აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II. XVII_და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი... - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის.  
ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიგურგიკული გამართლება

Credo

მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

შინაარსი


თავი XVII
___________________________________________________________________________________________________________________________________

"და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი..."

ამჯერად განვიხილოთ ნიკონიანელ რეფორმატორთა მიერ ძველსლავური ტექსტიდან სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოღების მიზანშეწონილობის საკითხი.

ახალმოწესე მისიონერები არცთუ იშვიათად ადანაშაულებენ ძველმოწესეებს იმაში, რომ თურმე მათ სარწმუნოების სიმბოლოში ჩაუმატეს სიტყვა "ჭეშმარიტი", არადა, მესამე მსოფლიო კრება კატეგორიულად კრძალავს რაიმე ცვლილებების შეტანას მართლმადიდებლურ მრწამსში. რამდენიმე წლის წინათ თეოლოგიურ ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" პოლემიკისას ამ ალმანახის რედაქტორი, აწ განსვენებული გ. გაბაშვილი წერდა: ""სტაროვერები" თვლიან, რომ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: "და (მრწამს) სულიწმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი..." სექტანტთა (?) აზრით, ჩვენმა (ე.ი. ნიკონიანურმა არქიეპ. პ) ეკლესიამ მრწამსიდან ამოიღო სიტყვა "ჭეშმარიტი", რითაც თავი III მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ მოიქცია" და ეჭვ ქვეშ აყენებენ ძველმორწმუნეთა ამგვარი მხილების კანონიკურობას" ("ივერიის გაბრწყინება" 2000 2. # 1 (40). გვ. 4). მაგრამ ოფიციალური, ახალმოწესეობრივი (ნიკონიანური) ეკლესია თვითონაც ადანაშაულებს ძველმოწესეებს მრწამსის ტექსტში ცვლილების შეტანაში. აწ გარდაცვლილი ცნობილი რუსი მღვდელი და მისიონერი დანიელ სისოევი ძველმოწესეებს ადანაშაულებდა იმაში, რომ მათ მრწამსის ტექსტში შეიტანეს დანამატი, რასაც კრძალავს III მსოფლიო კრება (იხ. Еще раз о Символе веры. https://staroobrad.ru/modules.php?name=News2&file=article&sid=478).

ძველმოწესეთა რუს და ქართველ ოპონენტებს (ქართველი ნიკონიანელები, უბრალოდ, იმეორებენ რუსი თანამოძმეების ბრალდებებს ძველმოწესეებთან დაკავშირებით) საბუთად მოაქვთ, თითქოსდა "სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსენებული სიტყვა არ არსებობს"; და ამის "ყველაზე სარწმუნო საბუთად" მიაჩნიათ "კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმ. ფოტის (1431 წ.) საკოსი (პირველერარქის შესამოსელი), რომელიც მან 1408 წ. ბიზანტიიდან ჩამოიტანა და რაზეც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი აღნიშნული სიტყვის გარეშეა ამოქარგული; წმ. ფოტის ეს საკოსი ინახება მოსკოვში, საპატრიარქოს სამოსსაცავში # 2-ის ქვეშ" ("ივერიის გაბრწყინება". 2000 2. # 1 (40). გვ. 4).

არასწორია მტკიცება, თითქოსდა "სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსნებული სიტყვა ("ჭეშმარიტი") არ არსებობს". საქმე ის არის, რომ ბერძნულ ენაში შესაძლებელია, ერთ სიტყვაში გამოთქმული ან ნაგულისხმევი იყოს მრავალი სხვადასხვა აზრი. ეს ვითარება გარკვეულ პრობლემებს ქმნის მთარგმნელთათვის, რის გამოც არის, რომ ისინი კონკრეტულ სიტყვას თარგმნიან ან მისი ერთი რომელიმე მნიშვნელობით, ან კიდევ ყველა, ან უმეტესი მნიშვნელობებით
ქვეტექსტის ან ტექსტის საერთო შინაარსის გათვალისწინებით.

ამის დასამტკიცებლად მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: ვინმე კ. პლოტნიკოვი თავის "ანტირასკოლნიკურ" სახელმძღვანელოში ჩამოთვლის ბერძნული სიტყვის "ტო კირიონ"-ის მნიშვნელობებს და წერს: "სიტყვა "კიურიონ" გადათარგმნილია ორი სიტყვით: "უფალი" და "ჭეშმარიტი"; "სიტყვა, "კიურიოს" ნიშნავს - უფალს, უფლისა, საუფლო, ჭეშმარიტი", მაგრამ პლოტნიკოვი მიიჩნევს, რომ სიტყვა "კიურიონ" უნდა გადათარგმნილიყო მისი "მხოლოდ ერთი რომელიმე მნიშვნელობით" (თუმცა არ გვისაბუთებს, რატომ) და დაასკვნის, რომ ამ მიზეზით "სიტყვა "ჭეშმარიტი" არის დანამატი" და დასძენს: თუმცა "ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში გადმოცემულ შინაარსს იოტისოდენადაც არ ცვლის" (Руководство по облич. русск. раскола. Составил К. Плотников. С. Петербург 1897 г. стр. 65).

პროფ. ე. ჭელიძე წიგნში: "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია", სევერიანე გაბალოვნელის თხზულების ("ექუსთა დღეთაი") ქართულ თარგმანში დაშვებულ შეცდომათა განხილვისას ერთგან წერს, რომ ამ მოღვაწის ქართველი მთარგმნელი, რომელიც "არ ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ მწერალთა რიცხვს", ზოგჯერ სწორად ვერ იგებს ბერძნული დედნის ამ თუ იმ კონტექსტს. ასე, მაგალითად: წინადადებას
κακεηινοj και ουτοj κυριωj (Col. 432) ის ასე თარგმნის: "იგი სახმრად, ესე უფლად". ე. ჭელიძის თქმით, "მთარგმნელი ძირეული მნიშვნელობით აღიქვამს κυριωj (უფალი) მაშინ, როდესაც იგი ამ შემთხვევაში ნიშნავს: "ნამდვილად, ჭეშმარიტად, ზუსტად, სათანადოდ" (ლათ. პროპრიე)" (სქოლიო 2. ედ. ჭელიძე. ძვ. ქართ. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია სევერიანე გაბალოვნელის "ექუსთა დღეთაი"-ს უძველესი ქართული თარგმანის საფუძველზე. I, თბილისი "მეცნიერება" 1996 წ. გვ. 48). მაშასადამე, სიტყვა κυριωj - ის (უფალი) გადათარგმნა მისი ძირეული მნიშვნელობით, ქვეტექსტის გაუთვალისწინებლად, ყოველთვის არ ყოფილა მართებული, ზოგჯერ ის ითარგმნება სხვა მნიშვნელობითაც, რაც მოიაზრება მის შინაარსში (მაგ. ნამდვილი, ჭეშმარიტი, ზუსტი და ა.შ.).

"თვით ბერძნებმა დოგმატურ განმარტებებში განსაზღვრეს, რომ
το κυριων ერთდროულად გამოხატავს სული წმიდის უფლობასაც და ჭეშმარიტებასაც" (უფრო დაწვრ. იხ. Диакон Валерий Тимофеев. Разсуждение о древнем и новообрядческом текстах символа веры. Журн. Остров веры. г. Миасс. Октябрь, 2003 г. № 5, стр. 12).

საინტერესოა ისიც, რომ ძველი ანგლოსაქსონელნი სარწმუნოების სიმბოლოს თარგმნიან ზუსტად ისევე, როგორც სლავი მთარგმენლები. "ასე, მაგალითად, ეპისკოპოსის ელფრიკისა და მეფე ალფრედის პერიოდის (IX-X სს) სარწმუნოების სიმბოლოს ანგლო-საქსონური თარგმანი ასე ჟღერს: "და სული წმიდა, ღმერთი, ჭეშმარიტი უფალი და ცხოველმყოფელი" (იქვე. გვ. 13).

