აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. XVIII - ნოვატიანუსის ნათლობა - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

ნათლობა

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი XVIII

____________________________________________________________________________________________________________________________


ნოვატიანუსის ნათლობა

"საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ IV საუკუნეში მრავალ ქრისტეანს ჩვეულებად ჰქონდა ნათლისღების გადადება იმ დრომდე, სანამ სიკვდილს არ მიუახლოვდებოდა, ამიტომაც, სარეცელს მიჯაჭვულნი ინათლებოდნენ, როდესაც ნათლობის შთაფლვითი ფორმა არა მხოლოდ მოუხერხებლად, არამედ საშიშადაც კი მიიჩნეოდა" (ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 306)

ამის დასტურს ვპოულობთ პაპ კორნელიუსის (205-253 წწ.) წერილში ფაბიოს ანტიოქიელისადმი ნოვატიანუსთან დაკავშირებით: "მისთვის (ნოვატიუსისთვის - არქიეპ. პ.) რწმენის აღმძვრელი იყო სატანა, რომელიც მასში შევიდა და საკმაო ხანს სახლობდა მასში. როდესაც მას შემფუცებლები შეეწეოდნენ, მძიმე სნეულებამ დასცა და როდესაც ფიქრობდნენ, რომ მოკვდებოდა, თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმით, თუ შესაძლებელია, ასეთზე ითქვას, რომ მიიღო. მან თავი დააღწია სენს, მაგრამ, არ მიიღო დანარჩენი, რისი მიღებაც საჭიროა საეკლესიო კანონების მიხედვით, - ეპისკოპოსის მიერ აღბეჭდვა (ანუ მირონცხება - არქიეპ. პ.). როდესაც ეს არ მიიღო, როგორ მიიღებდა სულიწმიდას?" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285).

პაპ კორნელიუსის მოწმობაზე დაყრდნობა თუ შეიძლება და მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გვეპარება, გამოდის, რომ ნოვატიანელები მხოლოდ ნათლისღებასღა ღებულობდნენ და უარყოფდნენ მირონცხებას. მაგრამ პაპ კორნელიუსის ცნობაში, როგორც ცნობილი ეკლესიოლოგი ნ. აფანასიევი ბრძანებს (იხ. Протопр. Н. Афанасьев. Вступление в Церковь. 3. Порядок совершения таинства приема в церковь), მოცემულია ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემა: "რაკიღა "არ აღბეჭდილა ეპისკოპოსისგან", ანუ არ მიუღია მირონცხება, როგორ შეეძლო გამოჯანმრთელების შემდეგ მონაწილეობა მიეღო ევქარისტულ ერთობაში და მეტიც - ხელდასხმული ყოფილიყო პრესვიტერად?" (ციტ. იქვე).

"როგორც ჩანს, - განაგრძობს ხსენებული ავტორი, - სწორედ პაპ კორნელიუსის წერილზე დაყრდნობით გაჩნდა შეხედულება, რომელსაც ვხვდებით ეკლესიის ზოგიერთ მამასთან, რომ ნოვატიანელები საერთოდ არ ასრულებდნენ მირონცხებას" (Протопр. Н. Афанасьев. Вступление в Церковь. 3. Порядок совершения таинства приема в церковь. http://www.golubinski.ru/ecclesia/vstupcont.htm).

ახლა გავეცნოთ, რა დასკვნა გამოაქვს ჩვენს ოპონენტს (ე. ჭელიძეს) ნოვატიანუსის ნათლობასთან დაკავშირებით და ისიც ვნახოთ რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ ამ განმარტებიდან გამომდინარე.

ე. ჭელიძე: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.) სიკვდილის პირას მყოფი, ხოლო გამოჯანმრთელებულმა, საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა "ნათლისღების ლოცვებზე", რომლებიც აუცილებლად წარმოითქმის სრული ნათლობისას, და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მირონცხებაზე ანუ სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდვაზე. ამგვარი უარი, ცხადია, განპირობებული იყო იმით, რომ ნოვატიანუსმა თავისი საკვირველი გამოჯანმრთელება სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესს დაუკავშირა და, შესაბამისად, ირწმუნა რა, რომ ამ წესს (როგორც მისთვის სასწაულთმოქმედს) არაფრის შემატება აღარ ესაჭიროებოდა, ნათლობისთვის საკუთრივ მირონცხების აუცილებლობა გამოირიცხა. საყურადღებოა, რომ სულ მალე ხსენებული ნოვატიანუსი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყოველგვარი გადანათვლის გარეშე, ხდება რომის ეკლესიის მღვდელი" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 340).

ე. ჭელიძე "ნოვატიანელთა და უალდენსიანელთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტის Adam Blair" -ზე დაყრდნობით იზიარებს იმ აზრს, რომ "ნათლობაში ნოვატიანუსი იყენებდა მხოლოდ წლის დაპკურებას" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 342).

სამწუხაროდ, ე. ჭელიძეს არ მოჰყავს რაიმე ისტორიული მოწმობა იმის დასამტკიცებლად, რომ ნოვატიანუსი ან მისი გვიანდელი მიმდევრები (ნოვატიანელები არსებობდნენ VII საუკუნემდე) მათთან მისულ მორწმუნეებს მხოლოდ იმ წესით ნათლავდნენ, რა წესითაც თვით ნოვატიანუსი მოინათლა. აქ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეულ "ლოგიკურ წიაღსვლებს" მიმართავს, კერძოდ, ის წერს: "საკუთარი მომხრეების დახმარებით 251 წ-ს, ზემოხსენებული წმ. კორნელის პაპობის დროს, თავის თავს რომის პაპად (ანტიპაპად) გამოაცხადებს, ამასთან ამუშავებს მკაცრად რიგორისტულ და ფაქტობრივად სინანულის საიდუმლოს ცხოველმყოფელობის უარმყოფელ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ დევნულებათა ჟამს მომედგრებულნი და ცთომილნი, ისევე როგორც, საზოგადოდ, ნათლობის შემდგომ შემცოდენი არანაირად აღარ უნდა იქნენ ეკლესიის მიერ შეწყნარებულნი, და სწორედ ამ ცრუსწავლებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს იგი თავის მიმდინარეობას, რაც მყისვე მიიღებს დაგმობას წმ. კორნელის მიერ 251 წ-ს მოწვეული სინოდის მხრიდან, თუმცა ნოვატიანუსი სინოდის დადგენილებას არ გაიზიარებს და, შესაბამისად, დააფუძნებს ნოვატიანელთა ("ნავატიანოზთა") ეკლესიას, რომლის ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი, ე. ი. მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად და მირონცხების გარეშე. სხვა რამ, ცხადია, არც არანაირად იყო მოსალოდნელი, რადგან თუკი ნოვატიანუსმა საკუთარ თავსაც კი არ განუკუთვნა დასხმით ნათლობაზე უფრო მეტი, თუმცა გამოჯანმრთელებულს, ცხადია, ყოველგვარი შესაძლებლობა ჰქონდა სრული ხილული გადაშთაფლვისა და მირონცხებისა, ნუთუ საკუთარი სექტის წევრებს დაავალდებულებდა ამას? (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.) ამიტომ აღნიშნავდა ნოვატიანელთა და უალდენსიანელთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი Adam Blair: "ნათლობაში ნოვატიანუსი იყენებდა მხოლოდ წყლის დაპკურებას". ... ზედმიწევნით იგივე დასკვნაა გამოტანილი ნოვატიანელთა ეპოქის ისტორიკოსის Thomas Gallaher - ის მიერ, რომელიც დებულებითად მიუთითებს: "ნოვატიანელები ნათლავდნენ დაპკურებითად (Novatians baptized by sprinkling)" (იქვე. გვ. 342-343).

ე. ჭელიძის მტკიცებულება თუ სწორია, ანუ თუ ნოვატიანელები ნათლავდნენ მხოლოდ ისე, როგორც თვით ნოვატიანუსი მოინათლა, მაშინ ხსენებული ავტორების ცნობა ნოვატიანელთა ნათლობის შესახებ ე. ჭელიძის მტკიცებას ეწინააღმდეგება (ან თვით ე. ჭელიძე ეწინააღმდეგება მის მიერვე დამოწმებულ ავტორებს). რადგან, თუკი ნოვატი მოინათლა დასხმით, რასაც არც ე. ჭელიძე უარყოფს და წერს: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად სიკვდილის პირას მყოფი" (იქვე. გვ. 340)), და ეს ცნობა, უპირველეს ყოვლისა, მოცემულია ევსები კესარიელის მიერ თავის "ისტორიაში" შეტანილი წყაროდან, რომელიც პაპ კორნელიუსს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც ნოვატიუსმა "თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმითად" (ე. ჭელიძის თარგმანით: "სწორედ იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ზემოდან გადასხმულმა მიიღო ნათლობა" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285); და თუკი, როგორც ე. ჭელიძე ამტკიცებს, ნავატიანელთა სექტის "ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი", მაშინ ისინი დაპკურებითად კი არ უნდა მონათლულიყვნენ, არამედ დასხმითად, წყალგადავლებით, როგორც თვით ნოვატიანუსი მოინათლა. ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ავტორები კი ლაპარაკობენ მიპკურებაზე, რაც ნოვატიანუსისა და მისი მიმდევრების ნათლისღების საწინააღმდეგოა.

არ ვიცით, რა მიზეზით, მაგრამ ხსენებული ინგლისურენოვანი ავტორები ნოვატიანუსის ნათლობის აღნიშვნისას იყენებენ სიტყვას "
sprinkling" (sprinkle ა) შხეფი, მიპკურება; ბ) ჟინჟღლი) (რუს.: 1. брызгание, обрызгивание, разбрызгивание б) мелкий дождик. 2) а) небольшое количество; капля б) мн. карамельные крошки, которыми посыпают мороженое). ე. ჭელიძე სრულიად სწორად თარგმნის ამ სიტყვას ("sprinkling") ტერმინით "დაპკურება", მაგრამ სწორედ ეს ეწინააღმდეგება მისავე მტკიცებას, რომ ნოვატიანელთა ეკლესიის "ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი, ე. ი. მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად და მირონცხების გარეშე".

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნოვატიუსი მოინათლა არა პკურებით (sprinkling), არამედ დასხმით (affusion). შედარებისთვის, თუ გაეცნობით ევსები კესარიელის "ისტორიას" ინგლისურ ენაზე, იხილავთ, რომ აქ გამოყენებულია სიტყვა affusion ("14. But Satan, who entered and dwelt in him for a long time, became the occasion of his believing. Being delivered by the exorcists, he fell into a severe sickness; and as he seemed about to die, he received baptism by affusion, on the bed where he lay; if indeed we can say that such a one did receive it") (Eusebius Pamphilius: Church History. Chapter XLIII.Novatus, his Manner of Life and his Heresy. http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf201.iii.xi.xliii.html) (ქართულ თარგმანში: "მისთვის (ნოვატიუსისთვის - არქიეპ. პ.) რწმენის აღმძვრელი იყო სატანა, რომელიც მასში შევიდა და საკმაო ხანს სახლობდა მასში. როდესაც მას შემფუცებლები შეეწეოდნენ, მძიმე სნეულებამ დასცა და როდესაც ფიქრობდნენ, რომ მოკვდებოდა, თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმით, თუ შესაძლებელია, ასეთზე ითქვას, რომ მიიღო" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს ინგლისური სიტყვა ნიშნავს არა მარტო წყლის დასხმას, არამედ ნათლისღების დროს ემბაზში ჩაშვებასაც ან წყლის გადავლებას, გადასხმას, როგორც მკურნალობის მეთოდს. ეს არის ამ სიტყვის ძირითადი აზრი, რაც ვერანაირად უთავსდება სიტყვა სპრინკლინგ- ის მნიშვნელობას.

სარეცელს მიჯაჭვული ნოვატიანუსი წყალგადავლებით რომ მოინათლა ეს დასტურდება ეპისკოპოს მაგნუსის შეკითხვიდან წმ. კვიპრიანე კართაგენელისადმი და წმ. კვიპრიანეს პასუხიდანაც.

ამრიგად, ე. ჭელიძის მტკიცებულებას თუ მივყვებით, მის მიერ ხსენებული ავტორები აშკარად თვითნებობენ და ნოვატიანელთა ნათლობაზე მსჯელობისას არ იცავენ ტერმინოლოგიურ სიზუსტეს, ყურადღების მიღმა ტოვებენ დასხმასა და პკურებას შორის არსებულ განსხვავებას (უეჭველია, რომ წყალდასხმითი ან წყალგადავლებითი ნათლობის დროს უფრო მეტი წყალი გამოიყენება, ვიდრე პკურებისას, როდესაც პრაქიკულად მოსანათლავს წყლის უმცირესი რაოდენობა მიეწვეთება) და ნოვატიანუსის (და მისი მიმდევრების) ნათლობა "მიპკურებამდე" დაჰყავთ.  

ნოვატიანელები თუ ყოველივეს, თავიანთი ერესიარქის მოთხოვნისამებრ, ზედმიწევნით ასრულებდნენ, რომელიც ნათლობას წყალდასხმითად ითხოვდა, მაშინ მტკიცება იმისა, თითქოსდა "ნოვატიანელები ნათლავდნენ დაპკურებითად" ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. რბილად რომ ვთქვათ, თვით ე. ჭელიძის მტკიცებულებიდან გამომდინარე, ეს არის არაზუსტი ცნობა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რამდენად სანდოა ის ისტორიული ცნობები, რომელსაც გვაწვდიან კათოლიკე და პროტესტანტი მეცნიერები, რომლებიც ხშირად თავიანთი პრაქტიკის გასამართლებლად ფაქტების დამახინჯებებსაც არ ერიდებიან.

ნოვატიანუსის ნათლობასა და შემდგომ ეკლესიის მიერ მისი მიმდევრების შეწყნარების ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ყურადღებას იპყრობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ ის, რომ ნოვატიანუსს ნათლობის შემდეგ არ მიუღია მირონცხება. ეკლესიის ამ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს ნოვატიანუსი და მისი მიმდევრები შემდგომაც უარყოფდნენ. აი, რას გვამცნობს ამის შესახებ თვით ე. ჭელიძე: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად სიკვდილის პირას მყოფი, ხოლო გამოჯანმრთელებულმა, საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა "ნათლისღების ლოცვებზე", რომლებიც აუცილებლად წარმოითქმის სრული ნათლობისას, და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მირონცხებაზე ანუ  სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდვაზე. ამგვარი უარი, ცხადია, განპირობებული იყო იმით, რომ ნოვატიანუსმა თავისი საკვირველი გამოჯანმრთელება სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესს დაუკავშირა და, შესაბამისად, ირწმუნა რა, რომ ამ წესს (როგორც მისთვის სასწაულთმოქმედს) არაფრის შემატება აღარ ესაჭიროებოდა, ნათლობისთვის საკუთრივ მირონცხების აუცილებლობა გამოირიცხა. საყურადღებოა, რომ სულ მალე ხსენებული ნოვატიანუსი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყოველგვარი გადანათვლის გარეშე, ხდება რომის ეკლესიის მღვდელი" ("სული - ცხოველი". გვ. 340).

ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მოსაზრებით არ იღებს ნოვატიანუსი მირონცხებას, რადგან, როგორიც გინდა იყოს ეს მიზეზი, ის აბსოლუტურად მიუღებელია. უდიდეს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ამგვარი "ნათლობის" შემდეგ (როდესაც ნოვატიანუსი, როგორც საწოლს მიჯაჭვული კლინიკოსი ინათლება დასხმითად და უარს ამბობს როგორც ნათლობის დანარჩენ ლოცვებზე, ისე, რაც მთავარია, მირონცხებაზე. აღარაფერს ვამბობთ იმ უცნაურობაზეც, რომ მოსანათლავის ამ ახირებას აჰყოლიან მისი მომნათვლელი სასულიერო პირებიც), ეს ადამიანი "რომის ეკლესიის მღვდელი" ხდება.

გავიხსენოთ, რისთვის დასჭირდა (ან სჭირდებათ საერთოდ) ე. ჭელიძეს (და მის თანამოაზრეებს) ნოვატიანუსის ნათლობის დამოწმება. მხოლოდ და მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ნოვატიანუსის მიმდევრებს ეკლესია შეიწყნარებდა გადანათვლის გარეშე, აქედან კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: დასხმით ნათლობას ეკლესია კანონიკურად აღიარებდა. მაგრამ პრობლემა აქ მარტოოდენ ნათლობის განუმეორებლობა როდია, პრობლემაა მირონცხების არმიღება და ამ მირონუცხები ადამიანის რომის ეკლესიის პრესვიტერად ხელდასხმა. ხომ არ გამოვიტანოთ ამ ფაქტიდან ის დასკვნა, რომ მირონცხება ეკლესიაში არცთუ საჭირო და სავალდებულო წესი ყოფილა და მის გარეშეც შეიძლება გაქრისტეანება?!

ე. ჭელიძის ლოგიკას თუ მივყვებით და ვიტყვით, რომ, რაკიღა ეკლესია ნოვატიანელებს მირონცხებით იღებდა და, მათი ნათლისღება შეწყნარებულია, ეს დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან ამავე ლოგიკით, რაკიღა ნოვატიანუსი და მისი საზოგადოება უარყოფდნენ მირონცხებას, არც ნოვატიანუსის და არც მისი საზოგადოების წევრები არ უნდა ჩათვლილიყვნენ არც ნათელღებულებად და არც ხელდასხმულებად. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად ჯერ გავეცნოთ ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებას მირონცხების წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ და შემდეგ კვლავ განვაგრძოთ მსჯელობა ნოვატიანელებზე და იმაზეც, თუ როგორ იღებდა თავდაპირველ ნოვატიანელებს ძველი ეკლესია.

როგორც წმიდა მამები განგვიმარტავენ, ქრისტეანებად არა მხოლოდ იმიტომ ვიწოდებით, რომ ქრისტესნი ვართ, არამედ მირონცხების გამოც, ვინაიდან "ქრისტე" (ძვ. ბერძნ
. Χριστός) ცხებულს ნიშნავს. "... წმ. რომის პაპი კლიმენტი (I ს.) თავის მეოთხე ეპისტოლეში ბრძანებს, რათა ყოველმა დააჩქაროს თავისი ნათლისღება, რის შემდეგაც აღიბეჭდება რა ეპისკოპოსისგან, სულიწმიდის შვიდმაგ მადლს მიიღებს. რადგან ამ საიდუმლოს გარეშე ქრისტეანი ვერავინ შეიძლება გახდეს" (Катехизис больш., Единов., гл. 1. О миропомазании, л. 376. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Част I, первая половина. Москва 1919. Стр. 121).

წმ. კირილე იერუსალიმელი თავის მესამე მისტაგოგიურ ქადაგებაში მირონცხების შესახებ ბრძანებს: "ქრისტეს მიმართ ნათელღებულნი და ქრისტეშემოსილნი (გალ. 3.27) გახდით თანახატნი ღვთის ძისა (რომ. 8.29). რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის მიშვილება წინასწარ განსაზღვრა (ეფეს. 1.5) და შეგვქმნა თანახატად ქრისტეს დიდების სხეულისა (ფილიპ. 3.21). ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით (ებრ. 3.14), მართებულად იწოდებით ცხებულებად და თქვენ შესახებ თქვა ღმერთმა: "ნუ შეეხებით ჩემს ცხებულებს” (ფს. 104.15). ცხებულნი კი გახდით სულიწმინდის ნაცვალსახის მიღებით და ყოველივე ხატოვნებითად აღესრულა თქვენზე, რადგანაც ხატნი ხართ ქრისტესი. იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა - მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ. ეს კი არის სულიწმინდა, რომლის შესახებ ნეტარი ესაიაც, მასზე წინასწარმეტყველებისას, უფლის პირისგან ამბობს: "უფლის სულია ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, გლახაკთა მახარებლად წარმავლინა მე” (ეს. 61.1). როგორც ქრისტე ჭეშმარიტად ეცვა ჯვარს, დაეფლა და აღდგა, ხოლო თქვენ ნათლისღებით, მსგავსებითად, მასთან თანაჯვარცმის, თანადაფლვისა და თანააღდგომის ღირსნი გახდით, ასევეა ცხებაც. მან სიხარულის სულიერი ზეთით იცხო, ესე იგი, სულიწმინდით, რომელსაც სიხარულის ზეთი ეწოდება იმის გამო, რომ არის მიზეზი სულიერი სიხარულისა. თქვენ კი იცხეთ მირონით და ზიარნი და მოყვასნი (ფს. 44.7) ქრისტესნი გახდით.

მაგრამ გაფრთხილდი! ნუ იფიქრებ, რომ ეს უბრალო მირონია. რამეთუ, როგორც ევქარისტიის პური სულიწმინდის მოწვევის შემდეგ არ არის ლიტონი პური, არამედ ხორცი ქრისტესი, ასევე ეს წმინდა მირონიც არ არის უბრალო, ... არამედ მადლი ქრისტესი და სულიწმინდის გარდამოსვლისა, ხდება რა ქმედითი მისი ღმრთეებით. შენ სიმბოლურად იცხე შუბლსა და სხვა გრძნობის ორგანოებზე. ხილული მირონი სხეულს ეცხება, წმინდა და ცხოველმყოფელი სული კი სულს განწმენდს. ... ისევე როგორც ქრისტე ნათლისღებისა და სულიწმინდის ზეგარდამოსვლის შემდგომ გავიდა და შეებრძოლა წინააღმდგომს (მთ. 4.1 და შემდ.), ასევე თქვენც, წმინდა ნათლისღებისა და საიდუმლო ცხების შემდეგ, შეიმოსეთ რა ყოვლადსაჭურველი სულიწმინდისა, დაუპირისპირდით მოწინააღმდეგე ძალას და მასთან შერკინებულნი ამბობთ: "ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებლის - ქრისტეს მიერ" (ფილ. 4.13).

ამ წმინდა საცხებლის ღირსქმნილნი იწოდებით ქრისტიანებად და დააჭეშმარიტეთ სახელი მეორედ შობით. სანამ ნათლისღებისა და სულიწმინდის მადლის ღირსნი გახდებოდით, მართებულად არ იყავით ღირსნი (ამ წოდებისა), არამედ იმას ეშურებოდით და ესწრაფოდით, რომ ქრისტიანები გამხდარიყავით. ... ეს სიწმინდე არის სხეულის სულიერი საფარველი და სულის მაცხოვნებელი".

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=236%3A2010_%2012_%2015_%2011_%2038_%2014&catid=36%3A2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2045&Itemid=57&lang=ka

წმ. სიმეონ თესალონიკელის (XV ს.) თქმით "ვერ იქნება სრულად ნათელღებული ის, ვისაც მირონი არ მიუღია" (Симеон Фессалоник. Единов. Гл. XLIII, л. 73. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Част I, первая половина. Москва 1919. Стр. 122)... "და როგორც მოუნათლავი ვერ განიწმინდება და ვერ აღორძინდება მარადიული ცხოვრებისთვის, ასევე ის, ვინც ნათლისღების შემდეგ არ იცხებს მირონს, ვერც წმიდა სამების ბეჭედს იღებს და ვერც სულის მადლს" (იქვე. გვ. 124).

იგივე წმიდა მამა სხვაგანაც ბრძანებს: "არ ზიარებია მადლს და არ აღბეჭდილა ქრისტეს ბეჭდით ის, ვისაც მირონი არ მიუღია" (Симеон Фессалоникийский в русском переводе, ч. I, Спб, 1856 г., гл. 11, стр. 23-24).

ამრიგად, გამოდის, რომ "ვისაც მირონი არ უცხია მას არც ღმერთი მიიჩნევს თავისიანად და არც ანგელოზი, რადგან ის (მირონუცხებნი - არქიეპ. პ.) აღუბეჭდავია ქრისტესთვის" (წმ. სიმეონ თესალონიკელი. ციტ. იქვე. გვ. 86). იმავე წმიდა მამის თქმით, "როგორც მოუნათლავი რჩება უწმინდურად და ვერ აღორძინდება მომვალი საუკუნო ცხოვრებისთვის, ასევე ნათლისღების შემდეგ მირონუცხებსაც არ გააჩნია წმიდა სამების ბეჭედი და ვერ ეღირსება მას სულიწმიდის მადლი" (იქვე. გვ 87).

და კიდევ: "აქედან გამომდინარე, - ბრძანებს წმ. სიმეონ თესალონიკელი, - რამდენადაც აუცილებელია ნათლისღება, იმდენად აუცილებელია მირონცხებაც" (იქვე. თ. 11, გვ. 23).

ვფიქრობთ, დამოწმებული წყაროები საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მირონცხებას ნათელღებული ქრისტეანისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მირონცხების გარეშე ნათლისღება არის დაუსრულებელი. სწორედ ამიტომ არის ეს ორი საიდუმლო ერთმანეთთან შეერთებული და ამიტომ სცხებენ მყისიერ მირონს წყლიდან ახლად ამოსულ ქრისტეანს.

სწორედ ეს საიდუმლო არ მიუღია ნოვატიანუსს და არათუ არ მიუღია, არამედ უარუყვია კიდევაც იგი იმ დონეზე, რომ, როგორც თვითონ, ასევე მისი მიმდევრებიც მირონცხების გარეშე ტოვებდნენ მათკენ გადმოსულთ.

თითქოსდა ამგვარი მწვალებლისგან არაფერი უნდა მიეღო ეკლესიას: მოინათლა დასხმით, ვითარც კლინიკოსი, არ მიუღია მირონცხება, ხელდასხმაც უკანონოდ მიიღო და მოტყუებით, გარდა ამისა, ეკლესიაში მოაწყო განხეთქილება და იყო მწვალებელი. მიუხედავად ამისა, ნოვატიანელები ეკლესიაში გადმოსვლის დროს შეიწყნარებოდნენ მირონცხებით, ანუ ეკლესია ქმედითად მიიჩნევდა ნოვატიანელთა ნათლობასაც და ქიროტონიასაც.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამისი მიზეზი? ე. ჭელიძისა და მისი თანამოაზრეების აზრით, ის, რომ ეკლესია შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას, ხოლო მირონის მიუღებლობაზე შეუძლიათ თქვან, რომ მათი ეკლესიაში მოქცევის დროს კონფირმაციით (ანუ მირონცხებით) შეევსებოდათ ეს დანაკლისი.

თავიანთი შეხედულების გასამყარებლად მოჰყავთ I მსოფლიო კრების 8-ე, II მსოფლიო კრების 7-ე და VI მსოფლიო კრების 95-ე კანონები.

"ნიკეის I მსოფლიო კრება (325 წ. - არქიეპ პ.), - წერს ე. ჭელიძე, - თავის VIII კანონში არათუ არანაირ გადანათვლას არ განუკუთვნებდა დასხმითად მონათლულ და მირონ-უცხებ ნოვატიანელებს, არამედ, ეპოქის მოთხოვნიდან გამომდინარე (ე. ი. ე. ჭელიძის აზრით, მოუნათლავ ქრისტეანთა შეწყნარება ეპოქის მოთხოვნებიდან გამომდინარე ყოფილა შესაძლებელი - არქიეპ. პ.), საეკლესიო ხარისხსაც ზედმიწევნით იმავეს უნარჩუნებდა მათ, რა ხარისხიც თავიანთ მწვალებლურ ეკლესიაში ჰქონდათ მიკუთვნებული".

აი, ხსენებული კანონის ტექსტი (აქ ე. ჭელიძეს მოჰყავს კანონის ძველქართული რედაქცია. იმისათვის, რათა მკითხველთა ფართო საზოგადოებამ უფრო ადვილად აღიქვას ხსენებული კანონის შინაარსი, ჩვენ დავიმოწმებთ გაახალქართულებულს): "ისინი, ვინც თავიანთ თავს წმიდას უწოდებენ, თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებს და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვისაც სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმულნი და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსის პატივი, ხოლო წმიდად წოდებული ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის მიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლის საჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი" (დიდი სჯულისკანონი. I მსოფლიო კრების 8-ე კანონი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 179-180).

ე. ჭელიძე ასევე იმოწმებს II და VI მსოფლიო კრებათა დადგენილებებს ნოვატიანელებთან დაკავშირებით (ცხადია, ისინი სხვა მწვალებლებთან ერთად არიან მოხსენიებულნი), სადაც ნათქვამია (II მსოფლიო კრების (381 წ.) 7-ე კანონი): "მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, მეთოთხმეტიანელნი, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან" (ციტ. იქვე. გვ. 212) და VI მსოფლიო კრების (680-681 წწ.) 95-ე კანონი: "მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები - თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებს, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, და ვბეჭდავთ რა მათ, ვამბობთ: "სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი" (ციტ. იქვე. გვ. 340).

რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას? აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეკლესიაში მწვალებელთა მიღება ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში და არ იყო ერთგვაროვანი. ჩხადია, ეს განპირობებული იყო თვით მწვალებლობათა ხასიათით და მწვალებელთა ეკლესიაში შეწყნარებასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობითაც.

პირველი სამი საუკუნის განმავლობაში საყოველთაო ეკლესიის სხვადასხვა ოლქში ერთსა და იმავე მწვალებლებს სხვადასხვაგვარად იღებდნენ. მესამე საუკუნისა და მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის, ძირითადად არსებობდა ორი წესი:

1. წმ. კვიპრიანე კართაგენელი და აფრიკის ეკლესია აბსოლუტურად და განურჩევლად ყველა მწვალებელს თავიდან ნათლობით იღებდა (მათ შორის ნოვატიანელებსაც). ღადგან, წმ. კვიპრიანეს ეკლესიოლოგიის მიხედვით, მწვალებელს თავის საზოგადოებაში შეუძლებელია ჰქონოდა რაიმე მადლი, აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო არანაირი საიდუმლოს აღსრულება, მწვალებლობათაგან გადმოსულები თავიდან უნდა მონათლულიყვნენ.

წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ეპისტოლეში კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ წერს: "წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს. ... წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ" (დიდი სჯულისკანონი. საქ ეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 399, 401. ასევე:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=277%3A-85-&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&I temid=59&lang=ka

2. მაგრამ სხვა პრაქტიკას მისდევდა დასავლეთის ეკლესია რომის პაპ სტეფანეს (III ს.) მეთაურობით. აქ მწვალებლებს იღებდნენ ნათლობის შეწყნარებით (თუ ის აშკარად არ არღვევდა ნათლისღების ფორმულას და ფორმას, - წყალში სამგზის შთაფლვას) და მირონცხებით.

ამ ორმა განსხვავებულმა მიდგომამ ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა შეწყნარების საკითხში იმდენად მძაფრი პოლემიკა გამოიწვია წმ. კვიპრიანესა და რომის პაპ სტეფანეს შორის, რომ საქმე ლამის განხეთქილებამდეც კი მივიდა. ამ საკითხს აქ დეტალურად ვერ შევეხებით, მაგრამ ვიტყვით, რომ პირველად მწვალებელთა ეკლესიაში მიღების სისტემატიზაციის მცდელობა დაიწყო I-მა მსოფლიო კრებამ, რადგან პირველად სწორედ ამ კრების 8-ე კანონში ვხვდებით გარკვეული ნიშნებით მწვალებელთა კატეგორიებად დაყოფას და იმასაც, თუ რომელი მწვალებელი რა სახით უნდა ყოფილიყო მიღებული ეკლესიაში. I მსოფლიო კრების 8-ე კანონში მოიხსენიებიან ნოვატიანელებიც.

ე. ჭელიძე გვერდს უქცევს იმ ფაქტს (ან არ იცის), რომ I მსოფლიო კრების 8-ე კანონთან დაკავშირებით არსებობდა კომენტატორთა და ღვთისმეტყველთა განსხვავებული შეხედულებები იმაზე, თუ როგორ უნდა გაგებულიყო კრების ტერმინი "ხელდასხმა" ("ხელის დადება"). კერძოდ, სქიზმატიკოს ნოვატიანელებზე, ანუ მათზე, რომლის შესახებაც III საუკუნეში მაგნუსი ეკითხებოდა კვიპრიანეს და რომელთა შემოერთება ეკლესიასთან წმ. კვიპრიანეს არ სურდა ნათლისღების გარეშე, I მსოფლიო კრების 8-ე კანონის თანახმად განწესდა: "მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ".

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A-i-&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka

რუს. თარგმანში: "О именовавших некогда самих себя чистыми, но присоединяющихся к Кафолической и Апостольской Церкви, благоугодно святому и великому Собору да, по возложении на них рук, пребывают они в клире" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 30).

ცნობილია, რომ ხელის დადებით ("ხელდასხმით") ეკლესიაში აღესრულებოდა (და აღესრულება) სხვადასხვა საიდუმლო, სხვადასხვა მღვდელმოქმედება, მათ შორის:

1) სულიწმიდის გარდამოწვევა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა მირონცხებით (ანუ ხელის დადება თავზე და მირონცხების საიდუმლო წარმოადგენდა ერთსა და იმავე მღვდელმოქმედებას); 2) ხელდასხმა მღვდლობის საიდუმლოში და 3) სინანული.

აქედან გამომდინარე ღვთისმეტყველთა შორის არ არის ერთიანი აზრი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, უფრო სწორად, რას გულისხმობდა პირველი მსოფლიო კრება "ხელის დადების" ამ აქტში: მირონცხებას, ხელდასხმას თუ სინანულს. ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მირონცხების შინაარსის მქონე აქტი, მეორე ნაწილის აზრით კი - სინანულისა.

ეპისკოპოს სერგის (სერაფიმოვი) (1836-1902) წიგნში ვკითხულობთ: "მართალია, ეს კანონი ეხება კათარელ (ნოვატიანელ) კლერიკოსთა მიღებას, მაგრამ თუკი ამ კანონის მიხედვით ნოვატიანელი კლერიკოსები არ უნდა გადანათლულიყვნენ, მითუმეტეს - ერისკაცნიც. ამ კანონის მიხედვით ძნელია განისაზღვროს კერძოდ რომელი წესით უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი ერისკაცი ნოვატიანელები.

პაპი ინოკენტი I-ისა და სირიციუსის, თანახმად დასავლეთის ეკლესია ამ კანონში ხედავდა განწესებას, რომელიც კათარებს შეიწყნარებდა
ოდენ სინანულით და ხელის დადებით ცოდვათა მიტევების ნიშნად (სწორედ ამას ნიშნავსო სიტყვები "ხელდასხმით" (რუს. - по возложении на них рук; ბერძნ.: éσtε χεiroθetoum1noς α8τοVς). ნეტ. იერონიმე ამ სიტყვების განმარტებისას (ხელდასხმის, ხელის დადების შემდეგ) ბრძანებს, რომ აქ იგულისხმება მირონცხება (Dialog. Advers. Lucifer.). მსგავსადვე ესმოდა ნიკეის კრების 8-ე კანონი ერთ-ერთ უძველეს კომენტატორს არისტენეს. ამ კანონის განმარტებში ის ამბობს: "ნოვატიუსის მიერ ცთუნებულნი, რომლებიც თავს წმიდას უწოდებენ, თუ ეკლესიას მოუბრუნდებიან და აღიარებენ, რომ შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, და შემწყნარებლურად მიუდგებიან მონანულ შემცოდეებს, და ანათემას გადასცემენ თავიანთ და სხვა მწვალებლობებს, - მიღებულ უნდა იქნენ მირონცხებით" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 33).

მაგრამ, VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე წმ. ტარასი (VIII ს.) გამონათქვამში
éσε χεიროθეტოუმ1ნოς α8τοVς ("მათზე ხელისდადების (ხელდასხმის) შემდეგ") გულისხმობდა ხელების უბრალოდ დადებას მონანულის მიღებისა და კურთხევის ნიშნად (Епископ Сергий (Серафимов). О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. 1904. გვ. 43).

ასე განმარტავს ამ კანონს სჯულის კომენტატორი ზონარა: "ამრიგად, ეს კანონი განსაზღვრავს, რათა მისი (ნოვატიანუსის - არქიეპ. პ.) ერესის მიმდევარი, როდესაც ეკლესიისკენ მოექცევა, მიღებულ იქნეს წერილობითი აღსარებით, რომ დაიცავს კათოლიკე ეკლესიის დოგმატებს და მიიღებს მათ, რომლებმაც დევნულების გამო ქრისტე უარყვეს იძულებით... ასევე შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულთ" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 33).

ალბათ, გვკითხავენ - რა მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იღებდნენ ნოვატიანელებს - სინანულით თუ მირონცხებით და რას ცვლის ეს ნოვატიანელთა ნათლობისა თუ ხელდასხმის აღიარების საკითხში? სინანულით მიიღებდნენ მათ თუ მირონცხებით, ორივე შემთხვევაში ხომ მათი ნათლისღება და ხელდასხმა ქმედითად უნდა ჩაითვალოს? ამაზე ვუპასუხებთ, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება, მაგრამ ძალზე ბუნდოვანდება ნოვატიანელთა ეკლესიაში მიღების აზრი, რომელიც სხვა საიდუმლოებებზეც გადადის.

კერძოდ, თუ ნოვატიანელების ხელის დადებით მიღება გულისხმობდა არა მათ მირონცხებას, არამედ სინანულით შეწყნარებას, მაშინ იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ე. ჭელიძე შეიწყნარებს დასხმით ნათლობას, უნდა შევიწყნაროთ მირონუცხები ადამიანის ნათლობაც, ხელდასხმაც და ყოველი მღვდელმოქმედებაც, რაც კი უნდა ჰქონდეს მას აღსრულებული თავის მწვალებლურ საზოგადოებაში. ეს კი საკმაოდ დიდ გაუგებრობებს იწვევს. მაშინ, როდესაც ნოვატიანელთა მირონცხებით მიღება ავსებს მათ მირონუცხებლობას და ის, რაც არ ჰქონდათ საკუთარ თემში, მიეცემათ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში. ეს არის განსხვავება.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდი მნიშნვნელობის მქონეა მირონცხება; რომ მირონუცხებ ადამიანს ქრისტეანსაც კი არ უწოდებდნენ წმიდა მამები და მირონცხების გარეშე ნათლისღების საიდუმლოს დასრულებულად არ მიიჩნევდნენ. აქ კი მირონუცხები ადამიანი ჯერ პრესვიტერი ხდება, შემდეგ არაკანონიკური წესით (მოტყუებით) იღებს ეპისკოპოსოსობას და ბოლოს აწყობს განხეთქილებას, რომლის შემდეგაც თავის საზოგადოებაში პრინციპულად უარყოფს მირონცხების საიდუმლოს. და აი, ამგვარ ხალხს ეკლესიაში მობრუნების შემდეგ თუ ოდენ სინანულით, ანუ მირონცხების გარეშე იღებდნენ, როგორც ბრძანებს ამას VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელი, მაშინ უნდა შეწყნარებულ იქნას არა მარტო ნოვანტიანუსის დასხმითი ნათლობა, არამედ ყველა ის დარღვევაც, რომელიც მასზე იქნა აღსრულებული მირონუცხებლობის ჩათვლით.

შემდეგ: თუ პირველ მსოფლიო კრებას არ მივიღებთ მხედველობაში, ჩვენი ოპონენტები ხაზს გაუსვამენ მეორე და მეექვსე მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, რომლებშიც ნოვატიანელთა მიღების წესში უკვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი მიიღებიან მირონცხებით. რა შეიძლება ვთქვათ ასეთ შემთხვევაში?

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გვაძლევს თვით ე. ჭელიძე, რომელიც ისე გაერთო ჩვენთვის ნოვატიანელთა დასხმითი ნათლობის ჭეშმარიტების მტკიცებაში, რომ გაეპარა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. თავად განსაჯეთ: "ნოვატიანელთა ანუ, ძველი ქართულით, "ნავატიანოზთა" ერესიარქი ნოვატიანუსი, - წერს ე. ჭელიძე, - მოინათლა სასიკვდილო სარეცელზე დასხმითად, რის შემდეგადაც იგი გამოჯანმრთელდა და ირწმუნა რა, რომ ეს საკვირველება (გამოჯანმრთელება) განაპირობა სწორედ მასზე აღსრულებული დასხმითი ნათლობის ძალმოსილებამ, საჭიროდ აღარ მიიჩნია მიეღო მირონცხების მადლი, ამასთან, დააფუძნა რა ნოვატიანელთა სექტა, სექტის წევრებისთვის სავალდებულო ნორმად განაწესა სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესის ზედმიწევნითი დაცვა, რის გამოც ხელახლა ნათლობა დაუკანონა უკლებლივ ყველას, ვინც კი მის სექტაში მოისურვებდა შესვლას" (ხაზგასმა ე. ჭელიძის - არქიეპ. პ.) ("სული - ცხოველი". გვ. 343).

იქვე, სქოლიოში, ე. ჭელიძე გვაძლევს ასეთ განმარტებას: «"სრული
რებაპტიზაცია ანუ სრული გადანათვლა ნოვატიანელთა ერეტიკულ სექტაში შესვლის აუცილებელი პირობა იყო. Th. Gallaher აღნიშნავს: "ნოვატიანელები პრეტენზიას აცხადებნენ იმაზე, რომ სწორედ მათ ჰქონდათ ეკლესია, სულიწმინდა, ნათლისღებისა და ხელდასხმის მადლი და, შესაბამისად, ყველა, ვინც მივიდოდა მათთან, ვალდებული იყო გადანათლულიყო(ხაზგასმა ე. ჭელიძის - არქიეპ. პ.) (შდრ. "The Novatians claimed to possess the Church, the Spirit, the grace of baptism and ordination, and consistently all who came to them were caused to be re-baptized". Thomas Gallaher, A Short method with the dipping anti-pedobapsits. In Three Parts. St. Luis, 1878, p. 307).

რას ნიშნავს "ვალდებული იყო გადანათლულიყო", ან "ხელახალი ნათლობა დაუკანონა უკლებლივ ყველას"? - მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ნოვატიანუსის სექტაში თუ გადავიდოდა ეკლესიაში უკვე ნათელღებული ქრისტეანი, ის თავიდან უნდა მონათლულიყო.
რებაპტიზაციის ცნების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ უკვე მონათლული ქრისტეანის და არა წარმართის მიმართ!

განა თვითონ ე. ჭელიძე არ გვიწოდებს ჩვენ "გადაშთაფლულებს" ან "გადამშთაფლველებს" იმის გამო, რომ მისთვის ძვირფასი და "ჭეშმარიტი" დასხმა უარვყავით და ამგვარად "მონათლულებს" თავიდან ვნათლავთ?

თავისი "მიხვედრილობით" (უფრო კი მიუხვედრელობით) თავმომწონე ე. ჭელიძე, ნოვატიანელთა საკითხის "გაშუქების" შემდეგ სწორედ იმგვარად, რაშიაც ჩვენ გვდებს ბრალს, ანუ "ლეყეცობით, ავად-მოხარულობით, ვნება-ჟინით მოლიზღარობს, გავიმარჯვე და განვაცრუე ჭეშმარიტებაო" (იქვე. გვ. 110) ჩვენი მისამართით ამაყად აცხადებს: "აი, ამგვარად ამხობს და ქვედააკვეთებს თავის თავს ზემოთხსენებული საკრებულო". მაგრამ მიხვედრა იმისა, თუ სინამდვილეში ვინ "ქვედააკვეთებს თავის თავს", გონიერ მკითხველს არ გაუჭირდება.

ე. ჭელიძემ ყოველმხრივ "შემოსა" თავისი ტყუილები, კრებებიც დაიმოწმა, ისტორიული წყაროებიც, მაგრამ დაავიწყდა, ტერმინი "რებაპტიზაცია" მხოლოდ უკვე მონათლულთა მიმართ რომ გამოიყენება და არა საერთოდ მოუნათლავთა მიმართ. სწორედ ამით "ქვედააკვეთა თავი თვისი" თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა და ბრწყინვალედ დაგვიმტკიცა, - ნოვატიანელები მირონცხებით (ან სინანულით, როგორც ეს თავიდან იყო) იმიტომ კი არ მიიღებოდნენ, რომ დასხმითი ნათლობა ეკლესიას მართებულად მიაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ
ნოვატიანელთაგან მოქცეულები თავიდანვე იყვნენ ეკლესიაში მონათლულნი და მისი განმეორება უკვე აღარ სჭირდებოდათ.

აქ შეგვეძლო დაგვემთავრებინა მსჯელობა ნოვატიანუსის და მისი სექტის შესახებ, მაგრამ ე. ჭელიძის ჩხირკედელაობის მოყვარულ მიმდევართ მიზეზი არ გამოელევათ და სულ ახალ-ახალ "არგუმენტებს" შემოგვთავაზებენ საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად. ასე რომ არ მოხდეს და ვინმემ ჩვენც არ დაგვაბრალოს "ფაქტების" მიჩქმალვა, შევეხოთ იმ საკითხებს, რომლებიც ნოვატიანელთა ნათლობის საკითხში "განსწავლულებმა" შეიძლება მოგვაგებონ.

კერძოდ, ცნობილი ბელოკრინიცელი პოლემისტის ფიოდორ მელნიკოვის (1874-1960) გამონათქვამი იმავე ნოვატიანელთა ნათლობის შესახებ და ზონარას განმარტება, რომლის მიხედვითაც ნოვატიანელები ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან არ უნდა მოინათლონ.

პირველს, ანუ ფ. მელნიკოვს ე. ჭელიძე იმოწმებს ჩვენს წინააღმდეგ, რომლის ნაშრომიდან "О старообрядческом священстве до митрополита Амвросия" ამოუწერია ნაწყვეტი, სადაც ნათქვამია: "Казалось бы, от такого еретика ничего не может быть принято: крещен он обливательно, рукоположен незаконно и обманно, кроме того, совершил церковный раскол, был еретиком. Однако, Церковь Вселенская, которой руководит Сам Христос, признала действительным и крещение и хиротонию, совершаемые в обществе наватиан. Обливательное крещение самого Навата не послужило причиной перекрещивания всех наватиан" (Ф. Е. Мельников. О старообрядческом священстве до митрополита Амвросия. http://semeyskie.ru/bibl_meln.html) (ქართულად: "თითქოსდა ამგვარი მწვალებლისგან შეუძლებელია რაიმეს მიღება: მოინათლა დასხმითად, ხელდასხმულ იქნა უკანონოდ და მოტყუებით, გარდა ამისა, განახორციელა საეკლესიო განხეთქილება და მწვალებელიც გახდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საყოველთაო ეკლესიამ, რომელსაც თვით ქრისტე ხელმძღვანელობს, ნამდვილად აღიარა ნოვატიანელთა საზოგადოებაში აღსრულებული ნათლობაც და ქიროტონიაც. თვით ნავატის დასხმითი ნათლობა ვერ გახდა მიზეზი ყველა ნავატიანელთა გადანათვლისა").

ამ შემთხვევაში ახალს ვერაფერს ვიტყვით. ე. ჭელიძე აშკარად ბაძავს ბელოკრინიცელ პოლემისტს, რომელიც თავის დროზე მისი საეკლესიო იერარქიის (ან ე. წ. "ბელოკრინიცელთა") დამფუძნებლის, ბოსნიელი მიტროპოლიტის ამბროსის (ანდრია პოპოვიჩი 1791-1863. იხ. http://semeyskie.narod.ru/en_a.html) კანონიკურობას იცავდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის მონათლული იყო დასხმითად.

ფ. მელნიკოვის დამოწმება იმის სამტკიცებლად, თითქოსდა მისი ნათქვამი აჩვენებდეს, როგორ "ქვედააკვეთებს თავის თავს ზემოთხსენებული (ანუ ჩვენი, ძველმართლმადიდებლური) საკრებულო", დიდ უზუსტობას შეიცავს. ეტყობა, ე. ჭელიძეს ფ. მელნიკოვი ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი ჰგონია. გარდა ამისა, ფ. მელნიკოვი ნოვატიანუსის და კიდევ სხვა შემთხვევებს სულ სხვა კუთხით არჩევს და ამტკიცებს, რომ, ეკლესიის ისტორიაში არსებული მსგავსი შემთხვევების მიუხედავად, ეკლესია ყოველთვის არკვევდა, ვინ იყო მონათლული საყოველთაო ეკლესიური წესით (ანუ შთაფლვით) და ვინ არა; მონათლულებს ის არ გადანათლავდა, ხოლო მოუნათლავებს თავიდან ნათლავდა (უფრო დაწვრილებით იხ. მისი "О старообрядческом священстве до митрополита Амвросия") (http://semeyskie.ru/bibl_meln.html).

ე. ჭელიძეს და მის მიმდევრებს შეუძლიათ დაიმოწმონ იოანე ზონარას ის განმარტებაც, სადაც ის ბრძანებს: "ეს მწვალებლები (იგულისხმებიან ნოვატიანელები - არქიეპ. პ.) არ გადაინათლებიან, რადგან რაც შეეხება წმიდა ნათლისღებას ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, არამედ მართლმადიდებლებივით ნათლავენ" (Толкование на 7е прав. 2-го Вселенского Собора).

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მწვალებლები, როგორც დაუდგრომელი სულის მესაკუთრენი, მარადის განაახლებენ თავიანთ სწავლებებს ისე, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე მწვალებლობის, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მწვალებლები, ძლიერ განსხვავდებიან ერთურთისგან. ამისი დასტურია, თუნდაც ე. ჭელიძის ახალმოწესეობრივი "დედა-ეკლესია", რომელიც ნიკონ პატრიარქის მიერ გატარებულ რეფორმებსაც კი გასცილდა და დღეს უკვე წყალდასხმით კი არა ჰაერით ნათლობაზე ფიქრობს. თუმცა პირიქითაც ხდება, და ზოგჯერ მამათა სწავლებისადმი დაბრუნების სურვილით (თუნდაც იგივე ახალმოწესეთა ეკლესია, ან პროტესტანტული მოძრაობა, რომელიც პირველქრისტეანობასთან დაბრუნებას ცდილობდა) აღადგენენ იმ პრაქტიკას, რაც ძველ ეკლესიაში არსებობდა. ამ მხრივ არც ნოვატიანელები არიან გამონაკლისნი. როდესაც იოანე ზონარა ბრძანებს, რომ მათი (ანუ ნოვატიანელების) ნათლობა მართლმადიდებლურისგან არაფრით განსვავდება, ნიშნავს, რომ ისინი უკვე შთაფლვითად ნათლავდნენ, რადგან ასევე ცნობილია - დასხმითი ნათლობა ეკლესიის საყოველთაო წესი და ნორმა არასოდეს ყოფილა! მეტიც, თვით ლათინებიც კი, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში დაშვებული ეს წესი დროთა განმავლობაში საყოველთაო პრაქტიკად დაამკვიდრეს, XVI საუკუნემდეც კი აღიარებდნენ შთაფლვითი ნათლობის მნიშვნელობას და მის უპირატესობას დასხმითზე.

ამიტომაც, დაუშვებელია მართლმადიდებელთა ნათლობასთან (ანუ შთაფლვასთან) ნოვატიანუსის დასხმითი პრაქტიკის გაიგივება მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან, ანუ VI მსოფლიო კრების პერიოდში, ნოვატიანელების ნათლობა გაიგივებული იყო მართლმადიდებლურთან. რაკიღა ასე ითქვა, ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში უკვე საბატიანელებად და მემარცხენეებად ქცეული ნოვატიანელები (იხ. VI მსოფლ. კრების 7-  კანონის ბალსამონისეული განმარტება) ნათლავდნენ მართლმადიდებლურად, რის გამოც ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში შეიწყნარებოდნენ მირონცხებით.

და კიდევ, როდესაც ლაპარაკია ამა თუ იმ მწვალებელთა ეკლესიაში მიღების წესზე, ძირითადად გათვალისწინებულია ამ მწვალებლებში ნათლისღების უფრო გავრცელებული ფორმა (სწორედ ამას უსვამს ხაზს ზემოთხსენებული ფ. მელნიკოვიც). რაც შეეხება გადახრებს, მათთვის არსებობს ადრე მიღებული კანონები (ან პრაქტიკა) და ეკლესია მათ შესაბამისად მოქმედებს. ასე მაგალითად, ახალმოწესეებს XX საუკუნის დასაწყისში ძველმართლმადიდებლები იღებდნენ მირონცხებით, მაგრამ ამავე დროს გამოიკვლევდნენ გადმოსულთა სადაურობას, ხომ არ იყვნენ ისინი სამხრეთ უკრაინიდან ან ბელორუსიდან, რადგან სამხრეთ რუსეთში მაშინ დასხმითი ნათლობა ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევაში დეტალურად იკვლევდნენ არა მარტო გადმოსულთა, არამედ მისი მომნათვლელი მღვდლის ნათლისღებასაც და, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ახალგადმოსული ქრისტეანი დასხმითად იყო მონათლული, ადრე არსებული კანონების საფუძველზე, მას თავიდან ნათლავდნენ.

ნოვატიანუსის სასულიერო ხარისხის აღიარება იწყება მისი ეკლესიაში ყოფნის დროიდან. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომელსაც ე. ჭელიძე არ ახსენებს. ნოვატიანუსის ნათლობისა და ხელდასხმის შემდეგ, როდესაც კლერიკოსთა მთელი დასი და ხალხიც პროტესტს აცხადებდა ნოვატიანუსის ხელდასხმის გამო (ეს ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია), მისმა ხელდამსხმელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ამ ერთის (ანუ ნოვატიანუსის) ხელდასხმის შეწყნარება ითხოვა. როგორც ისტორიიდან ირკვევა, ასეც მოხდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოუნათლავი და მირონუცხები ადამიანის ხელდასხმა ეკლესიის წესი გახლდათ. როგორც ჩანს, აქ პასუხი დასხმითი ნათლობისა და მირონუცხებლობის შეწყნარებაში კი არა, ეკლესიის იკონომიურ მოქმედებაში უნდა ვეძებოთ.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ნოვატიანუსის შესახებ ცნობები ევსები კესარიელს მოჰყავს რომის პაპ კორნელიუსის მიერ ეპისკოპოს ფაბიუსისადმი მიწერილი წერილიდან, სადაც "კორნელი ნოვატიანეს საკმაოდ მუქი ფერებით ხატავს" (В. В. Болотов. Лекции по истории Древней Церкви. 2. Расколы Новата и Новатиана) (წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Bolotov/lektsii-po-istorii-drevnej-tserkvi/4_13).

"მისი (ანუ პაპ კორნელიუსის - არქიეპ. პ.) თქმით ნოვატიანუსის რწმენა დაიწყო იქიდან, რომ შეიპყრო ეშმაკმა, რის გამოც თავზე ეგზორცისტები ადგა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული, ის მოინათლა დასხმითად, როგორც ეს კლინიკოსებს ახასიათებდათ, მაგრამ გამოჯანმრთელდა, თუმცა ეპისკოპოსისეული აღბეჭდვა (მირონცხება - არქიეპ. პ.), ანუ კონფირმაცია არ მიუღია; ამიტომაც მას
არ ჰქონდა უფლება, გაევლო იერარქიული ხარისხები. მხოლოდ გამონაკლისის სახით, თანაც კლერიკოსთა დასის საწინააღმდეგოდ დაასხა ხელი ფაბიანემ ნოვატიანეს პრესვიტერად, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მის ლიტერატურულ ნიჭს აფასებდა.

შემდგომ, დევნულების ჟამს ნოვატიანუსმა თავი სიმხდალითაც იჩინა. როდესაც მას სთხოვეს, დახმარება გაეწია ძმებისთვის, მან პრესვიტერობაზე უარი განაცხადა და თქვა: "მე სხვა ფილოსოფიას მივსდევ" (მართლაც, ნოვატიანუსი წავიდა რომიდან და ლიტერატურულ საქმიანობას მიუბრუნდა). ნოვატიანუსმა შეძლო რამდენიმე პატივდებული რომაელი პრესვიტერისა და აღმსარებლის მიმხრობა; მაგრამ, როგორც კი მის პატივმოყვრულ გეგმებს გაეცნენ, აღმსარებლებმა და პრესვიტერებმა მას ფიცი დაადებინეს, რომ ეპისკოპოსის ხარისხს არასოდეს მიიღებდა. ნოვატიანემ ეს ფიციც დაარღვია. მან რომში სამი პროვინციელი და გულუბრყვილო ეპისკოპოსი შეიტყუა, ჩაკეტა ისინი დღის 4 საათამდე და შემდეგ, როდესაც ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, აიძულა მისი ხელდასხმა. ამის შემდეგ ერთი ეპისკოპოსი ცრემლებით ითხოვდა პატიებას. ეკლესიამ ის უბრალო ერისკაცად შეიწყნარა; დანარჩენი ორი ეპისკოპოსი კი დაამხო რომის კრებამ, რომელმაც კანონიერ ეპისკოპოსად კორნელი აღიარა.

ბოლოს ნოვატიანუსი აღმსარებლებმაც მიატოვეს და უკან, ეკლესიას დაუბრუნდნენ. როგორც კი ნოვატიანუსმა დაინახა, რომ მისი პარტია უძლურდება, ასეთ თავგანწირულ ხერხს მიმართა: ზიარების მიმღებთ ის ხელს უკავებდა და ეუბნებოდა: "შემომფიცე ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით, რომ არასოდეს მიმატოვებ და არ გადახვალ კორნელისთან", - და უბედურიც, სანამ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდა, ჩვეულებრივი "ამინის" ნაცვლად ამბობდა: "მე არასოდეს გადავალ კორნელისთან".

თავის მხრივ, ნოვატიანუსი, რამდენადაც ცნობილია, კორნელის ლიბელატიკს
(12) უწოდებდა.

___________________

12.
"ლიბელატიკებად" იწოდებოდნენ ის ქრისტეანები, რომლებიც წმ. კვიპრიანეს დროს, მართალია, იმპერატორის წინაშე წარმართულ კერპებს მსხვერპლს არ სწირავდნენ, მაგრამ რომაელ ხელისუფალთაგან ფულით ყიდულობდნენ Libelli-ს, ანუ "მსხვერპლშეწირვის ცნობას", რომელშიც ეს აქტი აღსრულებულად ითვლებოდა, თუმცა სინამდვილეში ამგვარი რამ არ ჩაედინათ და ამით თავს აღწევდნენ დევნულებას.
___________________

ალბათ, კორნელიუსის ქცევაშიც იყო, არსებითად, ამგვარი უსაფუძვლო ბრალდების რაღაც მიზეზი, ისევე როგორც კორნელიუსის მხრიდან ნოვატიანუსის ქცევის გადამეტებულ აღწერაშიც მოიაზრებოდა გარკვეული საფუძველი. თვითონ ნოვატიანუსი დიონისე ალექსანდრიელს არწმუნებდა, რომ მას ეპისკოპოსის ხარისხი ნებაყოფლობით არ მიუღია (რაზეც წმ. დიონისე ურჩევდა "რაც ძალდატანებით მიაღებინეს, ნებაყოფლობით დაეტოვებინა" - არქიეპ. პ.). ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ ნოვატიანუსი შესაძლოა არ იყო ისეთი ცუდი ხასიათის მქონე, როგორც ამას კორნელიუსი აღწერს. საკმარისია მივუთითოთ იმაზეც, რომ დიონისე ალექსანდრიელი მას წერს არა როგორც სქიზმატიკოსს, არამედ როგორც "ძმას" და შეაგონებს, უარი თქვას იმ ხარისხზე, რომელიც, როგორც თვითონ ირწმუნებოდა, ძალდატანებით მიაღებინეს. სოკრატეს ცნობით კი, ვალერიანეს დროს ნოვატიანუსი მოწამეობრივად აღესრულა.

კორნელიუსი და ნოვატიანუსი სხვადასხვა ეპისკოპოსებს მიმართავდნენ. კართაგენის კრებამ, რომის კრების მსგავსად, საქმე კორნელიუსისა და უფრო მსუბუქი დისციპლინის სასარგებლოდ გადაწყვიტა (იგულისხმება დევნულების დროს ქრისტეს უარყოფით დაცემულთა ეკლესიაში შეწყნარების დისციპლინა - არქიეპ. პ.). კვიპრიანეს ენერგიულმა მოღვაწეობამ და დიონისე ალექსანდრიელის მხარდაჭერამ, რა თქმა უნდა, ბევრწილად გადაწყვიტა კორნელიუსის გამარჯვება. თუმცა, თანამგრძნობთა გარეშე არც ნოვატიანუსი დარჩენილა. ფაბიანე ანტიოქიელის შესახებ ცნობილია, რომ ის სქიზმატიკოსების მხარეს იხრებოდა, რადგან ნოვატიანური პარტიის სიმკაცრეს უჭერდა მხარს და, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, შესაძლოა ნოვატიანეს პირად ხასიათსაც. ანტიოქიის კრების მრავალ მამას ასევე ნოვატიანეს მხარდაჭერა სურდა; მათ სათავეში იდგა ფირმილიან კესარიელი, რომელმაც ანტიოქიის ამ კრებაზე დიონისე ალექსანდრიელიც მიიწვია. დასავლეთში ნოვატიანეს განსაკუთრებულად უჭერდა მხარს არლის ეპისკოპოსი მარკიანე, რისთვისაც დაამხეს კიდეც.

ნოვატიანუსის განხეთქილება უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ნოვატისა და ფელიცისიმისა კართაგენში. ეს ჩანს იქიდან, რომ ნოვატიანუსის მხარეს იჭერს პატივდებულ ეპისკოპოსთა გარკვეული ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, ამ განხეთქილებამ თავის დამფუძნებელზე მეტ ხანს გასძლო. ნოვატიანელები ყოველთვის იდგნენ ყველაზე მკაცრი საეკლესიო დისციპლინის მხარეს.

ნოვატიანელებმა ფეხი მოიკიდეს არა მარტო დასავლეთით, არამედ აღმოსავლეთითაც. Iსინი ნაყოფიერ ნიადაგს წააწყდნენ იქ, სადაც ჩაიარა მონტანელთა მოძრაობამ. ფრიგიაში ნოვატიანელობა და მონტანიზმი ერთმანეთს შეერწყა; აქ საქმე იქამდეც მიიყვანეს, რომ მეორედ ჯვრისწერასაც კი სასტიკად უარყოფდნენ. საერთოდ, მრავალ ქრისტეანთა მხრიდან ნოვატიანელები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, რადგან, დოგმატური თვალსაზრისით (სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლების სფეროში), ისინი მართლმადიდებლებად ჩანდნენ, და მათი მთავარი განსხვავება მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან მხოლოდ მათი ჩვეულების სიმკაცრე (ძმათმოძულეობა - არქიეპ. პ.) გახლდათ. ამის გამო მრავალი ხელისუფალი, რომელიც მწვალებლებისა და სექტანტების დევნულების განკარგულებებს სცემდა, ნოვატიანელების სასარგებლოდ პირდაპირ გამონაკლისებს აკეთებდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, არიანელობის ეპოქაში მართლმადიდებლები იმისთვისაც კი იყვნენ განწყობილნი, რომ ერთობა დაემყარებინათ ნოვატიანელებთან (კონსტანტინოპოლში). ნოვატიანელები, სავარაუდოდ, არსებობდნენ VII საუკუნემდე" (В. В. Болотов. Лекции по истории Древней Церкви. 2. Расколы Новата и Новатиана) http://azbyka.ru/tserkov/istoriya/bolotov_lektsii_po_istorii_tserkvi_29-all.shtml).

ასეთ პირობებში, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ნოვატიანელებს შეერთებოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკვე მონათლული ქრისტეანები და მათი კვლავ უკან მოქცევის შემთხვევაში ეკლესიას მათი სინანულით ან მირონცხებით მიღება დაეწესებინა. ხოლო, რაც შეეხება თვით ნოვატიანუსის ნათლობისა და მირონცხების საკითხს, ეს ეკლესიამ უცნაურად გადაწყვიტა, რადგან, როგორც ზემოთ ვნახეთ, მირონცხების მიუღებლობა დასხმით ნათლობაზე უფრო დაუშვებელია. არადა, პრესვიტერის ხარისხი მირონუცხებ ნოვატიანუსს ჯერ კიდევ ეკლესიაში ყოფნის დროს ებოძა.

ყურადღებას იპყრობს ასევე ბოლოტოვის ზემოთ დამოწმებული ის ცნობა, რომლის მიხედვითაც "ფრიგიაში მონტანიზმისა და ნოვატიანელობის შერწყმა მოხდა", რაც შეუძლებელი იქნებოდა, ნოვატიანელებს ამ მომენტისთვის თავიანთი ნათლობის წესი (ანუ "დასხმა" ან "დაპკურება") კატეგორიულობით რომ დაეცვათ, რადგან ცნობილია, რომ მონტანისტები ნათლავდნენ შთაფლვით, თუმცა არღვევდნენ სანათლავ ფორმულას.

დასასრულ, ნოვატიანელთა მიმდევრების მიღებაზე უნდა ითქვას ის, რომ შეუძლებელია ეკლესიას, რომელიც შვიდი მსოფლიო კრების პერიოდში (და მის შემდეგაც) არასოდეს გადმოუცია საღვთისმეტყველო სწავლება დასხმითი, გადავლებითი თუ პკურებითი ნათლობების შესახებ და ნათლობის ნორმად ყოველთვის შთაფლვას აღიარებდა, ნათლობისა და მირონცხების საკითხებში ნოვატიანელთა ამგვარი თვითნებობა უყურადღებოდ დაეტოვებინა. როგორც ზემოთ დავინახეთ, ეკლესია ნოვატიანელთა ნათლობას კი არ შეიწყნარებდა, არამედ არ იმეორებდა იმ სწორ ნათლობას, რომელიც ნოვატიანელებთან გადასულ ქრისტეანებს გააჩნდათ. მათი რიცხვი კი უამრავი იყო. თავიდანვეც ნოვატიანუსის თემი მონათლულ ქრისტეანთაგან შედგებოდა.

<<<

29

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика