აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. XII - მორწმუნე ებრაელის ქვიშით ნათლობა - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ

ემბაზი

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

ტექნიკური მიზეზების გამო ინტერნეტში ვაქვეყნებთ წიგნის მნიშვნელოვნად შემოკლებულ ვერსიას.

შინაარსი


თავი XII

____________________________________________________________________________________________________________________________

მორწმუნე ებრაელის ქვიშით ნათლობა


წიგნის "ეკლესია - სძალი უფლისა" 154-ე გვერდზე ე. ჭელიძე ასე მსჯელობს: "ამგვარად, წყალი, ერთის მხრივ, სულიწმიდის მადლით ნამდვილად, რეალურად (და არა სიმბოლურად) განწმენდს მოსანათლს, მეორე მხრივ, კი იგი სიმბოლურად (და ცხადია, არა სინამდვილეში) მოასწავებს, განასახიერებს დასაფლავებას".

"სამგზის დასხმა და სამგზის შთაფლვა, - წერს. ე. ჭელიძე, - გამწმედელობის ნიშნით თანაბრად ძლიერმოქმედია, რადგანაც სულიწმიდის მადლით ცხოველქმნილი ნივთიერების ძალა რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული (მცირე ნაწილიც ისევე განწმენდს, როგორც დიდი). ამგვარად, აღნიშნულ ორ წესს შორის არ არის არსობრივი სხვაობა".

"რაც შეეხება სიმბოლურ მხარეს, ამ მხრივ, სრული შთაფლვა, ცხადია, მეტი სიმკვეთრით განასახიერებს, მეტად სახისმეტყველებს მოსანათლის მაცხოვართან თანადასაფლავებას. თავზე დასხმა თუმცა გარეგნულად ნაკლებ გამომსახველია, მაგრამ ისიც ინარჩუნებს წყლის, როგორც საფლავის სიმბოლურ აზრს, რადგანაც თავის, ე. ი. ადამიანის ყველა ზემო ნაწილის წყლით რეალურად დასველება სიმბოლურად მოასწავებს მოსანათლის ასევე სრულ შთაფლვას, მის სრულ თანაზიარებას მაცხოვრის დაფლვასთან".

რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? - როგორც ვხედავთ, ე. ჭელიძის აზრით, შთაფლვა "სიმბოლურად (და ცხადია, არა სინამდვილეში) მოასწავებს, განასახიერებს დასაფლავებას". ცხადია, შთაფლვის სიმბოლიზმი რეალურად რომ ითხოვდეს მოსანათლავის დასაფლავებას, მაშინ ყოველი ადამიანი ცოცხლად უნდა იმარხებოდეს მიწაში, რითაც პირდაპირ აღსრულდებოდა ადამიანის დასაფლავებით ნათლისღება. მიუხედავად ამისა, დამარხვის სიმბოლურობა აქ მაინც ჰაერში გამოკიდებული ტერმინი როდია. დამარხვა ნამდვილად აღესრულება და არა სიმბოლურად, ოღონდ არა მიწაში, არამედ წყლის სტიქიაში. ხშირად სიმბოლოთი გამოთქვამენ რეალურ ამბავს ან რეალურ ისტორიულ მოვლენას, ნათლისღების შემთხვევაში წყალში შთაფლვის (დამარხვის) სიმბოლო მიანიშნებს ქრისტეს დამარხვაზე, აქედან გამომდინარე კი ის უკავშირდება ამ ისტორიულ მოვლენასაც და იმ საღვთისმეტყველო შინაარსსაც, რომელსაც კონკრეტული სიმბოლო გამოხატავს.

სწორედ იმიტომ უწოდეს ნათლისღების საიდუმლოს წმიდა მამებმა კუბო და დედა, რომ ის თავისი გარეგნული ფორმით ჰგავს მიცვალებულის დამარხვას, ხოლო სულიერი შინაარსით წარმოადგენს ძველი კაცის მოკვდინებას და ახლის შობას. მაშინ, როდესაც, ე. ჭელიძის მიერ ტერმინ "შთაფლვის" გაუბრალოვება და თქმა იმისა, რომ ეს მხოლოდ "სულიერი ტერმინია" და შესაძლოა გულისხმობდეს დასხმასაც, სხურებასაც და პკურებასაც და ამ ყველა ქმედებაში იგულისხმებოდეს "დამარხვა", ნიშნავს ნათლისღების საიდუმლოს სიმბოლიზმის გაბუნდოვანებას. აქედან კი გზა იხსნება სხურებით- პკურებითი "ნათლობის" დასაკანონებლად.

შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "რაც შეეხება სიმბოლურ მხარეს, ამ მხრივ სრული შთაფლვა ცხადია მეტი სიმკვეთრით განასახიერებს, მეტად სახისმეტყველებს მოსანათლის მაცხოვართან თანადასაფლავებას. თავზე დასხმა თუმცა ნაკლებად გამომსახველია, მაგრამ ისიც ინარჩუნებს წყლის, როგორც საფლავის სიმბოლურ აზრს" (იქვე. გვ. 154).

მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლონი მეტ-ნაკლებობით კი არ გამოხატავენ მასში ჩადებულ სიმბოლურ და საღვთისმეტყველო შინაარსს, არამედ, როგორც სრულყოფილნი სულიწმიდის მიერ, სრულყოფილად გამოთქვამენ ყველა საიდუმლოს საღვთისმეტყველო შინაარსს. და მართლაც, რაში უნდა დასჭირვებოდა ან სჭირდება ეკლესიას ისეთი სიმბოლო, რომელიც თავისი გარეგნული მხარით ნაკლებად დამმოძღვრელი, ნაკლებად შინაარსობრივი და კნინი იქნებოდა სრულყოფილ ფორმასთან შედარებით?!

აქ არ განვიხილავთ სულიწმიდის მადლის მნიშვნელობას, რადგან ეს ცნობილია ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის. ჩნობილია ისიც, რომ ის შეიძლება ორნაირად მიეცეს ადამიანს -  საიდუმლოს შესრულებით და მანამდეც. წყალპკურებით ნათლობაში სულიწმიდის მადლი თავზე დასხმის გამო კი არ ეძლევა კაცს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ, გამონაკლის ვითარებაში ის შესაძლოა არასრულადაც გამოხატავდეს შთაფლვას, როგორც ეს იყო ქვიშით ნათლობის შემთხვევაში, არამედ რწმენის გამო...

ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ერთი ძალზედ საინტერესო ამბავი, რომელიც ე. ჭელიძესაც აქვს შეტანილი თავის წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" და რომელსაც ძალზე ხშირად გვიმოწმებენ დასხმითი ნათლობის სასარგებლოდ. კერძოდ, ეს არის ერთი მორწმუნე ებრაელის ქვიშით ნათლობის ამბავი (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 156). მოდი, ვნახოთ რას ბრძანებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ე. ჭელიძე.

"ცხადია, არავითარი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება. - აცხადებს ე. ჭელიძე. - იოანე მოსხის დამოწმებულ ეპიზოდში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს. შეგახსენებთ იქ აღწერილ ამბავს: უდაბნოში მყოფ ქრისტიან ერისკაცებს თან ახლავთ ერთი ებრაელი. ძლიერმა გაჭირვებამ ეს ებრაელი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. სულთმობრძავმა სნეულმა "აფუცა" ქრისტიანებს, რომ მოენათლათ იგი. ქრისტიანები ძალიან შეშფოთდნენ, რადგანაც უწყიან, რომ ნათლობა მღვდელმა ან ეპისკოპოსმა უნდა აღასრულოს, თანაც არც წყალი ჰქონდათ მათ. ხანგრძლივი ვედრების შემდეგ ისინი დათანხმდნენ, "განძარცვეს" ებრაელი, დააყენეს ფეხზე და ერთერთმა მათგანმა, ფილობანისმა ორივე პეშვით სამების სახელით, ე. ი. სამგზის, ქვიშა "გარდაასხა თავსა მისსა", თითო "გარდასხმისა" და სამების თითო წევრის ხსენების ჟამს სხვები "ამინს" ამბობდნენ. აი, ეს იყო ნათლობის მთელი რიტუალი. ნათელღებული ებრაელი მყისვე განიკურნა. როდესაც მოგზაურებმა განვლეს უდაბნო, ყოველივე ეს აუწყეს ეპისკოპოსს, რომელმაც მოუხმო მღვდლებს იმის გარკვევად, მოენათლა თუ არა მეორედ. ნაწილმა ჭეშმარიტ ნათლობად ჩათვალა ქვიშისმიერი ნათლისცემა, რადგანაც კურნება მიანიჭა სნეულს, ნაწილმა უარყო იგი. ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ქვიშის "დასხმით" მონათვლის უარმყოფელთა არგუმენტი. მოგვაქვს ციტატა: "გრიგოლი ღმრთისმეტყველმან აღრაცხა ყოველი ნათლისღებაი, და რამეთუ მოსე ნათელ- სცა, არამედ წყლითა და ამისა პირველად - ღრუბლითა და ზღვითა, და ნათელ- სცა იოვანე ჰურიასტანსა წყლითა სინანულად, და ნათელსცა იესუ სულითა, რომელ არს სისრულე; და კუალად ნათლის- ღებაი მეოთხე, რომელ არს სისხლითა წამებისაითა, და კუალად უწყი ნათლისღებაი მეხუთე ცრემლითა; აწ რომლითა ამათგანითა ნათელ-უღებიეს ამას, რაითა შეერაცხოს ნათლისღებაი"? (იოანე მოსხი, ლიმონარი, თბ. 1960. გვ. 70, ბერძნული ტექსტი. იხ. პგ. 87, სვ. 3045 ბ. ციტ. ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". 155-156).

"როგორც მოტანილი ტექსტი ცხადყოფს, - წერს ე. ჭელიძე, - მღვდელთა უარყოფითი პასუხი ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ არსად, არც "ძველ აღთქმაში", არც "ახალ აღთქმაში" არც სიმბოლურად, არც პირდაპირ არ არის ხსენებული ქვიშით ნათლობა. ეს მღვდლები მინიშნებითაც კი არ გახაზავენ იმას, რომ წყლის ნაცვლად ქვიშის გამოყენებასთან ერთად, ნათლობა შესრულდა "თავზე დასხმით". განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხსენებულ მართლმადიდებელ მღვდლებს დასხმითი წესით ნათლობა "სატანურ პრაქტიკად" მიაჩნდათ და მაინც სრული დუმილით აუარეს მათ ამგვარ პრაქტიკას გვერდი, მინიშნებითაც კი არ გაკიცხეს "დასხმითი წესით" ნათლობა?" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბილისი 2012. გვ. 454).

ამის შემდეგ კი დაასკვნის: "მოტანილი თხრობის მიხედვით ნათლობა მოხდა 1) ერისკაცის მიერ, 2) ქვიშით, 3) სამღვდელო ლოცვათა გარეშე, 4) მირონცხების გარეშე. ჭეშმარიტ ნათლობასთან მას აკავშირებს მხოლოდ ერთი ნიშანი, სამების სახელის წარმოთქმა, მაგრამ ეს ნიშანი იმდენად ძლიერია, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსს ხანგრძლივი ბჭობა დასჭირდათ, ვიდრე მეორედ ნათლობისთვის (? -  არქიეპ. პ.) გააგზავნიდნენ ქვიშით მონათლულს" (იქვე).

აქ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეულ მზაკვრობებს მიმართავს. ჯერ ერთი, არ ახსენებს იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა "მეორედ ნათლობისთვის" კი არ გაუშვეს ქვიშით "მონათლული" ებრაელი, რამეთუ მეორედ ნათლობა ის მაშინ იქნებოდა, პირველი ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, მაგრამ რაკიღა პირველი არაფრად ჩათვალეს, ებრაელი არა მეორედ, არამედ პირველად, ანუ თავიდან ინათლება; და მეორეც, მოსანათლავად გაგზავნილი ეს ებრაელი მდინარეში (იორდანეში) შთაფლვით ინათლება.

ისევე, როგორც წმ. მოციქულთა 50-ე კანონის განხილვისას ეყრდნობა ე. ჭელიძე კანონში არარსებულ გამონათქვამს დასხმითი ნათლობის შესახებ და ამტკიცებს, კანონს მისი უარყოფა რომ სდომოდა, განა პირდაპირ არ იტყოდა ამასო, აქაც მსგავს ხრიკს მიმართავს და წერს: "განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხსენებულ მართლმადიდებელ მღვდლებს დასხმითი წესით ნათლობა "სატანურ პრაქტიკად" მიაჩნდათ და მაინც სრული დუმილით აუარეს მათ ამგვარ პრაქტიკას გვერდი, მინიშნებითაც კი არ გაკიცხეს "დასხმითი წესით" ნათლობა?" (ე. ჭ. იქვე. გვ. 156).

მაგრამ ხსენებულმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა არათუ გაკიცხეს, არამედ სრულიად უარყვეს ქვიშით ნათლობა დასხმითურთ და თავიდან მონათლეს ეს ებრაელი მდინარეში, ისიც შთაფლვით. ნიშნავს თუ არა ეს შთაფლვა ქვიშით "დასხმის" გაკიცხვას, კრიტიკულ მიდგომას და სრულ უარყოფას? ე. ჭელიძე გვიმტკიცებს, რომ, რადგან ამ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს არაფერი სმენოდათ ქვიშით ნათლობის შესახებ, სწორედ ნივთიერება (მიწა, ქვიშა) გახდა ებრაელის დასხმითად "მონათვლის" მიუღებლობის მიზეზი და არა ამავე ქვიშის "დასხმა".

თავისი შეხედულების გასამართლებლად ე. ჭელიძე იმოწმებს სიტყვებს: "... ვითარცა ესმა ესე ებისკოპოსსა, განკვირვებულ იქმნა იგი სასწაულისა მისთვის დიდებულისა, წარავლინა და მოუწოდა მღდელთა თვისთა და აუწყა მათ საქმე იგი და ჰკითხა: "უკუეთუ შეერაცხების ძმასა მას ნათლისღებად ქვიშისა იგი გარდასხმაი, ანუ არა?" (იქვე. გვ. 453). ე. ჭელიძის აზრით, საეკლესიო დასი ეპისკოპოსის მეთაურობით ბჭობს იმაზე, არის თუ არა ჭეშმარიტი ქვიშის გამოყენება და არ ბჭობს იმაზე, არის თუ არა ჭეშმარიტი "დასხმა"? მაგრამ მოტანილი ტექსტი არ იძლევა იმის პირდაპირ პასუხს თუ რაზე აკეთებდნენ აქცენტს შეკრებილი მამები "ქვიშაზე" თუ "დასხმაზე".

ბჭობისას გაიმარჯვა იმ პარტიამ, რომელიც წინააღმდეგი იყო "ქვიშით დასხმით" მონათვლისა. იმის საჩვენებლად, რომ ეს პარტია სწორედ ნათლისღების მასალას (ქვიშას) უარყოფდა და არა ფორმას (დასხმას), თურმე ჩანს ქვიშით ნათლობის უარმყოფელთა შემდეგ არგუმენტაციაში: "გრიგოლი ღმრთისმეტყველმან აღრაცხა ყოველი ნათლისღებაი, და რამეთუ მოსე ნათელ-სცა, არამედ წყლითა და ამისა პირველად - ღრუბლითა და ზღვითა, და ნათელ-სცა იოვანე ჰურიასტანსა წყლითა სინანულად, და ნათელსცა იესუ სულითა, რომელ არს სისრულე; და კუალად ნათლის-ღებაი მეოთხე, რომელ არს სისხლითა წამებისაითა, და კუალად უწყი ნათლისღებაი მეხუთე ცრემლითა; აწ რომლითა ამათგანითა ნათელ-უღებიეს ამას, რაითა შეერაცხოს ნათლისღებაი"? (იოანე მოსხი, ლიმონარი, თბ. 1960. გვ. 70, ბერძნული ტექსტი. იხ. პგ. 87, სვ. 3045 ბ. ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 155-156).

"... მკაფიოდ, უაშკარესად არის მითითებული, - განაგრძობს ე. ჭელიძე, -რომ ცრემლის ან ღრუბლის ცვრის მოცულობის წყალიც რომ დასხმოდა სამგზისად ებრაელს, სრულ ნათლობად შეერაცხებოდა მას და არანაირად აღარ მოხდებოდა მისი ხელახლა ნათლისცემა" (იქვე. გვ. 455).

საიდან ასეთი დასკვნა? "კვლავ დავუკვირდეთ, - გვმოძღვრავს ბ-ნი პროფესორი, - "მოსე ნათელს- სცა, არამედ წყლითა, და ამისა პირველად - ღრუბლითა და ზღვითა; და ნათელ-სცა იოვანე ჰურიასტანს წყლითა სინანულად; და ნათელ-სცა იესუ სულითა, რომელ არს სისრულე; და კუალად ნათლისღებაი მეოთხე, რომელ არს სისხლითა წამებისაითა. და კუალად უწყი ნათლისღებაი მეხუთე ცრემლითა. აწ რომლითა ამათგანითა ნეთელ-უღებიეს ამას, რაითა შეერაცხოს ნათლისღებად?" (იქვე).

ე. ჭელიძე გვეკითხება: "რა უნდა იყოს ციტატაში დასმულ შეკითხვაზე უცხადესი? სრულიად აშკარად ითხოვენ პასუხს სამღვდელონი: აქ ჩამოთვლილი სახეობებიდან (ღრუბელი, ზღვა, სული, სისხლი, ცრემლი) (ე. ჭელიძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს "ღრუბელსა" და "ცრემლს" - არქიეპ. პ.) რომელი მასალა იყო გამოყენებული ებრაელის მონათვლისას, რომ ნათლისღებად შეერაცხოსო?" და პასუხსაც იქვე გვთავაზობს: "ეს მხოლოდ შემდეგ ნიშნავს: ჩამოთვლილთაგან რომელიც არ უნდა ყოფილიყო სახეზე როგორც ნათლისღებითი მასალა, შესრულებული მღვდელმოქმედება უეჭველად და გარდაუვალად სრულ ნათლისღებად და ახალშობად შეერაცხებოდა ებრაელს. მაგრამ ღრუბელსა და ცრემლში ხომ ვერ შთაიფლებოდა ებრაელი? (მიხვდით რაზეა ლაპარაკი? - არქიეპ. პ.). შესაბამისად, საკუთრივ ღრუბელი ან ცრემლი მხოლოდ და მხოლოდ თავზე თუ დაეპკურებოდა მას..." (იქვე. გვ. 455).

რადგან ე. ჭელიძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს "ღრუბელსა" და "ცრემლს" და მათ უეჭველად პკურებითი ნათლობის ნიმუშებად სახავს, გავარკვიოთ რა შემთხვევები შეიძლებოდა ეგულისხმათ ამ სიტყვებში ასკალონში შეკრებილ მოძღვრებს ქვიშით მონათლული ებრაელის საქმის გარჩევისას.

რუსულად გამოცემულ "ლიმონარში" ("Луг духовный") ვკითხულობთ: "გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩამოთვლის ნათლისღების ყველა სახეს, კერძოდ: მოსემ ნათელ-სცა წყალში, უფრო ადრე კი - ღრუბელსა და ზღვაში, შემდეგ იოანესეული ნათლისღება, რომელიც უკვე აღარ იყო იუდაური, რადგან არა მარტო შთაფლვით აღესრულებოდა იგი, არამედ ახლდა სინანულიც, შემდეგ იესუს ნათლობა სულიწმიდით, და ეს არის ნათლობის სრული სახე. ვიცით მეოთხე ნათლობაც - აღმსარებლობითა და სისხლით. არის კიდევ მეხუთე სახე - ცრემლებით... მაშ, რომელი სახე აღესრულა ყმაწვილზე, რათა დავამტკიცოთ იგი? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ უფლის მიერ ნიკოდიმესადმი ნათქვამ სიტყვას: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ამის შემდეგ ნეტარმა ეპისკოპოსმა დიონისემ გადაწყვიტა, გაეგზავნა ძმა იორდანეზე, რათა იქ მოენათლათ იგი. ხოლო იმ შრომისმოყვარისთვის დიაკვნად დაესხა ხელი" (Блаженный Иоанн Мосх. Луг духовный. Лимонарь или Синайский патерик. § 176. Рассказ аввы Палладия о крещении юноши еврея. https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Mosh/lug-dukhovnyj/#1_219) (იხ. აგრეთვე: Луг духовный, творение блаженнаго Иоанна Мосха. Типогр. Св. Тр. Сергиевой Лавры. 1915, стр. 206-208).

რას ნიშნავს "ღრუბელში" ნათლობა? რა უნდა ეგულისხმათ ასკალონში შეკრებილ ეპისკოპოსსა და მის კლერიკოსებს? უეჭველად ის, რასაც გულისხმობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რადგან ასკალონში შეკრებილმა მამებმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს ის, რაც ნათქვამია წმ. გრიგოლის 39-ე ჰომილიაში ("უფლის განცხადების უწმიდესი ნათლის შესახებ"). ვნახოთ წმ. გრიგოლის განმარტებაც:
"მოსემ ნათელ-სცა წყალში, უფრო ადრე კი - ღრუბელსა და ზღვაში (1 კორ. 10:20); და ამას გააჩნდა წინასახეობრივი აზრი, როგორც იგულისხმა პავლემაც. ზღვა იყო წყლის (იგულისხმება ნათლისღების წყლები - არქიეპ. პ.) სიმბოლო, ღრუბელი - სულიწმიდის, მანანა - სიცოცხლის პურის, სასმელი კი ღვთაებრივი სასმელის.

ნათელს-სცემდა იოანეც, მაგრამ უკვე არა იუდეურად, რამეთუ არა მარტო წყლით ნათელსცემდა იგი, არამედ სინანულშიც (მათე 3:11); თუმცა, არა სრულიად სულით, რამეთუ არ ამატებს "და სულით".

ნათლავს იესუც, მაგრამ სულით, რომელშიც არის სრულყოფილება.

ვიცი მეოთხე ნათლისღებაც - მოწამეობითა და სისხლით, რომლითაც თვით ქრისტეც მოინათლა, და სხვებზე ღირსად პატივსაცემია, რადგან შემდეგში არ იბილწება ახალი უწმინდურობებით.

მეხუთე ნათლისღებაც ვიცი - ცრემლით, რომელიც არის ყველაზე უძნელესი. მისით ინათლება ყველა, ვინც "ყოველ ღამე ცრემლით ბანს და ალტობს თავის სარცელს" (ფსალმ. 6:7), ვისაც "აუყროლდნენ, დაულპნენ წყლულები მისი უგუნურობისა გამო" (შეად. ფსალმ. 37:6) და ამიტომაც დაიარება "ვითარცა მგლოვარე და მწუხარე"" (შეად. ფსალმ. 34:14) (Св. Григорий Богослов. Слово на святые светы явлений Господних. წყარო: lt http://www.romanitas.ru/content/menology/GREGTHEOPH.htm).

ამის შემდეგ, წმ. გრიგოლი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანის ბუნება არამდგრადი და ხწრნადია, ხაზს უსვამს სინანულის მნიშვნელობას და განმარტავს, რომ ცრემლით ნათლობა სწორედაც რომ სინანულია და არა "თავზე ცრემლის დაპკურება", როგორც ე. ჭელიძეს ჰგონია.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.), რომელიც შემდგომ გმობს ნავატიანელთა გულქვაობას, რადგან ისინი არ შეიწყნარებდნენ მონანულებს, ბრძანებს: "მზადყოფნით მივიღებ ამ უკანასკნელ ნათლობას (იგულისხმება "ცრემლით ნათლობა" - სინანული - არქიეპ. პ.), ვეთაყვანები მას, ვამცნებ სხვებსაც, და წყალობით მოვისყიდი წყალობას, რამეთუ "თვითონაც გარშემორტყმული ვართ უმწეობით" (ებრ. 5:2), და რა საზომითაც მივუღზავ სხვას, მეც იმავე საზომით მომეზღვება. შენ კი რას ამბობ? რა სჯულს გვიწესებ, ახალო ფარისეველო, ოდენ სახელით და არა საქმით წმიდავ, რომელი შთაგვაგონებ ნავატის განწესებათ? არ იღებ სინანულს? ადგილს არ უთმობ ცრემლებს? არ გლოვობ ცოდვებს? - დე, მსაჯულიც ნუ იქნება ასეთი შენდა მიმართ! ნუთუ არ შეგაკრთობს კაცთმოყვარება იესუსი, რომელმაც "თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი" (მათე 8:17); რომელი მოვიდა არა მართლებთან, არამედ ცოდვილებთან, რათა მოუწოდოს მათ სინანულად, რომელსაც "წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი" (მათე 9:13), რომელიც "სამოცდაათგზის შვიდჯერ" მიუტევებს ცოდვებს (მათე 18:22)?... ნუთუ არ შეიწყნარებ მონანულ დავითს, რომელშიც სინანულმა წინასწარმეტყველების ნიჭი დაიცვა? ან დიდ პეტრეს, რომელმაც მაცხოვნებელი ვნებების ჟამს ადამიანური უძლურება განიცადა, მაგრამ შეიწყნარა ქრისტემ, და პეტრესადმი სამგზისი შეკითხვითა და აღსარებით მის სამგზის უარყოფას უმკურნალა..." (იქვე).

ამრიგად, სრულიად გარკვეული უნდა იყოს, თუ რას გულისხმობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ნათლობაში "ღრუბლითა და ზღვით" და ასევე "ცრემლით" ნათლობაში. პირველში მოსეს მიერ ისრაელის მეწამულ ზღვაში ებრაელთა გასვლა იგულისხმება, რომელიც თავისთავად იყო ნათლისღების წინასახე, როგორც ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (18-ე ს.) ბრძანებს: "ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე" (ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. ნათლისღებისთვის). კორინთელთა მიმართ 1-ელი ეპისტოლეს ხსენებულ მუხლში წმ. იოანე ოქროპირი პირდაპირ მიუთითებს, რომ "ზღვასა და ღრუბელში" ისრაელის ნათლობა წინასახე იყო ქრისტეანული ნათლისღებისა. ხოლო "ცრემლით ნათლობაში" იგულისხმება სინანულის საიდუმლო და არა ნათლისღების დაპკურებითი წესი.

"IV-VIII საუკუნეების ქრისტეანულ წყაროებში ტერმინი "ნათლისღება" სხვა მნიშვნელობებითაც გამოიყენება. - წერს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი თავის წიგნში "მართლმადიდებლობა". - კერძოდ, აღსარება-სინანულის საიდუმლოს "ცრემლით ნათლისღებას" უწოდებენ. იოანე დამასკელი ჩამოთვლის ამ ტერმინის იმ რვა მნიშვნელობას, რომლებიც აღმოსავლურ-ქრისტეანულ ლიტერატურაში გამოიყენება:

პირველი ნათლისღება წარღვნისა იყო, ცოდვის მოსაკვეთად.

მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი წყლისა.

მესამე რჯულისმიერი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში.

მეოთხე იოანესი იყო, როგორც მომამზადებელი და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: "მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით" (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის.

მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ. ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: "იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ" (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება.

მეექვსე - ეს არის სინანულისა და ცრემლისმიერი, რაც ჭეშმარიტად მძიმეა.

მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენ გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ.

მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ - მტანჯველი დაუსრულებლად" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეორე რწმენისა და ნათლისღების შესახებ. ქართ. თარგმანი, რომელიც შესრულებულია თვით ე. ჭელიძის მიერ, აღებულია საიტიდან: lt http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/82.htm) (მიტრ. ილარიონის (ალფეევი) წიგნი იხ. აქ: Митрополит Илларион (Алфеев). Православие. Том 2: Святоотеческое учение о крещении (http://pravoslavie.by/page_book/svjatootecheskoe-uchenie-o-kreshenii-2).

ამრიგად, ასკალონში შეკრებილი მღვდლებისა და მათი ეპისკოპოსის კრება მსჯელობს ნათლისღების იმ სახეებზე, რომლებიც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა აღწერა და რომელშიც ეს ტერმინი განეკუთვნებოდა არა მარტო წყალში შთაფლვით ნათლისღებას, არამედ მის წინასახეებსაც (რომლებშიც ამა თუ იმ კუთხით არის მოცემული ნათლისღების არსი და მნიშვნელობა. კერძო მაგალითში ზღვა არის წყალში შთაფლვის სიმბოლო, ხოლო ღრუბელი სულიწმიდისა, რომლის მადლი ებოძება მოსანათლს ნათლისღების საიდუმლოში) და ყველა იმ განმწმენდელ მოქმედებას, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ცოდვათა მონობისგან. ესენია სინანულის საიდუმლო და მოწამებრივი ნათლობა.

ასე რომ, ასკალონში შეკრებილ მამებს შეუძლებელია მოეაზრათ ცვარით (ღრუბლის წვეთებით) ან ცრემლით დაპკურება, რამეთუ მათ მიერ მოტანილ მაგალითებში სულ სხვა რამ იგულისმება, კერძოდ, შთაფლვითი ნათლისღება (მოსეს მაგალითი) და სინანულის საიდუმლო (ცრემლით ნათლისღება).

სოფისტიკაში გამოცდილმა პროფესორმა ეს კარგად იცის, ამიტომაც სხვა დასკვნას აქ ვერ გავაკეთებთ, თუ არა იმას, რომ ის შეგნებულად ცრუობს და მხოლოდ  "ღრუბელსა" და "ცრემლზე" მინიშნებით ("ზღვა", როგორც ნათლისღების წინასახე მან შეგნებულად გამოტოვა) პკურებითი "ნათლობის" გამართლებას შეეცადა.

კორინთელმა ქრისტიანებმა, რომელთაც მოციქული მიმართავს: "მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:1-2), რა თქმა უნდა "იცოდნენ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორია, მაგრამ საკმარისი წარმოდგენა არ ჰონდათ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე, იმაზე, რაც დაკავშირებული იყო ამ გამოსვლასთან" (ა. პ. ლოპუხინი), ხოლო დაკავშირებული იყო ის, რაც უნდა მომხდარიყო მომავალში - ქრისტეს ჯვარცმით, მიწაში დაფლვითა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომით ცოდვებისგან კაცობრიობის გამოსყიდვა, ეკლესიისა და მისი წმიდა საიდუმლოებების (ამ შემთხვევაში კი ნათლისღების) დაფუძნება.

"ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:1-2), ნეტ. თეოდორიტეს (IV ს.) განმარტებით ნიშნავს, რომ ღრუბელსა და ზღვაში გავლით ნაჩვენებია ნათლისღების წინასახე. წმიდა პავლე არ გამოყოფს ერთ ნიშანს მეორისგან, არამედ ერთი სიტყვით "ნათელ-იღო" მიანიშნებს ყველაფერზე, რისი თქმაც კი სურდა. "რაც მათ თავს გადახდათ, წინასახეა იმისა, რაც დღეს ჩვენში ხდება. რამეთუ ზღვა სიმბოლოა ემბაზისა, ღრუბელი - სულის მადლისა, მოსე - მღვდლისა, კვერთხი - ჯვრისა, ზღვაგანვლილი ისრაელი - ნათელღებულთა, ხოლო მათი მადევარი ეგვიპტელნი დემონთა; თვით ფარაონი კი ეშმაკს (სატანას) გამოხატავს" (Толкование священного писания. Толкования на 1 Кор. 10:1. Свт. Феофан Затворник. http://bible.optina.ru/new:1kor:10:01). წმ. იოანე ოქროპირის განმარტებითაც, წმ. მოციქული პავლე აქ მიუთითებს ნათლისღების წინასახეზე (იქვე).

ამრიგად, "ზღვა", რომელსაც ე. ჭელიძე სულაც არ აქცევს ყურადღებას, გახლავთ სწორედ ნათლისღების ემბაზის სიმბოლო, მეტიც, ის შთაფლვის სიმბოლოა, რადგან ისრაელმა ზღვაზე ზემოდან ფეხით  კი არ გაიარა, არამედ მის სიღრმეში განვლო ისე, რომ ირგვლივ წყლით იყო გარემოცული, ზემოდან კი "ღრუბელი", ანუ სულიწმიდა ფარავდა.

ე. ჭელიძე მოტანილ ტექსტში ხაზს უსვამს მხოლოდ "ღრუბელს" (გამოკვეთილი აქვს მთავრული და დამუქებული ასოებით), ხოლო სიტყვას "ზღვა" ტოვებს ჩვეულებრივი შრიფტით (თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექსტში ამა თუ იმ სიტყვის დამუქება მიზნად ისახავს მკითხველის ყურადღების მიპყრობას, ნათლისღების წინასახედ გამოყენებული ამ ორი სიტყვიდან ("ზღვა" და "ღრუბელი"), სიტყვა "ღრუბლის" დამუქება და "ზღვის" უბრალოდ დატოვება ამ მეორის უგულებელყოფის ტოლფასია. არადა, როდესაც კრების მამები, რომლებმაც უკუაგდეს ქვიშით დასხმით ნათლობა, მათთვის ცნობილი ნათლისღების სახეობების ჩამოთვლისას ახსენებენ არა უბრალოდ "ღრუბელს", არამედ მოსეს, რომელმაც ებრაელი ერი მეწამულ ზღვაში გაიყვანა და ბრძანებენ: "მოსე ნათელს სცა... პირველად - ღრუბლითა და ზღვითა", ეს კი, როგორც უკვე ვნახეთ, სწორედ შთაფლვითი ნათლობის წინასახე გახლდათ და არა დასხმისა. ამ მთლიანობიდან მარტო "ღრუბელზე" ხაზგასმა არის ტერმინის ქვეტექსტიდან ამოგლეჯისა და სრული კონტექსტის დარღვევის მეტად თვასაჩინო მაგალითი. ეს არის აფერა და მეტიც, ცრუღვთისმეტყველება, რადგან,  თვით ე. ჭელიძისავე მტკიცებით: "უნდა გვახსოვდეს, რომ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვების მთლიანი ფრაზისაგან, მთლიანი კონტექსტისაგან ამოგლეჯა ახასიათებდათ სწორედ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე ცრუ ღვთისმეტყველთ, რადგანაც სწორედ ამ გზით ცდილობდნენ ისინი მათი უმართებულო მოძღვრების სამოციქულო ავტორიტეტზე დაყრდნობით დასაბუთებას". აი, ასეთი ულმობელი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე განცოფებულმა პროფესორმა ე. ჭელიძემ.

აქ შეგვიძლია დავსვათ ასეთი შეკითხვაც: რატომ გააგზავნეს იორდანეზე ეს ებრაელი და რატომ იქვე არ დაასხეს წყალი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით? განა ასე უფრო ცხადად არ გამოიკვეთებოდა დასხმითი "ნათლობის" კანონიკურობა? რატომ მიანიჭეს მამებმა უპირატესობა მდინარეში შთაფლვას? - იმიტომ ხომ არა, რომ მათ პრაქტიკაში არ არსებობდა დასხმა-პკურებით "ნათლობა" და მეტიც, სულაც არ აღიარებდნენ მას.
რატომ ახლა არ ამბობს ე. ჭელიძე, რომ შეკრებილ მღვდლებს საერთოდ არ უხსენებიათ არც "შთაფლვა" და არც "დასხმა", როგორც ამას მოციქულთა 50- ე კანონის განხილვისას ამბობდა? ან რატომ ახლა არ მიუთითებს "დასხმაც გარკვეულწილად ნიშნავს შთაფლვას"-ო? რატომ ამახინჯებს წმიდა წერილის სიტყვებს "მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორინთ. 10:1-2) და წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებსაც, ისევე როგორც წმიდა იოანე მოსხისას, რომელმაც ებრაელი ყმაწვილის უდაბნოში ქვიშით ნათლობისა ეს ამბავი გადმოგვცა და ისიც გვაუწყა, როგორ შეიკრიბნენ ასკალონში მღვდლები ეპისკოპოსთან ერთად და წმ. გრიგოლის ჰომილიის კვალობაზე ჩამოთვალეს ნათლობის ხუთი სახეობა, რომლებშიც ვერ მოიაზრეს ქვიშითა და დასხმით ნათლობა, ხომ არ უთქვამთ ასკალონელ მღვდლებსა და ეპისკოპოსს, "წყალი რომ დასხმოდა და არა ქვიშა" ნათლობად ჩავთვლიდითო, არამედ იმ ხუთი სახეობიდან, რომელსაც წმ. გრიგოლი ჩამოთვლის, რომელით მოინათლაო? რატომ განიხილავს ე. ჭელიძე მოცემულ ადგილას მარტო "ღრუბელს" და ტოვებს "ზღვას", რაც ტექსტის შინაარსის მთლიანობის დარღვევაა? რა არის ეს - მეცნიერული განხილვა თუ დახვეწილი დემაგოგობა? ჩვენი აზრით, ეს უკანასკნელი, რადგან იმას, რასაც ე. ჭელიძე აკეთებს თავის ორივე ხსენებულ "ანტისტაროვერულ" წიგნში - "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული ცხოველი" - მეცნიერებასთან არაფერი აკავშირებს.

ყოველივე ზემოთ თქმულს ჩვენ დავამატებთ იმას, რომ ასკალონში, უდაბნოში მონათლული ებრაელი ყმაწვილის გამო შეკრებილი მღვდლები ყურადღებას არ ამახვილებენ არც ქვიშაზე და არც დასხმაზე, იოანე მოსხის ტექსტიდან პირდაპირ არ ჩანს, რომ მამებს უარეყოთ ეს ნათლობა მხოლოდ ქვიშის გამო ან საერთოდ ქვიშის გამო. შესაძლოა, მათ ქვიშით მონათლული ებრაელის ნათლობა უარყვეს ორივე მიზეზით: მასალის გამოც და ფორმის გამოც. თუმცა ამისი პირდაპირი არგუმენტი ამ ტექსტში არა გვაქვს. აქ მხოლოდ ირიბი არგუმენტაციით თუ შეიძლება მსჯელობა.

სავარაუდოდ, მამები დააბრკოლა ორივე მომენტმა: ნათლობის მასალამაც და ფორმამაც. მასალამ იმიტომ, რომ უდიდესია წყლის როლი ნათლისღების საიდუმლოში.

წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "თუკი ვინმეს სურს იცოდეს თუ რატომ წყლის მიერ და არა სხვა ნივთიერების მიერ მოეცემა მადლი, წმინდა წერილი აიღოს და გაიგებს. დიდი რამ არის წყალი და სამყაროს ოთხ ხილულ სტიქიონთა შორის უმშვენიერესი. ანგელოზთა საცხოვრისია ზეცა, მაგრამ წყლისგან არიან ცანი. ადამიანთა ადგილია მიწა, მაგრამ წყლისგან არის მიწა. ექვს დღეში შექმნილი ყოველი ქმნილების უწინარეს, "ღვთის სული მიმოდიოდა წყლის ზემოთ" (დაბ. 1.2). სამყაროს საწყისი არის წყალი და სახარებათა საწყისი არის იორდანე. გათავისუფლება ისრაელისა ფარაონისგან -  ზღვის გავლით და გათავისუფლება სამყაროსი ცოდვისგან -  წყლის საბანელის მიერ ღვთის სიტყვით. სადაც აღთქმაა ვინმესთან, იქვეა წყალიც. წარღვნის შემდგომ დაიდო აღთქმა ნოესთან, აღთქმა დაიდო ისრაელთან სინას მთიდან, მაგრამ არა წყლის, მეწამული მატყლისა და უსუპის გარეშე. ელია აღტაცებულ იქნა, მაგრამ არა თვინიერ წყლისა, რადგან ჯერ იორდანე განვლო და შემდეგ მიაშურა ცას მღვდელმთავარი ჯერ განიბანებოდა და შემდეგ აკმევდა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმთავარი, რადგან როგორ შეძლებდა სხვებისთვის ლოცვას ჯერ კიდევ წყლით განუბანელი? ნათლისღების სიმბოლო იყო საბანელი, რომელიც კარვის შიგნით მდებარეობდა" (წმ. კირილე იერუსალიმელი. "მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი". § 5).

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=456%3A2011_%2011_%2009_%2007_%2 051_%2024&catid=36%3A2009_%2012_%2029_%2011_%2031_%2045&Itemid=57&lang=en.

ხოლო ფორმამ იმიტომ, რომ უდიდესია წყალში შთაფლვის საიდუმლოც, რის შესამეცნებლად მოვუხმოთ იმავე წმიდა მამას და კარგად მოვუსმინოთ, რას ასწავლის ნათლისღებისა და კონკრეტულად შთაფლვითი ფორმის შესახებ წმ. კირილე: "შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს, ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა" (შესაქ. 2,25).

... შემდეგ გაშიშვლებულებმა, იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს - ქრისტეს...

... ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ  საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან
აქ მდებარე საფლავთან...

სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის წიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით ღამე. რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით, როგორც დღის სინათლეზე მყოფნი. ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის  საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა" (ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა" (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ. §§ 2-4. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-06-10-14-29-32&catid=36%3A2009 -12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka).

წმიდა კირილეს ამ განმარტებიდან კარგად ჩანს, რომ შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში ორ მომენტზე მიანიშნებს - ესენია სიკვდილი და შობა; ნათლისღება, წმიდა მამის განმარტებით არის "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა"; აქედან გამომდინარე წყალს წმ. მამა უწოდებს "საფლავსა და დედას".

საფლავია ის ძველი კაცის დამარხვის თვალსაზრისით, ხოლო დედაა - ახალი კაცის შობის გამო. ამიტომაც ეწოდება ნათლისღებას "მეორედ შობის საბანელი" (ტიტ. 3:5). "მასთან (ქრისტესთან -  არქიეპ. პ.) ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, - ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, - რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით" (რომ. 6:4-5).
"წმ. ოქროპირი ამბობს: "როდესაც წყლის ემბაზში შთაიფლება, ის (ცოდვილი) საღმრთო წყაროდან მზის სხივზე უწმიდესი ამოდის; ამიტომაც იწოდება ის მეორედ შობის საბანელად, რადგან მასში თითქოსდა მეორედ ვიშვებით" (Ad Illuminandos Cathoches. 1. Opp. Tom. II. ed. Monfauc. 1718 an.); და კიდევ სხვა ადგილას: "წყლისგან ვიშვებით ისე, როგორც დედის მუცლიდან" (In II epist. Corinth. Homil. 11). სულიერი შობის ამგვარი შედარება, უეჭელად შთაფლვაზე მიანიშნებს. ზუსტად ისევე, როდესაც წმ. დიონისე არეოპაგელი დედას უწოდებს ნათლისღების ემბაზს (De Hierarch. Eccles. cap. 2) და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთმანეთს უდარებს სამ შობას - სხეულითგან, ემბაზიდან (ნათლისღება) და საფლავითგან (აღდგომა) (Слов. 40, на св. Крещ. Твор. св. Отцов в русском переводе, Том. III, стр. 279): ორივენი (წმ. დიონისეც და წმ. გრიგოლიც - არქიეპ. პ.) სწორედ შთაფლვის ქმედებას გულისხმობენ, როგორც სრულ შესატყვისს ბუნებრივი შობისა" (Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание. 1855 год) (Михаил (Лузин), еп. Курский и Белгородский. О крещении чрез погружение и обливание. 1855 год. ინტერნეტში: https://azbyka.ru/otechnik/Mihail_Luzin/o-kreshenii-chrez-pogruzhenie-i-oblivanie/#note4

ამრიგად, სრულიად ცხადი ხდება, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ ხსენებული 39-ე ჰომილიის დამოწმებით, ასკალონში შეკრებილი ეპისკოპოსი და სამღვდელოება გულისხმობდნენ ნათლისღების იმ წინასახეებსა და ფორმას, რომელიც დაკავშირებულია დამარხვასთან, ხელმეორე, სულიერ შობასთან, რომელსაც ნათლისღების წმ. საიდუმლო გვანიჭებს.

"ღრუბელი" და "ცრემლი" მათ ახსენეს არა იმიტომ, რომ ცვარი ან კურცხალი რომ დაპკურებოდა მომაკვდავს თავზე, მას მონათლულად ჩათვლიდნენ, არამედ იმიტომ, რომ "ღრუბელი" მეწამულ ზღვაში ისრაელის გასვლასთან და მით ნათლისღების წინასახესთან იყო დაკავშირებული, ხოლო "ცრემლი" სინანულთან და სინანულით "ნათლისღებასთან". უკიდურეს შემთხვევაში ასკალონის კრებამ ნათლისღებათა ეს ფორმები, სადაც დასხმა სიტყვითაც არ არის ნახსენები, შედარებისთვის გამოიყენა, რომელსაც დასხმითად და ისიც ქვიშით მონათლული ებრაელის ნათლობა არ შეესატყვისებოდა.

სხვათა  შორის, ქვიშა, როგორც მომაკვდავის მოსანათლი მასალა, იმდენად დამაბრკოლებელი არ უნდა ყოფილიყო მათთვის, რამდენადაც დასხმა, რადგან ვისთვისაც ცნობილი იყო წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ზემოთ ხსენებული სიტყვა, სავარაუდოდ წმ. გრიგოლ ნოსელის (IV ს.) ის ჰომილიაც უნდა ცოდნოდა, სადაც წმიდა მამა ბრძანებს: "ყოველ მკვდარს თავისი ბუნების შესაფერის ადგილად აქვს მიწა, რომლისაკენაც მიიზიდვის და რომელშიც დაიფარება, ხოლო დიდი ნათესაობა აქვთ ერთმანეთთან მიწასა და წყალს, რადგანაც ისინი არიან სტიქიათაგან მხოლონი მძიმენი და ქვემოთ მსწრაფნი, ერთმანეთში იმყოფებიან და ერთიმეორით შეპყრობილ იქმნება (ე. ი ხმელეთს უპყრია წყალი და წყალს ხმელეთი). ამიტომაც, რადგან ჩვენი ცხოვრების წინამძღვრის სიკვდილს თან ახლავს მიწის ქვეშ დამარხვა, ბუნების საერთო კანონისამებრ, ამიტომაც სიკვდილის მსგავსება, ჩვენ მიერ აღსრულებული, გამოისახება ყველაზე მახლობელილ სტიქიით. და როგორც მან, ზეგარდმო კაცმა, თავის თავში შეიწყნარა მოკვდავება მიწისქვეშ სამ-დღეს დადებითურთ და კვლავ ცხოვრებად შემოვიდა, ასევე, ყოველი, რომელიც მასთან ერთობაშია სხეულის ბუნებით, იმისთვის, რათა იმავე საქმეში წარემატოს (ე. ი. მიაღწიოს ცხოვრების საზღვარს), მიწის (დაყრის) ნაცვლად წყლის დასხმითა და ამ სტიქიაში ჩაფლვის სამჯერადი გამეორებით მიემსგავსება მესამე დღის აღდგომის მადლს"
(Gregorii Nyssei Opera, Vol. III, pars. IV, 87-88. ე. კოჭლამაზაშვილი. წმ. გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვა". ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 1/2008. გვ. 66. სქოლიო).

ამრიგად, ან ქვიშით მონათლული ებრაელის თავიდან მომნათვლელ ასკალონელ მამებს არ ჰქონდათ ე. ჭელიძისნაირი "თეოლოგიური" განათლება და არ იცოდნენ, რომ "სხურებაც გარკვეულწილად შეიძლება იწოდოს შთაფლვად" და არც ის, რომ "დიდი ნათესაობა აქვთ ერთმანეთთან მიწასა და წყალს, ... ამიტომაც, რადგან ჩვენი ცხოვრების წინამძღვრის (ქრისტეს - არქიეპ. პ.) სიკვდილს თან ახლავს მიწის ქვეშ დამარხვა, ბუნების საერთო კანონისამებრ, ამიტომაც სიკვდილის მსგავსება, ჩვენ მიერ აღსრულებული, გამოისახება ყველაზე მახლობელილ სტიქიით" (ანუ წყლით - არქიეპ. პ.); ან კიდევ მათ მხოლოდ ის არ ცოდნიათ, რომ "შთაფლვა" ოდენ სულიერი ტერმინია და საკმარისია ადამიანს ან მიწა დაეყაროს თავზე ან წყალი (როგორც მიწასთან დაახლოვებული სტიქია) და ადამიანი მონათლულად ჩაითვლება, მთავარია, ეს მოხდეს სამგზის წმ. სამების სახელზე. არ ცოდნიათ ეს მომაკვდავი ებრაელის მომნათვლელთაც, რადგან ასეთ შემთხვევაში სულაც არ იყო სავალდებულო მომაკვდავი ადამიანის ფეხზე წამოყენება, არამედ იქვე, მწოლიარესც შეიძლება მიყროდა მიწა და ასე "დამარხულიყო" ნათლისღებით, რადგან, წმ. გრიგოლ ნოსელის ამ საღვთისმეტყველო განმარტებიდან გამომდინარე, თავისუფლად არის შესაძლებელი ადამიანის მიწით ან ქვიშით ნათლობაც, მით უმეტეს, როგორც წმ. მამა ამბობს, "მიწის დაყრის ნაცვლად წყლის დასხმითა და ამ სტიქიაში შთაფლვის სამჯერადი გამეორებით". Uბრალოდ, მიწას იმიტომ არ ვაყრით ადამიანს, რომ მაშინ, როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოსანათლავი ცოცხლად უნდა დავმარხოთ საფლავში, რაც საკმაოდ ძნელად განსახორციელებელია და შეუძლებელიც. თანაც ზემოთ უკვე განიმარტა თვით წყლის მნიშვნელობაც ნათლისღების საიდუმლოსთვის.

სხვათა შორის, აქ აღსანიშნავია ერთი საინტერესო გარემოება. თვით ებრაელის მომნათვლელი ქრისტეანები ასრულებენ შთაფლვითი და არა დასხმითი ნათლობის იმიტაციას. ეს ჩანს იქიდან, რომ მათ:

1) გააშიშვლეს მომაკვდავი (გაშიშვლება საჭიროა სწორედ ძველი კაცის განსაძარცვავად და ქრისტესთან ერთად თანადასაფლველად (წყალში)) და

2) ორივე ხელის პეშვით თავზე გადაატარეს ქვიშა, თითქოსდა მოსანათლავი წყლის ქვეშ ყოფილიყო...

3) რის ვაი ვაგლახით ფეხზე წამოუყენებიათ მომაკვდავი ადამიანი ("... და შემდგომად მრავლისა შრომისა შემძლებელ ვიქმნენით განძარცუად და აღდგინებად მისა". ე. ჭ. იქვე. გვ. 453) (რუსულ თარგმანშია: "С большим трудом поставив его на ноги" (Луг духовный, творение блаженнаго Иоанна Мосха. Типогр. Св. Тр. Сергиевой Лавры. 1915, стр. 206-208), რაც სულაც არ არის აუცილებელი დასხმით-პკურებითი ნათლობის შესასრულებლად, მით უმეტეს იმიტაციისთვის.

მაშ, ამდენი რომ არ ეშრომათ და დიდი წვალებით ფეზე არ წამოეყენებინათ ისედაც მომაკვდავი კაცი, განა არ შეეძლოთ ამ ქრისტეანებს, იქვე, მიწაზე მწოლიარესთვის მიეყარათ ქვიშა სამების სახელზე და ასე მოენათლათ? ნუთუ არასოდეს არაფერი სმენოდათ "კლინიკოსთა" შესახებ, რომელთაც საწოლში მწოლიარეთ ნათლავდნენ? ან იმათ შესახებ, რომლებიც დასხმითად მონათლულან? მაგრამ არა! -  მათ ჯერ გააშიშვლეს მომაკვდავი, შემდეგ ფეხზე წამოაყენეს და ბოლოს თავზე ქვიშა გადაატარეს თითქოსდა მდინარემ გადაუარა... და ეს ყველაფერი სწორედ შთაფლვის მისამსგავსებლად... მაგრამ "ასკალონში ჩასულებს მართლმადიდებელმა მოძღვრებმა, მიუხედავად მომაკვდავის სასწაულებრივი განკურნებისა, რაც ზოგიერთმა მონათლულ ებრაელზე სულიწმიდის გარდამოსვლის ნიშნად მიიჩნია, არც ამდაგვარი იმიტირება ჩაუთვალეს ნათლობად და ქრისტეანობის მოსურნე ებრაელი თავიდან მონათლეს იორდანეში შაფლვით, სრულად და კანონიკურად.

ამრიგად, უნაყოფო გამოდგა ე. ჭელიძის მცდელობა, თავის ცრუმეცნიერულ ნაშრომებში "ეკლესია -  სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი" დასხმითი "ნათლობის" გამამართლებელ ნიმუშად გამოეყენებინა მომაკვდავი ებრაელის ქვიშით ნათლობის შემთხვევა. ეს უკვე მერამდენედ გვიწევს ე. ჭელიძის არამეცნიერული, ყალბი და მზაკვრული მეთოდების მხილება. ე. ჭელიძე, როგორც იტყვიან, ლამის ფეხის ყოველ ნაბიჯზე იტყუება.

ე. ჭელიძის მიმდევრებს ხიბლავს მისი ერუდიცია, მსჯელობის "ლოგიკა", მაგრამ არ უწყიან, რომ მათი კერპი მხოლოდ უნამუსო მატყუარაა, რომელსაც სოფისტიკურ ლაბირინთებში შეჰყავს ისინი და ისე აბნევს, რომ თავი სულიერ იალაღებზე ჰგონიათ.

ე. ჭელიძის პოლემიკური მეთოდოლოგია და აქედან გამომდინარე დასკვნები ზუსტად შეესატყვისება სოფიზმის განმარტებას, კერძოდ, ეს არის "ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას" (უცხო სიტყვათა ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=37810).

შეცდომა ყველგან და ყველაფერში ცუდია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანია იქ, სადაც ლაპარაკია სულის ცხონებაზე, მარადისობის მოპოვებაზე, რომლის შესაძლებლობა ადამიანს თავის სიცოცხლეში ერთხელ ეძლევა; რომლისთვისაც განკაცდა ქრისტე და ჯვარს ეცვა. ასეთი, არა თუ შეცდომა, არამედ შეგნებული მოტყუება, რომელსაც ათასობით ადამიანის წარწყმედა შეუძლია, მკვლელობის, სულიერი გენოციდის ტოლფასი ქმედებაა.

"ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას" (მათე 23:13-14).

"ყოველი ბოროტმოქმედი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ღირსია სატანჯველისა, ხოლო, ვინც ამოფარებია ღვისმოსაობას თავისი ბოროტი საქმეების დასაფარად, უმეტეს სასჯელს დაექვემდებარება. ... თუ დამნაშავეა ის, ვისაც სარგებლობა არ მოაქვს, როგორ დაიმსახურებს შეწყალებას ის, ვინც აზიანებს მოყვასთ და უხშობს მათ შესასვლელს? ... ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომლებიც, ჭეშმარიტი მოძღვრებისგან განსხვავებით, სხვათა წარწყმედას ისახავენ მიზნად. ჭეშმარიტი მოძღვრის საქმე თუ წარწყმედულის მოძიება და ცხონებაა, ცხონების მოსურნეთა წარწყმედა საქმეა უსჯულოთა" (წმ. იოანე ოქროპირი. თარგმანებაი მათეს სახარებისა. წიგნი III, თბილისი 1998 წ. მათე 23:13- 14. გვ. 280).

ექვთიმე ზიგაბენი ბრძანებს: "ძლიერია ეს მხილება; თუ გმობას იმსახურებს ის, ვისაც არავითარი სარგებლობა მოაქვს, რამდენად მიუტევებელია ადამიანის დაზიანება და წარწყმედა. ლუკას სახარებაში კი ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა" (ლუკა 11:52). სიტყვებში: "დამალეთ ცოდნის კლიტენი" -  ღმრთისადმი რწმენა იგულისხმა, რომელიც არის მიმყვანებელი ჭეშმარიტ შემეცნებასთან და გამოუთქმელ სიბრძნესთან; და ეს "კლიტენი" აიღეს მათ და წაართვეს ხალხს" (Толкование Священного Писания. Толкования на Мф. 23:13. ჰტტპ://ბიბლე.ოპტინა.რუ/ნეწ:მფ:23:13). იმავეს ბრძანებს წმ. ათანასეც (იხ. იქვე).

ეს იგივეა, რასაც ამხელს წინასწარმეტყველი ოსია:
"დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს" (ოსია 6:9) და კვლავაც: "მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი" (ოსია 4:6). ეს შეიძლება ნიშნავდეს კიდევ იმას, რომ ყოველი მოძღვარი, რომელიც ცუდი საქმეებით აცთუნებს თავის მოწაფეებს, დახშავს მათ წინაშე კარებს სასუფევლისა (იხ. ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. იქვე).

არ არსებობს ადამიანი, რომელიც თვითონ შედიოდეს ცათა სასუფეველში, სხვას კი ხელს უშლიდეს შესვლაში. ისინი, ვინც კარგად ცხოვრობენ და კარგად ქადაგებენ ჭეშმარიტების სიტყვას, კაცთა წინაშე ცათა სასუფევლის კარებს აღებენ, თვითონაც შედიან და სხვათაც პატიჟებენ შესვლად; ხოლო ბოროტნი, რომლებიც არიან არა მწყემსნი, არამედ "დაქირავებულნი მსახურნი", პირიქით, კეტავენ ზეციური სასუფევლის კარებს. და ასე ითქმის არა მარტო იმ კაცთათვის, რომლებიც ხელს უშლიან საღმრთო ჭეშმარიტების შემეცნებას, არამედ მათზეც, ვინც აბუნდოვანებს, აყალბებს და ახშობს ღმრთის სიტყვას მის მიერ დაფუძნებულ საიდუმლოთა შესახებ.

ასეთ ადამიანებს განეკუთვნება პროფ. ე. ჭელიძეც, რომელიც ცათა სასუფეველში "არც თვითონ შედის და არც შემსვლელთ ანებებს შესვლას" (შეად. მათე 23:13-14). ამაში გვარწმუნებს მისი ორივე ანტი- ძველმართლმადიდებლური ნაშრომი; ამაში გვარწმუნებს, თუნდაც მისი ქვემოთ მოტანილი მსჯელობა, რომელშიც უკიდურესად იგრძნობა ამ ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება ნათლისღების საიდუმლოს შთაფლვითი ფორმისადმი. მართალია, ის ფორმალურად აღიარებს და ძველმართლმადიდებლურსაც უწოდებს ნათლისღების ამ მართლაცდა უძველეს ფორმას (შთაფლვას), მაგრამ სინამდვილეში, როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველმხრივ აკნინებს მას და დასხმით-პკურებით "ნათლობასთან" ათანაბრებს.

თანამედროვე და ძველ ღვთისმეტყველთა საპირისპიროდ, რომელთა მიერ დასხმითი ნათლობა თუ შეწყნარებულია, მხოლოდ განსაკუთრებულ, რთულ ვითარებებში (მაგ. დევნულებზე, პატიმრებზე, სნეულებზე), როდესაც ახლომახლო წყალი არ არის, რათა მოსანათლავი შთაიფლას და ეკლესიისთვის დაკანონებული ფორმით მიიღოს ნათლისღება, ე. ჭელიძე, პირიქით, თავის ორივე თხზულებაში ამკვიდრებს აზრს, თითქოსდა წყალპკურებითი "ნათლობა" ისეთივე ნორმატული და კანონიკურია ეკლესიისთვის, როგორც შთაფლვითი და მისი განმეორება დაუშვებელია.

წყალპკურებით "მონათლულთა" გადანათვლას ის დაუშვებლად და "ქრისტეს მეორედ ჯვარცმად" მიიჩნევს. ამიტომაც აღნიშნავს: "მეორედ მონათვლა (შთაფლვით) პიროვნულად ადვილი საქმეა, მაგრამ რამდენადაც გარეგნულად ადვილი ჩანს ეს მეორე ნათლობა, იმდენად დიდ საფრთხეს შეიცავს თავის თავში. პირადად ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით უნდა გამოისყიდოს ამა თუ იმ პირმა მეორედ ნათლობის შედეგად მიღებული ცოდვა, თუკი დარწმუნდება, რომ მისი პირველი ნათლობა ერეტიკული არ იყო" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 157). და ამას ამბობს თეოლოგი და პატროლოგი.

პკურებულთა შთაფლვით მონათვლა რომ არავითარი "მეორედ ნათლობა" და "ქრისტეს მეორედ ჯვარცმა" არ არის, ვფიქრობთ ამ ნაშრომში ცხადად გამოჩნდა. ახლა ამ საკითხზე არ შევჩერდებით. ზემოთ ამაზე საკმაო მაგალითები დავიმოწმეთ და ქვემოთაც კიდევ ბევრი გვექნება სათქმელი, უბრალოდ, მოკლედ ვიტყვით - რადგან ეკლესიას არასოდეს მიუჩნევია ნორმატულ აქტად ნათლობის პკურებითი შესრულება (ეკლესია მას შეიწყნარებდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. იხ. ქვემოთ თავი "გამონაკლისთა შესახებ"), შეუძლებელია ითქვას, რომ ადამიანი მოინათლა ხელმეორედ. ქვიშით ნათლობის შემთხვევიდანაც ვნახეთ, რომ მომაკვდავი ადამიანი, რომელიც ქვიშის "დასხმით" მოინათლა უდაბნოში და სასწაულებრივად განიკურნა, რაც ასკალონში ჩასვლისას სამღვდელოების ნაწილმა საღმრთო წყალობისა და ნათლობის ბეჭდის მიღებად ჩათვალა, უმრავლესობის მიერ მაინც არ იქნა შეწყნარებული, რადგან ამგვარი ფორმა არ შეესაბამებოდა მათ მიერ ცნობილ ფორმებს ნათლობისა, რომელთაც ჩამოთვლიდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.

დასხმა რომ კანონიკური წესი ყოფილიყო, მაშინ მიწის დაყრაც უნდა შეეწყნარებინათ და თუ რატომ, ზემოთ უკვე განვმარტეთ და აქ აღარ შევჩერდებით. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს - როგორ ამბობს სასულიერო აკადემიის პროფესორი, თეოლოგი და პატროლოგი, რომ მისთვის უცნობია, რა გზით უნდა გამოისყიდოს ხელახლა გადანათლულმა ქრისტეს მეორედ ჯვარცმის ცოდვა. აქ ე. ჭელიძე მიმართავს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდს. ის სპეციალურად ამძიმებს ვითარებას, ქმნის გამოუვალ ჩიხს, რათა დაზაფროს ადამიანი. შეუქმნას მას უკიდურესად მძიმე ცოდვის შთაბეჭდილება, რომლის ეპითიმია ეკლესიაში არ არსებობს და მან, როგორც თეოლოგმა და პატროლოგმა, არ იცის "როგორ უნდა გამოისყიდოს ამა თუ იმ პირმა მეორედ ნათლობის შედეგად მიღებული ცოდვა".

დიახ, ქრისტეს მეორედ ჯვარცმა, რასაც უწოდებენ ჭეშმარიტი ნათლობით მონათლულთა ხელმეორე გადანათვლას ეკლესიის მამები, ნამდვილად უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ამაზე უმძიმესია ის, რასაც ე. ჭელიძე აცხადებს. კერძოდ, ის "ნათლობა", რომელსაც "ცრემლი" უწოდეს წმიდა მამებმა და რაც სინანულის საიდუმლოზე მიანიშნებს და რაც ბ-ნ პატროლოგს "თავზე დაპკურება" ჰგონებია, არის ნებისმიერი ცოდვის (და მათ შორის ხელმეორედ გადანათვლის) აღმხოცველი საიდუმლო. თუ ვინმე, და მათ შორის ე. ჭელიძე, გვეტყვის რომ ეს ასე არ არის, ანუ სინანული, როგორც საიდუმლო ამ ცოდვას არ აღხოცავს, ვუპასუხებთ, რომ მაშინ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ საიდუმლოთ არ ჰქონიათ სრული ძალა და ეს იმ დროს, როდესაც, ქრისტეს უარყოფა მიეტევა პეტრეს და ასევე მაცხოვრის ჯვარცმა ლონგინოზ ასმეთაურს, რადგან შეინანეს; და თუკი თავის პირველ უარმყოფელთა და ჯვარმცმელთ მიუტევა ქრისტემ ეს საშინელი ცოდვა შემცოდეთა სინანულის გამო, რატომ არ (ან ვერ) მიუტევებს იგი უკეთურებაში გადავარდნილ მეორედ ჯვარმცმელს (ანუ ხელმეორედ მომნათვლელს თუ ნათელღებულს), თუკი გულწრფელად შეინანებს და კვლავ ჩაეხუტება ქრისტეს ტერფებს? ნუთუ ასეთი სასტიკია მაცხოვარი? ნუთუ ყოვლისმხედველმა და ყოვლისმცოდნე ღმერთმა, რომელმაც წინასწარვე უწყის ყოველივე, ვერ გაითვალისწინა ადამიანთა იმგვარი უძლურება, რომელიც შესაძლოა გამოხატულიყო ხელმეორე ნათლობაში, და უკურნებლად დაუტოვა კაცობრიობას ამ ცოდვით მიყენებული ჭრილობანი? მაშინ არასრულყოფილი გამოდის თვით ჯვარცმის შედეგიც, რადგან სწორედ ჯვარცმის შედეგად მოგვეცა ნათლობისა და სინანულის საიდუმლონი, რომლებიც იმდენად ძლიერნი და იმდენად წმიდანი არიან, რომ არ არსებობს ცოდვა, მისი აღხოცვის ძალა რომ არ გააჩნდეთ.

ღმერთმა დაგვიფაროს იმგვარი მკრეხელური დასკვნებისგან, რაც ე. ჭელიძის ამ როყიოდ წამოსროლილი და მისი ბნელი იდეოლოგიისთვის სასარგებლო შეხედულებიდან მოდის, რაც გარკვეულწილ იმეორებს ძველი მწვალებლების, კათარებისა და ნავატიანელების უკეთურ შეხედულებას.

იქნებ, არ სმენია პატროლოგს, როგორ ნათლავდნენ თავიდან ეკლესიაში მონათლულ ქრისტეანებს ნავატიანელები და როგორ იღებდა მათ ეკლესია უკან დაბრუნების შემთხვევაში? განა თვითონ არ გვიჩიჩინებს თავისი წიგნიდან ("სული - ცხოველი"), ნავატიანელთა უკან მიღება მირონცხებით აღესრულებოდაო? და თუკი ეკლესიას არ ჰქონდა მეორედ ნათელღებულთა კურნების ძალა და საშუალება, რაღა აზრი უნდა ჰქონოდა ამგვარად შეცდენილთა უკან დაბრუნებას, ნუთუ მარტო იმისთვის, რათა ეთქვათ -  "ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით უნდა გამოისყიდოს ამა თუ იმ პირმა მეორედ ნათლობის შედეგად მიღებული ცოდვა, თუკი დარწმუნდება, რომ მისი პირველი ნათლობა ერეტიკული არ იყო"?!...

ჩვენი თანამედროვე ნავატიანელის, ე. ჭელიძის ამ ფანტასტიკურ ცილისწამებას უფლისა და ეკლესიისადმი (რადგან უფალმა ეკლესიას მიანიჭა "შეკვრისა და გახსნის" უფლება), მის ამგვარ ბოროტმეტყველებას შეგვიძლია მივუგოთ წმ. გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით: "... რას ამბობ? რა სჯულს გვიწესებ ახალო ფარისეველო, ... რომელიც შთაგვაგონებ ნავატის განწესებათ? არ იღებ სინანულს? ადგილს არ უთმობ ცრემლებს? არ გლოვობ ცოდვებს? - დე, მსაჯულიც ნუ იქნება ასეთი შენდა მიმართ! ნუთუ არ შეგაკრთობს კაცთმოყვარება იესუსი, რომელმაც "თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი" (მათე 8:17); რომელი მოვიდა არა მართლებთან, არამედ ცოდვილებთან, რათა მოუწოდოს მათ სინანულად, რომელსაც "წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი" (მათე 9:13), რომელიც "სამოცდაათგზის შვიდჯერ" მიუტევებს ცოდვებს (მათე 18:22)?... ნუთუ არ შეიწყნარებ მონანულ დავითს, რომელშიც სინანულმა წინასწარმეტყველების ნიჭი დაიცვა? - ან დიდ პეტრეს, რომელმაც მაცხოვნებელი ვნებების ჟამს ადამიანური უძლურება განიცადა (სამჯერ უარყო მაცხოვარი - არქიეპ. პ.), მაგრამ შეიწყნარა ქრისტემ, და პეტრესადმი სამგზისი შეკითხვითა და აღსარებით მის სამგზის უარყოფას უმკურნალა..." (Св. Григорий Богослов. Слово на святые светы явлений Господних. http://www.romanitas.ru/content/menology/GREGTHEOPH.htm).

ე. ჭელიძეს, "სასუფეველში თავად არშემსვლელს და სხვათა დაბრკოლებელს", რომელსაც დაუმალავს ჭეშმარიტებასთან და გამოუთქმელ სიბრძნესთან მიმყვანებელი "კლიტენი მეცნიერებისანი", "აუღია ეს "კლიტე" და წაურთმევია ხალხისთვის" (ზიგაბენი). მას თავისი მსმენელის (თუ მკითხველის) ამგვარი დამუნათება მის გასაოგნებლად, შესაშინებლად, მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად სჭირდება, რათა ამგვარი შემაძრწუნებელი "ჭეშმარიტების" მოსმენის შემდეგ არც ერთმა წყალპკურებულმა აზრადაც კი არ გაივლოს, სრული, სამგზისი შთაფლვით და წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელის მოწოდებით მიიღოს ჭეშმარიტი ნათლისღება, რომელიც წყალში სამგზისი შთაფლვით აღსრულდება.

ვშიშობ ე. ჭელიძის სიცრუეზე მავალთ არ ეწიოს ღმრთის რისხვა, როგორც ეს არის ნათქვამი ოსიას წინასწარმეტყველებაში "მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი" (ოსია 4:6), რადგან ბიბლიური ჭეშმარიტება მარადიული ჭეშმარიტებაა; ან კიდევ როგორც წმ. ეფრემ ასურელი ბრძანებდა: "წყეულიმც იყოს წმ. წერილის ის მკითხველი, რომელიც მას ეწინააღმდეგება" (Ч I. Моск. 1858 г. стр. 28. Сергиев Посад 1907 г. стр.23).

"ყოველი ბოროტმოქმედი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ღირსია სატანჯველისა, ხოლო, ვინც ამოფარებია ღვისმოსაობას თავისი ბოროტი საქმეების დასაფარად, უმეტეს სასჯელს დაექვემდებარება. ... თუ დამნაშავეა ის, ვისაც სარგებლობა არ მოაქვს, როგორ დაიმსახურებს შეწყალებას ის, ვინც აზიანებს მოყვასთ და უხშობს მათ შესასვლელს? ... ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომლებიც, ჭეშმარიტი მოძღვრებისგან განსხვავებით, სხვათა წარწყმედას ისახავენ მიზნად. ჭეშმარიტი მოძღვრის საქმე თუ წარწყმედულის მოძიება და ცხონებაა, ცხონების მოსურნეთა წარწყმედა საქმეა უსჯულოთა" (წმ. იოანე ოქროპირი. თარგმანებაი მათეს სახარებისა. წიგნი III, თბილისი 1998 წ. მათე 23:13- 14. გვ. 280).

"ვაY შენდა, მწიგნობარო და ფარისეველო ორგულო, რამეთუ დაჰPშავ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; შენ შე-არა-ხუალ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად... ამისთKს მიიღოთ უმეტესი სასჯელი" (შეად. მათე 23:13-14).


შეიცავს თუ არა "სულიერ საფრთხეს" განშიშვლებით ნათლობა?


მაგრამ ეს კიდევ არაფერი - ე. ჭელიძის კადნიერება სწვდება თვით წმიდა მამებსაც კი. ცარიელი თავთავივით თავმოღერებული ჩვენი "მწიგნობარი" კიდევ უფრო გვანცვიფრებს თავისი გამომგონებლობითა და კადნიერებით. წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" მას მოუტანია შთაფლვითი ნათლობის უარსაყოფი დამატებითი "არგუმენტები", კერძოდ, ის წერს: "... ამ წესით (ანუ შთაფლვით - არქიეპ. პ.) ნათლობის მასობრივად, საყოველთაოდ დამკვიდრება მეტად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საეჭვოდ გვესახება (ეს სირთულეები ეხება როგორც სხვადასხვა გარემოებებსა და ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე იმ სულიერ საფრთხეს (? - არქიეპ. პ.), რასაც მღვდლის მიერ სხვა სქესის სრული სიშიშვლით მასობრივად მონათვლა გულისხმობს. ამგვარი ნათლობა წამოჭრის მრავალ სხვა მეტად დელიკატურ საკითხს, რაც რიტუალის სწორედ მასობრივი, საყოველთაო გავრცელების ჟამს იჩენს თავს" (გვ. 157).

მართალია, ე. ჭელიძისგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც დიდ გაოცებას იწვევს მისგან ზედმეტად გაბუქებული "უხერხული მდგომარეობა!" რაც მთავარია ე. ჭელიძე აქ მიდის თვით შთაფლვითი ნათლობის კრიტიკამდე, რადგან ამბობს, რომ შთაფლვითი ნათლობის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, ნათლობის ამგვარი ფორმით მოსანათლთ ექმნებათო "სულიერი საფრთხე"; და საიდან იქმნება ეს "სულიერი საფრთხე" თუ არა იქიდან, რომ შთაფლვითი ნათლობა ითხოვს მოსანათლავი მორწმუნის სრულ გაშიშვლებას?!

ე. ჭელიძეს აქ რომ გამოეყენებინა გამოთქმა "უხერხული მდგომარეობა", კიდევ შეგვეძლო გაგვეგო მისთვის (თუმცა არც ეს არის დასხმითი "ნათლობის" რაიმე გამამართლებელი არგუმენტი), მაგრამ სიტყვები "სულიერი საფრთხე" სრულიად სხვა შინაარსს შეიცავს. ეს არის ისეთი ვითარება, როდესაც ადამიანის სულს, მის სულიერ მდგომარეობას საშიშროება ემუქრება. მოსანათლავი სხვა ადამიანის ან მღვდლის მხრიდანაც რომ გრძნობდეს "უხერხულ მდგომარეობას" ეკლესია ვალდებულია განუმარტოს მას გაშიშვლების აუცილებლობა და შინაარსი და არა პირიქით, თვითონ შეუწყოს ხელი ამ ცრუ "უხერხულობას".

ვფიქრობ, მკითხველი დაგვეთანხმება იმაში, თუ რაოდენ მიუღებელია ე. ჭელიძის სწავლება განშიშვლებულად ნათლობის, როგორც "სულიერი საფრთხის"
შემცველის შესახებ. აქ გვებადება შეკითხვა თვით ე. ჭელიძისადმი - განშიშვლებულად ნათლობა თუ "სულიერ საფრთხეს" უქმნის მოსანათლავ ქრისტეანს, მაშინ ფეხმძიმე დედები შვილებს საერთოდ არ უნდა აჩენდნენ, რადგან მშობიარობის დროს იშიშვლებენ ქვედატანს მამაკაც გინეკოლოგთა წინაშე და იმყოფებიან საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, არავის უკვირს და არავის აბრკოლებს ეს მომენტი, თვით მშობიარე ქალსაც კი, რადგან ყველამ იცის, ამ დროს აუცილებელია მშობიარეს შველა, ვინაიდან სხვა გზა შობისა არ დაუწესებია კაცთათვის უფალს, გარდა იმისა, რომელიც ვიცით.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია განვსაჯოთ, რამდენად აუცილებელია მოსანათლი ქალის (ან კაცის) სულიერად შველა და გადარჩენა ნათლობის წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოშობით, რომელიც არ შეიცავს ისეთ უხერხულობას ("სულიერ საფრთხეზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), როგორსაც ბავშვის მშობიარობა და თანაც, ადამიანის სიცოცხლეში (შვილთა შობისგან განსხვავებით) ნათლობა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ აღესრულება.
გარდა ამისა, თვით ტერმინი "სულიერი საფრთხე" ყოვლად მიუღებელია ნათლისღების შთაფლვით ფორმასთან მიმართებაში, რადგან ის დაწესებულია მაცხოვრის მიერ, თვით იოანე ნათლისმცემელიც კი განშიშვლებულად ნათლავდა იორდანეში (კათალიკოსი ბ. ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20), და ჩვენი მაცხოვარიც განშიშვლებით მოინათლა, რითაც ჩვენც მოგვცა ნათლისღების მაგალითი. ნუთუ წმ. იოანე და თვით იესუ ქრისტე "სულიერი საფრთხის" დამამკვიდრებლები არიან?

შემდეგ, ამგვარი, განშიშვლებით ნათლობა საუკუნეების სიღრმიდან მოდის და დღემდე არავის, ე. ჭელიძის გაჩენამდე, თავში აზრადაც კი არ მოსვლია, უარეყო იგი "სულიერი საფრთხის" მომიზეზებით.

ძველად როგორც მამაკაცები, ასევე დედაკაცები განშიშვლებულნი ინათლებოდნენ, რაც კარგად ჩანს წმ. იოანე ოქროპირის ეპისტოლედან რომის პაპ ინოკენტისადმი (§ 3) (Т. IV, стр 596)) და ნეტ. ავგუსტინეს თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" (წიგნი 22. თ. 6- ე).

წმ. იოანე ოქროპირი, ადარებს რა მოსანათლავის გაშიშვლებას პირველქმნული ადამის სიშიშვლეს სამოთხეში, სხვათა შორის ამბობს: "აქაც სიშიშვლეა და იქაც; მაგრამ იქ (ცოდვილი) გაშიშვლდა, რადგან შესცოდა; ხოლო აქ შიშვლდება იმისთვის, რათა თავისუფალ იქმნეს (ცოდვისგან)" (Златоуст. "Homil. in Colos."
ѴI, n. IV; Curs. Compl. palrol. Ser. Graec. Тоm. LXI1, соl. 342; в рус, пер. Спб. 1854 стр. 100).

"შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი, - უქადაგებს წმ. კირილე იერუსალიმელი ახალმონათლულებს თავის მერეო მისტაგოგიურ ქადაგებაში ნათლისღების შესახებ, - და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს... ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (შესაქ. 2, 25) (წმიდა კირილე იერუსალიმელი. მეორე მისტაგოგიური ქადაგება ნათლისღების შესახებ". § 2).

"შემდეგ გაშიშვლებულებმა იცხეთ შეფუცების ზეთით თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე და ეზიარეთ კეთილ ზეთისხილს - ქრისტეს. მოეკვეთეთ ველურ ზეთისხილს, დაემყნეთ კეთილს და ზიარნი გახდით ჭეშმარიტი ზეთისხილის სიპოხისა (რომ. 11,17-24) ... ამის შემდგომ მიყვანილი ხარ შენ  საღვთო ნათლისღების წმინდა საბანელთან, როგორც ქრისტე ჯვრიდან
აქ მდებარე საფლავთან, და თითოეულს გკითხეს, გწამდათ თუ არა სახელი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა; აღიარეთ მაცხოვნებელი აღსარება, სამგზის დაიფლენით წყალში და კვლავ ამოხვედით, სიმბოლურად მიანიშენთ რა აქაც ქრისტეს სამდღიანი დაფლვა. ისევე, როგორც მაცხოვარმა ჩვენმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის წიაღში (მათ. 12,40), ასევე თქვენც პირველი ამოსვლით გამოსახეთ ქრისტეს პირველი დღე მიწაში, და ჩასვლით ღამე. რადგან, როგორც ღამეში მყოფი ვერაფერს ხედავს, ხოლო ვინც სამზეოზეა, სინათლეში მიმოდის, ასევე, დაფლვისას, როგორც ღამით, ვერაფერს ხედავდით, კვლავ ზეამოსვლისას კი იყავით, როგორც დღის სინათლეზე მყოფნი. ერთსა და იმავე ჟამს მოკვდით და იშვით. ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა თქვენთვის  საფლავიც და დედაც. რაც სოლომონმა თქვა სხვებზე, თქვენც შეგფერით, რადგან იქ ამბობს: "ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა" (ეკლ. 3,2). თქვენზე კი პირიქით ითქმის: "ჟამი სიკვდილისა და ჟამი შობისა". ერთდროულად ორივე აღესრულა: თანამორბედი იქმნა სიკვდილისა თქვენი შობა".

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=383%3A2011-06-10-14-29-32&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka

ამრიგად, ე. ჭელიძის ლოგიკით, არა მარტო წმ. კირილე, იოანე ოქრორპირი და სხვა მამები (ვფიქრობთ, მათი ციტირება აქ საჭირო არ არის, რადგან ისედაც უხვად გვყავს დამოწმებული ამ წიგნში) "სულიერ საფრთხეში" აყენებდნენ მოსანათლავთ, როდესაც არა მარტო განშიშვლებით ნათლავდნენ, არამედ ასწავლიდნენ კიდევაც ამგვარი ნათლობის საჭიროებას და არა თუ ერთხელაც არ დასცდენიათ სიტყვა რაიმე "სულიერი საფრთხის" შესახებ, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს განშიშვლება ნათლისღების წინ, არამედ მეტიც, გვასწავლიდნენ და გვამცნებდნენ მის დაცვას, როგორც უდიდესი შინაარსისა და მნიშვნელობის მქონეს. ამის დასტურია წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვები იმავე "მეორე მისტაგოგიური ქადაგებიდან ნათელღებულთადმი": "შეისწავლეთ რა ეს ყოველივე ჯეროვანი სისრულით, იპყარით ხსოვნაში, გევედრებით, რომ მეც, უღირსმა, ვთქვა თქვენზე: "მიყვარხართ, რადგან ყოველჟამს გახსოვართ მე და გადმოცემანი, რომელნიც გადმოგეცით, გიპყრიათ" (შდრ. I კორ. 11,2). ძალუძს კი ღმერთს, რომელმაც წარმოგადგინათ თქვენ "როგორც ცოცხალნი მკვდართაგან" (რომ. 6,13), მოგცეთ თქვენ "ცხოვრების სიახლეში სვლა" (რომ. 6,4), რამეთუ მისია დიდება და სიმტკიცე, აწ და უკუნისამდე, ამინ.

ხოლო, როგორც I მსოფლიო კრების მამები ბრძანებენ:  "ბოროტმზრახველი კომენტატორი ჭეშმარიტად ერთგვარი ხატება და მსგავსებაა ეშმაკისა" (гл. 4, стр.32, изд. 1887г. Послание Св. Равноап. царя Константина).

დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.

<<<

21

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика