აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II.VII. ყაჩაღთა კრება - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

patriarqi nikoni

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი VII
___________________________________________________________________________________________________________________________________

ყაჩაღთა კრება


პატრიარქ ნიკონის რეფორმებთან დაკავშირებით ხშირად შევხვდებით მტკიცებას, რომ საწესჩვეულებო ცვლილებები დამტკიცებულ იქნა 1667 წლის რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის კრებაზე, რომელსაც აღმოსავლეთის იერარქებიც ესწრებოდნენ, მაგრამ ამგვარი "არგუმენტის" მომხრეებს ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ შფოთი და არეულობა ეკლესიაში ნიკონმა შეიტანა ამ კრების მოწვევამდე. დეკანოზ ამბაკუმისა და ნიკონის რეფორმების სხვა მოწინააღმდეგეთა პროტესტი გამოიწვია არა მხოლოდ ძველბიზანტიურ საეკლესიო გადმოცემათა შეცვლამ ახალბერძნული, ეკლესიისთვის მანამდე უცნობი და მიუღებელი წესებით, არამედ თვით ნიკონის ერთპიროვნულმა, არაკრებითმა ბრძანებებმა ამ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"ნიკონის ნამდვილი სიახლე, - წერს ძველმოწესეობის ერთ-ერთი თანამედროვე მკვლევარი ა. კატუნსკი, - ჯვრის ფორმისა და მეტანიების შეცვლაში კი არ მდგომარეობდა, არამედ მის მიერ საეკლესიო საქმეების წარმართვისთვის გამოყენებულ მეთოდებში. თავდაპირველად (ე. ი. რეფორმების დასაწყისში - არქიეპ. პ.) საკულტო სიახლეები კრებითად კი არ იქნა შემოტანილი, არამედ პატრიარქის ერთპიროვნული განკარგულებით. თავისი "Память"-ით (6)
ნიკონმა პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ეკლესიის კრებითობას, ადგილობრივი საეკლესიო ხელისუფლების ავტონომიურობას და რუსული მართლმადიდებლობის სხვა საფუძვლებს... ნიკონის სწორედ ამ პრეტენზიამ - ერთპიროვნულად ემართა ეკლესია - გამოიწვია პროტესტის ქარიშხალი ამბაკუმისა და მის თანამოაზრეთა მხრიდან" (Катунский А. Е. Старообрядчество. М. 1972 г. Цит. История Русской Православной Цекрви. Новый патриарший период. Т. 1. 1917-1970 гг. Гл. 20. Русская Православная Старообрядчесая Церковь. Годы 1917-1996, стр. 708).

ზემოთ თქმულის საუკეთესო დადასტურებაა 1971 წლის 31 მაისის რუსეთში გაბატონებული ნიკონიანურ-რეფორმატორული ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე
(7) ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მიერ წაკითხული მოხსენება, რომელშიც ნათქვამია:

"პატრიარქი ნიკონი, ცვლიდა რა რუსულ საღვთისმსახურებო წესებსა და საეკლესიო ჩვეულებებს მისი თანამედროვე ბერძნული ნიმუშების მიხედვით, გამომდინარეობდა ცდომილი აზრიდან, რომ "ჩვენსა და ბერძნებს შორის არსებული სხვაობანი (საეკლესიო წესებსა და ჩვეულებებში - მიტრ. ნიკოდიმოსი) რყვნის ჩვენს სარწმუნოებას", რის გამოც ამ სხვაობათა აღმოფხვრას თვლიდა ისეთივე აუცილებელ საქმედ, როგორც "მართლმადიდებლობის გაწმენდას მწვალებლობებისა და ცთომილებებისგან". აქედან მომდინარეობდა სასტიკი და ნაჩქარევი ნგრევა რუსული საეკლესიო ჩვეულებებისა, რომელსაც პატრიარქი აღსაყდრებისთანავე შეუდგა. 1658 წელს (აქ, როგორც ჩანს, ბეჭდვითი შეცდომაა, უნდა ეწეროს 1653 წელს - არქიეპ. პ.), დიდი მარხვის წინ, პატრიარქმა ნიკონმა მოსკოვის ეკლესიებს დაუგზავნა "Память"-ი, ანუ განკარგულება, სადაც ნაბრძანები იყო წმ. ეფრემ ასურელის ლოცვის "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო" კითხვის დროს გაეკეთებინათ მხოლოდ 4 დიდი და 12 მცირე მეტანია. ასევე პირჯვარი გადაეწერათ სამი თითით.

-------------------

6.
ძველად, რუსეთში "Память"-ს უწოდებდნენ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეს. ნიკონის "Память"-ში იგულისხმება ჩვენამდე არმოღწეული ჩანაწერის ორიგინალი, რომელიც 1653 წ.-ის დიდმარხვაში დააგზავნა პატრიარქმა მოსკოვის სამრევლოებში. ამ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში ნიკონმა ერთპიროვნულად გამოაცხადა, რომ ორი თითით პირჯვრისწერის წესს ცვლიდა სამი თითით; ასევე, გააუქმა წმ. ეფრემ ასურელის სადიდმარხვო ლოცვაში დიდი მეტანიები. "По преданию святых апостол и святых отец не пордобает во церкви метания творити по колену, но в пояс бы вам творити поклоны, ещеи тремя персты бы есте крестилися" ("წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემით არ შეიძლება ეკლესიაში მეტანიების მუხლმოყრით შესრულება, არამედ ჰქმენით წელამდე მეტანიები, და კიდევ პირჯვარი დაიწერეთ სამი თითით"). პატრ. ნიკონის განკარგულება კანონიკური სამართლის ყველა ნორმის დარღვევის გაუგონარი მაგალითია ქრისტეანული ეკლესიის ისტორიაში; ასევე ეწინააღმდეგებოდა ეს განკარგულება (მოსკოვის) 1551 წლის "ასმუხლიან" კრებას, რომელმაც კრებითად დაადგინა: "Иже кто не знаменается двема персты якоже и Христос, да есть проклят" (ამ ფორმულირების ძველქართული შესატყვისია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა ვითარ-იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ". არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". იხ. ზემოთ. წინამდებარე წიგნის მეორე ნაწილში პირჯვრისწერის შესახებ). თუ როგორი შთაბეჭდილება დატოვა რუს საზოგადოებაზე ამ "Память"-მა, ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს დეკანოზ ამბაკუმის გამონათქვამი: "Видим, яко зима хощет быти: сердце озябло и ноги задрожали" (Старообрядчество: лица, события, предметы и символы. Опыт энциклопедического словаря "Церковь". Статья "Память". Москва. 1996 г., стр. 214).

7. ამ კრებაზე მოეხსნათ ყველა ანათემა და წყევლა-კრულვა ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, რომელიც "დაადო" მათ 1667 წლის მოსკოვის კრებამ იეზუიტ პაისი ლიგარიდისა და სხვა პატივაყრილ "პატრიარქთა" მეთაურობით. ხოლო ძველი საეკლესიო ჩვეულებები, რომლებიც პატრიარქმა ნიკონმა ცვალა რეფორმის პროცესში, სრულიად მაცხოვნებლად გამოცხადდა.

-------------------

პატრიარქ ნიკონის ამ ერთპიროვნული და სრულიად არამოტივირებული განკარგულებით უქმდებოდა წმ. ეფრემ ასურელის ლოცვის კითხვის დროს დაწესებული 16 დიდი მეტანიის შესრულების ჩვეულება და ორი თითით პირჯვრისწერის წესი. ამ უკანასკნელს, ანუ ორი თითით პირჯვრისწერას, ამაგრებდა მოსკოვის "ასმუხლიანი" კრების (1551 წ.) ავტორიტეტი, რომელმაც ყველა რუს მართლმადიდებელს დაუკანონა პირჯვრისწერა მხოლოდ ორი თითით. ბუნებრივია, რომ პატრიარქ ნიკონის ასთ განკარგულებას წინ აღუდგა რამდენიმე გავლენიანი სასულიერო პირი: კოლომნის ეპისკოპოსი პავლე, დეკანოზები იოანე ნერონოვი, ამბაკუმი, დანიელი, ლონგინოზი და სხვები. მათი ასეთი რეაქცია სრულიად კანონზომიერი იყო, რადგანაც პატრიარქ ნიკონს, თავისი მდგომარეობისა და საპატრიარქო უფლებამოსილების მიუხედავად, უფლება არ ჰქონდა, ერთპიროვნულად გაეუქმებინა ასმუხლიანი კრების დადგენილება ორი თითით პირჯვრისწერასთან დაკავშირებით" (Доклад митპополита Ленингპадского и Hовгоპодского Hикодима на Поместном Собоპе 31 мая 1971 года).

"მოსკოვის 1667 წლის კრებამ ანათემას გადასცა და დაწყევლა ძველმოწესეები იმ არასწორი შეხედულებიდან გამომდინარე, თითქოსდა ძველი რუსული (იგივე ძველბიზანტიური - არქიეპ. პ.) წეს-ჩვეულებები მწვალებლური იყო" (Об отмене клятв на старые обряды. Доклад митპополита Ленингპадского и Hовгоპодского HИКОДИМА на Поместном Собоპе 31 мая 1971 года) (http://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=328).

იგივე უნდა ითქვას 1654-1656 წლების კრებებზეც, რამეთუ დღეისთვის ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის მიერ აღიარებულია, რომ კრებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, გაეუქმებინა ძველი საეკლესიო წესები. "უნდა ვაღიაროთ, რომ - აცხადებს, მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი, - ამ კრების მიერ (იგულისხმება 1656 წ. კრება - არქიეპ. პ.) ორი თითით პირჯვრისწერის გასაუქმებლად მოხმობილი მიზეზები მეტად საეჭვოა, შედეგად, სრულიად უსაფუძვლოა ის წყევლაც, რომელსაც შეუყენეს ძველმორწმუნენი. რუსეთის საეკლესიო ისტორიის მიუკერძოებელი შესწავლა მოწმობს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა მართლმადიდებელი რუსი ადამიანებისთვის... ყოველთვის იყო, არის და უეჭველად დარჩება ისეთ საეკლესიო ჩვეულებად, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოების გამომხატველია" (იქვე).

რაც შეეხება 1654-1656 წლების კრებებს, პროფ. ნ. კაპტერევის მტკიცებით "... არც ისინი ყოფილა რუსეთის მთელი ეკლესიის თავისუფალი ხმის გამომხატველნი", 1656 წლის კრებასთან დაკავშირებით კი ის წერს, რომ ეს იყო ნიკონის განსაკუთრებული, პირადი საქმე, რომელიც მოქმედებდა მოსკოვში მოწყალებისთვის შემთხვევით შემოსული ანტიოქიის პატრიარქ მაკარის ხელმძღვანელობით, რამეთუ კრების ზოგიერთი წევრი სრულებითაც არ ამართლებდა ნიკონის მიერ რუსული საეკლესიო წესებისა და ჩვეულებების ნგრევას და, თუ ისინი აშკარად არ აუმხედრდნენ მას, მხოლოდ და მხოლოდ ნიკონის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების შიშით, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უშვებდა რაიმე საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. ეს ცხადი გახდა ეპისკოპოს პავლე კოლომნელის მაგალითით. კოლომნისა და კაშირის ეპისკოპოსმა პავლემ (გარდ. 1656 წ. 3 აპრილს) გაბედა, აშკარად დაეჭირა მხარი ძველი ღვთისმოსაობის დამცველთათვის და ღიად გაელაშქრა ნიკონის მიერ შემოტანილ სიახლეთა წინააღმდეგ; იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ სიახლეებისკენ ვერ მიდრიკეს. მაშინ ნიკონმა ერთპიროვნულად აჰყარა მას სასულიერო ხარისხი და ონეგის ტბაზე გადაასახლა, პალეოსტროვის მონასტერში. მცირეოდენი თავისუფლების მიღებისთანავე ეპისკოპოსმა პავლემ კვლავ დაიწყო ადგილობრივ ქრისტეანთა დარწმუნება, დარჩენილიყვნენ წმ. მამათა გადმოცემების ერთგულნი. იგი მოგვიანებით გადაიყვანეს უფრო მკაცრ მეთვალყურეობაზე ნოვგოროდის ხუტინსკის მონასტერში, სადაც მოკლეს კიდეც.

1666-1667 წლის მოსკოვის კრებაზე ყოფილი პატრიარქი ნიკონი ეპისკოპოს პავლეს კრების გარეშე, ერთპიროვნულ გასამართლებასა და პატივის აყრაში დაადანაშაულეს. "შენ კი, ნიკონ, - ნათქვამია საკრებო განჩინებაში, - კოლომნის ეპისკოპოსი პავლე კრების გარეშე, განწესებათა საწინააღმდეგოდ, დაამხე, შეურაცხყოფა მიაყენე და გადაასახლე, სადაც აწამე, ამიტომაც ეს დამხობა მკვლელობად ჩაგეთვლება" ("Да ты же, Никон, коломенского епископа Павла без собора, вопреки правил, низверг и обругал и сослал его в ссылку и там его умучил, и то тебе низвержение вменится в УБИИСТВО") (Старообрядчество: лица, события, предметы и символы; опыт энциклопедического словаря. "Церковь". Москва. 1996 г., стр. 206).

რაც შეეხება ანტიოქიის პატრიარქ მაკარის, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ერთგვარ ავტორიტეტად ესახებათ, ისიც (რეფორმის სხვა "შემოქმედის", ალექსანდრიის პატრიარქ პაისისთან ერთად) კრებითად დამხობილი გახლდათ თავისი პატივიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და სხვა იერარქების მიერ და სხვას ეპყრა მისი კათედრა. ეს ფაქტი გამომჟღავნდა  1667 წელს, რეფორმებისა და ძველმორწმუნეთა წყევლა-კრულვის იმ "დამაგვირგვინებელ" კრებაზე, სადაც ძველი საეკლესიო წესების მწვალებლურად გამოცხადებისა და მათი მიმდევრების "შეჩვენების" შემდეგ კრება თვით პატრიარქ ნიკონის გასამართლებას შეუდგა. აქ არ დავიწყებთ იმ მიზეზების გადმოცემას, თუ რატომ გაასამართლეს ნიკონი 1667 წელს, რადგანაც ეს ცნობილი ფაქტია და თანაც სცილდება ჩვენი პოლემიკის საზღვრებს; ჩვენს ყურადღებას აქ იპყრობს ერთი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი: ნიკონმა კრებისა და მეფის წინაშე გამოაცხადა, რომ ალექსანდრიის პატრიარქი პაისი და ანტიოქიის პატრიარქი მაკარი კათედრებიდან ჩამომხობილი "პატრიარქები" იყვნენ და მისი (ანუ პატრ. ნიკონის) გასამართლების უფლება არ ჰქონდათ.

"ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ უნდა შეშფოთებულიყო ჩვენი მთავრობა, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - როდესაც ნიკონისგან ესმა, რომ რუსეთის საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად და მათ (ე. ი. "ძველმოწესეების" - არქიეპ. პ.) გასასამართლებლად ჩამოსული პატრიარქები იყვნენ არა ნამდვილი, არამედ გადაყენებული იერარქები". ჭორები დამხობილ პატრიარქთა შესახებ მართალი აღმოჩნდა, რასაც ისინი თვითონაც ვერ უარყოფდნენ" (Проф. Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и Царь Алексей Михайлович. Москва. 1996 г. Т. 2, стр. 470-471).

ზემოთ უკვე ვნახეთ, ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ რუსეთის მთავრობა როგორ აქტიურად ცდილობს, თვით ამ დამხობილ პატრიარქებთან მოთათბირებით როგორმე დაუბრუნოს მათ თავიანთი კათედრები. (იქვე. გვ. 475-480).

დიდი მცდელობების შემდეგ, მეფემ თავიანთ კათედრებზე აღადგენინა პაისი და მაკარი (იქვე. გვ. 486-489). თუმცა პაისი ლიგარიდი აღდგენის შემდეგ კვლავ აკრძალეს. ამჯერადაც დაფაცურდა მეფე ალექსი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. დოსითეოს პატრიარქი ისე გარდაიცვალა, რომ ლიგარიდი არ აღუდგენია. "ის გარდაიცვალა იმ მტკიცე შეხედულებით, რომ ლიგარიდი იყო ლათინელი". ეს შეხედულება დოსითეოსმა მტკიცე და ურყევად გამოხატა "იერუსალიმის პატრიარქთა ისტორიაში". ჩამოთვლის რა ბერძენ საეკლესიო მწერლებს, დოსითეოსი ლიგარიდის შესახებ წერს: "28-ე (მწერალი) არის პაისი ლიგარიდი, ხიოსელი, ლათინთა ერთგული. მან დაწერა საღმრთო ლიტურგიის განმარტება, მაგრამ რომის ეკლესიის სიახლეთა სასარგებლოდ". მანვე დაწერა თხზულება "... ფოტის წინააღმდეგ და დაიცვა პაპის ძალაუფლება... კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ და ნექტარი იერუსალიმელმა ის (პაისის თზულება - არქიეპ. პ.) გადასცეს ანათემას, ხოლო ლიგარიდი ეკლესიიდან მოიკვეთეს, როგორც ერეტიკოსი" (იქვე. გვ. 512. სქოლიო).

ამრიგად, მკითხველს ვრცელი ცნობების დამოწმებით რომ თავი არ შევაწყინოთ, მოკლედ ვიტყვით: ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო მეფე ალექსი მიხეილის ძისა და პატრიარქ ნიკონის მიერ გატარებული "რეფორმების" შემაჯამებელ 1667 წლების კრებას არათუ რაიმე ავტორიტეტი არ შეიძლება ჰქონდეს, არამედ მიუღებელია მისი მართლმადიდებლურობაც კი, რამეთუ:

1. მწვალებლობად გამოაცხადეს სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემები და დასწყევლეს მათი დამცველები
(ე. ი. მართლმადიდებლები).

2. კრების ორგანიზებასა და საეკლესიო რეფორმის გატარებაში უმთავრეს და ხელმძღვანელ როლს თამაშობდნენ პატივაყრილი, საკუთარი კათედრებიდან დამხობილი და ანათემირებული მღვდელმთავრები.

ასეთი კრებები მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში
ყაჩაღთა კრებად არის სახელდებული.

ფრიად საგულისხმოა და ნიშანდობლივი, რომ ნიკონმა თვითონაც დაწყევლა 1667 წლის კრება და მის მოწინააღმდეგეებს მარადიული სიკვდილი უწინასწარმეტყველა.

"1660 წელს მეფე ალექსიმ მოიწვია კრება, რათა ნიკონის სანაცვლოდ ახალი პატრიარქი აერჩიათ, გაცოფებულმა ნიკონმა ის წყევლა-კრულვითა და ლანძღვა-გინებით "შეამკო" და "იუდეველთა და ეშმაკთა საკრებულო" უწოდა. აღდგომის სახელობის მონასტრის უკანონო მიტაცების შემდეგ (1663 წ. 25.6), სადაც ის ხელდასხმებსაც აღასრულებდა, ყოფილმა პატრიარქმა ნიკონმა პარაკლისი აღავლინა ცხოველმყოფელი ჯვრის მიმართ, წაიკითხა 68-ე და 108-ე ფსალმუნები, რომლებიც წმ. ათანასეს განწესებით იკითხება მაშინ, როდესაც განიცდიან ძალადობას" (იხ. Русь пред вторым пришествием. Изд. Второе, исправленное и дополненное. Житомир. 1995 г., стр. 34). მაგრამ, "მეფისა და მთელი მისი ოჯახისადმი ნიკონის წყევლა იყო რაღაც უცნაური და ატარებდა ერთგვარ მაგიურ ხასიათს. ის ატარებდა განსაკუთებულ პარაკლისს, თანაც ამ დროს მეფის ერთ-ერთი სიგელი ამოსდო ჯვრის ქვეშ და დააბრძანა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეკლესიის შუაში. პარაკლისის დამთავრების შემდეგ ნიკონმა წარმოთქვა წყევლა, რომელიც გამოკრიბა 108-ე ფსალმუნიდან და, რომელიც ეხება იუდა გამყიდველს. ძველ დროში სხვადასხვა ჯურის მისნები და ჯადოქრები შურისძიების მიზნით თავიანთი კრულვებისა და წყევლებისთვის სწორედ ამ ფსალმუნს იყენებდნენ. ნიკონმა მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა მათი მაგიური პრაქტიკა, ბრძანებს ახალმოწესე "მიტროპოლიტი" მაკარი თავის "რუსეთის ეკლესიის ისტორიაში"" (იხ. Митр. Макарий. История русской церкви. Т. XII. С. 449-450 и 455).

"საგულისხმოა, რომ ნიკონმა, მოციქულთა მსგავსად, სამჯერ ჩამოიბერტყა მტვერი თვის ფერხთაგან (შეად. მათე 10:14, მარკოზი. 6:10) (პირველად 1658 წ. მეორედ 1664 წ. და მესამედ 1667 წ.). პირველად, როდესაც დ. ა. დოლგორუკმა და არტამონ მატვეევმა მას უთხრეს: "ამ მტვერს მოხვეტავთ", ნიკონმა ცაზე გამოჩენილ კომეტაზე მიუთითა და უთხრა: "მოგხვეტავთ თქვენ ეს ცოცხი: კუდიანი ვარკსვლავი, რომელიც გამოჩნდა ცაში", ხოლო მტვრის მესამე ჩამობერტყვაზე (ანუ 1667 წელს - არქიეპ. პ.) ასე დაიბარა: "ჩემი სისხლი და საერთო ცოდვა დე, იყოს თქვენს თავზე"-ო" (Русь пред вторым пришествием. Изд. Второе, исправленное и дополненное. Житомир. 1995 г., стр. 36б 40).

საგულისხმოა ისიც, რომ სანამ ერთად და შეხმატკბილებულად ებრძოდნენ ძველ გადმოცემებს, ნიკონს არავითარი უთანხმოება არ მოსვლია თავის "კომპანიონებთან", მაგრამ, როგორც კი მისი მოცილება გადაწყდა, უამრავმა საინტერესო და აღმაშფოთებელმა ფაქტმა იჩინა თავი. სამწუხაროა, რომ ჯეროვანი დასკვნები ვერავინ გააკეთა, ვერც ნიკონმა, რომელიც გადასახლებაში უკვე თვითონვე ასწორებდა მის მიერვე შერყვნილ წიგნებს ძველი, ამ ერეტიკოსების მიერ დაწუნებული სლავური წიგნების მიხედვით და, ვერც სხვა იერარქებმა, რომლებმაც სულის სიმხდალისა და ლაჩრობის გამო, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მას.

პოლიტიკური ავანტიურით მოტყუებულმა და მოხიბულმა მეფე ალექსიმ ყველაფერი მიაფუჩეჩა და ხელიც დააფარა დამხობილ "პატრიარქებსა" და აშკარა მწვალებლებსაც კი. სამწუხაროდ, ამ გარემოებებიდან ჯეროვან დასკვნებს ბევრი დღემდე არ აკეთებს.

მოკლედ, რა შეიძლება ითქვას 1667 წლების კრების შესახებ, რომელსაც საბოლოოდ, კრებითად დაამკვიდრა რეფორმა, მწვალებლობად გამოაცხადა სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემები და დაწყევლა ძველ ჩვეულებათა მიმდევრები?

1667 წლის კრებამ შეკრიბა უამრავი ვიგინდარა, ავაზაკი და ლაჩარი. ამ კრებას ესწრებოდნენ ბერძნები, ბულგარელები, ათონელები, სინელები, ამასიისტები, ქიონიტები, იკონიელები, ქოსიტები, ტრაპეზუნდელები, ხოხლები და, ისტორიული ცნობების მიხედვით, ქართველებიც (Ф. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г. С. 59).

კრების ყველა საქმეს მეთაურობდა და განაგებდა პაისი ლიგარიდი, ღაზელი პატივაყრილი მიტროპოლიტი, მზაკვარი იეზუიტი, აღმოსავლური მართლმადიდებლობიდან აშკარად განდგომილი, უსაზიზღრესი პედერასტ-სოდომიტი. ძნელია მსგავსი ავანტიურისტის მოძებნა ეკლესიის ისტორიაში. ასეთად იცნობდა მას ნიკონიც და პირისპირ ამხელდა კიდეც, როგორც მატყუარას და თვითმარქვია მიტროპოლიტს (იხ. Митр. Макарий. История русской церкви. Т. XII. ციტ. Ф. Е. Мельников. Краткая история... с. 59). "და აი, ეს სულგაყიდული დამნაშავე, მხილებული ერეტიკოსი და თვითმარქვია მღვდელმთავარი იყო ამ კრების სულისჩამდგმელი, მისი უმაღლესი ხელმძღვანელი, მისი თავი და თვალები, მისი სული და გული" (იქვე).

"მას დიდად არ ჩამორჩებოდნენ ნამუსგარეცხილი, მათხოვარი და ავანტიურისტი "მღვდელმთავრები", თავიანთი კათედრებიდან ჩამომხობილი "პატრიარქები" პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. უკვე თვით ეს გარემოებაც მეტყველებს, რომ მაწანწალა და მათხოვარი იერარქებისგენ შემდგარი ეს კრება იყო აშკარად უკანონო და თვითმარქვია (საგულისხმოა, რომ ამ კრების ყველა აქტი და სხვა საკრებო დადგენილებები შეადგინა ასევე უცხო მღვდელმონაზონმა, "ლათინელმა კოჰანმა" სიმეონ პოლოცკიმ. თვით კრების მონაწილე ჩუდოვის მონასტრის არქიმანდრიტი და რუსეთის მომავალი ნიკონიანელი პატრიარქი იოაკიმე უეჭველ მწვალებლად მიიჩნევდა მას და წერილობითაც კი ადასტურებდა, რომ ის იყო ჯიუტი ლათინელი" (იქვე. გვ. 60).

ამ "მრავალენოვან" კრებაზე დუმდნენ მხოლოდ რუსი მღვდელმთავრები, საკუთარ ადგილს, მდგომარეობასა და ქონებას დახარბებული ლაჩრები. სრულიად სამართლიანად ბრძანებს ერთი ისტორიკოსი: "უსჯულო, უკეთური და მწვალებლური კრება ეკლესიის ისტორიაში ადრეც მრავალი ყოფილა, მაგრამ როგორც თავისი შემადგენლობით, ასევე დადგენილებებით საზიზღარი და უკეთური, როგორიც იყო 1666-1667 წლის კრება, იშვიათად თუ ყოფილა საყოველთაო ეკლესიის ისტორიაში.

ცნობილია ეფესოს "ყაჩაღთა" კრება (448 წ.), მაგრამ ეს კრებაც კი უფრო წესიერი და სუფთა იყო მოსკოვის ამ კრებასთან შედარებით; მასში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის ყევლა საპატრიარქოს: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო რომის კათედრის წარმომადგენლები იყვნენ პაპის ლეგატები; გარდა ამისა, მას ესწრებოდა ასობით ეპისკოპოსი. მისი წარმომადგენლობის მიხედვით შესაძლებელი იყო, იგი წოდებულიყო მსოფლიო კრებად. მიუხედავად ამისა, ისტორიას ის მხოლოდ "ყაჩაღთა" კრების სახელწოდებით შემორჩა.

რატომ მოხდა ასე?  ამ შეკითხვას ცნობილი საერო მწერალი, ღვთისმეტყველი და პუბლიცისტი ა. ს. ხომიაკოვი ასე პასუხობს: "საერთოდ, ისტორიამ იცის უამრავი შემთხვევა, როდესაც ერეტიკულ შეხედულებათა მხარეს იხრებოდნენ ყველაზე თვალსაჩინო საეპისკოპოსო კათედრათა წარმომადგენლები... ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ფორმალურ მხარეებსაც კი, როგორიც არის კრების გამოცხადება მსოფლიო კრებად ან მისი დადგენილებების დამტკიცება უზენაესი საერო ხელისუფლების მიერ. ასე, მაგალითად, კონსტანტინოპოლის ხატმებრძოლური კრება (754 წ.), რომელშიც მონაწილეობდა 338 ეპისკოპოსი და ზემოთხსენებული ეფესოს (448 წ.) "ყაჩაღთა" კრებები, მოწვეულ იქნა, როგორც მსოფლიო კრებები და ასეთებად იქნა კიდეც მიჩნეული იმპერატორთაგან.

მაშ, რატომ არ აღიარეს ხსენებული კრებები, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა მსოფლიო კრებათაგან და მეტიც - უარყვეს და დაგმეს კიდეც? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დადგენილებები ეკლესიის ხმად არ იქნა აღიარებული მთელი საეკლესიო ერის მიერ, იმ ერის მიერ და იმ გარემოში, სადაც სარწმუნოების საკითხებში განსხვავება არ არის მეცნიერსა და გაუნათლებელს, სასულიეროსა და ერისკაცს, კაცსა და ქალს, მეფესა და მოხელეს, მონათმფლობელსა და მონას შორის. იქ, სადაც, როდესაც ეს საჭიროა, უფლის ნებითა და განგებულებით ყრმა იძენს ცოდნას და ჩვილ ბავშვს ეძლევა მეტყველება სიბრძნის. განათლებული ეპისკოპოსის მწვალებლობას უარყოფს გაუნათლებელი მწყემსი, რათა ცხოველი სარწმუნოების თავისუფალ ერთობაში, რომელიც არის სულიწმიდის გამოვლინება, ყველა ერთი იყოს. აი, ასეთია დოგმატი, რომელიც ძევს კრებითობის იდეის საფუძველში" და ხომიაკოვი ამას ძველი ეკლესიის ისტორიიდანაც ადასტურებს მრავალი ფაქტით.

საჭიროების შემთხვევაში ამგვარი ფაქტები მნიშვნელოვანწილად შეიძლება შევსებულ იქნეს ავადსახსენებელი დასავლეთრუსული უნიიის ისტორიიდანაც, როდესაც მართლმადიდებელი რუსი ერი, რომელიც მიატოვა თითქმის ყველა მისმა ეპისკოპოსმა მიტროპოლიტის მეთაურობით, მიუხედავად პაპიზმის ფანატიკოსთაგან ტოტალური დევნულებისა, მაინც საყოველთაო მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა"
(Хомяков А. С. Полное собрание сочинений. Т. II. Стр. 59, 114-115, 150, 240-241 და სხვა). ნიკონო-ალქსეური რეფორმების ეპოქაში საყოველთაო მართლმადიდებლობის ერთგული აღმოჩნდა რუსი ღვთისმოსავი ერი.

რუსულ ემიგრაციულ ლიტერატურაში უკვე აღიარებენ, რომ "ნიკონიანურ სიახლეებთან პოლემიკაში ახალმოწესეობრივ სიახლეებს იცავდა მთელი იერარქია და უმაღლესი სამთავრობო ფენები, ძველ გადმოცემებს კი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, იცავდა მთელი ერი. განხეთქილების გამო გაწყდა კავშირი იერარქიასა და ერს შორის. ამ დავაში იერარქიამ დაკარგა შეურყეველი ავტორიტეტი, რომელიც არათუ აღდგა დროთა განმავლობაში, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დაკნინდა ჩვენი ისტორიის სინოდალურ პერიოდში" (Тряпкин В. В. Церковь и государство. Беля библиотека. 1939 г. Кн. 3, стр. 4. ციტ. Ф. Е. Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г. С. 61-62 სქოლიო).

ამრიგად, არც ქრისტე, არც სულიწმიდა, არც ღვთის მადლი, არც ზეგარდმო კურთხევა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა ჯურის საქმოსნების, ვიგინდარების, უცხოელი მაწანწალების, ინტრიგანი მათხოვრების, საშინელი და შემზარავი მაწყევრების, პოტენციური მკვლელების, მოხერხებული გაიძვერების, უსინდისო მატყუარებისა და აშკარა მწვალებლების ამ უმაგალითო კრებაზე. და, რაც ყველაზე უკეთური და ღვთისმგმობია, ამ საზიზღარმა კრებამ საკუთარი თავი გამოაცხადა "წმიდა კრებად", მკრეხელურად განაჩინა უგუნური წყევლა მართლმადიდებელ ქრისტეანებზე, თანაც "ღმრთის სახელით", და მკრეხელურად მიაწერა თავისი ველური, უაზრო და უსჯულო დადგენილებები და განწესებები ყოვლადწმიდა სამების ნებას.

დაბოლოს, ამაზე უფრო შემაძრწუნებელია ის, რომ მთელი ეს ბოდვა, საშინელი კოშმარი, თვით ეშმაკის მომაკვდინებელი სუნთქვა და ხავილი დაამტკიცა რუსეთის სახელმწიფომ, მეფე ალექსი მიხეილის ძის მეთაურობით, როგორც ვითომდა წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის ბრძანება. და აი, ამ ბაბილონურ-მოსკოვური აღრევიდან ... რუსეთის მთელი ქვეყანა აალდა კოცონებითა და ცეცხლოვანი ძელურებით, მაგრამ, ამავე დროს, იკურთხა ახალ დიდმოწამეთა, აღმსარებელთა და ჭეშმარიტად ღვთისმოსავთა და ქრისტესთვის წამებულთა სისხლით, რომელთა ლანძღვა-გინებაში დღემდე არ იღლება ზოგიერთი და ამით საშინელ სასჯელს უმზადებს საკუთარ თავს.

ღმერთო!  გევედრებით, მოაქციე მათი გულები ჭეშმარიტების შესაცნობად, რამეთუ "არა იციან, რასა იქმან".

<<<

7

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика