წერილები - შერწყმა და შთანთქმა - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არსებობს ორი ვარიანტი: შერწყმა და შთანთქმა

ძველმართლმადიდებლური ეკლესია

იმ დროს, როდესაც საქართველოს ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ არ იცის როგორ მოექცეს ქართველ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, რა უწოდოს მათ და რომელი იარლიყი მიაკეროს - "სექტა" თუ "რასკოლი", მისი "და"-ეკლესია "სტაროვერებთან" დაახლოვებას და მათთან არსებულ ბარიერთა მოხსნას ცდილობს: უწოდებს მათ მართლმადიდებელთ, ძველმორწმუნეთა მიერ დაცულ საეკლესიო გადმოცემებს მაცხოვნებლად აღიარებს და ნიკონიანელ რეფორმატორთა "ანტირასკოლნიკურ" ანათემატიზმებს არა თუ აუქმებს, არარსებულადაც კი აცხადებს. მეტიც, ოფიციალური რუსული ეკლესიის მმართველი სინოდის განკარგულებით, უკვე აიკრძალა იმ ადრინდელი ლიტერატურის ხელმეორედ გამოცემა, სადაც ძველმართლმადიდებლური სარწმუნოებრივ-ეკლესიური პოზიციები არაობიექტურად არის გაშუქებული, გაკრიტიკებულია უსაფუძვლოდ და ათასგვარი შეურაცხმყფობელი ეპითეტებითაც კი არის "შემკული".

რა ხდება? რა შეიძლება იყოს ასეთი ცვლილების მიზეზი? ამ კითხვას ნაწილობრივ შუქს ჰფენს ქვემოთ მოტანილი სტატია, რომელიც სათაურშივე იძლევა პასუხს:

პროექტი დოკუმენტისა სათაურით "О дальнейших мерах по уврачеванию последствий церковного разделения XVII века" ("XVII საუკუნის საეკლესიო გაყოფის შედეგთა აღმოფხვრის შემდგომი ზომების შესახებ").

"ვხელმძღვანელობთ რა მისწრაფებით გადავლახოთ 17-ე საუკუნის საეკლესიო განხეთქილების დამღუპველი შედეგები და ვითვალისწინებთ რა მისი წარმოშობის მიზეზთა შესწავლის დასკვნებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1971 წლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება "ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა და მათ მიმდევართა წყევლის გაუქმებაზე" (Об отмене клятв на старые обряды и на придерживающихся их). კრებამ დაადგინა "არარსებულად" (яко не бывшими) აღიაროს კრულვითი აკრძალვანი, რომლებიც ადრე 1656 და 166-1667 წლების კრებებმა გამოთქვეს, დაამტკიცა ძველ და ახალ საეკლესიო წეს-ჩვეულებათა თანასწორობა და დაადასტურა, რომ "ჩვეულებათა გარეგნული გამოხატულების მრავალფეროვნება არ ეწინააღმდეგება ამავე ჩვეულებათა მაცხოვნებლობას" (спасительному значению обрядов не противоречит многообразие их внешнего выражения).

ამ კრებითი საქმიანობის კანონზომიერ გაგრძელებას წარმოადგენს ქრისტეანული სიყვარულით აღვსილი "მიმართვა ძველი საეკლესიო წეს-ჩვეულებების მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი, რომელთაც არ გააჩნიათ ლოცვითი ერთობა მოსკოვის საპატრიარქოსთან" (Обращение ко всем держащимся старых обрядов православноверующим христианам, не имеющим молитвенного общения с Московским Патриархатом), რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1988 წლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ მიიღო, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრების 2004 წლის დადგენილება "ძველმოწესეობასთან ურთიერთობისა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველმოწესეობრივ სამრევლოთა არსებობის შესახებ" (О взаимоотношениях со старообрядчеством и о старообрядных приходах Русской Православной Церкви).

სამღვდელმთავრო კრება, მოუწოდებს რა განხეთქილებაში მყოფ ძმებს (ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ არის განხეთქილებაში - რედ.) დაუბრუნდნენ დიალოგს და ხელი შეუწყონ გაერთიანების განვითარების პროცესს, აღიარებს იმ ნორმების დაზუსტებას, რომლებმაც უნდა იმოქმედონ ძველმოწესეთა ეკლესიაში შემოერთების შემთხვევაში.  

ამასთან დაკავშირებით, სამღვდელმთავრო კრება ადგენს:

1. თანამედროვე სამოძღვრო პრაქტიკაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით, დამტკიცდეს წმიდა სინოდის 1888 წლის 25 მაისის № 1116 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ძველმოწესეობრივ თანხმობაში (согласие; ასე უწოდებდნენ ძველმართლმადიდებლურ რელიგიურ მიმდინარეობებს - რედ.) მონათლული რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მირონცხებით უნდა შემოუერთდეს.

2. დაევალოს სინოდანლურ საღვთისმეტყველო კომისას ძველმოწესეობრივ სამრევლოთა საქმეების კომისიასთან ერთად ურთიერთობა დაამყარონ ძველმოწესეობასთნ, რათა ერთობლივად ჩამოაყალიბონ ძველმოწესეობრივ თანხმობათა ეკლესიასთან შეერთების წეს-განგება 1971 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებებისა და კრების მომდევნო აქტების გათვალისწინებით. წეს-განგების ტექსტები (ახალი და ძველი წესების მიხედვით) დასამტკიცებლად უნდა წარუდგეს წმიდა სინოდს.

3. შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც განმტკიცებულია ედინოვერული (ოფიციალურ "მართლმადიდებლობასთან" ძველმოწესეთა უნიატური განშტოება - რედ.) სამრევლოების მრავალწლიანი პრაქტიკით, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდნენ, ძველმოწესეებისთვის ნებადართულია საკუთარი ნათესავების მოხსენიება ლოცვებში, რომლებიც ეკლესიასთან ერთობის გარეთ გარდაიცვალნენ.

4. აღიარებულ იქნას ძველმოწესეთა ბერ-მონაზვნური აღთქმები, რომლებიც მათ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიერთებამდე დადეს.

5. წმიდა სინოდის 1729 წლის 25 აპრილის საერთო აზრიდან გამომდინარე, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შემოერთებული ოჯახების, ანუ დაქორწინებული წყვილების კანონიერება, რომლებმაც ჯვარი ძველმოწესეობრივ თანხმობებში დაიწერეს, აღიარებულ იქნეს, ამიტომაც მათი თავიდან ჯვრისწერა არ არის სავალდებულო.

6. უნდა აღინიშნოს აუცილებლობა იმისა, რომ საჭიროა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიქმნას ნათლისღების საიდუმლოს სამოციქულო გადმოცემისამებრ, ანუ სრული შთაფლვით, აღსრულების პირობები.

7. მიეცეს რეკომენდაციები ეპარქიებსა და ვიკარიულ მღვდელმთავრებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ეპარქიებისა, სადაც არსებობენ ძველმოწესეობრივი (ედინოვერული) სამრევლოები, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ ეპარქიათა საღვთისმსახურებო ცხოვრებაში.
2013 წლის 11 სექტემბერი. 14:31.

მოცემული პროექტი მიმართულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში გამოხმაურებათა მისაღებად, ასევე ქვეყნდება დისკუსიის მიზნით კრებათშორისი მუშაობის (Межсоборное присутствие) ოფიციალურ საიტზე, პორტალზე Богослов.ru და კრებათშორისი მუშაობის ოფიციალურ ბლოგზე. კომენტარების დატოვების შესაძლებლობა ყველას ეძლევა.

მოცემული დოკუმენტის თავდაპირველი პროექტი მომზადდა კრებათშორისი მუშაობის კომისიის მიერ საეკლესიო განხეთქილებებისადმი წინააღმდეგობისა და მათი გადალახვის სფეროში, შემდეგ კი შევსებულ იქნა კრებათშორისი მუშაობის სარედაქციო კომისიის მიერ, რომლის თავმჯდომარეა თვით პატრიარქი.

წყარო:
http://www.patriarchia.ru/db/text/3225758.html

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика