აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის აპოლოგია III_2 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

მართლმადიდებლობის აპოლოგია

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)

მართლმადიდებლობის აპოლოგია

შინაარსი


თავი III

ჩვენი დროის ლუციფერიანელები, ანუ „ოპონენტთა სწავლება ეკლესიაში მწვალებელთა მიღების შესახებ და მისი შეჯერება მართლმადიდებლურ სწავლებასთან

6. კიდევ ერთხელ მწვალებლობიდან მოქცეულთათვის


მართლმადიდებლურ ეკლესიაში მეორე ჩინის ერეტიკოსებს, რომლებსაც დღეს ეკლესიისკენ მოქცევისას მირონი ეცხებათ, ადრე სული წმიდა ასევე თავზე ხელის დადებით ეძლეოდათ, რაიც მოგვიანებით ასევე მირონცხებით შეიცვალა.


მაგრამ ხელის ამ დადებას არაფერი აქვს საერთო (გარეგნული ფორმის გარდა) მღვდლობის საიდუმლოსთან. ამის მიზეზი კი ის ლოცვებია, რასაც მღვდელმსახური წარმოთქვამს ქიროტონიის საიდუმლოში.

მეორე ჩინის მწვალებლის მიღებისას, - ვინც უნდა იყოს ის, საერო პირი თუ სასულიერო ხარისხის მქონე - მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს მირონცხების საიდუმლოს და არა ხელდასხმისას.

ამ დროს ხელდასხმის საიდუმლოს ლოცვებიდან არც ერთი ლოცვა არ წარმოითქმება. ამიტომაც მეტად უცნაურია მისი დაკავშირება „კურთხევასთან“ ან „მაღალი იერარქიული დასისთვის ღირსების მინიჭებასთან“. ასე რომ არ იყოს, მაშინ მწვალებლის მიღებისას მღვდელი ან ეპისკოპოსი უნდა წარმოთქვამდეს „საკურთხებელ“ ან სამღვდლო „ღირსების მიმნიჭებელ“ ლოცვას. ამგვარი ლოცვები კი, გულწრფელად მოგახსენებთ, წმიდა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცნობია...

კითხვა: მაშ, რას კითხულობს მღვდელი (ან ეპისკოპოსი) მწვალებლობიდან მოქცეულთა ეკლესიაში მიღებისას და როდის ან ვის მიერ ღებულობს მწვალებლობისგან მოქცეული იერარქი საღმრთო მსახურების მადლს?
პასუხი: როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეკლესია მწვალებლებს ჰყოფს სამ კატეგორიად, ამიტომაც მათი მიღებისას ლოცვებიც ამ კატეგორიათა შესაბამისად იკითხება. მოსანათლავ, ანუ პირველი კატეგორიის ერეტიკოსებს უტარდებათ ნათლისღების საიდუმლო, მეორე კატეგორიის ერеტიკოსებს – მირონცხება, ხოლო მესამე კატეგორიის ერეტიკოსებს უკითხავენ ეკლესიასთან შესარიგებელ ლოცვას, რომელშიც ასევე არ წარმოითქმება არავითარი „კურთხევა“ სამღვდელმთავრო ან სასულიერო მსახურებაზე და არ ხდება მსახურების შესაბამისი „ღირსების მინიჭება“.

გამომდინარე იქიდან, რომ მწვალებლის ეკლესიაში მიღებას ოპონენტები აღიქვამენ, მსახურებაზე „კურთხევად“ ან „სასულიერო ღირსების მინიჭებად“, ისინი ამტკიცებენ, რომ „მწვალებლობიდან ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხის შენარჩუნებით ეპისკოპოსის მიღება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავართა კრებასა და არამც და არამც მღვდლებს, გინდაც მათი რიცხვი მილიონს აღწევდეს“.

ოპონენტთა ამ „ლოგიკიდან“, რომელსაც წმ. დიონისეს, ღირ. მაქსიმეს და გიორგი პახიმერის განმარტებებითაც „ამაგრებენ“ მღვდელს არა აქვს მხოლოდ ეპისკოპოსის მიღების უფლება, მაგრამ, ალბათ, შეუძლია მისი თანასწორი ან ქვემდგომი ხარისხის მქონე (მაგ. მღვდლის ან დიაკვნის) მწვალებლის მიღება.

მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მათსავე ლოგიკას. თუკი მწვალებლის ეკლესიაში მიღება ტოლფასია ღვთისმსახურებაზე კურთხევისა ან სასულიერო პატივისა და ღირსების მინიჭებისა, მაშინ მღვდელს არათუ ეპისკოპოსის, არამედ მღვდლისა და დიაკვნის მიღებაც არ შეეძლება, რაც ასევე ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს და წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის ორიათასწლოვან პრაქტიკას.

მეტიც, ვიკითხოთ, შეეძლება თუ არა მღვდელს მწვალებელი ერისკაცის მიღება?! ხომ არ ანიჭებს ის ერისკაცს რაიმე „კურთხევას“ ან „სასულიერო პატივს“ მიღებისას? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, ოპონენტების ლოგიკით, მღვდლის მიერ ეკლესიაში შემორიგებული ერისკაცი უნდა გამოცხადდეს ღვთისმსახურად (თუმცა რომელი ხარისხისა, ეს ოპონენტების დასადგენია).

ამგვარი აბსურდული დასკვნების უარსაყოფად ოპონენტებს რჩებათ მხოლოდ სამი გზა:

მცდარად გამოაცხადონ თავიანთი შეხედულება და უარყონ იგი.

ან აღიარონ, რომ მიღებისას ერისკაცებს უკითხავენ სხვა ლოცვებს (განსხვავებით სასულიერო პირებისგან და წარმოადგინონ ეს ლოცვები).

ან კიდევ თქვან, რომ მირონცხების საიდუმლო ავტომატურად ანიჭებს მწვალებელს იმ ხარისხს და აკურთხებს მას იმ მსახურებაზე, რომელი ხარისხითაც ეკლესიას უერთდება.

მეორე და მესამე ვერსიები აბსურდულია, რამეთუ მეორე და მესამე ჩინის ნებისმიერ მწვალებელთ, მათი ხარისხისა და მდგომარეობის მიუხედავად, ყველას ან ერთი და იგივე, მირონცხების საიდუმლო უტარდება, ან, თუკი მესამე ჩინის ერეტიკოსები არიან, ერთი და იგივე ლოცვა ეკითხებათ. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია ითქვას, რომ „იკურთხებიან“ მხოლოდ სასულიერო დასთაგან, ერისკაცნი კი არა, ხოლო თუ ერისკაცი არ „იკურთხება“ მირონცხებით და რაიმე სასულიერო ღირსება არ ენიჭება, ცხადია, იგი ვერც სასულიერო პირს მიენიჭება, რამეთუ საიდუმლო მირონცხებისა თუ ლოცვა ყველასთვის ერთი და იგივეა.

თუკი მწვალებლის შემოერთებისას ლოცვა ან მირონცხება ერთს (ვთქვათ, სასულიერო პირს) ანიჭებს საღვთიმსახურებო „კურთხევას“, რატომ არ უნდა ანიჭებდეს (იგივე ღონისძიება) მეორეს (ერისკაცს) ანალოგიურ პატივს? და, თუ არაფერს ანიჭებს ერისკაცს, მაშინ საიდანღა მიანიჭებს რაიმე ღირსებას სასულიერო პირთაგანს?

თუ იმას იტყვიან, მირონცხების საიდუმლო ავტომატურად ანიჭებს მწვალებელს იმ ხარისხს და აკურთხებს მას იმ მსახურებაზე, რომელი ხარისხითაც ეკლესიას უერთდება, მთლად ზუსტი და მამათა სწავლების თანხმიერი ვერც ეს სწავლება აღმოჩნდება, რამეთუ ესა თუ ის პატივი ან ხარისხი ადამიანებს ამ მსახურებისთვის დაწესებული სპეციალური ლოცვების ძალით ენიჭებათ მღვდლობის საიდუმლოში და არა მირონცხებით ან მესამე კატეგორიის ერეტიკოსთათვის წასაკითხი და ეკლესიაში მათი შემოსარიგებელი ლოცვებით.

მღვდლობის საიდუმლოს აღსრულება შედის მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივაში მაშინ, როდესაც დანარჩენ საეკლესიო საიდუმლოთა შესრულება მღვდელმსახურსაც ძალუძს. რაც შეეხება მესამე კატეგორიის მწვალებლის ეკლესიაში ლოცვით შემორიგებას, ის საერთოდ არ გახლავთ საეკლესიო საიდუმლო (ამ სიტყვის მკაცრი გაგებით) და მისი აღსრულება თავისუფლად შეუძლია მვდელმსახურსაც.

ამრიგად, მწვალებელი, მისი კატეგორიის შესაბამისად, ეკლესიაში მიღებისას ან მოინათლება, ან მირონს იცხებს, ან კიდევ მოისმენს შემოსარიგებელ ლოცვას.

სამივე ამ ღონისძიებით მას მიეტვება ცოდვა და მიენიჭება სული წმიდის მადლი სულიერ ცხოვრებაში განსამტკიცებლად და ასაღორძინებლად და არა სასულიერო ხარისხი, როგორც ამას ოპონენეტები ასწავლიან.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის ან ვის მიერ ღებულობს მწვალებელი იერარქი საღმრთო მსახურების მადლს ეკლესიაში შემორიგებისას, ვუპასუხებთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით: ერეტიკოსებსა და სქიზმატიკოსებს „მხოლოდ მაშინ მიეტევებათ ცოდვები, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას, ხოლო, როდესაც ეკლესიას დაუბრუნდებიან, მაშინ მათში გაცოცხლდება მადლი ნათლობისა, რომელიც მათ უკვე მიიღეს (მწვალებლობაში ყოფნისას – ეპ.პ) და რომლის განმეორება არ შეიძლება“ (Раскол донатистов. Церковно-историческое исследование Н. Кутепова, изд. Казань, 1884 г., стр. 115, ციტ. В. Т. Зеленков... დასახ. ნაშრ. გვ. 191, 192, #357).

იგივე მამა წერს, რომ: „სქიზმატიკოსთა ნათლობის მადლი წარმოჩინდება მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას“ (იქვე. გვ. 122 ციტ. იქვე. 357. გვ. 191-192).

ის, რაც ნათლობაზე ითქვა, ნეტ. ავგუსტინეს მინიშნებითვე, ითქმის ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა ხელდასხმაზეც, მითუმეტეს, რომ ნათლობა და ხელდასხმა არაგანმეორებად საეკლესიო საიდუმლოებებს განეკუთვნება, თუ მოციქულთაგან ბოძებული მათი გარეგნული ფორმა შესრულებულია სწორად და წესიერად (იხ. „სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად“. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

ამრიგად, ამ შეკითხვას შეგვიძლია ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებით ასე ვუპასუხოთ: „...მირონცხებად ერეტიკოსთა ხელდასხმა ნამდვილია, მაგრამ მისი მადლმოსილება წარმოჩინდება მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას... ხოლო, როდესაც დაუბრუნდებიან ეკლესიას, მაშინ მათში (მირონცხების შემდეგ) გაცოცხლდება მადლი ქიროტონიისა, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ და რომლის განმეორება უკვე აღარ შეიძლება“.

ოპონენტების მიერ წარმოდგენილ ამ სწავლებაშიც ლათინიზმის მწვალებლური იდეები გამოსჭვივის. მართალია, სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც, ეს არის ლათინურ-პაპისტური სწავლება მირონცხების საიდუმლოს შესახებ, რომლის უპირატესი შემსრულებელი არის „ეპისკოპოსი“ (იხ. პროფ. დ. ოგიცკი. დოც. მღვდ. მ. კოზლოვი. „რომაული კათოლიციზმი“ (საქ. საპატრიარქოს გამოც. თბ. 2000 წ. გვ. 118).

სხვა წყაროს მიხედვით, „მირონცხების სადუმლოს რომაელ-კათოლიკეებში, ასრულებს „მხოლოდ ეპისკოპოსი“ (Протоиерей Митрофан Зноско-Боровский. Православие, римо-католичество, протестантизм и сектантство. Изд. Свято-Троицкой Сергиевой Лавры. 1991 г., стр. 49).

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გაბატონებულ ეკლესიას საკმაოდ მკაცრად აქვს შეთვისებული რომაულ-კათოლიკური სწავლება საეკლესიო იერარქიისა და მასში მღვდელმთავრის განსაკუთრებული და აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ, რაც ამ ე.წ. „მართლმადიდებლობაში“ გამოხატულია ეპისკოპატის განსაკუთრებული და აბსოლუტური ძალაუფლებით ქვემდგომ იერარქიებზე და მთლინად საეკლესიო ერზე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხსენებული კონფესია ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მღვდელს არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევს.

ოპონენტებს რატომღაც არაფერი უშლით ხელს, საეკლესიო სჯულმდებლობა ბუკვალურად გაიგონ და განმარტონ პაპიზმის (ჩვენი ოპონენეტების შემთხვევაში „კოლექტიური პაპიზმის“) სულისკვეთებით. მ.შ. „წაართვან“ მღვდელს უფლისგან მინიჭებული ძალი შეკვრისა და გახსნისა და არ მისცენ უფლება, ეკლესიას შემოუერთოს მწვალებელი, - არც ერისკაცი, არც რომელიმე სასულიერო პირი, მ.შ. მღვდელმთავარი. მით უმეტეს, თუკი მათი სწავლებით ასეთი აკრძალვა გამომდინარეა ორი განსხვავებული საიდუმლოს, მირონცხებისა და მღვდლობის (ქიროტონიის) ერთმანეთში არევით, ერთი მხრივ, და მათთან მწვალებელთა შემოერთების წესის შერწყმით – მეორე მხრივ.

ასეთია რეფორმატორულ „მართლმადიდებლობაზე“ ლათინიზმის ზეგავლენის უცილობელი შედეგი, რაიც არავითარ შემთხევაში არ არის წმ. დიონისე არეოპაგელის, ღირ. მაქსიმე აღმსარებლისა და გიორგი პახიმერის სწავლება საეკლესიო იერარქიის შესახებ, როგორც „ივერიის გაბრწყინების“ რედკოლეგიის წევრები ცდილობენ ამაში მკითხველის დარწმუნებას.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ფორმებით არათუ მღვდელი, თვით ეპისკოპოსიც კი ვერ მიანიჭებს რაიმე სასულიერო ღირსებას ან ხარისხს ეკლესიასთან შემორიგებულ მწვალებელ იერარქს, რამეთუ ნებისმიერი ხარისხისა და მდგომარეობის მწვალებლის ეკლესიაში შემორიგებისთვის დაწესებულია ერთი და იგივე და არა სხვადასხვა ლოცვები და წესი.

ხოლო შემორიგების წესის აღსრულებით მწვალებელს ეძლევა ღმრთის მადლი სულიერი აღორძინებისთვის და არა ქიროტონიისა ან სამღვდლო მსახურებისა.

სულიერი აღორძინებისთვის საჭირო მადლი კი II ჩინის მოქცეულ მწვალებელთ ეძლევათ სწორედ მირონცხებით, რამეთუ, როგორც ეს ზემოთაც ვნახეთ, ასეთია ამ საიდუმლოს დანიშნულება და შინაარსი.

გარდა ამისა, ოპონენტები გადმოგვცემენ ეკლესიის პრაქტიკასთან შეუთავსებელ და უცნაურ სწავლებასაც, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მირონცხებით (ანუ მეორე ჩინით) მისაღებ ერეტიკოსებს ეკლესიაში მიღებისას თავიანთი ხარისხები არამც და არამც არ უნარჩუნდებათ და მათ ხელი თავიდან უნდა დაასხან.

აი, რას წერენ ისინი ამ საკითხზე:


7. ბეზპოპოვცური სულისკვეთება ანუ ახალი ლუციფერიანელები

„ივერიის გაბრწყინება“ (ამონაწერი): „სამღვდელო ხარისხების შენარჩუნებას ეკლესია უშვებს იმ ერეტიკოსებისთვის, რომლებიც შეიწყნარებიან მწვალებლობათაგან გამიჯვნის, მათი საჯაროდ უარყოფის, მეშვეობით (ე.წ. მესამე ჩინით“); იმ ერეტიკოსებთან, ვინც ეკლესიაში მირონცხებით (ე.წ. „მეორე ჩინი“) ერთვებიან, - სამღვდელოებს პირვანდელი ხარისხები არ ენახებათ, არამედ ისინი მიიღებიან ვითარცა საერონი (I მსოფლიო კრების მე-19 კანონი. ამ კანონის ზონარასეული განმარტება), რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზით: მირონცხებისას მწვალებელს შეევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი, მაგრამ არა – ქიროტონიისა“ („ივ. გაბრწყ“. ¹7(39) 30 დეკ. 2000 წ. გვ. 9 სვ. 1).

იქვე (ამონაწერი): „მირონცხებით ეკლესიაში ჩართულ მწვალებელ მღვდელს, თუკი იგი მღვდლობის ღირსია, ჭეშმარიტ ეკლესიაში ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს რაც მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავრის პრეროგატივაა, მაგრამ, ვინაიდან „სტაროვერებს“ ეპისკოპატი არ გააჩნდათ, ამიტომ ისინი „გადამრბენ მღვდლებს“ არსებულ ხარისხებში ვერასგზით მიიღებდნენ... – ამრიგად, „ნიკონიანელი“ მღვდლები რაკი მირონცხებით, ანუ „მეორე ჩინით“, ეკლესიურდებოდნენ, მათ სასულიერო წოდება უნდა ჩამორთმეოდათ და საერო პირების სტატუსით გაწევრიანებულიყვნენ „პოპოვშჩინაში“ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ეკლესია რომ ყოფილიყო... (იქვე).

პასუხი: თავი რომ დავანებოთ მართლმადიდებლობისთვის უცხო მტკიცებას, რომ „მირონცხებით მწვალებელს ევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი“, რასაც არ ასწავლის არც ერთი წმ. მამა, ოპონენტთა ზემოთ ჩამოყალიბებული სწავლება აშკარად მწვალებლური და ეკლესიის 2000-წლოვან პრაქტიკასთან შეუსაბამოა.

ამ სწავლებაში ასახულია ე.წ. ლუციფერიანული მწვალებლობა და „ბეზპოპოვცების“ მოძღვრება ეკლესიაში ერეტიკოსთა მიღების შესახებ. ეს მიზეზია, რომ მათ დღემდე არ ჰყავთ სასულიერო დასი.

ოპონენეტების მიერ გადმოცემული სწავლება მეორე ჩინის მწვალებელ იერარქთა ხარისხის გარეშე ერისკაცებად მიღების შესახებ არის „ბეზპოპოვცების“ ეკლესიოლოგიის საფუძველთა საფუძველი.

დავიწყოთ იმით, რომ გამოთქმა: „მირონცხებით მწვალებელს ევსება მირონცხების საიდუმლო“, არის სრული უაზრობა და ლაფსუსი.

ასეთივე უაზრობაა „ნათლისღების შევსება მირონცხებით“.

მეტიც, ერთი საიდუმლოს შევსება მეორეთი ცნობილი ერეტიკოსის პეტრე კნაფევსის მწვალებლობაა. „პეტრე კნაფევსმა, გვამცნობს ისტორია, – დაამხო მართლმადიდებელი მღვდელი და მის ადგილზე ხელი დაასხა სპარს ქსენაიას, რომელიც არამართლმადიდებლურად აზროვნებისთვის განდევნილი იყო ანტიოქიიდან კაცენდიონის მიერ. როდესაც ზოგიერთმა ეპისკოპოსმა სპარსეთიდან ამცნო პეტრეს, რომ ქსენაია იყო მოუნათლავი, გამოქცეული მონა, კნაფევსმა მათ მიუგო, რომ ეპისკოპოსის ქიროტონია ცვლის (ავსებს – ეპ.პ.) ნათლისღებას“ ("Летопись церковных событии", еп. Арсения, лето 484, стр. 196).

თუკი ერეტიკოსს, რომელიც ეკლესიას უერთდება, არ აქვს ნათლობა, ამ დანაკლისს მას ვერანაირი მირონცხება ვერ „შეუვსებს“. ამდაგვარი თავიდან არის მოსანათლი და არა მირონსაცხები.

ჩვენთვის უცნობია წყარო, რომელსაც შესაძლოა ეყრდნობოდნენ ოპონენტები ამ სწავლების გადმოცემისას, მაგრამ აშკარაა, ეს წყარო არ არის მართლმადიდებლური...

რაც შეეხება მირონცხებას, ცხადია (თუ მწვალებელს თავის საკრებულოში არ მიუღია მირონი ან ეკლესიის მიერ მისი სწავლება გადანაწილებულია ისეთ კატეგორიაში, რომელიც მათ მწვალებლურ საკრებულოში აღსრულებულ მირონცხებას არ თვლის) ეკლესია ამ შემთხვევაშიაც ისეთ მწვალებელს სცხებს მირონს, რომელსაც, ის არ გააჩნია და უვსებს ამ დანაკლისს.

მირონცხების დანაკლისის შევსება მირონცხებით სავსებით ლოგიკურია, შესაძლებელიც და აუცილებელიც.

ნათლისღების მირონცხებით შევსება კი შეუძლებელია და აბსურდი! ნათლისღების დანაკლისის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ნათლისღებით.

მაგრამ ოპონენტების სწავლება შეიცავს სხვა წინააღმდეგობასაც. ოპონენტები ჯერ იმას ამტკიცებდნენ, რომ მწვალებელი იერარქის ეკლესიაში შემოერთება ძალუძს მხოლოდ ეპისკოპოსს, რამეთუ ამ შემთხვევაში ისინი მირონცხებაში ხედავდნენ:

„მაღალი დასისთვის (მაგ. ეპისკოპოსისთვის – ეპ.პ.) შესაბამისი იერარქიული ხარისხის მინიჭებას“ („ივ. გაბრწყ“. ¹26. 2000 წ. გვ. 9).

„კურთხევას სამღვდელმთავრო მსახურებაზე“ („ი. გაბრწყ.“ ¹6 2000 წ. გვ. 9).

„სამღვდელმთავრო მსახურების სულიწმიდისეული მადლის გადმოცემას“ (იქვე).

სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეუძლებლად მიიჩნევდნენ, მღვდელს შემოერიგებინა ეკლესიაში მწვალებელი იერარქი. მათი აზრით, ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ ეპისკოპოსს, რამეთუ, „იერარქიული ხარისხის მინიჭება“, „კურთხევა სამღვდელმთავრო მსახურებაზე“ და მასზე (ანუ სამღვდლო მსახურებაზე) „სულიწმიდისეული მადლის გადმოცემა“ მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივაა და ეს ყოველივე თურმე აღსრულდებოდა სწორედ მირონცხებაში, როდესაც მეორე ჩინის ერეტიკოსს შემოირიგებდა ეპისკოპოსი.

მაგრამ ამჯერად „სტაროვერების“ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებაში მირონცხების ეს ძალა საპნის ბუშტივით გაქრა.

თუკი მირონცხებაზე, როგორც ოპონენტები ასწავლიან, „მწვალებელს შეევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი“, მაგრამ არა ქიროტონიისა, მაშინ, ცხადია, რომ მირონცხებით მწვალებელი იერარქიის მიღება არ შესძლებია თვით ეპისკოპოსსაც.

მეტიც, მეორე ჩინის ერეტიკოსი ერისკაცად ყოფილა შესაწყნარებელი და, თუკი ღირსი აღმოჩნდება, თავიდან ხელდასასხმელიც სამღვდლო მსახურებაზე; რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ამჯერად ამტკიცებენ, „მირონცხებით მას არ ევსება ქიროტონიის საიდუმლო, ქიროტონიის მადლი“.

იმის სანაცვლოდ, რომ ოპონენეტებს თითოეულ ხსენებულ საიდუმლოზე ჩამოეყალიბებინათ წმ. მამებისეული სწავლება და აქედან გამომდინარე გაეაზრებინათ მათთვის საინტერესო საკითხები, შემოგვთავაზეს საკუთარი „თეოლოგიურ-ეკლესიოლოგიური“ ვინეგრეტი, რომელსაც ბევრი აქვს საერთო რომაულ-კათოლიციზმთან, მართლმადიდებლობასთან კი არაფერი!

კითხვა: რა შეიძლება ითქვას ოპონენეტთა იმ მტკიცებაზე, რომლის თანახმადაც „სამღვდლო ხარისხების შენარჩუნებას ეკლესია უშვებს მხოლოდ მესამე ჩინის ერეტიკოსთათვის, ხოლო „ვინც ეკლესიაში მირონცხებით (ე.წ. „მეორე ჩინით“) ერთვებიან, - სამღვდელოებას პირვანდელი ხარისხები არ ენახებათ, არამედ ისინი მიიღებიან ვითარცა საერონი“ და მათ, თუ ღირსნი იქნებიან, „ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეთ“?

პასუხი: ამ მტკიცებულებაში სწორია ის, რომ ეკლესიასთან შემორიგებულ მესამე ჩინის ერეტიკოსებს ნამდვილად უნარჩუნდებათ მწვალებლობაში მიღებული ხელდასხმები, მაგრამ არასწორია, თითქოს მეორე ჩინის ერეტიკოსებს, ანუ მათ, რომლებიც ეკლესიაში მიიღებიან მირონცხებით, „არ ენახებათ პირვანდელი ხარისხები და მიიღებიან ვითარცა საერონი“.

კითხვა: საიდან ჩანს ეს?

პასუხი: ეს ჩანს წმ. მამთა სწავლებიდან და ეკლესიის ისტორიიდან, განსაკუთრებით კი შვიდი მსოფლიო კრების საქმეებიდან და, რაც ყველაზე საინტერესოა, ოპონენეტების მტკიცება ეწინააღმდეგება თვით მათივე ეკლესიის პრაქტიკას. ლათინური მწვალებლობიდან გადმოსულ იერარქებს ღებულობენ მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით და სასულიერო ხარისხთა შენარჩუნებით.

მოსკოვის ცნობილი ნიკონიანელი მიტროპოლიტი და ღვთისმეტყველი მაკარი (ბულგაკოვი) წერს: „ჩვენ აღვიარებთ მათ (ლათინთა – ეპ. პ.) სამღვდელოებას და არასოდეს დავასხამთ ხელმეორედ ლათინებს მართლმადიდებლობისკენ მათი მოქცევის შემთხვევაში“ (Митр. Макарий. Ист. Русск. Церкви, т. 12, стр. 197).

ამ უკუღმართი სწავლებით ოპონენტები ემსგავსებიან ძველ ერეტიკოსებს - ლუციფერს და ილარიონს.

კითხვა: ვინ იყვნენ ლუციფერი და ილარიონი და რას ასწავლიდნენ ისინი?

პასუხი: კალარიის ეპისკოპოსი ლუციფერი (IV ს.) შეიწყნარებდა არიანელთა ნათლობას, რომელთაც ეკლესია ღებულობდა მირონცხებით, მაგრამ მათ ხელდასხმას არა, ამიტომაც ითხოვდა არიანელი მწვალებლობიდან გადმოსულთა თავიდან ხელდასხმას. ამ მიზეზით არ შეიწყნარა მან არიანელობიდან მოქცეული ანტიოქიის არქიეპისკოპოსი მელეტი, მიიმხრო მრავალი ქრისტეანი და წარმოშვა განხეთქილება და მწვალებლობა, რომელიც ცნობილია „ლუციფერიანელობის“ სახელით.

ხოლო ილარიონი არაფერს ცნობდა ერეტიკოსებში - არც ნათლობას, არც ხელდასხმას...

ორივე ეს მწვალებლობა დაგმო წმ. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

რადგან ჩვენი ოპონენტების სწავლება ზედმიწევნით იმეორებს ლუციფერ კალარიელის მწვალებლობას, ჯეროვანია, უფრო ახლოს გავეცნოთ ამ საკითხს.

„ანტიოქიაში მომხდარი განხეთქილებისა და განყოფის ისტორია ასეთია: 330 წელს არიანელებმა დაამხეს და გადაასახლეს ნიკეის სარწმუნოების (I მსოფლ. კრების – არქიეპ.პ.) დამცველი ანტიოქიის ეპისკოპოსი ევსტათი (სოკრატე. წიგნი 1. თ. 24 სოზომენი. წიგნი 2. თ. 18-19; თეოდორიტე წიგნი 1. თ. 21-22). ამ დროიდან ანტიოქიის კათედრას დაეუფლნენ ევსებიანელნი. მაგრამ ევსტათის ერთგულმა მართლმადიდებელთა ერთმა ნაწილმა სასულიერო პირებითურთ გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა არიანელ ეპისკოპოსებთან და შეადგინა ცალკე თემი, რომელთაც მეთაურობდნენ მხოლოდ პრესვიტერები. ისინი ევსტათიანელების სახელით ცალკე იკრიბებოდნენ (თეოდორიტე. წიგნი 1. თ. 22). 360 წელს არიანელებმა ანტიოქიაში განაწესეს მელეტი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის იყო არიანელი. მაგრამ მელეტი აღმოჩნდა მტკიცე მართლმადიდებელი (Бароний. л. 360. число 10-12; სოზომენი წიგნი 4. თ. 28). მაშინ არიანელებმა მელეტი დაამხეს და მის ადგილზე განამწესეს ევზოი (იქვე. თეოდორიტე წიგნი 2. თ. 31). ამ დროს მართლმადიდებელთა ნაწილმა, რომელიც ევსტათის ემხრობოდა, მელეტი აღიარა თავის ეპისკოპოსად, მაგრამ ევსტათიანელთა სხვა ნაწილმა არ ისურვა თავის ეპისკოპოსად მელეტის აღიარება იმ მიზეზით, რომ ადრე არიანელთა მიერ იყო დაწესებული და აგრძელებდა ცალკე შეკრებებს პრესვიტერ პავლინეს მეთაურობით (თეოდორიტე წიგნი 5. თ. 3).

ამგვარად, ანტიოქიაში მართლმადიდებლები განიყვნენ ორ პარტიად. წარმოიქმნა განხეთქილება, რომელსაც უწოდეს მელეტიანური“(ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. ნაწილი I. პირველი ნახევარი. გვ. 239-240).

სოზომენეს ცნობით: „რადგანაც მელეტი არიანელ ეპისკოპოსთაგან იყო ხელდასხმული და მისი მიმდევრებიც ამგვარი მღვდლების მონათლულნი იყვნენ, ამ მიზეზით გამოეყვნენ ისინი სხვებს, თუმცა სარწმუნოება და სწავლება ღმერთზე განსხვავებული არ ჰქონდათ“ (Созомен Саламинский. Церковная история, изд. СПб. 1851 г., кн. 4, гл. 28, стр. 300).

„სწორედ ეს გამოყოფა (მელეტისგან) გახდა ე.წ. ლუციფერიანელთა მწვალებლობის დაფუძნების მიზეზი“ (იქვე. кн. 5, гл. 13, стр. 144).

განხეთქილების შემდეგ „ალექსანდრიის კრებამ, ათანასე (ალექსანდრიელის) წინადადებით, მართლმადიდებელთა შესარიგებლად ანტიოქიას წარაგზავნა დეპუტაცია, რომელთა შორისაც იყო ფანატიკურად მკაცრი ლუციფერ სარდინელი, რომელიც იმხანად გადასახლებიდან ახალდაბრუნებული იყო ალექსანდრიაში.

ლუციფერმა თავისი ხასიათის სიფიცხით საქმე მთლად გააფუჭა: არ ცნო რა მელეტი კანონიერ ეპისკოპოსად, ევსტათიანელებს ეპისკოპოსად დაუყენა პავლინე. განხეთქილება გაგრძელდა. პავლინეს მხარს უჭერდნენ ალექსანდრიისა და დასავლეთის ეკლესიები, ხოლო მელეტის აღმოსავლეთის ყველა მართლმადიდებელი“ (Евграф Смирнов. История христианской церкви; изд. 7, СПБЮ 1901 г. § 9, стр. 241). მათ შორის წმ. იოანე ოქროპირიც.

მელეტის იცავდა წმ. ბასილი დიდიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ აღმოსავლეთში არიან მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც და რომ თვითონ და მელეტი ანტიოქიელიც არიან მართლმადიდებელნი; რომ პავლინეს ეპისკოპოსად განწესება ანტიოქიაში იმ დროს, როდესაც იქ უკვე განწესებულია მართლმადიდებელი მელეტი, არის უკანონო“ (იქვე).

ლუციფერიანელთა მწვალებლობა კი გამოიხატა იმაში, რომ მწვალებლობაში დაცემულ ეპისკოპოსებს არ შეიწყნარებდნენ თავიანთ ხარისხში (Феатрон исторический. СПБ. 1720 г., изд. по благосл. Синода, л. 180 об. и 181).
ნეტ. იერონიმეს ეკუთვნის ლუციფერიანელთა მწვალებლობაზე დაწერილი სპეციალური ტრაქტატი სახელწოდებით: „საუბარი ლუციფერიანელთა წინააღმდეგ“ (Блаж. Иероним. Творения, ч. IV, изд. Киев, 1880 г. Разговор против люцифериан, стр. 58). რომელშიც გაცამტვერებულია ამ მწვალებლობის არსი.

ამ ნაშრომის შესწავლა მეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ოპონენეტებისთვის.

კითხვა: რა კავშირი აქვს ამ ისტორიას მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით მწვალებელთა მიღებასთან?

პასუხი: საქმე იმაშია, რომ არიანელობა ეკლესიამ განაკუთვნა მეორე ჩინის, ანუ მეორე კატეგორიის მწვალებლობას, საიდანაც ეკლესიასთან შემორიგება ხორციელდებოდა მირონცხებით.

როდესაც ოპონენეტები აცხადებენ, რომ „მეორე ჩინის“ სამღვდელოებს პირვანდელი ხარისხები არ ენახებათ და ისინი მიიღებიან, ვითარცა „საერონი“, და, ასევე, ამბობენ, რომ „მირონცხებით ეკლესიაში ჩართულ მწვალებელ მღვდელს, თუკი იგი მღვდლობის ღირსია, ჭეშმარიტ ეკლესიაში ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს“ – ამით წარმოაჩენენ თავიანთ სულიერ კავშირს ლუციფერიანულ მწვალებლობასთან, რომელიც დაგმობილია წმ. მამათა მიერ.

იმის გამო, რომ არ ცნობდნენ არიანელთა მწვალებლობაში ხელდასხმულთა სამღვდლო პატივს ლუციფერიანელები, არ ღებულობდნენ ეპისკოპოს მელეტის, არადა, ამ მელეტის ხელდასხმულები არიან დიაკვნებად წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი (Четья минея, 1 Генваря, Ноября 13). ხოლო კონსტანტინოპოლში პატრიარქად დაამტკიცა წმ. გრიგოლ ღთისმეტყველი (Четья минея, Ноября 13). რა სავალალო ლოგიკური დასკვნა შეიძლება გამოიტანონ ოპონენეტებმა თავიანთი ლუციფერიანული შეხედულებებიდან, ვფიქრობ, მკითხველიც ადვილად განსჯის.

კითხვა: სად არის მითითებული თუ რომელი ერეტიკოსი რომელი ჩინით უნდა იქნას მიღებული წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში?

პასუხი: ერეტიკოსთა მიღების წეს-განგება (მაგ. ლათინთა, იაკობიტთა, იუდეველთა და ისლამის მიმდევართა მიღების წეს-განგებები) საზოგადოდ საეკლესიო „კურთხევანშიც“ არის მოცემული, მაგრამ ძირითადად მწვალებელთა კლასიფიკაცია გადმოცემულია „დიდ რჯულისკანონსა“ და სხვა კანონიკურ განწესებათა კრებულებში.

განმარტებებსა და მითითებებს გარდა ამისა, სხვადასხვა მწვალებლობათა ამა თუ იმ წეს-განგებით მიღების შესახებ ვხვდებით წმ. მამათა თხზულებებსა და ისტორიულ წყაროებში.

II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-7 კანონში ვკითხულობთ: „მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყანრებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, რომლებიც წმინდად ხმობენ თავიანთ თავს და უმჯობესად, მეთოთხმეტიანელნი (ტეტრადიტები) და აპოლინარელნი, შეიწყარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში, ანუ ქარტაში, ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობებს. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე“.

ზონარას განმარტება: ამ მწვალებლებს ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგან ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისგან. ამრიგად, თითოეული მათგანი ანათემას გადასცემს ყველა ერესს, განსაკუთრებით კი საკუთარს და იცხებს წმიდა ზეთს და აღასრულებს ყოველივეს, რაც ამგვარი შემთხვევისთვის განუწესებია ეკლესიას“.

II მსოფლიო კრების მე-8 კანონით, ევნომიანელები, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელები, ანუ ფრიგიელები (იგივე პეპუზიანელები), საბელიანელები (რომლებიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩადიან), და სხვა მწვალებლები, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მათლმადიდებლობის აღსარებას, მიიღებიან როგორც წარმართნი... “ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა.

VI მსოფლიო საეკლესიო კრების 95-ე კანონი გვამცნობს: „არიანელებს, მაკედონიანელებს, ნავატიანელებს, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებს, მემარცხენეებს, მეთოთხმეტეებს, ესე იგი მეოთხეებს და აპოლინარელებს შევიწყნარებთ შემდეგნაირად: მოვთხოვთ მათ ხელწერილს და ვუბრძანებთ, შეაჩვენონ ყოველგვარი მწვალებლობა, და დავბეჭდავთ მათ, ესე იგი ვცხებთ წმინდა მირონს პირველად შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირზე და ყურებზე და ვიტყვით: ბეჭედი სულიწმიდის ნიჭისა“ („დიდი რჯულისკანონი“ საქ. საეკ. კალენდ. 1887 წ. გვ. 340 ასევე.

ამრიგად, მწვალებელთა სხვადასხვა რანგით (ჩინით) მიღება ეკლესიის უძველესი და აუცილებელი წესია, რომლითაც ის დღემდე სარგებლობს და ისარგებლებს მომავალშიც. ამ წესების უგულებელყოფა მწვალებლობის ტოლფასია და უმკაცრესად ისჯება.

კითხვა: „ივერიის გაბრწყინების“ რედკოლეგია, რომელიც უცილობლივ საკუთარი ეკლესიის სწავლებას გადმოგვცემს ამ საკითხზე, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას უარყოფს კიდევ იმ მიზეზით, თითქოს ის არ მისდევდა, მათი აზრით, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის პრაქტიკას, რომელიც თურმე მეორე ჩინის ერეტიკოს სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებს არ უტოვებდა და თავიდან დაასხამდა ხელს. მათი აზრით: მირონცხებით ეკლესიაში ჩართულ მწვალებლობიდან მოქცეულ მღვდელს, და თუკი მღვდლობის ღირსია ჭეშმარიტ ეკლესიაში ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს. მას უნდა ჩამოერთვათ სასულიერო წოდება;

რამდენად მართლმადიდებლურია ეს სწავლება და ნამდვილად ასეთი იყო თუ არა ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის პრაქტიკა? რას გვამცნობენ ამის შესახებ „დიდი რჯულისკანონი“, წმიდა მამები და ეკლესიის ისტორია?

პასუხი: ზემოთ ჩვენ დავიმოწმეთ ამონაწერები „დიდი რჯულისკანონიდან“, სადაც ჩამოთვლილია ის მწვალებლობანი, რომელთაგან მართლმადიდებლობად მოქცეულებს ეკლესია მირონცხებით ღებულობდა.

ანუ, „დიდი რჯულისკანონის“ ცნობით, მეორე ჩინის, ანუ მირონცხებად ერეტიკოსებს განეკუთვნებოდნენ: არიანელები, ნავატიანელები, ნესტორიანელები, ევტიქიანელები (II მსოფლ. კრების მე-7 და VI მსოფლ. კრების 95-ე კანონები); დონატისტები (წმ. ბასილი დიდის 1 კანონი. არისტინეს განმარტება).

გარდა ამისა, ისტორიული წყაროებითა და მსოფლიო საეკლესიო საქმეებიდან ცნობილია, რომ მეორე ჩინის, ანუ მირონცხებად ერეტიკოსებს განეკუთვნებოდნენ: დიოსკორიანელები; ანუ მონოფიზიტები; მონოთელიტები და ხატმებრძოლეები;

ახლა კი ვნახოთ, როგორ ღებულობდა წმ. მართლმადიდებლური ეკლესია ამ მეორე ჩინის, ანუ მირონცხებად მწვალებლებს ეკლესიის წიაღში - სასულიერო ხარისხის შენარჩუნებით თუ მის გარეშე (იხ. თავი მე-8. "რამოდენიმე ისტორიული მოწმობა მე-2 კატეგორიის (მირონცხებად) მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღების შესახებ).



8. რამოდენიმე ისტორიული მოწმობა მე-2 კატეგორიის (მირონცხებად) მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღების შესახებ


ა) არიანელები


"ამ არიანელებმა, რომლებმაც მთელი თავიანთი მჭევრმეტყველება იმაზე გახარჯეს, როგორმე უარეყოთ სიტყვის (ძე ღმერთის, იესუ ქრისტეს - არქიეპ. პ.) ღმრთეება, როგორც ანტიქრისტეს უახლოესმა წინამორბედებმა, აჩვენეს, რომ პირველნი მათზე უმჯობესნი იყვნენ. ამ მიზეზით მოვიკვეთეთ ისინი ეკლესიისდან და გადავეცით ანათემას ("Окружное послание" Алексаендра, епископа Александрийского. Деян. 1-го всел. соб., изд. Казань 1859 г., гл. 1, стр. 35, 38. По изд. 1887 г., стр. 17, 18).


წმ. ათანასე დიდის ცნობით, წმ. ანტონი დიდმა "დაგმო არიანული ერესი და ბრძანა, რომ არიანელობა არის ყველაზე უკანასკნელი (ცხადია, არა თანამიმდევრობის, არამედ სიბილწის მიხედვით - არქიეპ. პ.) მწვალებლობა" (Св. Афанасй Вели кий. Творения, ч. III, изд. Москва 1853 г., стр. 264). იმავე წმ. მამის, ათანასეს, მოწმობით, "არიანელობა არის ყველაზე უარესი მწვალებლობა და დემონური ერესი" (იქვე. ნაწილი I, მოსკოვი. 1851 წ., გვ. 317).

და აი, ამ წმ. მამამ, რომელმაც ასეთი მკაცრი შეფასება მისცა არიანელობას, "უპირველესად იმაზე იზრუნა, რათა აღდგენილიყო მართლმადიდებლობა და, საზეიმოდ დაამტკიცა რა მართლმადიდებლური სწავლება, დაადგინა, მართლმადიდებლობისკენ მოქცეული არიანელები შეწყნარებულ ყოფილიყვნენ იმავე ხარისხებში, რომელიც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე ჰქონდათ" (Евграф Смирнов. История христиансой церкви. изд. 7 1901 г. § 9; стр. 241 об.).

555 წელს ქრისტეს შობიდან კართაგენში გაიმართა ადგილობრივი კრება. "... ამ კრებაზე, სხვათა შორის, მიღებულ იქნა დადგენილება, არიანელთაგან მოქცეულ სასულიერო პირებს შენარჩუნებოდათ თავიანთი ხარისხები. კრებას თავმჯდომარეობდა ეპისკოპოსი რეპარატი" (Летопись церковных событий, вып I, от рожд. Хритса 555 г., собор в Карфагене, стр. 246).

წმ. კირილე პატრიარქი იერუსალემისა (IV ს.) არქიეპისკოპოსის ხარისხში ხელდასხმულ იქნა არიანელთა მიერ, მაგრამ ეკლესიამ ის თავისსავე ხარისხში შეიწყნარა (Бароний. Лето Господне 381, чис. 3, л. 354, В. Т. Зеленков. დასახ. ნაშრ. ნაწილი I, პირველი ნახევარი).

წმ. თევდორე სტოდიელის (VIII ს.) განმარტებით, "... თუკი მწვალებელთაგან ხელდასხმული გამოსწორდება (ანუ შემოუერთდება მართლმადიდებლობას - არქიეპ. პ.), მას მიეცემა უფლება ღვთისმსახურებისა" (Феодор Студит, ч. 1, СПБ, 1867 г., письмо 40, Навкратию сыну, стр. 260. По изд. 1908 г., II, стр. 288).

"მამათა გადმოცემით, მართლმადიდებლები შეიწყნარებენ მწვალებელთა ქიროტონიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ან თვითონ მწვალებლები, ან უკვე მათ მიერ ხელდასხმულები მოექცევიან მართლმადიდებლობად" (Архим. Арсений. Летопись церк. событиий. Лето 1222, стр. 460).



ბ) ნავატიანელები


(კრებითად განკითხულ იქნენ I მსოფლიო კრებამდე 70 წლით ადრე)

"დიდი რჯულისკანონი" ნავატიანელთათვის პირდაპირ ბრძანებს: "ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ (ანუ კათარები, იგივე ნავატიანელები. იხ. VI მსოფ. კრების 95-ე და II მსოფ. კრების მე-7 კანონები - არქიეპ. პ.), თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმულ იყოს, დარჩეს თავის სამღვდელო ხარისხში..." ("დიდი რჯულისკანონი", საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 79).

ზონარას განმარტებით: "წმიდას საკუთარ თავს უწოდებდნენ ნავატიანელები... თუ ისინი ხელდასხმულები იყვნენ ეპისკოპოსებად ან პრესვიტერებად, ან დიაკვნებად, მათგან ეკლესიაში შემოერთებულნი კლერიკოსებადვე თავიანთ ხარისხებში დარჩებიან".

არისტინე: "ე. წ. წმიდათაგან (ანუ ნავატიანელთაგან - არქიეპ. პ.)... თუ რომელიმე ხელდასხმული აღმოჩნდება, უნდა დარჩეს თავისსავე ხარისხში".

ბალსამონი: "ეს ნავატი იყო, რომის ეკლესიის პრესვიტერი. როგორც ევსები პამფილელი იუწყება, ნავატი და მისი მწვალებლბის მიმდევრები ანათემას გადაეცნენ. განწესება ბრძანებს, როცა ვინმე მათგან გულწრფელი სინანულით შემოუერთდება ეკლესიას და ადრინდელ ბოროტებას შეეშვება, დადებს პირობას, რომ დაიცავს დოგმატებს მართლმადიდებლური ეკლესიისა, თუ კლერიკოსნი არიან, უცილობლივ უნდა შეუნარჩუნდეთ თავიანთი წოდება" (Правила св. соборов с толкованиями. Часть I. Правила соб 1-4. Москва. 1912 г., стр. 30-31).

წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის განმარტებაში პატრიარქი ბალსამონი წერს: "ნავატიანელები, ენკრატიტები და ჰიდროპარასტატები, როგორც განსაზღვრა ეს მეორე მსოფლიო კრების ბოლო კანონმა, არ უნდა მოინათლონ თავიდან, არამედ მათ უნდა სცხონ წმ. მირონი და ასე ეზიარონ წმ. საიდუმლოს (ევქარისტიას - არქიეპ. პ.), ხოლო, თუკი ისინი ეპისკოპოსები იყვნენ, მიღებულ იქნან თავიანთ კათედრებზე" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого. 1-ое, стр. 158).

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზონარას განმარტებით, წმ. ბასილი დიდი ბრძანებს: "მათი ეპისკოპოსების მიღებით ჩვენ (მართლმადიდებლებმა - არქიეპ. პ.) ერთგვარად კანონად დავაწესეთ და ვაჩვენეთო სახე - სხვა, ამდაგვარ (ანუ მეორე კატეგორიის - არქიეპ. პ.) მწვალებელთა მიღებისა" (იქვე).



გ) დონატისტები


"დონატისტები საჯაროდ დაგმო ორმა ადგილობრივმა კრებამ, რომელთაგან პირველი შედგა რომში 313 წელს, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი - არელატში 314 წ. 411 წელს, როდესაც დონატისტელ ეპისკოპოსთა და ერისკაცთა სიმრავლე შეუერთდა საყოველთაო ეკლესიას, კლერიკოსებს შეუნარჩუნდათ თავიანთი ხარისხები" (Василий Смирнский. К истории вопроса о принятии схизматиков в правсолавную церковь. Москва 1892 г., стр. 18).

თეოდორე ბალსამონი კართაგენის კრების 79-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს: "მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ დონატისტელთაგან მოქცეულნი მიეღოთ ისე, რომ შენარჩუნებოდათ თავიანთი ხარისხები" (Правила поместных соборов с толкованиями. Правила св. Карфагенского поместн. собора).

არისტინეს განმარტებით, დონატისტები ეკლესიაში მიიღებოდნენ მირონცხებით (იქვე).

"მე, - ბრძანებს ნეტ. ავგუსტინე, - არ ვეთანხმები იმათაც, ვინც ფიქრობს, რომ ეკლესიისგან განდგომილნი, თუმც თვითონ არ კარგავენ ნათლობას, კარგავენ უფლებას ნათლობისა, რადგან არ მეორდება ნათლობის საიდუმლო. ამიტომაც, თუკი დონატისტთა კლერიკოსები დაუბრუნდებიან ეკლესიას, ისინი არც უნდა მონათლონ თავიდან და არც ხელი უნდა დაასხან ხელმეორედ" (Н. Кутепов. Раскол донатистов. Церковно-историчнское исследование. Казань 1884 г., стр. 112).

იქვე, იმავე გამოკვლევაში, ვეცნობით ასეთ ფაქტებს: "მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა 401 წლის 16 ივნისს მოიწვიეს კრება. ამ კრებაზე დამტკიცდა იპონიის 393 წლის კრების განსასზღვრება, რომლის მიხედვითაც დონატისტთა მიერ აღსრულებული ბავშვთა ნათლობა ცნეს ნამდვილად.

გარდა ამისა, დაადგინეს დეპუტატების მეშვეობით ეთხოვოს რომის ეპისკოპოსს ანასტასის და მილანის ეპისკოპოსს ვენერიუსს, რათა თავიანთ ხარისხში მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიისკენ მოქცეული დონატისტელი კლერიკოსები.

ოთხი თვის შემდეგ ანასტასისგან მოვიდა დასტური, რომელიც თანხმდებოდა დონატისტი კლერიკოსების მიღებაზე მათსავე ხარისხებში" (იქვე).

"კრების შემდეგ, ძალიან მალე (401 წ.) ვინმე თეოდორე ეკითხებოდა ავგუსტინეს, როგორ მიეღოთ ეკლესიაში დონატისტი კლერიკოსები. ამ უკანასკნელმა თეოდორეს მიუგო, რომ დონატისტთა სამღვდელოებისგან მიღებული ქიროტონია შესაძლოა კეთილად წაადგეს ეკლესიას. ამიტომაც ეკლესიისკენ მოქცეულ დონატისტებში უნდა ვცნოთ ნათლისღებისა და ქიროტონიის მადლი, ასევე ბერულ აღთქმათა სინამდვილე" (იქვე. გვ. 119).

ავგუსტინე წერს: "სქიზმატიკოსთა ნათლობა ჭეშმარიტად იესუ ქრისტესმიერი ნათლობაა, ამიტომაც ნამდვილია... მათში ნათლისღების მადლი წარმოჩინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას" (იქვე. გვ. 122).

ამრიგად, როგორც ზემოთ დამოწმებული მაგალითებიდან ვნახეთ, მეორე კატეგორიის ყველა მწვალებელს უნარჩუნდება მწვალებლობაში მიღებული ნათლობის ბეჭედიცა და ქიროტონიაც, ოღონდაც, ნეტ. ავგუსტინეს განმარტებისა და საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიის პრაქტიკის თანახმად, ეს მადლი წარმოჩინდება მათი მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემდეგ.

ასე, რომ ის, რასაც ოპონენტები ჩვენს ეკლესიას საყვედურობენ და რის გამოც არ ცნობენ მას ჭეშმარიტად, სინამდვილეში ყოფილა ქრისტეს წმიდა და უბიწო ეკლესიის სწავლება და პრაქტიკა.

მიუხედავად ამისა, ოპონენტები ჯიუტად მისდევენ ლუციფერისა და ილარიონის სწავლებას, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი არად დაგიდევენ მაშინ, როდესაც მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მამები ბრძანებენ: "პეტრემ, ღვთითსათნო პრესვიტერმა, რომელსაც (კრებაზე) ეპყრა რომის უწმიდესი პაპის ადრიანეს ადგილი, ბრძანა: "წმინდა მელეტი ხელდასხმულ იქნა არიანელთა მიერ, მაგრამ როდესაც ავიდა ამბიონზე და წარმოთქვა სიტყვა "ერთარსი" (ანუ აღიარა მამისა და ძის ერთარსობა - არქიეპ. პ.) მისი ქიროტონია არ იქნა უარყოფილ" (მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების საქმენი. ყაზანი. 1873 წ. მეორე გამოცემის მიხედვით: 1891 წ. გვ. 56).

წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელის სიტყვებით გვინდა მივმართოთ ოპონენტებს, იმათ, ვინც მეორე კატეგორიის მწვალებლებს სასულიერო ხარისხებს არ უტოვებს: "რას იტყვით ანატოლის შესახებ; განა ის არ იყო IV წმიდა მსოფლიო კრების თავმჯდომარე, თუმც კი ხელდასხმულ იყო ევტიქის თანდასწრებით უკეთურ დიოსკორეს მიერ? და იმავე წმიდა მამის სიტყვებით ვუპასუხებთ:

"ჩვენც ისევე შევიწყნარებთ მწვალებელთაგან ხელდასხმულებს, როგორც ანატოლი იქნა შეწყნარებული" (IV მსოფლიო კრების მიერ - არქიეპ. პ.) (მსოფლიო კრებათა საქმენი. VII მსოფლ. კრების საქმენი. ყაზანი. ტ. VII გვ. 113 (სხვა გამოცემით, გვ. 58)).

"ჭეშმარიტია ღმრთის სიტყვა, რომ "კბილნი შვილთანი არ უნდა მობრყვილდეს იმის გამო, რომ მამათა მათთა კაწახი ჭამეს" (შეად. ეზეკ. 18:24).

და ბოლოს, ქიროტონია არის ღმრთისგან" ( იქვე).

და კვლავ, ძვირფასო ოპონენტებო, უწმიდესი პატრიარქი ტარასი (VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე) ბრძანებს: "... მეექვსე წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე შეკრებილთაგან ბევრნი, რა თქმა უნდა, ხელდასხმულნი იყვნენ მონოთელიტური მწვალებლობის მასწავლებელთა: სერგის, პიროსის, პავლესა და პეტრეს მიერ, რამეთუ ისინი კონსტანტინოპოლის კათედრას მემკვიდრეობით (ერთი მეორის მიყოლებით - არქიეპ. პ.) ფლობდნენ.

პეტრედან, რომელიც ამათგან ბოლო იყო კონსტანტინოპოლის კათედრაზე, მეექვსე მსოფლიო კრებამდე გასულია არა უმეტეს 15 წლისა და თვით მღვდელმთავრებს: თომას, იოანეს და კონსტანტინეს, რომლებიც დროის ამ მონაკვეთში კონსტანტინოპოლის კათედრას ფლობდნენ, სწორედ ამ მწვალებლებმა დაასხეს ხელი, თუმც ისინი ამის გამო არავის დაუდანაშაულებია.

50 წელი ბობოქრობდა იქ ეს მწვალებლობა (მონოთელიტური - არქიეპ. პ.), მაგრამ მეექვსე მსოფლიო კრების მამებმა ანათემას მხოლოდ ოთხი (სერგი, პიროსი, პავლე და პეტრე - არქიეპ. პ.) გადასცეს, თუმც თვითონ მათგან იყვნენ ხელდასხმულები" (მსოფლიო კრებათა საქმენი. ყაზანი. 1873 წ. ტ. 7-ე, გვ. 19. 1891 წ. გამოცემის მიხედვით გვ. 60).

ხატმებრძოლებზე რაღა ვთქვათ?! ამ მწვალებლობას მე-7 მსოფლიო კრების მამები ყველაზე უარეს მწვალებლობას უწოდებენ, მაგრამ მათაც და მათგან ხელდასხმულთაც თავიანთ ხარისხებში ღებულობდნენ (იქვე. საქმენი).

უფრო მეტსაც გეტყვით: ეკლესია არათუ ერეტიკოსთა, არამედ უკვე პატივაყრილ და სასულიერო დასიდან ჩამომხობილ ურჩთა ქიროტონიასაც შეიწყნარებს. ასეთი იყო, მაგალითად, ვინმე მელეტი თებაიდელი, რომელსაც ჯერ სასულიერო პატივი აჰყარეს, შემდეგ კი ეკლესიიდანაც მოიკვეთეს.

"... ეკლესიის პრაქტიკა წარმოგვიდგენს არცთუ მცირე მაგალითებს იმის დასამტკიცებლად, რომ, როგორც სხვა მღვდელქმედება, ასევე ხელდასხმაც, რომელიც შესრულებულია პატივაყრილი ეპისკოპოსის მიერ, ქმედითია. პირველი ასეთი მაგალითი გვხვდება I მსოფლიო კრების საქმეებშივე, რომელმაც გადაწყვიტა ე. წ. მელეტიანლეთა სქიზმის საკითხი.

მელეტის საკითხი ეკლესიამ ასე გადაწყვიტა: კრებამ შესაძლებლად მიიჩნია თვით მელეტის შეწყნარება მხოლოდ ეპისკოპოსის სახელითა და პატივის შენარჩუნებით, ოღონდაც საეპისკოპოსო მღვდელმოქმედებათა შესრულების უფლების გარეშე. რაც შეეხება ამ ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმულ პრესვიტერებსა და დიაკვნებს, ისინი მიიღოს იმ პირობით, რა პირობითაც ღებულობდნენ ეკლესიისგან მოქცეულ ნავატიანელებს" (Св. Афанасий Великий. Слово против ариан (§ 59. Митр. Василий Смирнский. К истории вопроса о принятии схизматиков в православную церковь. Изд. Москва. 1892 г., стр. 11).

იგივეს გვამცნობს სოკრატეც, რომელიც ბრძანებს: "მის მიერ (ანუ, მელეტის მიერ - არქიეპ. პ.) საიდუმლო ქიროტონიით დამტკიცებულნი შეიწყნარებიან საეკლესიო ერთობაში..." (Сократ Схоластик. Церк. история. Изд. СПб 1850 г., кн. 1, гл. 9, стр. 47. По изд. Саратов 1911 г., стр. 35). იხილეთ აგრეთვე სოზომენე (Церк. ист. СПб 1851 г., стр. 74) და "დიდი თეატრონი" (გამ. 7. ფურცელი 178, მეორე მხარე).

ასე, რომ როგორც მოწმობს სარდიკიის ადგილობრივი კრების მე-18 კანონი და მის განმარტებაში პატრ. ბალსამონი, "კლერიკოსთა დასში შეიძლება ჩაირიცხონ ისინი, რომლებიც ხელდასხმულნი იქნენ რაღაც მიზეზის გამო თავიანთი სასულიერო პატივიდან დამხობილ ეპისკოპოსთა მიერ, თანაც თუ ისინი ნებაყოფლობით შემოუერთდებიან ეკლესიას" (Правила поместн. соборов с толдкованиями. М. стр. 269).

ამრიგად, ძვირფასო მკითხველო:

"ჩვენ მოვისმინეთ მამათა მცნებები; მაშ, რა ვქნათ? არ მივიღოთ (თავიან ხარისხებში - არქიეპ. პ.) მწვალებელთა მიერ ხელდასხმულები?"

წმიდა (VII მსოფლიო) კრება პასუხობს: "დიახ, მეუფეო, მოვისმინეთ და ვიხილეთ კიდევაც, რომ გვმართებს მათი მიღება" (მსოფლ. კრებათა საქმენი. ყაზანი 1891 წ. ტ. 7-ე. გვ. 53).

კითხვა: ერთგან ჩვენ ვიხილეთ ნეტ. ავგუსტინეს განმარტება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ხელდასხმის განმეორება ისევე, როგორც ნათლისღებისა. მაშ, რა შეიძლება ითქვას ოპონენტების მტკიცებაზე ეკლესიისკენ მოქცეულ მეორე კატეგორიის მწვალებელ იერარქთა ხელმეორედ ხელდასხმის შესახებ, თუკი წმ. ეკლესიის სწავლებით და პრაქტიკით მათზე ხელდასხმა არ მეორდება და თავისსავე ხარისხებში მიიღებიან?

პასუხი: ჭეშმარიტად, ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან ობიექტური მკითხველი ადვილად დარწმუნდება იმაში, რომ მეორე კატეგორიის მწვალებლების მიღებისას, რაც წმიდა ეკლესიაში მირონცხებით აღესრულება, მათ უნარჩუნდებათ ხარისხები, რომლებიც მწვალებლობაში ყოფნის დროს მიიღეს.

ამიტომაც, როგორც მკაცრად არის აკრძალული მწვალებელთა მიერ სწორად მონათლულთა გადანათვლა, ასევე აკრძალულია სწორად ხელდასხმულ მწვალებელთა ხელმეორედ ხელდასხმა ეკლესიისკენ მათი მოქცევისას.

წმ. მოციქულთა 68-ე კანონში ნათქვამია: "თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან კერძო დიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს ვინმესგან, სამღვდლო პატივისგან დაემხოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც. მით უმეტეს, თუ ისიც იქნება საეჭვო, რომ ხელდასხმა მწვალებლებისგან მიიღო. ასეთებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ ჩათვლა შეიძლება, არც სამღვდელო პირად" (Правила свв. Апостолов с толкоавниями. იხ. აგრეთვე საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 170).

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика