აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.VI. რუსეთის პატრიარქი ნიკონი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

patriarqi nikoni

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი VI
___________________________________________________________________________________________________________________________________

რუსეთის პატრიარქი ნიკონი


რეფორმატორთა გალერეა სრული ვერ იქნება თვით ნიკონ პატრიარქის პორტრეტის გარეშე. ვნახოთ, როგორ აფასებენ და ახასიათებენ მას ჩვენი დროების რუსი ისტორიკოსები.

"ჯერ კიდევ ნოვოსპასკის არქიმანდრიტად ყოფნის დროიდან ნიკონი დაუახლოვდა მოსკოვში მოწყალების სამთხოვნელად ჩამოსულ სხვადასხვა კატეგორიის ბერძნებს, რომლებთან სიახლოვეს ამაოდ არ ჩაუვლია მისთვის. საკმაოდ მოკლე დროში მოხერხებულ და ლაქია ბერძენთა ზეგავლენის ქვეშ მოქეცა და ისეთ თავდადებულ გრეკოფილად იქცა, რომლის მსგავსი რუსეთს არ ახსოვს.

ბერძნებმა მოხერხებულად ისარგებლეს როგორც მათდამი ნიკონის კეთილგანწყობით, ასევე ყოველივე ბერძნულისადმი მისი მიდრეკილებით; მას შემდეგ, რაც მას დაუახლოვდნენ და მოიპოვეს მისი ნდობა, ბერძნებს უკვე თამამად შეეძლოთ ეძაგებინათ ბერძნულისგან განსხვავებული რუსული საეკლესიო ჩვეულებანი, მიეჩნიათ უმართებულოდ და რუსების უმეცრებით დამახინჯებულ ჩვეულებებად და ემტკიცებინათ, რომ ისინი, თურმე, დაუყოვნებლივ შესწორებას ითხოვდნენ.

ნიკონმა გადაწყვიტა, თანამედროვე ბერძნული საეკლესიო ნაწერებისთვის დაეახლოებინა ძველი სლავური საეკლესიო წიგნები, წესნი და ჩვეულებანი: "მას უკვე შემოაქვს რუსეთში ბერძნული ამბიონები, ბერძნული სამწყემსმთავრო კვერთხი, ბერძნული მანტიები და თავსაბურავები..."
(Н. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Сергиев Посад, 1912. т. 1, с. 45). როგორც პროფ. ნ. კაპტერევი აღნიშნავს, ნიკონი იმდენად ენდობოდა ბერძნებს, რომ "მოსკოვში შემთხვევით შემოსული რომელიმე ბერძენი იერარქის უბრალოდ შენიშვნაც კი საკმარისი იყო იმისთვის, უძველესი საეკლესიო ჩვეულება, თანამედროვე ბერძნულის მიხედვით ყოფილიყო გადაკეთებული" (იქვე. გვ. 343-345).

გაპატრიარქებისთანავე ნიკონის პირველივე რეფორმატორულმა ცდებმა, გაენადგურებინა ძველი საეკლესიო წესები და დაექვემდებარებინა რუსული ეკლესია ძველი ღვთისმოსაობისთვის უკვე გაუცხოებული ახალბერძნული საეკლესიო პრაქტიკისთვის, აჩვენა, თუ როგორი პაპისტური "უცთომელობისა და უცოდველობის" სულით იყვნენ გაჟღენთილნი თვით ნიკონი და მისი დამქაშები; თუ როგორი მძულვარებით იყვნენ განწყობილნი გონივრული შეგონებების მიმართ, ისინი პაპისტური სულისკვეთებით ცდილობდნენ მხოლოდ ერთს - ყოველივე თავისი ამბიციური სურვილებისთვის დაემორჩილებინათ და ამაში უდიდესი როლი თავად ნიკონის ხასიათმა ითამაშა. აი, როგორ ახასიათებს მას ისტორიკოსი: "ნიკონს არ ახასიათებდა მოთმინება, სიმშვიდე და ქრისტეანული მორჩილება, პირიქით, მის ხასიათში ბატონობდა სიამაყე, ქედმაღლობა, სიძულვილი, ღვარძლი, მძვინვარება; ის იყო უხიაგი, თავნება დესპოტი, რომელიც არაფერს ერიდებოდა..." (В. Е. Макаров. К вопросу о причинах разделения русской церкви. М. 1911 г, стр. 6-8).

"... საპატრიარქო კათედრაზე ასვლისთანავე ნიკონმა განუსაზღვრელად გააფართოვა თავისი ძალაუფლება. ყველას ეშინოდა მისი... როგორც საშინელი ტირანი, ის შიშის ზარს სცემდა როგორც სამღვდელოებას, ასევე, თვით მეფის სამსახურში მყოფ გავლენიან პირებსაც კი. მასთან არ ჭრიდა თხოვნა, შუამდგომლობა, ვის მიერაც და როგორადაც უნდა ყოფილიყო იგი შემოთავაზებული" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 242).

"ამ მხრივ რომის პაპებსაც კი აჯობა" (В. Е. Макаров. დასახ. ნაშრ. გვ. 8-9). "დესპოტურად და განუსაზღვრელად ბატონობდა ნიკონი სასულიერო პირებზე. მას იმდენად მაღლა ეჭირა თავი, რომ არა მხოლოდ კლერიკოსთა უქვემოეს წარმომადგენელთათვის, არამედ თვით მღვდელმთავართათვისაც კი ნაკლებად მისაწვდომი იყო. მას ჯიუტად არ სურდა, "ძმები" ეწოდებინა მათთვის, განსაკუთრებით კი მის მიერ ხელდასხმულთათვის. პატივს არ მიაგებდა მათ სასულიერო წოდებას... არღვევდა მათ უფლებებს... დაუნდობელი სიმკაცრითა და მძვინვარებით დევნიდა ყველას (ვინც კი მისი სურვილების წინააღმდეგ წავიდოდა - არქიეპ. პ.). საპატიმროები უდანაშაულო ადამიანებით იყო გავსებული. ყველას ეშინოდა მისი და ძრწოდა" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 305).

"მან იმდენად განავრცო თავისი "უღმერთო უფლებანი" (რის გამოც რომის პაპები მწვალებლებად მიიჩნევიან) და იმდენად დაუმძიმა ხალხს მდგომარეობას, რომ თვით უცხოელ მიტროპოლიტებსაც კი "მხოლოდ სულიერ შვილებად თვლიდა და არა ძმებად" (იქვე).

"სამეფო ხელისუფლებასაც შეეხო და იმდენად გაქელა, რომ მეფის ხელისუფლებისა არაფერი ისმოდა რუსეთში" (იქვე). ერთხელაც კრების თანდასწრებით განაცხადა: "მეფის დახმარება უსარგებლოა და არც არის საჭირო ჩემთვის, მიმიფურთხებია და ცხვირიც მიმიხოცია მისთვის"-ო (იქვე. გვ. 307). ასე, რომის პაპებიც კი არ იქცეოდნენ. ამაოდ არ უთქვამს ნიკონისთვის მასთან დაახლოებულ მოძღვარ გრიგოლს: "რა პატივია შენთვის, წმიდაო მეუფეო, იმდენად საშიშარი რომ გამხდარხარ ხალხისთვის შენი რომ აშინებენ ერთურთს და ნიშნისმოგებით ესიტყვებიან გულმოსულნი: "იცი, ის ვინ არის, მხეცია დაუძინებელი; ლომიც არის, დათვიც და მგელიცო" (იქვე, გვ. 225).

"ხალხის თვალში პაპის მსგავს ტირანად რომ ჩანდა ნიკონი, ამაში გასაკვირი არაფერია; მართლაც, სახელწოდებით თუ არა, თავისი მოქმდებითა და ხასიათით იყო კიდეც პაპი. მეტიც, მას სურდა, ეტარებინა ეს ტიტული და, როგორც ისტორიკოსი ამბობს: "ყოველგვარი პაპისტური რეგალიებიც მზად ჰქონდა". მან, "როგორც ეს 1667 წლის კრებაზე დაამოწმეს, სცვალა მის წინამორბედ პატრიარქთა ჩვეულებანი... უფრო მეტიც, უზენაესისთვის რომ შეედარებინა თავი, წირვაზე მის გარშემო მომსახურე ყრმებს ქერუბიმები და სერაფიმები უწოდა" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 688). "ამგვარი კაცისგან კი რა სამართალი, მიუკერძოებლობა ან სიკეთე უნდა გამოსულიყო?! და, თუკი უზენაესობის პატივსაც კი ეპოტინებოდა, განა ეკლესიის ჭეშმარიტების, მშვიდობასა და კეთილდღეობას გაუფრთხილდებოდა?! და ამგვარი კაცი, რომლის შესახებაც 1667 წლის საეკლესიო კრება მოწმობდა, რომ გადარეული და გახელებული იქმოდა ყოველივეს; სატანას მისდევდა და არა მაცხოვარს (Историческое исследование дела Никона. Гиббсон. Прилож. Ко II части. Стр. 683 и 1051) და თვით სატანაზე უარესიც იყო" (Митрополит Макарий Томский. История Русской Церкви. Т. XII, стр. 736). ის შეუდგა რუსული ეკლესიის რეფორმას, ეკლესიისა, რომელიც მის პატრიარქად აღსაყდრებამდე სრულიად მართლმადიდებლური იყო" (В. Е. Макаров. დასახ. ნაშრ. გვ. 9-10).  

მთელ რიგ ისტორიულ ნაშრომსა და წყაროზე დაყრდნობით პატრიარქ ნიკონის მეტად საინტერესო პორტრეტს გვიხატავს ჩვენ მიერ უკვე ხსენებული მკვლევარი ბორის კუტუზოვი. თავისი წიგნის "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია" ერთი თავი ("ანტინიკონი") მან მთლიანად მიუძღვნა პატრიარქ ნიკონის მიუკერძოებელ დახასიათებას. ჩვენ მხოლოდ მცირედ ამონარიდებს შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს XVII ს-ის რუსეთის ეკლესიის ამ დამაქცევლის ნამდვილი სახის საჩვენებლად, უფრო დეტალურად კი ამისი გარკვევა შესაძლებელია როგორც თვით ბ. კუტუზოვის, ასევე მის მიერ დამოწმებულ ავტორთა ნაშრომებშიც.

"რეფორმატორთაგან საეკლესიო დარბევებში, - წერს ბ. კუტუზოვი, - განსაკუთრებით უნდა გამოიყოს საეკლესიო წეს-ჩვეულებების თვითნებური, განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, ერთპიროვნული ცირკულარით (იმდროინდელ რუსეთში ამგვარ ცირკულარს უწოდებდნენ "память"-ს - არქიეპ. პ.) დაშვებული განკარგულება, რომელიც მან 1653 წ. დიდი მარხვის დაწყების წინ ყველა სამრევლოს დაუგზავნა. ამ ცირკულარში ნიკონი იძლეოდა განკარგულებას, რომ ამიერიდან პირჯვარი არავის უნდა დაეწერა ორი თითით, არამედ მხოლოდ სამით, აუქმებდა დიდ მეტანიებს (მიწამდე თაყვანებას - არქიეპ.) წმ. ეფრემ ასურელის სინანულის ლოცვაში.

ამგვარმა პირადმა განკარგულებამ შეცვლილიყო პირჯვრისწერის წესი, თანაც დიდი მარხვის დასაწყისში, რომლის პირველი კვირა, როგორც ცნობილია, გამოირჩევა განსაკუთრებული რელიგიური სიმკაცრით, მორწმუნეთა შორის უდიდესი რყევა გამოიწვია. "ყოვლად უმოტივაციო ცირკულარით, - წერს ს. ზენკოვსკი, - მართლმადიდებლური საწესჩვეულებო ტრადიციის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილის შეცვლა, როგორიც არის პირჯვრისწერა, თანაც საკმაოდ ზოგად და ბუნდოვან ფრაზაზე დაყრდნობით, როგორიცაა "წმიდა მოციქულთა და მამათა გადმოცემით" - მანამდე არნახული და გაუგონარი რამ იყო არა მარტო რუსული, არამედ, საერთოდ, მთელი ქრისტიანული ეკლესიისთვისაც.  ახლაც კი, როდესაც ჩვეულება და რელიგია ნაკლებ როლს თამაშობს ხალხთა ცხოვრებაში, ყოვლად წარმოუდგენელია, კათოლიკე ეპისკოპოსმა ან თვით პაპმა, ან კიდევ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შეცვალონ პირჯვრისწერა" (Зеньковский С.А. Русское старообрядчество. М.,1995. С. 208) (ბ. კუტუზოვი. ხს. შრ. გვ. 86).

"გავიხსენოთ თავშეკავებული, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობა რეფორმატორთა მიმართ (არადა, რეფორმატორებს ხომ თვით მეფე მეთაურობდა!) პატრიარქ იოსების, რუსეთის ეკლესიის ამ ღირსეული მღვდელმთავრისა და მწყემსის მხრიდან, რომელსაც ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა რწმენისა და მოვალეობის წინაშე. "მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს" (იოანე. 10:11). ნიკონი კი ასეთი არ აღმოჩნდა. ის ოდენ დაქირავებული აგენტია საერო ხელისუფფლებისა, რომელმაც უნდა განახორციელოს დაგეგმილი "რეფორმა". "ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. " (იოანე 10:12-13).

განა ეს ყოველივე ბუკვალურად არ აღსრულდა ნიკონზე? დაქირავებული გარბის, მას არ ადარდებს არც ეკლესია და არც სამწყსო - ის მათ ტოვებს პატივმოყვარეობის მდაბიო და ამბიციური ვნებების გამო, ტოვებს საპატრიარქო კათედრას და სამწყსოს, ხოლო მგლები იტაცებენ და ფანტავენ ფარას.

"ხე ნაყოფით იცნობაო", - ნათქვამია. ეს ნაყოფი ან კარგია, ან ცუდი. ნიკონის საქმიანობის ნაყოფი თავისი კატასტროფული შედეგებით საშინელი აღმოჩნდა. პირველიერარქმა, რომელსაც უფრო ფსევდოპატრიარქი უნდა ეწოდოს, თავისი ხელით მოაწყო საეკლესიო რბევა, "ააფორიაქა რუსეთის მთელი ქვეყანა", რადგან შეირყა საყდარი ეკლესიისა, ქრისტეს პატარძალი გადასცა არსენ ბერძენის მსგავს მწვალებლებსა და ავანტიურისტებს, რომლებმაც შეურაცხყვეს ეკლესია.

როდესაც ნიკონის "რეფორმას" დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციას ვაძლევთ, გადასინჯულ უნდა იქნას დამოკიდებულებაც იმ პირთადმი, რომლებიც თავიდანვე აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მას. დეკანოზი ამბაკუმი და მისი თანამებრძოლნი დღეს მართლმადიდებლობის სიწმიდის დამცველ ნამდვილ გმირებად წარმოჩინდებიან" ("Квалифицировав никонову «реформу» как преступную, следует пересмотреть отношение к лицам, которые с самого начала активно ей сопротивлялись. Протопоп Аввакум и его сподвижники предстают ныне как подлинные герои, самоот¬верженные защитники чистоты православия")
(ბ. კუტუზოვი. ციტ. იქვე).

"თუკი XVII ს-ის რუსული წინააღმდეგობის ამ ცილნაწამებ ბელადებს, იმ პერიოდის ტრაგიკული მოვლენების თვითმხილველებსა და ამავე დროს მონაწილეთ ამ ტრაგედიისა, მხედველობაში არავინ იღებდა, დღეს საჭიროა ამ შეცდომის გამოსწორება.

პატრიარქ ნიკონის პორტრეტი საკმაოდ შეუხედავია დეკანოზ ამბაკუმის მიერ მოცემულ აღწერებში. ამბაკუმის თქმით, ნიკონი არის განდგომილი, მწვალებელი, ღვთის მტერი, ჯადოქარი, მრუში, "დიდი მატყუარა", "ცხვრის ქურქში გახვეული მგელი", "ეშმაკის ძე", "ჯოჯოხეთის ქოფაკი", მკვლელი და უსჯულო, პირმოთნე და გაქნილი, მზაკვარი ადამიანი. სხვათა შორის, ამბაკუმი არ ცდილობს, ბევრი ილაპარაკოს ნიკონზე, რადგან წერს: "ამაზე მეტი უსაქმურობა არ მეგულება, მიმიფურთხებია ყველაფრისთვის; ზედმიწევნით - ანტიქრისტეც მისი მსგავსი იქნება"
(Зеньковский С.А. Русское старообрядчество. М.,1995. С. 79) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 87).

"ვერაფერს იტყვი, გამანადგურებელი დახასიათებაა!

მაგრამ მიმდევრები და მომხრეები ნიკონსაც გამოუჩნდა, რომლებიც ხოტბას ასხამენ როგორც პირადად მას, ასევე მის საქმეებსაც. სხვათა შორის, ისტორიის რეალობა, როგორც ცნობილია, ისეთია, რომ არც ერთი ერესიარქი და დიდი ბოროტმოქმედი მარტოხელა ფიგურა არ ყოფილა, არამედ მათაც ჰყავდათ თავიანთი მიმდევრები, თანამოაზრეები და თაყვანისმცემლები (წუთისოფელი ბოროტებასა შინა ძევს), სხვაგვარად მწვალებლობებიც არ გავრცელდებოდა. გარდა ამისა, როგორც ტ. კარლეილი ამბობდა დემოკრატიული კენჭისყრის გამო: "მსოფლიო რეგვენებით არის სავსე, თქვენ კი საყოველთაო ხმის მიცემისთვის მიგიღწევიათ!" ("Мир изобилует олухами, а вы добились всеобщего голосования!").

როგორც ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი დეკ. გ. ფლოროვსკი შენიშნავს: "პატრიარქ ნიკონზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდნენ და წერდნენ ჯერ კიდევ მისი თანამედროვენი. მაგრამ იშვიათად თუ უწერია ვინმეს მის შესახებ უანგაროდ და მიუკერძოებლად, ქვეშქვეშა აზრებისა და აკვიატებული მიზნების გარეშე. მის შესახებ ყოველთვის დავობდნენ, ამართლებდნენ ან ამტყუნებდნენ. მისი სახელი დღემდე დავისა და კამათის საგანია. თითქოსდა ნიკონი სახელი კი არა, რაღაც პირობითი ნიშანი ან სიმბოლოა.

ნიკონი მიეკუთვნებოდა იმ უცნაურ ადამიანთა რიცხვს, რომელებიც თითქოსდა უსახურნი არიან და მარტო ტემპერამენტითღა გამოირჩევიან. სახის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ იდეას ან პროგრამას. ნიკონის მთელი პირადი საიდუმლო მის ტემპერამენტშია. აქედან მომდინარეობს მისი თვალსაწიერის მუდმივი სივიწროვეც. მას არ გააჩნდა არა მარტო ისტორიული შორსმჭვრეტელობა, არამედ ზოჯგერ უბრალო ცხოვრებისეული მგრძნობელობაც და სიფრთხილეც... მას შეეძლო გამხდარიყო დიდი ისტორიული მოღვაწე, თუმცა არ იყო დიდი პიროვნება... ის იყო მოღვაწე, მაგრამ არა შემოქმედი. რა თქმა უნდა, "საწესჩვეულებო რეფორმა" ნიკონის სასიცოცხლო თემა გახლდათ. ეს თემა მას უკარნახეს, ის დღის წესრიგში დააყენეს ჯერ კიდევ მის გაპატრიარქებამდე. და როგორი სიჯიუტითაც უნდა გაეტარებინა ეს რეფორმა, შინაგანად მაინც ვერ მოიცვა. აღვნიშნოთ თუნდაც ის, რომ მან ბერძნული არ იცოდა და ვერც ვერასოდეს ისწავლა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ესწავლა ან სწავლის სურვილი ჰქონოდა. "ბერძნულით" ის გარეგნულად იყო გატაცებული" (Флоровский Г., прот. Пути русского богословия. Вильнюс. 1991 (репринт. изд. Париж, 1937. с. 63).

"პანეგირისტების საპირისპიროდ, ცნობილი ისტორიკოსი ს. მ. სოლოვიოვი ნაშრომში "რუსეთის ისტორია" (Истории России), იმოწმებს დოკუმენტს, რომელიც ზნეობრივი მხრიდან უკიდურესად უარყოფითად (крайне неприглядно) ახასიათებს ნიკონს, კერძოდ, იმ დახასიათების სულისკვეთებით, რომელიც მისცა მას დეკანოზმა ამბაკუმმა. ეს არის ნიკონის თანამესენაკის, მოხუც იონას მოწმობა, თუ როგორ ეპყრობოდა ნიკონი ქალებს, რომელსაც მოტანილი ფაქტების უხამსობის (по непристойности) გამო აქ ვერ დავიმოწმებთ. მოვიტანთ მხოლოდ ბოლო ფრაზებს: "В праздники делает пиры частью на слободских женок и поит их допьяна, и в слободу отвозит их на монастырских подводах замертво. Девкам и молодым женкам дает алтын по 20 человеку (т.е. много); женки и девки приходят к нему безвременно и по ночам у него сидят" (ქართულად: "დღესასწაულებში აწყობს ნადიმებს სლობოდელი ქალების მონაწილეობით და ასმევს მათ დათრობამდე, შემდეგ კი ეს გატრეტილი ქალები სლობოდაში მიჰყავს მონასტრის ურმებით. ქალწულებს და ახალგაზრდა ქალებს აძლევს თითოს 20 ალტინს (ანუ ბევრს); ქალები და გოგონები მასთან ნებისმიერ დროს მოდიან და ღამეებს მასთან ატარებენ" (Соловьев С. М. История России. M.,1960. KII. 7. Т.13. Примеч . N 190 к стр.194)
(ბ. კუტუზოვი. ხს. შრ. გვ. 88).

"პრისტავი, თავადი შაისუპოვი, კირილოვის მონასტერში სტუმრობის შემდეგ წერს მოხსენებას: "ვისზეც ნიკონი გაბრაზდება, იმ ადამიანებს ჯარისკაცები, მონასტრის მსახურები ჯოხებითა და მათრახით ცემენ... მეფე ალექსის გარდაცვალების შემდეგ მთელი დიდი მარხვა დათრობამდე სვამდა, ხოლო დათრობის შემდეგ ადამიანებს უდანაშაულოდ აწამებდა; მისივე განკარგულებით მხცოვანი პაფნუტის მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ცემდნენ; საკუთარი ხელით ცემდა მსახურ ობროსიმოვს, რომელიც ამგვარი ტანჯვის შემდეგ (от этих побоев) გარდაიცვალა; მხცოვან ლავრენტის ჯოხებით ცემდნენ, ამის შემდეგ ნიკონმა მას ღვინის დალევა აიძულა, რის გამოც (ლავრენტი) მოკვდა" (3еньконский С.А. Русское старообрядчество. М. 1995. С. 208).

"ს. მ. სოლოვიოვი წერს, რომ ეპითეტები "დიდი" და "წმიდა" არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ნიკონს. იმ დროს, როდესაც მეფე ალექსი ჯერ კიდევ მათი მეგობრობის პერიოდში ასე მიმართავდა პატრიარქს, ნიკონი თითქოსდა იმას ელტვოდა, რომ არც ერთი და არც მეორე სახელწოდება შესაფერისი არ იყო მისთვის... 1672 წელს ნიკონი იწყებს მისი წოდებისთვის შეუფერებელ წვრილმან ბრძოლას კირილო-ბელოეზერსკის მონასტრის ბერებთან, რომელთაც სურსათ-სანოვაგით მისი მომარაგება ევალებოდათ. ნიკონი იწყებს უადგილო და შუფერებელ წუწუნს და მეფეს წერს: " "У меня кроме щей да худого квасу ничего не бывает, морят меня с голоду" ("შჩისა (რუს. კერძი - არქიეპ. პ.) და ცუდი ბურახის მეტი არაფერი მაქვს, შიმშილით მკლავენ"). მაგრამ მონასტრის ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ნიკონი არასოდეს ყოფილა ცოცხალი თევზის და ლუდის გარეშე; აჩვენეს ოჩხი (რუს. садок), სადაც მისთვის თევზს ინახავდნენ, ცქვრინსა (ზუთხისებრთა ოჯახის თევზი - არქიეპ. პ.) და ქარიყლაპიას (წერი), კობრს, ქორჭილასა და ნაფოტას, მაგრამ ნიკონმა თქვა, რომ ამ თევზის ჭამა არ შეიძლება, რადგან დაძველებულია (иссиделась).

მკაცრი მოსაგრე არასოდეს იწუწუნებს ცუდი ბურახისა და შჩის გამო და არც უარს იტყვის "დაძველებულ" თევზზე, არაფერი რომ არ ვთქვათ ლუდზე, რომელიც დიდი მმარხველისთვის, როგორც გვიხატავს ნიკონს მისი ლაქია შუშერა, საერთოდ შეუფერებელია. კირილოვოს ბერები ჩიოდნენ, ნიკონი კარგ მარაგს არ იღებს, გმობს, აძაგებს, მარაგის ნაცვლად ფულს იღებს, თანაც ზედმეტს. ითხოვს ორი არშინის ოდენა ცოცხალ ზუთხს, როგორცსაც შეკსნაში
(დასახლებული ადგილი - არქიეპ. პ.) ვერ იჭერენ.

ისტორიკოსს მოჰყავს ასეთი მაგალითიც: "სადამდე მიდიოდა ნიკონის სიფიცხე, ჩანს ვოლოგდელ არქიეპისკოპოს სიმეონისადმი მიწერილი მისი წერილიდან. როდესაც შეიტყო, რომ ნიკონი არ დადის ეკლესიაში, სიმეონმა შაისუპოვს მიწერეა, რათა მისთვის განემარტა მიზეზი - ხომ არ არის მოწყლული სქიზმატობით, ნორმალურად თუ მიმდინარეობს წირვა? და ა. შ. და რას პასუხობს ნიკონი? "ნიკონი, ღვთის წყალობით პატრიარქი, სიმეონ ეპისკოპოსს: შენ, ბერო, დაგავიწყდა სახარებისეული იგავი და ფარისეველთა მხილება, რომ სხვის თვალში ბეწვის შემნიშვნელი ჯერ საკუთარიდან დვირეს უნდა იღებდეს. დაგავიწყდა ალექსანდრეს მონასტერში ჭაკზე მჯდომი რომ ხნავდი, ახლა კი ..." მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ გადმოვცეთ შემდგომი მხილებანი". ისტორიკოსი უარს ამბობს წერილის შემდგომ ციტირებაზე, როგორც ჩანს, წერილის ელემენტარული უხამსობის გამო.

თუკი ნიკონი ასე ეპყრობოდა არქიეპისკოპოსს, მაშ, რაღა უნდა ითქვას ვიღაც მზარეულ ლარიონზე? "მზარეულ ლარიონს (ილარიონს - არქიეპ. პ.), - წერს. ს. მ. სოლოვიოვი, - ჩვეულებად ჰქონდა, რაიმეს თქმის შემდეგ დაემატებინა "добро-ста"; მაგრამ ნიკონს ამ "დობრო-სტა"-ში სულ სხვა რამ მოესმა, და აი, მეფე იღებს წერილს: "იმ დროს იყო მზარეული ლარკა (ლარიონი, ილარიონი), რომელიც ყოველ საქმეზე იძახდა: "добр Астарт" (ასტარტი - კერპის, დემონის სახელწოდება - არქიეპ. პ.) და ა. შ. "მე კი არ ვცემდი მას, არამედ მშენებელი ათვინიერებდა როზგებით ჩვენი სენაკის წინაშე". ე. ი. მზარეულ ილარიონს ამათრახებდნენ გადამდგარი პატრიარქის სენაკის წინ (რათა მას ენახა ან მოესმინა). და ეს, როგორც ჩანს, ხდებოდა თვით ნიკონის განკარგულებით.

ნიკონის მომხრეები, ასევე, ცდილობენ ყოფილი პატრიარქი წარმოადგინონ ერთგვარ ტანჯულ ადამიანად, რომელსაც თურმე "მკაცრი რეჟიმის" გადასახლებაში სულს ხდიდნენ.

მაგრამ ს. მ. სოლოვიოვის მიერ მოტანილი დოკუმენტები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ფერაპონტის მონასტერში ნიკონს ჰყავდა 11 ცხენი და 36 ძროხა. მას თევზჭერასა და სხვა საქმიანობაში ემსახურებოდა 22 ადამიანი. მაგრამ ნიკონი მაინც ასე წერს მეფეს: "შიმშილით ვკვდები, ტიტველი ვარ და ფეხშიშველი".

ნიკონის სისასტიკეზე უამრავი მოწმობა არსებობს. აი, სასამართლო განაჩენის ერთ-ერთი პუნქტი: "მან (ნიკონმა - არქიეპ. პ.) ბრძანა, მისი სულიერი მოძღვარი (მხცოვანი ლეონიდე) სასტიკად ეცემათ და ეწამებინათ მთელი ორი წლის განმავლობაში... აღდგომის მონასტერში მრავალ ადამიანს, ბერსა და ერისკაცს სჯიდა სამოქალაქო სასჯელებით, ზოგს უმოწყალოდ ცემდნენ, სხვებს ჯოხებით "უმასპინძლდებოდნენ", მესამეთ კი წამებისას წვავდნენ, ამგვარი სატანჯველებისგან მრავალი დაიღუპა" (Макарий (Булгаков), митр. История Русской Церкви. M.,1996. Ки.7. Т. ლ2) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 92).

"პრისტავი, თავადი შაისუპოვი, როდესაც ფერაპონტის მონასტრიდან მოსკოვში დაბრუნდა, ჰყვებოდა, რომ ნიკონი თავისი სენაკიდან სიათას ისვრის (სიათა - თოფია ერთგვარი. იხ. "ლექსიკონი ქართული". lt http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=39887 - არქიეპ. პ.). ერთხელ დაჭრა ბაკლანი (ზღვის ფრინველთა სახეობა. ლათ. Phalacrocorax - არქიეპ. პ.) და განკარგულება გასცა მოემტვრიათ მისთვის ფრთები და ფეხები და მოეგლიჯათ თავიც იმის გამო, რომ ეს ფრინველი ჭამდა მის თევზებს". ნიკონის ეს ქმედება უკვე მოსაგრეობას კი არ წააგავს, არამედ ნამდვილ სადიზმს. ნაკლებად სავარაუდოა, ეს ეპიზოდი პრისტავს შეეთხზა" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 92-93).

"როგორც ს. მ. სოლოვიოვი წერს: "ფედკა ნეგოდიაევმა (Федька Негодяев), როდესაც მოსკოვში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ ნიკონი ადრეც იყო ამბოხის მომწყობი: ცდილობდა საკათედრო ტაძრის გადაკეთებას". მას უთხრეს: "თქვენამდე მრავალი ხელისუფლება იყო, მაგრამ სიძველეებს არ აფუჭებდნენ; საკათედრო ტაძრის გადაკეთების უფლებას არ მოგცემთ!". ოსტატები უკვე მზად იყვნენ, დაემტვრიათ ტაძრის სვეტები, მაგრამ ხალხი მათ საცემად შეესია, ოსტატები გაიქცნენ და დაიმალნენ"" (Соловьев С. М. История РОССИИ. M., 1960. Кн. 5. თ. I O. с. 503.). (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 93).

"როგორც კი პატრიარქი გახდა, ნიკონმა მთელი ძალით გაილაღა: "მან გარს შემოირტყა მიუწვდომელი სიდიადე, "შეიყვარა მაღლა დგომა და ფუფუნებით მგზავრობა". ნერონოვი ეუბნებოდა ნიკონს: "რა პატივია შენთვის, წმიდაო მეუფეო, ყველასთვის საშიშარი რომ გამხდარხარ? ... მიკვირს: მეფის ხელისუფლებისა უკვე აღარაფერი ისმის, ყველას შენი ეშინია, და შენი მსახურნი მეფის ჯარისკაცებზე უფრო საშიშნი არიან" (Соловьев. Указ. Соч. КН.6. თ.II. С.211) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 93).

"ცნობილია, რომ მორჩილება და თავმდაბლობა სიწმიდის განუყრელი ნიშანია, ხოლო ამპარტავნება და სიამაყე - მორჩილების ანტიპოდი. ნიკონის უზომო ამპარტავნობასა და მორჩილების არქონაზე მიუთითებს ყველა ობიექტური მკვლევარი.

ასე მაგალითად, ს. მ. სოლოვიოვთან ვკითხულობთ: "უჩვეულო სიხარულის გამო (იგულისხმება მისი გაპატრიარქება - არქიეპ. პ.) ნიკონმა სრულიად აიშვა და მისი ხასიათის არასასიამოვნო მხარეები მკაფიოდ გამოიკვეთა... ის ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. ქრისტეანული საწყისების, თავმდაბლობისა და მორჩილების სულის არქონის გამო, ერთი მხრივ, სამღვდელმთავრო ძალაუფლებამ, ხოლო, მეორე მხრივ, მეფის მხრიდან პატივისცემამ და მეფის მიმბაძველი ყველა ადამიანის ლაქიობამ ადვილად დაბინდა ნიკონის გონება... ამ საცთურის დასაძლევად ნიკონს არ ეყო არც ზნეობრივი სიდიადე და არც ქრისტეანული სულისკვეთება... ნიკონმა ვერ გაუძლო ამ საცთურს, ცთუნდა სამეფოს ხიბლით და დაეცა.

ნიკონმა თავს უფლება მისცა, მიეღო "დიდი ბატონის" (великий государь), ანუ ქვეყნის მთავარი მმართველის ტიტული, რომელსაც შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონოდა პატრიარქის წოდებასთან და დანიშნულებასთან; ტიტული, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ორხელისუფლებიანობაზე, იმაზე, რომ სახლში ორი ბატონი ცხოვრობს... პატრიარქობამ, უმაღლესმა სასულიერო წოდებამ, ნიკონისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა, ის მთლიანად ჩაეფლო საერო ხელისუფლებაში, მოინდომა ნამდვილი ხელმწიფობა, შეეჯახა სხვა დიდ ბატონს, ნამდვილს, კანონიერს, და წააგო თავისი საქმე, რადგან ყველასთვის ცხადი უკანონო მდგომარეობა მიიღო.

პატრიარქობაზე უარის თქმის მომენტიდან ნიკონის მოქმედება წარმოადგენს სკანდალების სერიას, რომელიც კიდევ უფრო მეტ ჩრდილს აყენებს ყოფილ პატრიარქს, რომელმაც პატრიარქობა და ეკლესია საერთოდ დაკარგა თვალთახედვიდან და  ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ, თუკი ადრინდელ ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებდა, უკიდურეს შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი უფლებები შეენარჩუნებინა თავისი ადრინდელი პატივისგან, ადრინდელი მატერიალური გამორჩენიდან... მაგრამ, საზოგადოებას არ შეეძლო, ხელი არ ეკრა იმ ადამიანისთვის, რომელმაც თავისი საზოგადო საქმე სრულიად პირად საქმედ გადააქცია. თვალში საცემია დასანანი განსხვავებულობა საერო ხელისუფლის (მეფის - არქიეპ. პ.) სირბილესა და სასულიერო ხელისუფლის, მღვდელმთავრისა და ბერის სისასტიკეს შორის, რომელიც ყოველგვარი მხედართმთავრების გარეშე აგრძნობინებდა ყველას საკუთარ ძალას" (Соловьев. Указ. соч. КН. 6. თ. II. ჩ. 198, 215, 120, 121).

"ნიკონთან ერთად ლიტურგიის მსახურთა რიცხვი, დიაკვნების ჩათვლით 30-დან 40, 50 და ზოგჯერ 75-საც კი აღწევდა. როგორც პავლე ალეპიელი წერს: "მისი საკოსის (ეპისკოპოსის საზეიმო შესამოსელი - არქიეპ. პ.), ღირებულება აღემატებოდა 30 ათასს დინარს და აუტანლად მძიმე იყო; მარტო ამ საკოსის მარგალიტებით მოქარგული ეპიტრაქილი (ქართ. ოლარი - არქიეპ. პ.) მთელ ფუთს (16 კგ.) იწონიდა ასე რომ, ნიკონი ამ საკოსში რჩებოდა საგალობლის დასრულებამდე, შემდეგ შედიოდა საკურთხეველში და იცვამდა უფრო მსუბუქ საკოსს" (Павел АлеппскиЙ. Путешествие Антиохийскоრო патриарха Макария в Россию в половине ХУН века. M.,1896-1900) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 95). "მაგრამ ნიკონს ჰქონდა ფუთნახევრიანი საკოსიც. "მიტრაზე ამოქარგული იყო ბრილიანტის ჯვარი, ხოლო თვით მიტრის მთელი ზედაპირი ისეთი ბრწყინვალე ალმასებით იყო მოოჭვილი, რომ პატრიარქის თავზე მთასავით აღიმართებოდა ხოლმე თეთრი ნათელმოსილი ალი". საპატრიარქო ადგილი ჯვრის დარბაზში  (Крестовая палата) ზურმუხტებით ბრიალებდა, ხოლო "ფიცარნაგი, რომელზეც ტახტი იდგა, ოქროს ფარჩით იყო დაფარული და ცეცხლივით ელვარებდა""
(БахревскиЙ. В. А. Никон. M.,1997. С. 333, 334) (ბ. კუტუზოვი. დასახ. შრ. გვ. 95).

"საეკლესიო გალობის თანამედროვე მკვლევარი ნ. დ. უსპენსკი წერს: "დიდი ბატონის ტიტულს რომ მიაღწია და მასთან მიიღო უსაზღვრო ძალაუფლება, პატრიარქს სურდა, ჰყოლოდა გუნდი, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით ტოლს არ დაუდებდა სამეფო გუნდს. ამასთან, ნიკონს ძალიან უყვარდა პომპეზურობა და ელვარე ღვთისმსახურება, რაც შეუძლებელი იყო მუსიკალური გაფორმების გარეშე. ამიტომაც, მან ხელი შეუწყო პარტესული გალობის გავრცელებას"
(Успенский Н.Д. Образцы древнерусского певческого искусства. Л. 1971. С. 669) (ბ. კუტუზოვი. იქვე).

"თვითგადადგომისა და საქმეთაგან ჩამოშორების შემდეგ, აღდგომის მონასტერში ცხოვრებისას, ერთხელ (1659 წ.) ასეთი რამ განაცხადა: "მე სამწყემსმთავრო ტახტი მოსკოვში ჩემი ნებით დავტოვე, მოსკოველი არ ვარ და არც არასოდეს ვიწოდები, მაგრამ პატრიარქობა არ დამიტოვებია, სულიწმიდის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლი არ წამრთმევია. აღდგომის მონასტერში იყო ორი კაცი, რომლებიც შავი ჭირით იყვნენ დასნებოვნებულნი, მე მათზე ვილოცე და ისინიც თავიანთი სნეულებისგან განიკურნენ. ასევე ჩემი პატრიარქობის დროსაც ჩემი ლოცვებით და ღვთის მადლით მრავალი იკურნებოდა სხვადასხვა სნეულებისგან".

"ნიკონის ამგვარ განცხადებებს მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი) ასე პასუხობს: "აი, როგორი აზრებით იყო დაკავებული ნიკონის სული! თვითონ დასტოვა მოსკოვის კათედრა, უარი თქვა სასულიერო დასისა და მთელი ეკლესიის მწყემსობაზე და ითხოვდა, რომ მისთვის ადრინდელივით პატივი მიეგოთ, როგორც პატრიარქისთვის და ესმინათ მისთვის, საკუთარი უფლებების დასამტკიცებლად კი იმოწმებდა თავისი ლოცვების სასწაულმოქმედ ძალას"
(Макарий (Булгаков), митр. История Русской Церкви. M.,1996. თ. 12. ჩ. 170) (ბ. კუტუზოვი. ციტ. იქვე. გვ. 96).

"სხვა ადგილას მიტრ. მაკარი შენიშნავს, რომ ნიკონი "ვერ იმორჩილებდა თავის დაუოკებელ ამპარტავნობას და ძალაუფლების მოყვარებას".

ნიკონს აგიჟებდა, რომ მისი დემარშის, ანუ კათედრის დემონსტრატიულად დატოვების შემდეგ, მეფემ მას უკან არ მოუწოდა. 1660 წ. მოსკოვის კრებამ, რომელიც რუსი და ბერძენი მღვდელმთავრებისგან შედგებოდა, ნიკონს მღვდლობის ხარისხი წაართვა და უბრალო ბერად დატოვა. მღვდელმთავრად ყოფნისას ნიკონი საკუთარი ხელით ცემდა ადამიანებს, "ზოგჯერ თოკით, ზოგჯერ კი ხელით", რასაც თვითონაც აღიარებს.

წამოყენებული ბრალდებების საპასუხოდ ნიკონმა თავის დროზე დაწერა თვითმართლების უზარმაზარი წიგნი და მისი მომხრეები ამ "ნაშრომში" ღვთისმეტყველებაში ჩადებულ ღვაწლსაც კი ხედავენ. მაგრამ აი, რას ამბობს ამის შესახებ მიტროპოლიტი მაკარი: "როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ რაც უფრო ვრცელი იქნებოდა მისი "შეკამათება", მით უფრო დამაჯერებლად და ძლიერ დააზიანებდა თავის მოწინააღმდეგეთ, მაგრამ პირიქით გამოვიდა. ბიბლიური ტექსტების, საეკლესიო განწესებებისა და სხვადასხვა წიგნიდან ამონაწერების სახით, ის ყოველმხრივ ცდილობდა გაევრცელებინა და შეემაგრებინა თავისი არა მარტო მთავარი, არამედ არამთავარი აზრებიც. მაგრამ ამ მრავალ ტექსტსა და განწესებას შორის, რომელთა უმეტესობა სრულიად წარუმატებლად და უადგილოდ იყო დამოწმებული, რომლებიც სულაც არ ეხებოდა საქმის არსს, თვით ნიკონის აზრები იკარგებოდა და ითქვიფებოდა მათში, თანაც იმდენად, რომ თვით ნიკონის შეხედულებების მიდევნება ფრიად ძნელია. უდიდესი მოთმინება უნდა გაგაჩნდეს, ნიკონის წიგნი თუნდაც ნაწილ-ნაწილ წაიკითხო და, თუკი ვივარაუდებთ, რომ მან უკვე მოასწრო მისი გამოცემა და გავრცელება, უკიდურეს შემთხვევაში, თავის მომხრეებს შორის მაინც, ალბათ, სავარაუდოდ, მცირედნი თუ მოიძებნებიან ისეთნი, რომლებმაც შესძლეს მისი წაკითხვა და გააზრება.

ამ წიგნში ნიკონის დიდი განათლებისა და განსწავლულობის დანახვა სრულიად უსაფუძვლოა. მას ხელთ ჰქონდა ბიბლია, ნაბეჭდი დიდი სჯულისკანონი (Кормчая), განმარტებითი სახარება და სამოციქულო, კიდევ ერთი-ორი წიგნი და მათგან იღებდა ყველაფერს, რაც კი სურდა და რამდენიც სურდა; ხოლო ამისი გაკეთება, განსაკუთრებით "დიდი სჯულისკანონიდან" მისი სარჩევის მიხედვით, სულაც არ არის ძნელი. მან თავის უზარმაზარ წიგნში ლამის მეოთხედი "სჯულისკანონი" გადაწერა და ბიბლიაც, ოღონდ სჯულისკანონზე ოდნავ მცირე რაოდენობით...  

ხოლო ნიკონის ზნეობრიობა ამ წიგნში წარმოჩინდება საკმაოდ ამაზრზენი სახით. სიმართლის საწინააღმდეგოდ ნიკონი ამტკიცებს, რომ უარი არ უთქვამს თავის საყდარზე, რომ თვითმხილველთა ზღაპრები ამასთან დაკავშირებით - გამონაგონია, რომ მის საწინააღმდეგოდ მოწვეული კრება მოსკოვში მეფის ბრმა იარაღი იყო, რომ თვით მეფე ევედრებოდა მას, ნიკონს, წოდებულიყო "დიდ ბატონად" და სხვა. ... წიგნი პირდაპირ სუნთქავს ამპარტავნობით, ბოღმით, მრისხანებით და სიძულვილითაც კი, რის გამოც მკითხველის თვალში მეტად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს".

გამოთქმას "სიმართლის საწინააღმდეგოდ" მიტროპოლიტი მაკარი რამდენჯერმე იყენებს, რითაც აფასებს ნიკონის საქმიანობას. სიცრუე, როგორც ცნობილია, ვერანაირად უთავსდება სიწმიდეს, რადგან ის გახლავთ ერთ-ერთი თვისება იმისა, ვისზეც ნათქვამია "ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:44).

ნიკონის უპირველესი განმადიდებელია მისი უახლოესი გარემოცვა, კერძოდ, კლერიკოსი ი. შუშერა. მისი თხზულება ნიკონის "შობისა, აღზრდისა და ცხოვრებისა..." დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი წყარო მის შესახებ, ცხადია, საარქივო დოკუმენტების გარდა, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომი იყო თვით მკვლევართათვისაც კი; ეს ნაშრომი ი. რიპატოვის ფსევდონიმით ჯერ ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა, ხოლო 1784 წლიდან პირველად დაიბეჭდა. სწორედ ამ "ნაშრომიდან" პეშვით ხაპავს ცნობებს ნიკონის ყველა შემდგომი მეხოტბე ვიდრე ლ. ლებედევამდე.

მაგრამ აი, რას ამბობენ ისტორიკოსები ამ ავტორზე.

ს. მ. სოლოვიოვი: "რაც შეეხება ნიკონის ცხოვრებას, დაწერილს ივან შუშერას მიერ, გამოცდილებამ გვასწავლა, ვისარგებლოთ მისით უკიდურესი სიფრთხილით: ნოგვგოროდის ამბოხის დროს ნიკონის საქმიანობის გადმოცემისას ჩვენ დავინახეთ, როგორ არის შეფერადებული შუშერას თხრობა ნიკონის სასარგებლოდ და ძლიერ განსხვავდება ნამდვილი ფაქტებისგან" (Соловьев. Т. 10. ჩ. 173; თ. 11, примеч. № 67 к С. 211) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 99).

მიტრ. მაკარი: "დიაკვანი შუშერინი არ მალავს თავის მიკერძოებულობას ნიკონისადმი ... (მისი ცნობები) ნაკლებად იმსახურებენ ნდობას".

ვ. ნ. პერეტცი: "(შუშერა) მიუკერძოებელი პირი როდია, რომელმაც ისურვა რიპატოვის ფსევდონიმით გამოსვლა" (Перетц В. Н. Историко-литературные исследования. СПб.,1900).

"ნიკონო-ალექსეური "რეფორმის" პოლიტიკური მიზეზების გამო, მისი კრიტიკა 1917 წლამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და განიხილებოდა, როგორც გამოსვლა ოფიციალური ეკლესიის წინააღმდეგ.

მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით დიდი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ მიტრ. მაკარი და ს. სოლოვიოვი, თუ მისცემდნენ თავს უფლებას, ცენზურის გათვალისწინებით, მცირედით მაინც შეხებოდნენ ამ საორჭოფო თემას საბოლოო დასკვნების გამოტანის გარეშე.

საბჭოთა პერიოდის ისტორიკოსები, რომლებსაც ძველმოწესეობისადმი სიმპათიებს ვერ დააბრალებ, XVII ს-ის ნიკონის საეკლესიო "რეფორმაზე" წერდნენ: "თავისი პატრიარქობის დროს ნიკონი ავლენდა სისასტიკეს ყოველგვარი სხვაგვარადმოაზროვნეობისადმი...  ნიკონმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა უზარმაზარი ძალაუფლება, რათა "დაემრგვალებინა" საპატრიარქო სამფლობელოები და გაეზარდა პირადი შემოსავლები. 1649 წლის განკარგულების საწინააღმდეგოდ, რომელიც პატრიარქებსა და მღვდელმთავრებს უკრძალავდა მიწების შეძენას, ნიკონმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საპატრიარქო სამფლობელოს ტერიტორია. მან დააფუძნა სამი ახალი მონასტერი, რომლებიც საპატრიარქო კათედრის საკუთრებად კი არ ითვლებოდა, არამედ პირადად ნიკონის საკუთრებას წარმოადგენდა... ნიკონმა გამოავლინა ამაყი და დამამცირებელი დამოკიდებულება არა მარტო სასულიერო იერარქების მიმართ, არამედ ბოიარებისადმიც, რომელთა მიმართაც საკუთარ თავს შეურაცხმყოფელი გამოხდომების უფლებას აძლევდა... წეს-ჩვეულებებში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოფიციალური ეკლესიის მიერ დაკავებული პოზიცია, რომელიც აკოპირებდა იმდროინდელ ბერძნულ პრაქტიკას, მეტად მერყევი გახლდათ. დეტალური განხილვის შემდეგ
აღმოჩნდა, რომ ძველი წეს-ჩვეულებებისგან გადაუხვევია არა რუსულ, არამედ ბერძნულ ეკლესიას" (История СССР с древнейших времен. M.,1967 (Под общ. ред. Б. Н. Пономарева). Т'. 3. ჩ. 101, 110) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 100).

"აქედან გასაგებია, რატომ იყო ნიკონი 1649 წლის განკარგულების წინააღმდეგი. Aრადა, როგორი პომპეზური მრავალსიტყვაობაა მოცემული ლ. ლებედევის სტატიაში ნიკონის უთანხმოებაზე მეფე ალექსი მიხეილის ძის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც 1982 წელს მოსკოვის საპატრიარქოს "საღვთისმეტყველო შრომებში" (Богословские трудаы) დაიბეჭდა. აქვეა თვით ნიკონის მოუხეშავი და ტლანქი აღწერა (აზრები მოუსვენრად ბრუნავენ); აქვეა ნიკონის ადვოკატი ვ. მ. უნდოლსკიც, აშკარად მიკერძოებული და არაობიექტური მოწმე. არადა, ყველაფერი ძალზე მარტივად არის: 1649 წლის განკარგულება ნიკონს მატერიალურად ზღუდავდა, ხელს უშლიდა გაეფართოებინა პირადი მფლობელობა, პირადი შემოსავლები. სამართლიანად აღნიშნავს ერთი თანამედროვე მწერალი, რომ "ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება ურთიერთგაგებას. ბევრი სჭირდება არგაგებას".

იბადება კითხვა, როგორ მოხდა, რომ ასეთმა ადამიანმა მიაღწია უმაღლეს ძალაუფლებას, არნახულ ძლიერებას?

მიტრ. მაკარი ამბობს: "ნიკონის მთელი ძლიერება ეფუძნებოდა მისდამი მეფის კეთილგანწყობას. ყმაწვილი მეფე პირველივე გაცნობისთანავე მოიხიბლა ნიკონით და მთელი სულით დაემორჩილა". სხვა ისტორიკოსი, ს. მ. სოლოვიოვი, დაწვრილმანების გარეშე აღნიშნავს მეფისა და ნიკონის უცნაურ დამოკიდებულებას" (Соловьев С.М. История России. M.,1960.. თ 12. С. 617) (ბ. კუტუზოვი. იქვე). "მაგრამ, ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბრობს თანამედროვე მკვლევარი გ. პ. გუნი" (Г. П. Гунн)

"ისტორია ასეთია: მეფე ალექსი მიხეილის ძე ანზერელი მეუდაბნოვის, ელეაზარის ლოცვების პირმშოდ მიაჩნდათ. მეფეს მხოლოდ ქალიშვილები უჩნდებოდა, ძე კი დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა. წმ. ელეაზარმა წინასწარმეტყველურად აუწყა მეფეს მემკვიდრის დაბადება (ღირ. ელეაზარის ცხოვრება). წინასწარმეტყველება აღსრულდა. ელეაზარი კი ბერობაში ნიკონის აღმზრდელიც იყო და მოძღვარიც. ამრიგად, მეფეს და ნიკონს შეგნებული ჰქონდათ სულიერი კავშირი. მეფე მიიჩნევდა, რომ ამქვეყნად გაჩენილი იყო ელეაზარის ლოცვის ძალით და სამეფო გზაზე მის რჩევებს უნდა მიჰყოლოდა ელეაზარის მოწაფეც. "ასეა თუ ისე, მეფემ ნიკონთან შეხვედრაში პროვიდენციალური აზრი დაინახა... ელეაზარის სახელმა გაუხსნა ნიკონს სამეფო დარბაზების კარები"" (Гунн Г. П. Патриарх Никон и Елеазар Анзерский // Древнерусская книжность. Сборник статей. Л., 1985) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 101).

"მაგრამ მრავალი თანამედროვესთვის გაუგებარი იყო ნიკონის ასეთი აღზევება. უცნობ კოჟეოზერელ იღუმენს, რომელმაც იღუმენად სამი წელი დაჰყო, მეფე ნოვოსპასკის მონასტრის არქიმანდრიტად ნიშნავს. XVIII ს.-ის ძველმოწესე ავტორი წერდა: "უცნობია, რა წარმოდგენები ჰქონდა დიდ ბატონს (მეფეს - არქიეპ. პ.)... ნამდვილად საკვირველია, ასეთი ბილწი ჭურჭელი (ნიკონი - არქიეპ. პ.) მაღალ ხარისხებში როგორ აღზევდა" (Перетц. В.Н. Историко-литературные исследования. СПб.,1900) (ბ. კუტუზოვი. იქვე).

"გ. პ. გუნი ასევე იუწყება: "ნიკონზე ჩამოყალიბდა მყარი აზრი, როგორც უსაზღვროდ პატივმოყვარე და საეკლესიო სარბიელზე გამოსულ კარიერისტ ადამიანზე... ნიკონმა მოსკოვიდან მიიღო შეტყობინება, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა არ ისურვა მონაზვნობა და ახალი ჯვრისწერისთვის ემზადება. სავარაუდოდ, განდეგილი ბერი ასეთ ცნობას გულგრილად უნდა შეხვედროდა, მაგრამ ნიკონმა იცოდა განწესება: "თუკი აღკვეცილ მღვდელს ცოლი გაუთხოვდება, მღვდელი ვერ იქნება". ანუ ეს ნიშნავდა მისი სასულიერო კარიერის დასრულებას. მაშინ ნიკონმა დაიწყო წერილების წერა "ნათესავებთან" და მანამ არ დამშვიდდა, სანამ არ შეიტყო, რომ მონაზვნად აღკვეცა შედგა.

ისტორიული მეცნიერება, როგორც უკვე ითქვა, უგულებელყოფს დეკანოზ ამბაკუმისა და სხვა ძველმოწესეების ცნობებს მათი ვითომცდა მიკერძოებულობის გამო, მაგრამ ამბაკუმი ღრმად მორწმუნე და მოსაგრე ადამიანი გახლდათ, ამიტომაც, ტყუილი მისი მხრიდან სრულიად გამორიცხულია, რამეთუ სიცრუე - უმძიმესი ცოდვაა. ნიკონის შესახებ მოტანილ ცნობებს ამბაკუმის მიერ გადმოცემულ ამბებსაც დავამატებთ: "ახალგაზრდა გოგოები - ღმრთის გულისთვის მომიტევეთ, - და მონაზვნები თავის დარბაზებში სტუმრობენ მას და ეფერებიან უბილწეს დიდ ბატონს. ის კი მათ აქვრივებს... ბატონ პატრიარქს ერთი მღვდლის ცოლი ხარჭად ჰყავდა, არაყს სვამდა. სხვა საქმეებზე კი ლაპარაკიც კი საცთურია. შეიძლება თვითონაც მიხვდეთ, რომ ამგვარი რამ სიძვის ტოლფასია" ("А бабы молодые - простите Бога ради, - и черницы в палатах тех у него временницы, тешат его, великого государя пресквернейшаго. А он их холостит... У меня жила Максимова попадья, молодая женка, и не выходила от него; когда-сегда дома побывает воруха, всегда весела с воток да с меду; иришед песни поет: у святителя государя в ложнице была, вотку пила. А иные речи блазненно и говорить. Мочно вам знать и самим, что прилично блуду")
(Аввакум, протопоп. Житие. Горький. 1988. С. 79) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 104).

"როგორც ჩანს, არც ბერი იონა ტყუოდა. Uბრალოდ, ამბაკუმმა უფრო მოკლედ და ლაკონურად გამოთქვა: "დაიბუდა ჩვენთან მოსკოვში დიდმა ეშმაკმა! მისი სიმაღლის ზომა - უღრმესი ჯოჯოხეთია..." (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 104).

"აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ლ. ლებედევმა ნიკონის შესახებ თავის სტატიაში ისტორიული ფაქტები შეგნებულად დაამახინჯა, როდესაც აშკარად უკეთური ადამიანი ლამის წმინდანის დიდებით შემოსა.

მაგრამ, აი, როგორია ნიკონის პორტრეტი ცნობილი ისტორიკოსის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის ნ. ფ. კაპტერევის შრომების მიხედვით. მეფისადმი მიგზავნილი სავედრებელი არზიდან (რუს.: челобитная) ჩანს, "როგორ საშინელ და აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ნიკონის დროს უზარმაზარი საპატრიარქო ოლქის მმართველობა".

მოტანილი არზა გახლავთ სასოწარკვეთილთა, უუფლებო, დამშეულ და საბოლოოდ მივიწყებულ სოფლის მღვდელთა კივილი, რომელთაგანაც მღვდელმთავარმა
(ნიკონმა - არქიეპ. პ.), რომელსაც ძლიერ უყვარდა "მედიდურობა და ფუფუნებით მგზავრობა", დიდი კედლით შემოიზღუდა თავი, რათა არავითარი ურთიერთობა მათთან არ ჰქონოდა, რათა სოფლის მდაბიო და ღატაკ სამღვდელოებას თავისი გაუთავებელი წუწუნით აუტანელ ყოფა-ცხოვრებაზე მისი უზენაესი სიმშვიდე არ დაერღვია" (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. M., 1996. Т. 2. С. 158) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 105).

"დაკითხვებზე ნიკონი იყენებდა მათრახსა და წამებას. ერთ-ერთი დაკითხულის ჩვენებით, "წამების დროს ის ორი საათი იყო დაკიდული... პატრიარქმა მისი ცეცხლით შეტრუსვაც ბრძანა". სხვა წამებული ადასტურებდა: "პატრიარქმა განკარგულება გასცა, ხელკეტით ეცემათ იგი მონასტრის კარებთან, თვითონ კი აივნიდან უყურებდა". ნიკონი არც ქალებს ერიდებოდა: "პატრიარქმა ქალების ცემის განკარგულებაც გასცა: თევდორეს ცოლი გაროზგეს, ხოლო ზეინკლის ცოლი - გაშოლტეს". 1666 წ.-ს "ჩუმად, უხმაუროდ აგროვებდნენ ცნობებს თუ ვის რა ზიანს აყენებდა პატრიარქი ნიკონი... ვის სჯიდა სამოქალაქო სასჯელებით, ვის როზგავდნენ, ვის უმტვრევდნენ ხელებსა და ფეხებს და სამოქალაქო სასჯელებით სჯიდნენ და კითხულობდნენ, ხომ არ არის ვინმე ისეთი, ვინც ამგვარი წამების გამო გარდაიცვალა".

"მარტო ის ფაქტი, - წერს ნ. კაპტერევი, - რომ მთავრობა ჩუმად აგროვებდა ასეთი შემაძრწუნებელ ცნობებს ნიკონის საქმიანობის შესახებ, თავისთავად მრავლისმეტყველია""
(Каптерев Н.Ф. Там же. С. 162) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 105-106).

"დამნაშავეთა სასტიკად ტანჯვისა და წამების გარდა, ნიკონი, როგორც თვითონაც აღიარებს, "საკუთარი ხელით ცემდა დამნაშავეს, ზოგჯერ ეკლესიაში და თვით საკურთხეველშიც კი. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მუშტი-კრივით ასეთ პირად ანგარიშსწორებას, თანაც თვით საკურთხეველშიც კი, ნიკონი სრულიად კანონიერ და პატრიარქისთვის შესაფერის საქმედ მიიჩნევდა".
ნ. კაპტერევი შენიშნავს: "რა თქმა უნდა, ქვეშევრდომთადმი ნიკონის სისასტიკე შეიძლება ე. წ. დროის სულისკვეთებით აიხსნას - ეს იყო ძალზე სასტიკი დრო, მაშინ ყველა ასე იქცეოდა. მაგრამ უეჭველია ისიც, რომ ნიკონის ამ ქცევებში არ არსებობს ჭეშმარიტი, ქრისტეანული მწყემსმთავრობის სულისკვეთება. ამ ყველაფერს, დროის სულისკვეთებისდა მიუხედავად, ბევრი კარგადაც ხედავდა და შესაბამის შეფასებასაც აძლევდა... ნიკონის საქციელი მაშინ უამრავ ადამიანს აღაშფოთებდა, რადგან ასეთი ქცევა სამარცხვინო და მიუღებელი იყო ეკლესიის ჭეშმარიტი მწყემსისთვის"
(Там же. С. 163) (ბ. კ. იქვე).

"მაგალითად, დიაკვანი თევდორე მეფისადმი მიწერილ სავედრებელ არზაში ასე ამხელს ნიკონს: "ყველას ტანჯავს... თითქოსდა ქრისტეს მოწაფე უნდა იყოს და ფეხებს ბანდეს ყველას, არადა, ფეხთბანის ნაცვლად წვივებს უმტვრევს, ზოგიერთს ტყავის გაძრობამდე შოლტავს. ჩვენი ქრისტე მაცხოვარი ასე როდი იქმოდა..." (Там же. С. 159) (ციტ. იქვე)ю

"პავლე ალეპიელი მოწმობს, რომ ნიკონი, "სარგებლობდა რა მეფეზე თავისი ზეგავლენით, ცდილობდა საკუთარი მიწის ნაკვეთების გაფართოებას და ისინი იმ ზომამდე გაზარდა, რომ მეფის შემდეგ უმდიდრესი ადამიანი გახდა". ადრე მეფე პატრიარქს თუ 10 000-მდე გლეხთა სახლს უბოძებდა, ნიკონმა მათი რიცხვი 25 000-მდე აიყვანა, რამეთუ "ყოველთვის, როდესაც კი ვინმე კვდება ბოიართაგან, პატრიარქი მიდის მეფესთან და თავისთვის ითხოვს მის საკუთრებას - გარდაცვლილის ყმებსა და ქონებას. ნიკონი დაიეუფლა მრავალ ტბას, რომელსაც მისთვის მარილისა და თევზის სახით დიდი შემოსავალი მოჰქონდა... პატრიარქმა ნიკონმა მიისაკუთრა ბერ-მონაზონთა შემოსავლის ნაწილი, ასე რომ, მისი ყოველწლიური შემოსავალი, როგორც ამბობენ, უკვე 20 000 რუბლს აღწევს. მისი შემოსავალი მოსკოვის ეკლესიებისგან და მისი შემოგარენისგან წელიწადში 14 000-ს რუბლს შეადგენს" (Павел АлеппскиЙ. Указ соч. Цит. по: Каптерев. ჩ. 165) (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 106-107).

"როგორც კაპტერევი წერს, "თანამედროვენი ერთხმად აცხადებენ, რომ ნიკონმა თავისი პატრიარქობის პერიოდში თავისი უზარმაზარი საეკლესიო ძალაუფლება, თავისი განსაკუთრებული მდგომარეობა სახელმწიფოში, თავისი ზეგავლენა მეფეზე გამოიყენა საკუთარ ხელში უდიდესი ქონების ჩასაგდებად, რომელსაც ყველა საშუალებით აღწევდა; ამბობენ, რომ სიხარბის გამო აპარტახებდა ძველ მონასტრებსა და უდაბნოებს, აიძულებდა თავადებსა და ბოიარებს, ეტირათ, რადგან ამა თუ იმ მიზეზით იტაცებდა მათ მიწებს. ზოგიერთი თანამედროვე იმასაც კი ამბობს, რომ ნიკონს სინამდვილეში პატრიარქობა ჩამოერთვა არა ეკლესიის ან სხვა რამ სასულიერო საკითხის გამო, არამედ მიწისა და ქონების გამო, რომელსაც ასე განურჩევლად ეუფლებოდა" (Каптерев Н.Ф. Там же. ჩ.166-167) (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 107).

"თავის სამ მონასტერში, მიწერილ 14 მონასტერთან ერთად, ნიკონი ერთპიროვნული ბატონი და მმართველი იყო, ეს გახლდათ დამოუკიდებელი სამფლობელო, სადაც ის სრულიად თავისუფალი მმართველი იყო, ერთგვარი პატარა მეფე.

კარლოვაცელთა მომავალი მეთაური მიტრ. ანტონი (ხრაპოვიცკი), უარყოფს რა მის თანამედროვე ცეზაროპაპისტურ სინამდვილეს და ობერპროკურორულ უღელს, აკეთებს წინდაუხედავ "აღმოჩენას" - შესაძლოა, ვიღაცის ჩუმი შთაგონებით - თითქოსდა ნიკონი იბრძოდა სახელმწიფო ძალაუფლებისგან ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის, ძალაუფლებისა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სიმფონიისთვის.

მაგრამ ცნობილია, როგორ მდგომარეობაში იყო სასულიერო დასი ნიკონის, ამ "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი" ტირანის დროს. ეს იყო ყველა მიმართებაში უმძიმესი და უკნინესი მდგომარეობა. ასეთი რამ ადრე არავის ახსოვს. სასულიერო დასი სავედრებელი არზებით მიმართავდა მეფეს, რათა დაეცვა ისინი ნიკონის ძალმომრეობისგან, რადგან ისინი მეფეში ზღვარგადასული საპატრიარქო ძალაუფლების შემკავებელ ძალას ხედავდნენ.

თავის თანამწირველებს ნიკონი ძალიან ამცირებდა, ხოლო უქვემოეს სამღვდელოებას საერთოდ არ უწევდა ანგარიშს: "აკრძალვები, გადასახლებები, საპყრობილეები, ჯაჭვები, მუშტი-კრივით პირადი ანგარიშსწორება მრისხანე პატრიარქის ჩვეულებრივი თვისებები გახლდათ რიგით სამღვდელოებასთან მიმართებაში".

ნ. კაპტერევი ამ საკითხს ასე პასუხობს: "ნიკონს სურდა, სასულიერო ძალაუფლება გაეთავისუფლებინა საეროსგან მხოლოდ საპატრიარქო ძალაუფლების აღზევებისა და ამაღლების მიზნით... ნიკონის შეხედულებით, მთელი ქრისტეანობის, ქრისტეს მთელი ეკლესიის არსი მდგომარეობს ყველას მიერ პატივდებულ მღვდელმთავრობაში, უპირატესად კი პატრიარქში, რომელიც არის თვით მღვდელმთავართა მამა და მეთაური"
(Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. M.,1996. თ. 2. ჩ. 177, 185) (ციტ ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 108).

"როგორც ვხედავთ, ამ საკითხთან მიმართებაში ნიკონს ტიპიურად კათოლიკური (ლათინური) წარმოდგენა ჰქონდა.

ნ. კაპტერევი: "ნიკონისთვის საკუთარი პიროვნება ყოველთვის და ყველგან პირველ პლანზეა, ის არის მთელი მისი საქმიანობის დასაწყისი და დასასრული, მისი მისწრაფებებისა და ოცნებების საფუძველი... მან მიაღწია თავის მიზანს - გახდა პატრიარქი და დიდი ბატონი. მაშინ ნიკონს სულ თავბრუ დაეხვა, ხოლო განუზომელმა ძალაუფლებამ საბოლოოდ დააბრმავა და გააფუჭა: მან თავი წარმოიდგინა ნამდვილ, მოქმედ დიდ ბატონად... წარმოიდგინა, რომ ის არის მთელი სახელმწიფოს პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრების გამაკონტროლებელი და ამიტომაც ისწრაფოდა ხელში ჩაეგდო სახელმწიფო მართვის სადავეები. სწორედ მაშინ გამოვლინდა ნიკონის ხასიათის ყველა უარყოფითი და ამაზრზენი თვისება: მისი უსაზღვრო პატივმოყვარეობა, ავადმყოფური თავმოყვარეობა... მისი მკაცრი და ხშირად სასტიკი ზნე, მისი თავდაჯერებულობა, მედიდურობა და ბღენძიაობა... წარმატების დროს ის უკიდურესად იფოფრებოდა და ყველას ზემოდან უყურებდა, მან არ იცოდა თავისი თავნებობის საზღვარი... ნიკონი არ ფლობდა არც მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არც განსაკუთრებულ გონებრივ განვითარებას, არც გაგებას და არც რაიმე ცოდნას".

***

მართალია, ძალზე მოკლედ, მაგრამ ვფიქრობთ, სათანადოდ წარმოვაჩინეთ ძველი რუსული საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებისა და პრაქტიკის "რევიზორთა" და "შემსწორებელთა" პიროვნებები და ისიც, თუ რამდენად საჭიროებდა რეფორმებსა და შესწორებას ძველი საეკლესიო გადმოცემები და ტექსტები.

აშკარაა, XVII ს-ის რუსეთში საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნების და პრაქტიკის, საეკლესიო გადემოცემების "კორექტორები" და "რევიზორები" ყოფილან გალათინებული მათხოვრები, ეგოისტები, ინტრიგანები და ვერცხლისმოყვარენი, რომელთაც არაფრად უღირდათ, გაეყიდათ სინდის-ნამუსი, სული და სარწმუნოება; რომელთათვისაც არ არსებობდა არაფერი წმიდა და, საერთოდ, ესენი იყვნენ იეზუიტური აღზრდით სულდასახიჩრებული, თხემით ტერფამდე პაპიზმით გაჟღენთილი ან, საერთოდ, ყოველგვარ რელიგიურობას მოკლებული და წყევლა-კრულვისა თუ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ადამიანები.

რა სიკეთე უნდა გამოსულიყო მათი ხელიდან? სრულიად ცხადია, რომ მათ სპეციალურად შერყვნეს და დაამახინჯეს ძველი მართლმადიდებლური წიგნები, საეკლესიო წესები და ჩვეულებები, ძველი საეკლესიო გადმოცემები და განა შესაძლებელი იყო, ამ ავანტიურისტთა და იეზუიტთა აღზრდილ, მათხოვარ ბერძენ პაპისტთა უმსგავსო ქმედებაზე რეაგირება არ მოეხდინა ეკლესიის ცნობიერებას? განა შესაძლებელი იყო სრულიად აშკარა მწვალებელთა მიერ ძველი საღვთისმსახურებო წიგნების "შესწორების" შეწყნარება?

"ამიტომაც არ არის გასაკვირი, - აღიარებს XVII ს-ის განხეთქილების მიზეზების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, პროფ. ნ. კაპტერევი, - რომ უამრავი რუსი ადამიანი მეტად დიდი უნდობლობით და მეტიც, უარყოფითადაც კი მოეკიდა ამ პიროვნებათა საქმიანობას, განსაკუთრებით კი საეკლესიო საქმეებში. როგორ არ უნდა ეფიქრათ მათ, რომ ეს ძალიან ბნელი და საეჭვო წარსულის მქონე გადამთიელნი, მართლმადიდებლობაში არამყარნი, ხარბნი და ეგოისტურნი, რომლებიც მზად იყვნენ, ემსახურათ ყველასთვის და ყოვლისათვის, ოღონდ კარგად გადაეხადათ მათთვის ამგვარი მსახურებისთვის, რომ ეს ჩამოსულნი, ანგრევდნენ რა რუსულ საეკლესიო სიძველეთ, ჩვენთან წყვეტდნენ სხვადასხვა საეკლესიო საკითხს, რითაც კი არ ასწორებდნენ რუსეთის ეკლესიის თითქოსდა "დამუქებულ" მართლმადიდებლობას, არამედ მხოლოდ რყვნიდნენ მის სიწმიდეს?

როგორ არ უნდა ეღიარებინათ რუსებს თავიანთი ეკლესიის და ყოველივე რუსულის დამცირება იმ ვითარებაში, როდესაც წმიდა რუსეთის მიწაზე ყველა საეკლესიო საქმეს განაგებდნენ: თურქეთის მკვიდრი, აკრძალული მღვდელმთავარ-ავანტიურისტი, თავიანთი კათედრებიდან და ხარისხებიდან ჩამომხობილნი და თვით აღმოსავლელ პატრიარქთა მიერ მართლმადიდებლებად არაღიარებული პირები?

როგორ არ უნდა აღელვებულიყვნენ რუსები იმის დანახვაზე, რომ რუსულ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებს, რომლებიც თითქოსდა ყველაფერში მართლმადიდებლურნი არ იყვნენ მათში დაშვებული "დამახინჯებების" გამო, ასწორებდა იეზუტების მიერ სიყრმიდან აღზრდილი, შემდეგ გამუსულმანებული, კვლავ გამართლმადიდებლურებული და ბოლოს გაუნიატებული ადამიანი, რომელიც იმ დროს, როდესაც "ასწორებდა" რუსულ საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნთა მართლმადიდებლურ ხასიათს, თვითონ "მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში აღსაზრდელად და გასასწორებლად" იყო დაპატიმრებული?"
(Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914. Стр. 220).

ამიტომაც, როდესაც ზემოთ ხესენებულმა "მიტროპოლიტებმა" თუ "პატრიარქებმა" წყევლა-კრულვა და შეჩვენება შეუთვალეს ძველი მართლმადიდებლური გადმოცემების აღმსარებელ და დამცველ ქრისტეანებს და მწვალებლობად შერაცხეს სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემები, სრულიად სამართლიანად მოიქცნენ ძველი ღვთისმოსაობის დამცველნი, რომ ამ უკეთურთა მოდგმას გამოეყვნენ.

მოკლედ, ასეთია ნიკონისა და მისი თანამოაზრე ბერძენი პაპისტების ნამდვილი სახე. აი, ამ ადამიანებმა, სულგაყიდულმა იეზუიტებმა და მათხოვარმა ბერძენმა იერარქებმა, სრულიად მართლმადიდებლური რუსული ეკლესიის უძველესი საეკლესიო პრაქტიკის შერყვნისა და მისი ახალბერძნული საკლესიო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით (თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს იყო მხოლოდ გარეგნული მიზეზი, რომლითაც შეინიღბა ბიზანტიურ-სლავური ნეოიმპერიის შექმნის სრულიად ილუზორული და მზაკვრული გეგმა, რომელსაც მოგვიანებით "ბერძნული პროექტი" ეწოდა) მოახდინეს ყოვლად გაუმართლებელი საეკლესიო რეფორმა. ანათემას გადასცეს უძველესი ბიზანტიური გადმოცემები, რომლებიც IX-XI საუკუნეებში გაქრისტიანტებასთან ერთად მიეცა რუსეთს თვით ბერძნებისგან და ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს ძველმორწმუნეებზე, რასაც მოჰყვა უდიდესი სისხლისღვრა, რომელიც ერთ-ერთ, ყველაზე უდიდეს ტრაგიკულ და სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერა მართლმადიდებლობის ისტორიაში.

<<<

6

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика