1. საიტ "დიდგორზე" გამოქვეყნდა ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის სტატია: "წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია":
http://didgori.wordpress.com/2010/10/11/wm_samebis_ikonografia/.
იგივე სტატია გამოქვეყნებულია ბ-ნ ბესარიონის პირად გვერდზე ფეისბუკში:
http://www.facebook.com/note.php?note_id=150000535018407&id=112814292078123&ref=mf
სტატიაში ბ-ნ ბესარიონი მიმოიხილავს ხატწერის, კონკრეტულად კი წმიდა სამების ხატწერის კანონიკის ზოგიერთ ასპექტს.
წმ. სამების ხატწერის ტრადიციის საკმაოდ მოკლე და მწირი აღწერის შემდეგ, ბ-ნი გუგუშვილი პირდაპირ გადადის ხატებზე პირჯვირსსაწერი თუ საკურთხებელი თითების წყობის თემაზე და სტატიის ძირითან ნაწილს უთმობს სწორედ ამ საკითხს. გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ ავტორი იმდენად ხატწერაზე არ ლაპარაკობს, რამდენადაც თითების წყობასა და მათ მართლმადიდებლურ თუ არამართლმადიდებლურ წარმომავლობაზე. მოჰყავს სხვადასხვა დროს დაწერილი ხატების ნიმუშები და მათ კანონიკურობას ამ თითების განლაგების მიხედვით ადგენს. სამწუხაროდ, ბ-ნი გუგუშვილის სტატია ვერ პასუხობს მის მიერვე სათაურში გამოტანილ ამოცანას: "წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია". ბ-ნ გუგუშვილს უნდა ცოდნოდა, რომ ტერმინ "იკონოგრაფიაში" ფერებიდან დაწყებული, ხატზე გამოსახული ნივთებითა და ნაგებობებით დამთავრებული, იგულისხმება ყოველი ის ატრიბუტი თუ სიმბოლო, რომელთაც სულიერი და საღვთისმეტყველო მნიშვნელობა გააჩნია და არა მარტო ის, მაცხოვარს თუ ღვთისმშობელს ან ანგელოზსა თუ წმინდანს თითები როგორა აქვს გამოსახული. ავტორს თუ დასახული ჰქონდა პოპულარული და ყველასთვის გასაგები ენით გადმოეცა წმ. სამების ხატწერის კანონიკური იკონოგრაფია, ცხადია, მას ეს ყოველივე უნდა განემარტა. ხოლო თუ მხოლოდ თითების წყობის საკითს უნდა შეხებოდა, მაშინ სტატიის სათაურშიც სწორედ ეს მომენტი უნდა აღენიშნა. ამრიგად, სტატიას აქვს პრეტენზია კონკრეტული საკითხის სისრულეზე, მაგრამ სინამდვილეში გადმოსცემს ხატწერის ტრადიციის მხოლოდ ერთ დეტალს, საიდანაც ჩანს, რომ ბ-ნ გუგუშვილს ამოძრავებდა არა იმდენად წმ. სამების ხატწერის კანონიკურობის გადმოცემა, რამდენადაც იმის აღნიშვნა, თუ როგორ უნდა ჰქონდეს საკურთხებელი თითები ხატებზე გამოსახულ წმ. სამების იპოსტასებს.
როგორ განიხილავს აღნიშნულ საკითხს ბ-ნი გუგუშვილი? სამწუხაროდ, არასწორად. გარდა იმისა, რომ ის არ ეხება მართლმადიდებლური ხატწერის ტრადიციაში არსებულ ისეთ საკითხს, როგორიცაა მაგალითად, ჟესტების სიმბოლიზმი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რათა სწორად გავიგოთ რატომ და რა მიზნით არის გამოსახული ამა თუ იმ ხატზე თითების ესა თუ ის წყობა (ვგულისხმობთ, ცხადია, XVII საუკუნემდე დაწერილ მართლმადიდებლურ ხატებს, რომლებშიც განსაკუთრებით არის დაცული ძველი, მართლმადიდებლური ტრადიცია), აბსოლუტურად არასწორად და დაუსაბუთებლად "კათოლიკური სამების" გამომხატველად მიიჩნევს კურთხევის გასაცემ და პირჯვრისსაწერ უძველეს ორთითიან წყობას.
ამ საკითხის საკმაოდ მრავალი ნაშრომი და სტატია მიეძღვნა და ვფიქრობ, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში არავის უნდა გაუჭირდეს საჭირო მასალის მოპოვება, მითუმეტეს, რომ ინტერნეტში ამ საკითხს ეძღვნება უამრავი სტატია და ნაშრომი (მაგალითად, ძალზედ მოკლედ და ლაკონურად არის განმარტებული თითების განლაგების და წყობის საკითხი რუსეთის, ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებლის, დმიტრი იურიევიჩის სტატიაში: "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში". ამ ნაშრომს დავეყრდნობით ჩვენც, როდესაც შევეხებით ხატებზე თითების წყობის გამოსახვის საკითს.
გარდა ამისა, ბ-ნი გუგუშვილი მკითხველს წარმოუდგენს საკურთხებელი თითების წყობის იმ ვარიანტს, რომელიც ცნობილია სახელობითი კურთხევის წესად, რადგან თითები ისეა განლაგებული, რომ თითქოსდა მათი მეშვეობით იკითხება იესუ ქრისტეს სახელის პირველი და ბოლო ასოები - IC. XC. (იხ. სურ. 1) მკვლევარები გვამცნობენ, რომ სახელობითი წყობა ცნობილია მხოლოდ XVI საუკუნიდან და მის ძველ წარმომავლობაზე ლაპარაკი შეუძლებელია (დაწვრილებით კურთხევის გაცემის ამ წესზე იხილეთ "ფ. ე. მელნიკოვისა და მისიონერ ვ. ბისტრიცკის საჯარო პოლემიკა საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ").
სურ. 1
ჩვენთვის უცნობია რა წყაროებს ეყრნობოდა თავის სტატიაში ბ-ნი გუგუშვილი. არ არის დამოწმებული არცერთი სამეცნიერო ნაშრომი, არც ერთი წმიდა მამა. მთელი სტატია მხოლოდ ავტორის "მიგნებებზეა" აგებული. ასეთ ვითარებაში არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ სტატიაში აღწერილია მართლმადიდებლურ ხატმწერლობაში დამკვიდრებული ტრადიცია მოცემულ საკითხზე, პირიქით, ის მთლიანად ავტორის წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.
2. მაგალითად, ბ-ნ გუგუშვილის სტატიაში (ქვესათაურით: "ძველი აღთქმის წმიდა სამების ხატები"), ვხვდებით ასეთ სიტყვებს: "ბევრ სამების კანონიკურ ხატებზე (ავტორის სტილი ყველგან დაცულია - არქიეპ. პ.) ანგელოზები მარჯვენა ხელით გამოსახავენ წმინდა სამებას (?) - გამართული საჩვენებელი, შუა და ნეკათითით და მოკეცილი ცერა და არათითით" (იხ. სურ. 2).
ეს არის ე. წ. სამი თითით პირჯვრისსაწერი წყობა. სად გამოსახავენ წმ. სამებას ასეთი თითების წყობით ბ-ნი გუგუშვილი არ უთითებს. ჩვენთვისაც უცნობია ასეთი ხატი. ავტორის შეხედულებები არა მარტო ურთიერთ წინააღმდეგობრივი, არამედ მართლმადიდებლური ხატმწერლობისა და ტრადიციის საწინააღმდეგოცაა. მაგალითად, ავტორს ნიმუშად მოჰყავს ღირ. ანდრია რუბლიოვის ცნობილი "სამება", რომლის აღწერილობაში აღნიშნავს, რომ ხატი არის კანონიკური, აღწერს მას და აღნიშნავს, რომ ანგელოზებს გაშლილი აქვთ საჩვენებელი და შუათითი, ხოლო ცერა, არათითი და ნეკი - მოკეცილი". ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, ე. წ. ორთითიანი, საკურთხებელი და პირჯვრისსაწერი წყობა.
სურ. 2. ანდრია რუბლიოვი. წმ. სამება
მაგრამ, ცოტა ქვემოთ, ამ წყობას ბ-ნი გუგუშვილი უკვე "კათოლიკური სამების გამომსახველ წყობად სახავს. ოღონდ რის საფუძველზე არ ვიცით. ამდენად, თუ რუბლიოვის ხატი კანონიკურია (და ეს ნამდვილად ასეა), მაშინ ორთითიანი წყობა შეუძლებელია იყოს "კათოლიკური", ხოლო თუ ასეთია, მაშინ რუბლიოვის ხატი კანონიკური არ ყოფილა (ნუმც იყოფინ!).
ბ-ნ გუგუშვილი თავის სტატიაში იმოწმებს წმ. სამების სხვა, კანონიკურ, მართლმადიდებლურ ხატებს, სადაც ადვილად შესამჩნევია ორთითიანი წყობა. თუმცა აქვეა სხვაგვარი კომბინაციებიც, სადაც ანგელოზებს (სამების იპოსტასთა სიმბოლოებს) "ხელის მხოლოდ არათითისა და ცერათითის მოკეცვით სამება აქვთ გამოსახული". მაგრამ როგორ გამოსახავს ეს წყობა სამებას ავტორი არ გვამცნებს. სიმართლე გითხრათ, არც არავისგან გვსმენია, რომ თითების ეს წყობა სამებას გამოხატავდეს. თანაც უცნობია, რანაირად შეიძლება გამოხატავს სამებას წყობა, სადაც სამების ერთობის სიმბოლოდ შესაკრავი თითები დაცილებულია ერთმანეთს (იხ. სურ. 3).
სურ. 3
ორი თითითა და სამი თითით პირჯვრისწერის ტრადიციაში, სამების ერთობა, სამების სიმბოლო გამოიხატება სწორედ სამი თითის შეერთებით, რაც მიანიშნებს სამების ერთობას, ერთღმრთეებას (ოღონდ ძველმართლმადიდებლურ და რეფორმატორულ "მართლმადიდებლობაში" ამ სიმბოლოს გამოსახავენ სხვადასხვა თითებით). ამდენად, ბ-ნ გუგუშვილის მიერ ხსენებული წყობა ყოვლად შეუძლებელია სამების სიმბოლოს გამოსახავდეს. ხოლო თუ რას გამოსახავს ის ცოტა ქვემოთ გვექნება ლაპარაკი. ქვეთავში: "არაკანონიკური, ანუ "ახალი აღთქმის წმიდა სამების ხატები", ბ-ნი გუგუშვილი წარმოადგენს ხატებს, რომლებზეც მისი აზრით, თითების განლაგების მიხედვით (აქ სხვა პარამეტრები იმდენად განხილული არ არის) არაკანონიკურია, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ეს არაკანონიკური წყობა თავიდან ავტორმა წარმოგვიდგინა როგორც კანონიკური. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილ ხატებზე სამების იპოსტასებს (მამას და ძეს) თითები შეკრული აქვთ "სახელობითი" წყობით (იხ. ბ-ნ გუგუშვილის მიერ წარმოდგენილი ხატები). საინტერესოა, რომ ბ-ნ გუგუშვილს "არაკანონიკურად" ჰყავს შერაცხილი ძველი ხატებიც, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაცხოვარს (ან მამა ღმერთს) თითები გამოსახული აქვს ორთითიანი წყობით. ბ-ნი გუგუშვილი წერს, რომ "მამაღმერთი და მაცხოვარი ამ ხატებზე თითებით "კათოლიკურ სამებას გამოსახავენ". სამწუხაროდ, ავტორი არ განგვიმარტავს ჯერ ერთი: როგორ გამოისახება თითების ამ წყობაში "კათოლიკური" სამება და მეორეც, არ განგვიმარტავს, რას გულისხმობს ის "კათოლიკურ სამებაში". როდესაც ეს ტერმინი გვესმის, ჩვენ გონებაში მხოლოდ ერთ, ლათინურ დოგმატს წარმოვიდგენთ სამების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მამა არის არაშობილი, ძე იშვება მამისგან, ხოლო სულიწმიდა გამოდის მამისგან და ძისგანაც.
ძისგან სულიწმიდის გამომავლობის დოგმატი, რომელიც მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის, იწოდება "ფილიოკვედ".
ამრიგად, სტატიის ავტორს ჯერ უნდა განემარტა თუ რას გულისხმობდა ის "კათოლიკურ სამებაში", შემდეგ კი ეჩვენებინა როგორ იგულისხმება მის მიერ დაწუნებულ ხატებზე ეს დოგმატი. სამწუხაროდ, ავტორი ამის საჩვენებლად თავს არ იწუხებს.
ზოგადად, სტატია აღძრავს მრავალ შეკითხვას (რამოდენიმე კითხვა ჩვენც დავსვით), მაგრამ არცერთ მათგანზე თვით სტატიაში პასუხს ვერ ვპოულობთ. ავტორს ან იმდენად ეჭვმიუტანლად მიაჩნია ხატწერის კონკრეტულ ტრადიციაზე გამოთქმული საკუთარი შეხედულებები, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს თავისი აზრების მამტკიცებელი რაიმე წყაროების დამოწმებას, ან კიდევ მას წარმოდგენა არა აქვს მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკაზე. ხოლო მთელი მისი დაბნეულობა ხატებზე გამოსახული მაცხოვრის, ანგელოზებისა თუ წმინდანების თითების წყობასთან დაკავშირებით, გამოწვეულია მართლმადიდებლური ხატწერის სიმბოლიზმის უცოდინრობით. სანამ ხატებზე გამოსახული თითების წყობასა და ზოგადად ხატმწერლობის სიმბოლიკაზე გადავიდოდეთ, გვსურს ბ-ნ გუგუშვილს განვუმარტოთ წმ. სამების ხატწერის ღვთისმეტყველება (ძველი ტრადიციისა და ღირ. ანდრია რუბლიოვის "სამების" ნიმუშების მიხედვით).
სურ. 4.
ბ-ნ გუგუშვილის აზრით ეს ხატი არის "აბსოლუტურად არაკანონიკური და დაგმობილი გამოსახვა "მამა ღმერთისა", მაგრამ, სამწუხაროდ, არ განგვიმარტავს რატომ არის ის "აბსოლუტურად არაკანონიკური და დაგმობილი" და ვის მიერ ან სად დაიგმო ეს ხატი.
3. ცნობილია, რომ მიუწვდომელი ღმრთის მთელი სისრულის, ღმრთის ბუნების ზუსტად და თანაც ფერწერულად გადმოცემა შეუძლებელია. ქრისტეანობის პირველივე წლებიდან მართლმადიდებლური იკონოგრაფია ღმრთის გამოსახვას იწყებს ისე, როგორც დედამიწაზე გამოეცხადა ის ადამიანებს, ანუ განკაცებული ღმერთის - იესუ ნაზარეველის სახით. მართლმადიდებლურ ტრადიციაში ცნობილია აგრეთვე წმ. სამების მესამე იპოსტასის გამოსახვა მტრედის ან ცეცხლოვანი ენების სახით, რადგან მტრედის სახით გადმოვიდა სულიწმიდა იესუ ქრისტეზე იორდანეში მისი ნათლისღების მომენტში, ხოლო უფლის ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე გადმოვიდა ცეცხლოვანი ენების სახით.
ამგვარად, საღმრთო იპოსტასთა ხატწერის ტრადიცია მიდის იმ მოვლენებამდე, როდესაც მიუწვდომელმა და უხილავმა ღმერთმა ხილული სახით მოავლინა თავი კაცთა წინაშე. ამიტომაც, მართლმადიდებელი ხატმწერები ამ სახეებით გამოხატავენ წმ. სამების მეორე და მესამე იპოსტასებს, ანუ ღმრთის განკაცებულ სიტყვას, იესუ ქრისტეს და სულიწმიდას. ხოლო მამა ღმერთის და საერთოდ წმიდა სამების ღვთაებერივი ბუნების ფერწერულად გამოსახვა შეუძლებელია, რადგან "ღმერთი არავინ სადა იხილა" (ინ. 1:8).
თუმცა, მართლმადიდებლურ იკონოგრაფიულ ტრადიციაში მაინც არსებობს მამა ღმერთის კანონიკური გამოსახულება, რომელიც ეფუძნება ბიბლიურ სიუჟეტს: უფლის გამოცხადებას აბრაამთან მამბრეს მუხნარში (დაბ. 18:1-15). ამ ხატმა მიიღო სახელწოდება "აბრაამის სტუმართმოყვარება". ხატზე გამოსახულია სამი ანგელოზი. ყველა მათგანი აკურთხებს ტრაპეზს. ცენტრალური ანგელოზის უკან ჩანს მამბრეს მუხნარი. ქვემოთ გამოსახულია: აბრაამი, შუაში დასაკლავი კრავი, სარა, რომელიც ცომს ზილავს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ხატს გააჩნია ილუსტრატიულ-ისტორიული მნიშვნელობა, ძველი დროიდანვე მოცემული ხატი აღიქმებოდა როგორც ფერწერული გამოცხადება მამა-ღმერთზე, როგორც ევქარისტული მსხვერპლის ასახვა და როგორც საუკუნეთა წინარე განზრახვა უფლისა სამყაროს შექმნაზე.
სურ. 5. ხატი "აბრაამის სტუმართმოყვარეობა" (XV ს.)
ე. წ. "ზირიანსკის სამება".
ზოგიერთ უფრო გვიანდელ ხატზე ჩვენ უკვე ვერ ვხედავთ აბრაამისა და სარას გამოსახულებებს, რადგან ხატმწერებს უკვე მთელი ყურადღება გადააქვთ ყოვლადწმიდა სამებასა და წმიდა სამების პირთა ურთიერთმიმართების სიმბოლურ გააზრებაზე.
სამების ამგვარ გამოსახულებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღირ. ანდრია რუბლიოვის ხატს. ღირ. ანდრია წმ. სამებას გამოსახავს მამამთავართა გარეშე და მთელი კონცენტრაცია გადააქვს საცნაურ, ანუ გონისმიერ და მჭვრეტელობით-საღვთისმეტყველო ასპექტზე, რის გამოც უფრო ღმრთის სამპიროვნობის გამოცხადების მომენტს გამოყოფს (იხ. სურ. 6).
იმისათვის, რათა ხაზი გაუსვას ხატის ამ ძირითად მოტივს და მაყურებლის მთელი ყურადღება გადაიტანოს უმთავრესზე, ღირ. ანდრია მაქსიმალურად წინ წამოსწევს სამი ანგელოზის გამოსახულებას და მისით ავსებს ხატის მთელს სივრცეს. ანგელოზთა კონტურები ადვილად ეწერება წრეში, რითაც სიმბოლურად გადმოცემულია ღმრთის ერთობა და უსასრულობა. ანგელოზები ერთმანეთს ეხებიან ფრთებით, მაგრამ სხედან ცალ-ცალკე, - ამგვარი გამომსახველობითი ხერხით ხატმწერი გამოხატავს ყოვლადწმიდა სამების პირთა ერთობასა და შეურევნელობას.
ანგელოზები უსხედან არა მაგიდას, არამედ საკურთხეველს, რაზეც უთითებს მცირედი ჩაღრმავება წინა სიბრტყეზე. ბერძნულ ტრადიციაში ასეთ ჩაღრმავებებში ათავსებდნენ წმინდანთა ნაწილებს. საკურთხეველი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს იმ ადგილის სიმბოლოს, სადაც შეიწირება მსხვერპლი. ანგელოზები, შესაბამისადნ, წარმოადგენენ ყოვლადწმიდა სამების პირთა - მამა ღმერთის (მარცხნივ), ძე-ღმერთის (ცენტრში) და სულიწმიდის (მარჯვნივ) სიმბოლოებს.
ანგელოზთა ზურგს უკან გამოსახულია სასახლე - საღმრთო აღმშენებლობისა და სამყაროსა და ადამიანზე საღმრთო განგებულების სიმბოლო. ცენტრალური ანგელოზის ზურგს უკან მოსჩანს ხე, ეს არის არ მარტო მამბრეს მუხა, არამედ ცხოველმყოფელი ხისა და ჯვრის სიმბოლო. მარჯვენა ანგელოზის უკან კი მთაა გამოსახული, რაც ნიშნავს ღმრთისკენ სულიერ აღმავლობას, ასევე მის სიმაღლეს, სიძლიერესა და სიდიადეს.
საკურთხეველზე დგას თასი, რომელშიც ჩანს კრავის თავი. კრავი არის მსხვერპლის უძველესი სიმბოლო, რომელიც შეიწირებოდა ღმრთის მიმართ. ყველა ეს სიმბოლო მეტყველებს იმ მსხვერპლზე, რომელიც ქრისტემ მიიტანა ჯვარზე კაცობრიობის ცოდვათათვის.
ამგვარად, რუბლიოვის "სამება" შორდება უბრალო ილუსტრატიულ გამოსახულებას. ხატის საღვთისმეტყველო შინაარსით აღვსებამ და მისმა გახსნამ ფერების, სიმბოლოებისა და კომპოზიციის მეშვეობით, განსაზღვრა ყოვლადწმიდა სამების შემდგომი იკონოგრაფია. სწორედ ამ ტრადიციის დაცვაზე და სამების გამოსახვის ამ პრინციპზე მეტყველებდა ჯერ კიდევ მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანი" კრება (Стоглавый собор), რომლის დადგენილებებში ვკითხულობთ: "Писати живописцем с древних образов, как греческие живописцы писали и как писал Ондрей Рублев и прочии пресловущие живописцы, а подписывать «Святая Троица». А от своего замышления ничтоже претворяти".
ასეთი გადაწყვეტა გახლდათ პასუხი მცდელობაზე გამოესახათ მამა ღმერთი და ქრისტე მის განკაცებამდე, მხცოვანის სახით. მსგავსი გამოსახულებები წარმოადგენენ დასავლეთის, კათოლიკური ზეგავლენის შედეგს და მცდელობას გაუბრალოებულ იქნას სამების იკონოგრაფიის აზრი, სადაც შინაგანი სულიერი სიმბოლო ხატის გარეგნულობით იცვლება. ერთ ერთი ასეთი ხატია "Отечество", რომელიც ვრცელდება XV საუკუნიდან. მასზე მამა ღმერთი გამოსახულია მჯდომარე, რომელსაც მუხლზე უზის ძე-ღმერთი ყრმის სახით, ყრმას ხელში უპყრია სფერო, რომლიდანაც მოფრინავს სულიწმიდა მტრედის სახით (იხ. სურ. 7). ხატი ასრულებს სარწმუნოების გადმოცემის ფუნქციას და ამიტომაც თუ ის არასწორად იქნა გაგებული და დაწერილი არსებობს საშიშროება, გახდეს დამახინჯებულ ინფორმაციის მატარებელი, რაც არის მწვალებლობის ტოლფასი.
სურ. 7. ხატი "Отечество" (XVI ს.)
4. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი ორთითიან წყობას, სადაც გაშლილია საჩვენებელი და შუათითი, ხოლო არათითი, ნეკა და ცერი შეერთებულია, მიიჩნევს "კათოლიკური სამების" გამოხატულებად. აქვე აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ავტორი არ უთითებს არც იმას თუ რას გულისხმობს "კათოლიკურ სამებაში" და არც იმას, ვინ და სად გამოაცხადა თითების ასეთი წყობა "კათოლიკურად".
ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ საკმაო ლიტერატურა არსებობს. ამ ბოლო დროს, თვით ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურები, ისტორიკოსები და ღვთისმეტყველებიც აღიარებენ, რომ ორი თითით პირჯვრისწერა სამი თითით პირჯვრისწერაზე უძველესია და ის "კათოლიციზმის" წარმოშობამდე ბევრად დიდი ხნით ადრე არსებობდა. ეს წყობა დაფიქსირებულია უძველეს კატაკომბებში, უძველეს ხატებსა და წმიდა მამათა ქადაგებებში.
სურ. 8.
ფრესკა რომის კატაკომბიდან Via Latina (IV ს.). მამბრეს მუხნარში მყოფი აბრაამი ესალმება სტუმრად მოსულ სამ ანგელოზს. აშკარად ჩანს აბრაამის მისალმებასა და ანგელოზთა თითთა წყობაში ორი თითი.
ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავდა ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". ამ წიგნში მოცემულია ორი თითით ჯვრის გამოსახვის ის ძველბერძნული, საეკლესიო მოწმობა, რომელიც თავიდან შეტანილი იყო ძველბერძნულ "კურთხევანებში" (მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ მონოფიზიტთა მიღების წესში), სადაც უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"
საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос - да будет проклят!" (Стоглав, изд. втор. Казань, 1887 г., гл. 31, стр. 65).
რას გამოხატავს ორთითიანი წყობა? პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.
როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139).
"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს" (იხ. სურ.).
სამწუხაროდ, ბ-ნი გუგუშვილი, რომელიც არ იცნობს პირჯვრისწერის ამ წესს (ან არ ცნობს მას), მიიჩნევს, რომ ასეთი წყობა არის "კათოლიკური სამების" გამომხატველი. ისტორიულ წყაროებს რომ თავი დავანებოთ, თვით ხატმწერლობა ამხელს ამგვარი შეხედულების აბსურდულობას. მაგალითად, ბ-ნი გუგუშვილი ერთგან იმოწმებს მაცხოვრის ხატს (იხ. სურ. 9), რომელსაც თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით (ანუ აღმართული აქვს საჩვენებელი და შუათითი, ხოლო ცერა, ნეკი და არათითი შეერთებული) და განმარტავს, რომ ეს არის "კათოლიკური სამების" აღმნიშვნელი წყობა. შედეგად, ბ-ნ გუგუშვილისთვის ეს ხატი არის "არაკანონიკური", რადგან, თურმე მასზე "მაცხოვრის ხელით გამოსახულია „კათოლიკური სამება“ ანუ Двоеперстие - მოკეცილი და შეერთებული ცერა, არა და ნეკათითებით — და, გაშლილი, მიტყუპებული საჩვენებელი და შუათითით" (იხ. მისი სტატია: http://didgori.wordpress.com/2010/10/11/wm_samebis_ikonografia).
სამწუხაროდ, ბ-ნმა გუგუშვილმა არ იცის, მაცხოვრის ხსენებული ხატი არის VI საუკუნის. ის მდებარეობდა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში http://ru.wikipedia.org/wiki/Христос_Пантократор_из_Синайского_монастыря.
http://all-photo.ru/icon/index.ru.html?big=on&img=28133&id=28129.
სურ. 9
VI საუკუნის, უძველესი, მართლმადიდებლური ხატი (სინას მთის წმ. ეკატერინეს სახ. ეკლესიიდან), რომელიც ბ-მა ბ. გუგუშვილმა "არაკანონიკურად" გამოაცხადა.
აქედან შეუძლებელია, რომ VI საუკუნის ხატი იყოს "კათოლიკური სამების" ანუ კათოლიკური დოგმატის გამომხატველი. მეტიც, "ფილიოკვეს" დოგმატს არ გამოხატავს თითების არცერთი წყობა, რომელიც კი ცნობილია ხატმწერლობაში. რადგან ბ-ნ ბ. გუგუშვილს "Двоеперстие" (ორთითიანი პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი წყობა) "კათოლიკური სამების" გამოხატულება ჰგონია, ჯეროვნად მივიჩნევთ, რაც შეიძლება მოკლედ მაინც განვუმარტოთ მას ორი თითის სრული მართლმადიდებლურობის საკითხი.
შორს რომ არ წავიდეთ და ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, მივჰყვებით კონკრეტულ მაგალითებს, რომლებიც წარმოაჩენენ ბ-ნ გუგუშვილის შეხედულების სიმცდარეს.
ორი თითით კურთხევის შემთხვევაა დამოწმებული, მაგალითად, წმ. იოანე მოსხის "ლიმონარში". ეს არის უკვდავი წიგნი, რომელიც აღწერს VI-VII საუკუნეების უდიდეს ასკეტთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ამბა დოროთესა და იოანე კიბისაღმწერელის თანამედროვენი, ისინი ყველანი წარმოადგენენ ქრისტეანული მოსაგრეობის უბადლო მაგალითს... წიგნი "ლიმონარი" დაწერილია მკაცრი ასკეტის, ნეტარი იოან მოსხის მიერ, რომელიც საკმაოდ განათლებული პალესტინელი ბერი იყო (არსებობს ცნობები, რომ იოანე მოსხი ეროვნებით იყო ქართველი), იერუსალემის მომავალი პატრიარქის, სოფრონის (გარდ. დაახლ. 638-644 წწ. ხს. 11/24 მარტი) მოძღვარი და მასწავლებელი. კერძოდ, ლიმონარში აღწერილია, ბურსას ეპისკოპოს ლულიანეს შესახებ, რომელსაც წყალში გაზავებული საწამლავით სავსე კათხა მიართვეს. "წმიდა ლულიანემ ცხადად არ ამხილა ისინი, არამედ მდაბლად მიმართა ხალხს: თუ გსურთ, რომ მოკლათ გლახაკი ლულიანე, აი, ყოველი თქვენგანის წინაშე შევსვამ ამ სასმელს, რომელიც გაგიმზადებიათ მისთვის. აიღო საწამლავით სავსე კათხა, სამგზის გადასახა ჯვარი ორი თითით და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ ამ სასმისსო. დალია იგი ყველას წინაშე და არაფერი ვნებია. როცა ეს დაინახეს მათ, ვინც საწამლავი მოუმზადა, შეინანეს და სინანულით მუხლებში ჩაუვარდნენ. მან წამოაყენა ისინი, შეუნდო, ღვთის შიში ასწავლა და გაუშვა" (იოანე მოსხი. "ლიმონარი". თბილისი 1998 წ. რედ. დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, გვ. 47).
საგულისხმოა აგრეთვე რამოდენიმე ისტორიული ცნობა, რომელიც გვიდასტურებს ორი თითით პირჯვრისწერის კანონიკურობას:
"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის.
"ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ასსემანი (იაკობიტი ისტორიკოსი), - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, თუმცა მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ არ შეერივნათ ზეთი ღვინისთვის ევქარისტიის საიდუმლოში და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80)".
ყველაზე ადრეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ ბერძნებში გამოიყენებოდა ორი თითით პირჯვრისწერის წესი ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში.
იმის სურვილით, რომ შეერიგებინა მონოფიზიტები მართლმადიდებლებთან, ანუ მელქიტებთან, - როგორც სირიელი ნესტორიანელები უწოდებდნენ მართლმადიდებლებს, - და ასევე ნესტორიანელებთან, ის ამბობს: "ნესტორიანელების, მელქიტებისა და იაკობიტების სარწმუნოების ერთობის ფონზე ის გარემოება, რომ სხვადასხვაგვარია მათში ჯვრის გამოსახვის წესი, არც ისე მნიშვნელოვანია. კერძოდ, ერთნი (მონოფიზიტები) ჯვარს გამოსახავენ ერთი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ; სხვები ორი თითით (მართლმადიდებლები), ოღონდ პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ. როდესაც იაკობიტები პირჯვარს გამოისახავენ ერთი თითით მარცხნიდან მარჯვნივ, ამით მიანიშნებენ, რომ სწამთ ერთი ქრისტე - რომელმაც ცოდვისგან (მარცხენა მხარი) გამოსყიდულნი მადლთან (მარჯვენა მხარი) მიიყვანა. ხოლო ნესტორიანელები და მელქიტები (იმ დროს ასე უწოდებდნენ მონოფიზიტები მართლმადიდებლებს - არქიეპ. პ.), რომლებიც ჯვრის ნიშს გამოსახავენ ორი თითით - მარჯვნიდან მარცხნივ, მით აღიარებენ, რომ სარწმუნოებას დასაბამი მიეცა მარჯვენა მხრიდან, ხოლო ურწმუნოებასა და ცთომას მარცხნიდან" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).
"ილია გევერის გარდა, - წერს თავის ნაშრომში პროფ. კაპტერევი, - დიდი ხანია ცნობილია კიდევ ორი მოწმობა XII საუკუნისა, რომელიც ადასტურებს, რომ იმ დროს მართლმადიდებლები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით.
ასე მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო პირჯვარს, მონოთელიტთა მსგავსად, იწერენ ერთი თითით (ეს ცნობა განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს ბ-ნი ბ. გუგუშვილისთვის - არქიეპ. პ.), "მაშინ, როდესაც თითები ჯვრის ნიშის გამოხატვისას ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამი იპოსტასი". ე. ი., მართებულ პირჯვრისწერის წესად მიაჩნდა ორი თითით პირჯვრისწერა.
ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრისწერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).
"ზოგიერთი ცდილობს, - წერს პროფ. კაპტერევი, - ამ ფაქტების დაკნინებას, მით, რომ, მართალია, ეს ფაქტები მეტყველებენო ორი თითით პირჯვრისწერაზე, მაგრამ ეს ჩვეულება არსებობდა მხოლოდ სირიელ ქრისტეანებში, რომლებიც ცხოვრობდნენო მონოფიზიტთა და ნესტორიანელთა შორის და ამიტომაც, მას უნდა შევხედოთო როგორც ადგილობრივ, სპეციფიკურად სირიულ ჩვეულებას, რომელიც არასოდეს ყოფილა საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის, სადაც ორი თითი არასოდეს გამოიყენებოდა. მაგრამ საქმის ასეთი გაგება უსამართლოა და სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ნაპოვნია კიდევ ორი მოწმობა, რომლებიც აბსოლუტურად უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ XI და XII საუკუნეებში თვით კონსტანტინეპოლის ეკლესიაშიც პირჯვრისსაწერად გამოიყენებოდა ორი თითი.
ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინეპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რათა საღვთისმეტყველო საუბრები ჩაეტარებინა მათთან.
თეორიანემ აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინეპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია.
თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ, მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს, და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ - სომხები), არამედ თითებსაო".
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში და მთელს საბერძნეთში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).
ორი თითით პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის მართლმადიდებლურობაში დასარწმუნებლად, ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ხატები, რომლებზეც წმინდანები თითების ასეთი წყობით არიან გამოსახულნი, სრულიად მართლმადიდებლურია და არანაირი კავშირი არა აქვს მას "კათოლიკურ სამებასთან", ბ-ნ გუგუშვილს ვურჩევთ დაათვალიეროს უძველესი ქართული ხატწერა, განსაკუთრებით მინანქრული მხატვრობა, რომლის რამოდენიმე ნიმუშს აქაც გთავაზობთ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ რუსეთში უკვე მრავალს სურს დაუბრუნდეს პირჯვრისწერის ამ უძველეს ჩვეულებას. გარდა იმისა, რომ 1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ, სრულიად მართლმადიდებლურად და მაცხოვნებლად გამოაცხადა ძველი წესები, მ. შ. ორი თითით პირჯვრისწერაც, ცალკეული მღვდელმსახურებიც გამოხატავენ თავიანთ ნოსტალგიას ამ წესთა მიმართ და მათთან დაბრუნების დიდ სურვილს გამოთქვამენ. აი, რას წერს მაგალითად, იღუმენი კირილე (სახაროვი). თავის ინტერვიუში ("დროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძველისძველ ორთითიან პირჯვრისწერას". "БЕРСЕНЕВСКИЕ СТРАНИЦЫ", № 93 за 2009 г. с. 5-6. http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf=) იღუმენი კირილე, რომელიც არის მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული მღვდელმსახური და პირჯვარს იწერს ორი თითით, ბრძანებს: "ჩვენი მრევლის უზარმაზარი მასა აბსოლუტურად ვერ ორიენტირებს ამ საკითხში, ასევე სამღვდელოებისა და მღვდელმთავრების მნიშვნელოვანი ნაწილიც. თეორიულად მათთვის სულერთია როგორ გადაიწერენ პირჯვარს, შედეგად, ამაზე თავპირისმტვრევა არ უღირთ. არიან ისეთებიც, ცხადია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორთითიანი წყობა ეს არის ცთომა და ლამის მწვალებლობაც კი; რომ პატრიარქ ნიკონის რეფორმამ აღმოფხვრა უმეცრება და ჩვენი საღვთისმსახურებო წყობა თავდაპირველ ნიმუშებს მიუსადაგა... ეს შტამპი დიდი ხანია უარყვეს მართლმადიდებელმა მკვლევარებმა, ისეთებმა, როგორებიც იყვნენ მაგალითად, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორები კაპტერევი და გოლუბინსკი.
ორთითიანი წყობის საყოველთაო და თავდაპირველ გავრცელებას ჩვენ ვპოულობთ საბერძნეთში, რომში, ვენეციაში, ათონზე, რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ. ასე, მაგალითად, ყველა ხატზე, რომელიც კი ლუკა მახარობელს მიეწერება, ყრმა მაცხოვრის თითები შეკრულია ორთითიანი წყობით. ამ წყობას ვხვდებით: რომის წმმ. მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში არსებულ ქრისტეს ბრინჯაოს ხატზე, ასევე აპოლინარი ახლის რავენას ეკლესიის მოზაიკაზე (VI ს.), ასევე კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრარში არსებული სულთმოფენობის მოზაიკურ გამოსახულებაზე (ასევე VI ს.), კორსუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც რუსეთის გაქრისტეანებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ დაიწერა; ვენეციაში, წმ. მოც. მარკოზის მოზაიკურ ხატზე (XI ს.) და მონრეალის ტაძრის მთავარ შესასვლელში (XIII ს.); XIV ს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც წმ. სამებისა და სერგის ლავრაში მდებარეობს; სერგი რადონეჟელის გამოსახულებაზე 1392 წლის სახარების გარეკანზე.
ასმუხლიანმა კრებამ 1551 წელს კრულვით დაიცვა ორთითიანი პირჯვრისწერა. არადა ამ კრებას თავმჯდომარეობდ მიტროპოლიტი მაკარი, რომელიც კანონიზირებულია მოსკოვის საპატრიარქოს რმე-ს მიერ. კრების მონაწილეთა შორის იყვნენ გური და ბარსონუფი, ყაზანელი საკვირველთმოქმედნი, სოლოვეცკელი იღუმენი ფილიპე, შემდგომში მიტროპოლიტი და მღვდელმოწამე. სხვათა შორის, კრულვის ეს ტექსტი აღებულია ძველბერძნული კურთხევანიდან.
ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ წერს პატრიარქი იობი, ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში. 90-იან წლებში, როდესაც ვმეურვეობდი ნეტარი ბასილის სახელობის ტაძარს, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი ნეტარი ბასილის ძველ ხატს კანკელში, სადაც წმინდანს ორი თითი პირჯვრისსაწერად აქვს შემართული".
"უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, - განაგრძობს იღუმენი კირილე, - ქრისტეს მოზაიკურმა გამოსახულებამ კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძრის საკურთხევლის ნაწილში, სადაც მაცხოვარს თითები გამოსახული აქვს ორთითიანი წყობით. როდესაც იქ ვიყავი, ჩემმა თანამგზავრებმა ვიდეოკამერით ჩაიწერეს როგორ აღვასრულებ შვიდმეტანიან დასაწყის ლოცვას: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას". და ა. შ. როდესაც ლოცვა დავასრულე, ჩემთან მოირბინეს თანამშრომლებმა, გაშალეს ხელები და მითხრეს - აქ არ შეიძლება, აქ მუზეუმია.
ერთხელ ჩვენთან ტაძრის დღესასწაულზე მსახურობდა მეუფე პიტირიმე. როდესაც ის შემოვიდა ტაძარში, უცებ იგრძნო სპეციფიკა და იკითხა: " და რა, თქვენთან ასე იწერენ პირჯვარს?" (გამოსახა ორი თითი) – "მაშინ, მეც ასე გადავიწერ".
რუსეთმა ბიზანტიისგან მიიღო მართლმადებლობა მთელი მისი წეს-ჩვეულებებით და განაწესებით, ორთითიანი წყობის ჩათვლით. ხოლო შემდეგ, ჯერ ბერძნებმა, მათ კვალობაზე კი სხვა მართლმადიდებელმა ხალხებმა, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ბერძნებზე, აღმოჩნდნენ თურქების უღელქვეშ და გამუდმებით დახმარებისთვის მიმართავდნე დასავლეთს, საკმარისი საფუძვლების გარეშე, მიიღეს სამი თითით პირჯვრისწერა.
ყველანი ჩვენს ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ".
მეტად საგულისხმო და ამაღელვებელია ეს სიტყვები.
5. ზემოთ ჩვენ აღვნიშნავდით, რომ სამწუხაროდ, ბ-ნი გუგუშვილ არასწორად განიხილავს ხატებზე გამოსახული თითების საკითხს და უშვებს უმძიმეს შეცდომას, რადგან არ ეხება მართლმადიდებლური ხატწერის ტრადიციაში არსებულ ისეთ საკითხს, როგორიცაა ჟესტების სიმბოლიზმი, არადა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რათა სწორად გავიგოთ რატომ და რა მიზნით არის გამოსახული ამა თუ იმ ხატზე თითების ესა თუ ის წყობა (ვგულისხმობთ, ცხადია, XVII საუკუნემდე დაწერილ მართლმადიდებლურ ხატებს, რომლებშიც განსაკუთრებით არის დაცული ძველი, მართლმადიდებლური ტრადიცია).
სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყივნვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს და ა. შ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა, და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ.
ამ საკითხს სპეციალური სტატია მიუძღვნა ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურმა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი დმიტრი იურიევიჩმა. თავის სტატიაში: "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში", დმიტრი იურიევიჩი, სხვათა შორის, წერს:
"ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. სურ. ქვემოთ).
ამიტომაც, XIX-XX საუკუნეების ხატებზე მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითები უკვე შეკრულია ე. წ. სამღვდლო კურთხევის "სახელობითი" წყობით, როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC XC (იხ. სურ. 11 და 12). მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით, არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. სურ. ქვემოთ).
ისტორიულ წყაროებს თუ მივმართავთ, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492 с). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვაზე გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსახული პირები უნდა აღქმულიყვნენ ვითარც მოლაპარაკენი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492-1). მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებული წესით ჟესტიკულირებდნენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с 493).
კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგალითად, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია (ასეა გამოსახული მაცხოვარი უამრავ ხატზე), არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ - გაკიცხვას ან ბრალდებას (იხ. სურ. 13). ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. სურ. ქვემოთ). ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა (ანუ ერთი თითი) წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებში ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 493-1).
ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. "დოდონასა და ენეას ნადიმი". სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი.
დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. 15); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 494-495).
როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი, იუსტინიანეს მიერ კონსტანტინეპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში.
აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ ერთ კრეტსაბმელზე: "ის გამოსახულია მარჯვენა ხელის წინგაშვერილი თითებით, - ნიშნად იმისა, რომ ქადაგებს მარადიულ სიტყვას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც შეიცავს ღმრთის სიტყვას (ანუ ხელში უპყრია სახარება)" (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 496).
მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რომელიც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიცუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით - ეს იქნებოდა უბრალოდ შეუსაბამობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკრეხელობაც კი. (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).
მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად, საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით - სრულიად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-1) (იხ. სურ. ქვემოთ).
მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას, ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება, თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ცოდვით დაცემაში ამხელს.
ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-2).
სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497).
სახელაგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხე ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с.500).
მხოლოდ ამ დროიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) რუსულ ეკლესიაში გაშვერილი ხელი ტრადიციული ორთითიანი წყობით (ცერი, ნეკა და არათითი შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუათითი გამართული და ოდნავ მოხრილი) ხატებზე გამოსახავს ორი თითით კურთხევის სიმბოლოს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). XVIII საუკუნის დასაწყისის ძველმოწესე აპოლოგეტები, ვიგოველი ძმები დენისოვები (დენისოვები იყვნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" - არქიეპ. პ.) თავიანთ სახელგანთქმულ წიგნში «Поморские ответы» ("პომორული სიტყვისგებანი"), ორი თითის ავტორიტეტულობისა და სიძველის ნიშნად იმოწმებენ საკმაოდ დიდ ჩამონათვალს ძველრუსული ხატებისა, სადაც ორი თითი უკვე საკურთხებელი მნიშვნელობით არის გამოსახული ([Братья Денисовы.] Поморские ответы. Мануиловский Никольский монастырь, 1884).
ზემოთაღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? - ძველი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი ჟესტი იყო ხელთაღპყრობა. ეს ჟესტი წარმოადგენდა სიმბოლოს, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი მხურვალე და გულწრფელი ლოცვის გარეგან გამოხატულებას. წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ახალდაფუძნებული თემების ეკლესიური ცხოვრების მოწყობაზე, ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში წერს: "ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2:8). ამ მხრიც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. სურ. ქვემოთ).
საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500-501). ასე არიან გამოსახულნი, მაგალითად, მლოცველები იმპერატორ ბასილის თვენში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 502-2).
ზემოთმოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ ერთ განუყოფელ და გამომხატველ თვისებას. ეფუძნება რა ძველი სამყაროს ჟესტების სიმბოლიკას, ის გამოიყენება ხატწერაში მისი უმთავრესი ამოცანის აღსასრულებლად: გრაფიკული საშუალებებით გადმოსცეს არა მარტო დაწერილი მოვლენის გარეგანი მხარე ან წმინდანის პიროვნება, არამედ პირველის (მოვლენის) შინაგანი არსი, ხოლო მეორის (წმინდანის) სულიერი მდგომარეობა" (http://www.oldorthodox.ge/prj_jestebis_psiqologiuri_simbolizmi_martlmadideblur_xatebshi_.html).
ამრიგად, ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის სტატიის საპასუხოდ, სადაც ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წყობა რატომღაც შერაცხილია "კათოლიკური სამების" გამოხატულებად, უნდა განვაცხადოთ, რომ:
1) თითების წყობა, სადაც აღმართულია ორი თითი (საჩვენებლი და შუათითი) ქრისტეს ორბუნებოვნების აღსანიშნად, ხოლო დანარჩენი სამი (ცერი, ნეკა და არათითი) შეერთებულია წმ. სამების ერთობის ნიშნად, არის არა "კათოლიკური" არამედ მართლმადიდებლური. სადღეისოდ ეს არავის ეეჭვება.
2) თითების ისეთი წყობა, რომელსაც ბ-ნი გუგუშვილი "კათოლიკურ სამებას" უწოდებს, უცნობია.