და ბოლოს, თვით კ. პლოტნიკოვის მოწმობით, - რომლის "ანტირასკოლნიკური" სახელმძღვანელო მეტად დიდი შთაგონების წყარო გამხდარა ჩვენი ოპონენტებისთვის, - II მსოფლიო კრების მიერ შედგენილ და დამტკიცებულ სარწმუნოების სიმბოლოში მე-8 წევრი ასეთია:
και 'ειj το 'αγιον το κυριων και το ζωοποιον; ეს ბერძნული წინადადება ასე უნდა წავიკითხოთ: "და სული წმიდა უფალი ცხოველმყოფელი" - და აქ არ არის არავითარი სიტყვა "ჭეშმარიტი", მაგრამ ცოტა ქვემოთ, ეხება რა "მრწამსის" მე-8 წევრში სიტყვა "ჭეშმარიტის" "გამოჩენის" ისტორიას და მიმოიხილავს სხვადასხვა მთარგმნელის დამოკიდებულებას ბერძნული სიტყვისადმი "ტო კიურიონ", აღიარებს, რომ მთარგმნელთა ერთი კატეგორია ამ ერთ სიტყვას თარგმნიდა ორი სიტყვით "უფალი ჭეშმარიტი", რამეთუ, მისი თქმით, სიტყვა კიურიოს, სხვათა შორის, ნიშნავს ჭეშმარიტს, და ამიტომაც სარმწუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში ამ სიტყვას - "ტო კიურიონ" თარგმნიდნენ "ჭეშმარიტის" მნიშვნელობით.

ამავე ავტორის მტკიცებით, მე-14 საუკუნეში უეჭველად არსებობდა ხელნაწერი წყაროები მრწამსის მე-8 წევრის ამგვარი წაკითხვით და იქვე მიუთითებს მე-14 ს. სინურ კურთხევანს, პერგამენტზე დაწერილს (Руководство по облич. русск. раскола. Составил К. Плотников. С. Петербург 1897 г. стр. 66, 67).

ამრიგად, აბსოლუტურად არასწორია ოპონენტთა მტკიცება, რომ "სარწმუნოების სიმბოლოს ბერძნულ დედანში ხსენებული სიტყვა ("ჭეშმარიტი") არ არსებობს". ამ აზრს შეიცავს ბერძნული სიტყვა
το κυριων ("ტო კირიონ"), ამიტომაც არ უნდა განვიკითხოთ ძველი სლავი მთარგმნელები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სარწუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში სიტყვა "უფალის" შემდეგ დასვეს სიტყვა "ჭეშმარიტი", მით უმეტეს, რომ თვით ქრისტეც ასე გვასწავლის, "სული ჭეშმარიტი რომელი მამისაგან გამოვალს" (იოანე 15:26). გარდა ამისა, თუ ყურადღებას მივაქცევთ თვით სარწმუნოების სიმბოლოს, რომელშიც აღვიარებთ, რომ: ქრისტე არის "ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა" (მრწამსის მე-2 წევრი) და, ამდენად, მამა ღმერთისა და ძე ღმერთის იპოსტასებს ცალ-ცალკე განვსაზღვრავთ სიტყვით "ჭეშმარიტი", ყოვლადწმიდა სამების იპოსტასთა თანაბარი პატივის ძალით ჯერ არს, მის მესამე იპოსტასს, სული წმიდასაც აღვიარებდეთ, როგორც "უფალს ჭეშმარიტს". ასეთი სარწმუნოებრივი აღსარება დოგმატურად სრულიად სწორია და კანონიკური.

რაც შეეხება ოპონენტთა მტკიცებას, თითქოსდა წმ. მიტრ. ფოტის საკოსზე სარწმუნოების სიმბოლო "ამოქარგულია აღნიშნული სიტყვის ("ჭეშმარიტის") გარეშე", ზემოთ მოცემული განმარტების შემდეგ კარგავს აქტუალობას და ჭეშმარიტ შინაარსს იძენს. კერძოდ, წმ. ფოტის საკოსზე ამოქარგული სიტყვა "ტო კირიონ" შეიცავს ხსენებულ სიტყვას და ოპონენტებს ვთხოვთ, შემდგომში მაინც ნუღარ წარმოგვიდგენენ ასეთ "სამხილებს".

მაგრამ ოპონენეტებს აქვთ მეორე "სამხილიც",  კერძოდ, მათი თქმით: "ცნობილია ძველი სლავური წიგნები, რომლებშიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი სიტყვა "ჭეშმარიტის" გარეშეა გადმოცემული..." (ციტ. "ივ. გაბრწყინება". იქვე).

პასუხი: ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, სწორედ XVII ს. რუსეთის ეკლესიის განხეთქილების ისტორიისა და ამ ეკლესიაში წიგნების ბეჭდვის და გამოცემების ისტორიის უცოდინარობა იწვევს ისეთ გაუგებრობებს, როგორიც ჩვენს ოპონენეტებს მოსდით. ისინი იმოწმებენ ერთ ისეთ წიგნს (კერძოდ მე-13 ს. Кормчая), სადაც "452-ე ფურცელზე მრწამსის მე-8 წევრი ისევე იკითხება, როგორც დღესდღეობით მართლმადიდებელ (ე.ი. ნიკონიანურ-რეფორმატორულ - არქიეპ. პ.) ეკლესიაშია მიღებული" (ციტ. იქვე).

ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ უფრო მეტი მაგალითი იმისა, რომ ზოგ ძველ წიგნში სარწმუნოების სიმბოლო ნამდვილად სიტყვა "ჭეშმარიტის" გარეშეა მოცემული. მაგალითად, ოზერსკის თავის "ამონაწერებში" მოაქვს კიდევ ორი ძველნაწერი "კორმჩაია", სადაც იგივე ვითარებაა, მაგრამ განვუმარტავთ მკითხველს, რომ "Кормчая"-ს ეს ადგილები არ წარმოადგენენ სარწმუნოების სიმბოლოს პირდაპირ აღსარებას. ისინი სული წმიდის მამისგან გამომავლობას განმარტავენ ამ დოგმატის ლათინთა მიერ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ. აქ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ მსჯელობისას ხშირად საგანს განიხილავენ არა მთლიანობაში, არამედ ერთი რომელიმე მხრიდან, პოლემიკის საჭიროებისამებრ.

ამიტომაც ზოგიერთ ძველ წიგნში ვხვდებით მსჯელობას წმიდა სამების მესამე იპოსტასზე და ლაპარაკი არ არის მის ჭეშმარიტ უფლობაზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ეს. კვლავ აღვნიშნავთ, რომ სიტყვა
το κυριων ("ტო კირიონ") მასში მოაზრებული სხვადასხვა შინაარსის გამო ითარგმნებოდა ერთი რომელიმე მნიშვნელობით, ხოლო სხვები თარგმნიდნენ დოგმატური თვალსაზრისიდან გამომდინარე მის ორივე შინაარსს.

ყოფილა შემთხვევები, როგორც ამას მოსკოვის "ასმუხლიანი" კრება (Стоглав) აღნიშნავს, როდესაც მრწამსის მე-8 წევრი უთარგმნიათ სიტყვა "უფლის" გარეშეც, ასე: "და (მრწამს) სული წმიდა ჭეშმარიტი... "რაც ამ კრებამ უარყო და დაადგინა, მრწამსის მე-8 წევრი დაეწერათ და წაეკითხათ: "და (მრწამს) სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი..." ცხადია, ასეთ უზუსტობებს სარწმუნოების სიმბოლოს მთარგმნელები უშვებდნენ იმიტომ, რომ სიტყვა "ტო კირიონ"-ს აღიქვამდნენ მხოლოდ ერთი, ძირეული, მნიშვნელობით (როგორც ბრძანებს პროფ. ე. ჭელიძე), ან კიდევ ორი მნიშვნელობიდან ("უფალი" და "ჭეშმარიტი") ირჩევდნენ ერთ-ერთს (როგორც ბრძანებს ამას კ. პლოტნიკოვი და როგორც ეს შენიშნა "ასმუხლიანმა" კრებამ). ამიტომაც, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ზოგიერთ ძველ სლავურ (და არა მარტო სლავურ) თარგმანში სიტყვა "ტო კირიონ"-ის მეორე მნიშვნელობა - "ჭეშმარიტი" არ გვხვდება.

და ბოლოს, ძველ სლავურ თარგმანებში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (რომელთა არსებობის მიზეზებზეც უკვე მივუთითეთ), საეკლესიო წიგნების უდიდესი უმეტესობა მრწამსის მე-8 წევრის "ჭეშმარიტით" წაკითხვას უჭერს მხარს.

მხარს უჭერს მას, აგრეთვე, მთელი საეკლესიო პრაქტიკა რუსეთის გაქრისტეანებიდან ვიდრე პატრიარქ ნიკონამდე. თანაც, აქ "ქრისტეანობის მიღებიდან პატრ. ნიკონამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი მიტროპოლიტები, რამდენიმე ეპისკოპოსი და ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ რუსეთის ეკლესიის ამ ბერძენ ეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს სარწმუნოების სიმბოლო ბერძნულისა და, საერთოდ, მსოფლიო კრებათა მიერ დამტკიცებული "მრწამსის" საწინააღმდეგო შინაარსისა ჰქონოდათ. ასეთად აღიარებდნენ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრს ღმრთის მიერ გაბრწყინებული რუსი წმინდანებიც. ამიტომაც, "მრწამსის" მე-8 წევრში სიტყვა "ჭეშმარიტის" უადგილობის ან ცთომილების მტკიცება უდავოდ მკრეხელობაა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპონენტებს აქვთ მესამე არგუმენტიც: "მართლმადიდებლებთან მრავალსაუკუნოვან პოლემიკაში ლათინებს ამგვარი ბრალდებებით არასოდეს უსარგებლიათ. - წერს. გ. გაბაშვილი ჩვენთან პოლემიკაში, - არადა, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ: მოგეხსენებათ, აღმოსავლეთი დასავლეთს ამხილებს მრწამსში ცვლილებების შეტანაში ფილიოქუე-ს სახით; ცხადია, პაპისტები, რომელნიც "სტაროვერებზე" ბევრად უფრო განათლებული და უკეთ ინფორმირებულნი არიან, მართლმადიდებლებს სარწმუნოების სიმბოლოს შეცვლაში დაადანაშაულებდნენ, ამგვარ ფაქტს მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი სინამდვილეში. ვატიკანი გვეტყოდა, ჯერ მრწამსში შეტანილ საკუთარ ცვლილებებს მიხედეთ და მერე ჩვენზე ილაპარაკეთო - 1054 წლიდან დღემდე ლათინთა მხირდან ასეთ კონტრბრალდებას ადგილი არ ჰქონია..." ("ივ. გაბრწყინება". იქვე. გვ. 4. სვ. 1, 2).

ამგვარ "არგუმენტს" ჩვენ ასე ვპასუხობთ: ჯერ ერთი, პაპისტები "სტაროვერებზე" "ბევრად უფრო განათლებული და უკეთ ინფორმირებულები" რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ისინი პაპისტები კი არა, მართლმადიდებელი ქრისტეანები იქნებოდნენ.

მეორეც: "ფარისევლები მეთევზე მოციქულებზე ასევე ბევრად უფრო "განათლებული" და "უკეთ ინფორმირებულები" იყვნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ჯვარზე გაეკრათ მაცხოვარი.

მესამეც: თვით სატანა ბევრად უფრო "განათლებული" და "ინფორმირებულია" პაპისტებზეც, "სტაროვერებზეც" და "ნიკონიანელებზეც", მაგრამ თავის ცოდნას ღვთის საწინააღმდეგო საქმეს ახმარს, რის გამოც იწოდება კიდეც "მოწინააღმდეგედ".

მეოთხეც: ამ დიდად "განათლებულ" და "ინფორმირებულ" პაპისტებს რატომღაც არც ძველი რუსი მართლმადიდებლები დაუდანაშაულებიათ მრწამსის მათეულ თარგმანში (მე-8 წევრში) არსებული სიტყვა "ჭეშმარიტის" გამო, როგორც ამას პლოტნიკოვი და სხვა მისი მსგავსი ნიკონიანელი აპოლოგეტები ჩადიან, რითაც საკუთარი ეკლესიის ისტორიასა და წმინდანებს უპირისპირდებიან.

და ბოლოს: ლათინები ბერძნებს ვერ დაადანაშაულებდნენ მრწამსის დარღვევაში, რამეთუ ბერძნულ მრწამსს არაფერი აკლია. 1054 წლიდან მათ არ დაუდანაშაულებიათ არც რუსეთის ეკლესია, რომელსაც მრწამსის მე-8 წევრში ბერძნული სიტყვა "ტო კირიონ" რუსულში მისი შინაარსის სისრულის გადმოსაცემად ნათარგმნი ჰქონდა ორი სიტყვით, რაც აჩვენებს, რომ მათ სავსებით სწორად გაუგიათ თარგმანის ეს აუცილებელი თავისებურება და ნიკონიანელ რეფორმატორთაგან განსხვავებით, განგაში არ აუტეხავთ.

ამიტომაც, თუკი ჩვენი ოპონენტების თვალში, ძველმოწესეებისგან განსხვავებით, ლათინები ასეთი ავტორიტეტები არიან, უნდა დადუმდნენ და აღიარონ, რომ სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრში სიტყვა "ჭეშმარიტის" სახით არავითარი დანამატი არ არის და მწარედ შეცდნენ, როდესაც მრწამსიდან ამოაგდეს სრულიად საჭირო და ბერძნული დედნის შესატყვისი ეს ტერმინი.

მაგრამ აქ შეიძლება შეგვეკითხონ: შეიძლება თუ არა მრწამსიდან სიტყვა "ჭეშმარიტის" ამოღება იმსახურებდეს გმობას და ანათემას? რა უნდა ითქვას ამის შესახებ?

ჩვენი პასუხი ასეთია: 382 წელს რომის პაპმა დამასმა, კონსტანტინოპოლში, სადაც 381 წელს გაიმართა მსოფლიო კრება, გაგზავნა ფურცელი ანათემატიზმებით, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა მწვალებლობის წინააღმდეგ. მასში პირდაპირ არიან გადაცემულნი ანათემას ისინი, ვინც უარყოფს ჭეშმარიტი უწოდოს ან მამას, ან ძეს, ან სული წმიდას (დააკვირდით, ბ-ნო ახალმოწესეებო, - თქვენს სიმბოლოში სული წმიდა ჭშმარიტად არ იწოდება).

წესებში სულ 25 ანათემატიზმაა, რომლებიდანაც მე-17 ასეთია: "ვინც არ ამბობს, რომ სული წმიდა არის მამისაგან ჭეშმარიტად და საკუთრივ... ანათემა" (თჰეოდორიტ. V, 11) ანათემატიზმა მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც სულიწმიდის საღმრთო არსს ჭეშმარიტს არ უწოდებს.

22-ე ანათემატიზმა უფრო აკონკრეტებს ამ აზრს: "თუ ვინმე სამ პირს მამას, ძეს და სულიწმიდას არ უწოდებს ჭეშმარიტს... ანათემა" (Theodorit. V, 11) (რუსულ თარგმანში: "Кто не называет трех Лиц - Отца, и Сына, и Святого Духа - истинными, … - анафема да будет") (Блаженный Феодорит Кирский. Церковная история. Книга 5. Глава 11. Другое соборное послание того же Дамаса против различных ересей. https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/cerkovnaya_istoriya/5_11). და ის მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც არ ამატებს ან ტოვებს სიტყვას "ჭეშმარიტი" წმ. სამების რომელიმე იპოსტასთან მიმართებაში.

ამრიგად, ისინი, ვინაც ამოაგდო მრწამსის ძველი ტექსტიდან სიტყვა "ჭეშმარიტი" და იცავს ამ ცვლილებას, ავლენენ არა მარტო უცოდინრობას, არამედ, როგორც ნამდვილი მწვალებლები, ანათემის ქვეშაც ექცევიან, რამეთუ თანამედროვე ახალმოწესეთა სიმბოლოში დარღვეულია ღმრთაებრივ პირთა თანასწორობა, რომლებიც მამას უწოდებენ ჭეშმარიტს, ძეც იწოდება ჭეშმარიტად, მაშინ როდესაც სული წმიდის უფლობას ჭეშმარიტად არ ხმობენ. ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, ასეთი კადნიერება ნამდვილად იმსახურებს ანათემას.

ამდენად, თუკი ჩვენ შორის რომელიმე მხარის "უმეცრებით ნასაზრდოებ ცილისწამებაზე" ვილაპარაკებთ, ასეთად ჩვენი ოპონენტების კადნიერი გამოხდომა უნდა შეფასდეს.

კიდევ უფრო დეტალურად "მრწამსის" ძველბერძნული დედნისა და მისი ძველსლავური ტექსტის თარგმანის თავისებურებები განხილულია ძველმოწესე დიაკვნის ვალერი ტიმოფეევის სტატიაში "მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო" (Рассуждение о древнем и новообрядческом текстах Символа веры" (журнал "Остров веры". №5 октябрь 2003, http://miass.ru/news/ostrov_very/index.php?id=12&text=145).  

გარდა ამისა, სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ არსებობს თანამედროვე "ედინოვერეცის" ვლადიმერ კარპეცის საინტერესო მოხსენება სახელწოდებით "დრო ძველ და ახალ ჩვეულებებში" ("Время в старом и новом обряде") (http://www.pravaya.ru/faith/15/10872). ამავე თემას შეეხო ვიქტორ ბუჟინსკი სტატიაში "დაბნელება" ("Помрачение") (https://staroobrad.ru/modules.php?name=News2&file=article&sid=340). ამავე თემაზე მსჯელობს ის თავის ახალ სტატიაშიც, რომელიც ეხება ამ სარწმუნოებრივად და დოგმატურად ძალზე მნიშვნელოვან საკითხს ("კიდევ ერთხელ სარწმუნოების სიმბოლოს შესახებ") (Еще раз о Символе веры https://staroobrad.ru/modules.php?name=News2&file=article&sid=478).

ჩვენ არ შევუდგებით ამ მოხსენებათა შინაარსის გადმოცემას, ეს პუბლიკაციები ხელმისაწვდომია და დაინტერესებულ მკითხველს თვითონაც შეუძლია მოიძიოს ის ინტერნეტში. შევეხებით მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მღვდელ კონსტანტინე კოსტრომინის მოხსენებას, უფრო სწორად, დავიმოწმებთ ამონაწერს მისი მოხსენებიდან, სადაც ლაპარაკია ჩვენთვის საინტერესო საკითხზე, კერძოდ: თუ როგორ უნდა იკითხებოდეს სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრი და რომელი ფორმულირებაა მართებული - ძველმოწესეობრივი თუ ახალმოწესეობრივი. აი, როგორ წყვეტს ამ საკითხს მღვდელი კონსტანტინე კოსტრომინი.

"სარწმუნოების სიმბოლოს შეცვლის ისტორიის დეტალური შესწავლისთვის მონაცემები რუსეთში არც ისე ბევრია. მესამე მსოფლიო კრების ცნობილი გადაწყვეტილება სინამდვილეში კრძალავს ახალი სარწმუნოების სიმბოლოს შემოტანას, და არა ცვლილებების შეტანას, როგორც ასეთს" (Международная научно-практическая конференция "Старообрядчество: история и современность". 5. Иерей Константин Костромин. Тема доклада: "Догматическое значение разночтений у старообрядцев и новообрядцев в тексте Символа Веры". https://staroobrad.ru/modules.php?name=News2&file=article&sid=314).  

განიხილავს რა მთელ რიგ სხვაობებს სარწმუნოების სიმბოლოს სლავური თარგმანების რეფორმამდელ და რეფორმის შემდგომ ტექსტებს შორის, მღვდელი კონსტანტინე კოსტრომინი მრწამსის მერვე წევრთან დაკავშირებით წერს, რომ ეს არის "ყველაზე რთული და ხშირად ნახსენები განსხვავება. ძველ ვარიანტშია "და სულიწმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი" (სლავ.: "И в Духа Святаго, Господа истинного и животворящего"). ტექსტოლოგიური ტრადიცია აქ რთულია. ბერძნულ ტექსტებშიც საკმაოდ განსხვავებული ვარიანტები გვხვდება, და სლავური ტექსტებიც XI ს-დან XVII ს-მდე გვაძლევენ ორ ვარიანტს: "უფალი ცხოველმყოფელი" ("Господа Животворящего") და "უფალი ჭეშმარიტი" ("Господа Истинного"). სიტყვებს "ჭეშმარიტი" და "ცხოველმყოფელი" ბერძნულ ტექსტში შეესაბამება ერთი სიტყვა - "კირიოს", რომელსაც, დვორეცკის ავტორიტეტული ლექსიკონის მიხედვით, თარგმნისას შეესაბამება ორი ვარიანტი "უფალი" და "კანონიერი, დაკანონებული, მოქმედი" ("Законный, Узаконенный, Действующий") (და თუ ლაპარაკია დაკანონებაზე, ეს არის კიდევაც "ჭეშმარიტი"). XI ს-ის ბერძნული ტექსტი დაწერილია ერთ სტრიქონად რაიმე ნიშნებით გაყოფის გარეშე, ასევე სიტყვების დაყოფის გარეშე. ჩვენ ტექსტში არა გვაქვს არანაირი მინიშნება არც არსებითზე, არც ზედსართავ სახელზე და სიტყვა შეიძლება წაკითხულ იქნას ასეც და ისეც. თანამედროვე ბერძნულ ტექსტში სიტყვები, რომლებიც ეხება სულიწმიდას, ჟღერს არტიკლით, და კვლავაც არ არის არანაირი განსხვავება არსებითსა და ზედსართავს შორის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელ ასოს დასვამენ მთავრულ ასოდ სიტყვაში "კირიონ".

XVI ს-ში სცადეს, გადაეჭრათ ეს საკითხი. "კირილეს წიგნში" (Кириллова книга) ორივე ვარიანტი ერთნაირად გვხვდება. მაქსიმე ბერძენის ერთ-ერთი მოწაფე, ზინობი მონაზონი წერდა, რომ შესაძლოა ორივე ვარიანტი, მაგრამ სასურველია თანდართული სიტყვით "უფალი". ეს საკითხი მას პრინციპულად არ მიაჩნდა. XVII ს-ისთვის რუსმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ რაკიღა არსებობს ასეთი განსხვავება, უმჯობესია ნახსენები იქნას სამივე სიტყვა "უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი". როდესაც ბერძნებმა
(იგულისხმებიან XVII ს-ის რეფორმებში მონაწილე ბერძენი იერარქები - არქიეპ. პ.) დაინახეს სამი სიტყვა ერთის ნაცვლად, თქვეს, რომ ზედმეტი ამოღებულ უნდა იქნას, და დაუფიქრებლად ამოიღეს პირველივე სიტყვა და ეს სიტყვა იყო "ჭეშმარიტი".

ძველმოწესეებზე ამან მტკივნეულად იმოქმედა. დეკანოზი ამბაკუმი წერდა, რომ სიტყვა "ჭეშმარიტი" სიტყვა "უფალზე" უფრო მნიშვნელოვანია, რადგან, დიონისე არეოპაგელის მიხედვით, უფალი არსებითად არის კიდევაც ჭეშმარიტება. ფსიქოლოგიურად ეს, შესაზლოა, დაკავშირებულია იმასთან, რომ ლოცვაში "მეუფეო ზეცათაო", კერძოდ მის ძველ ვარიანტში სულიწმიდის შესახებ ნათქვამია "სული ჭეშმარიტი" ("Душе истиныи"), როგორც არის მოცემული ეს სარწმუნოების სიმბოლოს ძველ ვარიანტში. იოანეს სახარებაშიც, ზედიზედ სამ ადგილას, უფალი ჰპირდება მოწაფეებს, რომ მოუვლენს ჭშმარიტების სულს (იოანე14:17, 15:26, 16:13). თუმცა აქ ბერძნულ ტექსტში არ არის სიტყვა "კირიოსი". ასეთ შემთხვევაში თითქოსდა დაუშვებელია ანალოგის გავლება სახარების თარგმანსა, ლოცვა "მეუფეო ზეცათაოს" და სარწმუნოების სიმბოლოს შორის. მაგრამ ბასილი დიდი სულიწმიდის უფლად აღიარებაში იყენებს სიტყვას "კირიოს", და აღიარებს მას უფალ ღმერთად.

მოკლედ, ძველმოწესეობრივი და ახალმოწესეობრივი ტექსტი პრინციპულად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტექსტოლოგიურად ბერძნულ ტექსტთან უფრო ახლოს არის ახალმოწესეობრივი, ხოლო უფრო სიღრმისეულად, დოგმატური თვალსაზრისით, სწორია ძველმოწესეობრივი. და ეს ახალ მიზეზს გვაძლევს, გავერთიანდეთ ამ ფორმულირებების გარშემო, რომლებიც მოგვცემდა სიღრმესაც და ჩვენი წმიდამამებისეული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სიზუსტესაც" (Международная научно-практическая конференция "Старообрядчество: история и современность". Иерей Константин Костромин. https://staroobrad.ru/modules.php?name=News2&file=article&sid=314).

ვფიქრობთ, აქ ნათლად არის გარკვეული საკითხი სარწმუნოების სიმბოლოს მე-8 წევრთან დაკავშირებით და წარმოჩინდება, ერთი მხრივ, ძველმორწმუნეთა სიმბოლოს სრული გამართულობა და სისწორე და, მეორე მხრივ, ნიკონიანელ რეფორმატორთა ცთომილება, რომლებიც საკითხს უდგებოდნენ ზედაპირულად, ბერძნული და სლავური ენების თავისებურებათა გათვალისწინების გარეშე.

<<<

26

>>>

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика