პირჯვრისწერა - პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ. - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)



პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ

ორთითიანი წყობა

შესავალი


1. რა განსხვავებაა ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებში დამკვიდრებულ პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის?


2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირჯვრისწერის წესი?


3. ამ ორი წესიდან რომელია სწორი და რატომ?


4. რითი ამართლებენ გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები თავიანთ პრაქტიკას და რატომ უარყოფენ ძველმართლმადიდებლურს?


5. რატომ არ შეიწყნარებენ ძველმოწესეები სამი თითით პირჯვრისწერას?


6. რატომ არის სამი თითით პირჯვრისწერის წესი ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა, ორი თითით პირჯვრისწერის წესი კი არა?


7. რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული?  


8. რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია კურთხევის გაცემის ჟამს ორთითიან წყობასთან დაკავშირებით?


9. საიდან მომდინარეობს პირჯვრისწერის წესი?


10. რატომ არის აუცილებელი ორი თითით პირჯვრისწერა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ ასეთ პირჯვრისწერას აქვს ძალა?


11. განეკუთვნება თუ არა პირჯვრისწერის წესი იმ ჩვეულებათა რიგს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა?


12. მაგრამ ხომ ცნობილია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა პირველივე საუკუნიდან იცვლებოდა და რას იწვევდა ეს ცვლილებები?  


13. რამდენად ძველია ორი თითით პირჯვრისწერა?  


14. კიდევ რა ისტორიული მოწმობები არსებობს, რომლებიც დაადასტურებდნენ ძველ საბერძნეთში და, საერთოდ, მთელს ქრისტეანულ სამყაროში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობას?


15. რა შეიძლება ითქვას ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან და სწავლებებიდან მოტანილ იმ მაგალითებზე, რომლებსაც ახალმოწესე მკვლევარები იმოწმებენ?


16. კიდევ რა შეიძლება ითქვას ორი და სამი თითით პირჯვრისწერის წესთა შესახებ?


17. რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?


დასკვნა


______________________________________________________________


შესავალი


ყველამ კარგად იცის, რომ ძველი მართლმადიდებლები, გაბატონებული ახალმოწესეებისგან განსხვავებით, პირჯვარს იწერენ ძველი წესით: ხუთთითიანი წყობით (შეერთებულია ცერი, ნეკი და არათითი წმ. სამების ერთობის აღსარების სიმბოლოდ, ხოლო აღმართულია ორი: საჩვენებელი და შუათითი, ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად) რომელიც უფრო ორი თითით პირჯვრისწერის სახელწოდებითაა ცნობილი. ამავე წყობით გაიცემა კურთხევაც ძველმართლმადიდებელ მღვდელმსახურთა მიერ.

გაბატონებულ ეკლესიაში კი პირჯვარს იწერენ სამი თითით (შეერთებული ცერით, საჩვენებელი და შუათითით), ხოლო კურთხევას გასცემენ ხუთთითიანი წყობით, სადაც აღმართულია საჩვენებელი თითი, მოხრილია შუათითი, ცერი გადაჯვარედინებულია არათითთან, და აღმართული და მცირედ მოხრილია ნეკა თითი. გაბატონებული ეკლესიის ადეპტების შეხედულებით ეს წყობა სლავურ (ზოგიერთის აზრით ბერძნულ-სლავურ) ენაზე გამოხატავს მაცხოვრის სახელს - IC XC.

პატრიარქ ნიკონის დროიდან, როდესაც ბერძენი იერარქების წაქეზებით მეფე ალექსი მიხეილის ძემ და თვით პატრიარქმა დაიწყეს საეკლესიო რეფორმა ბერძნებთან სრული უნიფიკაციის მიღწევის მიზნით, ორი თითით პირჯვრისწერის წესი გამოცხადდა მართლმადიდებლობისთვის უცხო და მწვალებლურ გადმოცემად, რის გამოც ის დაიწყევლა. ასევე დაიწყევლა და ეკლესიიდან მოკვეთილ იქნა ამ ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებლური, საეკლესიო ჩვეულების მიმდევარი.

XIX საუკუნის მიწურულს და XX-ის დასაწყისში, რუსეთის ეკლესიაში დაიწყო ერთგვარი მოძრაობა სამეცნიერო და სასულიერო წრეებში, რომელთა მიზანი იყო ისტორიული სიმართლის დადგენა. ამ მოძრაობამ გამოიღო ის შედეგი, რომ საბოლოოდ დადგინდა პირჯვრისწერის ძველი წესის მართებულობა და ის, რომ ნიკონ პატრიარქის რეფორმას, რომელმაც მწვალებლობად გამოაცხადა ძველი საეკლესიო წესები, არ გააჩნდა აბსოლუტურად არანაირი საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და კანონიკური საფუძვლები. ნიკონის არგუმენტები მის მიერ დაწუნებული და დაწყევლილი ძველი წესების წინააღმდეგ არ დადასტურდა არც ისტორიული მონაცემებით. პირიქით, ისტორიულ და ლიტურგიკულ წყაროებში აღმოჩნდა მრავალი მასალა, რომელმაც დაადასტურა ძველი წესების (მათ შორის პირჯვრისწერის ძველი წესის) სრული მართლმადიდებლურობა. ამავე მოძრაობის შედეგი იყო ის, რომ 1971 წელს, რუსეთის ადგილობრივმა, გაბატონებულმა ეკლესიამ, პატრიარქ პიმენის მეთაურობით, მოიწვია ადგილობრივი კრება (თუმც ამ კრებაზე მიწვეული იყვნენ სხვა ადგილობრივ ეკლესიათა და თვით ძველმართლმადიდებლურ კონფესიათა მწყემსმთავრები. მათ შორის იყო საქართველოს დღევანდელი პატრიარქი ილია II-ც), რომელმაც აღიარა პატრიარქ ნიკონის შეცდომა და მოხსნა ყველა ანათემა თუ წყევლა-კრულვა გამოთქმული მოსკოვის 1667 წლის კრების მიერ.

მიუხედავად ამისა, საქართველოში და თვით რუსეთშიც, დღემდე ძლიერია მიდრეკილება სამი თითით პირჯვრისწერისადმი. თანაც იმ დონეზე, რომ პრინციპულად არ სურთ აღიარება ორი თითით პირჯვრისწერის და ეწინააღმდეგებიან პრაქტიკაში მის დანერგვას. ამ მიმართებით ხშირად გვიმოწმებენ საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის ლექტორის ბ-ნ ედ. ჭელიძის 1989 წელს გამოცემულ ნაშრომს "ეკლესია - სძალი უფლისა". ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკაში თუ რომელი წესია უფრო სწორი და მართებული ორი თითით პირჯვრისწერა თუ სამი თითით, ძველმართლმადიდებელთა ოპონენტები ანიჭებენ მეტად პრინციპულ მნიშვნელობას. რაც ნათლად ჩანს ბ-ნ ედ. ჭელიძის ამ ნაშრომიდანაც (ცხადია პრინციპულობა ამ წესთა შორის მართებულად ორი თითით პირჯვრისწერის აღიარებაში არც ძველმორწმუნეებს აკლიათ).

ვინ არის მართალი და რომელი წესია მისაღები?

სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ეს მოკრძალებული პუბლიკაციაც, რომელშიც კითხვა - პასუხის ფორმით შევეცადეთ გაგვეცა პასუხი ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის. ჩვენი თანამემამულეებს გულწრფელად სჯერათ, რომ პირჯვარი უნდა დაიწერონ სამი თითით და, რომ თითქოსდა ეს არის წმინდა ეკლესიის მამათა უტყუარი გადმოცემა, მაგრამ "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით შევეცადეთ აგვეხსნა ამ შეხედულების სიმცდარე.

ჩვენ გვსურს საქართველოში ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემების, მართლმადიდებლური წესისა და რიგის აღდგენა და დამკვიდრება. ამიტომაც ვცდილობთ ასე დაბეჯითებით მორწმუნე საზოგადოებისათვის იმ მასალის მიწოდებას, რომელიც, როგორც ჩანს, უცნობია მისთვის. ამ ეტაპზე მადლობასა და დითირამბებს არავისგან ველოდებით, მაგრამ თუ გამოიჩენთ გულისხმიერებას და მოისმენთ ჩვენს არგუმენტებს იქნებ აღმოვაჩინოთ, რომ ყოველივე, რის მიწოდებასაც საზოგადოებისთვის ცდილობს ჩვენი ეკლესია საყურადღებოა და მნიშვნელოვანი


1. რა განსხვავებაა ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებში დამკვიდრებულ პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის?

ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებს შორის მრავალი საწესჩვეულებო, ლიტურგიკული და დოგმატური შინაარსის სწავლა-მოძღვრებითი განსხვავებაა, მათ შორის ერთ-ერთია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესები. ძველმართლმადიდებლური ეკლესია პირჯვრისწერას ასწავლის ძველი, საეკლესიო გადმოცემის თანხმიერად. თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა მიერ, ეს შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველი მიტროპოლიტის, ნიკოლოზისადმი:

"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს" (იხ. სურ. 1).



სურ. 1


2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირჯვრისწერის წესი?

პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139, ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა").

პირჯვირსწერა არის ჯვარცმული ქრისტეს აღიარება და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვის წყევისაგან გამოხსნის რწმენის გამოხატულება, ამიტომაც წმ. კირილე იერუსალიმელი გვასწავლის: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი" (ედ. ჭელიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 188)


3. ამ ორი წესიდან რომელია სწორი და რატომ?

პირჯვრისწერის ძველმართლმადიდებლური წესი ცნობილია პირველი საუკუნეებიდანვე. სადღეისოდ უკვე უეჭველად დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორედ მოციქულთა გადმოცემა და ქრისტეს ეკლესიის უცვალებელი წესი. ორი თითით პირჯვრისწერა, განსხვავებით სამი თითით პირჯვრისწერისგან, სწორია იმიტომ, რომ მასში მოცემული სწავლა-მოძღვრებითი შინაარსი სრულ თანხმობაშია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან. სამი შეკრული თითით (ცერით, ნეკით და არათითით) გამოვხატავთ ჩვენს რწმენას წმ. სამებისადმი, ხოლო ორი აღმართული თითით (საჩვენებელი და შუათითით), რომლებსაც ვიდებთ შუბლზე, ჭიპზე, მარჯვენა და შემდეგ მარცხენა მხარზე, - აღსარებას მაცხოვრის განკაცებისა, ჯვარცმისა, მკვდრეთით აღდგომისა და მეორედ მოსვლისა.

სამი თითით პირჯვრისწერა კი არის მწვალებლობა, რადგან მასში მოიაზრება არა ჯვარცმული ქრისტეს კაცობრივი ბუნება, არამედ წმინდა სამება. ამის შესახებ არსებობს 1666-1667 წლების კრების განსაკუთრებული დადგენილება: “პირჯვრისწერისას სამი თითი უნდა შევაერთოთ, რითაც მივანიშნებთ სამებას, ბოლო ორი თითი კი გვაქვს უქმად” (ანუ არაფერს ნიშნავს). ნიკონიანელი რეფორმატორები გვიან მიხვდნენ ამგვარი პირჯვრისწერის აბსურდულობას და XVIII-XIX საუკუნეებში ამ ორ მოკეცილ თითს მიანიჭეს ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლური მნიშვნელობა. ეს სწავლება (მოკეცილი ორი თითის შესახებ) კერძო პირებმა შეადგინეს და კრებითად მიღებული არ ყოფილა.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ თუ რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია სამი თითით პირჯვრისწერით და როგორი აღმსარებლობაა ჩადებული ამ წესში, კერძოდ: კეთილმსახურსა და მართლმადიდებელ ქრისტეანსა მართებსო, - ვკითხულობთ მათ განმარტებაში, - პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელის სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი., ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობასო... შემდეგ კი ნათქვამია: და ესრეთ, ამ ნაირად ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა, როგორცა ვთქვით ზემოთ, ჭეშმარიტად პატივის იცემების და იდიდების ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი".

საინტერესოა, მაინც რომელი სწავლების საფუძველზე “იდიდების” სამი თითით ჯვარცმული მაცხოვარი, თუკი სამი თითი სამების ერთარსობის სიმბოლოდ არის შეკრული? - გიპასუხებთ: ხაჩეცართა და მონოფიზიტ იაკობიტთა სწავლების საფუძველზე, რამეთუ სწორედ ამ სწავლებასთან არის დაკავშირებული ერთი თითით პირჯვრისწერის ადრინდელი, მონოფიზიტური ჩვეულება და მისი გვიანდელი სახეცვლილება - ხაჩეცარი, რომელიც წმიდა სამების, ანუ ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმულად გამოცხადებას ასწავლის სამწმიდაო ლოცვაში (“წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო”) - სიტყვების “რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის”, - დამატებით.
ვერ ვიტყვით, თითქოსდა გაბატონებული, ნიკონიანური ეკლესია ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმას ასწავლიდეს, მაგრამ აქ დამკვიდრებული პირჯვრისსაწერი თითების წყობა აშკარად ზემოთ ხსენებულ მწვალებლურ შეხედულებებს იმეორებს.


4. რითი ამართლებენ გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები თავიანთ პრაქტიკას და რატომ უარყოფენ ძველმართლმადიდებლურს?

ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებთან წერილობით პოლემიკაში, გაბატონებული "მართლმადიდებელი ეკლესიის" როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ადეპტთაგან სამი თითით პირჯვრისწერისა და თითების განსაკუთრებული მოყვანილობით (რომელიც ვითომცდა სლავური ლიტერებით იესუს სახელის აბრევიატურას IC XC - ს მიანიშნებს) კურთხევის დასაცავად ასეთი არგუმენტები გვესმის:

1. თურმე პირველი საუკუნიდან პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით, რომელიც მოგვიანებით (დაახ. IX საუკუნისთვის) შეიცვალა ორი თითით (როგორც დღემდე იწერენ პირჯვარს ძველმართლმადიდებლები) და საბოლოოდ კიდევ ერთხელ შეიცვალა სამი თითით. ხოლო სიტყვიერ პოლემიკაში ნიკონიანელი (ასე ვუწოდებთ ჩვენ ქართველ და რუს ახალმოწესე "მართლმადიდებელთ") ახალმოწესეები ამბობენ, რომ საერთოდ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ან რომელი თითებით გადაიწერს პირჯვარს ქრისტეანი; თუ პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ რომელიმე კონკრეტულ წესში ჩადებულია მართლმადიდებლური სწავლება, შეიძლებაო, - ბრძანებენ ისინი, - მუშტითაც გადაიწეროსო კაცმა პირჯვარიო.

2. არსებობს ასეთი შეხედულებაც: თურმე ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევა არის მღვდელმსახურთა პრეროგატივა და უბრალო ერისცკაცს უფლება არა აქვს, ასე გადაიწეროს პირჯვარი.
3. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და მიიჩნევენ, რომ პირჯვრისწერა საერთოდ არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან, მასზე რომ იყოს დამოკიდებული მართლმადიდებელი ადამიანის სულის ცხოვნება, მაშინ ვერ ცხონდებოდნენო მარჯვენა ხელის ან საერთოდ უხელო ადამიანებიო.

გამომდინარე აქედან, გაბატონებული ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებლობის" ადეპტები ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის მყარ და მტკიცე ჩვეულებას ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა გაუნათლებლობასა და სიჯიუტეს მიაწერენ. რამდენად სწორია ჩვენი ოპონენტების ასეთი შეხედულება და რატომ იწერენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები პირჯვარს ორი თითით?

ახალმოწესეთა წარმოდგენილ არგუმენტებს მოკლედ ასე შეიძლება ვუპასუხოთ: კურთხევის გასაცემი თითების წყობა შეუძლებელია იკითხებოდეს სლავურ ან ბერძნულ ენებზე, ვინაიდან ის ბოძებულია მაცხოვრის მიერ. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: "განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი. და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ და განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად" (ლუკა 24 : 50, 51).

"აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი" რას ნიშნავს თუ არა იმას, რომ უფალმა თვითონვე ასწავლა მოციქულებს წესი ერის კურთხევისა?! ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით: უფალმა აკურთხა მოწაფეები, რათა, მიენიჭებინა ძალა, რომელიც მათ სულიწმიდის გარდამოსვლამდე დაიცავდა, და ჩვენს დასამოძღვრადაც, რათა, როდესაც ჩვენც განვეშორებით ჩვენს ქვეშევრდომთ, კურთხევის ძალით დავიფაროთ ისინი განსაცდელთაგან (იხ. ნეტ. თოფილაქტე ბულგარელის განმარტება ლუკას სახარებაზე. ლკ 24 : 50, 51).
სწორედ აქედან იწყება მღვდელმსახურთა მიერ ერისა და იერარქიულად მათ ქვემდგომთა კურთხევის ჩვეულება. სწორედ ქრისტესმიერი კურთხევიდან იღებს დასაბამს წესი ვაკურთხოთ ქრისტეანი რაიმე საქმის დაწყების, ან მოგზაურობის, ან განსაცდელის ჟამს და იგი (თუ არ ვიგულისხმებთ საკურთხებელ თითებს შორის განსხვავებას) საერთოა ძველმართლმადიდებელთა და ახალმოწესე ნიკონიანელთათვის.

გარდა ამისა, ჩვენს ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ ქრისტე მოვიდა ისრაელის ძეთა შორის და მოციქულებიც ყველანი ებრაელები იყვნენ. გამომდინარე აქედან, გაუგებარია, რატომ უნდა დაევალებინა ქრისტეს თავის მოციქულთათვის მსოფლიო ხალხების კურთხევა და მათშიც ამ წესის დამკვიდრება მათთვის უცნობ, არამშობლიურ ენებზე. ამიტომაც ვფიქრობ, არც არავინ უნდა შემოგვედავოს იმაში, რომ ლიტერები IC XC, შეუძლებელია ქრისტეს ეგულისხმა თავის კურთხევაში; და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თუკი ალოგიკურია ბერძნულად მოციქულთა კურთხევა, საერთოდ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ზოგიერთთა მოსაზრება, თითქოს ქრისტემ მოციქულები აკურთხა იმ დროს არ არსებული დამწერლობის (ანუ, სლავურის) მიხედვით. რადგან ვიცით, რომ სლავური ანბანი, რომელიც ბერძნული ასოების საფუძველზე ჩამოაყალიბეს სლავთა განმანათლებლებმა კირილემ და მეთოდემ, შეიქმნა ქრისტეს ამაღლებიდან ათი საუკუნის შემდგომ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ, პირჯვრისწერისგან განსხვავებით, კურთხევის ეს წესი, როგორც ნიკონიანელთა თხზულებებიდან ჩანს, რატომღაც არ დაქვემდებარებია არავითარ ცვლილებას. მეტიც, გამოდის, რომ მთელი ათი საუკუნე მართლმადიდებელი მამები მათთვის სრულიად უცხო ენობრივი შინაარსის მქონე და გაუგებარი იეროგლიფებით აკურთხებდნენ მორწმუნეებს. თანაც არც ერთხელ არც ერთი წმინდა მამა არ დაინტერესებულა ამ უცნაური "კურთხევის" შინაარსით და არ მოუცია არანაირი განმარტება.

რაც შეეხება პირჯვრისწერისას მღვდელმსახურთა პრეროგატივას მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არავითარი ამდაგვარი პრეროგატივა არ იცის. ჩვენთვის უცნობია რომელიმე წმინდა მამის შეხედულება, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ მღვდლებმა, ერისკაცებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული წესით - ორი თითით უნდა გადაიწერონ პირჯვარი, ხოლო ერისკაცებმა სამით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ მამებში საერთოდ არ არსებობს სამი თითით პირჯვრისწერის წესის განმარტება, მარტო ის გარემოება, რომ 1667 წლის მოსკოვის კრებამ, რომელიც მოეწყო ბერძენი იერარქების წაქეზებით და რომელსაც თავმჯდომარეობდა ქ. ღაზის პატივაყრილი "მიტროპოლიტი" ბერძენი პაისი ლიგარიდი, ორი თითით პირჯვრისწერა შერაცხა მწვალებლობად და დასწყევლა ისიც და ყველა მისი მიმდევარიც, აჩვენებს თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და აბსურდულია თანამედროვე ახალმოწესე "მართლმადიდებლების" მცდელობა, პირჯვრისწერის ყველა წესი აღიარონ თანასწორად.

ახალმოწესეთა სამღვდელოება კი, მიუხედავად ამისა, თავის მრევლს ასწავლის, თითქოს ორი თითით პირჯვრისწერა ეს არის სასულიერო პირთა პრეროგატივა. ასევე, თითქოსდა ორი თითით გასცემენ ისინი კურთხევასაც, რიგით ერისკაცთ კი ამისი უფლება არა აქვთ და მათ, პირჯვარი სამი თითით უნდა დაიწერონ.

1667 წლის ახალმოწესეთა მოსკოვის კრებამ, რომელსაც პატივაყრილი თუ პატივაუყრელი აღმოსავლელი იერარქებიც ესწრებოდნენ, დააკანონა არა ორი თითით კურთხევა, არამედ უცნაურად, ხუთი თითით, რომელიც ვითომცდა გამოხატავს ქრისტეს სახელს (უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობა ამ კრებამ, და მისი მიღებით, - მთელმა აღმოსავლეთის ეკლესიამ, გამოაცხადა მწვალებლობად. ანუ, თუ დავუჯერებთ გაბატონებული ეკლესიის სასულიერო პირებს და მათ ადეპტებს, გამოდის, რომ ახალმოწესე სამღვდელოება ერს აკურთხებს მწვალებლობად შერაცხილი დაწყევლილი თითების წყობით...

კურთხევის გაცემის წესს ჩვენ უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით, აქ კი ვიტყვით, კურთხევა იმით განსხვავდება პირჯვრისწერისგან, რომ, თუ პირჯვრისწერის უფლება ნებისმიერ ქრისტეანს გააჩნია, კურთხევის გაცემა მხოლოდ მღვდელმსახურთა პრეროგატივაა. მღვდელმსახურს, ერისკაცისაგან განსხვავებით, სხვათა სულების პატრონობაც ევალება, ამიტომ, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის ცხონებაზე უნდა იზრუნოს და ჯვრით მოიზღუდოს თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, სხვასაც უნდა გადაწეროს ჯვარი და ამ ქმედებით აკურთხოს იგი. ამ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო ეშმაკის დასათრგუნი ახალი ფორმული მოგონება?! ანუ, თუ პირჯვრისწერისთვის განწესებული თითების წყობით ითრგუნება ეშმაკი, იგივე წყობას კურთხევისას ძალა არა აქვს (რომელი წმინდა მამა იუწყება ამგვარ რასმე)? ან, პირიქით: თუ კურთხევის გასაცემ იმ წყობებსა აქვს ძალა, რომელთაც ჭეშმარიტ საკურთხებელ თითთამიერ წყობად მიიჩნევენ, რატომ ამგვარადვე არ იწერენ პირჯვარს?

თუკი ერთიც (პირჯვრისწერა) და მეორეც (კურთხევა) თრგუნავს ეშმაკს და ღვთიურ წყალობას აზიარებს მორწმუნეს, რა საჭიროა მათ შორის განსხვავება, განა პირჯვრისწერისა და კურთხევის წესები ორივე ერთი და იმავე მაცხოვრისგან არ გვებოძა? ხოლო თუ პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობებს შორის არ არის არავითარი სხვაობა მადლმოსილებისა და ძალმოსილების თვალსაზრისით, რაღა საჭიროა თითების წყობის შეცვლა ამ ორი პირჯვრის გარდასახვით? რა საღვთისმეტყველო მნიშვნელობაა ჩადებული ამგვარ ცვალებადობაში?

ჭეშმარიტად, როგორც პირჯვრისწერა, ასევე კურთხევის გაცემა მაცხოვრისგან მოგვეცა, რომელმაც თავადვე დაგვიდგინა გარკვეული დოგმატური აზრის მატარებელი წყობა თითებისა და მათი მოძრაობის წესიც. როგორც ვთქვით, ეშმაკის დასათრგუნად და ღვთიური მადლისა და ძალმოსილების მისანიჭებლად, ხოლო კურთხევის გაცემასა და პირჯვრისწერას შორის არსებობს მხოლოდ ერისკაცთა და მღვდელმსახურთა ფუნქციებისგან გამომდინარე უფლებრივი განსხვავება (ანუ ერისკაცს არა აქვს უფლება, გასცეს სამღვდლო კურთხევა მაშინ, როდესაც მღვდელმსახურს თვით უფალმა მიანიჭა ეს უფლება).

გარდა ამისა, მტკიცება, თითქოსდა ახალმოწესეთა მღვდლები და ეპისკოპოსები ერს აკურთხებენ ორი თითით, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. აი რას ვკითხულობთ საღვთო რჯულის შემსწავლელ სახელმძღვანელოში კურთხევის გაცემის შესახებ: "ღვთისმსახურნი (ანუ ღვთისმსახურებისთვის საგანგებოდ დადგენილი პირები - არქიეპ. პ.) - ჩვენი სულიერი მამები: ეპისკოპოსები (მღვდელმთავრები) და მღვდლები - გადაგვსახავენ ჯვარს ასოებით IC XC., რაც (სლავური ანბანის მიხედვით - ეპ. პ.) იესუ ქრისტეს ნიშნავს. ეს მიანიშნებს, რომ მღვდლის მიერ გვაკურთხებს თვით იესუ ქრისტე" (Закон Божий для семьи и щколы. Составил протоиерей Серафим Слободский, изд. четвертое, типография преп. Иова Почаевского, Джорданвиль, 1987 г., стр. 46).

იქვე საილუსტრაციოდ მოცემულია ამგვარი სახელობითი წყობის, ანუ კურთხევის გასაცემი თითების წყობის გამოსახულება, რომელსაც ქვემოთ აქვს წარწერა: Благословляющая рука священнослужителья (მაკურთხებელი ხელი ღმრთისმსახურისა. იხ. სურ 2).



სურ. 2. კურთხევის გასაცემი თითების წყობა, სადაც თითების განლაგებაში, როგორც ოფიციალური ეკლესია ასწავლის, იკითხება მაცხოვრის სახელის დასაწყისი და ბოლო ასოები, კერძოდ: IC XC.

საკუთარ მრევლზე ჯვრის გამოსახვის (ანუ კურთხევის) ასეთი წესი, რომელიც უცნობია ძველი მართლმადიდებლობისთვის, დააკანონა ნიკონიანური რეფორმების დამაგვირგვინებელმა მოსკოვის 1667 წლის კრებამ რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლელი პატრიარქები და სასულიერო იერარქები სხვადასხვა ქვეყნიდან (არსებობს ცნობა, რომ ამ კრებას ესწრებოდნენ ივერიის წარმომადგენლებიც). ასე გადმოსცემია თურმე ეს ჩვეულება ეკლესიას თვით მოციქულთაგან. მოციქულებსვე მიუღიათ კურთხევის ზემოთხსენებული ჩვეულებაც, რომელშიც თითები განსაკუთრებული წყობით იკითხება როგორც IC XC (იხ. სურ. 2). აი, ამ კრების განჩინებაც:

"ასევე, მთელ სამღვდელო დასს ერის კურთხევას ასე ვუბრძანებთ: მარჯვენა ხელის ორი თითი შეაერთონ, საჩვენებელი თითი აღმართონ, ხოლო საშუალო ოდნავ მოხარონ, რაც იესუს (IC) მიანიშნებს. შემდეგ, ორი თითი: ცერი და არათითი გადააჯვარედინონ, რითაც ასო X აღინიშნება. და კვლავ, მათ ნეკა თითიც მიუერთონ, რომელიც ოდნავ უნდა მოხარონ, რითაც გამოსახავენ ასო - C -ს და ამ სამი თითით გამოხატონ XC. და ყველა ამ თითებით, რომლებითაც გამოისახება იესუ ქრისტე IC XC (იხ. სურ. 2) ქრისტეანთა კურთხევის წესს გამცნებთ:…თუკი ვინმე ჩვენგან ნაბრძანებს არ შეისმენს და ჩვენს წინააღმდეგობას შეუდგება, შევაჩვენებთ და ყოველგვარ სასულიერო პატივს ავყრით (Деяния московских соборов, 1667 г., изд. Москва, синод. типогр., л. 5-7, об.). უფრო დეტალურად იხ. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ბეჭდვითი გამოცემა "მართლმადიდებელი", 2001 წ., # 2 (23), გვ. 6, სვ. 1).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, გაბატონებული ეკლესია და მათი სულიერი მამები მრევლს ორი თითით კი არ აკურთხებენ, არამედ ხუთი თითით, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ, მათივე თქმით, მაცხოვრის სახელის სლავურენოვან დაწერილობას (Иисус Христос) - ს მიანიშნებს. ეს წყობა დააკანონა რეფორმატორულმა ეკლესიამ და წყევლა-კრულვით, შეჩვენებით და პატივის აყრით დაემუქრა ყველას, ვინც არ შეასრულებდა ამ წესს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამ წესს არავითარ შემთხვევაში ორი თითით კურთხევის გაცემას არ უწოდებენ! ამიტომაც აქვე გავარკვიოთ, რას უწოდებენ ორი თითით კურთხევის გაცემას ნიკონიანელი რეფორმატორები.

ნიკონიანური ეკლესიის კრებათა და მოძღვართა დადგენილებებით, ჯვრის გადასაწერი თითების წყობა (ორი თითით კურთხევა და პირჯვრისწერა) გამოცხადდა: 1. არიანელობად (Скрижаль, л. 15); 2. ნესტორიანელობად (იქვე გვ. 16); 3. მაკედონიანელობად (Пращица, отв. 30, л. 92; отв. 35, л. 99, 100; отв. 52, л. 112); 4. ღმრთისმგმობ განყოფად (Скрижаль, л. 796); 5. სომხურ მწვალებლობად (Увет, л. 68, 119); 6. ჯოჯოხეთის კარიბჭედ (Скрижаль, л. 715: Игнатий Тобольский, стр. 103); 7. დემონთა სავარძლად (Д. Ростовский, "Розыск", л. 188); 8. ეშმაკის გადმოცემად (Обличение, л. 16; В. Т. Зеленков, Выписки... Вторая половина, Москва, 1912 г., стр. 90, 92, 93-97, 110) და სხვა.

სერაფიმე საროველი, ნიკონიანური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი "წმინდანი", ორი თითით პირჯვრისგადამწერ და კურთხევის გამცემ ძველმორწმუნეებზე ამბობს, რომ თურმე: "სასოებით აღსავსე ადამიანებიც რომ იყვნენ, მაინც შეკრული იქნებიან, რამეთუ წმინდა მართლმადიდებლური (ე. ი., მათი, ნიკონიანური - ეპ. პ.) ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ჯვარს" (Житие преп. Серафима, сост. автор летописи Серафимо-Дивеевского монастыря, СПб, 5, 1903 г., стр. 75, по изд. 1 СПб, стр. 70, 71). ამდაგვარი მოწმობების მოტანა მრავლად შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ თითების როგორი წყობით აკურთხებს თავის მრევლს ნიკონიანური ეკლესია და რას უწოდებდა ის ორი თითით პირჯვრისწერას.

მაშ, თუ ოპონენტების ეკლესია, მათი საეკლესიო კრებები და "წმინდანები" "არ შეიწყნარებენ ამ ჯვარს" (ანუ ორი თითით პირჯვრისწერას და კურთხევის გაცემას), მიიჩნევენ მას ერეტიკულად და მრავალგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტითაც კი "ამკობენ", სრულიად ამოაგდეს თავიანთი საეკლესიო პრაქტიკიდან და ამგვარი წყობით კურთხევას თავიანთ სასულიერო პირებს პატივის აყრითა და სამარადისო შეჩვენების მუქარით უკრძალავენ, მტკნარი სიცრუე ყოფილა ოპონენტების მტკიცება, თითქოსდა მათი მღვდლები მრევლს ჯვარს ორი თითით გადასახავენ.

ან, თუკი ორი თითით პირჯვრისწერა არის მწვალებლობა, "ჯოჯოხეთის კარიბჭე" და "ეშმაკის გადმოცემა", როგორ შეიძლება მისით ვინმეს "კურთხევა"? აქედან კი რა გამოდის: ან ტყუის მოსკოვის 1667 წლის კრება, რომელმაც, როგორც მწვალებლობა, დაგმო და დაწყევლა ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის წესი და ანათემას გადასცა ამ წესის დამცველი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები; ან ტყუიან ჩვენი თანამედროვე ახალმოწესეები გასული XIX, XX საუკუნეების ცნობილ მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად, როდესაც ამ კრების საპირისპიროდ ამტკიცებენ, რომ პირჯვრისწერის წესი, პირველივე საუკუნიდან იყო არა ორი ან სამი თითით, არამედ ერთით პირჯვრის გადასახვა. მეტიც, სამი თითით პირჯვრისწერა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბერძნეთში ფეხს XIII საუკუნიდან იკიდებს.

მაშ, რომელია უტყუარი - თანამედროვე ახალმოწესეთა შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება 1667 წლის კრების დადგენილებას, თუ 1667 წლის კრება, რომელიც წყევლა-კრულვას უთვლის ყველას, ვინც არ გაიზიარებს კრების შეხედულებას სამი თითით პირჯვრისწერის მოციქულთამიერ წარმომავლობაზე? ეს შეკითხვა ჩვენ გვინდა დავუსვათ ამ მოკრძალებული ნაშრომის წამკითხველ ახალმოწესეებს და საერთოდ ყველას, ვისაც ძველმართლმადიდებელთა სიმართლე აეჭვებს.

სანამ საკითხთა უფრო დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ გავცეთ პასუხი კიდევ ორ არასწორ შენიშვნას:

1) საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ან რომელი თითებით გადაიწერს პირჯვარს ქრისტეანი თუ პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ რომელიმე კონკრეტულ წესში ჩადებულია მართლმადიდებლური სწავლება.

პასუხი: მუშტით პირჯვრისწერაზე წმინდა მამათაგან არაფერი გვსმენია. პირიქით, მათ თხზულებებში მეტად მკაფიოდ და ცხადად არის წარმოდგენილი სწავლება პირჯვრისწერის შესახებ როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმის თვალსაზრისით (უფრო დეტალურად იხ ქვემოთ). მაგრამ, ასეც რომ იყოს ანუ თუ "ასეც შეიძლებოდა და ისეც", მაშინ საერთოდ გაუგებარი ხდება, რას ერჩოდნენ რუს ქრისტეანებს ბერძენი იერარქები, როცა მათ მიერ შენარჩუნებულ ძველ ქრისტეანულ ჩვეულებას ეწინააღმდეგებოდნენ? ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამგვარი არგუმენტებით ძველმოწესეთა სიჯიუტესა და უმეცრებას წარმოაჩენენ, არადა, პირიქით კი გამოსდით! მათი თანამედროვე წარმოდგენები წინააღმდეგობაშია მათსავე ადრინდელ დადგენილებებან, რომლის გამოც დახოცილია და ნაწამებია მილიონობით ადამიანი; და, პირიქით, ძველი წარმოდგენები წინააღმდეგობაშია ახალთან. თუ ახალმოწესეები თავად დაინტერესდებიან, რომელია მართალი, ჩვენ ამ საქმეში ყოველნაირ დახმარებას გავუწევთ.
2) ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და მიიჩნევენ, თითქოსდა პირჯვრისწერა საერთოდ არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან, მასზე რომ იყოს დამოკიდებული მართლმადიდებელი ადამიანის სულის ცხოვნება, მაშინ ვერ ცხონდებოდნენო მარჯვენა ხელის არმქონე, ან უხელო ადამიანები.

პასუხი: ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ თვით სარწმუნოების დოგმატებიც არ ყოფილა სულის ცხოვნებისთვის საჭირო და აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან ვინ იტყვის ან დაამტკიცებს, რომ ვერ ცხონდებიან დაბადებიდან გონებაჩლუნგი ადამიანები? რა ქნან მათ, როგორ ცხონდნენ, თუკი ბუნებას ისე დაუჩაგრავს, რომ ქრისტეს შემეცნების უნარი წაურთმევია მათთვის? და, თუ ცხონდებიან, ან იტყვიან, რომ ასეთ განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევაში ნათლობის ბეჭედი და ნათლიის რწმენა აცხოვნებს მათ (რაშიც დავეთანხმებით), რატომ არ უნდა ცხონდნენ რაღაც უბედური შემთხვევის გამო ან დედის მუცლიდანვე ფიზიკური ნაკლით დაბადებული ადამიანები?
გონებაჩლუნგი, დაუნი და უხელფეხო ადამიანი შეიძლება ცხონდეს, მაგრამ ვერ ცხონდება ფიზიკურად და გონებრივად სრულიად საღი, რომელსაც, დავრდომილთაგან განსხვავებით, სრული შესაძლებლობა აქვთ სულითაც, გონებითაც და გარეგნული ცხოვრებითაც გამოხატოს თავისი სარწმუნოება და ამას შეგნებულად არ აკეთებს.


5. რატომ არ შეიწყნარებენ ძველმოწესეები სამი თითით პირჯვრისწერას?

თუკი, როგორც უკვე ვნახეთ, ერთი თითით პირჯვრისწერა მონოფიზიტ-იაკობიტთა წესი იყო, რომლითაც ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ, ხოლო, როგორც თვით ედ. ჭელიძეც აღნიშნავს: "…ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება… და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი და ერთი სახისმეტყველება აქვს" (ედ. ჭელიძე. ხსენებ. ნაშრ. გვ. 207) გამოდის, რომ ვეთანხმებით ჯვარცმული ღვთაებრივი ბუნების შესახებ მონოფიზიტურ სწავლებას, რომელიც უკვე სამი თითით პირჯვრისწერის წესში მოიაზრება; და, თუკი პირჯვრისსაწერი თითებით პირჯვრის გარდასახვა, წმ. ბასილი დიდისა და კირილე იერუსალიმელის განმარტებით, ჯვარცმულის აღსარებას ნიშნავს, ცხადია, რომ ის, ვინც ან ერთი, ან სამი თითით პირჯვრისწერას ასწავლის, მონოფიზიტური მწვალებლობის მქადაგებელია და ღვთაებრივი ბუნების ჯვარმცმელი ღვთისმბრძოლი და შეჩვენებული პეტრე კნაფევსის მსგავსად, რომელმაც სამწმიდაოს ლოცვაში ("წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო") დაამატა სიტყვები "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის" და ამით ჯვარს აცვა ღვთაებრვი ბუნება; ამიტომაც ჯერ ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით კი რუსმა მამებმა მიტროპოლიტ მაკარის მეთაურობით, რომლის ავტორიტეტს არც გაბატონებული ეკლესია უარყოფს, შეაჩვენეს ყოველი, რომელიც ორი თითით არ გადაიწერდა პირჯვარს; და თუ ბერძნებმა (როგორც ამას პროფ. ნ. კაპტერევი და პროფ. ე. გოლუბინსკი ამტკიცებენ) იაკობიტ მონოფიზიტთა წინააღმდეგ ჩამოაყალიბეს ეს ფორმულა, რუსმა მამებმა, როგორც უკვე ვთქვით, სამი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იგი.


6. რატომ არის სამი თითით პირჯვრისწერის წესი ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა, ორი თითით პირჯვრისწერის წესი კი არა?

არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ირონიულ შენიშვნას, რომელიც ხშირად გვესმის: "გავრცელებულია ღიმილისმომგვრელი მტკიცება: ვინც საკუთარ თავზე სამი თითით იწერს პირჯვარს, ის ამ გზით ჯვარს აცმევს სამებას. ამ თვალსაზრისის მომხრეებს შევახსენებთ, რომ როდესაც მორწმუნე ადამიანი პირჯვარს იწერს, ჯვრის ფორმას გამოსახავს მთელი ხელის მტევანი. ორი თითით პირჯვრის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი?".

"შეიძლება მოგვიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თითებს, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს. ამგვარი შეპასუხება არ იქნება მართებული, რადგანაც მაგალითად, კურთხევის გაცემის ჟამს მოძღვარი მხოლოდ ჰაერში გამოსახავს ჯვარს და ეს ჯვარი ბუნებრივი აუცილებლობით, ცხადია, გამოისახება ყველა თითის მიერ მოკეცილია ის, თუ აღმართულია, რადგანაც ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობს მთელი ხელის მტევანი... სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი … ჯვარი წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღესრულება. თუკი პირჯვრისწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებასაც არ უნდა აღვასრულებდეთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 203-204).

ჯვარი, კლიმენტი ალექსანდრიელისა და თეოდორიტეს განმარტებით, არის საუფლო ნიშნისა და ძლევის სახე (იქვე. გვ. 187, 191). მასში ჯვარცმული ქრისტე იქადაგება, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი ბრძანებს: "აღიბეჭდვის ნიშითა მის ცხოვრებისათა… რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა, რომელი (ე. ი., ქრისტე - ეპ. პ.) იქადაგების ყოველსა ჟამსა ნიშითა ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული. თბილისი. 1979 წ. გვ. 139), ამიტომაც არის ეს ბეჭედი ქრისტესი უფლის ვნებისა და აღსარების ნიშანი, ხოლო ნათლისღება მოცემული გვაქვს ჯვარცმული მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილის (დაფლვის) სახედ: "ისმინე პავლესი, რასა იტყვის, ვითარმედ: დავეფლენით მის (ქრისტეს და არა სამებას - ეპ. პ.) - თანა ნათლის-ღებითა სიკუდილად" და ვითარმედ "ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს ეცვა" (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. წიგნი I. გვ. 167. თბილისი 1993 წ.). აი, რატომ არის, რომ "არა თუ ოდენ ნათლისღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასა ნათლის-ღებაი…" (იქვე. გვ. 168), რამეთუ მიგვანიშნებს თუ ვისი მაცხოვნებელი მსხვერპლის გამო მოგვეცა ნიშად სამგზის დაფლვა წყალში სულთა განსაწმენდად.

როგორც უკვე ვთქვით და წმ. მამებიც დავიმოწმეთ, ჯვარი თითებით ქრისტეს სახელის მიმართ (ანუ ქრისტეს აღსარების ნიშნად) უნდა იქნეს გამოსახული. ქრისტეა ჯვარცმული (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი) ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამოა ბოძებული. სწორედ ამიტომ იწოდება ჯვარი ნათლისღებად და ყოველივე ეს წმ. სამების მფარველობითი ბეჭდით აღიბეჭდება, ამიტომ ინათლება მოსანათლავი სამგზის დაფლვისას სამების სახელზე და იწერს პირჯვარს ორი თითით (საჩვენებელი და შუათითი), სამი თითი კი (ცერი, ნეკა და არათითი) შეკრული აქვს სამების მფარველობითი აღბეჭდვის ნიშნად.

მაშასადამე, თითების წყობაც და ნათლისღებაც ჯვარცმულის აღსარებისა და მისი სამი დღის განმავლობაში საფლავში დების ნიშად გვაქვს ბოძებული. ამიტომაც არსებობს პირჯვრისწერასა და ნათლისღებას შორის ასეთი აღმსარებლობითი კავშირი.

ედ. ჭელიძის მტკიცებით კი, იგივე წმ. მამათა განმარტებებიდან გამომდინარე, რომლებიც თითებით ჯვარცმულის აღსარებას ითხოვენ, სამი თითით პირჯვრისწერა ჯვარცმულის აღსარებას გულისხმობს, და, თუკი ჯვარი იგივე ნათლისღებაა, გამოდის, რომ ჯვარზე ღვთაებრივი ბუნება მომკვდარა და, ნათლისღებაში სამგზისი დაფლვაც, რომელიც, ედ. ჭელიძის განცხადებით "სამების მიმართ აღესრულება", ღვთიური ბუნების სამდღიანი დაფლვის სახედ ყოფილა ბოძებული და მართალი ყოფილა პეტრე კნაფევსი, რომელიც სამწმიდაო ლოცვაზე ("წმიდაო ღმერთო…") სიტყვების - "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის" დამატებით იმავეს ამბობდა, რაც ჩვენს დროში გამოთქვა ედ. ჭელიძემ. კნაფევსმა შეჩვენება დაიმსახურა, რას იმსახურებენ სამი თითით პირჯვრისწერის მიმდევრები, თავად განსაჯეთ.

უფრო მეტიც, ბ-ნ ედ. ჭელიძის მოცემული განმარტება სამი თითით პირჯვრისწერისა ჯვარცმული ქრისტეს აღსარებას საერთოდ არც კი გულისხმობს. აი, რას წერს იგი: "მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, ვინც ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემას აღიარებს, თვლის, რომ ეს ორი თითი მაცხოვრის ორბუნებოვნებას აღნიშნავს (როგორც ჩანს, ასე არ თვლის ბ-ნი ედ. ჭელიძე - ეპ. პ.), თუ სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ ორი თითით პირჯვრისწერა მაცხოვრის ორივე ბუნების ჯვარცმას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ განა შესაძლებელია ეს? განა მაცხოვრის საღვთო ბუნებისთვის ჯვარცმის მიწერა იგივე სამების ჯვარცმას არ ნიშნავს?" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 204).

სამი თითით პირჯვრისწერაში, რომლის სამართლიანობასაც ამტკიცებს ბ-ნი ედ. ჭელიძე, როგორ არის? შეკრულია პირველი სამი და მოკეცილია ბოლო ორი თითი. მაგრამ, რადგან ბ-ნი ჭელიძე თითების წყობაში მხოლოდ სამების მფარველობით აღბეჭდვას ხედავს, გამოდის, რომ მის მიერვე მოცემულ განმარტებაში ორი მოკეცილი თითი, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს.

მაშასადამე, თუ თითების წყობით, - როგორც წმ. მამები განმარტავენ, - უნდა გამოვხატავდეთ აღსარებას იმისა, ვინც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო ბ-ნი ჭელიძე და, საზოგადოდ, ყველა ახალმოწესე ამ აღსარების ნიშნად ჰკრავს სამ თითს, რაც, მათივე მტკიცებით, წმ. სამების ერთარსობის სიმბოლოს წარმოადგენს, და ასე გამოხატავენ ჯვარცმულის აღსარებას, გამოდის, ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას მიიჩნევენ.

ჩვენ ვიცით, რომ ამ საშინელი მწვალებლობის ავტორი არ არის ბ-ნი ედ. ჭელიძე. ჯვარცმულის აღსარებად და სადიდებლად სამი თითის შეკვრა და მით პირჯვრისსაწერი თითიების წყობაში ჯვარცმულად წმ. სამების გამოცხადება გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი თავგამოდებით იცავს ბ-ნი ედ. ჭელიძე. კერძოდ, ჩვენ უკვე ვახსენეთ გაბატონებული ეკლესიის მიერ 1963 წელს გამოცემულ "ლოცვანში" მოცემული განმარტება პირჯვრისწერის შესახებ, სადაც წერია: "კეთილმსახურსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანსა მართებს, რომ პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელი სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი. ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობას..." (ორ თითზე აქ საერთოდ არ არის მოცემული განმარტება - ეპ. პ.), ხოლო შემდეგ ნათქვამია: "და ესრეთ, ამ ნაირად ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა, როგორცა ვთქვით ზემოთ, ჭეშმარიტად პატივის იცემების და იდიდების ჩვენგან გამოუთქმელი ძალითა ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი".

ცხადია, რომ, წმ. მამათა მოთხოვნის თანახმად, გაბატონებულ ეკლესიას ესმის თითები ჯვარცმულის აღსარების ნიშნად რომ უნდა შეკრას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირჯვრისსაწერი თითების წყობით გამოხატოს აღსარება ჯვარცმულისა და ადიდოს იგი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ორი თითით (მაცხოვრის ორბუნებოვნების სიმბოლოდ) "ჰქმნან ბეჭედი ჯვარი" ჯვარცმულის აღსარებას სამი თითით გამოხატავენ.

ამრიგად, სამი თითით პირჯვრისწერა ჯვარცმაა სამებისა, არა იმიტომ, რომ აქ, როგორც ოპონენტები ბრძანებენ "მთელი ხელის მტევანი ჯვრის ფორმას შემოწერს", არამედ იმიტომ, რომ ჯვარცმულს სამი თითით განადიდებენ; და ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას წარმოაჩენენ".


7. რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული?

ამ საკითხში გასარკვევად, აუცილებელია, განვიხილოთ თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" ეს სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალმოწესეთა ეკლესიის კრებითი განმარტებების მიხედვით ღმერთმა, როდესაც ის ადამიანს ქმნიდა თურმე, სპეციალურად მისცა მას ისეთი თითები, რომლითაც შეძლებდა ბერძნული და სლავური ასოების გამოხატვას: IC XC. "საღმრთო განგებით, - ვკითხულობთ გაბატონებული, ახალმოწესეობრივი ეკლესიის მიერ კრებითად დამტკიცებულ წიგნში "ფილაქანი" ("Скрижаль), - დასაბამიდანვე ასეა მოწყობილი თითები კაცისა, არც მეტი, არც ნაკლები… რათა მას ამგვარი კურთხევა შესძლებოდა" ("Скрижаль, л. 817, об).

ეს განმარტება ეჭვზე უფრო მეტად გაკვირვებას იწვევს. ჯერ ერთი, სულ ცოტა ხნის წინათ შექმნილ ადამსა და ევას საიდან უნდა სცოდნოდათ ან ბერძნული, ან სლავური, რომლებიც, თავის მხრივ, იმ დროს არც არსებობდა?! მეორეც, ადამიანს თითები მიეცა არა იმისთვის, რომ მათით ასოების დემონსტრირება მოეხდინა, არამედ ფიზიკური საქმიანობისთვის. მესამეც, ადამიანის მსგავსი თითები აქვთ მაიმუნებს, ლემურებსა და მღრღნელთა ზოგიერთ სახეობასაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ამ ცხოველს თითები მიეცა "სახელობითი კურთხევის გამოსახატავად".

არანაკლებ საკვირველია ამ სწავლების მეორე პუნქტი. ახალმოწესეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წყობის ავტორი არის თვით მაცხოვარი: "თითების ამგვარი მოწყობა საკურთხებლად თვით ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტესგან გვისწავლია" - წერენ ისინი ("Жезл", л. 63) მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინცა აქვს წაკითხული ახალი აღთქმა, ცნობილია, რომ უფალი ახარებდა, ქადაგებდა და მოციქულებს ელაპარაკებოდა ებრაულ ენაზე. ვარაუდი, მაცხოვარმა თითქოსდა ებრაელებისთვის უცხო ენაზე (ბერძნულად ან სლავურად) ასწავლა თავის მოწაფეებს ერის კურთხევა და თვითონაც ასე აკურთხა მოციქულები, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უაზროა.

სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ არა მარტო წმინდა წერილისა და ისტორიის საწინააღმდეგოა. ნაციონალიზებული, ბერძნულ-რუსული "კურთხევა" ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას სახარების ქადაგებისა ყველა ენაზე და ყველა ხალხისთვის. ებრაელების, გერმანელების, ჩინელებისა თუ კორეელების კურთხევა სლავური ლიტერებით, ყველაზე მცირე, მეტად უტაქტოდ გამოიყურება.

დიდ ეჭვს იწვევს სახელობითი კურთხევის თვით ფორმაც. გარეშე დამკვირვებელმა შეუძლებელია ამოიკითხოს მასში ასოები: IC XC. როდესაც ვათვალიერებთ ძველ ხატებს, ცერა და არათითის შეერთება წააგავს ასო O - ს, თანაც ამ ხატებზე ნეკა თითი გამართულია, ხოლო ამავე თითების (ცერა თითისა და არათითის) გადაჯვარედინება რომლითაც, როგორც ახალმოწესეები ირწმუნებიან, თითქოსდა ასო X გამოიხატება, უფრო წააგავს ბერძნულ "ალფას" (α).

ცხადია, ახალმოწესეებსაც კარგად ესმით ამგვარ მტკიცებულებათა აბსურდულობა, ამიტომაც თავიანთ კრებით დადგენილებებსა და აპოლოგეტურ ლიტერატურაში იძლევიან საკურთხებელი თითების წყობის "სწორი" დაშიფრვის მეთოდოლოგიას, რომელიც ძალიან წააგავს ქირომანტიას. აი რას წერენ ისინი:

"როდესაც მღვდელი აკურთხებს, მას გამართული აქვს საჩვენებელი თითი, შუა თითი კი ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს იესუს - IC. და კვლავ, ცერა თითი მიერთებულია არათითზე, ნეკა კი გამართულია და ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს ქრისტეს - XC. მოხრილი ნეკა ასო C-ს მიანიშნებს. და აი, ასე ყველა თითი ერთობლივად მაცხოვრის სახელს IC XC მოასწავებს" (Деяния собора 1666 г., л. 47, об.).

მაგრამ ზუსტად დაშიფრული და სწორად შესრულებული სახელობითი კურთხევის შემდეგაც გარეშე დამკვირვებელს უჩნდება შეკითხვა: "რომელი მიმართულებით უნდა წავიკითხოთ ასოები, რათა ამოვიკითხოთ IC XC? ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ თუ ხელის ზურგის მხრიდან? საიდან, რომელი მიმართულებით და როგორ უნდა ამოიკითხოს საკურთხებელმა პირმა ამ თითებში IC XC? უსუსურობა და ამგვარ აგებულებათა აბსურდულობა ცხადზე უცხადესია. მეტიც, წმინდა მამებისეულ ლიტერატურასა და ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სახელობითი კურთხევის ძველ წარმომავლობას. მის პირველ განმმარტებლად ახალმოწესეები მიიჩნევენ ნიკოლოზ მალაქსას. ეს მღვდელი ცხოვრობდა ბერძნულ ქალაქ ნავპლიაში მე-16 საუკუნის ბოლოს. სახელობითი კურთხევის "განმარტების" გარდა მალაქსას ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგო მრავალი სხვა თხზულებაც შეუთხზავს. ასე მაგალითად, "დიდი ეკლესიის ტიბიკონში" რომელიც აღმოსავლეთში პირველად 1838 წელს გამოიცა და შემდგომი გამოცემებიც იქვე დაიბეჭდა 1851 და 1868 წლებში, ნათქვამია: "ნიკოლოზ მალაქსა… მოუცავს ამპარტავნებას და საეკლესიო საგალობლების წერაც მოუნდომებია. რომ შეუთხზვია სტიქარონები ვენეციაში გაუგზავნია და ახალგამოცემულ ბერძნულ თვენში დაუბეჭდია. რისთვისაც კონსტანტინოპოლში წმინდა სინოდს გამოუცხადებია სქიზმატიკოსად, მისი დაწერილი საგალობლები კი ქრისტეს ეკლესიაში საგალობლად აუკრძალავს".

რაც შეეხება ძველ ხატებს, რომლებზეც ორი თითი, - საჩვენებელი და შუათითი - აღმართულია, ხოლო ცერი და ნეკა ერთმანეთთან მიერთებული, ამასთან, ნეკა გამართულია, ძველ ავტორთა უმრავლესობა მათ (თითების წყობას - არქიეპ. პ.) ყურადღების მისაქცევ ორატორულ, სამქადაგებლო ჟესტად მიიჩნევს. ამ თეორიის დასამტკიცებლად აკადემიკოს ე. გოლუბინსკის მოჰყავს მრავალი ქრისტეანობამდელი კლასიკური და წარმართული გამოსახულება, რომლებზეც ანალოგიური სიმბოლოა გამოსახული, თუმცა გამართული ნეკა თითი, ძველ ხატებში გვხვდება გვიან, დაახლ. მე-6, მე-7 საუკუნეებიდან. ყველაზე ძველ ქრისტეანულ გამოსახულებებზე - სარკოფაგებზე, დიპტიქებზე და პიკსიდებზე გვხვდება მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სიმბოლოები. ორატორული ჟესტის ნიშანი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ პერიოდში ანტიკური საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის ზეგავლენასთან. შემთხვევები გვაქვს დასავლეთის ეკლესიაშიც. იქ ხატმწერები გამართულ ორ თითს ამატებენ ასევე გამართულ ცერა თითს. ვინც გულდასმით შეისწავლის დასავლეთის ხატმწერლობის ისტორიას შეამჩნევს, რომ XI-XV საუკუნეებში ორი თითი თანდათანობით გადადის ახალ, ე. წ. "სამოციქულო" კურთხევაში. აქაც, ისევე როგორც აღმოსავლეთში, გვხვდება ფრესკები და ხატები, რომლებზედაც ერთნი წმინდანთაგან აკურთხებენ მკაცრად ორი თითით, სხვები კი ორი თითით, მაგრამ იმ ვარიაციით, რომ გაშვებული აქვთ ნეკა თითი (აღმოსავლეთში) ან ცერა თითი (დასავლეთში).


8. რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია კურთხევის გაცემის ჟამს ორთითიან წყობასთან დაკავშირებით?

"კურთხევის გაცემის ჟამს ჯვრის გარდასახვის წესის ისტორია დიდი ხანია საფუძვლიანად არის შესწავლილი" - ო, წერენ ისინი და იქვე გვთავაზობენ პირველ სიყალბეს ამ საკითხთან დაკავშირებით; "ცხადყოფილია, - წერს ედ. ჭელიძე, - რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო". აი ეს ოთხი სახე:



სურ. 3

"პირველი მათგანი უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც სპეციფიკურად ქრისტიანული სახე. საქმე ისაა, რომ თითების წყობის დანარჩენი სამი სახეობა გარეგნულ ანალოგს პოულობს ქრისტეანობამდელ ეპოქაშიც (ანუ ეს პირველი სახე, ბ-ნ ჭელიძის აზრით, მხოლოდ ქრისტეანობისთვის არის დამახასიათებელი და ქრისტეანობამდელ ეპოქაში ის არ გვხვდება -ეპ. პ.). საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული პირველი სახე თითთა წყობისა, ამავე დროს, იწოდება კონკრეტულად ძველბერძნულ წესად, რადგანაც ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებენ, თუმცა მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც" (ედ. ჭელიძე. დასახ ნაშრ.).

თავისი "მტკიცებების" დასტურად კი ძველბერძნულ და ძველქართულ ხატებსაც იმოწმებს, რომლებზეც თურმე ის სახე, რომელიც, ძველმართლმადიდებელთა თქმით, ერთადერთ ჭეშმარიტ პირჯვრისწერად და კურთხევის გაცემად არის განჩინებული, უფრო იშვიათად გვხვდება (გვ. 215, 216).

უნდა განვმარტოთ, რომ ხატებზე გამოსახული თითები ყოველთვის არ გულისხმობს პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ კომბინაციებს. პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი წყობა მხოლოდ ერთია (სურ. 1). გარდა ამისა, ყველა ახალმოწესე (ნიკონიანელი) მწვალებელი ურევს ზემოთ დამოწმებულ თითების წყობათა პირველ ნიმუშს თითების ე. წ. ძველბერძნულენოვან, "სახელობით" წყობასთან, რომლის მიხედვითაც მაცხოვრის სახელი იკითხება პირველი და ბოლო ასოების მიხედვით: IC XC. (სურ. 2). მაგრამ თითების სხვადასხვაგვარი წყობა ძველ ხატებზე ყოველთვის როდი ნიშნავს პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ წყობას. ცნობილი ბიზანტიოლოგი და მეცნიერ-მკვლევარი, ე. გოლუბინსკი აღნიშნავდა, რომ თითების წყობა ძველ ფრესკებსა და ხატებზე, ხშირად გამოიყენებოდა როგორც ორატორული ჟესტი (იხ. მაგალითად, მისი "Из нашей полемики со староверами").

ასე რომ, ბ-ნ ედ. ჭელიძის მიერ წარმოდგენილ ვარიანტებს თითების წყობისა, ძველმართლმადიდებლური წესის გარდა მხოლოდ პირობითი, სიმბოლური მნიშვნელობები აქვთ და კურთხევის გაცემის წესებს არ წარმოადგენენ. თანაც გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიებში კურთხევა სწორედ ამ მწვალებლური, “ბერძნულენოვანი” თითთამიერი წყობით გაიცემა და არა ნახატზე მოცემული პირველი ვარიანტის მიხედვით, როგორც ოპონენტები ამტკიცებენ, თუმცა კურთხევის გაცემა არც ამ ვარიანტით არის მიღებული, რამეთუ ის, თვით ნიკონიანელი აკადემიკოსის აღიარებით, მხოლოდ და მხოლოდ ქადაგების სიმბოლოს, ორატორულ ჟესტს წარმოადგენს და არავითარ სარწმუნოებრივ-დოგმატურ შინაარს არ შეიცავს (იხ. ე. გოლუბინსკი. დამატება) დანარჩენი ფორმით, განსაკუთრებით კი წმიდა მართლმადიდებლური წესით, ნიკონიანელებს კურთხევა არასოდეს გაუციათ და არც დღეს გასცემენ.

რაც შეეხება ქართულ ხატებსა და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, რომელთაც არგუმენტებად იყენებს ბ-ნი ედ. ჭელიძე, უნდა ითქვას შემდეგი: ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, “პორტაიტისაზე”, მაცხოვარს თითები შეკრული აქვს სწორედ ორთითიანი წესით და არა ისე, როგორც ოპონენტი ამას წარმოაჩენს. მარტივად რომ ითქვას, ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა ივერიის ღვთისმშობლის ხატზე მოცემული იყოს მისთვის სასურველი თითების კომბინაცია, არის სიცრუე.

მე-17 საუკუნის დასაწყისში სოლოვეცკელმა ბერებმა ამ ხატის უზუსტესი ასლი დაწერეს. ხატი აღიარებულია პორტაიტისას ყველაზე ზუსტ ასლად. ცხადია, რომ ყველას არ შეუძლია ათონზე გამგზავრება და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ადგილზე ნახვა. თუ ხელთ არა გვაქვს ამ ხატის (ვგულისხმობთ დედანს) ფოტოსურათი, რათა განვსაჯოთ, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის მასე ბ-ნი ედ. ჭელიძე, მაშინ უნდა ვნახოთ სოლოვეცკელი ბერების მიერ XVII საუკუნეში დაწერილ ზუსტ ასლს ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომლის ასლსაც აქვე გთავაზობთ და სადაც ნათლად ჩანს, რომ მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით. გარკვევით გაარჩევთ იმასაც, რომ ყრმა მაცხოვარს ცერა თითი არათითსა და ნეკაზე გვერდიდან აქვს მიდებული (იხ. ქვემოთ სურ. 4).

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ნიკონიანური რეფორმების ზეობის ჟამს მრავალი ძველმართლმადიდებლური ხატი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვარი, წმინდანი ან ანგელოზი და თითების იმგვარი წყობა, რომელსაც აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები (სურ. 1), მწვალებლებმა გადააკეთეს იმდაგვარად, როგორც ეს ზემოთ, მე-3 სურათის, პირველ, მესამე და მეოთხე ვარიანტებზეა გამოსახული.



სურ. 4

გაგრძელება მომდევნო გვერდზე

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика