Главное меню:
კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)
ნათლისღებისათვის
თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ.
სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს.
ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა -
ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს -
ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-
და მაშინ მოციქული პავლე "მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ:"თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?" -
როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და გაქადაგდნენ". ყოველივე ეს ვთქვი იმსთვის, რომ ნიკოდიმოსს სხვაგვარი ნათლობა ისრაელთა შორის არ ეხილა და ისიც იყო არა სულიწმიდის მომნიჭებელი, არამედ მხოლოდ წყლით ნათლისღება სინანულისა.
რატომ ეუბნება ქრისტე ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" ძველთაგანვე წინასწარმეტყველთაგან მოსწავებით ცნობილი, რომ არ ყოფილიყო ყოველივე, რად ეტყოდა უფალი ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" იმგვარი ნათლისღება, როგორსაც ლათინნი აღასრულებენ -
ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე".
ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი. ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.
აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვლობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან.
მრავალი ამგვარი მაგალითის შესახებ წაეკითხა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი?" და ყოველივე ამის ჭეშმარიტებით მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებული ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა: "ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა, რათა ეგრე ვქმნა".
ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას. როგორც წერილ არს, ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლისცემის შესახებ, ფილიპე და საჭურისი ორნივე ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტის ცხოვრებაშია მოთხრობილი -
ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდა ურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა, რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.
ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების -
ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას.
ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".
ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".
ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა.