პირჯვრისწერა - ს. ბისტროვი. ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ს. ი. ბისტროვი

ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე; ნაწილი მესამე




წმ. ნიკოლოზის ხატი

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, როგორც ქრისტე, წყეულიმც იყავნ"
(წმიდა ასმუხლიანი კრება. თ. 31. 1551 წ.)

(დედანში: "Иже кто не знаменуется двема персты, якоже и Христос, да есть проклят"
(Святой Стоглавый Собор. Глава 31. 1551 г.)


***

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ"
(არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").


***


ცნობილი ძველმოწესე მწიგნობარის, ს. ი. ბისტროვის ნაშრომი "ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლებში" პირველად გამოქვეყნდა 1913 წელს ჟურნალ "Церковь"-ის რამოდენიმე ნომერში, ხოლო შემდეგ, უკვე 2001 წელს, - ის გამოსცა "Лествица"-ს (ბარნაული) სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფმა.

თავის ნაშრომში ს. ი. ბისტროვმა გააანალიზა მოციქულთა დროიდან ვიდრე XVII საუკუნის შუაწლებამდე არსებული ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლები. მაგრამ ილუსტრაციები ჟურნალ "Церковь"-სა და, შემდეგ, ბარნაულელ გამომცემელთა ბროშურაში, შავ-თეთრია, თანაც არც ისე კარგი ხარისხის. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ს. ი. ბისტროვის ნამუშევარი გამოგვექვეყნებინა თანამედროვე ფერადი ილუსტრაციებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მკითხველს ეს დაეხმარება უფრო თვალსაჩინოდ აღიქვას ძველმოწესე მწიგნობრის ნამუშევარი.

რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ აუცილებელი ილუსტრაცია. ასეთ შემთხვევაში გამოვიყენეთ თვით ბროშურის შავ-თეთრი გამოსახულებანი, რომელიც გამომცემლობა "Лествица"-მ გამოსცა. ჩვენ გავბედეთ და საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა დამატებით გამოგვექვეყნებინა სხვა ილუსტრაციებიც. ვფიქრობთ, ისინი კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდიან ტექტს და ვიმედოვნებთ, რომ ავტორი არ იქნებოდა მისი ნაშრომისადმი ამგვარი მიდგომის წინააღმდეგი.

ტექსტში არსებული განმარტებები ნიშნით "რედ. შენიშვნა" - ეს გახლავთ გამომცემლობა "Лествица"-ს მიერ გაკეთებული შენიშვნები.

წინათქმა


ყოველგვარი ისტორიული მოვლენა, როგორც ცნობილი ისტორიული მოვლენის მაჩვენებელი, ამა თუ იმ ხარისხით უნდა იმსახურებდეს წარსულის მკვლევართა ყურადღებას, რადგან ის წარმოადგენს დიდი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს, რომლისგანაც შედგება ადრინდელ თაობათა ცხოვრება, ყოფა და ინტერესები. რუსი ხალხის რელიგიური ცხოვრება წარსულში ისე მჭიდროდ იყო გადაწნული ყოფით ცხოვრებასთან, რომ ძნელია გაარკვიო, სად მთავრდებოდა მისი საეკლესიო მხარე და სად იწყებოდა გარეგანი, ყოფითი.

რუსი ადამიანი თავისი ბუნებით რელიგიურია, რის გამოც საკუთარი სამშობლოს განმსაზღვრელ ტერმინად მან აირჩია არა რომელიმე გმირული სახელწოდება, არამედ ისეთი, რომელიც მის რელიგიურობაზე, სიწმიდეზე მიუთითებდა, კერძოდ, - "წმიდა რუსეთი". ის მართლაც ასეთი იყო. რუსი ადამიანის ღვთისმოშიშება მისი ხასიათის განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომელიც მკვეთრად გამოარჩევდა მას სხვა ეროვნებათაან, ასე რომ აქ ჩამოსული უცხოელები, განსაკუთრებით ბერძნები, გაკვირვებულნი იყვნენ რუსების გამორჩეული რელიგიურობით და გაოცებას ვერ მალავდნენ მათი გამძლეობის გამო ამა თუ იმ რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულების საქმეში.

რუსი ადამიანის მიერ ერთხელ მიღებული და გათავისებული რელიგიური ჩვეულება, როგორც რწმენის საგანი, მტკიცედ ინერგებოდა მის ცნობიერებაში და მას "თვალის ჩინივით" უფრთხილდებოდნენ. მოდგმიდან მოდგმაში, თაობიდან თაობაში გადადიოდა ის როგორც მამების მემკვიდრეობა, როგორც საკუთარ წინაპართა სულიერ ყოფიერებასთან ერთიანობის საწინდარი. და თუ ვინმე ან თვით "ამა ქვეყნის ძლიერნი" შეეცდებოდნენ სარწმუნოებასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საგნის ამოღებას, რომელიც ნაკურთხი იყო წინაპართა ხსოვნით, ერი, ინსტინქტურად გრძნობდა რა საკუთარი სულიერი "მე"-ს დაკარგვის საშიშროებას, თავდადებით აღდგებოდა მისი უძველესი და ოდითგანდელი სიწმიდეების დასაცავად, რისთვისაც არ ერიდებოდა საკუთარი მიწიერი კეთილდღეობის და არც თუ იშვიათად, თვით სიცოცხლის გაწირვასაც კი. რუსი ერის ამ ფსიქოლოგიის ყველაზე მკაფიო გამომხატველი გახლავთ პატრიარქ ნიკონის დროს ჩატარებული ცნობილი რეფორმები, რომელმაც, როგორც ცნობილია, გამოიწვია დასანანი განხეთქილება რუსეთის ეკლესიაში. ძალაუფლების მოყვარე პატრიარქმა არ გაითვალისწინა რუსი ხალხის ეს მნიშვნელოვანი მხარე, ანგარიში არ გაუწია მის ინტერესებს და აი შედეგიც, - განხეთქილება.

შემდეგ ვერავითარმა რეპრესიებმა ვერ აიძულა რუსი ხალხის შეგნებული ნაწილი წასულიყო დათმობაზე, გრეკოფილი პატრიარქის საამებლად მსხვერპლად გაეღო წინაპართა მონაპოვარი. ამიტომაც, ხალხის თვალში ძველი გადმოცემების მნიშვნელობა რომ დაეკნინებინათ, პატრიარქმა და იმ დროს შეკრებილმა კრებებმა ეს გადმოცემები "გაუნათლებელ" წინაპართა გამონაგონად გამოაცხადეს და ამ გაქელილი გადმოცემების ადგილას დაეყენებინათ მანამდე გაუგონარი წესები და ჩვეულებები. კრებათა კვალს მიჰყვნენ იმდროინდელი გაბატონებული ეკლესიის მწერლებიც, რომლებიც თავიანთ თხზულებებში ამტკიცებენ ძველ გადმოცემათა "ერეტიკულობას", განსაკუთრებით ორი თითით პირჯვრისწერისა, მათ ვითომცდა უახლეს წარმომავლობას ან კიდევ იმას, რომ თითქოსდა ისინი დასაბამს იღებდნენ არარსებული მწვალებლების სწავლებებიდან.

მაგრამ, სიძველეთა დამცველნი, იცავდნენ რა ისტორიულ სიმართლეს, წერდნენ და ასწავლიდნენ, რომ ძველი გადმოცემები, უარყოფილნი ნოვატორთა მიერ, არსებითად, წარმოადგენენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ხნოვანება გააჩნიათ, ნაკურთხნი არიან როგორც რუსი, ასევე ბერძენი წმიდა მამების ხსოვნით; ხოლო ორთითიანი წყობა არა მარტო სიახლე არ ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, არამედ უღრმესი სიძველე, რომელსაც წმიდა მამები განაკუთვნებდნენ მოციქულთა გადმოცემებს.

მისდევდნენ რა თავიანთ ამპარტავნულ მიზნებს გაბატონებული აღმსარებლობის მოღვასეები ზოგჯერ ძალიან სამარცხვინო ხერხებს მიმართავდნენ ჭეშმარიტების მისაჩქმალად: ამახინჯებდნენ ძველ ძეგლებს, თხზავნდნე მთელ რიგ საქმეებს არარსებულ მწვალებლებზე, დუმდნენ ფაქტებზე, რომლებიც მეტყველებდა მათ მიერ უარყოფილი ორი თითით სასარგებლოდ, და მრავალი სხვა. მეცნიერება, ოფიციალური ეკლესიის პროფესორებისა და მეცნიერების სამყაროში, არ მოქმედებდა მეცნიერებისთვის დამახასიათებელი მიუკერძოებლობით, არამედ ტენდენციურად აშუქებდა ისტორიულ ფაქტებს, რითაც ცდილობდა ძველმართლმადიდებელთა მიერ დაცული წმიდა სიძველეების განქიქებას და გაბათილებას.

მაგრამ მეცნიერების ყველა წარმომადგენელი როდი განუდგა თავის სინდისს: ზოგიერთმა მათგანმა, მთელი რიგი მეცნიერულ-ისტორიული მონაცემის საფუძველზე, პირდაპირ და გადაჭრით განაცხადა, რომ ორთითიან წყობას ადასტურებენ შეუვალი და უეჭველი ისტორიული ფაქტები, რომლებიც უდავოდ მოწმობენ მის არსებობაზე უღრმეს წარსულში და არა მარტო რუსეთის ეკლესიაში, არამედ მთელს ქრისტეანულ სამყაროში.

მეცნიერულ კვლევა-ძიებას უზარმაზარი დახმარება გაუწია არქეოლოგიამ, რომელიც მისდევს რა მხოლოდ მეცნიერულ მიზნებს, ააშაკრავებს ძველქრისტეანული ხელოვნების მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ საეკლესიო-ისტორიული ხასიათის სხვადასხვა საკითხების გარკვევის საქმეში. ბოლო დროს არქეოლოგიის სფეროში და განსაკუთრებით იკონოგრაფიაში საპატიო მეცნიერთა გამოკვლევებმა ისეთ საზღვრებს მიაღწია, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ თვალი მივადევნოთ ქრისტეანობაში ორთითიანი წყობის არსებობას ქრისტეანული სარწმუნოების არსებობის თითქმის ყველა საუკუნეში, რომლის შემოთავაზებასაც შევეცდებით ჩვენს მიმოხილვაში.

ჩვენი გამოკვლევის საფუძვლად ავიღეთ ისეთ გამოჩენილ მეცნიერთა გამოკვლევები, როგორებიც არიან ნ. კონდაკოვი, პროფ. ნ. პოკროვსკი, ვ. პროხოროვი, პროფ. ნ. კაპტერევი, პროფ. ე. გოლუბინსკი და სხვები, რომელთა გამოკვლევები მეცნიერთა სამყაროში აღიარებულია როგორც დადებითი და ავტორიტეტული.

ნარკვევებში ისტორიული მონაცემები შეივსება ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი მტკიცებულებებით. კერძოდ, ესენია: სკულპტურები, მოზაიკები, ფრესკები და იკონოგრაფიული ნამუშევრები, რადგან, როგორც ღირ. იოანე დამასკელი ამბობს, ნივთიერი ძეგლები წარმოადგენენ ერთგვარ ისტორიას, მოგონებას წერა-კითხვის უცოდინართათვის (Дамаскин Иоанн. Точное изложение православной веры. 1885. С. 266). ამასთან აუცილებლად მივიჩნევთ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას თითქოსდა ჩვენს გამოვკლევაში შევძელით ამომწურავად გადმოგვეცა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ყველა არსებული ძეგლი; ჩვენი ამოცანა მოკრძალებულია: ჩვენ ვცდილობთ, როგორც უკვე ვთქვით, ნივთიერი ძეგლების განხილვის შუქზე, ისტორიულად მივადევნოთ თვალი ორთითიანი წყობის არსებობის ფაქტს ქრისტეანული ისტორიის ყველა ეპოქაში და დავადგინოთ, რომ ორთითიანი წყობა, როგორც პირჯვრისსაწერი და კურთხევის გაცემის გამომხატველი სიმბოლური ნიშანი არის არა შემთხვევითი და უახლესი წარმონაქმნი, არამედ ქრისტეს ეკლესიის უძველესი გადმოცემა და წესი.

ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ ილუსტრაციისთვის, განეკუთვნება არა ერთ რომელიმე ცალკეულ ქვეყანას, არამედ ქრისტეანული მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ოლქს: საბერძნეთს, რომს, ვენეციას, სლავურ სახელმწიფოებს, ათონს და სხვა, რუსეთზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ჩვენის აზრით, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ორთითიანი წყობის საყოველთაოობას და ყოვლისმომცველობას. ჩვენს ამოცანაში ჩვენ ასევე არ ჩავრთეთ ქრისტეანული ხელოვნების დღემდე აღმოჩენილი ყველა ძეგლი, რადგან ეს ძალზედ გაზრდიდა ჩვენს მიმოხილვას; ჩვენ თითოეული საუკუნიდან ვიღებთ ერთიდან სამ ძეგლამდე, რაც, ჩვენი აზრით, სრულიად საკმარისია ჩვენი მიზნის დასაკმაყოფილებლად.

სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს ნამუშევარში, როგორც ეს ხდება ხოლმე ყველა თხზულებაში, აღმოჩნდეს ზოგიერთი ნაკლოვანებანი; შესაძლოა ზოგი რამ ვერ გავითვალისწინეთ, ზოგი რამ გამოგვრჩა. ასეთ შემთხვევაში მკითხველს ვთხოვთ მოეკიდოს მათ ძმური შემწყნარებლობით, და ახსოვდეს, რომ ეს შესაძლოა მომხდარიყო არა მიზანმიმართულად, არამედ დაუკვირვებლობით, რისგანაც მოკვდავთაგან სრულიად თავისუფალი არავინ არის.




ორთითიანი წყობა მოციქულთა დროის ქრისტეანულ ძეგლებში (I ს.)


ჯვრის გამოსახვა, როგორც ქრისტეს ჯვარცმით ადამიანთა ცხოვნების სიმბოლო, მომდინარეობს ქრისტეანული ისტორიის სიღრმეებიდან, მოციქულთა პერიოდიდან. ისევე როგორც სხვა საეკლესიო გადმოცემებს, არც მას გააჩნია წერილობითი ისტორია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ძველი წმიდა მამა, მაგალითად, წმ. ბასილი დიდი, მას პირდაპირ მოციქულთა გადმოცემას განაკუთვნებს, და თანაც იმდენად გავრცელებულს, რომ დიდი მღვდელმთავრის დროს ის უკვე ქრისტეანობის "საზოგადო" ჩვეულებად მიიჩნეოდა.

ისტორია, როგორც უკვე ვთქვით, არ გვითითებს თითების წყობის ფორმას, რომლითაც პირველი ქრისტეანები პირჯვარს გამოისახავდნენ საკუთარ თავზე, რის გამოც ჩვენი დროის ზოგიერთი ავტორიტეტული მეცნიერი თავის მეცნიერულ კვლევა-ძიებას აგებს იმ ვარაუდებზე, თითქოსდა პირვანდელი ფორმა პირჯვრისწერისა ერთი თითი ყოფილიყო, რომელიც შემდეგ ორი თითით, და ბოლოს ეს უკანასკნელიც, გვიანდელი სამი თითით შეიცვალა და, რომელიც დღემდე შერჩა ბერძნულ და რუსულ გაბატონებულ ეკლესიათ.

არ შევდივართ რა ამ ჰიპოთეზის დეტალურ განხილვაში, აუცილებლად მიგვაჩნია შევნიშნოთ, რომ ის მეტად არასრული და უსუსურია, რაც უკვე შეამჩნია ზოგიერთმა მეცნიერმაც. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირზე, ნეტ. იერონიმეზე და სხვა წმიდა მამებზე დაყრდნობით ამტკიცებენ რა IV ს.-ში ერთი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების არსებობას, მკვლევარები აწყდებიან წმ. კირილე იერუსალიმელის მოწმობასაც, რომელიც იმავე IV საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ რომელიც პირჯვრის გადაწერას გვასწავლის არა თითით (როგორც უნდათ ეს დაინახონ მეცნიერ-მკვლევარებმა), არამედ "თითებით". გარდა ამისა, თვით მამათა თხზულებების თარგმანებში, რაზსაც ეფუძნება საკუთრივ ერთი თითით პირჯვრისწერის არსებობის თეორია, შეიმჩნევა დიდი წინააღმდეგობა: წმ. მამის ერთი და იგივე გამონათქვამი ნათარგმნია სხვადასხვანაირად.

სანიმუშოდ ავიღოთ წმ. იოანე ოქროპირის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მოთავსებულია მათეს სახარების 54-ე ჰომილიაში, სადაც ლაპარაკია საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვის შესახებ. იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემაში წერია: "... არა მხოლოდ თითით" ("...не просто перстом"), მაშინ როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა დიაჩენკომ, რომელიც მისდევდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მარტო თითებით გვმართებს ვქმნათ ბეჭედი ჯვარი", - ამბობს ის იოანე ოქროპირის სიტყვებით თავის წიგნში "Уроки и примеры христианской надежды" (1894. С. 318).

მეცნიერ-მკვლევართა მსგავსი ურთიერთწინააღმდეგობა შთაგვაგონებს ფრთხილად ყოფნას მათი ვარაუდებისა და დასკვნებისადმი და მათ სამართლიანობაში გვაეჭვებს, რადგან ისინი ვერ გვაძლევენ საკვლევი საგნის მართებულ განმარტებას. ჩვენის აზრით, ჯვრის გადასაწერი თითების წყობის ყოველმხრივი კვლევისთვის, აუცილებელია ვხელმძღვანელობდეთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლების ნივთიერი მტკიცებულებებითაც, რომელიც თავისებური ისტორიაა და უფრო მეტად დაგვეხმარება სრულიად გავაშუქოთ საკითხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრისსაწერი თუ კურთხევის გასაცემი ამა თუ იმ წესის არსებობის შესახებ.

ქრისტეანული ხელოვნების უძველეს ძეგლებს წარმოადგენენ ქრისტე მაცხოვრის, ყოვლადმიდა ღვთისმშობლის, წმ. ანგელოზთა და ქრისტეან მოწამეთა წმიდა გამოსახულებები, ასევე ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის მოვლენათა ამსახველი გამოსახულებები, რომლებიც უმეტესწილად იმყოფებიან კატაკომბებში, სადაც წარმართი ხელისუფლების თვალთვალსა და დევნულებას გაქცეული პირველი საუკუნეების ქრისტეანობა თავის ლოცვებსა და საგალობლებში ადიდებდა უფალს. პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობას მჭიდროდ უკავშირდება ასევე ხატწერითი გადმოცემები, რომლებიც ასევე ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს განეკუთვნებიან.

ძველი ღვთისმოშიში გადმოცემა პირველ ხატმწწერად ლუკა მახარობელს ასახელებს, რომლის ფუნჯმა პირველად გამოსახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ხელში დაუსაბამო ყრმა უპყრია, და ამგვარად ხატწერის პროტოტიპი გახდა. ამ გადმოცემის მნიშვნელობა ღრმავდება კიდევ იმით, რომ წმ. ლუკა, როგორც ქრისტე მაცხოვრის უშუალო მოწაფე თვითმხილველი იყო მისი მიწიერი ცხოვრებისა, ქადაგებებისა და სასწაულებისა, და ცხადია, მას უეჭველად ნანახი ჰქონდა თითების წყობის ის სახე, რომლითაც მაცხოვარი ჩვეულებრივ და ძალზედ ხშირად აკურთხებდა საჭმელს წამის წინ, ხალხს, თავის მოწაფეებს, რომლებიც შემდეგ, ცაში ამაღლების უწინარეს აკურთხა . ეს ყოველივე ნანახი ჰქონდა წმიდა ხატმწერს, რაც ღვთაებრივი მოძღვრის ხატზე აღბეჭდა მისი მაკურთხებელი ხელის სახით.

სახარებიდან ვიცით, რომ იგივე წმ. ლუკა მახარობელმა და მისმა თანამეგზურმა კლეოპამ გზაში დამგზავრებულ უცნობში შეიცნეს მაცხოვარი სწორედ მისმიერი კურთხევის მეშვეობით (ლუკა 24:28-31). მათაც უამბეს სხვებს რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი "პურის გატეხისას" (იქვე 24:35). ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ წმ. ლუკამ, გამოხატავდა რა ღვთისმშობელს ყრმა ქრისტესთან ერთად მაკურთხებელი ხელით, მის თითებს მისცა ის წყობა, რომელსაც ჩვეულებრივ ხედავდა მაცხოვარზე და რომლის მეშვეობითად იცნო იგი აღდგომის შემდეგ ემაუსში. როგორია ეს თითთაწყობა?



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატი,
რომელიც, გადმოცემის მიხედვით, დაწერილია წმ. მახარობელ ლუკას მიერ



ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ყველა ხატზე, რომელიც მიეწერება ლუკა მახარობელს და რომელზეც, ცხადია, მაცხოვარი გამოხატულია მაკურთხებელი თითებით, ყრმა მაცხოვარს თითების შეკრული აქვს ორთითიანი წყობით, ანუ სამი თითი - დიდი, უსახელო და ნეკა ერთად არიან შეერთებულნი, ხოლო შუათითი და საჩვენებელი - აღმართულნი. ჩვენ აქ მოგვაქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სმოლენსკის ხატის ფოტოსურათი, რომელსაც გადმოცემა მიაწერს წმ. ლუკას მიერ დაწერილ ხატებს. აქ, როგორც ხედავთ, მაცხოვრის მაკურთხებელი ხელი ორთითიანი წყობისაა.

მაგრამ აქ, ბუნებრივად, იბადება კითხვა: სამართლიანია თუ არა გადმოცემა, რომ წმ. მახარობელმა დაწერა ღვთისმშობლის ხატი, და თანაც არაერთი? ფლობდა თუ არა წმ. ლუკა ხატმწერის ხელოვნებას? ხომ არ არის ეს მხოლოდ ღვთისმოსავი ლეგენდა? მოდი გავერკვეთ ამ საკითხში. ეკლესიის გადმოცემები, რომლებიც მთელი ქრისტეანული ისტორიის განმავლობაში საუკუნიდან საუკუნეში გადმოიოდა, შეუძლებელია უარყოფილ იქნან; ასევე შეუძლებელია მათ ისტორიულ უტყუარობაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადმოცემები არიან, რომელთაც არ გააჩნიათ წერილობითი დადასტურებანი.

ჩვენ ვიცით ქრისტეანული რელიგიის მრვალი ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ გადმოცემამ შემოგვინახა, მაგრამ, ამის გამო მათ სულაც არ დაუკარგავთ ისტორული სინამდვილის ფასი. წმიდა ბასილი დიდს მოჰყავს ეკლესიის მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი გადმოცემები, რომლებსაც გააჩნიათ ქრისტეანული თაობების ერთადერთი "ცოხცალი" მოწმობანი, რომლებიც მემკვიდრეობითად გადმოეცემოდა ეკლესიის თაობებს როგორც დაუწერელი ჭეშმარიტებანი, და ერთ-ერთი ამ გადმოცემათაგანი გახლავთ სწორედ პირჯვრისწერის წესი (იხ. წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონი).

სწორედ ამ "ცოცხალმა" ისტორიამ შეგვინახა გადმოცემა წმ. ლუკა მახარობლის, როგორც პირველი ხატმწერის შესახებ. ამ გადმოცემის საყოველთაოობა, რომელიც არსებობს თითქმის ყველა ქრისტეანულ ქვეყანაში, ამტკიცებს, რომ ის არ არის უაზრო ლეგენდა ან ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ სწორედ ის გაუნადგურებელი ჭეშმარიტება, რომელმაც ჩვენამდე "დაუწერლად" მოაღწია, რომელმაც გაუძლო ასწლეულებს და ათასწლეულებსაც კი, რომელთა მიუხედავად არ დაუკარგავს თავისი მშვენება და სილამაზე.



ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტიხბინის ხატი,
რომელიც, გადმოცემის მიხედვით, დაწერილია წმ. ლუკა მახარობლის მიერ


მოდი თვალი მივადევნოთ ისტორიულ ცნობებს წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ. მისი სამხატვრო მოღვაწეობის შესახებ პირველად ახსენებს VI ს.-ის ისტორიკოსი თეოდორ წიგნისმკითხველი, რომელიც გვაუწყებს, რომ იმპერატრიცა ევდოკიამ პულხერიას იერუსალმში გაუგზავნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილი იყო ლუკა მახარობლის მიერ (Московские Церковные Ведомости. 1900. № 4); ეს მოვლენა, დროის მიხედვით, მოხდა დაახლოებით V საუკუნეში.

თხზულებებში, რომელიც წმ. იოანე დამასკელს მიეწერება, არაერთხელ არის ნახსენები ხატი, რომელიც ლუკა მახარობლის მიერ ყოფილა დაწერილი. მეტაფრასტი, X ს.-ის მწერალი, ლუკა მახარობლის ცხოვრების აღწერისას გვამცნებს, რომ ამ უკანასკნელს დაუწერია ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები. ბოლონიის ანალებში (XII ს.) გადმოცემულია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბოლონიის ხატი დაწერილია ლუკა მახარობლის მიერ და აქ კონსტანტინოპოლიდან ჩამოუტანია ერთ ბერძენს.

XIV ს.-ის მწერალი ნიკიფორე კალისტე არაერთხელ ლაპარაკობს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის წმ. ლუკას მიერ დაწერილ ხატებზე. მისი თქმით წმ. ლუკა პროფესიით იყო ექიმი, მაგრამ ძალზედ დახელოვნებული ფერწერაში. ნიკიფორეს თქმით მან პირველმა დაწერა ფერწერულად ქრისტე და ღმრთივსაკადრისად მისი მშობელი დედა, შემდეგ კი მოციქულთა თავნი და აქედან ეს ღვთისმოსავი და ღირსპატივდებული საქმე მთელს მსოფლიოს მოედო (Каллист Н. История. Т.Н. Гл. 43).

სხვა ადილას ნიკიფორე კალისტე იუწყება, რომ პულხერიამ, რომელსაც, თეოდორე წიგნისმკითხველის ცნობით ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნეს, ააგო სამი ტაძარი და მათ შორის მათი ტაძარი Οδηνων სადაც დაბრძანებულ იქნა მისთვის ანტიოქიიდან გამოგზავნილი ხატი, რომელიც ღვთაებრივმა მახარობელმა ლუკამ საკუთარი ხელით დაწერა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჯერაც ცოცხალი იყო. მას მადლობა გადაუხდია ხატმწერისთვის მისი მშვენიერი ნაწარმოებისთვის (Он же. Указ. соч. Кн. XIV и XV).

ამ გადმოცემამ ბერძნულ ხატმწერლობით დედანშიც შეაღწია, რადაც ის აისახა წმ. ლუკას გამოსახულებაზე. "წმ. ლუკა - ნათქვამია მასში, - ახალგაზრდა, თმები დახვეული, წვერი მცირე, ხატავს ღვთისმშობელს".

"უეჭველია, - ამბობს ამასთან დაკავშირებით პროფ. ნ. ვ. პოკროვსკი, - რომ გამოსახულების უკანასკნელი ნიშანი პირდაპირ უთითებს დედნის შედგენისას ცოცხლად შენახულ გადმოცემაზე, რომ წმ. ლუკას დაწერილი აქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები" (Покровский Н.В. Сийский иконописный подлинник. С. 55).
წმ. ლუკა მახარობლის, როგორც ხატმწერის შესახებ ისტორიული ცნობების მიმოხილვის ბოლოს მოვიტანთ ჩვენი დროის ავტორიტეტული მეცნიერის, იმავე პროფ. პოკროვსკის აზრს, რომელიც, სრულ თანხმობაშია ისტორიულ თქმულებებთან და საეკლესიო გადმოცემასთან, და მოცემული საკითხის ასეთ გადაწყვეტას გვთავაზობს: "ყველაზე უბრალო და ისტორიული კრიტიკის დამაკმაყოფილებელი განმარტება უნდა მდგომარეობდეს შემდეგში: ჯერ-ერთი, თუ არ არსებობს არავითარი ისტორიული შეუთავსებლობა ამ გადმოცემის არსში, და მეორეც, თუკი სანდო წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ ლუკა მახარობელი იყო ხატმწერი და წერდა ხატებს, მაშინ არ გვაქვს არავითარი საფუძველი უარვყოთ ამ გადმოცემის სინამდვილე, და თანახმანი ვართ ძირითად საფუძვლებში ვაღიაროთ ის ჭეშმარიტად" (Покровский Н. Сийский... . С. 60).

ამრიგად, საყოველთაო გადმოცემის, ისტორიული თქმულებებისა და ავტორიტეტულ მეცნიერთა გამოხმაურებების მიხედვით შეიძლება დადებითად ვამტკიცოთ, რომ წმ. ლუკა ნამდვილად იყო ხატმწერი და მან დაწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის რამოდენიმე ხატი, რომელიც დღეს ქრისტეანული სამყაროს რამოდენიმე ადგილას არის დაცული.



წმ. მახარობელ ლუკას ხატი



___________________

შენიშვნა:
რომში ლუკა მახარობელს მიეწერება ესკვილინის გორაკზე დიდი მარიამის ეკლესიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. დავიდ ემერიკი ასეთ შვიდ ხატს ითვლის და მათგან ზოგიერთს რომში ჰგულვობს. საბერძნეთში იმავე მახარობელს მიეწერება ხატები: ვლაქერნის, მოწყალების (კუნძულ კვიპროსზე) და კიკის; პოლონეთში - ჩენსტოხოვსკაიას. რუსეთში ლუკა მახარობლის სახელთან არის დაკავშირებული შემდეგი ხატები: ვლადიმირის, რომელიც დაცულია მოსკოვის მიძინების ტაძარში, სმოლენსკისა სმოლენსკში, ფილერმისა გატჩინოში, ტიხბინისა ტიხბინის მონასტერში, ქ. ვილნოს სამების ტაძარში არსებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აქ იოანე III-ის ქალიშვილმა ელენემ ჩამოიტანა (Успенский А.И. О художественной деятельности ев. Луки. С. 3-4)
___________________

ამრიგად, თუკი ასეა, მაშინ ლოგიკურად გარდაუვალი და უდავოა ის მეორე მტკიცებაც, რომ თითების წყობის უძველესი პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი ფორმა არის ორთითიანი, რომ ეს არის სწორედ პირჯვრისწერასთან დაკავშირებული "დაუწერელი" გადმოცემა, რომელიც თავის დასაბამს ქრისტე მაცხოვრისგან და მისი სწავლების მქადაგებელთაგან, წმიდა მოციქულთაგან იღებს.


ორთითიანი წყობა II-IV საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში



შემდეგ, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში ორი თითით პირჯვრისწერის კვლევის საკითხში აუცილებელია შევეხოთ ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს, უპირატესად სკულპტურებს, ფრესკებს, მოზაიკებს და მათ შუქზე შევეცადოთ დავადგინოთ მისი არსებობის ფაქტი, როგორც კატაკომბების, ასევე შემდგომი საუკუნეების პერიოდში.

ქრისტეანობის ძეგლთა უძველესი დამცველია ჭაღარა რომი თავისი ძველთაძველი ტაძრებით, კატაკომბებითა და მუზეუმებით. ქრისტეანობის ძველ დროში, როდესაც წარმართობა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა მოედრიკა ახალშობილი ქრისტეანობა, ჯვარცმულის მიმდევრები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საკურთხევლები ეშენებინათ ე. წ. კატაკომბებში, რომლებიც ამავდროულა ქრისტეან მოწამეთა დაკრძალვის ადგილსაც წარმოადგენდნენ.

დღეისთვის რომში 60-მდე ამგვარი გამოქვაბული ანუ კატაკომბია. მათ შესახებ უფრო დეტალურად ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი შევეხოთ წარმართობიდან ქრისტეანობისკენ გარდამავალი პერიოდის ქრისიტეანული ხელოვნების ერთ შესანიშნავ ძელგს. ეს გახლავთ მოციქულ პავლეს ქანდაკება, რომელიც ქრისტეანებმა იუპიტერის ქანდაკებიდან გადააკეთეს. გადაკეთება უმთავრესად შეეხო ქანდაკების თავსა და ხელებს: წარმართული ღმერთის განადგურებული თავის ადგილზე მიდგმულ იქნა მთავარმოციქულის ბიუსტი, მარცხენა ხელში მოციქულს ხელში დააჭირეს გასაღებები - "შეკვრისა და გახსნის" სიმბოლო, რომელიც ქრისტემ მისცა თავის მოციქულებს სიტყვისამებრ: "მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს" (მათე 16:19).



წმ. პეტრეს ქანდაკება რომში


პეტრეს მარჯვენა ხელი მაკურთხებლად არის შემართული, თანაც მოციქულის ხელის თითები, იმ დროს მიღებული კურთხევის წესით, შეკრულია ორთითიანი წყობით. ეს ქანდაკება დღემდე დაცულია რომში, წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძარში.

ახლა კი გადავიდეთ კატაკომბებზე. კატაკომბები - ეს არის მიწისქვეშა გამოქვაბულები მრავალრიცხოვანი კორიდორებით და გადასასვლელებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, გათხრილია ძველი ქრისტეანების მიერ მიცვალებულთა დასაკრძალავად და დევნულების დროს ღვთისმსახურების ჩასატარებლად. რომისა და მისი შემოგარენის გარდა, კატაკომბები გახსნილია კიდევ რამოდენიმე ადგილას, რომლებიც ოდესღაც ქრისტეანობის კერებს წარმოადგენდნენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენილია მილანში, ნეაპოლში, ეფესოს მესინაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში, კუნძულ კვიპროსზე, პალესტინაში, ეგვიპტეში და ჩვენთან, ყირიმში.

_______________

შენიშვნა:
20 წლის წინ (იგულისხმება ი. ბისტროვის წიგნის დაწერამდე - მთარგმნ.) კატაკომბების ცნობილმა მკვლევარი დე როსსი ამტკიცებდა, რომ ყველა ცნობილი კატაკომბის კორიდორები ერთ ზოლად რომ გადავჭიმოთ, მისი სიგრძე 700 ვერსტს (ვერსტი - რუს. საზომი ერთეული. ერთი ვერსტი - დაახლ. 1 კმ-ზე ოდნავ მეტია. - მთარგმნ.) მიაღწევს; დღეისთვის ეს ციფრი უნდა გაიზარდოს (Покровский Н. Памятники православной иконографии и искусства. С. 5).

_______________



IV საუკუნის რომაული სარკოფაგის ფრაგმენტი. მარცხნივ - ფიგურა ორთითიანი წყობით



მაგრამ ქრისტეანულ სიძველეთა სიმდიდრით პირველ ადგილს იკავებენ რომის კატაკომბები. რა თქმა უნდა, მათგან ჯერ ყველა როდია გამოკვლეული და შესწავლილი; შესაძლოა, ახლო მომავალი კიდევ არაერთ ისტორიულ სიმდიდრეს გამოგვიჩენს, რომლებიც საუკუნეებია კატაკომბთა სიბნელეშია მომწყვდეული და რომლებიც სულ სხვა შუქს მოჰფენენ ძველი ქრისტეანობის ისტორიას. თანამედროვე არქეოლოგიურმა კრიტიკამ დაამტკიცა, რომ უძველესი ქრისტეანული გამოსახულებები, რომლებიც კატაკომბთა კედლებზე აღმოაჩინეს, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება. ამგვარი გამოსახულებების ნიმუშები აღმოჩენილია რომის კატაკომბებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით ხელში და კიდევ მესამე პირით, რომელიც აღმოაჩინეს პრისკილას კატაკომბში. ჯ. ბ. დე როსის (ასეა წიგნში - რედ.) დასკვნით ის განეკუთვნება ქრისტეანული წელთაღრიცხვის I საუკუნეს (ПокровскийН. Памятники... . С. 13).

კატაკომბების კედლები სავსეა საკმაოდ კარგად შენახული ფრესკებით, რომლებზეც წმიდა ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია ასახული, განსაკუთრებით ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ეპიზოდები. ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, შევეხებით ზოგიერთ მათგან. კატაკომბური გამოსახულებებზე ქრისტე უმეტესწილად წარმოდგენილია ახალგაზრდა რომაელის სახით, რომელსაც აცვია ტუნიკი, ფეხებზე კი სანდლები. თავზე ნიმბი (ბრწყინვალება) არა აქვს, ისევე როგორც საერთოდ მთელს კატაკომბურ პერიოდში; ნიმბი ძალზედ იშვიათია ამ პერიოდში და IV საუკუნემდე ის თითქმის არ გამოიყენებოდა გამოსახულებებში.



ჰერმეს მარცელინისა და პეტრეს კატაკომბების ფრესკები (III ს.). "ლაზარეს აღდგინება"


სწორედ ასეთად წარმოგვიდგება იგი ჰერმესის, მარცელინისა და პეტრეს კატაკომბებში (III ს.) - ლაზარეს აღდგინების გამოსახულებაზე (Покровский Н. Памятники... . С. 45-49). ფრესკაზე გამოსახულია მცირედი შენობა, რომელიც რომაული "კოლუმბარიუმების" ფორმის მქონე ნაგებობას წარმოადგენს. მათში ჩვეულებისამებრ ათავსებდნენ ურნებს გარდაცვლილთა ფერფლით. კოლუმბარიუმის კარებთან ვხედავთ "ოთხი დღის მკვდარი და სახვევებით შეკრული ლაზარეს" ფიგურას. მასთან ახლოს მდგომი მაცხოვარი, ორი თითით აკურთხებს თავის მკვდრეთით აღმდგარ მეგობარს. ეს მოწმობა ძალზედ მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით, რადგან, მეცნიერთა შორის გაბატონებული შეხედულების საპირისპიროდ, უთითებს, რომ III საუკუნეში არსებობდა ორთითიანი და არა რომელიმე სხვა წყობა. IV საუკუნის ძეგლები, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა სკულპტურული ნაწარმოებების სახით, კერძოდ: სარკოფაგები, ავორიუსები, დიპტიქები და ნაწილობრივ მთლიანი ქანდაკებები - წარსულ საუკუნეებთან შედარებით მეტი შემორჩა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თვალნათლივ მივსდიოთ ორთითიანი წყობის არსებობის ისტორიას ამ პერიოდში, განსაკუთრებით წერილობითი ძეგლების შუქზე, რომლებიც ამ დროიდან ჩნდება ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში. ჩვენი მიმოხილვა დავიწყოთ სარკოფაგებიდან.

სარკოფაგი (ბერძნ.σαρκοφαγος) - ეს არის მარმარილოს ან უბრალო ქვის საძვალე, რომელიც წარმოადგენდა ადამიანის ზომის ან ცოტა მეტი სიგრძის გრძელi ყუთის ფორმის ნაგებობას. გარეგნულად, სარკოფაგის გარეთა მხარეს ამშვენებდნენ ჩვეულებრივი რელიეფური გამოსახულებებით, უმეტესწილად ძველი და ახალი აღთქმის საღმრთო ისტორიის სიუჟეტებით. ქრისტეანული სარკოფაგების გავრცელება, პროფ. პოკროვსკის მოწმობიბთ, განეკუთვნება IV-V საუკუნეებს, როდესაც გამოსახულებათა სიმბოლური ციკლი იცვლება ისტორიული ციკლით; შედეგად, ამ მხრივ - გამოსახულებები სარკოფაგებზე ჰარმონიულ შეთანხმებაშია ძველქრისტეანული ხელოვნების საერთო მიმართულებასთან. სარკოფაგთაგან უმნიშვნელოვანესი დაცულია რომის ლატერანის მუზეუმში. სარკოფაგების რელიეფურ გამოსახულებებს ჩვენთვის ის მნიშვნელობა გააჩნიათ, რომ მათზე არცთუ იშვიათად გამოსახულია ქრისტე მაცხოვარი მაკურთხებელი თითების წყობით, და ეს წყობა აბსოლუტურ უმეტესობაში არის ორთითიანი.


დიდი ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.


აი, ჩვენს წინაშეა "დიდი ლატერანული სარკოფაგის" ნაწილი (IV ს.) (Покровский Н. Памятники православной иконографии и искусства. С. 84-85), რომლის ზედა ნაწილის მარცხენა მხარეს გამოსახულია წმიდა სამება სამი კაცის სახით. მამა ღმერთი მხცოვანის სახით დაბრძანებულია ტახტზე; მისგან მარცხნივ - ძე ღმერთი, რომელიც ქმნის ევას ადამის ნეკნისგან; ხოლო უკან სულიწმიდა, ასევე ადამიანის სახით. მამა ღმერთი, ცნობილი ბიბლიური სიტყვებით ადამიანთა გამრავლებაზე, აკურთხებს შექმნილ ადამიანს ორთითიანი წყობით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყველა მსგავსი წყობა, რომელიც ძველქრისტეანულ ძეგლზეა გამოსახული, მაკურთხებელი წყობა როდია, არამედ მხოლოდ მოლაპარაკე პირის ჟესტი, რომელიც მიმართულია სხვა პირისადმი (Такого же мнения держится профессор Е. Голубинский. См.: Богословский Вестник. 1892. С. 65). მაგრამ, ეს შეხედულება, არ შეიძლება დადებითად და ისტორიულ სინამდვილესთან შესაფერისად იქნეს მიჩნეული. პროფესორი პოკროვსკი, როგორც არქეოლოგიისა და საერთოდ, ქრისტეანული სიძველეების ღრმა მცოდნე, მოცემული ძეგლის განმარტებისას პირდაპირ აცხადებს, რომ მამა ღმერთი ადამისა და ევასკენ მიმართულია "მაკურთხებელი თითთაწყობით" (Покровский Н.В. Памятники... . С. 84).


ლატერანული სარკოფაგის ნაწილი, IV ს.


ასეთივე თითთაწყობით არის გამოსახული პილატეს სამსჯავროს წინაშე მდგომი მაცხოვარი ლუცინას კატაკომბებში (იქვე, გვ. 82), ე. წ. "მცირე" ლატერანულ სარკოფაგზე (იქვე, გვ. 86), და ასევე მრავალ სხვა სარკოფაგებზე, რომლებიც დაცულია ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა მუზეუმებში.



ავორიუსი რომში 330-340 წწ.


სარკოფაგების ჯგუფს უნდა განვაკუთვნოთ ასევე ე. წ. "ავორიუსები" - მარმარილოსა და სპილოს ძვალზე ამოტვიფრული გამოსახულებები, რომლებზეც ნაჩვენებია სახარებისეული ცხოვრების სხვადასხვა მოვლენები. ყველაზე მეტად ჩვენს ყურადღებას იპყრობს ბამბერგის და ტრივულცის "ავორიუსები". ერთზეც და მეორეზეც გამოხატულია ერთი და იგივე მოვლენა - უფლის საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებთან ანგელოზის გამოცხადება.



ტრივულცის ავორიუსი, IV ს.


მაცხოვრის საფლავთან მჯდომი ანგელოზი მენელსაცხებლე დედებისკენ იშვერს მარჯვენას მარკურთხებელი ორი თითით და აუწყებს მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის სასიხარულო ცნობას.

მენელსაცხებლე დედები სიხარულით და თრთოლვით ემხობიან ზეციური მახარობლის წინაშე და ჩქარობენ ქრისტეს სიკვდილით დამწუხრებული მოწაფეების გახარებას, რომ მათი ღვთაებრივი მოძღვარი "აღსდგა მკვდრეთით". ასეთია ზოგადად ქრისტეანული ერის პირველი ოთხი ქრისტეანული ხელოვნების ძეგლები. მათში ნათლად აისახა პირველქრისტეანთა რწმენის სულისკვეთება, რომლებიც აღვსილნი იყვნენ ქრისტე მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოვლენათა, მის სასწაულთა და ქადაგებათა მოგონებებით, ასევე თითებით საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვის მეთოდით - რომელიც არის ბოროტებაზე მარადიული ჭეშმარიტების გამარჯვების სიმბოლო.

მაცხოვრის მაკურთხებელ ხელზე ორთითიანი წყობის გამოხატვა მეტად მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი თითთაწყობა საყოველთაოდ თუ არა, საკმაოდ გავრცელებული მაინც იყო პირველ საუკუნეებში, რამეთუ ჩვეულებისამებრ ნივთიერ ძეგლებში გამოისახება ის, რასაც შეიცავს მოცემული დროება და უეჭველად მართებულად და მაცხოვნებლად მიიჩნევა ამ პერიოდში. გადმოცემა ორი თითით ჯვრის გამოსახვისა და კურთხევის გაცემის შესახებ ქრისტეანთა შორის არსებობდა მოციქულთა დროიდან და ამიტომაც ის გამოისახებოდა სწორედ ხელოვნების ძეგლებზე, როგორც წმ. ღმერთშემოსილ ქადაგდა პატივდებული გადმოცემა.

წერილობით ძეგლებშიც საკმაო მითითებებს ვპოულობთ იმისას, რომ IV ს. ქრისტეანებში არსებობდა საკუთარ თავზე თითებით (და არა თითით, როგორც სურს ეს დაინახოს წარსულის ზოგიერთ მკვლევარს) ჯვრის გამოსახვის ჩვეულება. როგორი იყო ეს თითთაწყობა? ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებმა გვიჩვენა, რომ ეს ორთითიანი წყობაა, და არა რომელიმე სხვა. ამგვარი მოწმობა გვაქვს წმ. კირილე იერუსალიმელთან, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში (გარდ. 386 წ.). თავის "მაცხოვნებელ ქადაგებებში" ის ასე მსჯელობს ჯვრის გამოსახვის შესახებ: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და თითებით აშკარად ვქმნათ ბეჭედი ჯვარი ... შუბლზე და ყოველივეზე".

____________

შენიშვნა:
ზოგიერთს მწერალს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მიტრ. მაკარი, სურს სიტყვა "თითებში" დაინახოს მითითება სამთითიან წყობაზე, მაგრამ ეს ვარაუდი უქმდება იმით, რომ ჯვარცმულის აღსარება შეიძლება მხოლოდ ორი თითით, სადაც ორი აღმართული თითი სწორედ იესუ ქრისტეს ორბუნებოვნებაზე მიანიშნებს. ასე ესმოდა ეს ცნობილ საეკლესიო მწერალ ტ. ი. ფილიპოვსაც, რომელიც ამის შესახებ ამბობს: "ედინოვერცები, წმ. კირილე იერუსალიმელისა და პეტრე დამასკელის სწავლების თანახმად, ჯვარცმულის აღსარებას გამოხატავენ არა მარტო შუბლზე და ყოველ საგანზე ჯვრის გამოსახვით, არამედ თავითანთი თითების წყობის მიხედვითაც" (Современные церковные водросы. С. 421). უარყოფითად ეკიდება მაკარის აზრს პროფ. გოლუბინსკიც, თუმცა სხვა მოტივებს ასახელებს ამისთვის (Богословский Вестник. 1892. С. 39)
____________

ისტორიულ მიმართებაში ამ მოწმობას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ანგრევს ზოგიერთი მეცნიერის აზრს ან ჰიპოთეზას, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა ერთი თითით პირჯვრისწერა არსებობდა IV საუკუნეში. მსგავსი მტკიცებულებების მერყევობა, ნათელი ხდება ქრისტეანული კულტურისა და დამწერლობის ჩვენს მიერ დამოწმებული ძეგლების მეშვეობით. ეს ვითარება ძლიერდება კიდევ იმით, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა, პროფ. კაპტერევის მოწმობით, "მოიფიქრეს მწვალებელმა იაკობიტებმა", რომლებიც გამოჩნდნენ V საუკუნეში (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники. С. 87).

მივუთითებთ IV საუკუნის კიდევ ერთ მოწმობას, რომელიც მიეკუთვნება ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს წმიდა მამას იოანე ოქროპირს (გარდ. 407 წ.). მათეს სახარებაზე დაწერილ თავის მრავალრიცხოვან ჰომილიათაგან ერთ-ერთში მან ასეთი რამ თქვა პირჯვრისწერაზე: "უნდა ვიწერდეთ ჯვარს არა უბრალოდ თითებით" (Дьяченко, магистр богословия. Уроки... . С. 318), - რითაც ამტკიცებს, რომ მის დროს არსებობდა სწორედ ორი თითით პირჯვრისწერა, რასაც თვალნათლივ ადასტურებენ ძველქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლები.

IV ს.-მდელი ქრისტეანული ძეგლების მოკლე მიმოხილვას დავამთავრებთ წმ. ბასილი დიდის მითითებით. ჩვენ უკვე დავიმოწმეთ მისი 91-ე კანონი, რომელშიც ის ამბობს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის მოციქულთაგან მოცემული დაუწერელი გადმოცემა. მართალია, წმიდა მამა არ უთითებს, რომელი თითებით სრულდებოდა ჯვრის გამოსახვა, მაგრამ ძეგლებზე დაყრდნობით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ის გამოისახებოდა ორი თითით და არა სხვაგვარად. ჩვენი ამ დასკვნის სამართლიანობას ადასტურებენ საეკლესიო კანონთა ბერძენი კომენტატორები - ბერძნული "პიდალიონის" შემდგენლები (აღაპი და ნიკოდიმოს მთაწმინდელი - მთარგმნ.), "პიდალიონში", წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონის კომენტარში ასე ამბობენ: "ძველი ქრისტეანები სხვაგვარად იწერდნენ პირჯვარს, ვიდრე დღევანდელნი, ანუ ისინი ჯვარს გამოისახავდნენ ორი თითით - საჩვენებელით და შუათითით, როგორც ამას ბრძანებს პეტრე დამასკელი: "მთელი ხელი, - ამბობს პეტრე, - ნიშნავს ქრისტეს ერთიან იპოსტასს, ხოლო ორი თითი - მის ორ ბუნებას" (Никольский. Греческая Кормчая, книга «Пидалион». С. 259).

ამგვარად, ქრისტეანობის პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ორი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება უეჭველია; მის კვალს ვხედავთ ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის მრავალრიცხოვან ძეგლებში, რაც ნაწილობრივ არის დამოწმებული ჩვენს წინამდებარე მიმოხილვაში. ორთითიანი წყობის არსებობაზე V და მომდევნო საუკუნეების ქრისტეანულ ეკლესიაში ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო თავში.



მილანის დიპტიქის ნაწილი V ს.



მელესაცხებლე დედები უფლის საფლავთან. ავორიუსი. დაახლ. 400 წ.



მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან. ამპულა VI-VII სს.

გაგრძელება მეორე გვერდზე

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика