ორთითიანი წყობა X-XII საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში
რაც უფრო ზემოთ მივიწევთ საუკუნეთა კიბეზე ორთითიანი წყობის ამსახველი ისტორიული ძეგლების კვლევაში, მით უფრო მეტ ნიმუშს ვხვდებით ჩვენს გზაზე ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა სფეროში. ჩვენთვის ცნობილ ქვეყნებს, სადაც ქრისტეანობა მყარად ვითარდებოდა თავისი გამოჩენის პირველივე საუკუნეებში, X ს.-ში მიემატა კიდევ ერთი ვრცელი ოლქი, რომელსაც ქრისტეს სწავლების ნათელი მხოლოდ ამ საუკუნეში გამოუბრწყინდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს სამშობლოზე, - რუსეთზე, რომელმაც, როგორც ცნობილია, ქრისტეანობა მიიღო X ს.-ის მიწურულს, კერძოდ, 988 წელს.
რუსეთისა და საზოგადოდ მთელი სლავური სამყაროს განმანათლებელი გახლდათ საბერძნეთი, რომელშიც ქრისტეანობა უკვე ათი ასწლეული იყო რაც არსებობდა, და სადაც, ამის შედეგად, სხვადასხვა წეს-განგებები უკვე ატარებდნენ დასრულებულ ხასიათს. სრულიად ბუნებრივია, რომ ასწავლიდნენ რა ახალგანათლებულ ხალხებს ქრისტეანულ ჭეშმარიტებას, მათი განმანათლებლები აძლევდნენ მათ იმ წყობასა და ქრისტეანული მსახურების წეს-განგებას, რომელსაც თვითონვე ფლობდნენ, ამასთან ერთად ასწავლიდნენ პირჯვრისწერასაც და თანაც იმ თითებით, რომელიც მათში საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული იყო.
ჩვენი კვლევის პირველ თავებში, ქრისტეანული დამწერლობისა და ნივთიერი ძეგლების საფუძველზე, დავადგინეთ, რომ როგორც საბერძნეთში, ასევე ქრისტეანული სამყაროს სხვა ქვეყნებში პირჯვრისწერისთვის იყენებდნენ ორ თითს; ახლა აუცილებელია გავარკვიოთ შემდეგი, ანუ შეინარჩუნა თუ არა საბერძნეთმა პირჯვრისსაწერი თითების წყობის ეს გადმოცემა X ს.-ში და ის გადმოსცა თუ არა სლავ ხალხებს მათი გაქრისტეანების დროს. ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, კვლავ უნდა მივმართოთ ქრისტეანული სიძველეებისა და ლიტერატურის ძეგლებს, რომლებიც წარსული მოვლენების საუკეთესო და მიუკერძოებელი მოწმობებს წარმოადგენენ.
თავისი სიძველეებით ცნობილ რომის ვატიკანის მუზეუმში დაცულია ქრისტეანული ხელოვნების უიშვიათესი ძეგლები, რომლებიც მოიცავენ ქრისტეანობის თითქმის მთელს ისტორიას. მრავალ სხვა უძველეს ნიმუშთა შორის იქ დაცულია X ს.-ის სპილოს ძვალზე შესრულებული ბერძნული დიპტიქები, რომელთა ნაწილი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ (Прохоров В.Н. Христианские Древности и Археология. 1862. Таблицы). აქ, როგორც მკითხველი ხედავს, მაცხოვარს, რომელიც საყდარზე ზის, საკურთხებელი მარჯვენა ორთითიანი წყობით აქვს შეკრული.
X ს.-ის სახარების ჩარჩოს მინიატურა. ათონი
არანაკლებ საინტერესოა ასევე X ს.-ის სახარების ჩარჩო, რომელიც დაცულია ათონზე, წმ. ათანასეს ლავრაში. ამგვარად, X ს.-ის საბერძნეთის ეკლესიაში ორთითიანი წყობის არსებობის ფაქტი სრულიად უეჭველია და გადაჭრით დასტურდება ისტორიული მონაცემებით, რომელიც მეცნიერებას გააჩნია. ამისი დადგენა მეტად მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ, რომ თუკი ამ დროის საბერძნეთი პირჯვრისწერისთვის იყენებდა ორთ თითს, ხოლო ჩვენ - რუსები, რომლებმაც ბერძნებისგან მივიღეთ წმ. ნათლისღება, და ასევე პირჯვრისწერის წესი, მაშინ ეს პირჯვრისწერა უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ისინი იყენებდნენ, ანუ ორი თითით, და არა სხვა რომელიმე. ამ მდგომარეობის ისტორიული სინამდვილე აბსოლუტურად დასტურდება სამეცნიერო კვლევების მეშვეობითაც. მოცემულ შემთხვევაში დავიმოწმებთ საეკლესიო ისტორიის ისეთ ღრმად მცოდნეს, როგორიცაა პროფ. გოლუბინსკი, რომელიც თავისი გამოკვლევებში პირჯვრისწერის შესახებ ამბობს: „ჩვენ, რუსებმა, ქრისტეანობა ბერძნებისგან მივიღეთ იმი დროს, როდესაც მათში გავრცელებული იყო ორთითიანი წყობა. თავისთავად გასაგებია, რომ ქრისტეანობასთან ერთად ჩვენ მათგან ორთითიანი წყობაც შევითვისეთ, და არა რომელიმე სხვა წყობა“ (Богословский Вестник. 1892. С. 45).
ამ მოწმობების შესაბამისად, თავისთავად უტყუარია კიდევ ის ფაქტი, რომელიც არანაირ ეჭვს არ ტოვებს X ს.-ში ორთითიანი პირჯვრისწერის არსებობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ერთი იკონოგრაფიული ძეგლი, რომელიც დაცულია ხარების უძველეს რუსულ მონასტერში, რომელიც მოსკოვის მიტროპოლიტმა წმ. ალექსიმ დააფუძნა. ეს უიშვიათესი ძეგლი გახლავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატი, რომელიც დაწერილია სამყაროს შექმნიდან 6501 წელს, ანუ ქრისტეს შობიდან 993 წ., შედეგად, სულ რაღაც 5 წლის შემდეგ რუსეთის ნათლობიდან თავად ვლადიმერის დროს (1917 წლის შემდეგ, ხატი, რომელიც იმყოფებოდა ნიჟნი ნოვგოროდის ხარების მონასტერში, დაიკარგა. დღეისთვის მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის - რედ.). ხატის ორივე მხარეს გაკეთებული აქვს გადასახსნელი კარედები (створки), რომლებზეც გამოსახულნი არიან მთავარანგელოზი გაბრიელი და იოანე ნათლისმცემელი; იოანეს ფეხებთან ვხედავთ ჭურჭელს, მისი მოჭრილი თავით. მარცხენა ხელში ნათლისმცემელს უჭირავს გრაგნილი, ხოლო მარჯვენა შეკრულია ორთითიანი წყობით და საკუთარი თავისკენ ისე აქვს მიბრუნებული, თითქოსდა პირჯვარს იწერსო".
__________
ავტორის შენიშვნა: ამით ბათილდება ის უსამართლო მტკიცებულება, თითქოსდა ორთითიანი წყობა მხოლოდ საკურთხებელი წყობაა და მას მხოლოდ სასულიერო პირები იყენებდნენ კურთხევისთვის; ორთითიანი წყობით მლოცველი იოანე ნათლისმცემელი თვალსაჩინოდ უარყოფს ამ მოარულ შეხედულებას. სხვა ადგილას ჩვენ კიდევ შევეხებით ამ საკითხს და უფრო დეტალურად განვიხილავთ.
__________
კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
ხატი დაწერილია 6501 წ. მღვდელმონაწონ სიმეონის მიერ
კორსუნის ხატთან დაკავშირებით ეჭვი შეიძლება აღმოცენებულიყო მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამდენად ძველია მისი კარედები, ანუ: არიან თუ არა ისინი ხატის თანამედროვენი, ანუ ხომ არ არიან ისინი გვიანდელი დანამატნი? ეს ეჭვი განქარდება ამ ხატების სიძველეთა გამოკვლევის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ "კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და მისი კარედები ერთი და იგივე ფუნჯით არის შესრულებული" (Описание Благовещенского монастыря. Н. Новгород. 1884. С. 16).
ამ ხატის მოკლე ისტორიული მონაცემები ასეთია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატი (6501 წ. (993 წ. ქრ. შ.-დან)) წარმოადგენს კიევში მოციქულთასწორ თავად ვლადიმირის მიერ ჩამოტანილი ბერძნული ხატის ასლს, რომელიც კიევში 993 წელს დაიწერა. ამიტომაც არის მასზე წარწერები ორ ენაზე: ბერძნულად და სლავურად, ხოლო სად ინახებოდა ეს სახელგანთქმული ხატი მიტროპოლიტ ალექსიმდე ან საიდან მოიტანა იგი ამ მღვდელმთავარმა და როგორ შესწირა ეს უძვირფასესი და უიშვიათესი ხატი ნიჟნი ნოვგოროდის ხარების მონასტერს, ზუსტი ისტორიული ცნობების არქონის გამო, მხოლოდ ვარაუდებითღა შეიძლება მსჯელობა. ხატი იმითაც არის ღირსშესანიშნავი და ძვირფასი, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ასეთი ხატები, რომელიც გადაწერილია ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი ხატებისგან, - მეტი აღარც არის (იქვე. გვ. 16-17).
ამრიგად, ისტორიული მონაცემების საფუძველზე, რომელიც გამყარებულია ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებით, X ს.-ში ორთითიანი წყობის არსებობა უეჭველი და დადასტურებულია. იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებზეც გამოსახულია ორთითიანი წყობა და რომლებიც არსებობენ საბერძნეთში, ათონზე, რომსა და ბოლოს რუსეთში, უთითებენ იმაზე, რომ X ს.-ში ორთითიანი წყობა საყოველთაო წყობა იყო პირჯვრისსაწერად და კურთხევის გასაცემად. მღვდელმონაზონი სიმეონი, რომელმაც კორსუნის ხატი დაწერა, არ გამოხატავდა ხატზე ორ თითს, მას რომ მის დროებაში არ ეარსება, ისევე როგორც არ გამოსახავენ დღეს ძველმორწმუნეები თავიანთ ხატებზე სამ თითს.
XI ს.-ში ორთითიანი წყობის არსებობის საკითხი, როდესაც რუსეთის ეკლესია უშუალოდ ბერძენი მღვდელმსახურების ხელმძღვანელობით ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა, შეიძლება გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ დადებითად. ხატწერისა და საეკლესიო მწერლობის ძეგლები ამისი ავტორიტეტული მოწმობანი გახლავთ.
რუსეთი, რომელმაც ნათლობა და ყოველი საეკლესიო წეს-განგება მიიღო ბერძნული ეკლესიისგან (მათ შორის, როგორც ეს უკვე ვნახეთ, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობა), გულმოდგინედ იცავდა მის ნიადაგზე დათესილ სარწმუნოების მარცვალს, და ერთგული იყო თავისი განმანათლებლებისა, ამიტომაც, ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, თითქოსდა ორთითიანი წყობის პირჯვრისწერა რუსეთში ამ დროს არ არსებულიყოს. ეჭვი უფრო შეიძლება გაჩნდეს სხვა ქრისტეანულ ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა რომი, ვენეცია და თვით საბერძნეთი, მაგრამ ისტორიული კვლევები თვით ამ ქვეყნებთან მიმართებაშიაც კი საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ.
ნეა-მონის მონასტრის მოზაიკა. ხიოსი. საბერძნეთი. XI ს.
იკონოგრაფიული ძეგლები გვარწმუნებენ, რომ ორთითიანი წყობა ამ ქვეყნებშიც კი არ იყო დავიწყებული ჩვნს მიერ განხილულ პერიოდში.
მაგალითად, იტალიაში, ჩვენ ვხედავთ XI საუკუნის კარგად შემონახულ სხვადასხვა სახის იკონოგრაფიულ ნიმუშებს: მოზაიკას, სახარებათა ჩარჩოებს და ფერწერულ გამოსახულებებს, სადაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ორთითიანი წყობა. აი ჩვენს წინაშეა ბერძნული სახარების ჩარჩო, რომელიც იტალიაში, ქ. სიენას ვრცელ ბიბლიოთეკაშია დაცული. მაცხოვარი აქ გამოსახულია მოკლე თმებით, თვით მისი სახეც უჩვეულოა. მარცხენა ხელში მას დახურული სახარება უპყრია, ხოლო მარჯვენა საკურთხებლად არის შემართული და ორთითიანი წყობა გააჩნია.
თითების ასეთივე წყობას ვხვდებით ქრისტე მაცხოვრის მოზაიკურ გამოსახულებაზე ვენეციის წმ. მოციქულ მარკოზის ცნობილ ტაძარში, სადაც ქრისტეს ერთი მხრიდან წინ უდგას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო მეორე მხრიდან მარკოზ მახარობელი.
ვენეცია, წმ. მოც. მარკოზის ტაძარი. XI ს. უძველესი მოზაიკა: ქრისტე, დედა ღვთისა და მოციქული მარკოზი.
გამოსახულება გაოცებს შესრულების ოსტატობით, დახვეწილობით და ნაწილების პროპორციულობით. ყველაფერში დიდი ოსტატობა და რეალისტურობა გამოსჭვივის: სახეები ისე გიყურებენ, თითქოსდა ცოცხლები არიანო. მაცხოვრის ხელზე ორთითიანი წყობა - შეუდარებელია. მაგრამ ჩვენთვის ამ ძეგლში უდიდეს ფასეულობას წარმოდგენს ქრისტეს ხელის ორთითიანი წყობა, რაც თვალსაჩინოდ მიუთითებს ორთითიანი წყობის არსებობაზე XI ს.-ში, და არა მარტო საბერძნეთში, არამედ იტალიაშიც, და საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში.
განვიხილავთ რა XI ს.-ის ეკლესიის ისტორიულ მოვლენებს, მათში ვპოულობთ ქრისტეანული ხელოვნების უამრავ ძეგლს, რომელიც აშკარად ადასტურებს ორთითიანი წყობის არსებობაზე თვით კონსტანტინოპოლის ეკლესიაში. პროფესორი კაპტერევი, იაკობიტელ ისტორიკოს ასემანზე დაყრდნობით, რომელსაც ჩაუწერია იაკობიტელი პატრიარქის დავა ბერძნებთან სარწმუნოების შესახებ, ამასთან დაკავშირებით აცხადებს: "ჩვენ ხელთა გვქვს ისეთი ფაქტი, რომელიც ყოველგვარ ეჭვქვეშ აყენებს ორი თითით პირჯვრისწერის ფაქტს XI საუკუნის დასაწყისის კონსტანტინოპოლის ეკლესიაში. ეს ფაქტი მდგომარეობს შემდგომში:
"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, ცდილიყო იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის. "როდესაც ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ასსემანი, - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ არ შეერივნათ ზეთი ღვინისთვის ევქარისტიის საიდუმლოში და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80. Изд. 2-е. С. 83).
პატრიარქის მეთაურობით ეპისკოპოსთა კრების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ასეთი დაბეჯითებითი მოთხოვნა, რათა იაკობიტებს პირჯვარი გამოესახათ ორი თითით, ამტკიცებს, რომ XI საუკუნის აღმოსავლეთში პირჯვრისწერის ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნეოდა ორთითიანი წყობა, რომელსაც ბერძნები იმდენად მკაცრად იცავდნენ, რომ იაკობიტთა მართლმადიდებლებთან შერიგების უეჭველ პირობად იყო დადებული. იაკობიტებთან მშვიდობის დასამყარებლად ბერძნული ეკლესია, როგორც ჩანს, მიდიოდა დიდ დათმობებზე, მაგრამ ეს დათმობები არ ვრცელდებოდა იმ დროისთვის საყოველთაოდ გავრცელებულ პირჯვრისწერის წესზე.
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ითხოვდა ასე დაბეჯითებით ბერძნული ეკლესია იაკობიტთაგან უარი ეთქვათ ერთი თითით პირჯვრისწერაზე და გულმოდგინეთ მოითხოვდა ორი თითით პირჯვრისწერას, ისტორიკოსთა აზრით, გახლავთ ის,რომ ორი თითით ჯვრის გამოსახვა წარმოდგენდა მართლმადიდებლობის ნიშანს, ხოლო ერთი თითი - იაკობიტთადმი კუთვნილების სიმბოლოს, რომელთაც იესუ ქრისტეზე მონოფიზიტური შეხედულებები ჰქონდათ. ისტორიკოსთა მოწმობით, იაკობიტებმა თვითონ მოფიქრეს ერთი თითით პირჯვრისწერა ან ისესხეს ის მონოფიზიტთაგან, რათა ქრისტეს ერთბუნებიანობისადმი თავიანთი რწმენა ასე გამოეხატათ (იქვე. გვ. 85-86).
ფრესკა "წმ. ნიკოლოზი". კვიპროსი. XII ს.
ქრისტეანული ეპოქის მეთორმეტე საუკუნეში, რომელზეც ახლა გადავდივართ, არ წარმოდგენს რაიმე გამონაკლისს ფაქტების იმ ისტორიული ჯაჭვისგან, რომელიც წინა თავებში გადმოვეცით.
მოზაიკა. ვენეცია XII ს.
მოზაიკა. ვენეცია XII ს. ფრაგმენტი
იკონოგრაფიული ძეგლები, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევენ ისტორიულ თქმულებებს, გვარწმუნებენ იმაში, რომ ორთითიანი წყობა ქრისტეანული ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდშიც არსებობდა. თითების წყობის საკითხის მეცნიერ-მკვლევარები იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით, მეტიც, გასაოცარი ერთსულოვნებით ამტკიცებენ, რომ ორთითიანი წყობა დროის ამ პერიოდის ბერძნებში საყოველთაო იყო.
"არსებობს მოწმობა, - ამბობს პროფ. გოლუბინსკი თავის სამეცნიერო ნაშრომში, - რომელიც ეჭვსაც კი არ ტოვებს იმაში, რომ კონსტანტინოპოლში იყენებდნენ ორთითიან წყობას, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის საყოველთაოდ იყო გავრცელებული ბერძნებში. 1170 წელს კონსტანტინოპოლის იმპერატორი მანუილ კომნინოსი შეეცადა მართლმადიდებლობასთან სომხების შერიგების იმედით საეკლესიო ურთიერთობები დაემყარებინა მათთან.
ამ მიზნით, საღვთისმეტყველო დიალოგის საწარმოებლად, იმპერატორმა სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინეპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რომელმაც აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალებს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინეპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია. თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ, მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს, და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ - სომხები), არამედ თითებსაო".
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона. იხ. აგრეთვე Богословский Вестник. 1892. С. 40-41).
ფრესკა დუომოს ტაძრის აფსიდში. კეფალუ, იტალია. XII ს.
დიდი ხანია ცნობილია მოწმობა ორი თითის შესახებ, რომელიც ეკუთვნის წმ. პეტრე დამასკელს, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით VIII საუკუნეში, ხოლო სხვა უფრო სავარაუდო ცნობებით, XII ს.-ში ცხოვრობდა. ეს მოწმობა მოუტანია მრავალ საეკლესიო-მწერლას, რომელიც მათ აუღიათ "სათნოთმოყვარებიდან", სადაც ის ასე იკითხება: "ამრიგად, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშისგან ილტვიან დემონნი და მრავალსახოვანი ჭირვებანი - ნიში, რომელიც ყველას საჩუქრად ებოძა, და რომლის ქების გამოთქმა არავის ძალუძს, ხოლო მისი გამოსახვის ფორმა წმიდა მამათაგან გვებოძა მწვალებელთა დასამხობად: რამეთუ ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს" (Филиппов Т. И. Современые церковные вопросы. С. 452).
IV საუკუნის მიმოხილვისას, სადაც, სხვათა შორის, ვახსენეთ ბერძნული დიდი სჯულისკანონის, "პიდალიონის" განსაწავლული გამომცემლები, მთაწმიდელები ნიკოდიმოსი და აღაპიტე, რომლებიც წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტებაში ამბობენ, რომ პირველი საუკუნის ქრისტეანები პირჯვარს ორი თითით იწერდნენ, რათა გვეჩვენებინა, რომ თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მიერ დავიწყებული თითების წყობა იყო ორთითიანი, ირიბად წმ. პეტრე დამასკელსაც შევეხეთ. "პიდალიონის" გამომცემლები წმ. პეტრე დამასკელს იმოწმებენ, როგორც საზოგადოდ აღიარებულ ავტორიტეტს და აცხადებენ, რომ "ასე ამბობს პეტრე დამასკელი".
______________________
შენიშვნა: პოლემიკურ ლიტერატურაში არსებობს დიდი აზრთა სხვაობა წმ. პეტრე დამასკელის პიროვნებასთან დაკავშირებით. ერთნი მას უბრალო ბერად მიიჩნევენ, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია საეკლესიო მოძღვრობის სფეროში; სხვები კი, პირიქით, მის თხზულებებს დიდი მნიშვნელობის მქონედ, ხოლო თვითონ მას წმიდა მოღვაწედ მიიჩნევენ. პირველ აზრს იზიარებდნენ: ასტრახანის მიტროპოლიტი ნიკიფორე თეოტოკი, მიტროპოლიტი გრიგოლი (წიგნის "ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებელი ეკლესია" ავტორი) და სხვები. პირველი მათგანი აი ასე ეხმაურება წმ. პეტრეს საკითხს: "... უნდა ვიცოდეტ, რომ ეს პეტრე დამასკელი იყო უბრალო ბერი, ბოლო საუკუნეების ადამიანი, რომელიც არ ირიცხება წმინდანთა შორის (?). ხოლო მისი თხზულებები არ წარმოაჩენენ მასში არც გონიერ და არც განსწავლულ პიროვნებას, ამიტომაც დარჩა ის ჩრდილში თვით ჩვენს დროებამდეც კი (ანუ 1781 წლამდე" (Филиппов Т.И. Современные церковные вопросы. С. 450). წმ. პეტრეს შესახებ იგივე აზრს გვაწვდის მიტროპოლიტი გრიგოლიც. ეს აზრი, რაც უნდა ბეჯითად უჭერდნენ მას მხარს ცნობილი ბანაკის პოლემისტები, კრიტიკას ვერ უძლებს. წმ. პეტრე დამასკელის თხზულებები ყოველთვის იყო ქრისტეანობის ყურადღების საგანი და მას ქრისტეანული დამწერლობის საუკეთესო ნიმუშთა შორის უჩენდნენ ადგილს. წმ. პეტრეს თხზულებათა ვენეციური გამოცემის წინასიტყვაობაში მის შესახებ ვპოულობთ ასეთ საქებარ გამოხმაურებას: "კიდევ უფრო მეტი და აღმატებული ნაყოფი მოაქვს მას (წმ. პეტრეს) სიკვდილის შემდეგ, რადგან დაგვიტოვა მამობრივი და წაურთმეველი მემკვიდრეობა, აღვსილი ხორციელი ღვაწლის ყოველგვარი სათნოებებით, სულიერი გამოცდილებით, საღმრთო ნეტარებათა სიმაღლეებით, საღმრთო სიბრძნით და, - მოკლედ, რომ ვთქვათ, - ღვთიური მღვიძარების მოკლედ გადმოცემით" (Филиппов Т.И. Указ. соч. С. 452). წმ. პეტრეს თხზულებები არაერთხელ გამოუცია რუსეთის სინოდალურ ეკლესიას, ხოლო 1874 წ. ოპტის უდაბნოს მოსაგრემ ა. ი.-მ (А. Ю.) მისი თხზულებები დასტამბა სათაურით: "ღირსი და ღმერთშემოსელი მამის ჩვენის, მღვდელმოწამე პეტრე დამასკელის თხზულებები". ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ ღირ. პეტრე მიიჩნეოდა წმინდანად და მღვდელმოწამედ (თუმცა, ისტორიული ცნობების არქონის გამო უცნობია, რისთვის და რა პირობებში იყო ღირსი მამა ნაწამები). მისი თხზულებების მთარგმნელმა, იმავე ოპტის უდაბნოს მკიდრმა ა. ი.-მ დაწერა: "ჟამი, რომლის დროსაც მას (ანუ წმ. პეტრეს) მოუწია ცხოვრებამ, ზუსტად ცნობილი არ არის; მაგრამ ზუსტადაა ცნობილი ის, რომ მისი ხსოვნა ბერძნული სვინაქსარული კალენდრით და ძველი სლავური თვენის მიხედვით, რომელსაც მაღალუსამღვდელოესი ფილარეტი ახსენებს, დაწესებულია 9 თებერვალს" (Филиппов Т.И. Указ. соч. С. 449). ამრიგად, ნათელი ხდება, რომ წმ. პეტრე დამასკელი - სირიის ერთ-ერთი უბრალო ღვთისმოსავი ბერი კი არ გახლდათ, არამედ - ეკლესიის მოძღვარი და წმიდა კაცი, რომლის ხსენებასაც აღმოსავლეთის ეკლესია დღემდე აღნიშნავს; და მისი, როგორც წმიდა მამის მოწმობა ორთითიანი წყობის შესახებ მით უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
______________________
ღვთისმშობელი ორანტა. იაროსლავლი. XII ს.
ღვთისმშობელი ორანტა. იაროსლავლი. XII ს. ფრაგმენტი
XI ს.-ის ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები თვალსაჩინოდ მეტყველებენ იმავეს, რასაც ისტორიული ძეგლები, ანუ იმას, რომ ორთითიანი წყობა ამ დროს ნამდვილად არსებობდა როგორც საბერძნეთში, ასევე რუსეთშიც.
ქრისტეანული ხელოვნების ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოზაიკური მხატვრობა, ხატწერა, ჩუქურთმა და სხვა. - ცალკეულ პირთა გამოსახულებების გარდა, არსებობენ კიდევ ქრიტე მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და იოანე ღვთისმეტყველი ერთობლივი გამოსახულებები, ე. წ. "დეისუსები".
ფრესკა ბნელი ეკლესიის აფსიდში. ჰერემე. კაპადოკია. XII ს.
"დეისუსი" – δεησις ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ლოცვას. ეს სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ ამგვარად იწერებოდა უფლისადმი აღვლენილი ლოცვას, ვედრებას. და ქრისტეს წინაშე მდგომი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელიც და იოანე ნათლისმცემელიც ლოცვით მდგომაროებაში არიან გამოსახულნი.
უმეტეს შემთხვევაში მაცხოვარი "დეისუსებზე" გამოისახება "დიდების საყდარზე" მჯდომარედ, თუმცა არის "დეისუსები", რომლებზეც ის მდგომარეა გამოსახული. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ორი, X და XI საუკუნეების "დეისუსი", ახლა ქრონოლოგიის დაცვით შევეხოთ კიდევ ერთ "დეისუსს", ამოტვიფრულს სპილოს ძვალზე. ეს არის XII ს.-ის ბერძნული ხელოვნების ნიმუში. აღებული გამოსახულება შეუძლებელია წარმატებულად ჩაითვალოს მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით; ფორმები უხეშია, ფიგურების ზოგიერთი ნაწილი არაპროპორციული და ბუნდოვანი მოხაზულობისაა, მაგრამ, ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გვაინტერესებს ძეგლის არა იმდენად მხატვრული მხარე, რამდენადაც ისტორიული. ჩვენს წინაშეა XII ს.-ის ძეგლი, იმ ეპოქის საეკლესიო-ისტორიული მნიშვნელობის გამომხატველი და როგორც ასეთი იმსახურებს სრულ ყურადღებას, განსაკუთრებით თითების წყობის მხრივ. მაცხოვრის მაკურთხებელი ხელი, როგორც აქ ვხედავთ, ორთითიანი წყობისაა, რაც ფაქტობრივად ადასტურებს ჩვენს ნათქვამს იმის შესახებ, რომ ქრისტეანული ისტორიის ამ პერიოდში, საბერძნეთში არსებობდა ორთითიანი წყობა.
ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები უფრო მეტშიც გვარწმუნებენ, კერძოდ, განსახილველ პერიოდში, ორთითიანი წყობის არსებობაში სლავ ეროვნებებს შორისაც, რომლებიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იყვნენ დასახლებულნი.
მაცხოვრის ხატი. XII ს. ოხრიდის (მაკედონია) წმ. კლიმენტის სახელობის ეკლესიაში.
ჩვენს წინაშეა XII ს.-ის უაღრესად საინტერესო ძეგლი - მაცხოვრის ხაიტი, რომელიც ცნობილია "სულთამხსნელის" (Душеспаситель) სახელით და, რომელიც ოხრიდში (მაკედონია), წმ. კლიმენტის სახელობის ეკლესიაშია დაბრძანებული (Кондаков Н.П. Археологическое путешествие по Македонии. С. 252). იკონოგრაფიის ამ ძეგლის ზედაპირული მიმოხილვაც კი თვალსაჩინოს ხდის მაცხოვრის გამოსახულების ხასიათს: ძლიერი ფიგურის მონუმენტალური სიდიადე, სახის მშვიდი, თვითჩაღრმავებული გამოხატულება, ასკეტური თავშეკავებულობა; ყველაფერში რაღაც არამიწიერი სიდიადე გამოსჭვივის. მაცხოვარს მარცხენა ხელში დახურული სახარება უპყრია, ხოლო მარჯვენა ხელი შემართული აქვს საკუთრხებლად ორთითიანი წყობით, თანაც თითების წყობა ხაზგასმულია საკმაოდ რელიეფურად.
ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ჩვენს მიერ აღებული ნიმუშების შუქზე (აღებულიო, ვამბობთ, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით) (ჩემს კრებულში აღებული მაქვს ყოველი საუკუნის 4-5 ნიმუში დაწყებული IV საუკუნიდან - ავტორის შენიშვნა) ცხადი ხდება, რომ ორთითიანი წყობის არსებობა XII ს.-ის ქრისტეანულ ქვეყნებში უეჭველია, მეტიც - საწინააღმდეგოს მტკიცება შეუძლებელია.