აპოლოგეტიკა - მართლმადიდებლობის აპოლოგია II_3 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

მართლმადიდებლობის აპოლოგია

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი II)

მართლმადიდებლობის აპოლოგია

შინაარსი


თავი II

მწვალებლური ეკლესიოლოგია

8. როგორ უნდა იკითხებოდეს სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი

კითხვა: „ივერიის გაბრწყინებაში“ ვკითხულობთ: „სტაროვერები“ თვლიან, რომ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: „და (მრწამს) სულიწმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი...“ სექტანტთა (?) აზრით, ჩვენმა (ე.ი. ნიკონიანურმა – ეპ. პ) ეკლესიამ მრწამსიდან ამოიღო სიტყვა „ჭეშმარიტი“, რითაც თავი III მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ მოიქცია“ და ეჭვ ქვეშ აყენებენ ძველმორწმუნეთა ამგვარი მხილების კანონიკურობას“. რამდენად სამართლიანია ძველმოწესეთა ეს ბრალდება ნიკონიანელთა მიმართ და აქვთ თუ არა ჩვენს ნიკონიანელ ოპონენეტებს ამ ბრალდების სამართლიანობასა და კანონიკურობაში დაეჭვების რაიმე საფუძველი?

პასუხი: რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამ ბრალდების სამართლიანობასა და კანონიკურობაში დაეჭვების არავითარი საფუძველი არა აქვთ და, თუ მაინც ეჭვი შეაქვთ, ეს მხოლოდ უმეცრების წყალობით მოსდით. ნიკონიანელმა რეფორმატორებმა ნამდვილად ამოაგდეს სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრიდან სიტყვა „ჭეშმარიტი“.

კითხვა: ოპონენტებს საბუთად მოაქვთ, თითქოსდა „სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსენებული სიტყვა არ არსებობს“; და ამის „ყველაზე სარწმუნო საბუთად“ მიაჩნიათ „კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმ. ფოტის (1431 წ.) საკოსი (პირველერარქის შესამოსელი), რომელიც მან 1408 წ. ბიზანტიიდან ჩამოიტანა და რაზეც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი აღნიშნული სიტყვის გარეშეა ამოქარგული; წმ. ფოტის ეს საკოსი ინახება მოსკოვში, საპატრიარქოს სამოსსაცავში # 2-ის ქვეშ“ („ივერიის გაბრწყინება“ 2000 2. # 1 (40). გვ. 4. სვ. 1).

პასუხი: არასწორია მტკიცება, თითქოსდა „სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსნებული სიტყვა („ჭეშმარიტი“) არ არსებობს“. საქმე იმაშია, რომ ბერძნულ ენაში, შესაძლებელია ერთ სიტყვაში გამოთქმული ან ნაგულისხმევი იყოს მრავალი სხვადასხვა აზრი. ეს ვითარება გარკვეულ პრობლემებს ქმნის მთარგმნელთათვის, რის გამოც არის, რომ ისინი კონკრეტულ სიტყვას თარგმნიან ან მისი ერთი რომელიმე მნიშვნელობით, ან კიდევ ყველა, ან უმეტესი მნიშვნელობებით – ქვეტექსტის ან ტექსტის საერთო შინაარსის გათვალისწინებით. ამის დასამტკიცებლად მოვიტანოთ რამდენიმე მაგალითი: ვინმე. კ. პლოტნიკოვი თავის „ანტირასკოლნიკურ“ სახელმძღვანელოში ჩამოთვლის ბერძნული სიტყვის „ტო კირიონ“-ის მნიშვნელობებს და წერს: „სიტყვა „კიურიონ“ გადათარგმნილია ორი სიტყვით: „უფალი“ და „ჭეშმარიტი“; „სიტყვა, „კიურიოს“ ნიშნავს – უფალს, უფლისა, საუფლო, ჭეშმარიტი“, მაგრამ პლოტნიკოვი მიიჩნევს, რომ სიტყვა „კიურიონ“ უნდა გადათარგმნილიყო მისი მხოლოდ ერთი რომელიმე მნიშვნელობით“ (თუმცა არ გვისაბუთებს, რატომ) და დაასკვნის, რომ ამ მიზეზით „სიტყვა „ჭეშმარიტი“ არის დანამატი“ და დასძენს: თუმცა „ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში გადმოცემულ შინაარსს იოტისოდენადაც არ ცვლის“ (Руководство по облич. русск. раскола. Составил К. Плотников. С. Петербург 1897 г. стр. 65).

ბატონი ედ. ჭელიძე წიგნში: „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“, სევერიანე გაბალოვნელის თხზულების („ექუსთა დღეთაი“) ქართულ თარგმანში დაშვებულ შეცდომათა განხილვისას ერთგან წერს, რომ ამ მოღვაწის ქართველი მთარგმნელი, რომელიც „არ ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ მწერალთა რიცხვს“, ზოგჯერ სწორად ვერ გებულობს ბერძნული დედნის ამ თუ იმ კონტექსტს. ასე, მაგალითად: წინადადებას κακεηινοj και ουτοj κυριωj (col. 432) (ის ასე თარგმნის). „იგი სახმრად, ესე უფლად“ (დასახ. წიგნი), ბ-ნი ჭელიძის თქმით, „მთარგმნელი ძირეული მნიშვნელობით აღიქვამს κυριωj (უფალი) მაშინ, როდესაც იგი ამ შემთხვევაში ნიშნავს: „ნამდვილად, ჭეშმარიტად, ზუსტად, სათანადოდ“ (ლათ. proprie). (სქოლიო 2. ედ. ჭელიძე. ძვ. ქართ. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია სევერიანე გაბალოვნელის „ექუსთა დღეთაი“-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე. I, თბილისი „მეცნიერება“ 1996 წ. გვ. 48). მაშასადამე, სიტყვა κυριωj - ის (უფალი) გადათარგმნა მისი ძირეული მნიშვნელობით, ქვეტექსტის გაუთვალისწინებლად, ყოველთვის არ ყოფილა მართებული, ზოგჯერ ის ითარგმნება სხვა მნიშვნელობითაც, რაც მოიაზრება მის შინაარსში (მაგ. ნამდვილი, ჭეშმარიტი, ზუსტი და ა.შ.).

„თვით ბერძნებმა დოგმატურ განმარტებებში განსაზღვრეს, რომ το κυριων ერთდროულად გამოხატავს სული წმიდის უფლობასაც და ჭეშმარიტებასაც“ (უფრო დაწვრ. იხ. Диакон Валерий Тимофеев. Разсуждение о древнем и новообрядческом текстах символа веры. Журн. Остров веры. г. Миасс. Октябрь, 2003 г. № 5, стр. 12).

საინტერესოა ისიც, რომ ძველი ანგლოსაქსონელნი სარწმუნოების სიმბოლოს თარგმნიან ზუსტად ისევე, როგორც სლავი მთარგმენლები. „ასე, მაგალითად, ეპისკოპოსის ელფრიკისა და მეფე ალფრედის პერიოდის (IX-X სს) სარწმუნოების სიმბოლოს ანგლო-საქსონური თარგმანი ასე ჟღერს: „და სული წმიდა, ღმერთი, ჭეშმარიტი უფალი და ცხოველმყოფელი“ (იქვე. გვ. 13).

და ბოლოს, თვით კ. პლოტნიკოვის მოწმობით, - რომლის „ანტირასკოლნიკური“ სახელმძღვანელო მეტად დიდი შთაგონების წყარო გამხდარა ჩვენი ოპონენტებისთვის, - II მსოფლიო კრების მიერ შედგენილ და დამტკიცებულ სარწმუნოების სიმბოლოში მე-8 წევრი ასეთია: και ' ειj το ' αγιον το κυριων και το ζωοποιον; ეს ბერძნული წინადადება ასე უნდა წავიკითხოთ: „და სული წმიდა უფალი ცხოველმყოფელი“ – და აქ არ არის არავითარი სიტყვა „ჭეშმარიტი“, მაგრამ ცოტა ქვემოთ, ეხება რა „მრწამსის“ მე-8 წევრში სიტყვა „ჭეშმარიტის“ „გამოჩენის“ ისტორიას და მიმოიხილავს სხვადასხვა მთარგმნელთა დამოკიდებულებას ბერძნული სიტყვისადმი ტო კიურიონ, აღიარებს, რომ მთარგმნელთა ერთი კატეგორია ამ ერთ სიტყვას თარგმნიდა ორი სიტყვით „უფალი ჭეშმარიტი“, რამეთუ მისი თქმით სიტყვა კიურიოს, სხვათა შორის, ნიშნავს ჭეშმარიტს, და ამიტომაც სარმწუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში ამ სიტყვას ტო კიურიონ თარგმნიდნენ „ჭეშმარიტის“ მნიშვნელობით.

იგივე ავტორის მტკიცებით, მე-14 საუკუნეში უეჭველად არსებობდა ხელნაწერი წყაროები მრწამსის მე-8 წევრის ამგვარი წაკითხვით და იქვე უთითებს მე-14 ს. სინურ კურთხევანს, პერგამენტზე დაწერილს (Руководство по облич. русск. раскола. Составил К. Плотников. С. Петербург 1897 г. стр. 66, 67).

ამრიგად, აბსოლუტურად არასწორია ოპონენტთა მტკიცება, რომ „სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსენებული სიტყვა („ჭეშმარიტი“) არ არსებობს“. ამ აზრს შეიცავს ბერძნული სიტყვა το κυριων („ტო კირიონ“), ამიტომაც არ უნდა განვიკითხოთ ძველი სლავი მთარგმნელები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სარწუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში სიტყვა „უფალის“ შემდეგ დასვეს სიტყვა „ჭეშმარიტი“, მით უმეტეს, რომ თვით ქრისტეც ასე გვასწავლის, „სული ჭეშმარიტი რომელი მამისაგან გამოვალს“ (იოანე 15:26). გარდა ამისა, თუ ყურადღებას მივაქცევთ თვით სარწმუნოების სიმბოლოს, რომელშიც აღვიარებთ, რომ: ქრისტე არის „ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა“ (მრწამსის მე-2 წევრი) და, ამდენად, მამა ღმერთისა და ძე ღმერთის იპოსტასებს ცალ-ცალკე განსაზღვრავთ სიტყვით „ჭეშმარიტი“, ყოვლადწმიდა სამების იპოსტასთა თანაბარი პატივის ძალით ჯერ არს, მის მესამე იპოსტასს, სული წმიდასაც აღვიარებდეთ, როგორც „უფალს ჭეშმარიტს“. ასეთი სარწმუნოებრივი აღსარება დოგმატურად სრულიად სწორია და კანონიკური.

რაც შეეხება ოპონენტთა მტკიცებას, თითქოსდა წმ.მიტრ. ფოტის საკოსზე სარწმუნოების სიმბოლო „ამოქარგულია აღნიშნული სიტყვის („ჭეშმარიტის“) გარეშე“, ზემოთ მოცემული განმარტების შემდეგ ის კარგავს აქტუალობას და ჭეშმარიტ შინაარსს იძენს. კერძოდ, წმ. ფოტის საკოსზე ამოქარგული სიტყვა „ტო კირიონ“ შეიცავს ხსენებულ სიტყვას და ოპონენტებს ვთხოვთ, შემდგომში მაინც ნუღარ წარმოგვიდგენენ ასეთ „სამხილებს“.

კითხვა: კეთილი, მაგრამ ოპონენეტებს აქვთ სხვა სამხილიც, კერძოდ, მათი თქმით: „ცნობილია ძველი სლავური წიგნები, რომლებშიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი სიტყვა „ჭეშმარიტის“ გარეშეა გადმოცემული...“ (ციტ. იქვე).

პასუხი: ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, XVII ს. რუსეთის ეკლესიის განხეთქილების ისტორიისა და ამ ეკლესიაში წიგნების ბეჭდვის და გამოცემების ისტორიის უცოდინარობა იწვევს სწორედ ისეთ გაუგებრობებს, როგორსაც ჩვენი ოპონენეტები უშვებენ. ისინი იმოწმებენ ერთ ისეთ წიგნს (კერძოდ მე-13 ს. Кормчая), სადაც „452-ე ფურცელზე მრწამსის მე-8 წევრი ისევე იკითხება, როგორც დღესდღეობით მართლმადიდებლურ (ე.ი. ნიკონიანურ-რეფორმატორულ – ეპ. პ.) ეკლესიაშია მიღებული“ (ციტ. იქვე).

ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ უფრო მეტი მაგალითი იმისა, რომ ზოგ ძველ წიგნში სარწმუნოების სიმბოლო ნამდვილად სიტყვა „ჭეშმარიტის“ გარეშეა მოცემული. მაგალითად, ოზერსკის თავის „ამონაწერებში“ მოაქვს კიდევ ორი ძველნაწერი „კორმჩაია“, სადაც იგივე ვითარებაა, მაგრამ განვუმარტავთ მკითხველს, რომ „Кормчая“-ს ეს ადგილები არ წარმოადგენენ სარწმუნოების სიმბოლოს პირდაპირ აღსარებას. ისინი სული წმიდის მამისგან გამომავლობას განმარტავენ ამ დოგმატის ლათინთა მიერ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ. აქ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ მსჯელობისას ხშირად საგანს განიხილავენ არა მთლიანობაში, არამედ ერთი რომელიმე მხრიდან, პოლემიკის საჭიროებისამებრ.

ამიტომაც ზოგიერთ ძველ წიგნში ვხვდებით მსჯელობას წმიდა სამების მესამე იპოსტასზე და ლაპარაკი არ არის მის ჭეშმარიტ უფლობაზე რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ეს. კვლავ აღვნიშნავთ, რომ სიტყვა το κυριων („ტო კირიონ“) მასში მოაზრებული სხვადასხვა შინაარსის გამო ითარგმნებოდა ერთი რომელიმე მნიშვნელობით, ხოლო სხვები თარგმნიდნენ დოგმატური თვალსაზრისიდან გამომდინარე მის ორივე შინაარსს. ყოფილა შემთხვევები, როგორც ამას მოსკოვის „ასმუხლიანი“ კრება („Стоглав“), აღნიშნავს როდესაც მრწამსის მე-8 წევრი უთარგმნიათ სიტყვა „უფლის“ გარეშეც, ასე: „და (მრწამს) სული წმიდა ჭეშმარიტი... “რაც ამ კრებამ უარყო და დაადგინა, მრწამსის მე-8 წევრი დაეწერათ და წაეკითხათ: „და (მრწამს) სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი...“. ცხადია, ასეთ უზუსტობებს სარწმუნოების სიმბოლოს მთარგმნელები უშვებდნენ იმიტომ, რომ სიტყვა „ტო კირიონ “-ს აღიქვამდნენ მხოლოდ ერთი, ძირეული, მნიშვნელობით (როგორც ბრძანებს ბატონი ედ. ჭელიძე), ან კიდევ ორი მნიშვნელობიდან („უფალი“ და „ჭეშმარიტი“) ირჩევდნენ ერთ-ერთს (როგორც ბრძანებს ამას კ. პლოტნიკოვი და როგორც ეს შენიშნა „ასმუხლიანმა“ კრებამ). ამიტომაც, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ზოგიერთ ძველ სლავურ (და არა მარტო სლავურ) თარგმანში სიტყვა „ტო კირიონ“-ის მეორე მნიშვნელობა - „ჭეშმარიტი“ არ გვხვდება.

და ბოლოს, ძველ სლავურ თარგმანებში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (რომელთა არსებობის მიზეზებზეც უკვე მივუთითეთ), საეკლესიო წიგნების უდიდესი უმეტესობა მრწამსის მე-8 წევრის „ჭეშმარიტით“ წაკითხვას უჭერს მხარს.

მხარს უჭერს მას, აგრეთვე, მთელი საეკლესიო პრაქტიკა რუსეთის გაქრისტეანებიდან ვიდრე პატრიარქ ნიკონამდე. თანაც, აქ „ქრისტეანობის მიღებიდან პატრ. ნიკონამდე მოღვაწეობდა ბერძენი მიტროპოლიტები, რამდენიმე ეპისკოპოსი და ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ რუსეთის ეკლესიის ამ ბერძენ ეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს სარწმუნოების სიმბოლო ბერძნულისა და, საერთოდ, მსოფლიო კრებათა მიერ დამტკიცებული „მრწამსის“ საწინააღმდეგო შინაარსისა ჰქონოდათ. ასეთად აღიარებდნენ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრს ღმრთის მიერ გაბრწყინებული რუსი წმინდანებიც. ამიტომაც, „მრწამსის“ მე-8 წევრში სიტყვა „ჭეშმარიტის“ უადგილობის ან ცთომილების მტკიცება, უდავოდ, მკრეხელობაც კია.

კითხვა: ოპონენტებს აქვთ მესამე არგუმენტიც: „მართლმადიდებლებთან მრავალსაუკუნოვან პოლემიკაში ლათინებს ამგვარი ბრალდებებით არასოდეს უსარგებლიათ. არადა, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ: მოგეხსენებათო, - წერენ ისინი, - აღმოსავლეთი დასავლეთს ამხილებს მრწამსში ცვლილებების შეტანაში filioque-ს სახით; ცხადია, პაპისტები, რომელნიც „სტაროვერებზე“ ბევრად უფრო განათლებული და უკეთ ინფორმირებულნი არიან, მართლმადიდებლებს სარწმუნოების სიმბოლოს შეცვლაში დაადანაშაულებდნენ, ამგვარ ფაქტს მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი სინამდვილეში. ვატიკანი გვეტყოდა, ჯერ მრწამსში შეტანილ საკუთარ ცვლილებებს მიხედეთ და მერე ჩვენზე ილაპარაკეთო – 1054 წლიდან დღემდე ლათინთა მხირდან ასეთ კონტრბრალდებას ადგილი არ ჰქონია...“ (იქვე. გვ. 4. სვ. 1, 2).

პასუხი: ჯერ ერთი, პაპისტები „სტაროვერებზე“ „ბევრად უფრო განათლებული და უკეთ ინფორმირებულები“ რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ისინი პაპისტები კი არა, მართლმადიდებელი ქრისტეანები იქნებოდნენ.

მეორეც: „ფარისევლები მეთევზე მოციქულებზე ასევე ბევრად უფრო „განათლებული“ და „უკეთ ინფორმირებულები“ იყვნენ, თუმცა მას ხელი არ შეუშლია მათთვის, ჯვარზე გაეკრათ მაცხოვარი.

მესამეც: თვით სატანა ბევრად უფრო „განათლებული“ და „ინფორმირებულია“ პაპისტებზეც, „სტაროვერებზეც“ და „ნიკონიანელებზეც“, მაგრამ თავის ცოდნას ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ახმარს, რის გამოც იწოდება კიდეც „მოწინააღმდეგედ“.

მეოთხეც: ამ დიდად „განათლებულ“ და „ინფორმირებულ“ პაპისტებს რატომღაც არც ძველი რუსი მართლმადიდებლები დაუდანაშაულებიათ მრწამსის მათეულ თარგმანში (მე-8 წევრში) არსებული სიტყვა „ჭეშმარიტის“ გამო, როგორც ამას პლოტნიკოვი და სხვა მისი მსგავსი ნიკონიანელი აპოლოგეტები ჩადიან, რითაც საკუთარი ეკლესიის ისტორიასა და წმინდანებს უპირისპირდებიან.

და ბოლოს: ლათინები ბერძნებს ვერ დაადანაშაულებდნენ მრწამსის დარღვევაში, რამეთუ ბერძნულ მრწამსს არაფერი აკლია. 1054 წლიდან მათ არ დაუდანაშაულებიათ არც რუსეთის ეკლესია, რომელსაც მრწამსის მე-8 წევრში ბერძნული სიტყვა „ტო კირიონ“ რუსულში მისი შინაარსის სისრულის გადმოსაცემად ნათარგმნი ჰქონდა ორი სიტყვით, რაც აჩვენებს, რომ მათ სავსებით სწორად გაუგიათ თარგმანის ეს აუცილებელი თავისებურება და ნიკონიანელ რეფორმატორთაგან განსხვავებით განგაში არ აუტეხავთ.

ამიტომაც, თუკი ჩვენი ოპონენტების თვალში, ძველმოწესეებისგან განსხვავებით, ლათინები ასეთი ავტორიტეტები არიან, უნდა დადუმდნენ და აღიარონ, რომ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში სიტყვა „ჭეშმარიტის“ სახით არავითარი დანამატი არ არის და მწარედ შეცდნენ, როდესაც მრწამსიდან ამოაგდეს სრულიად საჭირო და ბერძნული დედნის შესატყვისი ეს ტერმინი.

კითხვა: ოპონენტებს ეეჭვებათ, რომ მრწამსიდან სიტყვა „ჭეშმარიტის“ ამოღება იმსახურებდეს ანათემას. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?

პასუხი: 382 წელს რომის პაპმა დამასმა კონსტანტინოპოლში, სადაც 381 წელს გაიმართა მსოფლიო კრება, გააგზავნა ფურცელი ანათემატიზმებით, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. მასში პირდაპირ არიან გადაცემულნი ანათემას ისინი, ვინც უარყოფს, ჭეშმარიტი უწოდოს ან მამას, ან ძეს, ან სული წმიდას (დააკვირდით ბ-ნო ახალმოწესეებო, - თქვენს სიმბოლოში სული წმიდა ჭშმარიტად არ იწოდება).

წესებში სულ 25 ანათემატიზმაა, რომლებიდანაც მე-17 ასეთია: „ვინც არ ამბობს, რომ სული წმიდა არის მამისაგან ჭეშმარიტად და საკუთრივ...... ანათემა“ (Theodorit. V, 11) ანათემატიზმა მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც სული წმიდას საღმრთო არსს ჭეშმარიტს არ უწოდებს.

22-ე ანათემატიზმა უფრო აკონკრეტებს ამ აზრს: „ვინც სამ იპოსტასს – მამას, ძეს და სულიწმიდას არ უწოდებს სულს ჭეშმარიტს... ანათემა“ (Theodorit. V, 11). ის მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც არ ამატებს ან ტოვებს სიტყვას „ჭეშმარიტი“ წმ. სამების რომელიმე იპოსტასთან მიმართებაში.

ამრიგად, „ისინი, ვინაც ამოაგდო მრწამსის ძველი ტექსტიდან სიტყვა „ჭეშმარიტი“, და იცავს ამ ცვლილებას, ავლენენ არა მხოლოდ უცოდინრობას, არამედ, როგორც ნამდვილი მწვალებლები ანათემის ქვეშაც ექცევიან, რამეთუ თანამედროვე ახალმოწესეთა სიმბოლოში დარღვეულია ღმრთაებრივ პირთა თანასწორობა, რომლებიც მამას უწოდებენ ჭეშმარიტს, ძეც იწოდება ჭეშმარიტად, მაშინ როდესაც სული წმიდის უფლობას ჭეშმარიტად არ ხმობენ“ (იქვე).

ასე, რომ, ძვირფასო მკითხველო, ასეთი კადნიერება ნამდვილად იმსახურებს ანათემას.

ამდენად, თუკი ჩვენს შორის რომელიმე მხარის „უმეცრებით ნასაზრდოებ ცილისწამებაზე“ ვილაპარაკებთ, ასეთად ჩვენი ოპონენტების კადნიერი გამოხდომა უნდა შეფასდეს.


9. შესახებ იმისა, თუ საიდან ჰქონდათ ძველმოწესე მართლმადიდებელთ წმ. მირონი


„ივერიის გაბრწყინება“ წერს: „როგორც ზემოთაც ითქვა, „ბეგლოპოპოვცებს“ (ანუ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა იმ ნაწილს, რომელსაც განეკუთვნება ჩვენი, ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესია – ეპ.პ.) ეპისკოპოსი 250 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ, რის გამოც ისინი სულ უფრო და უფრო რთულ პრობლემებს აწყდებოდნენ: ვინაიდან განხეთქილებამდელი ნაკურთხი ტაძრები მათ არ გააჩნდათ (ყველანი ისინი, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის წყალობის ოფიციალური ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა), ამიტომ იძულებულები იყვნენ, ახალ, თავიანთ აშენებულ, ტაძრებში საკურთხევლები და წმ. ტრაპეზები „გადამრბენი“ მღვდლებისთვის ეკურთხებინათ, მაგრამ მღვდელს, თუნდაც ჭეშმარიტს, ამგვარი მღვდელმოქმედების აღსრულების ხელმწიფება არ გააჩნია. – ეს წმ. დიონისე არეოპაგელისა და გიორგი პახიმერის განმარტებით, მხოლოდ მღვდელმთავრის პრეროგატივაა; აქედან გამომდინარე, 250 წლის მანძილზე „ბეგლოპოპოვცები“ ცრუდ ეზიარებოდნენ, წმ. ევქარისტიის იმიტაციას ახდენდნენ, რამეთუ კანონიკურად უკურთხებელ ტრაპეზზე უსისხლო მსხვერპლი არ შეიწირება...“ (¹5(37) 28 ოქტ. 2000 წ. გვ. 6. სვ. 1).

პასუხი: წმ. დიონისე არეოპაგელისა და გიორგი პახიმერის განმარტებათა შესახებ უკვე გვქონდა საუბარი, სადაც ნათლად ვიხილეთ ოპონენტთა ცთომილებანი.

აღვნიშნეთ ისიც, რომ მღვდლებს შეუძლიათ, ეპისკოპოსთა მიერ ნაკურთხი ანტიმინსებით აკურთხონ ახალი ტაძრები. ძველმორწმუნე ქრისტეან მღვდლებს კი საკმაოდ მრავლად ჰქონდათ ნიკონპატრიარქამდელი, მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ ნაკურთხი ანტიმინსები, რითაც შეეძლოთ ეკურთხებინათ ახალი ტაძრები და შეესრულებინათ ევქარისტიის წმიდა საიდუმლო.

ამიტომაც ასეთი ტრაპეზები გახლდათ სრულიად კანონიკური და ნაკურთხი.

ასე რომ, 250 წლის მანძილზე „ბეგლოპოპოვცები“ ევქარისტიის საიდუმლოში, ჭეშმარიტად ქრისტეს უწმიდესსა და უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდნენ და არა „იმიტაციებს“, როგორც ირწმუნებიან ოპონენტები.

„ივერიის გაბრწყინება“: „... 1777 წლისათვის მათ (ძველმოწესე მართლმადიდებელთ – ეპ. პ.) განხეთქილებამდელი მირონი გაუთავდათ, რის გამოც კვლავ (?) უკანონო ნაბიჯის გადადგმა მოუხდათ: აღნიშნულ წელს „მღვდელმა“ ვასილიმ რაგოჟის სასაფლაოზე „მირონი“ მოხარშა, რაც აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსის ძალაუფლებაში შემავალი მღვდელმოქმედებაა – ამ ცრუმირონით შემდგომში მთელი „ბეგლოპოპოვშჩინა“ მარაგდებოდა, მასვე სცხებდნენ „გარდამბენ“ მღვდლებსა თუ საერთო პროზელიტებს, ვითარცა „მეორე ჩინის ერეტიკოსებს“, თავიანთ წიაღში მიღებისას...“ (იქვე. გვ.6. სვ.1).

პასუხი: ოპონენეტების მტკიცებულება თავიდან ბოლომდე ძველმოწესეთა მტრების, სინოდალური მისიონერებისა და მათი მოწაფეების მიერ შეთხზულ არაკებზეა აგებული. ამის მტკიცებულებებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ოპონენტები იმდენად ენდობიან ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა „ანტისტაროვერულ“ ნაშრომებს, რომ აბსოლუტურად უაპელაციოდ შეიწყნარებენ აზრს იმის შესახებ, თითქოს „სტაროვერებს“ 1777 წლისთვის განხეთქილებამდელი მირონი გაუთავდათ და ახალი მირონი ვინმე მღვდელ ვასილის მოუხარშავს როგოჟის სასაფლაოზე* (როგოჟის სასაფლაო იყო ძველმოწესეთა სულიერი ცენტრი. ეს მიწა გამოიყო 1771 წლის შავი ჭირით გარდაცვლილ მოსკოველ ძველმოწესეთა დასაკრძალავად. იმპ. ეკატერინე II ნებართვით აქ აიგო 2 ტაძარი, - ზაფხულისა და ზამთრის. აქ სახლობდნენ და მოღვაწეობდნენ სამღვდელოების მიმღები ძველმოწესე („გჯგჯდწს“) მართლმადიდებლები – ეპ.პ.).

ძველმოწესეთა დაუძინებელი მოწინააღმდეგე პროფ. ნ. სუბოტინი ნაშრომში „ბელოკრინიცული სამღვდელოების ისტორიიდან“ წერს: აქ (ანუ როგოჟის სასაფლაოზე – ეპ. პ.) ერთმა გადამრბენმა მღვდელმა ბასილი სტეფანოვმა, რომელმაც საკმაო ავტორიტეტის მოხვეჭა მოასწრო მოსკოველ „პოპოვცებს“ შორის, იქადაგა, რომ „ველიკორუსული“ ეკლესიიდან გადმოსული ერისკაცები და მღვდლები, ძველი მაგალითების მიხედვით, უნდა მიეღოთ მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით.

ამ წესის უპირატესობის დასამკვიდრებლად, უფრო კი საკუთარი ანგარებისთვის, - წერს სუბოტინი, - მან (როგოჟის) სასაფლაოზე მოაწყო მირონის ხარშვა, რამეთუ თვით ძველმოწესეთა აღიარებით(?), იოსებისდროინდელი მირონი (იგულისხმება იოსებ პატრიარქის დროინდელი მირონი – ეპ.პ.) უკვე გათავებოდათ, რის გამოც ახალგადმოსულთა მირონცხება შეუძლებელი იყო. ეს მკრეხელური ქმედება როგოჟის სასაფლაოზე 1777 წელს აღსრულდა “ (Н. Субботин. История белокриницкого священства. М. 1886 г., стр 34, 35).

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, თუ საიდან ჰქონდათ მირონი ძველმოწესე ქრისტეანებს. ჯერჯერობით კი იმას აღვნიშნავთ, რომ ოპონენტები მოხარშვისა და კურთხევის აქტებს რატომღაც ერთმანეთთან აიგივებენ.

მირონის ხარშვის და კურთხევის პროცესში სრულიად ბუნებრივად ერთვებიან და აქტიურადაც მონაწილეობენ მღვდლებიც და დიაკვნებიც, ოღონდაც ეგაა, რომ ეპისკოპოსები წარმოთქვამენ იმ სპეციალურ, მირონის საკურთხებელ ლოცვებს, რომლებსაც ვერ იტყვიან მღვდლები.

მირონის კურთხევაში და აქ, ამ საიდუმლოში, გამოიყოფა ორი მომენტი: პრაქტიკულ-მატერიალური (მოხარშვა) და საკრალური (კურთხევა). მატერიალურია მირონის შედგენილობა (33 კომპონენტზე მეტი), პრაქტიკულს განეკუთვნება მოხარშვა, რასაც თავისუფლად აღასრულებენ მღვდელმსახურნი, ხოლო საკრალური მომენტი, - ანუ სპეციალური ლოცვები, რომელთაც ეპისკოპოსნი წარმოთქვამენ და მადლი, რომელსაც უხილავად შეიძენს მირონი, - აღესრულება მხოლოდ ეპისკოპოსთა ლოცვითა და კურთხევით.

არის თუ არა ოპონენტების მიერ დამოწმებულ წყაროში ნათქვამი, რომ მღვდელმა ბასილიმ აკურთხა მირონი? არა! „სტაროვერთა“ დაუძინებელი მტერი, პროფ. სუბოტინიც კი თავის „ბელოკრინიცელთა ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ მღვდელმა ბასილიმ მოხარშა მირონი და არაფერს იტყობინება მის კურთხევაზე. თუმცა ამ მოხარშვას მღვდელ ბასილის ისიც რატომღაც უდიდეს ცოდვაში უთვლის. მეტიც, მირონის კურთხევაზე არაფერია ნათქვამი, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი ოპონენტების მიერ დამოწმებულ წყაროშიც ("Энциклопедический словарь", "Христианство". Т. I, стр. 173, Москва 1993 г.). აქ მხოლოდ აღნიშნულია, რომ მ. ბასილიმ მირონი მოხარშა. მირონის მოხარშვა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ მღვდელსაც შეუძლია და არავითარი „საეკლესიო კრიმინალი“ ამაში არ არის; ცხადია, რომ ის ცნობა, რომლებსაც ოპონენტები ეყრდნობიან მღვდლის მიერ მირონის მოხარშვის თაობაზე, სრულებითაც არ იძლევა ისეთი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, როგორსაც ოპონენტები აკეთებენ. ამისი უფლება მათ მაშინ ექნებოდათ, რომ დაემოწმებინათ უტყუარი წყარო, რომელიც უფრო მეტ ცნობას მოგვაწვდიდა ამ ფაქტის გარშემო, მაგრამ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ. ახლა კი კვლავ ოპონენტთა მსჯელობას დავუბრუნდეთ. თუ ოპონენეტები მაინც იტყვიან, რომ კურთხევა და მოხარშვა ურთიერთიდენტური ცნებებია და შინაარსობრივადაც იგივეობრივნი არიან, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარი რჩება თვით კურთხევის არსი, რომელიც გაიგივდება მღვდელმოქმედების მატერიალურ, ხილულ სიმბოლოსთან (იქნება ეს ნივთიერი თუ მოქმედებაში გამოხატული). ლოცვას (საიდუმლოში) დაეკარგება თავისი მისტიკური და საკრალური არსი და გახდება მატერიალურ, გარეგნულ ფორმასა და სიმბოლოში არასწორად მოაზრებული „კურთხევის“ უბრალო და არაფრისმომცემი დანამატი.

გარეგნულ მღვდელმოქმედებას, ანუ ფორმასა და ქმედებაში გამოხატულ სიმბოლოს საკრალურ, საიდუმლო არსს ლოცვა ანიჭებს და ამ უკანასკნელის გარეშე შეუძლებელია ის მადლმოსილი იყოს. იგივე ითქმის ნებისმიერი რამის (თუნდაც საჭმელ-სასმელის) მოხარშვა-კურთხევაზეც.

ხილული მხარის ლოცვითი თანხლებით სრულიქმნება მისი უხილავი მხარე და კონკრეტული ქმედება ხდება მადლმოსილი ანუ ნაკურთხი. მაგ. მღვდელმა სანათლავ ემბაზში მარტოოდენ ხელი რომ ჩაყოს, ჯვარი გამოსახოს, მაგრამ არ წარმოთქვას ამ დროს საჭირო ლოცვები, იქნება თუ არა ეს წყალი ნაკურთხი?

ან წმ. ნათლისღების საიდუმლოში მღვდელმა მარტოოდენ სამჯერ რომ შთაფლას მოსანათლი, მაგრამ არ წარმოთქვას ფორმულა: „ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა...“ იქნება თუ არა საიდუმლო აღსრულებული?

ან ევქარისტიის წმიდა საიდუმლოში შეწირულ ტარიგზე (პურზე) და ღვინოზე მხოლოდ ჯვარს თუ გამოსახავს მღვდელი და არ იტყვის: „შეცვალე იგი სულითა შენითა წმიდითა“, შეიცვლება თუ არა პური და ღვინო ქრისტეს უწმიდეს ხორცად და სისხლად და აღსრულდება თუ არა ეს საიდუმლო? არამც და არამც!

იგივე ითქმის კურთხევებზეც!

მაგ.: წყლის კურთხევაზე (აიაზმაზე), პურების კურთხევაზე (მწუხრის ლოცვებზე, ლიტის აღსრულების შემდეგ), ვინ აკურთხებს წყალს ან პურებს, მხოლოდ მოძრაობებით ან ოდენ მატერიალური ფორმის თუ სახის მომზადებით ლოცვების გარეშე?

ვინ აკურთხებს სეფისკვერს - მღვდელი თუ მისი გამომცხობი ერისკაცი? ხომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ „ერისკაცი აკურთხებს სეფისკვერებს მათი გამოცხობით“?

ვინ აკურთხებს აიაზმას – ის, ვინც წყალს ასხამს ემბაზში თუ მღვდელმსახური ლოცვებითა და შესაბამისი გარეგნული მღვდელმოქმედებით (ჯვრის გამოსახვით, ჯვრის შთაფლვით წყალში და ა.შ.)?

ვინ აკურთხებს ტაძარს: მშენებელი, ხურო თუ კალატოზი? თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი (პისკოპოსის მიერ ნაკურთხი ანტიმინსით?

მაშ, ვინ აკურთხებს წმ. მირონს - ის, ვინც ხარშავს მას თუ ის, ვინც აკურთხებს მას შესაბამისი ლოცვებითა და მღვდელმოქმედებით?

მართალია, წმ. სიმეონ თესალონიკელის განმარტების თანახმად მირონის მომზადების პროცესში აქტიურად არის ჩართული პატრიარქი, აკურთხებს ზეთს, ანთებს ცეცხლს, აზავებს მასში სხვადასხვა მცენარეულ ნახარშებს თუ ზეთებს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ იგივე წმიდა მამა მოწმობს, რომ ამ ნაზავს მაინც ერთ-ერთ რომელიმე ღვთისმოშიშ ქრისტეანს ახარშვინებენ. მისი თქმით: „ზეთს მირონისთვის ხარშავს რომელიმე ღვთისმოშიში და ამ საქმის მცოდნე, თანაც უდიდესი ყურადღებით. მირონი განმზადდება დიდ ოთხშაბათს, ხოლო თვით კურთხევა მირონისა აღსრულდება მეორე დღეს, დიდ ხუთშაბათს, ლიტურგიაზე, წმ. ძღვენის შეცვალების შემდეგ (უფრო დეტალურად იხ. Соч. Блаж. Симеона архиеп. Фесалоникииского. Санкт-Петербург. 1856 г., 59-89).

ოპონენტების დასახელებულ წყაროებში არსად არის მითითებული თუ რომელ დღეს და კონკრეტულად სად (ტაძარში თუ მის გარეთ) აღასრულა „მირონის მოხარშვა“ მღვდელმა ბასილიმ, რა კომპონენტები გამოიყენა ამიტომაც, გაურკვეველია რის საფუძველზე მიიჩნევენ ისინი ამ ღონისძიებას მირონის თუნდაც მოხარშვის მცდელობად.

თავისუფლად შესაძლებელია, მღვდელ ბასილის მხოლოდ შეემზადებინა სურნელოვანი ნელსაცხებლები, რომლებიც მირონის დასამზადებლად გამოიყენება და შეერია ისინი მოხარშული ზეთისთვის, როგორც ეს მირონის ხარშვისას ხდება, რათა შემდეგ ამ სურნელოვან ზეთში განეზავებინა თვით წმ. მირონი, შემორჩენილი პატრ. იოსების დროინდელი კურთხევიდან. ამგვარ ქმედებაში არ არის არავითარი საეკლესიო გადაცდომა.
გონიერი ადამიანი, ვფიქრობთ, ზემოთ მოტანილი მსჯელობის მიხედვით, ისედაც ადვილად მიხვდება, მირონის მოხარშვა და კურთხევა ერთი და იგივე რომ არ არის. აკურთხებს მას მხოლოდ მღვდელმთავარი, ხოლო მოხარშავს მღვდელიც ეპისკოპოსთა გარეშეც, ოღონდაც მიღებული ნაერთი ნივთიერება მანამ არ იქნება წმ. მირონი, სანამ ლოცვით არ აკურთხებს მას მღვდელმთავარი. ის იქნება უბრალოდ არომატულ ზეთთა და სხვა კომპონენტთა ნაერთი და არა მირონი.

საზოგადოდ, ამა თუ იმ საგანზე ან მოვლენაზე მსჯელობა შესაძლებელია ხელთ არსებული მონაცემების ფარგლებში და არა უმეტეს. ამიტომაც, ინფორმაციის ის მოცულობა, რასაც ოპონენტები აწვდიან მკითხველს მღვდელ ვასილის მიერ ვითომცდა როგოჟის სასაფლაოზე მირონის მოხარშვის თაობაზე, ისეთი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, როგორსაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ.

მაგალითად, ისინი ირწმუნებიან, რომ ძველმორწმუნე მღვდლების მიერ ვითომცდა მოხარშული ამ მირონით, შემდეგ „მთელი სტაროვერობა მარაგდებოდა“. ეს ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს.

ჯერ ერთი, თვით ნიკონიანელი ისტორიკოსები და სასულიერო პირები (რომელთა თხზულებები „რასკოლის“ შესახებ მაინცდამაინც დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა) წერენ, რომ მღვდელ ვასილის მიერ მირონის მოხარშვა როგოჟის სასაფლაოზე) მომხდარა „საიდუმლოდ, სადღაც საკუჭნაოში, დაკეტილ კარებს მიღმა“ (იხ. П. С. Смирнов. История русского раскола старообрядства. Рязань 1893 г., стр. 138). ასე, რომ ეს აქტი, თუკი ის ნამდვილად მოხდა, რამოდენიმე როგოჟელი მღვდლის თავნებობა ყოფილა და არა ყველა (ან თუნდაც მოსკოველ) ძველმორწმუნეთა საერთო გადაწყვეტილება.

მეორეც, ამავე ნიკონიანელ ისტორიკოსთა ცნობით, როდესაც ამ საიდუმლოდ და დანარჩენ ძველმორწმუნეთაგან ფარულად მოხარშული მირონის შესახებ ცნობა გახმაურდა, ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოუწვევია. საბოლოოდ კი როგოჟის სასაფლაოზე მოწვეულ საერთო კრებაზე ამ მირონის განადგურება განუწესებიათ“ (იხ. იქვე. გვ. 140). ერთ-ერთი მკვლევარის ცნობით მირონის ერთი ნაწილი მიწაში ჩაუმარხავთ, ხოლო დანარჩენი ნაწილი მდინარეში გადაუსხამთ (იხ. Еп. Макарий. История русского раскола, известного под именем старообрядства. СПБ, 1855, стр. 322).

ასეთია ნიკონიანელ ისტორიკოსთა მეტად საეჭვო ცნობები როგოჟის სასაფლაოზე მირონის მოხარშვის შესახებ.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ კანონიკურად ნებადართულია მირონის შერევა ზეთში, რასაც ხშირად მიმართავდნენ ძველმართლმადიდებელი მღვდლები, ხოლო იმისათვის რათა დაცული ყოფილიყო მისი პირველი შემადგენლობა, ზეთში ხარშვის დროს, ურევდნენ იმ კომპონენტებს, რომელიც მირონის ხარშვისას გამოიყენება, მაგრამ თვითონ არასოდეს მოუხარშავთ, როგორც ცილს სწამებენ მღვდელმონაზონ თეოდორ ვეტკოველს და მოსკოვის როგოჟის სასაფლაოს პირველ მღვდელმსახურებს. მათ არასოდეს გადაუჭარბებიათ თავიანთი უფლებებისთვის. ხოლო მირონის და მოხარშულ ან უბრალო ზეთში შერეულ სხვა კომპონენტთა განზავებაში, ვერავითარ ანტიკანონიკურ ქმედებას ვერ ხედავდნენ და თუკი მიმართავდნენ ასეთ ღონისძიებას, მხოლოდ და მხოლოდ წმიდა მირონისადმი უდიდესი მოწიწების ნიშნად“ (იხ. Еп. Арсений Уральский. "Истинность", газета "Русь православная", № 9. 1997 г., стр. 6).

კითხვა: ცნობილია, რომ მირონის კურთხევა მხოლოდ ეპისკოპოსთა პრეროგატივაა, ამიტომაც ხშირად გვეკითხებიან, საიდან მოჰქონდათ მირონი ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, თუკი თითქმის მთელი სამი საუკუნის მანძილზე მათ ეპისკოპოსი არ ჰყოლიათ?

პასუხი: სწორია, რომ მირონის კურთხევა ეპისკოპოსების პრეროგატივაა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწორედ ისინი აკურთხებენ მირონს, მაგრამ, წმ. ეკლესიის განწესებათა თანახმად, ეპისკოპოსთა მიერ ნაკურთხი მირონის შემცირების შემთხვევაში წმ. ეკლესია იძლევა მირონის ზეთში განზავების უფლებას და ამ უფლებას ის თავის პრესვიტერებსაც ანიჭებს. ნიკონიანური სქიზმის შემდგომ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ ჰქონდათ ნიკონ პატრიარქამდე ნაკურთხი მირონი, რომელსაც ზეთში აზავებდნენ.

ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებში ძველი, განხეთქილებამდე ნაკურთხი მირონის არსებობას მათი მოწინააღმდეგე ნიკონიანელი მისიონერებიც ადასტურებენ. „...წმიდა ეკლესიისგან თქვენი გამოყოფის დასაწყისში - წერს ერთ-ერთი ნიკონიანელი პოლემისტი, – საკმაოდ მცირე იყო იმ სამღვდელოთა რიცხვი, რომელთაც დატოვეს ეკლესია და თქვენს სექტას მიაშურეს. მაგრამ, იმას კი ვიტყვით, რომ 1) მათი რაოდენობა იყო ათი, 2) თითოეულმა მათგანმა თავისი სამრევლო ეკლესიიდან წაიღო წმიდა მირონი, 3) ყველა ამ სამრევლო ეკლესიას მირონი გადაეცა მათი წასვლის წინ, 4) ხსენებული მღვდლების მიერ წაღებული მირონის ათი ნაწილი ერთად აღებული შეადგენდა ერთ ფუნტ (0,4536 კგ) მირონს 5) ხსენებულ მღვდლებს არ გაუხარჯავთ იგი და მაშინათვე განაზავეს ზეთში...“ (Ответы Никифора Астраханского, изд. 1801 г., стр. 334, 335. По другому изданию, стр. 415, 417, 437. ეს შენიშვნა მოტანილია ანტონოვის წიგნშიც პერეტრუხინის "Меч духовный"-ს საპასუხოდ. პასუხი 2. გვ. 33. მე-2 გამოცემის მიხედვით გვ. 36).

ძველ მართლმადიდებლებში ძველი (ნიკონამდელი) მირონის არსებობას ადასტურებს ცნობილი ნიკონიანელი ისტორიკოსი, მკვლევარი და მისიონერი პავლე მელნიკოვიც. მისი ცნობით, ძველმორწმუნეებს საკმაო რაოდნეობით ჰქონდათ ჯერ კიდევ პატრ. იოსების დროს ნაკურთხი მირონი (იხ. П. Мельников. Исторические очерки поповщины", ч. 1, изд. Москва, 1864 г., стр. 64, 66).

სხვა ნიკონიანელი ავტორი წერს, რომ „... პირველ, პატრ. ნიკონამდე ხელდასხმულ „რასკოლნიკ“ მღვდლებს, რომლებიც თავიანთი ეკლესიებიდან „რასკოლნიკურ“ სკიტებში და უდაბნოებში გადავიდნენ, რა თქმა უნდა, შეეძლოთ თან წაეღოთ ნიკონამდე ნაკურთხი მირონის ნაწილი. უნდა ვიფიქროთ, რომ მირონი ჰქონდათ კოზმას (ძვ. მართლ. მღვდელ. - არქიეპ. პ.) ვეტკაზე და დიონისეს (ძვ. მართლ. მღვდელი – არქიეპ. პ.) კერჟენეცზე. შემცირების დროს მას განაზავებდნენ ზეთში და ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდნენ კურთხევანში არსებული მითითებით (იხ. Потребник, л. 32). განსაკუთრებით კი მათე ბალსტარისის წიგნსა და იოანე კიტროჟელის პასუხებში მოცემული განწესებებით“ (Смирнов. Внутренние вопросы в расколе в XVII веке. СПб 1898 г., стр. 150).

კითხვა: შეიძლება თუ არა მივუთითოთ უფრო კონკრეტული წყაროები, რომლებიც ზეთში მირონის განზავების უფლებას გვაძლევენ?

პასუხი: ეკლესიის ავტორიტეტული კანონისტი მათე ბლასტარისი ბრძანებს:

„... თუკი ნათლისღებისთვის ან ეკლესიის საკურთხებლად, ან სხვა რამისთვის გამოილიოს მირონი, დარჩენილი მცირე რაოდენობის ზეთში განზავება ნებადართულია, რათა ასეთი გამრავლებით საკმარისად ეყოს მისით კურთხევის მსურველთ...“ (Матфей правильник, древлеписм. сост. гл. 15. цит. по В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, вторая половина. Москва 1912, стр. 14).

სევასტ არმენოპოლი თავის კანონიკურ კრებულში გვაძლევს იგივე განწესებას, რაც ბლასტარისის წიგნის მიხედვით გადმოვეცით (იხ. Севаста Арменополя, кн. V. Иоанна Китрского ответы к Константину архиепископу Диррахиискому Кавасилу, древл. письма, л. 292 (по изд. Овчинникова, Балахна, 1908 г., л. 193 оборот).

დიდ კურთხევანში ტაძრის კურთხევის წესში ვკითხულობთ: „... და აიღებს მირონით სავსე ჭურჭელს, ან (მირონის) სიმცირის გამო მირონგანზავებულ ზეთს...“ (Потребник Большой с номоканоном. Единоверческой печати. Чин на освящение церкви, л. 31).

ბერძნული „პიდალიონიც“ („დიდი რჯულისკანონი“) იგივეს ბრძანებს: „კართაგენის კრების მე-6 კანონი წმ. მირონის დამზადებას (ანუ მის სრულქმნას კურთხევით – არქიეპ.პ.) საიდუმლოს უწოდებს, ასევე წმ. დიონისე არეოპაგელიც (საეკლესიო იერარქიისათვის თ. 4). უცნობია თუ რატომ ასრულებენ ჩვენს (ანუ ბერძნულ – არქიეპ. პ.) ეკლესიაში ამ საიდუმლოს ასე იშვიათად მაშინ, როდესაც მოსკოვში, როგორც გავიგეთ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აღასრულებენ დიდ ხუთშაბათს.

განწესებათა მიხედვით, არც ერთ მღვდელს უფლება არა აქვს, აღასრულოს მირონის დამზადების საიდუმლო, ამას მხოლოდ მღვდელმთავრები აკეთებენ, რომლებიც, თუმც კი ძალუძთ, თვით აკურთხონ მირონი, კეთილმორჩილებითა და პატრიარქისადმი დაქვემდებარებულობის ძალით ამას დიდ ეკლესიაში (ე.ი. საპატრ. და საკათედრო ტაძარში – არქიეპ.პ.) აკეთებენ.

იოანე კიტროჟელის მიხედვით (მე-15 პასუხი), „დასაშვებია ზეთში მირონის შეზავება, რათა საკმარისი იყოს ყველასათვის, ვისაც ნათლისღება სურს და მირონს საჭიროებს...“ (Греческая кормчая книга (Пидалион). Изследование И. Никольского, изд. Москва, 1883 г., стр. 177. О миропомазании).

ასე, რომ ძველმართლმადიდებელთ თავიდანვე ჰქონდათ მირონის საკმარისი რაოდენობა, რომელსაც გამოლევის შემთხვევაში ზეთში აზავებდნენ, ამიტომაც მათ არასოდეს დასჭირვებიათ, წმ. მირონის მოსაპოვებლად რაიმე არაკანონიკური ღონისძიებისთვის მიემართათ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика