წერილები - სიტყვა უზენაესი სიმართლის სამსახურში - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ზურაბ ნარმანია

სიტყვა უზენაესი სიმართლის სამსახურში


ქადაგება

მო-რა იკუდა გონებაი გარდასვლითა მცნებისაითა, უნებლიეთ, ხორცთაცა სიკუდილი შეუდგა"
(ამბა თალასე)


ჩვენს ეროვნულ თუ პიროვნულ ყოფაში არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელსაც ისტორიული ბედუკუღმართობის მსახვრელი ხელი არ შეხებოდეს. არც ქართული სიტყვა და კალამი გამორჩენია რღვევისა და გადაგვარების, მკრეხელობის და უკანონობის სულს, რომელიც გავლილი თუ მოსალოდნელი უბედურებების თავიდათავია. ლიტერატურისა და, საერთოდ, მწერლობის ფუნქციის ტრივიალური და უცვლელი განსაზღვრება ამბობს, რომ მან ადამიანის ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი უნდა გააღვიძოს და განავითაროს! მაგრამ, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მწერალი ერთგული იყოს ქრისტეანული მრწამსისა, რომელიც მსოფლიოს პირველმა და მეორე საეკლესიო კრებებმა დაადგინეს და რომელიც ერთადერთი სიმბოლოა ერთი, მთლიანი და უცვლელი ჭეშმარიტებისა.

ღმერთზე, სულზე, ზნეობაზე, საუბრები გახშირდა ბოლო დროის მხატვრულ თუ პუბლიცისტურ ლიტერატურაში, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს სუბიექტურ წარმოდგენებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი რელიგიური ან ფილოსოფიური საფუძვლები. ხოლო იმ სიტყვიერ ნაგებობებში, სადაც რაღაც ფილოსოფიური სისტემა არსებობს, იგი ან ცრუქრისტეანულია, ან წარმართული... ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის მისაღები და სასარგებლო ნაწარმოები თითო-ოროლა თუ არსებობს.

სულის და ზნეობის შესახებ ქართველებს ღვთისგან მიცემული აქვთ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი და დასრულებული მოძღვრება, რაც "გადმოგვეცა ჩვენ მამებისგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას" (დიდი რჯულისკანონი, ათანასე ალექსანდრიელის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლედან). რჯულისკანონის ამ თავში ლაპარაკია წიგნებზე, რომლებიც სულიერი განთავისუფლებისწა და სიხარულის გზებს მიგვანიშნებენ და, აგრეთვე, იმ წიგნებზე, რომლებიც ცოდვაში ითრევენ და ღუპავენ ადამიანის როგორც სულს ისე სხეულს: "ცდებით, რადგან არ იცით წიგნები" (მათე 22:29). "გამოეძიენით წიგნები, რამეთუ ისინი არიან, რომელნიც მოწმობენ ჩემს შესახებ" (იოანე 6:39).

არახალია, რომ სიტყვას უდიდესი და უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის შინაგა, სულიერ და გონებრივ-ზნეობრი ფორმირებაში. თანამედროვე მეცნიერებაში გარკვეული ადგილი უჭირავს ვიბრაციის თეორიას, რომლის პრინციპებიც სასულიერო სწავლებათა თანახმად ვრცელდება ემოციურ და ფსიქოლოგიურ სიბრტყეებზე და, საბოლოო ჯამში, ზემოქმედებს სულიერ-გონებრივ ფონზე.

ერთ-ერთი უძლიერესი და უმთავრესი ვიბრატორი, რომელიც შინაარსობრივად და ფორმალურად ზუსტი ინფორმაციის მატარებელია და ჩვენი აზრისა და ფსიქიკის უფაქიზეს მატერიაზე ზემოქმედებს, არის სიტყვა. და, თუ სიტყვათა შეკავშირებით მიღებული შინაარსი ეწინააღმდეგება ადამიანის სულიერი ზრდისა და ამაღლებისთვის საღმრთო გამოცხადებაში (საღმრთო წერილსა და საღმრთო გადმოცემაში) მოცემულ შინაარსს, მისი ზემოქმედება აუცილებლად უარყოფითია, რადგან მოქმედებაში გამოხატული ძალა ან აღაშენებს, ან ანგრევს - დამანგრეველთა და დამაქცევართა ბოლო კი სასჯელია.

როგორც ფიზიკური არსებობისთვის ჭირდება საკვები ადამიანს, რომლის შემადგენლობაზე დამოკიდებულია მატერიალური სხეულის ჯანმრთელობა, ასევე საჭიროებს მისი სული საზრდოს (შთაბეჭდილებებსი, ინფორმაციის სახით) და ამ საკვების ხარისხზეა დამოკიდებული მისი სულის _ გონებისა და ზნეობის მდგომარეობა. დაახლოებით მსგავის არგუმენტებით აიხსნება ის, რომ ერთი სიტყვის შეცვლა საკმარისი იყო, რათა ორთოდოქსული ეკლესიას ერეტიკოსად გამოეცხადებინა პიროვნება ან მთელი ერი.

ნებისმიერი სიტყვა და, მითუმეტეს, იდეა, რომლის რეალიზაციაც ხდება ადამიანის შინაგან სამყაროში, მოქმედებს, როგორც ცოცხალი არსება, და თავისი შინაარსისა და ფორმის ყალიბში აქცევს ფსიქიკის უფაქიზეს სიმებსა და ინდივიდის სულის იმატერიალურ სუბსტანციას. და აი, სუბიექტური აზროვნების თავისუფლებამ ადამიანი საბოლოოდ მოწყვიტა მიზანსა და დანიშნულებაზე ობიექტურ წარმოდგენებს, რამაც კაცის სიცოცხლე დაბადებისა და სიკვდილის მოჯადოებულ წრეში მოაქცია...

დღეს, როცა სულიერმა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საშიშროება მეცნიერულად დასაბუთდა... ცხადად ვხედავთ, რომ ქართველმა კაცმა დაიწყო სულიერი საზრდოს ძიება. სწორედ ახლა უნდა გამოიღოს ხელი მწერლობამ. სულის განვითარებისა და ამაღლების პრინციპზე, მეთოდებსა და საშუალებებზე მკითხაობა არაფერს მოგვცემს, მითუმეტეს, რომ ჩვენს თვალწინ მოქმედებენ და ავრცელებენ თავიანთ სწავლებას საუკუნეების განმავლობაში დახვეწილი და რაფინირებული ცრუ რელიგიები, სექტები, სხვადასხვა მიმდინარეობები... მათ კონცეფციებს ვერასოდეს დავუპირისპირდებით პიროვნებათა მიერ გამოგონილი სისტემებით და ხერხებით, რადგან ისინი ფლობენ მაცდური სულიერი ხიბლის პრაქტიკულ საშუალებებს. საკმარისია, ადამიანმა ერთხელ იგემოს მანტრების, იოგას თუ ოკულტიზმის, შავი მაგიის, გრძნეულებისა და ჯადოქრობის აკრძალული ნაყოფი, რომ იგი დემონური ძალების იარაღად იქცეს. როგორც ცნობილია, ამ ნეგატიური ძალებისგან ადამიანის განთავისუფლება დიდ სირთულეებს უკავშირდება. ყოველივე უღვთოს ამოსაცნობი ერთადერთი საშუალება არის მართლმადიდებლური ეკლესიის რჯულისკანონი, რომელიც ღმერთშემოსილმა წმინდა მამებმა სულიწმიდის ნიჭით შექმნეს.

სულის, მისი დაბადებისა და სრულქმნის უფაქიზეს რეალიებსა და ურთულეს ვირაჟებს კარგად იცნობს მართლმადიდებელთა კანონიკური ლიტერატურა და საეკლესიო პრაქტიკა, მაგრამ ვინ აამეტყველოს იგი თანამედროვეობის ენაზე და ვინ მიიტანოს ფართო მკითხველამდე თუ არა მწერლობამ? ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს განსჯას ან გამტყუნებას. ვიცით, რა გზაც გამოვიარეთ, როგორი წნეხის ქვეშ გაგვატარეს და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ფსიქოლოგიური თუ შინაარსობრივი განსაზღვრებები, რომელსაც ლიტერატურის ნებისმიერი ჟანრი აძლევს საგნებსა და მოვლენებს, წმინდა წყლის აბსტრაქციაა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საგნებსა და მოვლენებში სუბიექტური აზრონვების ინსტრუმენტით ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ორიენტირების გარეშე გვიხდება ოპერირება.

რაც შეეხება სულის შესახებმართლმადიდებელთა კანონიკური სწავლების არსს, იგი ლაკონურად და გასაგებად არის გადმოცემული რჯულისკანონში: "სულის ძალების მოძრაობა სამ სახედ იყოფა: სიტყვიერად (გონებრივად), გულისთქმად (სურვილად, წადილად) და გულისწყრომად (გაღიზიანებად, სიფიცხედ, გაჯავრებად). სულის სიტყვიერი (გონებრივი) ძალის მოძრაობის სწორი წარმართვა არის კეთილმსახური აღთქმა ღვთისა და კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელოვნება, საგანთა ნათლად და გარკვევით აღქმა და შეთავსება, ცოდნა იმისა, თუ რა უნდა ამოვირჩიოთ არსთა შორის ან რა შევიძულოთ და მოვიშოროთ თავიდან, და პირიქით, სულის ამ ნაწილში არის ბოროტებაც იმ შემთხვევაში, თუ ღვთის არაკეთილად მსახურია და საქმისა და საგანთა ბუნების აღქმა, გამრჩევი ჭეშმარიტად კეთილის და მცდარისა, აღრეული აქვს იმ ზომამდე, რომ "ნათელს ბნელად თვლის და ბნელს ნათლად" (ესაია 5:20).

გულისთქმის (სურვილი, წადილი) კეთილი და სათნო მოძრაობა არის მთელი სურვილის მიპყორბა ნამდვილად სასურველისა და ჭეშმარიტად კეთილისკენ და, რაც ჩვენში ტრფიალებისა და წადილის ძალაა, იმისი ერთად თავმოყრა სულში მთლიანად იმის რწმენით, რომ სხვა არაფერია სულისთვის ისე სასურველი, როგორც სათნოება და სათნოების წარმომშობი ბუნება. ხოლო შეცვლა და ცოდვა სულის ამ ნაწილისა ის არის, როცა ვინმე შეცვლის თავის გულისთქმას უსხეულო, ფუჭი დიდებისა ან ხორცის გარედან ცხებული მშვენიერების მიმართ, საიდანაც მოდის ქონების სიყვარული, გემოთმოყვარეობა, რაც მოჰყვება ბოროტების მონათესავე საქმეებს.

გულისწყრომის (გაღიზიანება, სიფიცხე, გაჯავრება) ნაწილის კეთილად წარმართვა სულში არის ბოროტების წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლა და სულის გამოწრთობა სიმხნესა და მამაცობაში, რომ არ ეშინოდეს იმისა, რაც მრავალს საშინელი ჰგონია, და სისხლამდე შეებრძოლოს ცოდვას, არაფრად ჩააგდოს სიკვდილის მუქარა, სატკივარი, სატანჯველი, განშორდეს დამატკბობელსა და ყველაფერს, რაც მას თან ახლავს ჩვეულებით ან გემოთმოყვარეობით (რაც მრავალი ჩვენგანის სენია) და რაც ეწინააღმდეგება სარწმუნოებასა და სათნოებას.

"სულის ამ ნაწილის დაცემა ის არის, რაც ყველასთვის ცხადია: შური, სიძულვილი, ავსიტყვაობა, განკითხვა, ერთმანეთს შორის ბრძოლა, შფოთი, ბოროტების მიმგებელი ფიქრი და განზრახვა, ავის გულში ჩამარხვა და ბევრის მკვლელობად და მოსისხლობად აღძვრა. გამოუწრთობელი გულის სიტყვა ვერ მიხვდა, სად მოეხმარა იარააღი, თავისკენ მოაბრუნა მისი მახვილი პირი და ღვთის მიერ ჩვენთვის შურის საძიებლად მოცემული იარაღი ბოროტად მომხმარებლისთვისვე მისივე დამღუპველი გახდა" (დიდი რჯულისკანონი, გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსის კანონიკური ეპისტოლე მილიტინელი ეპისკოპოსის წმინდა ლიტოსადმი).

აი, სულისა და მისი მოძრაობის შესახებ საღვთო სწავლების არსი, რომლის ერტი მხარე რგოლს წარმოადგენს და რომელში შეტანილი უმცირესი ცვლილებაც კი თვით სახარებისეულ შინაარსს გვაშორებს. თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ძველი ქართული მწერლობის საერთო მახასიათებელი შევნიშნოთ; ეს არის მკაცრად განსაზღვრული მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად ერთი საყოველთაო საშუალება, ქრისტეანულ დოგმათა სრული დაცვა და ქრისტეანული იდეალებისთვის სრული თავდადება. ასე, რომ ძველ ქართულ მწერლობაში საღვთო სწავლება, ანუ ჭეშმარიტება მხატვრული საშუალებებით იქადაგება, რაც საბოლოო ჯამში უმშვენიერესისა და უზენაესის ხოტბასა და დიდებას წარმოადგენს.

მხოლოდ ასე შეძლებს მწერლობა, შეასრულოს ერის მიმართ თავისი საკრალური დანიშნულება. რჯულის სწავლებისა და მოთხოვნების დარღვევით კი, სურს ეს მას თუ არა, ერის სულიერ სიკვდილს უწყობს ხელს. დღეს რომ ჩვენი ლიტერატურული, და არა მარტო ლიტერატურული, სინამდვილე ქრისტეანული რჯულის საზომებით გავსინჯოთ, ვნახავთ, რომ ლაზარე მართლა მკვდარია...

ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, საუკნე აპოკალიფსურ წრეში შედის, კაცობრიობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატაკლიზმის პირას დგას... დღე და საათი კაცთაგან არავინ უწყის, მაგრამ წმინდა წერილი როგორც ისტორიული, ასევე მისტიკური თვალსაზრისით მიგვანიშნებს თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ დრო, რომელშიც ვცხოვრობთ: "ზომავ რა დროს, გაზომე იგი შენს თავში, და, როცა ნახავ, რომ ჩავლილია ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი" (3 ეზრა 9:1).

ამ სიტყვების გასაგებად საჭიროა, გავითვალისწინოთ, რომ სასულიერო მეცნიერებები ადამიანს განიხილავენ, როგორც მაკროკოსმოსის სრულიად იდენტურ მიკროკოსმოსს, რომლებშიც მიმდინარეობს ბიბლიური სიუჟეტი _ ერთი მხრივ ისტორიულად, ხოლო მეორე მხრივ მისტიკურად. ეზრასადმი ღმერთის ზემოთ მოტანილ განცხადებაში ვხედავთ, რომ აქ საუბარია ბოლო დროზე, მაგრამ ასევე ნათელია, დროის თვალსაზრისით ჩვენი ადგილსამყოფელი შეიძლება დავადგინოთ იმის მიხედვით თუ რა წინასწარმეტყველება ახდა და რა დარჩა: ზნეობრივად ეგვიპტეში და სოდომში ვიმყოფებით: ეგვიპტე სულიერ ვნებათა სახეა, ხოლო სოდომი _ ხორციელ ვნებათა სახე: "სულიერნი ვნებანი ეს არიან: ცუდად მზვაობრობაი, ამპარტავნებაი, მწუხარებაი, მოწყინება, სიძულვილი და სხვა... ხოლო ხორციელი ვნებანი: ნაყოვანება, ვერცხლისმოყვარება, სიძვა, სიყვარული სოფლის საქმეთა" (იოანე სინელი).

რაც შეეხება დროს, რომელშიც ისტორიულად იმყოფება კაცობრიობა: "აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი თორმეტფრთიანი, სამთავიანი... ამ თავმა დიდად დააშინა მთელი დედამიწა, ძალით დაიმორჩილა დედამიწის მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ ფრთას" (3 ეზრა, 11:1, 32), _ ბიბლიური სამთავიანი არწივის შუა თავში გაცხადებულია მხეცი 7 თავითა და 10 რქით, რომლისთვისაც ბოძებულია დედამიწის მესამედის მოსრვის უფლებამოსილება. "და მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა და სისხლივით გაწითლდა მთვარე" (გამოცხ. 6:12).

ამის შემდეგ ხდება დედამიწაზე ღვთის ბეჭდის ჩამოტარება: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელსაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს" (რაც ნიშნავს სწორ ნათლობას, - ზ. ნ.) (გამოცხ. 7: 2, 3). "და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:4)... _ ყოველივე ეს ვრცელი და გამოწვლილვითი საუბრის თემაა, რომელიც წინასწარმეტყველების მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად უნდა განვიხილოთ.

ახლა კი კვლავ იმ როლსა და ფუნქციას მივუბრუნდეთ, რომელსაც ქართული მწერლობა ოდითგან ასრულებდა და რომელიც, ზემოთ აღნიშნული დროის გათვალისწინებით, კვლავაც უნდა შეასრულოს, თუ სურს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოსთვის ნაწინასწარმეტყველები საკრალური დანიშნულების აღსრულებაში.

მამულის სიყვარულის ქრისტეანული ინტერპრეტაცია არსობრივად ასეთია: პატრიოტია ის, ვინც ერთგულია ერის განმადიდებელი და მხსნელი სარწმუნოებისა, ხოლო ღმერთისა და მისი რჯულის ორგულის პატრიოტიზმი ვერ სცილდება მიწის, ენისა და გენის ცნებას. განა შეიძლება, გიყვარდეს საქართველო და არ გიყვარდეს ყოველივეს შემოქმედი?... _ რჯულის თანახმად, ეს შეუძლებელია.

დღეს ყველა ვხედავთ, რომ, პოლიტიკის ენაზე თუ ვიტყვით, "მუხრუჭების ნელ-ნელა აშვების" კვალდაკვალ ერი გააქტიურდა. იქმნება ასობით საზოგადოება, პარტიები და ორგანიზაციები, გამოდის ურიცხვი გაზეთი და ჟურნალი, იბეჭდება და ვრცელდება იმდენი მოსაზრება და თვალსაზრისი, რამდენიც ავტორია, მაგრამ ყველა ამ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ერთეულის რაიმე მყარი მაკავშირებლისთვის ჯერჯერობით ვერ მიგვიგნია.

პლურალიზმის სასარგებლოდ არაერთი მოსაზრება გვესმის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ სხვადასხვა აზრიდან ბოლოს და ბოლოს ერთი არსობრივი დასკვნა არ გამოვიტანეთ და ერთ გზას არ დავადექით... მტერი გენიალურად შემუშავებული გეგმით განაგრძობს დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმის აღსრულებას.

იმის მისახვედრად თუ რა სურს მას და იმის დასანახად თუ როგორ გვათხრევინებს ჩვენივე ხელით საკუთარ საფლავს, ერთადერთი საშუალება წინასწარმეტყველებაა: "და გვაქვს ჩვენ უმტკიცესი საწინასწარმეტყველო სიტყვა, და კარგად იქცევით, რომ ესწრაფვით მას, როგორც წყვდიადში მანათობელ სანთელს, სანამ ირიჟრაჟებდეს დღე და ვარსკვლავი ცისკრისა ამობრწყინდებოდეს თქვენს გულებში" (2 პეტრე 1:19).

ვის დავუჯეროთ, ვის ვენდოთ, ვისი რჩევა-დარიგება გავიზიაროთ თუ არა საღვთო რჯულისკანონისა, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ატარა ერმა, როგორც ყველაზე ძვირფასი ღირებულება, კაცთა სულის სახსენებლად ბოძებული, რადგან "ღმერთმა, რომელსაც სურდა ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა, შუამდგომლად იხმარა ფიცი" (ებრ. 6:17). ღმერთმა დაიფიცა, რომ იგი არ ცვლის თავის ნებას, რითაც უალტერნატივოდ განსაზღვრა ამ ნების დამრღვევთა ბედ-იღბალი, ღმერთმა კი შეუძლებელია იცრუოს (ებრ. 6:18).

ამგვარად, ხალხის გულსა და გონებაზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი იარაღი მწერლობას აქვს და იგი მოვალეა, აანთოს ქრისტეს რჯულის ლამპარი, რათა ერს გასასვლელი გზა გაუნათოს, რადგან "მცნება არის სანთელი, სჯული არის სინათლე, ცხოვრების გზა კი არის სწავლა და მხილება" (იგავთა 6:23)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика