ნათლობა - ნათლობის, მეორედ ნათლობის, გადანათვლისა და დასხმითი წესის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება


ვ. სმირნოვი

აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება
ნათლობის, მეორედ ნათლობის, გადანათვლისა და დასხმითი წესის შესახებ



მრავალი ადამიანისთვის ეს ინფორმაცია შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, რადგან ის, რასაც დღეს გვასწავლიან თანამედროვე "ღვთისმეტყველები" ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით, მრავალ პუნქტში არ ემთხვევა იმას, რასაც გვასწავლიან ამავე საგანზე წმიდა მამები.

წყარო: http://ustav.livejournal.com/126251.html#cutid1

ნათლისღება

2000 წელს პატრიარქი ალექსი II, თავის მიმართვაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკოსთადმი, დასხმითი ნათლობის დაუშვებლობის შესახებ წერდა და ყველას მოუწოდებდა დაბრუნებოდნენ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ფორმას ნათლობისა, რომელიც უნდა აღსრულდეს სამგზისი შთაფლვით (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - მთარგმნ.).

რამ აიძულა პატრიარქი წამოეჭრა ეს ძველთაგანვე საჭირბოროტო საკითხი და რატომ არის დაუშვებელი მცირედი წყლის დასხმა ნათლისღების საიდუმლოში?! მოდი, მივმართოთ ეკლესიის ისტორიას და გავეცნოთ მის კანონებსა და განწესებებს იმისთვის, რათა გავერკვეთ ამ საკითხში.

მაშ ასე, რას გვეუბნებიან წმიდა მამები ნათლისღების დასხმითი წესის შესახებ და მართლაცდა ასე უწყინარია იგი, როგორც ეს ერთის შეხედვით ჩანს?

"იესუ ქრისტეს სიკვდილი, - განმარტებულია ბერძნულ დიდ სჯულისკანონში, - ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად - და ეს უცილობელი დოგმატია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. უამისოდ ადამიანის ღმერთთან შერიგების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა" (რომ. 5:10).

ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფვლით აღსრულდება. უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა მაშინ, როდესაც ნათლისღებაში ადამიანი თავის თავზე გამოხატავს მას (ანუ სამდღიან სიკვდილს უფლისა - მთარგმნ.); ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის მას (ქრისტეს) წყალში ნათლისღებისა. "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, - ბრძანებს მოციქული, - სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ გვიღებიეს" (რომ. 6:3). აქედან გამომდინარე, თუ გვსურს ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, ნათლობის სამგზის დაფლვით უნდა აღსრულდეს
"(Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).

ყოვლად შეუძლებელია ეს დოგმატი გამოიხატოს დასხმით ნათლობაში. მასში შეიძლება სამი ღვთაებრივი იპოსტასის აღიარება, მაგრამ ქრისტეს დაფლვა და აღდგომა დასხმით ნათლობაში წარმოუდგენელია. ალბათ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს ყოველივე საწესჩვეულებო წვრილმანია და არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, მთავარია, მოსანათლავმა გაასწოროს თავისი ცხოვრება ქრისტეს მცნებების მიხედვით, სხვა დანარჩენი კი უმნიშვნელოა და არაარსებითი.

ეს აზრი, ერთის შეხედვით, შეიძლება იმდენად ბრწყინვალედ და სწორად მოგვეჩვენოს, რომ შესაძლოა უცებ ბნელი ლაქები ვერც კი აღმოვაჩინოთ. მაგრამ იმისთვის, რათა გავიგოთ შთაფლვის მნიშვნელობა ნათლობის საიდუმლოში, ქრისტეს ეკლესიის მოძღვარს, კირილე იერუსალიმელს მივმართოთ. თავის ქადაგებაში ნათელღებადთადმი ის წერს:

"მაცხოვარმა ნათლისღება განწმინდა, მოინათლა რა თავად. თუ ძე ღვთისა მოინათლა, რომელი კეთილმსახური მოიძაგებს ნათლისღებას? ხოლო მოინათლა არა იმიტომ, რომ ცოდვათა მიტევება მიეღო (რადგან უცოდველი იყო), არამედ უცოდველად მყოფმა ნათელიღო, რომ საღმრთო მადლი და ღირსება ებოძებინა ნათელღებადთათვის. რადგან, ისევე როგორც ბავშვები ნაზავნი არიან სისხლისა და ხორცისა, თავადაც მსგავსადვე ეზიარა იმავეს, რათა მისი ხორცში მოსვლის თანაზიარნი მისი საღმრთო მადლის ზიარნიც გავმხდარიყავით (ჰომ. 3.11).

ცოდვებით დამძიმებული მიდიხარ წყალთან, მაგრამ მადლის მოხმობა, რომელიც სულს აღბეჭდავს, ამიერიდან აღარ უტევებს საშინელ ვეშაპს, რომ გშთანთქას. ჩადიხარ ცოდვებით მომკვდარი და ამოდიხარ სიმართლით ცოცხალქმნილი, რადგან თუ თანანერგი გახდი მაცხოვრის სიკვდილის მსგავსებისა, აღდგომის ღირსიც გახდები (რომ. 6.5). ისევე როგორც იესუ, სოფლის ცოდვათა ამღებელი, მოკვდა, რომ სიკვდილი მოეკლა და შენ აღედგინე სიმართლეში, ასევე შენც ჩადიხარ რა წყალში და ერთგვარად დაიფლობი მასში, როგორც იგი კლდეში, კვლავ აღდგები, რომ "ცხოვრების სიახლეში ხვიდოდე" (რომ. 6.4) მას შემდეგ, რაც მადლის ღირსი გახდები, მაშინ შენ მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლის ხელმწიფება მოგეცემა (ჰომ. 3.12).

იესუ ქრისტე ძე ღვთისა იყო, მაგრამ ნათლისღებამდე არ ქადაგებდა. თუკი თავად მეუფემ დაიცვა დროის წესი, ნუთუ მონებს უწესოდ გაკადნიერება გვმართებს? საბანელს მიეახლე არა როგორც უბრალო წყალს, არამედ როგორც წყალთან ერთად სულიწმინდის მადლის მომცემელს. რადგან როგორც ბომონებს შეწირული უბრალოა თავისი ბუნებით, მაგრამ შებილწული ხდება კერპთა მოხმობით, ასევე, პირუკუ, ლიტონი წყალი სულიწმინდის, ქრისტესა და მამის მოხმობის მიმღები, უწმინდეს ძალას იძენს (ჰომ. 3.3).

რადგან ორმაგია ადამიანი, სულისა და სხეულისგან შედგენილი, ორმაგია განწმენდაც, უსხეულოსთვის უსხეულო, სხეულებრივისთვის კი სხეულებრივი. წყალი განწმენდს სხეულს, ხოლო სულიწმინდა აღბეჭდავს სულს, რომ სულიწმინდით სხურებული გულითა და წმინდა წყლით განბანილი სხეულით მივეახლოთ ღმერთს. მაშ, როდესაც წყალში ჩახვალ, ნუ გეგონება, რომ უბრალო წყალია, არამედ სულიწმინდის მოქმედებით მიიღე გამოხსნა. რადგან ორივეს გარეშე შეუძლებელია შენი სრულყოფა. არა მე ვამბობ ამას, არამედ უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ხელმწიფება აქვს საქმისა, რადგან ამბობს: "თუკი ვინმე არ იშვება ზეციდან", და დაუმატა: "წყლისა და სულისგან, არ შეეძლება შესვლა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3.3-5) (ჰომ. 3.4)

არც მას აქვს სისრულე მადლისა, ვინც წყლით ნათელიღო, მაგრამ სულიწმინდის ღირსი არ გამხდარა და ვერც ვინმე ისეთი შევა ზეციურ სასუფეველში, ვინც ქველ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ არ მიუღია წყლისმიერი ბეჭედი. ფიცხელი სიტყვაა, მაგრამ არა ჩემი, არამედ ასე განაჩინა იესომ და საღმრთო წერილიდან ღებულობს სიტყვათა მტკიცებულებას. კორნელიოსი იყო კაცი მართალი, ღირსი ანგელოზთა ხილვისა, მისი ლოცვანი და მოწყალებანი აღმართული იყო ზეცაში ღვთის წინაშე კეთილ სვეტად. მოვიდა პეტრე და სულიწმინდა გადმოვიდა მორწმუნეებზე, ალაპარაკდნენ სხვა ენებზე და წინასწარმეტყველებდნენ. სულიწმინდის მადლის შემდგომ წერილი ამბობს, რომ "უბრძანა მათ პეტრემ იესო ქრისტეს სახელით ნათლისღება" (საქ. 10.48), რათა სულის სარწმუნოების მიერ შობისას სხეულსაც მიეღო მადლი წყლის მიერ.

თუკი ვინმეს სურს იცოდეს თუ რატომ წყლის მიერ და არა სხვა ნივთიერების მიერ მოეცემა მადლი, წმინდა წერილი აიღოს და გაიგებს. დიდი რამ არის წყალი და სამყაროს ოთხ ხილულ სტიქიონთა შორის უმშვენიერესი. ანგელოზთა საცხოვრისია ზეცა, მაგრამ წყლისგან არიან ცანი. ადამიანთა ადგილია მიწა, მაგრამ წყლისგან არის მიწა. ექვს დღეში შექმნილი ყოველი ქმნილების უწინარეს, "ღვთის სული მიმოდიოდა წყლის ზემოთ" (დაბ. 1.2). სამყაროს საწყისი არის წყალი და სახარებათა საწყისი არის იორდანე. გათავისუფლება ისრაელისა ფარაონისგან - ზღვის გავლით და გათავისუფლება სამყაროსი ცოდვისგან - წყლის საბანელის მიერ ღვთის სიტყვით. სადაც აღთქმაა ვინმესთან, იქვეა წყალიც. წარღვნის შემდგომ დაიდო აღთქმა ნოესთან, აღთქმა დაიდო ისრაელთან სინას მთიდან, მაგრამ არა წყლის, მეწამული მატყლისა და უსუპის გარეშე. ელია აღტაცებულ იქნა, მაგრამ არა თვინიერ წყლისა, რადგან ჯერ იორდანე განვლო და შემდეგ მიაშურა ცას. მღვდელთმთავარი ჯერ განიბანებოდა და შემდეგ აკმევდა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმთავარი, რადგან როგორ შეძლებდა სხვებისთვის ლოცვას ჯერ კიდევ წყლით განუბანელი? ნათლისღების სიმბოლო იყო საბანელი, რომელიც კარვის შიგნით მდებარეობდა (ჰომ. 3:5).

თუ ვინმე არ მიიღებს ნათლისღებას, ვერ ცხონდება, გარდა მხოლოდ მოწამეებისა, რომელნიც წყლის გარეშეც იღებენ ნათლობას. მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრის მიერ სამყარო გამოისყიდა, გვერდის განგმერისას გამოადინა სისხლი და წყალი, რომ ერთნი, მშვიდობიანობის დროს, წყლით მოინათლონ, ხოლო სხვებმა, დევნილობის ჟამს, საკუთარი სისხლით ნათელიღონ. მარტვილობას კი, ნახე, თავად მაცხოვარი უწოდებს ნათლისღებას, რომელიც ამბობს: "ძალგიძს შესვათ სასმისი, რომელსაც მე შევსვამ, და ნათლისღებით, რომლითაც მე მოვინათლები, მოინათლოთ?" (მარკ. 10.33). მარტვილებიც აღიარებენ, რომლებიც სახილველნი გახდნენ სოფლისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა (I კორ. 4.9), ხოლო შენ მცირედის შემდგომ აღიარებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის შენთვის დრო ამის მოსმენისა" (ჰომ. 3.10).

აი როგორ საღვთისმეტყველო სიღრმეებს გვიხსნის IV საუკუნის ეკლესიის წმიდა მამა და მოძღვარი ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით. გასაგებია მიზეზი, რომლის გამოც დღეს ჯეროვნად არ აფასებენ სამგზისი დაფლვის მნიშვნელობას ნათლობის საიდუმლოში. უპირველეს ყოვლისა ეს არის საკუთარი სარწმუნოების ზერელე ცოდნა და ნაადრევი სურვილი განსაჯო და იღვთისმეტყველო საკუთარი ჭკუით, რომელიც ჯერ კიდევ ვნებებს მოუცავს. ეგნატე ბრიანჩანინოვი თავის შრომებში წერდა მთელს დედამიწასა და ეკლესიაში რწმენის შემცირების შესახებ. ის გვაფრთხილებდა, რომ სამღვდელმთავრო საყდრებზე უკვე აღარ იქნებიანო ღირსეული მწყემსები, რომ ჩვენ ამ მიზეზით იძულებულნი გავხდებით ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხები ვეძებოთ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამათა ნაშრომებში. მივსდიოთ მის დარიგებას და ვნახოთ, კიდევ რას გვასწავლიან წმიდა მამები ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით.

ბერ ბარნაბას ცნობილ ნაშრომში "Исследовании о греческом православии" გადმოცემულია მისი გასაუბრება ალექსანდრიის პატრიარქ ნიკანორთან და პელუსიელ მიტროპოლიტ ამფილოქესთან ბერძნებსა და ლათინებს შორის არსებულ განსხვავებებზე.

ბარნაბამ პატრიარქს ჰკითხა: "რა განსხვავებაა ჩვენსა და დასავლეთელებს, ანუ რომაელებს შორის?"

პატრიარქმა მიუგო: "განსხვავება დიდია: ისინი - მწვალებლები არიან". და დაიწყო მათი მწვალებლობებისა და ცთომილებების ჩამოთვლა. აი ნათლობის საიდუმლოში ისინი კი არ შთაფლავენ, არამედ წყალს ასხამენ (შემდეგ მსჯელობს უფუარ პურზე (მაცაზე), კალენდრულ ცვლილებებზე, სულიწმიდის მამისგან და ძისგანაც გამომავლობაზე, პაპის უაზრო პირველობაზე და ა. შ.).

შემდეგ ბერი ბარნაბა კვლავ ეკითხება პატრიარქს: "და, განა თქვენ არ ასხამთ წყალს თავზე (ნათლისღების საიდუმლოში)?"

პატრიარქი: "როგორ შეიძლება წყლის დასხმა, ჩვენი უპირველესი არგუმენტი რომაელთა წინააღმდეგ იმაშია, რომ ისინი ნათლისღებაში კი არ შთაფლავენ, არამედ ასხურებენ".

"წყალი, - ამბობს წმ. ბასილი დიდი, - სიკვდილის სიმბოლოა, რომელიც როგორც კუბო საკუთარ წიაღში ღებულობს ადამიანის სხეულს". ხოლო მოსანათლავების სხეულები წყალში გარკვეულწილად იმარხებიან, შედეგად, ნათლობის საიდუმლო გამოხატავს ხორციელ სხეულთა დამარხვას მოციქულის სიტყვისამებრ: "მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი" (კოლას 2:11-12).

თავის ეპისტოლეში სლოვენელი და ხერსონელი არქიეპისკოპოსი წერს: "მართლმადიდებელი ეკლესია ყველგან წყალში სამგზის შთაფლვით და აღმოყვანით
ნათლავს. ასე ნათლავენ ბერძნული, გრიგორიანული, არაბული, ბულგარული, სერბული, დალმატიური ეკლესიები; ასე ნათლავს რუსეთის ეკლესია მთელს დიდ რუსეთში. ყოველ ამ ეკლესიათაგანს გააჩნია ჭურჭელი, რომელშიც სამგზის შთაფლავენ განშიშვლებულ ყრმებს წმიდა სამების იპოსტასთა მოწოდებით, როგორც ეს არის მითითებული წმ. მოციქულთა 49-ე კანონში: "თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს". მთელს მცირე რუსეთშიც ასე ნათლავდნენ მოსანათლავთ და ეს არ არის საეჭვო.

წმ. ვლადიმირმა სარწმუნოება და ყოველი საეკლესიო წეს-განგება ბერძნებისგან მიიღო, რომლებიც ადრეც და ახლაც მხოლოდ შთაფლვით ნათლავენ. ამის შემდეგ განა უცნაური არ არის, რომ ისინი, ვისაც ბერძნები ჰყავდა მასწავლებლად და ვინც თვით ბერძნებმა მონათლეს, დღეს შთაფლვითად უკვე აღარ ნათლავენ? თუმცა, ვფიქრობ, არც თუ უსაფუძლოდ, რადგან დასხმითი წესით ჯერ კიევში დაიწყეს ნათლობა, შემდეგ კი მთელს მცირე რუსეთში. ამგვარი გადახრა მოხდა იმ დროიდან, როდესაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია. რომის ეკლესიაში XII საუკუნემდე შთაფლვით ნათლავდნენ, შემდეგ კი დაიწყეს არა მარტო დასხმა, არამედ პკურებაც. წმ. ბასილი დიდი ნათლად ბრძანებს: "უბედურებაა, როდესაც ვინმე კვდება ნათლობის გარეშე ან რაღაც იქნება გამოტოვებული ნათლობის საიდუმლოს გადმოცემიდან". მაშ ჩვენ რატომ ვამარტივებთ ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს? რატომ არ ვიცავთ იმ სამოციქულო გადმოცემას, რომელსაც იცავს მთელი მართლმადიდებელი ეკლესია?".

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლობის წესის შეცვლა მოხდა ჯერ კათოლიკეეებში, შემდეგ კი მცირე რუსეთში, იმის შემდეგ, რაც უნიატებმა დაიპყრეს კიევის მიტროპოლია. ჩვენთან კი (ანუ დიდ რუსეთში) ეს ლათინური სიახლე შემოვიდა პატრიარქ ნიკონის რეფორმის შემდეგ.

აი რას წერდა არქიეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) დასხმითი ნათლობის შესახებ: "ჩემდა სამწუხაროდ, ვგებულობ, რომ დღემდე, ჩემი მრავალჯერადი გაფრთხილებებისდა მიუხედავად, ნათლობის საიდუმლოს ზოგიერთი მღვდელი დასხმით ასრულებს, მრავალი კი, არ ვიცი უდებებით თუ დაუდევრობით, მთელ საიდუმლოსაც ამოკლებს, რომელიც კურთხევანშია მოცემული. წმ. მოციქულთა 50-ე კანონი პატივის აყრით ემუქრება იმ ეპისკოპოსსა და პრესვიტერს, ვინც სამგზისი შთაფლვით
არ მონათლავს. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ უკვე მოციქულთა დროიდანვე სრულდებოდა ნათლობა სამგზისი შთაფლვით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით...

ნათლისღების საიდუმლოში სამგზისი შთაფლვის, როგორც აუცილებელ ფორმაზე მრავალს წერდნენ ეკლესიის წმიდა მამები: კირილე იერუსალიმელი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, დიონისე... რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში კათოლიკეებთან უნიის ძალდატანებითმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ აქ დამკვიდრდა ნათლობის დასხმითი წესი, ხოლო რუსეთის სხვა დანარჩენ ოლქებში ყველა მღვდელი ნათლავს სწორად, მხოლოდ შთაფლვით.

ნათლობის დასავლური, დასხმითი წესი, სამწუხაროდ, ყირიმის ოლქშიც შეიჭრა და უკანასკნელად უნდა განვაცხადო, რომ ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია აღმოვფხვრა დასხმითი ნათლობა ჩემს ეპარქიაში.

ღმრთის შიშის არმქონე მღვდლები, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ დასხმით ნათლობას, იქამდეც კი მიდიან, რომ ამ დასხმას (обливание) ცვლიან მისხურებით (поливанием) და პკურებითაც კი, როდესაც მოსანათლს, რომელიც ტანგაუხდელად დგას ეკლესიაში, თავზე მცირედით აპკურებენ. აი ასე, ამგვარი უკეთური "ნათლობით" მონათლულები, ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე ნათლობის საიდუმლო არ ყოფილა შესრულებული (!!! - მთარგმნ.). მრავალი მღვდელმსახურის მცონარება და ღმრთის შიშის არქონა გამოიხატება იმაშიც, რომ ისინი არც ჯვარს გამოსახავენ სამჯერ წყალში, არც ზეთს აკურთხებენ და მისით წყალს არ სცხებენ, არამედ ყველა ამ მღვდელმოქმედებას ცვლიან ადრე ნაკურთხი აიაზმის სანათლავ წყალში ჩასხმით. ვინც ასე მოქმედებს, ის ამჟღავნებს არა მარტო იმას, რომ არავითარი შიში არ გააჩნია ღმრთისადმი, არამედ იმასაც, რომ არანაირად არ მიაგებს პატივს ნათლობის უდიდეს საიდუმლოს".

1976 წლის კონსტანტინოპოლის კრება დასხმით მონათლულთა გადანათვლას განაწესებს. 1895 წელს ბერძნულმა ეკლესიამ თავის მიმართვაში დაადასტურა კონსტანტინოპოლის ეკლესიის კრების დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ უარყოფს დასხმით წესს ნათლობისა, როგორც ლათინურ სიახლეს, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საეკლესიო გადმოცემას, რომელიც გვებოძა უფლისა და მოციქულთაგან.

"კი მაგრამ როგორ?" - შეიძლება აღშფოთებით შემოგვედავონ ზოგიერთები და განაცხადონ, რომ "გადანათვლა ეს მეორე ნათლობაა, რომელიც დაგმობილია ეკლესიის მიერ და მრწამსშიც ვკითხულობთ: ... აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა...?"  

მაინც რატომ არ აღიარებენ საკლესიო კანონები დასხმით ნათლობას და რატომ არის საჭირო დასხმითად მონათლულთა თავიდან გადანათვლა? ზემოთჩამოთვლილ მიზეზთა გარდა, პასუხი ამ კითხვაზე მდგომარეობს თვით ტერმინში "ნათლობა". საქმე იმაშია, რომ ბერძნულ ენაზე სიტყვა "ბაპტიზანტეს" (ნათლობა) ბუკვალურად ნიშნავს "შთაფლვას, ჩაყვინთვას", და არა "დასხმას", შედეგად, ის, ვინც არ შთაფლულა ნათლისღების საიდუმლოში, ამ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, ის არც მონათლულა. ამიტომაც, იმ ადამიანებს, ვინც შთაფლვით არ ყოფილან მონათლულნი, პირველად შთაფლავდნენ და არა განმეორებით, ეს კი არ ითვლება მეორე ნათლობად, არამედ სწორედ ეს არის პირველი და ჭეშმარიტი ნათლისღება.

იმ ადამიანთა გადასანათლავად, ვინც არ მონათლულა მართლმადიდებლური ეკლესიის წესების შესაბამისად, არსებობს ყველაზე სერიოზული საფუძვლები, რომლებსაც ვპოულობთ მსოფლიო კრებათა დადგენილებებში. მაგალითად, II მსოფლიო კრების 7- და VI მსოფლიო კრების 95-ე კანონებში, სადაც დადგენილია არ გადანათლონ მხოლოდ ისინი, ვინც მონათლულია სამგზისი შთაფლვით. შედეგად, ამ კანონთა აზრით, ის, ვინც სამგზისი შთაფლვით არ არის მონათლული, არამედ სხვაგვარად, უნდა გადაინათლოს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი კი არ უნდა გადაინათლონ, არამედ უბრალოდ მოინათლონ. მოციქულთა 50-ე კანონი განაწესებს იმ მღვდელმსახურის დამხობას, ვინც არ ნათლავს სამგზისი დაფლვით, დღეს კი ეს კანონი სრულიად მივიწყებულია.

ზემოთმოტანილი მაგალითები თუ ვინმეს არასაკმარისად მოეჩვენება, შეგვიძლია მოვიტანოთ ასეთი შედარებაც. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც რეფორმატორ-განმაახლებლებმა გადაწყვიტეს შეცვალონ ზიარების ფორმა და ზიარება მოგვცენ არა ჭამადი სახით, არამედ კანზე (მაგალითად შუბლზე) წასმით და გვითხრან, რომ უფლის სისხლი კანის მიერაც შეისრუტება, და გვარწმუნონ რომ ამგვარი სახითაც მიიღება ზიარება. ცხადია, ამგვარ უკეთურებას შევეწინააღმდეგებოდით და ვეტყოდით, რომ ეს არის საეკლესიო გადმოცემის უხეში დარღვევა, ჩვენ კი გვეტყოდნენ, რომ ეს ყველაფერი არის საწესჩვეულებო წვრილმანი, რომელსაც არ უნდა ჩავაცივდეთ. მართალია ეს უხეში მაგალითია, თუმცა მარტივად და ადვილად გასაგები.

რადგან ადამიანი შედგება ხორცისა და სულისგან, საეკლესიო საიდუმლოებებსაც ორი მხარე გააჩნიათ, - მატერიალური და სულიერი, რომელიც საიდუმლოს აღსასრულებლად აუცილებელია. ჩვენ უხორცო ანგელოზები კი არ ვართ, არამედ ცოდვილი ადამიანები, რომლებსაც ესა თუ ის შეგრძნებადი ფორმები და სიმბოლოები გვჭირდება.

ყოველი საეკლესიო საიდუმლო შემოსილია მისთვის დამახასიათებელი და ღვთისგან ბოძებული ფორმით და საიდუმლო აღსრულებულად ვერ ჩაითვლება თუ დარღვევა შეეხება მის ყველაზე არსებით ნაწილს. როგორც გინდა გვარწმუნონ, რომ ეს ყოველივე საწესჩვეულებო წვრილმანია, ვუპასუხებთ, რომ სინამდვილეში არის პირიქით, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი! ასე რომ არ იყოს, და მართლაც უმნიშვნელო წვრილმანს რომ წარმოადგენდეს საიდუმლოს ფორმებთან დაკავშირებული საკითხები, მაშინ მეორე და მეექვსე მსოფლიო კრების მამები სამგზისი შთაფლვის გარეშე მონათლულთა გადანათვლის განჩინებას არც მიიღებდნენ.

მართლმადიდებლურ ეკელსიაში არსებობს ამა თუ იმ საღმრთო ჭეშმარიტების გამოხატვის ვერბალური და არავერბალური საშუალებები. არავერბალური, თავისი მნიშვნელობით, ვერბალურის ტოლია, ანუ აზრი ზუსტად ისევე გამოისახება სიმბოლოთი ან ჟესტით, როგორც სიტყვით. ამა თუ იმ არავერბალური ფორმის დამახინჯებით ჩვენ ვამახინჯებ იმ აზრსაც, რომელიც მასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. კათოლიკეებთან ამგვარი ცვლილებები პრაქტიკულად ყველაფერს შეეხო. თითქოსდა რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი, აიღე სახარება და წაიკითხე როგორ აზიარა უფალმა თავისი მოწაფეები, მაგრამ ლათინებმა აქაც შემოიტანეს ცვლილება და საზიარებელთ მხოლოდ პურით აზიარებენ და არა ღვინით. ანუ მათთან მორწმუნეთა ზიარება უფლის ხორცითა და სისხლით არ ხდება. არავის მოუვა აზრად ამტკიცოს, რომ ზიარება ეს არის მხოლოდ უფლის ხორცის და არა სისხლის მიღება; რომ ეს არის ოდენ საწესჩვეულებო წვრილმანი, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხება ნათლობას, შთაფლვას და სხურებას, ეს უკანასკნელი იმწამსვე წვრილმანად იქცევა ზოგიერთის თვალში, არადა სხურებაც ხომ ლათინური ეკლესიის წიაღში წარმოიშვა, როგორც სხვა მრავალი დარღვევა და ერესი.

მოცემულ საკითხში თუ ორმაგ სტანდარტებს მივსდევთ, მაშინ სრულიად ცხადია, რომ რაღაც ჯეროვნად არ გვესმის. მაგრამ წმიდა მამებს, ჩვენგან განსხვავებით, ეს საკითხი საკმაოდ მკაფიოდ და კარგად ესმოდათ, ამიტომაც ჩამოაყალიბეს მათ უმკაცრესი კანონები, რომლებიც კრძალავენ იმგვარ ნათლობას, რაც უფლის მიერ არ არის ბოძებული.

მიუხედავად ამისა, ვიღაც კვლავ გვეტყვის: "ნუთუ ჩვენმა ეკლესიამ ეს არ იცის, ეს ხომ შეუძლებელია?!".

რა შეიძლება აქ ითქვას? სამწუხაროდ, შეცდომებისგან არა მარტო ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი საეკლესიო საზოგადოებები და თვით ადგილობრივი ეკლესიებიც კი არ არიან დაზღვეულნი. რომის ეკლესიაც ოდესღაც მართლმადიდებლური იყო, მაგრამ დაადგა განმაახლებლობის გზას და შეცვალა არა მარტო უძველესი საეკლესიო გადმოცემები, არამედ სარწმუნოების სიმბოლოც.

ბიზანტია, პირველი რომის დაცემის შემდეგ, მეორე რომი გახდა, მაგრამ 1453 წელს დაეცა მეორე რომიც, როდესაც ბერძნებმა ხელი მოაწერეს ფლორენციის უნიას ლათინებთან და მესამე რომის პატივი რუსეთზე გადმოვიდა (რასაც აღიარებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია - მთარგმნ.); თუმცა ამის შემდეგ, 1917 წელს დაეცა მესამე რომიც (ჩვენის აზრით, მესამე რომი დაეცა ნიკონ  პატრიარქის რეფორმების შედეგად - მთარგმნ.), მეოთხე კი უკვე აღარ იქნებაო, ამბობენ ძველი რუსი მამები. და ეს არც გაგიკვირდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რადგან თვით უფალმა იესუ ქრისტემ ბრძანა, რომ მისი მეორედ მოსვლის დროს მორწმუნენი პრაქტიკულად აღარ იარსებებენ დედამიწაზე. ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ეკლესიაში, იწოდება აპოსტასიად, ანუ - განდგომილებად.

პატრ. ნიკონის რეფორმების შემდეგ, ეკლესიის გახრწნის პროცესმა მიიღო გრანდიოზული მასშტაბები. ლათინიზაციას დაექვემდებარა არა მარტო ნათლობის საიდუმლო, არამედ ჯვრისწერისა და სინანულის საიდუმლოებებიც. დასავლურმა სულმა შეაღწია საეკლესიო გალობაში, ხატწერაში, ღვთისმეტყველებასა და კიდევ სხვა მრავალ სფეროში.

იმისთვის, რათა ხალხი არ აღშფოთებულიყო, მას შთააგონეს, რომ წყალსხურებულთა გადანათვლა არის მეორედ ნათლობა და წესთმორწმუნეობა, რომ ყველაფერი გარეგნული არაარსებითია, უმნიშვნელოა, მთავარია იყო კარგი და კეთილი.

ის, რომ კარგი უნდა იყო და კეთილი, ბავშვმაც კი იცის, და რა კავშირი აქვს ამას საღმრთო დადგენილებებთან?! ადამიანი თუ კეთილია და კარგი, ეს ნიშნავს, რომ ის კი არ უნდა არღვევდეს, არამედ განუხრელად და კარგად იცავდეს იმას, რაც უფალმა გვიბოძა.

მაშ, მოდი, ვიყოთ კარგები და კეთილები იმის აღსრულებაში, რაც უფალმა გვამცნო და ნუ გამოვიგონებთ სიახლეებს, რომელიც ისედაც ბევრია.


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეკლესიაში დასხმითი ნათლობა განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში დაშვებულა, როდესაც ადამიანი ავადაა ან სიკვდილის პირასაა. ასეთ დროს, ღმრთის მოწყალების იმედით ერისკაცსაც კი შეუძლია ნათლობის აღსრულება, რადგან უფალი ჩვენზე უკეთ ხედავს ადამიანის სულს და ითვალისწინებს ცხოვრებისეულ ვითარებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დაწესებული ნორმებისგან და განწესებებისგან გადახვევა მხოლოდ მაშინაა დაშვებული, როდესაც ამისთვის საპატიო მიზეზი არსებობს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანი უდაბნოში ქვიშითაც მოუნათლავთ, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ეს საფრთხე გადაივლის, ხოლო ქვიშით ან დასხმით მონათლული ადამიანი ცოცხალი დარჩება? ასეთ შემთხვევაში ჩვენი მამები ადამიანს ჩვეულებრივი წესით, კანონიკურად, მსოფლიო კრებებზე გამომუშავებული მოთხოვნით, ანუ შთაფლვით ნათლავდნენ.

"სულიერ საძოვარში" (რუს.: "Луг духовный"; ქართ. "ლიმონარი", იგივე "სამოთხე" - რედ.), რომელიც ტროიცე-სერგიევო ლავრაში 1915 წელს გამოიცა, 176-ე თავში (გვ. 207) აღწერილია შემთხვევა რომლის დამოწმებაც დასხმითი ნათლობის მომხრეებს ძალზედ უყვართ. ისინი ამბობენ, რომ ვითოცმდა საკმარისია ერთი წვეთი წყალი, ან ნერწყვი ან ქვიშაც კი, რომ ადამიანს მიასხა და ეს ნამდვილი ნათლობა იქნება. მაგრამ, არც ერთი წმიდა მამის ცხოვრებაში, არც საეკლესიო კანონებში ამგვარი მტკიცებულება არსად წერია. აი როგორ გამოიყურება სინამდვილეში მომაკვდავი ადამიანის ქვიშით ნათლობის ისტორია.

"უდაბნოში, სარწმუნოებისკენ მოქცეულ იქნა ახალგაზრდა ებრაელი, რომელიც შემდეგ მძიმედ დაავადდა. ძმებმა ის ქვიშით მონათლეს, ხოლო როდესაც ეპისკოპოს დიონისესთან მივიდნენ, მან უბრძანა ებრაელი თავიდან, წყალში მოენათლად, რადგან ქვიშით ნათლობა არად ჩათვალა". ნათლობის წესის დარღვევა მანამ შეიძლება შეწყნარებულ იქნას, სანამ არსებობს ის ვითარება, რომელიც ამგვარ დარღვევას გაამართლებდა. მაგრამ, როგორც კი ასეთი ვითარება გაქრება, მასთან ერთად ქრება დასხმითი ნათლობის გამართლებაც. ამიტომაც, ჩვენი მამები, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თავიდან ნათლავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ და გამონაკლის ვითარებებში დასხმით მონათლულან, რადგან შთაფლვით მონათვლის შესაძლებლობა არ ჰქნოდათ.

რატომ არ გადანათლავენ დღეს ოფიციალურ ეკლესიებში იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მონათლულნი სამგზის დასხმით, როგორც ამას მეორე და მეექვსე კრების კანონები ითხოვენ? საქმე იმაშია, რომ იმის შემდეგ, რაც რუსმა თავადაზნაურობამ ცოლებისა და ქმრების ამორჩევა უცხო სარწმუნოების ხალხებისგან იწყო, რომლებიც, როგორც წესი არამართლმადიდებლები იყვნენ, ეკლესიაში დადგა საკითხი მათი გადანათვლისა, რადგან ისინი თავიანთ სამშობლოში დასხმით იყვნენ მონათლულნი და, რომელიც მართლმადიდებლობაში არ შეიწყნარება. ამ ვითარებასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობელამ სამოქალაქო და საეკლესიო ხელისუფალთ შორის. როდესაც მეფე მიხეილ თევდორეს ძემ 1643 წ. გადაწყვიტა თავისი ქალიშვილი ირინა დანიელი პრინცის ვოლდემარისთვის მიეთხოვებინა, პატრიარქმა იოსებმა ჯვრისწერა არ შეასრულა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პრინცი ვოლდემარი ლუთერანულ ეკლესიაში დასხმითი წესით იყო მონათლული.

პატრიარქმა ვოლდემარს ნათლობა შესთავაზა, მაგრამ ის ჯიუტად იდგა თავის ცთომილებაზე და ყოველმხრივ ცდილობდა დასხმითი ნათლობის გამართლებას. შედეგად ჯვრისწერა არ შედგა, ხოლო პრინც ვოლდემარს სახლში ხელცარიელს მოუწია გამგზავრებამ.

პატრიარქი იობიც თავის დროზე ითხოვდა, რათა ცრუდიმიტრის მეუღლე მარინა მნიშეკი მართლმადიდებლობას ჭეშმარიტი ნათლობით შემოერთებოდა. იგივეს ითხოვდნენ პატრიარქი ერმოგენე და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა იერარქები, რომლებიც პოლონეთის მეფის ძეს ვლადისლავისგან ითხოვდნენ ნათლობის ჭეშმარიტი წესის აღიარებას და სრულ ნათლობას. 1620 წელს მოსკოვში ჩატარდა წმიდა კრება, რომელსაც პატრიარქი ფილარები თავმჯდომარეობდა. კრებაზე განიხილებოდა სარისა და პოდონსკის მიტროპოლიტის, იობის საქმე, რომელმაც განკარგულება გასცა ორი პოლონელი გადანათვლის გარეშე მიეღოთ და მხოლოდ მირონცხებით შეეწყნარებინათ (როგორც ეს დღეს ხდება ოფიციალურ ეკლესიებში). კრებაზე იონამ თავისი საქციელი შეინანა. ხოლო კრებამ დაადგინა: ლათინები, როგორც მწვალებლები და დასხმითი წესით მონათლულები, თავიდან მოენათლათ.

ეს ისტორიული მაგალითები ნათლად გვაჩვენებენ, რომ ნიკონიანურ განხეთქილებამდე ჩვენი ეკლესია სარწმუნეობის საკითხებში თვით მეფესაც კი არ უთმობდა და არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდა. ის მკაცრად მისდევდა აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წესებსა და დადგენილებებს. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დროთა განმავლობაში, ხელისუფლებამ ასეთი მდგომარეობა არ შეიწყნარა და დასავლური იდეებით გატაცებულმა ნათლობისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. მართლმადიდებლური ტრადიცია მათ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. საკუთარი მოთხოვნილებებისა და ინტერესების გზაზე პირდაპირ დაბრკოლებას ქმნიდნენ საეკლესიო კანონები და განწესებები, რომლებიც ისე უნდა შეეცვალათ, რომ ცოდვა აღარ მიჩნეულიყო ცოდვად. ასეც მოხდა.  

რადგან ერისკაცებს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულების უფლება არ გააჩნიათ, რუსეთის ეკლესიამ XVII საუკუნეში, ხელისუფლების ზეწოლით, აღიარა კათოლიკური სამღვდელოება. კათოლიკეები, ნიკონ პატრიარქის რეფორმამდე (XVII ს.) პირველჩინოსან მწვალებლებად მიიჩნეოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სამღვდელობა არ მიიღებოდა, ანუ მათ არ შეეძლოთ საიდუმლოებათა აღსრულება, მათ შორის ნათლისღებისაც. იმისათვის, რათა ლათინური დასხმითი ნათლობა დაეკანონებინათ, ჯერ აღიარებულ იქნა კათოლიკური იერარქია აქედან გამომდინარე შედეგებითურთ. შედეგად შესაძლებელი გახდა უცხოელ კათოლიკეებსა და პროტესტანტებზე, რომლებიც დასხმითი წესით იყვნენ მონათლულნი, დაქორწინება და გათხოვება; თანაც უცხოელთა გადანათვლის მოთხოვნა დღის წესრიგში უკვე აღარ იდგა.

საბოლოოდ ეს სიახლე განმტკიცდა პეტრე I-ის განკარგულებით, რომელსაც, როგორც ცნობილია, რუსეთის ჰოლანდიად გადაქცევა სურდა. ამისთვის მეფის ბრძანებით, რმე-ს სინოდმა გამოსცა წიგნი, რომელსაც ეწოდება: " Истинное оправдание правоверных христиан крещением поливательным во Христа крещаемых" ("დასხმითი წესით მონათლულ მართლმორწმუნე ქრისტეანთა ჭეშმარიტი გამართლება"). ცნობილია, რომ პეტრე I განსაკუთრებული სიწმიდით არ გამოირჩეოდა, მიუხედავად ამისა, მრავალი მღვდელმსახური ნათლობის აღსრულების დროს ხელმძღვანელობდა არა საეკლესიო კანონებითა და წესებით, რომლებიც წმიდა მამათაგან გადმოგვეცა, არამედ ზემოთხსენებული ურჯუკი მეფის განკარგულებით, რომელიც დასავლეთის წინაშე ქედს იდრეკდა.

აი ასეთია ის ჭეშმარიტი მიზეზები, რომელთა გამოც ოფიციალურმა ეკლესიამ გადაუხვია ზოგიერთ განწესებას და შეცვალა ისინი იმგვარი კანონებით, რომლებიც იმის უფლებას იძლეოდნენ, რაც ადრე დაუშვებლად მიაჩნდა ეკლესიას.

საეკლესიო განხეთქილების შემდეგ (იგულისხმება XVII ს.-ის რუსეთის ეკლესიის განხეთქილება - რედ.) შეიცვალა არა მარტო ტექსტები და წესები, არამედ ღვთისმეტყველებაც. ის, რაც რეფორმამდე მწვალებლობად მიაჩნდათ, რეფორმის შემდეგ "მწვალებლობა" უკვე აღარ იყო. ეს მეტამორფოზა ბუკვალურად ყველაფერს შეეხო: გალობას, ხატწერას, საეკლესიო წეს-განგებას, ტექსტებსა და მსახურებას.

ყველაფერი, რაც წმიდა მამების მიერ კატეგორიულად იკრძალებოდა, ოფიციალურ ეკლესიაში ნებადართული იქნა. დღეს რომელიმე მღვდელს რომ ჰკითხო, შეიძლება თუ არა დასხმითი წესით ვინმეს მონათვლა, უმეტეს შემთხვევაში პასუხი დადებითი იქნება და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის დასანანი მდგომარეობა, რომელშიც მთელი ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა. თუმცა, არავისა აქვს უფლება სწორი გზიდან მიდრიკონ ის ადამიანები, ვინც ეძიებენ ჭეშმარიტებას.

როგორც ცნობილია შეუძლებლია არსებობდეს ორი ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტებისგან გადახვევა - რამდენიც გნებავთ. ნათლობის საიდუმლოს გარეგნული მხარის დარღვევამ კანონზომიერად გამოიწვია მისი შინაგანი არსის დარღვევაც, რადგან მათ შორის ღრმა და უსაიდუმლოესი კავშირია. შედეგად, ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა როგორ ნათლავ და ვის ნათლავ. საეკლესიო კანონები და განწესებები ავალდებულებენ მღვდელმსახურს კათაკმევლობის პერიოდში გაატარონ ნათლობის მიღების მსურველნი, რაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მათ განსწავლას ნიშნავს, მაგრამ დღეს ამ ტრადიციის ნასახიც კი არ შეიმჩნევა (ზოგიერთი უიშვიათესი გამონაკლისის გარდა).

ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ ნათლობის საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია მისი აღსრულება, მაგრამ, როგორც ვთქვით, უეჭველად არსებობს შინაგანი მხარეც. ალბათ არავისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს ის, რომ ნათლობის აუცილებელ პირობად ადამიანის რწმენა და ქრისტეს მცნებებით ცხოვრების სურვილი მიიჩნევა. წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს: "ნუ მოინათლები ვითარც სიმონ მოგვი, პირმოთნეობით, როდესაც შენი გული არ ეძებს ჭეშმარიტებას... რადგან სულიწმიდა გამოსცდის სულს და თავის საგანძურს ღორებს არ დაუყრის, - თუ შენ ფარისევლობ, ხოლო ადამიანები მოგნათლავენ, სულიწმიდა არ მოგნათლავს. ხოლო თუ შენ რწმენით მოხვედი, ადამიანები ხილულად გემსახურებიან, ხოლო სულიწმიდა უხილავად მოგანიჭებს თავის მადლს".

კრებითი კანონები განაწესებენ არა მარტო მათ გადანათვლას, ვინც სამი შთაფლვით არ მონათლულა, არამედ იმათაც, ვინც სწორად, ანუ შთაფლვით მოინათლა, მაგრამ არა რწმენის, არამედ სხვა მიზეზის გამო. პატრიარქ ლუკას დროს კრებითად განაწესეს - "ვინც მართალ სარწმუნოებას მოეახლება, თავიდან მოინათლოს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ადრე არა კეთილი, არამედ უკეთური განზრახვით მონათლულან და ნათლობა რაღაც მაგიად ან ჯადოქრობად მიუჩნევიათ".

ამის შესახებ წერია მეექვსე მსოფლიო კრების 84-ე კანონის პატრიარქ თევდორე ბალსამონისეულ განმარტებაში, ასევე მათე ბლასტარისის სინტაგმის 3-ე თავში. ღირ. ნილოს სინელი წერს: "ვინც ფარისევლურად და პირმოთნედ მიეახლება ღმრთის ეკლესიას და მხოლოდ წყლით ინათლება და არა სულიწმიდით, ამგვარს სიმონ მოგვს ვუწოდებთ". ნეტ. თეოდორიტე გვაუწყებს: "ვისაც ჭეშმარიტი და განმწმენდელი რწმენა არ გააჩნია, და ამის გარეშე მიეახლება ნათლისღებას, ღმერთი მას არ შეიწყნარებს. ასეთი იყო სიმონი (მოგვი - რედ.), რომელიც თუმც მოინათლა, მაგრამ ღმრთის მადლი ვერ ეღირსა".

სერიოზული დაფიქრება გვმართებს იმაზე, რას ამბობენ წმიდა მამები ნათლისღების საიდუმლოს შესახებ, რადგან დღეს რამდენი ადამიანი ინათლება არა ქრისტესადმი რწმენის, არამედ იმის გამო, რომ სამსახურში გაუჩნდა პრობლემა, ან ოჯახში რაღაც ვერ ეწყობა, ან ბებიამ უთხრა, რომ უნდა მოინათლოს და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება და ა. შ. არ ემსგავსებიან ასეთი ადამიანები სიმონ მოგვს და არ მიიჩნევენ ისინი ნათლისღების საიდუმლოს, როგორც ერთგვარ ჯადოქრობას, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას?! მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებით ამგვარი ადამიანები თავიდან უნდა მოინათლონ, თუ ჭეშმარიტად და გულწრფელად მოექცევიან ღმრთისკენ. ასეთია ქრისტეს ეკლესიის სწავლება, ასე გადმოგვცემენ წმიდა მამები.

მრავალი ადამიანისთვის ეს ინფორმაცია შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, რადგან ის, რასაც დღეს გვასწავლიან თანამედროვე "ღვთისმეტყველები" ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით, მრავალ პუნქტში არ ემთხვევა იმას, რასაც გვასწავლიან ამავე საგანზე წმიდა მამები. ამ მიზეზით დღეს, მორწმუნე ადამიანები, როგორც ცეცხლს ისე გაურბიან "მეორედ ნათლობას" (თუმცა, როგორც ითქვა ეს მეორედ ნათლობა კი არა თავიდან ნათლობაა - რედ.), მაგრამ ეკლესიის მამათა პასუხი ამ კითხვას არ უწყიან.

თქვენ თუ ვინმეს ეტყვით, რომ საეკლესიო კანონების მიხედვით დასხმითად მონათლული თავიდან უნდა მოინათლოს სამი შთაფლვით, თანაც უნდა სწამედს ქრისტესი და იცავდეს მის მცნებებს და არა უბრალოდ ქუჩიდან შესული უნდა ინათლებოდეს, როცა არც ლოცვა იცის და არც პირჯვრისწერა, თქვენ შემოგხედავენ როგორც ერეტიკოსს, მეამბოხეს და განხეთქილების მომწყობს.

მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ეს ცვლილებები მოხდა არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით, ამიტომაც, ბევრს როდი აქვს შეგნებული მათი მნიშვნელობა. როდესაც XVII საუკუნის რეფორმატორები მართლმადიდებლურ კანონებსა და გადმოცემებს ცვლიდნენ და მათ სანაცვლოდ ლათინურ ტრადიციებს ამკვიდრებდნენ, ნათლობის დასხმითი წესი დიდი იშვიათობა იყო რუსეთის მიწაზე (დასხმითი წესი ძირითადად გავრცელებული იყო უკრაინასა და ბელორუსიაში, რადგან იქ ძლიერი იყო ლათინთა ზეგავლენა - რედ.). იმის შემდეგ გავიდა სამი საუკუნე და ის, რაც იშვიათობა იყო, საყოველთაო წესი გახდა.

თავის დროზე სოკრატე ამბობდა, რომ უბრალო კაცს არ შეუძლია თვალი მიადევნოს სიახლით გამოწვეულ ხანგრძლივ მავნებლობას იმგვარ სფეროში, რომელიც დროში გაწელილია. ის ამბობდა, რომ საჭიროა მოვერიდოთო ახალ მუსიკასაც კი, რადგან ის საშიშიაო სახელმწიფოს ერთიანობისთვის. შესაძლოა რაღაც სიახლე ერთის შეხედვით უბოროტო იყოს, მაგრამ როდესაც სიახლე ინერგება, ის ადამიანის ცნობიერების მიმართულებასაც ცვლის და ამით შემოაქვს მწვალებლობა. შემდეგ ეს სიახლე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად მკვიდრდება, ღებულობს ტრადიიცის სახეს და გარეთ გამოდის... ბოლოს კი კადნიერად აცხადებს პრეტენზიებს ბატონობაზე და სახელმწიფო დაკანონებაზე, სანამ საბოლოოდ არ გადაატრიალებს ყველაფერს პირად და საზოგადო ურთიერთობებში. შედეგად - ყველაფერი რაც კარგი იყო ბოროტებად გამოცხადდება, და პირიქით, რაც ცუდი იყო - სიკეთედ. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ არავის არაფერი ესმის, რადგან ცვლილებები დიდი სიჩქარით კი არ ხდება, არამედ იმგვარი ტემპით, რომლის დაფიქსირება ადამიანური საზომით შეუძლებელია.

სოკრატეს სიტყვებში უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც გასაგები ხდება, თუ მოვლენას ერთი ადამიანის ცხოვრების პერიოდით კი არ გავზომავთ, არამედ ისტორიული საზომებით. ადამიანს მართლმადიდებლური კულტურის ნგრევის პროცესის ბევრად დაჩქარებულ ტემპში ნახვა რომ შეეძლოს, ვიდრე ის ხდებოდა, შეძრწუნდება, მაგრამ არავის მოსდის ამგვარი რამ, ვინაიდან ნგრევის პროცესი ყინულოვანი აისბერგების დნობის სიჩქარეს უტოლდება.

თანამედროვე ადამიანი დღეს გარკვეული რწმენის, შეხედულებების, მითებისა და გადმოცემების ტყვეობაშია, რომელზეც ის სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა. ადამიანები, რომლებსაც ხუთი წუთიც კი არ უფიქრიათ ამა თუ იმ საკითხზე, ყოველთვის შაბლონურად პასუხობენ დასმულ შეკითხვას. შედეგად, ყველა მათგანს გააჩნია საკითხის გაგების ილუზია. ფსევდოგაგება ცნობიერების გარშემო წარმოქმნის ისეთ წინაღობას, რომ ვერანაირ ფაქტებსა თუ ლოგიკას მისი გადალახვა არ შეუძლია. ხოლო ვისაც დამოუკიდებელი აზროვნების უნარი გააჩნია, ის თვითონ მიხვდება, რაზეა ლაპარაკი. ვინც უუნაროა, ის სამუდამოდ დარჩება ჩამოყალიბებული შაბლონების ტყვეობაში. ვისაც არ ესმის რაზეა ლაპარაკი, მისთვის არც მიუციათ ამის შემეცნების უნარი, რადგან ამგვარ ადამიანებს შაბლონებში ცხოვრება ურჩევნიათ ჭეშმარიტების შემეცნებას.

ყალბი სტერეოტიპებისგან რომ გავთავისუფლდეთ, საჭიროა ვისარგებლოთ ქრისტეან მოღვაწეთა რჩევებით, რომლებიც ქრისტეანებს ქრისტეს ეკლესიის ისტორიის შესწავლას ურჩევენ, რათა იცოდნენ როდის როგორი მწვალებლობებით იყო გარემოცული ეკლესია და როგორ იბრძოდნენ მორწმუნე ადამიანები მათ წინააღმდეგ.

ისტორია აჩვენებს, რომ იყო დრო, როდესაც ცრუსწავლებები მორწმუნე ერისა და სამღვდელოების თვალში ეკლესიის სწავლებად ჩანდა, და ამის მაგალითები უხვადაა. მონოფიზიტური სწავლება 250 წლის განმავლობაში აშფოთებდა მორწმუნეთა გულსა და გონებას. იმ დროიდან არაერთი თაობა შეიცვალა, ვიღაც კი დღესაც მონოფიზიტების სწავლებაშია დარწმუნებული.

ზუსტად ასეთი ვითარებაა სხვა მწვალებლობებთან და ცთომილებებთან დაკავშირებითაც. უამრავი მწვალებლობა იშვა კათოლიკურ ეკლესიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ცთომილებათა ნაწილი ჩვენსკენაც (იგულისხმე ოფიციალური ეკლესიისკენ - რედ.) გადმოვიდა. იმისთვის, რათა გავთავისუფლდეთ ამ ლათინური სიახლეებისგან, ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ეს საკითხი ეხება არა მარტო პატრიარქს (იგულისხმება ალექსი II - რედ.), რომელმაც ყველას დასხმითი ნათლობის აღმოფხვრისკენ მოუწოდა, არამედ თითოეულ ჩვენგანს.

ჩვენ თუ დავიდუმებთ და შემწყნარებლურად შევხედავთ იმას, როგორ ირღვევა საეკლესიო წესები, კანონები და გადმოცემა, პატრიარქ ალექსი II-ის მოწოდება დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ისტორიაში ბევრია შემთხვევა, როდესაც მწვალებლობათაგან ეკლესია უხსნიათ არა კლერიკოსებს, არამედ უბრალო ერსა და ბერ-მონაზვნობას. ასე იყო, მაგალითად, ხატმებრძოლური მწვალებლობის დროს, როდესაც 338 ეპისკოპოსი შთავარდა მწვალებლობაში იმპერატორთან ერთად, ხოლო ერი მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტებას.

იმისთვის, რათა გავთავისუფლდეთ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ცრუ სწავლებათა და შეხედულებათაგან, საჭიროა დავეჭვდეთ ამ შეხედულებათა სისწორეში და შევადაროთ იგი აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებას. ზოგიერთი აზრობრივი მოცემულება გარდაუვალ დოგმად გვეჩვენება, მაგრამ რამდენად შეესაბამებიან ისინი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასა და გადმოცემას, როგორც წესი, არავინ არასოდეს დაფიქრებულა.

არსებობს კიდევ ერთი მეტად გავრცელებული აზრი, რომ რაკიღა მადლი დარჩა ეკლესიაში და ხატებს მირონიც სდით, ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია. კორნელი ასმეთაურმა და მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმაც შეიგრძნეს დიდი მადლი ჯერ კიდევ ნათლობამდე, მაგრამ შემდეგ რას ვხედავთ? მოციქულმა ის კი არ უთხრა, რაკიღა მადლი გადმოსულა თქვენზე, უკვე აღარაფერი გჭირდებათო, არამედ მონათლა ისინი წყლით, როგორც ეს უფალმა ამცნო და რომელმაც უთხრა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5).

დღეს მრავალი ქრისტეანი, რომელიც დასხმითი წესით არის მონათლული, ძლიერ შეწუხებულია იმის გამო, რომ ისინი მონათლეს არამართლმადიდებლურად. ისინი ამბობენ, რომ სწამთ, ნათლობა მაინც აღსრულებულია, თუმცა ეჭვები მაინც გააჩნიათ, რამეთუ სახეზე იყო ნათლობის საიდუმლოს აშკარა დარღვევა. დღეს ვინმეს თუ ჰკითხავთ მართლმადიდებელთაგან, შეიძლება თუ არა ნათლობის საიდუმლო ჩაითვალოს აღსრულებულად თუ ის არა შთაფლვით, არამედ დასხმითად აღსრულდება, პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: "რა თქმა უნდა, განა შეიძლება საიდუმლოს აღსრულებაში ეჭვის შეტანა? გწამდეთ, და თქვენი რწმენისაებრ მოგეცეთ თქვენ". ეს სიტყვები, ისევე როგორც სხვა მრავალი აზრობრივი მოცემულობა, რომლებიც ქვეტექსტიდან მოგლეჯით მოჰყავთ, საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, ოღონდ პრობლემა აი რაშია: ეს სიტყვები მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, წმიდა მამათა შეხედულებებს არ ემთხვევა. ნუთუ ისინი, სასწაულთმოქმედებებითა და საკვირველი კურნებებით განთქმულნი, ჩვენზე უარესად ერკვეოდნენ ამ საკითხში?! აქ გვმართებს დაფიქრება ძმანო და დანო. ყველაზე უმთავრესია გავიგოთ მიზეზები, რომელთა გამოც მოხდა ეს არსებითი ცვალებადობა ნათლობის საიდუმლოში, და მაშინ გასაგები გახდება, საიდან ეზრდება მას რქები.

ვის შეუძლია დღეს ზუსტად გვითხრას, აღსრულდება თუ არა საიდუმლო ნათლობის დასხმით წესში, მითუმეტეს, ის სრულდება ისეთ ადამიანებზეც, რომელთაც ღმერთისაც კი არ სწამთ? წმიდა მამები ცალსახად ამბობენ - არა! არ სრულდება და ეს კანონებსა და განწესებებშიც უწერიათ; ან იქნებ უფალი თავისი მრავალმოწყალებით თვალს ხუჭავს მსგავს დარღვევებზე და არაფერს გვეტყვის მის მიერ გადმოცემული წესის უგულებელყოფისთვის?! ყოველ შემთხვევაში, სრულიად ცხადია, რომ დასხმითი წესით დღეს უამრავი ადამიანია მონატლული, ხოლო ჭეშმარიტად მორწმუნენი ფრიად მცირეა.

ძველი მამები ამბობდნენ, როდესაც დაიწყებენ საღმრთო წეს-განგებებისა და გადმოცემების ცვლილებას, ძალზედ ძნელი გახდება იმის განსაზღვრა, რომელ მომენტში გაშორდება ადამიანებს მადლი ღვთისა. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხომ არ არის ამგვარი განდგომისა და ცვლილებების შედეგი?! სრულიად ცხადია, რომ ამგვარი საკითხებით ხუმრობა დაუშვებელია; დაუშვებელია ღმრთის კაცთმოყვარების გამოცდა.

სწორედ ამიტომ, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული ქნა დადგენილება, გადანათლულიყო ყველა ის "ნათელღებული", ვინც სამგზის შთაფლვით არ მონათლულა, არამედ სხვაგვარად და ისინიც, ვინც არა რწმენის, არამედ სხვა მიზეზების გამო მოინათლა.

დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის ეს სწავლება მივიწყებულია, სამაგიეროდ გაჩნდა ახალი სწავლება, რომ თითქოსდა ეკლესიის კანონებისა და გადმოცემების შეცვლა შესაძლებელია, - მთავარია დოგმატებს არ შევეხოთ. ამ სწავლების შესახებ ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ჯერ არავის განუმარტავს, რომელმა მსოფლიო კრებამ მიიღო და გააჟღერა ამგვარი დადგენილება. ხომ არ არის ეს ზღაპარი, რომლის გამოჩენის შესახებაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გვაფრთხილებდნენ მოციქულნი? მეშვიდე მსოფლიო კრება ადგენს: "საღვთო კანონების დაცვა აუცილებელია. ... "მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკციებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სული საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა მსოფლიო კრებებისა, განჩინებების დადგენისთვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს - ჩვენც განვკვეთთ, ვინც უზიარებელ ყვეს, უზიარებელ ვყოფთ, ვინც განაკანონეს, ჩვენც აგრეთვე განვაკანონებთ მათ". და კიდევ: ""რომელმა უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას" (მეშვიდე მსოფლიო კრების საქმენი).

ასეთია ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება საეკლესიო გადმოცემების დაცვასთან დაკავშირებით, ხოლო ის, რომ თითქოსდა მხოლოდ დოგმატები უნდა დავიცვათ, სხვა დანარჩენი კი შევცვალოთ, არსად არავის დაუწერია, და ვერ მივაღწევთ ცხოვრებისეულ სრულყოფას და ვერც ცათა სასუფეველს, თუ ჩვენი ცხონების საქმიდან უარვყოფთ თუნდაც ერთს, თუნდაც მცირე მცნებას, როგორც ითქვა: "ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში" (მათე 5:19).

რა თქმა უნდა, ყველაფრის ისე შესრულება, როგორც საჭიროა, არასოდეს გამოგვივა, მაგრამ საკუთარ უძლურებას შეთანაწყო ეკლესიის სწავლება, ღმრთისსაწინააღმდეგო მკრეხელობაა, და ამაზე უფრო მეტია იქადაგო და სხვასაც ასწავლო ეს უკეთურება.

სწავლება იმის შესახებ, რომ ყვლაფერის შეცვლა შეიძლება დოგმატების გარდა, გაჩნდა მაშინ, როდესაც ეკლესიამ (უფრო სწორედ მისმა იმ ნაწილმა, რომელმაც რეფორმები მიიღო - რედ.) მართლმადიდებლობის სიწმიდეს გადაუხვია. ეს სწავლება სწორედაც რომ ამ გადახრას ამართლებს. იმის გაგება, თუ რამდენად სწორია იგი და რამდენად შეესაბამება წმიდა მამათა სწავლებას, ძნელი არ არის, საჭიროა მხოლოდ სურვილი და ადვილად შეიტყობთ ამას.

თავიდან ეს სწავლება პროტესტანტებში, XVI საუკუნეში გაჩნდა. 1550 წლის 18 ივლისს დაწერილ თავის წერილში ჟან კალვინი, ერთ-ერთი პროტესტანტული სექტის დამაარსებელი, წერს: "თუ შენარჩუნებულია სწავლების სიწმიდა, არ არის საჭირო გარეგნულ საგნებში ზედმეტი მიმდევრობა". ხოლო "გარეგნულ საგნებში" პროტესტანტებს ესმით საეკლესიო საიდუმლოებები და ჩვეულებები, ანუ ეკლესიის გადმოცემა.

დროთა განმავლობაში პროტესტანტები იქამდე მივიდნენ, რომ თვითონ, საკუთარი ჭკუით, ვისაც როგორ შეეძლო ისე დაიწყეს წმიდა წერილის განმარტება, ღვთისმსახურება კი მათთან გიტარებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით სრულდება. სადღეისოდ თავიანთ სულიერ ძიებებში პროტესტანტები იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეკუმენისტურ შეკრებებზე ბუდისტური ზარებისა და წარმართული ტამტამების ხმაზე ტრანსში ვარდებიან. როგორც იტყვიან, "დაიწყეს პარაკლისით და დაამთავრეს პანაშვიდითო"... არადა ყველაფერი მცირედიდან დაიწყო, იმ აზრიდან, რომ თითქოსდა გადმოცემის შეცვლა შეიძლება, მთავარია - დოგმატს არ შეეხო...

ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავში: თვითონაც პროტესტანტებად ხომ არ ვიქეცით, და მართლმადიდებლები მხოლოდ გარეგნულად ხომ არ ვართ? ხომ არ ვატყუებთ საკუთარ თავს, როდესაც ვამართლებთ ლათინურ სიახლეებს, რომლებიც ჩვენთან პატრიარქ ნიკონის XVII საუკუნის რეფორმებთან ერთად შემოვიდა?

დახმითი ნათლობისადმი ჩამოყალიბებული დამოკიდებულების გადაფასებისკენ მოგვიწოდებს სწორედ პატრიარქი ალექსი II. თავის მიმართვაში ის წერს: "ფორმალიზმი ნათლობის საიდუმლოსთან მიმართებაშიც ნარჩუნდება. მრავალ ტაძარში მატერიალურ მოგებას გამოკიდებული მღვდელმსახურნი ინარჩუნებენ "კონვეიერულ მეთოდს", როდესაც პირველი, მთავარი და უკანასკნელი ნაწილი ნათლისღებისა სანთლის ყუთთან წარმოებული გადასახადია. ყოველ სამრევლოში წესად უნდა დაინერგოს, რომ მღვდელმა ერთხელ მაინც დაარიგოს ნათლობამდე მოსანათლი და ასწავლოს მას საფუძვლები სარწმუნოებისა. ხოლო თვით ნათლობა შესრულდეს ჩვენი ეკლესიის ტრადიციისა და საეკლესიო კანონების შესაბამისად, ანუ მხოლოდ სამგზისი და სრული შთაფლვით. დაუშვებელია ნათლობის აღსრულება წყლის მცირე რაოდენობით (!!!).

დიდ შემოსავლებს გამოკიდებულ მღვდლებს უნდა ახსოვდეტ, რომ წინასწარი დარიგება, კატეხიზაცია, თვით ნათლობის საიდუმლოს გადადების ჩათვლით, უფრო მეტ მოგებას მოუტანს მათ მომავალში. ადამიანი, რომელიც ფორმალურად ღებულობს წმიდა ნათლისღებას, ნათლობის შემდეგ ტაძარში აღარც მოვა. ადამიანი, რომელსაც შეგნებული აქვს ნათლობის მნიშვნელობა ტაძრის მუდმივი მრევლი და შეგნებული ქრისტეანი ხდება.

მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნში მოტანილია ნაწყვეტი სერაფიმე საროველის ცხოვრებიდან. ერთხელ ეს ღვაწლმოსილი მამა ლოცულობდა ბოლო ჟამის რუს მღვდელმთავრებსა და მღვდელმსახურებზე, რათა უფალს შეეწყნარებინა ისინი, მაგრამ ღმრთის მრისხანე სიტყვამ მას აუწყა: "არ შევიწყნარებ, რადგან დაიწყებენ კაცობრივ სწავლებათა ქადაგებას, მათი გული შორს იქნება ჩემგან...".

"უფალმა მამცნო, - ამბობდა სერაფიმე, - რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთის ქვეყნის მღვდელმთავარნი და სხვა სასულიერო პირნი გადაიხრებიან მართლმადიდებლობისგან, მისი სიწმიდისგან, რის გამოც ღმრთის რისხვა მოსწყლავს მათ".

სამწუხაროდ, სერაფიმე საროველის სიტყვები ჩვენს თვალწინ სრულდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოცემული მასალ დაეხმარება მორწმუნე ადამიანებს წმიდა მამათა სწავლებების შუქზე უკეთ გაერკვენ ნათლობის საიდუმლოს არსში და გაასწორონ ის, რაც არასწორია, რადგან შემდეგ ამის გაკეთება უკვე გვიან იქნება.

ღმერთი შეგეწიოთ ყველას.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика