 664).

შთააგონებს რა ყველას უშიშრობას მდევნელთა წინაშე, ღირსი იღუმენი ამავე დროს შეგვახსენებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოებაზე ზრუნვაც: "არ უნდა დუმდე შიშის გამო მეფის წინაშე, არამედ თამამად იქადაგე, და თუნდაც გიკრძალავდეს მეფე (მდევნელი სიმართლისა), უნდა ვაღიაროთ თავი მათ მოწაფედ, ვინც აცხადებდა: "რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს" (საქმე 4:19). ჩვენ ხომ არ ძალგვიძს ვდუმდეთ იმის შესახებ, რაც გვსმენია და ვიცით. მაგრამ, ამასთანავე ვცდილობთ თავი ავარიდოთ მათ, ვისაც ძალუძს ჩვენს წინააღმდეგ ამხედრება..." (იქვე, часть 3, письмо 48. К Навкратию сыну, стр. 666).

"საყვარელო შვილო, ნუ მიეცემი უსასობას, არამედ მტკიცედ დექ; თუ საჭიროა მოვკვდეთ კიდეც ქრისტესთვის, რათა მასთან ერთად ვიცხოვროთ საუკუნოდ. ჩვენ ხომ მაინც მოკვდავები ვართ, და სასიკვდილო სარეცელს ვერვინ გაექცევა. დიახ, გლოცავ შვილო ჩემო!" (იქვე, часть 3, письмо 52. К Феоктисту сыну, стр. 669).

"დიდსულოვნად გადაიტანე საპყრობილის ჭირვებანი, და დღე დღეზე ელოდე ხსნას ღმრთისგან. ქრისტესთვის სიკვდილმაც რომ გვიწიოს, მოვკვდეთ, რათა მარადის ვიცოცხლოთ. ო, კეთილო დოროთე, მხედ დადექ, როგორც ნიჭი ღმრთისა!" (იქვე, письмо 53. К Дорофею сыну, стр. 669-670).

"ნეტარ არიან უფლისთვის მკვდარნი, რადგან ისინი ერთ წამში დაიმკვიდრებენ მარადისობას!" (იქვე, часть 3, письмо 61. К Навкратию сыну, стр. 674).

ამრიგად, აღმსარებელო ქრისტესო, ღირ. თევდორე სტოდიელი გვარიგებს, რათა ღმრთისადმი ჩვენი რწმენა აღვსილი იყოს გამბედაობითა და სიმამაცით, უშიშარი აღმსარებლობით, მზადყოფნით რწმენის გულისთვის არა მარტო თამამად შეუდგე აღმსარებლობით ღვაწლს, არამედ ეწამო კიდევაც. მაგრამ მძვინვარე დევნულების დროს, განსაკუთრებით ანტიქრისტეს პერიოდში, ქრისტეს რწმენა და საერთოდ, ეკლესიის საერთო საქმე ითხოვს სიფრთხილესაც. რადგან არ შეიძლება და უკანონობაც არის აშკარად თავი მისცე მდევნელთ, რადგან აღმსარებლობითი მოღვაწეობა ღმრთის კეთილი განგებულების საქმე უნდა იყოს და არა ადამიანური თავდაჯერებულობისა და თავქარიანობისა. ამაოდ ხომ არ არის ნათქვამი: "სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა" (იოანე 21:18).



დასკვნა


ამრიგად, ზემოთ განვიხილეთ განწესებები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან, თუ როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტეანი, როდესაც გაბატონებულია ღმრთისმბრძოლი, ანტიქრისტეანული მწვალებლობა. ეს განწესებები ძალზედ მკაცრია, მაგრამ ძალზედ ახლოა ჩვენთვის, ჩვენი სულიერი მოთხოვნილებებისთვის. რადგან ეს კანონები შექმნილია, უფრო სწორედ შთაგონებულია სულიწმიდის მიერ, რომელიც აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას (2 თესალონიკ. 2:7). ეს განწესებები მოცემულია როგორც დაცვის აუცილებელი საშუალება როდესაც ღმრთისმბრძოლი მწვალებლობა ჭეშმარიტ ეკლესიასა და სარწმუნოებას დანთქმით ემუქრება.


განწესებები მკაცრია, მაგრამ ეს არის ძველი აღმსარებლებისა და ეკლესიის საერთო ხმა, ამიტომაც, განსაკუთრებულად ძვირფასი უნდა იყოს ჩვენთვის, რამეთუ ისინი წმიდა აღმსარებლის მადლისმიერი გონებაგაბრწყინვების ნაყოფია იმის შესაცნობად, რომ "მიმდინარე მოვლენები ანტიქრისტეს მოსვლის შესავალია, წინაპერიოდია". ეს არის თვით ღირ. თევდორე სტოდიელის სიტყვები (Творения, том 2, часть 3, письмо 42. Патрицию, стр. 662).

და თუკი მისი დროინდელი მოვლენები "შესავალი და წინაპერიოდი" იყო ანტიქრისტეს მოსვლისა, დღეს ჩვენ მისი მოსვლისა და ღმრთისმბრძოლი ხელმწიფების პირობებში ვცხოვრობთ. და რაოდენ მკაცრიც უნდა იყოს ღირ. თევდორე სტოდიელის კანონები, - არადა ისინი მარტო ღირ. თევდორესი როდია, არამედ მთელი, მებრძოლი ეკლესიისა, - თუ ისინი აუცილებელნი იყვნენ მაშინ, მით უფრო აუცილებელნი არიან დღეს, როდესაც ასე ახლოა უფლის მოსვლა. აუცილებელია ამ მკაცრი კანონების შესწავლა, რადგან ბოროტება უკვე აღწევს თავის აპოგეას

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика