შინაარსი
თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________
დოგმატი და წეს-ჩვეულება
აუცილებელია თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ არსებობს უმჭიდროვესი კავშირი XVII საუკუნის რუსეთში მომხდარ საეკლესიო რეფორმას, მისით გამოწვეულ განხეთქილებასა და საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების მიზეზებს შორის. XVIII საუკუნეში რუსეთის ოფიციალური, სინოდალური ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და თავის საეგზარქოსოდ გადაკეთების შემდეგ ისედაც ცუდ დღეში მყოფი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად დაემსგავსა რუსულს. გაგრძელდა ჯერ კიდევ კათალიკოს ანტონ I-ის მიერ დაწყებული რეფორმაცია, რუსული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით ქართული საღვთისმსახურებო წიგნების გადაკეთება, ქართული ფრესკების გადაღებვა, ხელნაწერების განადგურება და ხატებისა და ძვირფასი საეკლესიო ნივთების ქვეყნის გარეთ, რუსეთში გაზიდვა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის ეკლესიის ფილიალად გადაიქცა. ასეთი იყო კიდევაც იგი ავტოკეფალიის აღდგენამდე და ასეთია დღესაც, რადგან ის დარღვევები, რაც ანტონ პირველის დროიდან მომდინარეობს ქართულ ეკლესიაში (თუმცა, დარღვევები არც მანამდე აკლდა ჩვენს ქვეყანას), დღემდე არავის გაუსწორებია. ამას დაემატა ნათლისღების ლათინური, დასხმა-პკურებითი წესის დამკვიდრება, რომელმაც სრულიად გააუქმა აქ ხელდასხმა და, შესაბამისად, ეკლესიაც.
ამდენად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებამ რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან (ანუ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ) უმძიმესი უარყოფითი შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხსა და ჩვენს მართლმადიდებლობას.
ამიტომაც, მთელი სისავსით რომ გავიაზროთ და შევიმეცნოთ ეს მდგომარეობა; ასევე, რამ განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლობის აღორძინების აუცილებლობა, საჭიროა ვაჩვენოთ, რას წარმოადგენდა ის "ეკლესია", რომელმაც ავტოკეფალიის გაუქმებით დაიპყრო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. იმის გასარკვევად, თუ ვისი მემკვიდრეა დღევანდელი რელიგიური ოფიციოზი, აუცილებელია, შევისწავლოთ იმ ორგანიზაციის წარმომავლობაში, რომელსაც ის მიუერთდა და რომელმაც მოტყუებითა და ძალდატანებით წაართვა მას ავტოკეფალიაც და მართლმადიდებლობაც.
რუსულ სინოდალურ წარმონაქმნთან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შეერთება, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის კათალიკოს ანტონ პირველს, განსაკუთრებით ცუდად აისახა საღვთისმსახურებო ტექსტებზე, ღვთისმსახურებასა და საეკლესიო საიდუმლოებებზე. ანტონ პირველის ანტიმართლმადიდებლური მოღვაწეობა დეტალურად გვაქვს აღწერილი ჩვენს ბროშურაში "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი - კათოლიკოსი ანტონ I" (რომელიც წინამდებარე ნაშრომში მთლიანად შევიტანეთ). მანამ კი შევეხოთ XVII ს-ის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და ვნახოთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული მისით, იყო თუ არა ის საჭირო და როგორია მისი შედეგები.
ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრალდების მიხედვით, ძველმორწმუნეობა - ეს არის საეკლესიო ცხოვრებაში გარეგნული სიძველეთმიმდევრობა; რომ სწორედ აქედან მომდინარეობს ოფიციალური საეკლესიო ხელისუფლებისა და ზოგადსაეკლესიო სწავლებისადმი ძველმორწმუნეთა დაუმორჩილებლობა. თავიანთი ამ ბრალდებიდან გამომდინარე ახალმოწესეთა რეფორმატორულმა ეკლესიამ ძველმართლმადიდებლებს "სტაროობრიადცებიც" (ძველმოწესეები) კი შეარქვა.
ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მხრიდან ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოთქმული მეორე ყველაზე გავრცელებული ბრალდების მიხედვით, თურმე ძველმორწმუნენი წეს-ჩვეულებებს ურევენ დოგმატებთან. სამწუხაროდ, ოპონენტები არ გვაძლევენ იმის განმარტებას, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს აღრევა, რომ შევძლოთ ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა.
აი, რას წერს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შესახებ ოფიციალური ეკლესიის ცნობილი "მღვდელმსახური" არჩილ მინდიაშვილი (ამ "მოძღვრის" ცრუპენტელობის წარმოსაჩენად, მისი მსჯელობა დავანაწევრეთ და შესაბამისი განმარტებებიც დავურთეთ):
1. "მე-17 საუკუნის სამოციან წლებში (ნიკონმა რეფორმები დიწყო 1654 წლიდან - არქიეპ. პ.). მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ნიკონმა სლავური ხატები და საეკლესიო საღვთისმსახურებო წიგნები ბერძნულ-ბიზანტიური ხატწერისა და წიგნების მიხედვით შეასწორა" (ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი". თბილისი 1994 წ. გვ. 68-69).
ჩვენი განმარტება: ეს სიცრუეა. "მღვდელი" ა. მინდიაშვილი ან სრულიად ჩაუხედავია ხსენებული საეკლესიო რეფორმის არსში, ან აშკარად იტყუება. არათუ დღეისთვის, როდესაც ცნობილმა რუსმა მეცნიერებმა არაერთი დამამტკიცებელი ფაქტი მოიტანეს იმისა, რომ ნიკონს არც ძველბიზანტიური და არც ძველსლავური ხელნაწერების მიხედვით საღვთისმსახურებო ტექსტები არ გაუსწორებია, არამედ თვით ნიკონის დროინდელი მორწმუნეებისთვისაც კი ცნობილი იყო, რომ ის ამ ტექსტებს იტალიაში ნაბეჭდი ევქოლოგიონების მიხედვით ასწორებდა. ეს ვითარება თავისთავად იწვევდა მორწმუნეთა პროტესტს, რადგან ხსენებული წიგნები შეიცავდა მართლმადიდებლობისთვის მანამდე გაუგონარ და უცხო სიახლეებს. რაც შეეხება ხატებს, მათ "გასასწორებელი" არაფერი სჭირდათ.
2. "იგი არ შეხებია მართლმადიდებლური მოძღვრების დოგმატურ მხარეს, არამედ - მხოლოდ საწესჩვეულებოს (რამდენად შეეფერება ა. მინდიაშვილის ეს მტკიცებულება სინამდვილეს, ქვემოთ ვიხილავთ - არქიეპ. პ.). სახელდობრ: პირჯვრის წერისა და კურთხევის ძველი წესი მხოლოდ და მხოლოდ მღვდლისა და მღვდელმთავრის პატივში დატოვა (ორი თითით გამოსახვა ჯვრისა)" (იქვე).
ჩვენი განმარტება: ეს არის ან აშკარა სიცრუე ან ა. მინდიაშვილის უმეცრების მორიგი გამოვლენა. ჩვენი წინამდებარე წიგნის მეორე ნაწილში, რომელიც მთლიანად პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის საკითხს ეხება, ვაჩვენეთ, რომ ნიკონს ორი თითით პირჯვრისწერის წესი პრეროგატივად არავისთვის არ დაუტოვებია. თითების ეს წყობა ნიკონმა და მისმა თანამზრახველებმა გამოაცხადეს "მწვალებლობად" და შეაჩვენეს ყველა, ვინც კი მისით პირჯვრის გამოსახვას ან კურთხევის გაცემას გაბედავდა (უფრო დეტალურად იხილეთ ქვემოთ).
3. "ხოლო ყველა დანარჩენს, დიაკონსა და მრევლს ბერძნულის მიხედვით (ეყრდნობოდა რა წმ. მღვდელმოწამე პეტრე დამასკელს) სამი თითით გამოსახვა ასწავლა" (იქვე).
ჩვენი განმარტება: კვლავ სიცრუე - წმ. მღვდელმოწამე პეტრე დამასკელს არსად უსწავლებია სამი თითით პირჯვრის გამოსახვა.
4. "ნიკონის დროს რვაქიმიანი ჯვრის გვერდით ხმარებაში შევიდა ექვს და ოთხქიმიანი ჯვარიც, წირვაზე 7 სეფისკვერის მაგივრად - 5 სეფისკვერი, ორის ნაცვლად - "ალლილუიას" სამჯერ წარმოთქმა (რაც უფრო სწორია, რადგან "სამების სამგვამოვნებას" გვაუწყებენ წმ. სერაბინნი და ერთი უფლებით გამოსახავენ წმ. სამების ერთარსებასა და მეუფებას" (VI კრების კანონები, თავი 33)" (იქვე).
ჩვენი განმარტება: ზოგიერთი ძველმართლმადიდებლის განმარტებით, ორჯერადი ალილუია, მესამე "დიდება შენდა ღმერთოს" დამატებით წარმოადგენდა არა სამების, არამედ განკაცებული მაცხოვრის სადიდებელს. სხვები კი ამბობდნენ, რომ ორჯერადი ალილუია მესამე "დიდება შენდა ღმერთო"-თი, რომელიც ასევე ალილუიად ითარგმნება (ალილუია ნიშნავს - "დიდება ღმერთს") წმიდა სამების სადიდებელია. ამიტომაც, თქმა იმისა, რომ სამჯერადი ალილუია "დიდება შენდა ღმერთოს" დამატებით უფრო სწორია, მეტად საეჭვოა.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ ორჯერადი ალილუია დამოწმებულია ქართული სასულიერო მწერლობის ისეთ უძველეს ძეგლში, როგორიც არის გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება". აქ ვკითხულობთ: "… არამედ დასაბამი მადლისაი ესე იხილვა ზაქარიას სიყრმისა ჟამთა: რამეთუ მწყემსი იყო კრავთაი კლარჯეთისა ქვეყანასა შინა. და ვითარცა მღდელმან შესაწირავი განჰმზადა წინაშე პატიოსანსა ჯვარსა და სხვანი ჩჩვილნი ყრმანი გარემოადგეს მას და დაუდუმებლად ხმითა ხმობდეს ანგელოზთა გალობასა: - "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა მისითა, ალელუია, ალელუია, დიდებაი ღმერთსა", - და კვირილეისონი ფრიად მრავალი თქვიან. ხოლო ზეცით მოწევნულ იყო სვეტი ფრიად ბრწყინვალე ნათლისა უმანკოსა მას ზედა მღდელსა ყრმასა და მგზავრ მომავალი ვინმე ეპისკოპოსი ანჩელი ხედვიდა სასწაულსა მას და მივიდა და ეზიარა ხელითა ღირსისა მის ყრმისაითა და თანაწარიყვანა ანჩს. ხოლო დეკანოზსა გამოუცხადა ზიარებაი თვისი და ეპისკოპოსისა მის ბრძანებითა ღირსთა კაცთა ტბას შინა აღზარდეს ნეტარი იგი ეპისკოპოსი ზაქარია. და ესევითარნი კეთილნი სათნოებანი დაიმკვიდრნეს ანჩისა ეპისკოპოსთა" (ქართული პროზა. წიგნი 1. "საბჭოთა საქართველო". თბილისი. 1981. გვ 303-304).
ამასთან სრულიად გაუგებარია რას იმოწმებს აქ "მღვდელი" ა. მინდიაშვილი. რომელი VI კრების კანონები? - ალბათ, VI მსოფლიო კრებისა. მაგრამ რას ნიშნავს თავი 33-ე? თუ VI მსოფლიო კრების საქმეებს, მაშინ აქ შეცდომაა, რადგან მეექვსე მსოფლიო კრების საქმეები არ შეიცავენ არავითარ 33-ე თავს. ის შედგება 18 საქმისგან და ასევე რამდენიმე ჩანართისგან, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ეპისტოლეს, სიგელებს, მიმართვებს და განწესებებს (იხ. Деяния Вселенсских Соборов. VI. Собор Константинопольский 3-й. Вселенский Шестый. Санкт-Петербург. 1996 г., стр. 5-298).
ხოლო, თუ ა. მინდიაშვილი გულისხმობდა VI მსოფლიო საეკლესიო კრების 33-ე კანონს, კვლავაც იაღლიში მოსვლია ან უბრალოდ, ეშმაკობს, რადგან ხსენებული კანონი საერთოდ არ ეხება არა თუ ალილუიას საკითხს, არამედ წმიდა სამების დოგმატისასაც. კანონი ეხება სასულიერო ხარისხში ხელდასასხმელ კანდიდატთა თემას. რა არის ნათქვამი ამ კანონში: "გავიგეთ, რომ სომხეთში ებრაული წესის მიყოლით მხოლოდ სამღვდელო პირთა შთამომავლებს დააწესებენ სასულიერო პირთა დასში და ზოგ მათგანს, ეკლესიის მსახურად არაღკვეცილს, დაადგენენ მგალობლად და საღვთო სჯულის მკითხველად. ვთვლით, რომ ამიერიდან ნუღარ იზრუნებენ იმაზე, სამღვდელო დასის მომავალი წევრი სამღვდელო პირთა შტამომავალია, თუ არა, არამედ გამოსცადონ წმინდა კანონებში მოცემული დადგენილებების მიხედვით და ეკლესიის მსახურად დააწესონ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი სამღვდელოთა შტამომავალნი. ამასთანავე მათ შორის ნურავის მიეცემა უფლება სამღვდელო დასში დაწესებულთა წესისამებრ საღმრთო სიტყვის ქადაგებისა ერისთვის, თუ სამღვდელო აღკვეცა და კანონებრივი კურთხევა არ მიეღოს თავისი მწყემსისგან. თუ ვინმე გაბედავს ამ კანონის საწინააღმდეგო ქმედებას, უზიარებელი იყოს" (VI მსოფლიო კრების 33-ე კანონი. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. თბილისი. 1987 წ. გვ. 324).
5. "დიდი მეტანიის გვერდით შემოღებულ იქნა მეტანია ლოცვის დროს წელში მოხრით" (იქვე).
ჩვენი განმარტება. კვლავ სიცრუე. პატრიარქმა ნიკონმა დიდი მეტანიის "პარალელურად" (ა. მინდიაშვილის თქმით, "გვერდით") მცირე მეტანიები (ლოცვის დროს წელში მოხრა) კი არ შემოიტანა (ის ისედაც არსებობდა), არამედ ეფრემ ასურელის სინანულის ლოცვაში ("უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო...") დიდი მეტანიები გააუქმა.
6. "დაწესდა ყოველკვირეული ქადაგებანი (?). ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი, როგორც წმ. დიმიტრი როსტოველი გვასწავლის, არ შეადგენს რწმენას (რწმენას განსაზღვრავს მოძღვრების დოგმატური მხარე), არამედ მეორეხარისხოვან საწესჩვეულებო, რიტუალურ მხარეს განეკუთვნება. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი კი ამბობს: ერთი სარწმუნოების შემთხვევაში არაფერს არ ვნებს წმ. ეკლესიას წეს-განგებულებათა მრავალფეროვნება" (იქვე).
ჩვენი განმარტება. გვაოგნებს ა. მინდიაშვილის უმეცრებაც და კადნიერებაც. სრულ სიმართლეს ბრძანებს წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, დიახ, ერთი სარწმუნოების შემთხვევაში არაფერს არ ვნებს წმ. ეკლესიას წეს-განგებულებათა მრავალფეროვნება. მაშ, რას ერჩოდა პატრიარქი ნიკონი "აღმოსავლეთის მსოფლიო პატრიარქებთან" ერთად რუსეთის ეკლესიაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს, თუკი ისინი არანაირად არ ეხებოდა სარწმუნოებას, არ ამახინჯებდა მის არსს და მეტიც, ამრავალფეროვნებდა ეკლესიას? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: პატრ. ნიკონი და მისი თანამზრახველი "მსოფლიო პატრიარქები" იყვნენ ისეთივე უმეცრები, როგორადაც ისინი წარმოიდგენენ "სტაროვერებს", რადგან რეფორმა წამოიწყეს არა "სტაროვერებმა", არამედ ამ ხსენებულმა პატრიარქებმა. გამოაცხადეს ეს წეს-ჩვეულებები ერესად (მწვალებლობად), დასწყევლეს ყველა, ვინც კი ამ მწვალებლურ წეს-ჩვეულებებს დაიცავდა და შემდეგ გამოუცხადეს სასტიკი დევნა, რაც უდიდეს სისხლისღვრასა და მართლმადიდებელ ქრისტეანთა საშინელ დევნულებაში გადაიზარდა. ასე რომ, ა. მინდიაშვილის მიერ წმ. გრიგოლ დეოლოგოსისი მოხმობა უაშკარესად ამხელს ნიკონ პატრიარქის უაზრო და სქიზმატურ რეფორმას და ყველა მის მხარდამჭერს (ა. მინდიაშვილითურთ), როგორც სქიზმის მომხრეებს. მოკლედ რომ ვთქვათ, "რასკოლნიკები" ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები კი არა, მათი მოწინააღმდეგე რეფორმატორები ყოფილან.
7. "პატრიარქმა ნიკონმა შესწორებები განახორციელა აღმოსავლეთის მსოფლიო პატრიარქთა თანხმობითა და კურთხევით" (ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი". თბილისი 1994 წ. გვ. 68-69).
ჩვენი განმარტება: ვინ იყვნენ ეს "პატრიარქები", დეტალურად იხილავთ ქვემოთ.
ყოველივე ამის შემდეგ, რაც უნდა საკვირველი იყოს, "მღვდელი" ა. მინდიაშვილი პატრიარქ ნიკონის უაზრო და უნიადაგო რეფორმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებელ მღვდლებს დეკანოზ ამბაკუმს, ნიკიტა დობრინინს, ლაზარეს, ივანე ნეროვონოვსა და სხვებს "განუსწავლელ და დაუმორჩილებელ სასულიერო პირებს" უწოდებს (იქვე. გვ. 69). და ვერ ამჩნევს, რომ, თუნდაც მის მიერ დამოწმებული წმ. გრიგოლ დეოლოღოსის მიხედვით, თვითონ არის განუსწავლელიც და დაუმორჩილებელიც.
ასეთივე განუსწავლელი და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებულია ყოფილი ძველმართლმადიდებელი, ამჯერად "სტაროვერობის" წინააღმდეგ "ხმალამოწვდილი" მებრძოლი და ახალბედა "პუბლიცისტი" ზვიად ნოდია.
გრამატიკულად და სტილისტურად გაუმართავი, ხოლო თეოლოგიურად, ფილოსოფიურად და მეცნიერულად უაზრო წერილების წერა თუ "პუბლიცისტობაა", მაშინ თამამად შეგვიძლია, ზ. ნოდიას ნაწერები "პუბლიცისტიკის" რანგს განვაკუთვნოთ. მაგრამ ეს იქნება მდაბიური, და არა მეცნიერული ან თეოლოგიური "პუბლიცისტიკა". ამჯერად ჩვენ ვერ შევუდგებით ვერც "პუბლიცისტიკის" არსის გარკვევას და ვერც ამ ავტორის წერილების გრამატიკულ და სტილისტურ გარჩევას, ეს ძალზე მოსაწყენი საქმეა, ისევე როგორც მოსაწყენი და დამღლელია მისი აბდაუბდა წერილების კითხვა (იხილეთ თუნდაც ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართული მისი "წერილები" წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". "ივერიონი". თბილისი. 2016 წ. გვ. 221-245).
"პუბლიცისტიკაზე" ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს ტერმინი ("პუბლიცისტიკა", "პუბლიცისტი") პირველად დამკვიდრდა XIX ს.-ის 50-60-იანი წლების რუსულ ენაში (სავარაუდოდ, ამავე საუკუნეში დამკვიდრდა ის საქართველოშიც). ფართო საზოგადოებრივ მიმოქცევაში ის გაუშვა რევოლუციურ-დემოკრატიულმა ინტელიგენციამ, რომელთაც მეთაურობდნენ დობროლიუბოვი და ჩერნიშევსკი. ცნობილია ტურგენევისა და XIX ს.-ის 40-იანი წლების რუსეთის ლიბერალური წრეების ირონიული დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი: ""პუბლიცისტიკა!", - წერდნენ ისინი, - ეს როგორი სიტყვა მოიფიქრეს!... ისეთივე დაღვლარჭნილი, როგორებიც თვითონ არიან! განა ეს ფილოსოფიაა ან პოლიტიკაა, განა ეს მეცნიერებაა?!" ((Русск. вестник, 1890, № 7, июль, с. 13-14; ср. Н. А. Некрасов в воспоминаниях и документах, Л., 1930, с. 331).
მაგრამ დროთა განმავლობაში ტერმინი "პუბლიცისტიკა" საზოგადოებრივ ცხოვრებაში მყარად დამკვიდრდა და დღეს უკვე "პუბლიცისტია" ყველა, ვისაც კი კალმის ხელში აღება და მასმედიაში თავისი ნააზრევის სისტემატური გამოქვეყნება არ ეზარება. ამ მხრივ, "პუბლიცისტები" შესაშურ კონკურენციას უწევენ "რელიგიათმცოდნეებსა" და "თეოლოგებს", რომლებიც სოკოებივით მრავლდებიან და ისეთივე ღირებულების მქონე "ნაშრომებს" წერენ, როგორიც ზ. ნოდიას "პუბლიცისტური" წერილებია.
სწორედ ამგვარი მიშვებულობისა და თუ განუკითხაობის შედეგია, რომ სადღეისოდ გვყვანან ისეთი "პუბლიცისტები", როგორიც ზ. ნოდიაა, არად რომ დაგიდევენ არათუ მშობლიური ენის ნორმატიულ წესებს, არამედ საკვლევი და "საპუბლიკაციო" თემების ობიექტურ, მეცნიერულ, ფილოსოფიურ და თეოლოგიურ გაშუქებასაც. არადა, ასეთი პრეტენზიებით გამოდის სწორედ ზ. ნოდია თავისი წიგნით "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ("ივერიონი". თბილისი. 2016 წ.).
ზ. ნოდიას ინტელექტუალური "ნაღვაწის" ჩვენეული შეფასება რომ სამართლიანია, ამაში ჩვენი წინამდებარე წიგნის მკითხველი ქვემოთ არაერთხელ დარწმუნდება. მაშ, მივყვეთ და ვნახოთ რას წერს ძველმართლმადიდებლობისა და ძველმართლმადიდებელთა შესახებ ე. ჭელიძისნაირი "პროფესორებისა" და ა. მინდიაშვილისნაირი "მღვდლებისა" თუ რაფაელ კარელინისნაირი "არქიმანდრიტების" მიერ დამოძღვრილი "პუბლიცისტი" ზ. ნოდია.
მისი აზრით, ძველმართლმადიდებლებს დამართნიათ "ორი თავბრუდამხვევი უვიცობა", რომელთაგან პირველი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: "პირველი იყო ის უვიცობა, რომ საწესჩვეულებო ტრადიცია აყვანილი ჰყავდათ დოგმატის რანგში, ანუ მთავარი და მეორეხარისხოვანი გაიგივებული ჰქონდათ" (ზ. ნოდია. "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე". "ივერიონი". თბილისი 2016. გვ. 193-194).
მეტიც, ზ. ნოდიას თქმით, ძველმართლმადიდებელთ არა მარტო ერთმანეთში ერეოდათ "მთავარი და მეორეხარისხოვანი", არამედ თურმე "ძველი წეს-ჩვეულებები აყვანილი ჰყავდათ არიანულ-ნესტორიანულ-დუხობორულ ერესთა რანგში" (იქვე. გვ. 194).
ჩვენთვისაც და, ცხადია, ზ. ნოდიას ხსენებული თხზულების მკითხველისთვისაც, სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებს ავტორი ან რას ნიშნავს, რომ ძველმორწმუნეთ "ძველი წეს-ჩვეულებები აყვანილი ჰყავდათ არიანულ-ნესტორიანულ-დუხობორულ ერესთა რანგში"? ცხადია, ავტორი არ გვთავაზობს არათუ ამ სრულიად უცნაური მტკიცებულების წყაროს, არამედ არც მის თეოლოგიურ დასაბუთებას, რის გამოც ხსენებული მტკიცებულება იძენს არასერიოზულ ხასიათს. ძალზე გვეეჭვება, ვინმემ გაიგოს თუ რას გულისხმობდა ავტორი ხსენებულ ბრალდებაში.
მოდი, ჯერ გავარკვიოთ - რა არის ერესი, ანუ მწვალებლობა?
როგორც კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ბორისპოლის არქიეპისკოპოსი ანტონი (პაკანიჩი) აღნიშნავს "ერესი - ეს უბრალო შეცდომა ან გაუგებრობა კი არ არის, რომელშიც შეიძლება ადამიანი უცოდინრობის ან არასწორი დასკვნის გამო ჩავარდეს. ერესი - ეს არის წმიდა გადმოცემის შეგნებული და ჯიუტი დამახინჯება, მართლმადიდებლური სარწმუნოების ფუნდამენტური ჭეშმარიტებების რღვევა, მათი ისეთი დამახინჯება, რომელიც აბრკოლებს ადამიანის სულის ცხოვნებას" (Что такое ересь? https://www.pravmir.ru/chto-takoe-eres).
ძველბერძნულ ენაში სიტყვა "ერესი" (ძვ. ბერძნ. αἵρεσις) ნიშნავდა "არჩევანს", "დინებას" ან "მიმდინარეობას". იუდეო-ელინისტურ კულტურაში "ერესის" ცნებით აღინიშნებოდა რელიგიური ან ფილოსოფიური მიმართულება, მიმდინარეობა ან სკოლა. ასე, მაგალითად, მოციქულთა საქმეებში ფარისეველთა და სადუკეველთა რელიგიურ-პოლიტიკური საქმიანობა ერესად იწოდება (საქმე 5:17; 15:5; 26:5).
ახალაღთქმისეულ სამოციქულო ეპისტოლეებში "ერესის" ცნებას უკვე სხვა აზრობრივი დატვირთვა აქვს. მას უპირისპირებენ სწორ სწავლა-მოძღვრებას, ერესი ხდება საღმრთო გამოცხადების ჭეშმარიტების უარყოფა. ეს უკვე აზროვნების უბრალო დინება და მიმდინარეობა კი არ არის, არამედ სწრაფვა, შეგნებულად დაამახინჯო მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება, მაშასადამე, ხელი შეუშალო ადამიანის სულის ცხოვნებას და მოაკლო იგი მარადიულ ნეტარებას. ადრექრისტეანული ეკლესია მკაცრად ადევნებდა თვალს საკუთარი სწავლა-მოძღვრების სიწმიდეს, ყოველივეში გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ქრისტეანობის დამახინჯებას. სწორედ ამიტომაც დაუმკვიდრდა მას ტერმინი "მართლმადიდებლობა" (ბერძნ. Όρθοδοξία - მართლმადიდებლობა, მართლრწმენა, სწორი ცოდნა, სწორი მსჯელობა).
მწვალებლურ, ანუ ერეტიკულ სწავლებათა არსი ბრწყინვალედ გამოხატა წმ. ბასილი დიდმა. სხვა წმიდა მამათა მსგავსად, ისიც მიიჩნევდა, რომ მწვალებლები უნდა განვაკუთვნოთ მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან სრულიად გაუცხოებულთ, რომლებიც ამახინჯებენ თავიდანვე სარწმუნოების სიმბოლოში გადმოცემულ ერთ ან რამდენიმე დოგმატს, ეკლესიის მიერ კურთხეულ და ხანგრძლივად დაცულ წმიდა გადმოცემასა და დაწესებას. როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს, "მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. ერესი... ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში" (დიდი სჯულისკანონი. წმ. ბასილი დიდის 85 კანონი. კანონი 1 (წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ) (დიდი სჯულისკანონი. თბილისი 1987 წ. გვ. 399).
სჯულის ცნობილი კომენტატორის იოანე ზონარას განმარტებითაც (იხ. წმ. ბასილი დიდის ხს. კანონის განმარტება), "მწვალებელია ყველა, ვინც ფიქრობს მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან განსხვავებულად, და არა აქვს მნიშვნელობა, დიდი ხნის წინათ იყვნენ ისინი განკვეთილი თუ ახლახან; ძველთაგან გადმოცემულ მწვალებლობებს მისდევენ ისინი თუ ახალს" (წყარო).
მოვუსმინოთ თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთათვის" ავტორიტეტულ კანონისტ ნიკოდიმოს მილაშსაც (1845-1915), რომლის თქმითაც, "მწვალებლობა (ერესი), როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგო სწავლება, არ არის სავალდებულო, აუცილებლად ეხებოდეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ყველა დოგმატს, მოცემული პირი მწვალებლად რომ ჩაითვალოს, საკმარისია ის ცდებოდეს თუნდაც ერთ დოგმატში, და უკვე ამის ძალით გამოცხადდება ის მწვალებლად" (წყარო) (ციტ. Ересь. https://azbyka.ru/eres).
ზ. ნოდიას მიერ ჩამოთვლილი ერესები (მწვალებლობები) განეკუთვნება ტრიადოლოგიურ (არიანელობა და დუხობორობა) და ქრისტოლოგიურ (ნესტორიანელობა) მწვალებლობებს. როცა "დუხობორებს" ახსენებს, ზ. ნოდია არ აკონკრეტებს, რომელ დუხობორებს ადარებს ის ძველმორწმუნე ქრისტეანთ - მაკედონიანელებს (IV ს.) თუ "დუხობორთა" (духоборы) რუსულ ეთნოკონფესიურ დაჯგუფებას (XIX-XX სს.), რომელთაც მაკედონიანელთა მსგავსად პნევმატომაქები (ბერძნ. πνευματομάχοἱ), ანუ სულის მოწინააღმდეგეები (რუსულად "დუხობორები") ეწოდებოდათ. თუმცა, რასაც გინდა გულისხმობდეს ზ. ნოდია, ძველმართლმადიდებლობას არაფერი აკავშირებს არც ერთ ამ ჩამოთვლილ მწვალებლობასთან და როგორც ქვემოთ, თავის ადგილზე ვნახავთ, მათი დაკავშირება არიანელებთან, ნესტორიანელებთან და კიდევ სხვა მწვალებლებთან ნიკონიანელი რეფორმატორების ბინძური პოლიტიკა გახლდათ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკას დღეს საქართველოშიც მიმართავენ, მაშინ როდესაც თვით რუსეთში ამგვარი სიყალბეებისთვის უკვე ბოდიშს იხდიან.
ამრიგად, ზ. ნოდია არ განმარტავს, რის საფუძველზე აცხადებს ის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ან არიანელებად, ან ნესტორიანელებად, ან კიდევ "დუხობორებად". არ განგვიმარტავს, თუ რას ნიშნავს ძველი წეს-ჩვეულებების აყვანა "არიანულ-ნესტორიანულ-დუხობორულ ერესთა რანგში", რის გამოც თავს უფლებას ვაძლევთ ვთქვათ, რომ ჩვენი "პუბლიცისტი" საკმაოდ არასერიოზულად უდგება მის მიერ საკამათოდ არჩეულ თემატიკას. მას არ გააჩნია საეკლესიო-ლიტურგიკული და დოგმატურ-ისტორიული საკითხების კვლევის არანაირი გამოცდილება, არ იცნობს შესაბამის ლიტერატურას, არ იცის თანამედროვე ისტორიოგრაფიის დამოკიდებულება ხსენებულ საკითხებთან. მეტიც, მან არ იცის თვით საკუთარი ეკლესიის (ამ შემთხვევაში რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიისა და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის) დამოკიდებულება ძველმართლმადიდებლებთან და XVII ს.-ის რუსეთის საეკლესიო რეფორმასთან. ზ. ნოდია არის პროფანი, რომელსაც საკუთარი თავი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე აჰყავს და მოზეიმე იერით თითს გვიქნევს, აქაოდა, როგორ ბედავთ და საკუთარ თავს "ეკლესიას" და "მართლმადიდებლებს" როგორ უწოდებთო.
თავისი უცოდინრობის დემონსტრირებას რომ განაგრძობს, ზ. ნოდია რიხით აცხადებს: "აბსოლუტურად სწორი იყო პატრიარქი პაისი (იგულისხმება პაისი კონსტანტინოპოლელი, რომელსაც პატრ. ნიკონმა რეფორმის დაწყების წინ წერილობითი კითხვით მიმართა (ამის შესახებ იხ. ქვემოთ - არქიეპ. პ.), როცა - მთავარში ერთობას და მეორეხარისხოვანში თავისუფლებას უჭერდა მხარს, მითუფრო, რომ - პირჯვრისწერის საწერი თითთა სხვადასხვა წყობა საუკუნეთა მანძილზე მონაცვლეობდა ადგილობრივ ეკლესიებში (იხ. ე. ჭელიძის "ეკლესია - სძალი უფლისა"-ში სამი თითით პირჯვრისწერის კანონიკურობის დამმოწმებელი უძველესი წყაროები და ხატები), და ისეთივე არაუმთავრესია და არაარსებითია განხეთქილებისთვის, როგორც ძველი წეს-ჩვეულებების გამოისობით შფოთი ეკლესიაში" (ზ. ნოდია. იქვე. გვ. 195) (ავტორთა ციტირებისას, ბუნებრივია, ზედმიწევნით ზუსტად არის დაცული მათი სტილი და ორთოგრაფია - არქიეპ. პ.).
კიდევ ბევრი ციტატის ამოწერა შეიძლება ზ. ნოდიას ხსენებული ანტიძველმართლმადიდებლური ოპუსიდან, მაგრამ ამოწერილიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ავტორს აშკარად არასწორად ესმის წეს-ჩვეულებებისა და დოგმატების ურთიერთმიმართების საკითხი. ამიტომაც, შევეცდებით, რაც შეიძლება მოკლედ და ამომწურავად გავცეთ პასუხი მოცემულ თემას.
პირჯვრისსაწერი თითების წყობის "ცვალებადობის" თეორიას ქვემოთ დეტალურად შევეხებით, ამიტომ აქ ამ საგანზე აღარ შევჩერდებით, მაგრამ მკითხველს აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ზ. ნოდიას არაობიექტურობა. საქმე ის გახლავთ, რომ ე. ჭელიძეს წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" "სამი თითით პირჯვრისწერის კანონიკურობის დამმოწმებელი უძველესი წყაროები და ხატები" არსად დაუმოწმებია. მის ხსენებულ წიგნში არ მოიპოვება სამი თითით პირჯვრისწერის დამადასტურებელი არც ერთი წყარო და არც ერთი ხატი. არ მიუთითებს მას არც ზ. ნოდია. მას ხომ წყაროების დასახელება საერთოდ არ ახასიათებს; თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც არ არსებობს, იმას როგორ მიუთითებს?!
ამრიგად, განვიხილოთ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ საყოველთაოდ გავრცელებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც თურმე ძველმორწმუნე ქრისტეანთ "დოგმატები და წეს-ჩვეულებები ერთმანეთში ერევათ". ცხადია, როდესაც ამ ბრალდებას გამოთქვამენ, ოფიციალური "მართლმადიდებლობის" ადეპტები გულისხმობენ XVII საუკუნის რეფორმას და იმ ძველ საეკლესიო გადმოცემებს, რომელთა დაცვის გამო უწოდეს კიდევაც ძველი ღვთისმოსაობის დამცველთ "სტაროობრიადცები" (ძველმოწესეები).
მაშ, ვნახოთ, რა კავშირია ამ საეკლესიო წესებსა და დოგმატებს შორის. ამ საკითხს წმ. ბასილი დიდის სიტყვებით ვუპასუხებთ: "თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით შეუმჩნევლად თვით სახარებას ვავნებთ ძირითად საკითხებში" (სლავურად: "... аще предприимем отвергати неписанные обычаи, аки не великую имющие силу: то неприметно повредим Евангелию в главных предметах". Правила свв. Отец с толкованиями (полн. Перевод.) Изд. Общесьва духовного просвещения. Правила св. Василия Великого. Стр. 427). იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვს, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონი 87 და 91) (იქვე).
მაშასადამე, როგორც ვხედავთ, დაუწერელი წესების დაკავშირება სახარების ძირითად საკითხებთან, ე. ი. დოგმატებთან ძველმორწმუნეთა ახირება კი არ ყოფილა, არამედ წმ. მამათა სწავლება. ამაში დასარწმუნებლად და იმის გასარკვევად, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაუწერელ გადმოცემებს, ანუ საეკლესიო წესებს, თვალი გადავავლოთ წმიდა მამათა და კრებათა გამონათქვამებსაც.
ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრება (340 წ.): 21-ე კანონში, წინააღმდეგობას უწევს რა ეკლესიაში სიახლეთა შემომღებთ, ასკვნის: "ვლოცულობთ, რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყველაფერი, რაც მოცემულია საღვთო წერილში და განწესებულია მოციქულთა გადმოცემის მიერ" (დიდი სჯულისკანონი. საქ. ეკლ. Kალენდარი. 1987 წ. გვ. 191).
ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში ამ კანონს ასე განმარტავს: "ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდა ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ მწვალებლებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან" (Священноисповедник Никодим (Милаш). Правила Поместных Соборов с толкованиями. Правила Гангрского Собора Правило 1. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-pomestnyh-soborov-s-tolkovanijami).
მეშვიდე მსოფლიო კრება: "ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემათა, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ. საქმენი).
ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.): "... თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცთომილების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება", V. გვ. 33-34).
კონსტანტინოპოლის პატრიარქი მეთოდე აღმსარებელი (XI ს.) განდგომილებს უწოდებს იმათაც, "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს" ("ახალი სჯულის ფიცარი" 17, 4, 5. ციტ. იქვე).
ბერძნული სჯულისკანონი ("პიდალიონი"): "სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" (მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონის განმარტება. გვ. 388. ციტ. იქვე).
VII მსოფლიო საეკლესიო კრება თავის დადგენილებებში ბრძანებს: "ჩვენ, ყველაფერში კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ძველ სჯულმდებლობას მივყვებით და წმ. მამათა განწესებებს ვიცავთ... ქრისტეანთა ბრალმდებლების მიერ ქმნილ სიახლეებს კი შევაჩვენებთ... ვინაც დაწერილი თუ დაუწერელი საეკლესიო გადმოცემათა დარღვევას მიჰყოს ხელი, - ანათემა"; და კიდევ: "ვინც დაწერილი თუ დაუწერელი საეკლესსიო გადმოცემები უარყოს, - შეჩვენებულ იყოს" (VII მსოფლიო კრების საქმეები. ყაზანი. 1891 წ. გვ. 292 რეპრინტული გამოცემა. რუსულად).
მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7: "წმიდა ადათ-წესის პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად" (ციტ. იქვე).
მეშვიდე მსოფლიო კრება: "ყოველივეს, რაც საეკლესიო გადმოცემათა და წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა სწავლების საწინააღმდეგოდ ახალქმნილია, ან მოსალოდნელია შეიქმნას, ანათემა" (წყარო) (მე-7 მსოფლ. კრების საქმეები).
VII მსოფლიო კრების საქმენი: "ამრიგად, განვსაზღვრავთ, ვინც განიზრახავს და ასწავლის სხვაგვარად ან უგვან მწვალებელთა მსგავსად მოიძულოს საეკლესიო გადმოცემები და ხელი მიჰყოს რაიმე სიახლეების გამომგონებლობას ან უარყოს რაიმე იმისგან, რაც ეკლესიის მიერ ნაკურთხია, იქნება ეს სახარება ან ჯვრის გამოსახულება, ან ხატწერა, ან წმიდა მოწამეთა ნაწილები, და ასევე ვინც გაბედავს ეშმაკობითა და მზაკვრებით კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის რომელიმე სჯულიერი გადმოცემის უარყოფას, და ბოლოს (ვინც ბედავს), წმიდა ჭურჭლისა და პატივსაცემი სავანეების ყოველდღიურ, ჩვეულებრივ გამოყენებას, თუ ის ეპისკოპოსი ან კლერიკოსი იქნება, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან, ხოლო თუ ბერი ან ერისკაცი, განიკვეთონ ზიარებიდან" (Деяния Вселенских Соборов. Том 7. Собор Никейский 2-й, Вселенский Седьмой. Казань. 1891 г., стр. 285).
VII მსოფლიო კრების საქმენი: "ვინც აკნინებს რომელიმე დაწერილ თუ დაუწერელ საეკლესიო გადმოცემას - ანათემა!" (იქვე. გვ. 294).
ამგვარი მაგალითების დამოწმება უხვად შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რა ადგილი უჭირავს ეკლესიაში წმიდა გადმოცემებს, იგივე წმ. საეკლესიო წეს-ჩვეულებებს და როგორი მიმართებაა ამ მხრივ სარწმუნოებრივ დოგმატებთან.
წმიდა საეკლესიო კანონებში ხშირად პირდაპირ არის აღნიშნული წეს-ჩვეულების კავშირი დოგმატთან, ანუ ის მომენტი, თუ როგორ არის ასახული წეს-ჩვეულებაში ესა თუ ის სარწმუნოებრივ-დოგმატური სწავლება. ასე მაგალითად, როცა წმ. ბასილი დიდი აღნიშნავს ეკლესიაში დაუწერელი ჩვეულებების მნიშვნელობას, განმარტავს მათში ჩადებულ შინაარსსაც და წერს: "ყველანი ვუცქერით აღმოსავლეთს ლოცვის დროს, მაგრამ ცოტამ ვიცით, რომ ჩვენ პირველ მამულს, სამოთხეს ვეძიებთ, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემში, აღმოსავლეთით" (შეად. დაბად. 2:8).
"ეკლესია, - გვასწავლის იგივე წმიდა მამა, - კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცულობს და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილი...
სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირა დღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ არ ვიცით. ლოცვების დროს სწორად დგომით არა მხოლოდ როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მაძიებელნი აღდგომის დღეს ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ ჩვენს თავს, არამედ ამით (ანუ ფეხზე დგომით - არქიეპ. პ.) ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად" (წმ. ბასილი დიდის ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ. "დიდი სჯულისკანონი". თბილისი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 429-431).
წმ. ბასილი დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, "დღე გამითავდება მე უწერელი საიდუმლოებების ეკლესიისთვის მითხრობაში, ამიტომ თავს დავანებებ დანარჩენს" (იქვე. გვ. 431) და დავსვამ კითხვას: შეიცვლება თუ არა ზემოთ დამოწმებულ მაგალითებში, ჩვეულებებში გადმოცემული საეკლესიო-დოგმატური სწავლება (სამოთხის შექმნა აღმოსავლეთით, ადამიანის ცოდვით დაცემა და აღდგომა, აღდგომის მადლი და სხვა), თუკი ეს ჩვეულებები გაუქმდება და მათ სანაცვლოდ სხვა, ახალი ჩვეულება დამკვიდრდება? მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მყარი და განუხრელი მართლმადიდებლური ტრადიციით, ყველა მართლმადიდებლური ტაძარი (გამონაკლისის გარეშე!) საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ შენდება; არა დასავლეთით, ან სამხრეთით, ან ჩრდილოეთით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთით. თუ რატომ, ეს წმიდა მამის განმარტებაში უკვე ვნახეთ. მაშ, რა მოხდება ტაძრების მშენებლობა პირუკუ, ანუ (საკურთხევლით) დასავლეთისკენ რომ დაიწყონ. რა თქმა უნდა, დაირღვევა ის აზრი, რაც პირით აღმოსავლეთისკენ დგომასა და ლოცვაში გამოიხატება.
ამიტომაც, ნებისმიერი გონიერი და მართლმადიდებელი მორწმუნე უეჭველად დაგვეთანხმება, რომ ამ წეს-ჩვეულებათა გაუქმებით და მათ სანაცვლოდ ახალი, მათი საპირისპირო წესების დამკვიდრებით უქმდება ძველ ჩვეულებებში ჩადებული სწავლა-მოძღვრებითი, დოგმატური შინაარსი. ამიტომაც ამგვარად მოქმედნი ეკლესიამ ერეტიკოსებად შერაცხა და მოიკვეთა (შეად. VI მსოფლ. კრების 19-ე და 32-ე კანონები; VII მსოფლიო კრების 7-ე კანონი; ღანგრის ადგილობრივი კრების 21-ე კანონი. იხ. აგრეთვე Св. Феодор Студит. Творения. Письмо 48. К Афанасию сыну. СПБ 1908 г., т. II стр. 301-303. Макарьевская минея. Рукопись в моск. Синод. Библ. № 183. Месяц Август. Слово св. Козмы презвитера на еретики богомилы, л. 66, столб 1).
საეკლესიო წეს-განგებათა და ჩვეულებათა უარმყოფელ მწვალებლებს განეკუთვნებიან ადამიტები, ბოგომილები, ვიგილიანტები, სტრიგოლნიკები და მრავალი სხვა. წმ. იოანე დამასკელი (VII-VIII სს.) თავის წიგნში "მწვალებლობათა შესახებ" ახსენებს აგონიკლიტოსებსაც, რომელთა შესახებ წერს: "ეს მწვალებლები სხვათაგან იმით განსხვავდებიან, რომ ლოცვა-ვედრების აღსრულების ჟამს საერთოდ არ სურთ მუხლის მოყრა და მთელი დროის განმავლობაში ფეხზე მდგომარენი ლოცულობენ, და ამას იქმან არა მარტო განმხოლოებული ლოცვისას, არამედ ეკლესიაში საერთო ლოცვის აღსრულების დროსაც (მწვალებლობა 91) (Преподобный Иоанн Дамаскин. О ста ересях вкратце. https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Damaskin/o_100_eresyax).
საზოგადოდ კი, ყველა მწვალებლობა სხვადასხვა ზომით ყოველთვის უარყოფს ამა თუ იმ გადმოცემას, საეკლესიო წეს-განგებასა თუ ჩვეულებას. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ჩავიხედავთ მწვალებელთა მიღების საეკლესიო წეს-განგებაში, სადაც ამა თუ იმ მწვალებლობიდან (მაგ.: კათოლიციზმიდან, გრიგორიანელობიდან, მონოფიზიტობიდან და ა. შ.) მოქცეულებს აწყევლინებენ იმ უღვთო ქმედებას ან შეხედულებას, რომელთა მიხედვითაც უარყვეს მათ ესა თუ ის საეკლესიო წესი და ჩვეულება.
საგულისხმოა, რომ სომეხ-იაკობიტთა (იგივე ე. წ. "გრიგორიანელთა") მიღების წეს-განგებაში არის ასეთი ფორმულა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა - შეჩუენება" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". იხ. აგრეთვე. მ. რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". "მაცნე" (ენისა და ლიტერატურის სერია). 1975 წ. № 1. გვ. 29); ან კიდევ: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა, სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისასა - შეჩუენებულ იყავნ" (იქვე. გვ. 30).
აქედანაც ცხადია, რომ საეკლესიო წესებში (მაგ. თითებით ჯვრის გამოსახვა) და საეკლესიო საიდუმლოებებში მოცემულია დოგმატური სწავლება, რის გამოც ამ წესების შეცვლა მათში ჩადებულ დოგმატურ შინაარსსაც ცვლის, რაც იმსახურებს წყევლასა და შეჩვენებას.
ამიტომაც ბრძანებს მეშვიდე მსოფლიო კრება: "ვინც უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას" (Деяния Вселенских Соборов. Том 7. Собор Никейский 2-й, Вселенский Седьмой. Казань. 1891 г.).
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ღირ. ბიკენტი ლირინელის (V ს.) თქმით: "... თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცთომილების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება", V. გვ. 33-34). ნიკონიანელმა რეფორმატორებმა კი დაამკვიდრეს არა მხოლოდ მანამდე უცნობი და ახალი ჩვეულებები, არამედ მწვალებლობად გამოაცხადეს ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემები და სასტიკად დაუპირისპირდნენ თვით წმინდანებსაც კი.
ცნობილია, რომ 1551 წელს მოსკოვში სახელგანთქმული "დიდი საკითხავი თვენის" შემდეგენლის, თვით ნიკონიანური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მოსკოვის მიტროპოლიტ მაკარის (1482-1563) თავმჯდომარეობით გაიმართა საეკლესიო კრება, რომელიც "ასმუხლიანი" (Стоглавый) კრების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ამ კრებამ, რომელსაც მაკარის გარდა ესწრებოდნენ სიცოცხლეშივე საკვირველთმოქმედი მამები გური და ბარსონუფი, აკაკი ტვერელი და სხვები, ორი თითით პირჯვრისწერის გამო გაიმეორა და დაამტკიცა ადრე, 1029 წელს კონსტანტინოპოლში სომეხ-მონოფიზიტთა საწინააღმდეგოდ მიღებული ფორმულა: "Аще ли кто не крестится двумя персты, да будет проклят" (Стоглав, гл. 31. იხ. აგრეთვე: Проф. Н. Ф. Каптерев. Патр. Никон и его противники… "Православное обозрение", 1887, февраль. Москва. 1887 г., стр. 352-354).
ამ განწესების გამო ნიკონიანელმა ახალმოწესე რეფორმატორებმა "უმეცრებად" შერაცხეს "ასმუხლიანი" კრების სასწაულმოქმედი და წმიდა მამები, ხოლო თვით ეს კრება "არარსებულად" (яко не бывшим) გამოაცხადეს. მეტიც, ნიკონიანელმა პატრიარქმა იოაკიმემ წმინდანთა დასიდანაც კი "ამორიცხა" ძველი წმინდანი ანა კაშინსკაია, რომელიც განხეთქილებამდე სამი საუკუნით ადრე გარდაიცვალა. ოფიციალურმა რუსულმა ეკლესიამ აკრძალა მისდამი მსახურება და მისი სახელის დიდება, ხოლო მისი წმიდა და უხრწნელი სხეული გადამალა მხოლოდ იმიტომ, რომ თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. საეკლესიო მსახურებიდან ამოაგდეს ასევე მსახურება წმ. ეფროსინე ფსკოველისადმი, რამეთუ მის "ცხოვრებაში" დადასტურებულია ორჯერადი ალელუიას მართებულობა.
საეკლესიო დიდებისგან ძველი წმინდანები "ამოუგდიათ" სხვა ნიკონიანელ მღვდელმთავრებსაც. მაგ.: ხოლმოგორელმა ეპისკოპოსმა ათანასემ 1683 წელს წმინდანთა დასიდან "ამორიცხა" იმ დროისთვის უკვე კანონიზებული წმინდანი და სასწაულმოქმედი ღირ. ექვთიმე, მიქაელ მთავარანგელოზის მონასტრის ყოფილი იღუმენი (იღუმენობის წლები: 1585-1599). ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასაც, როგორც წმ. ანა კაშინსკაიას, პირჯვრის საწერად ორი თითი ჰქონდა შეკრული. სამწუხაროდ, ამ წმინდანის წმ. ნაწილთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია (Журн. Церковь. 1913, № 29, стр. 694-695).
სხვა ხოლმოგორელმა მღვდელმთავარმა ბარნაბამ 1716 წელს წმინდანობა "ჩამოართვა" ღირ. გიორგის, შენკურელ საკვირველთმოქმედს (XV ს.) (იქვე. №№ 32-33). ასე მოექცნენ წმ. ნიფონტის, ნოვგოროდელ არქიეპისკოპოსს და ვილნოელ მოწამეებს წმ. ანტონის, იოანეს და ევსტათის (Академик Е. Голубинский. История канонизации святых, стр. 117. Ф. Е. Мельников. История ... Барнаул. 1999 г., стр 106), რომლებიც რეფორმატორებმა გადამალეს. აღარაფერს ვამბობთ 400-მდე სოლოვეცკელი ბერის უხრწნელ გვამებზე და სხვა უამრავ, ათასობით სასულიერო და საერო პირთა სასტიკ წამებასა და სიკვდილით დასჯაზე, რომლებიც, ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის აღიარებით, სრულიად უდანაშაულოდ დაუსჯიათ.
დაბოლოს, გვიკვირს, როგორ ხერხდება ის, რომ ნიკონიანელი რეფორმატორები და მათი მიმდევრები ძველმორწმუნეებს უწოდებენ "სიძველეთმიმდევართ გარეგნულად" და "ობრიადოვერებად" რაცხენ მაშინ, როდესაც ნიკონის რეფორმა სწორედ ძველი გადმოცემების ("ობრიადების") გასაუქმებლად და მათ სანაცვლოდ ახალი "ობრიადების" დასამკვიდრებლად განხორციელდა (თანაც იმ ზომით, რომ, ვინც არ შეიწყნარებდა ამ ახალ "ობრიადებს" განურჩევლად ხოცავდნენ - და არა მარტო დიდებს, არამედ ბავშვებსაც კი!). განა ეს ფაქტი იმაზე არ მიანიშნებს, რომ პატრიარქ ნიკონის დროინდელი რეფორმატორები თავადვე ანიჭებდნენ "ობრიადებს" განსაკუთრებულ და დოგმატურ მნიშვნელობას?! და საზოგადოდ, თუ "ობრიადებისადმი" ერთგულება ცოდვაა, "ობრიადოვერობაა", მაშინ რატომ არის ეს ცოდვა მხოლოდ ძველმორწმუნეთათვის, ხოლო ახალმოწესე რეფორმატორთათვის კი არა?
ზემოთ ვნახეთ, რომ ახალმოწესე რეფორმატორები და მათი თანამედროვე აპოლოგეტები სრულიად უსამართლოდ ადანაშაულებენ ძველმართლმადიდებელთ როდესაც წერენ, თითოსდა ისინი წეს-ჩვეულებებს დოგმატებში ურევენ, რომ წეს-ჩვეულებები აჰყავთ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების რანგში. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, - უპირველეს ყოვლისა, წეს-ჩვეულებებისადმი ასეთ დამოკიდებულებაში (თუ ეს შეცდომა და დანაშაულია) უნდა ვამხილოთ პატრიარქი ნიკონი და მისი მომხრე ყველა რეფორმატორი, თანამოაზრე აღმოსავლელი იერარქებითურთ, რამეთუ 17-ე საუკუნის რუსეთში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში სწორედ მათგან გაისმა ხმამაღალი განცხადება, თითქოსდა "რუსული" წეს-ჩვეულებები მწვალებლურია. ხოლო წეს-ჩვეულებათა მწვალებლობად გამოცხადება ყოვლად შეუძლებელია, თუ თვით ამ წეს-ჩვეულებებში არ დავინახავთ დოგმატურ დარღვევას ან არ დავაკავშირებთ მათ მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასთან.
არ შეიძლება საქმის ისე წარმოდგენა, თითქოსდა ნიკონ პატრიარქი უბრალოდ, არაფრის გულისთვის ცვლიდა ძველ წეს-ჩვეულებებს, ხოლო "უმეცარმა" და "გაუნათლებელმა" ძველმორწმუნეებმა, რომლებიც ამ ჩვეულებებს თურმე სწავლა-მოძღვრებაში "ურევენ", - და როგორც ზ. ნოდია გვესიტყვება, "უმთავრესს (დოგმატს) მეორეხარისხოვანისგან (წეს-ჩვეულებისგან) ვერ არჩევენ", - მას სრულიად უსარმართლო პროტესტი გამოუცხადეს.
უნდა ვიცოდეთ, რომ საეკლესიო გადმოცემებს (წეს-ჩვეულებებს) მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასთან, ანუ მის დოგმატებთან აკავშირებდა პატრიარქ ნიკონის რეფორმატორული მხარეც, თვით პატრიარქ ნიკონისა და მისი მხარდამჭერი აღმოსავლელი "პატრიარქებისა" და სხვა იერარქთა თანადგომით. აი, რას წერს ამის შესახებ ახალმოწესე მკვლევარი და ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კაპტერევი: "ყველა იმდროინდელ რუს იერარქთან ერთად საეკელესიო წესს უყურებდა ისე, როგორც სარწმუნოებრივ მოძღვრებას; ფიქრობდა, რომ წესი ისევე მნიშვნელოვანია, წმიდაა, მაცხოვნებელია, როგორც თვით სარწმუნოება; რომ წესებში სხვაობა მიუთითებს სარწმუნოებრივ სხვაობას, რამეთუ წესი ისევე, როგორც სარწმუნოება, ყოველთვის და ყველგან ერთი და იგივე უნდა იყოს" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Т. 1. Москва 1996., стр 177-178).
"ნიკონი იმდროინდელი რუსების უმრავლესობის მსგავსად, წესს ათანაბრებდა სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრებასთან, თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა საკუთარი სამწყემსთავრო მოშურნეობა უპირველესად მიემართა მისი აზრით, არასწორი რუსული წესის გასწორებისკენ, რათა ამ (ვითომცდა) არასწორი წესების გამო რუსეთში არ შერყვნილიყო თვით სარწმუნოება" (იქვე. გვ. 201-203).
ერთგან პროფ. კაპტერევი ნიკონს ადარებს თვით მის მოწინააღმდეგეებსაც კი (ე. ი. ძველმორწმუნეებს) და აშკარად აცხადებს, რომ მათ მსგავსად, "ის წეს-ჩვეულებებს უყურებდა როგორც დოგმატს და წეს-ჩვეულების შეცვლაში ხედავდა თვით სარწმუნოების შეცვლას" (იქვე. ტ. 2. გვ. 357).
მაგრამ წეს-ჩვეულებაზე ამგვარი შეხედულება მარტო ნიკონს ან მის მოწინააღმდეგეებს არ ჰქონიათ. ზუსტად ასეთივე შეხედულება ჰქონდათ მათზე იმ აღმოსავლელ იერარქებსაც, რომლებმაც 17-ე საუკუნის რეფორმაში მიიღეს მონაწილეობა, რაც დადასტურდა:
1) მათ მიერ ნიკონისა და მეფის წაქეზებაში რეფორმის ჩასატარებლად;
2) იმ ანათემატიზმებით, რომლებიც ამ წეს-ჩვეულებათა მიმდევრებზე გამოითქვა და
3) თვით ამ წეს-ჩვეულებათა (მაგ.: ორი თითით პირჯვრისწერის) მწვალებლობად გამოცხადებითა და დაგმობით (იხ. Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Т. I, II. Москва 1996).
პატრიარქ ნიკონის რეფორმისა და ძველი ბიზანტიური გადმოცემების მწვალებლობად შერაცხვის შემდგომ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივი სწავლების რანგში განიხილავდა ნიკონიანური (ანუ რეფორმატორულ-ახალმოწესეობრივი) ეკლესია. ამ მხრივ საყურადღებოა ამ ეკლესიის პატრიარქ იოაკიმეს მიერ მიღებული ფიცი, რომელშიც ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებები, როგორც ვითომდა ერეტიკული სწავლების შემცველი, დაგმობილია, მათი მიმდევრობა კი გადაცემულია წყევლა-კრულვას. სხვათა შორის ამ "ფიცში" ასეთი სიტყვებიც არის: "მრწამს და შევიწყნარებ, ვასწავლი და ვმოძღვრავ, რომ დღეს არსებული ყველა საწესჩვეულებო დოგმატი და საეკლესიო წეს-ჩვეულებები ("догматы же чины и обряды церковныя"), დაწერილი თუ დაუწერელი, დიდი თუ მცირე ("писанныя великия, и не писанныя, мелкия дробности"), უძველესია, და რაც აღმოსავლურ და დიდი რუსეთის ეკლესიას უპყრია, უეჭველად მართლმადიდებლურია...".
"მთელი ჩემი სულითა და გულით პირობას ვდებ... და ყოვლადძლიერ ჩემს ღმერთსა და მის წმ. სახარებას ვფიცავ ("… и кленуся пред всемогущим моим Богом, и святым Его евангелием"), რომ პირჯვარს გადავიწერ ყოველთვის ამგვარად (ე. ი. სამი თითით - არქიეპ. პ.) და სხვებსაც ვასწავლი პირველი სამი თითით პირჯვრისწერის გამოსახვას, და არა ორი თითით, სქიზმატურად" (იქვე).
ანალოგიური ფიცი-მტკიცია გამოთქმული ხუთი სეფისკვერით ლიტურგიის ჩატარების, სამჯერადი ალელუიას (მეოთხე "დიდება შენდა ღმერთო"-ს დამატებით) გალობისა, ორი იოტათი მაცხოვრის სახელის (Иисус) წარმოთქმასთან დაკავშირებითაც და სხვა, რომელიც მეტად საინტერესო ფრაზით მთავრდება: "... ასევე ყოველივე დაწერილ თუ დაუწერელ, უმცირეს თუ უდიდეს გადმოცემას, აღმოსავლეთის წმიდა ბერძნული და დიდი რუსეთის ეკლესიის მოძღვართა სწავლებას, საკუთარი ფიცით შევიწყნარებ და პირობას ვდებ დავიცვა" ("...такоже и вся иже писанныя, и неписанная мелкости, и великая предания греческия, святыя Восточныя церкви, и великороссийских наших пастырей учение, со именною клятвою моею держати приемлю и обещаюся") (იქვე).
ამის შემდეგ იოაკიმე პატრიარქის "ფიცში" მოდის იმათი წყევლა, ვინც მისდევს ძველბიზანტიურ (როგორც ამას მოგვიანებით 1929, 1971 და 1988 წლებში გაარკვევს ოფიციალური, რუსული ეკლესია) სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემას: "... ვწყევლი მათ, ვინც პირჯვარს არ იწერს სამი თითით... არამედ ორით... დე, იყვნენ წყეულნი და ანათემა მათ" (იქვე).
ანალოგიური წყევლა-კრულვებია გამოთქმული შვიდი სეფისკვერით ლიტურგიის აღმსრულებელთა, სეფისკვერზე რვაკიდურიანი მართლმადიდებლური ჯვრის აღმბეჭდველთა, ერთი იოტათი მაცხოვრის სახელის (Исус) წარმომთქმელთა, ორჯერადი ალილუიას მგალობელთა და სხვა ძველ წეს-ჩვეულებათა მიმდევართა მიმართ.
დასასრულ, ნიკონიანელი ახალმოწესე მოძღვარი, თუკი ის ამ ანათემატიზმებისა და წყევლა-კრულვების შემდეგ გადაიფიქრებს და საკუთარი აღსარებისა და პირობის გამტეხი აღმოჩნდება, შავი მაგიის თვალსაჩინო ტრადიციების თანხმიერად, თავს ასე იწყევლის: "... და ამგვარად, თუნდაც უმცირესში აღმოვჩნდე დამარღვეველი ამ აღთქმისა, და აღმოჩნდეს, რომ ყალბად წარმომითქვამს ეს წყევლა, დე, ამ ცხოვრებაშიც მოიწიოს ჩემზე წმიდა მამათა მიერ საყოველთაოდ წარმოთქმულმა ყველა კრულვამ; დე, მეწიოს კაენის ძრწოლა, გიეზიის კეთრი, თეოფილეს ჭმუნვა და იუდას განსკდომა; დე, აღმონთხეულ იქნას სული ჩემი ბოროტად და ყოვლადწყეულ და მზაკვარ დემონთა შესაპყრობელი იქმნას; ხოლო აქ, ამქვეყნად დე, დავექვემდებარო სამოქალაქო სასამართლოსა და სასჯელს, რისი ღირს ვიქნები შეუწყალებლად, ხოლო იმქვეყნად დე, ვიყო წყეულ და ანათემა და წყეულ უმეტესად. ქვა, ხე და რკინა დაირღვევა და გაიხრწნება, ხოლო მე მარადის შეკრულ ვიქმნე ქრისტეს ჯვარმცმელ იუდასთან და იუდეველებთან, ღვთიმსმგმობ არიოზთან და სხვა დაუსრულებლად წყეულ მწვალებლებთან ერთად. შთაგდებულ ვიქმნე ცეცხლის გეჰენაში თვით სატანასთან ბობღანივით, მარად დავიტანჯო სულით, განუხრწნელად" (ПРИСЯГА Хотящим взыти на степень священства утвержденное присяге изложенное, святейшаго Иоакима патриарха Московскаго и всея России. Печатным тиснением в Московской типографии издася, от по плоти Рожества Христова, в лето 1679-е) (ჩვენს ხელთ არსებულ ამდოკუმენტს სქოლიოში აქვს შენიშვნა: "Присяга эта была издана в 1679 г. По повелению патриарха Московского Иоакима. Свидетельства об этом смотри: 1) В. М. Удольскаго "Хронологический указатель" славяно-русских книг церковной печати с 1491 г. По 1861 г., стр. 103, 942. Изд. Москва 1873 г. 2) у А. Прозорского. Сильвестр Медведев, его жизнь и деятельность. Изд. 1856 г. Здесь говорится: "Экземпляры первого, Иоакимовского издания присяги чрезвичайно редки, но все же встречаются. Печатаем присягу с подлинного экземпляра") (http://starajavera.narod.ru/prisjaga.html).
ასევე აფასებდა ძველ გადმოცემებს ნიკონიანური ეკლესიის სხვა "წმინდანი" ე. წ. "ღირსი" პაისი ველიჩკოვსკიც (1722-1794). შეკითხვაზე: "შეიძლება თუ არა გაიხსნას კრებითად განჩინებული წყევლა ან ანათემა?" პასუხობს: "წყევლა ან ანათემა მათზედ, ვინც ეწინააღმდეგებიან საყოველთაო ეკლესიას, ე. ი. ორი თითით პირჯვრის გადამწერებზე ან სხვა რამეში ეკლესიას ამხედრებულებზე და დაუმორჩილებლებზე, რომლებიც კრებითად არის გამოთქმული აღმოსავლელი პატრიარქების მიერ, ქრისტეს მადლით, მყარი, შეურყეველი და გაუხსნელია სამყაროს აღსასრულამდე, და თქვენ კიდევ მეკითხებით: დადებულ ანათემას გახსნის თუ არა აღმოსავლეთის რომელიმე კრება?
გიპასუხებთ: შეიძლება თუ არა იყოს მსგავსი კრება, თუ არა რომელიმე ღმრთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო კრებისა, რომელიც განიზრახავდა ჭეშმარიტების უარყოფას და სიცრუის დამტკიცებას? ქრისტეს ეკლესიაში ასეთი უკეთური კრება საუკუნოდ არ იქნება (როგორც უკვე ვიცით, ამ "წინასწარმეტყველებაში" ეს "წმინდანი" შეცდა. მსგავსი დადგენილება მიიღო მისი ეკლესიის 1971 წლის ადგილობრივმა კრებამ - არქიეპ. პ.)... ამიტომაც, ზემოთ გამოთქმული ანათემის შეცვლა, რომელიც სწორად და წმიდა კრების თანხმიერად ეკლესიის მტრების წინააღმდეგ გამოითქვა, არ შეუძლია არც მღვდელმთავრებს, არც აღმოსავლეთის პატრიარქებს და ვინც ამას იზამს, ღმრთისა და ეკლესიის მოწინააღმდეგედ ჩაითვლება... არა თუ რომელიმე მღვდელმთავარს აღმოსავლელი პატრიარქის გარეშე, არამედ თვით აღმოსავლელ პატრიარქებსაც კი არ ძალუძთ, გახსნან ეს კრულვა, როგორც უკვე საკმარისად ავხსენით, რამეთუ ასეთი ანათემა სამარადისოდ გაუხსნელი დარჩება" (Протоиерей Сергей Четвериков. Молдавский старец Паисий Величковский, его жизнь, учение и влияние на православное монашество. Вечное. Париж. 1976 г., цит. По "Таинство исповеди". О грехах явных и тайных. Греция, изд. "Православный пчельник", стр. 317, 318). როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია! მით უმეტეს, რუსეთის 1971 წლის ადგილობრივი "მართლმადიდებელი" ეკლესიის დადგენილებების ფონზე, რომელმაც "სამარადისოდ გაუხსნელი" კრულვები და ანათემები ერთი ხელის მოსმით გააუქმა.
ნუთუ ყოველივე ამის წამკითხველს კიდევ ეჭვი შეეპარება იმაში, რომ ამ სიტყვების დამწერნი, მიმღებნი და წარმომთქმნელნი საეკლესიო წეს-ჩვეულებებს უყურებდნენ არა როგორც უმნიშვნელოს და "მეორეხარისხოვანს", არამედ ათანაბრებდნენ მათ დოგმატებთან და ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებასთან?
თვითდაწყევლილობის და თვითწყარწყმედის ეს უბადლო ნიმუში გასაოცარ პარალელს ავლენს ქრისტეს ჯვარმცმელ იუდეველთა თვითწყევლასთან, როდესაც მათთან კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად და საცხოვნებლად მოსული, სრულიად უდანაშაულო და მართალი ქრისტე უარყოფილ იქნა და "ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგუარა", შემდეგ კი იხუვლა - "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!". საკუთარი გადაწყვეტილების სამართლიანობის უეჭველობაში დარწმუნებულებმა ასე გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს: "სისხლი მაგისი ჩვენს ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27:25).
მაშ, რაღა უნდა ქნან ამჟამად ამ უბადრუკმა ადამიანებმა, სამარადისოდ თვითდაწყევლილებმა და საუკუნოდ სატანასთან ერთად გაუხსნელმა ნიკონიანელმა ერეტიკოსებმა, რომლებმაც თვითონვე აღმოაჩინეს, გაარკვიეს და 1971 წელს (ასევე 1988 წ.) კრებითად დაამტკიცეს კიდეც, რომ ნიკონის რეფორმას არავითარი თეოლოგიური, ისტორიული ან კანონიკური საფუძველი არ ჰქონია და რომ ნიკონიანელი რეფორმატორები ნამდვილად ძველბიზანტიური, არაერეტიკული, მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემის მაწყევარნი ყოფილან?!
ვინ უნდა გახსნას ისინი ამ კრულვისგან, თუ არა ისევ მათგან დევნილმა ძმებმა, ღმერთთნ და კაცობრიობასთან სინდის-ნამუსიანმა, მართალმა და პატიოსანმა ძველმართლმადიდებლებმა?
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ახალმოწესეთა რეფორმატორულმა ეკლესიამ აღიარა თავისი პატრიარქის შეცდომა და მოხსნა ყველა ანათემა. მათ მივუგებთ: როგორც იუდას ვერ უშველა სინანულმა, რადგან ქრისტეს წინაშე კი არა, მის ჯვარმცმელ იუდეველთა წინაშე შეინანა; ან კიდევ, როგორც ებრაელებს ვერ უშველის ქრისტეს მხოლოდ მესიად აღიარება (არიან ასეთი ებრაელებიც ისრაელში), თუ მის წმიდა და მისტიკურ სხეულს ნათლისღება-მირონცხებით და მისივე უპატიოსნესი და უწმიდესი ხორცისა და სისხლის ზიარებით არ შემოუერთდებიან, ასევე ვერ უშველის ნიკონიანელ რეფორმატორებს მხოლოდ იმის აღიარება, რომ ძველმართლმადიდებელნი, "სტაროვერები" სრულიად მართლები ყოფილან და, რომ ძველი წესები სრულიად ძველბიზანტიურნი, მართლმადიდებლურნი და მაცხოვნებელია. არამედ უნდა შემოუერთდნენ წმ. სამოციქულო, საყოველთაო და ძველმართლმადიდებლურ დედა-ეკლესიას; გულისხმაყონ ახალმოწესე არქიეპისკოპოსის ანდრიას (უხტომსკის) (1873-1937) ქრისტეანული მოწოდება: "ძმანო!... ნიკონამდელი წმიდა ეკლესიის განწესებათა და პრაქტიკის მიხედვით აღდგინეთ ძველმართლმადიდებლური ცხოვრება! შეინანეთ!" (М. Л. Зеленогорский. "Жизнь и деятельность архиепископа Андрея (князя Ухтомского). М. 1991. С. 200., цит. История Русской Православной Церкви. Новый патриарший период, т 1, Санкт-Петербург. 1997 г., стр. 708).
პატრიარქ იოაკიმეს (1621-1690) ფიცი არ გახლავთ ერთადერთი იმგვარი ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც წეს-ჩვეულება ქრისტეანული სარწმუნოების (დოგმატის) რანგში აიყვანება. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ მათთან ყველაზე გამოჩენილ ნიკონიანელ "წმინდანებსაც". ვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
"ღირსი" პაისი ველიჩკოვსკის ერთი გამონათქვამი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, ვიხილოთ სხვაც არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნიდან "Таинство исповеди": «ერთი მართლმადიდებელი (იგულისხმე ახალმოწესე-ნიკონიანელი - არქიეპ. პ.) ბერი არწმუნებდა მათ ("რასკოლნიკებს" - არქ. ლაზ.) დაეტოვებინათ თავიანთი უთანხმოება საეკლესიო ჩვეულებათა გამო და შესულიყვნენ ერთობაში მასთან (ე. ი. ახალმოწესეთა ოფიციალურ ეკლესიასთან არქიეპ. პ.). ისინიც დაეთანხმნენ ყოველივეს მიღებას, ყოველი გადმოცემის (ახალმოწესეობრივის - არქიეპ. პ.) შეწყნარებას, ოღონდაც მოითხოვეს, რომ ისინი ძველებურად ორი თითით დაიწერდნენ პირჯვარს. როდესაც ეს გაიგო ანტიოქიის წმიდა პატრიარქმა სილიბისტრომ, წმიდა და სულიწმიდით აღვსილმა კაცმა და ასევე, მოლდაველმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, ეროვნებით ბერძენმა, უბრძენესმა კაცმა, გადაჭრით აუკრძალეს ამ სქიზმატებს მართლმადიდებლურ (ე. ი. ახალმოწესეობრივ-რეფორმატორულ - არქიეპ. პ.) მონასტერში დარჩენა და ასეთი სიტყვებითაც კი მიმართეს მათ: "თქვენ თუ მთელი სულით გსურთ საყოველთაო ეკლესიასთან შემოერთება, მაშინ უეჭველად მთელი გულწრფელობით გმართებთ, გამონაკლისის გარეშე მიიღოთ ყოველი მოციქულთამიერი გადმოცემა და საეკლესიო ჩვეულება, მაშინ ეკლესიაც მიგიღებდათ თავის წიაღში, როგორც საყვარელ შვილებს და დიდად გაიხარებდა, მაგრამ, რადგანაც თქვენ არ ეთანხმებით წმ. მოციქულთა და ეკლესიის ყველა გადმოცემას, არამედ მტკიცედ და შეურყევლად დგახართ თქვენს გამონაგონზე (?) ორი თითით პირჯვრის წერაზე და არ გინდათ, ამ საქმეში დამორჩილდეთ ღვთის ეკლესიას და ითხოვთ, რათა შეგიწყნაროთ მან თქვენს ორთითიან წყობასთან ერთად, შეუძლია თუ არა ეკლესიას თქვენი ამ თხოვნის შესრულება? განა შესაძლებელია ერთსა და იმავე ეკლესიაში იყოს ერთმანეთის გამომრიცხველი და ერთმანეთთან შეუთანხმებელი ორი ჩვეულება? რომ ერთი და იგივე ქრისტეანები სხვადასხვა წესით იწერდნენ პირჯვარს?" და ა. შ.
ამიტომაც ამცნეს: "მაშ, იცოდეთ მყარად, რომ ღვთის ეკლესია თქვენს წინადადებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათანხმდება, რადგან ეს შეუძლებელია, ამიტომაც, აწ ნუღარა გვთხოვთ ამას, არამედ წადით და იმ სავანეში ნუ დარჩებით, რომელშიც ამჟამად ცხოვრობთ, რამეთუ თქვენ, როგორც ეკლესიის დაუმორჩილებელთ, არ ძალგიძთ, ერთობა გქონდეთ მართლმადიდებლურად მცხოვრებ მონაზვნებთან".
"მაშ, თავად განსაჯეთ ქრისტესმოყვარენო, - ვკითხულობთ არქ. ლაზარეს იმავე წიგნში, - თუ "რასკოლნიკი ბერები", რომლებიც მზად იყვნენ მიეღოთ მოციქულთა ყველა საეკლესიო გადმოცემა, მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერის არმიტოვების გამო არ მიიღო ეკლესიამ (ახალმოწესეობრივ-რეფორმატორულმა - არქიეპ. პ.), რაგვარად შესძლებს მიიღოს ისინი, რომლებსაც საყოველთაო ეკლესიის გადმოცემებში საერთოდ ეჭვი ეპარებათ?» და ა. შ. (Протоиерей Сергей Четвериков. Молдовский старец Паисий Величковский, его жизнь, учение и влияние на православное монашество // Вечное. Париж. 1976 г. ციტ.: Тайнство исповеди. О грехах явных и тайных недугах души. Сост архимандрит Лазарь, настоятель монастыря Бетания (Вифания) в Грузии. Изд. "Православный пчельник". Фессалоники. Греция, стр. 311).
ეს წყარო მრავალმხრივ იპყრობს ჩვენს ყურადღებას. კერძოდ:
პირველი: ანტიოქიის პატრიარქი სილიბისტრო და მოლდოველი მიტროპოლიტი გედეონი (ყურადღება მიაქციეთ, ორივე იერარქი ეროვნებით ბერძენია) საეკლესიო წეს-ჩვეულებებს (მ. შ. სამი თითით პირჯვრისწერასაც) მოციქულთაგან მიღებულ გადმოცემად მიიჩნევენ (ამით უარიყოფა პირჯვრისსაწერი თითების წყობის ცვალებადობის გვიან გაჩენილი და ყალბი თეორია).
მეორე: არანაირად, არავითარ შემთხვევაში დასაშვებად არ მიიჩნევენ ერთსა და იმავე ეკლესიაში სხვადასხვა საეკლესიო წესების არსებობას.
ეს საყურადღებო უნდა იყოს მათთვის, ვინც ჩვენ, ქართველ ძველმართლმადიდებელთ, ქედმაღლური გაკვირვებით გვსაყვედურობენ, რომ ვერ გაუგიათ, თუკი მათთვის შესაძლებელია როგორც ახალ-ნიკონიანური, ასევე ძველმართლმადიდებლური პირჯვრისწერის და სხვა წესების შეწყნარება, რატომ არის შეუძლებელი ჩვენთვის, ძველმორწმუნეთათვის ამგვარი "ედინოვერცული" პოზიციის გაზიარება?! გვირჩევენ შეხედულებათა "ვიწრო" ჩარჩოებიდან გამოსვლას და ამ საკითხებისადმი წმ. მამათამებრ ფართო და იკონომიურ მიდგომას, რითაც საკუთარი "ფართო" განათლების უპირატესობასა და ჩვენს "ვიწრო" და "კარჩაკეტილ" აზროვნებაზე მიგვანიშნებენ. ჩვენს ოპონენტებს შორის არსებული ამგვარი კატეგორიის მოპაექრეებს ვურჩევთ, სანამ ჩვენი აზროვნების "სივიწროვესა" და "კარჩაკეტილობაზე" იმსჯელებენ, ხმა აღიმაღლონ საკუთარი ეკლესიის მიერ "წმინდანებად", "ავტორიტეტებად" და "უწმიდეს ბრძენკაცებად" შერაცხილ პიროვნებათა ზემოთ დამოწმებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ და გამოაცხადონ ისინი ცთომილებად; ასევე ვიწრო და არაწმიდამამებისეული აზროვნების მქონეებად, რომლებმაც ამ (მათი თქმით) "მეორეხარისხოვანი" წესების გამო ჯერ უამრავი ადამიანი დახოცეს და გადასცეს წყევლა-კრულვას, ხოლო, როდესაც ზოგიერთმა სულსწრაფმა ძველმოწესემ მათი ერეტიკული ეკლესიებისკენ პირი ქნა, ამ საეკლესიო წესების, კერძოდ კი (მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერის გამო) მონასტრიდანაც კი გააგდეს და უთხრეს, რომ მათი ახალმოწესეობრივი ეკლესია "ასეთ წინადადებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათანხმდება".
საინტერესოა, გარკვეული წესების ერთგული მიმდევრობა რატომ არის "ფანატიზმი", "წესთმორწმუნეობა" (обрядоверие) და ა. შ. მხოლოდ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, ხოლო ამავე "ობრიადების" (ოღონდ ძველთაგან განსხვავებულის) მიმდევრობის ნამდვილად ფანატიკური პოზიცია - მართლმადიდებლობა და ეკლესიის ერთგულება?
საეკლესიო წესების განუხრელი მიმდევრობა თუ ცოდვაა (რაც ნიკონიანელ რეფორმატორებამდე არ სმენია ქრისტეს ეკლესიას), რატომ არის ის "ცოდვა" მხოლოდ ძველმართლმადიდებელთათვის, მით უმეტეს, თუკი დღეს დამტკიცებულია, რომ ეს წესები ძველბიზანტიურნი და სრულიად მართლმადიდებლურნი ყოფილან?! Xოლო, თუ ოპონენტებს შეგნებული აქვთ, რომ აქ ორივე მხარემ სცოდა, რაში შეეტყო ეს ახალმოწესეთა ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიას? აღიარა თუ არა მან, რომ ამ მის მიერვე "მეორეხარისხოვნად" გამოცხადებული ძველი საეკლესიო წესების ამოძირკვისა და ასევე "მეორეხარისხოვანი" ახალი წესების დამკვიდრების გამო მოაწყო სქიზმა? ან იქნებ ძველი წესებია "მეორეხარისხოვანი", ხოლო ახალი წესები "პირველხარისხოვანია"?! ეს ხომ აბსურდია და ვინ იქნება ის, ვისაც ამგვარი სისულელის დამტკიცება მოუნდება?!
მაგრამ მოდი, ისევ დაწყებულ თემას მივუბრუნდეთ და ვიხილოთ ამ "მეორეხარისხოვან" საეკლესიო წესებთან ახალმოწესე-რეფორმატორთა სხვა "წმინდანების" დამოკიდებულებაც.
* * *
როგორც ვნახეთ, "ობრიადებისადმი" გარეგნულ მიმდევრობაში ძველმორწმუნეთა დადანაშაულება საფუძველშივე არყევს თვით ნიკონიანურ ეკლესიას, რამეთუ ის, თუმცა არა ძველ, მაგრამ ეკლესიისთვის უცნობ, ახალ "ობრიადებს" ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თანაც იმ ზომით, რომ ამ "ობრიადების" უარმყოფელ ადამიანთა ფიზიკურ განადგურებასაც კი არ ერიდება.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ ძველმორწმუნენი "წეს-ჩვეულებებს ურევენ დოგმატებთან", იგი ორ წინააღმდეგობას შეიცავს.
პირველი: ეს არის წმინდანთა განკითხვა და გაკიცხვა, რამეთუ წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთკავშირის შესახებ თვით ეკლესიის წმ. მამათაგან გვისწავლია (იხ. ზემოთ; ასევე წმ. მამათა სწავლება გადმოცემების შესახებ); ასევე წმ. ბასილი დიდის ეპისტოლე ამფილოქე იკონიელისადმი. სულიწმიდის შესახებ. 27-ე თავი. "დიდი სჯულისკანონი");
და მეორე: წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთკავშირს არ უარყოფს თვით ახალმოწესეთა "მართლმადიდებელი" ეკლესია. ამის ცხადი დასტურია სწორედ მათ მიერ XVII ს. რუსეთში განხორციელებული რეფორმა. რეფორმის ის ნაწილი, რომელიც წეს-ჩვეულებებს შეეხო, განხორციელდა იმ მოტივით, რომ ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია, მზის მიმართულებით თანმდევი მოძრაობა ლიტანიობაზე და სხვა თითქოსდა დოგმატური თვალსაზრისით მწვალებლური შინაარსისანი იყო და შეცვალეს ისინი სწორი, "მართლმადიდებლური" ფორმით. ამის უამრავი მოწმობა არსებობს, აი ერთ-ერთი მათგანი:
მოსკოვში ჩამოსულმა აღმოსავლელმა იერარქებმა ანტიოქიის პატრიარქ მაკარის და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება: «სარწმუნოების დასაბამიდანვე წმიდა მოციქულთაგან, წმიდა მამათაგან და შვიდი წმიდა კრებისგან მიგვიღია გადმოცემა, პირჯვარი გამოვისახოთ მარჯვენა ხელის სამი თითით. მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან თუ ვინმე ჯვარს ასე, აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემის თანახმად არ გადაიწერს, სომეხთა მიმბაძველია და მწვალებელი (ორი თითით პირჯვრისწერას იმდროინდელი რეფორმატორები მიიჩნევდნენ სომხურ მწვალებლობად - არქიეპ. პ.). ამიტომაც, შევაჩვენებთ ამდაგვარს, და ძალმოსილნი ვართ განვკვეთოთ ის მამის, ძის და სულიწმიდისგან". ასეთი განჩინება ჯერ საზეიმოდ იქნა წარმოთქმული მოსკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, უამრავი ხალხის წინაშე, ხოლო შემდეგ წერილობით ჩამოყალიბდა და დაიბეჭდა ნიკონის წიგნში "Срижаль" ("ფილაქანი"), რომელიც კრებითად დაამტკიცეს. მას ხელი მოაწერა სერბეთის პატრიარქმა გედეონმაც"» (Ф. Е. Мельников. История… барнаул. 1999 г., стр. 36).
აი კიდევ რამდენიმე ნიმუში - 1667 წლის მოსკოვის კრების საქმეებში ვკითხულობთ: "... სახელითა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა კრებითად გამცნებთ ყველას: ყველა ბერ-მონაზონს, დეკანოზსა და მამასახლისს; ყველა მღვდელს, ადგილობრივსა და არაადგილობრივს, კლერიკოსებსა და მართლმადიდებელ ქრისტეანთა ყოველ დასს, დიდსა თუ მცირეს, ქალსა თუ კაცს, - გიბრძანებთ ყოველივეში აღმოსავლეთის წმიდა და ქრისტეს სამოციქულო ეკლესიას დაემორჩილოთ... (შესაბამისი სლავური ტექსტი იხ. ქვემოთ).
ასევე (დაემორჩილოთ) წიგნებს, რომლებიც ღვთისმოსავი მეფის... ალექსი მიხეილის ძის ბრძანებითა და მსოფლიო პატრიარქთა კურთხევით ნიკონ პატრიარქის დროს იქნა გასწორებული, გადათარმგნილი და დაბეჭდილი...
სარწმუნოების სიმბოლო მიიღეთ და წარმოთქვით სიტყვა "ჭეშმარიტის" დამატების გარეშე ("... და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი" - ასე ამბობდნენ რუსეთში მისი გაქრისტეანების დღიდან ვიდრე პატრიარქ ნიკონამდე - არქიეპ. პ.).
პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახე მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით გამოსახეთ...
საღმრთო გალობა ალილუია, განწესებულ ადგილებში, ძველი გადმოცემის თანახმად თქვით სამჯერ: ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (ასეთი სამჯერადი ალილუია ძველი გადმოცემა რომ არ არის, ამას ასმუხლიანი კრებაც ადასტურებს. იხ. Стоглав. Гл. 42. - არქიეპ. პ.).
იესუს ლოცვა საეკლესიო ღვთისმსახურებისას წარმოთქვით ასე: "უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ"... (ანუ საეკლესიო მსახურებიდან ამოღებულ იქნა იესუს ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ" - არქიეპ. პ.).
ასევე ვბრძანებთ, რათა სეფისკვერებზე გამოსახულ იქნას ოთხკიდურიანი ჯვარი... რამეთუ ჭეშმარიტი ჯვარი სწორედ ორი ხისგან შეკრული ჯვარია... (აქედან გამოდის, რომ სამი ძელისგან შეკრული (იხ. ესაია 60:13) და დაფა-დაკრული, ანუ რვადაბოლოებიანი (იგივე ოთხნაწილიანი) მაცხოვრის ჯვარი ჭეშმარიტი არ ყოფილა და ეს ჯვარი პირდაპირ და კრებითად იქნა უარყოფილი - არქიეპ. პ.).
ასევე, მთელს სამღვდელო დასს ერის კურთხევას ვუბრძანებთ ასე: მარჯვენა ხელის ორი თითი (საჩვენებელი და საშუალო - არქიეპ. პ.) შეაერთონ, საჩვენებელი თითი აღმართონ, საშუალო კი ოდნავ მოხარონ, რაც იესუ ქრისტეს მიანიშნებს (I. C.), და კვლავ, ორი თითი - ცერი და არათითი გადააჯვარედინონ, რითაც აღინიშნება ასო X; და კვლავ, მიუერთონ მათ ნეკა თითიც, რომელიც ოდნავ უნდა მოხარონ, რითაც გამოსახავენ ასოს - C. და აი ასე, ამ სამი თითით გამოხატონ ასოები XC. და ყველა ამ თითებით, რომლებითაც გამოისახება იესუ ქრისტე (I.C.X.C.- არქიეპ. პ.) ქრისტეანთა კურთხევის წესს გამცნობთ... (თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ იხ. ნახატი).
ვინც ჩვენგან ნაბრძანებს არ შეისმენს, არ დაემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ წმიდა კრებას (იგულისხმება 1667 წლის კრება - არქიეპ. პ.) და ჩვენს წინააღმდეგობას შეუდგება, ჩვენდამი ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელი სულის მიერ ბოძებული ძალაუფლებით დავამხობთ, ავყრით ყოველგვარ სასულიერო პატივს და შევაჩვენებთ; თუ ერისკაცი იყოს, განვკვეთთ და მამის, ძის და სულიწმიდისგან უცხოვყოფთ და როგორც დაუმორჩილებელს და ერეტიკოსს, წყევლა-კრულვასა და ანათემას გადავცემთ (ე. ი. რეფორმატორები "დაუმორჩილებელთ" უწოდებდნენ მათ, ვინც მართლმადიდებლური გადმოცემების მწვალებლობად შერაცხვას არ ეთანხმებოდა - არქიეპ. პ.)... ხოლო ვინც გონს არ მოეგება და სიკვდილამდე არ მოუბრუნდება სიმართლეს: სიკვდილის შემდეგაც განკვეთილ იქნეს და მისი სული იუდა გამცემელთან, ქრისტეს ჯვარმცმელ იუდეველებთან, არიოზთან და სხვა წყეულ ერეტიკოსებთან დაშთეს. რკინა, ქვა და ხე დალპება და დაიშლება, ხოლო ამდაგვარი (ე. ი. მართლმადიდებლურ გადმოცემათა მწვალებლობად შერაცხვის არმიმღები და ამგვარი ბრძანებულებისადმი დაუმორჩილებელი - არქიეპ. პ.) - სამარადისოდ დაუხსნელი და დაურღვეველი დარჩეს. ამინ" (Деяния московских соборов 1667 г., изд. Москва. Синод. Типогр. 1893 г., л. 5-7 об.).
ნიკონიანური ეკლესიის მოძღვართა და კრებათა დადგენილებების მიხედვით, ორი თითით პირჯვრისწერა შერაცხილ იქნა: 1. არიანელობად (Скрижаль л. 15), 2. ნესტორიანელობად (Скрижаль л. 16), 3. მაკედონიანელობად (Пращица, отв. 30, л. 92 об, отв. 35. Л. 99-100, отв. 52 л. 112), 4. ღვთისმგმობ განყოფად (Скрижаль л. 796), 5. სომხობად (Скрижаль л. 11), 6. არიანულ უფსკრულად (Скрижаль л. 796), 7. სომხურ მწვალებლობად (Увет, л. 68, 119), 8. ჯოჯოხეთის კარიბჭედ (Скрижаль л. 715, Игнатий Тобольский, стр. 103), 9. ჯადოქრულ ნიშად (Обличение л. 188), 10. დემონთსავარძლად (Д. Ростовский "Розыск", л. 188), 11. ეშმაკის გადმოცემად (Обличение л. 26) (В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I. Вторая половина. Москва 1912, стр. 90, 92, 93-97, 112).
ასე ბრძანებდნენ ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული კრებები. ახლა ისიც ვიხილოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ ე. წ. "მეორეხარისხოვან" და "დოგმატებთან კავშირის არმქონე" "ობრიადებთან" თვით ახალმოწესე "წმინდანებს".
სერაფიმე საროველის (1754-1833) თქმით, სამი თითით პირჯვრისწერა თურმე "გადმოცემულია წმ. მოციქულთაგან (ქვემოთ ვნახავთ, რომ ეს არის აშკარა სიცრუე, რომელსაც თვით ე. ჭელიძეც კი არ უარყოფს - არქიეპ. პ.), ხოლო ორი თითით პირჯვრისწერა წმიდა განწესებათა საწინააღმდეგოა" (საინტერესოა, მაინც რომელ განწესებებს გულისხმობდა ბ-ნი სერაფიმე? - არქიეპ. პ.) (იხ. Житие преп. Серафима. Сост. Автор летописи серафимо-дивеевского монастыря, архимандрит Серафим Чичагов. Изд. 2. Сераф.-Див. Монаст. СПб 1903 г., стр. 74. По др. изд СПб 1903 г., стр 69. იხ. ასევე: Серафим (Чичагов), священномученик. Летопись Серафимо-Дивеевского монастыря. Глава XIV. Беседы отца Серафима с монашествующими и мирянами. http://predanie.ru/serafim-chichagov-svyaschennomuchenik/book/118459-letopis-serafimo-diveevskogo-monastyrya/#/toc44).
ერთ-ერთ ქრისტეანთან საუბარში სერაფიმე ორი თითით პირჯვრისმაწერლებზე ამბობს: "სათნოებით აღსავსე ადამიანებიც რომ იყვნენ, მაინც შეკრულნი იქნებიან, რამეთუ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ჯვარს..." (იქვე. გვ. 75) (ასევე იხ. მითითებული ინტერნეტ წყარო) (როგორც დღეისთვის დამტკიცებულია, "წმინდა" სერაფიმე ძლიერ შემცდარა, - ორთითიანი პირჯვრისწერა უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემა ყოფილა - არქიეპ. პ.)
- შემდეგ მას ჰკითხა (დედანში: "Потом спросил её):
- დედაო, ხომ არა გყავს მოდგმაში ისეთნი, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან? (Нет ли у тебя, матушка, в роду таких, которые в церковь не ходят?)
- ასეთები არ მყავს, მამაო, - უპასუხა დამ, - მაგრამ ჩემი მშობლები და მისი ყველა ნათესავი ორი თითით იწერდა პირჯვარს (Таких нет, батюшка, - отвечала сестра, - а двуперстным крестом молятся мои родители и родные все).
- სთხოვე მათ ჩემი სახელით - თქვა სერაფიმემ, - რათა თითები შეკრან სამების ნიშნად (Попроси их от моего имени, - сказал о. Серафим, - чтобы они слагали персты во имя Святой Троицы).
- მე მათთვის, მამაო, მრავალჯერ მითქვამს, მაგრამ არ მისმენენ (Я им, батюшка, говорила о сём много раз, да не слушают).
- მოგისმენენ, სთხოვე ჩემი სახელით. დაიწყე შენი ძმისგან, რომელსაც მე ვუყვარვარ; ის პირველი დაგთანხმდება. გყავდნენ თუ არა ისეთი გარდაცვლილი ნათესავები, რომლებიც ორთითიანი პირჯვრისწერით ლოცულობდნენ? (Послушают, попроси от моего имени. Начни с твоего брата, который меня любит; он первый согласится. А были ли у тебя из умерших родные, которые молились двуперстным крестом?).
- სამწუხაროდ, ჩემს მოდგმაში ყველა ასე ლოცულობდა (К прискорбию, у нас в роду все так молились).
- თუნდაც სათნო ადამიანები ყოფილიყვნენ ისინი, - შენიშნა მ. სერაფიმემ მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ, - მაინც შეკრულნი იქნებიან: წმ. მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ჯვარს..." (Хоть и добродетельные были люди, - заметил о. Серафим, пораздумавши, - а будут связаны: св. Православная Церковь не принимает этого креста...) (Серафим (Чичагов), священномученик. Летопись Серафимо-Дивеевского монастыря. Глава XIV. Беседы отца Серафима с монашествующими и мирянами. http://predanie.ru/serafim-chichagov-svyaschennomuchenik/book/118459-letopis-serafimo-diveevskogo-monastyrya/#/toc44).
იოანე კრონშტადტელის (1829-1909) მონაწილეობით გამომავალ ჟურნალ "Кормчий"-ის ერთ-ერთ ნომერში წერია: "არ შეიძლება სინანულით არ აღვნიშნოთ იმ ძირძველ მართლმადიდებელ რუს მორწმუნეთა შესახებ, რომლებიც თავიანთი უკიდურესი უმეცრების (?) გამო ორი თითით იწერენ პირჯვარს. მართალია, ისინი ამას უმეცრებით (?) სჩადიან, მაგრამ იქნება კი შესაძლებელი ქრისტეს საუკუნო სამსჯავროზე მათი გამართლება ამ უმეცრების გამო? უფალმა ბრძანა: მონა, რომელმაც იცის თავისი ბატონის ნება და არ იქმს მას, "იტანჯოს იგი ფრიად" (ლუკა 12:47) (Кормчий. 1903. № 32. С. 378).
საინტერესოა, თუკი იოანე კრონშტადტელი უმეცრებად მიიჩნევს ძველმორწმუნეთ, რანაირად იმოწმებს ლუკას სახარებას, რომლის მიხედვითაც "ფრიად დაიტანჯება" ის მონა, "რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ იქმოდა მას"? უმეცრებით თავს ვერავინ გაიმართლებს უფლის წინაშე, მაგრამ კრონშტადტელი "წმინდანის" ბრალდება აშკარად საწინააღმდეგო შინაარსისაა; რაც შეეხება ძველმორწმუნეთ, მათ ჭეშმარიტადაც რომ იცოდნენ თავიანთი ბატონის (ანუ ქრისტეს) ნება და ზედმიწევნით იქმოდნენ მას. ამის გამო ნიკონიანელმა რეფორმატორ-ერეტიკოსებმა გადასცეს კიდეც ანათემას. ჩვენ კი ვიკითხოთ, თავად როგორღა გამართლდებიან ამ მართლმადიდებლური გადმოცემის გმობისა და საკუთარი უმეცრების თუ "ბატონის ნების" არშესრულების გამო ეს ნიკონიანელი სატრაპები?
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძე ერთგან წერს: "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა გულისხმობს უცთომელ ჭვრეტას... ეკლესია, რომელიც ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ვერ ასხვავებს და რომელიც მართლმადიდებლად რაცხს მწვალებელს, თავადაც მწვალებელია" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. 1990 წ. გვ. 17). ამ სიტყვებით ჩვენმა ოპონენტმა თვითონ გამოუტანა განაჩენი როგორც საკუთარ თავს, ასევე მათი სულიერი წინაპრების, რუსი თუ ბერძენი "ძმების" რეფორმატორულ მოღვაწეობას. ანუ, ახალმოწესეთა გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესია თავად აღმოჩნდა მწვალებლური, ვინაიდან არათუ ერეტიკოსი და მართლმადიდებელი ვერ განუსხვავებია ერთმანეთისგან (გავიხსენოთ თუნდაც როგორ "ამორიცხეს" წმინდანთა დასიდან ნიკონმა და მისმა მომხრეებმა წმ. ანა კაშინსკაია (XIIIს.) მხოლოდ იმიტომ, რომ მის უხრწნელ გვამს თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით), არამედ დავიწყნია უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემები, რომელიც 1667 წელს, რეფორმის "დამაგვირგვინებელ" კრებაზე, დასწყევლა, როგორც მწვალებლობა და ამით საკუთარი თავი შეუყენა ანათემას.
რას ახლა იტყვის ეს ცრუმეცნიერი, თუკი გამოაშკარავებულია და ათასგზის დამტკიცებულია, რომ მისი ეკლესიის "წმინდანებს" - პაისი ველიჩკოვსკის, სერაფიმე საროველს, იოანე კრონშტადტელსა და კიდევ ბევრ სხვას სულაც არ ჰქონიათ "უცთომელი მართლმადიდებლური ჭვრეტა", ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებიათ მწვალებლური და მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემა და სრულიად მართლმადიდებლური პირჯვრისწერის წესი მწვალებლურად შეურაცხავთ? რას იტყვის ამ "წმინდანებით" თავმომწონე "პუბლიცისტი" ზ. ნოდია?
რა უფრო მძიმეა - მწვალებლის მართლმადიდებლად შერაცხვა თუ პირიქით, მართლმადიდებლის შერაცხვა მწვალებლად და მეტიც, თვით მართლმადიდებლური, უძველესი, სამოციქულო და წმიდა მამებისეული გადმოცემების მწვალებლობად გამოცხადება?
მაშ ვინ ყოფილან პაისი ველიჩკოვსკი, სერაფიმე საროველი და იოანე კრონშტადტელი? - ე. ჭელიძის ულმობელი განაჩენის მიხედვით, ისინი ეჭვმიუტანელი მწვალებლები არიან! ასეთია პროფ. ე. ჭელიძის ფორმალურად სამართლიანი განსაზღვრება, რომელიც არასწორად არის მიმართული ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთადმი. ეს სიტყვები ხსენებულ "წმინდანთა" და მთელი მათი რეფორმირებული ეკლესიის მიმართ უფრო სამართლიანია.
მოდი, ისევ წმ. ბასილი დიდის განწესებას მივუბრუნდეთ, რომელიც საეკლესიო წეს-ჩვეულებებს უდიდესი ძალის მქონედ მიიჩნევს და გვასწავლის: "თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს ვითომდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, უხილავად ვავნებთ თვით სახარებას ძირითად საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого, правило 91. Москва, 1884 г., იხ. აგრეთვე: Творения иже во святых отца нашего Василия Великаго, архиеп. Кесарии Каппадокийския, часть III Москва 1993, стр. 332).
იგივე წმ. მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონი. 87 და 91) (ციტ. იქვე). "დიდი რჯულისკანონის" კომენტატორი ზონარა (XII ს.) წმ. ბასილი დიდის ხსენებულ განწესებაში განმარტავს: "წმინდანი (ე.ი. ბასილი დიდი - არქიეპ.პ.) გვასწავლის იმ ჩვეულებათა შესახებ, რომლებიც დაუწერელი გადმოცემითაა ბოძებული და ამბობს, რომ თუ უარვყოფთო მათ (ე.ი. დაუწერელ ჩვეულებათა - არქიეპ.პ.) დაცვას, მაშინ თვით სახარებას ვავნებთო არსებით პუნქტებში, ანუ თვით სარწმუნოებას, რომელიც გვეუწყა სახარებით" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого, правило 91. Москва, 1884 г. стр 435).
პატრ. ბალსამონის (XII ს.) განმარტებით კი, "წმ. ბასილი დიდის მიერ ჩამოთვლილი საეკლესიო წეს-ჩვეულებები (მ.შ. პირჯვრისწერის წესიც - არქიეპ.პ.) დაურღვეველია აბსოლუტური აუცილებლობით და ძალაში უნდა იყოს მარადის" (იქვე. გვ. 439).
ასე, რომ "მრავალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ებოძა ეკლესიას დაუწერელი გადმოცემით (სინოპსისი, იქვე. გვ. 438) და, თუკი მათ სიწმიდეს და უცვალებლობას თავდადებით იცავდნენ ძველმორწმუნენი, ჩანს, მათ ამით არაფერი შეუცოდავთ. ხოლო, არის თუ არა საკმარისი მიზეზი ამ წესების შერყვნის გამო მმართველი და რეფორმატორი იერარქების წინააღმდეგ ამხედრება, განვსაჯოთ როგორც ზემოთ მოტანილი ციტატებით, ასვე წმ. ბასილი დიდის შემდეგი სიტყვებითაც: "ეკლესიაში დაცული დოგმატები და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოგვეცა. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს, საკამათოდ არავინ მიიჩნევს" (იქვე. გვ. 427).
მაშასადამე, წმ. ბასილი დიდის განმარტებით, ეკლესიაში არსებობს დოგმატური სწავლება, რაც წმ. მოციქულთაგან წერილობით ან გადმოცემებით მიგვიღია (ჩამოთვლის ზოგიერთ მათგანს. იხ. წმ. ბასილის ხსენებული განწესება) და აი, ორივეს - როგორც დოგმატებს, ასევე წესებს - ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლისო საკამათოდ, ვისაც "საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს".
სამწუხაროა, რომ სწორედ ის, რაც, წმ. მამის თქმით, არავისთვის უნდა იყოს საკამათო, ოპონენტებს სადავოდ და საკამათოდ გაუხდიათ და, რაც უფრო სამწუხაროა, ამგვარი საკითხების წვდომისთვის საჭირო "ცოტაოდენი ცოდნაც" კი არ ჰქონიათ.
მაშ, რაში უნდა დავადანაშაულოთ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც ასე მოწიწებით ეპყრობა ეკლესიის ამ სიმდიდრეს, უფრთხილდება და იცავს მას ყოველგვარი ცვლილებისგან? თუკი წმ. მოციქული პავლე გვაქებს იმისთვის, რომ "მისი (ანუ მოციქულის - არქიეპ. პ.) ყველაფერი გვახსოვს და როგორც გადმოგვეცა ისე ვიმარხავთ გადმოცემას" (1 კორინთ. 11:2), ჩვენი ახალმოწესე ოპონენტები ამის გამო გვაგინებენ, გვკიცხავენ და გვრაცხენ სქიზმატებად; იმ დროს, როდესაც წმ. მამები განდგომილებად და ცთომილების მემკვიდრეებად მიიჩნევენ ეკლესიაში "ძველი წესების უარმყოფელთ და მათ სანაცვლოდ ახლის დამამკვიდრებელთ" (თუნდაც ზემოთდამოწმებული წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი და ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.)), ახალმოწესეები პირიქით, ძველ საეკლესიო გადმოცემათა მიმდევართ მიიჩნევენ განდგომილებად და ცთომის მემკვიდრეებად.
მაშ, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ძველმორწმუნე ქრისტეანენი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა გადმოცემების უარმყოფელთ, დამარღვეველთ საეკლესიო ერთობისა და მშვიდობისა? რა თქმა უნდა, არა! რამეთუ ქრისტეს უწმიდესი მოციქული უფლის ჩვენის, იესუ ქრისტეს, სახელით გვამცნობს: "ძმანო, განეშორეთ ყველა ძმას, რომელიც უწესოდ იარება და არა იმ გადმოცემისამებრ, რაც შეითვისა ჩვენგან" (2 თესალონიკ. 3:6). და კიდევ: "ძმანო, მტკიცედ იდექით და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონი. 2:15). "ხოლო, თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ იგი და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნას" (2 თესალონიკ. 3:14).
ზ. ნოდია თავისი ახალი ანტისტაროვერული პუბლიკაციის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ "სტაროვერობა" - ეს არის "არასწორი თვითშეფასება - "ძველმორწმუნეობაზე", ვინაიდან რწმენა, მრწამსი, დოგმატიკა ისევ ძველი იყო რუსეთში "სტაროვერთა" განხეთქილების დროს (ზ. ნ. დასახ. წიგნი. გვ. 189).
რა შეიძლება ითქვას ჩვენი ოპონენტის ამ "აღმოჩენაზე"? უნდა ითქვას ის, რომ ავტორს წარმოდგენაც კი არა აქვს, რას წერს ან რა თემას ეხება. წინა თავში უკვე ვნახეთ, თუ რა კავშირი აქვს საეკლესიო წეს-ჩვეულებებს დოგმატურ ღვთისმეტყველებასთან. ლიტურგიკულ წეს-ჩვეულებათა მთელი წყება უმჭიდროვეს კავშირშია დოგმატიკასთან, რადგან ამ წესებსა და რიტუალებში მოცემულია კონკრეტული დოგმატური შინაარსი. წეს-ჩვეულების გარსის შეცვლა ცვლის მის შინაარსსაც, რადგან დოგმატიკის აზრი სწორედ წესში გადმოცემული ფორმით იქადაგება. ეს რომ ასეა, კარგად გამოჩნდება ჩვენ მიერ განხილულ ზოგიერთ წეს-ჩვეულებაში, რომლებიც ნიკონის რეფორმის დროს სხვა ფორმით შეიცვალა. მაგრამ, ტერმინ "სტაროვერობის" ("ძველმოწესეობის") აღმოცენებაში მთავარი როლი ითამაშა არა უბრალოდ იმან, რომ რეფორმატორებმა დაიწყეს ლიტურგიკულ წეს-ჩვეულებათა ფორმის შეცვლა, არამედ თვით რეფორმატორთა დამოკიდებულებამ ამ ძველ წეს-ჩვეულებებთან, რადგან ისინი მათში ხედავდნენ სხვა სარწმუნოებას და მას მწვალებლობას უწოდებდნენ. პატრიარქ ნიკონსა და მის თანამოაზრეებს (განსაკუთრებით აღმოსავლელ იერარქებს) სწორედ ასეთი მიდგომა ჰქონდათ.
"რეფორმის დასაწყისიდანვე გამოაშკარავდა, - ვკითხულობთ ერთ-ერთ პუბლიკაციაში, - რომ რუს ქრისტეანთა უმეტესობამ ამ რეფორმაში დაინახა თვით სწავლა-მოძღვრების, იმ რელიგიური და კულტურული წყობის და თვით ცხოვრების ყაიდის შეცვლის მცდელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა რუსეთში მისი გაქრისტიანების დროიდან. მეფისა და პატრიარქის ჩანაფიქრის წინააღმდეგ გამოდიოდა უამრავი მღვდელმსახური, ბერი და ერისკაცი. ისინი წერდნენ სავედრებელ არზებს, წერილებს და მოწოდებებს, ამხელდნენ სიახლეებს და იცავდნენ საუკუნეების განმავლობაში შეურყვნელად დაცულ ძველ სარწმუნოებას.
თავიანთ სავედრებელ არზებში ძველმოწესე აპოლოგეტები უთითებდნენ, რომ რეფორმა ტარდებოდა არა მარტო ძალადობით, სასჯელთა და დევნულებათა მუქარების ქვეშ, მიმდინარეობდა არა მარტო ტრადიციებისა და გადმოცემების გადასხვაფერება, არამედ ეხებოდა უმთავრესსაც - ანგრევდა და ცვლიდა თვით ქრისტეანულ სარწმუნოებას. იმის შესახებ, რომ ნიკონის რეფორმა წარმოადგენდა განდგომილებას და ცვლიდა თვით რწმენას, აღნიშნავდა პრაქტიკულად ძველსაეკლესიო გადმოცემათა ყველა დამცველი. ასე თანდათანობით დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ნიკონ პატრიარქისა და მეფე ალექსი მიხეილის ძის რეფორმამდე იყო ერთი, საერთო სარწმუნოება, ხოლო განხეთქილების შემდეგ - უკვე სხვა. განხეთქილებამდელ აღმსარებლობას ძველი სარწმუნოება უწოდეს, ხოლო რეფორმის შემდგომს - ახალი რწმენა" (Кто такие староверы? Во что верят староверы и откуда они взялись? Историческая справка. lt http://ruvera.ru/starovery#staraya_vera).
მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ასეთ შეხედულებას არ უარყოფდნენ თვით პატრიარქ ნიკონის მომხრეებიც. ასე, მაგალითად, პატრიარქი იოაკიმე (1674-1690) გრანიტიან დარბაზში (პალატში) გამართულ დისპუტზე ამბობდა: "მსოფლიო პატრიარქთა რჩევითა და კურთხევით, ჩემამდე შემოტანილ იქნა ახალი რწმენა" (რუს.: "Прежде мене заведена новая вера; по совету и благословению святейших вселенских патриархов"). ჯერ კიდევ არქიმანდრიტად ყოფნის პერიოდში ამბობდა: "არ ვიცი მე არც ძველი და არც ახალი რწმენა, რასაც უფროსები მეტყვიან იმას ვიზამ" (რუს.: "Не знаю я ни старой веры, ни новой веры, но что начальники велят то и творю") (ციტ. იქვე).
აი ასე, თანდათანობით ჩამოყალიბდა ცნებები "ძველი რწმენა" და "ახალი რწმენა". ადამიანები, რომლებიც ძველ რწმენას აღიარებდნენ, იწოდნენ კიდევაც "ძველმორწმუნეებად" (რუს.: "староверы"), რომლებმაც არ მიიღეს პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმები და მისდევდნენ ძველი რუსეთის საეკლესიო წეს-განგებებს, ანუ ძველ სარწმუნოებას. ხოლო სიახლეების მიმღებთ უწოდეს "ახალმორწმუნენი" ("нововеры") ან "სიახლეთმოყვარენი" ("новолюбцы"). თუმცა, ტერმინი "ახალმორწმუნენი" დიდხანს ვერ შემაგრდა, ხოლო ტერმინი "სტაროვერი" დღემდე არსებობს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა აღსანიშნად (ციტ. "Кто такие староверы?" lt http://ruvera.ru/starovery#staraya_vera).
რამდენად შეეხო პატრიარქ ნიკონის რეფორმები სარწმუნოებას არა მარტო საეკლესიო გადმოცემების (წეს-ჩვეულებებისა და წეს-განგებების) მეშვეობით, არამედ უშუალოდ თვით მწვალებლური სწავლებების ჩამოყალიბებითაც, ქვემოთ უფრო დეტალურად ვიხილავთ და გამოჩნდება, რომ "ძველი სარწმუნოების" მიმდევრებად ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა თვითწოდება სრულიად გამართლებულია და მასში არ მოიაზრება არანაირი შეცდომა. აქედან გამომდინარე, ცხადია, სრულიად სწორია ნიკონის რეფორმის მიმდევართა სახელდება "ახალმორწმუნეებად", რაც ჩანს თუნდაც ჩვენი ოპონენტის, ზ. ნოდიას მიერ ჩამოყალიბებული მწვალებლური ეკლესიოლოგიიდან (ამის შესახებ ქვემოთ).
ზ. ნოდიას აზრით, "სტაროვერებმა" "ჭეშმარიტებას, სახარებას, სიყვარულს, მთლიანობას მოწყვეტილი წეს-ჩვეულების ქვეშ მოიყოლეს რწმენა, სულიერება, შინაგანი თავისუფლება და ამას დაარქვეს სარწმუნოება. ამიტომაც, ისინი გახლავან - ძველი რუსული წესების დამცველი საზოგადოება..." (ზ. ნ. იქვე. გვ. 218). სინამდვილეში კი ყველაფერი იყო პირიქით!
ჯერ ერთი, ბ-ნ "პუბლიცისტს" არ ცოდნია, რომ ის წესები, რომელთაც ძველმართლმადიდებლები იცავდნენ ნიკონ პატრიარქისა და აღმოსავლელ იერარქთა ხელყოფისგან, სრულიად ძველბიზანტიური გახლდათ და რუსეთმა გაქრისტიანებისთანავე მიიღო იგი თვით ბერძენთაგან. ეს დღეს ნათლად დამტკიცებული ფაქტია და თქმა იმისა, რომ თურმე "სტაროვერები" იცავდნენ "ძველ რუსულ წესებს", და არა ბიზანტიურს, გახლავთ სრული უმეცრება. საკითხის არსში ჩაუხედაობა.
მეორეც, როგორც უკვე ვთქვით, ძველმართლმადიდებლებმა კი არა, სწორედ პატრიარქმა ნიკონმა და მისმა მომხრეებმა მოიყოლეს რწმენა, სულიერება, შინაგანი თავისუფლება უაზრო საწესჩვეულებო რეფორმის ქვეშ. სწორედ ისინი მოსწყდნენ ჭეშმარიტებას, უძველეს საეკლესიო გადმოცემებს, სიყვარულს და ამას დაარქვეს სარწმუნოება. ეს რომ ასეა, ჩანს თუნდაც პატრ. ნიკონის წერილებიდან და თვით საეკლესიო კრებების მიერ მიღებული დადგენილებებიდან, რომელთაც ქვემოთ ვიხილავთ.
ამ მხრივ მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის XVII ს.-ის რუსეთის ეკლესიის განხეთქილების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, პროფ. ნ. ფ. კაპტერევი: «ჩვენი ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მაკარი, გვიყვება რა, პატრიარქ იოსების მიერ მსოფლიო პატრიარქისადმი გაგზავნილ სიგელზე "დიდ საეკლესიო საქმეთა (потреба) შესახებ", რომლებშიც მან სრულიად უმნიშვნელო საეკლესიო-საწესჩვეულებო საკითხები იგულისხმა, თავისი თხრობის ბოლოს შენიშნავს: "როდესაც ჩვენი პატრიარქის, იოსების ამ შეკითხვებს კითხულობ, რომელთა გადასაწყვეტად მან კონსტანტინოპოლის კათედრას მიმართა, უნებლიეთ გეფიქრება: აი რას მიიჩნევდა ის "უდიდეს საეკლესიო საქმედ", რომ მას არ შეეძლო ან ვერ ბედავდა დამოუკიდებლად მათ გადაწყვეტას რუს მღვდელმთავრებთან და მთელ საეკლესიო კრებასთან ერთად".
სრულიად სამართლიანი იქნება, იგივე შენიშვნა გავაკეთოთ იმ შეკითხვების გამოც, რომლებიც უკვე ნიკონმა გაუგზავნა გადასაწყვეტად კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რადგან იოსებისა და ნიკონის მიერ გაგზავნილ შეკითხვებს შორის არ არსებობს არსებითი სხვაობა, ისინი ერთმანეთისგან არა ხარისხობრივად, არამედ შეკითხვათა რაოდენობის მხრივ განსხვავდება; თუ ერთმა (იოსებმა - არქიეპ. პ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქს მხოლოდ ოთხი შეკითხვა შესთავაზა, მეორემ (ნიკონმა) მას ზუსტად ასეთი სახის ოცდაშვიდი შეკითხვა დაუსვა.
პატრიარქი იოსები თუ კითხულობდა: შეიძლება თუ არა მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა საღმრთო ლიტურგია იმსახურონ ორი ბარძიმით? მართებთ თუ არა მათ, საერო ტაძრებსა და მონასტრებში დაიცვან ერთხმიანობა (2), პატრიარქი ნიკონი, თავის მხრივ, ეკითხებოდა: რომელ ჟამს უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო საღმრთო ლიტურგია? როდის უნდა აენთო მნეს სანთლები, რათა იერარქთათვის ეკლესიისკენ მოეწოდებინა? როდის იღებოდა წმ. საკურთხევლის კარები? მიიღება თუ არა მსხვერპლი იმ მღვდლისა, რომელიც ლიტურგიის ჩატარების დროს გულში ინახავს ბოღმას?
---------------------
2. "ერთხმიანობაში", ბუნებრივია, არ იგულისხმება მუსიკალური ტერმინი, არამედ ლიტურგიკული "ერთხმიანობა". კერძოდ, იოსების დროს ეკლესიაში სხვადასხვა განწესებულ ლოცვას, საღვთისმსახურებო დროის შემოკლების მიზნით, კითხულობდნენ პარალელურად, თან ხმამაღლა, რის გამოც ეკლესიაში იდგა ხმაური და ლოცვების გარჩევაც ძნელი გახლდათ. "ერთხმიანობა" (единогласие) კი გულისხმობდა ლოცვების "ერთ ხმად", თანმიმდევრობით და გარკვევით კითხვას.
---------------------
სისხლის დინება და ძილში თესლის დინება დააბრკოლებს თუ არა მღვდელს ჩაატაროს საღმრთო ლიტურგია? სად უნდა დაიდოს ანტიმინსი (ოდიკი - არქიეპ. პ.) ლიტურგიის დამთავრების შემდეგ - წმიდა ბარძიმის ქვეშ თუ მასზედ? სამღვდლო კურთხევა აღსრულდება საკურთხებელი ადამიანზე შეხებით თუ არა? და სხვა.
"ნიკონის ამ შეკითხვებიდან აშკარავდება, რომ მას, ისევე როგორც მის წინამორბედ პატრიარქს, წვრილმანი და არამნიშვნელოვანი საკითხები საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტად - "დიდ საეკლესიო საქმედ" მიაჩნდა, რის გამოც, იოსებ პატრიარქის მსგავსად, ვერ ბედავდა მათ დამოუკიდებელ გადაწყვეტას მხოლოდ რუს მღვდელმთავრებთან და მთელ საეკლესიო კრებასთან ერთად, არამედ განსახილველად კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და მის კრებასთან აგზავნიდა.
იოსებისა და ნიკონის მოქმედებები აიხსნება იმით, რომ ისინი - თუ არ ჩავთვლით შემთხვევით წაკითხულ წიგნებს - ვერ ფლობდნენ სამეცნიერო და საღვთისმეტყველო-ისტორიულ ცოდნას და თუნდაც რაიმე მართებულ განათლებასა და განვითარებას, არ ჰქონდათ სწორი წარმოდგენა ქრისტეანულ ეკლესიაში წეს-ჩვეულების წარმოშობასა და მნიშვნელობაზე; მათ არ იცოდნენ, რომ ჩვეულება ეკლესიაში ყალიბდება თანდათანობით, დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მისი ჩამოყალიბების პროცესი დღესაც არ დამთავრებულა; არ იცოდნენ ის, რომ ყოველ ჩვეულებას საკუთარ თავში ორი მხარე აქვს: ერთი არსებითი, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებაში ჩადებულ შინაარსს და მეორე - არაარსებითი, რომელიც წარმოადგენს აზრისა და სწავლების მხოლოდ გარეგან, თვალსაჩინო გამოხატულებას. მათ არ იცოდნენ, რომ რწმენისა და ღვთისმოსაობისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პირველი მხარე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებასთან, რაც შეეხება მეორეს, ის ყოველთვის ექვემდებარებოდა და შეიძლება დაექვემდებაროს სხვადასხვა ცვალებადობას სხვადასხვა ეკლესიაში განსხვავებული იყო და ყოველთვის შეიძლება დარჩეს არაერთგვაროვნად, გამომდინარე ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ვითარებიდან; მათ არ იცოდნენ, რომ ამა თუ იმ საეკლესიო ჩვეულების ვარგისიანობისა თუ უვარგისობის განმსაზღვრელია მისი ერთგულება მართლმადიდებლური მოძღვრებისადმი, მორწმუნეთათვის მისი თვალსაჩინოება, მისაწვდომობა და ადვილად გაგებადობა; რომ ყველა სხვადასხვა კერძო საწესჩვეულებო საკითხი და გაუგებრობა შეიძლება გადაწყდეს ადგილობრივი ეკლესიის მიერ საერთო-საზოგადო მართლმადიდებლური სწავლების ხელმძღვანელობით, რომელიც კავშირშია უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკასთან" (დედანში: "... не знали того, что обряд вырабатывался в церкви постепенно, в течение очень долгого периода времени, и что процесс его образования не закончился и сейчас; не знали того, что каждый обряд имеет в себе две стороны: одну существенную, которую составляет вложенная в обряд мысль, учение, другую - несущественную, которая служит только внешним, наглядным выражением мысли или учения; они не знали, что для веры и благочестия важна по преимуществу первая сторона, тесно связанная с христианским вероучением, а что касается второй, то она всегда подвергалась и может впредь подвергаться разным изменениям, в различных церквах была и всегда может быть неодинакова, смотря по тем или другим обстоятельствам разных поместных церквей; они не знали, что нормою для определения пригодности или непригодности известного церковного обряда всегда служила и служит его верность православному учению, его наглядность, понятность и назидательность для верующих; что все разные частные обрядовые вопросы и недоумения могут быть решены каждою поместною церковию при свете и под руководством общего христианского православного учения, поставленного в связь с церковною практикою древнейших православных церквей" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона. Сергиев Посад. 1909. Репринт Москва. 1999 г., стр. 163-164).
"ნიკონის მიერ დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი რუს საეკლესიო რეფორმატორზე არცთუ დიდი წარმოდგენისა დარჩა. ის გააოგნა მისმა უკიდურესმა დაწვრილმანებამ, უმნიშვნელობამ, დასმული საკითხებისა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში ამა თუ იმ ჩვეულების აზრისა და დანიშნულების სრულმა უცოდინრობამ. პაისიმ ნიკონში დაინახა საეკლესიო საკითხებისადმი საკმაოდ მოშურნე და მგზნებარე კაცი, მაგრამ ამავე დროს გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც არ ფლობდა ქრისტეანული ცოდნის სათანადო დონეს, და ამიტომაც თავის მგზნებარებას სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობისთვის უმნიშვნელო საგნებისადმი მიმართავდა; მეტიც, მას შეეძლო თავისი საქმიანობით და უზომო მგზნებარებით, ასევე საქმის არასაკმარისი ცოდნით, ეკლესიისთვის სიკეთის ნაცვლად ზიანი მოეტანა. ამიტომაც პაისი თავის პასუხებში, რომელიც მან მთელი კონსტანტინოპოლის ეკლესიი სახელით დაწერა, არათუ არ აქეზებს ნიკონს წვრილმან-საწესჩვეულებო რეფორმატორული საქმიანობისკენ, მის სწრაფვას გაასწოროს ადგილობრივი რუსული ეკლესიის წეს-ჩვეულებანი, არამედ პირიქით, ცდილობს შეაკავოს მისი რეფორმატორული მგზნებარება, მოთოკოს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს მისი მოშურნეობა, უმნიშვნელო საწესჩვეულებო წვრილმანებს მოაშოროს მისი ყურადღება" (იქვე. გვ. 165).
"საერთოდ, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - პატრიარქ პაისის მთელი პასუხი ნიკონისთვის იყო განსწავლა და დარიგება, მას (პაისის - არქიეპ. პ.) გამიზნული ჰქონდა, შეეკავებინა და დაეცვა იგი რუსეთის ეკლესიის წეს-ჩვეულებათა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაკეთებისგან, რადგან ის არ ეხებოდა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის არსებით საკითს, არადა, სწორედ ასეთად მიიჩნევდა პაისი ნიკონის მიერ შემოთავაზებულ ყველა კითხვას" (იქვე. გვ. 166).
"თავის პასუხებში, - აგრძელებს პროფ. ნ. კაპტერევი, - მისალმების, სამოძღვრო მოშურნეობისა და ნიკონის პირადი თვისებების შექების შემდეგ, მიუთითებს ყველა ეკლესიათა ერთობაზე, ოღონდ, როგორც პაისი ამბობს, ეს ერთობა, თვით უფლის სიტყვისა (იოანე 17:1) და მოციქულ პავლეს (1 კორ. 1:10) პირდაპირი გაგებით, უნდა მდგომარეობდეს "სარწმუნოების ერთსა და იმავე აღსარებაში, ერთ შეგნებაში, ერთ გააზრებაში. ამას ვამბობ იმიტომ, - აგრძელებს პაისი, - რომ შენი ნეტარების სიგელში ამის თქმის საფუძველს ვხედავ: შენ ძლიერ უჩივი ზოგიერთ წეს-განგებით უთანხმოებას, რომლებიც არსებობს ადგილობრივ ეკლესიებს შორის (დედანში: "ты жалуешься сильно на не согласие в кое-каких порядках, существующих в поместных церквах") და ფიქრობ: ხომ არ აზიანებს ეს განსხვავებული წეს-განგება ჩვენს სარწმუნოებას ("... и думаешь: не вредят ли эти различные порядки нашей вере"). ამის საპასუხოდ ვაქებთ შენს აზრს - რადგან, ვისაც მცირე შეცდომებში შთავარდნისა ეშინია, ის დიდისგანაც თავს დაიცავს - მაგრამ ვასწორებთ ამ სიფრთხილეს: რამეთუ, რაც შეეხება მწვალებლებს, ჩვენ ნამდვილად გვაქვს მოციქულის დარიგება გავშორდეთ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ, რადგან გარყვნილია (ტიტ. 3:10-11), ასევე განხეთქილების მომწყობთაც, რომლებიც, მართალია, უმთავრეს დოგმატებში მართლმადიდებელთა თანხმიერნი არიან, მაგრამ აქვთ თავისებური, ეკლესიისთვის საზოგადოდ მიღებულისგან განსხვავებული რამ; და თუ ისე მოხდება, რომ რომელიმე ეკლესია სარწმუნოებისთვის რაიმე უმნიშვნელო განგებებით მეორისგან განსხვავებული აღმოჩნდება ან ისეთით, რაც სარწმუნოების უმთავრეს წევრებს არ ეხება და უმნიშვნელოა, როგორიც არის, მაგალითად, ლიტურგიის შესრულების დრო ან კითხვა: რომელი თითებით უნდა აკურთხოს მღვდელმა და სხვა; ეს არ უნდა ქმნიდეს განხეთქილებას, თუ შენარჩუნებული იქნება ერთი და იგივე სარწმუნოება. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე როდი მიიღო წეს-განგებითი განკარგულება, რომელიც დღეს გვაქვს, არამედ თანდათანობით (როგორც ეპიფანე კვიპროსელი ამბობს თავის სიტყვაში, სათაურით: "მოკლე ჭეშმარიტი სიტყვა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოების შესახებ"): პირველად ეკლესიაში კითხულობდნენ მხოლოდ თერთმეტ ფსალმუნს, შემდეგ კი მეტს, ასევე განსხვავებული იყო მარხვათა ხარისხები და ხორცის ჭამა" (იქვე. გვ. 166-167).
ამრიგად, "პაისიმ ნიკონს ურჩია, უფრო ახლოს და კარგად გასცნობოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლა-მოძღვრებას, რადგან პაისიმ, ამ მხრივ, ნიკონში მნიშვნელოვანი სიცარიელე შენიშნა ("заметил у Никона значительный пробел"), რომელიც ხელს უშლიდა მას, საეკლესიო ცხოვრებაში განესხვავებინა მთავარი არამთავარისგან ("препятствующей ему различать важное и неважное в строй жизни церковной"). ამის შემდეგ პატრიარქი პაისი გადადის თვით შეკითხვათა პასუხებზე, რომელიც მას ნიკონმა დაუსვა. მაგრამ, სანამ ნიკონის ამა თუ იმ კერძო კითხვას პასუხს გასცემდეს, პაისი ცდილობს, წინასწარ განუმარტოს მას მართლმადიდებლური ლიტურგიის ნაწილთა წარმომავლობა, შემადგენლობა და არსებითი მხარე, რათა ნიკონმა ამ განმარტების შემდეგ თვითონ დაინახოს, როგორ უნდა გადაწყვიტოს ასეთი კითხვები, მაგალითად, ისეთები, როგორიც მან პაისისი შესთავაზა: როდის უნდა გაიღოს ლიტურგიაზე სამეუფო კარი? პასუხობს რა ნიკონის კითხვას, რომელ ჟამს უნდა დაიწყოს ლიტურგია და თვლის, რომ ლიტურგიის დაწყება მართებულია "დღის მესამე ჟამიდან", ამავდროულად, იცის რა ვისთან აქვს საქმე, პაისი ჩქარობს დამატებას: "მაგრამ, უნდა დავამატოთ, რომ ეს ჟამი არ არის განსაზღვრული ერთხელ და სამუდამოდ ისე, რომ არ გვქონდეს ნებართვა, ლიტურგია დავიწყოთ ნებისმიერ სხვა ჟამს მესამის გარდა... სულიწმიდის მადლი დროის ამა თუ იმ მომენტით როდი იზღუდება" (იქვე. გვ. 168).
"ნიკონის კერძო შეკითხვებს რომ პასუხობს, - განაგრძობს პროფ. ნ. კაპტერევი, - პაისი კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს იგი, არ მიანიჭოს დიდი მნიშვნელობა უმნიშვნელო საგნებს და მათთან დაკავშირებით შეწყვიტოს დავა და კინკლაობა. "რაც შეეხება პოლემიკას, წერს, მაგალითად, იგი, რომელსაც ეწევი საღმრთო ლიტურგიის წეს-განგებათა გამო და როგორც მეშვიდე პუნქტში გვეკითხები, გევედრებით ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით, შეწყვიტოს იგი შენმა უნეტარესობამ, შენთვის დამახასიათებელი გონივრულობით: "უფლის მონას არ შეშვენის სიტყვით ბრძოლა" (2 ტიმ. 2:24), და განსაკუთრებით იმგვარ საკითხებში, რომლებიც სარწმუნოების მთავარ და არსებით წევრებს არ განეკუთვნება, არამედ დაარწმუნე ისინი მიიღონ ის წეს-განგება, რომელიც ჩვენ აღვწერეთ, და განგება, რომელსაც შეიცავს მთელი აღმოსავლური ეკლესია. მაგრამ შესაძლოა, - ამბობს შემდეგ პაისი, - სავალდებულო საკითხებში თქვენი წეს-განგებები არ ეთანხმებოდეს ჩვენსას, და არა იმათში, რომელთან დაკავშირებითაც წეს-განგება მოძღვარს ანიჭებს არჩევის უფლებას, ასეთ შემთხვევაში, მოგვწერეთ, რა სახის წეს-განგებებია ესენი და მათ შესახებ ვიმსჯელებთ კრებითად" (იქვე. გვ. 168-169).
პროფ. ნ. კაპტერევის თქმით, "განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პაისის პასუხი ნიკონის კითხვაზე, რომელიც დაკავშირებულია როგორც პირჯვრისსაწერ, ასევე სამღვდლო კურთხევის გასაცემ თითების წყობასთან, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, რომელსაც ანიჭებდნენ მას მოსკოვში. "ოცდამეოთხე კითხვაზე, წერს პაისი, რომელშიც გვეკითხებით, თუ როგორ, ანუ რომელი თითებით მართებს ქრისტეანს საკუთარ თავზე ჯვრის გამოსახვა, ვპასუხობთ, რომ ყველას გვაქვს უძველესი ჩვეულება, გადმოცემისამებრ, თაყვანი ვცეთ (ანუ პირჯვარი დავიწეროთ - არქიეპ. პ.) ასე: წმ. სამების ნიშნად შევკრათ პირველი სამი თითი, რომლის მიერ განათლებულთ განგვეხსნა საღმრთო განგებულება, და ვისწავლეთ ერთი ღმერთის დიდება სამ იპოსტასში - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა; დე თანაჯვარსვეცვათ ღმრთის ძისა და ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ჯვარს, რომელიც გარდამოხდა ზეცით და განკაცდა, და ხორცით ევნო ჩვენს საცხოვნებლად" ("имея первые три перста соединенными вместе во образ св. Троицы, просвещением которой открыта нам тайна домостроительства по плоти, и мы научены славить единого Бога в трех ипостасях - Отца, Сына и Св. Духа, и да сораспнемся вместе с крестом Господа нашего Иисуса, Сына Божия, сшедшего с небес и вочеловечившегося и плотию пострадавшего ради нашего спасения"). და ეს საფუძვლიანიც არის, რადგან სამი თითის შეერთებით ჩვენ მოვიგონებთ წმ. სამების საიდუმლოს, ხოლო იმით, რომ საკუთარ თავზე გამოვისახავთ უფლის ჯვარს, მოვიგონებთ მის ვნებასა და მკვდრეთით აღდგომას, რომლითაც და რომლის მიერაც მოვუწოდებთ ღმერთს შესაწევნად" ("Да это и основательно, поелику чрез соединение трех перстов мы воспоминаем тайну Св. Троицы, а темь, что изображаем на себе крест Господень, напоминаем страдание и воскресение Его, с которыми и ради которых призываем от Бога помощь"). - აი პატრიარქ პაისის მთელი პასუხი პირჯვრისსაწერ თითებთან დაკავშირებით" (იქვე. გვ. 169-170).
ახლა აქ არ შევჩერდებით იმაზე, რომ თვით პატრიარქ პაისის განმარტებაც წმ. სამების ჯვარცმის ტოლფარდოვან განმარტებად წარმოჩნდება; თუ არადა, რას ნიშნავს: სამი თითით შეერთებით მოვიგონებთ წმ. სამებას, ხოლო ამ თითებით ჯვრის გამოსახვით მოვიგონებთ "მის (ვის? - არქიეპ. პ.) ვნებასა და მკვდრეთით აღდგომას". ცხადია, პატრიარქი პაისი არ იგულისხმებდა სამების ჯვარცმას, ვნებას და მკვდრეთით აღდგომას, ამ სიტყვებში ის ქრისტეს გულისხმობდა, მაგრამ აშკარაა შეუსაბამობა სამი თითით ყოველივე ამის აღსარებაში. მით უმეტეს, რომ პატრიარქი საერთოდ არ ახსენებს მოკეცილ ორ თითს, რომელსაც დღეს აძლევენ ქრისტოლოგიურ განმარტებას. პატრიარქ პაისისთვის ქრისტეს განკაცებაც, მისი ჯვარცმაც, დაფლვაც და აღდგომაც, სამების საიდუმლოსთან ერთად - სამ თითში მოიაზრება. ამგვარი განმარტება და თვით ამგვარი პირჯვრისწერა, როგორც ეს ჩვენი წინამდებარე ნაშრომის მეორე ნაწილში ვნახეთ, დოგმატური შინაარსით ცთომილია და არ წარმოადგენს მართლმადიდებლურ გადმოცემას. ცხადია, ამ საკითხზე პატრიარქი პაისი არ დაფიქრებულა და მან უბრალოდ, როგორც შეეძლო განუმარტა იგი პატრიარქ ნიკონს.
ამრიგად, ზ. ნოდიას და ყველა იმ ადამიანის საპასუხოდ (რომელთა შორისაც არიან "მღვდელი" ა. მინდიაშვილი, "არქიმანდრიტი" რაფაელი, "მიტროპოლიტი" იოანე გამრეკელი და სხვები), ვინც "სტაროვერებს" ადანაშაულებს "მთავარისა და მეორეხარისხოვნის", ანუ "დოგმატისა" და "წეს-ჩვეულების" აღრევაში, ვიტყვით, რომ დანაშაული განხეთქილებისთვის ეკისრებათ სწორედ პატრიარქ ნიკონს და მის თანამზრახველებს; რომ აშკარად უსამართლო და ცთომილია, და მეტიც, აბსურდულია ზ. ნოდიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ეკლესია თურმე გაუხლეჩიათ "სტაროვერებს", თანაც "წერტილისოდენა "სიახლისთვის"" (ზ. ნ. დასახ. წიგნი. გვ. 211); აშკარად ცთომილი და არაობიექტურია ზ. ნოდიას მტკიცება, თითქოს "სტაროვერიის" გამომწვევი მიზეზი ყოფილა ის, რომ "ისინი წეს-ჩვეულებებთან აიგივებენ რწმენას, რამაც გამოიწვია ეკლესიის არსის ჰიპერტროფირება" (ზ. ნ. იქვე. გვ. 216); და საერთოდ, წარმოუდგენელი აბსურდია მტკიცება, თითქოსდა "სტაროვერებს" "ძველი წეს-ჩვეულებები აყვანილი ჰყავდათ არიანულ-ნესტორიანულ-დუხაბორულ ერესთა რანგში" (იქვე. გვ. 194).
მაშ, გამოჩნდა თუ არა პროფ. ნ. კაპტერევის წყაროთმცოდნეობითი და დოკუმენტალური ანალიზიდან, რომ სარწმუნოების რანგში წეს-ჩვეულებები აჰყავდა პატრიარქ ნიკონს და არა "სტაროვერებს", რომლებიც იმ დროს, როცა პატრიარქი რეფორმას იზრახავდა და ეკლესია ჯერაც ერთიანი იყო, საერთოდ არც კი არსებობდნენ, ანუ არ არსებობდა "სტაროვერული" მოძრაობა. გამოჩნდა თუ არა კონსტანტინოპოლის პატრიარქ პაისის პასუხიდან ნიკონ პატრიარქის 27 შეკითხვაზე, რომ ნიკონი, როგორც გაუნათლებელი ადამიანი, ერთმანეთში ურევდა უმნიშვნელო წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივ დოგმატებთან, თანაც იმ დონეზე, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი უმორჩილესად, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით ევედრება ჯიუტ ნიკონს, ამ უმნიშვნელო საკითხებზე შეწყვიტოს დავა და კინკლაობა.
და რა შედეგი გამოიღო პატრიარქ პაისის რჩევა-დარიგებითმა პასუხებმა? - არავითარი!
მეტიც, პატრიარქი ნიკონი არც დაელოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და კრების პასუხს და 1654 წელს თვითნებურად დაიწყო საეკლესიო ღვთისმოსაობის ნგრევა. ხოლო პატრიარქ პაისის პასუხი ნიკონმა მიიღო მხოლოდ 1655 წელს.
"მიუკერძოებელმა ისტორიამ აღნიშნა ის გარდაუვალი ფაქტი, - წერს ერთი მკვლევარი, - რომ ყოველი რელიგიური იდეა, როგორი უაზროც გინდა იყოს იგი თავისთავად, ძალზედ სიცოცხლისუნარიანი ხდება, თუ მის ამოძირკვას ძალადობით შეეცდებიან. ამას ადასტურებს ქრისტეანობის მთელი ისტორია... ნიკონი, მიუხედავად თავისი ბუნებრივი ნიჭისა, ვითარებათა გამო ბავშვობიდან ტრიალებდა ისეთ გონებრივად ჩამორჩენილ გარემოში, რომ არ შეეძლო ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების წვდომა" (Быков Александр А. Патриарх Никон. Биографический очерк. 1891 г. Стр. 11. https://unotices.com/book.php?id=60508&page=11 ), ამიტომაც, უკვე მოსკოვის საეკლესიო კრებების მხარდაჭერით მორალურად გათამამებულმა გადაჭრით დაიწყო რუსული ეკლესიის "გაწმენდა" ყოველივე იმისგან, რაც დროთა განმავლობაში დაუმკვიდრებია აქ, მისი აზრით, "უმეცარ" რუს სამღვდელოებას, რითაც გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დასანანი განხეთქილება და საშინელი დევნა-შევიწროება აღმართა სრულიად უდანაშაულო ძველმართლმადიდებელთა მიმართ.
წინ გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ 1667 წლის კრების არაკანონიკური და თვითნებური ხასიათი წარმოჩნდება არა მარტო იქიდან, რომ მისი თავმჯდომარე პაისი ლიგარიდი იყო მწვალებელი და პატივაყრილი იერაქი, და ასეთივე პატივაყრილები იყვნენ სხვა იერარქებიც; არა მარტო იმიტომ, რომ მან მწვალებლობად გამოაცხადა სრულიად მართლმადიდებლური და ბიზანტიური საეკლესიო გადმოცემები, რომელთაც ახლა უკვე მაცხოვნებლად აღიარებენ; არამედ იმიტომაც, მან არ გაითვალისწინა კონსტანტინოპოლის ადგილობრივი კრების და მისი პატრიარქის რჩევა, "მეორეხარისხოვან" საწესჩვეულებო საკითხებზე არ გაემახვილებინათ ყურადღება და თუ ისინი არ ეხებოდა მთავარ, დოგმატურ საკითხს, ისევე დაეტოვებინათ. ამგვარი გაუთვალისწინებლობა წარმოაჩენს სწორედ იმ უეჭველ ფაქტს, რომ თვით რეფორმატორები ამ "მეორეხარისხოვან" წეს-ჩვეულებებს აიგივებდნენ სარწმუნოების ცვლილებასთან, ანუ დოგმატურ საკითხებთან.
მეტიც, მოგვიანებით, როდესაც კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ევქარისტული კავშირი არ გაწყვიტა რუსეთის რეფორმირებულ ეკლესიასთან, თვითონაც წინააღმდეგობაში აღმოჩნდა, მის მიერვე გაცემულ რჩევა-დარიგებასთან და მით, თავისი მხრიდან, ფაქტობრივად, ლეგიტიმურად აღიარა უკანონო რეფორმა და ყაჩაღთა კრება.
კიდევ უფრო მოგვიანებით კონსტანტინოპოლი ასეთივე ნაბიჯს გადადგამს სტალინური "ჟივოცერკოვნიკების" მიმართაც... მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ თვით ნიკონ პატრიარქი საეკლესიო განხეთქილებამდე, როდესაც მან საეკლესიო რეფორმა ჩაიფიქრა, რუსეთში თვით ბერძენთაგან დამკვიდრებულ ლიტურგიკულ საწესჩვეულებო მხარეს სარწმუნოების ტოლფარდოვან საკითხად მიიჩნევდა. ზუსტად ასეთად თვლიდნენ მას გვიანდელი რუსი პატრიარქებიც და იერარქებიც და რეფორმირებული "ეკლესიის" "წმინდანებიც".
მოდი, აქვე დავსვათ ასეთი კითხვა. ჯერ მივიღოთ ის აზრი, რომ, როგორც პროფ. ნ. კაპტერევი და სხვა მეცნიერები ამბობენ, ორივე მხარეს (როგორც რეფორმატორებს პატრ. ნიკონის მეთაურობით, ასევე "სტაროვერებს") საწესჩვეულებო მხარე "დოგმატის რანგში აჰყავდა"; აქედან გამომდინარე, ცდებოდა ორივე მხარე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იბადება სამართლიანი კითხვა: ვის უფრო ეკისრება პასუხისმგებლობა საეკლესიო საკითხების უცოდინრობაში - უმაღლეს დასსა თუ უქვემოესს? ვინ უფრო პასუხისმგებელია საეკლესიო მოძღვრების სიწმიდისთვის, პატრიარქი მთელი თავისი მღვდელმთავრობითურთ თუ დიაკვნები და მღვდლები (ანუ უქვემოესი დასი) ერისკაცებითურთ? ვინ არის განხეთქილების მიზეზი - უთანხმოების შემომტანი და მით ეკლესიაში შფოთის დამამკვიდრებელი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემებს "მწვალებლობას" უწოდებს, თუ ამგვარი აშკარად ერეტიკული შეხედულებისადმი შეურიგებელი სამღვდელოება?
მართალია, სარწმუნოების სიწმიდის დაცვა ეკლესიის ყველა წევრის წმიდათაწმიდა მოვალეობაა, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც პატრიარქს და ეპისკოპოსებს ეკისრებათ. თვით ტერმინი "ეპისკოპოსი" ხომ ზედამხედველს ნიშნავს (ბერძნ.: ἐπίσκοπος - "ზედამხედველი"; ἐπί - "ზე, თან" + σκοπέω - "ვუყურებ"; ლათ. episcopus). მაშ, რაში ვადანაშაულებთ "სტაროვერ" მღვდლებს, დიაკვნებს და ერისკაცთ, თუკი სარწმუნოება "მეორეხარისხოვან" წეს-ჩვეულებებთან თვით პატრიარქ ნიკონს და მის მომხრე მღვდელმთვრებსაც გაუიგივებიათ?
ნიკონის რეფორმა რომ თავიდან ბოლომდე საწესჩვეულებო საკითხთა დოგმატთა რანგში აყვანის ნიშნით მიმდინარეობდა და, აქედან გამომდინარე, იმდროინდელ რუსულ, სინამდვილეში კი რუსეთის გაქრისტეანების დროს ბერძენთაგან მიღებულ წეს-განგებებს სარწმუნოებრივი ცვალებადობის, სარწმუნოების შერყვნის იარლიყს აკერებდნენ, მკაფიოდ არის დამტკიცებული პროფ. ნ. კაპტერევის მიერ, რომელსაც ამის დამადასტურებელი საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები მოჰყავს თავის ნაშრომში "პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი მიხეილის ძე".
"დავტოვებთ რა განზე პაისი ლიგარიდისა და პოლოცკის თხზულებებს, - წერს თავის ამ თხზულებაში პროფ. ნ. კაპტერევი, - აქ მივუთითებთ არქიმანდრიტ დიონისეს (3) თხზულების მნიშვნელობაზე, რომლის პირდაპირი ზეგავლენით იქნა შედგენილი 1667 წლის დადგენილებები ჩვენს ძველმოწესეებზე.
------------------
3. დიონისე ბერძენი (ათონის ივერონის მონასტრის არქიმანდრიტი († 1672 წ. დეკ. ბუქარესტი?), მოსკოვის 1666-1667 წლების დიდი კრების მონაწილე, მოსკოვში წიგნების მთარგმნელი და შემსწორებელი, რუსეთის ეკლესიის საღვთისმსახურებო რეფორმის მონაწილე. ბოლოს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტი (1672). დიონისე ბერძენი, რომელსაც ეკუთვნის მთელი რიგი თხზულებები ძველმოწესეობის წინააღმდეგ, რუსეთის ეკლესიაში დამკვიდრებულ ძველ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს მწვალებლურად აცხადებდა და მიიჩნევდა, რომ ისინი აქ რუსების გაუნათლებლობის შედეგად გავრცელდა. ორი თითით პირჯვრისწერასა და ორჯერად ალილუიას ერეტიკულ ჩვეულებად მიიჩნევდა, რომელიც თითქოსდა ეხებოდა წმიდა სამების დოგმატს. დიონისეს აზრით, რუსეთში "ღვთისმოსაობის" აღდგენა დაიწყო მაშინ, როდესაც მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს გააქტიურდა რუსულ-ბერძნული საეკლესიო კონტატქები რუსულ საეკლესიო საქმეებში აღიარებულ იქნა ბერძენ იერარქთა უმაღლესი ავტორიტეტი. "დიონისე ბერძენის ანტიძველმოწესეობრივმა თხზულებებმა განმსაზღვრელი ზეგავლენა მოახდინა 1667 წლის მოსკოვის საეკლესიო კრების დადგენილებებზე ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ, რომლებიც კრების მამებმა "როგორც მწვალებლები და დაუმორჩილებელნი" დასწყვლეს და ანათემას გადასცეს". კრების მთელი რიგი დადგენილებები სიტყვა-სიტყვით ამონაწერებს წარმოადგენენ დიონისე ბერძენის თხზულებებიდან. 1669 წელს რუსეთის მეფემ დიონისეს მონაწილეობა ამ კრებაში დიდად შეაფასა და ჯილდოს სახით ათონის ივერონის მონასტერს (რომლის არქიმანდრიტიც იყო იმ დროს ბერძენი დიონისე) მოსკოვის კუთვნილებაში მყოფი წმ. ნიკოლოზის სავანეც უფეშქაშა. ძველმორწმუნეები საკმაოდ მძაფრად ეხმიანებოდნენ დიონისე ბერძენის მონაწილეობას 1667 წლის კრების საქმეებში. "ამბაკუმი მას "ქურდს და დიდი რუსეთის მლანძღველს" უწოდებდა, ხოლო დიაკვანი თევდორე ივანოვი მიიჩნევდა, რომ აღმოსავლელი პატრიარქები დიონისე ბერძენის მითითებებით მოქმედებდნენ, რომელმაც ისინი მაქსიმე ბერძენის (XV ს.) ბედით დააშინა, და უთხრა, რომ მათაც იგივე ბედი ელოდათ, თუ ისინი ძველრუსული წეს-ჩვეულებების მიმდევრებს არ გაასამართლებდნენ" (იხ. Православная энциклопедия под редакцией Патриарха Московского и Всея Руси Кирилла. Дионисий Грек. http://www.pravenc.ru/text/178456.html)
------------------
1666 წლის კრებაზე, რომელიც მხოლოდ რუსი იერარქებისგან შედგებოდა, გამოხატულ იქნა ძველმოწესეობის სუფთად რუსული გაგება და მისდამი რუსული დამოკიდებულება; ხოლო 1667 წლის კრების დადგენილებებში ძველმოწესეობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა უკვე ბერძნული გაგება, რომელიც ბერძენი არქიმანდრიტის, დიონისეს ნაშრომით იქნა შემზადებულ, რომელიც უეჭველად ხელთ ჰქონდათ კრების ბერძენ მამებს და რუსული ძველმოწესეობის გაგებაში სწორედ მისით ხელმძღვანელობდნენ, რის გამოც ძველმოწესეებთან დაკავშირებული ზოგიერთი დადგენილება დიონისეს თხზულების სიტყვასიტყვით ამონაწერს წარმოადგენს. ამის გამო, არქიმანდრიტ დიონისეს თხზულება ჩვენთვის იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან ის კარგად გვაცნობს მოსკოვში მყოფი ბერძნების შეხედულებებს რუსულ ძველმოწესეობრივ საეკლესიო თავისებურებებზე, იმ აზრსა და მნიშვნელობაზე, რომელსაც მათ მიაწერდნენ მაშინ მოსკოვში ჩამოსული ბერძნები და მნიშვნელოვანწილად ააშკარავებს 1667 წლის კრებითი წყევლა-კრულვების ჭეშმარიტ აზრს, რომელიც დაადეს ძველმოწესეებს.
"რუსულ წეს-ჩვეულებათა თავისებურებებს, რომლებიც ქრისტეანობასთან ერთად, ძველ მართლმადიდებელ ბერძენთაგან მივიღეთ, არქიმანდრიტი დიონისე პირდაპირ და გადაჭრით მიაწერს მწვალებლურ წარმომავლობას. როგორც დიონისე ირწმუნება, თურმე ეს თავისებურებები ჩვენში გაჩენილა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რუსი მიტროპოლიტები ხელდასხმის მისაღებად უკვე კონსტანტინოპოლში არ ჩადიოდნენ" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона. Сергиев Посад. 1909. Репринт Москва. 1999 г., стр. 375, 377, 378).
"რუსულ წეს-ჩვეულებათა მწვალებლური წარმომავლობის ამგვარ დიონისესეულ განმარტებას სიძველეთა ჩვენი დამცველები პასუხობდნენ, რომ დიონისე არასწორად წარმოაჩენდა საქმეს, რადგან მრისხანე მეფის (იოანეს - არქიეპ. პ.) დროიდან ვიდრე ნიკონამდე მოსკოვში ნამყოფი იყო მრავალი ბერძენი იერარქი. ჩვენთან იმყოფებოდა თვით მსოფლიო პატრიარქი იერემია, რომელმაც პატრიარქად ხელი დაასხა იობს, იყო იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე, რომელმაც ხელი დაასხა ფილარეტ ნიკიტას ძეს; პატრიარქ იოსების დროს ჩამოვიდა იერუსალიმის პატრიარქი პაისი, და მათგან არავის შეუმჩნევია, თითქოსდა რუსებს რაიმე მწვალებლური საეკლესიო წეს-განგებები ჰქონოდეთ, მათგან არავის უცდია მათი გასწორება, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ, ჩვენში წესები და ჩვეულებები მართლაც მწვალებლური შინაარსისა და წარმომავლობის რომ ყოფილიყვნენ. კითხვაზე, თუ ვინ დანერგა რუსეთში არასწორი და თვით მწვალებლური საეკლესიო წესები და ჩვეულებები, დიონისე პასუხობს, რომ ეს გააკეთა თვით ეშმაკმა - "ისარგებლა რა დროით, ბოროტების გამომგონებელმა ეშმაკმა რუსეთში ჩათესა მრავალი ღვარძლი", თანაც დიონისე, როდესაც ძველმოწესეებს მიმართავს, ამბობს: "სატანისგან, თქვენი მამისა და მოძღვრისგან გსმენიათ და მიგიღიათ ეს ყოველივე"" ("На вопрос: кто же насадил на Руси неправые и даже еретические церковные чины и обряды, Дионисий отвечает, что это сделал сам дьявол - "обретающе время, обретник злобы диавол посея (на Руси) многая зизания", почему Дионисий, обращаясь к старообрядцам, говорит: "от сатаны, отца и друга вашего и учителя, слышесте и навыкосте сия"").
ეშმაკი მოქმედებდა ლათინთა მეშვეობით, რომლებისგანაც შეეძლოთ რუსებს ესწავლათ ორი თითით პირჯვრისწერა, "რადგან ლათინები, - ამბობს დიონისე, - ჯვარს ზოგჯერ სამი თითით არ გამოისახავენ, არამედ მხოლოდ ორით. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც". ზუსტად ასევე, ორჯერადი ალილუია, რომელსაც მისდევენ ძველმოწესენი, თურმე ლათინთაგან ყოფილა ნასესხები, რადგან, როგორც დიონისე ამბობს, ძველ მართლმადიდებლურ წიგნებში "ალილუიას ორჯერ წარმოთქმა არსად არის მითითებული, განათუ მხოლოდ ფუჭმეტყველ და უგუნურთაგან გაფუჭებულ წიგნებში, რომლებმაც ეს ყოველივე ლათინური წიგნებიდან გადმოწერეს, რადგან ცნობილია, რომ ლათინები ალილუიას ორჯერ ამბობენ, სამჯერ კი არასოდეს" (იქვე. გვ. 378, 379, 380).
"რუსული, ნიკონამდელი ჩვეულებების თავისებურებები თავისი წარმომავლობით თუ ერეტიკოსებს უკავშირდება და თუკი ეს "ძეძვი, ეკალი და ყოველგვარი ველური ღვარძლი" ჩვენში მოხერხებულ დროს "ბოროტების გამომგონებელ ეშმაკს" დაუთესია, მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ მწვალებლური წარმომავლობის რუსული ჩვეულებები აუცილებლად უნდა შეიცავდეს მწვალებლურ სწავლებებს, რაც სრულიად მოუთმენელი და შეუწყნარებელია მართლმადიდებელ ეკლესიაში; და მართლაც, დიონისე ყოველმხრივ ცდილობს, დეტალურად და საფუძვლიანად გახსნას და მიუთითოს ის მწვალებლური სწავლებანი, რომლებსაც თითქოსდა ძველრუსული წეს-ჩვეულებები შეიცავენ და რომლებიც იმდროინდელ ბერძნულ ჩვეულებათაგან სხვაობენ" (იქვე. გვ. 380).
ასე წარმოაჩინა არქიმანდრიტმა დიონისე ბერძენმა პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ორთითიანი წყობა. მისი აზრით, "ძველმოწესეების მიერ გამოყენებული ორთითიანი წყობა უეჭველად შეიცავს მწვალებლურ სწავლებას" (იქვე. გვ. 380-382) "და "წმიდა სამების გმობას" წარმოადგენს, რადგან მის იპოსტასთა თანასწორობას "არათანაბარი თითებით წარმოაჩენს" და ასე, "არიანელებივით, ნესტორიანელებივით, მაკედონიანელებივით, და საბელიანოზთა და სულის მგმობელ აპოლინარელთა მსგავსად წმიდა სამების არათანასწორობას აღიარებით (ამგვარი ბრალდების აბსურდულობაზე იხ. წინამდებარე წიგნის მეორე ნაწილის თავი პირჯვრისწერის შესახებ - არქიეპ. პ.); რადგან სწორედ ისინი მჭევრმეტყველებდნენ წმიდა სამების პირთა არათანასწორობასა და არაერთარსობზე. ასწავლიდნენ მამის მეტობაზე და ძის ნაკლებობაზე, სულიწმიდა კი კიდევ უფრო ნაკლებიაო ძეზე... ასე ხართ თქვენც: პირველ - დიდ თითს მამას უწოდებთ, მეოთხეთი - ძის ნაკლებობას აღნიშნავთ, ხოლო მეხუთეთი, რომელიც მეოთხეზე პატარაა - სულიწმიდას" (დედანში: "Се явно есть, яко хулите Святую Троицу в тех трех неравных перстах, иже совокупляете... В сем исповедуете во Святой Троице неравенство, яко ариане, и несториане, македониане, и савелиане, и духоборцы, аполинаряне; зане они еще исповедоваша и мудрствование во Святой Троице несравнение и неединосущие: Отца болше, Сына менше, и Духа Святого еще менше, яко раба. Такожде и вы: первый - большой перст Отца именуете, четвертый Сына менше, и пятый, иже есть менше, Духа Святого именуете" (იქვე. გვ. 380).
ახლა ვხვდებით, ვისგან შეუთვისებია ზ. ნოდიას თავისი აბსურდული ბრალდება, თითქოსდა "სტაროვერებს" "ძველი წეს-ჩვეულებები აყვანილი ჰყავდათ არიანულ-ნესტორიანულ-დუხაბორულ ერესთა რანგში" (ზ. ნ. დასახ. წიგნი. გვ. 194). ამ უაზრო ბრალდების წყარო გახლავთ აფერისტი ბერძენი არქიმანდრიტი დიონისე და მისი უაზრო და უსაფუძვლო ბრალდებები ძველრუსულ, სინამდვილეში კი ძველბერძნულ საეკლესიო წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ. მაგრამ, მოდი, კვლავ დიონისეს ნაყალბევს დავუბრუნდეთ: დიონისე ბერძენი "მწვალებლობებს" პოულობს არა მარტო ორთითიან წყობაში, არამედ ორჯერად ალილუიაშიც. "ვერ გულისხმაყოფენ შეჩვენებულნი და გულით დაბრმავებულნი, - ამბობს დიონისე, - რომ ორჯერადი ალილუია უდიდესი ერესია, რადგან განყოფენ წმიდა სამებას და არ აერთებენ" (იქვე. გვ. 383).
დიონისეს აზრით, მწვალებლურ სწავლებას შეიცავს იესუს ლოცვის ის ფორმა, რომელსაც წარმოთქვამენ რუსულ სიძველეთა დამცველნი: "რატომ ჯიუტობთ, - წერს დიონისე, - და მხოლოდ ამბობთ: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო", ხოლო "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენოს" გაგონებაც არ გინდათ? არ იცით, წყეულნო, არიანულ მწვალებლობაში რომ ვარდებით, რადგან არიოზი ქრისტეს მხოლოდ ღმრთის ძეს უწოდებდა და აღიარებდა, - ასევე ხართ თქვენც... მჭევრმეტყველებთ არიოზივით და ქრისტეში მხოლოდ ღმრთის, მადლისმიერ ძეობას აღიარებთ, და არა ჭეშმარიტ ღმერთს თანაარსს მამისა" (დედანში: "Чего ради, говорит он, упрямитеся вы и хощете токмо: Господи Иисусе Христе, Сыне Божий глаголати, а: Господи Иисусе Христе, Боже наш, ниже слышати хощете? Не разумеете, окаяннии, яко во Ариеву ересь впадаете, зане Арий Христа Сына Божия токмо глагола и исповеда,—такожде и вы ныне... яко мудрствуете и вы яко Арий и исповедаете и вы Христа токмо Сына Божия по благодати, а не Бога истинна по существу Отца") (იქვე).
"მაგრამ, - ამბობს პროფ. ნ. კაპტერევი, - თუკი ძველი რუსული წეს-ჩვეულება საკუთარ თავში შეიცავს მწვალებლობას, როგორც ამტკიცებდა ამას დიონისე, მაშინ თავისთავად გასაგებია, რომ ეს ერეტიკული წესი არანაირი სახით არ უნდა შეეწყნარებინა მართლმადიდებელ ეკლესიას, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც მასში მოაზრებული მწვალებლური სწავლება მითითებულ და მხილებულ იქნა, როდესაც უკვე უცოდინრობით თავის მართლება შეუძლებელია. ახლა ძველი წეს-ჩვეულებების მიმდევარნი უკვე ამითვე აჩვენებდნენ, რომ ისინი შეგნებულად მისდევენ მწვალებლურ სწავლებას და, რადგან მწვალებლები არიან, გარდაუვალად ექვემდებარებიან ეკლესიიდან მოკვეთას სხვა მწვალებელთა მსგავსად.
ამრიგად, იმ დროს, როდესაც რუსები ამტკიცებდნენ, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ბერძნებში აიმღვრა მართლმადიდებლობა, რადგან მათ თავიანთ პრაქტიკაში შეიწყნარეს ზოგიერთი ლათინური სიახლე და მართლმადიდებლობა უცვალებლად, თავისი სუფთა და წმიდა სახით მხოლოდ რუსებში დარჩა, ბერძენი არქიმანდრიტი დიონისე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა.
ბერძენ დიონისეს აქ მოტანილი შეხედულებები რუსულ საწესჩვეულებო საეკლესიო თავისებურებებზე, როგორც მწვალებლურზე, თავისი წარმომავლობით და მასში ჩადებული შინაარსით, განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობისაა, რადგან აღმოსავლელმა იერარქებმა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ 1667 წლის საეკლესიო კრებაზე, რათა თავიანთი კომპეტენტური და საბოლოო განაჩენი გამოეტანათ რუსული ძველმოწესეობისთვის, თავიანთ მსჯელობას საფუძვლად დაუდეს სწორედ ის შეხედულებები ძველ ჩვეულებებზე, რომელიც ბერძენმა არქიმანდრიტმა დიონისემ გამოთქვა" (იქვე. გვ. 385).
"პატრიარქებისთვის ასე უფრო იოლი იყო, რადგან დიონისეს შეხედულებებზე დაყრდნობა უკიდურესად უადვილებდა მათ აბურდული საეკლესიო-საწესჩვეულებო დავის გადაწყვეტას, და არ ითხოვდა მათგან განსახილველი საგნებისა და საკითხების სერიოზულ შესწავლას, არც ისტორიულ ჩაღრმავებას ადრეულ ქრისტეანთა საეკლესიო-საწესჩვეულებო ცხოვრებაში: რუსული საეკლესიო ჩვეულებების ყველა თავისებურება, ირწმუნებოდა დიონისე, შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ნიადგზე, გამსჭვალულია უმეცრებით, უგუნურებით და თვითნებობით, თანაც იქმნებოდა სატანისგან შთაგონებულ რომელიღაც მწვალებელთა მიერ და ამიტომაც ბუნებრივად ატარებენ არამართლმადიდებლურ ხასიათს და პირდაპირ შეიცავენ მწვალებლურ სწავლებებს" (იქვე. გვ. 385).
ამგვარად, რუსულ საეკლესიო ჩვეულებებთან დაკავშირებული საქმე, იმდროინდელ ბერძნულთან შედარებით, ძალიან მარტივად, უბრალოდ და მკაფიოდ განისაზღვრებოდა და ის დამოკიდებულება, რომელიც აღმოსავლელ მსოფლიო პატრიარქებს უნდა გამოევლინათ ძველრუსული ჩვეულებების მიმართ, ცხადია, უცილობლივ უარყოფითი უნდა ყოფილიყო.
"რა თმა უნდა, კრებას რუსი იერარქებიც ესწრებოდნენ, რომლებიც იქ ბერძენ იერარქებთან შედარებით უმრავლესობას წარმოადგენდნენ და თითქოსდა უნდა შეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ბერძნების მიერ რუსული საეკლესიო სიძველეების ასეთ ტენდენციურ დამცირებას, მის საჯარო და ტენდენციურ ლანძღვას მოსკოვში ჩამოსული ბერძნების მხრიდან. მაგრამ აღმოსავლელი პატრიარქები სულაც არ ერიდებოდნენ რუს იერარქებს, არამედ მშვიდად მისდევდნენ უკვე არჩეულ ბერძნულ ხაზს, რადგან რუსეთის მთავრობამ და რუსმა მღვდელმთავრებმა საქმეთა მთელი წარმოება მთლიანად გადასცეს ამ იერარქებს. ეს უკანასკნელნიც ბრწყინვალედ ჩასწვდნენ თავიანთი მდგომარეობის უპირატესობას, თავიანთ დომინირებულ მნიშვნელობას კრებით საკითხთა გადაწყვეტის საქმეში, მიხვდნენ რუს იერარქთა სრულ პასიურობასა და უმწეობას და ამიტომაც, კრებაზე თავი მოჰქონდათ, როგორც ავტორიტეტულ საეკლესიო მსაჯულთ, რომლებიც უაპელაციოდ წყვეტდნენ ყველა რუსულ საეკლესიო პრობლემას" (იქვე. გვ. 386).
"გასაგებია, თუ რატომ ჰქონდა 1667 წლის კრებას, რომელსაც მოსკოვში იმ დროს მყოფი ორი აღმოსავლელი პატრიარქი ხელმძღვანელობდა, ასეთი აუტანლად უარყოფითი დამოკიდებულება ძველრუსული წეს-ჩვეულებებისადმი, რომელიც, არსებითად, იყო ძველ-ბერძნული მართლმადიდებლური წესი. აღმოსავლელი იერარქები რუსული საწესჩვეულებო თავისებურებების წარმომავლობის საკითხში ხელმძღვანელობდნენ ბერძენი არქიმანდრიტის დიონისეს შეხედულებების მიხედვით და ცდილობდნენ, მკაცრად გაეტარებინათ იგი რუს ძველმოწესეებთან დაკავშირებულ თავიანთ დადგენილებებში" (იქვე. გვ. 392).
"დიონისესთან ერთად პატრიარქებიც რუსულ წეს-ჩვეულებებში პოულობენ მათში დაფარულ პირდაპირ მწვალებლურ სწავლებას. ასე, მაგალითად, კრებითი დადგენილებები, შედგენილი პატრიარქების ხელმძღვანელობით, მეტყველებს დიონისეს თანხმიერად და თვით მისი სიტყვებითაც კი" (იქვე. გვ. 392).
«სწორედ დიონისეს მიერ ჩამოყალიბებულ აბსურდულ ბრალდებასა და სწავლებას ეფუძნებიან კრების მონაწილეებიც, როდესაც განიკითხავენ ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის ჩვეულებას და იძლევიან ასეთ განმარტებას: "ეს ფუჭმეტყველნი (ანუ ძველი ჩვეულებების მიმდევარნი) ამბობენ, თითქოსდა ორი თითი, მეორე (საჩვენებელი) და მესამე (საშუალო) აღნიშნავს ღვთაებრიობასა და კაცობას (ქრისტესი - აქიეპ. პ.), ხოლო სამი თითი: პირველი, მეოთხე და ბოლო - ნეკა, უნდა დახარო და შეაერთო ამ ორი თითის ქვეშ, რომელსაც წმიდა სამებას უწოდებენ და მბობენ, რომ ამ არათანაბარი და განსხვავებული თითებით გამოიხატება წმიდა სამების საიდუმლო"» (იქვე. გვ. 393).
"ყველასთვის ცხადია, რომ ისინი, არიანელთა, ნესტორიანელთა, სულისმგმობელთა და აპოლინარიელთა, ასევე სხვა წყეულ ერეტიკოსთა მსგავსად, სამებაში პირთა არათანასწორობას აღიარებენ..." (იქვე).
"იესუს ლოცვასთან დაკავშირებით ("უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - არქიეპ. პ.) პატრიარქები ამბობენ: "ვინც ჯიუტად ცდილობდეს თქვას მხოლოდ: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო", ხოლო ლოცვას "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო" უარყოფდეს, არიოზივით მჭევრმეტყველებს და ძეს მხოლოდ მადლისმიერ აღიარებს და არა, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს... აშკარაა, რომ ლოცვა "უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ", უფრო შეეფერება ქრისტეს და მეტ პატივს მიაგებს..." (იქვე. გვ. 393).
"საეკლესიო პროცესიებში მზის მიმართულებით მოძრაობის უძველეს ჩვეულებასთან დაკავშირებით პატრიარქებმა განაწესეს", თითქოსდა ძველმოწესეები "აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიის თანხმიერად არ მოქმედებენ და არ მოძრაობენ მარჯვნივ, აღმოსავლეთისკენ, არამედ მიემართებიან მარცხნივ, დასავლეთისკენ და მჭევრმეტყველებენ, თითქოსდა მზის მიმართულების მიხედვით უნდა ვმოძრაობდეთ..." (იქვე. გვ. 393-394).
ამ და კიდევ ზოგიერთ სხვა წეს-ჩვეულებას, რომლებიც 1667 წლის საეკლესიო კრებამ (და არა "სტაროვერებმა") დოგმატის რანგში განიხილა, სცნო მწვალებლობად და შეაჩვეა, ქვემოთ, შესაბამის თავში შევეხებით, მანამ კი დავაფიქსირებთ იმ ფაქტს, რომ 1667 წლის კრებამ, რომელიც არქიმანდრიტ დიონისეს თხზულებით ხელმძღვანელობდა, გამოაცხადა, რომ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებები, რომლებიც იმდროინდელი ბერძნული წეს-ჩვეულებებისგან განსხვავდებოდა, პირდაპირ შეიცავდა მწვალებლურ სწავლებებს და რუსული "უგუნური მჭევრმეტყველების" ("несмысленного мудрования") პროდუქტს წარმოადგენდა (იქვე. გვ. 394), ამიტომაც, მათი მიმდევრები მხოლოდ "ფუჭმეტყველები, მეამბოხეები და სქიზმატიკოსები" იყვნენ ("являют собою "токмо суемудрие, и мятеж, и раскол"") (იქვე).
"ცხადია, ასეთი წეს-ჩვეულება პატრიარქთა მხრიდან აუცილებლად უნდა დაქვემდებარებოდა საბოლოო აკრძალვას ყველა მომდევნო დროისთვის და კრების მიერ მოცემული განმარტებების შემდეგ, ყოველი, ვინც კი მას გამოიყენებდა, დაუყოვნებლივ უნდა დაქვემდებარებოდა საეკლესიო განკვეთას და კრულვას მხოლოდ ამ წესის გამოყენებისთვის, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია ოდესმე და რაიმე სახით დაითმინოს თავის პრაქტიკაში ისეთი წესი, რომელსაც ის პირდაპირ მწვალებლურად ან "უგუნური მჭევრმეტყველების" პროდუქტად აღიარებს და მხოლოდ "ფუჭმეტყველებას, ამბოხსა და განხეთქილებას" იწვევს" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона. Сергиев Посад. 1909. Репринт Москва. 1999 г., стр. 392-394).
ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, თუ საიდან მომდინარეობს XVII ს.-ის რუსეთის საეკლესიო განხეთქილების მიზეზები. კერძოდ, ეს არის პატრიარქ ნიკონისა და მის მიერ მოწვეულ ბერძენ იერარქთა მიერ საწესჩვეულებო მხარის განხილვა დოგმატური სწავლა-მოძღვრებების რანგში.
ის, რასაც სრულიად უსამართლოდ აბრალებენ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, სინამდვილეში გახლდათ პატრიარქ ნიკონის და მის მიერ მოწვეულ იერარქთა უმძიმესი შეცდომა. მათ ანათემას გადასცეს და ოკულტიზმისთვის დამახასიათებელი საშინელი წყევლა-კრულვებით "შეჰკრეს" ის ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ IX-X საუკუნეებში, რუსეთის გაქრისტიანების დროს, თვით ძველ ბერძენთაგან მიღებულ საეკლესიო წეს-განგებათა მწვალებლობად გამოცხადებას და მათ შეჩვენებას.
ძველმორწმუნეთა მთელი "დანაშაული" მდგომარეობს იმაში, რომ მათ ძველი საეკლესიო გადმოცემები ამპარტავან, ფულზე გაყიდულ და ზოგიერთი იერარქის შემთხვევაში, აშკარა მწვალებელ (მაგ. პაისი ლიგარიდი) მღვდელმთავართა ამბიციებს არ გააყოლეს. დაიცვეს უძველესი ლიტურგიკული გადმოცემები, სწავლებები და ცხოვრების წესი, რის გამოც "სქიზმატიკოსებად" და "ერეტიკოსებადაც" კი შეირაცხნენ.
მოგვიანებით, ჯერ 1929 წლის სინოდალურ კრებაზე, შემდეგ კი, საბოლოოდ, 1971 წლის ადგილობრივ დიდ საეკლესიო კრებაზე რუსეთის ეკლესიამ ცნო პატრიარქ ნიკონის და აღმოსავლელ იერარქთა შეცდომა. ცნო, რომ ყველა კრულვა და ყველა განმარტება, რომელსაც კრების მონაწილეები აძლევდნენ ძველ ბიზანტიურ წეს-ჩვეულებებს იყო ყალბი და არასწორი. თუმცა, გაბატონებულმა ეკლესიამ არ გააკეთა მთავარი. განხეთქილების მიზეზი მაინც სრულიად უდანაშაულო "სტაროვერებს" დაეკისრათ. რუსეთის გაბატონებულ "მართლმადიდებელ" ეკლესიას არ ეყო გამბედაობა - ან იქნებ, აქ გამბედაობა არაფერ შუაშია, უკვე სახელმწიფო ორგანოდ ქცეული "ეკლესია" ცდილობს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ნამდვილად მართლმადიდებლური ეკლესიის შერწყმას თავის უსახურ სხეულში, რის გამოც საკუთარ თავს ვერანაირად ვერ შეიცნობს განხეთქილების მოქმედად და ამგვარ ქმედებაში ისევ და ისევ "სტაროვერებს" ადანაშაულებს.
ზემოთ თვალსაჩინოთ ვნახეთ, რომ თვით საეკლესიო წეს-ჩვეულებები კი არ არის მეორეხარისხოვანნი, არამედ შეიცავენ ორ მხარეს: მთავარსა და მეორეხარისხოვანს; ანუ, თვით საეკლესიო წეს-ჩვეულებები იყოფიან მთავარ და უმნიშვნელო წეს-ჩვეულებებად. ეს ნათლად ჩანს თუნდაც წმ. ბასილი დიდის განმარტებიდან, რომელიც ბრძანებს: "თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომდა მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით შეუმჩნევლად თვით სახარებას ვავნებთ ძირითად საკითხებში" (Правила свв. Отец с толкованиями (полн. Перевод.) Изд. Общесьва духовного просвещения. Правила св. Василия Великого. Стр. 427). იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს".
საეკლესიო წეს-ჩვეულებების ამ ორ მხარეზე სრულიად სამართლიანად ბრძანებს პროფ. ნ. კაპტერევი, რომ "ყოველ ჩვეულებას საკუთარ თავში გააჩნია ორი მხარე: ერთი არსებითი, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებაში ჩადებულ შინაარსს და მეორე - არაარსებითი, რომელიც წარმოადგენს აზრისა და სწავლების მხოლოდ გარეგან, თვალსაჩინო გამოხატულებას; რომ ... რწმენისა და ღვთისმოსაობისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პირველი მხარე, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებასთან, რაც შეეხება მეორეს, ის ყოველთვის ექვემდებარებოდა და შეიძლება დაექვემდებაროს სხვადასხვა ცვალებადობას, სხვადასხვა ეკლესიაში განსხვავებული იყო და ყოველთვის შეიძლება დარჩეს არაერთგვაროვნად, გამომდინარე ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის ვითარებიდან; ... რომ ამა თუ იმ საეკლესიო ჩვეულების ვარგისიანობისა თუ უვარგისობის განმსაზღვრელია მისი ერთგულება მართლმადიდებლური მოძღვრებისადმი, მორწმუნეთათვის მისი თვალსაჩინოება, მისაწვდომობა და ადვილად გაგებადობა; რომ ყველა სხვადასხვა კერძო საწესჩვეულებო საკითხი და გაუგებრობა შეიძლება გადაწყდეს ადგილობრივი ეკლესიის მიერ საერთო-საზოგადო მართლმადიდებლური სწავლების ხელმძღვანელობით, რომელიც კავშირშია უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკასთან" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона. Сергиев Посад. 1909. Репринт Москва. 1999 г., стр. 163-164).
1667 წლის კრების დანაშაული მდგომარეობს არა იმაში, რომ მათ ორი თითით პირჯვრისწერის ან ორჯერადი ალილუიას, ან კიდევ მზის მიმართულებით მოძრაობის წესები დოგმატურ ღვთისმეტყველებას დაუკავშირეს - ეს ასეც არის, - მათი დანაშაული იმაში არის, რომ მათ ამ წესებს მისცეს აბსოლუტურად განსხვავებული განმარტება, იმგვარი, რაც მათში არ დევს და რაც არასოდეს უგულისხმიათ "სტაროვერებს". ფაქტობრივად, 1667 წლის ანტისტაროვერული საეკლესიო კრების განმარტებები და მათი ბრალდებები ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ შეიცავენ საშინელ ცილისწამებებს და სიცრუეს. ფაქტობრივად არც კრების დადგენილებებში, არც დიონისეს თხზულებებში და არც სხვაგან, არ არსებობს იმ სწავლებების დამამტკიცებეული მასალა, რომელთაც დიონისე ბერძენი და 1667 წლის კრება ძველმართლმადიდებელ ქრსიტეანთ აბრალებდნენ ძველ საეკლესიო წესებში მოქცეული სწავლა-მოძღვრების მხრივ. მთელი ეს "სწავლებები" თავიდან ბოლომდე არქიმანდრიტ დიონისეს ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც უაპელაციოდ, უკრიტიკოდ, ყოველგვარი გადამოწმების და ისტორიულ-ლიტურგიკული კვლევა-ძიების გარეშე მიიღო 1667 წლის კრებამ.
შეიძლება აქ ვინმემ იკითხოს, და სრულიად ბუნებრივადაც, - რატომ? ანუ რისთვის სჭირდებოდათ რუსეთის მეფეს და პატრიარქს ასეთი კრება, საეკლესიო წესების ასეთი ნგრევა და ძველი გადმოცემების მწვალებლობად შერაცხვა? რატომ ხოცავდნენ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს? - ნუთუ იმიტომ, რომ, როგორც ჩვენი დროის უმეცარი და ბერძენი იერარქებივით საკითხის არსში ჩაუხედავი (ან აშკარად ცილისმწამებელი) "პუბლიცისტი" ზ. ნოდია ბრძანებს: "ეკლესია და სახელმწიფო დადგა ნგრევის საფრთხის წინაშე..." (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 208-209)? ან იქნებ იმიტომ, რომ თურმე "სტაროვერებმა" "კინაღამ შუაზე გადატეხეს სახელმწიფო და რომელთაც მე-17-დან მე-20 სს-მდე მკაცრად, კანონის დონეზე სდევნიდნენ იმპერატორები" (იქვე. გვ. 212)?
მწარედ ცდება ჩვენი "პუბლიცისტი", რადგან მისთვის უცნობია, რომ 1667 წლის კრება მარტო ძველი წეს-ჩვეულებების ჭეშმარიტი შინაარსის გაყალბებით და საშინელი წყევლა-კრულვებით როდი შემოიფარგლა, არამედ "აღმოსავლელი იერარქების მიერ ძღვანებულმა ძველმოწესეები სამოქალაქო სამსჯავროსაც გადასცა" (იქვე. გვ. 400).
ანუ, ყაჩაღთა ამ კრებამ (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ) სამოქალაქო სამსჯავროს გადასცა ის უფლებები, რასაც თვითონ ვერანაირად ვერ აღასრულებდა, რადგან ფიზიკურ დევნა-შევიწროებას, დასჯას, საპატიმროებში ძველმოწესეთა ჩაყრას, მათ ცოცხლად დაწვას, შიმშილით დახოცვას, თითების მტვრევას და სხვა არნახულ ჯალათობას, "ეკლესია", ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელი რუსული "მართლმადიდებელი" ეკლესია ვერანაირად აღასრულებდა, ამიტომაც, ეს ფუნქცია - ძველმორწმუნეთა საბოლოო ამოძირკვა - ეკლესიამ სახელმწიფოს მიანდო.
1667 წლის კრებაზე წამოყენებული იქნა კითხვა: "საჭიროა თუ არა მწვალებლებისა და რასკოლნიკების დასჯა სამოქალაქო კანონებით, თუ ისინი მხოლოდ საეკლესიო განწესებებით უნდა დასჯონ?".
კრებამ უპასუხა: "დიახ, მათი დასჯა საჭიროა სამოქალაქო კანონებითაც" (На решение собора поставлен был вопрос: "аще еретики и раскольники, подобает-ли наказатися градским законом, или токмо церковным наказанием?" Собор на это отвечает: "ей подобает их наказати и градским наказанием") (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V. Церковно-обрядовые реформы Никона. Сергиев Посад. 1909. Репринт Москва. 1999 г., стр. 400) და შემდეგ მოჰყავს მთელი რიგი მაგალითები ბერძნული ისტორიიდან, როდესაც კრებები იძლეოდნენ განკარგულებებს "სამოქალაქო კანონებით დაესაჯათ და სხვადასხვა სატანჯველისთვის მიეცათ უსჯულონი, ზოგიერთებისთვის ენები ამოეჭრათ, ზოგიერთთათვის ხელი მოეკვეთათ, ზოგიერთისთვის ყური ან ცხვირი, შეერცხვინათ ისინი სახალხოდ და ეტარებინათ ბაზრობებზე, შემდეგ კი გაეგზავნათ გადასახლებებში და იქ ჩაემწყვდიათ მათ აღსასრულამდე" ("... приводит затем ряд примеров из греческой истории, когда соборы повелевали "наказать злочестивых и градским законом, и казнить их разным томлением и различные муки, и сице овым языки отрезоша, овым руце отсекоша, овым уши и носы, и позорища их по торгу, и потом сослали быта в заточение до кончины их") (იქვე).
"ბერძნული ისტორიიდან ასეთი მაგალითების საფუძველზე კრება ასკვნის: "აქედანვე ვცნობთ, რომ მწვალებლები და სქიზმატიკოსები არა მარტო საეკლესიო, არამედ სამეფო, ანუ სამოქალაქო სასჯელებსაც ექვემდებარებიან"" ("В виду таких примеров из греческой истории собор заключает: "се убо познаем от сих, яко еретики и раскольники нетокмо церковным наказанием имут наказатися, но и царьским, сиречь градским законом и наказанием"") (იქვე).
ამდენად, 1667 წლის ყაჩაღთა კრებამ კურთხევა მისცა სახელმწიფოს, რუსეთის მიწა-წყლიდან ძირფესვიანად აღმოეფხვრა სრულიად უბრალო და უდანაშაულო "სტაროვერობა", ძირძველი მართლმადიდებლობა.
"1667 წლის კრებამ, ორი აღმოსავლელი პატრიარქის ხელმძღვანელობით, არა მარტო დასწყევლა და ეკლესიიდან მოიკვეთა ყველა, ვინც ამიერიდან დაიცავდა ძველ ჩვეულებას, არამედ საერო ხელისუფლებისგან მოითხოვა, რომ მასაც, თავის მხრიდან, ყოველგვარი დევნულებისთვის დაექვემდებარებინა ძველი ჩვეულების მიმდევარნი, და დაბეჯითებით უმტკიცებდა მას, რომ ეს არის მისი (ხელისუფლების - არქიეპ. პ.) პირდაპირი მოვალეობა ეკლესიასთან დაკავშირებით; რომ ასე იქცეოდნენ ყოველთვის ეკლესიის მტრების მიმართ ღვთისმოსავი ბერძენი მეფეები, რომელთაც ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ბაძავდნენ რუსი მეფეებიც".
"ამრიგად, - წერს პროფ. ნ. კაპტერევი, - აღმოსავლელმა იერარქებმა (რომელთა ჭეშმარიტ ვინაობას ქვემოთ შევიტყობთ - არქიეპ. პ.) კრებითად აღიარეს და დაამტკიცეს: ა) რომ ჩვენი ძველმოწესეები დიდი და საშიში ერეტიკოსები ყოფილან; ბ) რომ საჭიროა მათი, როგორც ერეტიკოსების, ეკლესიიდან განკვეთა; გ) რომ არა მარტო მათი ეკლესიიდან განკვეთა და ანათემირებაა საჭირო, არამედ ყოველგვარ სამოქალაქო სასჯელთადმი დაქვემდებარებაც, რათა ამ მკაცრი ზომებით საბოლოოდ ამოძირკვულ იქნან.
მაშასადამე, მოსკოვში ნამყოფმა აღმოსავლელმა პატრიარქებმა არა მარტო გაამყარეს ის შეხედულება, რომ ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული და თავისი მწვალებლობით ძალზე მავნე და საშიში რელიგიური საზოგადოება, არამედ დაბეჯითებით ითხოვდნენ იმას, რათა საერო ხელისუფლებას მომავალშიც ყოველმხრივ ედევნა ისინი და სასტიკად დაესაჯა, სანამ საბოლოოდ არ ამოშანთავდა მათ, რითაც ორმა აღმოსავლელმა პატრიარქმა ყველა მომავალი დროისთვის დააკანონა და, ასე ვთქვათ, აკურთხა ძველმორწმუნეთა ყოველმხრივი დევნა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან" (იქვე. გვ. 401).
წმ. ათანასე დიდის სიტყვებით თუ ვიტყვით: "ტირილისა და გლოვის ღირსია მათი საქმე და სწორედ მათ გამო გვმართებს გლოვა, როგორც წერილ არს: "ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა" (იერ. 22:10). მთელ მათ მიმართვას სხვა არაფერი აქვს მიზნად, თუ არა სიკვდილი; თუ ნებას მისცემენ, მზად არიან მოკლან, საპყრობილეში განგამწესონ. ... ხოლო ასეთი საქმეები რომ ქრისტეანთათვის არაბუნებრივი და შეუფერებელია, რამეთუ ამგვარ რამეს წარმართებშიც კი იშვიათად თუ იხილავ, და მით უფრო შეუფერებელია ის ეპისკოპოსთათვის, რომლებიც მოვალენი არიან ასწავლონ სამართლიანობა, - ვფიქრობ, ამას თქვენი ქრისტეანული სინდისი ადვილად მიხვდება" (Святитель Афанасий Великий. Творения (В четырех томах). Том I. Защитительное слово против ариан. § 4. Москва 1994 г., стр. 291-292).
ასე რომ, ჭეშმარიტად არიანელებივით მოქცეულან 1667 წლის კრების რეფორმატორი იერარქები, როდესაც არათუ საკითხის არსი არ შეუსწავლიათ, მატერიალურ მონაგებს დახარბებულებს მეფე ალექსი მიხეილის ძისა და პატრიარქ ნიკონის შეკვეთა აღუსრულებიათ, არა მარტო სრულიად მართლმადიდებლური და ძველბერძნული საეკლესიო გადმოცემები გამოუცხადებიათ მწვალებლობად და მათი მიმდევრები კი უსამართლოდ შეუჩვენებიათ, არამედ მეტიც, - საპყრობილეშიც გაუმწესებიათ და მოსაკლავად გაუწირავთ ისინი, რაკიღა ამგვარი სასჯელის შესრულება მთავრობისთვის უთხოვიათ.
ასე რომ, "სტაროვერები" კი არ ებრძოდნენ ეკლესიას, როგორც ამაოდ მბრძნობი ზ. ნოდია წერს და ირწმუნება: "სასქიზმო პრობლემას უნდა ებრძოლო და არა ეკლესიას" (შეად. ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 193), არამედ ეს ე. წ. "ეკლესია", 1667 წელს რეფორმირებული საკრებულო, უსჯულოთა ბანდა ებრძოდა საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს.
"სტაროვერები" ეკლესიას კი არ ებრძოდნენ, არამედ ძველ, მართლმადიდებლურ ჩვეულებებს იცავდნენ მწვალებელ რეფორმატორთა ხელყოფისგან.
ძველმორწმუნე ქრისტეანებმა კი არ მიიყვანეს რუსეთის სახელმწიფო დაქცევამდე, არამედ სწორედ ამ რეფორმატორებმა. აბსოლუტურად სამართლიანად ბრძანებდა ამასთან დაკავშირებით ცნობილი დისიდენტი (1960-1980 წლებში) ა. სოლჟენიცინი (1918-2008): "რომ არა რუსეთის ეკლესიის 17-ე საუკუნის განხეთქილება, 1917 წლის რევოლუცია არ იქნებოდა" ("Если бы не раскол Русской церкви 17-го века не было бы революции 17-го года") (Церковь. № 1. 1990 г.), რადგან სწორედ მაშინ მიეცა დასაბამი რუსული მართლმადიდებლური ცნობიერების, მართლმადიდებლური ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის რღვევას, რამაც შემდეგში სავალალო შედეგები გამოიწვია. რამაც განავითარა რუსული შოვინიზმი და რუსული იმპერიული ამბიცია.
როგორც მომდევნო თავში ვნახავთ, რუსეთის მეფეს და პატრიარქს ძველი საეკლესიო გადმოცემების გაუქმება, ძველი საეკლესიო წესების ასეთი ნგრევა და მეტიც, მათი შერაცხვა მწვალებლობად სწორედ პოლიტიკური და ამბიციური მიზნებისთვის სჭირდებოდათ. ამ ამბიციებითვე იყო განპირობებული ძველმართლმადიდებელთა სასტიკი და "კანონიერი" დევნა. და ეს ამბიცია რუსეთმა, მისმა რელიგიურ-პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი მართლმადიდებლური წარსულის ნგრევასა და საკუთარი მართლმადიდებელი ერის გენოციდს დააფუძნა.
ყოველივე ამის შემდეგ რუსული იმპერიული პოლიტიკისგან გასაკვირი არაფერია.
ჭეშმარიტად, ამ "მართლმადიდებელ" რეფორმატორებზე აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: "ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!" (ესაია 33:1).