პირჯვრისწერა - ს. ბისტროვი. ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ს. ი. ბისტროვი

ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლებში

ნაწილი მეორე

ნაწილი პირველი; ნაწილი მესამე




წმ. ნიკოლოზის ხატი

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, როგორც ქრისტე, წყეულიმც იყავნ"
(წმიდა ასმუხლიანი კრება. თ. 31. 1551 წ.)

(დედანში: "Иже кто не знаменуется двема персты, якоже и Христос, да есть проклят"
(Святой Стоглавый Собор. Глава 31. 1551 г.)


***

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ"
(არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").


***


ცნობილი ძველმოწესე მწიგნობარის, ს. ი. ბისტროვის ნაშრომი "ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლებში" პირველად გამოქვეყნდა 1913 წელს ჟურნალ "Церковь"-ის რამოდენიმე ნომერში, ხოლო შემდეგ, უკვე 2001 წელს, - ის გამოსცა "Лествица"-ს (ბარნაული) სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფმა.

თავის ნაშრომში ს. ი. ბისტროვმა გააანალიზა მოციქულთა დროიდან ვიდრე XVII საუკუნის შუაწლებამდე არსებული ქრისტეანული ხელოვნებისა და დამწერლობის ძეგლები. მაგრამ ილუსტრაციები ჟურნალ "Церковь"-სა და, შემდეგ, ბარნაულელ გამომცემელთა ბროშურაში, შავ-თეთრია, თანაც არც ისე კარგი ხარისხის. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ს. ი. ბისტროვის ნამუშევარი გამოგვექვეყნებინა თანამედროვე ფერადი ილუსტრაციებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მკითხველს ეს დაეხმარება უფრო თვალსაჩინოდ აღიქვას ძველმოწესე მწიგნობრის ნამუშევარი.

რამოდენიმე შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ აუცილებელი ილუსტრაცია. ასეთ შემთხვევაში გამოვიყენეთ თვით ბროშურის შავ-თეთრი გამოსახულებანი, რომელიც გამომცემლობა "Лествица"-მ გამოსცა. ჩვენ გავბედეთ და საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა დამატებით გამოგვექვეყნებინა სხვა ილუსტრაციებიც. ვფიქრობთ, ისინი კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდიან ტექტს, და ვიმედოვნებთ, რომ ავტორი არ იქნებოდა მისი ნაშრომისადმი ამგვარი მიდგომის წინააღმდეგი.

ტექსტში არსებული განმარტებები ნიშნით "რედ. შენიშვნა" - ეს გახლავთ გამომცემლობა "Лествица"-ს მიერ გაკეთებული შენიშვნები.

ორთითიანი წყობა V-IX საუკუნეების ქრისტეანულ ძეგლებში



გადავდივართ რა ჩვენს გამოკვლევებში მეოთხე საუკუნის მიჯნას და განვიხილავთ რა V საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერ ძეგლებს, აქ ორთითიანი წყობის საკმაოდ შესამჩნევ ნაკვალევს ვპოულობთ. მართალია, ამ პერიოდის ძეგლები არც ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკმარისია იმისთვის, რათა გააშუქოს ჩვენთვის საინტერესო საკითხის ისტორიული წარსული.



გალა პლასიდა, რავენა, იტალია 445-450 წწ.


კატაკომბური პერიოდის სარკოფაგებს, ავორიუსებსა და ფრესკებს, რომელთა შესახებაც ჩვენ უკვე პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანული ძეგლების მიმოხილვისას ვილაპარაკეთ, ამჯერად ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა სახის ნიმუშები ცვლიან, რომელთაც "დიპტიქები" ეწოდებათ. დიპტიქი - ეს არის ერთმანეთთან შეერთებული ორნაწილიანი საკეცი ხატი, ანუ ორკარედი, რომელსაც ჩვეულებისამებრ ამზადებდნენ ან სპილოს ძვლისგან ან ხისგან, ზოგჯერ მეტალისგანაც. მათი შიდა ნაწილი განკუთვნილი იყო ამა თუ იმ ჩანაწერების გასაკეთებლად, ხოლო გარეთა ნაწილი - მორთული იყო სხვადასხვა რელიეფური, უპირატესად რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით. შიდა ნაწილში, რომლებიც დაფარული იყო სანთლის და მასტიკის თხელი ფენით, წერდნენ მკვეთრი სტილით, ხოლო თუ სანთლის ნაცვლად ეკრობოდა პერგამენტი, მაშინ მასზე წერდნენ ე. წ. "ეგვიპტური" ლერწმით. ბერძნულ-რომაულ სიძველეებში დიპტიქები გადავიდა ქრისტეანულ საეკლესიო ტრადიციაშიც, სადაც მათზე წერდნენ ცოცხალთა და გარდაცვლილ ნათესავთა სახელებს ლიტურგიაზე მოსახსენიებლად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით სწორედ აქედან იღებს სათავეს სინოდიკონები, ანუ მოსახსენიებლები, რომლებიც დღეს ასეა გავრცელებული საეკლესიო პრაქტიკაში.

ამგვარი დიპტიქების არცთუ მცირე რაოდენობაა შემონახული ჩვენს დრომდე. მათი გარეგანი მხარის რელიეფური გამოსახულებების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ დროინდელი ყოფიერების თავისებურებებზე, და კერძოდ, პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შესახებაც.



მილანის დიპტიქის ნაწილი, V ს.


აი, ჩვენს წინაშეა "მილანის" დიპტიქის (V ს.) ნაწილი, რომელზეც გამოსახულია სახარებისეული ისტორიის ერთ-ერთი მოვლენა - ანგელოზის გამოცხადება უფლის საფლავზე მისულ მენელსაცხებლე დედებთან. ჩვენს წინაშეა მაცხოვრის საფლავი, რომელსაც მრგვალი ფორმა გააჩნია, როგორიც გვხვდება ქრისტეანობის პირველი საუკუნის ძეგლებში. საფლავის კარები ღიაა ნიშნად იმისა, რომ მიუხედავად მცველთა სიფხიზლისა და ბეჭდების სიმრთელისა, აქ დაკრძალული აღსდგა მკვდრეთით. კარებთან მიგორებულ ლოდზე უეცრად გამოჩნდა ნათელმოსილი ანგელოზი, რომლის დანახვისას მეომრები შიშის ზარმა მოიცვა და პირქვე დაემხნენ. მარჯვნივ ვხედავთ მენელსაცხებლე დედებს, რომლებიც "კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა" (იოანე 20:1), რათა "ეცხოთ მისთვის" (მარკ. 16:1). მაგრამ ზეციურმა მახარობელმა, ასწია მარჯვენა საკურთხებელი ორი თითით, და აუწყა მათ, რომ ის ვისაც ისინი ეძებენ, "აღსდგა მკვდრეთით". სცენა გასაოცარი სიმკვეთრით გადმოგვცემს მოვლენის მომეტნს და ამასთან მკაფიოდ უსვამს ხაზს ანგელოზის მარჯვენას, რომელიც ორთითიანი წყობით არის შეკრული. და რადგან ნივთიერ ძეგლებზე ხშირად გამოისახებოდა ის, რასაც ცნობდნენ მოცემულ დროში, თავისთავად ნათელი ხდება, რომ V საუკუნეში, ისევე როგორც ადრინდელ პირველ ოთხ ასწლეულში, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემისთვის ქრისტეანები იყენებდნენ ორთითიან წყობას.

ამ მტკიცებულების სამართლიანობას ადასტურებს თვით გაბატონებული ეკლესიის ზოგიერთი განსწავლული მღვდელმთავარიც, თუმცა ცდილობენ ეს ახსნან საკუთარი თვალთახედვით. V საუკუნეში, როგორც ცნობილია, გაჩნდა "მონოფიზიტობა" თავისი სწავლებით, რომლის მიხედვითაც იესუ ქრისტეში იყო მხოლოდ ერთი ბუნება
(ბერძნ. "მონო" – ერთი, "ფიზის" – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა), ანუ მართლმადიდებლები - რედ.). ცდილობდნენ რა საკუთარი რწმენა გამოეხატათ პირჯვრისსაწერი თითების წყობაშიც, მონოფიზიტები, ქრისტეს ერთბუნებოვნების ნიშნად, ჯვარს სწორედ ერთი თითით გამოხატავდნენ; მაშინ როდესაც მართლმადიდებლები, პირჯვარს და კურთხევას გამოხატავდნენ ორთი თითით, რაც უკვე ვნახეთ გასული პირველი ოთხი საუკუნის ქრისტეანულ ძეგლებზე, და რასაც ვხედავთ V საუკუნის ძეგლებშიც. ამ აზრს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იზიარებენ ოფიციალური ეკლესიის მეცნიერ-მკვლევარებიც. ასე, მაგალითად, ჩერნიგოვის არქიეპისკოპოსი ფილარეტი, თავის სტატიაში "Богослужение русской церкви домонгольского времени" ("რუსეთის ეკლესიის ღვთისმსახურება მონღოლურ პერიოდამდე"), ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებულ ტრაქტატში წერს: "მონოფიზიტები გულმოდგინედ აგრძელებდნენ ერთი თითით ჯვრის გამოსახვას, რაც მათი აზრით ამყარებდა შეხედულებას ქრისტეში ერთი ბუნების არსებობის შესახებ. მაგრამ მართლმადიდებლებმა, რომლებიც ქრისტეს აღიარებდნენ არა მარტო ბაგით, არამედ გარეგნული ნიშნითაც, პირჯვრისწერისას მისი ორბუნებოვნების გამოხატვა დაიწყეს ორი თითით" (ციტ.: "Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и его противники. Изд. 2-е. С. 91). მოტანილ ციტატაში მხოლოდ ბოლო ფრაზაა უზუსტო: "დაიწყეს", მკვლევარს უნდა ეთქვა, რომ მართლმადიდებლემა მეხუთე საუკუნეში კი არ დაიწყეს ორი თითით პირჯვრისწერა, არამედ "გააგრძელეს" ის ძველი ტრადიცია, რაც ადრევე გააჩნდათ, ხოლო მონოფიზიტები, მათ საპირისპიროდ მისდევდნენ ერთთითიან ტრადიციას და მას, როგორც უკვე ვთქვით, თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მითუმეტეს, რომ ერთი თითით პირჯვრისწერის წესი თავის აღმოცენებას უნდა უმადლოდეს მონოფიზიტობას, მისი ცრუ-სწავლებიდან გამომდინარე.



უფალი ყოვლისმპყრობელი. წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერი. VI ს.


მივსდევთ რა თანამიმდევრულობის სისტემას და გადავდივართ რა VI ს.-ის ნივთიერი მტკიცებულებების განხილვაზე, იმავე მოვლენას ვაკვირდებით: VI საუკუნე სავსეა მონაცემებით, რომელთა მიხედვითაც შეიძლება უეჭველად ვილაპარაკოთ ამ პერიოდში ორთითიანი წყობის არსებობის შესახებ. აქ, შემთხვევითი ხასიათის ძეგლების გვერდით, როგორებიცაა ავორიუსები, დიპტიქები და სხვა., გვხვდება აგრეთვე მოზაიკური გამოსახულებები, რომლებიც არსებობდა იმ დროის უძველეს ქრისტეანულ ტაძრებში. მაგრამ სანამ ამ ძეგლთა აღწერაზე გადავიდოდეთ, აქ ორიოდ სიტყვით შევჩერდებით მოზაიკურ მხატვრობაზე, როგორც ხელოვნებაზე.



ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან. აპოლინარი ახლის სახელობის ტაძრის მოზაიკა. რავენა. VI ს.


მოზაიკა არის სხვადასხვა ფერის მყარი შუშის კუბიკებისგან შემდგარი როგორც ცალკეული ფიგურების, ასევე მთელი გამოსახულებების შექმნის ხელოვნება. მათ აწებებენ რაიმე სწორ ზედაპირზე: კედელზე, ჭერზე და ა. შ. ეს ხელოვნება ცნობილი იყო ჯერ კიდევ შორეულ, ქრისტეანობამდელ დროში და შემდეგ, თანდათანობით გადმოვიდა ქრისტეანულ ეკლესიაშიც, სადაც მან ფართო გამოყენება ჰპოვა წმიდა ისტორიის სხვადასხვა მოვლენების ასახვაში.



უფალი ყოვლისმპყრობელი. მარიამ დიდის (სანტა მარია მაჯორე) ეკლესიის მოზაიკა. რომი. V ს.

რომში, კონსტანცისა და პუდენციანის ეკლესიებში, დღემდეა შენარჩუნებული IV საუკუნის მოზაიკა, ასევე მარიამ დიდის ტაძარში, რომელიც განეკუთვნება V საუკუნეს.



სიმონისა და ანდრიას მოწოდება. აპოლინარი ახლის სახელობის ტაძრის მოზაიკა. რავენა. VI ს.


მაგრამ ამ ხელოვნების უმთავრეს ძეგლად ითვლება აპოლინარი ახლის ტაძრის მოზაიკა რავენაში, რომელიც აშენებულია 553-566 წლებში (ზოგიერთი მონაცემებით უფრო ადრეც) (Базилика Сан-Аполлинаре Нуово в Равенне. Нач. VI в. // Арган Дж. К. История итальянского искусства: Пер. с ит. В 2 т. Т. 1 / Под научн. ред В.Д. Дажиной. М.: Радуга, 1990./).



ლაზარეს აღდგინება. აპოლინარი ახლის ტაძრის მოზაიკა. რავენა. VI ს.


ამ ეკლესიის ცალკეული მოზაიკური გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს შემდეგი: "მაცხოვრის მიერ განრღვეულის განკურნება", რომელიც ტაძრის სახურავიდან არის ჩამოშვებული; "ქრისტე, მოწაფეებთან ერთად" და "მოციქულ პეტრეს უარყოფა კაიაფას ეზოში იესუ ქრისტეს ვნების ღამეს". ყველა ამ მოზაიკაზე ქრისტე გამოსახულია საკმაოდ მკაფიო ორთითიანი თითების წყობით" (Покровский Н.В. Памятники... . С. 127).



მოზაიკა. რავენა. VI ს.


ჩვენს ტაძრებშიც არის დაცული წმ. ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, დიონეს არეოპაგელის, ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის და სხვათა გამოსახულებები, ორთითიანი წყობით
(იგივეს ვიტყვით ჩვენც, ქართული მინანქრულ, ფერწერულ და ფრესკულ მხატვრობაზეც - რედ.).

_________________

შენიშვნა:
"საყურადღებოა, - წერს ამ გამოსახულებებთან დაკავშირებით პროფ. პოკროვსკი, - რომ ყველა ეს წმინდანი, მიუხედავად თავიანთი საეპისკოპოსო ხარისხისა, წარმოდგენილნი არიან მოკლე თმებით; ეს მიუთითებს ჩვენგან დიდი ხნის წინათ მივიწყებულ, ბერძნულ ჩვეულებაზე, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირები, პატრიარქიდან და ეპისკოპოსიდან მოყოლებული ვიდრე უბრალო კლერიკოსამდე, მოკლედ შეკრეჭილ თმებს ატარებდნენ. მეორეს მხრივ, წმინდანთა შესამოსელში მრავალი თავისებურებაც ჩანს, რომელიც განასხვავებს მათ ჩვენი თანამედროვე ეპისკოპოსების შესამოსელს: ყველა მათგანი შემოსილია ფილონებში, და არა საკოსებში; შემდეგ, ამ ფილონებს წინ არანაირი ამონაჭრები არ გააჩნიათ და წარმოსდგებიან როგორც სახელურის არმქონე სამოსები, რომლებიც ფარავენ მთელს კორპუსს წინიდან და უკნიდან: ასეთი იყო სინამდვილეში ფილონის უძველესი ფორმა როგორც საბერძნეთში, ასევე რუსეთშიც" (Покровский Н.В. Памятники... . С. 148).

_________________

ჩვენს ტაძრებში (იგულისხმება რუსეთის ტაძრები - რედ.) დაცულია წმ. ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, დიონისე არეოპაგელის, ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის და სხვა წმინდანთა გამოსახულებები, რომლებსაც ასევე თითები შეკრული აქვთ ორთითიანი წყობით (В наших храмах уцелели отдельные изображения святителей Василия Великого, Григория Богослова, Дионисия Ареопагита, Николы Мирликийского и других, тоже с двоеперстным сложением (29).



წმ. სოფიის ტაძრის ფრესკა (კიევი)


VI საუკუნეს განეკუთვნება ბიზანტიაში ნახატებიანი სახარებების გამოჩენა, რომელშიც ქრისტეანულ ხელოვნებას სურდა თვალსაჩინოდ გადმოეცა სახარებისეული ისტორიის გადმოცემა ფერწერული ხელოვნების მეშვეობით. აქაც ჩვენ ვპოულობთ იმას, რაც გვხვდება ამ საუკუნის ფრესკებსა და მოზაიკებზე. ესენია მაცხოვრის იგავთა, სასწაულთა და მისი მიწიერი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების გამოსახულებები. ამ სახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი გახლავთ "როსანის" სახარება, რომელიც თავისი გამოსახულებების გამო შეიძლება VI საუკუნის საუკეთესო ძეგლად დასახელდეს.

პროფ. პოკროვსკიმ, თავის ნაბეჭდ ნაშრომში, ამ ძეგლის განხილვისას მისი რამოდენიმე გამოსახულებაც გადმოიტანა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გახლავთ მაცხვორის იგავი "ბრძენ და სულელ ქალწულეზე". ნახატის შუაში წარმოდგენილნი არიან ქალწულები, რომელთაც ჩაუქრათ ლამპრები. ისინი გულმოდგინედ აკაკუნებენ დახშულ კარებზე, რათა შესძლონ სამოთხის სანახებში შესვლა, მაგრამ ზეციური სიძის ხმა გადაჭრით ეუბნება მათ: "არ გიცი თქვენ" (დიდი რაოდენობის გამო, აქ ყველა მინიატურას ვერ დავიმოწმებთ, ასევე ვერც სხვა ნიმუშებს, არამედ ან შენიშვნაში ან სქოლიოში მივუთითებს წყაროებს, საიდანაც აღებული გვაქვს მონაცემები: Покровский Н.В: Памятники... . С. 167). ამ მინიატურის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ მაცხოვარი გამოსახულია სწორედ ორთითიანი წყობით.



წმიდა სოფიის ტაძრის მოზაიკა. კონსტანტინოპოლი. VI ს


თავს უფლებას მივცემთ შევჩერდეთ VI საუკუნის კიდევ ერთ მეტად საინტერესო ძეგლზე. ეს არის "მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის" გამოსახულება, რომელიც იმყოფება კონსტანტინოპოლის სოფიაწმიდის ტაძრის ერთ-ერთ გუმბათზე (Покровский Н.В. Евангелие в памятниках иконографии. С. 452). ეს გამოსახულება აღმოაჩინეს გასული საუკუნის (იგულისხმება XIX საუკუნე - რედ.) 50-იან წლებში და ბიზანტიური ეპოქის სიძველეთა მკვლევარებისთვის გასაგებ ინტერესს წარმოადგენს. თავისი მდგომარეობის წყალობთი (გუმბათის ცენტრში), მოზაიკა წარმოდგენილია კონცენტრირებული წრეების სახით, რომელთაგან უმცირესში მოთავსებულია ტახტი, რომელზეც დაბრძანებულია საზეიმოდ შემოსილი მაცხოვარი. მას მარცხენა ხელით უპყრია სახარება, ხოლო მარჯვენა ხელი შეკრულია ორთითიანი წყობით, რაც კურთხევის შთაბეჭდილებას ტოვებს. კონცენტრების რადიუსების მიხედვით განლაგებულია 12 მოციქულის გამოსახულებაც, რომელთაც თავზებზე "ცეცხლოვანი ენების" სახით გადმოდის სულიწმიდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საყდარზე დაბრძანებულია არა იესუ ქრისტე, არამედ განსახიერებული სულიწმიდა, მაგრამ ასეა ეს თუ არა ძნელი სათქმელია. ჩვენთვის, მოცემულ მომენტში, მნიშვნელოვანია ის, რომ საყდარზე დაბრძანებულ ღმერთს ასევე გააჩნია ხელის საკმაოდ მკაფო ორთითიანი წყობა.

მოცემული ძეგლის მოწმობა ძალზედ ფასეულია მისი ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, რადგან წმ. სოფიის ტაძარი არა მარტო კონსტანტინოპოლის უმთავრესი ტაძარი გახლდათ, არამედ მთელი საბერძნეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი სიწმიდეც იყო. აქ მსახურობდნენ აღმოსავლელი პატრიარქები, ამ ტაძარში იმყოფებოდნენ ცნობილი იმპერატორები, აქ იყრიდა თავს ქრისტეანობის გარეგანი ბრწყინვალება, ბიზანტიის მთელი თვალსაჩინო რელიგიური ძლიერება; ამაოდ როდი ბრძანებდა კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებული რუსეთის თავადი ვლადიმირი, რომ არ შეეძლო სიტყვებით გადმოეცა ამ ტაძრის სილამაზე. ყოველივე ამას ჩვენ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ წმიდა სოფიის ტაძრის გამოსახულებები შეუძლებელია მიეწეროს მხატვრის თვითნებობას, ან თავისუფალ შემოქმედებას, რადგან აქ მკაცრად გამოისახებოდა ის, რაც მიიჩნეოდა სწორად და რასაც ეკლესია შეიცავდა იმ პერიოდში. მაშასადამე VI საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკლესიაში უდავოდ პირჯვარს ორი თითით იწერდნენ და ასევე ორი თითითვე აკურთხებდნენ, რადგან ასეთი იყო გასული საუკუნეების პირდაპირ მემკვიდრეობა.

VI საუკუნეში ორთითიანი წყობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძლიერ არგუმენტს წარმოადგენს ასევე ქრისტეს ბიუსტური გამოსახულება, რომელიც გადმოცემულია ცნობილი ინგლისელი მწერალ-ღვთისმეტყველის ფარრარის მიერ თავის თხზულებაში "იესუ ქრისტეს ცხოვრება".



მაცხოვრის გამოსახულება. VI ს.


"ეს გამოსახულება, - განმარტავს ფარარი, - რომელიც ორჯერ აღემატება სიდიდით თავის ორიგინალს, გამოსახულია ქვაზე. გრავიურა უთითებს მეექვსე საუკუნის მკაცრ სტილზე და უფალს სრული სახით წარმოგვიდგენს, რომელიც ქიტონსა და მანტიაშია შემოსილი. მისი მარჯვენა ხელი, ჩვეულებისამებრ საკუთხრებლად არის აღმართული, ხოლო მარცხენაში საყოველთაო მეუფების ნიშნად დედამიწის სფერო უპყრია. ასოები IС, ХС, რომელსაც ვხედავთ მაცხოვრის თავის ორივე მხარეს წარმოადგენენ შემოკლებულ სიტყვებს ICOYC XPICTOC, ანუ იესუ ქრისტეს. ამასთანავე, თავის უკან, ნიმბის ჯვარსახოვან გამოსახულებაზე შეიძლება ამოვიკითხოთ OΩN OHN, ანუ "ვინც არის და იყო" (გამოცხ. 1:8). ვფიქრობთ არ არის საჭირო ამ ძეგლის განმარტება და არც მასზე გამოსახული მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითების წყობის დეტალური ახსნა: ფაქტი თვითონ მეტყველებს ცხადზე უცხადესად...

როგორი თეორიებიც გინდ შექმნან, როგორი ჰიპოთეზებიც მოიფიქრონ - ნივთიერი ძეგლები მეტად თვალსაჩინოდ და ყოველგვარი ფრაზების გარეშე ადასტუებენ იმ ფაქტს, რომ VI საუკუნეში ორთითიანი წყობა უეჭველად არსებობდა.

ამაში გვარწმუნებენ VII საუკუნის ძეგლებიც.




იმპერატორ იუსტინიანე II-ის სოლიდუსი. VII ს.


თითების წყობის ისტორიის თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, VI საუკუნიდან VII საუკუნეში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენენ რელიეფური გამოსახულებები, ე. წ. "ამპულები" - მეტლისა და თიხის ჭუჭრლები (მათარები) რომელთაც პილიგრიმები და წმიდა ადგილთა მომლოცველები თავიანთი მოგზაურობისას "პალესტინური" ზეთის შესანახად იყნებდნენ. ასეთ "ამპულებს" შორის ყველაზე მეტი რაოდენობა ინახება მონცში, წმ. იოანეს ეკლესიში, და ლონგობარდიის დედოფლის თეოდალინდას მემკვიდრეობად მიიჩნევა. "ამპულების" გარეგანი კედელი ჩვეულებრივ მოხატულია რელიგიური ხასიათის გამოსახულებებით, უპირატესად სახარებისული მოვლენების სცენებით.



მონცის ამპულა. VII ს. დასაწყისი



მონცის ამპულა. VII ს. დასაწყისი


ჩვენს მიერ აღებულ "მონცის ამპულაზე" შეიძლება ვნახოთ ორი ასეთი სახარებისეული მოვლენა: ზედა ნაწილში - ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული ქრისტე, ხოლო ქვედაზე - ანგელოზის გამოცხადება მენელსაცხებლე დედებთან უფლის საფლავზე. გასაგები მიზეზის გამო, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს წარმოადგენს რელიეფის ბოლო ნაწილი, სადაც გამოსახულია ანგელოზი, რომელსაც მენელსაცხებლე დედებისკენ გაშვერილი აქვს მარჯვენა ხელი თითების ორთითიანი წყობით, რაც აშკარად ადასტურებს ჩვენს მტკიცებულებას იმაზე, რომ ორთითიანი წყობა არსებობდა ამ საუკუნეშიც.

ოდნავ სხვა პირობებში იმყოფება ამ მხრივ VIII საუკუნე. ამ ასწლეულის ხატმწერლობითი ხელოვნების ძეგლებიდან საკმაოდ მცირედი თუ შემორჩა ამ საუკუნეში მბორგავი ხატმებრძოლური მწვალებლობის გამო, რომლის მიმდევრებიც დევნიდნენ ხატებს და ხატმწერლობას, რაზეც უნდა გამოსახულიყო იგი. ხატმებრძოლეობა არმოჩენდა VIII საუკუნის პირველ ნახევარში და გაგრძელდა IX საუკუნის თითქმის მეორე ნახევრამდე. ამ მოძრაობის მთავარი მიზეზი გახლდათ ბერძენი იმპერატორი ლეონ II ისავრიელი (717-741), რომლის პოლიტიკასაც მისდევდნენ მისი მომდევნო მემკვიდრეები, ბერძენი იმპერატორები თეოფილეს, უფრო ზუსტად კი თეოდორას გამეფებამდე, რომელმაც 842 წელს ხატთაყვანისცემა კვლავ აღადგინა. ორთითიანი წყობის არსებობა უეჭველია ამ პერიოდშისც, რადგან IX საუკუნეში ჩვენ მას კვლავ ვხვდებით ქრისტეანული ხელოვნების ძეგლებში.

პროფ. გოლუბინსკი, თავის გამოკვლევებში თითების წყობის შესახებ, სწორედ ასეთ დასკვნამდე მიდის, თუმცა, მის მიერ მიღებული სისტემის მიხედვით, საკითხს სხვა კუთხით აშუქებს. "IX საუკუნის მიწურულიდან, - ამბობს ის, - იწყება მოწმობები, რომელთაგანაც დაბეჯითებით ცნობილი ხდება, რომ ასეთი იყო მრავალთითობა, რომელიც გაჩნდა (?) (მრგვალ ფრეჩხილებში მოცემული კითხვის ნიშანი, აქ და შემდეგაც მოცემულია ორიგინალში - რედ.) რომელიც არსებობდა თევდორე სტოდიელის ამა თუ იმ დრომდე, და ეს იყო ორთითიანი წყობა"
(დედანში: "С конца IX века, - говорит он, - начинаются свидетельства, из которых мы положительно узнаем, что такое было несколькоперстие, которое явилось (?) (Знак вопроса, заключенный в круглые скобки здесь и далее имеется в оригинале – прим. ред.) за то или другое время до Феодора Студита, именно узнаем, что это было двоеперстие").

"ამა თუ იმ დრომდე" კი სწორედ VIII საუკუნე იგულისხმება, რადგან თევდორე სტოდელი ცხოვრობდა 759-826 წლებში და თუ ორთითიანი წყობა ცნობილი იყო ღირ. თევდორემდე, მაშინ, ცხადი ხდება, რომ მთელი VIII საუკუნის განმავლობაში, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, პირჯვრისსაწერად და კურთხევის გასაცემად იყენებდნენ სწორედ ორ თითს.

ხატმებრძოლეობის ბობოქარი ტალღის გადავლის შემდეგ, რომელმაც პირისაგან მიწისა აღგავა ქრსიტეანული ხელოვნების ფასდაუდებელი ძეგლები, იკონოგრაფია კვლავ აღორძინდა და ქრსიტეანული ტაძრები ისევ აღივსო ძვირფასი და ულამაზესი ხატებით. გამოჩნდნენ ხატმებრძოლეებს გადარჩენილი ძველიხატებიცა და მოზაიკური გამოსახულებებიც, ასევე ძველქრისტეანული ხელოვნების სხვა ძეგლებიც. ქრისტეანული ხელოვნება კვლავ აღორძინდა.

IX საუკუნეში ხატმწერლობის გვერდით ჩვენ ვხედავთ კიდევ მრავალ ნახატებიან ხელნაწერებს, რომლებიც თავიანთი მხატვრული გაფორმებით შეიძლება განვაკუთვნოთ თავისი დროის ხელეოვნების საუკეთესო ნიმუშებს. ამგვარი ხელოვნების საუკეთესო ძეგლად სამართლიანად მიიჩნევა "გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიათა ბერძნული კოდექსი", რომელიც პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელოვნების როგორც ადრინდელი, ასევე თანამედროვე ისტორიკოსები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ამ "კოდექსის" მხატვრული ღირებულებების გადმოცემისას.



წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. მინიატურა


ეს ხელნაწერი, პროფ. კონდაკოვის თქმით, უეჭველად, მინიატურული ხელოვნების ერთ-ერთ გასაოცარ ნიმუშს წარმოადგენს. მისი მორთულობის სიმდიდრე მომდინარეობს მეფის კარის უშუალო მონაწილეობისგან; საკმაოდ სავარაუდოა ისიც, რომ მინიატურა დამზადებული იყო მეფის მინიატურისტების მიერ. ამას შეესაბამება უჩვეულოდ განვითარებული ტექნიკა, საღებავების სიმკვეთრე, და შუქ-ჩრდილების გასაოცარი გადანაწილება, ასევე კოსტიუმებისა და დეტალების სიმდიდრე. ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლი არ იმსახურებს დუმილით ჩავლას, და ჩვენც აუცილებლად ჩავთვალეთ ჩვენს გამოკვლევაშიც ჩაგვერთო IX საუკუნის ამ ძეგლის ერთ-ერთი მინიატურა (Покровский Н.В. Памятники.... С. 193-202.)

ჩვენ აქ იმდენად "კოდექსის" მინიატურის მხატვრული მხარე არ გვაინტერესებს (თუმცა, მას თავისი ღირებულება გააჩნია), რამდენადაც მისი ისტორიული მნიშვნელობა IX საუკუნეში ორთითიანი წყობის არსებობის კვლევის საქმეში. ჩვენს მიერ აღებულ მინიატურაში წარმოდგენილია "ლაზარეს აღდგინება", მოვლენა, რომელიც მრავალჯერ არის გამოსახული ძველქრისტეანული ხელოვნების ძეგლებში, რის გამოც ზედმეტად მივიჩნევთ მის დეტალურ აღწერილობაზე შეჩერებას. ამ სახის ადრინდელი ძეგლებისგან განსხვავებით, ეს ძეგლი გამოირჩევა მით, რომ "მკვდარი" ლაზარე დგას გამოქვაბულის, და არა რომელიმე ნაგებობის - კოლუმბარიუმის ან როტონდის - კარებთან. ქრისტე მაცხოვარი, რომელიც "სიცოცხლისკენ მოუხმობს" თავის მეგობარს, მას ორთითიანი წყობით აკურთხებს, რაც მისეული კურთხევის ჩვეულებრივი ჟესტია და რაც წითელ ზოლად გასდევს ქრისტეანული ხელოვნების მთელს ისტორიას. ქრისტეს ფეხებთან შიშით და მაცხოვრისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით დამხობილან ლაზარეს დები - მარიამი და მართა, რომლებიც უმეტესად რწმუნდებიან, რომ ქრისტე ნამდვილად არის "ყოველთა აღდგომა". მინიატურის მეორე ნაწილზე გამოსახულია სერობა, რომლებიც დებმა აღსრულებული სასწაულის საპატივცემოდ მოუწყვეს თავიანთ მოძღვარს, და მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე ამ ტრაპეზობის "ერთ-ერთი თანამეინახეა".

განსახილველი "კოდექსის" მომდევნო მინიატურაში გამოსახულია სხვა სახარებისეული მოვლენა - "იესუ ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალემში" (ზემოთმოტანილი მიზეზის გამო ამ მინიატურას აქ აღარ დავიმოწმებთ). "ქრისტე, - განმარტავს პროფ. პოკროვსკი, - მაკურთხებელი ორი თითით ზის ვირზე, და უახლოვდება იერუსალიმს, რომლის კარებიდან, პალმის რტოებით ხელში, მასთან შესახვედრად უამრავი ხალხი მოემართება; იესუ ქრისტეს ახლოს დგანან მისი მოწაფეებიც" (Покровский Н.В. Памятники.... С. 202).

ამ თავს დავასრულებთ IX საუკუნის ქრისტეანული ხელოვნების ჩვენს მიერ დასახელებული ძეგლების მოკლე მიმოხილვით. მომდევნო თავებს კი მივუძღვნით ორთითიანი წყობის არსებობას X საუკუნიდან XVII საუკუნის ჩათვლით.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика