სხვადასხვა - ნიშები და სასწაულები 2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ნიშები და სასწაულები

ანუ

არის თუ არა ყველაფერი ღმრთისგან და როგორ არ შევცდეთ სასწაულში

ცრუსასწაულნი

გაგრძელება.

დასაწყისი.


წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს დეტალურ, არგუმენტირებულ განსჯას ნიშთა და სასწაულთა ბუნებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდია ღვთაებრივი. ეს ტექსტი აშკარად შედგენილია ძველმორწმუნის მიერ, მაგრამ ჩვენს ხელთ ის აღმოჩნდა ავტორის მითითების გარეშე.

1. შესავალი.

2. სასწაულები და წმიდა მამათა გადმოცემები.

3. სასწაულებს ახდენდნენ აშკარა ცოდვილებიც.

4. მწვალებელთა სასწაულები.

5. სასწაულებს ახდენენ არამართლმადიდებლებიც (ურწმუნონიც).

6. ჩვენს დროში აღსრულებული მსგავსი მოვლენები.

7. შეჯამება

8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა.

9. დასკვნა





4. სასაწაულებს მწვალებლებიც იქმან


მაგრამ ჩვენი თემისთვის განსაკუთრებულ ინტერესს სასწაულთა სხვა კატეგორია წარმოადგენს, რომელსაც მწვალებლები აღასრულებენ. ამის შესახებ ღირ. ნიკონ შავმთელის წიგნში ვკითხულობთ:

"... დემონთა მოქმედებით და მწვალებლობათა გასამყარებლად მსგავსი რამ მწვალებლებშიც ხდება. ანტიოქიის მხარეს, შავ მთაზე, იყო სომეხთა მოდგმის ერთი მწვალებელი მოსაგრე; სიკვდილს რომ მიუახლოვდა, ახლობელთ მოუწოდა, ერთი თანამოაზრე კი თოხისა და ბარის მოსატანად გაუშვა, რათა საფლავი გაეჭრათ. მოსაგრემ სიკვდილის წინ იწინასწარმეტყველა, რომ სიკვდილის შემდეგ მის სხეულს დამწვარს იხილავდნენ. იმის შემდეგ, რაც ყველანი დაიშალა და მეორე დღეს კვლავ დაბრუნდნენ ავადმყოფთან, ნახეს, რომ მართლაც ისე მომხდარა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა, ანუ მისი სხეული დამწვარი იყო. ასეთ მდგომარეობაში დაკრძალეს კიდეც იგი. შემდეგ, აიღეს მიწა მისი საფლავიდან, და როდესაც მასზე დილის ცვარი გადმოვიდა, მავნე მღრღნელებისგან განადგურებულ ნიადაგზე მიმოაპნიეს. უბედურება შეწყდა. იმ დროიდან, ნიადაგის მღრღნელებისგან დასაცავად ყოველთვის ასე აკეთებდნენ, - როგორც კი დილის ნამით დაცვარულ ნიადაგს აიღებდნენ ბერის საფლავიდან და მავნებლებით დაზიანებულ ნიადაგს მოაყრიდნენ მავნებელთა შემოსევაც წყდებოდა. როდესაც ეს ერთმა ჩვენმა ძმამ გაიგო, გააკეთა ჯვარი, რომელსაც დააწერა: "იესუ ქრისტე, ძე ღვთისა", - წავიდა და დაარჭო იმ მწვალებლის საფლავს, რის შემდეგაც სასწაულები შეწყდა.

მოგითხრობთ ერთ სათნო მწვალებელზეც. მხცოვანი, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ამბობდა: იმავე შავ მთაზე, ჩემს მეზობლად, მყუდროებაში, სათნო საქმეებით დამშვენებული ერთი სომეხი მწვალებელი ცხოვრობდა. ერთხელ, ერთმანეთთან რომ ვსაუბრობდით, მოხუცმა მითხრა: "ჩემი გულის შიგნით რაღაც უჩვეულოსა და საკვირველს ვხედავ, მაგრამ ვაწყდები წინაღობას, რომელიც მის მკაფიო შემეცნებაში ხელს მიშლის". როდესაც ეს გავიგე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მის სულს, განწმენდილს სათნოებებით, მისთვის თვისობრივი მდგომარეობისთვის მიეღწია, მაგრამ მწვალებლური გონებადაბნელება მის სულს ფარდასავით ეფარებოდა. როდესაც ყველაფერი მოვუყევი, მანაც, რაკიღა სათნო ადამიანი იყო, დამიჯერა და მართლმადიდებლობაში გადმოსვლა გადაწყვიტა. როდესაც ამის შესახებ ერთი მონასტრის მწვალებელმა სომხებმა შეიტყვეს, იმის შიშით, ასეთი სათნო ბერი ჩვენი სარწმუნოებიდან არ განდგესო, დაიბარეს და შესაძლებლობა არ მისცეს გადმოსვლისა. ასე ჰყავდათ მანამ, სანამ არ გარდაიცვალა.

კიზიკში იყო ერთი მწვალებელი, სულიწმიდის მგმობელი ერეტიკოსი მაკედონიუსი, რომელმაც ლოცვით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანა  ზეთისხილის ხე, რომელიც მისი ფუჭი სალოცავის წინ ამოსულიყო და შიგ შესვლაში ხელს უშლიდა. ერთხელ ამ ეპისკოპოსმა გაიგო, რომ ვინმე მევახშე ქვრივ ქალს ავიწროვებდა და მისი გარდაცვლილი ქმრის ვალს დიდი რაოდენობის თანხით დაბრუნებას აიძულებდა. მაშინ, ადგა ეს ეპისკოპოსი, და როდესაც ქვრივის ქმარს დასაკრძალავად სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ, მიცვალებულს მიუახლოვდა, შეეხო კუბოს, რომელშიც მიცვალებული იწვა, და მკვდარს ხმის ამოღება აიძულა. ეპისკოპოსმა უბრძანა მიცვალებულს ეთქვა, თუ რამდენი მართებდა მას მევახშის ვალი. ამ მწვალებელის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები, სხვადასხვა ხილვები და ნიშები მის საფლავზე კვლავაც გრძელდებოდა.

ამრიგად, ვიცით რა ამის შესახებ, - აგრძელებს ღირ. ნიკონ შავმთელი, - ანგარიშმიუცემლად ნუ ჩავთვლით წმინდანად ყოველს, ვინც კი იქმს ნიშებსა და სასწაულებს, რადგან ნათქვამია: "... საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1). მათაც კი, ვისაც თავი მოჰქონდა ქრისტეს ჭეშმარიტ მოციქულად, პავლემ ცრუ მოღვაწენი უწოდა; და არც არის გასაკვირი, რადგან თვით სატანაც კი ხომ იცვალვის ანგელოზად ნათლისა, ამიტომაც, რა არის განსაკუთრებული იმაში, მისმა მონებმა თავი მოიკატუნონ ჭეშმარიტების მსახურებად, რომელთა ბოლოც მათი ცრუ საქმეების მიხედვით იქნება; რამეთუ უწმინდური დემონები, რომლებიც ცრუწინასწარმეტყველთ ემსახურებიან, აწყობენ ნიშებსა და სასაწაულებს, კურნავენ სნეულთ, მკვდრეთით აღმდგარად წარმოუდგენენ მიცვალებულს, რომლებიც მოჩვენებითად ესაუბრებიან ცოცხალთ და ყოველივე ამას გულუბრყვილოთა საცთუნებლად იქმან. დემონს შეუძლია შევიდეს მიცვალებულის სხეულში და ცრუ-მოძღვრების ლოცვით აჩვენოს, თითქოსდა მიცვალებული მკვდრეთით აღმდგარივით ამოძრავდა. შემდეგ, ვითომცდა მკვდრის სახელით, ლაპარაკსაც იწყებს მაცთური და ატყუებს ადამიანს, იძლევა პასუხს იმაზე, რაზეც ეკითხებიან და იუწყება ადამიანთა საიდუმლოებებსა და სიტყვებს, რადგან ყოველთვის აყურადებს ადამიანთა ლაპარაკს და მათ საქციელსაც აკვირდება. ამიტომაც, დემონი ამბობს იმას, რაც უნახავს და გაუგია. ასე ცთუნდებიან დემონის მზაკვარებით მოტყუებული ადამიანები, რისგანაც დაგვიფაროს ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა.

გარდა ამისა, დემონებს შეუძლიათ გაამრავლონ ან პირიქით შეამცირონ ნაყოფნი მიწისა, მოახდინონ ნიშები და სასწაულები ქარების მოძრაობით, წვიმითა და გვალვით; გამოაშრონ მიწა და ა. შ. ლაპარაკობენ ადამიანივით, და ააშკარავებენ ადამიანთა აზრებსა და ფიქრებს, რადგან ხვდებიან მათ შესახებ სხეულებრივი მოძრაობების, განსაკუთრებით კი გამომეტყველების მიხედვით, რომლებიც ადამიანის ამა თუ იმ ფიქრს შეესაბამება. წინასწარმეტყველებენ შორეულ და ახლო მომავალსაც. ადამიანის მდგომარეობის წინასწარმეტყველება მათაც შეუძლია, ვისაც საექიმო საქმე ზედმიწევნით კარგად უსწავლია. ასე წინასწარმეტყველებდნენ სარკინოზნიც, რომლებიც სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, სავარაუდოდ ცნობდნენ მათ, ვინც ომში დაიღუპებოდა. ასე არიან დემონებიც, ჭვრეტენ რა ადამიანის ბუნებას, ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებენ. როგორც უხორცო სულნი, ისინი ადვილად განიხილავენ ადამიანის სხეულს, ძალას, მოქმედებებსა და ჯანმრთელობას, რისთვისაც არავითარი საექიმო საქმის შესწავლა არ სჭირდებათ. ისინი ცნობენ, თუმცა ეს წინასწარ არ უწყიან, სიკვდილის მოახლოვებასაც; იგივე უნდა ითქვას მოგვებსა და მკითხავებზეც, რადგან დემონებმა, იციან რა ვინ სად რა მოიპარა, და ასევე სად იმყოფება მოპარული, ამცნობენ მათ თავიანთ მსახურთ ადამიანთა გასაკვირვებლად და საცთუნებლად.

ერთხელ რამოდენიმე ძაძებით შემოსილი მწვალებელი ბერი, წმიდა პახომის ეახლა თავის მონასტერში. ბერემბა თავიანთი წარმომადგენელი მიუგზავნეს წმიდა მამას და შეუთვალეს: "გამოგზავნილნი ვართ ჩვენი მამის მიერ, რათა დიდ პახომის ვუთხრათ: თუ მართლა ღმრთის კაცი ხარ, როგორც გვსმენია, და თუ ღმერთი მართლა გისმენს, მოდი, ერთად გავიაროთ ფეხით მდინარეზე, რათა ყველამ უწყოდეს ვისა აქვს ჩვენს შორის ღმრთის წინაშე უმეტესი კადნიერება". როდესაც ძმებმა ამის შესახებ პახომის ამცნეს, წმინდანი აღშფოთდა და უთხრა: "მათი ლაპარაკიც კი არ უნდა მოგესმინათ! განა არ უწყით ასეთი გამოცდები უცხო რომ არის ღმრთისთვის, ჩვენი მოსაგრეობისთვის და განგვაშორებს მართლმადიდებლურ რწმენას? საღად მოაზროვნე ერისკაციც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ან ღმრთის რომელი კანონი გვიბრძანებს ამგვარი რამის გაკეთებას? პირიქით, მაცხოვარი სახარებაში გვამცნებს: "... დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა" (მათე 6:3). არაფერია იმგვარ უგუნურებაზე საშიში, როდესაც მივატოვებთ საკუთარი ცდოვების გლოვას, არ ვიზრუნებთ იმაზე, როგორ ავიცილოთ მომავალი ტანჯვა და გონებით ყრმანი, მივეცემით მსგავს გამოცდას".

ძმებმა ჰკითხეს: "კი მაგრამ, ღმრთისგან გაუცხოვებული ეს მწვალებელი შენს მოწოდებას ამისკენ როგორ ბედავს?"

ნეტარმა მამამ მიუგო: "ღმერთი თუ დაუშვებს, შესძლებდა კიდევაც, ოღონდ ეშმაკის შეწევნით, და ფეხით გადავიდოდა მდინარეზე, როგორც ხმელეთზე საკუთარი უკეთური მწვალებლობის გასაძლიერებლად და მრავალ ცთუნებულთა წარსაწყმედად. წადით და უთხარით ამ ამბის მომტანთ: "ასე ამბობს-თქო ღმრთის კაცი პახომი: მთელი ჩემი ღვაწლი და მონდომება, იმაში კი არ მდგომარეობს, ფეხით როგორმე გავიარო მდინარეზე, არამედ იმაში, რათა ღმრთის საუკუნო სამსჯავროზე თავიდან ავიცილო განსჯა, გადავიარო ცეცხლის მდინარე, რომელიც ქრისტეს საყდრის წინ აბობოქრდება და უფლის ძალით დავძლიო ეშმაკის მრავალი მზაკვარება"".

ამის შემდეგ კი ძმებს უბრძანა დიდი წარმოდგენა არ შექმნოდათ საკუთარ თავზე თავიანთი მოსაგრეობის გამო, და არც დემონთა და სხვა სახის ხილვათადმი სწრაფვა გასჩენოდათ. არ დაჰყოლოდნენ სხვათა მსგავს მოთხოვნებს და არც თვითონ გამოეცადათ ღმერთი ამგვარი სათხოვარით, რამეთუ ნათქვამია: "...არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათე 4:7).

მწვალებელთა სასწაულთმოქმედების გამოცანას კარგად განგვიმარტავს წმ. ათანასე ალექსანდრიელიც.

ერთხელ წმიდა ათანასე ალექსანდრიელს ჰკითხეს: "რანაირად ახდენენ ასე ხშირად მწვალებლები სასწაულებს?"

პასუხი: "ამან არავინ უნდა გააკვირვოს, რამეთუ გვსმენია რაც თქვა უფალმა: "მრავალნი
მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათ 7:22-23). ხშირად სასწაულის მიზეზი ხდება არა სასწაულთმოქმედის ცხოვრება, არამედ მომსვლელთა სარწმუნოება, რადგან წერილს არს: "შენმა რწმენამ გადაგარჩინა" (მათე 9:22). მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ, მწვალებლობაში მყოფიც ბევრს იღვწის ღმრთის მიმართ, და ჯილდოდ კურნებათა ნიჭს ამქვეყნად ღებულობს, რათა მომავალ საუკუნეში ესმას: "...შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე" (ლუკა 16:25); ახლა კი შენი არაფერი გვმართებს. ასე, რომ დაფიქრდით, იგივე არ შეგემთხვეთ მართლმადიდებელთაც".

ასე ლაპარაკობენ წმიდა მამები სასწაულთმოქმედ მწვალებლებზე, რომლებიც ასე განამტკიცებენ საკუთარ მწვალებლობას, როგორც ეს მართლმადიდებლობაშიც ხდება. მაგრამ გარდა ამისა, არ უნდა გამოვიკვლევდეთ ღმრთის განგებულებას და დაშვებებს, არამედ უფრო გვეშინოდეს, და ყურადღებით ვიცავდეთ საკუთარ თავს, ვეძიებდეთ ჭეშმარიტ რწმენას და ველტვოდეთ სიწმიდეს მართლმადიდებლობისა, ასევე წმიდა მამათა სწავლებებს, ღმრთის მცნებათა შესრულებას და გვქონდეს უდიდესი მორჩილება. ხოლო ის, ვინც გადაუხვევს სარწმუნოებას ან რწმენით ან საქმით, - უფსკრულში დაინთქმება.

ასე, რომ ზოგიერთი მოწმობის მიხედვით მწვალებელთა შორისაც გვხვდებიან გულწრფელი მოსაგრეები, რომელბიც სხვადასხვა მიზეზთა გამო სასწაულებსაც იქმან. მრავალი მათგანი თავისებურად სათნო და გულწრფელი იყო, მაგრამ ცხოვნებისთვის მათ, როგორც ღირ. ნიკონ შავმთელი ამბობს, ერთადერთი პირობა არ ჰყოფნიდათ - შვილობა ერთი, ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიისა. ასე ამბობენ წმიდა მამები. ამიტომაც, სანამ მოსაგრის სასწაულებით განვცვიფრდებოდეთ, ან მწვალებელთა ზნეობრივი თუ საკვირველი საქმეებით გავოცდებოდეთ, ყურადღება მივაპყროთ იმას, შეიცავენ თუ არა ისინი მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.


5. სასწაულებს ურწმუნოთა შორისაც ხდება


ახლა კი ყველაზე უკიდურეს მაგალითებსაც მოვუხმოთ; სასწაულები თურმე არაქრისტეანთა შორისაც აღსრულდება. ღირ. ნიკონის წიგნში შემდგომ ვკითხულობთ:

კითხვა წმ. ათანასე სინელს: "რა ძალით იქმან ურწმუნონი ნიშებსა და სასწაულებს, რა ძალით წინასწარმეტყველებენ?"

პასუხი: "ნიშები და სასწაულები, წინასწარმეტყველებანი და კურნებანი, რომელსაც ხშირად ახდენენ ურწმუნონი, რაიმე აუცილებლობით ან ღმრთის განგებულებით ხდება; ასე იყო ეს ბალაამის შემთხვევაში და მოგვი დედაკაცის შემთხვევაშიც. ასევე, მოციქულებმა ერთხელ ნახეს ვინმე ურწმუნო, რომელიც ქრისტეს სახელით ეშმაკებს დევნიდა; მოციქულებმა აუკრძალეს მას ამის კეთება და მის შესახებ ქრისტეს მოახსენეს, რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: "ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა" (მარკოზი 9:39-40). ამიტომაც, თუ ნახავთ, რომ მწვალებელი ან ურწმუნო ღმრთის მიუწვდომელი განგებით რაიმე სასწაულს იქმოდეს ნუ გაიკვირვებ, და ამ მიზეზით მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ნუ დაეჭვდები. ხშირად, მსგავსი ნიშები მომსვლელთა რწმენის გამო ხდება და არა იმათი ღირსების გამო, ვინც მათ აღასრულებს. ასე მაგალითად, არსაიდან ჩანს, კაცის ნაშობთა შორის უდიდეს იოანეს (ნათლისმცემელს - რედ.) რაიმე სასწაული ექმნას; მაშინ როდესაც, იუდა, ასე თუ ისე სასწაულებს იქმოდა, რამეთუ მაცხოვრის მიერ ისიც იყო იმ წარგზავნილთა შორის, რომლებიც აღადგენდნენ მიცვალებულთ და კურნავდნენ კეთროვანთ. ამიტომაც, ნუ გაიკვირვებ, თუ ხედავ რომელიმე უღირსს ან ბოროტმორწმუნეს, ან ურწმუნოს, რომელიც იქმს ნიშებსა და სასწაულებს და აცთუნებს მრავალთ.

მართლმადიდებელი კაცის სიწმიდეს ნიშები და სასწაულები კი არ ადასტურებს, არამედ მისი რწმენა და ცხოვრება. რადგან ხშირად არა მარტო ცოდვილნი მართლმადიდებელნი, არამედ მწვალებელნი და ურწმუნონიც კი იქმოდნენ ნიშებს და წინასწარმეტყველებდნენ კიდევაც, მაგრამ არა მათი სიწმიდის გამო, არამედ, როგორც ვთქვით, ღმრთის განსაკუთრებული დაშვებისა და განგებულების გამო, როგორც იყო ეს ბალაამის, საულის, ნაბუქოდონოსორის და კაიაფას შემთხვევაში: - გარკვეული მიზნით მათშიც მოქმედებდა სულიწმიდა, თანაც, ისინი ისევ ისეთივე უკეთურებად რჩებოდნენ და ცოდვილებად, როგორებიც მანამდე იყვნენ. ასე, რომ ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულებით, ნიშებსა და სასწაულებს ცოდვილებიცა და ურწმუნონიც იქმან, რაც არ წარმოადგენს სიწმიდის ნიშანს. მასზე მხოლოდ მოსაგრის ღვაწლის ნაყოფები მეტყველებენ, უფლის სიტყვისამებრ: "მათი ნაყოფით იცნობთ მათ".

ჭეშმარიტად სულიერი კაცის ნაყოფზე კი მიუთითებს მოციქული: "ხოლო
სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული" (გალატ. 5:22-23). და თუ ადამიანი ასეთ ნაყოფს მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, სასწაულებს იქმს თუ არა, - წმიდაა და მეგობარია ღვთისა. რამეთუ, შეუძლებელია ღმრთის ჭეშმარიტი მონა სულიერი ნიჭების გარეშე დარჩეს: ან სიბრძნეს მიიღებს ღმრთისგან, ან შემეცნებას, ან მტკიცე რწმენას, ან კურნების მადლს და სულიწმიდისგან ბოძებულ კიდევ მრავალ სხვა უნარს, რომელიც მოციქულმა ჩამოთვალა. ვინც ამგვარ ნაყოფთა გარეშე აღასრულებს ნიშებსა და სასწაულებს ერთი იმათთაგანია, რომელიც განკითხვის დღეს იტყვის: "უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?" - უფალი კი მიუგებს: "არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა" (შეად. მათე 7:22-23).

მოციქულთა დადგენილებებში ნათქვამია: "ყოველი წინასწარმეტყველი როდია ღირსი და ყოველი დემონთგანმსხმელი როდია წმიდა. რამეთუ უკეთური მოგვი ბარლაამიც წინასწარმეტყველებდა, საულიც და კაიაფაც. ხშირად ეშმაკიც წინასწარმეტყველებს, და მასთან მყოფი დემონებიც იუწყებიან მომავალს, მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს მათ ღვთისმოსაობას. ცხადია, უკეთურები რომც წინასწარმეტყველებდნენ, ამით სულაც არ ავლენენ საკუთარ ღვთისმოსაობას, და დემონთგანმსხმელნიც, დემონთა გასვლის გამო ღირსი მამები ვერ ხდებიან, არამედ მათთან ერთად გაიზიარებენ საუკუნო ტანჯვას" (Климент папа римский. Постановления апостольские изреченные в восьми книгах. Книга восьмая.
§ 2).

ამის შესახებ ამბობს ოქროპირიც: "რამეთუ ანტიქრისტე, რომელიც ღმრთის დაშვებით მოვა, მისი მსახური დემონების შეწევნით მრავალ ნიშებსა და სასწაულებს მოახდენს ისე, რომ თუ შესძლებს შეაცდენს მორწმუნეთაც. და ამაში არაფერია საკვირველი, ის ხომ ამას დემონის უხილავი შეწევნით მოიმოქმედებს. ცნობილია, რომ სხვა მოგვები და ჯადოქრებიც სხვადასხვა სასწაულთ სწორედ დემონთა შეწევნით იქმოდნენ, ასეთები იყვნენ იანე და იამბრე, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მოსეს და თავიანთი კვერთხებიც მიაქციეს გველებად, წყალი სისხლად, წარმოქმნეს მრავალნი გომბეშონი, რომლებმაც აავსეს ეგვიპტის მიწა. და კვლავ, სიმონ მოგვი, რომელიც მოციქულთა დროს ათასგვარ ნიშებსა და მოჩვენებით სასწაულებს იქმოდა, აიძულებდა ქანდაკებას ეარა, ცეცხლში მწოლიარე არ იწვოდა, ჰაერში დაფრინავდა, ქვას პურად აქცევდა და სხვა; მეტიც, გარდაიქცეოდა გველად და ადამიანებს სხვადასხვა ცხოველად წარმოუდგებოდა; აღებდა დახურულ კარებს, წყვეტდა რკინის ჯაჭვებს და მრავალი სხვა. ერთხელ სიმონ მოგვმა ერთი კაცის ქორწილში სასწაულთა მთელი თაიგული დაახვავა: სახლის ჭურჭელი თავისით მოდიოდა სტუმრებთან ისე, რომ მიმტანები აღარ ჩანდა; გადააადგილებდა აჩრდილებს და მათ მიცვალებულთა სულებს უწოდებდა. შეურიგდა რა მას გადაკიდებულ მრავალ ჯადოქარს, წვეულებაზე დაჰპატიჯა, ჯერ ხარი დაუკლა, შემდეგ კი გაუმასპინძლდა და ხორცთან ერთად ათასგვარი სნეულებები და დემონებიც შეჰყარა. ხოლო როდესაც კეისარი გამოეკიდა მოსაკლავად, სხვა ადამიანის სახე მიიღო და შორს გაიქცა".


6. მსგავსი მოვლენები ჩვენს დროში

ზემოთ განვიხილეთ სასწაულნი, რომლებსაც ახდენდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ სათნო ცხოვრებით და იყვნენ არა მარტო მწვალებლები, არამედ ურწმუნონიც კი. ახლა კი მოკლედ ვიტყვით ჩვენს დროში ცნობილ ნიშთა და სასწაულთა შესახებაც. ესენია: ხატების მასობრივი მირონდინებანი (და სისხლდენანი) (თვით იერარქთა პორტრეტებისაც კი!), რომლებიც არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ არამართლმადიდებლურ აღმსარებლობებშიაც შეიმჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ღმრთის სასწაულნი მისი განსაკუთრებული განგებით და მზრუნველობით გვეძლევა, ასევე მართლმორწმუნეთა გაძლიერებული ლოცვის შედეგად, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. უფალმა სასწაულები იმისთვის მოგვცა, რათა წყალობა მიეცეს ადამიანს, რომ ირწმუნოს ღმერთი, გამოსწორდეს და ინუგეშოს. როდესაც ღმრთისმოშიშ ქრისტეანებს ღმრთის წყალობით სასწაული ეღირსებოდათ, ისინი თრთოლვით მიეახლებოდნენ უფალს და მადლობით შესწირავდნენ სიტყვიერ მსხვერპლს მოღებული წყალობისთვის, რასაც უერთდებოდა მათი უღრმესი სინანული და საკუთარი უღირსების მტკიცე შეგნება.

არის კი ასე დღევანდელ "მრავალსერიულ" მირონმდინარე ხატების, პორტრეტების და ქაღალდის კალენდრების შემთხვევაში, რაც სხვაგვარად მადიდებელთა საზოგადოებაში ბადებს სურვილს მეტი და მეტი სასწაულებისა და არა მარტო თავიანთ ტაძარში, არამედ სახლებშიაც კი?

ადამიანებს უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი საკუთარ სახლში ჰქონდეთ "სასწაულთმოქმედი" ხატი, რაც მათ თავიანთი რწმენის "ჭეშმარიტებაში" არწმუნებთ; ამის გამო სჯერათ, რომ "მართლიად ცხოვრობენ და სწამთ", სინამდვილეში კი - ეს არის უკიდურესი საცთური და ხიბლი, რომელსაც უბედურების გარდა არაფერი მოაქვს.

სასწაულთა ხილვის ამგვარი ცოდვილი მიდრეკილება, ღმრთისგან მისი "გამოთხოვა" საკმაოდ მკაცრად არის დაგმობილი წმიდა მამათა მიერ, რადგან ეს ადამიანის სულმოკლეობისა და ურწმუნოების, უფრო მეტად კი მედიდურობის გამოხატულებაა, რადგან ასეთი ადამიანები საკუთარ თავს სასწაულის ხილვის ღირსად თვლიან.

ღირ. ისააკ ასურელი ასე მსჯელობს ამ საგანზე: "უფალი ყოველთვის მსწრაფლშემწეა ჩვენი სულებისა, მაგრამ საჭიროების გარეშე როდი ავლენს თავის ძალას, რათა მისი შემწეობა ჩვეულებრივ საქმედ არ წარმოგვიჩნდეს და არ დავკარგოთ მისდამი ჯეროვანი მოშიშება. ასე იქცევა ის, როდესაც განაგებს წმინდანთა ცხოვრებას: უშვებს მათზე მრავალ განსაცდელს, რათა იღვაწონ მათი ძალის შესაბამისად, იშრომონ და ილოცონ ღმრთის მიმართ; ამასთან კი იმასაც აჩვენებს, რომ ერთი წამითაც არ წყვეტს მათზე თავის მზრუნველობას (...). გაჭირვების ჟამს საჭიროა ღმრთის შეწევნის მოხმობა; მაგრამ საჭიროების გარეშე ღმრთის გამოცდა - უბედურების მომტანია. ჭეშმარიტად, უსამართლოა ის, ვინც ამას ითხოვს (...). ნამდვილი მართლმორწმუნენი მუდმივად საკუთარ უღირსებაზე ფიქრობენ; სწორედ იმაში ჩანს მათი ჭეშმარიტება, რომ საკუთარი თავი უკიდურეს ცოდვილებად და ღმრთის ყურადღების ღირსად არ მიაჩნიათ" (სიტყვა 36-ე).

მაშინ როდესაც, დღევანდელი მცირედმორწმუნე და ვნებებში დანთქმული საზოგადოება, ეშმაკისგან გამოიცდება. დაცემული ადამიანის ბუნებას ადვილად იპყრობს ზებუნებრივი მოვლენა და ეშმაკიც უხვად სთავაზობს მათ ასეთ სანახაობას: გონებით დაბრმავებულთა და თავქარიანთ ის უმზადებს წარწყმედის გზას და თავად ურწმუნოებს ამზადებს უკანასკნელი "სასწაულთმოქმედის" - ანტიქრისტეს მისაღებად.

ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, როდესაც მართალი რწმენა, სულიერი ცოდნა და განსჯა უკიდურეს მდგომარეობამდე გაღატაკდება: "აღდგებიან
ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

"აჰა
, წინასწარ გაუწყეთ თქვენ"-ო (მათე 24: 25), - უფალი გვეუბნება.

ნეტარი თეოფილაქტე უფლის სიტყვების განმარტებაში ბრძანებს: "როდესაც ანტიქრისტე მოვა, მრავალი ცრუქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი იქნება გამოსული ქვეყნად, რომლებიც ეშმაკის მზაკვარებით ისეთ მოვლენებს დაატრიალებენ მაყურებელთა თვალწინ, რომ თუ არ იფხიზლებენ, მართალთაც კი აცთუნებენ. მე (უფალმა) წინასწარ გამცნეთ ამის შესხებ, და არ ექნება გამართლება თქვენს საქციელს, რადგან შეგეძლოთ თავი დაგეცვათ მაცთურთაგან".

როგორ დავიცვათ თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, რომლებიც მისი ცრუსასწაულების სახით გვევლინება?

- სულიერი მღვიძარებით და მართლმადიდებლობის სიწმიდის დაცვით.

- ღმრთის მცნებათა დაცვით და წმიდა მამათა თხზულებების სწავლით.

- არ ვეძებოთ სასწაულნი და არც ვისურვოთ, არამედ მხოლოდ სულის ცხოვნებაზე ვიზრუნოთ.

- არ უნდა ვიკვლევდეთ ღმრთის განგებას და დაშვებებს, თუ რა მიზეზით ხდება სასწაული თვით ურწმუნოთა შორისაც კი.

არამედ, მეტი ყურადღება მივაპყროთ წმიდა მამებს, რომელთა მიერ ღმრთის განგებას არაერთხელ გადაურჩენია შემცდარნი და იმ მაგალითებსაც, რომლებიც ღირ. ნიკონს თავის თხზულებაში მოჰყავს. ეს მაგალითები ჩვენდა სამოძღვროდ და ჭკუის სასწავლებლად დაიწერა.

საეკლესიო გადმოცემის ცოდნა, განსჯადობა და სულიერი მღვიძარება ის ძირითადი საძირკველია, რომელიც დაგვიცავს ცრუსასწაულთა და საერთოდ, სასწაულთმიდრეკილებებისგან. სულიერი განსჯა კი თავმდაბლობიდან მოდის. "მხოლოს ის შეიძლება იყოს ბრძენი, ვისაც თავმდაბლობა გაააჩნია; მორჩილების არმქონე კი სიბრძნეს ვერ მოიხვეჭს" (ღირ. ისააკ ასურელი. სიტყვა 89-ე).


7. დასკვნები


ამრიგად, შევეცადოთ მოკლედ შევაჯამოთ ღირ. ნიკონის ნაშრომიდან ციტირებული ადგილები.

1. მართლმადიდებელ ცოდვილთა მიერ აღსრულებული სასწაულები სულაც არ მოწმობენ მათ ღვითმოსაობასა და სიწმიდეზე.

2. მწვალებელთა მიერ აღსრულებული სასწაულები არ მოწმობენ მათი სარწმუნოების სიწმიდეზე.

3. მწვალებელთა შორის გვხვდებოდნენ გულწრფელი მოსაგრეებიც, რომლებიც ცდილობდნენ ღვთის მცნებათა აღსრულებას, მაგრამ ამასთან მოკლებულნი იყვნენ ერთობას ჭეშმარიტ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რის გამოც ზოგიერთნი თავიანთი ღვაწლის გამო სასწაულთმოქმედების ნიჭს ღებულობდნენ, სხვები კი ნიშებსა და სასწაულებს იქმოდნენ ან მათდამი მოსულთა რწმენის მიხედვით, ან კიდევ ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით. როგორც ერთ, ასევე მეორე კატეგორიის მწვალებელთათვის სახარებაში ნათქვამია: "მრავალნი
მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-23).

4. თავისთავად ყველა სასწაული როდია ჭეშმარიტების კრიტერიუმი, არამედ ის შინაარსს იძენს გამომდინარე იქიდან, თუ ვინ და რა მიზნით ასრულებს მას.

5. ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე და ღმრთის მცნებათა დაცვაა.

6. ცრუ სასწაულთა მეოხებით დემონები ცდილობენ ან ზნეობრიობასთან ან კიდევ სარწმუნოებასთან მიმართებაში ადამიანთა ხიბლსა და ცთომილებებში გადაგდებას.


8. ძველმართლმადიდებლური აპოლოგეტიკის მოწმობა


ყოველივე ზემოთთქმულის დასტურად, საინტერესო იქნება დავიმოწმოთ XIX საუკუნის ერთი ძველმართლმადიდებლური წყარო. სამწუხაროდ, არ გვაქვს მისი ზუსტი ატრიბუტირების შესაძლებლობა, - ეს არის როგოჟის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ჰექტოგრაფი. აი როგორ პასუხს აძლევს ჩვენი პოლემისტი ახალმორწმუნე (ნიკონიანელი) მისიონერის კითხვას, რომელიც ნიკონიანურ ეკლესიაში აღსრულებულ სასწაულებზე უთითებს:

- სასწაულებთან და სასწაულთმოქმედებასთან შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს: ზოგი მათ სრულიად ენდობა, და ამა თუ იმ საზოგადოების მართლმადიდებლურობის დასტური ჰგონია, სადაც ის ზოგჯერ აღესრულება; სხვები - პირიქით, არასოდეს აღიარებენ მათ ჭეშმარიტების კრიტერიუმად. ხოლო ჩვენ, ჭეშმარიტების საკმარისი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, სასწაულების უარყოფას არ შევუდგებით, მაგრამ მათ არც ჭეშმარიტების და ამა თუ იმ საზოგადოების მართლმადიდებლურობის კრიტერიუმად დავსახავთ, სადაც გინდ აღესრულებოდეს იგი. რამეთუ, როგორც ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, სასწაულები ზოგჯერ ისეთ ადამიანთა მიერაც ხდებოდა, რომელბსაც მართლმადიდებლური ეკლესია მწვალებლებად და ურწმუნოებად მიიჩნევდა.

შემდეგ, - ნებისმიერი თავისუფალი საქმე, ადრიდანვე დასახულ მიზანს გულისხმობს; ასეა ნებისმიერი ცნობილი სასწაულიც, და მათაც შეგნებული და გონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეთ: უნდა არსებობდეს არა მარტო ხილული, არამედ ნამდვილი აუცილებლობაც. ამასთან, ადამიანის განკურნება, რომელიც ღმრთის დაშვებით იტანჯება, არ შეიძლება საბოლოო მიზანი იყოს. მიზანი ყოველთვის შეიმჩნევა რაიმე სასწაულის აუცილებლობის მეშვეობით, არწმუნებს თუ არა ის ვინმეს ღმრთის ჭეშმარიტებაში ან ადასტურებს თუ არა მას. იმ დროს, როდესაც წერა-კითხვა საკმარისად გავრცელებული არ იყო, ან კიდევ მცირედმორწმუნეობის გამო, არსებობდა ზებუნებრივი ნიშების აუცილებლობა, მსგავსად იმისა, როდესაც წარმართულ რუსეთში, მიტროპოლიტმა მიქაელმა ცეცხლზე შედგა სახარება, რომელიც არ დაიწვა. "სასწაული არა მარტო განსაცდელში მყოფთა გამო დაიშვება, - ვკითხულობთ ძველსლავურ განმარტებით სახარებაში, - არამედ ურწმუნოთა გამოც, რომლებიც ამით ქრისტესკენ მოიზიდებიან".

პეტრე ალექსეევის საეკლესიო ლექსიკონში, სიტყვა "სასწაულთმოქმედებაზე" უპირველეს ყოვლისა დამოწმებულია კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს 13-ე თავი, რომელიც ასე განიმარტება: "ამ თავთან დაკავშირებით არის შენიშვნა, რომ სასწაულთმოქმედების ნიჭები, სახარების სწავლების გავრცელებისა და დამკვიდრების შემდეგ შეწყდა. სასწაულები ჯერ კიდევ ავგუსტინეს დრომდე შეწყდა, როგორც ჩანს ეს მისი წიგნიდან "ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის შესახებ" (თავი 25). სასწაულნი ურწმუნოებს ებოძათ, მორწმუნეთ კი - წმიდა წერილი მიეცა. ხოლო ბოლო ჟამის ეკლესია, რომელიც მართლმორწმუნეთაგან შედგება, უფრო წმიდა წერილს ეყრდნობა, ვიდრე სასწაულებს. ამიტომაც, დღეს სასწაულთა აუცილებლობა გადავიდა. წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა, როგორც საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი ხმა, ნებისმიერ სასწაულზე უფრო დამაჯერებელი და საიმედოა: "წმიდა წერილი, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულზე უფრო სარწმუნოა" - ბრძანებს ოქროპირი (Маргарит, слово 4). ბნელი და გაუგებარია სასწაული, რადგან ისინი ცოდვილებსაც, მწვალებლებსაც და თვით წარმართებსაც კი აღუსრულებიათ. მოგვებიც იქმოედნენ სასწაულებს და დღემდე იქმან; ხოლო თუ რომელ შემთხვევაში და რა ძალით აღესრულებიან ისინი, - ჩვენი შემეცნების შესაძლებლობებს აღემატება.

ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ ზოგიერთები დევნიდნენ ეშმაკთ ისე, რომ ქრისტეს მოწაფენი სულაც არ ყოფილან. წარმართი იმპერატორები ვესპასიანე და ადრიანე, გავრცელებული ხმების თანახმად, სასწაულთ იქმოდნენ: კურნავდნენ ბრმებს და სხვადასხვა დაავადებებით დასნეულებულ ადამიანთ. ცნობილია აპოლონიუს ტიანელის ცრუ სასწაულებიც. ნიკონ შავმთელის წიგნში მოთხრობილია მრავალი ასეთ ცრუსასწაულმოქმედის შესახებ. ასეთი იყო, მაგალითად, ერთი მწვალებელი ეპისკოპოსი, რომელიც სასწაულებს იქმოდა; მრუში ბერი, რომლის გვამი, ბერის გარდაცვალების შემდეგ, მრავალთ კურნავდა; სხვა ბერი სასწაულებს იქმოდა ქარტიით; ქმრის მიერ მოკული მეძავის გვამიც კი სასწაულთმოქმედი აღმოჩნდა; მწვალებელი-სომეხი სასწაულებს სიცოცხლეშიც იქმოდა და სიკვდილის შემდეგაც. 9 იანვრის პროლოგში მოთხრობილია ერთ ასეთ "სასწაულთმოქმედზე".

მართლმადიდებლური ეკლესიისგან რომაული-კათოლიციზმის განდგომიდან ორასი წლის შემდეგ, ერთი კათოლიკე (პაპისტი - რედ.) მღვდელი, სახელად ფულკი, სასწაულებს იქმოდა: დევნიდა დემონებს, კურნავდა ბრმებს, ყრუებს, მუნებს, კოჭლებს, ვისაც სურდა კურთხევას აძლევდა, ხოლო ვისაც სურდა - სჯიდა (Робертс, История христианской церкви, 1891 г., стр. 131). იმავე "ისტორიაში" კათოლიკური ეკლესიის სხვა სასწაულთმოქმედებიც არიან ნახსენებნი. ამიტომაც, მართლმადიდებლური ეკლესიის და ადამიანის ღმრთითმოსაწონი ცხოვრების ოდენ სასწაულებით დადასტურება, - ძლიერ საშიში და ცოდვით აღსავსე საქმეა, რამეთუ ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.


9. დასკვნა

ამჯერად ჩვენ მივუახლოვდით მნიშვნელოვან დასკვნას: თუ, როგორც ღირ. ნიკონი ამბობს, მრავალრიცხოვანი ცრუ სასწაულებით ეშმაკი მართლმორწმუნეთა ზნეობრივ ან სარწმუნოებრივ შეცდენას ცდილობს, მაშინ სამართლიანი იქნება დავსვათ კითხვა: როგორია ჩვენი დროის სასწაულთა საერთო აზრი, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობებსა და რელიგიებში უხვად გვევლინება? არ არის საჭირო განსაკუთრებული მჭვრეტელობა, რათა დავასკვნათ, რომ ამა სოფლის თავადი წარმატებით ავრცელებს მორიგ ზღაპარს:

- "ღმერთი ყველგანაა", დანარჩენი - ადამიანების მიერ გამოგონილი შეზღუდვები და პირობითობებია;

- ეკლესიის საზღვრები მარტო მართლმადიდებლური აღმსარებლობით როდი შემოიფარგლება;

- წმინდანები და მადლი ყველა კონფესიაშია;

- სათნოების საზოგადო ხასიათს მართლმადიდებლობის სიწმიდეზე უმეტესი მნიშვნელობა გააჩნია;

- ყველაზე მნიშვნელოვანი "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია".

ასეთი შეხედულება სრულიად შეეფერება ჩვენი დროის სულისკვეთებას. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების შეცვლასთან, ანუ - თანამედროვეობის ეკლესიოლოგიურ მწვალებლობასთან. ამით ქრისტეანობას აცლიან პირველ მცნებას (ღმრთისადმი სიყვარულს. იხ. მათე 22:37-38). ამით ქრისტეანობა ხდება მხოლოდ ჰუმანიტარული სწავლება, რომელსაც ამა სოფლის თავადი ცრუსასწაულთა დახმარებით ნერგავს. ბეჭდვითი სიტყვის სიჭარბის მიუხედავად, თანამედროვე ქრისტეანი ყოველთვის როდია გაცნობილი წმიდა გადმოცემას, რის გამოც ათასგვარი ილუზიებით იკვებება და სარწმუნოების შინაარსი საზოგადო ზნეობრივ ნორმებამდე და "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებამდე" დაჰყავს. ღირ. ნიკონის თხზულებაზე დაყრდნობით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მართლმადიდებლური გადმოცემა (ანუ წმ. ეკლესიის სწავლება)რომელიც ესოდენ არასასიამოვნო და უცნობია ჩვენი თანამედროვეებისთვის, მსგავსი "ჰუმანიზმისთვის" უცხოა და გადაჭრით უარიყოფა.   

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика