აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. V - როგორ მოინათლა მაცხოვარი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

გზა - მართლად სავალი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი V
____________________________________________________________________________________________________________________________

როგორ მოინათლა მაცხოვარი?


დასხმით-პკურებითი "ნათლობის" ადეპტი ე. ჭელიძე კიდევ უფრო შორს მიდის და მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წმიდა მამების სწავლების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, თითქოსდა იორდანეში მაცხოვარი მოინათლა დასხმით და არა შთაფლვით. ამ აზრს ის ავითარებს რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, რომლებიც თავისი წიგნის VI თავში აქვს გადმოცემული სახელწოდებით "უძველესი გრაფიკული წყაროები დასხმითად ნათლისღების შესახებ".

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ განყოფილებაში ე. ჭელიძე ედავება პროტესტანტ ავტორებს, რომლებიც ცდილობენ პირველქრისტეანული გრაფიკული ნიმუშები, რომლებზეც პირველქრისტეანთა და თვით მაცხოვრის ნათლისღების სიუჟეტებია ასახული, განმარტონ შთაფლვითი ნათლობის თვალსაზრისით და ამტკიცებენ, რომ ეს გამოსახულებები უნდა გავიგოთ სიმბოლურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით.

განყოფილება, რომელიც 87 გვერდისგან შედგება (467-554 გვ.) მთლიანად ეძღვნება პროტესტანტების კრიტიკას, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ამ განყოფილებაში ე. ჭელიძე რატომღაც კითხვას უსვამს არა პროტესტანტებს, თავისი პოლემიკის ადრესატებს, არამედ "სტაროვერებს". 480-ე გვერდზე ის წერს: "როგორც ვხედავთ, იოანე ნათლისმცემელი სრულადაა შემოსილი, რაც შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა (რატომ? - არქიეპ. პ). ამასთან, წყალიც იმდენად პატარაა, რომ კოჭებამდეც ვერ წვდება მოსანათლს (როგორ უთანხმდება ეს წმ. წერილის მოწმობას, რომ იოანე ნათლავდა ენონში, სადაც ბევრი წყალი იყო? - არქიეპ. პ.). იქნებ ახსხნას რომელიმე სტაროვერმა, როგორ უნდა ჩაეძირა შემოსილ იოანეს მაცხოვარი კოჭებამდე წყალში".

ე. ჭელიძის გაუნელებელი ბოღმა ძველმართლმადიდებელი ქრისტეანებისადმი აქ ისეთი სიმკვეთრით ავლენს თავს, რომ ვფიქრობთ კომენტარიც კი არ არის საჭირო. ამ კითხვის დამსმელი თუ საღ აზრზეა, იქნებ გვამცნოს, რატომ უნდა გასცენ პასუხი "სტაროვერებმა" პროტესტანტთა საწინააღმდეგოდ მოყვანილ არგუმენტებს?

გაკვირვებას იწვევს ე. ჭელიძის შემდეგი მტკიცებულებაც: "... იოანე ნათლისმცემელი სრულადაა შემოსილი, რაც შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა..." (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 480). სხვაგან, ერთ გრაფიკულ გამოსახულებასთან დაკავშირებითაც, სადაც ნათლისმცემელი დგას ხმელეთზე, ხოლო მოსანათლავი დგას წყალში (კოჭებამდე), საპატრიარქოს იდეოლოგი "მიამიტურად" კითხულობს: "განა დაიჯერებს ვინმე, რომ ამ ფრესკაზე სრული ხილული შთაფლვაა გამოსახული? ანკი რა მანქანებით უნდა მოხერხდეს კოჭებამდე წყალში ვინმეს შთაფლვა? თან, მომნათვლელი ხომ მთლიანად შემოსილი დგას ნაპირზე და როგორ შეძლებდა იგი ყმაწვილის სრულად ჩაძირვას წყალში?" (იქვე. გვ. 492).

ე. ჭელიძეს უნდა განვუმარტოთ, რომ სრულად შემოსილ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მოსანათლავი მონათლოს ნაპირიდან წყალში შეუსვლელად ან თუნდაც წყალში შესვლით და ამაში არაფერია დაუჯერებელი. ამას ვამბობ საკუთარი გამოცდილებიდან, რადგან, როგორც არქიეპისკოპოსს, მომინათლავს ქრისტეანი ისე, რომ წყალში არ შევსულვარ. ვიდექი ნაპირზე, ხოლო მდინარეში, ნაპირიდან ნახევარი მეტრის სიახლოვეს, მკერდამდე ღრმა წყალში იდგა მოსანათლი, რომელსაც აღვუსრულე სამგზის შთაფლვითი ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. ასე, რომ, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ეპისკოპოსებისა და მღვდლების პრაქტიკიდანაც კარგად ვიცი, რამდენად ადვილია მოსანათლის ნათლობა ნაპირიდან, თუ იქ, სადაც ნათლობა აღესრულება "ბევრი წყალია". მით უმეტეს, რომ შემოსილი მღვდელმსახური შეიძლება წყლის სიღრმეშიც შეჰყვეს მოსანათლს და უკვე მოსანათლთან ერთად წყალში მდგომმა შეასრულოს ნათლისღების საიდუმლოს ეს კონკრეტული აქტი (როგორც გააკეთა ეს, მაგალითად, ფილიპე მოციქულმა საჭურისის მონათვლის დროს. უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ).

ნაპირიდან ამგვარი შთაფლვა შეუძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყალი ცოტაა და ეპისკოპოსსაც (ან მღვდელს) და მოსანათლსაც წყლის სიღრმეში შესვლა უწევთ შთაფლვის აღსასრულებლად. თუმცა ე. ჭელიძის სიტყვები ამ მხრივაც კი იწვევს გაკვირვებას, თუნდაც იმიტომ, რომ, როდესაც შთაფლვისთვის აუცილებელი დონის მისაღწევად მოსანათლის წყლის (მდინარის, ტბის, ზღვის) სიღრმეში შეყვანაა საჭირო, სრულიად შემოსილი მღვდელმსახური მოსანათლს თან მიჰყვება. ამიტომ, ნათლისღების აღსრულების პრაქტიკული მხარის გათვალისწინებით, გაურკვეველია, რას შეიძლება გულისხმობდეს ე. ჭელიძე, როცა წერს: "იოანე ნათლისმცემელი სრულადაა შემოსილი, რაც შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა".

საკითხის სხვა მხარეა, სად იდგა თავად ნათლისმცემელი, - ნაპირზე თუ წყალში. წმიდა წერილი ამის შესახებ არაფერს გვაუწყებს, ჩვენ, უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ იოანეს სრულიად შემოსილსაც შეეძლო წყალში შესვლა და აქ გასაკვირი არაფერია. ალბათ, ე. ჭელიძის წარმოდგენით, შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში ტანზე ნათლისმცემელმაც უნდა გაიხადოს და მოსანათლთან ერთად ტიტველი შევიდეს წყლის სიღრმეში. სხვაგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ჭელიძის ნააზრევი ნამდვილად ვერ იძლევა. მოსანათლავისა და ნათლისმცემლის (ვგულისხმობ მღვდელმსახურს) თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ფილიპე მოციქულის მიერ საჭურისის მონათვლის განხილვისას, სადაც ე. ჭელიძის მორიგ გამაოგნებელ "მტკიცებულებას" გავეცნობით, აქ კი ვნახოთ თვით მაცხოვრის ნათლისღებასთან დაკავშირებული საკითხი. სანამ ამ თემაზე არსებულ მართლმადიდებელ წმიდა მამათა სწავლებას გადმოვცემდეთ და შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებებსაც დავიმოწმებდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, მკითხველს გავაცნოთ მაცხოვრის ნათლისღებასთან დაკავშირებული ე. ჭელიძის მოსაზრებები.

"... უცთომელი საეკლესიო უწყებით, - წერს ე. ჭელიძე, - მდინარე იორდანეს არ შეუბედავს მაცხოვრისთვის, რომ დაეფარა იგი. ეს ნიშნავს, რომ რაწამს სოფლის შემოქმედი "ჩავიდა იორდანეში" ("შთახდა იორდანესა"), რაწამს მან ფეხი შეახო მდინარეს და "შეიმოსნა მდინარენი იორდანისანი", თავად იორდანე შეძრწუნებული უკუიქცა მისგან" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", თბ. 2012. გვ. 514).

კიდევ სხვაგან ე. ჭელიძე ასეც წერს: "ამრიგად, ... შეძრწუნებული იორდანე უკუიქცევა მაცხოვრისგან, რადგან ვერანაირად ვერ შეჰბედავს ბუნებათა დამბადებელს, რომ დაფაროს იგი. აღვნიშნავდით, რომ ამგვარი აზრი ზედმიწევნით თანხვდება საეკლესიო ლიტურგიკულ სწავლებას, რაც არაერთი წყაროთია დამოწმებული" (იქვე. გვ. 515).

სანამ შევეხებოდეთ იმ ლიტურგიკულ სწავლებას, რომელსაც თავისი ყოვლადმკრეხელური აზრის დასამტკიცებლად იყენებს ე. ჭელიძე, უნდა გავაშიშვლოთ მისი ერთი "ეშმაკობა", რომელიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მისი ფალსიფიკატორულ-ცრუპენტელური "მტკიცებულებების" ნაკლებად დაკვირვებულ მკითხველს. ამის გასარკვევად ვიკითხოთ, რას ნიშნავს ე. ჭელიძის მტკიცება, რომლის მიხედვითაც: "... უცთომელი საეკლესიო უწყებით, მდინარე იორდანეს არ შეუბედავს მაცხოვრისთვის, რომ დაეფარა იგი". პასუხს თვით ე. ჭელიძე გვაძლევს: "ეს ნიშნავს, რომ რაწამს სოფლის შემოქმედი "ჩავიდა იორდანეში" ("შთახდა იორდანესა"), რაწამს მან ფეხი შეახლო მდინარეს და "შეიმოსნა მდინარენი იორდანისანი", თავად იორდანე შეძრწუნებული უკუიქცა მისგან" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", თბ. 2012. გვ. 514).

გარდა ამისა, ე. ჭელიძე გვთავაზობს ლიტურგიკული ტერმინის "იორდანის შემოსვის" მეტად თავისუფალ და თვითნებურ ინტერპრეტაციას. მისი აზრით "იორდანის შემოსვა" სხვა არაფერია თუ არა იორდანეში შესვლა კოჭებამდე; ვერავინ გვეტყვის, რომ ეს ასე არ არის, ანუ ვერავინ გვეტყვის, თითქოსდა ჩვენი ოპონენტი გულისხმობდეს იმას, რომ იორდანე მაშინ უკუიქცა, როდესაც ის ქრისტემ "შეიმოსა", ანუ სრულიად შევიდა წყალში ვიდრე კისრამდე, რომ თავი მოეხარა იოანესთვის და შთაფლვითად ნათელ-ეღო, რადგან ე. ჭელიძე დაბეჯითებით წერს: "რაწამს სოფლის შემოქმედი "ჩავიდა იორდანეში" ("შთახდა იორდანესა"), რაწამს მან ფეხი შეახო მდინარეს და "შეიმოსნა მდინარენი იორდანისანი", თავად იორდანე შეძრწუნებული უკუიქცა მისგან". ამრიგად, ე. ჭელიძის თქმით, მაცხოვარს იორდანეს ოდენ "ფეხზე ჩაცმა" მოუსწრია, რასაც ჩვენი ოპონენტი "იორდანით შემოსვას" უწოდებს...

ე. ჭელიძე ამტკიცებს, რომ მის ამ შეხედულებას ადასტურებს როგორც პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები, ისე ლიტურგიკული წყაროებიც. ასე მაგალითად, თავისი წიგნის 480-ე გვერდზე, ერთ-ერთი გრაფიკული გამოსახულების გარჩევისას ის წერს: "როგორც ვხედავთ, იოანე ნათლისმცემელი სრულადაა შემოსილი, რაც შთაფლვითი ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, წყალიც იმდენად პატარაა, რომ კოჭებამდეც ვერ წვდება მოსანათლს. იქნებ ახსხნას რომელიმე სტაროვერმა, როგორ უნდა ჩაეძირა შემოსილ იოანეს მაცხოვარი კოჭებამდე წყალში" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 480).

ამრიგად, ე. ჭელიძის მტკიცებულებით გამოდის, რომ, როდესაც ქრისტეს იორდანეში შევიდა და "შეიმოსნა მდინარენი იორდანისანი", იორდანე ისე გაქცეულა, რომ ქრისტე კოჭებამდე წყალში დაუტოვებია. ამის შემდეგ იოანე ნათლისმცემელს სხვა რა გზა დარჩენოდა, თუ არა თავი დაეხრევინებინა კოჭებამდე წყალში მდგომი მაცხოვრისთვის და წყლის დასხმით მოენათლა. მეტად მარტივი, ღიმილის მომგვრელი და გასაგები სქემაა.

გარდა ამისა, მოცემულ კონტექსტში, ფრაზის გამოყენებით "შეიმოსნა მდინარენი იორდანესნი", ე. ჭელიძე მკითხველს შეპარვით ანიშნებს, რომ ტერმინი "იორდანის შემოსვა" მან სწორედ ისე უნდა გაიგოს, როგორც ეს თავად ე. ჭელიძეს ესმის, ანუ ეს სრული შთაფლვა კი არა, კოჭებამდე წყალში დგომააო. აქედან გამომდინარე, ამ ვაიმეცნიერისადმი ნდობით აღჭურვილ მკითხველთ (აღარაფერს ვამბობთ მის თაყვანისმცემლებზე), როცა ლიტურგიკულ წყაროებში ქრისტეს ნათლობასთან დაკავშირებით მსგავსი ტერმინი შეხვდებათ, ქვეცნობიერებიდან უნდა ამოუტივტივდეთ უკვე მოცემული განმარტება, რათა  "იორდანით შემოსვა" წყალში შთაფვლად არ გაიგონ.  

თავისი ნათქვამის, ანუ არასწორად ინტერპრეტირებული მოწმობის გასაძლიერებლად ე. ჭელიძე, ჩვეულებისამებრ, ახვავებს იმ ლიტურგიკულ წყაროებს, რომლებშიც ლაპარაკია სწორედ "იორდანის უკუქცევაზე". ე. ჭელიძის სქემა ასეთია: ის ჯერ შთააგონებს მკითხველს, რომ "იორდანეს შემოსვა" - ეს არის მდინარეში შესული ქრისტეს კოჭებამდე წყალში ჩარჩენა, რადგან შეშინებული იორდანე უკვე გაქცეულია (აქ აღვნიშნავთ, რომ ეს "უკუქცევა" ჭელიძის მიერ შემოთავაზებულია, როგორც გაქცევა, წყლის დაკლება, გამეჩხერება), შემდეგ კი უშიშრად იმოწმებს "იორდანის უკუქცევის" დამადასტურებელ წმიდა ტექსტებს, რომლებშიც, არსებითად, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ სანამდე იყო ქრისტე შესული იორდანეში. ე. ჭელიძე კრინტსაც კი არ ძრავს იმაზე, რომ "იორდანის უკუქცევა" არის არა მისი წყლის რაოდენობის დაკლება, არამედ
დინების მიმართულების შეცვლა. ეს კარგად ჩანს მის მიერვე დამოწმებული წყაროებიდან, მაგრამ ე. ჭელიძისეული სიტყვიერი მანიპულაციების ძალა იმდენად ჰიპნოტურად მოქმედებს მის მიმდევრებზე, რომ ისინი უკვე ამას ვეღარც ხედავენ ან ყურადღებას აღარ აქცევენ და დასხმითი ნათლობის სასარგებლო ამგვარ "მეცნიერულ" განსჯას ჩვენს წინააღმდეგ მომართულ სერიოზულ "არგუმენტად" მიიჩნევენ.

ქვემოთ ე. ჭელიძის წიგნიდან გთავაზობთ მაგალითებს, თუ როგორ "უკუიქცა" იორდანე მაცხოვრისგან და რა იგულისხმება ამ "უკუქცევაში".

ე. ჭელიძე წერს: "... ზემორე გამოსახულებათა მიხედვით, შეძრწუნებული იორდანე უკუიქცევა მაცხოვრისგან, რადგან ვერანაირად ვერ შეჰბედავს ბუნებათა დამბადებელს, რომ დაფაროს იგი".

ყურადღება მიაქციეთ ჩვენ მიერ ხაზგასმულ სიტყვებს, რადგან ე. ჭელიძის მიერვე დამოწმებულ ლიტურგიკულ წყაროებში, მართალია, პოვებთ მტკიცებულებას "იორდანის უკუქცევის" შესახებ, მაგრამ ვერსად ნახავთ იმ აზრს, რომ მან "ვერ შეჰბედა დამბადებელს დაეფარა იგი" და მაცხოვარი კოჭებამდე წყალში (იორდანეში) დატოვა.

იხილეთ იორდანეს უკუქცევის, ანუ მიმართულების შეცვლის (და არა წყლის დაკლების) მიმანიშნებელი მაგალითები და თავად განსაჯეთ:

"დიდებაი შენდა, ქრისტე, რომელი მოხუედ დღეს იორდანისა წყალთა. ამას დღეს ქრისტე ნათლის-ღებისასა იოანე განშუენდების და სამოსელი უხრწნელებისაი შეემოსების, რომლისათუის იორდანეი კუალად-ქცეული (უკუქცეული, თავის კვალს უკან გაყოლილი - შენიშვნა ე. ჭ.-ის) იხილვებოდა" (უძველესი იადგარი. თბ. 1980, გვ. 45-46).

"შთასვლასა შენსა, ქრისტე, ნათელ-ღებად იხილა ყოველმან დაბადებულმან იორდანეი კუალად-ქცეული, და ხმაი ისმია მამისაი მაღლით თანამოსლვითა სულისა წმიდისაითა, რომელმან წამა შენთუის" (იქვე. გვ. 47.4) (ე. ჭ. დასახ. შრ. იქვე. გვ. 515).

"მოუდრიკე მონასა უხრწნელი თავი შენი ნათლისღებად, რომლისთვისაც იხილეს რაი წყალთა მათ განშიშულებაი შენი, და უკუნ-იქცეს კუალსა" (იქვე. გვ. 49.15) (ე. ჭ. დასახ. შრ. იქვე).

"პირველ საუკუნეთა სიტყუაი დღეს მოხუედ იორდანედ ნათლისღებად იოანეისგან, ხოლო ზეცითგარდმო ზრახვაი იგი საიდუმლოი ისმოდა, დადუმნეს მდინარენი და აღმართ დიოდეს და მოსლვასა სულისა წმიდისასა ღელვანიცა დაყუდნეს. რომელსაც იორდანეს ბრძანებით ცანი განგეხუმებოდეს, ქრისტე, გაქებთ შენ და გაკურთხევთ შენ" (იქვე. გვ. 51.17) (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 516).

"შეძრწუნდა იორდანე ნათლის- ღებად შთასლვასა უფლისასა, უკუნიქცა კუალსა" (იქვე. გვ. 61.22) (ე. ჭ. იქვე).

"რაჟამს დამბადებელი იგი ნათლისღებად მოვიდა, იორდანეი უკუნ-იქცა კუალსა და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი იმღერდეს" (იქვე. გვ. 62.7) (ე. ჭ. იქვე).

"იორდანე ივლტოდა, ანგელოზნი განკუირდეს ხელისა დადებასა წინამორბედისასა, რომელმან ნათელ-იღე ჩუენთუის" (65.6) (ე. ჭ. იქვე).

"შენ იორდანე, რად უკუნ-იქცე კუალსა? ღმერთი უფალი და გამოჩნდა შენ ზედა, რომელმან განანათლა ნათესავი კაცთაი" (იქვე, გვ. 67.16) (ე. ჭ. იქვე).

"დააყუდენ შენ სლვანი, იორდანე, და შეძრწუნდი პირისაგან ღმრთისა" (თუენი, იანვარისა, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი, 2006, გვ. 52) (ე. ჭ. იქვე).

"იორდანე უკუნიქცა პირისაგან ღმრთისა" (იქვე, გვ. 54) (ე. ჭ. იქვე).

"მდინარეთა შენ, ქრისტე, იორდანისათა გიხილეს, განკვირდეს და უკუნიქცეს" (იქვე. გვ. 59) (ე. ჭ. იქვე).

"ზეცისა უსხეულონი განკვირვებულ იქმნნეს, იხილეს რაი სიმდაბლე შენი, ქრისტე მაცხოვარ, და ქუეყანისანი - შეძრწუნებულ, ხოლო იორდანე კუალად შიშით ილვტოდა" (იქვე, გვ. 71) (ე. ჭ. იქვე).

"იორდანე მართლუკუნი იქცა ძრწოლით, გიხილა რაი" (იქვე, გვ. 71) (ე. ჭ. იქვე).

"იშევ ღმერთი დაუსაბამოი და კუალად მოხუედ იორდანედ, ხოლო იგი შეძრწუნდა და ზარგანხდილი უკუნიქცა" (იქვე, გვ. 76) (ე. ჭ. იქვე).

"იორდანე, რად უკუნიქეც გარე? რამეთუ ქრისტე დადგა განშიშულებული შენ შორის" (იქვე, გვ. 81).

"რაჟამს გიხილეს შენ წყალთა მეუფეო, იორდანისათა, მართლუკუნ იქცეს, ხოლო ვნებათა მიერ განფრდილი ბუნებაი ჩუენი ზეცად მიიქცა" (იქვე, გვ. 86).

"რაჟამს იხილეს მდინარეთა, განჰკრთეს და უკუნიქცეს და წინამორბედი შეძრწუნებულ იქმნა" (იქვე. გვ. 1087) (ე. ჭ. იქვე, გვ. 517).

"იოვანე შეძრწუნდა და იორდანე უკუნიქცა, ხოლო ძალნი ცათანი განკვირვებულ იქმნეს" (იქვე, გვ. 120) (ე. ჭ. იქვე, გვ. 517).

"რამეთუ მოვიდა იოვანესა, ვითარცა სიძე განშუენებული, იორდანე შეძრწუნდა, იხილა რაი, და უკუნიქცა" (იქვე. გვ. 159) (ე. ჭ. იქვე, გვ. 517).

"წყალნი შიშით უკუნიქცეს, რამეთუ ვერ იტვირთეს შთასლვაი შენი" (იქვე. გვ. 161).

ამრიგად, ყველა დამოწმებულ ადგილას ლაპარაკია იორდანეს დინების შეცვლაზე, უკუმიქცევაზე და არა იმაზე, რომ "მას ვერ შეუბედავს მაცხოვრის დაფარვა". პრინციპში, თუ წყალი არ დაიკლებს, შთაფლვა ნებისმიერ მდინარეშია შესაძლებელი, მიუხედავად მისი დინების მიმართულებისა.

მაგრამ ე. ჭელიძე არ სჯერდება მის მიერ შეთხზულ იგავ-არაკს და ვითომცდა დამოწმებული ადგილების კიდევ უფრო "ნათელსაყოფად", სინამდვილეში კი საკუთარი თავის შესარცხვენად იმოწმებს XI საუკუნის ქართულ ხატს, რომელზეც პერსონიფიცირებული მდინარე იორდანე მაცხოვრისგან გარბის.

ე. ჭელიძე წერს: "დავსძენთ, რომ იორდანის უკუქცევას მაცხოვრისგან უაშკარესად ადასტურებს XI ს-ის ქართული ხატი ზარზმის ტაძრიდან, რომლის ქვედა მარცხენა კუთხეში პერსონიფიცირებულია შიშით უკუქცეული იორდანე, ხოლო მაცხოვარი, რომელიც ფეხით თრგუნავს დასაბამიერ გველს ანუ წყალთა შინა დამალულ ვეშაპს, მდინარის ფსკერზე დგას წყლისგან სრულიად შეუხებლად, ანუ წყალი მის ზურგს უკან არის ყოვლითურთ უკუქცეული და ერთ ადგილას კედელივით შეყენებული ანუ დამდგარი" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 517).  

აქ ე. ჭელიძე, რომელიც უკვე ზარზმის ხატის არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან თუ ადრე შეშინებულმა იორდანემ ქრისტე წყალში კოჭებამდე ჩატოვა, აქ მაცხოვარი "მდინარის ფსკერზე დგას წყლისგან სრულიად შეუხებლად". და ეს გარემოება ე. ჭელიძეს არაინაირ კითხვას არ აღუძრავს.  

თუ ე. ჭელიძის სახით საქმე არა გვაქვს სკლეროზით დაავადებულ ადამიანთან, მაშინ ეს ყოფილა ან ხატმწერლობის პრინციპების უცოდინარი პროფანი ან კიდევ უნამუსო ცრუპენტელა, რომელიც, ოღონდ კი როგორმე გაამართლოს დასხმით-პკურებითი "ნათლობა", საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებების გადმოცემასაც კი არ ერიდება (ალბათ, იმის იმედით, რომ მისგან გაბრუებული მკითხველი ამას ვერ შეამჩნევს).

მაშ, როგორ ჩატარდა მაცხოვრის ნათლობა, - სრული შთაფლვით, კოჭებამდე წყალში დგომით და თავზე მცირედი წყლის დასხმით თუ საერთოდ "წყალშეუხებლად"? ამ კითხვას ქვემოთ გავცემთ პასუხს, აქ კი იორდანის ძრწოლასთან და უკუნქცევასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ჯერ-ერთი:  ე. ჭელიძე ისეთი ხაზგასმით აღნიშნავს იორდანის უკუქცევას, თითქოსდა ვინმე ეჭვქვეშ აყენებდეს ამ ჭეშმარიტებას. ჩვენ იორდანეს უკუქცევას კი არ უარვყოფთ, არამედ იმ აზრს, თითქოსდა ამ უკუქცევით იორდანეს წყლებმა ისე დაიკლო, რომ ქრისტე კოჭებამდე წყალში აღმოჩნდა. ეს რომ ასე არ მომხდარა, ნათლად ჩანს იმავე ლიტურგიკული წყაროებიდან, თუნდაც უძველესი იადგარიდან და ასევე წმიდა მამათა სწავლებებიდან.

სანამ თემას გავაგრძელებდეთ და ვიხილავდეთ, როგორ მოინათლა მაცხოვარი, ჯეროვანი იქნება ვნახოთ, უძველესი იადგარის ის ადგილებიც, რომლებიც იორდანეში მაცხოვრის შთაფლვითად ნათლობას აჩვენებენ:

"რომელმან წყალთა მიერ იორდანისათა მეორედ შობაი აჩუენა და სიმრავლეი ცოდვათაი საბანელითა განწმიდა. მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 62).

"კრებული ანგელოზთა გხედვიდეს რაი უხილავსა, მდგომარესა წყალთა შინა და შიშით შეპყრობილნი განიზრახვიდეს და იტყოდეს: ვითარ დაუსაბამომან ღმერთმან ხატი მონებისაი შეიმოსა და ნათლის- ღებითა მისითა სოფელი განანათლა" (იქვე. გვ. 71).

"დღეს, ნათლის- ღებად შთასვლასა შენსა, ქრისტე, იორდანესა გარე-შემოსასა, იოანეის მიერ ნათლის- ცემასა და სულისა წმიდისა ზეგარდამოსლვასა, ანგელოზნი შეგამკობდეს გარემოის საბანელსა მას, რომლისათუის ცანი და ქუეყანაი იხარებენ" (იქვე).

"რომელი უფლებ ძალთა ზედა ზღუისათა და ოხრასა ღელვათა მისთასა, დღეს იორდანესა გარე-შემოსაი სათნო-იჩინე, განაქარვე ყოველი ძალი მტერისაი, დამალული მას შინა, და ყვენ ესენი მეორედ შობილ ცხორებად საუკუნოდ, ამისთუისცა ყოველნი მორწმუნენი მარადის გაკურთხევთ შენ, გამოჩინებულსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა" (იქვე. გვ. 71).

ამრიგად, მაცხოვარს იორდანე "ფეზე კი არ ჩაუცვამს", არამედ "გარე-შეუმოსავს", რაც უეჭველად მაცხოვრის იორდანეს წყლებში სრულ შესვლაზე (კისრამდე) და ნათლისღების დროს თავის შთაყოფაზე მიანიშნებს. ამით უფალმა "წყალთა მიერ იორდანისათა მეორედ შობაი აჩუენა" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 62).

იორდანეში უფლის შთაფლვითი ნათლისღების მიმანიშნებელია შემდეგი ადგილებიც:

"ნათელი ღმრთეებისაი წყალთა მათ შინა განბრწყინდების" (იქვე. გვ. 39).

"დღეს ყოველნი ცის კიდენი იხარებენ, რამეთუ ყოველთა მეუფემან მონისა ხატისა შემოსითა წყალთა მათ შინა შემუსრა თავები ვეშაპისაი და პირველი იგი ცოდვაი ჩვენი საბანელითა განწმინდა" (იქვე).

"ანგელოზთა მხედრობანი შეძრწუნდა, გიხილეს რაი დღეს იორდანესა განშიშულებული შენ, მაცხოვარ, მდგომარე წყალთა მათ შინა ნათლის-ღებასა და უხრწნელი თავი შენი მოდრეკილი ნათლის- ღებად იოანესისა..." (იქვე, გვ. 40).

"შემოქმედი ყოველთაი მოხუედ და შთაჰხედ სიმდაბლით იორდანესა... გაყენებდა და შეგივრდებოდა შენ წინამორბედი შენი, მაცხოვარ, და გეტყოდა: ვინაი ღირს ვარ მე განბანად დამბადებელისა?" (იქვე. გვ. 44).

"მდინარეთა წყალთა მათ შინა ნათელს-იღებდ ხელითა მონისა თუისისა იოანეისითა..." (იქვე, გვ. 48).

"... მაშინ მიუშუა და მზე იგი სიმართლისაი იორდანესა განიბანა... " (იქვე. გვ. 49 და გვ. 55).

"რომელი სზი ქერობინთა და ჰხედავ უფსკრულთა, დღეს იორდანისა წყალთაი სათნო-იყავ გარე-შემოსაი" (იქვე. გვ. 50).

ამ და ზემოთ დამოწმებული ადგილების წამკითხველ ე. ჭელიძეს სინდისი უნდა ქენჯდნიდეს, თუ ის მას საერთოდ გააჩნია! მაგრამ ე. ჭელიძის მიერ ქვემოთ მოტანილი მორიგი "არგუმენტი" აჩვენებს, რომ - ასეთი რამ მისთვის უცხოა! ის არის უსინდისო "პიარშიკი", რომელიც არანაირად არ იმსახურებს არათუ მეცნიერის, არამედ მკვლევრის წოდებაც კი, რადგან ის არანაირ კვლევას და მეცნიერულ ძიებას არ ეწევა. ის არის ოფიციალური საპატრიარქოს დემაგოგი, მისი ცრუპენტელა იდეოლოგი!

ე. ჭელიძე წერს: "ყველა მეშთაფლე ავტორი (ე. წ. მკვლევარი) იოანესგან მაცხოვრის ჩაძირვას იორდანეში წარმოგვისახავს იმგვარად, რომ იესო კისრამდეა წყალში შთაფლული, იოანე კი თავზე ადებს მას ზემოდან ხელს და ვერტიკალური დაწოლით სამგზის მთლიანად ძირავს მას წყალში" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012, გვ. 526).

რადგან "ყველაში" ჩვენც ვიგულისხმებით და მეტიც, ე. ჭელიძე, პროტესტანტების მტკიცებულებათა გამო პასუხს ჩვენგან ითხოვს, განვმარტავთ, რომ ბ-ნი ე. ჭელიძის უსინდისობა ყველაზე უკეთ სწორედ აქ ვლინდება, რადგან ქრისტეს ნათლობის ასეთი დეტალური აღწერა არც მის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ ოპონენტებს მოუციათ და არც მის მიერ ამოჩემებულ "ურწმუნოების ახალ- ხმათ", ანუ დღევანდელ ძველმართლმადიდებელთ განუხილავთ. მით უმეტეს, რომ თვით ე. ჭელიძე ამგვარი მტკიცებულების წყაროს მისათითებლად თავს არ იწუხებს. მაგრამ, მოდი, კარგად დავაკვირდეთ მის ჩხირკედელაობას.

რადგან ე. ჭელიძე უარყოფს მაცხოვრის სრული შთაფლვით ნათლისღების ფაქტს, მას წინასწარ სპეციალურად შემოჰყავს ამგვარი პირობა ("ვერტიკალური დაწოლით სამგზის მთლიანი შთაფლვა"), - რათა შემდეგ, აქედან გამომდინარე, მომდევნო ცილისწამებათა გამართლება გაუადვილდეს.

"მართლაც, - წერს ე. ჭელიძე, - თუ სრულ ჩაძირვას ჰქონდა ადგილი, ეს პროცესი სწორედ ამ სახით უნდა მომხდარიყო, თუმცა ზემორე აზრს (აჰა, ხედავთ, სად დასჭირდა მას ზემოთ შეთხზული გაყალბება?! - არქიეპ. პ.) აბრკოლებს ორი გადაულახავი გარემოება: არსად არცერთხელ არ არის ნაუწყები ან გამოსახული რომ იესო იხრებოდეს მუხლებში, როდესაც იგი, წყალში კისრამედ მდგომარე, ზემოდან იოანესგან თავზე დაწოლას იღებს ჩასაძირად. უკლებლივ ყველა მონაცემის მიხედვით ნათლობისას იესო მუხლებში გამართულია. შესაბამისად, თუ მაცხოვარი მუხლგამართული დგას კისრამდე წყალში და ამის შემდეგ იღებს იოანეს ხელისგან თავზე დაწოლას ვერტიკალურად, როგორღა უნდა მოხერხებულიყო, რომ მას, ერთი მხრივ, იოანესგან სრული ჩაძირულობაც მიეღო წყალში (თავითურთ) და, მეორეს მხრივ, მუხლებში გამართულობაც ბუნებრივად შეენარჩუნებინა ანუ არ მოედრიკა მუხლნი?" (იქვე. გვ. 526).

თავისი ამ ეშმაკური ფანდის ჩატარების შემდეგ, ე. ჭელიძეს საქმის საბოლოო მოკვარახჭინებაღა აკლია, კერძოდ, დაიმოწმოს უხვი მასალა იმის თაობაზე, რომ იორდანეში, ე. ჭელიძის ს აზრით, წყალში კოჭებამდე მდგომმა მაცხოვარმა მხოლოდ თავი დახარა, რათა იოანე ნათლისმცემლისგან წყალი დასხმოდა. ასეც ხდება - ე. ჭელიძე უხვ წყაროებს იმოწმებს თავისი "შეუვალი ჭეშმარიტების" საჩვენებლად. ყველა მათგანის მოტანას აზრი არა აქვს, მაგრამ თვალსაჩიონებისთვის რამდენიმეს მაინც დავიმოწმებთ.

ე. ჭელიძე წერს: "საეკლესიო ლიტურგიკული წყაროები ერთხმად, უგამონაკლისოდ ანუ დოგმატურად მხოლოდ იმას მაუწყებლობენ, რომ ნათლობის წინ (და არა შემდგომ) იესომ თავი მოუხარა იოანეს, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ იოანე, წყლით ნათლავს რა მაცხოვარს, ხელით წყლისკენ მიმართავს იესოს წინ გადახრილ თავს და არა იესოს მთელს სხეულს ვერტიკალურად. აურაცხელი ნიმუშიდან თვალსაჩინოებისთვის დავიმოწმებთ რამდენიმეს:

"მოუდრიკე მონასა უხრწნელი თავი შენი ნათლისღებად, რომლისთვისცა იხილეს რაი წყალთა მათ განშიშულებაი შენი, და უკუნ-იქცეს კუალსა" (უძველესი იადგარი, თბ. 1980, გვ. 49.15).

"ხელისა ქუეშე წინამორბედისასა მოუდრიკე თავი შენი ნათლისღებად უცოდველმან ჩვენ ცოდვილთათვის" (უძველესი იადგარი, გვ. 53.26).

"ძემან უხრწნელი თავი მოუდრიკა წინამორბედსა და, ნათელ-იღო რაი, მონებისაგან იხსნა სოფელი კაცთმოყუარებით" (თუენი, იანვარისა, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერი, 2006 წ. გვ. 600)" (ე. ჭ. დასახ შრ. გვ. 207), და ა. შ.

წიგნში დახვავებული ეს ნიმუშები იდეალურად ზემოქმედებს ფსიქოლოგიურად და იდეოლოგიურად უკვე დამუშავებულ მკითხველზე. ისინი ხომ დარწმუნებულნი არიან, რომ იორდანეში მაცხოვარი კოჭებამდე წყალში იდგა, მუხლი არ მოუდრეკია და ოდენ თავის მოხრით იოანესგან წყალი დასხმია. ასე არწმუნებს მათ ე. ჭელიძე.

მაგრამ ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, უფლის მიერ თავის მოდრეკის მომენტთან დაკავშირებით ვიკითხავთ - ვის ედავება აქ საპატრიარქოს იდეოლოგი? საკუთარ თავს ხომ არა?! თუ პროტესტანტებს გულისხმობდა, მაშინ მას კონკრეტულად პროტესტანტები უნდა მიეთითებინა და არა "ყველა მეშთაფლე", რომელთა რიცხვში ჩვენც აუცილებლად გვიგულისხმა და მეტიც, პროტესტანტებთან დავაში არათუ არ დაგვივიწყა, არამედ მათთვის მისაცემი კითხვაც კი ჩვენ დაგვისვა. ასეთ შემთხვევაში "ყველა მეშთაფლეს" მიერ გავრცელებული აზრის დამოწმება წყაროების მიხედვით ძნელი არ უნდა ყოფილიყო. საკვირველია "გადამშთაფლველ" თუ "მეშთაფლე" ოპონენტთა "ცდომილებების" გამოწვლილვით გამრჩევ "მეცნიერს" ამგვარი "კოზირის" გამოყენება როგორ გამორჩა.

სხვათა შორის, XIII ს.-ის ცნობილი ეგზეგეტი ექვთიმე ზიგაბენი ბრძანებს და ქვემოთ ხატმწერლობითი ნიმუშებიდანაც ვნახავთ, მაცხოვარი სწორედაც რომ კისრამდე წყალში იდგა და შთასაფლველად მას მხოლოდ თავის მოხრაღა სჭირდებოდა.

მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, რომელიმე ძველმართლმადიდებელს, მართლმადიდებლური ხატწმერლობითი ნიმუშებიდან გამომდინარე, ასეც განემარტა უფლის ნათლისღება, რა პრინციპით არის შესაძლებელი ცალკეული პიროვნებების ნააზრევის განზოგადება მთელ ძველმართლმადიდებლობაზე?  ან კონკრეტული პიროვნებების ნააზრევი, მით უმეტეს ინტერნეტფორუმებზე, რატომ უნდა წარმოაჩინონ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ სწავლებად? ხომ არ გვეტყვის ე. ჭელიძე ან მისი თავგადაკლული რომელიმე გულშემატკივარი, რომ საპატრიარქოს ეს პროფესორი და იდეოლოგი, რომელმაც თავისი შთამბეჭდავი მოცულობის მქონე ნაშრომის უმეტესი ნაწილი (400-ზე მეტი გვერდი) სწორედ ძველმართლმადიდებლებს მიუძღვნა, "ძველმართლმადიდებლის" სახელით მოპაექრე ვიღაც ფორუმელს ედავებოდა თავისი კერძო აზრების გამო და არა მთლიანად ძველმართლმადიდებლობას მისი სახით?!

ხომ არ დაგვიწყებენ იმის მტკიცებას, ჭელიძე ისე "დახურდავდა" ძველმართლმადიდებლებთან დავაში, რომ უკვე ფორუმებზე შესულ კონკრეტულ პიროვნებებსაც დასდევს და აკრიტიკებს მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს? არა, ბატონებო, არ შეცდეთ, - ე. ჭელიძე "ძველმართლმადიდებლის" კრიტიკას ხელს არ მოჰკიდებდა,  მისი აზრები მთლიანად ძველმართლმადიდებლობის ნააზრევის გამოხატულებად რომ არ წარმოეჩინა.

მეტიც, მან მისი ადრინდელი და აწ გარდაცვლილი ოპონენტებიც კი ჩართო საქმეში, დაივიწყა რა მათთვის ერთხელ უკვე მიცემული პირობა, სადავო საკითხები გაერკვია ურთიერთსიყვარულითა და მეცნიერებით და ლანძღვისა თუ გინების კორიანტელი მათზეც "გადმოაფრქვია". ე. ჭელიძემ პოლემიკა, ასე ვთქვათ, არა მარტო ცოცხალ ძველმართლმადიდებლებთან, არამედ მიცვალებულებთანაც განაახლა, თანაც ყველაზე კნინი, სამარცხვინო და ადამიანისთვის შეუფერებელი ფორმით.

მეტად უცნაური "სიყვარული" კი სცოდნია ბატონ ჭელიძეს.

მეორე მხრივ, თუ ე. ჭელიძე ფორუმზე გამოთქმული შეხედულებებისთვის პასუხს სთხოვს მთელ ძველმართლმადიდებლობას, მაშინ გადაავლოს მან თვალი ამავე ფორუმებზე მისივე ეკლესიის "მღვდლების" (მაგ. ვინმე "მღვდელ" ჩიჩუას გამოხდომას, რომელიც ამტკიცებდა, თითქოსდა ძველმართლმადიდებლობას არაფერი აკავშირებს ქრისტეანობასთან), მედავითნეების და ზოგიერთი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირის ნააზრევს და განაჩენი გამოუტანოს საკუთარ ეკლესიას, რადგან ის, რასაც ჩვენ მათ ნაწერებში ვხედავთ, მრავალ შემთხვევაში არათუ მართლმადიდებლურ სწავლებას ან ისტორიულ ფაქტებს, ლოგიკური აზროვნების წესებსაც კი ვერ უთავსდება. მაგრამ, მოდი, კვლავ იორდანეში უფლის ნათლობას დავუბრუნდეთ და ვნახოთ როგორ განმარტავენ წმიდა მამები იორდანის უკუქცევისა და თვით უფლის ნათლისღების ფაქტს. გავარკვიოთ ჩვენთვის მთავარი საკითხი - როგორ მოინათლა მაცხოვარი?

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძე იმდენად ერთობა იორდანის უკუქცევაზე მსჯელობით, იმდენად სურს მას კოჭებამდე წყალში მაცხოვრის ჩატოვება (სხვაგვარად როგორ გაამართლოს დასხმითი ნათლობა?!), რომ მის ნააზრევში წმიდა წერილისა (იხ. ფსალმ. 113: 3) და ლიტურგიკული ტექსტების ფრაზა "იორდანის უკუქცევის" შესახებ თვით იორდანის დამოუკიდებელ მოქმედებად, უფლისგან დამოუკიდებელ ქცევად აღიქმება, რის გამოც ე. ჭელიძის მტკიცებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ ის ლიტურგიკულ ტექსტებს ეყრდნობა) წარმართობის სუნი დაჰკრავს.  

დასხმითი "ნათლობის" ეს გამპიარებელი არსად, არც ერთხელ არ მიანიშნებს, თუ რით იყო გამოწვეული იორდანეს უკუქცევა; რომ ეს უფლის მიერ დაშვებული სასწაული იყო და არა მდინარის თვითნებური მოქმედება; რომ იორდანესაც ისევე უნდა აღესრულებინა ღმრთის ნება, როგორც იოანე ნათლისმცემელს. შიშით იოანესაც შეეშინდა, როდესაც მასთან მოსანათლად მისული მაცხოვარი დაინახა და შეჰღაღადა: "მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?", რაზეც ასეთი პასუხი მიიღო მაცხოვრისგან: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათე 3:14- 15).

ეს ჭეშმარიტება კარგად არის ასახული ლიტურგიკულ ტექსტებშიც, კერძოდ, იმავე ძველ იადგარში ვკითხულობთ: "ნათლის-ღებასა უფლისასა იხილა იოანე, ძრწოდა შიშით და უჩვენებდა ერსა: აჰა მოვალს მეუფე ცათაი, რომლისთუისცა ვიტყოდე. შეძრწუნდა იორდანე ნათლის-ღებად შთასვლასა უფლისასა, უკუნიქცა კუალსა და იტყოდა: ვინაი ღირს ვარ განბანად დამბადებლისა? განმწმიდე და ღირს მყავ მე, უფალო" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 61).

ამრიგად შეშინდა არა მარტო იორდანე, არამედ იოანე ნათლისმცემელიც, მაგრამ კი არ გაიქცა, უფლის ნებას დაემორჩილა და აღასრულა "ყოველი სიმართლე". ცხადია, ამ სიმართლის აღსრულებაში მონაწილეობს იორდანეც, რამეთუ უფალი სწორედ მასში უნდა მოინათლოს. მაგრამ რას ნიშნავს იორდანის "შეშინება" და "უკუქცევა"?

ნეტ. თეოდორიტე 113-ე ფსალმუნის განმარტებაში ბრძანებს: "უსულო საგნებისადმი გრძნობების მიკუთვნებით, წინასწარმეტყველი ღმრთის ძლიერებას წარმოაჩენს. როდესაც ებრაელ ერს წინამძღოლობდი, ეუბნება ის უფალს, ზღვა შეშინდა და უკან დაიხია, რათა ხელი შეეწყო მას ფარაონისგან გამოქცეულთათვის; მდინარე შეჩერდა, ვითარც გონიერი არსება, რადგან მის წიაღში განვლო კიდობნის ძლიერებამ; და მთანი და გორაკნი ხარობდნენო, ვითარც მეტყველნი არსებანი, რამეთუ უფალი ზეცათა მოევლინა მათ. ხოლო მთებში სინასა და ხორებს გულისხმობს, რამეთუ სწორედ მათზე გამოავლინა ღმერთმა თავისი დიდება" (Блаж. Феодорит Кирский († 457 г.). Толкование на сто пятьдесятъ псалмов. ასევე: Творения блаженнаго Феодорита, епископа Кирскаго. Часть третья. М.: В типографии В. Готье, 1856. С. 273-278. იხ. აგრეთვე: Творения святых отцев в русском переводе, издаваемыя при Московской Духовной Академии, том 28).

წმ. ევსუქი, ფსალმუნის სიტყვების "იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ" განმარტებაში ბრძანებს: "დაფარული და ღრმა აზრით "ზღვაში" ვნებათა დაუდგრომლობა უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო "იორდანეში" - მადლი ნათლისღებისა. ამრიგად, წუთისოფლის მღელვარება გაურბის მონანულთ, რადგან შეუძლებელია ვნებათა დაუდგრომლობა შეუერთდეს იმას, ვინც სამუდამოდ განეშორა ცოდვის სიმწარეს. ხოლო იორდანე კი არ გარბის, არამედ უკან მიემართება, რითაც მონანულთა ცრემლებსა და მათ უკან მოქცევას გამოსახავს; სინანულსაც ხომ ნათლისღების ძალა იწვევს; ვერანაირ სარგებლობას მოუტანდა სინანული ადამიანს, რომ არა ნათლისღება. სწორედ ამიტომაც ქადაგებდა იოანე ჯერ სინანულს, რომელსაც შემდეგ მოსდევდა ნათლისღება. რატომ უკუიქცა იორდანე? იმიტომ, რომ შემცოდეც სინანულის მიერ უკუიქცევა და ტოვებს ადრინდელ გზას (რამეთუ იორდანე სინანულის გამომხატველადაც მიიღება) (Евфимий Зигабен. Толкования на Пс. 113:3.
http://bible.optina.ru/old:ps:113:03 ).

წმ. იოანე ოქროპირი 113 ფსალმუნის 3-ე მუხლის სიტყვების "ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ" (ფსალმ. 113:3) განმარტებაში ბრძანებს: "იხილე, როგორ აძლიერებს სიტყვას და უმეტეს წყალობაზე უთითებს. რისთვის უნდა ვახსენოთო ბარბაროსნი ან წარმართნი, როდესაც თვით ბუნება, დამნახველი თვისი წინამძღოლისა და ბელადისა, ემორჩილება მას და უკუიქცევა? მართლაც, მაშინ ყველაფერი ემორჩილებოდა და ადგილს უთმობდა ებრაელ ერს, რათა სცოდნოდა მას, რომ ყოველივე, რაც კი მის თავს ხდება ადამიანურ ძალისხმევათა შედეგი კი არა, ღმრთის გამოუთქმელი ძალით აღსრულებული სასწაულია. დაკვირდი, როგორი ბრწყინვალებით აგებს წინასწარმეტყველი თავის სიტყვას. "გაშორდაო" კი არ თქვა, არამედ: "ზღუამან იხილა და ივლტოდა". გამოთქმით "ივლტოდა" მას უკანდახევის სისწრაფის ჩვენება სურს, რომელიც არის შიშისა და ღმრთის მოქმედების სიადვილის გამოვლინება" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на псалом 113. https://ekzeget.ru/tolk.php?kn=ps&gl=113&st=3&id_tolk=157).

"იორდანე უკუნიქცა". - აგრძელებს ოქროპირი, - ხედავ როგორ აღსრულდებიან სასწაულნი სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას? რათა უწყოდნენ იუდეველებმა, რომ ღმრთის ძალა ყველგანმყოფია და გარეშემოუწერელი; რომ ღმერთი სასწაულს აღასრულებს ყველგან, უდაბნოშიც, ბარბაროსთა ქვეყნებშიც, ზღვაშიც, მდინარეებშიც, მოსეს მიერაც და იესუ ნავეს ძის მიერაც; და ყველგან, იუდეველთა უგრძნობი და უხეში გონების მოსალბობად მათ თან სდევდათ ნიშები და სასწაულები, რათა მორჩილნი და ღმრთისშემეცნების მიმღებნი გამხდარიყვნენ".

"რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?" (ფსალმ. 113:5)? კვლავ შეკითხვას სვამს და იმავე აზრით მიმართავს სტიქიას, როგორი აზრითაც გამოხატა მთანი და ბორცვუნი მომღერლად (ანუ სიმბოლურად - არქიეპ. პ.). რადგან, როგორც იქ გრძნობებსა და ემოციებს კი არ მიაწერდა მთებსა და გორაკთ, არამედ აღსრულებადი საქმის სიდიადისა და უსაზღვრო სიხარულის ჩვენება სურდა, ასევე აქ ეკითხება მათ არა იმიტომ, თითქოსდა (ზღვასა და იორდანეს -  არქიეპ. პ.) გრძნობები ჰქონოდათ და შეეძლოთ პასუხისგება, არამედ უფრო მკაფიოდ გამოეხატა სათქმელი და მისი საკვირველება წარმოეჩინა. რადგან რაღაც ახალი და უჩვეულო ხდება, ისიც სვამს ასეთ კითხვას - "რა მოხდა?"და პასუხსაც თვითონ იძლევა: "პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა" (ფსალმ. 113:7); და აქაც მოვლენის სიდიადის საჩვენებლად, მოქმედების სახით აღფრთოვანებასა და გაოცებას გამოხატავს" (Св. Иоанн Златоуст. Беседа на псалом 113. https://ekzeget.ru/tolk.php?kn=ps&gl=113&st=3&id_tolk=157).

მსგავსადვე, უფლის განცხადების (ნათლისღების) დღეს ეკლესიაც წინასწარმეტყველთან ერთად კითხულობს: "იორდანე, რად უკუნიქეც გარე?" და თვითონვე განმარტავს: "რამეთუ ქრისტე დადგა განშიშულებული შენ შორის" (უძველესი იადგარი. თბილისი. "მეცნიერება" 1980 წ. გვ. 81). გარდა ამისა, იორდანეს დინების უკუქცევაში ექვთიმე ზიგაბენი სინანულის სიმბოლოსაც ხედავს.  

ამიტომაც, უსულო სტიქიის (მდინარე იორდანეს) "გონივრული" ქცევის ("შიში" ქვეყნიერების შემოქმედის წინაშე და ამის გამო უკუქცევა) ასეთი უფუნქციო წარმოჩენით, - (ანუ, ე. ჭელიძის მიერ არ არის წარმოჩენილი ის, რომ იორდანის დინების უკუქცევა ეს არის ქრისტეს ნათლისღებისა და წმიდა სამების განცხადების სიდიადის ნათელყოფა, ღმრთის მიერ იუდეველთა წინაშე აღსრულებული სასწაული) -  ე. ჭელიძე წარმართული მსოფლმხედველობისა და უსულო ბუნების თვითნებობის მქადაგებლად წარმოგვიდგება, რადგან სწორედ წარმართები ასულიერებდნენ ბუნებას და ანიჭებდნენ მას გონიერებას.

ამრიგად, ე. ჭელიძე იორდანეს უკუქცევას გადმოსცემს მისი შინაარსისა და მთავარი ქვეტექსტის გარეშე. მასთან შემოქმედის მნახველი იორდანეს შეშინება არის უფუნქციო; ამ შეშინებას არა აქვს ის აზრი, რა აზრსაც მას დავით წინასწარმეტყველი აძლევს წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამების განმარტებით. მეტიც, ე. ჭელიძის თქმით, იორდანე ისე "შეშინებულა", რომ მასში მოსანათლი ქრისტე კოჭებამდე წყალში ჩაუტოვებია, რის გამოც, ცხადია, მაცხოვრის შთაფლვითი ნათლობა ვერ აღესრულებოდა. ამის გამო, მან თავი დაუხარა იოანე ნათლისმცემელს და დასხმით მოინათლა. იორდანეში მაცხოვრის ნათლისღების ე. ჭელიძისეულ მწვალებლურ აღწერაში იორდანე უფლის ნებას არ დაქვემდებარებია, უფალს იორდანეზე ძალა არ ჰქონია (ნუმც იყოფინ!) და მისი ქცევით გაწბილებული მაცხოვარი ოდენ დასხმით ნათლობას დასჯერებია.  

აი, ასეთი ერეტიკული ზღაპრის გამომგონებელია "თეოლოგი" და "მეცნიერი" ედიშერ ჭელიძე, რომელიც ამგვარი სისულელეებით თავს უტენის ოფიციალური ეკლესიის სემინარიისა თუ აკადემიის სტუდენტებს, იმათ, ვისაც შემდგომში ხელს ასხამენ "დიაკვნებად", "მღვდლებად" და "ეპისკოპოსებად" და ისინი "მჭევრმეტყველებასა" თუ "ლოგიკურ" აზროვნებაში თავიანთ მოძღვარს დიდად როდი ჩამოუვარდებიან; მეტიც, გასაოცარი "საღვთისმეტყველო" აღმოჩენებით აკვირვებენ მორწმუნე საზოგადოებას და ხან ბაქტერიებს "კლავენ" ზარების რეკვით და ხან "წნევას არეგულირებენ" მამაო ჩვენოს კითხვით; და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ სისულელეს იქადაგებენ ე. ჭელიძისნაირი "მეცნიერის" ხელში აღზრდილი სასულიერო კადრები.

ამრიგად, წმიდა ლიტურგიკული ტექსტებისა და წმიდა მამების განმარტებით, იორდანეს უკუქცევა წყლის დაკლებას ან გაქცევას კი არ გულისხმობს (ე.ჭელიძე "უკუქცევას" მკითხველს სწორედ გაქცევად განუმარტავს), არამედ დინების მიმართულების შეცვლას და ამავე დროს იგი უფლის განგებულების აღსრულების (ქრისტეს ნათლისღების) უმნიშვნელოვანესი თანამონაწილეც არის.

მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე თავგამოდებით ირწმუნება და, მეტიც, "უცთომელ სეკლესიო უწყებად" რაცხს იმ ზღაპარს, თითქოსდა "მდინარე იორდანეს არ შეუბედავს მაცხოვრისთვის, რომ დაეფარა იგი". ეს ნიშნავს, რომ "რაწამს სოფლის შემოქმედი "ჩავიდა იორდანეში", რაწამს მან ფეხი შეახო მდინარეს და "შეიმოსნა მდინარენი იორდანისანი", თავად იორდანე შეძრწუნებული, უკუიქცა მისგან" (ე. ჭ. "სული ცხოველი", თბ. 2012, გვ. 514); და კიდევ: "ზემორე გამოსახულებათა მიხედვით (იგულისხმება პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები, რომელთაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით - არქიეპ. პ.), შეძრწუნებული იორდანე უკუიქცევა მაცხოვრისგან, რადგან ვერანაირად ვერ შეჰბედავს ბუნებათა დამბადებელს, რომ დაეფაროს იგი" და იქვე ირწმუნება: "ამგვარი აზრი ზედმიწევნით თანხვდება საეკლესიო ლიტურგიკულ სწავლებას"-ო.

ეს "სწავლება" ჩვენ ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, მაგრამ იქ არსად არ არის გადმოცემული აზრი, თითქოსდა "მდინარე იორდანეს არ შეუბედავს მაცხოვრისთვის, რომ დაეფარა იგი" და ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ იორდანე უკუიქცა; თუ რას ნიშნავს ეს უკუქცევა და იორდანის "შიში", წმიდა მამების განმარტებებიდან უკვე ვნახეთ და იმაშიც დავრწმუნდით, რომ ამგვარი ქმედება იყო ღმრთის სასწაული, რომელმაც ამით თავისი ღვთაებრიობა და ღმრთის განცხადების სიდიადე გამოავლინა.

ე. ჭელიძე, როგორც უკვე ვთქვით, არსად განმარტავს იორდანეს ასეთ "საქციელს" და არ ამბობს, რომ მსგავსი რამის თქმა ტოლფასია იმის მტკიცებისა, თითქოსდა იორდანეში შთაფლვა თვით უფალს არ ენება. წინააღმდეგ შემთხვევაში იორდანე "მოაზროვნედ" და საკუთარი "ნებისაებრ" მოქმედ არსებად წარმოგვიდგება. ხოლო ის, რომ უფალს იორდანეში შთაფლვა არ ენება, არსად, არც ერთ წმიდა ტექსტში არ დასტურდება.

ქრისტესთან და მის ყოვლადძლიერებასთან კავშირის გარეშე უსულო სტიქიონისთვის ამგვარი გონივრული ქმედების, გრძნობისა (შიშის) და მისგან გამოწვეული თვითნებური (დამოუკიდებელი) მოქმედების მიკუთვნება ე. ჭელიძეს ძველქალდეველ- წარმართ მოგვთა ფილოსოფიასთან აკავშირებს, რომლებიც უსულო ბუნების გასულიერებას (გაღმერთებას) ასწავლიდნენ; და არსად, ე. ჭელიძე, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ, უფლის კავშირს იორდანეს უკუნქცევის სასწაულთან არ აღნიშნავს. მეტიც, იმასაც კი არ ამბობს, რომ იორდანეს უკუმიქცევასთან, მის "შიშთან" და "ძრწოლასთან" დაკავშირებული გამოთქმები მხოლოდ მხატვრული გამოხატვაა იმ სიდიადისა, რაც იმ დროებაში ისრაელიანთა თვალწინ, იორდანეს წყლებში უფლის ნათლისღებით აღსერულა.

რადგან ე. ჭელიძე არც იმას ამბობს, რომ უფალს არ ენება იორდანეში შთაფლვა და ამიტომ "გააქცია" იგი ისე, რომ კოჭებამდე წყალში ჩარჩენილიყო (რადგან ჩვენს ცრუპენტელა ოპონენტს ამისი დამმოწმებელი არც ერთი წმიდა მამა არ ეგულვება), უნდა დავასკვნათ: ე. ჭელიძის აზრით, მდინარე იორდანე სულიერი არსებაა და მას უფლის ნათლისღებისა ისე შეეშინდა, რომ უფალს გაექცა, თუმცა არა სრულიად, არა ისე, რომ საერთოდ უწყლოდ დაეტოვებინა მაცხოვარი, არამედ ნაწილობრივ, - მაცხოვარი ხომ თუმც "კოჭებამდე", მაგრამ მაინც იორდანეში იდგა. მაშ, რა აზრი უნდა ჰქონოდა ასეთ "გაქცევას"? და არის კი ეს, საერთოდ, სადმე "გაქცევა" (კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ე.ჭელიძე იორდანის "უკუქცევას" მკითხველს სწორედ გაქცევის კონტექსტში განუმარტავს)?

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ე. ჭელიძის მიერ მონათხრობი ზღაპარი მართლმადიდებლური გადმოცემის, იგივე ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა, რამეთუ იორდანე არსადაც არ გაქცეულა! და საერთოდ, რატომ მალავს ე. ჭელიძე იმ ფაქტს, მის მიერ დამოწმებულ ლიტურგიკულ ტექსტებში იორდანის "უკუქცევა" დინების მიმართულების შეცვლას, ნიშნავს და არა წყლის დაკლებას? მალავს (ან ასხვაფერებს) იმიტომ, რომ სხვაგვარად მის თეორიას იორდანეს წყლებით მაცხოვრის დასხმითად მონათვლის შესახებ საფუძველი გამოეცლება. იორდანეის გაქცევითა და მაცხოვრის კოჭებამდე წყალში ჩატოვებით კი ამგვარი ნათლისღების აღწერა ძალიან ადვილია, მით უმეტეს, თუ შეძლებ, შენი ხრიკებით მკითხველიც დააჯერო ამაში.

იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როგორ მოინათლა მაცხოვარი, ჯეროვანი იქნება, გავარკვიოთ როგორ ნათლისღებას აღასრულებდა იოანე ნათლისმცემელი და რატომ; ასევე, ვაჩვენოთ ნათლისღების ძველაღთქმისეული წინასახეები და განვიხილოთ იორდანეში მაცხოვრის ნათლისღებასთან დაკავშირებული ე. ჭელიძისეული თეორიის უმთავრესი საფუძველი - პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები, რომლებზეც მაცხოვრის ნათლობა გამოსახულია არა შთაფლვით, არამედ კოჭებამდე წყალში. ამის შემდეგ კი ვიხილოთ შთაფლვითი ნათლობის მნიშვნელობა და შინაარსი წმიდა მამათა განმარტებების მიხედვით, ასევე ნათლისღების ახალაღთქმისეული მაგალითები წმიდა წერილიდან.

<<<

14

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика