შინაარსი
თავი 1
დოგმატი და წეს-ჩვეულება
ძველმართლმადიდებლების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრალდების მიხედვით, ძველმორწმუნეობა ეს არის საეკლესიო ცხოვრებაში გარეგნული სიძველეთმიმდევრობა; რომ ძველმორწმუნეები ერთმანეთს ურევენ დოგმატებსა და წეს-ჩვეულებებს და სწორედ აქედან მომდინარეობს მათი საეკლესიო ხელისუფლებისა და ზოგადსაეკლესიო სწავლებისადმი დაუმორჩილებლობა. თავიანთი ამ ბრალდებიდან გამომდინარე ახალმოწესეთა რეფორმატორულმა ეკლესიამ ძველმართლმადიდებლებს "სტაროობრიადცებიც" (ძველმოწესეები) კი შეარქვა, რაც ახალმოწესეთა იმ შეხედულების გამოხატულებაა, რომლის მიხედვითაც ძველმართლმადიდებლობა არის გარეგნული სიძველეთმიმდევრობა.
ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მხრიდან ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოთქმული მეორე ყველაზე გავრცელებული ბრალდების მიხედვით თურმე ძველმორწმუნეები წეს-ჩვეულებებს ურევენ დოგმატებთან. სამწუხაროდ ოპონენტები არ გვაძლევენ იმის განმარტებას, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს აღრევა, რომ შევძლოთ ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა; თუ ისინი აქ იმ საეკლესიო გადმოცემებს (ე. წ. "ობრიადებს") გულისხმობენ, რომელთა რღვევას (და მათ სანაცვლოდ ახალბერძნულ ჩვეულებათა დამკვიდრებას) მიჰყო ხელი პატრიარქმა ნიკონმა, წმ. ბასილი დიდის სიტყვებით ვუპასუხებთ: "თუ დაუწერელი წესების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით, შეუმჩნევლად თვით სახარებას ვავნებთ ძირითად საკითხებში" ("…то неприметно повредим Евангелию в главных предметах". Правила свв. Отец с толкованиями (полн. Перевод.) Изд. Общесьва духовного просвещения. Правила св. Василия Великого.Стр. 427).
იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონი 87 და 91) (იქვე).
მაშასადამე, როგორც ვხედავთ, დაუწერელი წესების დაკავშირება სახარების ძირითად საკითხებთან, ე. ი. დოგმატებთან, ძველმორწმუნეთა ახირება კი არ ყოფილა, არამედ წმ. მამათა სწავლება. ამაში დასარწმუნებლად და ამის გასარკვევად თუ რა მნიშვნელობა აქვს დაუწერელ გადმოცემებს, იგივე საეკლესიო წესებს, თვალი გადავავლოთ წმიდა მამათა და კრებათა გამონათქვამებსაც.
მეექვსე მსოფლიო კრება: "სამგზის ანათემა ყოველგვარ სიახლეს" (საქმე 8).
მეშვიდე მსოფლიო კრება: "ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემათა, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ. საქმენი).
ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.): "... თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცთომილების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება", V. გვ. 33-34).
კონსტანტინოპოლის პატრიარქი მეთოდე აღმსარებელი (XI ს.) განდგომილებს უწოდებს იმათაც, "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს" ("ახალი სჯულის ფიცარი" 17, 4, 5. ციტ. იქვე).
ბერძნული სჯულისკანონი ("პიდალიონი"): "სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" (მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონის განმარტება. გვ. 388. ციტ. იქვე).
მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7: "წმიდა ადათ-წესის პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად" (ციტ. იქვე).
ამგვარი მაგალითების დამოწმება უხვად შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რა ადგილი უჭირავს ეკლესიაში წმიდა გადმოცემებს, იგივე წმ. საეკლესიო წეს-ჩვეულებებს და როგორი მიმართებაა ამ მხრივ სარწმუნოებრივ დოგმატებთან.
წმიდა საეკლესიო კანონებში ხშირად პირდაპირ აღნიშნულია წეს-ჩვეულების კავშირი დოგმატთან, ანუ ის მომენტი, თუ როგორ არის ასახული წეს-ჩვეულებაში ესა თუ ის სარწმუნოებრივ-დოგმატური სწავლება. ასე მაგალითად, წმ. ბასილი დიდი აღნიშნავს რა ეკლესიაში დაუწერელი ჩვეულებების მნიშვნელობას, განმარტავს მათში ჩადებულ შინაარსსაც. ის წერს: "ყველანი ვუცქერით აღმოსავლეთს ლოცვის დროს, მაგრამ ცოტამ ვიცით, რომ ჩვენ პირველ მამულს, სამოთხეს ვეძიებთ, რომელიც შექმნა ღმერთმა ედემში, აღმოსავლეთით" (შეად. დაბად. 2:8).
"ეკლესია, - გვასწავლის იგივე წმიდა მამა, - კვირა დღეებში ფეხზე მდგომარე ლოცულობს და ამ ცხადი შეხსენებით ჩვენს გონებას იწვევს ამქვეყნიური ცხოვრებიდან სამუდამოში, იმქვეყნიურში დასამკვიდრებლად. ხოლო ყოველდღიური მუხლმოდრეკითა და ისევ ადგომით ვაჩვენებთ, რომ ცოდვით ქვეყანაზე დავეცით და ჩვენი დამბადებლის კაცთმოყვარეობით ზეცისკენ ვართ მიხმობილი...
სწორად მდგომარენი აღვასრულებთ კვირა დღის ლოცვებს, ამის მიზეზი კი ყველამ არ ვიცით. ლოცვების დროს სწორად დგომით არა მხოლოდ როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარნი და ზეცის მეძიებელნი აღდგომის დღეს ჩვენთვის მოცემულ მადლს გავახსენებთ ჩვენს თავს, არამედ ამით (ანუ ფეხზე დგომით - არქიეპ. პ.) ეს დღე გვესახება მომავალი უსასრულობის ხატად" (წმ. ბასილი დიდის ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ. "დიდი სჯულისკანონი". თბილისი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 429-431).
წმ. ბასილი დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, "დღე გამითავდება მე უწერელი საიდუმლოებების ეკლესიისთვის მითხრობაში, ამიტომ თავს დავანებებ დანარჩენს" (იქვე. გვ. 431) და დავსვამ კითხვას: შეიცვლება თუ არა ზემოთ დამოწმებულ მაგალითებში, ჩვეულებებში გადმოცემული საეკლესიო-დოგმატური სწავლება (სამოთხის შექმნა აღმოსავლეთით, ადამიანის ცოდვით დაცემა და აღდგომა, აღდგომის მადლი და სხვა), თუკი ეს ჩვეულებები გაუქმდება და მათ სანაცვლოდ სხვა, ახალი ჩვეულება დამკვიდრდება?
ნებისმიერი გონიერი და მართლმადიდებელი მორწმუნე უეჭველად დაგვეთანხმება, რომ ამ წეს-ჩვეულებათა გაუქმებით და მათ სანაცვლოდ ახალი, მათი საპირისპირო წესების დამკვიდრებით ძველ ჩვეულებებში ჩადებული სწავლა-მოძღვრებითი, დოგმატური შინაარსი გაუქმდება. ამიტომაც ამგვარად მოქმედნი ეკლესიამ ერეტიკოსებად შერაცხა და მოიკვეთა (შეად. VI მსოფლ. კრების 19-ე და 32-ე კანონები; VII მსოფლიო კრების 7-ე კანონი; ღანგრის ადგილობრივი კრების 21-ე კანონი. იხ. აგრეთვე Св. Феодор Студит. Творения. Письмо 48. К Афанасию сыну. СПБ 1908 г., т. II стр. 301-303. Макарьевская минея. Рукопись в моск. Синод. Библ. № 183. Месяц Август. Слово св. Козмы презвитера на еретики богомилы, л. 66, столб 1).
საეკლესიო წეს-განგებათა და ჩვეულებათა უარმყოფელ მწვალებლებს, მაგალითად, განეკუთვნებიან ადამიტები, ბოგომილები, ვიგილიანტები, სტრიგოლნიკები და მრავალი სხვა. წმ. იოანე დამასკელი თავის წიგნში "მწვალებლობათა შესახებ" ახსენებს აგონიკლიტოსებსაც, რომელთა შესახებ წერს: "ეს მწვალებლები სხვათაგან იმით განსხვავდებიან, რომ ლოცვა-ვედრების აღსრულების ჟამს საერთოდ არ სურთ მუხლის მოყრა და მთელი დროის განმავლობაში ფეხზე მდგომარენი ლოცულობენ, და ამას იქმან არა მარტო განმხოლოებული ლოცვისას, არამედ ეკლესიაში საერთო ლოცვის აღსრულების დროსაც (მწვალებლობა 91).
საზოგადოდ კი, ყველა მწვალებლობა სხვადასხვა ზომით ყოველთვის უარყოფს ამა თუ იმ გადმოცემას, საეკლესიო წეს-განგებასა თუ ჩვეულებას. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ჩავიხედავთ მწვალებელთა მიღების საეკლესიო წეს-განგებაში, სადაც ამა თუ იმ მწვალებლობიდან (მაგ.: კათოლიციზმიდან, გრიგორიანელობიდან, მონოფიზიტობიდან და ა. შ.) მოქცეულებს აწყევლინებენ იმ უღვთო ქმედებას ან შეხედულებას, რომელთა მიხედვითაც უარყვეს მათ ესა თუ ის საეკლესიო წესი და ჩვეულება.
საგულისხმოა, რომ სომეხ-იაკობიტთა (იგივე ე. წ. "გრიგორიანელთა") მიღების წეს-განგებაში არის ასეთი ფორმულა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა - შეჩუენება" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". იხ. აგრეთვე. მ. რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". "მაცნე" (ენისა და ლიტერატურის სერია). 1975 წ. № 1); ან კიდევ: "ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამითა შთაფლვითა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა - დე წყეულ იყოს" (იქვე).
აქედანაც ცხადია, რომ საეკლესიო წესებში (მაგ. თითებით ჯვრის გამოსახვა) და საეკლესიო საიდუმლოებებში მოცემულია დოგმატური სწავლება, რის გამოც ამ წესების შეცვლა მათში ჩადებულ დოგმატურ შინაარსსაც ცვლის, რაც იმსახურებს წყევლასა და შეჩვენებას.
ამიტომაც ბრძანებს მეშვიდე მსოფლიო კრება: "ვინც უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ღირ. ბიკენტი ლირინელის (V ს.) თქმით: ს.): "... თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცთომილების კუთვნილად მიიჩნევს" (ნ. საგარდა. ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ციტ. "ლაზარეს აღდგინება", V. გვ. 33-34). ნიკონიანელმა რეფორმატორებმა კი დაამკვიდრეს არა მხოლოდ მანამდე უცნობი და ახალი ჩვეულებები, არამედ მწვალებლობად გამოაცხადეს ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემები და სასტიკად დაუპირისპირდნენ თვით წმინდანებსაც კი.
ცნობილია, რომ 1551 წელს მოსკოვში სახელგანთქმული "დიდი საკითხავი თვენის" შემდეგენელის, თვით ნიკონიანური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მოსკოვის მიტროპოლიტის მაკარის თავმჯდომარეობით გაიმართა საეკლესიო კრება, რომელიც "ასმუხლიანი" (Стоглавый) კრების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ამ კრებამ, რომელსაც მაკარის გარდა ესწრებოდნენ სიცოცხლეშივე საკვირველთმოქმედი მამები გური და ბარსონუფი, აკაკი ტვერელი და სხვები, ორი თითით პირჯვრისწერის გამო გაიმეორა და დაამტკიცა ადრე, 1029 წელს კონსტანტინოპოლში სომეხ-მონოფიზიტთა საწინააღმდეგოდ მიღებული ფორმულა: "Аще ли кто не крестится двумя персты, да будет проклят" ("Стоглав", гл. 31. იხ. აგრეთვე: Проф. Н. Ф. Каптерев. "Патр. Никон и его противники…" "Православное обозрение", 1887, февраль. Москва. 1887 г., стр. 352-354).
ამ განწესების გამო ნიკონიანელმა რეფორმატორებმა "უმეცრებად" შერაცხეს "ასმუხლიანი" კრების სასწაულთმოქმედი და წმიდა მამები. ხოლო თვით ეს კრება "არარსებულად" (яко не бывшим) გამოაცხადეს. მეტიც, ნიკონიანელმა პატრიარქმა იოაკიმემ წმინდანთა დასიდან "ამორიცხა" ძველი წმინდანი ანნა კაშინსკაია, რომელიც განხეთქილებამდე სამი საუკუნით ადრე გარდაიცვალა. ოფიციალურმა რუსულმა ეკლესიამ აკრძალა მისდამი მსახურება და მისი სახელის დიდება, ხოლო მისი წმიდა და უხრწნელი ნაწილები გადამალა მხოლოდ იმიტომ, რომ თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. საეკლესიო მსახურებიდან ამოაგდეს ასევე მსახურება წმ. ეფროსინე ფსკოველისადმი, რამეთუ მის "ცხოვრებაში" დადასტურებულია ორჯერადი ალელუიას მართებულობა.
საეკლესიო დიდებისგან ძველი წმინდანები "ამოუგდიათ" სხვა ნიკონიანელ მღვდელმთავრებსაც. მაგ.: ხოლმოგორელმა ეპისკოპოსმა ათანასემ 1683 წელს წმინდანთა დასიდან "ამორიცხა" იმ დროისთვის უკვე კანონიზირებული წმინდანი და სასწაულთმოქმედი ღირ. ექვთიმე, მიქაელ მთავარანგელოზის მონასტრის ყოფილი იღუმენი (იღუმენობის წლები: 1585-1599). ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასაც, როგორც წმ. ანნა კაშინსკაიას, პირჯვრის საწერად ორი თითი ჰქონდა შეკრული. სამწუხაროდ, ამ წმინდანის წმ. ნაწილთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია (Журн. Церковь. 1913, № 29, стр.694-695).
სხვა ხოლმოგორელმა მღვდელმთავარმა ბარნაბამ 1716 წელს წმინდანობა "ჩამოართვა" ღირ. გიორგის, შენკურელ საკვირველთმოქმედს (XV ს.) (იქვე. №№ 32-33). ასე მოექცნენ წმ. ნიფონტის, ნოვგოროდელ არქიეპისკოპოსს და ვილნოელ მოწამეებს წმ. ანტონის, იოანეს და ევსტათის (Академик Е. Голубинский. История канонизации святых, стр. 117. Ф. Е. Мельников. История ... Барнаул. 1999 г., стр 106), რომლებიც რეფორმატორებმა გადამალეს. აღარაფერს ვამბობთ 400-მდე სოლოვეცკელი ბერის უხრწნელ გვამებზე და სხვა უამრავ, ათასობით სასულიერო და საერო პირთა სასტიკ წამებასა და სიკვდილით დასჯაზე, რომლებიც, ოფიციალური ნიკონიანური ეკლესიის აღიარებით, სრულიად უდანაშაულოდ დაუსჯიათ.
დაბოლოს, გვიკვირს, როგორ ხერხდება ის, რომ ნიკონიანელი რეფორმატორები და მათი მიმდევრები ძველმორწმუნეებს უწოდებენ "სიძველეთმიმდევართ გარეგნულად" და "ობრიადოვერებად" რაცხენ მაშინ, როდესაც ნიკონის რეფორმა სწორედ ძველი გადმოცემების ("ობრიადების") გასაუქმებლად და მათ სანაცვლოდ ახალი "ობრიადების" დასამკვიდრებლად განხორციელდა (თანაც იმ ზომით, რომ ვინც არ შეიწყნარებდა ამ ახალ "ობრიადებს" განურჩევლად ხოცავდნენ ბავშვებსაც კი!). განა ეს ფაქტი იმაზე არ მიანიშნებს, რომ პატრიარქ ნიკონის დროინდელი რეფორმატორები თავადვე ანიჭებდნენ "ობრიადებს" განსაკუთრებულ და დოგმატურ მნიშვნელობას?! და საზოგადოდ, თუ "ობრიადებისადმი" ერთგულება ცოდვაა, "ობრიადოვერობაა", მაშინ რატომ არის ეს ცოდვა მხოლოდ ძველმორწმუნეთათვის, ხოლო ახალმოწესე რეფორმატორთათვის კი არა?
ზემოთ ვნახეთ, რომ ახალმოწესე რეფორმატორები სრულიად უსამართლოდ ადანაშაულებენ ძველმართლმადიდებელთ როდესაც წერენ, თითოსდა ისინი წეს-ჩვეულებებს დოგმატებში ურევენ, რომ წეს-ჩვეულებები აჰყავთ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების რანგში. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია, უპირველეს ყოვლისა წეს-ჩვეულებებისადმი ასეთ დამოკიდებულებაში (თუ ეს შეცდომა და დანაშაულია) უნდა ვამხილოთ პატრიარქი ნიკონი და მისი მომხრე ყველა რეფორმატორი, თანამოაზრე აღმოსავლელი იერარქებითურთ, რამეთუ 17-ე საუკუნის რუსეთში და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში სწორედ მათგან გაისმა ხმამაღალი განცხადება, თითქოსდა "რუსული" წეს-ჩვეულებები მწვალებლურია. მწვალებლობად კი წეს-ჩვეულებათა გამოცხადება ყოვლად შეუძლებელია, თუ თვით ამ წეს-ჩვეულებებში არ დავინახავთ დოგმატურ სწავლებას, ან არ დავაკავშირებთ მათ მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასთან.
არ შეიძლება საქმის ისე წარმოდგენა, თითქოსდა ნიკონ პატრიარქი ურალოდ, არაფრის გულისთვის ცვლიდა ძველ წეს-ჩვეულებებს, ხოლო "უმეცარმა" და "გაუნათლებელმა" ძველმორწმუნეებმა, რომლებიც ამ ჩვეულებებს თურმე სწავლა-მოძღვრებაში "ურევენ", მას სრულიად უსარმართლო პროტესტი გამოუცხადეს.
უნდა ვიცოდეთ, რომ საეკლესიო გადმოცემებს (წეს-ჩვეულებებს) მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასთან, ანუ მის დოგმატებთან აკავშირებდა პატრიარქ ნიკონის რეფორმატორული მხარეც, თვით პატრიარქ ნიკონისა და მისი მხარდამჭერი აღმოსავლელი "პატრიარქებისა" და სხვა იერარქთა თანადგომით. აი, რას წერს ამის შესახებ ახალმოწესე მკვლევარი და ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ნ. თ. კაპტერევი:
"ნიკონი, - ბრძანებს ეს მკვლევარი, - იმდროინდელ ყველა რუს იერარქთან ერთად საეკელესიო წესს უყურებდა ისე, როგორც სარწმუნოებრივ მოძღვრებას; ფიქრობდა, რომ წესი ისევე მნიშვნელოვანია, წმიდაა, მაცხოვნებელია, როგორც თვით სარწმუნოება; რომ წესებში სხვაობა მიუთითებს სარწმუნოებრივ სხვაობას, რამეთუ წესი ისევე, როგორც სარწმუნოება, ყოველთვის და ყველგან ერთი და იგივე უნდა იყოს" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Т. 1. Москва 1996., стр 177-178).
"ნიკონი იმდროინდელი რუსების უმრავლესობის მსგავსად, წესს ათანაბრებდა სარწმუნოებრივ სწავლა-მოძღვრებასთან, თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა საკუთარი სამწყემსთავრო მოშურნეობა უპირველესად მიემართა მისი აზრით, არასწორი რუსული წესის გასწორებისკენ, რათა ამ (ვითომცდა) არასწორი წესების გამო რუსეთში არ შერყვნილიყო თვით სარწმუნოება" (იქვე. გვ. 201-203).
ერთგან პროფ. კაპტერევი ნიკონს ადარებს თვით მის მოწინააღმდეგეებსაც კი (ე. ი. ძველმორწმუნეებს) და აშკარად აცხადებს, რომ მათ მსგავსად, "ის წეს-ჩვეულებებს უყურებდა როგორც დოგმატს და წეს-ჩვეულების შეცვლაში ხედავდა თვით სარწმუნოების შეცვლას" (იქვე. ტ. 2. გვ. 357).
მაგრამ წეს-ჩვეულებაზე ამგვარი შეხედულება მარტო ნიკონს ან მის მოწინააღმდეგეებს არ ჰქონიათ. ზუსტად ასეთივე შეხედულება ჰქონდათ მათზე იმ აღმოსავლელ იერარქებსაც, რომლებმაც 17-ე საუკუნის რეფორმაში მიიღეს მონაწილეობა, რაც დადასტურდა: 1) მათ მიერ ნიკონისა და მეფის წაქეზებაში რეფორმის ჩასატარებლად; 2) იმ ანათემატიზმებით, რომლებიც ამ წეს-ჩვეულებათა მიმდევრებზე გამოითვა და 3) თვით ამ წეს-ჩვეულებათა (მაგ.: ორი თითით პირჯვრისწერის) მწვალებლობად გამოცხადებისა და დაგმობით (იხ.Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Т. I, II. Москва 1996).
პატრიარქ ნიკონის რეფორმისა და ძველი ბიზანტიური გადმოცემების მწვალებლობად შერაცხვის შემდგომ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივი სწავლების რანგში განიხილავდა ნიკონიანური (ანუ რეფორმატორულ-ახალმოწესეობრივი) ეკლესია. ამ მხრივ საყურადღებოა ამ ეკლესიის პატრიარქ იოაკიმეს მიერ მიღებული ფიცი, რომელშიც ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებები, როგორც ვითომცდა ერეტიკული სწავლების შემცველი, დაგმობილია, მათი მიმდევრობა კი გადაცემულია წყევლა-კრულვას. სხვათა შორის ამ "ფიცში" მოიპოვება ასეთი სიტყვებიც:
"მრწამს და შევიწყნარებ, ვასწავლი და ვმოძღვრავ,რომ დღეს არსებული ყველა საწესჩვეულებო დოგმატი (догматы же чины) და საეკლესიო ჩვეულებები, დაწერილი თუ დაუწერელი, დიდი თუ მცირე, უძველესია, და რაც აღმოსავლურ და დიდი რუსეთის ეკლესიას უპყრია უეჭველად მართლმადიდებლურია..."
"მთელი ჩემი სულითა და გულით პირობას ვდებ... და ყოვლადძლიერ ჩემს ღმერთსა და მის წმ. სახარებას ვფიცავ (… и кленуся пред Всемогущим моим Богом и святым Его Евангелием…), რომ პირჯვარს გადავიწერ ყოველთვის ამგვარად (ე. ი. სამი თითით - არქიეპ. პ.) და სხვებსაც ვასწავლი პირველი სამი თითით პირჯვრისწერის გამოსახვას, და არა ორი თითით, სქიზმატურად".
ანალოგიური ფიცი-მტკიცია გამოთქმული 5 სეფისკვერით ლიტურგიის ჩატარების, სამჯერადი ალელუიას (მეოთხე "დიდება შენდა ღმერთო"-ს დამატებით) გალობისა, ორი იოტათი მაცხოვრის სახელის (Иисус) წარმოთქმასთან დაკავშირებითაც და სხვა, რომელიც მეტად საინტერესო ფრაზით მთავრდება: "... ასევე ყოველივე დაწერილ თუ დაუწერელ, უმცირეს თუ უდიდეს გადმოცემას, აღმოსავლეთის წმიდა ბერძნული და დიდი რუსეთის ეკლესიის მოძღვართა სწავლებას, საკუთარი ფიცით შევიწყნარებ და პირობას ვდებ დავიცვა (…такоже и вся иже писанныя, и неписанная мелкости, и великая предания греческия, святыя Восточныя церкви, и великороссийских наших пастырей учение, со именною клятвою моею держати приемлю и обещаюся).
ამის შემდეგ იოაკიმე პატრიარქის "ფიცში" მოდის იმათი წყევლა, ვინც მისდევს ძველბიზანტიურ (როგორც ამას მოგვიანებით 1929, 1971 და 1988 წლებში გაარკვევს ოფიციალური, რუსული ეკლესია) სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემას:
"... ვწყევლი მათ, ვინც პირჯვარს არ იწერს სამი თითით... არამედ ორით... დე იყონ წყეულნი და ანათემა მათ".
ანალოგიური წყევლა-კრულვებია გამოთქმული შვიდი სეფისკვერით ლიტურგიის აღმსრულებელთა, სეფისკვერზე რვაკიდურიანი მართლმადიდებლური ჯვრის აღმბეჭდველთა, ერთი იოტათი მაცხოვრის სახელის (Исус) წარმომთქმელთა, ორჯერადი ალილუიას მგალობელთა და სხვა ძველ წეს-ჩვეულებათა მიმდევართა მიმართ.
დასასრულ კი, ნიკონიანელი მოძღვარი შავი მაგიის საუკეთესო ტრადიციებში (თუკი ამ ანათემატიზმებისა და წყევლა-კრულვების შემდეგ გადაიფიქრებს და საკუთარი აღსარებისა და პირობის გამტეხი აღმოჩნდება) თავს ასე იწყევლის: "... და ამგვარად, თუნდაც უმცირესში აღმოვჩნდე დამარღვეველი ამ აღთქმისა, და აღმოჩნდება, რომ ყალბად წარმომითქვამს ეს წყევლა, დე ამ ცხოვრებაშიც მოიწიოს ჩემზე წმიდა მამათა მიერ საყოველთაოდ წარმოთქმულმა ყველა კრულვამ; დე მეწიოს კაენის ძრწოლა, გიეზიის კეთრი, თეოფილეს ჭმუნვა და იუდას განსკდომა; ასევე აღმონთხეულ იქნას სული ჩემი ბოროტად და ყოვლადწყეულ და მზაკვარ დემონთა შესაპყრობელი იქმნას; ხოლო აქ, ამქვეყნად "დე დავექვემდებარო სამოქალაქო სასამართლოლსა და სასჯელს, რისი ღირსვიქნები შეუწყალებლად, ხოლო იმქვეყნად დე ვიყო წყეულ და ანათემა და წყეულ უმეტესად. ქვა, ხე და რკინა დაირღვევა და გაიხრწნება, ხოლო მე მარადის შეკრულ ვიქმნე ქრისტეს ჯვარმცმელ იუდასთან და იუდეველებთან, ღვთიმსმგმობ არიოზთან და სხვა დაუსრულებლად წყეულ მწვალებლებთან ერთად. შთაგდებულ ვიქმნე ცეცხლის გეჰენაში თვით სატანასთან ბობღანივით, მარად დავიტანჯო სულით, განუხრწნელად" ("… и тако в чем либо в малом противу сего обещания, обещанию и клятве явлюся ложь, то ныне да приидут на мя святых отец вся соборныя клятвы, зде в животе трясение Каиново, проказа Гиозиина, Феофилово томление, Июдино разлияние. Тако да извержется зле душа моя всенужно и всеокаяно, и отдастся в руце лукавых бесов, а зде еще о сем себе повинна подвергаю гражданскому суду и казни, чему буду достоин, без пощады, а и тамо на том свете да буду я проклят же и анафема, и препроклят. Железо, камение, древеса да разрушатся и да растлятся, а я да пребуду со Июдою и с жидовы Христа распеншими не разрешен и с самим сатаною и с бесы его в геене огненней, и со Арием богохульным и прочими еретиками тьмопроклятыми буду аки тимпан с душею мучитися вовеки веков, аминь) (ПРИСЯГА Хотящим взыти на степень священства утвержденное присяге изложенное, святейшаго Иоакима патриарха Московскаго и всея России. Печатным тиснением в Московской типографии издася, от по плоти Рожества Христова, в лето 1679-е) (ჩვენს ხელთ არსებულ ამდოკუმენტს სქოლიოში აქვს შენიშვნა: "Присяга эта была издана в 1679 г. По повелению патриарха Московского Иоакима. Свидетельства об этом смотри: 1) В. М. Удольскаго "Хронологический указатель" славяно-русских книг церковной печати с 1491 г. По 1861 г., стр. 103, 942. Изд. Москва 1873 г. 2) у А. Прозорского. Сильвестр Медведев, его жизнь и деятельность. Изд. 1856 г. Здесь говорится: " Экземпляры первого, Иоакимовского издания присяги чрезвичайно редки, но все же встречаются. Печатаем присягу с подлинного экземпляра).
მსგავსადვე აფასებდა ძველ გადმოცემებს ნიკონიანური ეკლესიის სხვა "წმინდანი" ე. წ. "ღირსი" პაისი ველიჩკოვსკიც. შეკითხვაზე: "შეიძლება თუ არა გაიხსნას კრებითად განჩინებული წყევლა ან ანათემა?" პასუხობს: "წყევლა ან ანათემა მათზედ, ვინც ეწინააღმდეგებიან საყოველთაო ეკლესიას, ე. ი. ორი თითით პირჯვრის მაწერლებზე, ან სხვა რამეში ეკლესიას ამხედრებულებზე და დაუმორჩილებლებზე, რომლებიც კრებითად არის გამოთქმული აღმოსავლელი პატრიარქების მიერ, ქრისტეს მადლით, მყარი, შეურყეველი და გაუხსნელია სამყაროს აღსასრულამდე, და თქვენ კიდევ მეკითხებით: დადებულ ანათემას გახსნის თუ არა აღმოსავლეთის რომელიმე კრება?
გიპასუხებთ: შეიძლება თუ არა იყოს მსგავსი კრება, თუ არა რომელიმე ღმრთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო კრებისა, რომელიც განიზრახავდა ჭეშმარიტების უარყოფას და სიცრუის დამტკიცებას? ქრისტეს ეკლესიაში ასეთი უკეთური კრება საუკუნოდ არ იქნება... ამიტომაც, ზემოთ გამოთქმული ანათემის შეცვლა, რომელიც სწორად და წმიდა კრების თანხმიერად ეკლესიის მტრების წინააღმდეგ გამოითქვა, არ შეუძლია არც მღვდელმთავრებს, არც აღმოსავლეთის პატრიარქებს და ვინც ამას იზამს ღმრთისა და ეკლესიის მოწინააღმდეგედ ჩაითვლება... არა თუ რომელიმე მღვდელმთავარს აღმოსავლელი პატრიარქის გარეშე, არამედ თვით აღმოსავლელ პატრიარქებსაც კი არ ძალუძთ გახსნან ეს კრულვა, როგორც უკვე საკმარისად ავხსენით, რამეთუ ასეთი ანათემა სამარადისოდ გაუხსნელი დარჩება" (Протоиерей Сергей Четвериков. Молдавский старец Паисий Величковский, его жизнь, учение и влияние на православное монашество". Вечное. Париж. 1976 г., цит. По "Таинство исповеди". О грехах явных и тайных. Греция, изд. "Православный пчельник", стр. 317, 318).
ნუთუ ყოველივე ზემოთმოტანილის წამკითხველს კიდევ ეჭვი შეეპარება იმაში, რომ ამ სიტყვების დამწერნი, მიმღებნი და წარმომთქმნელნი საეკლესიო წეს-ჩვეულებებს უყურებდნენ არა როგორც უმნიშვნელოს და "მეორეხარისხოვანს", არამედ ათანაბრებდნენ მათ დოგმატებთან და ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებასთან?
თვითდაწყევლილობის და თვითწყარწყმედის ეს უბადლო ნიმუში, გასაოცარ პარალელს ავლენს ქრისტეს ჯვარმცმელ იუდეველთა თვითწყევლასთან, როდესაც მათგან ცოდვათა გამოსასყიდად და საცხოვნებლად მოსული, სრულიად უდანაშაულო და მართალი ქრისტე, "ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგუარა", და იხუვლა "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!". საკუთარი გადაწყვეტილების სამართლიანობის უეჭველობაში დარწმუნებულებმა ასე გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს: "სისხლი მაგისი ჩვენს ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27:25).
მაშ რაღა უნდა ქნან ამჟამად ამ უბადრუკმა ადამიანებმა, სამარადისოდ თვითდაწყევლილებმა და საუკუნოდ სატანასთან ერთად გაუხსნელმა ნიკონიანელმა ერეტიკოსებმა, რომლებმაც თვითონვე აღმოაჩინეს, გაარკვიეს და 1971 წელს (ასევე 1988 წ.) კრებითად დაამტკიცეს კიდეც, რომ ნიკონის რეფორმას არავითარი თეოლოგიური, ისტორიული, ან კანონიკური საფუძველი არ ჰქონია და რომ ნიკონიანელი რეფორმატორები ნამდვილად ძველბიზანტიური, არაერეტიკული, მართლმადიდებლური საეკლესიო გადმოცემის მაწყევარნი ყოფილან!
ვინ უნდა გახსნას ისინი ამ კრულვისგან, თუ არა ისევ მათგან დევნილმა ძმებმა, ღმერთთნ და კაცობრიობასთან სინდის-ნამუსიანმა, მართალმა და პატიოსანმა ძველმართლმადიდებლებმა?
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ახალმოწესეთა რეფორმატორულმა ეკლესიამ აღიარა თავისი პატრიარქის შეცდომა და მოხსნა ყველა ანათემა - მივუგებთ: როგორც იუდას ვერ უშველა სინანულმა, რამეთუ ქრისტეს წინაშე კი არ შეინანა, არამედ მის ჯვარმცმელ იუდეველთა წინაშე; ან კიდევ, როგორც ებრაელებს ვერ უშველის ქრისტეს მხოლოდ მესიად აღიარება (არიან ასეთი ებრაელებიც ისრაელში), თუ მის წმიდა და მისტიკურ სხეულს ნათლისღება-მირონცხებით და მისივე უპატიოსნესი და უწმიდესი ხორცისა დ სისხლის ზიარებით არ შემოუერთდებიან, ასევე ვერ უშველის ნიკონიანელ რეფორმატორებს მხოლოდ იმის აღიარება, რომ ძველმართლმადიდებელნი, "სტაროვერები" სრულიად მართლები ყოფილან და, რომ ძველი წესები სრულიად ძველბიზანტიურნი, მართლმადიდებლურნი და მაცხოვნებელნი არიან. არამედ უნდა შემოუერთდნენ წმ. სამოციქულო, საყოველთაო და ძველმართლმადიდებლურ დედა-ეკლესიას; და რაც საინტერესოა, გაისმის კიდევ ასეთი მოწოდება: გულისხმაყონ ახალმოწესე არქიეპისკოპოსის ანდრიას (უხტომსკელი) ქრისტეანული მოწოდება: "ძმანო!... ნიკონამდელი წმიდა ეკლესიის განწესებათა და პრაქტიკის მიხედვით აღდგინეთ ძველმართლმადიდებლური ცხოვრება! შეინანეთ!" (М. Л. Зеленогорский. "Жизнь и деятельность архиепископа Андрея (князя Ухтомского). М. 1991. С. 200., цит. История Русской Православной Церкви. Новый патриарший период, т 1, Санкт-Петербург. 1997 г., стр. 708).
პატრიარქ იოაკიმეს ფიცი არ გახლავთ ერთადერთი იმგვარი ხასიათის დოკუმენტი, რომელშიც წეს-ჩვეულება ქრისტეანული სარწმუნოების (დოგმატის) რანგში აიყვანება. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ მათთან ყვეალზე გამოჩენილ, ნიკონიანელ "წმინდანებსაც". ვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:
"ღირსი" პაისი ველიჩკოვსკის ერთი გამონათქვამი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, ვიხილოთ სხვაც არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნიდან "Таинство исповеди": "ერთი მართლმადიდებელი (იგულისხმე ახალმოწესე-ნიკონიანელი - არქიეპ. პ.) ბერი არწმუნებდა მათ ("რასკოლნიკებს" - არქ. ლაზ.) დაეტოვებინათ თავიანთი უთანხმოება საეკლესიო ჩვეულებათა გგამო და შესულიყვნენ ერთობაში მასთან (ე. ი. ახალმოწესეთა ოფიციალურ ეკლესიასთან არქიეპ. პ.). ისინიც დაეთანხმნენ ყოველივეს მიღებას, ყოველი გადმოცემის (ახალმოწესეობრივის - არქიეპ. პ.) შეწყნარებას, ოღონდაც მოითხოვეს, რომ ისინი ძველებურად, ორი თითით დაიწერდნენ პირჯვარს. როდესაც ეს გაიგო ანტიოქიის წმიდა პატრიარქმა სილიბისტრომ, წმიდა და სულიწმიდით აღვსილმა კაცმა, და ასევე, მოლდაველმა, მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, ეროვნებით ბერძენმა, უბრძენესმა კაცმა, გადაჭრით აუკრძალეს ამ სქიზმატებს მართლმადიდებლურ (ე. ი. ახალმოწესეობრივ-რეფორმატორულ - არქიეპ. პ.) მონასტერში დარჩენა და ასეთი სიტყვებითაც კი მიმართეს მათ: "თქვენ თუ მთელი სულით გსურთ საყოველთაო ეკლესიასთან შემოერთება, მაშინ უეჭველად მთელი გულწრფელობით გმართებთ, გამონაკლისის გარეშე მიიღოთ ყოველი მოციქულთამიერი გადმოცემა და საეკლესიო ჩვეულება, მაშინ ეკლესიაც მიგიღებდათ თავის წიაღში, როგორც საყვარელ შვილებს და დიდად გაიხარებდა, მაგრამ, რადგანაც თქვენ არ ეთანხმებით წმ. მოციქულთა და ეკლესიის ყველა გადმოცემას, არამედ მტკიცედ და შეურყევლად დგახართ თქვენს გამონაგონზე (? - არქიეპ. პ.), ორი თითით პირჯვრის წერაზე და არ გინდათ ამ საქმეში დამორჩილდეთ ღვთის ეკლესიას და ითხოვთ რათა შეგიწყნაროთ მან თქვენს ორთითიან წყობასთან ერთად, შეუძლია თუ არა ეკლესიას თქვენი ამ თხოვნის შესრულება? განა შესაძლებელია ერთსა და იმავე ეკლესიაში იყოს ერთმანეთის გამომრიცხველი და ერთმანეთთან შეუთანხმებელი ორი ჩვეულება? რომ ერთი და იგივე ქრისტეანები სხვადასხვა წესით იწერდნენ პირჯვარს?" და ა. შ.
ამიტომაც ამცნეს: "მაშ იცოდეთ მყარად, რომ ღვთის ეკლესია თქვენს წინადადებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათანხმდება, რადგან ეს შეუძლებელია, ამიტომაც, აწ ნუღარა გვთხოვთ ამას, არამედ წადით და იმ სავანეში ნუ დარჩებით, რომელშიც ამჟამად ცხოვრობთ, რამეთუ თქვენ, როგორც ეკლესიის დაუმორჩილებელთ, არ ძალგიძთ ერთობა გქონდეთ მართლმადიდებლურად მცხოვრებ მონაზვნებთან".
"მაშ, თავად განსაჯეთ ქრისტესმოყვარენო, - ვკითხულობთ არქ. ლაზარეს იმავე წიგნში, - თუ "რასკოლნიკი ბერები", რომლებიც მზად იყვნენ მიეღოთ მოციქულთა ყველა საეკლესიო გადმოცემა, მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერის არმიტოვების გამო არ მიიღო ეკლესიამ (ახალმოწესეობრივ-რეფორმატორულმა - არქიეპ. პ.), რაგვარად შესძლებს მიიღოს ისინი, რომლებსაც საყოველთაო ეკლესიის გადმოცემებში საერთოდ ეჭვი ეპარებათ?" და ა. შ. (протоиерей Сергей Четвериков. Молдовский старец Паисий Величковский, его жизнь, учение и влияние на православное монашество"//Вечное. Париж. 1976 г. ციტ.: "Тайнство исповеди". О грехах явных и тайных недугах души. Сост архимандрит Лазарь, настоятель монастыря Бетания (Вифания) в Грузии. Изд. "Православный пчельник". Фессалоники. Греция, стр. 311).
ეს წყარო მრავალმხრივ იპყრობს ჩვენს ყურადღებას. კერძოდ:
პირველი: ანტიოქიის პატრიარქი სილიბისტრო და მოლდოველი მიტროპოლიტი გედეონი (ყურადღება მიაქციეთ ორივე იერარქი ეროვნებით ბერძენია) საეკლესიო წეს-ჩვეულებებს (მ. შ. სამი თითით პირჯვრისწერასაც) მოციქულთაგან მიღებულ გადმოცემად მიიჩნევენ.
მეორე: არანაირად, არავითარ შემთხვევაში დასაშვებად არ მიიჩნევენ ერთსა და იმავე ეკლესიაში სხვადასხვა საეკლესიო წესების არსებობას (ეს. ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფების" საყურადღებოდ, რომლებიც ჩვენ, ქართველ ძველმართლმადიდებელთ ქედმაღლური გაკვირვებით გვსაყვედურობენ, რომ ვერ გაუგიათ, თუკი მათთვის შესაძლებელია როგორც ახალ-ნიკონიანური, ასევე ძველმართლმადიდებლური პირჯვრისწერის და სხვა წესების შეწყნარება, რატომ არის შეუძლებელი ჩვენთვის, ძველმორწმუნეთათვის ამგვარი "ედინოვერცული" პოზიციის გაზიარება?! გვირჩევენ შეხედულებათა "ვიწრო" ჩარჩოებიდან გამოსვლას და ამ საკითხებისადმი წმ. მამათამებრ ფართო და იკონომიურ მიდგომას. ამით ძველმესტილე ბოსტონელები საკუთარი "ფართე" განათლების უპირატესობასა და ჩვენს "ვიწრო" და "კარჩაკეტილ" აზროვნებაზე მიგვანიშნებენ. ჩვენს ოპონენტებს შორის არსებულ ამგვარი კატეგორიის მოპაექრეებს ვურჩევთ, სანამ ჩვენი აზროვნების "სივიწროვესა" და "კარჩაკეტილობაზე" იმსჯელებენ, ხმა აღიმაღლონ საკუთარი ეკლესიის მიერ "წმინდანებად", "ავტორიტეტებად" და "უწმიდეს ბრძენკაცებად" შერაცხილ პიროვნებათა ზემოთდამოწმებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ და გამოაცხადონ ისინი ცთომილებად; ასევე ვიწრო და არაწმიდამამებისეული აზროვნების მქონეებად, რომლებმაც ამ (მათი თქმით) "მეორეხარისხოვანი" წესების გამო ჯერ უამრავი ადამიანი დახოცეს და გადასცეს წყევლა-კრულვას, ხოლო როდესაც ზოგიერთმა სულსწრაფმა ძველმოწესემ მათი ერეტიკული ეკლესიებისკენ პირი ქნა, ამ საეკლესიო წესების, კერძოდ კი (მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერის გამო) მონასტრიდანაც კი გააგდეს და უთხრეს, რომ მათი ახალმოწესეობრივი ეკლესია "ასეთ წინადადებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დათანხმდება").
საინტერესოა, გარკვეული წესების ერთგული მიმდევრობა რატომ არის "ფანატიზმი", "წესთმორწმუნეობა" (обрядоверие) და ა. შ. მხოლოდ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთათვის, ხოლო ამავე "ობრიადების" (ოღონდ ძველთაგან განსხვავებულის) მიმდევრობის ნამდვილად ფანატიკური პოზიცია - მართლმადიდებლობა?
საეკლესიო წესების განუხრელი მიმდევრობა თუ ცოდვაა (რაც ნიკონიანელ რეფორმატორებამდე არ სმენია ქრისტეს ეკლესიას), რატომაა ის "ცოდვა" მხოლოდ ძველმართლმადიდებელთათვის, მითუმეტეს, თუკი დღეს დამტკიცებულია, რომ ეს წესები ძველბიზანტიურნი და სრულიად მართლმადიდებლურნი ყოფილან?! ხოლო თუ ოპონენტებს შეგნებული აქვთ, რომ აქ ორივე მხარემ სცოდა, რაში შეეტყო ეს ახალმოწესეთა ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიას? აღიარა თუ არა მან, რომ ამ მის მიერვე "მეორეხარისხოვნად" გამოცხადებული ძველი საეკლესიო წესების ამოძირკვისა და ასევე "მეორეხარისხოვანი" ახალი წესების დამკვიდრების გამო მოაწყო სქიზმა? ან იქნებ ძველი წესებია "მეორეხარისხოვანი", ხოლო ახალი წესები "პირველხარისხოვანია"?! ეს ხომ აბსურდია და ვინ იქნება ის, ვისაც ამგვარი სისულელის დამტკიცება მოუნდება?!
მაგრამ მოდი, ისევ დაწყებულ თემას მივუბრუნდეთ და ვიხილოთ ამ "მეორეხარისხოვან" საეკლესიო წესებთან ახალმოწესე-რეფორმატორთა სხვა "წმინდანების" დამოკიდებულებაც.
როგორც ვნახეთ, "ობრიადებისადმი" გარეგნულ მიმდევრობაში ძველმორწმუნეთა დადანაშაულება საფუძველშივე არყევს თვით ნიკონიანურ ეკლესიას, რამეთუ ის, თუმცა არა ძველ, მაგრამ ეკლესიისთვის უცნობ, ახალ "ობრიადებს" ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თანაც იმ ზომით, რომ ამ "ობრიადების" უარმყოფელ ადამიანთა ფიზიკურ განადგურებასაც კი არ ერიდება.
რაც შეეხება ბრალდებას, რომ ძველმორწმუნენი "წეს-ჩვეულებებს ურევენ დოგმატებთან", იგი ორ წინააღმდეგობას შეიცავს. პირველი: ეს არის წმინდანთა განკითხვა და გაკიცხვა, რამეთუ წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთკავშირის შესახებ თვით ეკლესიის წმ. მამათაგან გვისწავლია (იხ. ზემოთ; ასევე წმ. მამათა სწავლება გადმოცემების შესახებ). ასევე წმ. ბასილი დიდის ეპისტოლე ამფილოქე იკონიელისადმი. სულიწმიდის შესახებ. 27-ე თავი. "დიდი სჯულისკანონი"); და მეორე: წეს-ჩვეულებათა და დოგმატთა ურთიერთკავშირს არ უარყოფს თვით ახალმოწესეთა "მართლმადიდებელი" ეკლესია. ამის ცხადი დასტურია სწორედ მათ მიერ XVII ს. რუსეთში განხორციელებული რეფორმა. რეფორმის ის ნაწილი, რომელიც წეს-ჩვეულებებს შეეხო, განხორციელდა იმ მოტივით, რომ ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია, მზის მიმართულებით თანმდევი მოძრაობა ლიტანიობაზე და სხვა თითქოსდა დოგმატური თვალსაზრისით მწვალობლური შინაარსისანი იყვნენ და შეცვალეს ისინი სწორი, "მართლმადიდებლური" ფორმით. ამის უამრავი მოწმობა არსებობს, აი ერთ-ერთი მათგანი:
მოსკოვში ჩამოსულმა აღმოსავლელმა იერარქებმა ანტიოქიის პატრიარქ მაკარის და რუსეთის პატრიარქ ნიკონის მეთაურობით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება: "სარწმუნოების დასაბამიდანვე წმიდა მოციულთაგან, წმიდა მამათაგან და შვიდი წმიდა კრებისგან მიგვიღია გადმოცემა პირჯვარი გამოვისახოთ მარჯვენა ხელის სამი თითით. მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან თუ ვინმე ჯვარს ასე, აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემის თანახმად არ გადაიწერს, სომეხთა მიმბაძველია და მწვალებელი (ორი თითით პირჯვრისწერას იმდროინდელი რეფორმატორები მიიჩნევდნენ სომხურ მწვალებლობად - არქიეპ. პ.). ამიტომაც, შევაჩვენებთ ამდაგვარს, და ძალმოსილნი ვართ განვკვეთოთ ის მამის, ძის და სულიწმიდისგან". ასეთი განჩინება ჯერ საზეიმოდ იქნა წარმოთქმული მოსკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, უამრავი ხალხის წინაშე, ხოლოლ შემდეგ წერილობით ჩამოყალიბდა და დაიბეჭდა ნიკონის წიგნში ""Срижаль" ("ფილაქანი"), რომელიც კრებითად დაამტკიცეს. მას ხელი მოაწერა სერბეთის პატრიარქმა გედეონმაც (Ф. Е. Мельников. "История…" барнаул. 1999 г., стр. 36).
აი კიდევ რამოდენიმე ნიმუში: 1667 წლის მოსკოვის კრების საქმეებში ვკითხულობთ:
"... სახელითა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა კრებითად გამცნებთ ყველას: ყველა ბერ-მონაზონს, დეკანოზსა და მამასახლისს; ყველა მღვდელს ადგილობრივსა და არაადგილობრივს, კლერიკოსებსა და მართლმადიდებელ ქრისტეანთა ყოველ დასს, დიდსა თუ მცირეს, ქალსა თუ კაცს, - გიბრძანებთ ყოველივეში აღმოსავლეთის წმიდა და ქრისტეს სამოციქულო ეკლესიას დაექვემდებაროთ...
ასევე (დაემორჩილოთ) წიგნებს, რომლებიც ღვთისმოსავი მეფის... ალექსი მიხეილის ძის ბრძანებითა და მსოფლიო პატრიარქთა კურთხევით ნიკონ პატრიარქის დროს გასწორებულ, გადათარმგნილ და დაბეჭდილ იქნენ...
სარწმუნოების სიმბოლო მიიღეთ და წარმოსთქვით სიტყვა "ჭეშმარიტის" დამატების გარეშე ("... და სული წმიდა უფალი ჭეშმარიტი" - ასე ამბობდნენ რუსეთში მისი გაქრისტეანების დღიდან ვიდრე პატრიარქ ნიკონამდე. უფრო დაწვრილებით "მრწამსში" არსებული ნიკონიანური დარღვევების შესახებ იხ. "მსჯელობა სარწმუნოების სიმბოლოს ძველმართლმადიდებლურ და ახალმოწესეობრივ ტექსტთა გარშემო").
პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით გამოსახეთ...
საღმრთო გალობა ალილუია, განწესებულ ადგილებში, ძველი გადმოცემის თანახმად თქვით სამჯერ: ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (ასეთი სამჯერადი ალილუია ძველი გადმოცემა რომ არ არის, ამას ასმუხლიანი კრებაც ადასტურებს (იხ. Стоглав. Гл. 42).
იესუს ლოცვა საეკლესიო ღვთისმსახურებისას წარმოსთქვით ასე: "უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ"... (ანუ საეკლესიო მსახურებიდან ამოღებულ იქნა იესუს ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ" - არქიეპ. პ.).
ასევე ვბრძანებთ, რათა სეფისკვერებზე გამოსახულ იქნას ოთხკიდურიანი ჯვარი... რამეთუ ორი ხისგან შეკრული ჯვარი არის სწორედ ჭეშმარიტი ჯვარი... (ე. ი. სამი ძელისგან შეკრული (იხ. ესაია 60:13) და დაფა-დაკრული, ანუ რვადაბოლოებიანი (იგივე ოთხნაწილიანი) მაცხოვრის ჯვარი პირდაპირ და კრებითად იქნა უარყოფილი - არქიეპ. პ.).
ასევე, მთელს სამღვდელო დასს ერის კურთხევას ვუბრძანებთ ასე: მარჯვენა ხელის ორი თითი (საჩვენებელი და საშუალო - არქიეპ. პ.) შეაერთონ, საჩვენებელი თითი აღმართონ, საშუალო კი ოდნავ მოხარონ, რაც იესუ ქრისტეს მიანიშნებს (I. C.), და კვლავ, ორი თითი - ცერი და არათითი გადააჯვარედინონ, რითაც აღინიშნება ასო X; და კვლავ, მიუერთონ მათ ნეკა თითიც, რომელიც ოდნავ უნდა მოხარონ, რითაც გამოსახავენ ასოს - C. და აი ასე, ამ სამი თითით გამოხატონ ასოები XC. და ყველა ამ თითებით, რომლებითაც გამოისახება იესუ ქრსიტე (I. C. X. C. - არქიეპ. პ.) ქრისტეანთა კურთხევის წესს გამცნობთ... (თვალსაჩინოებისთვის იხ. დიმიტრი როსტოველის ხატი - არქიეპ. პ.).
ვინც ჩვენგან ნაბრძანებს არ შეისმენს, არ დაემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ წმიდა კრებას (იგულისხმება 1667 წლის კრება - არქიეპ. პ.) და ჩვენს წინააღმდეგობას შეუდგება, ჩვენდამი ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელი სულის მიერ ბოძებული ძალაუფლებით დავამხობთ, ავყრით ყოველგვარ სასულიერო პატივს და შევაჩვენებთ; თუ ერისკაცი იყოს, განვკვეთთ და მამის, ძის და სულიწმიდისგან უცხოვყოფთ და როგორც დაუმორჩილებელსა (ე. ი. მართლმადიდებლურ გადმოცემათა მწვალებლობად შერაცხვის არმიმღებთ და ამგვარი ბრძანებისადმი დაუმორჩილებელთ - არქიეპ. პ.) და ერეტიკოსს წყევლა-კრულვასა და ანათემას გადავცემთ... ხოლო ვინც გონს არ მოეგება და სიკვდილამდე არ მოუბრუნდება სიმართლეს: სიკვდილის შემდეგაც განკვეთილ იქნეს და მისი სული იუდა გამცემელთან, ქრისტეს ჯვარმცმელ იუდეველებთან, არიოზთან და სხვა წყეულ ერეტიკოსებთან დაშთეს. რკინა, ქვა და ხე დალპება და დაიშლება, ხოლო ამდაგვარი (ე. ი. მართლმადიდებლურ გადმოცემათა მწვალებლობად შერაცხვის არმიმღები და ამგვარი ბრძანებულებისადმი დაუმორჩილებელი - არქიეპ. პ.) - სამარადისოდ დაუხსნელი და დაურღვეველი დარჩეს. ამინ" (Деяния московских соборов 1667 г., изд. Москва. Синод. Типогр. 1893 г., л. 5-7 об.).
ნიკონიანური ეკლესიის მოძღვართა და კრებათა დადგენილებების მიხედვით ორი თითით პირჯვრისწერა თურმე ყოფილა: 1. არიანელობა (Скрижаль л. 15) 2. ნესტორიანელობა (Скрижаль л. 16) 3. მაკედონიანელობა (Пращица, отв. 30, л. 92 об, отв. 35. Л. 99-100, отв. 52 л. 112) 4. ღვთისმგმობი განყოფა (Скрижаль л. 796) 5. სომხობა (Скрижаль л. 11) 6. არიანული უფსკრული (Скрижаль л. 796) 7. სომხური მწვალებლობა (Увет, л. 68, 119) 8. ჯოჯოხეთის კარიბჭე (Скрижаль л. 715, Игнатий Тобольский, стр. 103) 9. ჯადოქრული ნიში (Обличение л. 188) 10. დემონთსავარძელი (Д. Ростовский "Розыск", л. 188) 11. ეშმაკის გადმოცემა (Обличение л. 26) (В. Т. Зеленков. "Выписки из святоотеческих и других книг служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I. Вторая половина. Москва 1912, стр. 90, 92, 93-97, 112).
ასე ბრძანებდნენ ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული კრებები. ახლა ისიც ვიხილოთ, როგორი დამოკიდებულბა ჰქონდათ ამ ე. წ. "მეორეხარისხოვან" და "დოგმატებთან კავშირის არმქონე" "ობრიადებთან" თვით ახალმოწესე "წმინდანებს".
სერაფიმე საროველის თქმით სამი თითით პირჯვრისწერა თურმე "გადმოცემულია წმ. მოციქულთაგან, ხოლო ორი თითით პირჯვრისწერა წმიდან განწესებათა საწინააღმდეგოა" (საინტერესოა, მაინც რომელ განწესებებს გულისხმობდა ბ-ნი სერაფიმე) (იხ. Житие преп. Серафима. Сост. Автор летописи серафимо-дивеевского монастыря, архимандрит Серафим Чичагов. Изд. 2. Сераф.-Див. Монаст. СПб 1903 г., стр. 74. По др. изд СПб 1903 г., стр 69).
ერთ-ერთ ქრისტეანთან საუბარში სერაფიმე ორი თითით პირჯვრისმაწერლებზე ამბობს: "სათნოებით აღსავსე ადამიანებიც რომ იყვნენ, მაინც შეკრულნი იქნებიან, რამეთუ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ჯვარს..." (იქვე. გვ. 75).
იოანე კრონშტადტელის მონაწილეობით გამომავალ ჟურნალ "Кормчий"-ის ერთ-ერთ ნომერში წერია: "არ შეიძლება სინანულით არ აღვნიშნოთ იმ ძირძველ მართლმადიდებელ რუს მორწმუნეთა შესახებ, რომლებიც თავიანთი უკიდურესი უმეცრების (? - არქიეპ. პ.) გამო ორი თითით იწერენ პირჯვარს. მართალია, ისინი ამას უმეცრებით (? - არქიეპ. პ.) სჩადიან, მაგრამ იქნება კი შესაძლებელი ქრისტეს საუკუნო სამსჯავროზე მათი გამართლება ამ უმეცრების გამო? უფალმა ბრძანა: მონა, რომელმაც იცის თავისი ბატონის ნება და არ იქმს მას, "იტანჯოს იგი ფრიად" (ლუკა 12:47) (საინტერესოა, თუკი იოანე კრონშტადტელი უმეცრებად მიიჩნევს ძველმორწმუნეთ, რანაირად იმოწმებს ლუკას სახარებას, რომლის მიხედვითაც "ფრიად დაიტანჯება" ის მონა, "რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ იქმოდა მას"? უმეცრბით თვს ვერავინ გაიმართლებს უფლის წინაშე, მაგრამ კრონშტადტელი "წმინდანის" ბრალდება აშკარად საწინააღმდეგო შინაარსისაა; ხოლო რაც შეეხება ძველმორწმუნეთ, მათ ჭეშმარიტადაც რომ იცოდნენ თავიანთი ბატონის (ანუ ქრისტეს) ნება და ზედმიწევნით იქმოდნენ მას. ამის გამო ნიკონიანელმა რეფორმატორ-ერეტიკოსებმა გადასცეს კიდეც ანათემას. ჩვენ კი ვიკითხოთ, თავად როგორღა გამართლდებიან ამ მართლმადიდებლური გადმოცემის გმობისა და საკუთარი უმეცრების თუ "ბატონის ნების" არშესრულების გამო ეს ნიკონიანელი სატრაპები?
ამ თავის ბოლოს გვსურს ისევ წმ. ბასილის დიდის განწესებას მივუბრუნდეთ, რომელიც საეკლესიო წეს-ჩვეულებებს უდიდესი ძალის მქონედ მიიჩნევს და გვასწავლის: "თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს ვითომდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, უხილავად ვავნებთ თვით სახარებას ძირითად საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого, правило 91. Москва, 1884 г., იხ. აგრეთვე: Творения иже во святых отца нашего Василия Великаго, архиеп. Кесарии Каппадокийския, часть III Москва 1993, стр. 332).
იგივე წმ. მამა ბრძანებს: "ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონი. 87 და 91) (ციტ. იქვე). "დიდი რჯულისკანონის" კომენტატორი ზონარა წმ. ბასილი დიდის ხსენებულ განწესებაში განმარტავს: "წმინდანი (ე.ი. ბასილი დიდი - არქიეპ.პ.) გვასწავლის იმ ჩვეულებათა შესახებ, რომლებიც დაუწერელი გადმოცემითაა ბოძებული და ამბობს, რომ თუ უარვყოფთო მათ (ე.ი. დაუწერელ ჩვეულებათა - არქიეპ.პ.) დაცვას, მაშინ თვით სახარებას ვავნებთო არსებით პუნქტებში, ანუ თვით სარწმუნოებას, რომელიც გვეუწყა სახარებით" (Правила свв. отцов с толкованиями. Правила св. Василия Великого, правило 91. Москва, 1884 г. стр 435).
პატრ. ბალსამონის განმარტებით კი, "წმ. ბასილი დიდის მიერ ჩამოთვლილი საეკლესიო წეს-ჩვეულებები (მ.შ. პირჯვრისწერის წესიც - არქიეპ.პ.) დაურღვეველია აბსოლუტური აუცილებლობით და ძალაში უნდა იყოს მარადის" (იქვე. გვ. 439).
ასე, რომ "მრავალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ებოძა ეკლესიას დაუწერელი გადმოცემით (სინოპსისი, იქვე. გვ. 438) და, თუკი მათ სიწმიდეს და უცვალებლობას თავდადებით იცავდნენ ძველმორწმუნენი, ჩანს, მათ ამით არაფერი შეუცოდავთ. ხოლო, არის თუ არა საკმარისი მიზეზი ამ წესების შერყვნის გამო მმართველი და რეფორმატორი იერარქების წინააღმდეგ ამხედრება, განვსაჯოთ როგორც ზემოთ მოტანილი ციტატებით, ასვე წმ. ბასილი დიდის შემდეგი სიტყვებითაც:
"ეკლესიაში დაცული დოგმატები და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოგვეცა. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს, საკამათოდ არავინ თვლის" (იქვე. გვ. 427).
მაშასადამე, წმ. ბასილი დიდის განმარტებით, ეკლესიაში არსებობს დოგმატური სწავლება, რაც წმ. მოციქულთაგან წერილობით ან გადმოცემებით მიგვიღია (ჩამოთვლის ზოგიერთ მათგანს. იხ. წმ. ბასილის ხსენებული განწესება) და აი, ორივეს - როგორც დოგმატებს, ასევე წესებს - ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლისო საკამათოდ, ვისაც "საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც გააჩნია". სამწუხაროა რომ, სწორედ ის, რაც წმ. მამის თქმით, არავისთვის უნდა იყოს საკამათო, ოპონენტებს სადავოდ და საკამათოდ გაუხდიათ. მაშ, რაში უნდა დავადანაშაულოთ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც ასე მოწიწებით ეპყრობა ეკლესიის ამ სიმდიდრეს, უფრთხილდება და იცავს მას ყოველგვარი ცვლილებისაგან?
თუკი წმ. მოციქული პავლე გვაქებს იმისთვის, რომ "მისი (ანუ მოციქულის - არქიეპ. პ.) ყველაფერი გვახსოვს და როგორც გადმოგვეცა ისე ვიმარხავთ გადმოცემას" (1 კორინთ. 11:2), ჩვენი ოპონენტები ოფიციალური ეკლესიისდან გვაგინებენ, გვკიცხავენ და გვრაცხენ სქიზმატებად; იმ დროს, როდესაც წმ. მამები განდგომილებად და ცთომილების მემკვიდრეებად მიიჩნევენ ეკლესიაში "ძველი წესების უარმყოფელთ და მათ სანაცვლოდ ახლის დამამკვიდრებელთ" (იხ. ზემოთ წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი და ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.)), ახალმოწესეები პირიქით, ძველ საეკლესიო გადმოცემათა მიმდევართ მიიჩნევენ განდგომილებად და ცთომის მემკვიდრეებად.
მაშ, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ძველმორწმუნე ქრისტეანენი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა გადმოცემების უარმყოფელთ, დამარღვეველთ საეკლესიო ერთობისა და მშვიდობისა? რა თქმა უნდა არა! რამეთუ ქრისტეს უწმიდესი მოციქული უფლის ჩვენის, იესუ ქრისტეს, სახელით გვამცნობს: "ძმანო, განეშორეთ ყველა ძმას, რომელიც უწესოდ იარება და არა იმ გადმოცემისამებრ, რაც შეითვისა ჩვენგან" (2 თესალონიკ. 3:6). და კიდევ: "ძმანო, მტკიცედ იდექით და იპყარით გადმოცემა, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თესალონი. 2:15). "ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ იგი და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნას" (2 თესალონიკ. 3:14).