წერილები - თმის შეჭრის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიაკვანი ვალერი ტიმოფეევი

თმების შეჭრის შესახებ

იოანე ოქროპირის ხატი

ქრისტეანულ საზოგადოებაში არის საგნები რომლებიც ყოველთვის იპყრობდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. მათ შორის, უეჭველად, დგას ქრისტეანის, კერძოდ, კლერიკოსისა და ერიკაცის გარეგნობის პრობლემაც. მისი შემადგენელი ნაწილის სახით არც თუ იშვიათად გამოდის სასულიერო პირთა მიერ გრძელი თმების ტარების საკითხი. საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ თეთრმა სამღვდელოებამ გრძელი თმები უნდა ატაროს, მაგრამ ჩვეულების გარდა ამის სხვა რაიმე საფუძველი ვერავის მოჰყავს.

საკითხის საკმაოდ ხანგრძლივი და მიმოწვლილვითი შესწავლის შემდეგ, ჩვენ ვერ შევძელით აღმოგვეჩინა ვერც ერთი (!) კრებითი ან წმიდა მამებისეული დადგენილება, როგორც ძველ, ასევე განხეთქილებამდელ ეკლესიაში, რომლებიც კლერიკოსების ან ერისკაცების მიერ გრძელი თმების ტარების თაობაზე იქნებოდა მიღებული. ამავე დროს, წმიდა მამები, რომლებიც უთითებენ კანონებს თმების ტარების შესახებ, მათი შეჭრის აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

კლერისკოსების და ერისკაცებისთვის გრძელი თმების აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს წმ. მოციქულ პავლეს სიტყვები: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1 კორ. 11:14). ნეტ. თეოდორიტე (Творения, ч. 1, стр. 183, изд. 1867 г.) გვიხსნის მიზეზს, თუ რატომ იკრეჭდნენ ქრისტეანები თმას წარმართთა საპირისპიროდ, რომლებიც პირიქით, იზრდიდნენ მას რადგან, "ელინებს ჩვეულებად ჰქონდათ თავიანთი ბავშვების თავზე არ შეეჭრათ თმები, არამედ უზრდიდნენ და დროთა განმავლობაში დემონებს სწირავდნენ. მათივე ჩვეულება იყო წვერის მოპარსვა".

ამიტომაც წერდა ღის. ნიკონ ჩერნოგორელი (Слово 37, лист 284): "მოციქულის ქადაგებისამებრ, კაცმა არ უნდა გაიზარდოს თმები, რადგან ხატი და მსგავსია ღმრთისა. ამაზე უარესია წვერის მოკრეჭა. მოციქულთა მცნებებში ღმრთის სიტყვა ბრძანებს, რომ მამაკაცებმა წვერი არ უნდა წაიხდინონ... ხოლო ვინც ამ დადგენილებას ეწინააღმდეგება, როგორც მოციქული ამბობს, "ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას" (1 კორ. 11:16). ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი უთითებს, რომ ის ვინც თმებს იზრდის და ასევე, ვინც წვერს იკვეცავს სასულიერო პატივისა (изведе убо таковая делающих и творящих) და ეკლესიისგან (и от Божия Церкве) უნდა განიკვეთოს.

წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს, მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".

ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.

ცნობილია, რომ ძველ ეკლესიაში სამღვდელოება კინკრიხოზე თმას იკვეცავდა, რასაც ბერძნები "პაპალიტრას", ლათინები კი "ტონზურას" უწოდებდნენ (რუს. "გუმენცო") და ამგვარი შეჭრა, სხვათა შორის, იმაზე უფრო მოკლე იყო, ვიდრე ერისკაცებს ჰქონდათ.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ VI მსოფლიო კრება პირდაპირ ითხოვს სასულიერო პირთაგან თმების გაკრეჭას და არა მის მოშვებას. VI მსოფლიო კრების 21-ე კანონში ნათქვამია: "სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად, ვინაიდან სოფელში ყოფნას უფრო პატივს სცემს იგი, ვიდრე ზეციურ მოქალაქეობას".

გრძელი თმების ტარების უფლება ეკლესიაში მხოლოდ ბერ-მონაზვნებსა აქვთ და ისიც ყველა მონაზონს კი არა, მეუდაბნოეთ მხოლოდ და ისიც საკმაოდ მკაცრი პირობით, - არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ უდაბნო და არ ეწვიონ ქალაქს. VI მსოფლიო კრების 42-ე კანონი ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრად განაწესებს: "მეუდაბნოედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწამოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და ქალთა შორის ტრიალებენ და თავიანთი აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ, ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა".

ნომოკანონი (правило 174, лист 702) ასევე, მათე ბლასტარისსა და VI მსოფლიო კრების მამათა კრებაზე დაყრდნობით კრძალავს თმების მოზრდას: "მათე მესამე მუხლის, მეცხრე თავში უკრძალავს მართლმადიდებელთ თავის მორთვას, ან წვერის შეკვეცას, თმის გაზრდას ან კიდევ თმების დახვევას. ვინც არ დაემორჩილება ამას უზიარებელ უნდა იყოს: იგივეს ბრძანებს თავის 96-ე კანონში ტრულის მეექვსე კრებაც".

სამგანმარტებიან დიდ სჯულისკანონში ზონარა VI მსოფლიო კრების 96-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს" (გალატ. 3:27); ხოლო ვინც საღმრთო ნათლისღებით ქრისტე შეიმოსა ცხოვრებასაც მის მსგავსად უნდა ატარებდეს და ყოველგვარ უბიწოებასა და პატიოსნებას უნდა იცავდეს, არ უნდა მიეცეს ნივთიერ ამაოებას. მაგრამ, რა შეიძლება იმაზე ამაო და ამსოფლიური იყოს თუ არა თმების დახვევა თავზე და მათი გალამაზება, რითაც ხშირად ცდუნდებიან სარწმუნოებაში განუმტკიცებელნი, რადგან ასეთნი ადვილად მიდრეკადნი არიან თავშეუკავებლობისკენ.

ამრიგად, ამ კრების ღვთიურმა მამებმა ახსენეს თმების ლამაზად დახვევა და განლაგება; რადგან იმ დროს, როგორც ჩანს, სხვას არაფერს უკეთებდნენ თმებს იმისთანას, რასაც დღეს უკეთებენ, რომლებიც ღებავენ მათ და ყოველ ღონისძიებას მიმართავენ, რათა თმები გაზარდონ და დედაკაცივით კულულები ჰქონდეთ, თვით წელამდეც". აქედან ჩანს, რომ ზონარას დროს იყო გრძელი თმების ტარების შემთხვევები, მაგრამ ისინი საეკლესიო სამართლის ნორმებით აღიკვეცებოდნენ ხოლმე.

ამრიგად, ძველი ეკლესია თავისი კლერიკოსებისგან თმების შეჭრას ითხოვდა და უკრძალავდა მათ გრძელი თმების ტარებას, რაც 1551 წლის "ასმუხლიანმა" კრებამაც დაადასტურა.

მართლმადიდებლური ეკლესიის ნიკონიანური განხეთქილების შემდეგ, როდესაც რუსეთის ახალმოწესეთა შორის გავრცელდა გრძელი თმების ტარების ბერძნული წესი, მართლმადიდებელი ძველმორწმუნეები ნიკონიანელებს ძველი საეკლესიო კანონებიდან გადახვევას ამ საკითხშიაც ამხელდნენ. მაგალითად, ახალმოწესეებში უკვე XVIII ს. დასაწყისში გავრცელებული იყო ე. წ. შედარებითი სურათები, სადაც გამოსახულნი იყვნენ ძველი და ახალი წესების სიმბოლოები და ნიშნები, რომლებზეც წარწერის: "თავად ვლადიმერის დროიდან რუსეთის წმიდა ეკლესია ამ წესს მისდევს" ქვეშ, რვაკიდურიანი ჯვრების, შვისეფისკვერიანი ლიტურგიის, მაცხოვრის სახელის "IС ХС" და სხვა სიმბოლოებთან ერთად დახატული იყო მართლმადიდებელი მღვდელი, რომელსაც თმები წამოზრდილი ჰქონდა ყურის ბიბილომდე, მაშინ როდესაც, ნიკონიანელი მღვდელი დახატული იყო მხრებამდე გრძელი თმებით (См.: Тарасов О.Ю. Икона и благочестие: Очерки иконного дела в императорской России. – М., 1995. – С.87, иллюстрация 20). წმ. აღმსარებელი და მღვდელმოწამე ამბაკუმი თავის წიგნში "Книга бесед" (беседа 8) ნიკონიანელი მღვდლის გარეგნობაზე წერდა: "В карету сядет, растопырится, что пузырь на воде, сидя на подушке, расчесав волосы, что девка, да едет, выставя рожу, по площади".

ძველმორწმუნეობაში სასულიერო პირთა შორის გრძელი თმების ტარების ჩვეულება XVIII საუკუნიდან შემოდის. ნიკონიანური ეკლესიისდან ძველმორწმუნეობისკენ გადმოსული მღვდელმსახურების მეშვეობით, რადგან ძველმორწმუნეებს უკვე ძველი, ნიკონამდელი ხელდასხმის მღვდლები უკვე აღარ ჰყავდათ. ამის შედეგად, ზოგიერთმა ძველმორწმუნემ მიიჩნია, რომ მღვდელს უნდა ჰქონოდა გრძელი თმები, მიუხედავად იმისა, რომ ეს განხეთქილებამდელი ეკლესიის პრაქტიკის საწინააღმდეგოა. მოცემული საკითხი სპეციალურად განიხილებოდა ყაზანისა და ვიატსკის ეპარქიალურ (იგულისხმება ე. წ. ბელოკრინიცელთა, ძველმორწმუნეობრივი ეკლესია - ადმ.) კრებაზე, რომელმაც, ძველი პრაქტიკიდან და წმიდა მამათა სწავლებებიდან გამომდინარე მღვდლებისა და დიაკვნების მიერ თმის შეჭრა დასაშვებად მიიჩნია და აღიარა, რომ ამაში არ არის არავითარი ცოდვა.

იმის გამო, რომ გრძელთმიანობის საკითხს არ გააჩნია უცილობელი კანონიკური მნიშვნელობა, და თანაც, დღეს არც ერთი მღვდელმსახური არ აღიჭრის "ტონზურას", მისაღებად გვეჩვენება არავინ ვაიძულოთ ატაროს გრძელი თმბი, ან შეიჭრას ის, რათა თავიდან ავიცილოთ საცთური და განხეთქილება.


დამატება:

ახალი მასალები თმების შეჭრის შესახებ



მოციქულები პეტრე და პავლე (კუთხეებში), მთავარანგელოზები (შუაში) და წმინდა მამები: იოანე ოქროპირი და ბასილი დიდი (შუაში, ქვემოთ). კარგად ჩანს, რომ როგორც მოციქულები, ასევე წმიდა მამები ხატზე გამოსახულნი არიან, ტრადიციულად მოკლე თმებით. (XIV ს. ხატი).

ზოგიერთი კრიტიკულად უდგება სასულიერო პირთა გრძელთმიანობასთან დაკავშირებულ საკითხს და ვითომცდა რომელიღაც "მამებზე" დაყრდნობით ცდილობს გაამართლოს გრძელთმიანობის ტრადიცია. ჩვენ კი ვეკითხებით მათ: დაგვისახელეთ ეს მამები, რომლებმაც სასულიერო პირებს მისცეს უფლება ეტარებინათ გრძელი თმები. ჯერ ჯერობით არავის, არცერთი წმიდა მამა არ დაუსახელებია.

ძველმორწმუნეობაში, სამწუხაროდ, ჯერაც არიან ადამიანბი, რომელთათვისაც ნიკონიანური წეს-ჩვეულებები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ძველი და ჭეშმარიტი ეკლესიის მცნებები და, რომელთათვისაც გრძელთმიანობის ნიკონიანური წესი, რომელიც ახალმოწესეთა შორის ლამის დოგმატის მნიშვნელობას ღებულობს, საეკლესიო სამართლისა და წმიდა მამათა სწავლებაზე უფრო ძვირფასი და მშობლიურია. მათი აზრით "მღვდელი აუცილებლად გრძელთმიანი უნდა იყოს". მათთვის გრძელი თმები არის ღვთისმოსაობის გამოვლინება, რომელიც უდავოდ არასწორად არის გაგებული და რაც უფრო გრძელი აქვს მღვდელმსახურს თმები, მით უფრო "ღვთისმოსავად" მიაჩნიათ იგი, უვლიან ამ თმებს, ლამის ჭიპამდე იზრდიან და მათში რაღაც "სიწმინდეს" გრძნობენ. სწორედ ამგვარი კლერიკოსების გამო შეურაცხიყოფა ძველმორწმუნე მღვდელმსახურის სახე. მაგალითისთვის დავიმოწმებ ერთ ერთი პომორელი "ბეზპოპოვეცი" ავტორის სიტყვებს, რომელიც ამბობდა: "ძველმორწმუნეობის ნებისმიერ მიმართულებაში გრძელი თმების ტარება ყოველთვის იგმობოდა, "პოპოვცებისგან" განსხვავებით, - რომლებიც "შეერივნენ უსჯულოებას და უსჯულოთა საქმეებს მიჰყვნენ" - მათმა მღვდლებმა და მღვდელმთავრებმა, სხვა საერო მიდრეკილებებთან და ჩვეულებებთან ერთად, გრძელი თმების ტარების წესიც გადმოიღეს.

ძველ ეკლესიაში გრძელი თების მოშვება კატეგორიულად იგმობოდა წმ. მამათა მიერ. ადრინდელ პერიოდში წმ. მამები მამაკაცისგან თმის მოკლედ შეჭრას ითხოვდნენ. საჭიროა გავიხსენოთ, რომ მამაკაცის მიერ თმების შეჭრას და დედაკაცის გრძელთმიანობას ითხოვდა თვით მოციქული პავლე: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14).

II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.

მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს. დასავლეთში, ტოლედოს III კრების (VI ს.) დადგენილებების მიხედვით თმების შეკვეცა სავალდებულოა მთელი სამღვდელოებისთვის.

ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).

აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას: "ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან გმობდა გრძელი თმების ტარებას კლერიკოსთა მხრიდან და უცილობლივ ითხოვდა მათ შეჭრას.

მეტიც, ეკლესია არა თუ არ იწონებდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობას, არამედ გრძელ თმებს მწვალებლობაშიც კი უთვლიდა მათ, გულისხმობდა რა ევქიტთა უღვთო სწავლებას, მითუმეტეს, თუკი კლერიკოსს, რომელმაც კარგად უწყოდა საეკლესიო განწესებები, არ დაემორჩილებოდა მათ და თმების მოშვებას გააგრძელებდა. ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მამხილებელ თხზულებაში დიდი ეპიფანე ევქიტელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემიან, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშვებული თმებით და არღვეევენო მოციქულის მცნებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღმრთისა... ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს და არც ეკლესიას ღმრთისა ("Во еже о ересях, великий Епифание о евхитстей ереси глаголет, яко и во другом негде предъята быша та честная наша братия. Иже междоречию в монастырех суще, рекше во градех зовомых, власы женскими радующися... И богообразно внешних ради ходити, и не хотети от зрящих прияти мзду или благодать, тужде есть соборныя Церкви вретище непроявленно и власы неотрезаеми, по проповеди апостольстей, муж бо рече не должен растити власы, образ и слава Божия сый... Мы таковаго обычая не имамы, ниже Церкви Божия". Слово 37, л. 284).

ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ გრძელი თმები ბარბაროსებისთვის არისო დამახასიათებელი, მაშინ როდესაც "მღვდლის გარეგნობა კეთილსახოვანი უნდა იყოს" (Блаж. Иероним. Толкование на пророка Иезеккииля. – Москва, 1889. Ч. 1. Гл. 44. С. 273).

დღეს, ძველმორწმუნე სამღვდელოების ზოგიერთ ნაწილში გრძელ თმებზე გავრცელებულია აზრი, რომ თითქოსდა ეს არის ერისკაცისგან განმასხვავებელი ნიშანი (რაშიც, სხვათა შორის, გამოსჭვივის ღრმად მწვალებლური, ლათინური შეხედულება ეკლესიის დაყოფაზე დამმოძღვრელ (სასულიერო დასი) და მოსწავლე (ერისკაცნი) ნაწილებად). წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431).

კიდევ რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით?

წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტეანული, არამედ ანტიქრისტეანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური ტრადიცია. წმ. კირილე ალექსანდრიელი ამის შესახებ სრულიად მკაფიოდ და არაორაზროვნად წერს: "გრძელი თმების მოშვება - ბრძანებს ის წარმართთა შესახებ, - ახასიათებდა ელინთა უგუნურ მოდგმას, თავის უკეთურ და ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებას რომ მისდევს და პირუტყვივით ცხოვრობს, რადგან ამ თმებს თავისი "ღვთაებების" საპატივცემოდ უშვებს" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906. Ч. 3, С. 170). ამიტომაც, გასაკვირია და გულსატკენი ჩვენი ძმების ნაწილი კვლავ რომ უბრუნდება "უგუნურ პირუტყვთა" ცხოვრებას და თმების მოშვებით "უგნურ ელინთა მოდგმას" რომ სურს მიემსგავსოს.

მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს, ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას, მამაკაცის თავის, ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას და სხვ. ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ.

სჯულის კომენტატორი ზონარა (XII ს.), VI მსოფლიო კრების 96-ე კანონის განმარტებაში წერს: "...რის გამოც ბოროტება იგი ერთგვარი ეპიდემიური ჭირის მსგავსად მოედო და დაასნებოვნა ქრისტეს სახლის მატარებელნი და განურჩევლად ნთქავს ყველას. ეს ყოველივე კი ღვთაებრივი და უძველესი მცნების საწინააღმდეგოდ ხდება, რომელიც ბრძანებს: "ნუ გადაიხოტრავთ თავს და ნურც წვერს მოიპარსავთ" (ლევიტ. 19:27). ღვთაებრივი მოციქული პავლე ამბობს: "მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაი გრძელად, უშუერებაი არს მისა" (1 კორინთ. 11:14). ბოლოს, გაკვირვებული ზონარა დასძენს, რომ "ამჟამინდელი მამანი არათუ არ სჯიან მათ, რომლებიც ზემოთთქმული უღვთოებით ეპყრობიან თმასა და წვერს, არამედ უმეტეს უსირცხვილობას იჩენენ და ამგვარი სახით ეკლესიაშიც კი შედიან, აძლევენ კურთხევას და (ო, მწვერვალო შეუსაბამობისა!) თვით უწმინდეს და უპატიოსნეს საიდუმლოთაც კი აზიარებენ და ამ უმსგავსობას არ ეწინააღმდეგება არავინ არც პატრიარქი, არც სხვა მღვდელმთავარი და არც ბერები, რომელთაც ასეთი უსირცხვილოდ მოქმედი ადამიანები ჰყავთ სულიერ მოძღვრებად" (Правила Святых,Вселенских Соборов 5-7. Правила шестого собора, прав. 96, толкование от Зонары. Изд. Москва. Общ. дух. просвещения. Москва 1912 г., стр. 277, 278).

როგორც ვხედავთ, ზონარა გულითადად სწუხს იმაზედ, რომ მის დროს გამოჩნდნენ ზოგიერთი სულიერი მოძღვრები, რომლებიც, იმის ნაცვლად ღვთისმოსაობის ნიმუშნი ყოფილიყვნენ მორწმუნეთათვის, არა თუ ხელს არ უშლიდნენ მამაკაცების მიერ თმების ზრდას, არამედ ფაქტობრივად აქეზებდნენ კიდევაც ამ ამაზრზენ ჩვეულებას. დღესაც საწუხარად გვრჩება ის ფაქტი, რომ როგორ წმ. ეპიფანე კვიპრელი წერდა, "ღვთისმოსაობას ამოფარებული ამპარტავნებით" ზოგიერთი ძმა იცავს წმიდა მამების მიერ დაგმობილ ამ მავნე ჩვევას. ზედმეტი არ იქნება თუკი გავიხსენებთ წმ. ეპიფანესავე სიტყვებს, რომელიც ამბობდა: "რა არის იმაზე უფრო უარესი და საძაგელი, თავზე თმას იზრდიდნენ და მამაკაცის ხატად ბოძებულ წვერს კი იპარსავდნენ... არც მამაკაცთ ჰგვანან და არც დედაკაცთ... ესენი კი წვერსაც იპარსავენ და გრძელ თმებსაც ატარებენ მეძავთა მსგავსად" (წმ. ეპიფანე კვიპრელი, Творения. – 1880. – Ч. 5. – Гл. 7, стр. 302). ძველსლავური თარგმანით: "что горше и противнее, еже ... власы же главы растити, еже сим блуднически украшатися, иже суть ниже мужие, ниже жены").

ტრულის კრების ამ განწესებას წმ. მამები ბევრგან იმოწმებენ და კატეგორიულად ითხოვენ - თმამოშვებული პირები განკვეთონ. ასე მაგალითად, მათე ბლასტარისის "სინტაგმაში", ასო Т-ს 9-ე თავში ნათქვამია: "VI მსოფლიო კრების 96-ე კანონი ბრძანებს: "ნათლისღებით ქრისტე შევიმოსეთ და აღთქმა დავდეთ, რომ მის ცხოვრებას მივბაძავთ", დავიცავთ ყოველგვარ პატიოსნებას და უბიწოებას, არ მივეკრობით ამსოფლიურ ამაოებას და საკუთარ სხეულს არ მოვრთავთ ზედმეტი წვრილმანებითა და ზიზილ-პიპილებით. მაგრამ რა შეიძლება იმაზე ზედმეტი იყოს, თუ არა თავზე თმები დაიხვიო და პირისახეზე წვერი დაიმახინჯო, ათასგვარად იზრუნო მათზე და მიივიწყო შინაგანი კაცის მშვენება და უგულებელჰყო იგი? რადგან მოციქული ბრძანებს, "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14).

ამრიგად, კანონი ითხოვს, ჯერ მამობრივი დარიგება და გაფრთხილება მიიღოს მან ვინც ასე იქცევა, ჯიუტები კი უნდა განიკვეთონ. ასეთივე სასჯელი ეკუთვნის მათაც, ვინც თმებს იხვევენ, რათა ხუჭუჭთმიანებად გამოჩნდნენ; იღებავენ, რათა ქერათმიანებად მოაჩვენონ თავი; სხვები ჯერ თმას დაისველებენ, შემდეგ კი მზის გულზე იშრობენ, თმის სიშავე რომ შეცვალონ. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარს იჭრის და სხვის კულულებს იდგამს თავზე... რის გამოც ბოროტება იგი ერთგვარი ეპიდემიური ჭირის მსგავსად მოედო და დაასნებოვნა ქრისტეს სახლის მატარებელნი და განურჩევლად ნთქავს ყველას".

რუსული, ძველმორწმუნეობრივი ეკლესიისთვის, რომელმაც სარწმუნოება და ღვთისმოსაობა (მათ შორის საეკლესიო დადგენილებები სასულიერო პირთა თმის შეჭრის შესახებ, ძველი, ბიზანტიური ეკლესიისგან მიიღო), დაუშვებელია მათი უარყოფა, რადგან მცირედის დამთმობი დიდსაც ადვილად დათმობს. მხარი გრძელთმიანობას კი არ უნდა დავუჭიროთ, არამედ წმიდა მამათა სწავლებას და დავაკვირდეთ როგორ არიან გამოსახულნი წმ. იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, დიაკვანი სტეფანე პირველმოწამე და ეკლესიის სხვა დიდი მამები, რომლებიც ხატებზე გრძელი კი არა მოკლე თმებით გამოისახებიან. თუმცა, შეიძლება დავუშვათ, რომ ზოგიერთი ძმისთვის მეძავური გრძელთმიანობისადმი აღძრული სიყვარული შეიძლება უფრო მეტი ავტორიტეტის მქონე იყოს, ვიდრე წმიდა მამათა სწავლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძვირფასო ძმებო, არ უნდა გაგვიკვირდეს როდესაც ღვთისმსახურებიდან ქალაქში მიმავალი და საერო ტანისამოსში გადაცმული მღვდელი, რომელსაც ქუდიდან გრძელი თმების კუდი უჩანს, იქვე, ტროტუარზე მდგომ სოდომიტებისგან თუ ვერ განვასხვავოთ.


თუკი წმიდა წერილისა და წმ. მამების ესოდენ მრავალი მოწმობა ზოგიერთ ძმას ეცოტავება ან დამაჯერებელი არ ჰგონია, რაც უკვე თავისთავად უცნაურია, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მათ კონტრარგუმენტებს და მზად ვართ დეტალურად შევისწავლოთ ეკლესიის ისტორიიდან, ასევე წმიდა მამათა თხზულებებიდან და დიდი სჯულისკანონიდან დამოწმებული მაგალითები (ცხადია, ამგვარი მაგალითები საერთოდ თუ არსებობენ) გრძელთმიანობის სასარგებლოდ.



წმ. იოანე ოქროპირი (XIV ს. ხატი)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика