კითხვა-პასუხი - დავა დიდაქესა და ნათლისღების საიდუმლოს გარშემო - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

საღვთისმეტყველო დისპუტი

ძველმართლმადიდებლებსა და გაბატონებული ეკლესიის მიმდევრებს შორის

დავა "დიდაქესა" და ნათლისღების საიდუმლოს გარშემო

მასობრივი ნათლობა

"როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი".


ეზეკიელი 3:18-19

ამ რამოდენიმე ხნის წინათ, ინტერნეტში, ვებ-ფორუმების მეშვეობით გაიმართა დისპუტი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და ოფიციალური ეკლესიის წევრებს შორის. ძველმართლმადიდებელთა მხრიდან დისპუტში მონაწილეობის მიზანი იყო სწორი და მართებული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ძველმართლმადიდებლობაზე (ზოგადად), ასევე კონკრეტულ საეკლესიო საკითხებზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ამ მცდელობას ობიექტურად განგვემარტა მთელი რიგი სადავო საკითხები ოფიციალურ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიასა და ძველმართლმადიდებელთა შორის, მოჰყვა საკმაოდ მძაფრი რეაქცია გაბატონებული ეკლესიის ადეპტთა მხრიდან. დისპუტის პროცესში გამოიკვეთა საეკლესიო ფორუმების საერთო სტრატეგია, - ყოველგვარი საშუალებით ობსტრუქცია მოუწყონ იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამხილონ ოფიციალურ ეკლესიაში არსებულ დარღვევები და გადახრები.

იმისათვის, რათა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო სხვადასხვა ფორუმში გამართული პოლემიკის მთელი შინაარსი და დახატულიყო ის სურათი, რაც ამ ფორუმებზე გამართული დისპუტით გამოიკვეთა, ჩვენი საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი მოეყარა ყველა ამ მასალისთვის და თემატური სახით შეეთავაზებინა ობიექტური მკითხველისთვის, რათა მან თავად განსაჯოს ვინ ვინ არის და რას ესწრაფვის.

დისპუტი ძირითადად წარმოებდა ფორუმებზე: www.church.ge; www.forum.archangels.ge და www.iveria-tv.ge/forum

ფორუმში, ძველმართლმადიდებელთა მხრიდან, მონაწილეობდა ორი პიროვნება: "ძველმართლმადიდებელი" (ფორუმზე chruc. ge) (ხოლო ფორუმებზე: forum.archangels.ge და iveria.tv.ge "odlbeliever"-ის ფსევდონიმით) და "Netvorc"-ი.

ოფიციალური ეკლესიის მხარდამჭერთა მხრიდან კი ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოდიოდა მრავალი ადამიანი, რომელთა ნიკებს (ფსევდონიმებს) მკითხველი იხილავს თვით დისპუტის მასალებში, სადაც ფრჩხილებში მითითებულია ის ფორუმი, სადაც გაიმართა კონკრეტული დიალოგი და რომელშიც მონაწილეობდა კონკრეტული ფსევდონიმით გამომავალი ძველმართლმადიდებელთა ესა თუ ის ოპონენტი.

ოპონენტთა სტილსა და ლექსიკას ვტოვებთ ხელუხლებლად, ხოლო ჩვენი მხრიდან მონაწილეთა ტექსტებში შეგვაქვს უმნიშვნელო შესწორებები, რომლებიც არ არღვევენ დისპუტის შინაარსს. ძირითადად ტექსტები დავტოვეთ უცვლელად და არ მოვაცილეთ მას იმ დაძაბული ტონი, რომელიც ხშირად გააჩნდათ მოპაექრე მხარეებს, რათა მკითხველმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს მოცემულ საკითხებზე მოდავეთა განწყობა, განსახილველი საკითხებისადმი მიმართება და ის კრიტერიუმები, რითაც ისინი საკითხთა განხილვისას სარგებლობდნენ. ტექსტების განხილვისას მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ დიალოგები ხშირად სწარმოებდა ონლაინ რეჟიმში, მოუმზადებლად, რის გამოც ორივე მხრიდან ბევრია გრამატიკული შეცდომები.

ცხადია, დისპუტები ინტერნეტ სივრცესა თუ პირდაპირ შეხვედრებზე, შესაძლოა მომავალშიც გაიმართოს, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ მომავალი დისპუტებისთვის ამ დიალოგებმა უკვე ჩაყარეს საფუძველი. არის თუ არა შესაძლებელი საუბრის გაგრძელება ამ ორ მხარეს შორის ამას მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პირველი ეტაპი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, გარკვეულწილად საფუძველს ჩაუყრის უფრო კონსტრუქციულ და მშვიდ დიალოგს.

დიალოგის მასალები საკმაოდ ვრცელია (აქ თანამიმდევრობით და თემატური შეთავსებით არის განთავსებული ზემოთდასახელებულ სამ ფორუმზე გამართული პოლემიკა), ამიტომაც, მკითხველს რომ გაუადვილდეს მხარეების ამოცნობა, შავი ფერის შრიფტით განვათავსეთ ძველმართლმადიდებელთა პასუხები, მოცისფრო შრიფტით ჩვენი ოპონენტების შრიფტი, ხოლო მოწითალო შრიფტით ის ციტატებია აღნიშნული, რომელთაც თავიანთ პასუხებში იყენებდნენ პოლემისტები

"afxazi" (church.ge.)


"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა


(მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ)

I

1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.

2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (II სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).

3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).

4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30).

5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).

6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).


II

1. მოძღვრების მეორე მცნება:

2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).

3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).


4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).
5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.

6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.

7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.


III

1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.

2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.

3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.

4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.

5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.

6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.

7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).

8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).

9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.

10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.


IV

1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.

2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.

3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო.

4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა.

5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).

6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.

7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).

8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?

9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.

10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს.

11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას.

12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს.

13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).

14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.


V

1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.

2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;

ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.


VI

1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.
2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.

3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).



VII

1. ნათლისღებისათვის. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).

2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.

3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19).

4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.


VIII

1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს.

2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!

3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.


IX

1. ევქარისტიისათვის. ასე მადლობდეთ:

2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!

5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76).


X

1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ:

2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!

3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!

4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!

5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!

6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!

7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.


XI

1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.

2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.

3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.

4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.

5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).

8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.
9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.

10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.

11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.

12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.


XII

1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.

2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.

3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.

4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.

5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.


XIII

1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).

2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა.

3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.

4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.

5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.

6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.


XIV

1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.

2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.

3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11).


XV

1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.

2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი.

3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.

4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში.


XVI

1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).

2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.

3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).

4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2).

5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).

6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა.

7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).

8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)..."

ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია. რაც შეეხება მნიშვნელოვან ადგილებს. აი მაგალითად: "VII. 1. ნათლისღებისათვის. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19). 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე".

შეიძლება ბევრს ახსოვს კიდეც ე.წ. სტაროვერები, რომლებიც წყალში მთლიანად შთაფვლით ნათლობის გარდა, მაგალითად თავზე სხურებით ნათლობას, ერეტიკულად მიიჩნევდნენ. ეს კი ერთ-ერთი არგუმენტია ამ ცრუ მოძღვრების საწინააღმდეგოდ.

ძველმართლმადიდებელი - თქვენ მშვიდობა!

ნათლობის საიდუმლო აუცილებლად უნდა შესრულდეს მხოლოდ წყალში სამგზის დაფლვით "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", და ეს "სტაროვერთა" "ცრუ მოძღვრება" კი არა, მართლმადიდებლური სწავლებაა!

ნათლობა რომ მხოლოდ შთაფვლით უნდა შესრულდეს და არა წყალპკურებით ან დასხმით (გამონაკლის შემთხვევებს ახლა არ ვახსენებ, რადგან ეს საუბრის განსაკუთრებული თემაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ გამონაკლისები ეკლესიის მიერ კანონად არ მიიღება. უფრო დეტალურად იხ. http://www.oldorthodox.ge/apl_gamonaklisi_kanoni_araris..html) მოწმობს მოციქულთა 50-ე კანონი (იხ. http://www.oldorthodox.ge/rjl_mociqulta_48_53.html), სადაც ლაპარაკია ნათლობის მხოლოდ შთაფლვით ფორმაზე და ყოველგვარი გამონაკლისი და ალტერნატიული ფორმა გამორიცხულია.

ნათლობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: (http://www.oldorthodox.ge/natloba.html).

რაც შეეხება "დიდაქეს", ის არ არის კანონიკური ძეგლი და ზოგიერთ საკითხში (ნათლობის გარდა) ეწინააღმდეგება მოციქულთა სწავლებას (იხ. სტატია: "არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება?").

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.

afxazi -ძველმართლმადიდებელი... ხოოოო, ეს ნამდვილად აკლდა ფორუმს.

agmsarebeli (church.ge) - ვატყობ ისევ ედიშერმა
(იგულისხმება ედიშერ ჭელიძე - ადმ.) უნდა ამხილოს ეს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ. ოღონდ ედიშერი ამას გააკეთებს ჩვენი კალმით და თავისი წიგნით. ხო, ისეთი ,"აკანონიკური ძეგლია დიდაქე, რომ იგი მოციქულთა კანონებში შედის".

netvorc - საეკლესიო მამათაგან "დიდაქეს" ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილელთან (II საუკუნის შუა წლები) მის „პირველ აპოლოგიაში“, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II საუკუნის II ნახევარი) მის შრომაში „ავტოლიკესადმი“. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II –III საუკუნეები) დამოწმება, რადგან ეს უკანასკნელი „დიდაქეს“ სახელდებს „წერილად“, ანუ ბიბლიად. აი, ეს ადგილი: „უსამართლობას სჩადის ის, ვინც ბარბაროსთაგან შეითვისებს რასმე, შემდეგ კი მას თავისეულად გამოაცხადებს, რომ ამ გზით სახელი გაითქვას. ასეთი ვინმე ეცრუება ჭეშმარიტებას და იგი წერილის მიერ იწოდება „ქურდად“, რადგან ამბობს (წერილი): შვილო ჩემო, ნუ იცრუებ , რადგან სიცრუე ქურდობისაკენ მოგიძღვება“ (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები I. 20.100,4). "წერილიდან" მოტანილი სიტყვები არის „დიდაქეს“ ზედმიწევნითი ციტირება (იხ. „დიდაქე“ თავი 3 მუხლი 5) სხვაგან არსად გვხვდება იგი. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ: 1) „დიდაქე“ წოდებულია „წერილად“ (ბერძნ. „გრაფე“), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს. 2) „დიდაქე“ მოხსენიებულია ზოგადად „წერილად“, კონკრეტულად სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ ის იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ეს გასაკვირი არაა, რადგან იმ დროს ახალმოქცეული ქრისტიანები უპირველესად სწორედ „დიდაქეს“ ეცნობოდნენ.

http://www.oldorthodox.ge/werilebi_didache.html


afxazi - იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად. რაც შეეხება ნათლობის საკითხს. აქ გარკვევით წერია: "ციტატა: "ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19). 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე". ანუ აქ მოცემულია შესაძლებლობები, რომ პირველ რიგში გამდინარე წყალში უნდა მოინათლოს ადამიანი, შესაბამისად შთაფვლით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის სხვა წყლით, თუ ცივი არ არის თბილით და ბოლოს თუ ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ არის პიროვნება ინათლება სამგზის თავზე წყლის დასხმით. დღესაც თუ არის შესაძლებლობა ადამიანები ინათლებიან შთაფვლით, მაგრამ როცა არ არის ამის შესაძლებლობა საგზის თავზე წყლის დასმით ინათლება მორწმუნე, რადგან ამით ჯერ კიდევ არ უქმდება არსი ნათლისღებისა".

netvorc - რატომ? საქართველო რა უდაბნოა და მდინარეები დაილია? თბილისის თავზე უზარმაზარი ზღვა გვაქვს მარტო, კაცმა მოინდომოს და საქართველოში შთაფვლით მონათვლა რა პრობლემაა. ადრე ყველა შთაფვლით ინათლებოდა და ეხლა რა გახდა პრობლემა, მაშინ ცხენები და ვირები ყავდათ ეხლა ავტომობილები, პირიქით გაადვილდა.

sopo... - (ციტატა): "ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19) 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე ("დიდაქე")".

ამით ყველაფერია ნათქვამი , რომ ნათლობა ყველა ფორმით დასაშვებია.

(ციტატა) (netvorc): "რატომ? საქართველო რა უდაბნოა და მდინარეები დაილია? თბილისის თავზე უზარმაზარი ზღვა გვაქვს მარტო, კაცმა მოინდომოს და საქართველოში შთაფვლით მონათვლა რა პრობლემაა. ადრე ყველა შთაფვლით ინათლებოდა და ეხლა რა გახდა პრობლემა, მაშინ ცხენები და ვირები ყავდათ ეხლა ავტომობილები, პირიქით გაადვილდა."

ქვეყანა დამისახელე სადაც მდინარე არ არის? საუდის არაბეთში კი არის .. ან დედამიწის ზურგზე არის ადგილი, საიდანაც მდინარემდე ვერ მივალთ, მაშინ რა სიშორე უნდა იყოს ადგილსა და მდინარეს შორის რომ ვთქვათ რომ არ არის მდინარე... ცივ წყალში მონათვლა ვის ვერ უნდა ძალუძდეს? არის ადამიანი ვინც ცივ წყალში ვერ ჩავა? რატომ არის მაშინ ეს ფორმაც განხილული? ნუ არვიცი რა, ამ ფორმებზე კამათი ქრისტიანობისგან ცოცხლი სარწმუნოებისგან შორს არის...

netvorc - (ციტატა) (afxazi): "netvorc, იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად".

მე მასე მაგრად არ ვერკვევი მართლმადიდებლურ კანონებში და ტყვილს ვერავისზე ვერ ვიტყვი, ეგ თემა ძველმართლმადიდებლისთვის მიმინდია, მაგ ადამიანს საეკლესიო წიგნების კითხვის მეტი არაფერი უკეთებია. ნათლისღების შესახებ; lt http://www.oldorthodox.ge/apl_gamonaklisi_kanoni_araris..html.

ნათლისღების შესახებ:

http://www.oldorthodox.ge/apl_gamonaklisi_kanoni_araris..html

მოციქულთა 50-ე კანონი:

http://www.oldorthodox.ge/rjl_mociqulta_48_53.html

ნათლობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.oldorthodox.ge/natloba.html

არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება:

http://www.oldorthodox.ge/werilebi_didache.html


sopo... - მოციქულთა 50-ე კანონი: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19).

ანუ სამი შთაფლვა და არა ერთიო. ხომ არ წერია აუცილებლად შთაფლვა და არა წყალსხურება. მოკლედ მე მივესალმები თუ აღდგება შთაფლვითი ნათლობა თუნდაც სავალდებულო სახით, თუმცა არ ვფიქრობ რომ მონათლულად არ ითვლება წყლის დასხმით მონათლული, ღრმა ათესიტური პერიოდიდან არც დიდი ხანია რომ გამოვედით, გამონაკლისად შეიძლება ამ დაშვების განხილვაც. რისი თქმაც მინდა ისევ - ამ მიზეზით ეკლესიისგან გასვლა - გაუმართლებელია, და საერთოდ , თუ ოდესმე დავრწმუნდი რომ ღმერთი თითების გამო შეაჩუენებს ან ნათლობის ფორმის - როცა შინაარსი ქრისტიანულია და მიზანი ღვთის დიდება, ალბათ სულ შევაქცევ ზურგს რწმენას...

afxazi - ამაში ვერც ვერასოდეს დარწმუნდები, რადგან ეკლესია ამას არასოდეს არ ასწავლიდა. რაც შეეხება ანთლობას. შთაფვლითი ნათლობა დღესაც სრულდება და აღსრულდება მომავალშიც. მაგრამ ეკლესიისგანა არც თავზე (ხაზს ვუსვამ თავზე და არა შუბლზე) დასხმითი ნათლობაა აკრძალული. თუ არ ვცდები წმინდა მინას ცხოვრებაშია აღწერილი (რომლის ერთ-ერთი ტარგმანიც, სხვათაშორის არსენ იყალთოელს ეკუთვნის), რომ როდესაც ის ერთ-ერთ ადმაიანს მოაქცევს ქრისტიანობაზე და მისი ნათლობის საკითხი დაისმება, წმინდა მინა ამ ადამიანს მიუყვანს ეპისკოპოსებს და სთხოვს ქრისტიანობაზე მოქცეული ადამიანის მონათვლას (იგი თვითონ ერისკაცი იყო). თუ არ ვცდები ცამეტი ეპისკოპოსი შეასრულებს ამ ადამიანის ნათლობას და შეასრულებს თავზე წყლის დასხმით და არა შთაფვლით. ანუ ეს არ ყოფილა რაღაც გამონაკლისი შემთხვევა. ქმედება აღსრულდა აბსოლუტურად მშვიდ ვთარებაში.

sopo... - ძალიან საინტერესო და მანუგეშებელია. მაგრამ ეჭვი მაქვს ამას ძველმართლმადიდებელი ისეთ ახსნას მოუძებნის გული შეგიწუხდება...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): "netvorc, იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად".


არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?

(მასალა აღებულია არქიეპ. პავლეს წერილიდან: "არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?"

http://www.oldorthodox.ge/werilebi_didache.html

გაბატონებული ეკლესიის პრაქტიკაში მასობრივ დამკვიდრებული მწვალებლურ-ლათინური წესის, წყლის თავზე გადასხმითი ან მიპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ჩვენი ოპონენტები ხშირად გვიმოწმებენ "12 მოციქულთა მოძღვრებად" სახელდებულ ძეგლს ("დიდაქეს"), რომელშიც წყლის თავზე დასხმა ნათლობის სამგზისი შთაფლვის წესთან არის გათანაბრებული.

ეს ძეგლი როგორც ეს მისი სათაურიდანვე ჩანს, მასში გადმოცემულ მოძღვრებას წმ. მოციქულებს მიაწერს (რასაც სხვათა შორის მკვლევართა ნაწილი არ იზიარებს). შევეცდებით ამ ძეგლის გარშემო ჩვენს ხელთ არსებული გამოკვლევების საფუძველზე ვაჩვენოთ, რომ იგი არა მარტო ნათლისღების, არამედ სხვა მრავალ საკითხებშიც კი ეწინააღმდეგება წმ. მოციქულთა სწავლებას, მათ შორის პირველდაწყებითი ეკლესიის დამოკიდებულებებსაც კი საეკლესიო მსახურების საკითხების ამა თუ იმ ფორმებისადმი.

ჩვენი სურვილია, ქართველ მორწმუნე საზოგადოებას გავაცნოთ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობის უარმყოფელი მოსაზრებები, რათა მარტოოდენ ბ-ნი ედ. ჭელიძის თვალით კი არ აღიქვას იგი, არამედ მის გარშემო დაგროვილ გამოკვლევათა, ეკლესიის კანონიკურ განწესებათა და ეკლესიის კრებითი ცნობიერების ფონზე შეაფასოს მისი სულიერი ღირებულება.

დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია "დიდაქეს" მთავარი აპოლოგეტის, ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "დიდაქე" დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმ. მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთ მოძღვრება ეწოდება, რადგანაც ყოველივე ის, რაც ძეგლშია თქმული, წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.).

"ასე რომ, - ირწმუნება ბ-ნი ედ. ჭელიძე, - "დიდაქე" წერილობით, სიტყვიერად წმ. მოციქულთა კალამს ეკუთვნის (აქ წინააღმდეგობა ხომ არ არის? - ზემოთ ბ-ნი ჭელიძე ძეგლს არა მოციქულთა, არამედ "წმიდა მამათა" დაწერილად მიიჩნევს, მაშ როგორღა გავიგოთ ის, რომ ეს "დიდაქე" "წერილობით" "მოციქულთა კალამს" ეკუთვნის? - არქიეპ. პ.), ხოლო შედგენილობით წმ. მამებს" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". "მეცნიერება", თბილისი, 1990 წ., გვ. 57).

ვეცადოთ გავარკვიოთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მოციქულებს ამ ძეგლში გადმოცემული სწავლება და მართლაც წმიდა მამათა დაწერილია თუ არა იგი?!


"დიდაქეს" აღმოჩენა და გამოკვლევები


1873 წელს (ზოგიერთი მონაცემებით 1875 წ.) კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტმა ფილოთეოს ბრიენიოსმა აღმოაჩინა პერგამენტზე გადაწერილი 120 გვერდიანი კრებული, რომელიც მე-11 საუკუნეში გადაუწერია ვინმე ლეონ ნოტარიუსს (კრებული 1056+ წლის 11 ივნისითაა დათარიღებული) და შეიცავს რიგ ნაწარმოებებს, რომელთა შორის არის ძველი და ახალი აღთქმის სინოპსისი, "წმ. მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე", კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეთა მთელი კორპუსი და სხვები. ამ თხზულებათა შორის აღმოჩნდა "დიდაქეც", ანუ "მოძღვრება თორმეტთა მოციქულთა".


ხსენებული ძეგლი ნათლობის წყალპკურებით წესს დასაშვებად მიიჩნევს რაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული არ არის, ამიტომაც ამგვარი "ნათლობით" შებილწული "ეკლესიების" აპოლოგეტები მცდელობას არ აკლებენ მიაკუთვნონ იგი მოციქულებს და მას კანონიერი სტატუსი მიანიჭონ.

"დიდაქეს უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, - წერს ბ-ნი ედ. ჭელიძე, - რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სჯულისკანონის მოწმობებს. მეცნიერული კვლევა სწორედ ამგვარ პირთათვის გამოდგა სასარგებლო, რადგან მათ წინაშე ურყევად დაასაბუთა საეკლესიო რწმენა ხსენებული ძეგლის I საუკუნეში დაწერის შესახებ" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 54).

თავიდანვე, სანამ ძეგლის შედგენის თარიღს შევეხებოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მარტოდენ სახელწოდებაში გაცხადებული პრეტენზია (გაიხსენეთ ძეგლს ეწოდება "12 მოციქულთა მოძღვრება") არ კმარა იმისთვის, რომ ძეგლი მაინცდამაინც წმ. მოციქულებს მივაწეროთ. მართლმადიდებელთათვის ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც ამა თუ იმ ერეტიკული შინაარსის თხზულებას ხან მოციქულებს, ხან კიდევ წმიდა მამებს მიაწერდნენ. მაგალითად, პირველ საუკუნეში ცნობილი იყო უამრავი (დაახლ. 50-მდე) ყალბი "სახარება", რომლებიც სამოციქულო წარმომავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკლესიამ უარყო ისინი და წმ. წერილის კანონში მხოლოდ ოთხი სახარება შეიტანა (Еп. Аверкий. "Руководство к изучению священного Писания Нового Завета", часть I, Четвероевангелие. Москва 1995 г., стр. 14).

ცნობილია იოანე ღვთისმეტყველის სახელით წარწერილი ცრუ "აპოკალიფსისები, "მოციქულთა მიმოსვლად" ცნობილი ყალბი თხზულება, რომელსაც თავიანთი მწვალებლობების დასამტკიცებლად იმოწმებდნენ ხატთმებრძოლნი და რომელიც მე-7 მსოფლიო კრების განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცა.

ან როგორ გავიგოთ "დიდაქეს" "უძველესობა"? რას გულისხმობს ამ სიტყვებში ჩვენი ოპონენტი? ბ-ნ ედ. ჭელიძეს და მის მომხრეებს უნდა შევახსენოთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების კანონიკურობას მისი შინაარსი გვიდასტურებს და არა "სიძველე". ყველა ის "სახარებაც" ხომ რომლებიც ეკლესიამ აპოკრიფებად შერაცხა "უძველესია"!

"დიდაქეს" სახელწოდებით მართლაც ცნობილია თხზულება, რომელსაც ეკლესიის ზოგიერთი წმ. მამა საკითხავ წიგნად მიიჩნევდა (მაგ. ათანასე ალექსანდრიელი), მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?

ზოგიერთი მეცნიერის მცდელობა წარმოგვიჩინოს დღევანდელი "დიდაქე", იმ ძველი "დიდაქის" ზუსტ ასლად უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა. გავიხსენოთ ისიც, რომ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობაზე ყველა მეცნიერი ერთი აზრისა არ არის.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოსდა ""დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სულისკანონის მოწმობებს", ეს პირდაპირ მკრეხელობას შეიცავს, რამეთუ "დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ ევსები კესარიელს (IVს), წმ. ანასტასი ანტიოქელს († 599), წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს († 828), ხოლო წმიდა და უგანათლებულესმა პატრიარქმა ფოტიმ († 891) თავის საკმაოდ ვრცელ "ბიბლიოთეკაში" "დიდაქე" ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალა ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информативный, экуменический центр апостола Павла. 1996 г. Введение, стр. 39).

ასე, რომ თუ ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცებას დავიჯერებთ ეკლესიის ზემოთ ხსენებული და საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მამებისთვის "ძველბერძენ მამათა და სჯულის კანონის მოწმობებს არავითარი ფასი" არ ჰქონიათ.

შეუძლებელია ბ-ნ ედ. ჭელიძეს არ სცოდნოდა ზემოთ ხსენებულ მამათა, "დიდაქესადმი" დამოკიდებულება, რამეთუ ეს მკლევართათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ვეჭვობთ, რომ ჩვენი ოპონენტი ამით მხოლოდ თავს იზღვევს, მეტიც, არაკანონიკური ძეგლის კანონიკურად წარმოჩენის გამო პასუხისმგებლობის აცილებასაც ცდილობს, როცა წერს: "საზოგადოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა ისეთი სიებით სარგებლობა, რომელიც სჯულისკანონში არ შესულა, მეტად საფრთხილოა. მაგალითად, აღვნიშნავთ გელასი პაპის ავტორობით ცნობილ სიას, რომელიც მე-6 საუკუნეს ეკუთვნის. მასში აპოკრიფთა შორის იხსენიება, სხვათა შორის, "მოციქულთა კანონები" (Canones Apostolorum), რაც ცხადია, სრულიად უმართებულოა, რადგან ეს ძეგლი "სჯულისკანონის" საფუძველს წარმოადგენს" (დასახ. ნაშრ. გვ. 60).

მიზანი გარკვეულია, გელასი პაპის მიერ დაშვებული "შეცდომის" წარმოჩენით ბ-ნი ჭელიძე ეკლესიის სხვა მამათა მიერ შედგენილი სიებისადმი მკითხველის უნდობლობის გამოწვევას ცდილობს.

მაგრამ აქ იგი არ გვიმხელს, რომ მეცნიერულ წრეებში აკრძალულ (ანუ აპოკრიფულ) წიგნთა ამ კოდექსის გელასისეული ავტორობა ეჭვქვეშაა დაყენებული (იხ. Полный православный богосл. энциклопедический словарь, т. 1, репр., 1992, стр. 624). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გელასის დროისათვის (მე-5 ს.) "მოციქულთა კანონებად" სახელდებული რამდენიმე კრებულია ცნობილი.

ასევე ცნობილია, რომ მოციქულთა კანონების ის კრებული, რომელიც 85 განწესებას შეიცავს და "დიდ რჯულისკანონშია" შეტანილი შედგენილია იოანე III სქოლასტიკოსის მიერ, არსებობს დიონისე მცირის მიერ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნილი "მოციქულთა კანონების" იგივე კრებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასში მხოლოდ 50 კანონია მოცემული. ასე რომ, ბ-ნ ჭელიძეს უნდა განემარტა, მისი აზრით, "მოციქულთა კანონების" რომელი კრებული უნდა ეგულისხმა გელასის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ამ საკითხზე უფრო კონკრეტული საუბარი.

მაგრამ, ყველაზე უმთავრესი მაინც ის არის, რომ "დიდაქე", ანგარიშგასაწევ ძეგლად არ აღიარა თვით მსოფლიო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ამ ფაქტს ერთხმად აღიარებენ მართლმადიდებლობის სახელით მოღვაწე მკვლევარები. "როგორც ჩანს, - წერს ერთ-ერთი მკვლევარი, - მე-5 საუკუნიდან "დიდაქე" საეკლესიო გამოყენებიდან გამოდის, წყვეტენ მის კითხვას და გადაწერას... ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს ნაწარმოები "სახელმძღვანელო" წიგნად დაიწერა ერთი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის, რომელიც შემდგომ სხვა თემებშიც გავრცელდა, მაგრამ მსოფლიო საეკლესიო ცნობიერების მიერ აღიარება ვერ მოიპოვა" (А. И. Сидоров. "Курс патрологии", изд. "Русские огни" 1996 , с. 55).

რაც შეეხება "დიდ რჯულისკანონში" შეტანილ წმ. ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლეს, რომელშიც "დიდაქეც" მოიხსენიება, უნდა ითქვას, რომ ეს გარემოება ამ ძეგლს კანონიკურ ხასიათს მაინც ვერ მიანიჭებს, რამეთუ, ჯერ ერთი, თვით წმ. ათანასე მას არაკანონიკურ (საკითხავ) წიგნად მიიჩნევს და მეორეც, წმ. ათანასე თავის ეპისტოლეში ჰერმესის "მწყემსსაც" ("პიმენი") ახსენებს, რომელიც ასევე არაკანონიკურია და რომელშიც სინანულის საიდუმლოსთან დაკავშირებული მიუღებელი დებულებაა გამოთქმული ("უფლის მონას მხოლოდ ერთი ჟამი აქვს მიცემული სინანულისთვის". იხ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", ტ. 2, თბილისი 1991 წ. გვ. 10).

დასახელებულ გამოცემაში, სქოლიოში, მითითებული ადგილს ასე განმარტავენ: "ჰერმესის წიგნი... არაა კანონიკური. აქ ზოგიერთი ადგილი აშკარად დაცილებულია საერთოდ ეკლესიურ სწავლებას, ამიტომაც იყო, რომ წმიდა მამებმა იგი არ განაკუთვნეს კანონიკურ წიგნთა რიცხვს. აღნიშნული ადგილებიც, სადაც მიტევებაზეა ლაპარაკი, მცდარია და საეკლესიო სწავლებისგან სრულიად განსხვავებული და უცხოა, რადგან ეკლესია აღიარებს მხოლოდ ნათლობის ერთჯერადობას და არა მიტევებისას" (დასახ. გამოც. გვ. 10).

შეგახსენებთ, რომ "დიდაქეს" მსგავსად ჰერმესის "მწყემსიც" ათანასე ალექსანდრიელის მიერ სადღესასწაულო ეპისტოლეში საკითხავ წიგნთა სიაშია შეტანილი, ხოლო ეს ეპისტოლე, თავის მხრივ, შეტანილია "დიდ რჯულისკანონში", რომლის გამო ბ-ნი ჭელიძე აცხადებს: "დიდაქეს", როგორც მართებული კატეხიზმო აღიარება რჯულდებით განამტკიცა "დიდმა სჯულისკანონმა", რომელმაც ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლე თავის წიაღში შეიერთა" (დასახ. ნაშრ. გვ. 57). მაგრამ ამავე ეპისტოლეშია "მწყემსიც", რომელიც, როგორც ვნახეთ, თურმე ბევრ ადგილას აშკარად დაცილებულია საერთო-საეკლესიო სწავლებას. და თუ ვიტყვით, რომ "დიდაქე" "მართებულ კატეხიზმოდ არის აღიარებული", მაშინ ასეთივე მართებულ და უეჭველ წიგნად უნდა ვაღიაროთ, "მწყემსიც", რომელიც "დიდაქესავით" (დღეისთვის ჩვენამდე მოღწეული ვერსიის მიხედვით) საეკლესიო სწავლებას აშკარადაა დაცილებული.

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცნობილია, რომ არაკანონიკური (საკითხავი) წიგნები, სარწმუნოებრივი დოგმატების დასასაბუთებლად არ გამოდგება, ხოლო ნათლობის წესი, რამდენადაც მისი შესრულების ფორმაში ქრისტეს სამდღიანი დაფლვისა (დამარხვისა) და აღდგომის დოგმატური შინაარსია ჩადებული, დოგმატიკას ეხება.

რაც შეეხება "დიდაქეს" დაწერის თარიღს და მის ავტორს, ბ-ნ ედ. ჭელიძე იზიარებს იმ მეცნიერთა აზრს, რომელთაც მიაჩნდათ რომ "დიდაქე" პირველი საუკუნის მიწურულს დაიწერა. "დიდაქეს იცნობდა და იყენებდა ქრისტიანული სამყარო I ს. მიწურულიდანვე", - წერს იგი (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 541).

მაგრამ მეცნიერთა მიერ არც ეს აზრია ერთსულოვნად გაზიარებული. ძეგლის თარიღთან დაკავშირებით დიდი კამათია მეცნიერ-მკვლევართა შორის. ერთნი მას I ს. მიწურულს, ანუ დაახლ. 70-90 წწ. აკუთვნებენ, მაგ., რიჩარდსონი (C. C. Richardson, ZNTW, S – 111-116, p. 161), რომელიც, ამავე დროს, აკეთებს მეტად საყურადღებო შენიშვნას, კერძოდ, მისით თქმით "დიდაქეს" ახლანდელი ფორმა ეკუთვნის II საუკუნეს (იქვე). ამავე აზრს იზიარებს ა. სიდოროვიც (დასახ. ნაშრ.).

ა. კარაშევი მათზე უფრო შორს მიდის და ძეგლს 50-იანი წლების ქმნილებად მიიჩნევს, მაგრამ ასეთი აზრი არაა გაზიარებული არცერთი მკვლევარის მიერ, რამეთუ მათი აზრით შეუძლებელია ძეგლი ჯერ კიდევ მოციქულთა სიცოცხლეში ყოფილიყო დაწერილი (Учение 12 апостолов, "Крмментарии", დასახ. შრომა. გვ. 20).

თავად ძეგლის აღმომჩენი, მიტროპოლიტი ფილოთეოს ბრიენიოსი და ცნობილი მეცნიერი ჰარნაკი ძეგლის დაწერის თარიღად 120-160 წწ. შუალედს მიიჩნევენ (Учение 12 апостолов, "Крмментарии", გვ. 14). ადრეული მონტანიზმის ეპოქას (II ს.) განაკუთვნებენ ამ ძელგს ფ. ვუკისი (F. E. Vokes, "The riddle of the Didache", London 1938) და დეკანოზი ნიკოლოზ აფანასიევი ("Церковь Духа Святого", YMCA – PRESS, Paris, 1971 репр. Рига. 1994 г., стр. 67).

წარმოდგენილი მასალები ვფიქრობთ საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ხსენებული ძეგლის დაწერის თარიღად I ს. მიწურულის მიჩნევა საყოველთაოდ გაზიარებული არ არის. ბ-ნმა ედ. ჭელიძემ შეიძლება გაიზიაროს შეხედულება, რომელიც ამ ძეგლს პირველი საუკუნის მიწურულს განაკუთვნებს, მაგრამ ჩვენ უფრო დეკანოზ ნ. აფანასიევის მტკიცებებს დავეყრდნობით, რომელიც ამ ძეგლის არა სამოციქულო, არამედ მონტანისტურ წარმომავლობას წარმოაჩენს (იხ. ქვემოთ).

ასეთივე აზრთა სხვადასხვაობაა ძეგლის ავტორის ვინაობასთან დაკავშირებით. მეცნიერნი მხოლოდ ერთ საკითხში არიან აბსოლუტურად თანხმიერნი: "მიუხედავად იმისა, რომ ძეგლს ეწოდება "12 მოციქულთა მოძღვრება", სრულიად ცხადია, რომ ის უშუალოდ მოციქულთა წრიდან არაა გამოსული... ასევე ცხადია, რომ მისი ავტორია იუდეოქრისტეანი" ("Учение 12 апостолов", 1996 г., დასახ. გამოცემა. გვ. 17).

უფრო მეტიც, ძეგლი არა თუ არ ეკუთვნის მოციქულებს (რასაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად საკმაოდ ორაზროვანი განმარტებისა, არც ბ-ნი ჭელიძე უარყოფს, (იხ. მისი ნაშრომი გვ. 57), არამედ მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმება კიდევაც მოციქულებს და არც პირველდაწყებითი ეკლესიის ცხოვრების რეალობასთან არის თანხმობაში. ქვემოთ შევეცდებით, ჩვენი ამ აზრის დადასტურებას.


უთანხმოება პირველი


"დიდაქეს" მე-11 თავის მე-3-6 მუხლები ეხება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს. უფრო ზუსტად საწინასწარმეტყველო და სამოციქულო ქარიზმას, სადაც ამ მისიასთან დაკავშირებული ზნეობრივი ხასიათის მოთხოვნაა მოცემული. ამ მუხლებშივე "დიდაქე" ითხოვს, რათა მოციქული ადგილობრივ ეკლესიაში ერთ დღეზე (უკიდურეს შემთხვევაში - ორ დღეზე) მეტ ხანს არ დაყოვნდეს, თორემ ის ცრუწინასწარმეტყველად ჩაითვლება: "მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების ცნების თანახმად იმოქმედეთ" - ვკითხულობთ ხსენებულ ძეგლში, კერძოდ - "ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შეიწყნარეთ როგორც უფალი, მაგრამ ერთ დღეზე მეტ ხანს ნუ დარჩება თქვენთან (თუ საჭიროა მომდევნო დღესაც დარჩეს) და თუ სამი დღით დაყოვნდება - ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი" ("დიდაქე" 11:3-6) პირველდაწყებითი ეკლესიისთვის როგორც ისტორიულად, ასევე იდეურად სრულიად შეუსაბამოა ასეთი განწესება.


ისტორიულ ჭრილში თუ განვიხილავთ, წმ. მოციქულთა წერილისა და ღვაწლისთვის სრულიად უცხოა ამგვარი მოთხოვნა: "არსად, მოციქულთა ეპისტოლეებში არ გვხვდება მითითება, რომ მათ ამა თუ იმ ეკლესიაში ხანგრძლივი დროით დარჩენა ეკრძალებოდეთ" (დეკ. ნ. აფანასიევი. "Церковь Духа Святого", დასახ. გამოც. კომენტარები. გვ. 91). "თუ ვივარაუდებთ, რომ "დიდაქეს" მე-11 თავის მე-3-6 მუხლებში მოხსენიებულ მოციქულთა მიზანი ახალ ეკლესიათა ხელმძღვანელობა იყო, ცხადია, ამ მიზნისთვის ერთი და ორი დღით დარჩენა არ იქნებოდა საკმარისი, - მითუმეტეს, იმ პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც "მოციქულთა საქმეებში" და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებშია აღწერეილი" ("Учение 12 апостолов", 1996 г., დასახ. გამოცემა. გვ. 107).

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, სულთმოფენობის შემდეგ, მოციქულებმა 15 წელიწადი დაჰყვეს იერუსალემში. ჩვენთვის ამჯერად არაა მნიშვნელოვანი თუ რამდენად ზუსტია ეს ციფრი; უბრალოდ, უეჭველია, რომ მოციქულები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ იერუსალემში. რაიმე ვადით ამა თუ იმ ეკლესიაში ყოფნა არც წმიდა მოციქულ პავლეს ჰქონია განსაზღვრული, არც წმ. პეტრეს და არც სხვა მოციქულებს. იხილეთ ამის დამადასტურებელი ადგილები წმ. წერილიდან.

წმიდა მოციქულ პეტრეზე ნათქვამია, რომ "იყო მრავალ დღე დადრომილ იოპეს შინა სვიმონ მეპრატაკისა თანა" (საქმე 9:43).

"და ხვალისაგან შევიდეს კესარიად ხოლო კორნილიოს მოელოდა მათ... და იყო შესვლასა მას პეტრესსა მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერხთა მისთა და თაყუანისცა მას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი... და შე-რაი-ვიდოდა შინა, პოვნა მუნ მრავალი შემოკრებულნი... და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე" (საქმე 10:24-27, 48).

"იკონიას შინა... მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი (მოციქულნი - არქიეპ. პ.) განცხადებულად უფლისა მიმართ..." (საქმე 14:1-3).

"...მივიდეს ანტიოქიად... და მო-რაი-ვიდეს შეკრბეს კრებული იგი... და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირედთა მოწაფეთა მათ თანა" (საქმე 14:26-28). "ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავლიდეს და ახარებდეს სხუათა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა" (საქმე 15:35).

"აღვხედით ნავსა ტროადას - ბრძანებს წმ. ლუკა მახარობელი - და მართლ-მივისწრაფედ სამოთრაკედ, და ხვალისაგან - ახალქალაქად, და მიერ ფილიპედ, რომელი იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაი, ქალაქი კოლონიაი, ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდით დღეთა რავდენთამე" (საქმე 16:11, 12).

"და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაი (პავლემ და ბარნაბამ - არქიეპ. პ.) მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაი და ვითარცა ჩვეული იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან" (საქმე 17:1, 2).

"ამის შემდეგ გამოვიდა პავლე ათონელთა მათგან და მოვიდა კორინთედ... და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა" (საქმე 18:14).

"ხოლო კრიპოსს... დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა" (საქმე 18:8, 11).

"და შთავიდა კესარიად, აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაი და შთავიდა ანტიოქიად და დაყო ჟამი რავდენმე" (საქმე 18:22, 23).

"მოიწია ეფესოდ... შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამი თუე, ეტყოდა, არწმუნებდა სასუფეველისათვის ღმრთისა" (საქმე 19:10).

"...მიავლინა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტროს (ალბათ არა ერთი და ორი დღით - არქიეპ. პ.); ხოლო იგი (პავლე - არქიეპ. პ.) დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა" (საქმე 19:22).

ლუკა მახარობლის ცნობით, წმ.მოციქული პავლე ელადაში იყო "სამ თუე" (საქმე 20:3), ხოლო ჩუენ, წერს ლუკა - ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაით და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ვიყვენით ჩუენ მუნ შვიდ დღე" (საქმე 20:6).

ხოლო ტიროსში "... მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შვიდ დღე..." (საქმე 21:4).

ამის შემდეგ... "შევედით კესარიად ... და ვიყოფოდით მუნ მრავალ დღე" (საქმე 21:10).

წმ. მოციქული პავლე კორინთელებს აუწყებს: "... მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაი განვვლო; რამეთუ მაკედონიას განვვლი, და ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაითა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდეცა ვიდოდი... ხოლო ვესავ რავდენსამე ჟამსა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გვიბრძანოს" (1 კორინთ. 16:5-7), ხოლო ტიტეს წერს. "ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტვიქიკი, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაი" (ტიტეს: 3:12).

ყოველივე ამის ფონზე ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ ტიმოთეს, რომელიც შესაძლებელია მისულიყო კორინთელებთან ორ დღეზე მეტ ხანს არ დააყოვნებდა პავლე, რამეთუ ასე ბრძანა: "უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ რათ უშიშრად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარმცა - ესე მე" (1 კორინთ. 16:10); ასევე აპოლოსისათვის ძმისა, "...რაითამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა" (1 კორინთ. 16:12); ან ტვიქიკოსს, რომელიც მოუვლინა კოლოსელებს, რათა "ნუგეშინის-სცეს გულთა მათთა" (კოლას. 4:8).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე "12 მოციქულთა მოძღვრებად" წოდებული ძეგლის მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ეკლესიაში მოციქული ორ დღეზე მეტ ხანს თუ დარჩება შეირაცხოს ის ცრუმოციქულად და ცრუწინასწარმეტყველად, მოციქულთა სწავლებას არ წარმოადგენს; აქედან ბუნებრივია, საკამათოა ის გაფრთხილებაც, რომელსაც "დიდაქე" იძლევა და, რომლის თანახმადაც: "ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია" ("დიდაქე" 11:10), - რამეთუ იგი ეწინააღმდეგება წმ. წერილს და არ შეესაბამება "მოციქულთა საქმეს", ვინაიდან "დიდაქეს" მოთხოვნის საპირისპიროდ, რომელიც თურმე "12 მოციქულის მოძღვრებაა", თვით თორმეტნი მოციქულნი და "ქრისტეს ბაგედ" წოდებული მოციქულთა თავი პავლეც (რომლებიც ჭეშმარიტად წინასწარმეტყველების ქარიზმითაც იყვნენ მადლმოსილნი), "დიდაქე"-ში გადმოცემული განწესებისამებრ არ მოქმედებდნენ, და ამა თუ იმ თემში არათუ ორი ან სამი დღით, კვირაობით, თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი ყოვნდებოდნენ; არა და თუ ზემორეხსენებულ განწესებას დავუჯერებთ ისინი ცრუმოციქულებად და ცრუწინასწარმეტყველებად უნდა შეირაცხონ.

უკეთურებაა ფიქრი, თითქოსდა მოციქულნი საკუთარ განწესებებს თვითონვე არ ასრულებდნენ; ეს წინააღმდეგობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუკი "12 მოციქულთა მოძღვრებად" ცნობილ ძელგს ქრისტეს ჭეშმარიტ მოციქულთა მოძღვრებად არ მივიჩნევთ.

იდეური თვალსაზრისით, "დიდაქეს" ზემორეხსენებული მოთხოვნა, როგორც ჩანს ამავე ძეგლის ავტორის (ან ავტორთა) იმ შეხედულებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც ეკლესია აღიქმება, როგორც უნივერსალური დაწესება და ბუნებრივია მის მსახურებსაც უნივერსალურ მნიშნველობას (ანუ დანიშნულებას) აწერენ.


უთანხმოება მეორე

ის წინააღმდეგობა, რომელიც "დიდაქეს" პირველდაწყებითი ეკლესიის ცნობიერებისა და მოციქულთა პრაქტიკისგან განასხვავებს, ბევრმა მკვლევარმა შეამჩნია, რის გამოც მას მონტანისტებს აკუთვნებენ (F. E. Vokes "The riddle of the Didache", London, 1938. Прот. Н. Афанасьев. "Церковь Духа Святого". Рига, стр. 67) (თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ), მაგრამ "დიდაქეს", როგორც ყოველგვარ სიყალბეს, თავისი აპოლოგეტებიც ჰყავს, მათ შორისაა მკვლევარი კარაშევი, რომელიც თვლის, რომ "დიდაქე"-ს XI თავის 3-6 მუხლებში ლაპარაკია არა მოციქულებზე, არამედ მახარობლებზე, რომელთაც "მეორე რანგის მოციქულებს" უწოდებდნენ ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информ. центр. ап. Павла. 1996 г., Коментарий, стр. 107).

მაგრამ, ასეთი განმარტება ვერ ხსნის პრობლემას, ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვით მოციქულნი "დიდაქეს" XI:10 მუხლის შესაბამისად XI:3-6 მუხლებში მოცემული მოთხოვნის შემსრულებელნი უნდა ყოფილიყვნენ (იხ. ზემოთ. "უთანხმოება პირველი"). მეორეც, ასეთი განმარტება ვერ აუქმებს "დიდაქეს" XI:3-6 მუხლებით გადმოცემულ იდეურ დატვირთვას. და მესამე, დეკანოზ ნ. აფანასიევის დასკვნით, ავტორი, რომელიც შესაძლებელია მახარობელთ ტერმინ "მოციქულით" მიანიშნებს, ამით, უბრალოდ, თავის ნაწარმოებს "სამოციქულო" ფიქციას ანიჭებს (ნ. აფანასიევი. დასახ. ნაშრ. გვ. 124).

მაგრამ ამჯერად ისევ ხსენებული ძეგლის წინასწარმეტყველებს დავუბრუნდეთ. "12 მოციქულთა მოძღვრების" შემდგენელი წინასწარმეტყველთა მსახურების დეტალურ აღწერას არ იძლევა, მაგრამ ზოგიერთი ნიშანი აქაც ეწინააღმდეგება მოციქულებს. ცხადია, რომ ადგილობრივ ეკლესიაში მოსული წინასწარმეტყველი ექვემდებარება განსჯას - ჭეშმარიტია თუ ცრუ. თუ იგი ჭეშმარიტია, უნდა ასწავლიდეს იმას, რაც "დიდაქეშია" მოცემული: "ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი" (XI:1).

"ეს პირველი მოთხოვნა, რომელსაც ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს უყენებენ, როგორც ჩანს წმ. მოციქულ პავლეს სიტყვათა რემინისცენციას წარმოადგენს, რომელიც ბრძანებს: "დაღაცა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალატ. 1:8). რადგანაც ეს "მოძღვრება" არავითარ მოძღვრებას არ გვთავაზობს იმ მორალურ განწესებათა გარდა, რომელთც არა აქვთ განსაკუთრებულად ქრისტეანული ხასიათი (J. P. Audet, "affinites Litteraires et doctrinales du "Manuel de Discipline", "Rev. Biblique", 59 (1952),p.219-238. ციტ. ნ. აფანასიევი. იქვე. გვ. 130).

ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ზნეობრიობის მაგალითი უნდა იყოს მორწმუნეთათვის, რისთვისაც იგი უნდა ფლობდეს "უფლის წესებს" ("დიდაქე" XI:8). ცრუ წინასწარმეტყველი არ უნდა იქნეს შეწყნარებული ეკლესიაში, ხოლო ჭეშმარიტი "შეწყნარებულ უნდა იქნეს როგორც უფალი" (XI:4) და აქ "12 მოციქულთა მოძღვრება"-დ სახელდებული ძეგლი მთლიანად ეწინააღმდეგება წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც წინასწარმეტყველის ყოველ წინასწარმეტყველების განჩხრეკას ბრძანებს (იხ. 1 კორინთ. 14:6; 14:1-5).

"წინასწარმეტყველთაგან კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო დანარჩენებმა განსაჯონ" (1 კორინთ. 14:29) - ამბობს მოციქული პავლე; "თქვენ ნუ განსჯით", - გვმოძღვრავს "დიდაქე".

წინასწარმეტყველებისადმი დამოკიდებულების ასეთი ცვლილება მიუთითებს საწინასწარმეტყველო მსახურების ეკლესიური ხასიათის დაკარგვაზე, რამაც გზა გაუხსნა წინასწარმეტყველებს ევქარისტული საკრებულოს გარეთ. წმ. მოციქულ პავლესთვის წინასწარმეტყველური გამოცხადება ეკლესიის წინასწარმეტყველის მეშვეობით გადმოიცემა, ხოლო "დიდაქეს" შემდგენელისთვის - ეკლესიისგან დამოუკიდებლად. ამის გამოა, რომ, თუკი მოციქულ პავლესთვის ღვთის ნებას (რომელიც ეუწყება წინასწარმეტყველს) ეკლესია განახორციელებს, "დიდაქეს" შემდგენელისთვის წინასწარმეტყველება, ანუ ღვთის ნება თავისთავად უნდა განხორციელდეს. ამიტომაც წინასწარმეტყველი ("დიდაქეს" მიხედვით) თავს უფლებას აძლევს, მოითხოვოს ეკლესიისგან ის, რაც მას აუწყეს. ამ კუთხით "დიდაქეს" შემდგენელი მონტანისტების თვალსაზრისზე დგას.


უთანხმოება მესამე

"დიდაქეს მიხედვით საწინასწარმეტყველო მსახურების ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ მისი შემდგენელი მღვდელმთავრად აღიარებს წინასწარმეტყველს. ის მას აძლევს სამადლობელი ძღვენის იმ ზომით შეწირვის უფლებას, რა ზომითაც ეს წინასწარმეტყველს სურს ("დიდაქე" XIII:3); მაგრამ წინასწარმეტყველისთვის "ძღვენის შეწირვის" უფლების მინიჭება ნიშნავს, მიანიჭო მას წინამძღვრის ფუნქცია, რაც "დიდ ეკლესიაში" მხოლოდ ეპისკოპოსს ხელეწიფება. თუ ვინმე აქ აღაპებს იგულისხმებს (რომელიც საკუთრივ ევქარისტიისგან განსხვავებულია), მივუგებთ, რომ აღაპები მთელი ადგილობრივი ეკლესიის საკრებულოს წარმოადგენს, რომელსაც ეპისკოპოსი მეთაურობს. მხოლოდ III საუკუნიდან გახდა დასაშვები კერძო აღაპები, ისიც რომის ეკლესიაში, მაგრამ ამ პერიოდს უკვე თვით "დიდაქეს" ვერ მივაკუთვნებთ. მით უმეტეს, რომ ასეთი კერძო აღაპები აღმოსავლეთში დასაბამს იღებს IV საუკუნიდან.

სამადლობელ აღაპებზე, როგორც ევქარისტულ შეკრებაზე, მეთაურობა განეკუთვნებოდა ეპისკოპოსს და თუ "დიდაქე" ამ უფლებას წინასწარმეტყველს მიაკუთვნებს, ამით წინასწარმეტყველს ანიჭებს მეთაურის ფუნქციას.

გამოდიც, რომ "დიდაქეს" შექმნისას ევქარისტიის ჩვეული შემსრულებელი ყოფილა ეპისკოპოსი, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როცა იქ არ იმყოფებოდა წინასწარმეტყველი, "რამეთუ ისინი (ე. ი. ეპისკოპოსები - არქიეპ. პ.) - ამტკიცებს "დიდაქეს" შემდგენელი, - თქვენთვის წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მსახურებას აღავლენენ" ("დიდაქე").

"წინასწარმეტყველის მსახურების საცერდოტალური ხასიათი არა თუ საერთოდ უცნობია წმ. მოციქულ პავლესთვის, არამედ ჩვენთვის ცნობილი მთელი ქრისტეანული სწავლებისთვისაც კი ის "დიდაქისეულ" გამონაკლისს წარმოადგენს. ანუ, მას მთელ ძველქრისტეანულ მწერლობაში არა აქვს ანალოგი და ასწავლის მხოლოდ "დიდაქე".

ქრისტეანობაში არსად გვხვდება წინასწარმეტყველის ეპისკოპოსზე უპირატესობის სწავლება, ეკლესიაში მღვდელმთავრები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსები და არა წინასწარმეტყველები! ამის დამადასტურებელია ძველი საეკლესიო მწერლობა, რომელიც არსად არ ართმევს ეპისკოპსს ამ პატივს და მას წინასწარმეტყველს არ ანიჭებს.

აი, კიდევ წინასწარმეტყველთა ეპისკოპოსებზე უპირატესობის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი "დიდაქედან":

"წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის" (13:3).

"დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის" (15:1).

"არ მოიძაგოთ ისინი (ეპისკოპოსები - ძვმ.), რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი" (15:2).

"თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ" (13:4) (გლახაკთ, წინასწარმეტყველებზე მეტად, ვფიქრობ, მღვდლები და ეპისკოპოსები უფრო სჭირდებათ. "დიდაქე" განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს არა ეპისკოპოსებზე და მათ კი არ მიიჩნევს თემის, საკრებულოს ისეთ ცენტრალურ ფიგურებად, რომლის გარეშე პირველ საუკუნეთა ქრისტეანულ თემებში ლიტურგია არ ტარდებოდა (იხ. წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეები - ძველმ.), არამედ წინასწარმეტყველებზე.

მიუხედავად იმ უდიდესი პატივისა, რომლითაც ეკლესიაში წინასწარმეტყველნი სარგებლობდნენ, ისინი არასოდეს არ ყოფილან ეპისკოპოსების თანასწორნი, მეტიც, ჰერმესი (II ს.) თავის "მწყემსში" განიკითხავს იმ წინასწარმეტყველს, ვინც საეკლესიო საკრებულოში "პროტოკათედრონ"-ის მიღებას ეშურვის (იხ. ხილვა III, მცნება მე-11).

მართალია, წინასწარმეტყველი ეკლესიაში პატივდებულია, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ ეწევა სხვა სახის მსახურებას, მითუმეტეს სამღვდელმთავროს, განსხვავებით "დიდაქესგან", რომელშიც წინასწარმეტყველს, როგორც უკვე ვთქვით, ეკლესიის სწავლების საპირისპიროდ ასეთი ფუნქცია ეკისრება.

დეკ. აფანასიევის მტკიცებით, პირველდაწყებით ეკლესიაში მსახურებათა შეერთება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებოდა აღრევა, რაც საწინააღმდეგოა ღვთის ნებისა, რომელმაც ეკლესიაში სხვადასხვა სახის მსახურებანი დააწესა.

ჩვენთვის დღემდე გამოცანად რჩება, - წერს ნ. აფანასიევი, - როგორ წარმოიშვა სწავლება წინასწარმეტყველთა მღვდელმთავრობის შესახებ; ან რა გზებით შეაღწია მან იმ გარემოში, სადაც წარმოიშვა "დიდაქე", თუ ამ ძეგლის დაწერის ტრადიციულ თარიღს (I ს. მიწურული) დავეყრდნობით, ეს მოვლენა გაუგებარი რჩება ისევე, როგორც გაუგებარი რჩება ის ფაქტი, რომ ამ ძეგლმა ზოგადსაეკლესიო ცნობიერებაზე ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა. ერთადერთი გარემო, სადაც შეიძლებოდა დაწერილიყო ეს მოძღვრება, მონტანისტური წრეებია, მაგრამ მაშინ ამ ძეგლის დაწერის თარიღი უფრო გვიანდელ პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ" (ნ. აფანასიევი. იქვე. გვ. 132).

ამრიგად, მეცნიერებისთვის "დიდაქეში" გადმოცემული, ეკლესიისთვის უცხო სწავლებანი თავსამტვრევ ამოცანად რჩება, რომელზეც მანამდე უნდა იმტვრიონ თავი, სანამ ამ მოძღვრების სამოციქულო წარმომავლობაზე ხელს არ აიღებენ.

"დიდაქე" არათუ მოციქულთა მოძღვრებას არ წარმოადგენს, ის მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკასთანაც შეუსაბამოა, რასაც ავლენს ჩვენს მიერ ქრისტეანულ საეკლესიო პრაქტიკასთან მისი შეუსაბამობის წარმოჩენა და არც წმიდა მამათა ხელით არის დაწერილი, როგორც ცდილობს ამაში ჩვენს დარწმუნებას ბ-ნი ედ. ჭელიძე.

ხსენებული ძეგლი სამართლიანად მიაკუთვნეს აპოკრიფებს და, როგორც ძეგლშივე მოცემულ სწავლებათა განხილვა გვიჩვენებს, მისი ავტორები არიან მონტანისტი მწვალებლები.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ხსენებული მონტანისტური წარმომავლობის ძეგლი ნათლობისას წყლის თავზე გადასხმას ნათლობის სამგზისი დაფლვის ფორმას უთანაბრებს. "დიდი რჯულისკანონიდან" კი ცნობილია, რომ მონტანისტებს წმიდა ეკლესია, მოქცევის შემთხვევაში, შეიწყნარებდა პირველი ჩინით (წესით), ანუ ნათლისღებით. ანუ, მონტანიზმიდან გადმოსულებს თავიდან ნათლავდნენ (იხ. II მსოფლიო კრების 7-ე კანონი. ლაოდიკიის 7-ე და მე-8 კანონები (Алфавитная Синтагма Матфея Фластаря. Москва. 1996 г., стр. 51).

(ციტატა) (sopo...): "ამით ყველაფერია ნათქვამი , რომ ნათლობა ყველა ფორმით დასაშვებია".

ძველმართლმადიდებელი - ნათლობა რომ ყველა ფორმით არ არის დასაშვები ეს ნათქვამია წმ. მოციქულთა 50-ე კანონში (სადაც ალტერნატიული ნათლობები მოცემული არ არის და გასაგებადაა ნათქვამი, რომ ვინც არ მონათლავს სამგზის შთაფვლით უნდა დაემხოს თავისი პატივისგან". სლავურ "Кормчая"-ში ("მესაჭის წიგნი", იგივე დიდი რჯულისკანონი), კანონის სქოლიოში არის ასეთი შენიშვნა: "Крещаемого погружати, а не обливати"? საინტერესოა, რატომ დასჭირდათ წმიდა მამებს ასეთი მინიშნების გაკეთება? გარდა ამისა, ნათლობის საკითხზე არსებულ ყველა განწესებაში ნათქვამია, რომ უნდა შესრულდეს სამგზისი შთაფვლით წყალში და არსად არ არის მითითებული ალტერნატიული ნათლობები.

"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზის შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). ეს არის კანონი ძველი ბერძნული "კურთხევანიდან", თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მონოფიზიტების (იაკობიტების) მიღების წესიდან. ამ კანონში ის კი არ არის ნათქვამი: "ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან პკურებითა"-ო, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ: "სამგზის შთაფვლითა".

დანარჩენი, რასაც თქვენ ამატებთ ნათლისღების საიდუმლოს ფორმობრივი თვალსაზრისით, არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ფანტაზია დამყარებული ისეთ აპოკრიფულ და საეჭვო ძეგლებზე, როგორიც "დიდაქეა".
(ციტატა) (sopo...): "ქვეყანა დამისახელე სადაც მდინარე არ არის? საუდის არაბეთში კი არის .. ან დედამიწის ზურგზე არის ადგილი, საიდანაც მდინარემდე ვერ მივალთ, მაშინ რა სიშორე უნდა იყოს ადგილსა და მდინარეს შორის რომ ვთქვათ რომ არ არის მდინარე... ცივ წყალში მონათვლა ვის ვერ უნდა ძალუძდეს? არის ადამიანი ვინც ცივ წყალში ვერ ჩავა? რატომ არის მაშინ ეს ფორმაც განხილული? ნუ არვიცი რა, ამ ფორმებზე კამათი ქრისტიანობისგან ცოცხლი სარწმუნოებისგან შორს არის...".

ძველმართლმადიდებელი - სოფო, რატომ არის "დიდაქეში" ეს ფორმა განხილული ჩვენ შეუძლებელია ვიცოდეთ. სერიოზულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "დიდაქე" ავლენს მონტანიტურ იდეებს. ჩვენ არ უარვყოფთ "დიდაქეს" ძველად არსებობის ფაქტს, მაგრამ ვამტკიცებთ, რომ ის ძველ დროშივე შეირყვნა მწვალებელთა მიერ (როგორც, მაგალითად, წმ. მოციქულთა განწესებები, რომლებიც ამის გამო წმიდა მამებმა აკრძალეს). ასე, რომ წყალპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად არც თქვენი ლოგიკა გამოგადგებათ და არც "დიდაქე". მითუმეტეს ედ. ჭელიძე, რომელიც ასრულებს ოფიციალური ეკლესიის დაკვეთებს და ღალატობს მეცნიერულ პრინციპებს.

afxazi - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "მითუმეტეს ედ. ჭელიძე, რომელიც ასრულებს ოფიციალური ეკლესიის დაკვეთებს და ღალატობს მეცნიერულ პრინციპებს".

მე გირჩევ, რომ თავი შეიკავო ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, ამასთან უსაფუძ[ლო ბრალდებისგან. საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს მოტანილი ედიშერს, სადა თავზე დასხმით აღსრულებული ნათლობა არ არის უარყოფილი ეკლესიის მამათაგან. ერთ-ერთი გავიხსენე კიდეც, წმინდა მინას ცხოვრება, სადაც ამგვარად აღსრულებული ნათლისღებაა გადმოცემული. არ გეწყინოს, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ძალიან ცალმხრივი განხილვაა. ასეთი ლოგიკით აპოკალიფსის წიგნს არაერთი საეკლესიო მამა არ თვლიდა განხილვის ღირსად, გრიგოლ ღვთისმეტყველი საერთოდ უარყოფდა მას, თუმცა იგი ეკლესიამ მიიღო. ხო სხვა მხრივ განხილვა კი მეზარება, რადგან ვფიქრობ ამაოდ მეტყველება უფრო იქნება.

sopo... - ძველმართლმადიდებელო, ფაქტია რომ სჯულისკანონმა კატეხიზმოდ შერაცხა დიდაქე, და სხვანაირად ხედვა სჯულისკანონის შეურაცხყოფაც გამოვა. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ეჭვებს, ეს ყოველთვის საკამათო იქნება და ეს საკითხიც უსასრულოდ გაგრძელდება, რადგან რეალურად არაფერი გვიჭირავს რის საფუძველზეც ვიტყვით რომ დიდაქე არ არის მოციქულთა სწავლება და წერტილს დავუსვამთ საკითხს... ვერსიების და ეჭვების დონეზე კი დასკვნების გაკეთება არაგონივრულია, რადგან ბიბლიის მევნიერიული განხილვაც "ამოწმებს" მასში არსებულ შეცდომებს, და ეჭვქვეშ აყენებს მის სისწორეს ან ღვთაებრიობას...

ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (სოფო): "და საერთოდ, თუ ოდესმე დავრწმუნდი რომ ღმერთი თითების გამო შეაჩუენებს ან ნათლობის ფორმის - როცა შინაარსი ქრისტიანულია და მიზანი ღვთის დიდება, ალბათ სულ შევაქცევ ზურგს რწმენას..."

არ შეიძლება სარწმუნოებაზე და ღმერთზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით მსჯელობა. "თუ ამას შეაჩვენებს... ზურგს შევაქცევ რწმენას" ეს არის საკუთარი წარმოდგენებით ლაპარაკი ღმერთზე. ეს ცოდვაა. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ღმერთმა ბევრი ისეთი რამ შეიძლება დაუშვას, რაც ჩვენს გაგებას და ცნობიერებას აღემატება, მაგრამ ნებისმიერი დაშვება ღმრთისადმი რწმენით უნდა მივიღოთ და არა კრიტიკით. რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა და რა არა ერთმა ღმერთმა იცის. თანაც ჩვენ უნდა დავმორჩილდეთ რწმენას, შევეწყოთ მას, შევუთანხმოთ მას ჩვენი გონება და ცნობიერება და არა პირიქით, ის შევათანხმოთ ჩვენს წარმოდგენებთან. თუ ასე არ მოვიქცევით, უეჭველად გავშორდებით უფალს და წარვწყმდებით. სულით და გულით არ გისურვებ ასე, არც მსჯელობას და არც მოქმედებას.

თქვენ რატომღაც არ ფიქრობ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითზე, კერძოდ, სიმბოლოების მნიშვნელობის საკითზე. ვინემემ რომ ჯვარი თავდაყირა დაიკიდოს მკერდზე და ასე ატაროს, ჩათვლით თუ არა მას მკრეხელად და თუ ამის ქადაგებასაც დაიწყებს მწვალებელი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, რომელიც დატვირთულია შინაარსით და მისი დარღვევა შინაარსის დარღვევას იწვევს. შეიძლება ადამიანი აღიარებდეს წმ. სამებას, მაგრამ ნათლავდეს ერთგზისი შთაფვლით. რწმენა სწორი აქვს, თუმცა ნათლობა არა. მისი ნათლობა მის სარწმუნოებას ვერ გამოხატავს. და უნდა თუ არა, ჩაითვლება მწვალებლად თუ არ შეისმინა გაფრთხილება და არ გაასწორა. ისე თუ ვიმსჯელებთ, როგორც შენ, და ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ, რაღა საჭირო იყო თუნდაც ამ კანონში, ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? ყოფილიყო ესეც. ის მწვალებლებიც ხომ სამების სახელზე ნათლავდნენ. იტყოდნენ, თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთიგზისი შთაფვლით ვაკეთებთო. რას ეტყოდით?

როგორ ფიქრობ, ის მწვალებლები, რომელთა წინააღმდეგაც მიიღეს ნათლობის ფორმულა მოციქულებმა, არ იცავდნენ თავიანთ მწვალებლურ ფორმას? იცით რამდენი ფორმაა (სიმბოლოა) მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში? რა იქნება მათაც თუ მცირე მნიშვნელობის მქონედ ჩავთვლით? პასუხს წმ. ბასილი დიდი მოგვცემს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე, უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში". ხედავთ, "სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში"-ო. ეს კი დოგმატურ სწავლებებს ნიშნავს. ასე, რომ მთლად ისე მარტივად როდია საქმე, შენ რომ წარმოგიდგენია.

(ციტატა) (აფხაზი): "მე გირჩევ, რომ თავი შეიკავო ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, ამასთან უსაფუძ[ლო ბრალდებისგან. საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს მოტანილი ედიშერს, სადა თავზე დასხმით აღსრულებული ნათლობა არ არის უარყოფილი ეკლესიის მამათაგან. ერთ-ერთი გავიხსენე კიდეც, წმინდა მინას ცხოვრება, სადაც ამგვარად აღსრულებული ნათლისღებაა გადმოცემული. არ გეწყინოს, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ძალიან ცალმხრივი განხილვაა. ასეთი ლოგიკით აპოკალიფსის წიგნს არაერთი საეკლესიო მამა არ თვლიდა განხილვის ღირსად, გრიგოლ ღვთისმეტყველი საერთოდ უარყოფდა მას, თუმცა იგი ეკლესიამ მიიღო. ხო სხვა მხრივ განხილვა კი მეზარება, რადგან ვფიქრობ ამაოდ მეტყველება უფრო იქნება".

ძველმართლმადიდებელი - კეთილი. სხვაგვარად ვიტყვი. ბ-ნი. ჭელიძის წიგნი "ეკლესია - სძალი უფლისა" არის პოლემისტური ხასიათის, რომელიც კონკრეტული პიროვნებების მიერ დაწერილი შეხედულებების საპასუხოდ დაიწერა. ამ შეხედულებებიდან და მტკიცებულებებიდან ზოგი არასწორი იყო, ზოგიც სწორი და მართებული. თვით ჭელიძე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ივიწყებს მეცნიერული მსჯელობის პირინციპებს და საკითხს კონკრეტული კონფესიური ინტერესიდან გამომდინარე განიხილავს.

მგონი ეხლა უფრო კორექტულად ვთქვი.

ედიშერ ჭელიძის მიერ განხილულ ზოგიერთ მაგალითს შეიძლება შევეხოთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მან დამალა უმთავრესი მომენტი: მართლმადიდებლურ სამყაროში ამ საკითხთან არაერთგვაროვანი მიდგომაა.

სამწუხაროდ, ეხლა დრო არ მაქვს, რომ დეტალურად გადმოგცე რაში მდგომარეობს ეს არაერთგვაროვნება, მას მომავალ პოსტებში აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ ერთს კი უცებ დავიმოწმებ. კერძოდ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილს, რომელიც თავის ანტილათინურ თხზულებაში "გრდემლი", მე-20 თავში, რომელიც ლათინურ წყალპკურების საწინააღმდეგოდ და სამხილებლად დაიწერა აღნიშნავს:

"ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, ... არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".

ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".

და ეს, დაწერა ქართლის კათალიკოსმა ბესარიონ ორბელიშვილმა (მე-18 ს.).

დანარჩენი მოგვიანებით.

afxazi - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ისე თუ ვიმსჯელებთ, როგორც შენ, და ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ, რაღა საჭირო იყო თუნდაც ამ კანონში, ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? ყოფილიყო ესეც. ის მწვალებლებიც ხომ სამების სახელზე ნათლავდნენ. იტყოდნენ, თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთიგზისი შთაფვლით ვაკეთებთო. რას ეტყოდით?"

არ ვიცი რამდენად კარგად იცნობ ერესების ისტორიას, თუმცა ფაქტია, რომ ნაკლებად იცნობ.

ერთგზის შთაფვლის საწინააღმდეგო კანონი სწორედ იმიტომ იქნა მიღებული, რომ ის მწვალებლობები, რომლებიც ამ ფორმით აღასრულებდნენ ნათლობას ამას იმის გამო აკეთებდნენ, რომ სამებას უარყოფდნენ. აღიარებდნენ ღმერთის ერთ პიროვნულობას. მათი სწავლებით მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები იყო მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც შთაფლავდნენ ერთხელ ნათლობისას. ამას აკეთებდნენ ვთქვათ მაკედონიანელები.

გარეგნულ ფორმას ცხადია აქვს მნიშვნელობა და არცთუ ისე უმნიშვნელო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნათლობის შესახებ, უპირველესად მისი არსი უნდა გავითვალისწინოთ. ნათლისღების დროს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მაცხოვართან ერთად თანადავეფლებით და თანაღვდგებით. ანუ ესაა ძველი ადამიანის დასაფლავება და ახალია ადამიანის აღდგომა. მოკლედ არსი ასე გადმოიცემა. შესაბამისად გარეგნული ფორმა ამას უნცდა ცხადყოფდეს. ეს კი აღსრულდება სამების სახელით ნათლისღებით და სამგზის შთაფვლით წყალში.

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ არიანელები (ძე ღმერთის ქმნილებად გამომცხადებლები) და მაკედონიანელები (სულიწმინდის ქმნილებად გამომცხადებლები), ადამიანებს წმინდა სამების იმ შინაარსით ნათლავდნენ, როგორი შინაარსიც ამ დოგმატს მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს. მაგრამ II მსოფლიო საეკლესიო კრებამ თავისი მეშვიდე კანონით შემდეგი რამ განაწესა:

მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.

საინტერესოა რატომ? თუმცა ამჯერად ამ საკითხს არ ვეხები.

რაც შეეხება დასხმით ნათლობას. ეკლესიას არ დაუგმია დასხმითი ნათლობა და თუკი შთაფვლითი ნათლობა იქადაგა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნათლობის დასმითი წესით აღსრულება არამართებულად მიიჩნია. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ უქმდება ნათლისღების არსი, რადგან წყალი რომელიც მას თავზე ესხმევა (და არა შუბლზე ვთქვათ, არამედ ადამიანის ზემოთა უკიდურეს ნაწილს) განასახიერებს მის თავზე მიწის დაყრას.

მაგრამ თუ მაინცდამაინც წყაროებზე მიდგება საქმე, სამწუხაროდ არ მიმიწვდება ხელი ედიშერის წიგნზე, სადაც არაერთი წყარო აქვს დამოწმებული დასხმითი ნათლისღების შესახებ (ერთ-ერთი ვახსენე კიდეც, რომელსაც სამწუხაროდ მოსაუბრემ წაუყრუა). მალე ალბათ ვიშოვი და დავდებ იმ ციტატებს.

(ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით".

აქ სადმე წერია, რომ თავზე ასხამდნენ ისინი. პირიქით, როგორც ვიცი შუბლზე მცირედ წყალს ასხურებდნენ და ამიტომაც დაიწერა ეს სიტყვები. აქ საუბარია თავზე, უკიდურეს წერტილზე წყლის დასხმაზე.

sopo... - (ციტატა) (ძველმართლმადიდებელი): "ღმერთმაბევრი ისეთი რამ შეიძლება დაუშვას, რაც ჩვენს გაგებას და ცნობიერებას აღემატება, მაგრამ ნებისმიერი დაშვება ღმრთისადმი რწმენით უნდა მივიღოთ და არა კრიტიკით. რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა და რა არა ერთმა ღმერთმა იცის".

განსაცდელი სხვა რამეა, ამის გამოცდილება სიტყვაზე მენდეთ არ მაკლია, და არ შემიქცევია ზურგი... მაგრამ ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა კიდევ სხვა, ღვთისკენ ვისწრაფვით იმიტომ რომ მასთან გვინდა, გვიყვარს , მოგვწონს სიკეთე, მაგრამ თუ ჩვენი წარმოდგენა შეიცვლება, ეს სურვილიც მასთან ყოფნის გაქრება.. ფორმას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხებს ასე არ ვაფასებ ანუ ვფიქრობ ფორმა სწორია ნათლობის ჯვრისგამოსახვის.. და ის ვთქვი რომ თუ ასეთი ზედაპირული შეიძლება ღვთის რისხვის მიზეზი იყოს რომელთა მცდრობასაც ვერ ვხედავ, , სიყვარულის ღმერთის რომელმაც პირველი ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, არათუ თითები, ცოდვებიც არ დაუთვალა, მაშინ.. ნუ მოკლედ რაც ვთქვი... ყოველშემთხვევაში თუ მე გადავწყვეტ, პასუხისმგებლობაც ჩემია, ნუ გეშინია.

ამ საკითხს რაც შეეხება http://cogmtl.net/Articles/025.htm

მოკლედ აქ ლაპარაკია იმაზე რომ სიტყვა "შთაფლვა" ბერძნული სიტყვა Baptizo გამოყენებულია სახარების სხვა ნაწილებშიც, კერძოდ ფარისევლების ჭამის წინ ხელის ბანის გამოსახატად, ანუ ამისთვის ხომ არ შთაეფლობოდნენ იგულისხმება დასხმა...



აქ ლაპარაკია რომ პირველი შემთხვევა დასხმით ნათლობის 251 წელს გვხვდება. და სხვა შემთხვევბიც ასეთი ფორმის ნათლობის მოციქულთა, ეპისკოპოსების წერილებში, და რომ არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა რომ ნათლობა ქრისტიანულ კატაკომბებში გამოსახულია - კაცი მუხლებამდე წყალში, და ჭურჭლით დასხმის პროცესი ნათლიის მიერ... ასევე სანათლავები აღმოჩენილია ისეთი სიღრმის რომ ფიზიკურად შთაფლვა ვერ განხორციელდობოდა და სავარაუდოა ხდებოდა დასხმით...


(ციტატა) (sopo...): "ფაქტია რომ სჯულისკანონმა კატეხიზმოდ შერაცხა დიდაქე".

ძველმართლმადიდებელი - რჯულისკანონს "დიდაქე" კატეხიზმოდ არ შეურაცხავს. თუ იმას გულისხმობთ, რომ წმ. ათანასე დიდმა ის საკითხავ წიგნთა შორის მოიხსენია, ხოლო ათანასეს ხსენებული ეპისტოლე (39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ) დიდ რჯულისკანონში შეიტანა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ "მოციქულთა მოძღვრება" ავტომატურად უნდა შეირაცხოს "კატეხიმოდ", რომელიც დიდმა რჯულისკანონმა დაამტკიცა. სხვათა შორის მას მოხსენიებული აქვს ჰერმესის "მწყემსი", მაგრამ ეს წიგნი "კატეხიზმოდ" არავის მიუჩნევია. თანაც, ათანასეს მიერ დასახელებული წიგნებიდან, რომლებიც ნებადართულია საკითხავად, კერძოდ, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის სიბრძნე, ესთერი, ივდითი და ტობია შეტანილია ბიბლიაში, საკითხავ წიგნებად. ჩვენ არ ვიცით ბიბლიის რომელიმე გამოცემა (ცხადია, მართლმადიდებლური გამოცემა), სადაც ათანასეს მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდან "დიდაქე" და "მწყემსი" შეეტანოს ბიბლიის შემადგენლობაში. ასე, რომ "დიდაქე" არ არის არავითარი კატეხიზმო. ან რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?

(ციტატა) (sopo...): "რადგან რეალურად არაფერი გვიჭირავს რის საფუძველზეც ვიტყვით რომ დიდაქე არ არის მოციქულთა სწავლება და წერტილს დავუსვამთ საკითხს... ვერსიების და ეჭვების დონეზე კი დასკვნების გაკეთება არაგონივრულია, რადგან ბიბლიის მევნიერიული განხილვაც 'ამოწმებს' მასში არსებულ შეცდომებს, და ეჭვქვეშ აყენებს მის სისწორეს ან ღვთაებრიობას..."

ძველმართლმადიდებელი - ბიბლიის რომელი რედაქცია დააყენა მეცნიერებამ ეჭვქვეშ? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, ლათინურისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობს ბიბლიის არა ერთი რედაქციით, ვულგატით, არამედ, მრავლით. რითაც მას შესაძლებლობა ეძლევა დაადგინოს ბიბლიის კრიტიკული ტექსტი და შეცდომა არ დაუშვას.

დიდაქეს რამდენი ვერსია გაგვაჩნია, რომ მისი კრიტიკული ტექსტი დავადგინოთ? მხოლოდ ერთი! და ისიც, წმიდა მამათა მიერ დაწუნებული. დიდაქეს წინააღმდეგ ჩვენ გვიჭირავს სერიოზული მასალები თვით დიდაქედან და თუ იმას მიდასტურებთ, რომ ამ სამხილების გამო დიდაქე საჭიროებს შესწორებას, მაშინ უნდა შეწყდეს "დიდაქეს" გამოცხადება და გამოყენება ავტორიტეტულ წიგნად, ვიდრე არ დადგინდება მისი სხვა, უფრო სანდო რედაქციები. დიდაქეში არსებულ წინააღმდეგობებზე მართლმადიდებლურ სწავლებასთან მე უკვე ვისაუბრე და ამიტომ არ განვმეორდები.

(ციტატა) (afxazi...): "არ ვიცი რამდენად კარგად იცნობ ერესების ისტორიას, თუმცა ფაქტია, რომ ნაკლებად იცნობ".

ძველმართლმადიდებელი - როგორ გიყვარს იმის აღნიშვნა, რომ მე არ ვიცი და შენ იცი...

მე ძალიან მიყვარს განათლეუბული ადამიანები, ისეთები, რომლებიც ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ საკითხს და ნამდვილად ობიექტური და მეცნიერული დასკვნების გადმოცემა შეუძლიათ... მე არ მრცხვენია ჩემი უმეცრების აღიარება... მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ვიღაცაზე მეტი ვიცი, ვიღაცაზე ნაკლები... არავის ვეჯიბრები, არც შენ... მე უბრალოდ ვმსჯელობ და როდესაც ვერ მპასუხობენ, რატომღაც მიჩიჩინებენ, რომ "ნაკლებად ვიცი", "არ ვიცი" და ა. შ...

საინტერესოა, მწვალებლობათა შესახებ ჯერ არ დაგვიწყია ლაპარაკი და ასე უცებ როგორ დაადგინე რომ "ნაკელბად ვიცი მწვალებლობათა ისტორია"? გულთმისანი ხომ არ ხარ? წმიდა მამებთან წამიკითხავს, "არასოდეს შეგრცხვეს თქმისა - არ ვიცი". მეც არ მრცხვენია. საერთოდ არ ვლაპარაკობ იმაზე, რა ვიცი და რა არ ვიცი. უბრალოდ ვარჩევ იმ საკითხებს, თუ ამჩნევ, წმიდა მამათა და ისტორიული ხასიათის თხზულებების გამოყენებით, რა როგორ იყო და როგორ არის. ამიტომ, მოდი, თავი დავანებოთ იმას, მე რა ვიცი, ან შენ რა იცი, ამას დიალოგი გამოავლენს, ჩვენ განსახილველი საკითხები გავარჩიოთ, იმ ზომით, რა ზომითაც ეს ძალგვიძს თითოეულს.

1

2

3

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика