აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.V. შემსწორებელთა შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

XVII saukunis reforma

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი V
___________________________________________________________________________________________________________________________________

შემსწორებელთა შესახებ

დღეისთვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ XVII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქების მიერ პატივაყრილ და კათედრაწართმეულ იერარქებს.

XVII ს-ის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიუკერძოებელი მკვლევრები საინტერესოდ გვიხატავენ ამ ტრაგიკული რეფორმის გამტარებელთა სულიერ პორტრეტებს, რომლებიც ძველმართლმადიდებელთა მოწინააღმდეგეებს ლამის ნამდვილ გმირებად და მართლმადიდებლობის თავდადებულ დამცველებად წარმოუდგენიათ მაშინ, როდესაც ისინი წმიდა სარწმუნოების დამარღვეველნი და შემბილწველნი იყვნენ. ობიექტურ მეცნიერთა ნაშორმებში მკითხველი ხედავს "რეფორმატორთა" საშინელ სახეებს, რომელთა ქმედებებში დადებითი არაფერია. ჩვენს წინაშე წარსდგებიან ცინიკოსები და ინტრიგანები და არა ნამდვილი საეკლესიო რეფორმატორები.


1. ათანასე პატელარი

"რეფორმების გატარებაზე ნიკონის ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი, როგორც ამას თვით პატრ. ნიკონი აღიარებს, იყო აღმოსავლელი პატრიარქი ათანასე პატელარი. იგი სამჯერ აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის კათედრაზე, რომელზეც პირველად მხოლოდ ორმოცი დღე დაყო (ეს იყო 1633 წ.); მეორედ - თითქმის ერთი წელიწადი (1634-1635 წწ.) და მესამედ (1653 წ.) მხოლოდ თხუთმეტი დღე. მოსკოვში სამათხოვროდ (რუსის მეფისგან მოწყალების მისაღებად - არქიეპ. პ.) ჩამოვიდა 1653 წელს. ჯერ კიდევ 1643 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი მის შესახებ რუსეთის მეფეს წერდა, რომ ათანასე არის ვერაგი და მზაკვარი ადამიანი, რომ მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიპყრო მოტყუებითა და ღალატით, რომ ის არის "სუპოსტატი და ახალი იუდა" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв.. Отдел III.  Глава 9. Взгляд русских XVI и первой половины XVII столетия на греков и греческое благочестие. Москва. 1914. იხ. აგრეთვე: http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html).

პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა "ათანასე იყო ლათინელი" (ე. ი. პაპისტი - არქიეპ. პ.). "კათოლიკურ წრეებს მისი ალექსანდრიის პატრიარქად დანიშვნა უნდოდათ და ამიტომაც რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც "კეთილ კათოლიკეს, რომელიც სარგებლობდა პროპაგანდის (პაპისტური დაწესებულება, რომელიც შეიქმნა ბერძენთა ლათინობისკენ "მოსაქცევად" - არქიეპ. პ.) კეთილგანწყობით". შმურლო აღნიშნავს, რომ "ათანასეს ასეთ დახასიათებას აძლევს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე რომის (ე. ი. პაპის - არქიეპ. პ.) ერთგული იყო" (Шмурло Е. Паисий Лигарид в Риме и на греческом Востоке // Труды Пятого съезда Академических Организаций за границей. С. 539 и 541). პატრიარქ ათანასეს შესახებ ამ ცნობას ადასტურებს "პროპაგანდის" მდივანი ფრანჩესკო ინგოლი (იქვე. გვ. 581).

აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი ინსპირატორი. როგორც დავინახავთ, "ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და შთამაგონებელნი" (ციტ. Федор Евфимьевич Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. დასახ. შრ. სქოლიო. გვ. 20. იხ. ასევე: http://krotov.info/history/17/staroobr/melnikov.html).


2. არსენ ბერძენი

რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილე იყო არსენ ბერძენი: აი, რას გვამცნობენ მის შესახებ ისტორიული წყაროები: "თუკი ნიკონის დროს (საეკლესიო) წიგნების შესწორებათა მოწინააღმდეგეები არსენს ყოველ მხრივ უკიდურესად არასაიმედო პირად და პირდაპირ ერეტიკოსადაც კი მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსულ საღვთისმსახურებო წიგნებში შეიტანა თავისი მწვალებლობები და სწორედ მასში ხედავდნენ ნიკონის დროს შემოტანილი ყველა საეკლესიო სიახლის მთავარ დამნაშავეს, მართლმადიდებელი (იგულისხმება ნიკონიანელი - არქიეპ. პ.) მწერლები ამ ბოლო დრომდე დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ არსენი იყო არა მხოლოდ განათლებული ადამიანი, არამედ მართლმადიდებლობის მკაცრი დამცველიც. თითქოსდა მან მოსკოვში მხურვალედ ამხილა რუსული ჩვეულებების უმართებულობა და რუსული საეკლესიო წიგნების უვარგისობა, რითაც აიმხედრა კიდევაც ძველი ღვთისმოსაობის დამცველები" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв." Москва. 1914. გვ. 208. http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html).

რამდენად "უვარგისი" იყო ძველი რუსული საეკლესიო წიგნები და რამდენად საჭიროებდა შესწორებას, ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ და ქვემოთ კიდევ უფრო დეტალურად ვიხილავთ, ამჯერად ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, ნამდვილად იყო კი ეს არსენ ბერძენი მართლმადიდებელი?!

როგორც პროფ. ნ. კაპტერევი გვამცნობს, ძველმორწმუნეთა მოწინააღმდეგე და ნიკონის მომხრე რეფორმატორები ცდილობენ შექმნან არსენ ბერძენის, როგორც მგზნებარე მართლმადიდებლის ხატი, მაგრამ მათ ამ მონდომებას ცივი წყალი გადაასხა მთელმა რიგმა ისტორიულმა ცნობებმა, მათ შორის, იერუსალიმის პატრიარქ პაისის წერილმა, რომლიდანაც ჩანს, რომ არსენი მართლმადიდებელი კი არა, მგზნებარე ერეტიკოსი ყოფილა.

აი, რას ვკითხულობთ "მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში" არსენ ბერძენის შესახებ: "არსენ ბერძენი (დაიბადა 1610 წ. თესალონიკში, საბერძნეთი. გარდ. 1666 წ.-ის შემდეგ). მღვდელმონაზონი, თარჯიმანი, რიტორიკისა და გრამატიკის მასწავლებელი, ექიმი. არსენ ბერძენის მამა და ოთხიდან ორი ძმა ასევე მღვდლები იყვნენ. თავდაპირველი განათლება არსენმა სახლში მიიღო, 14 წლისა ოჯახმა ის სასწავლებლად ვენეციაში გაგზავნა, ხოლო შემდეგ სწავლა ჯერ წმ. ათანასეს სახელობის რომის უნიატურ კოლეგიაში განაგრძო, შემდეგ კი პადუის უნივერსიტეტში 3 წელი ეუფლებოდა ფილოსოფიასა და მედიცინას.

23 წლის ასაკში არსენი ბერად აღიკვეცა, ერთი წლის შემდეგ დიაკვანი გახდა, ცოტა ხანში კი მღვდელიც, რის შემდეგაც კუნძულ კაფას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის იღუმენად დაინიშნა. გარკვეული დროის შემდეგ არსენ ბერძენმა მონასტრის მოძღვრობის პოსტი დატოვა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, სადაც ასწავლიდა გრამატიკას.

არსენ ბერძენი ჩათრეული აღმოჩნდა პოლიტიკურ ინტრიგებში თურქეთსა და ვენეციის რესპუბლიკას შორის, რის გამოც თავი ამოყო ციხეში, სადაც მიიღო ისლამი. ორი კვირის შემდეგ ციხიდანაც გაიქცა და ქვეყანაც დატოვა. რამდენიმე წელი დახეტიალებდა ვალახეთში, მოლდავეთში, პოლონეთში, უკრაინაში (იყო ლვოვში, ვარშავაში, კიევში), ეწეოდა თარჯიმნობას, ექიმობას, ამ დროის განმავლობაში დაეუფლა სლავურ ("რუსულ") სალაპარაკო ენას. 1648 წ. კიევში შეხვდა მოსკოვისკენ მომავალ იერუსალიმის პატრიარქ პაისის, რომელმაც თარჯიმნის რანგში არსენ ბერძენიც თან გამოიყოლა.  

1649 წლის იანვარში, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ, პატრიარქმა პაისიმ ხელისუფალთა წინაშე რეკომენდაცია გაუწია არსენს, როგორც რიტორიკის მასწავლებელს. თითქმის იმთავითვე შეუდგა არსენ ბერძენი მასწავლებლობას - იმავე წლის ზაფხულისთვის მას, უკიდურეს შემთხვევაში, ორი მოწაფე მაინც ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს ლათინურს ასწავლიდა.   

მოსკოვიდან გამოგზავრების შემდეგ პატრიარქმა პაისიმ რუსეთის ხელისუფალთ გამოუგზავნა წერილი, რომელიც შეიცავდა არსენ ბერძენის მხილებას მრავალ დანაშაულში, მათ შორის სარწმუნოებიდან განდგომაშიც. არსენ ბერძენი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. საქმე აღიძრა პოლონურ "პრიკაზში" (უწყება XVI-XVII სს. რუსეთის სახელმწიფოში, რომელიც განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ამა თუ იმ დარგს. - უცხო სიტყვათა ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=32701 - არქიეპ. პ.) და ჩატარდა გამოძიება. ძირითადი დაკითხვა ჩატარდა 1649 წლის 25 ივნისს. ... არსენ ბერძენმა აღიარა ისლამში თავისი გადასვლის ფაქტი, მაგრამ კატეგორიულად უარყო თავისი კავშირი უნიატებთან და კათოლიკეებთან, თუმცა გამოძიების დარწმუნება ვერ შეძლო; "სარწმუნოებაში განსამტკიცებლად" არსენ ბერძენი გადაასახლეს სოლოვეცის მონასტერში, სადაც ის 1649 წლის სექტემბერში ჩავიდა.

მონასტერში გადასახლებული არსენი კეთილგანწყობით მიიღეს, თუმცა შენიშნეს მართლმადიდებელი ბერისთვის შეუფერებელი მთელი რიგი ჩვევები - ის მუდმივად არ ატარებდა სამკერდე ჯვარს, იყენებდა საერო სამოსს (აბრეშუმისას და მატყლისას), არ აღიარებდა მიწამდე თაყვანს. სწორედ სოლოვკაში, ბერების დახმარებით ისწავლა არსენ ბერძენმა რუსული წერა-კითხვა, გაეცნო მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკას. გადასახლების ორი წლის განმავლობაში არსენი სოლოვეცელ მხცოვნებთან აწარმოებდა საუბრებს სარწმუნოებაზე, თანაც უკიდურესად ნეგატიურად აფასებდა თანამედროვე ბერძნების ზნეობას. ... სოლოვეცის მონასტერში გაიცნო არსენ ბერძენმა რუსეთის მომავალი პატრიარქი, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნოვგოროდის მიტროპოლიტი ნიკონი,  რომელმაც 1651 წელს ბერძენი ბერი ნოვგოროდში წამოიყვანა, ხოლო მოგვიანებით ბერძნულიდან საეკლესიო ტექსტთა თარგმნის საქმეს ჩაუყენა სათავეში.

სავარაუდოდ, არა უგვიანეს 1654 წლისა არსენ ბერძენი გახდა ბეჭდვითი სახლის (რუს.: Печатный двор) მთავარი შემსწორებელი და სათავეში ჩაუდგა წიგნთა შესწორების საქმეს. თავიდან მისი მაქსიმალური ხელფასი შეადგენდა 50 რუბლს. 1656 წლის  მაისში მისმა ხელფასმა მოიმატა 70 რ.-მდე (გასული წლების დამატებით გადახდით). 1660 წლამდე არსენ ბერძენი შემსწორებელთა შორის პირველი იყო ხელფასის მიმღებთა სიაში, მოგვიანებით კი გადაინაცვლა 2-ე ადგილზე (თანხის შენარჩუნებით), რაც ასახავს ხელისუფლების მისდამი დამოკიდებულებას პატრიარქ ნიკონის საქმესთან დაკავშირებით. პერიოდულად არსენ ბერძენი საპატრიარქოს სახაზინო "პრიკაზიდან" ღებულობდა საწერ მასალებს და დამატებით ანაზღაურებას თარმნისთვის.

ბერძნულიდან არსენის მიერ თარგმნილ ტექსტთა უმეტესობა შესრულებულია XVI-XVII სს-ის ბერძნული ბეჭდვითი გამოცემებიდან. ... ზოგიერთი ცნობით, 1656 წ. არსენ ბერძენმა მოამზადა კურთხევანის თარგმანი, რომელიც შეავსო დამატებითი წეს-განგებებით (შესაძლოა გამოყენებული იქნა 1658 წ.-ის "კურთხევანში"" (Православная Энциклопедия под редакцией Патриарха Московского и Всея Руси Кирилла. Энциклопедия издается по благословению Патриарха Московского и всея Руси Алексия II и по благословению Патриарха Московского и всея Руси Кирилла. სტატია: Арсений Грек http://www.pravenc.ru/text/76284.html).

"როგორც ცნობილია, თარგმანების უმეტესი ნაწილი არსენმა შეასრულა ახალბერძნული გამოცემებიდან, რომელიც გამოდიოდა ვენეციაში" ("Как известно, большинство своих переводов Арсений Грек сделал с новогреческих изданий, выходивших в Венеции") (См. перечень у А И. Соболевского, Переводная литература Московской Руси XIV-XVII вв , СПб , 1903, стр. 29G-297, 310, 326, 333-334, 338, 342-343/356-357, 364-365)
(4).

__________
4.   ვ. ფ. პოკროვსკაიას ციტატები აღებულია მისი ნაშრომიდან: Повесть  об испанском королевиче  Вруне и его  супруге  Мелеонии (К  истории  переводной  литературы  XVII в., Академия Наук СССР. Труды Отдела Древне-Русской Литературы Института Литературы. IV стр. 184 // იხ. აგრეთვე: Электронные публикации Института русской литературы (Пушкинского Дома) РАН. В.Ф. Покровская. Повесть об испанском королевиче Бруне и его супруге Мелеонии (к истории переводной литературы XVIIв. http://lib.pushkinskijdom.ru/Default.aspx?tabid=6395 იხ. ასევე: http://next.feb-web.ru/textpage/download/html/?book=todrl_t04_1940&bookhl= (Труды Отдела древнерусской литературы. Т. IV. 1940).

__________

"არსენი იძულებული იყო ეწერა მისთვის უჩვეულო ენაზე, რომელიც სრულიად შეითვისა მხოლოდ რუსეთში ყოფნის პერიოდში, ამიტომ ზოგჯერ მთელი რიგი ცნებებისთვის ვერ პოულობდა შესაბამის რუსულ გამონათქვამებს და მიდიოდა თვითშემოქმედების გზაზე, ანუ ბუკვალურად გადმოსცემდა ბერძნული ორიგინალის შემადგენელ გამოთქმებს. ამ ზოგჯერ ძალზედ ტლანქი გრეციზმების არსებობა, როგორებიც არის თუნდაც: солнечнозрачная отроковица, многоболезпенная смерть, подвигоположник Христос, терпелводушный, памятозлобие, нетяжоценен буди (т. е. не бери большой цены при продаже), рыбоснедный человек и человекоснедная рыба, ризообнажатель, пшеницолишие" (მაგალითები აღებულია მისი "ანთოლოგიონიდან" 1660 წ.) (ციტ. იქვე). "და ა. შ. სათარგმნი ნაწარმოების ორიგინალის განსაზღვრის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს" (იქვე).

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1649 წელს პატრირქი პაისი მეფე ალექსი მიხეილის ძეს უგზავნის წერილს, სადაც ურჩევს, კარგად გამოიძიონ არსენის ვინაობა და გამოკითხონ იგი, რამეთუ "მერყევია ქრისტეანულ სარწმუნოებაში" ("... он не утвержден в вере своей благочестивой христианской...") (იქვე. გვ. 209). რომ "მისთვის (პატრიარქისთვის - არქიეპ. პ.) ცნობილია არსენის მიერ ჩადენილ ბოროტი საქმეები და რომ წერს ამ წერილს რუსეთის მეფეს იმ მიზნით, რათა თავი დაიცვან ამგვარი ადამიანებისგან, რათა ასეთმა გარყვნილმა და ბოროტმა ხალხმა არ შებილწოს ქრისტეს ეკლესია" ("А ныне есми проведал и пишу вашему царствию, да будете соблюдатися от таковых человек, чтобы не оскверняли церквей Христовых такие поганые и злые люди") (იქვე. გვ. 231-241).

ცხადია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ არსენი დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვკაში. დაიწყეს მისი საქმების გამოძიება და დაკითხვები. "არსენ ბერძენის საქმიდან ცხადი ხდება, რომ არსენი რომის იეზუიტური კოლეჯის აღზრდილი იყო, რომელიც სპეციალურად ბერძენ უნიატთა აღზრდას ემსახურებოდა. ამგვარი პიროვნება იყო არსენიც. ძალზე ძნელი და თითქმის შეუძლებელია, ივარაუდო, რომ იეზუიტ მოძღვართა ხელში მყოფ 14 წლის ყმაწვილს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მათი ზეგავლენისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ასაკის გამოც ვერ შეძლებდა იგი მართლმადიდებლურ და პაპისტურ (ლათინურ - არქიეპ. პ.) აღმსარებლობათა შორის არსებული
განსხვავებების სიღრმისეულ წვდომას, ამიტომაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიეცა ადამიანის სულის წარწყმედის საქმეში გაწაფულ იეზუიტებთან მეგობრობას... როდესაც არსენი კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა, მისმა საკუთარმა ძმამ, არქიმანდრიტმა ათანასემ, ის ბერად არ აღკვეცა იმ მიზეზით, რომ იგი რომში გალათინდა. თუ არსენის ჩვენებებს დავუჯერებთ, თავისმა ღვიძლმა ძმებმა აიძულეს, საჯაროდ შეეჩვენებინა ლათინობა და მართლმადიდებლობა მიეღო; მაგრამ არცთუ დიდი ხნით. ძალიან მალე მან საერთოდ უარყო ქრისტეანული სარწმუნოება და მაჰმადიანობა მიიღო... დატოვა კონსტანტინოპოლი და ვალახეთში (რუმინეთი) გადასახლდა, შემდგომ კი მოლდავეთში, მართლმადიდებლურ გარემოში აღმოჩნდა, სადაც ისევ ქრისტეანობას დაუბრუნდა... ამის შემდეგ საცხოვრებლად გადადის ლვოვში და ხდება უნიატი; შემდეგ მიემგზავრება ვარშავაში, სადაც მეფის კარზე ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მას კიევის მართლმადიდებლურ სკოლაში აგზავნის მასწავლებლად - რა თქმა უნდა, უნიატობის საქადაგებლად.

მოსკოვში ჩამოსული არსენი თავს ორთოდოქს მართლმადიდებლად ასაღებს, ხოლო შემდგომ, სოლოვკის მონასტერში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გადასახლებული პირისთვის შესაფერისი დროისა და ვითარების შესაბამისად, მთელი მონდომებით აქებს და ადიდებს რუსულ ღვთისმოსაობას და ბერძნულზე ბევრად აღმატებულად მიიჩნევს.

ცხადია, რომ იეზუიტური აღზრდის შედეგად არსენი, როგორც ადამიანი, სრულიად დეგრადირებული იყო; მას არაფრად უღირდა, ვითარებისდა მიხედვით წარამარა ეცვალა რელიგიური შეხედულებანი: ლათინებთან ლათინი იყო, მაჰმადიანებთან - მაჰმადიანი, მართლმადიდებლებთან - მართლმადიდებელი; სოლოვკელ ბერებთან კი დიდი გულშემატკივარი რუსული ღვთისმოსაობისა და ბერძნულის მაძაგებელი.

არსენი, მასთან ერთად იეზუიტურ კოლეჯში აღზრდილ პაისი ლიგარიდის (მის შესახებ იხ. ქვემოთ) მსგავსად, იმ ავანტიურისტთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელთა მსგავსნი საკმაოდ მრავლად იყვნენ იმდროინდელ ბერძნებს შორის და რომელთა ზედაპირული განათლებულობის ქვეშ უხეში ეგოიზმი, მერყეობა და გამცემლობა იმალებოდა. ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაფერს იკადრებდა საკუთარი გამორჩენისთვის.

თავისთავად გასაგებია, როგორ წინდაუხედავად მოიქცა ნიკონი, როდესაც სოლოვკებიდან მოსკოვში გამოიძახა არსენი და რუსული საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება მიანდო. თვით იერუსალიმის პატრიარქმა აღიარა არსენი ერეტიკოსად და მართლმადიდებლობისთვის საშიშ პიროვნებად. ამიტომ ურჩევდა ნიკონს, როგორც მავნე ეკალი, არსენი დაუყოვნებლივ ამოეძირკვა მართლმადიდებლური რუსეთის ნიადაგიდან, რათა ის რაიმე "საეკლესიო გარყვნილებით" არ შეებილწა. თვით რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად ცნო არსენი ბოროტმოქმედ ერეტიკოსად, რომელსაც ერეტიკული გამონაგონებით სურდა, მოსკოვის ქვეყანაში გაევრცელებინა თვისი დემონური სწავლებანი და მართლმადიდებელ ქრისტეანთა შორის კეთილმსახურებისა და ღვთისმოსაობის ნაცვლად მწვალებლური ღვარძლი ეთესა. მაშ, როგორ იყო შესაძლებელი, ასეთი ადამიანისთვის მიენდოთ წიგნების შესწორება?" ("Само русское правительство официально признало Арсения зловерным еретиком, который своим еретическим вымыслом хотел и в Московском государстве свое злое дьявольское учение ввесть и православным христианам во благочестивой вере еретические плевелы сеять, - как же можно было подобному человеку поручить исправление церковно-богослужебных книг?")
(Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914).

იხ. ასევე: http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html

"ნიკონის მოწინააღმდეგეთა მყარი რწმენა არსენის ერეტიკულობასთან დაკავშირებით განამტკიცა კიდევ იმ გარემოებამ, რომ არსენი სოლოვკებიდან გამოძახების შემდგომაც (ე. ი. წიგნების შესწორების დროსაც კი - არქიეპ. პ.) მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა (ეს ჩანს მის მიერ 1666 წელს მეფისადმი მიწერილი სავედრებელიდანაც).

ამრიგად, არსენ ბერძენი 1666 წლამდე იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მისი გამოსწორების მიზნით და სწორედ ამ მართლმადიდებლობაში გამოსასწორებელ კაცს მიანდეს რუსული ღვთისმოსაობისა და საეკლესიო წიგნების შესწორება. ამგვარი ქმედების შეუსაბამობა ხომ სრულიად აშკარაა" (დედანში: "Арсений до 1666 года продолжал находиться под началом "для исправления его православныя христианския веры", а между тем он, исправляемый в Православии, в это время занимался исправлением московских церковных чинов, обрядов и богослужебных книг... несообразность слишком очевидная")
(იქვე. გვ. 214-218).


3. პაისი ლიგარიდი

საეკლესიო "რეფორმისა" და განხეთქილების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა ბერძენმა იუდეველმა პაისი ლიგარიდმა, 1667 წლის კრების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, რომელსაც მეფე ალექსი უსმენდა, როგორც "ღმრთის წინასწარმეტყველს". ვინ იყო სინამდვილეში ეს "წინასწარმეტყველი" და "დაუზარელი იუდეველი" (Бахревский В.А. Страстотерпцы. М., 1997. С. 329)? აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ლიგარიდი ყოფილა განდევნილი მღვდელმთავარი, მატყუარა და პაპისტი, ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა მოსკოვში ღაზის მიტროპოლიტის როლს; მან მეფეს დიდძალი ფული გამოსტყუა, ვითომდა თავისი არარსებული ეპარქიის საჭიროებებისათვის და გადააგზავნა ეს თანხა სამშობლოში, კუნძულ ხიოსზე.

"პაისი ლიგარიდი იყო "იეზუიტების აღზრდილი", მართლმადიდებლობისა და მისი ინტერესებისადმი სრულიად გულგრილი პიროვნება, რომელსაც მიტოვებული ჰყავდა თავისი სამწყსო".

მოსკოვში ჩამოსვლისას "პაისი ღაზის ნამდვილი (მოქმედი) მიტროპოლიტი არ არის, რამეთუ უკვე დიდი ხანია, რაც სამწყსო უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული, რის გამოც, სხვათა შორის, მწყემსმთავრობისგან გადააყენა კიდევაც იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა. უფრო მეტიც, მოგვიანებით, 1668 წელს იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის მიერ გამოგზავნილი სიგელიდანაც დადასტურდა, რომ პაისი ლიგარიდი: "... განკვეთილი და შეჩვენებული იყო ჯერ კიდევ მისი წინამორბედი პატრიარქის პაისის მიერ..." პატრიარქი ნექტარიოსი მიუთითებდა იმ გარემოებაზეც, რომ ლიგარიდი "მართლმადიდებელთან მართლმადიდებელს უწოდებს თავს", ხოლო ლათინნი თავისიანად მიიჩნევენ - რომის პაპი მისგან ყოველწლიურად ორასამდე ეფიმს იღებს". ამას პაისის შესახებ ამბობს თვით იერუსალიმის პატრიარქი" (Н.Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII столетиях) (http://dugward.ru/library/kapterev/kapterev_harakter.html. ასე რომ, ლათინად პაისი ლიგარიდი ცნო ჯერ მისმა საკუთარმა, იერუსალიმის პატრიარქმა, მის კვალობაზე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქმაც.

ამრიგად, პაისის პიროვნება ცხადად გამოიკვეთა: "ეს იყო პატივაყრილი მღვდელმთავარ-ავანტიურისტი, რომელიც ყალბი სიგელებით ჩამოვიდა მოსკოვში, თავს ღაზის მიტროპოლიტად ასაღებდა და, ითხოვდა რა მოწყალებას (ფულად დახმარებას - არქიეპ. პ.) თავისი ვითომცდა მრევლისთვის, უტიფრად და მოურიდებლად ატყუებდა მეფეს, როგორც საკუთარ ვინაობასთან, ასევე იმ თანხის დანიშნულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც თავისი არარსებული ეპარქიის ვალების დასაფარავად მიიღო მეფისგან" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Отдел II. Глава 4. Благотворительность русских государей православному Востоку в XVI и XVIIстолетиях. б) Разные иерархи и другие лица, приезжавшие с Востока и остававшиеся в России на вечное житье. Москва. 1914. Стр. 181-184; 193-197; 201-206). და თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ 1655 წელს "... მოსკოვში ჩამოვიდნენ სერბი პატრიარქი გაბრიელი, და ანტიოქიელი მაკარი, ასი ათასი სირიელის უნიატობისკენ მიმქცევი (В. Е. Макаров.. К вопросу о причинах разделения русской церкви. Москва. 1911 г., стр. 51. იხ. აგრეთვე: Журнал "Старообрядец". 1906 г. Февраль (№ 2) С. 117-157), რომლებიც დიდად დაეხმარნენ ნიკონს წიგნების "შესწორების" საქმეში (იქვე. გვ. 59), ცხადი ხდება, თუ ვინ ყოფილან XVII ს-ის მეორე ნახევარში რუსეთში გატარებული რეფორმების ინიციატორები და მთავარი მოქმედი პირები.

როდესაც პაისი ლიგარიდმა შეიტყო, რომ მოსკოვისკენ მოემართებოდნენ აღმოსავლელი იერარქები, შეეცადა, კრებამდე დაეტოვებინა მოსკოვი, მაგრამ ... მეფე ალექსი მიხეილის მხარდაჭერით ის, როგორც იტყვიან, "წყლიდან მშრალი ამოდის". შაქმე ის არის, რომ მოსკოვში ყოფნის პერიოდში მოხერხებულმა და მლიქვნელმა მატყუარამ შეძლო, საკმაოდ ახლო ურთიერთობა დაემყარებინა მეფესთან და მისი ნდობა მოეპოვებინა. მეფემ პაისი ლიგარიდში დაინახა თავისი ახალი და ერთგული მეგობარი.

მხოლოდ მეფის მორიგ ახირებად შეიძლება ჩავთვალოთ ის სიჯიუტე, რომლის გამოც მას  არაფრით არ სურს ლიგარიდში დაინახოს ავანტიურისტი მაშინ, როდესაც მეფის გარემოცვისთვის ეს უკვე სრულიად ცხადი იყო. მეტიც, მეფე ლიგარიდის ყოველმხრივ დაცვას ცდილობს.

როდესაც მოსკოვისკენ მომავალი აღმოსავლელი პატრიარქები, - პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი - ჯერ კიდევ ასტრახანში იმყოფებოდნენ, მეფის დავალებით მათ ბერდიაკვანი მელეტი მიუგზავნეს, რათა ეკითხა მათთვის: "პატრიარქთა რაიმე რისხვა ხომ არ არის ღაზის მიტროპოლიტ პაისიზე" და ურჩევს, გამოძიების გარეშე არ შეექმნათ რაიმე ჯავრი ლიგარიდზე. პატრიარქები, რა თქმა უნდა, მიხვდნენ მეფის მინიშნებას და არათუ თავიანთი რისხვა არ გამოავლინეს ღაზის მიტროპოლიტის მიმართ, არამედ დაუმეგობრდნენ კიდევაც მას და შეეცადნენ, ყოველგვარი ბრალდებისგან დაეცვათ. მით უმეტეს, როდესაც კრებაზე დაინახეს, რომ პაისი ლიგარიდის მხურვალე დაცმველია თვით მეფე ალექსი, აღმოსავლელმა პატრიარქებმა იმწამსვე აღიარეს ლიგარიდი სრულიად მართლმადიდებელ ადამიანად და კანონიერ მღვდელმთავრად, ანუ მეფის საამებლად იცრუეს. ნ. კაპტერევი ამასთან დაკავშირებით ამატებს, რომ "სავარაუდოდ, ეს საქმე პაისი ლიგარიდს საკმაოდ ძვირი დაუჯდა" (ფინანსური თვალსაზრისით - არქიეპ. პ.).

მაგრამ, 1669 წელს მოსკოვში მოდის იერუსალიმის პატრიარქ ნექტარიოსის სიგელი, რომელშიც ის იუწყება, რომ პაისი ლიგარიდი განკვეთილი და ანათემირებული იყო მისი წინამორბედი პატრიარქის, პაისი იერუსალიმელის მიერ, რის შესახებაც ეცნობა ალექსანდრიის პატრიარქ პაისის. ნ. კაპტერევი აღნიშნავს, რომ ამ მხილების შემდეგ, როდესაც რუსებისთვის ნათელი შეიქნა, რაოდენ "კადნიერად და უტიფრად ატყუებდა ლიგარიდი მათ ყველაფერში, მოსალოდნელი იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ სოლოვკაში". ამის ნაცვლად მეფე ალექსი იწყებს იერუსალიმის პატრიარქის მოთაფლვას ღაზის მიტროპოლიტის ადრინდელ პატივში ლიგარიდის აღსადგენად და, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან: "სულ არ შერცხვა უმორჩილესს (მეფეს - არქიეპ. პ.), გარჯილიყო ამ უნამუსო ქურდისთვის, რამეთუ უდიდესი სამსახური გაუწია მას ნიკონის დამხობის საქმეში და ახალი წესების გამო დაგმო ძველი წესები" (Бахревский. Указ. соч. С. 503).

"ლიგარიდის გამო მეფესთან ერთად სავედრებელ სიგელს აგზავნის პატრიარქი იოასაფიც, რომელიც ამ საქმეში, რა თქმა უნდა, მეფის განკარგულებით ჩაერთო. ეს სიგელები მიიღო უკვე არა იერუსალიმის პატრიარქმა ნექტარიოსმა, რომელმაც უარი თქვა პატრიარქობაზე, არამედ მისმა მემკვიდრე დოსითეოსმა.

დოსითეოზმა უხალისოდ და ერთი ვაი-ვიშით, თანაც მეფის მხრიდან ორგზის დაჟინებული შეთავაზების შემდეგ, რომელიც ცხადია, შემაგრებული იყო გულუხვი ფინანსური "მოწყალებით", როგორც იქნა, გადაწყვიტა, აღედგინა ლიგარიდი ღაზის მიტროპოლიტის ადრინდელ პატივში.

მეფე კმაყოფილი დარჩა - გამოისყიდა თავისი რჩეული. მაგრამ არ გასულა ორი თვეც და ლიგარიდი ისევ აკრძალეს. მეფე ალექსიმ კვლავ დაიწყო ფუსფუსი მისთვის, ახლა უკვე ვოლოშელი მხედართმთავრის მეშვეობით, რითაც დამცირების საფრთხის ქვეშ დააყენა თავისი სამეფო პატივი.

მაგრამ, პატრიარქმა დოსითეოსმა უარი თქვა ლიგარიდის ხელმეორედ რეაბილიტაციაზე და გარდაიცვალა იმ რწმენით, რომ ეს უკანასკნელი იყო ლათინი მწვალებელი"
(Каптерев. С. 511) (Борис Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007. С. 209).

რომაელ-კათოლიკე მღვდლის პ. პირლინგისა და ისტორიკოს ე. შმურლოს მიერ რომაული არქივებიდან ამოღებული მასალები ეჭვსაც კი არ ტოვებენ იმასთან დაკავშირებით, რომ პაისი ლიგარიდი იყო იეზუიტების აგენტი. ჯერ კიდევ 1643 წელს ლიგარიდი რომის "პროპაგანდის" მდივანს ინგოლის წერდა: "ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე რომის ეკლესიის განსადიდებლად და მისი დოგმატებისა და წეს-ჩვეულებების დასაცავად" (Пирлинг П. Русская старина. 1902, февраль; Он же. Исторические статьи и заметки. Петроград, 1913; Шмурло Е. Паисий Лигарид в Риме и и на греческом Востоке. // Труды Пятого съезда Академических Организа¬ций за границей. Цит. по: Мельников Ф.Е. Краткая история древлепра-вославной (старообрядческой) Церкви. Барнаул, 1999. С. 50) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 209).

სიცოცხლის ბოლოს მეფე ალექსი უკვე ისე აღარ წყალობდა ლიგარიდს და დააპატიმრა კიდეც. ლიგარიდი კიევში გარდაიცვალა აკრძალულ მღვდელმთავრად.


4. არქიმანდრიტი დიონისე

პაისი ლიგარიდთან და არსენ ბერძენთან ერთად როგორც ძველმართლმადიდებლობის გასამართლების, ასევე საეკლესიო რეფორმების საქმეში ქმედითი როლი შეასრულა ათონის ივერონის მონასტრის ბერძენმა არქიმანდრიტმა დიონისემ. როგორც ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი წერს: "განხეთქილების უმთავრეს მოქმედთა და აღმასრულებელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავნი არიან 1667 წლის კრების მონაწილეები არქიმანდრიტი დიონისე, პაისი ლიგარიდი და ორი აღმოსავლელი პატრიარქი. ზნეობრივ პლანში ეს პიროვნებები მკვეთრად უარყოფითნი არიან, თუმცა "რეფორმის" აღმასრულებელთა შორის დადებითი პიროვნება საერთოდ არავინ არის" ("В нравственном плане это личности отрицательные, впрочем, в то время в рядах делателей реформы личностей положительных нет вообще") (Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007 г., стр. 203).


ათონის ივერონის მონასტრის არქიმანდრიტი დიონისე მოსკოვში ჩამოვიდა 1655 წელს მოსკოვის ნიკოლოზის ბერძნული მონასტრის წინამძღვრის ამპლუაში და ათონზე დაბრუნდა 1669 წელს. მოსკოვში მან იცხოვრა თითქმის 15 წელიწადი. არქიმ. დიონისე - მოსკოვის ბეჭდვითი სახლის
(5)  წიგნთა შემსწორებელი, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რუსულ საეკლესიო წიგნთა "შესწორებაში", არის ასევე, ძველმოწესეთა წინააღმდეგ დაწერილი ვრცელი თხზულების ავტორი.

______________

5.
Московский печатный двор
- პირველი ტიპოგრაფია რუსეთში. დააფუძნა ივანე მრისხანემ 1553 წელს. მდებარეობდა განლაგებული იყო ჩინურ ქალაქში, ნიკოლოზის ქუჩაზე, წმ. ნიკოლოზის ბერძნული მონასტრის ახლოს.

______________

"რუსულ საეკლესიო საქმეებში ამ მოღვაწის ჩარევის პერიოდში, - წერს. პროფ. ნ. კაპტერევი, - ჩვენში მასზე დადიოდა საკმაოდ ცუდი ხმები, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა დიონისეზე გავრცელებულ ხმებს, არამედ თავისი მოსკოვური მოღვაწეობის მისეულ შეფასებას, რომელიც მან გადმოსცა მეფისადმი მიწერილ არზაში. ამ არზაში დიონისე ნაწყენი აცხადებს, რომ არქიმანდრიტებს, რომელთაც საერთოდ თითიც კი არ გაუნძრევიათ მეფის კეთილდღეობისთვის მან 100, 500 და 1000 მანეთიც კი მისცა, უსაჩუქრა სამღვდელო ტანისამოსნი, ხოლო მას, დიონისეს, რომელიც სამეფო საქმისთვის შეყოვნდა (რუსეთში), რის გამოც თავის მოწოდებას 15 წლით ჩამოშორდა და დიდ ხელმწიფესა და წმიდა ბერძნულ-რუსულ ეკლესიას ემსახურებოდა მთელი სულითა და გულით - მისცეს მხოლოდ 200 მანეთი..." (Каптерев Н.Ф. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. М.,1996. Т.2. С.370)  (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 203)..

"ხელმწიფისა და ბერძნულ-რუსული ეკლესიისთვის გაწეული საკუთარი შრომის რუბლებში ეს გულახდილი შეფასება იმდენად ნათლად და მკაფიოდ გვიხატავს რუსეთში მოღვაწე ამ ბერძენი საქმოსნის სახეს, რომ დიონისეს ყველა სხვა შემდგომი დახასიათება სრულიად ზედმეტია" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Москва. 1914. Стр. 219).

რიაზანელი არქიეპისკოპოსი ილარიონი ბერძნულ ენას სწავლობდა დიონისესთან, რის გამოც დეკანოზი ამბაკუმი მეფეს წერდა: "ვინმე ბერძენი, არქიმანდრიტი დიონისე, ბერძნულ ანბანს ასწავლიდა ილარიონს, რიაზანის არქიეპისკოპოსს, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, არა მარტო ანბანს, არამედ გარეშეთა ზნე-ჩვეულებებსაც. გულისტკივილით ვუთხარი მეუფეს მისდამი ძველი სიყვარულის გამო: წმიდაო მეუფეო, სამარცხვინო კაცთან სწავლობ!... არ არის საქები - ასეთ ქურდთან და დიდი რუსეთის მგმობართან სწავლობდეს ჩვენი მღვდელმთავარი!" (Аввакум, протопоп. Житие. М.,1960. С. 147) (Б. Кутузов. Тайная миссия патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007 г., стр. 203-204).

1667 წლის კრებაზე დიონისე ბერძენ პატრიარქთა თარჯიმნად დაინიშნა, და როგორც პროფ. ნ. კაპტერევი წერს, მისი შეხედულებები ძველ რუსულ ჩვეულებებზე აღმოსავლელ პატრიარქთა შეხედულებებად იქცა.

პროფ. ნ. კაპტერევის მტკიცებით, 1667 წლის კრებაზე აღმოსავლელ პატრიარქთა მრჩევლად და ხელმძღვანელად უმთვარესად არქიმანდრიტი დიონისე იყო დანიშნული და პატრიარქებიც "იჯერებდნენ იმას, რასაც მათ დიონისე ეუბნებოდა" ("Что он им скажет, то они и знают, тому и верят") (იქვე. გვ. 204).

მეფე ადრიდანვე ემზადებოდა კრებაზე ძველი გადმოცემების მომხრეებთან საბრძოლველად და, რადგან სიძველეთა დამცველებს არ ჰქონდათ დასავლური სამეცნიერო განათლება, მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ის მეცნიერული ძალები, რომელთაც მაშინ ფლობდა პაისი ლიგარიდის, არქიმანდრიტ დიონისეს, სიმეონ პოლოცკისა და ეპიფანე სლავინეცკის სახით.

"ამ მეცნიერებს, მეფის მლიქვნელებს, მეფის ხარჯზე მცხოვრებთ, უნდა გამოეჭედათ ის სამეცნიერო იარაღი, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებდა რუსული საეკლესიო სიძველეების გაუნათლებელ დამცველთ. მეფის დავალებით ნიკიტას სავედრებელი არზის საწინააღმდეგო პასუხს წერს პაისი ლიგარიდი, იმავე მეფისა და 1666 წლის კრების დავალებით პოლოცკი წერს "სამწყსო კვერთხს" (Жезл правления), რომლის შედგენითაც ის, რა თქმა უნდა, კრებამდე იყო დასაქმებული. ძველმოწესეთა წინააღმდეგ თხზულებას წერს არქიმანდრიტი დიონისეც. დიონისეს ამ თხზულების პირდაპირი ზეგავლენით შედგა სწორედ 1667 წლის კრების დადგენილებები ჩვენი ძველმოწესეების წინააღმდეგ. ზოგიერთი კრებითი დადგენილება ძველმოწესეთა შესახებ წარმოადგენს უბრალო, სიტყვასიტყვით ამონაწერს დიონისეს თხზულებიდან" (Н.Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. М.,1996. Т.2. С.375) (იქვე, გვ. 204-205).

1971 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ უსაფუძვლოდ აღიარა 1656 და 1667 წლების კრებათა მსჯელობანი ძველ წეს-ჩვეულებათა, როგორც ვითომდა მწვალებლური შინაარსის შემცველ გადმოცემათა შესახებ და საზეიმოდ გააუქმა ძველი წესებისა და მათ მიმდევრების წინააღმდეგ გამოთქმული წყევლა-კრულვანი. ძველი რუსული წეს-ჩვეულებები აღიარეს მაცხოვნებლად და ახალ წეს-ჩვეულებათა თანაბარმნიშვნელოვნად.

მაგრამ ძველმოწესეობაზე არსებულ შეხედულებებში ძირფესვიანი ცვლილება მოხდა ჯერ კიდევ მიტროპოლიტ პლატონის დროს, როდესაც 1756 წელს დღის სინათლეზე გამოვიდა მისი "Увещания Православной Кафолической Церкви" ("მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის დარიგებანი"). ამ "დარიგებანში" ნათქვამი იყო, რომ ძველმოწესეები თავიანთი სარწმუნოებით სრულიად თანხმიერნი არიან ჩვენთან, "ოღონდ წვრილმანების გამო დავობენ და გამოგვეყოფიან"; რომ ორჯერად ალილუიაშიც და სამჯერადშიც იდიდება წმიდა სამება; რომ, თუ სარწმუნოება წმ. სამების მიმართ ურყევია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი თითებით გამოსახავ მის აღსარებას; არაფერს ავნებს სულის ცხოვნებას, მზის მიმართულებით ივლი თუ მის საწინააღმდეგოდ... კარგია მზის მიმართულებით სიარული, ოღონდ ეკლესიასთან იყავ ერთობაში".

"დარიგებების" გამოცემის დროიდან, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ე. წ. "ერთმორწმუნე ძველმოწესეობის" (Единоверие старообрядцев) დაფუძნება, ძველმოწესეთ უკვე ვეღარ უბედავენ, უწოდონ მწვალებლები, შეწყვიტეს ძველ წეს-ჩვეულებებში, ვითომდა მათში ჩამალული - ბოროტი მწვალებლური სწავლებების გამოჩრეკა, რასაც 1667 წლის კრებაზე ამტკიცებდნენ აღმოსავლელი პატრიარქები.

რა თქმა უნდა, არქიმ. დიონისე და აღმოსავლელი პატრიარქები იმდენად პრიმიტიულები როდი იყვნენ, არ ცოდნოდათ, რომ "ჩვეულებათა მაცხოვნებელ მნიშვნელობას არ ეწინააღმდეგება მათი გარეგანი გამოხატულების მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ქრისტეს ძველ და განუყოფელ ეკლესიას და რომელიც არასოდეს ყოფილა მასში განყოფის მიზეზი და ლოდი საცთურისა"  (Деяние освященного Поместного Собора Русской Православной Церкви об отмене клятв на старые обряды и на придерживающихся их. ЖМП. М., 1971. №6. С. 5). უბრალოდ, მეფის მლიქვნელმა პატრიარქებმა ცოტა გადაამლაშეს, რადგან ასრულებდნენ მის ნებას, რათა "მყარად" დაეფუძნებინათ რეფორმა და შეუქცევადი ექმნათ იგი. ახლა კი ვნახოთ, რა სახის იარაღი გამოჭედეს მეფის მლიქვნელებმა ძველ რუსულ ჩვეულებებთან ბრძოლისთვის.

რუსული წეს-ჩვეულებების თავისებურებებს, რომლებიც რუსეთმა გაქრისტეანებასთან ერთად მიიღო ძველი მართლმადიდებელი ბერძნებისგან, დიონისე, დაუეჭვებლად მიაწერს ერეტიკულ წარმომავლობას. "ეს განსაკუთრებული თავისებურებები, ირწმუნება იგი, გაჩნდნენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსებმა შეწყვიტეს თავიანთი მიტროპოლიტების ხელდასხმა კონსტანტინოპოლში" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 206).

"მაგალითად, ორი თითით ჯვრის გამოსახვას და ორჯერად ალილუიას მწვალებლურ წესებს რომ უწოდებს, დიონისე ძველმოწესეებს ეუბნება: "სატანისგან - თქვენი მამის, მეგობრისა და მოძღვრისგან გსმენიათ ესე"".

ასე რომ, წესთმორწმუნეობასა და საწესჩვეულებო ასოთმიმდევრობას (приверженность к букве обряда), უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაკუთვნოთ არა ძველმოწესეები, არამედ ბერძნები, რომლებიც მეთაურობდნენ 1667 წლის კრებას" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 206).

დიონისეს მოჰყავს ვრცელი "მტკიცებულებები", სადაც ცდილობს, აჩვენოს, რომ ორთითიანი წყობა უეჭველად შეიცავს მწვალებლურ სწავლებას. თავის ეშმაკურ და მზაკვრულ განსჯას ორთითიანი წყობის აზრისა და მნიშვნელობის შესახებ დიონისე ამთავრებს ასეთი გადამწყვეტი განსაზღვრებით რუს ძველმოწესეთა მიმართ: "საუკუნითგან არავინ ყოფილა ისეთი მწვალებელი, როგორც თქვენ, ანტიქრისტეს წინამორბედნო" ("Никтож от века явися еретик тако-вый, яко же вы, предтечи антихристовы") (იქვე).

დაახლოებით ამასვე ამბობს ის ორჯერადი ალილუიას შესახებაც: "არ ესმით წყეულებსა და გულით დაბრმავებულებს, რომ ორჯერადი ალილუია დიდი მწვალებლობაა" ("Не разумеют окаяннии и слепии сердцем, зане якож глаголют они дважды аллилуиа, то есть велми и зело велия ересь") (ციტ. იქვე).

მწვალებლური შინაარსია ჩადებული, დიონისეს აზრით, იესუს ლოცვაშიც, როგორც მას წარმოთქვამენ რუსული სიძველეების მიმდევრები, და მათ არიანულ მწვალებლობაში ადანაშაულებს (Н.Ф. Каптерев. Патр. Никон и царь Алексей Михайлович. М.,1996. Т.2. С. 382) (იქვე. გვ. 206-207).

არქიმ. დიონისეს სწორედ ეს შეხედულებები დაუდეს საფუძვლად 1667 წლის კრებას პატრიარქებმა, როდესაც ძველმოწესეობასზე მსჯელობდნენ.

უპრინციპო მოჯამაგირემ, ამ დაქირავებულმა მუშამ, დიონისემ, იცოდა, რას ელოდა მისგან მეფე ალექსი, იცოდა ასევე მეფის დასავლური ორიენტაცია, რომლის გამოც არაფრად აგდებდა ყოველივე რუსულს, ამიტომაც არ მოერიდა, დაეგმო რუსული საეკლესიო სიძველენი, და კადნიერად შეურაცხყო ისინი.


5. ეპიფანე სლავინეცკი

"გრეკოფილთა" ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო წარმომადგენელი იყო ეპიფანე სლავინეცკი (XVII დას. - 1675). პოეტი, მთარგმნელი, ორატორი და ღვთისმეტყველი. ჩვენთვის ცნობილი არ არის მისი არც დაბადების ადგილი და არც მისი ეროვნება. მეტიც, ცნობილი არ არის მისი საერო სახელიც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავისი ბერული სახელი კიევო-პეჩორის ლავრაში აღკვეცისას მიიღო.

ეპიფანემ ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული ენა და ლათინური. არა უგვიანეს 1639/1640 წლებისა, ეპიფანე სლავინეცკი იწყებს ამ ენებისა და საეკლესიო-სლავურის სწავლებას კიევის საძმო სკოლაში. ენათა ცოდნამ განაპირობა ეპიფანეს გაგზავნა მოსკოვში, სადაც 1649 წელს მეფე ალექსი მიხეილის ძემ მოიწვია რამდენიმე კიეველი "შემსწორებელი" ბიბლიის ახალი გამოცემის მოსამზადებლად. ეს გამოცემა განხორციელდა 1663 წელს თვით ეპიფანე სლავინეცკის წინასიტყვაობით. 1674 წელს მას შესთავაზეს, მოემზადებინა ბიბლიის ახალი გამოცემა, მაგრამ მან მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულის და ახალი აღთქმის მომზადება მოასწრო.

1651 წლიდან ეპიფანე ცხოვრობს ჩუდოვის მონასტერში. სწორედ ჩუდოვის მონასტერი იყო XVII ს-ის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში "გრეკოფილთა" თავშესაფარი. უკვე 1653 წელს პატრიარქმა ნიკონმა მიიწვია ეპიფანე სლავინეცკი ახალი საეკლესიო რეფორმის მოსამზადებლად. შემდგომში ეპიფანე სლავინეცკი ხდება რეფორმის უმთავრესი სწავლული ექსპერტი და მოსკოვის ბეჭდვითი სახლის ყველა იმ მთარგმნელის ფაქტობრივი ხელმძღვანელი, რომლებიც მონაწილეობდნენ "წიგნების შესწორების" საქმეში.

"მაგრამ, მიუხედავად 1654 წლის კრების დადგენილებისა, შეესწორებინათ საღვთისმსახურებო წიგნები "ძველი სლავური და ბერძნული ხელნაწერი წიგნების მიხედვით", ფაქტობრივად, შესწორებები წარმოებდა ვენეციაში დაბეჭდილი ახალი ბერძნული გამოცემებით. მეტიც, თვით ეპიფანე სლავინეცკი, როგორც ჩანს, საერთოდ არ მიკარებია იმ წიგნებს, რომლებიც ინახებოდა რუსულ და აღმოსავლურ ბიბლიოთეკებსა და მონასტრებში. ასე მაგალითად, 1655 წელს გამოსული ახალი კონდაკნის საფუძვლად მან აიღო 1602 წლის ბერძნული კონდაკნის ვენეციური გამოცემა. სწორედ ამ ახალი მოსკოვური კონდაკნით დამტკიცდა საღვთისმახურებო სიახლენი (სამი თითით პირჯვრისწრა, სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოგდება სარწმუნოების სიმბოლოს მერვე წევრიდან, ოთხდაბოლოებიანი ჯვარი და სხვა). საკუთრივ, სწორედ ეს კონდაკნი გახდა რუსეთის ეკლესიის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზიც" (Перевезенцев С. В. Епифаний Славинецкий. https://www.portal-slovo.ru/history/35571.php).

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეპიფანემ დავაში "მეფობასა" და "მღვდლობას" შორის. 1660 წლის 14 აგვისტოს კრების სხდომის აღწერა, რომელიც მან შეასრულა მეფე ალექსი მიხეილის ძის დავალებით, ატარებს სახელწოდებას "მოსკოვის კრების საქმეები".

"მოსკოვის კრების საქმეები" - ეს უბრალო პროტოკოლური ჩანაწერი როდია, არამედ ლიტერატურულად გადამუშავებული ძეგლი. მასში ეპიფანე სრულ მხარდაჭერას უცხადებს მეფეს. "რელიგიურ-ფილოსოფიური და პრაქტიკული აზრით ეპიფანე სლავინეცკის მკაფიოდ ეპყრა ის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა "მეფობის" უპირატესობის აღიარების აუცილებლობას "მღვდლობაზე". თანაც თავის შეხედულებებს ის გამოთქვამდა მაღალფარდოვანი ლიტერატურული ფორმით ... სლავინეცკი აღიარებს, რომ მეფეს უფლება აქვს, გადაწყვიტოს ყველა საეკლესიო საქმე, მოიწვიოს საეკლესიო კრებები, ჩამოარიგოს საეკლესიო ხარისხები" ("За царем Славинецкий признает право на решение всех церковных дел, созывать церковные соборы, раздавать церковные чины") (იქვე).

"თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ეპიფანე სლავინეცკის აზრით, რუსეთის ეკლესიის სხვა იერარქებს არ ჰქონდათ უფლება, განესაჯათ პატრიარქი, როგორც ეკლესიის მეთაური, რადგან მათ საქმე ჰქონდათ "სრულიად რუსეთის პატრიარქთან, მამათა მამასთან და მოძღვართ-მოძღვართან...". სწორედ ეპიფანეს ავტორიტეტით მოხერხდა, რომ 1660 წელს არ მიიღეს გადაწყვეტილება ჩამოერთმიათ ნიკონისთვის საპატრიარქო ხარისხი. შედეგად, სწორედ ეპიფანეს ავტორიტეტმა "გაახანგრძლივა" უპატრიარქობის პერიოდი და აუცილებელი გახადა 1666-1667 წლების კრებებზე პატრიარქთა მონაწილეობის საკითხი" (იქვე).


6. აღმოსავლელი პატრიარქები - პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი

მეფე ალექსიმ 1667 წლის კრების სადავეები მთლიანად გადააბარა აღმოსავლელ პატრიარქებს, პაისი ალექსანდრიელსა და მაკარი ანტიოქიელს. რა თქმა უნდა, მან ეს გააკეთა წინდაწინ დარწმუნებულმა, რომ ისინი მისთვის საჭირო ხაზს გაატარებდნენ, ანუ დაამტკიცებდნენ "რეფორმას" და, ცხადია, მუდმივად აკონტროლებდა მათ მოქმედებებს, თვითონ კი, ჩვეულებისამებრ, რჩებოდა ჩრდილში.

"ისარგებლეს რა მდგომარეობით, კრებაზე აღმოსავლელ პატრიარქებს თავი ეჭირათ, როგორც ავტორიტეტულ უზენაეს მსაჯულებსა და რუსეთის ეკლესიის საქმეთა უაპელაციო განმსჯელებს. კრებამ მათი თავმჯდომარეობით ძველი რუსული ჩვეულებები მწვალებლობად გამოაცხადა და აკრძალა, ხოლო ძველი წეს-ჩვეულებების მიმდევრები ეკლესიიდან განკვეთა და ანათემას გადასცა. მაგრამ, როგორც წერს. ნ. კაპტერევი, "მათ მიერ მწვალებლობად გამოცხადებული წეს-ჩვეულება სინამდვილეში გახლდათ მართლმადიდებლური ბერძნული საყოველთაო ეკლესიის ქმნილება და ადრე მთელი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა თვით ძველ მართლმადიდებელ ბერძნებში. ამიტომაც, ამ წესების გამო რუსების დადანაშაულება მწვალებლობაში არსებითად ძველი, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მწვალებლურად შერაცხვას ნიშნავდა"" (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Т. 2. Сергиев Посад, 1912. С. 528) (Б. Кутузов. Тайная миссия Патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007, стр. 175).

"ატარებდნენ რა მეფისთვის სასურველ პოლიტიკას, მეფის მაამებელმა პატრიარქებმა საკმაოდ შორს შეტოპეს თავიანთ საქმიანობაში. მათ კრებითად აღიარეს და დაამტკიცეს, რომ ჩვენი ძველმოწესეები თურმე ყოფილან დიდი და საშიში ერეტიკოსები; რომ ისინი, როგორც მწვალებლები, მოკვეთილ უნდა იქნენ ეკლესიისგან და დაექვემდებარონ ანათემას, ასევე ყოველგვარ სამოქალაქო სასჯელებს, რათა საბოლოოდ იქნენ ამოძირკვულნი. ამ გადაწყვეტილების რადიკალიზმი სულაც მეფე ალექსი მიხეილის ძის სულისკვეთებას შეესაბამებოდა, რომელსაც ძლიერ უყვარდა ძალაუფლებისა და სიმტკიცის გამოჩენა სამეფო საქმეებში. პატრიარქებმაც აამეს მეფეს და ამ უკანასკნელმაც უხვად დააჯილდოვა ისინი მათი საკრებო საქმიანობისთვის.

აღმოსავლელმა პატრიარქებმა ძველმოწესეების დევნას მომავლის ყველა დროისთვის მისცეს სანქცია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ "აკურთხეს" სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ძველმოწესეთა ნებისმიერი დევნის პოლიტიკა.

მაგრამ აღმოჩნდა, - წერს ბ. კუტუზოვი, - რომ აღმოსავლელი პატრიარქები იმ დროს, როდესაც ჩვენში კრებას ატარებდნენ და კრებით დადგენილებებს იღებდნენ, უკვე აკრძალულნი ყოფილან კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენისგან და თურქეთის ხელისუფალთა სანქციით თავიანთი კათედრებიდანაც ყოფილან ჩამომხობილნი. ამგვარად, 1667 წლის კრება არაკანონიკურად, ხოლო მისი დადგენილებები უკანონოდ უნდა იქნას აღიარებული.

აკრძალული ყოფილა კრების სამი მთავარი მონაწილე:
ორი აღმოსვლელი პატრიარქი და მათი მთავარი სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი პაისი ლიგარიდი. თუმცა აკრძალულნი იყვნენ, ეს პირები მაინც მონაწილეობდნენ და მეტიც, მეთაურობდნენ სამღვდელმთავრო წირვებს მოსკოვში.

მეფე ალექსი, როგორც კი გაარკვია ვითარება და დაინახა საფრთხე, რომელიც ემურებოდა მის საქმეს, სასწრაფოდ შეუდგა ყოფილი პატრიარქების ადრინდელ პატივში აღდგენას. ის წერს სიგელებს თურქეთის სულთანს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის, ასევე სულთანთან დაახლოებულ მოლდავეთისა და ვალახეთის ხელისუფალთ და სთხოვს, "კვლავ დაუბრუნონ მათ თავიანთი კათედრები". ვალახეთის ხელისუფლებისადმი მიწერილ სიგელში მეფე სთხოვს "მაღალყოვლადუსამღვდელოეს და უბრძენეს მღვდელმთავრებს", რათა მათ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ ხსენებულ პატრიარქებს, დაიბრუნონ თავიანთი კათედრები""
(Каптерев Н.Ф. Там же. С. 472) (ბ. კუტუზოვი, იქვე. გვ. 211).

"ბოლოს და ბოლოს, თურქეთის სულთნის წინაშე დიდი შაუმდგომლობის შემდეგ, რუსეთის მეფის მონდომებით პატრიარქებს პაისის და მაკარის დაუბრუნეს მათთვის წართმეული საპატრიარქო კათედრები.

ეს ამბავი, მეტად არასასიამოვნო პატრიარქ ალექსისა და აღმოსავლეთის პატრიარქთათვის, მოხდა იმიტომ, რომ პაისი და მაკარი, რომლებიც ცთუნდნენ მოსალოდნელი დიდი ანაზღაურებით, დიდ რისკზე წავიდნენ და მოსკოვს ჩავიდნენ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ამცნეს არც კონსტანტინოპოლის პატრიარქს და არც თურქეთის მთავრობას.

არ უკადრისობდნენ რა კომერციულ საქმიანობას, პაისი და მაკარი არ ერიდებოდნენ კონტრაბანდასა და სპეკულაციას. როგორც პროფ. ნ. კაპტერევი წერს, ბერძენ ვაჭრებს პატრიარქთა ნათესავების სახით მოსკოვში გადასახადის გარეშე ჩამოჰქონდათ გასაყიდი საქონელი და, როგორც პატრიარქთა ნათესავები, მეფისგან იღებდნენ საჩუქრებს; მოსკოვში ყიდულობდნენ რუსულ საქონელს და ხაზინის ხარჯზე, გადასახადების გარეშე გადაჰქონდათ იგი საზღვარზე. "ამით აიხსნება ის თუ რატომ მოითხოვეს პატრიარქებმა ვოლგიდან მოსკოვში ჩამოსვლისას 400 ურემი. გასაგებია, რომ პატრიარქები თავიანთ ამალაში იღებდნენ ვაჭრებს, მოჰყავდათ ისინი თავიანთი საქონლითურთ მოსკოვის საზღვრამდე, თანაც ხაზინის ხარჯზე და არცთუ უანგაროდ. ყოველივე ამისთვის ისინი ვაჭრებისგან იღებდნენ სოლიდურ ჯილდოს. მოსკოვში ცხოვრების დროს პატრიარქები ეწეოდნენ სავაჭრო ოპერაციებს" (Каптерев Н.Ф. Там же. С. 494) (ბ. კუტუზოვი, იქვე. გვ. 211-212).

"მოსკოვში ცხოვრების პერიოდში პატრიარქებმა "გამოიმუშავეს" არნახული თანხები, დაახლოებით მილიონი რუბლი თანამედროვე კურსით. და ალექსიმაც არ გაუცრუა მათ იმედები, - "რეფორმის" დამტკიცებისთვის, თუნდაც ეკლესიის განხეთქილების ხარჯზე, მეფემ უხვად დააჯილდოვა ისინი.

"პატრიარქებმა მოსკოვში უზარმაზარი თანხები მიიღეს, - წერს. პროფ. ნ. კაპტერევი, - უშუალოდ მეფისგან და მეფის ოჯახისთან, ასევე სხვადასხვა სასულიერო და საერო პირთაგან, თავიანთი ამალის წევრთა და ბერძენ ვაჭართაგან, ასევე საკუთარი სავაჭრო ოპერაციებით. ასე რომ, მოსკოვში მათი ყოფნა, ფინანსური
თვალსაზრისით, უეჭველად მძიმე იყო ჩვენი მთავრობისთვის..." (Каптерев Н.Ф. Там же. С. 495, 496) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 212).

«მოკლედ რომ ვთქვათ, თვითმპყრობელმა და არავის წინაშე ანგარიშვალდებულმა მეფემ, თავისი ახირებების გამო, ფაქტობრივად, გაძარცვა რუსეთი და, რაც მთავარია, ის აღმოჩნდა იეზუიტების ზეგავლენის ქვეშ, რომელთაც ჰქონდათ რუსეთის ეკლესიისა და მთლიანად რუსეთის დამხობის პროექტი.

საარქივო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, ამ ისტორიის მკვლევარი პროფ. ნ. კაპტერევი შენიშნავს: "ჩვენმა მთავრობამ ამოისუნთქა, როდესაც პატრიარქებმა დატოვეს მოსკოვი და შინ გაემგზავრნენ, თანაც, როგორც ჩანს, მატერიალურად სრულიად დაკმაყოფილებულნი. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. მოსკოვის დატოვების შემდეგაც, პატრიარქები კვლავ მიმართავენ მეფეს, მოაგვაროს მათი სხვადასხვა საქმეები და მისცეს მათ მოწყალება", და ეს მომაბეზრებელი თხოვნები გრძელდებოდა 1667 წლის კრებიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

პროფ. ნ. კაპტერევი მოსკოვში სტუმრად მყოფ ამ პატრიარქთა შესახებ იუწყება, რომ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლელმა პატრიარქებმა ჩვენში გახსნეს მათთვის საკმაოდ არახელსაყრელი საქმე - ვაჭრობა ინდულგენციებით და ჰყიდდნენ მათ ნებისმიერ მსურველზე, თითო კაცზე თითო ინდულგენციას 20 რუბლის ღირებულებით" (1912 წლის კურსით - ბ. კ.). მაშ, რა სიმართლეს უნდა ვეძებდეთ ამგვარ პატრიარქებში? "არ არის მათში სიწმიდე, არამედ აყროლებულან თავიდან ფეხებამდე", - ნათქვამია მეფისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ სავედრებელ არზაში.

ასეთი დაქირავებული მსახურები ჰყავდა მეფეს, რომლებიც მისი მითითებით ამტკიცებდნენ საეკლესიო "რეფორმას" და ატარებდნენ მას ცხოვრებაში. დადგნენ რა მეფის გვერდით, 1667 წლის "კრების" ხელმძღვანელები სამარცხვინო ბოძზე აკრავენ რუსულ საეკლესიო გადმოცემებს, კანონგარეშედ აცხადებენ მას გონებაჩლუნგი და ცთუნებული მეფის საამებლად, რომელიც თითქოსდა ჰიპნოტურ ტრანსში იმყოფებაო, ჯიუტად ელტვოდა ილუზიას - მემკვიდრეობით მიეღო ბიზანტიის ტახტი, სათავეში ჩადგომოდა ბერძნულ-რუსულ იმპერიას და გამხდარიყო ამ ნეო-იზანტიური იმპერიის ბასილევსი.

საეკლესიო ცხოვრებაში "რეფორმის" გზით ბერძნებთან ერთფეროვნების მიღწევა, რეფორმატორთა აზრით (რა თქმა უნდა, იეზუიტების მიერ მიწოდებული იდეების მიხედვით), პირველი ლოგიკურად აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ "ბერძნული პროექტის" განხორციელების საქმეში»
(Б. Кутузов. Тайная миссия Патриарха Никона. Москва. "Алгоритм". 2007, стр. 213).


7. სიმეონ პოლოცკი

"ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობს, რუსეთის პირქუში სინამდვილის ფონზე სიმეონ პოლოცკი ნათელ პიროვნებად წარმოაჩინოს, მაგრამ ისტორიული ფაქტები ამ ვერსიის სასარგებლოდ როდი მეტყველებენ. საკმარისია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული მოღვაწე ნიკონო-ალექსეური "რეფორმის" აქტიური მონაწილე გახლდათ.

სიმეონ პოლოცკი იყო უნიატ-ბასილიანელი, იეზუიტების მოწაფე, ნიკონის "რეფორმების" მომხრე, მეფის კარის მოხერხებული ბერი და დაუოკებელი სწრაფმწერი, რომელსაც შეეძლო მოეთაფლა ყველა, - წერდა დაკვეთით, წერდა საღვთისმეტყველო თხზულებებს ლათინური სულისკვეთებით და კომედიებსაც მეფის თეატრისთვის.

მღვდელმონაზონი სიმეონ პეტროვსკი-სიტნიანოვიჩი (ბოლო მონაცემებით - სამუელ ემელიანეს ძე პეტროვსკი-სიტნიანოვიჩი) დაიბდა 1629 წელს. მისი მშობლების ვინაობა უცნობია, დაბადების ადგილი - სავარაუდოდ, ბელორუსი.

სიმეონმა განათლება მიიღო ლათინიზირებულ კიევო-მოგილიანურ კოლეგიაში, როდესაც მის მოძღვართა შემადგენლობაში იმყოფებოდა ლაზარე ბარანოვიჩი, რომელიც სიმეონს თავის მოწაფეს უწოდებდა. მან დაამთავრა ვილნოს პოლონური იეზუიტური კოლეგია" (Макарий (Булгаков), митр. История Русской Церкви. Т.12. М.,1996) (Борис Кутузов. Тайная миссия патриарха никона. Глава 9. Константинопольский синдром. Анамнез. Москва. "Алгоритм". 2007. Стр. 119).

"1664 წელს, იმის შემდეგ, რაც პოლოცკი ისევ გადავიდა პოლონეთის ძალაუფლების ქვეშ, სიმეონ სიტნიანოვიჩი გადასახლდა მოსკოვში. სიმეონ პოლოცკიმ მოსკოვში მოიტანა ლათინური განათლება და თავიდანვე მეფე სწორედ მას ავალებს, ასწავლოს მეფის საიდუმლო სამსახურის ახალგაზრდა მსახურებს ლათინური ენა, ძალიან მალე კი სიმეონი ხდება მეფის შვილების აღმრზდელი და კარის პოეტი.

სიმეონს ნიკონის "რეფორმის" მხარდასაჭერად უკვეთავენ წიგნს და ეს წიგნი - რომელმაც მიიღო სახელწოდება "სამოძღვრო კვერთხი" (Жезл правления), გამოცემულია 1666/67 წლებში. კრებაზე სიმეონმა შეასრულა საღვთისმეტყველო კონსულტანტისა და კრების ოქმების რედაქტორის უცნაური როლი.

ისტორიკოსი ს. ზენკოვსკი სიმეონის ამ საქმიანობის შესახებ წერს: "კრების "საქმეთა" მისი ჩანაწერები, რომელიც დაწერილია არა სლავური, არამედ ლათინური შრიფტით, ძალიან უცნაურ ნახევრად რუსულ, ნახევრად პოლონურ ენაზე, მოწმობს, რაოდენ შორს იყო მისგან რუსული ეკლესიის სული და ცხოვრება, რაოდენ ღრმად შეჭრილიყო მის კაზუისტურ გონებაში ადრინდელი პოლონურ-ლათინური კულტურა და კიევის აკადემიის ნახევრად პოლონური სწავლანი"
(Зеньковский С.А. Русское старообрядчество. М.,1995. С.282-283).

"სარწმუნოების სისტემატურ გადმოცემას ის წერს ლათინური სქოლასტიკური ნიმუშების მიხედვით და უწოდებს მას "სარწმუნოების გვირგვინს"; გამოსცემს საკუთარი ქადაგებების ორ კრებულს სახელწოდებებით "სულიერი ვახშმობა" (Обед душевный) და "სულიერი სერობა" (Вечеря духовная) და სხვა. ყველას მხილებაშია, ამასთან ქადაგებს განათლების აუცილებლობას და ევედრება მეფეს, გახსნას სკოლები.

პოლოცკის თხზულების "სარწმუნოების გვირგვინის" შესახებ ამბობდნენ, რომ მან მიიღო არა ნიკეის, არამედ კათოლიკური, ვითომ-მოციქულებრივი სიმბოლო, რომ ის არასწორად (როგორც ლათინები) ასწავლიდა წმიდა ძღვენის შეცვალების შესახებ ევქარისტიის საიდუმლოში (ცნობილია, რომ ლათინებს წმ. ძღვენის შეცვალების მომენტად მიაჩნიათ სიტყვები: "მიიღეთ და ჭამეთ...") (Борис Кутузов. Тайная миссия патриарха никона. Глава 9. Константинопольский синдром. Анамнез. Москва. "Алгоритм". 2007. Стр. 120).

მოკლედ, ამ "ლათინმა ბერმა მრავალს მიაღწია მეფის კარზე, რადგან უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა არა მარტო მეფის გარემოცვაზე, არამედ მის ოჯახზეც, სადაც ჯიუტად ნერგავდა დასავლური აბსოლუტიზმისა და ეკლესიაზე სახელმწიფოს პრიმატის იდეებს. მეფე თევდორე, მისი ძმა იოანე და მისი და სოფია - ყველანი პოლოცკისთან სწავლობდნენ და "მისგან პოლონურ-ლათინური განათლება მიიღეს, რომელიც მაშინ ძალზე მოდური იყო რუსეთის საზოგადოების მაღალ წრეებში"" (Знаменский П.В. История Русской Церкви. М.,1996. С. 298) (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 121).

"1676 წელს მეფე ალექსის გარდაცვალების შემდეგ ის მალევე წერს "წიგნაკს" (книжица) "მეფე ალექსი მიხეილის ძის უკანასკნელი სიტყვა უფალ ღმრთისადმი" (Глас последний ко Господу Богу царя Алексея Михайловича). მომაკვდავი მეფის პირით პოლოცკი დარიგებებსა და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს მეფის წულ თევდორეს, როგორ მართოს სახელმწიფო.

შემდგომ წიგნაკში, "კეთილხმოვანი ბარბითი" (Гусль доброгласная) პოლოცკი უკვე თავისი სახელით აძლევს რჩევებს ახალგაზრდა მეფეს და არა მარტო სახელმწიფოს მართვის, არამედ მისი პირადი ცხოვრების საკითხებშიც.

სიმეონ პოლოცკის აღზრდილი მეფე თევდორე 1680 წელს ცოლად ირთავს აგატა გრუშეცკაიას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლონურ ზეგავლენას და ზოგიერთებს აძლევს საბაბს, ამტკიცონ, რომ "მეფე მალე პოლონურ (ანუ ლათინურ - არქიეპ. პ.) სარწმუნოებასაც დაამკვიდრებს და ისე მოიქცევა, როგორც თვითმარქვია დიმიტრი" (Соловьев С. М. История России. М.,1960. Кн.7. Т. 13) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 122).

"პოლოცკის ზეგავლენით, მეფე თევდორემ მიიღო გარკვეული ზომები პატრიარქ ნიკონის რეაბილიტაციისთვის, თუმცა პატრიარქი იოაკიმე ამისი წინააღმდეგი იყო.

პატრიარქმა იოაკიმემ, რომელსაც სურდა წინააღმდეგობა გაეწია პოლოცკის პოლონურ-ლათინური ზეგავლენისთვის, 1679 წ. გახსნა სკოლა (30 მოსწავლით), რომელშიც ყველა მასწავლებელი ბერძენი იყო.

სწორედ პოლოცკის მოწაფის, მეფე თევდორეს მეფობის დროს "დაიწყეს მოსკოვში თმისა და წვერის პარსვა, პოლონური ხმლების ტარება, პოლონური და ლათინური სკოლების დაფუძნება"
(იქვე).

"სოფიას მმართველობის დროს, რომელიც ასევე პოლოცკის აღზრდილი იყო, ლათინური ზეგავლენა მოსკოვში კიდევ უფრო ძლიერდება. დიდი როლი ითამაშა ამაში ლათინთა (პაპისტთა) მეგობარმა და იეზუიტთა მფარველმა თავადმა ვ. ვ. გოლიცინმა. ეს უკანასკნელი მოსკოვში გადმობარგდა ავსტრიის საელჩოსთან ერთად, ვითომ როგორც საელჩოს წარმომადგენელი და ვაჭარი, გერმანულ სლობოდაში იყიდა სახლი, დააფუძნა იქ ლათინური ღვთისმსახურება და სკოლა, დაიწყო პროპაგანდისტული საქმიანობა. ლათინურ შეხედულებათა შესახებ დავები მას ხელს აძლევდა და საიდუმლოდ, თუმცა მთელი თავისი ზეგავლენის გამოყენებით მხარს უჭერდა პოლოცკის მოწაფეებს.

ამ უკანასკნელთა (ანუ პოლოცკის მოწაფეთა) სათავეში იდგა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მონასტრის (иконоспасский монастырь) მშენებელი სილვესტრ მედვედევი, ისეთივე კარის მონაზონი, როგორც მისი მოძღვარი, რომელიც ძლიერ იყო დაახლოებული დედოფალთან" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 122).

"ბერძნული განათლების მომხრეები მედვედევში სიმეონ პოლოცკიზე უფრო მეტ საშიშროებას ხედავდნენ. სილვესტრ მედვედევის დანიშვნა იკონოსპასკის მონასტრის მშენებლად მომავალში ლათინური განათლების სრული გამარჯვების საწინდარი შეიძლება გამხდარიყო, რადგან, როგორც ამ მონასტრის მშენებელი, მომავალში ის ამ მონასტერში გახსნილი სასულიერო აკადემიის მეთაური უნდა გამხდარიყო. ცნობილი იყო, რომ სილვესტრი მტკიცედ იცავდა თავისი მოძღვრის სიმეონ პოლოცკის ლათინურ შეხედულებებს და საერთოდ, მთელ ლათინურ განსწავლულობას" (Знаменский П.В. История Русской Церкви. М.,1996. С. 299).

"მაგრამ 1989 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სოფია ჩამოამხეს, მართლმადიდებლობამ გარეგნულად გაიმარჯვა ლათინობაზე, სილვესტრ მედვედევი შეიპყრეს და 1691 წელს სოფიასა და შაკლოვიტის საქმეში მონაწილეობისთვის დასაჯეს.

პატრიარქმა შეძლო რუსეთიდან იეზუიტების განდევნა მათი ინტრიგებისა და პროპაგანდის გამო, ასევე, სთხოვა მთავრობას, გამოეცა განკარგულება, რომელიც შეზღუდავდა უცხოელების რუსეთში შემოსვლას. ბერი ეფთვიმე წერს წიგნს "Остен", რომელშიც ამხელს ლათინთა სწავლებებს, პოლოცკისა და მედვედევის ლათინურ შეხედულებებს, ასევე, სამხრეთდასავლურ წიგნებს.

1690 წლის მოსკოვის კრებამ ანათემას გადასცა სიმეონ პოლოცკისა და სილვესტრ მედვედევის "პურთაყვანისმცემლური მწვალებლობა" და მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვიდან გაეყარათ კიეველი მეცნიერები, დაგმო ასევე მრავალი მცირერუსული წარმოშობის წიგნი, რომლებიც ლათინობისკენ იდრიკებოდა. კრებითი გმობის ქვეშ აღმოჩნდა წიგნები: პეტრე მოგილას "დიდი კურთხევანი" (Большой требник), "კონდაკნი" და "ლიფოსი", გოლიატკოვსკის "გონების გასაღები" და "მართალ მესია", ასევე ლაზარ ბარანოვიჩის "სიტყვათა მახვილი და საყვირები" და სხვა"
(Знаменский П. В. История Русской Церкви. М.,1996. С. 302).

"ლაზარ ბარანოვიჩი, 1664 წელს პაისი ლიგარიდს უგზავნის იეზუიტ ბოიმას წიგნს ძისგან სულიწმიდის გამომავლობისა და პაპის მეთაურობის შესახებ, იწვევს ლიგარიდს, წყაროებით დაამოწმოს წიგნში დამოწმებული წმიდა მამების გამონათქვამები და ამატებს: "გთხოვ, გადასცე წიგნი ღირსპატივსაცემ მამას სიმეონ სიტნიანოვიჩ-პეტროვსკის, ჩემს ცნობილ ძმას, ცნობილს თავისი განსწავლულობით. დე, გამოცადოს მასზე თავისი გონების ძალი"" ("Лазарь Баранович, посылая к Паисию Лигариду в 1664 г. книгу иезуита Боймы об исхождении Св. Духа и главенстве папы и приглашая Лигарида проверить по источникам приводимые в ней свидетельства святых отцов, присовокупил: "Прошу сообщить книгу и достопочтенному отцу Симеону Ситниановичу-Петровскому, знаменитому брату моему, известному своею ученостию, пусть испытает на ней силу ума своего"" (Макарий (Булгаков), митр. История Русской Церкви. Т.12. М. 1996) (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 123).

"ამრიგად, - წერს ბ. კუტუზოვი, - ლათინობაზე გამარჯვება იყო მხოლოდ გარეგნული, საიდუმლოდ ზეიმობდნენ იეზუიტები. რუსეთის ეკლესია გაიხლიჩა და ახლა უკვე ეს განხეთქილება იყო გასამყარებელი ისე, რომ შეუძლებელი გამხდარიყო უკუპროცესი, ამისთვის კი საჭირო იყო "რეფორმის" რაც შეიძლება ღრმად ჩანერგვა, რასაც აკეთებდნენ კიდეც ყველა შესაძლებლობით. არაერთხელ აღნიშნულა, რომ ყოველივე სიახლე, რაც კი საეკლესიო წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ხატწერაში და გალობაში დაინერგა XVII ს-ის შემდეგ, დასავლურ-კათოლიკური წარმომავლობისაა. უდავოდ, სეკულარიზაცია ობიექტური პროცესია, მაგრამ სწორედ ნიკონო-ალექსეურმა "რეფორმამ" ფართოდ გაუღო კარი მრავალ დამღუპველ სიახლეს, რომლებიც, როგორც წესი, მოდიოდა დასავლეთიდან. ამ დროიდან რუსული მართლმადიდებლობის ათქვეფა მიდის დაჩქარებული ტემპებით" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 123-124).

რუსეთის ეკლესიის განხეთქილების საქმეში სიმეონ პოლოცკის ბოლო ადგილი როდი უჭირავს. გარდა ამისა, პოლოცკი ღიად ქადაგებდა ასტროლოგიას. მეფე თევდორე ალექსის ძისადმი მიწერილ "მისალმებაში" (Приветствие) ის ზოდიაქოს ნიშნებზე მსჯელობს პტოლემეური ასტრონომიის სულისკვეთებით. სიმეონ პოლოცკის დიდი "დამსახურება" აქვს რუსული ენისთვის უცხო, სილაბური ლექსთაწყობის დამკვიდრების საქმეში.

"... ნამდვილი ძველრუსული პოეზიის გვერდით, - წერს ბ. კუტუზოვი, -  რა შეიძლება ითქვას სიმეონ პოლოცკის "თხზულებებზე" მისი "კადნიერი" პირდაპირი რითმებით, რომელიც უცხოა რუსული ხალხური კულტურისთვის? ეს გამრითმველი და, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, "მეხალტურე", რომელიც შეკვეთას თუ მისცემდნენ, წერდა, რაც გინდა და რამდენიც გინდა, ერში ნერგავდა უცხო, არამართლმადიდებლურ სტილსა და ტრადიციას. რა თქმა უნდა, მან დიდი ზიანი მოუტანა რუსულ მეტყველებას.

პირდაპირი რითმა - ეს არის ხელოვნური ელემენტი, პირობითი ფორმა, ღვთისმსახურებაში ის ყოვლად მიუღებელია როგორც თავისი "სიუხეშითა და მატერიალურობით", ასევე არაბუნებრიობით, განზრახ გაუხეშებით, მანერულობით, არასერიოზულობით. ლოცვის არსი  ღმერთთან ურთიერთობაშია და ის გამორიცხავს ყოველგვარ ფარსს, ხელოვნურობას. არავინ ჩათვლის ღირსეულად და საკადრისად რომელიმე უფროსის ან ხელმძღვანელის წინაშე დგომას და თავისი სათხოვარის წარმოთქმას გარითმული ლექსებით. მაგრამ პირდაპირი ლექსთწყობითი რითმა აღწევს სწორედ ჩვენს ღვთისმსახურებაში. ლაპარაკია ღვთისმსახურების არაწესგანგებით ფორმაზე, კერძოდ, აკაფისტოებზე, განსაკუთრებით უხეშად არის გარითმული "ვათოპედის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო, რომელსაც "ნუგეში" (Утешение) ეწოდება"
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 128).

"ძველმოწესეები, - აგრძელებს ხსენებული ავტორი, - ოფიციალურ ხელისუფლებას უთითებდნენ მათი ქმედების ალოგიკურობაზე: "თუკი თქვენმა მოძღვარმა ნიკონმა მართალი გზა გიჩვენათ, რად განდევნეთ? როდის უმხედრდებიან მოძღვარს მოწაფენი? ხოლო თუ ნიკონი ღვთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდანების მტერია, რად იცავთ მის ჭრელ კანონებს?" (Соловьев С. М. История России. М.,1960. Кн.7. Т. 13. С. 123) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 129).

ს. პოლოცკი პატრ. ნიკონის რეაბილიტაციის გზით ყოველთვის ცდილობდა აღმოეფხვრა მისთვის და რეფორმატორთათვის დასანანი ეს ალოგიკურობა. "სიმეონ პოლოცკის ზეგავლენამ ახალგაზრდა მეფე თევდორეზე ყოფილი პატრიარქის, ნიკონის რეაბილიტაციის მიმართულებით თავისი შედეგები გამოიღო. პოლოცკის ზეგავლენით 1678 წელს მან ისურვა, დაეთვალიერებინა ახალი იერუსალემი და მისივე განკარგულებით განახლდა ნიკონის მიერ დაწყებული ეს მშენებლობა. მომდევნო წელს მეფემ გადასახლებიდან დააბრუნა ნიკონთან დაახლოებული ყველა პირი, მათ შორის შუშერა, რომელიც შემდეგ სამეფო კარის დიაკვანი ხდება.

სიმეონ პოლოცკის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია, ჩვენს დროშიც კი ისტორიული ფაქტების დამახინჯებისა და ნიკონის რეაბილიტაციის მანქანა მთელი ძალით მუშაობს.

სიმეონ-ბერის "სათნოებათა" თაიგული სრული რომ იყოს, გვრჩება, დავამატოთ მხოლოდ ის, რომ ყველაფერ დანარჩენთან ერთად ის, ამავე დროს, გახლდათ ოკულტისტ-ასტროლოგი. ამის შესახებ დეტალური ცნობები შეგვიძლია ვნახოთ ა. ნ. რობინსონის ნაშრომში "სიმეონ პოლოცკი - ასტროლოგი"
(Робинсон А. Н. Симеон Полоцкий - астролог// Проблемы изучения культурного наследия. М.,1985).

პეტრეს შესახებ მასალების შემგროვებელმა პ. ნ. კრეკშინმა 1742 წელს იმპერატრიცა ელიზავეტა პეტრეს ასულს მიართვა თავისი თხზულების პირველი ტომი. ამ ნაშრომის დასაწყისში ნათქვამია, რომ ალექსი მიხეილის ძის დროს "იყო კაცი, ფრიად განსწავლული, სიმეონ პოლოცკი, რომელმაც იცოდა ვარსკვლავთ მოძრაობანი... აკვირდებოდა ამ ვარსკვლავთ მოძრაობას და მრავალი იწინასწარმეტყველა რუსეთის შესახებ" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 130).

ს. პოლოცკის ასტროლოგიურ გატაცებებზე მსჯელობს ა. ს. პუშკინიც: "მღვდელმონაზონი სიმეონ პოლოცკი და მღვდელმონაზონი დიმიტრი (შემდგომში როსტოველი მიტროპოლიტი) (დღეისთვის კარგად ცნობილი "წმ." დიმიტრი როსტოველი - არქიეპ. პ.) ალექსი მიხეილის ძის კარზე დასაქმებულები იყვნენ ასტროლოგიური დაკვირვებებითა და წინასწარმეტყველებებით" (Пушкин А. С. Поли. собр. соч. Т. 10. Цит. по: Робинсон. Указ. соч.) (ბ. კუტუზოვი. იქვე).

1671 წლის 11 აგვისტოს, "ღამით... როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძე შეერთო დედოფალს ... ნატალია კირილეს ასულს, მის წიაღში ჩაისახა იმპერატორი პეტრე და მაშინ მარსის გვერდით გაჩნდა უნათლესი ვარსკვლავი ... შეიცნო ეს ვარსკვლავი მეთვალყურემ ... და მუცელში ჩასახულ ყრმას უწოდა სახელი პეტრე" (დედანში: "в нощь, в нюже... царь Алексей Михайлович совокупися с царицею... Натальею Кирилловною, и во утробе ее... зачася император Петр, и тогда явися звезда пресветлая близ Марса... и ту звезду оный блюститель познал... и заченшемуся в утробе нарек имя: Петр") (Пушкин А.С. Поли. собр. соч. Т. 10. Цит. по: Робинсон. Указ. соч.) (ბ. კუტუზოვი. იქვე).

"აქ აღვნიშნავთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მარხვა გრძელდება 1-დან 14 აგვისტომდე (ძვ. სტილით - არქიეპ. პ.), რომლის დროსაც ეკლესია არ ასრულებს ქორწინების საიდუმლოს და მეუღლეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. გამოცდილ სასულიერო პირთა აზრით, ქრისტიანული მარხვების შეგნებული დარღვევის დროს ჩასახული ბავშვები, არ ახარებენ თავიანთ მშობლებსა და საზოგადოებას სათნო ცხოვრებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეფემ, რომელიც მხარს უჭერდა სიმეონ პოლოცკის ოკულტურ საქმიანობას, შეგნებულად დაარღვია მარხვა, რადგან ერწმუნა მის წინასწარმეტყველებებს. ცნობილია, რომ რიცხვ 11-ს ოკულტისტები მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მოვლენები ვითარდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: სიმეონი დედოფალს მძიმე მშობიარობას - "სამდღიან ჭმუნვას" უწინასწარმეტყველებს; მესამე დღეს, 1672 წლის 28 მაისს ის მიდის სასახლეში. დედოფალი ისეთ მძიმე დღეში იყო, რომ "უკვე ცხოვრებისა და წმიდა საიდუმლოთა ზიარების სასო წართმეოდა", მაგრამ ასტროლოგი შეურყეველი რჩება, "მუხლს იყრის და ღმერთს სთხოვს, რომ ჯერ კიდევ არ დაიბადოს (მეფის წული)... მაშინ დიდმა მეფემ მრისხანებით დაიყვირა: "მავნედ რად ევედრები? (Что вредно просишь?) დედოფალი უგონოდაა, თითქმის მკვდარია". სიმეონი: "თუ პირველ ნახევარ საათში დაიბადება მეფის წული, მისი წლების ხანგრძლიობა იქნება 50, ხოლო თუ მეორე ნახევარ საათში დაიბადება მაშინ 70". და სწორედ ამ ლაპარაკის დროს დაიბადა მეფის წული პეტრე" ("Аще в первом получасе, родится царевич, век его будет около 50 лет, аще во втором получасе, век его около 70 лет. И в самый тот разговор родился государь царевич Петр") (იქვე. გვ. 131). მეფე აღფრთოვანებული დარჩა და "უბოძა პოლოცკის ხავერდის შესამოსელი და სიასამურის ბეწვეული, ასევე მრავალი ოქრო ხაზინიდან"" (Пушкин А. С. Поли. собр. соч. Т. 10. Цит. по: Робинсон. Указ. соч.) (იქვე).

"ასტროლოგიით მეფე ალექსის გატაცებასა და კიდევ იმაზე, რომ ის მფარველობდა ოკულტისტებს, უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ თავში "მაცხოვრის სახელი იესუ" (ბ. კუტუზოვი ამ თემას უძღვნის ხსენებული ნაშრომის 17-ე თავს სახელწოდებით: "მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და წარმოთქმის შეცვლის შესახებ" - Об изменении написания и произношения имени Спасителя). სიმეონ პოლოცკიმ 1672 წელს პეტრეს შეუდგინა გალექსილი ჰოროსკოპი. ლექსი იწყება იმავე იეზუიტურ-პროვოკაციული იდეით, რომელიც გადმოცემულია წინასწარმეტყველების ფორმით, რომ რუსებმა თურქებისგან უნდა გაათავისუფლონ კონსტანტინოპოლი. ლექსში აღწერილია ზეციურ მნათობთა განლაგება მეფის წულის დაბადების დროს. ამ ლექსის შესახებ ასტრონომი და ისტორიკოსი პროფ. ბ. ე. რაიკოვი წერდა: "აქედან ჩანს, რომ სიმეონ პოლოცკიმ ნამდვილად შეუდგინა ახალშობილ მეფის წულს ჰოროსკოპი"" (Райков Б.И. Очерки по истории гелиоцентрического мировоззрения в России. М.- Л., 1947. С. 47.  Цит по: Робинсон. Указ. соч.) (ბ. კუტუზოვი. დასახ. შრ. გვ. 132).

"ამას აღნიშნავს ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარიც: "1672 წელს, პეტრე I-ის დაბადების დროს, სიმეონ პოლოცკიმ შეადგინა მეფის წულის ჰოროსკოპი, რომელიც შეიცავდა წინასწარმეტყველებას თურქებზე პეტრეს გამარჯვების შესახებ" (Уо Д. К. Текст о небесном знамении 1672 г.// Проблемы...)
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 132).

"ალექსი მიხეილის ძე კვლავ აღფრთოვანებული დარჩა.
ამ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებებზე წერდნენ უცხოელი დიპლომატებიც. ჰოლანდიელმა ასტროლოგებმა დაადასტურეს პოლოცკის ჰოროსკოპული პროგნოზები.

დღეისთვის ცხადია, რომ ასტროლოგებმა და მისმა ადეპტებმა იცრუეს, უკიდურეს შემთხვევაში აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით მაინც"
(იქვე).

"ამრიგად, - წერს ბ. კუტუზოვი, - ვუბრუნდებით რა ჩვენს თემას, შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო "რეფორმისა" და განხეთქილების საქმეში ოკულტისტებმა შეასრულეს არცთუ უკანასკნელი როლი. განხეთქილების უმთავრესი შემოქმედნი და აღმასრულებელნი იყვნენ ისეთი გარეწრები, როგორებიც იყვნენ სიმეონ პოლოცკი, მიტროპლიტი პავლე და მისი გარემოცვა, მეფე ალექსი მიხეილის ძე და, რა თქმა უნდა, მისი "განუყრელი" მეგობარი ნიკონი, რომლებიც ასევე გარეულნი იყვნენ ოკულტურ საქმიანობაში. ამას მივამატოთ ისიც, რომ ეპიფანე სლავინეცკი და მისი თანაშემწეები მიტროპოლიტმა პავლემ 1674 წელს საკუთარ სახლში დააბინავა.

ხოლო უმთავრეს საერო რეფორმატორად, მოსკოვის მართლმადიდებლური კულტურის დაუძინებელ მტრად და გამანადგურებლად მოგვევლინა, განხეთქილების დამასრულებელი, იმპერატორი პეტრე, - სიმეონ პოლოცკისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის ოკულტური მანიპულაციების ნაყოფი.

გასაგებია, რომ ნიკონის არა მარტო გამართლება, არამედ განდიდებაც სწორედ იმათ სჭირდებათ, ვისაც სურს რუსეთის ეკლესიის განხეთქილების გამყარება - რომ ეს განხეთქილება იყოს შეუქცევადი; ვისაც არ სურს, რუსეთის ეკლესია თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდეს ძველ ღვთისმოსაობას.

უკვე აღვნიშნეთ, რომ XVII ს.-ის 80-იან წლებში მართლმადიდებლობამ გარეგნულად თითქოსდა სძლია ლათინობას, რაც გამოიხატა რუსეთიდან იეზუიტების განდევნითა და პოლოცკის პარტიის დამარცხებით. პატრიარქი იოაკიმე გარდაიცვალა 1690 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე ადრიანე კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა ლათინობისადმი. კიეველ მასწავლებელთაგან ბევრი გაასახლეს, ბევრმა კიდევ თვითონ დატოვა მოსკოვი.

მაგრამ ლათინობა ბრძოლას სხვადასხვა მეთოდებით ეწეოდა. მოსკოველი დიაკვანი პეტრე არტემიევი, რომელიც სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა, დაბრუნების შემდეგ გატაცებით ქადაგებდა ლათინობას. 1698 წ-ს მას ხარისხი წაართვეს და გადაასახლეს სოლოვკაში. მისი დაკითხვებიდან გაირკვა, რომ თურმე რუს მოსწავლეებს დასავლეთში აიძულებდნენ, უარი ეთქვათ მართლმადიდებლობაზე; რომ იეზუიტური აღზრდა აჩვევდა მათ სიცრუეს, საკუთარი შეხედულებების დამალვას და ცრუფიცობას. ამის შემდეგ მოსკოვში უკვე აღარ ენდობოდნენ უცხოეთში აღზრდილებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესც ისინი ფიცით უარყოფდნენ ლათინობას და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შემოერთებას ივედრებოდნენ" (Знаменский П.В. История Русской Церкви. М.,1996. С. 305)
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 132-133).

"სამეფო ტახტზე პეტრე I-ის ასვლამ გაზარდა უცხოელთა ზეგავლენა რუსულ საზოგადოებაში და ძალიან მალე იეზუიტებმა გარეგნული გამარჯვებაც იზეიმეს. 1697 წ. პეტრე მითითებას აძლევს პატრიარქს, აკადემიაში მოიწვიოს კიეველი მეცნიერები, ხოლო 1700 წელს პატრიარქი უკვე იძულებულია, აკადემიის მეთაურად დანიშნოს პალადი როგოვსკი, ერთ-ერთი უცხოელი, რომელთა მსგავსებს სულ მცირე ხნის წინათ კერძო გაკვეთილების მიცემაც კი ეკრძალებოდათ. პალადი სწავლობდა უცხოეთის კათოლიკურ კოლეჯებში, სადაც, რა თქმა უნდა, როგორც მისი მსგავსი ყველა მოწაფე, დროებით უარს ამბობდა მართლმადიდებლობაზე.

მთელი ამ დროის განმავლობაში კიეველი მეცნიერები კვლავ ჩნდებიან მოსკოვში და დიდ ზეგავლენასაც ფლობენ. "მათი ლათინური განათლება გაბატონებული ხდება აკადემიაში"" (პ. ზნამენსკი. იქვე) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 133).

"განხეთქილების წამომწყებთა საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი ხდება პეტრე I. მან ცეცხლითა და მახვილით განაგრძო ნიკონის "რეფორმის" დამკვიდრება და თან ცდილობდა, აღმოეფხვრა რუსული ხალხურობა; საეკლესიო და საერო ცხოვრებაში იზრდება და იფურჩქნება სიმეონ პოლოცკის დასავლურ-ლათინური სტილი" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 133).


8. მეორეხარისხოვანი შემსრულებლები

ზემოთ ჩამოთვლილი იერარქებისა და სხვადასხვა პირთა გარდა, პატრიარქ ნიკონისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის რეფორმას ჰყავდა მეორეხარისხოვანი შემსრულებლებიც. ჩვენ მათზე დეტალურად ვერ შევჩერდებით, რადგან რეფორმის იეზუიტური და ხიბლისმიერი ხასიათი ისედაც აშკარაა. ვისაც სურს, უფრო დეტალურად გაიგოს კიდევ ვინ რა მონაწილეობა მიიღო რეფორმაში და რა ზეგავლენა მოახდინა მასზე, შეუძლია გაეცნოს ბ. კუტუზოვის ხსენებული ნაშრომის "პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია" (Тайная миссия патриарха никона. Москва. "Алгоритм". 2007). 19-ე თავს სახელწოდებით: "Второстепенные деятели реформы. В тени престола" ("რეფორმის მეორეხარისხოვანი შემოქმედნი. საყდრის ჩრდილქვეშ"). ჩვენ მხოლოდ ამ ნაშრომიდან ამოწერილი მოკლე და ზოგადი დახასიათებებით შემოვიფარგლებით.

ბოიარინი ბ. ი. მოროზოვი. "ეს იყო მეფე ალექსი მიხეილის ძის მთავარი აღმზრდელი, რომელმაც ბევრწილად განაპირობა მომავალი მეფის საქმიანობა. მარჯვედ მიმართულ აღზრდას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის ამა თუ იმ მხარეზე, მაშასადამე თვით სახელმწიფო პოლიტიკაზეც. ხალხთა მომავალ მმართველთა მომზადების საქმის მნიშვნელობა კარგად ესმოდათ იეზუიტებს და ცდილობდნენ ახალგაზრდების აღზრდა საკუთარ ხელში აეღოთ, რითაც ნებისმიერ ქვეყანაში მათთვის სასურველ მიზანს აღწევდნენ.

მეფის აღზრდის ნაყოფი იყო შემდეგი - ყოველივე ეროვნულის უგულებელყოფა და მონური ქედმოხრა ყოველივე უცხოურისადმი, მკაფიო ორიენტაცია "ბერძნულ პროექტზე" და განსაკუთრებული გულდახურულობა.

მაინც ვინ იყო მეფის ახლობელი ბოიარინი ბორის ივანეს ძე მოროზოვი, მეფის კარის ეს მარჯვე მსახური, რომელიც განთქმული იყო თავისი მიდრეკილებებით უცხოური ჩვეულებებისადმი?

მეფის კარზე მოროზოვი გამოჩნდა 1632 წელს, როდესაც მეფის წული ალექსი მხოლოდ სამი წლისღა იყო. ბოიარინ-აღმზრდელი ცნობილი გახლდათ როგორც დასავლეთუმე, მწვალებელ-უცხოელთა ახლო მეგობარი, ხარბი და ვერცხლისმოყვარე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ყმებისადმი - ეს საკმაოდ ზუსტად ახასიათებს ბოიარინ მოროზოვს.

რუსეთში თამბაქო ყოველთვის მიაჩნდათ სატანურ ბანგად და კანონითაც იყო აკრძალული, მაგრამ მოროზოვმა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ნებართვა გასცა, გაეყიდათ თამბაქო და აქცია იგი ხაზინის შემოსავლის მონოპოლიურ საქონლად. ხალხის თვალში მოროზოვი, უეჭველად იყო ერეტიკოსი.

ჯადოქრობის გამო მოროზოვის უწყების მმართველს საკმაოდ შელახული რეპუტაცია ჰქონდა ხალხის თვალში. მოსკოვში დადიოდა ხმები, რომ სწორედ ვარსკვლავთმრიცხველობისა (ასტროლოგობის) და ჯადოქრობის ცოდნის გამო მოიყვანა იგი მოროზოვმა კონსტანტინოპოლიდან, სადაც სხვადასხვა სახის მომსახურებას ეწეოდა რუს მომლოცველთა შორის და ამიტომაც, კარგად იცოდა რუსული ენაც"
(ბ. კუტუზოვი. ხს. შრ. გვ. 313-318).

სტეფან ბონიფატიევი. "XVII ს-ის ტრაგედიის ამ მონაწილის შესახებ ცნობები მწირია, მაგრამ უეჭველია, რომ მან ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშა მასში. მეფესავით და მოროზოვივით ისიც გულჩათხრობილი იყო და, საერთოდ, გულჩათხრობილობა, დაფარულობა მეფის კარის ერთგვარი სტილი გახლდათ.

სტეფან ბონიფატიევი - ხარების ტაძრის დეკანოზი, ნოვგოროდელი, მეფის მოძღვარი 1645 წლიდან 1655 წლამდე. ის ფაქტი, რომ სტეფან ბონიფატიევი მეფის მოძღვარი იყო, თავისთავად მეტყველებს თვითმპყრობელზე მის უშუალო და ძლიერ ზეგავლენაზე.

მორჩილი სულიერი შვილი ყველაფერს თავისი მოძღვრის რჩევითა და კურთხევით აკეთებს, ამიტომაც, პროფ. ნ. კაპტერევი, როდესაც ლაპარაკობს მეფის მოქმედებაზე, მასთან ერთად, ხშირად ახსენებს მის სულიერ მოძღვარ სტეფან ბონიფატიევსაც. კაპტერევის აზრით, განზრახვა, რუსული ეკლესია დაემსგავსებინათ იმდროინდელი ბერძნული ეკლესიისთვის, ეკუთვნოდა სტეფან ბონიფატიევს: "თავის პატივდებულ სულიერ მოძღვართან, ხარების ტაძრის დეკანოზ სტეფან ბონიფატიევთან ერთად, ის (მეფე) მივიდა იმ აზრამდე, რომ საჭიროა რუსეთის ეკლესიის სრული იგივეობა იმდროინდელ ბერძნულ ეკლესიასთან და უკვე ნიკონის გაპატრიარქებამდე მიიღო გარკვეული ზომები ამ აზრის განსახორციელებლად, რომლის ერთგული დარჩა თავისი ცხოვრების აღსასრულამდე" (Каптерев Н.Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Серг и-9 Посад, 1912. Т.2. С. 1; т. 1. С.V. Предисловие) (ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 319).

"როგორც პროფ. ნ. კაპტერევი იუწყება, სტეფანე ბონიფატიევი ხარების დეკანოზი გახდა არაუადრეს 1645 ან 1646 წლისა. ის ძალიან დაუახლოვდა ბოიარინ თევდორე რტიშჩევს, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. რტიშჩევი თვითონ მოდიოდა სტეფან ბონიფატიევთან: "მრავალი ღამე სტუმრობდა იგი სტეფანეს და ესაუბრებოდა მას". მეფეს დაახლოებულმა რტიშჩევმა ხომ არ გაანდო ბონიფატიევს "ბერძნული პროექტის" საიდუმლო?

ღამეული გასაუბრებების კომპანია მალე კიდევ ერთი წევრით - ნოვოსპასკის არქიმანდრიტ ნიკონით შეივსო, რომელიც მაშინ პირველად მოხვდა მეფესთან დაახლოებულთა წრეში. მეფე ალექსი მიხეილის ძე თანაუგრძნობდა მის საყვარელ მოძღვართა წამოწყებას.

ალექსი მიხეილის ძე თავისი ოჯახის გრეკოფილური ტრადიციებით იზრდებოდა, ამიტომაც რუსული ბერძნულთან ეკლესიის სრულ იდენტობას ის მიიჩნევდა თავისი მეფობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ამაში, როგორც კაპტერევი წერს, სრული მხარდაჭერა და მოწონება პოვა თავისი სულიერი მოძღვრის, სტეფან ბონიფატიევის მხრიდან, რომელიც ასევე გრეკოფილი იყო.

ნ. კაპტერევი რეფორმის პირდაპირ შემოქმედად მეფესთან ერთად სტეფან ბონიფატიევსაც  მიიჩნევს. როდესაც ლაპარაკობს სტეფანეს მიერ გამოცემული წიგნის "სარწმუნოების შესახებ" (რუს.: "Книга о вере") შესახებ, ისტორიკოსი შენიშნავს: "მას შეგნებულად სურდა, ამ წიგნით მოსკოვის მკითხველი საზოგადოება მოემზადებინა იმ აზრის მისაღებად, რომ მისი და მეფის მიერ ჩაფიქრებული იდეა - რუსეთის ეკლესია სრულიად დაემსგავსებინათ იმდროინდელი ბერძნული ეკლესიისთვის, არ უნდა იწვევდეს რაიმე გაუგებრობას, მით უმეტეს პროტესტს, რადგან ასეთი რამ სრულიად ბუნებრივი და კანონიერი მოვლენაა, რომ რუსების შეხედულებები მათი თანამედროვე ბერძნების ეკლესიაზე მცდარია, უსამართლოა და უკუგდებულ უნდა იქნას" (Каптерев. Патр. Никон и царь... Т.1. С.20)
(ციტ. ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 320).

""სარწმუნოების წიგნის" (Книга о вере) გარდა, მოსკოვში ასევე გამოიცა "კირილეს წიგნი" (Кириллова книга), პეტრე მოგილას "მცირე კატეხიზმო" (Малый катехизис) და სხვა, რომლებშიც ბერძნების შერყეული ავტორიტეტის ასამაღლებლად ბერძნულ ეკლესია წარმოჩენილი იყო დადებითი მხარით. სტეფან ბონიფატიევმა კარგად იზრუნა ამ წიგნების ფართოდ გავრცელებაზე.

პროფ. ნ. კაპტერევი წერს: "საეკლესიო რეფორმის გატარების იდეა, იმდროინდელ ბერძნულ პრაქტიკასთან ჩვენი საეკლესიო წეს-განგებების, ჩვეულებებისა და საღვთისმახურებო წიგნების გაერთიანების აზრით, ეკუთვნის არა ნიკონს, არამედ მეფე ალექსი მიხეილის ძეს და მის სულიერ მოძღვარ სტეფან ბონიფატიევს. ჯერ კიდევ ნიკონამდე პირველებმა მათ ჩაიფიქრეს საეკლესიო რეფორმის ჩატარება, ადრევე განსაზღვრეს მისი საერთო ხასიათი და ნიკონამდე დაიწყეს მისი ნელ-ნელა აღსრულება; ჯერ კიდევ ნიკონამდე მოიწვიეს მათ კიევიდან ბერძნულის მცოდნე შემსწორებლები, რომელთა დახმარებით ნიკონამდე დაიწყეს ჩვენი წიგნების გასწორება იმდროინდელი ბერძნულის მიხედვით და, რაც მთავარია, მათვე შექმნეს თვით ნიკონიც, როგორც რეფორმატორ-გრეკოფილი. ნიკონი, როგორც კი პატრიარქი გახდა, მხოლოდ იმ პროგრამასღა ასრულებდა, რომლის ზოგადი მონახაზები მას მეფემ და სტეფან ბონიფატიევმა მისცეს"
(Каптерев. Патр. Никон и царь ... Т.ლ. Предисловие. ჩ.V.) (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 321).

"ნიკონმა მხოლოდ განაგრძო ის, რასაც მის გაპატრიარქებამდე ნელ-ნელა აკეთებდნენ მეფე და სტეფან ბონიფატიევი. წიგნების "შესწორება" ბერძნული და კიევური ნიმუშების მიხედვით საკმაოდ საფუძვლიანად წარმოებდა საეკლესიო ხელისუფლებაში ნიკონის მოსვლამდეც.

მეფე და მისი სულიერი მოძღვარი სტეფანე ნიკონისგან ქმნიან გრეკოფილს და, როდესაც ის საკმარისად "მომწიფდება", სთავაზობენ მას საპატრიარქო კათედრას. რეფორმის ნამდვილი მიზნები გასაიდუმლოებული იყო, ამიტომაც რეფორმის ნამდვილი შემოქმედნი - მოროზოვი, მეფე ალექსი მიხეილის ძე და სტეფან ბონიფატიევიც ჩრდილში რჩებოდნენ. აქ მოტანილი ფაქტები ადასტურებს, რომ მეფესთან და მოროზოვთან ერთად სტეფან ბონიფატიევიც "რეფორმის" ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო" (ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 323).

ფ. მ. რტიშჩევი. "საშინაო, განსაკუთრებით ფინანსური პოლიტიკის გატარებაში არცთუ უკანასკნელი როლი ითამაშა კარისკაცმა ფიოდორ მიხაილის ძე რტიშჩევმა (1626-1673).

პარტიული კუთვნილების სული თითქმის ყოველთვის წარმოადგენდა გადაულახავ წინააღმდეგობას ისტორიისა და ისტორიულ მოღვაწეთა საქმიანობის ობიექტური გადმოცემის საქმეში. ეს შეიძლება ითქვას არა მარტო ბოლო ათწლეულებზე, არამედ რევოლუციამდელი პერიოდის მრავალ ისტორიკოსზეც. გავიდა ის დრო, როდესაც მორჩილი ნესტორები და პიმენები - ძველი ჟამთააღმწერელნი, ღვთის შიშით წერდნენ ისტორიას, რადგან ეშინოდათ შეეცოდათ ჭეშმარიტების წინაშე.

პარტიულობის სული, მაშასადამე, ტენდენციურობა მსჭვალავს ტატიშჩევის, კოსტომაროვის, კარამზინის, კლუჩევსკის და ს. მ. შოლოვიოვის ნაწერებს. XVII ს.-ის რუსეთში განხეთქილების შედეგად ჩამოყალიბდა ორი პარტია.

ნიკონო-ალექსეური "რეფორმის" მკაცრი პოლიტიკური ტაბუიზაცია დამყოლ ისტორიკოსებს თავის პირობებს კარნახობდა. გამოირიცხებოდა არა მარტო "რეფორმის" რამენაირი კრიტიკა, არამედ მასში მონაწილე პირებისაც  (ნიკონის გარდა, რომელმაც თავის პირად და ძალაუფლებისმოყვარე ამბიციებში ნებადართულ ზღვარს გადააბიჯა). ამის გამო ისტორიული პირები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ XVII ს.-ის "რეფორმასთან", ჩვენი ისტორიკოსების მიერ დამახინჯებულად, ანუ პარტიული ისტორიის ტრადიციებში არიან აღწერილნი. ამ პირთა აღწერაში ჭარბობს სახოტბო ტონი, ისტორიკოსები მათ საქებრად არ იშურებენ დადებით ეპითეტებს და არ ერიდებიან თვით ისტორიული ფაქტების დამახინჯებასაც.

პარტიული ისტორიკოსების საერთო ძალისხმევით შეიქმნა "რეფორმის" მთავარი შემოქმედის, ალექსი მიხეილის ძის ლაციცა, მოთაფლული პორტრეტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის ნამდვილ სახესთან. და თუ ამისკენ ჩვენს ისტორიკოსებს მაშინ თვითმპყრობელობისა და მონარქიზმის ჯერ კიდევ ცოცხალი იდეა უბიძგებდა, რაც ყველაზე გულმოდგინე პარტიელებში თითქმის რელიგიური დოგმატის ფორმას იღებს (ამ მოვლენის აღორძინებას ვხედავთ ჩვენს დროშიც), "რეფორმის" არაპორფირმოსილ შემოქმედთა და მოღვაწეთ პარტიული ისტორიკოსები მხოლოდ "რეფორმაში" მონაწილეობისთვის აქებენ. ამგვარი მეთოდებით შეიქმნა მეფე ალექსისსა და მისი გარემოცვის - მოროზოვის, მოძღვარ სტეფანეს, რტიშჩევისა და სხვათა ისტორიული პორტრეტები.

სწორედ ასეთი პარტიული პოზიციიდან ხატავენ გასული საუკუნეების ისტორიკოსები ფ. მ. რტიშჩევის საქებარ პორტრეტს და უწოდებენ მას "რუსი ერისკაცის უმაღლესი ზნეობრიობის იდეალს" (ნ. ნ. კაშკინი), შუქურას, რომელიც ბრწყინავს "თავისი ისტორიული სიშორიდან" და "გზას გვინათებს" (ვ. ო. კლუჩევსკი). არაზომიერ პანეგირიკებს ყოველთვის აქვ ერთი ლეიტმოტივი: "ჩვენი კაცია და როგორ არ ვიზრუნოთ მისთვის?

"თავისიანი" იყო რტიშჩევი ცნობილ იეზუიტ ი. კრიჟანიჩისთვისაც, რომელიც ცდილობდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რისთვისაც ციმბირში გადაასახლეს. ეს იეზუიტი მისიონერი, რომელმაც უნიის პროპაგანდირებისთვის თავი ტობოლსკში ამოყო, თავის წერილებში განსაკუთრებით თბილად და პირფერობით იხსენიებს რტიშჩევს. სხვათა შორის, ხალხისთვის საძულველ მოროზოვს კათოლიციზმისადმი ფანატიკურად განწყობილი კრიჟანიჩი თურქებთან ომისკენ აქეზებს, პროპაგანდას უწევს "ბერძნულ პროექტს" და უსიტყვოდ უჭერს მხარს ნიკონო-ალექსეურ "რეფორმას".

"რეფორმისთვის" მომზადება, თვით "რეფორმა", "ბერძნული პროექტი" - ეს ყველაფერი მეფის წრეში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. რტიშჩევიც, მეფესთან და სტეფან ბონიფატიევთან ერთად, საკმაოდ მოხერხებულად მალავდა თავის ნამდვილ დამოკიდებულებას "რეფორმასთან". სწორედ ფიოდორ რტიშჩევზე ამბობს კლუჩევსკი, რომ "ჩრდილში ყოფნა მისი ცხოვრებისეული ჩვეულება გახლდათ", თუმცა ეს სიტყვები შეიძლება განვაკუთვნოთ მეფის მთელ გარემოცვას"
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 324-327).

ანა, ნიკონის "მანა". "როდესაც ფ. მ. რტიშჩევზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი უფროსი და ანა მიხეილის ასული, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა ჰქონდა მეფის კარზე და ძმის სახლშიც, სადაც მას "პატივს სცემდნენ როგორც დედას". ეს ის ანაა, რომელსაც დიაკვანმა თევდორემ (ნიკონის მოწინააღმდეგემ - არქიეპ. პ.) "ნიკონის მანა" უწოდა ("Анна, никонова манна").

მაგრამ რატომ "ნიკონის მანა"? ა. ნ. რობინსონი სტატიაში "ორი რუსული ქალური ხასიათი" წერს: "არაჩვეულებრივმა გონებამ და უეჭველმა მიმზიდველობამ შესაძლებლობა მისცა მას, გამხდარიყო ნიკონის ინტიმური მრჩეველი მისი თავბრუდამხვევი კარიერის გადამწყვეტ მომენტში"
(Робинсон А.Н. Два русских женских характера. // Искусство слова. Сборник. М.197З).

ნიკონის შესახებ ამბაკუმი წერს, რომ ეს "მაწანწალა... ჯადოქარი გახდა, ისწავლა ქალებში მრუშობა ... წიგნებს დაუმეგობრდა, და სულ ზემოთ და ზემოთ მსწრაფი, ეშმაკის ატამანი გახდა" ("детинка бродяга... колдун учинился, да баб блудить научился, да... с книгою поводился, да выше, да выше, да и к чертям попал в атаманы" (Русская историческая библиотека. X.X XIX. Л. 1927 . Стлб. 894. - Цит. По: Робинсон. Указ. соч.). მაგრამ, რომელ წიგნს შეიძლება დაუმეგობრდეს ჯადოქარი, თუ არა შავს?

პატრიარქი "ფუფუნებით ცხოვრობს და ხალისიანად ხუმრობს" - წერს ადამ ოლეარიუსი (Олеарий Адам. Описание путешествия в Московию и через Московию в Персию и обратно. Спб., 1906. с. 328. - Цит. по: Робинсон. Указ. Соч.).

ამბაკუმი: "ახალგაზრდა ქალები... დარბაზებში უბილწესს თავს ევლებიან" (Аввакум, протопоп. Житие. С. 79). ა. რობინსონი: "სხვადასხვა ქალებს შორის, უეჭველად, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ანას" (Робинсон. Указ. соч.).

"ანას ზეგავლენა მეფის კარზე და ძმის სახლში 1664 წლისთვის კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ზეგავლენა მან გამოიყენა ნიკონის "რეფორმის", ლათინიზაციისა და "ბერძნული პროექტის" მხარდასაჭერად". ა. რობინსონის ცნობით, "ანას ინტიმური მეგობარი "პავლიკი" ხელმძღვანელობდა ბოიარინია მოროზოვასა და თავადის ქალ ე. ურუსოვას წამებას"
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 327-331).

ა. ლ. ორდინ-ნაშჩოკინი. "იმ დროის კიდევ ერთი დასავლეთუმე, რეფორმატორული განწყობილებების მახარობელი. დასავლეთის თავგამოდებული თაყვანისმცემელი, ამავდროულად სასტიკად აკრიტიკებდა მოსკოვურ საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებას. როგორც კლუჩევსკი შენიშნავს, მეფისადმი მიწერილი მისი მოხსენებები და წერილები სავსეა საჩივრებით მოსკოველებზე და მოსკოვურ წესრიგზე. ის ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველაფერზე წუწუნებს. ბუნებრივია, რომ მოსკოველებს შორის მას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც "უცხოელს" ეძახდნენ.

არ არის გასაკვირი, რომ იმათ, ვისაც აძაგებენ რუსები, როგორც წესი, უცხოელები აქებენ. ხოტბა-დიდებას ასხამს ორდინ-ნაშჩოკინს მეფის ექიმი სამუილ კოლინზი: "დიდი პოლიტიკოსი, ძალიან მნიშვნელოვანი და ბრძენი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ტოლს არ უდებს ევროპელ მინისტრებს" (Чистякова Е.В., Галактионов И.В. А.Л. Ордин-Нащокин // Око всей великой России (из истории дипломатии). Сборник. М.,1989. С. 108).

"ორდინ-ნაშჩოკინს - თავისი ნატურით რეფორმატორს, კლუჩევსკიმ "რუსი რიშელიე" უწოდა. მაშ, განა საფიქრებელია, ასეთ ადამიანს მონაწილეობა არ მიეღო "ბერძნულ პროექტში" და ნიკონო-ალექსეურ "რეფორმაში"? მით უმეტეს, რომ შემდეგ, დიდების სხივით შემოსილი, მეფის უზომო ნდობით სარგებლობდა. ალექსი მიხეილის დროს ნაშჩოკინი არის მხედართმთავარი, დიპლომატი, დუმის ბოიარინი, 1667 წ.-ს ის, როგორც თანამედროვე ისტორიკოსები წერენ, ფაქტობრივად, მთავრობის მეთაური ხდება. მოკლედ, ეს იყო მეფის მორიგი რჩეული, განსაკუთრებულად საყვარელი ადამიანი (როგორც ვხედავთ, მეფის საყვარელი და რჩეული ადამიანები - ყველანი დასავლეთუმეები და ანტინაციონალები არიან).

კნეინა ზინაიდა შახოვსკაია წერს, რომ "დასავლურ გავლენათა ურყევი მომხრე" გახლდათ პირველი რუსი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და საგზაო კავშირების მინისტრი. დასავლურად მოაზროვნე კნეინა წუხს, რომ ისტორიკოსთაგან არავინ არ გააშუქა ჯეროვნად ამ პიროვნების მოღვაწეობა (Шаховская З. Трагедия Петра и трагедия России.// Литературная Россия.1989, N 221). მაგრამ, თუ ღრმად გავაანალიზებთ, შეიძლება ამოტივტივდეს ისეთი რამ, რასაც პარტიული ისტორიკოსი ჯობს არ შეეხოს, მაგალითად, ნაშჩოკინის ნამდვილი როლი ნიკონო-ალექსეურ "რეფორმაში".

სწორედ ორდინ-ნაშჩოკინი ათამაშებს "თურქულ კარტს", მოუწოდებს ოტომანთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ, რისთვისაც მეფეს პირველ ნაბიჯად რუსულ-პოლონური ზავის დამყარებას სთავაზობს. იყო თუ არა ნაშჩოკინი უნიატი ან ფარული კათოლიკე, ამის შესახებ პარტიული ისტორია დუმს, მაგრამ "თურქული კარტი" ლაკმუსის ქაღალდივით აჩენს მის ნამდვილ დაინტერესებაზე "ბერძნული პროექტისადმი", რომლის ერთ-ერთი შემოქმედი, ალბათ, თვითონაც გახლდათ.

რუსეთის ჩათრევა თურქეთთან ომში მსოფლიო პოლიტიკაში იეზუიტების ოდითგანდელი სტრატეგიული დოქტრინაა. ბიზანტიის ტახტი, როგორც ყალბი სატყუარა რუსეთის მეფისთვის, და თვით მთელი "ბერძნული პროექტიც" მისი ბერძნული ნიმუშის ლათინიზებული რეფორმით კარგად ეწერება ამ დოქტრინაში. ა. ვ. ორდინ-ნაშჩოკინმა ბევრი გააკეთა ამ პროგრამის რეალიზაციისთვის, ამიტომ ხომ არ შერაცხა პარტიულმა ისტორიამ იგი XVII ს-ის რუს მოღვაწეთა შორის?

მართლმადიდებლობის ლათინიზაციას ვატიკანი ეწევა ეტაპობრივად: კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შეუდგნენ ბერძნული ეკლესიის რღვევას მასში იეზუიტების აგენტების ჩანერგვით; შემდეგ უკრაინის ეკლესიის ჯერი დგება პეტრე მოგილას რეფორმებით უკვე ლათინიზებული ბერძნების ყაიდაზე; და ბოლოს, რუსეთის ეკლესია ნიკონო-ალექსეური "რეფორმის" გზით უკრაინელების ყაიდაზე უკრაინელებისვე ხელით (აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ იეზუიტების აგენტი გახლდათ საქართველოს რუსულ ყაიდაზე გადამკეთებელი კათალიკოსი ანტონ პირველი. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც მკაფიოდ ისახება ბ. კუტუზოვის მიერ მხილებული იეზუიტური პროგრამის არსი. ამის შესახებ უფრო დეტალურად უკვე ითქვა წინამდებარე წიგნის ერთ-ერთ თავში "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი - ანტონ პირველი კათალიკოსი").

ყოველივე ამის შემდეგ მართლმადიდებლობის გაუსახურების შემდგომი პროცესი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს. კათოლიციზმის საბოლოო მიზანი იგივეა - უნია და ყველას თავმოყრა რომის პაპის მეთაურობის ქვეშ. ანტიეკლესიის მიზანი ყველასთვის გასაგებია"
(ბ. კუტუზოვი. იქვე. გვ. 332-336).

ა. ს. მატვეევი. "მეფის კიდევ ერთი საყვარელი რჩეული, დასავლეთუმე და ანტინაციონალი არტამონ სერგის ძე მატვეევი დაიბადა 1625 წელს. 13 წლის ასაკიდან მეფე ალექსი მიხეილის ძესთან ერთად იზრდება მეფის კარზე, ანუ პროდასავლური სულისკვეთებით. 1672 წ. მეფის კარისკაცად დანიშნეს, ხოლო 1675 წელს აზნაურობა უბოძეს. ორდინ-ნაშჩოკინის გადადგომის შემდეგ ის ხდება მცირე რუსეთის პრიკაზის ხელმძღვანელი და განაგრძობს რეჩ-პოსპოლიტასთან დაახლოების მისეულ სტრატეგიას.

ყოველივე დასავლურის თავგამოდებული თაყვანისმცემლის, მეფე ალექსი მიხეილის ძის დავალებით, ა. ს. მატვეევი აფუძნებს მეფის კარის რუსულ თეატრს. ჩვენი აღფრთოვანებული "განმანათლებლების" აზრით, ეს უდიადესი მოვლენა მოხდა 1672 წელს, თვით სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის გახსნამდე, რაზეც სარკაზმით შენიშნავს ს. მ. სოლოვიოვი: "ა. ს. მატვეევის "კომედიური ჯგუფი" ("კომედიანტები"), რომელიც უცხოელების დახმარებით შეიქმნა გერმანულ სლობოდაში, შემდეგ კი იზმაილოვოს მეფის საზაფხულო რეზიდენციაში, თავის "საგანმანათლებლო" მოქმედებას იწყებს "ესთერისა" და "ივდითის" ძველაღთქმისეული არაკანონიკური წიგნების პროპაგანდით.

არტამონ მატვეევზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ცნობილმა ავანტიურისტმა, ვოლოხელმა ბერძნემა, პოლიტიკური ინტრიგების გამო თავისი სამშობლოდან გამოძევებეულმა, მოლდაველების მიერ ცხვირწაჭრილმა სპაფარიუს მილესკუმ, რომელმაც თავშესაფარი და მფარველობა სწორედ მეფე ალექსი მიხეილის ძის კარზე პოვა.

აი, როგორ აღწერს ს. მ. სოლოვიოვი მატვეევის დაცემის ისტორიას: "მკურნალმა დავიდ ბერლოვმა მოახსენა, რომ მატვეევთან ის მკურნალობდა მის კაცს, ვინმე კარლ ზახარის, რომელმაც მას უთხრა, რომ უფლისგან არის გვემული და დასნებოვნებული. ერთხელ მან დარბაზის ბუხიდან გამოიტანა შავი (მაგიური) წიგნი, რომელსაც ექიმთან ერთად სტეფანეც კითხულობდა; ამ კითხვის დროს ეწვივნენ მათ ბოროტი სულები და აუწყეს იქვე მესამე კაცის არსებობა; მატვეევი წამოხტა, იპოვა მესამე კაცი ბუხრის უკან, ჩამოხია სამოსი, ასწია, მიწას დაანარცხა, ფეხებით გაქელა და დარბაზიდან ცოცხალ-მკვდარი გააძევა. ბერლოვი ამატებს, რომ საკუთარი თვალით ნახა როგორ კითხულობდნენ ოთახში ჩაკეტილი მატვეევი და ექიმი თარჯიმან სპაფარიუსთან ერთად იმ შავ წიგნს. სპაფარიუსი ამ წიგნის მიხედვით ასწავლიდა მატვეევსაც და მის შვილს ანდრიასაც" (Соловьев С. М. История России. M.,1961. Кн. У. Т.1З).

ამ განცხადებას მკაცრი გამოძიება მოჰყვა. ზახარკა აწამეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც თავისაზე იდგა. მატვეევი ზახარკას და მკურნალ ბერლოვის ჩვენების საფუძველზე დამნაშავედ აღიარეს და შვილთან ერთად 1676 წელს პუსტოზერსკში გადაასახლეს.

ისტორიული ფაქტები მოწმობს, რომ ოკულტიზმითა და ასტროლოგიით გატაცებული იყო მეფე ალექსიც. და თუ ასეა, ნუთუ მას ჩამორჩებოდა მისი განუყრელი მეგობარი ნიკონი? დეკანოზი ამბაკუმი პირდაპირ ამბობს ნიკონზე, რომ ეს "მაწანწალა... ჯადოქარი გახდა". მეფე ალექსი მიხეილის ძემ გარს შემოიკრიბა გარკვეული ორიენტაციის საზოგადოება - ავანტიურისტები, ჯადოქრები, ევროპელი და ბერძნული აღმოსავლეთის არამზადები, რომლებმაც მყუდრო თავშესაფარი პოვეს მის კარზე. მათ შორის იყვნენ უნიატი სიმეონ პოლოცკი, ფარული იეზუიტი პაისი ლიგარიდი, მილესკუ სპაფარიუსი და სინდისგარეცხილი ბერძენი არქიმანდრიტი დიონისე და სხვა. რუსებისგან, ვინც მეფემ დაიახლოვა, ყველანი ანტინაციონალები და დასავლეთუმეები იყვნენ.

ისტორიკოსი ნ. მ. როგოჟინი წერს, რომ ა. ს. მატვეევი მეფის "უსაყვარლესი მეგობარი" გახდა, რასაც ხელს უწყობდა მისი "გატაცება უცხოური სიახლეებით", სწორედ ამ თავისებურებამ მიიქცია მეფის ყურადღებაც (Рогожин Н.М. А.С Матвеев. // Око ... С.147)
მატვეევის სახლი მოწყობილი იყო ევროპულად უცხოეთიდან ჩამოტანილი სურათები, საათები და სხვადასხვა ნივთები ამშვენებდა. ის ხშირად სტუმრობდა უცხოელებსაც. ამ სახლის ატმოსფეროში გაატარა თავისი ბავშვობა და სიყმაწვილე ნ. ნარიშკინამ, პეტრე პირველის მომავალმა დედამ.

როგორც ნ. როგოჟინი წერს, XVII ს-ის 70-იან წლებში ქვეყანას ფაქტობრივად ა. ს. მატვეევი ხელმძღვანელობდა: "ა. ს. მატვეევის გავლენა და ავტორიტეტი სახელმწიფოებრივ საქმეებში უსაზღვრო იყო. მასთან იყრიდა თავს რუსეთის მმართველობის ყველა სადავე... მეფის მთავრობის ყველა განკარგულება ამგვარი ფორმულირებით გამოდიოდა: "დიდი ხელმწიფის განკარგულებითა და ბოიარინ არტემონ სერგის ძე მატვეევის ბრძანებით" (Рогожин. Указ. соч. С. 173).

სწორედ 70-იან წლებში მეფის გარემოცვის ძალისხმევით და შედეგად, უპირველეს ყოვლისა, ა. ს. მატვეევის ჩარევით, "რეფორმა" ცხოვრებაში აქტიურად ინერგებოდა. მიმართავდნენ ყველა ღონეს, რათა ეს "რეფორმა" შეუქცევადი გამხდარიყო. სწორედ ამ წლებში, 1666/67 წლების ყაჩაღთა კრების შემდეგ, რუსეთის ეკლესია და საზოგადოება მიყვანილი იქნა განხეთქილებამდე, რომლის უმთავრესი შემოქმედი და აღმასრულებელი ა. ს. მატვეევი გახლდათ"
(ბ. კუტუზოვი. დასახ შრ. გვ. 336-341).  

<<<

5

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика