სხვადასხვა - ნიშები და სასწაულები - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ნიშები და სასწაულები

ანუ

არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში


ცრუსასწაულნი

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს დეტალურ, არგუმენტირებულ განსჯას ნიშთა და სასწაულთა ბუნებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდია ღვთაებრივი. ეს ტექსტი აშკარად შედგენილია ძველმორწმუნის მიერ, მაგრამ ჩვენს ხელთ ის აღმოჩნდა ავტორის მითითების გარეშე.

1. შესავალი.

2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემები.

3. სასწაულებს ახდენდნენ აშკარა ცოდვილებიც.

4. მწვალებელთა სასწაულები.

5. სასწაულებს ახდენენ არამართლმადიდებლებიც (ურწმუნონიც).

6. ჩვენს დროში აღსრულებული მსგავსი მოვლენები.

7. შეჯამება

8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა.

9. დასკვნა.




1. შესავალი


ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი მოვლენ
ები ხდება, რომელაც ნიშებს ან სასწაულებს უწოდებენ. ესენია: ხილვები, გამოცხადებები, უეცარი და ზებუნებრივი კურნებანი, ნაყოფთა მრავლება, ხატების მირონდენა და ა. შ. სასწაულები ხდება ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ და მეცნიერულად მათი ახსნა შეუძლებელია, რადგან მათი წარმომავლობის წყარო სულიერ და არა მატერიალურ სფეროში იმყოფება. ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით "ნიშებად იწოდება ის, რაც ბუნების თანხმიერად სრულდება, ოღონდ უჩვეულო ფორმით. ასეთია პეტრეს ციებ-ცხელებით დაავადებული სიდედრის უეცარი განკურნება. აქ განკურნება არის ისეთი საქმე, რომელიც შესაბამისია ბუნებასთან, თუმცა, ის აღსრულდა უჩვეულოდ: როგორც კი ქრისტე მიეკარა პეტრეს სიდედრს, ის მყის განიკურნა. ხოლო სასწაული არის ქმედება, რომელიც ზებუნებრივია, ან ბუნების საწინააღმდეგოდ აღსრულდება. ასეთი იყო დაბადებიდან ბრმის განკურნება".

ნამვდილი სასწაული ღმრთის გამოუთქმელი კაცთმოყვარებით გვეძლევა და მას განსაზღვრული მაცხოვნებელი მიზანი გააჩნია. კერძოდ: სარწმუნოებაში ურწმუნოთა განმტკიცება, მტერთაგან დახსნა, სულიერი და ხორციელი სნეულებებით დაავადებულთა განკუნება და სხვა. მრავალ ასეთ სასწაულს ვხვდებით როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: ებრაელი ერის დაულტობელად გავლა მეწამულ ზღვაში, ისრაელის დაპურება ზეციური მანანით, მტრის ჯარის განადგურება ღმრთის ანგელოზის მიერ (ძველი აღთქმა); ქრისტეს მიერ პურების გამრავლება, გრიგალის ჩაყენება, სნეულთა განკურნება და მიცვალებულთა აღდგინება მკვდრეთით (ახალი აღთქმა).

ეშმაკს, რომელიც დასაბამიდანვე მტრობს ადამიანს, ასევე ძალუძს "სასწაულთა" აღსრულება, ოღონდ არა ადამიანთა საცხოვნებლად, არამედ მათ წარსაწყმედად; იმისთვის, რათა ჩამოაშოროს ჭეშმარიტ ღმერთშემეცნებას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ღმრთის ჭეშმარიტ დიდებას. ასეთი "სასწაულები" გახლდათ მოსესთან მოპაექრე ეგვიპტელ მოგვთა "სასწაულები" (ძველი აღთქმა); წმიდა მოციქულ პეტრეს სახარებისეული ქადაგების პერიოდში სიმონ მოგვის მიერ აღსრულებული "სასწაულები" (ახალი აღთქმა) და სხვა.

აუცილებელია ღმრთის ჭეშმარიტი სასწაულები გავარჩიოთ მოჩვენებით, ცრუ და დემონურ სასწაულთაგან, რათა არ მივყვეთ საცთურს და ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში არ გავებათ.

სასწაულებზე მსჯელობისას უნდა დავეფუძნოთ წმ. ეკლესიის სწავლებას: წმიდა წერილს (განსაკუთრებით წმიდა სახარებას) და წმიდა გადმოცემას (წმმ. მამათა მემკვიდრეობას).

მოდი, მივმართოთ ქრისტეანული ისტორიის საფუძვლებს. წმიდა მახარობელი მარკოზი, თავისი სახარების ბოლოში, ამბობს, რომ მოციქულები უფლის ამაღლების შემდეგ "წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით" (მარკ. 16:20). "ხედავ, - განმარტავს ნეტ. თეოფილაქტე, - ყველგან ჯერ ჩვენით იწყება მოქმედება, რომელსაც შემდეგ ღმრთის თანადგომა მოსდევს. რამეთუ ღმერთი მაშინ შეგვეწევა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ და დასაბამს ვაძლევთ კეთილ საქმეს; ხოლო თუ უდებნი და უმოქმედონი აღმოვჩნდებით - არ შეგვეწევა. ასევე შენიშნე ის, რომ სიტყვას საქმე მოსდევს და სიტყვა საქმით მტკიცდება ისევე, როგორც მაშინ დასტურდებოდა მოციქულთა სიტყვა მათი საქმეებითა და ნიშებით". მოციქულები ღმერთს ლოცვით მიმართავდნენ: "და
აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა" (საქმე 4:29-30) (საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში სიტყვების ნაცვლად: "ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა" წერია: "გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით". ანუ დაკნინებულია ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება და ღვთის ძე წარმოჩენილია უბრალო მსახურად - რედ.).

წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ წარმართნი მოექცეოდნენ "სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით" (რომ. 15:19). მაგრამ, "რადგან ეშმაკთა ძალითაც აღსრულდებიან ნიშები და სასწაულები, მიამატა: "ღვთის სულის ძალმოსილებით", - ვკითხულობთ სამოციქულოს განმარტებაში. ამგვარად, ღმრთის ნიშები მოციქულებსა და წმიდა მამებს ღმრთის სიტყვის (ანუ სახარების) ქადაგების შესაწევნად ეძლეოდათ. საკვირველი ნიშებისა და სასწაულების თანაშეწევნით მოციქულებმა სწრაფად გაავრცელეს ქრისტეს სარწმუნოება მთელს დედამიწაზე. ნიშები ნათელი და ძლიერი მტკიცებულება იყო ქრისტეანობის ჭეშმარიტებისა, როგორც ბარბაროსებისთვის, ასევე განათლებული ერებისთვისაც.  

ხოლო როდესაც გავრცელდა სახარების სიტყვა და ყველგან დამკვიდრდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაშინ  ნიშები აღებულ იქნენ, რადგან დასრულდა მათით მსახურება. ნიშებმა და სასწაულებმა ყველგან შეწყვიტეს მოქმედება და მათ მხოლოდ ღმრთის რჩეული წმინდანები თუ აღასრულებდნენ. IV საუკუნის მწერალი და წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მის დროს ნიშთა ბოძების ნიჭები უკვე შემწყდარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნიშები ადგილ-ადგილ მაინც აღესრულებოდა, ისიც მხოლოდ საკვირველი ცხოვრების მქონე ბერ-მონაზონთა შორის. VI ს. წმიდა მამა გრიგოლ ორმეტყველი (დეოლოგოსი) წერს: "ნიშები და სასწაულები სარწმუნოების გასავრცელებლად ისევე აუცილებელი იყო ქრისტეს ეკლესიის ისტორიის დასაწყისში, როგორც აუცილებელია ახალდარგულ ხეების მორწყვა მანამ, სანამ გამყარდებიან ნიადაგში და დაიტოტვებიან, ხოლო როდესაც გაიზრდებიან და ფესვებს მიწაში გაიდგამენ, მორწყვა უკვე აღარ სჭირდებათ".

მოციქული პავლეც მოწმობს, რომ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის ნიჭი "მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის" (1 კორ. 14:22), "ხოლო მორწმუნეთა არარად ეხმარებიან სასწაულნი, ბრძანებს თეოფილაქტე ბულგარელი, რამეთუ თვით მადლითა ღმრთისაითა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათვის იქმნებიან იგინი, რაითა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ" (სამოციქულოს განმარტება).

ახლა კი განვიხილოთ, რაგვარნი არიან თავიანთი არსით ნიშები და სასწაულები, რომლებიც გვევლინებიან ჩვენს დროში, და რას გვასწავლიან მათთან დაკავშირებით წმიდა მამები.


2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემა


ჩვენს დროში ხშირად გაიგებ ნიშთა და სასწაულთა სხვადასხვა შემთხვევაზე, ხილვებსა და წინასწარმეტყველებებზე, რომლებსაც ამა თუ იმ სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იყენებენ. ამ მოვლენათა იდუმალი და ზებუნებრივი ბუნება ჯაბნის ნებისმიერ არგუმენტს, მითუმეტეს, რომ მირონის კეთილსურნელოვანი ნაკადი, ან სისხლდენა ან კურნება ეჭვს არ იწვევს: ასეთი ფაქტების უმეტესობას ჰყავს მრავალი მოწმე, დოკუმენტირებულია და მეტიც, მათ სამეცნიერო ექსპერტიზებითაც კი ადასტურებენ. მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ: რატომ აღესრულება ხატების მირონდენა, ეგზორციზმი, კურნებანი და ათასგვარი ნიშები ურიერთგამომრიცხავ კონფესიებში, რომლებსაც ქრისტეს ეკლესია სქიზმატურად ან კიდევ მწვალებლურად მიიჩნევს? თანაც, ჩვენი თანამედროვენი, რომლებიც ყოველთვის როდი არიან გაცნობიერებულნი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, ცთუნდებიან როდესაც ამ მოვლენებს ღმრთის მადლის მოქმედებად მიიჩნევენ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვა კონფესიებშიც.

მეტიც, ისიც კი, ვისაც სრულიად მართლმადიდებლური შეხედულებები გააჩნია და წმიდა მამათა სწავლებაც უწყის, მწვალებლური საზოგადოებები, გამონაკლისის გარეშე, საერთოდ მოკლებულნი რომ არიან მაცხოვნებელ მადლს, მწვალებელთა წიაღში აღსრულებულ სასწაულთა გამო მაინც ცთუნდებიან. თანაც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, ამ სასწაულებში ყოველთვის როდია შესაძლებელი და ჯეროვანი დაინახო ეშმაკისეული სიცრუე ან სატანური მოქმედება.

განსაკუთრებულად და ამომწურავად დაწერა ამის შესახებ შავი მთის იღუმენმა ღირსმა ნიკონმა, რომელიც მოსაგრეობდა დიდი ანტიოქიის მახლობლად XI საუკუნეში და რომელსაც, როგორც ეკლესიის მოძღვარს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიაგებდნენ პატივს. მისი წიგნები "პანდექტიონი" და "ტაქტიკონი" აქტუალურ ზნეობრივ-კანონიკურ საკიხთებთან დაკავშირებული თემატური კრებულებია.

გადმოსცემს რა წმიდა მამებისეულ სწავლებას სხვადასხვა სასწაულთა ბუნების შესახებ, ღირ. ნიკონი მათ სამ კატეგორიად ჰყოფს: 1) სასწაულები, რომლებიც აღესრულებიან მართლმადიდებლებში, 2) მწვალებელთა შორის აღსრულებული სასწაულები და 3) არაქრისტეანთა სასწაულები. ჩვენც ამ თანმიმდევრობას დავიცავთ და დასაწყისისთვის დავიმოწმებთ "პანდექტიონის" 33-ე სიტყვას, რომელშიც ლაპარაკია მათ შესახებ, ვინც აღასრულებს ნიშებს და წინასწარმეტყველებს, ან ღმრთის დაშვებით აქვს ხილვები; და რომ ამას არ უნდა ვანიჭებდეთ მნიშვნელობას, ან მივიჩნევდეთ სიწმიდის ნიშნად; არამედ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენა და უფლის მცნებათა დაცვა. ასევე იმის შესახებ, რომ მრავალი არამართლმადიდებელი, რომლებიც გარყვნილად ცხოვრობდა ან ცხოვრობს, ახდენდნენ და ახდენენ ნიშებსა და სასწაულებს, ღებულობენ გამოცხადებებსა და წინასწარმეტყველებებს, რათა ნიშების მიერ აცთუნონ მრავალნი და თავიანთი მზაკვრული საქმეებით გაიტყუონ; თავიანთი გზა შერაცხონ გზად სიცოცხლისა, რისთვისაც სჭირდებათ კიდევაც ეს სასწაულები; ზოგიერთი მათგანი კი დემონთა შეწევნით წარმოშობს მწვალებლობებსაც. ასევე, იმის შესახებ, რომ არ უნდა ვიყოთ ადვილად მიმდობნი, თუ დავინახავთ რომელიმე მართალს ან მწვალებელს, რომლებიც მძიმე ხორციელ ღვაწლს ეწევა, ან ცხოვრობს უდაბნოში, გაწაფულია წმიდა წერილში, ან უცოდინარია და მიუხედავად ამის, თხზავს საკუთარ წერილს; ან კიდევ დავინახავთ ვისამე სხეულს, რომელიც მრავალი წელი უხრწნელია, და ა. შ. ეს ყოველივე არ უნდა იქნეს განხილული სიწმიდის ნიშნად, თუ ამავდროულად არ ვიხილავთ უფლის მცნებათა აღსრულებას და მოციქულის მიერ მინიშნებულ ნიჭებს სულიწმიდისა, ასევე, სრულ სიძულვილს ამსოფლიური დიდებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების სრულ აღსარებას; - ამათ გარეშე ყოველი ნიში და სასწაული დემონთა მოქმედებაა, თუმცა ისიც ღმრთის დაშვებით და მხოლოდ მისთვის ცნობილი განგებულებით.

ამრიგად, ნებისმიერი სასწაულის სინამდვილესა და მაცხოვნებლობას, ასევე ღვთისმოსაობრივ მოსაგრეობას ღირ. ნიკონი განსაზღვრავს ორი კრიტერიუმით: 1) ახლავს თუ არა ამა თუ იმ სიტუაციას მართლმადიდებლობის სიწმიდე და 2) ღმრთის მცნებათა განუხრელი შესრულება.


3. ზოგჯერ სასწაულებს აშკარა ცოდვილებიც იქმან


შემდეგ, მომდევნო მაგალითებით, ის აჩვენებს, რომ სასწაულებს ზოგჯერ აშკარა ცოდვილებიც იქმან (თუნდაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას განეკუთვნებოდნენი ისინი), და რომ ამგვარი სასწაული სულაც არ ეთანხმება ღმრთის ნებას.

იყო ვინმე მოხუცი, რომელიც ხშირად დადიოდა სახელგანთქმულ ქალაქ ანტიოქიაში. მოხუცს მრავალთა ნდობა მოეპოვებინა, თვითონ კი მოსაგრეობრივი ცხოვრებით არ გამოირჩეოდა - უყვარდა ჭამა და სმა, ცხოვრობდა დაუდევრად; გარეგნულად კი მორჩილ და თავმდაბალ კაცად გამოიყურებოდა, ცხოვრობდა ღარიბულად, რის გამოც მას მრავალი ანტიოქიელი ენდობოდა.

და აი, მხოლოდ ღმრთისთვის ცნობილი განგებულებით, მოხუცმა სასწაულთმოქმედებით სახელი გაითქვა. მასთან ხშირად მიდიოდა ჩვენი ნეტარი მამა, მიტროპოლიტი ლუკა და შეაგონებდა შეეწყვიტა სასწაულთმოქმედება, ის კი არ ემორჩილებოდა. ერთხელ მისი მოწაფე შემხვდა და ასეთი ამბავი მომიყვა: "ერთ დღეს მოხუცთან ერთად ანტიოქიას მივაშურეთ და ვიღაც ქრისტესმოყვარე კაცის სახლს მივადექით, სადაც მოხუცი ძლიერ გაძღა. ჭამითა და სმით დამძიმებული კი ძილს მიეცა. მე და მეორე ძმა სხვა ქრისტესმოყვარემ წაგვიყვანა საკუთარ სახლში ღამის გასათევად. ქრისტესმოყვარეს თან მეგობარიც ახლდა. გზად მიმავალთ მათი ასეთი განსჯა შემოგვესმა: "ვხედავთ, რომ წერილში ნათქვამის აღსრულება სულაც არ ყოფილა სავალდებულო, რადგან ეს მოხუცი ჭამს, სვამს, ძღება, სხვა სიამოვნებებსაც ეძალება, და თან წმიდაც არის და კურნების ნიჭიც გააჩნია". - ასე უყვებოდა იმ მოხუცის მოწაფე თავის მეგობარს, რისგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ სასწაულთა აზრი სწორედ ღმრთის სიტყვის უარყოფა და ხორციელ სიამეთა აღიარება გახლდათ.

მოხდა ისე, რომ ნეტარმა პატრიარქმა თეოდოსიმ მოხუცი გამოსასწორებლად დილეგში ჩაამწყვდია. თუმცა, ანტიოქიელებმა ეს არ დაუშვეს და ძალით გაათავისუფლეს. მუხედავად ამისა, ბოლოს თავისი სასწაულებისგან თვითონვე დაზარალდა, რამეთუ მოხდა ისე, რომ ამ მოხუცს, რომელსაც პრესვიტერის ხელდასხმა ჰქონდა, სომხური მწვალებლობის მიმდევარმა ერთმა ყაჩაღმა ლოცვა-კურთხევა სთხოვა. მანაც არ დაიზარა, აკურთხა მწვალებელი და შინ დაბრუნდა. სწორედ მაშინ ეწვია მას ღმრთის სამართლიანი მსჯავრი, რომელიც ვერც მის მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა შეაბრკოლეს და ვერც სხვა რამემ, რადგან მის მიერ ნაკურთხმა ყაჩაღთა მეთაურმა, სახლში მიაკითხა თავის თანამოაზრეებთან ერთად, შეიპყრო და საშინლად აწამა: ჯერ გავარვარებული მუგუზლები ჩაუყარა ფეხსაცმელში, შემდეგ ჩააცვა და გაეცალა. მოხუცს იმ დროიდან არავითარი სასწაული არ აღუსრულებია, არამედ ადგილიდან ადგილზე გადადიოდა საშინლად დატანჯული და თავისი ცხოვრება უბადრუკობაში დაასრულა.

სხვა ჩვენთანგანი, პრესვიტერად ხელდასხმული ბერი, ერში ცხოვრობდა; შემდეგ მოხდა ისე, რომ აღკვეცილ ქალთან ცოდვით დაეცა. და არა თუ არ განეშორა საშინელ ვნებას, არამედ პირველზე უმეტესად აღენთო და ღმრთისა და კაცთა წინაშე უტიფრად და უსირცხვილოდ მიეძალა მრუშობის ვნებას. თანაც, სასწაულთმოქმედიც გახლდათ: კურნავდა ციებ-ცხელებით შეპყრობილთ და კარგა ხანი ასე გრძელდებოდა; მაგრამ შემდეგ, ყოვლად მოწყალე ღმერთმა, ამ პრესვიტერს გულში ჩაუდო: თუ ყველა ადამიანი სცოდავს, ამას მალულად სჩადის და იწვის სირცხვილისგან, მე კი - ღიად და უსირცხვილოდ მივცემივარ საძაგელს ცოდვას, თანაც ღმერთს ჩემთვის საკვირველთმოქმედების მადლი არ წაურთმევია. ასე იფიქრა პრესვიტერმა და ლიდაში ერთი მოხუცის მცირე მონასტერს მიაშურა. რომ მივიდა ყველაფერი მოუყვა თავის თავზე.

ფრთხილმა და გონიერმა მოხუცმა ყველაფერი გაიგო და უთხრა: "ვაი შენდა, პრესვიტერო! ეს იყო ეშმაკის მზაკვარება: ჯერ-ერთი იმიტომ, რომ ვნებას მიეძალე, მეორეც იმიტომ, რომ ურცხვად სცოდავდი და სასწაულებს აღასრულებდი, რითაც ადამიანებს აცთუნებდი რათა ეთქვათ - ცოდვა როდია ღმრთის ნების უგულებელყოფა და სიკეთედ ჩანს ღმრთის წინაშე ცოდვის ჩადენაც და წმიდა წერილის უგულებელყოფაც. ასე, რომ დემონებმა შენში თანაშემწე იპოვეს, რათა შენი დახმარებით მრავალი ადამიანი წარეწყმიდათ".

ეს რომ გაიგო, პრესვიტერმა მოხუცს ყველაფერში გულით დაუჯერა და იმ დღიდან დემონურ სასწაულთმოქმედებას განეშორა, შეინანა თავისი საქციელი და რადგან ჩემი დიდი სიყვარული ჰქონდა, თავისი ამბავიც მე მომიყვა.

შემდეგ, გვესმა ერთი ამბავი მონაზონთან შემცოდე ძმის შესახებ, რომელთანაც, ვითარც ცოლთან, საერო ცხოვრება გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ბერული ცხოვრების დატოვებისა რცხვენოდა, ქალთან ერთად უცხო ქვეყანაში გადაბარგება გადაწყვიტა. გამოვიდნენ თავ-თავიანთი მონასტრებიდან და გზას გაუდგნენ. ამ დროს, მიადგნენ სავანეს, სადაც აღსარების თქმა გადაწყვიტეს და ერთმანეთს უთხრეს: წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ჩავიდინეთ ცოდვა, რა სარგებლობას მივიღებთ მისგან? ამიტომაც, მოდი ჩვენს მონასტრებში დავბრუნდეთ. მობრუნდნენ უკან და მიაღწიეს სავანემდე, რომელსაც სამეფოს უწოდებდნენ. წყვილმა აქ დასვენება გადაწყვიტა; მაშინ ეშმასგან ძლეულნი კვლავ ცოდვაში შთავარდნენ. ხოლო საღამოს, მანამ, სანამ ქალაქ ანტიოქიის კარიბჭე დაიკეტებოდა, ძმა დაეცა და ქალაქის გარეთ აღესრულა. მონაზონმა, რაკიღა არ იცოდა რა ექნა, ქალაქს მიაშურა, ერთი ნაცნობისგან თოხი და ბარი ითხოვა და რომ შეღამდა, არავის რომ არ ენახა, გავიდა ქალაქარეთ, მიწა გათხარა და ბერის სხეული მიწას მიაბარა, შემდეგ დილამდე დაიცადა და კვლავ ანტიოქიას მიაშურა. როდესაც დილით ანტიოქიელები გამოვიდნენ ქალაქიდან და ნახეს საფლავი, რომელიც წინა საღამოს აქ არ იყო, ძლიერ გაოცდნენ, რადგან არ იცოდნენ რა ეფიქრათ. იფიქრეს, ეს ალბათ ღმრთის რომელიღაც წმიდა მონაა, რომელიც ადამიანურ დიდებას გაურბოდა და თავის მოწაფეებს საკუთარი სხეულის დაკრძალვა საიდუმლოდ, ღამის საფარველქვეშ დაავალა. განსაჯეს რა ასე, ანტიოქიელებმა ამ საფლავთან საკუთარი ავადმყოფების მოყვანა იწყეს და ჰოი საოცრებავ, - სატანამ თავისი მზაკვარებით, რომელიც ღმერთმა მხოლოდ მისთვის ცნობილი განგებულების გამო მიუშვა მოქმედებად, საფლავთან მისულთა კურნება იწყო.

ხსენებულმა მონაზონმა მომხდარის შესახებ უკვე ანტიოქიაში შეიტყო, და დაბნეულმა მეგობარ მონაზონს სთხოვა გასულიყვნენ ქალაქიდან და ენახათ სასწაულნი. ასეც მოიქცნენ. ორივენი გავიდნენ ქალაქიდან და ხალხისგან მოშორებით უყურებდნენ, თუ როგორ იკურნებოდნენ სნეულნი ღამით დაკრძალული ბერის საფლავთან. ასეთ დღეში იყო ხალხი, როდესაც ღმრთის განგებით, ანტიოქიას ერთი მეუდაბნოვე ბერი მიუახლოვდა, რომელმაც იხილა ურიცხვი ხალხი ბერის საფლავთან და მათგან ცალკე მდგომი ორი მონაზონი. ბერი მივიდა მონაზვნებთან, ასწავლა მდუმარება, კელიაში მოსაგრეობის ძალა და ურჩია არ ევლოთ ერისკაცთა შორის. შემდეგ კი ჰკითხა: "გყავთ თუ არა სულიერი მოძღვარი?" მან, ვინც უწყოდა საიდუმლოს შესახებ, მიუგო: "არა, მამაო, არა გვყავს". მაშინ ღმრთის განგებით აღძრულმა ბერმა მიიღო მათგან აღსარება, და შემცოდე მონაზონმაც ყველაფერი დაწვრილებით აღიარა. ბერმა ჯეროვნად დაარიგა მონაზონი და გაუშვა, თვითონ კი წავიდა ქალაქში, აიღო თოხი და ბარი, გამოვიდა ქალაქიდან, ღამის სიბნელეში ამოთხარა ბერის გვამი და მდინარეში გადააგდო, მიწა გაასწორა ისე, როგორც მანამდე იყო და თვითონ კი კვლავ უდაბნოს მიაშურა. ამის შემდეგ იმ ადგილებში შეწყდა ეშმაკის მოქმედება.

კიდევ გვესმა, რომ სხვა დროს, იმავე ანტიოქიაში, გამოჩენილა ვინმე მწირი, რომელსაც დაჰქონდა ქარტია, რომელშიც ღმრთის, მთავარანგელოზების, ანგელოზებისა და ყველა წმინდანის სახელები ჩაეწერათ და მისი დახმარებით მრავალ ნიშთა და სასწაულთ იქმოდა. მაშინ, იმავე მხარეს, ღმრთის განგებით, სტუმრობდა ვინმე განსწავლული ბერი, რომელმაც შეიტყო რა მომხდარის შესახებ, ყველაფერი მიმოწვლილვით გამოიკითხა. ამის შემდეგ მივიდა ქარტიის მფლობელ მწირთან და ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა ეს ქარტია. მწირმა უპასუხა, "არაფერი ვიცი ამის შესახებ გარდა იმისა, რომ ქარტია გზად მიმავალმა სხვა ბერმა მომცა; თანაც მრავალი მარწმუნებდა ცუდი არაფერი სწერიაო მასში, გარნა მხოლოდ სახელები ღმრთისა, მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და წმიდათა", - დასძინა მწირმა. მაშინ გამოცდილმა ბერმა სთხოვა მას ყველას გასაგონად წაეკითხა, თუ რა ეწერა ქარტიაში, და როდესაც მან ის წაიკითხა, აღმოჩნდა, ბოლოში მიწერილი ყოფილა სამი სიტყვა, რომელიც მკითხველს არ ესმოდა. გამოცდილმა ბერმა აიღო იგი და ყვლას გასაგონად განაცხადა: ეს სამი სიტყვა ნიშნავს: "უარვყოფ, უარვყოფ, უარვყოფ"; გამოდის, რომ ქარტიის მკითხველი უარყოფდა ყველა სახელს - ღმრთისას, მთავარანგელოზებისას, ანგელოზებისასა და წმინდანებისა, რომლებიც ამ სიტყვების წარმოთქმამდე ეწერა ქარტიაში; ეს კი ნიშნავდა იმას, რომ სასწაულნი მომდინარეობდნენ ეშმაკისგან.

ასევე გვსმენია ზოგიერთისგან, რომ ანტიოქიის ცნობილი პატრიარქის დროს ერთი კაცის ცოლი სიძვის ცოდვაში ჩავარდნილა. ქმარს რომ ეს ამბავი გაუგია ცოლი მოუკლავს. რამოდენიმე დღის შემდეგ, მოკლული ქალის სხეული სასწაულთმოქმედი გახდა. წმიდა პატრიარქმა, რომელმაც კარგად უწყოდა ეშმაკის მზაკვრობანი, მიხვდა დემონთა მოქმედებას, რომელიც აფიქრებინებდა ადამიანებს, თითქოსდა ღმრთისთვის სათნო იყო სიძვის ცოდვა. მან ქალის გვამის მდინარეში გადაგდება ბრძანა, რითაც ბოლო მოეღო საცთურის მოქმედებას. ყველა ამგვარი სასწაული ჩვენს დროში მოხდა. მრავალი მათგანი ჩვენ გვინახავს, ხოლო დანარჩენთა შესახებ სხვებისგან გაგვიგია. სულ მცირედი გადმოვეცით აქ იმისგან, რაც ვიცოდით და რაშიც გამოცდილება გვქონდა. ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში "ტაქტიკონში" სწორედ მართლმადიდებელთა შორის აღსრულებულ ცრუსასწაულებზეა ლაპარაკი.

აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ დამოწმებული მაგალითები განეკუთვნებიან ეშმაკის აშკარა მოქმედებას, სადაც მთავარი მოქმედი პირები მართლმადიდებელი ცოდვილები არიან.

ახლა კი დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ სასწაულები მწვალებლებშიც ხდება.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე >>>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика