მამათა სწავლანი - წმიდა მამათა სწავლება წმ. გადმოცემის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წმიდა მამათა სწავლება წმ. გადმოცემის შესახებ

საეკლესიო გადმოცემა

წმიდა გადმოცემა მოციქულთა დროიდან არსებობს და საღმრთო წერილთან ერთად კეთილმორწმუნეობისა და ღვთისმოსაობის საკითხებს წარმართავს. ის, რომ აუცილებელია მისი გათვალისწინება, როგორც წმ. წერილის, ასევე გადმოცემის მოწმობით, შემდეგი ციტატებიდან ჩანს:

1. "წმიდაო მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, რომელნიც მომეცი, რათა იყვნენ ერთ, როგორც ჩვენ" (იოანე 17:11).

თუ ვინმე ძმებისას არ შეისმენს, "უთხარი ეკლესიას, ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17).

"როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია" (ლუკა 1:2-4).

წმიდა გადმოცემის აღიარების აუცილებლობა შემდეგი დამოწმებებითაც დასტურდება:

2. "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით მოძღვრება, რომელიც გისწავლიათ სიტყვით და ჩვენი წერილით" (2 თეს. 2:15).

"ხოლო მე გაქებთ, ძმანო, რადგან ჩემი ყველაფერი გახსოვთ, და როგორც გადმოგეცით, ისე იმარხავთ გადმოცემას" (1 კორინთ. 11:2).

"ო, ტიმოთე, რაც მოგენდო, დაიმარხე, და განეშორე ბილწ ფუჭსიტყვაობასა და ცრუმეცნიერების ცილობას, რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და აკი განუდგა კიდეც რწმენას" (1 ტიმ. 6:21).

"მისდიე მაცოცხლებელ სიტყვას, რომელიც გესმა ჩემგან ქრისტე იესუში სიყვარულითა და რწმენით" (2 ტიმ. 1:13).

"და რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც: (2 ტიმ. 11:20) ამის შესახებ იხ. კიდევ: 1 იოანე 2:24; 2 თეს.3:6; გალ. 1:8-9, 11-12; 1 თეს. 2:13; იოანე 12:48; ტიტ. 1:9; კორ. 15:1; მათე 28:19-20; 2 იოანე 1:12; საქმე 13:5 და 20, 31.

3. მწამს: ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია (მრწამსის 9-ე წევრი).

4. მეექვსე მსოფლიო კრება, საქმე 8:
"სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გადმოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას".

5. მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმე:
"ანათემა ყველაფერს, რაც საეკლესიო გადმოცემის, წმიდა მამათა მოძღვრებისა და განწესებების საწინააღმდეგოა" (ამ კრების ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ).

იგივე გაიმეორა სიტყვა-სიტყვით კონსტანტინეპოლის 879 წ. კრებამ (მაკარის დოგმატური ღვთისმეტყველება. გვ. 508).

6. მეშვიდე მსოფლიო კრება.
ამ კრებაზე ანათემა გამოეცხადა არა მხოლოდ ხატმებრძოლებს, არამედ ყველას, ვინც უძველეს საეკლესიო გადმოცემებს უარყოფს.

7. ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრება, 340 წ.
21-ე კანონში, წინააღმდეგობას უწევს რა ეკლესიაში სიახლეთა შემომღებთ, ასკვნის: "ვლოცულობთ რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყოველივე ის, რაც საღმრთო წერილშია მოცემული და მოციქულთა გადმოცემის მიერ არის განწესებული".

8. განმარტება ამ კანონისა ეპისკოპოს ნიკოდიმოსის მიერ.
ამ კრების მამებმა დაადგინეს, რომ აუცილებელია წმიდ ეკლესიის დაცვა სიახლეებისგან. წმიდად და დაურღვევლად უნდა დაიცვას ის, რაც საღმრთო წერილითა და მოციქულთა გადმოცემით არის განწესებული; წინააღმდეგ შემთხვევაში გზა ხსნილი ექნებათ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიად ვერ იწოდებიან.

9. მღვდელმთავართა ფიცი (შემოკლებით)
"პირობას ვდებ, დავიცვა წმ. მოციქულების, შვიდი მსოფლიო კრებისა და კეთილმორწმუნე ადგილობრივი კრებების მიერ განჩინებული კანონები, რომელნიც ჭეშმარიტებით არიან დაკანონებულნი. პირობას ვდებ დავიცვა აღმოსავლეთის წმ. მართლმადიდებელი კათოლიკე სარწმუნოების კანონები და წმიდა განწესებები, მტკიცედ და ურღვევი სახით სიცოცხლის ბოლომდე. ყოველივეს რასაც აღიარებენ ეს კანონები ვაღიარებ მეც. ყოველივეს, რასაც უარყოფენ, უარვყოფ მეც... ხოლო თუ გადავალ პირობას ანდა წინააღმდეგი ვიქნები ღვთიური კანონისა, ჩამომერთვას პატივი სრულად და უცხო ვიქმნე მადლისაგან სულიწმიდისა".

10. წმ. ბასილი დიდი
"ყოველივე, რაც წმიდა მამათა მიერ არის გადმოცემული ძველთაგან, თაყვანისცემის ღირსია. ხოლო ყოველივე, რაიც ახალია, შეუსაბამოა..." (წმიდათა ცხოვრებანი, ტ. III).

11. წმ. კირილე ალექსანდრიელი (444 წ.).
"ვინც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას მისდევს, ცხონდება, ხოლო ვინც გადაუხვევს, ანდა რამეში შესცოდავს და კადნიერად უარყოფს მას, საუკუნოდ წარწყმდება".

12. წმ. იოანე ოქროპირი.
"ვინც არ ემორჩილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას... იგი ქვიშაზე აფუძნებს თავის შენობას, ასეთ ადამიანს ქრისტე ეშმაკს უწოდებს, რომელიც კეთილ თესლთა შორის ღვარძლს სთესავს. ასეთი ადამიანი განიკვეთება ეკლესიისგან, ვითარცა დამპალი ნაწილი სხეულისა, ვითარცა წარმართი და მეზვერე" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლის შესახებ; II. 1).

13. წმ. ეპიფანე კვიპრელი, 403 წ.
"უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი - გადმოცემაში".

14. ღირსი ბიკენტი ლირინელი.
"არავის არა აქვს უფლება, მიიღოს ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ეკლესია არ გვახარებს. სარწმუნოებასთან დაკავშირებული სჯულისდება ყველა დროს ეხება. მაშასადამე, მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის ისეთი რამის წამოყენება, რაც ადრე მათ არ შეუწყნარებიათ, არც არასდროს ყოფილა ნებადართული და არც არასდროს იქნება" (ქრისტეანული რწმენა და ცხოვრება. ნ. საგარდა. II, 1915 წ.)

"ნამდვლად და ჭეშმარიტად მართლმადიდებელია ის, ვინც მთელი სულით ერთგულობს ეკლესიას, მთელი სულით ეკუთვნის ქრისტეს სხეულს და ღვთიურ ჭეშმარიტებას მთელი სულით აღიარებს. ვინც არაფერს აყენებს ღვთიურ რელიგიაზე მაღლა, და თავის მოვალეობად მიაჩნია სწამდეს მხოლოდ ის, რასაც ოდითგანვე თანხმიერად აღიარებდა მთელი ეკლესია; ხოლო თუ ისეთ რამეს შეიტყობს ეკლესია, რაც ეწინააღმდეგება წმინდანებს, რაც ახალია და აქამდე უცნობი, იმას არა ვითარცა რელიგიის, არამედ ვითარცა ცდუნების კუთვნილად მიიჩნევს" (იქვე. გვ. 156).

15. მარკოზი, მიტროპოლიტი ეფესოსი (1483).
"ყოველი, რომელიც გადმოცემის საწინააღმდეგოს იტყვის რასმე, გინდაც მარხულობდეს, გინდაც უბიწო იყოს, გინდაც სასწაულებს ახდენდეს, გინდაც წინასწარმეტყველებდეს, ვითარცა მგელი იყოს შენთვის ცხვრის ქურქში გახვეული რომელიც ზიანს აყენებს ცხვრებს".

16. მართლმადიდებელი დეკანოზის წერილი თავის სულიერ შვილებს
"უმჯობესია უეკლესიოდ და უტაძროდ, უეპისკოპოსოდ დარჩე და უზიარებელი მოკვდე, ვიდრე მართლმადიდებელ ჭეშმარიტებას გადახვიდე და ლოცულობდე განმაახლებლებთან ერთად".
წმ. გადმოცემის დიდმნიშვნელოვნებას წმ. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებანი ცხადყოფენ. ეს კრებები თავიანთ კანონებს ადგენდნენ მათივე თქმით, "ვითარცა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა და წმ. მამათა გადმოცემების მიმდევარნი. ამიტომაც ძალზე ბევრ კანონს ისინი შემდეგნაირად გამოხატავენ: "დავიმარხოთ ძველი წეს-ჩვეულებანი", "უძველესი გადმოცემები", "დაცულ იყოს ძველი სჯული და წესი", "მამათა კანონიკურ განჩინებათა თანახმად", "დადგენილია მამათა ჩვენთა კანონებით" და ა. შ. იხ. I მსოფლ. საეკლ. კრების 6, 7, 13 და 18; II მსოფლ. საეკლ. კრებ. 2 და 7; III მსოფლ. საეკლ. კრებ. 7 და 8; VI მსოფლ. საეკლ. კრებ. 1, 2, 13, 29, 84, 87, 90 და სხვა.

საერთოდ, საეკლესიო კრებები განაწესებდნენ "და ნუ იქნება ეკლესიაში შემოღებული სიახლენი, რომელნიც ეწინააღმდეგებიან წმ. წერილსა და სეკლესიო გადმოცემებს". "და ნუ დაირღვევა მამათა გადმოცემები და კანონები"; ხოლო საეკლესიო გადმოცემათა დამრღვევი, ანდა მისი სიახლით წამბილწველი, "განიდრიკოს და განიკვეთოს ეკლესიისგან" იხ. VI მსოფლ. საეკლ. კრების 19 და 32; VII მსოფლ. საეკლ. კრების. 7; ღანგრის საეკლ. კრებ. 21- ე კანონები.

17. VI საეკლესიო კრების 32-ე კანონი იუწყება: "ამიერიდან თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი არ შეასრულებს მოციქულთა მიერ მოცემულ წესს, განიკვეთოს როგორც საიდუმლოს არასრულად აღმასრულებელი, წმ. გადმოცემაში სიახლის შემტანი და მისი წამბილწველი".

18. ეპისკოპოსი ნიკოდიმოს დალმატიელი (მილაში) 1915 წ.
"მეშვიდე მსოფლიო კრება თავის მეშვიდე კანონში ბრძანებს, რათა, ყველაფერი რაც ეკლესიაში იქნა უგულვებელყოფილი, აღსდგეს და ძალაში შევიდეს, დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად; სხვაგვარად კი განიკვეთოს ყველა, ვინც საეკლესიო გადმოცემას დაარღვევს" (იხ. სინტაგმა. 11, 374).

19. ღირსი იოსებ ვოლოკოლამელი, 1515 წ.
საეკლესიო კანონებისა და განწესებების ძალით, ის მიიჩნევდა, რომ იერარქიული უპირატესობანი ძალაშია იმ შემთხვევაში, თუკი ის ინარჩუნებს ერთგულებას. საეკლესიო დისციპლინის პრინციპი შენარჩუნებულია მანამ, სანამ იერარქია შეესაბამება თავის მაღალ დანიშნულებას.

მიუხედავად იღუმენის წოდებისა, ვოლოკოლამელი მოძღვარი არ მოერიდა გამოსულიყო სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის მამხილებლად, როდესაც იგი მწვალებელი აღმოჩნდა (წიგნიდან "გარდატეხა ძველ რუსულ ღვთისმეტყველებაში". მღვდელმონაზონი ტარასი).

20. მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი პირველი.
"მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკციებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სული საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა მსოფლიო კრებებისა, განჩინებების დადგენისთვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს - ჩვენც განვკვეთთ, ვინც უზიარებელ ყვეს, უზიარებელ ვყოფთ, ვინც განაკანონეს, ჩვენც აგრეთვე განვაკანონებთ მათ".

21. ღირსი თეოდორე სტოდიელი, 826 წ.
"სანახევროდ მართლმადიდებელია ის, ვინც მიიჩნევს, რომ მართალი რწმენა აქვს, მაგრამ ღვთიური კანონებით არ ხელმძღვანელობს" (თხზ. ტ. II. გვ. 249).
"ყოველი, ვინც წინააღუდგება ღმრთის ან საეკლესიო მცნებათა დარღვევას, აღმსარებელია" (ეპისტოლე 20).

"ეპისკოპოსებს არა აქვთ უფლება გარდავიდნენ რომელიმე კანონს, არამედ უნდა მისდიონ განწესებებს და უკვე მიღებული დაიცვან. დაუშვებელია, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მხრივ კანონთა და განწესებათა საწინააღმდეგო ქმედება" (ეპისტოლე 24).

მანვე, ღირსმა თეოდორემ, თავი ანება პატრიარქთან ერთად ლოცვას, რადგან მან ადრე დაგმობილი პრესვიტერი უკან მიიღო (განაახლა ურთიერთობა).

22. წმ. კირილე იერუსალიმელი, 389 წ.
"უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი. 13:31).

23. წმ. იოანე ოქროპირი, 407.
"ეკლესიის დოგმატებისა და წმ. მამათა მოძღვრების ურჩი გონება უთანხმოებასა სთესს ქრისტეანებს შორის და ბადებს მრავალრიცხოვან ერესსა და განხეთქილებას. ამიტომ, ვისაც სურს, ჭეშმარიტი ძე იყოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ეკლესიის კანონით დაიმორჩილოს გონების ურჩობა და ყველაფერში დედა ეკლესიას დაემორჩილოს" (სიტყვა კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს შესახებ. II, I).

24. თეოდორე ბალსამონი, პატრიარქი ანტიოქიისა, 1203 წ.
"დაიცავი კანონიკური განწესებანი, სადაც და როგორადაც უნდა იყვნენ ისინი წარმოთქმულნი. ნუ იტყვი, რომ მათ შორის არის რაიმე წინააღმდეგობა, რამეთუ ყოველ მათგანში სულიწმიდა მეტყველებდა" (თეოდორე ბალსამონი, თხზულებანი).

საეკლესიო კანონი - წერილობით და დაუწერელ გადმოცემათა სავალდებულო დაცვის შესახებ, არაერთხელ ყოფილა განმეორებული მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე.

25. მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი.
"ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".

26. დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა.

"ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს - და არავითარი სიხალე არ შეგვაქვს".

27. მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი.
"რომელმა უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".


28. მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7.
"წმიდა ადათ-წესები პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად".

29. წმ. ბასილი დიდი, † 379.
"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".

"ჯერ-არს მივსდიოთ დაუწერელ საღმრთო გადმოცემას, რამეთუ მოციქულთაგან გადმოგვეცა".

"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).

30. ნეტარი ავგუსტინე, (430 )
"ყოველივე, რასაც პყრობს ეკლესია და რასაც პყრობდა კრებათა დადგენილებების გარეშე, მოციქულთაგან მიგვიღია".

31. ტერტულიანე, II ს.
"თუკი რომელიმე კანონი წერილობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მაინც ყველგან გვხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის განმტკიცებულია წესჩვეულებით, რომელიც საღმრთო გადმოცემაზე არის დაფუძნებული. ხოლო თუკი იტყვიან, გადმოცემასაც სჭირდება რაიმე წერილობითი მოწმობაო, მაშინ ჩვენი მხრივ მივუთითებთ ისეთ განწესებებზე, რომლებიც დაცულია ყოველგვარი წერილობითი წყაროს გარეშე, მხოლოდ გადმოცემისა და წეს-ჩვეულების მნიშვნელობისა და ძალის წყალობით. მაგალითად: ნათლისღება, ევქარისტია, მარხვის დრო და ა. შ.

თუკი ვინმე ამ და ბევრი სხვა განწესების შესახებ დაწერილ კანონს დაუწყებს ძებნას, ვერ იპოვნის. აქ ძალა აქვს გადმოცემას, ვითარცა საფუძველს; წეს-ჩვეულებას, ვითარცა მის მტკიცებას; სარწმუნოებას - ვითარცა დაცვას".

47. მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 846 წ.
წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).

48. "პიდალიონი" (ბერძნული სჯულის კანონი).
"სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" (მეორე მსოფლიო კრების მე-7 წესის განმარტება. გვ. 388)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика