წერილები - პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

გიორგი გაბაშვილი

პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე

ილია მეორე

ამ ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ ოფიციალური ეკლესიის მოძღვრებსა და მათ მწყემსთავარზე, პატრიარქ ილია II-ზე. გამოქვეყნდა ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურთა არაკაცობისა და უსჯულოების მამხილებელი მრავალი მასალა, რომელსაც არა თუ თვით საპატრიარქომ არაფერი უპასუხა, არამედ თავის წევრებსაც კი კატეგორიულად აუკრძალა პასუხის გაცემა. მიუხედავად ამისა, ილია II-ს ფანები, _ რომლებსაც არქიფო სეთურის მონებივით "მამა და მარჩენალის" მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გაგონებაც კი არ სურთ, _ დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ილია II-ს თურმე დიდი დამსახურება ჰქონია საქართველოში მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღორძინების საქმეშიც. ქვემოთ წარმოდგენილი მასალის მიხედვით, რომლის ავტორია ოფიციალური ეკლესიის აწ გარდაცვლილი წევრი გიორგი გაბაშვილი, ნათლად არის წარმოჩენილი და დამტკიცებული, რომ ილია მეორის წარსული სულიერი მოღვაწეობა აღსავსეა რჯულსაწინააღმდეგო ქმედებებითა და მწვალებლობით (თუმც, არც აწმყოში ბრწყინავს ის თავგადადებული "მართლმადიდებლურობით"), რის გამო ავტორი მას სულიწმიდისგან განკვეთილად და შეჩვენებულადაც კი მიიჩნევს. ამ მასალას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა თვალზე ლიბრგადაკრულმა "მართლმადიდებლებმა" იხილონ მათი წინამძღოლისა და ბელადის და მთლიანად მათი ე. წ. "დედა ეკლესიის" ჭეშმარიტი სახე. აქვე გვსურს ვაუწყოთ მკითხველს, რომ მსგავს მასალებს ჩვენი საიტი მომავალშიც გამოაქვეყნებს და უახლოეს პერიოდში სპეციალურ რუბრიკასაც შეურჩევს.


რედაქცია


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნულ - ხორციელ ცოდვებზე (მაგ. თუკი იგი ეკლესიის, ანდა საპატრიარქოს სახელით ეწევა საბანკო საქმიანობას, ანუ - მევახშეობას, და ა. შ.) საჯარო მსჯელობის უფლება საერო პირს არა აქვს - ეს საეკლესიო კრების, ან - უფრო დაბალი ინსტანციის წმ. სინოდის, პრეროგატივაა, - მაგრამ, როდესაც ეკლესიის მწყემსმთავრის მიერ იმღვრევა მართლმადიდებლობის სიწმინდე, ირღვევა სარწმუნოებივ საკითხებთან დაკავშირებული საეკლესიო კანონები და იბილწება ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი წმიდათაწმიდა ტრადიციები, - მაშინ მთელი მორწმუნე ერის ვალია ხმა აღიმაღლოს და ამხილოს სულიერი მგლის წინააღმდეგ და ამხილოს მისი უსჯულოება, სწავლებისამებრ წმ. თეოფანე დაყუდებულისა (XIXს.):

“არ ეპატიებათ ქრისტიანებს, რომელთაც სიტყვა მიეცათ, ისინი კი ხმას არ აღიმაღლებენ ერდოებზე ასული” (შდრ.: 10,27. ლუკ. 12,3. - გ.გ.). ხოლო “სიტყვა არაოდენ მოძღვართა კუთვნილებაა, არამედ - ყველასი, ვისაც საქმე გონივრულად ესმის და აღძრულია, რაომ სიმდაბლით გამოთქვას შემაგონებელი ჭეშმარიტება: ზეპირად, ანდა - წერილობით” (Еп. Феофана толкование на 118-й Псалом; стр. 158; Н. Кусаков. Православие и Монархия; стр. 10).

იგივე წმ. მამა მოგვიწოდებს: "იქიდან, რომ სიცრუე და ღმერთის გმობა ხმას აღიმაღლებს, სრულებითაც არ გამომდინარეობს, თითქოს ჭეშმარიტება ჭეშმარიტება აღარ იყოს და ღმერთის ერთგულებას ფასი დაეკარგოს, - არა, ეს ღმერთი გაძლევთ შესაძლებლობას წარმოაჩინოთ მისდამი თქვენი ერთგულება და ჰმოწმოთ ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის სიმტკიცე. დეგით და მიქაელ მთავარანგელოზის კვალდაკვალ იბრძოლეთ საღმრთო წესრიგისთვის როგორც თქვენში, ასევე – სხვებს შორისაც. ნუ შეგაბრკოლებთ ბოროტების წარმატება – ის, რომ იმატებს ღვთისმბრძოლობა და აფართოებს თავის არეალს. იგლოვეთ წარტაცებულთა წარწყმედის გამო, გარნა ნუ გეშინინ ჭეშმარიტებისათვის და საღმრთო განწესებათა მაკურნებელობისათვის" (ციტ. ჟურნ. "Вечное" стр. 18; № 11, 1948 г).

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით თავს ვიდეთ პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობის ფრაგმენტული (ვინაიდან საგაზეთო სტატიის მოცულობა შეზღუდულია) განხილვა, რასაც წავუმძღვარებთ წმ. იოანე დამასკელის (VIIIს.) ღირსსახსოვარ სიტყვებს, რათა ქრისტიანული სიმდაბლის ამ ნიმუშის ჩართვით ღმრთის კურთხევა გარდამოვიწვიოთ წინამდებარე წერილზე: "შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსება, მე რა თქმა უნდა მმართებდა მარადიული დუმილი დამეცვა და დავკმაყოფილებლიყავი ღმერთის წინაშე საკუთარი ცოდვებს აღსარებით, მაგრამ რადგანაც ყოველივე კარგია თავის დროზე, ხოლო მე ვხედავ, რომ ეკლესია, ღმერთის მიერ "აღშენებული საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთასა არს ქრისტე იესო" (ეფეს. 2:20), დღეს თითქოსდა მომოიტაცება ზღვის ქარიშხლისაგან ერთმანეთზე ატეხილი ტალღებით; მღელვარებს და შფოთავს ყოვლადდაუთმენელი მოხდომით მაცთური სულებისა; და რომ კვართიცა ქრისტესი ზეგარდმო მოქსოვილი, რომლის განყოფასაც ესწრაფოდნენ ძენი უსჯულოთანი, აწ განიპობა, და რომ მისი სხეული, რომელიც არის საღმრთო სიტყვა და ძველთაგანვე მიღებული საეკლესიო გადმოცემა, განიკვეთება სხვადასხვა ნაწილებად, - ამიტომ ჩავთვალე, რომ კეთილგონივრული არ იქნებოდა დადუმება და ენის შებორკილება, რადგან ვხედავ საფრთხეს, რომელიც გვიღაღადებს: "უკეთუ იჭვნეულობდეთ, არ სთნავს სულსა ჩემსა მის შორის" (ამბაკ. 2:4). და კვალად: "თუკი შენ "იხილო მახვილი მომავალი" და არ შენს ძმას, "სისხლი მისი ხელისაგან შენისა გამოვიძიო" (ეზეკ. 33:6). ასე რომ, გაუსაძლისი შიშით აღძრულმა, მე გადავწყვიტე ვისიტყვო და მეფეთა სიმაღლე არ დავაყენო ჭეშმარიტებაზე მაღლა, რამეთუ მსმენია ღვთისმამმის დავითისაგა, რომელი იტყოდა: "და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა" (ფსალმ. 118:46) (А. Сагарда. Полное собрание Творений св. ИоаннаДамаскина; стр. 347; СПБ, 1913 г.). ამინ.



შესავალი


"ქრისტიანული სარწმუნოების მოძღვრება, რომელიც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საგანს შეადგენს, მდგომარეობს საღმრთო გამოცხადებაში, ანუ – ღმერთის სიტყვაში, რაც ამის გამო, არის კიდეც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ერთიანი და ერთადერთი წყარო; მაგრამ ვინაიდან თავად ღმერთმა კეთილინება მოენიჭებინა თავისი გამოცხადება ორგვარად: ზეპირსიტყვიერად და წერილობით, და მოგვცა რა, მიანდო თავის წმ. ეკლესიას დასაცავად და ყველას დასამოძღვრად, - სამართლიანად ითქმის, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების წყარო არის კერძოდ ორი: წმ. წერილი და წმ. გადმოცემა, და, ამასთანავე, ორთავე შემეცნებული ოდენ გულისხმისყოფით მართლმადიდებელი, ანუ – ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისა, რომელიც არის კიდეც ღმრთივდადგინებული მცველი და განნმარტებელი როგორც ერთის, ასევე – მეორისაც" (Введение в православное Богословие Макария, Митрополита Московского; стр. 155; СПБ 1884 г.).


საღმრთო გამოცხადება, ანუ _ ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტებანი, განირჩევა სარწმუნოების და საქმიანობის ჭეშმარიტებებად: "ქრისტიანული გამოცხადების ჭეშმარიტებანი იყოფა ორ რიგად: სარწმუნოების ჭეშმარიტებად, რაც უნდა შეითვისოს მორწმუნე გონებამ (დოგმატები _ გ. გ.), და _ საქმიანობის ჭეშმარიტებებად, რაც უნდა შეთვისებულ იქნას ნებელობით და განხორციელდეს ცხოვრებაში... საქმიანობის ჭეშმარიტებანი იყოფა, აგრეთვე, ორ კლასად: ერთი განსაზღვრავს თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა, როგორც ზნეობრივმა არსებამ, მოწოდებულმა ახალი მადლიანი კავშირისაკენ ღმერთთან - ეს არის საკუთრივ ქრისტიანული ზნეობრივი მცნებანი. მეორე აჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოხატავდეს თავის მიმართებას ღმერთთან ქრისტიანი გარეგან ღმრთისმსახურებაში, და ქრისტიანისთვის "ვითარ-იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაი, რომელ არს ეკლესიაი ღმრთისა ცხოველისაი, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი" (1ტიმ. 3:15) - ეს არის საწესჩვეულებო და კანონიკური ჭეშმარიტებანი (Православное Догматическое Богословие, Макария, МитрополитаМосковского, стр. 10, 11; СПБ 1895 г.). საღმრთო გამოცხადების კანონიკური ჭეშმარიტებანი თავმოყრილია "სჯულისკანონში" და სავალდებულოა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვინაიდან ისინი დამტკიცებულია წმ. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე სულიწმიდის კარნახით, თანახმად მოციქულთა კრების იმჟამინდელი და საპერსპექტივო ფორმულირებისა:

"ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" (საქმე 15:28). აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სჯულისკანონში შეკრებილი წესები სავალდებულოა ყველა დროისათვის და მათი შეცვლა-განახლება მართლმადიდებლური მოძღვრებით მკაცრად იკრძალება (ეს განსაკუთრებით ეხება სარწმუნოების სიწმიდის დასაცავად შემოღებულ კანონებს), სიტყვისამებრ ღვთისა "ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარხდენ" (მარკ. 13:31). იგივეს წარმოთქვამენ წმ. კრებები და წმ. მამები:

1) მე-6 წმ. მსოფლიო საეკლესიო კრება, სქმე 8: "სამგზის ანათემა ყოველგვარ სიახლესა და ქმედებას საეკლესიო გადმოცემებისა და წმიდა და ნეტარხსენებული მამების სწავლებისა და განწესებათა წინააღმდეგ" (Учение православной церкви о Священном Предании и отношении ее к Носому стилю; Составлено Афонскими ревнителями православного благочестия; стр. 10, СПБ, 1990 г.).

2) მე-6 წმ.მსოფლიო საეკლესიო კრება, კანონი 2: "დაე, ნურავისთვის იქნება ნებადართული ზემოაღნიშნულ კანონთა (მე-6 მსოფლიო კრებამდე შემდგარი მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონების = გ. გ.) შეცვლა, ანდა = გაუქმება... ხოლო თუ ვინმეს ემხილოს, რომ ზემოთქმულ კანონთაგან რომელიმეს შეცვლა, ან - გარდაქმნა, დააპირა, ასეთი ვალდებულია მის მიერ ხელყოფილი კანონით განსაზღვრული ეპიტიმია იტვირთოს..." (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, Еп. Далматинско-Истрийского; стр. 435; СПБ, 1911 г.).

3) აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ განხილული და დამტკიცებული "მართლმადიდებლური აღსარება აღმოსავლეთის საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა": "უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც წმ. მამებმა დაადგინეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე, განურჩევლად შედგენის ადგილისა, წარმომდინარეობს სულიწმიდისგან, ვითარცა მოციქულებმაც თავიანთ კრებაზე თქვეს: "ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა" (საქმე 15:28). მათი მაგალითით შემდგომაა მართლმადიდებელმა კრებებმაც მსგავსი დასკვნით თავიანთი დადგენილებანი დაამტკიცეს" (Православное исповедание кафолической и Апостольской Церкви Восточной; ч. 1, отв. 72; ციტ. Правила Православной Церкви... стр. 20).

4) წმ.კირილე იერუსალიმელი (IV ს.) გვმოძღვრავს: "უმჯობესია ცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონებმა რაიმე ცვლილება განიცადოს, რამეთუ წმ. ეკლესია ღმერთის სიტყვით არის დამტკიცებული, სიტყვა ღმრთისა კი ცასა და მიწაზე უმყარესია, სიტყვისამებრ ქრისტესი: "ცანი და ქვეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარხდენ" (Учение православной церкви... стр. 20).

5) წმ. აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი (VIII_IX სს.) გვმოძღვრავს: "ეპისკოპოსებს როდი მიეცათ ხელმწიფება რომელიმე კანონის დარღვევისა _ მათ უნდა მისდიონ განწესებებსა და დაადგრნენ უწინდელს. არ ეპატიება არც ჩვენ ეკლესიას და არც სხვას, რომ მოიმოქმედოს რაიმე დადგენილი კანონებისა და წესების საწინააღმდეგოდ" (იბიდემ; გვ. 20);

6) ხმა წმიდის ათონისა: "ვინც შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმ. მამათა კანონებსა და დადგენილებებს იცავს (ხელყოფისგან _ გ. გ.), იგივეა, რომ დოგმატს იცავდეს, ვინც ტანჯვას დაითმენს ჭეშმარიტებისთვის, მას ეს ღვაწლი უფალი ღმერთისაგან მოწამეობად შეერაცხება. მკაცრად დავიმარხოთ წმ. მამათა ნაანდერძევი. მეოხვეყოთ ერთმანეთს ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში და ღმერთის შეწევნით უღმრთო სიახლენი მოვიგერიოთ" (იბიდემ, გვ. 22).

ამრიგად, დიდი სჯულისკანონი, ვითარცა სულიწმიდის შემონაქმედი, წმ. წერილისებრ უბერებელია და მისი შეცვლა, ან - "განახლება", დაუშვებელია. რაც შეეხება საეკლესიო იკონომიას, ის ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში, გულისხმობს ერთგვარ შერბილებებს პიროვნულ-ხორციელ ცოდვებთან მიმართებაში, კაცობრვი უძლურებათა ანგარიშგაწევით - მაგ. თუკი, ვთქვათ, სჯულისკანონი რაიმე ხორციელი შეცოდებისთვის სასჯელს აწესებს რაღაც ვადით, ის იქვე დასძენს, რომ, ეპიტიმირებულის მხრივ გულწრფელი და მძაფრი სინანულის გამოვლენის შემთხვევაში, მის მოძღვარს უფლება აქვს კანონით განსაზღვრული საეკლესიო სასჯელის ვადის შემცირებისა... აი, კიდევ, მაგალითი საეკლესიო იკონომიისა დიდი სჯულისკანონიდან:

"კითხვა: თუკი დედაკაცი შობს წმ. აღდგომის წინ, უნდა იმარხოს მან და არ სვას ღვინო, თუ შეუძლია მარხვის გახსნა და ღვინის სმა მშობიარობის გამო? - პასუხი: მარხვა დაწესებულია ხორცის დათრგუნვისთვის, ხოლო როდესაც ხორცი ისედაც დათრგუნვილი და უძლურია, დედაკაცს შეუძლია რამდენიც უნდა მიიღოს საკვები და სასმელი" (წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის კანონიკური პასუხები. პასუხი მე-8, დიდი სჯულისკანონი თანამედროვე ქართულ ენაზე, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, გვ. 445, 1987 წ.).

ამგვარი შერბილებებისადმი აპელირებენ ხოლმე აპოსტასიის ვექილები, მაგრამ ავიწყდებათ მართლმადიდებლობის სვეტი და საყვირი წმ. მარკოზ ევგენიკოსი _ ეფესოს უწმიდესი მიტროპოლიტი (XVს.) რომლის მქუხარე ხმა საუკუნეებს მოაპობს: "სარწმუნოებრივ საქმეში იკონომია დაუშვებელია!", "არასოდეს, ჰოი, კაცო, ის რაც ეკლესიას განეკუთვნება, არ წყდება კომპრომისების გზით" (Жития Святых; № 10, январь от 16-го до 31-го; стр. 89; Мюнхен, 1996 г.). - ანუ იკონომია დასაშვებია პიროვნულთან, და არა _ სარწმუნოებრივთან, მიმართებაში! - ამ დაკვნის სულისკვეთებით გადავიდეთ პატრიარქ ილია II-ს სულიერი ბიოგრაფიის განხილვაზე.


პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე


პატრიარქ ილია II-ს ბიოგრაფია აღსავსეა მწვალებლებთან ზღვარგადასული რელიგიური ურთიერთობის ფაქტებით; ვიდრე საკუთრივ ამ ფაქტებს წარმოვადგენდეთ, მოკლედ განვსაზღვროთ მწვალებლობის არსი და მწვალებლებთან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მიმართება.


მწვალებლობის საღვთისმეტყველო-ენციკლოპედიური განმარტება შემდეგია: "თანამედროვე საეკლესიო-დოგმატურ ხმარებაში "ერესის" ("მწვალებლობა" და "ერესი" სინონიმებია – გ.გ.) სახელწოდებით აღინიშნება იმგვარი ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი სწავლება, რომლის მქადაგებელიც შედის შეგნებულსა და აშკარა წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათლად გახსნილ და მკაცრად ფორმულირებულ ქრისტიანობის დოგმატებთან" (Православная Богословская энциклопедия; т. V, стр. 489; Петроград 1904). – მაშასადამე, ერესი (მწვალებლობა, წვალება) მდგომარეობს წმ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან წინააღმდეგობაში (მწვალებლობის არსებობა, გარდა დოგმატურისა, კანონიკურ დონეზეცაა შესაძლებელი, - ე. ი. არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის დოგმატური სწავლება ემთხვევა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, მაგრამ მათ შორის არსებული კანონიკური განსხვავებანი, თავიანთი მნიშვნელობის გამო, ადგილობრივი ეკლესიის ერთობას მსოფლიო ეკლესიასთან შეუძლებელს ხდის – ამგვარი მწვალებლური ეკლესიის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ე. წ. "ობნოვლენცების" ეკლესია, რომელმაც რუსეთში რევოლუციის შემდგომ თავი იჩინა და იარსება მცირე ხანს); თუკი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის სწავლება სხვაობს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებასთან თუნდაც ერთ დოგმატში, აღნიშნული ადგილობრივი ეკლესია უცილობლივ მწვალებლურ ეკლესიად ჩაითვლება – ათვლის სათავე, რა თქმა უნდა, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიაა.

ახლა წარმოვადგინოთ მწვალებლობის მეტად მკაფიო და ლაკონური, სჯულისკანონისეული, განმარტება: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (დიდი სჯულისკანონი (ძველ ქართულ ენაზე), გვ. 197, თბილისი 1975).

როგორია წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება მწვალებლობათა და მწვალებლებისადმი? – პირველ რიგში წმ. წერილს მოვუსმინოთ:

1. წმ. პეტრე მოციქულის პირით სულიწმიდა იტყვის: "იყვნეს ცრუწინასწარმეტყველნიცა ერსა შორის, ვითარცა – იგი თქუენ შორისა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაი წარწყმედისაი და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარჰყოფდნენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათვის მსთუად წარწყმედასა, და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაი იგი ჭეშმარიტებისაი იგმობოდის" (2 პეტრ. 2:12).

2. წმ. პავლე მოციქულის პირით სულიწმიდა იტყვის: "ხოლო ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ხდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (გალატ. 5:19-21). და კვალად: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დაშჯილ" (ტიტ. 3:10-11).

სჯულისკანონში დაცული წმ. მოციქულებისა და წმ. კრებების კანონები ერთხმად გამოთქვამენ თავის არაორაზროვნად უარყოფით მიმართებას მწვალებლობების, მწვალებელთა და მათთან სარწმუნოებრივ შეხებაში მყოფი მართლმადიდებლებისადმი:

ა) "ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღვდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწვიოსცა მათ მოქმედებაი რაისმე სამღვდელოთაგანისაი ვიღარცა მღდელთა, განიკუეთენ";

"ეპისკოპოსმან ან ხუცესმან, რომელმან მწვალებელთა ნათლვაი ნათლისღებად შეიწყნაროს, ანუ მსხუერპლი მათი მიითუალოს, ამისსა განკუეთასა ვბრძანებთ, რამეთუ რაი ერთხმობაი არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილი მორწმუნისა ურწმუნოისა თანა?"

"უკუეთუ ვინმე მოყუასი (ე. ი. სასულიერო პირი – გ.გ.), ანუ ერისკაცი, შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა აუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და უზიარებელ იქმენინ ერისკაცი" (წმ. მოციქულთა კანონები: 45, 46, 65. დიდი სჯულისკანონი. ძვ. ქართ. ენაზე. გვ, 221-224).

ბ) "ვითარმედ არა ჯერ-არს შენდობაი მწვალებელთაი, რათა შევიდნენ სახლად ღმრთისა, რომელნი ჯერეთ თვისსავე წვალებასა ზედა ეგნენ";

"ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაი მიცემაი ევლოგიისაი, რომელნი უკურთხეველ არიან უფროის, ვიდრე კურთხეულ";

"ვითარმედ არა უღირს ყოველსა ქრისტიანესა დატევებაი მოწამეთა ქრისტიანეთა და წარსვლა ცრუ მოწამეთა მიმართ, რომელ არიან მწვალებელნი, რომელნი პირველთქმულთა მათ მწვალებელთაგანნი ყოფილ იყვნენ, რამეთუ იგინი უცხონი არიან ღმრთისაგან, შეჩუენებულ უკუე იყვნედ მისრულნი მათდა მიმართ";

"ვითარმედ არა ჯერ-არს ჰურიათა ანუ მწვალებელთაგან წარმოცემულთა სადღესასწაულოთა რათმე ძღუენთა მიღება, არცა თანადღესასწაულობა მათ თანა" (ლაოდიკიის წმ. კრების კანონები: 6, 32, 34,37. დიდი სჯულისკანონი, გვ. 254-257).

გ) "არა ჯერ-არს რაითა მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელსა დედაკაცსა შეეყოს, არცა რაითა მწვალებელსა მამაკაცსა მართლმადიდებელი დედაკაცი შეეუღლოს, არამედ უკუეთუ გამოჩნდეს ეგევითარი რაიმე ვისგანცა ყოველთაგანისა მიერ, ქმნილად ოდესცა, დაუმტკიცებელ იყავნ ქორწილი იგი და დაჰხსენინ უწესოი თანამკვიდრობაი, რამეთუ არა ჯერ-არს შეერთებაი, შეუერთებელთა, არცა ცხოვრისა და მგლისა ურთიერთას თანაშეთხზვა და ნაწილისა ცოდვილთასა შერთვა" (მე-6 მსოფლიო კრების კანონი 72. დიდი სჯულისკანონი, გვ. 396-397).

განსაკუთრებული სიმძაფრით გამოხატა თავისი მიმართება მწვალებლებისადმი დავით აღმაშენებლის ზეობაში შემდგარმა რუის-ურბნისის წმ. კრებამ: "კუალადცა ვიტყვით: ყოველნიმცა მწვალებელნი შეჩუენებულ არიან! ყოველნიმცა მართლმადიდებელნი კურთხეულ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა წელნიმცა მრავალ არიან! ყოველთა მართლმადიდებელთა საუკუნომცა არს ხსენება! ყოველნი მწვალებელნი საუკუნოდმცა შეჩუენებულ არიან! ყოველთა მწვალებელთა საუკუნომცა არს წყევა და დაუსრულებელი შეჩუენება!" (ძეგლისწერა რუის-ურბნისის კრებისა, დიდი სჯულისკანონი. გვ. 559).

ზემოთ წარმოვაჩინეთ მწვალებლობათა და მწვალებლების შესახებ სულიწმიდისეული სწავლება, გამოთქმული ქრისტეს წმ. მოციქულების პირით; აგრეთვე – წმ. მამების მიერ ერთობლივად წმ. საეკლესიო კრებებზე. ახლა გავეცნოთ მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობთა – ცალკეული წმ. მამების მოძღვრებას იგივე საკითხთან დაკავშირებით; უნდა აღინიშნოს, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში წმ. მამათა თანხმიერ სწავლებას (ცონსენსუს პატრუმ) მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ჭეშმარიტების კრიტერიუმად აღიარებს, ხოლო წმ. ეკლესია ასე უგალობს თავის რჩეულ შვილებს: "მთიებნო მრავალნათლიერნო, მესაჭენო ეკლესიისა, სვეტნო შეურყეველნო, ოღანონო და ებანნო სულისა წმიდისა" (იხ. საღვთისმეტყველო კრებული #3, გვ. 8. საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო. თბილისი. 1988 წ.) მოვუსმინოთ მათ:

წმ. ათანასე დიდი (ალექსანდრიელი, IV ს.) გვასწავლის: "ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული, კაცისმკვლელად ქცეული მტყუარი ეშმაკი და რცხვენია რა ბოროტის საძულველი სახელის წარმოჩენა, თვალთმაქცურად არქმევს მაცხოვრის სახელს – უმშვენიერესსა და ყველაზე აღმატებულს. კრიბავს წმ. წერილიდან გამონათქვამებს, სიტყვებს წარმოთქვამს და ჭეშმარიტ აზრს კი მალავს, და ბოლოს: ფარავს რა ერთგვარი მზაკვრობით თავის გამონაგონს, წარწყმედს ცდუნებულ ადამიანებს" (ეპისტოლე ლიბიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსთა მიმართ. ციტ. წმ. მამათა სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. თბილისის სასულიერო აკადემიის შრომები. #2, გვ. 33, საქართველოს საპატრიარქო, 1990წ.).

2. წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი. I-IIსს.) გვასწავლის: "ამრიგად, გევედრებით, არა – მე, არამედ – სიყვარული იესო ქრისტესი, ისაზრდოვეთ ოდენ ქრისტიანული საზრდელით, ხოლო უცხო საკვებს, როგორიცაა მწვალებლობა, ზურგი შეაქციეთ. ერეტიკოსები თავიანთი სწავლების შხამში იესო ქრისტეს სახელს ურევენ, რითაც ნდობის მოპოვებას ლამობენ, სინამდვილეში კი ტკბილ ღვინოში განზავებულ სასიკვდილო საწამლავს ამზადებენ. უმეცარი ადამიანი ხალისით ეწაფება მას და წარმწყმედელ სიამოვნებასთან ერთად მიირთმევს სიკვდილსაც" (Антология - Ранние отцы церкви; стр. 119; Брюссель, 1988 г.).

3. მსოფლიო მოძღვარი წმ. იოანე ოქროპირი (IVს.) გვასწავლის: "რა იგულისხმა უფალმა, როდესაც თქვა: "ნუუკუე შეკრებასა ღვარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა" (მათე 13:29). ან ის, რომ როდესაც იარაღს აიღებთ და მწვალებელთა ხოცვას მიჰყოფთ ხელს, მათთან ერთად აუცილებლად მრავალი წმინდანიც შემოგაკვდებათ; ან იმას, რომ ბევრი ამ ღვარძლთაგანი შესაძლოა გამოიცვალოს და იფქლად იქცეს, მაშასადამე, თუ თქვენ – ამბობს უფალი – აღმოფხვრით მათ ნაადრევად, ამით სიცოცხლეს მოუსწრაფებთ ადამიანებს, რჯომელთაც კიდევ ჰქონდათ დრო გამოცვლისა და გამოსწორებისათვის, და, ამგვარად, მოსპობთ იმას, რაც მომავალში შესაძლოა იფქლად ქცეულიყო. ამრიგად, უფალი არ კრძალავს მწვალებელთა მოთოკვას, მათი კადნიერების შეკავებას, მათი თავყრილობებისა და შეთქმულებათა დარღვევას, არამედ კრძალავს მათ მოკვდინებას" (ციტ. წმ. მამათა სწავლება, გვ. 56).

4. წმ. ირინეოს ლიონელი (IIს.) მოგვითხრობს: "არიან ადამიანები, რომელთაც პოლიკარპე სმირნელისაგან (წმ. მღვდელმოწამე, ეგნატე ღმერთშემოსილის თანამედროვე – გ.გ.) სმენიათ: ერთხელ უფლის მოწაფე იოანე ღვთისმეტყველი აბანოში მივიდა ეფესოში და როდესაც იქ მწვალებელი კერინთოსი დაინახა, დაუბანელი გაიქცა და თქვა: "გავიქცეთ, ვაითუ აბანო დაიქცეს, რამეთუ იქ ჭეშმარიტების მტერი კერინთოსი იმყოფება"... თვითონ პოლიკარპემ, მწვალებელ მარკიონთან შეხვედრისას კითხვაზე: "მიცნობ მე?" – უპასუხა: "გიცნობ, ვითარცა სატანის პირმშოს!" – აი, ასეთ სიფრთხილეს იჩენდნენ მოციქულები და მათი მოწაფეები (პოლიკარპე სმირნელი იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო – გ.გ.), სიტყვითაც არ ურთიერთობდნენ ჭეშმარიტების მტრებთან, ვითარცა პავლეც ბრძანებს: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე, უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ციტ. წმ. მამათა სწავლება... გვ. 48).

ასეთია ქრისტეს წმ. მოციქულებისა და ეკლესიის წმ. მამების მიმართება ერესებისა და ერეტიკოსებისადმი (კიდევ დიდხანს შეიძლებოდა ციტირება), - ახლა ვნახოთ თანამოაზრეობს თუ არა მათთან პატრიარქი ილია II:

"საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3(16)-დან 17(30) აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი დოქტორი ერნს ქრისტოფ სუტნერი და მისი თანხმლები პირი – აღმოსავლეთის ეკლესიათა თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი... დიდ ხუთშაბათს – ფეხთბანვის დღეს მამა ერნს ქრისტოფ სუტნერი და მამ ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარსი დაესწრნენ საღმრთო სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს – ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად..." (ჟურნ. ჯვარი ვაზისა" გვ. 17-18, #2, 1984წ.).

როგორც ვხედავთ, პატრიარქმა ილია II-მ წმ. ევქარისტია მისცა მწვალებლებს – რომაულ-ლათინური, ე. წ. "კათოლიკური" ერესის მიმდევრებს, რითაც საეკლესიო სასჯელი დაიმსახურა. ვიდრე აღნიშნული სასჯელის ხასიათსა და ზომაზე ვიტყოდეთ, ჯერ დავასაბუთოთ, რომ კათოლიციზმი მართლაც ერესია, ხოლო პაპისტური ეკლესია – ერეტიკული: ზემოთ ითქვა, რომ მწვალებლობა შესაძლოა არსებობდეს დოგმატურსა და კანონიკურ დონეებზე; თუნდაც, ერთ დოგმატში უთანხმოება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უკვე ერესს წარმოადგენს – ვნახოთ კათოლიციზმის დოგმატური ცდომილებანი და გავაკეთოთ დასკვნა:

"რომაული კათოლიციზმის მართლმადიდებლობასთან დოგმატური სხვაობანი მდგომარეობს შემდეგ სწავლებებში:

სულიწმიდის გამომავლობაზე ძე ღმრთისაგან (Filioque);

ღმრთისმშობლის ბუნების პირველყოფილი ცოდვით დაუზიანებლობაზე;

ქრისტეს ეკლესიაში რომის ეპისკოპოსის სახით კაცობრივ მეთაურობაზე;

ადამიანის ქველ საქმეებზე, ვითარცა ღმერთის მიმართ დამსახურებებზე, და შესაძლებლობაზე იმაზე მეტი სიკეთის ქმნისა, რაც საჭიროა ცხოვნებისათვის (ზეკმარი დამსახურებების შესახებ);

ზეკმარი ქველი საქმეების, ანუ დამსახურებების, საცავის შესახებ;

იმის შესაძლებლობაზე, რომ ერთი ადამიანის ქველი საქმეები მეორე ადამიანს მიეთვალოს დამსახურებად, როდესაც ეს მეორე ადამიანი განიცდის პირადი ქველი საქმეების ნაკლებობას;

ღმერთის სრული პირადი დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე ადამიანის საკუთარი ცოდვებისათვის (Satisfactio), როგორც აწმყო ცხოვრებაში, ასევე – მომავალ ცხოვრებაშიც, იგივე – "განსაწმენდელში";


ამგვარი დაკმაყოფილებისაგან განთავისუფლების შესაძლებლობაზე ინდულგენციების მეშვეობით, ანუ – ჯეროვანი სასჯელის, რომელსაც თითქმის ყოველი ადამიანი ექვემდებარება, მოხსნის მიერ;

რომის ეპისკოპოსის (პაპის) პიროვნებაზე, ვითარცა უცდომელ მსაჯულზე სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხებში, ანუ – როგორც ღმერთის მოადგილეზე, ნაცვალზე, მსოფლიოში (vicarius Dei, vicarius Domini nostr Jesu Christi) არა ეკლესიასთან მისი თანხმობის ძალით, არამედ – ეკლესიისგან დამოუკიდებლად (exsese, non consensu Ecclesiae)" (Православная богословская энциклопедия; т. ... стр. 240, СПБ, 1908 г.).


ე. ი. დოგმატურ დონეზე მინიმუმ ცხრა სხვაობა აღირიცხება, ხოლო კანონიკურ დონეზე სხვაობებს ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში 250-ზე მეტს ითვლიდნენ. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიციზმი არის 10-გზისი მწვალებლობა; 9-ჯერ დოგმატურ დონეზე და ერთხელ – კანონიკურზე...

ახლა მოვუსმინოთ რას ამბობენ პაპისტების და მათეულ სწავლებაზე მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მნათობნი:

ა) წმ. ფოტი მსოფლიო პატრიარქი (IXს.) თავის ცნობილ ეპისტოლეში აღმოსავლეთის წმიდა საყდართა მიმართ, გმობს რა დასავლურ ცრუმოძღვრებას, წერს: "მათ არამარტო სხვადასხვა უკანონობანი შემოიტანეს, არამედ უხამსობის ისეთ მწვერვალსაც კი მიაღწიეს, რომ თვით სარწმუნოების უწმიდეს სიმბოლოში, რომელიც ყველა კრების გადაწყვეტილების მიხედვით უცვლელად უნდა იყოს დაცული, გაბედეს სიახლის შეტანა: თავიანთ ცრუ სიბრძნის, მზაკვრობისა და კადნიერების სიჭარბის გამო (ჰოი, ხრიკები მაცდურისა!) მათ გაბედეს თქმა, რომ სულიწმიდა გამოვალს არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც" (Карамирис, Догматические и Символические Памятники, т. 1, изд. 2, стр. 323 ციტ. Новые послания Священного Кинота Св. Афонской Горы Вселенскому Патриарху Димитрию).

ბ) წმ. გრიგოლ პალამა (XIVს) ლათინთა მიმართ თხზულებაში ბრძანებს: "ჩვენ არ მიგიღებთ თქვენ ერთობაში ვიდრე არ შეწყვეტთ იმის მტკიცებას, რომ სულიწმიდა ძისგანაც გამოვალს. ამ სიტყვებით თქვენ აკეთებთ დამატებას თვითმყოფად ჭეშმარიტებაზე – ქრისტეს სიბრძნეზე, რომელიც მან წარმოთქვა თაყვანცემულ სულზე, და მთავარ სწავლებაში ეწინააღმდეგებით მას, ვინც უმთავრესში ასე სიბრძნისმეტყველებს: "სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს" (იოან. 15:26); თქვენ ეწინააღმდეგებით მათ, ვინც თავად იხილა უფალი და უსმინა მას – ქრისტეს მოწაფეებსა და მოციქულებს; და მეტიც – მათ გარდა თქვენ თავად სულიწმიდას ეწინააღმდეგებით, რომელმაც ასწავლა მათ ყველაფერი, და არ უსწავლებია ის, რომ იგი გამოვალს არაოდენ მამისაგან, არამედ – ძისაგანაც. თქვენ შემოგაქვთ ესოდენ არაბუნებრივი დამატება სარწმუნოების იმ განსაზღვრებაში, რომელიც დაწერეს ერთად შეკრებილმა წმ. მამებმა სულიწმიდის შთაგონებით, და გადმოგვცეს სიტყვად უტყუარი სარწმუნოებისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა; სასინჯ ქვად ღმრთის შემეცნებისა, და მტკიცე აღმსარებლობად ყველასათვის, ვისაც სურს სწორედ შეიცნოს ჭეშმარიტების სიტყვა" (წმ. მამათ სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. გვ. 53-54).

გ) წმ. მარკოზ ეფესელი ამტკიცებს, რომ "ლათინები არაოდენ განხეთქილებაში მოქმედნი არიან, არამედ ერეტიკოსებიც" (კარამირისი, იქვე. გვ. 419). იგივე წმ. მამა სიკვდილის წინ წარმოთქმულ აპოლოგიაში ღაღადებს: "სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ, არ შევიწყნარებ ქმნილ "ერთობას", არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მიმსა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მივუახლოვდები ღმერთს, აგრაეთვე მორწმუნეებსა და წმ. მამებს; ანუ რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებასა და ღმრთისმეტყველ წმ. მამებს; მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ, ამიტომ ვამბობ: როგორც განვეშორებოდი მათ მთელი ცხოვრების მანძილზე, ასევე განვეშორები ახლაც, აღსასრულის ჟამს, და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ" (წმ. მამათა სწავლება ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. გვ. 54).

დ) წმ. სქიარქიმანდრიტი პაისი ველიჩკოვსკი (XVIIIს.) გვამცნებს: "ნუ დაინანებ ნურც ქონებას, ნურც ნათესავებს – თუკი არ დაგიჯერებენ, არამედ ყოველნაირად ეცადე, რომ სული თვისი იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია – შენი სულისათვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას ადგილ-მამულზე დარდმა არ დაგაბრკოლოს – ამქვეყნიური სიმდიდრე მალე წარხდება. შენთვის უმჯობესია სიღატაკეში ყოფნა, ვიდრე სულიწმიდის გმობა, როგორც გმობენ რომაელები (სულიწმიდის გმობა, სახარებისეული სწავლებით – იხ. მარკ. 3:29 – მიუტევებელი, მომაკვდინებელი ცოდვაა – გ.გ.). წადი, გაექეცი უნიას რაც შეიძლება სწრაფად, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტეანეთა ნაცვლად მწვალებლებთან არ იქნე მითვალული. წადი, სხვებსაც ურჩიე წასვლა – იმათ, ვისზეც სინდისი გკარნახობს, რომ შენსას შეისმენენ; ხოლო თუ არ შეისმინეს, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს, სულითა და გულით შეუერთდი მართლმადიდებელ ეკლესიას, და ამგვარად, სხვებთან ერთად უმწიკვლო სარწმუნოების დაცვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებ ცხოვნებას" (იბიდემ, გვ. 55).

ე) წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "განა უცვლელი რწმენა ეკლესიისა იმის შესახებ, რომ სულიწმიდა არ გამოვალს ძისაგან, ეკლესიის ხმა არ არის? როდესაც არ მიიღო ლათინთა დოგმატი, განა ამით მთელმა ეკლესიამ არ გამოთქვა, რომ არ უნდა ვერწმუნოთ მას (ცრუ დოგმატს – გ.გ.)? ხოლო ფოტი პატრიარქისა და პაპ იოანე VIII-ს დროს შემდგარმა კრებამ განა არ შეაჩვენა ყველა ის, ვინც აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას ძისგანაც? შემდეგ, აღმოსავლეთში შედგენილი ყველა კატეხიზმო რას წარმოადგენს, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების გამოხატულებას? ამისათვის, რწმენა იმისა, რომ სულიწმიდა გამომავლობს მამა ღმერთისგან, არის დოგმატი სავალდებულო; ხოლო რწმენა ლათინებრ, ანუ რწმენა იმისა, რომ სულიწმიდა გამოვალს ძისგანაც, არის ეკლესიისგან განდგომა, მწვალებლობა... ამბობენ კიდევ: "რა გვიშლის ხელს, რომ გვწამდეს სულიწმიდის გამომავლობა ძისგანაც? ეს ჩვენს დოგმატს კი არ ანადგურებს, არამედ შეჰმატებს მას ახალ ჭეშმარიტებას; ხოლო ხუთი ჭეშმარიტების ცოდან უმჯობესია, ვიდრე ოთხისა" – როგორი ხრკებია! კარგია, თუკი ჭეშმარიტებას ჭეშმარიტება დაერთვება, მაგრამ თუკი სიცრუეს დაუმატებენ – დაამახინჯებენ მას, - ნაღველს როდესაც თაფლში შეჰრევენ, თაფლი ფუჭდება; მკაცრად დაისჯება ვინც მიუმატებს... კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის პოლიტიკური კორპორაცია, რომელიც ეყრდნობა კაცობრივ ძალებსა და საშუალებებს, როგორიცაა ინკვიზიცია, ინდულგენციები, ხილული მეთაური (პაპი – გ. გ.)... მართლმადიდებელი ეკლესია არის სულიერი კავშირი ყველასი იესო ქრისტეში, და მის მიერ – ურთიერთშორის. ეკლესია უხილავად იმართება უფლისაგან და წარემართება თავის ბოლოსაკენ (ე. ი. ცათა სასუფევლისაკენ – გ. გ.), მათ კი მიუძღვის პაპი, და საით?!" (Письма о Христианской жизни еп. Феофана; стр. 37, 38; Москва, 1891 г.).

ე) წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს.) გვმოძღვრავს: "რაოდენ წმიდაა მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეკლესია! რაოდენ მართალია და აღსავსეა საღმრთო მშვიდობიტ, უსასრულო და აღუწერელი მშვენებით (წარმოიდგინე ყველა წმინდანი სახელობით, გაიხსენე ყოველგვარი სათნოებისა და სასწაულის შემცველი მათი ცხოვრებანი, როგორც მათ სიცოცხლეში, ასევე – გარდაცვალების შემდგომაც)! ეკლესია ადამიანის სულის ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, აცხოვნებს ყოველს, ვინც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებს მას. დიდება უფალო შენს წმ. მართლმადიდებელ სარწმუნოებას! პაპისტებმა ეკლესიის თავად სცნეს რა რომის პაპი, ამით აღიყვანეს იგი უზენაეს საყდარზე ქრისტეს მაგივრად და გააღმერთეს, ხოლო ქრისტე უკანა პლანზე გადასწიეს; პაპი დასვეს ქრისტესნაცვლად, მაშინ როცა ქრისტე ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ. 28:20); მაგრამ დახეთ რამდენი ცდომილებაა დაშვებული პაპისტურ (და არა – ქრისტიანულ) სარწმუნოებაში – უცნაური და ღვთისმგმობი ცდომილებანი! შეისწავლეთ, გამოიძიეთ და თქვენ აღშფოთდებიტ, შეძრწუნდებით და ზურგს შეაქცევთ კათოლიციზმს! ჰოი, სატანურო ამპარტავნებავ! თითქოსდა პაპი უცდომელია! ჰოი, იეზუიტობავ! რომის პაპი რომ სავსებით თანამოაზროვნეობდეს და ერთსულოვნებდეს უფალთან, აღიარებდეს მაცხოვრის მოძღვრებას, - იგი კიდევ შეიძლება სახელდებულიყო ეკლესიის თავად (თუმცა, არა კერზო მნიშვნელობიტ), მაგრამ ვინაიდან პაპი არ არის თანამოაზრე უფლისა და სწავლებაში იესო ქრისტეს ეწინააღმდეგება, - იგი მწვალებელია და ვერ იწოდება ეკლესიის თავად; მას არა აქვს უფლება ეკლესიის დამოძღვრისა, რამეთუ ეკლესია არის "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", ხოლო პაპი და პაპისტები არია ქარით მომოდატაცებული ლერწამი; მათ სრულიად განხრწნეს ქრისტეს ჭეშმარიტება როგორც სწავლებაში, ასევე ღვთისმსახურებაში, აგრეთვე – ეკლესიის მართვა-გამგეობაშიც; დაუმორჩილეს თავიანთ მწვალებლობას მთელი კათოლიკური სამყარო და თავიანთი მწვალებლობა გამოუსწორებელ ცოდვად აქციეს, რამეთუ პაპი, თავისი ყველა მწვალებლობითურთ, კათოლიკური ეკლესიის მიერ უცდომელად ითვლება" (იხ. წმ. მამის ბოლო, 1907-1908 წლების მომცველ, დღიურში სახელწოდებით - "Живой колос", стр. 36, 37).

აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნის საქართველოში შეიქმნა მნიშვნელოვანი ანტილათინური საღვთისმეტყველო თხზულება, სახელწოდებით "გრდემლი"; თხზულების ავტორია კათალიკოსი ბესარიონი, დაიწერა დავით გარეჯის უდაბნოში...

და ბოლოს: იმ არგუმენტს, რომლის თანახმად პაპისტების ერეტიკოსებად ჩათვლა არ შეიძლება მსოფლიო კრებაზე მატი დაუგმობლობის გამო (ბოლო მე-7, მსოფლიო კრება ჩატარდა 1054 წლამდე – ამ წელს მოხდა დასავლეთის ეკლესიის საბოლოო განვარდნა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიიდან), აბათილებს ატონის წმ. მთის ბერმონაზოვნობის სიტყვები, რომლითაც მიმართეს მათ კონსტანტინოპოლის აწ განსვენებულ პატრიარქ დიმიტრიოსს: "მთაწმიდელები საგონებელში ჩაგვაგდო თქვენმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც კათოლიკენი ერეტიკოსებად არ უნდა მივიჩნიოთ, რამეთუ ისინი არ ყოფილან დაგმობილი მსოფლიო კრების მიერ. უყურადღებოდაა დატოვებული ის გარემოება, რომ ამ საკითხის თაობაზე არსებობს ჩონსენსუს Pატრუმ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის თვითცნობიერების გამომხატველია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართლმადიდებლობის კვირაში ეკლესია ბარლაამსა და მის მომხრეებს მწვალებლებად აცხადებს და საამისოდ მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას არ ელოდება; გარდა ამისა, მე-3 მსოფლიო კრებამ მე-7 კანონით დაგმო სარწმუნოების სიმბოლოში სიახლეთა შემტანნი და მით სარწმუნოების შემბილწველნი – ვითარცა ერეტიკოსები" (Новые Послания Священного Кинота... стр 18).

ამრიგად, რომაულ-ლათინური ეკლესიის წევრები უდავოდ მწვალებლები არიან, ხოლო პატრიარქი ილია II, ალბათ ქართული სტუმართმოყვარეობის მისებური გაგებით, ერეტიკოსებს ევქარისტიის წმ. საიდუმლოთი "გაუმასპინძლდა"!

ვნახოთ რას ასწავლის წმ. მართლმადიდებელი ეკლესია წმ. მამებისა და წმ. კრებების პირით მწვალებელთა ზიარების შესახებ:

წმ. იოანე დამასკელი გვამცნებს: "ვინაიდან ჩვენ ვეზიარებით ერთ პურს, ამიტომ ყველანი შევიქმნებით ქრისტეს ერთიან ხორცად და ერთიან სისხლად, ერთმანეთის ასონი ვხდებით და ქრისტეს "თანა-ხორცად" (ეფეს. 3:6) ვიწოდებით; ამიტომაც მთელის ძალისხმევით განვეშოროთ მწვალებელთაგან ზიარების მიღებას, ან – ზიარების მიცემას მათთვის; რამეთუ "ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლთა – ამბობს უფალი – ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა" (მათ. 7:6), რათა არ ვეზიაროთ ამ უკუღმართ სწავლებას და სასჯელს" (წმ. მამათა სწავლება... გვ. 39).

ხოლო ანტიოქიის წმ. კრება განაწესებს: "არა არს ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში... ხოლო ტუ ეპიკსოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება უზიარებელთა მაზიარებელი, ისიცი უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი" (დიდი სჯულის კანონი. თანამ. ქართ. ენაზე, გვ. 196) – მაშასადამე, ზემოთქმული ცოდვისათვის, პატრიარქი ილია II უზიარებლობით დაისაჯა სულიწმიდისაგან, რომელიც გახლავთ უხილავი კანონმდებელი ეკლესიაში.

გარდა მწვალებლებისათვის წმ. ევქარისტიის მიცემის ცოდვისა, პატრიარქმა ილია II-მ მათთან ერთად ილოცა სიონის საკათედრო ტაძარში "ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე"; ჯერ ვნახოთ საერთოდ შეიძლება თუ არა მათი შემოშვება ეკლესიაში, შემდეგ კი – მათთან ერთობლივი ლოცვა:

ლაოდიკიის წმ. კრება მე-6 კანონით განაწესებს: "მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმერთის სახლში" (იქვე. გვ. 204).

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა, მოხმობილ წმ. კანონებს (საჭიროების შემთხვევაში – თუ კანონი ერთი შეხედვით ბუნდოვანია, ანდა – თანამედროვე კაზუისტებს თავისუფალი ინტერპრეტაციის საბაბს აძლევს) დავურთავთ მათ განმარტებებსაც, რომელიც მოგვცეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესმა კანონისტებმა: იოანე ზონარამ (XIIს.), ალექსი არისტინემ (XIIს.), თეოდორე ბალსამონმა (XIIს.), მათე ბლასტარმა (XIVს.) და ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელმა (XXს.). წინამდებარე წერილის ციტატებისგან განსატვირთავად დავეყრდნობით ამ უკანასკნელს, მითუმეტეს, რომ მღვდელმთავარი ნიკოდიმოსი ერთსულოვანია თავის წინამორბედებთან – შეიძლება ითქვას, მისეული განმარტებანი, როგორც კომპილაცია, შეიცავს ზემოხსენებული ძველი კანონისტების კომენტარებსაც...

მაშ ასე, მოვუსმინოთ ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელს, სერბ კანონისტს, რომელიც ლაოდიკიის წმ. კრების მე-6 კანონს ასე განმარტავს:

"რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს" (მათ. 23:30. ლუკ. 11:23) – ამბობს იესო ქრისტე; ხოლო ვინც ქრისტეს წინააღმდეგია, იგი მისი ეკლესიის მტერიცაა. ყოველი ერეტიკოსი უცხოა ეკლესიისთვის, უარყოფს რა ქრისტიანული სარწმუნოების ამათუიმ საფუძველს და ამით ფეხქვეშ თელავს გამოცხადებულ ჭეშმარიტებას, და მაშასადამე – მასც, ვინც ეს ჭეშმარიტება გამოგვიცხადა, ე. ი. იესო ქრისტეს – ეკლესიის ფუძემდებელს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი უნდა მოკლებულ იქნას ეკლესიის ლოცვასა და იმ მადლს, რომელიც ოდენ ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის, მეშვეობით შესაძლებელია მიიღოს კაცმა, და ასეთს, კანონის განწესებისამებრ, უნდა აღეკრძალოს შესვლა ეკლესიაში – იქ სადაც ეს მადლი მოიცემა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ღვთისმსახურების აღსრულება, თუკი ეკლესიაში რომელიმე ერეტიკოსი (განსაკუთრებით – არიოზელი) იმყოფება, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი უპასუხებს, რომ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული ერეტიკოსი აღთქმას დადებს უარყოს თავისი მწვალებლობა და ირწმუნოს მართლმადიდებლურად" (Правилаправославной церкви... т. II, стр. 84, 85). – როგორც ვიცით, ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ცელესტინ პატოკი არც მართლმადიდებლობაზე მოქცეულან და არც ამის პირობა მიუციათ პატრიარქ ილია II-სათვის...

ამრიგად, მწვალებლებს ეკლესიაში შესვლა აღკვეთილი აქვთ (რათქმაუნდა, საქმე ეკლესიაში ოფიციალურად, თავიანთი მწვალებლობის სახელით, შესვლას ეხება, თორემ ისე "შუბლზე არავის აწერია" ვინ რომელ კონფესიას მიეკუთვნება), პატრიარქმა ილია II-მ კი მათთან ერთად ლიტონიობაზე ღამე ათია წმ. ტაძარში.

ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვაზე დიდი სჯულისკანონი ამბობს და განაწესებს:

"თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მწვალებელთან ერთად ილოცებს – აეკრძალოს მღვდლობა; თუ ნებას მისცემს მათ, რომ შეასრულონჯ რაიმე სამღვდელო წესი როგორც მღვდელმა – განიკვეთოს" (წმ. მოციქულთა კანონი 45; დიდი სჯ. კან. ახ. ქართ. ენაზე. გვ. 168).

ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელი წმ. მოქიცულთა ამ კანონს ასე განმარტავს: "იმის შესახებ, თუ ვინ იწოდება ერეტიკოსად და რა არის ერესი, ნათქვამია ბასილი დიდის I კანონის განმარტებაში. მოციქულთა მე-10 კანონი (რომელსაც თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ზემოთ ციტირებული ანტიოქიის წმ. კრების მე-2 კანონი – გ.გ.), როგორც ვნახეთ, ეკლესიასთან უზიარებლებთან კრძალავს სახლში ლოცვასაც კი, და უზიარებელჰყოფს ყველას, ვისაც უზიარებელთან ლოცვითი კავშირი აქვს.

ეკლესიასთან უზიარებლებში, ბუნებრივია, მითვალულ უნდა იქნეს ყველა ერეტიკოსი, რის გამოც სავსებით თანმიმდევრულია ყოველი მართლმადიდებლისათვის მათთან ლოცვითი კავშირის აღკვეთა. მით უფრო მკაცრად უნდა აღეკრძალოს მსგავსი კავშირი სასულიერო პირებს, რომელნიც ვალდებულნი არინ მაგალითი იყვნენ დანარჩენი მორწმუნეებისათვის ცრუ სწავლებებით შეუბღალავი სარწმუნოების სიწმიდის დაცვაში. ლოცვითი კავშირის სახელქვეშ, თანახმად ამ კანონის ბალსამონისეული განმარტებისა, უნდა გულისხმა-ვყოთ არაოდენ ეპისკოპოსისა და დანარჩენ სამღვდელოთა ეკლესიაში ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა, არამედ – "უბრალოდ ლოცვითი კავშირის ქონაც" და "ერეტიკოსის ლოცვის შემწყნარებლურად მიღება" – ასეთებისგან კი, ვითარცა ზურგშექცევის ღირსთაგან, ხამს განრიდება. ამიტომაც, იზიარებს რა ამგვარად ამ სიტყვების შინაარსს, მოციქულთა კანონი ჯეროვნად მიიჩნევს სამღვდელო პირთათვის აღნიშნული დანაშაულის გამო მღვდლობის აკრძალვას...

არქიმანდრიტი იოანე ამ კანონის განმარტებისას ფრიად ბრძნულად შენიშნავს, რომ კანონები ისწრაფვიან არაოდენ ერეტიკული სულისაგან მართლმადიდებელთა დაცვისაკენ, არამედ სარწმუნოებისა და ეკლესიისადმი ინდიფერენტულობისაგან დაფარვისკენაც, რაც (ინდიფერენტულობა – გ.გ.) შესაძლოა იოლად აღმოცენდეს ერეტიკოსებთან სარწმუნოების საქმეში ხლო კავშირის დროს... თუმცა ამგვარი დამოკიდებულება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული სიყვარულისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინაიდან დიდი სხვაობაა – იწყნარებდე სარწმუნოებაში გზადაბნეულთ, როდესაც ელოდები მათ ნებაყოფლობით მოქცევას, ანდა – დაჟინებით მოითხოვ მათგან ამას, და ცხოვრობ მათთან გარეგანი სამოქალაქო ურთიერთობით, – და სხვაა – როდესაც განურჩევლად შედიხარ მათთან რელიგიურ შეხებაში, რამეთუ ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ ვცდილობთ მწვალებლების მოქცევას მართლმადიდებლობაზე, არამედ თავად ვჭოჭმანობთ მასში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას უნდა ჰქონდეს სასულიერო პირებისთვის, რომელნიც ვალდებულნი არიან მაგალითი იყვნენ სხვათათვის მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმიდის მტკიცედ დაცვაში. ამიტომაც, კანონების თანახმად, მართლმადიდებელი მღვდელი არ უნდა აძლევდეს ერეტიკოსებს წმ. საიდუმლოთ, და არ უნდა აღასრულებდეს მათთვის რაიმე მღვდელმსახურებას მანამდე, სანამ ისინი ეკლესიასთან შეერთების მტკიცე გადაწყვეტილებას არ გამოთქვამენ" (Правила..., т. 1, стр. 114-116; СПБ, 1911 г.). იგივეს გამოთქვამს ლაოდიკიის წმ. კრება 33-ე კანონით: "მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება" (დიდი სჯულისკანონი. ახ. ქართ. ენაზე. გვ. 207).

ამრიგად, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ დაისაჯა მღვდელთმსახურებისაგან განყენებით მწვალებელთან ერთობლივი ლოცვისათვის.

მოგვაქვს, კიდევ მაგალითები ჩვენი "გმირის" ეკუმენური ბიოგრაფიიდან: "მეორე დღეს ვაშინგტონის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში შედგა საზეიმო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიას, რომელსაც საქართველოსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიების ორი მღვდელმთავარი ასრულებდა, ესწრებოდნენ ანტიოქიის, რომის კათოლიკური, აშშ ეპისკოპალური და პრესვიტერიანული ეკლესიების წარმომადგენლები" (პროტესტანტები რომ მწვალებლები არიან ამის საგანგებოდ მტკიცებას ზედმეტად ვთვლით, ვინაიდან მატი დოგმატები არათუ სხვაობს მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან, არამედ მათ დოგმატიკა თითქმის არ გააჩნიათ, და საზოგადოდ, ამ თემაზე ჩვენს ეკლესიაში, თვით ყველაზე ლიბერალურ წრეებშიც, არავინ კამათობს) (სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ვიზიტი აშშ-ში. "ჯვარი ვაზისა", გვ. 10, #2, 1986წ.).

"11-14 (24-27) ნოემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენ I (სომხური ეკლესია მიმდევარია ე. წ. "მონოფიზიტური" მწვალებლობისა, რომელიც დაგმო და ანათემას გადასცა მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრებამ – გ.გ.)... დღისით უწმიდესმა ვაზგენ I-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოილოცეს ქვაშვეთის წმ. გიორგის, დიდუბის ღვთისმშობლის და ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრები. იმავე საღამოს უწმიდესი ვაზგენ I დაესწრო ლოცვას სიონის საპატრიარქო ტაძარში... ვახშამზე პატრიარქებმა სიტყვით მიმართეს ერთმანეთს... ვაზგენ I-ის სიტყვა: "ჩვენთვის დიდად სასიამოვნო იყო თბილისის ტაძრების მონახულება. განსაკუთრებით სიონის საკათედრო ტაძრისა, სადაც ორჯერ მოგვეცა საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის საშუალება" ("ჯვარი ვაზისა" გვ. 14-16, #2, 1984წ.).

ზემოთ მოტანილი მაგალითები ილია II-ის მწვალებლებთან ერთად მართლმადიდებლურ ტაძრებში მლოცველად წარმოგვიჩენს. ახლა დავასახელოთ ზოგიერთი პირუკუ შემთხვევაც:

"შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მის თანხმლებ პირთ შეხვედრა მოუწყეს სომეხთა საპატრიარქოში (ისრაელში – გ.გ.). პატრიარქი ეღიშე უცხოეთში ბრძანდებოდა. შეგვხვდა მთავარეპისკოპოსი კარაკინი. მონასტრის მთავარ ტაძარში, რომელიც იაკობ მოციქულის სახელობისაა და რომელიც ქართველების მიერ ყოფილა აშენებული, გადახდილ იქნა პარაკლისი. საერთოდ უნდა შევნიშნოთ, რომ სომეხთა საპატრიარქო ერთ-ერთი საუკეთესოა (? – გ.გ.) იერუსალიმის საპატრიარქოთა შორის" ("ჯვარი ვაზისა" გვ. 33, #2, 1987წ.).

"...სადილის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მისი თანმხლები პირები გაემგზავრნენ ქ. ბერნში. გზად მიმავალთ დაათვალიერეს ქალაქ ბერნის დიდებული ტაძარი.

15 თებერვალს, დილით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დაესწრო ქალაქ ბერნის ტაძარში ჩატარებულ საკვირაო ლოცვას, რომელიც მიჰყავდა ტაძრის წინამძღვარ კურტ მარტის. წირვის შემდგომ შვეიცარიის პროტესტანტულ ეკლესიათა ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ჟან-პიერ ჟორნომ სასტუმრო "ბერნში" მოაწყო შეხვედრა საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის პატივსაცემად... იმავე საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ქ. ბერნში ძველ კათოლიკურ ტაძარში აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება...

16 თებერვალს, დილით, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა ქ. გვატში, სადაც გვატის ხელმძღვანელობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივსაცემად გამართა საუზმე. საუზმის შემდეგ დელეგაცია ისევ ქ. ბერნში დაბრუნდა და მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის გენერალური კონსულის მიერ. მიღების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი და მისი თანმხლები პირები გაემგზავრნენ ქ. შაფჰაუზენში, სადაც შაფჰაუზენის კანტონის ეკლესიათა საბჭომ, წინამძღვარ კრისტოფ ბაფის ხელმძღვანელობით, მოაწყო სადილი საქართველოს ეკლესიის დიდი მეუფის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პატივსაცემად. იმავე საღამოს შაფჰაუზენის მიუნსტერის კაპელაში ჩატარდა მწუხრის ლოცვა, რის შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდა შაფჰაუზენის პასტორებს და წარმოსთქვა სიტყვა...

შაფჰაუზენის კანტონს პირველად ეწვია პატრიარქის რანგის საეკლესიო მთავარი: ორშაბათი დღის ნასადილევს შაფჰაუზენში ჩამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკის ერთ-ერთმა პირველმა მღვდელმთავარმა საღამოსვე ჩაატარა წირვა-ლოცვა საკათედრო ტაძარში, ვიდრე "კრონჰოფში" შაფჰაუზენის რეფორმატორულ (იგულისხმება ეკლესიათა შვეიცარიული რეფორმაცია) პასტორებთან ისაუბრებდა. ამასთანავე, უდიდესი ხოტბა შეასხა პატრიარქმა თავის მასპინძლებს (პროტესტანტ მწვალებლებს – გ.გ.)... მისი უწმინდესობა, ამჟამად ჟენევის ეკლესიათა ეკუმენისტური საბჭოს პრეზიდენტი, შვეიცარიას ეწვია ევანგელურ ეკლესიათა ფედერაციის მოწვევით..." ("ჯვარი ვაზისა"; გვ. 6-14; #1, 1981წ.).

კიდევ მრავალი ამგვარი მაგალითის მოტანა შეიძლება პატრიარქ ილია II-ს სულიერი "მოღვაწეობიდან" (ყოველი მათგანი აღნუსხულია და გამოსამზეურებლად შესაფერის დროსა და ადგილს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას ელოდება); საინტერესოა, რა პასუხს აძლევს იგი სულიწმიდას – ქრისტეს წმ. მოციქულების, წმ. კრებებისა და წმ. მამების მიერ დიდი სჯულისკანონის შემოქმედს, რომელმაც დააწესა: "თუ ვინმე სასულიერო პირი, ან ერისკაცი, ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს" (წმ. მოც. კან. 65; დიდი სჯულისკანონი თანამედროვე ქართ. ენაზე. გვ. 170).

კანონისტი ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელი მოციქულთა ამ კანონს (65-ეს) ასე განმარტავს: "მოციქულთა 45-ე კანონის განმარტებისას ვნახეთ, რომ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ეკრძალებათ ყოველგვარი რელიგიური კავშირურთიერთობა ერეტიკოსებთან (communicatio in sacris)... ეს კანონი, ისევე როგორც მოციქულთა 45-ე კანონი, გამოთქვამს წმ. წერილისეულ აზრს, რომ შეუძლებელია რაიმე თანხმობა იყოს ქრისტესა და ბელიარს შორის, და თანაზიარება მორწმუნესა და ურწმუნოს შორის (იხ. 2 კორინთ. 6:15).

თუკი საზოგადოდ სასულიერო პირს არა აქვს უფლება ერეტიკოსებთან არანაირი ლოცვითი კავშირის ქონისა – თვით კერძო-პიროვნულისაც კი, მით უფრო დაუშვებელია ეს იუდეველებთან მიმართებაში... ეს კანონი იუდეველებსა და ერეტიკოსებთან კავშირურთიერთობას უკრძალავს არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ – საერთოდ ყველა მართლმადიდებელ საეროს, და შემჩნეულთ ამგვარ კავშირურთიერთობაში, შესაბამისად სჯის (Правила... т. 1, стр. 142, 143).

ამრიგად, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ უხილავად ეკლესიიდან განკვეთილია მწვალებელთა ტაძრებში არაერთგზისი ლოცვისათვის!

ზემოთ წარმოვადგინეთ პატრიარქ ილია II ზოგიერთი დიდი სჯულისკანონით დასჯადი მოქმედება. ახლა შევეხოთ მის არამართლმადიდებლურ საჯარო გამონათქვამებს, რათა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის მსოფლმხედველობითი პორტრეტი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოვკვეთოთ; აი, რამდენიმე ფრაგმენტი ილია II-ს ქადაგებებიდან:

"აქვე სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესია მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. ღვთისმშობლის სახელობის ეს ეკლესია და მისი ეზო ხალხით იყო სავსე. მისმა უწმინდესობამ თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, გვწამს ერთი მამა, ძე და სულიწმიდა" (! – ნუთუ "ღვთისმეტყველების დოქტორმა" ილია II-მ არ უწყის, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს ერთი და იგივე სულიწმიდა – ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი, არა სწამთ? – გ.გ.). თქვენში არ უნდა იყოს განყოფა, როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ...

მორწმუნეებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესს დალოცვისათვის და შესთხოვეს: მღვდელი გვინდა რომ გვყავდეს და თუ შეიძლება დაგვეხმარეთო. "ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული... მე შემიძლია გამოგიზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე – კათოლიკურ ტაძარში" – იყო პასუხი (! – ვაი-მისიონერობის კლასიკური მაგალითია; როგორც ჩანს, პატრიარქი ილია II მესხეთ-ჯავახეთში მოქმედებდა იეზუიტების ორდენის დევიზით – "მიზანი ამართლებს საშუალებას" – გ. გ.).

წირვის დასაწყისში მისმა უწმინდესობამ ილია II-მ თქვა: "შევთხოვოთ უფალს ღვთივკურთხეული რწმენა, სიყვარული და სასოება აღადგინოს ჩვენში. თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება - მამა, ძე და სულიწმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა – და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს (! – მსგავს შეხედულებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოთქვამს "ათეისტის ლექსიკონიც" – გ.გ.). თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად, არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის (!!! – არც კი ვიცით რა კომენტარი დავრთოთ ამ, ყოვლად უცნაურ განცხადებას – ღიმილის მომგვრელია, სავალალო რომ არ იყოს... ერთი რამ გვჯერა – მისი "უწმიდესობა" ამ სიტყვების გამო პასუხს აგებს ათონის წმ. მთაზე ივერიის მონასტერში გაბრწყინებული ქართველი მღვდელმოწამეებისა და აღმსარებლების წმიდა სულების წინაშე, რომელთაც ლათინებისაგან მძვინვარე დევნულება განიცადეს მე-13 საუკუნეში: პაპისტებმა მონასტრის უხუცესი ბერები მონასტრისავე გემზე დასხეს, გაშლილ ზღვაში გაიყვანეს და გემიანად ჩაძირეს, ხოლო ახალგაზრდა მონაზვნები ებრაელებს მონებად მიჰყიდეს (იხ. ამბავი პაპისტების თავდასხმისა წმ. ათონის მთაზე. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", ტ. II, გვ. 316, თბილისი 1991წ.)...

საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სულიწმიდა (! – და კვლავ: ნუთუ "ღვთისმეტყველების დოქტორმა" ილია II-მ არ უწყის, რომ დიოფიზიტ ქართველებს და მონოფიზიტ სომხებს ერთი და იგივე ძე ღმერთი არა სწამთ? ან იქნებ "მოქცევის" მიზნით განგებ შეცდომაში შეჰყავს ღვთისმეტყველებაში ნაკლებად ჩაღრმავებული მოსახლეობა მესხეთ-ჯავახეთისა? – გ.გ.) ეს ეკლესიები სამოციქულო ეკლესიებია" ("ჯვარი ვაზისა" გვ. 22-42, #4, 1988წ.).

"13(26) სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში მიიღო ბუდისტების ჯგუფი ბუტანის რესპუბლიკიდან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: "ჩვენ ვეკუთვნიტ ორ დიდ რელიგიას და თავისთავად უკვე ეს გვაახლოვებს (? – გ.გ.). ჩვენს ხალხს ძალიან აინტერესებს ბუდისტების ცხოვრება; ვსწავლობთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენს შორის ბევრი რამაა ისეთი, რაც გვაერთიანებს: პირველყოვლისა, ჩვენი რელიგიების მოვალეობა და დანიშნულება – ორივე ემსახურება ხალხს (! – გ.გ.); ადამიანის განვითარება უნდა ხდებოდეს თანაბრად: სულიერად და მატერიალურად – ქრისტიანობა და ბუდიზმიც კაცობრიობის სულიერ განვითარებას ემსახურებიან (!!! – ეს უკვე არა მარტო ეკუმენისტის, არამედ პანეკუმენისტის ნათქვამია – გ.გ.)... მე დიდ ყურადღებას ვაქცევ მხატვრობას, მათ შორის ბუდისტურ მხატვრობას. მოსკოვში ამ რამდენიმე ხნის წინ საკომისიო მაღაზიაში შევიძინე ბუდას გამოსახულება" ("ჯვარი ვაზისა", გვ. 60-61, #2, 1986).

და ბოლოს: წარმოვადგენთ პატრიარქ ილია II-ს ერთ, ყველა ზღვარს გადაცდენილ განცხადებას, რამაც მისი "უწმიდესობა და უნეტარესობა" იუდა ისკარიოტელის აშკარა სულიერ მემკვიდრედ წარმოგვისახა; ჟურნალ "დრუჟბა ნაროდოვ" – ისათვის მიცემულ ინტერვიუში ილია II-მ ჯვრის მონასტრის (პალესტინა) იურისდიქციულ პრობლემებთან დაკავშირებიტ განაცხადა: "ჯვრის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და პალესტინას შორის დამაკავშირებელი რგოლი იყო. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. (იერუსალიმის) პატრიარქისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის სახელზე გავგზავნე წერილი თხოვნით, რომ მონასტერი (რომელიც იერუსალიმის პატრიარქის იურისდიქციაშია – გ.გ.) საქართველოს ეკლესიას გადმოეცეს. ვიმედოვნებთ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და როდესაც მონასტერი კვლავაც საქართველოს ეკლესიის მონაპოვარი შეიქმნება, ჩვენ ვაპირებთ იქ რამოდენიმე ოთახის გამოყოფას მუზეუმისთვის, სადაც აისახება ქართველთა და ებრაელთა შორის კულტურული ურთიერთობების ისტორია, მათი (ამ ორი ერის – გ.გ.) ურთიერთგავლენა. ვფიქრობთ მონასტერში სათავსოს გამოყოფას იუდეველთა ლოცვებისთვისაც. ეს კიდევ უფრო შეეწევა ჩვენს ერთობას" ("Думаем предоставить в монастыре помещение и для молитв иудеев. Это еще поможет нашему единению) ("Дружба народов", № 1, 1991 г. ციტ. "Молодежь Грузии"; 16 марта, 1990 г.).

საინტერესოა, მოეხსენება თუ არა "ღვთისმეტყველების დოქტორ" ილია II-ს, რომ სათავსო იუდეველთა ლოცვებისთვის, ანუ – მათი სალოცავი სახლი, არის სინაგოგა; რომ სარწმუნოებრივი ერთობა მათთან, ვინც წარმართებისაგან დაჟინებით მოითხოვეს: "ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!" (ლუკა 23:2; იოანე. 19:15) და წადილის ასასრულებლად თავს იდვეს შთამომავლებითურთ: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათ. 27:25), - შეუძლებელია იუდა ისკარიოტელისეული ღალატის ჩაუდენლად; რომ წმ. პავლე მოციქულის პირით სულიწმიდა გვამცნებს: "რაი მოყუსობაი არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუებაი არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოისა თანა? (2 კორინთ. 6:14-15); და კვალად: "რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავ შეჩუენებულ, მარანათა! (1 კორინთ. 16:22); ნუთუ არ უფიქრია პატრიარქ ილია II-ს: შესაძლოა დღემდე იმისათვის არ დაუშვა უფალმა იესო ქრისტემ ჯვრის მონასტრის საქართველოს საპატრიარქოს განმგებლობაში გადმოსვლა, რომ მადლშენარჩუნებული ბერძნული მონასტერი ღმერთის წინაშე უმჯობესია შებილწულსა და მადლგანშორებულ ქართულ სავანეზე?! – რაოდენ გულსატკენია, რომ ჩვენივე საკუთარი ინიციატივით ვყიდით ხოლმე მამა-პაპათა წმიდა სარწმუნოებას და ტრადიციებს, – სხვები არ იქცევიან: აბა ერთი სინჯოს და სთხოვოს ილია II-მ აქაურ ებრაელობას თბილისის სინაგოგის ეზოში მცირე ქრისტიანული სალოცავის ჩადგმის უფლება – რა პასუხსაც მიიღებს დავინახავთ...

არანაკლები "ღვაწლი" პატრიარქ ილია II-ს ეკლესიის სეკულარიზაციის, გაამსოფლიურების საქმეშიც მიუძღვის; აი, ერთი სახასიათო მაგალითი:

"... აღსანიშნავია, რომ (მხატვრული ფილმი) "იესო" საბჭოთა კავშირში პირველად აქ, ჩვენს სამშობლოში ჩამოიტანეს. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც დააფინანსა იგი" ("ნატვრისთვალი", #2, დეკემბერი, 1989წ.)...

დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია ზემსოფლიური ორგანიზმია; მსოფლიოსა და ამსოფლიური ფასეულობებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება მკადრად თავშეკავებული უნდა იყოს, რამეთუ: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (1 იოანე 5:19); "სიყვარული სოფლისაი ამის, მტერობა არს ღმრთისა" (იაკობ 4:4); "უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა, უკუეთუმცა სოფლისაგან იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიე თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა" (იოან. 15:18-19) – სარწმუნოებრივ სფეროში ისეთი მკვეთრად ამსოფლიური ინსტრუმენტით, როგორიცაა სცენური ხელოვნება – სახიობა, არის ზემსოფლიურის გამიწიერება, პროფანაცია. წმ. წერილის ინსცენირება უდავოდ მკრეხელობაა, და, აი, რატომ: ჯერ ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთებისათვის ყოველთვის უცხო იყო სცენური ხელოვნება – ქრისტიანობის აპოლოგეტი და ეკლესიის მასწავლებელი ტერტულიანე (IIIს.) გვმოძღვრავს: "თუკი ჩვენ უგულვებელვყოფთ საერო ლიტერატურას, რამეთუ ის ითვლება ღმერთის წინაშე სისულელელდ, ამით საკმარისადაა თქმული სანახაობათა იმ სახეობების შესახებ, რაც საერო ლიტერატურაში იყოფა კომიკურ და ტრაგიკულ წარმოდგენებად" (И. Зейпель. "Хозяйственно-Этические взгляды Отцов Церкви"; стр. 168).

წმ. მღვდელმოწამე კიპრიანე კართაგენელი (IIIს.) ასე მოძღვრავს თავის თანამედროვე ქრისტიანს: "თანახმად ორმხრივი სიყვარულისა და შენი თავმდაბლობისა, საჭიროდ ჩაგითვლია ჩემთვის რჩევა გეკითხა, ძვირფასო ძმაო, თუ რას ვფიქრობ მე ერთი მსახიობის თაობაზე, რომელიც იმყოფება რა თქვენს (ე. ი. მართლმორწმუნეთა – გ. გ.) შორის, არ წყვეტს თავის სამარცხვინო ხელოვნებას... შენ მეკითხები: დასაშვებია თუ არა, რომ ასეთი ადამიანი თანაეზიაროს მორწმუნეებს? – მე ვთვლი, რომ ეს შეუსაბამოა სახარებისეულ სწავლებასთან: ეკლესიის სიწმინდისა და ღირსების შელანძღვა ეგზომ სამარცხვინო და საზიზღარი შეხებით დაუშვებელია" (იქვე. გვ. 169).

ნეტარი ავგუსტინე იტყვის: "ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი და არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნები; ასე მუშაკობენ: მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი" (იქვე. გვ. 170).
წმ. მღვდელმთვარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი, XIXს.) გვმოძღვრავს: "ქრისტე უხილავი შეიქმნა იუდეველთათვის და შეუმჩნევლად განეშორა მათ, როდესაც მისი მოკვდინება მოიწადინეს (იხ. იოან. 8:59). ქრისტიანობა უხილავი ხდება ჩვენთვის, გვცილდება ჩვენ, როდესაც ვცდილობთ მოვკლათ იგი ჩვენი გარყვნილი ცხოვრებით, სხვადასხვა ცრუ სწავლებათა მიღებით; როდესაც ვბედავთ, რომ ქრისტიანობა ამსოფლისადმი მსახურებას შევურიოთ.

უფალმა ბრძანა: "ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა" (იოანე 3:20). ამჟამად ყველა მთელი სულით და გულით მიისწრაფვის გარყვნილებისაკენ; უწოდეს ამას "ცხოვრებით ტკბობა"; ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა – ამისთვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი, რომელიც კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს – ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი, აგრეთვე – წარმართული ლიტერატურა. ქრისტეანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისაგან" (წმ. მამათა სწავლება. გვ. 25-26).

წმ. თეოფანე დაყუდებული გვიქადაგებს: "გაიხსენე, რა ემართება სულს თეატრსში და წარმოდგენის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა სულისათვის. თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა, და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ, – დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი, ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია..." (Письма о Христианской жизни; стр. 69). და კვალად: "თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ – რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას (წმ. მამა ქრისტიანულ მთავრობებს გულისხმობს; მის ეპოქაში – XIXს – ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთები – გ.გ.); ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოსნი და წმინდანები ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო..." (იქვე. გვ. 71-72).

მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიბლიის ინსცენირებისას ცოდვილი ადამიანები წმიდანებს და თვით ღმერთკაცსაც კი განასახიერებენ: როგორი საქმეა, როდესაც, ვთქვათ, აქტრისა ოლივია ჰასეი, რომელიც თავის აქტიორული ბიოგრაფიის მანძილზე არაერთ ეროტიულ კინოკადრში გამოჩენილა, უეცრად ფრანკო ძეფირელის მხატვრულ ფილმში – "იესო ნაზარეთიდან", ყოვლადწმიდა მარიამის როლში გვევლინება?! – როლში იმისა, ვისაც ღვთისმეტყველება ანგელოსურ იერარქიაზე მაღლა აყენებს და წმ. ეკლესია ასე განადიდებს: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ".

მესამე მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა: აღნიშნული ტიპის კინოფილმები და სპექტაკლები თავის თავში ფრიად აღლესულ საცდურს შეიცავს – ბევრს შემჩნეული ექნება ასეთი მოვლენა: დავუშვათ ადამიანს არ წუკითხავს რომელიმე წიგნი, მაგალითად – დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები", მაგრამ უნახავს მისი ეკრანიზაცია; ვთქვათ, ამ კაცს ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ხსენებული წიგნის წაკითხვისა; კითხვის პროცესში იგი ამჩნევს (და მოგეხსენებათ კითხვას, ნებსით თუ უნებლიეთ, თანსდევს წაკითხულის გონებაში წარმოსახვა), რომ კინოფილმში ნანახი სახეებით აზროვნებს – ანუ დიმიტრი კარამაზოვი წარმოუდგება მსახიობ მ. ულიანოვის სახით და ა. შ. ცხადია, "ძმები კარამაზოვების" შემთხვევაში, ეს მოვლენა სულისათვის დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საქმე ეხება სიწმიდეს – განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს მორწმუნეს, რათა გონება დაიცვას და შეინახოს დაწმენდილი სახით; ყოველ შემთხვევაში წმ. წერილთან (რომლის შემოქმედია სულიწმიდა) დაკავშირებით მაინც, არ უნდა დაუშვას მისი დანაგვიანება არასასურველი შთაბეჭდილებებით...

მოგვაქვს პატრიარქ ილია II-ს კიდევ რამოდენიმე საჯარო გამონათქვამი, რითაც იგი ამსოფლიურ ფასეულობებს შეჰნატრის და შეჰხარის:

"ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" (როგორც ჩანს, მისი "უწმინდესობა" ცნობილ "ზასტოის" დროინდელ შოუს – "ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" გულისხმობს – გ. გ.); ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში; განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და ყველა შეგნებულ ადამიანს" (საახალწლო ეპისტოლე 1983 წლისა; იხ. საღვთისმეტყველო კრებული 1984 წ. გვ. 131).

"დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად (კეთილი მწყემსი არის ღმერთი – გ. გ.), ძალუძს დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას, ანდა გვასწავლოს მაინც (ასწავლის ვის – ეკლესიას?! – გ. გ.), როგორ მოვიშუშოთ იგი" (სააღდგომო ეპისტოლე 1986 წლის; იხ. საღვთისმეტყველო კრებული; 1987 წ. გვ. 79).

და ბოლოს: გავეცნოთ ერთგვარ ჰიმნს, რომლითაც პატრიარქმა ილია II-მ ("ჭრელ" კამპანიასთან ერთად) შესხმით ადიდა ეს სოფელი: ბოროტებაში შთაფლული მსოფლიო; სამფლობელო და სამბრძანებლო (დროებითი, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე) ლუციფერისა, რომელიც პატრიარქ ილია II-ს მიერ ქვემოთ დასახელებული ორგანიზაციებისა და დოკუმენტების მეშვეობით მსოფლიო ტახტს უმზადებს თავის სულიერ შვილს – მომავალ ანტიქრისტეს:

"აუცილებლად მიგვაჩნია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის, ჰელსინკის, მადრიდის, ვენისა და პარიზის შემაჯამებელ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ძირითადი იდეების სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა და ცხოვრებაში გატარება, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიო პოლიტიკის გაბატონებული მიმართულებებისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაახლოვებას" (გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა"; 14 სექტემბერი, 1991 წ.) – ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია


დასკვნა


როგორც ზემოთ ვნახეთ, პატრიარქი ილია II სულიწმიდის მიერ ეკლესიიდან უხილავად განკვეთილია მწვალებლებთან ხშირი და მჭიდრო სულიერი კონტაქტების გამო; თუკი ამას დავურთავთ მის და მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების ლოცვით კავშირებს აშკარა სატანისტებთან (იხ. გაზ. "იბერია-სპექტრი", #105 და #108. "ეკუმენური მოძრაობის ინფერნალური ხასიათი"; წერილი პირველი და წერილი მეორე), აღმოჩნდება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შიოლაშვილი სულიწმიდის მიერ არათუ უხილავად განკვეთილია, არამედ ანათემირებული და შეჩვენებულიცაა და ფაქტიურად სულიწმიდის მგმობელის რანგში განიხილება; ხოლო მსოფლმხედველობრივად იგი ერეტიკოსია, ვინაიდან მიმდევარია ეკუმენიზმის ახლადმოვლენილი მწვალებლობისა, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს მე-9 წევრის – ეკლესიის შესახებ დოგმატის წინააღმდეგ ილაშქრებს – ისმება კითხვა: როგორი უნდა იყოს მისდამი მართლმორწმუნეების დამოკიდებულება? შეიძლება თუ არა მისი მოხსენება ლოცვებში როგორც მართლმადიდებლისა (ეკლესია მწვალებლებისათვისაც ლოცულობს, უფრო ზუსტად – მწვალებლების მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის)?


ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად კვლავაც დიდი სჯულისკანონი გადავშალოთ, რომელშიც წერია: "ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ დაინახა რა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვა გზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმ. კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს ეკლესიის წესის თანახმად ჯამისწირვის საღვთო ლოცვებში არ მოიხსენიებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი; რადგანაც როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი. ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიუბრუნდებიან თავის ეპისკოპოსს" (კონსტანტინოპოლის წმ. მოციქულთა ტაძარში შეკრებილი დიდი კრების მე-13 კანონი; დიდი სჯულისკანონი, თანამედროვე ქართ. ენაზე. გვ. 375).

ამრიგად, როორც წესი, საეკლესიო კრების გადაწყვეტილებამდე ბრალდებული მღვდელმთავარი ლოცვებში უნდა მოიხსენიებოდეს, და ის, ვინც ამ კანონს დაარღვევს, ეკლესიაში განხეთქილების შემომტანად განიხილება; მაგრამ არის ერთი გამონაკლისი შემთხვევა, რომელსაც იგივე კრება მე-15 კანონით საერთო წესიდან მკაფიოდ გამოკვეთს:

"მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (მე-13 კანონი – გ. გ.) კიდევ უფრო შეეფერება პატრიარქებს. თუ მღვდელი, ეპისკოპოსი, ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან, და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღვთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საღვთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა. ეს უკვე განსაზღვრული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დაარღვევს; მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განცინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისგან, იგი არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი, და ეკლესიის ერთობა კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და განყოფისაგან" (იქვე. კანონი მე-15, გვ. 376).

კანონისტი ნიკოდიმოს დალმატიელ-ისტრიელი ამ კანონს ასე განმარტავს: "ავსებს რა "ორგზისი" კრების მე-13 და მე-14 კანონებს მოცემული კანონი (მე-15 – გ. გ.) განაჩინებს, რომ თუკი მითითებული დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს მღვდელს მღვდელმთავრისადმი, ეპისკოპოსს – მიტროპოლიტისადმი, და მითუმეტეს, ამგვარი დამოკიდებულება ეკუთვნის პატრიარქს, რომელსაც კანონიკურად ემორჩილება ყველა მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი, მღვდელი და დანარჩენი სასულიერო პირნი შესაბამისი საპატრიარქოსი. განსაზღვრავს რა ამას პატრიარქისადმი მორჩილებასთან დაკავშირებით, მოცემული კანონი გამოთქვამს ზოგად შენიშვნას სამივე (მე-13, მე-14, მე-15 – გ. გ.) კანონის შესახებ, სახელდობრ კი, აწესებს, რომ ყველა ეს განჩინება ძალმოსილია ოდენ იმ შემთხვევაში, როდესაც განხეთქილებანი წარმოიშვება პატრიარქების, მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების დაუმტკიცებელ დანაშაულობათა გამო; მაგრამ თუკი ვინმე, ეპისკოპოსების, მიტროპოლიტების ანდა – პატრიარქთაგან დაიწყებს რაიმე მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც – ვალდებულნი, არიან მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტსა თუ პატრიარქს, თანაც ამისათვის არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად ეკლესია იხსნეს განხეთქილებისგან" (Правила..., т. 1, стр. 308).

ახლა ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, "საჯაროდ ქადაგებს" და "აშკარად ასწავლის" ეკუმენიზმს პატრიარქი ილია II, თუ მისი ეკუმენისტური ცდომილებანი ე. წ. "კერძო საღვთისმეტყველო აზრის" საზღვრებს არა სცილდება და მწვალებლობად ვერ ჩაითვლება – ამ საკითხის ირგვლივ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, - პირადად ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც ადამიანი წლების მანძილზე გვევლინება ეკუმენური მოძრაობის გენერალური შტაბის – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცკ-ს ერთ-ერთ პრეზიდენტად, ხოლო დღესდღეობით თუკი ვერღარ ვხედავთ მას ამ პოსტზე, ეს არა სინანულისა და ეკუმენიზმისაგან გამიჯვნის, არამედ უბრალოდ ამ არჩევით თანამდებობაზე ყოფნის ვადაგასვლისა და ხელახლა აღარ არჩევის შედეგია, - ეს ადამიანი თავისი საქმით "საჯაროდ ქადაგებს" ეკუმენიზმს.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში _ "ჯვარი ვაზისა", არაერთხელ გამოქვეყნებულა ილია II-ის ეკუმენისტური მოწოდებანი, მაგალითად ამ ტიპისა: "დღეს საკმარისი არაა იყო ღვთისმეტყველი, უნდა იყო სოციოლოგიც, ეკუმენისტიც, გულმხურვალედ მქადაგებელიც და ფხიზელი რეალისტიც" ("ჯვარი ვაზისა"; გვ. 24, #2, 1979), - რაც "აშკარა სწავლების" უდავო ნიმუშია...

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ეს საკითხი ღიად რჩება, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ამ ახლო მომავალში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და საგნებს თავისი სახელები დაერქმევა – საქმე ეხება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ჩაფიქრებულ და მსოფლიო საპატრიარქოს წინამძღვრობით მიმდინარე პროცესს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სარწმუნოებრივი გაერთიანებისა მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევარ ეკლესიებთან, ამ უკანასკნელთა მხრივ მართლმადიდებლობაზე მოქცევისა და თავიანთი ერესის დაგმობის გარეშე, რაც მართლმადიდბელი ეკლესიების (რა თქმა უნდა საუბარია იმათზე, ვინც დათანხმდება ამგვარ ერთობაზე და დოკუმენტებს ხელს მოაწერს) წვალებაში შთაცვენის ტოლფასია (იხ. გაზ. "თავისუფალი საქართველო"; 13-20 ოქტომბერი, 1994წ. – "მართლმადიდებელთა და მონფიზიტთა უკანონო გაერთიანების მცდელობა").

თუ ეს უბედურება თავს დაატყდება ჩვენს სამოციქულო ეკლესიას და პატრიარქი და სინოდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით აღადგენენ სრულ სარწმუნოებრივ ერთობას მონოფიზიტ მწვალებლებთან, მაშინ დოგმატური საღვთისმეტყველო მოძღვრებით და საეკლესიო სამართლის სწავლებით ჭეშმარიტ ეკლესიად ჩაითვლება ის, ვინც უარს იტყვის უსჯულო კავშირზე და განეშორება ამგვარ კავშირში ჩაბმულ ყოფილ მართლმადიდებლებს, ანუ - თუნდაც მრევლის უდიდესი ნაწილი საპატრიარქოს ოფიციოზის მეთაურობით დაცემულ უმრავლესობაში აღმოჩნდება, ეკლესიად მაინც ის უმცირესობა ჩაითვლება ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი ერთგულებას შეინარჩუნებს და ყოველგვარ სარწმუნოებრვ შეხებას მოიკვეთს დაცემულებთან, სწავლებისამებრ წმ. თეოდორე სტუდიელისა (VIII_IXსს.): "დღეს სხვაგვარი მწვალებლური ბრძოლაა გაჩაღებული მთელს ქვეყანაზე; თუ გსურთ გადახედეთ გონების თვალით და იხილავთ მთელს ცისქვეშეთშს ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს; რადგანაც არამარტო მემრუშეთა, მსიძველთა და მსგავსი უწესოების მოქმედთა მიითვალავს გველი (ე. ი. სატანა – გ. გ.) თავის სამფლობელოში, არამედ მათაც, ვინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა – გაშავდეს, და რომელიც ეზიაროს ამპარტავანსა – მიემსგავსოს მას" (ზირ. 13:1) (ციტ. წმ. მამათა სწავლება... გვ. 45).

და ბოლოს: იმის ნიმუშად, თუ როგორი უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს როგორც სარწმუნოებრივი, ასევე – სამოქალაქო, უერთიერთობა არამართლმადიდებლებთან, მოგვაქვს ღირსი თეოდოსი მღვიმელის, XII საუკუნის მოღვაწე წმ. მამის, სულიერი ანდერძი სულიერი შვილისადმი, ფაქტიურად კი – მომავალი თაობების მიმართ და დაე, იგი ექმნას პატრიარქ ილია II-ს ქენჯნად მართლმადიდებლური სინდისისა, თუკი ამგვარი რამ, მისი ნასახი, ნატამალი, ჯერ კიდევ შერჩენია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაურს.

"უფალო მაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი ღმრთისმოყვარეო თავადო: მე, თეოდოსი, უღირსი მონა ყოვლადწმიდისა სამებისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, წმინდა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ვარ შობილი და კეთილსწავლულებით აღზრდილი მართლმადიდებელი მამისა და დედის მიერ... ერიდე, შვილო, მრუდე სარწმუნოების მქონეთა, და – მათს საუბრებს, რამეთუ ჩვენი ქვეყანაც აღივსო მათით. თუკი ვინმე იხსნის თვის სულს – მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ცხოვრებით, რამეთუ არა არს სხვა უკეთესი, ვიდრე – ჩვენი, სპეტაკი, წმინდა, მართლმადიდებლური. ამ სარწმუნოებაში ცხოვრებით არამარტო გათავისუფლდები ცოდვებისა და მარადიული სატანჯველისაგან, არამედ, აგრეთვე იქნები თანაზიარი სამარადისო ცხოვნებისა და დაუსრულებლად განიხარებ წმინდანებთან ერთად; ხოლო მცხოვრებნი სხვა სარწმუნოებათა შინა ვერ იხილავენ მარადიულ ცხოვნებას. უჯეროა, აგრეთვე, შვილო, უცხო სარწმუნოების ქება (მართლმადიდებელთა მხრიდან – გ. გ.) – ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, იგივეა, რომ თავისას გმობდეს; თუკი ვინმე აქებს როგორც თავისას, ასევე – სხვისასაც, იგი ორმორწმუნეა, ახლო მწვალებლობასთან.

ამრიგად, შვილო, ერიდე მათ და მუდამ მტკიცედ დეგი შენი სარწმუნოებისთვის. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ილტვოდე მათგან და იღვაწე შენს სარწმუნოებაში ქველი საქმეებით. ქმენი მოწყალება არაოდენ ერთმორწმუნეთა მიმართ, არამედ – უსჯულოთათვისაც. წარმართებისა და მწვალებლებისთვის ღმერთი ამ საუკუნეში ზრუნავს, მაგრამ მომავალში ისინი უცხო იქმნებიან მარადიულ სიკეთეთათვის; ხოლო ჩვენ, მცხოვრებნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, აქაც ვიღებთ ღმრთისაგან ყველა სიკეთეს და მომავალ, მარადიულ საუკუნეშიც გვიხსნის და გვაცხოვნებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

შვილო! თუკი მოგიწევს სიკვდილი შენი წმიდა სარწმუნოებისთვის, კადნიერად წადი სიკვდილზე – წმინდანებიც ასე კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის, აწ-კი ქრისტეში ცხოვრობენ; თუკი ნახავ, შვილო, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას – მეოხ-ექმენ მართლმადიდებელს. ამით შენ იხსნი ცხოვარს ლომის ხიხისგან; უკეთუ დაიდუმებ და შემწეობის გარეშე მიატოვებ, ეს იგივეა, რომ წარიტაცო ქრისტეს მიერ გამოხსნილი სული და მიჰყიდო სატანას. უკეთუ ვინმე არამართლმადიდებელთაგანი გეტყვის: "თქვენი და ჩვენი სარწმუნოება ორივე ღვთისაგან არის" – შენ, შვილო, მიუგე მას ასე: "მრუდედმორწმუნეო, ნუთუ შენ ღმერთსაც ორმორწმუნედ მიიჩნევ?! არა გსმენია, რას ამბობს წმ. წერილი: "ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლისღებაი" (ეფეს. 4:5); არ გეყურება პავლე მოციქულის, რომელიც შეგვაგონებს: "გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალატ. 1:8)...

უცხოდმორწმუნეთა უარყვეს სამოციქულო ქადაგება და მამათა წესდებულებანი და მიიღეს ცრუ და განხრწნილი სარწმუნოება, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი წარწყმედით – ამისთვის ჩვენ უარვყავით ისინი და ზურგი შევაქციეთ მატ. ისინი მკვდრები არიან და მკვდარ მსხვერპლს შესწირავენ, ხოლო ჩვენ ცოცხალ ღმერთს ვწირავთ ცოცხალ მსხვერპლს, წმინდას და უმანკოს, რათა ვპოვოთ მარადიული ცხოვნება უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ; მასვე დიდება, ამინ!" (ციტ. Иванов. "Православный мир и масонство; стр. 131, 132; Харбин, 1934 г.). (გაზ. "ივერიის გაბრწყინება" .... ).
წინამდებარე ნაშრომს განვასრულებთ რუის-ურბნისის წმ. საეკლესიო კრების სიტყვებით, რითაც მივესალმებით ჩვენს თანამოაზრე მართლმორწმუნე თანამემამულეთ და შევახსენებთ ღმერთის წინაშე დადებულ მამა-პაპისეულ აღთქმას, რომლის მიმდევრები შთამომავალნიც უნდა ვიყოთ:

"გარნა არათუ უბიწოებას ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა გამცემელ_ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ _ მოწამე არს ჭეშმარიტებაი"! (ძეგლისწერაი რუის_უბრნისის წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისა; დიდი სჯულისკანონი ძვ. ქართ. ენაზე; გვ. 549).

ამინ!

"ივერიის გაბრწყინება" 1995 წელი, 27 აპრილი.





* * * * * * *

ჩვენი შენიშვნა


ხსენებულმა სტატიამ ცხადია არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ოფიციალურ ეკლესიაში, განსაკუთრებით არ დაეთანხმნენ ავტორს იმაში, რომ პატრიარქი ილია II უხილავად განკვეთილია ეკლესიისიდან მისი მწვალებლური მოღვაწეობისთვის, რის გამოც გ. გაბაშვილმა მოიტანა დამატებითი მტკიცებულებანი:


"ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში", რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნია, კითხვაზე: "როგორ არის ეკლესია წმიდა, როდესაც მასში იმყოფებიან ცოდვილნიც?", - მიგებულია:

"ისინი, რომელნიც სცოდავენ, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულით თავს განიწმენდენ, ხელს არ უშლიან ეკლესიას იყოს წმიდა; ხოლო შეუნანებელი ცოდვილნი, ან საეკლესიო ხელისუფალების ხილული მოქმედებით, ანდა – ღმერთის სამსჯავროს უხილავი მოქმედებით, ვითარცა მკვდარი ასონი, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულისგან, და ამრიგად, ეკლესია, ამ მხრივაც წმიდა რჩება" (Пространный Христианский Катихизис Православныя Кафолическия Восточня Церкви, стр. 27, Берлин, 1924 г.). იხ. აგრეთვე: Православно-Догматическое Богословие Макария митрополита МосковскогоЮ т, 2, стр. 198; С.-Петербург, 1983).

როგორც ვხედავთ, შეუნანებელი ცოდვილნი ან საეკლესიო ხელისუფლების, ანდა ღმერთის უხილავი სამსჯავროს მიერ განიკვეთებიან. რას ნიშნავს "ღმერთის უხილავი სამსჯავრო"? ამ სახელქვეშ ხომ არ იგულისხმება ადამიანის გარდაცვალების შემდგომ მასზე აღსრულებული ე. წ. "კერძო სამსჯავრო", რომელიც ცოცხალთათვის უხილავია? – არამც და არამც! ამ საკითხზე ნათლის მოსაფენად მივმართოთ დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს, რომელშიც ვკითხულობთ: "... ხოლო, როდესაც ვამბობთ, რომ ერეტიკოსები და განხეთქილების მოქმედნი არ ეკუთვნიან ეკლესიას, ვგულისხმობთ არა იმათ, ვინც ერესსა და განხეთქილებას ფარულად მისდევენ, ცდილობენ რა თავი მოაჩვენონ ეკლესიის წევრებად და გარეგნულად საეკლესიო წესებს აღასრულებენ, ანდა გატაცებულნი არიან მწვალებლური და "რასკოლნიკური" ცდომილებებით ყოველგვარი ბოროტგანზრახულებისა და სიჯიუტის გარეშე – რამეთუ ნათელია, რომ მათ ხილული სახით თავი თვისი ჯერ არ ჩამოუცილებიათ მორწმუნეთა საზოგადოებისაგან და არც საეკლესიო ხელისუფლებისგან განდევნილან, თუმცა შესაძლოა უკვე განდევნილნი არიან ჩვენსა და მათგან დაფარული ღმერთის სამჯავროთი..." (Православно-Догматическое Богословие Макария митрополита Московского, т. 2, стр. 203; С.-Петербург, 1983 г.).

მაშასადამე, აქ ლაპარაკია არა ამასოფლიდან უკვე გასულ სულებზე, არამედ ცოცხალ ადამიანებზე, რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ხელისუფლებას ჯერ არ განუკვეთია ეკლესიისგან, შესაძლებელია უკვე განკვეთილი არიან ჩვენთვის და მათთვის უხილავი სამსჯავროთი ღმრთისა.

მართლაც, ორიგენე გარდაცვალებიდან დიი ხნის შემდეგ განკვეთა საეკლესიო ხელისუფლებამ, ისმის კითხვა: საკრებო განკვეთამდე, რა, იგი ღმრთის უხილავი სამსჯავროს მიერ განკვეთილი არ იყო?! თუ ღმერთი მის წვალებებს შეიწყნარებდა ეპისკოპოსთა გადაწყვეტილების მომლოდინე?! ამგვარი არასწორი კითხვები დაებადა მას, ვისაც უმართებულოდ ესმის სახარებისეული სწავლება იმის თაობაზე, რომ ეპისკოპოსებს შეკვრისა და გახსნის ნება აქვთ უფლისგან მიცემული. ეპისკოპოსთამიერი შეკვრაც და გახსნაც უფლის წინაშე ძალაშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის საღმრთო ნებას ეთანხმება, ანუ როდესაც ის ღმერთს სათნოუყოფია, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ იწყნარებს სულიწმიდა და მისი კარნახით – მთელი ეკლესიაც ე. წ. "ავაზაკთა კრებების" გადაწყვეტილებებს?! ისინი ხომ ხშირად კანონიერად ხელდასხმულ ეპისკოპოსებს მიუღიათ?!

ამრიგად, ეპისკოპოსთა კრების განაჩენი არის ადამიანთათვის უხილავი ღვთის სამსჯავროს ამქვეყნიური ხილული ბეჭედი, და როდესაც ხილული უხილავთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ იგი (ხილული) უკანონო ხდება!

მაგრამ უფალი ეკლესიაში იკონომიით მოქმედებს: ვთქვათ, სამღვდელო პირმა ჩაიდინა სასიკვდილო ცოდვა – მოკლა კაცი; საეკლესიო ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე სულიწმიდა არ წყვეტს ამ სასულიერო პირის მეშვეობით მღვდელმსახურებას, თუმცა უხილავად ცოდვილი უკვე განკანონებულია... ამას ღმერთი იქმს იმისათვის, რომ საეკლესიო ცხოვრება დაიცვას განუკითხაობისგან...

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დავუბრუნდეთ პატრიარქ ილია II-ს საკითხის განხილვას. მაშ ასე: "ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო" (ეს წიგნი დაწერა წმ. ფილარეტ მოსკოველმა. იგი განიხილა, მოიწონა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო სახელმძღვანელოდ აღიარა მთელმა მართლმადიდებლურმა აღმოსავლეთმა) გვასწავლის: "შეუნანებელი ცოდვილნი, ან საეკლესიო ხელისუფლების ხილული მოქმედებით, ანდა – ღმერთის სამსჯავროს უხილავი მოქმედებით, ვითარც მკვდარი ასონი, მოიკვეთებიან ეკლესიის სხეულისაგან...; მთელი პასუხისმგებლობით ვუცხადებ ჩემს კეთილმოსურნე ოპონენტებს: თუკი ეკუმენიზმში მონაწილეობა მათ ცოდვად მიაჩნიათ (და მე ვიცი, რომ მათ ასე სწამთ), მაშინ, ყველა ლოგიკით, პატრიარქი ილია II შეუნანებელი ცოდვილია, ვინაიდან ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ხარისხში და საპატრიარქოს საგარეო თანამდებობაზე ყოფნიდან მოყოლებული დღემდე, იგი ეკუმენურ მოძრაობაშია ჩაბმული. თავისი ეკუმენური "მოღვაწეობის" ზენიტში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ე.მ.ს.) ცკ-ს ერთ-ერთ პრეზიდენტად ყოფნისას, იგი თავად დადიოდა ეკუმენურ შეხვედრებზე, ხოლო ახლა, მისი ამ არჩევითი პოსტიდან გადარჩევის შემდგომ, ჯიუტად განაგრძობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შენარჩუნებას ე.მ.ს.-სა და სხვა ეკუმენურ ორგანიზაციებში, აგრეთვე რეგულარულად აგზავნის თავის წარმომადგენლებს ეკუმენურ ასამბლეებსა თუ კონფერენციებზე.

ჩემმა ოპონენტებმა კარგად უწყიან, რომ არაერთმა სასულიერო თუ საერო პირმა პატრიარქ ილია II-ს არაერთგზის მოუწოდა შეეწყვიტა თავისი ეკუმენისტური საქმიანობა; მათვე კარგად ახსოვთ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტებისა და პედაგოგთა ანტიეკუმენისტური საერთო კრებები, რაც პატრიარქმა ილია II-მ ფაქტიურად ჩაშალა საპატრიარქოში მათი გადატანით.

ჩემი ოპონენტები პირადად იცნობენ სასულიერო აკადემიის იმ ჯგუფის სტუდენტებს, რომელთაც პატრიარქს გაუგზავნეს წერილი ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლის მოწოდებით. რა ბედი ეწიათ მათ, ესეც კარგად მოეხსენებათ ჩემს ოპონენტებს... და ყოველივე ამის მერე ნუთუ ჩემი ოპონენტები თვლიან, რომ პატრიარქი ილია II პირწავარდნილი ეკუმენისტი არ არის?!..

თუკი შემეკამათება ოპონენტი და მეტყვის, რომ ეგებ პატრიარქი ილია II ყოველი ეკუმენისტური ცოდვის შემდეგ თავის მოძღვართან აღსარებას ამბობს და ამდენად სინანულით განიწმინდება, მოვახსენებ: დაკანონებული, საქმიანობის რანგში აყვანილი ცოდვა განისხვავდება პირადი, თუნდაც განმეორებადი, ცოდვისაგან. მაგალითად, უნებისყოფობისა და ხორციელი თავშეუკავებლობის გამო, შესაძლოა, სისტემატურად მრუშობდეს, მაგრამ თუკი იგი ყოველი დაცემის შემდგომ გულწრფელი სინანულის ცრემლით განიბანება, ღმერთი უტოვებს მას ეკლესიის წევრად ყოფნის სასოებას; სხვაა, თუ იგი საროსკიპოს ზედამხედველადაც მუშაობს – სულაც რომ არ მრუშობდეს, ის ეკლესიიდან მოკვეთილია თავისი პროფესიის – სუტენიორობის გამო.

მსგავსად ამისა: შესაძლოა, რომ ეკლესიის წევრი იყოს ის სულმოკლე ადამიანი, ვისაც მკითხავთან სიარული ვერ მოუსლია, მაგრამ მკითხავი ეკლესიის წევრი ვერ გახდება მანამდე, სანამ თავის ხელობაზე უარს არ იტყვის; იგივე ითქმის ნარკომანსა და ნარკოტიკებით მოვაჭრეზე და ა. შ.

ზემოთ ვახსენეთ ძირითადად პიროვნულ-ხორციელი ცოდვები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვათა სორის უმძიმესნი სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეცოდებანია. ასეთია ეკუმენიზმიც – იგი მიმართულია სარწმუნოების სიმბოლოს მე-9 წევრის – ეკლესიის შესახებ დოგმატისა და საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზმის წინააღმდეგ. და რაოდენ სავალალოა, როდესაც სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მომართულ ცოდვებს სასულიერო პირი სჩადის.

სანამ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად ირიცხება ეკუმენურ ორგანიზაციებში და პატრიარქის წარგზავნილები მონაწილეობენ ეკუმენურ შაბაშებში, პატრიარქი ილია II ღმერთის წინაშე ყველა შემთხვევაში შეუნანებელ ეკუმენისტად წარმოსდგება (განურჩევლად იმისა, ენთუზიაზმით მონაწილეობს ეკუმენიზმში, თუ უხალისოდ) და მანამდე დარჩება შეუნანებელ ცოდვილის სულიერად მკვდარ მდგომარეობაში, სანამ საჯაროდ არ დაგმობს ამ თავის საზოგადო ცოდვას და არ დასტოვებს ეკუმენურ ორგანიზაციებს!" (გ. გაბაშვილი. "არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს" (მათ. 10:26). "ივერიის გაბრწყინება" 1995 წ., 17-27 აგვისტო, გვ.4,5).




* * * * * * * *

ამრიგად, გ. გაბაშვილისა და "ივერიის გაბრწყინების" დასკვნით, ილია II სულიერი "ღვაწლი" (თუნდაც საქართველოს, ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის ფორმალურ გამოსვლამდე ემს-დან) შეფასებულია უარყოფითად. ილია II-ს წარსული საქმიანობა აშკარად მწვალებლურია, ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოების საწინააღმდეგოა.

აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეკუმენიზმის მწვალებლობაში გაბატონებული ეკლესიის ყოფნა მარტო პატრიარქის "დამსახურება" არ გახლავთ. მართალია ის უმთავრესი მოქმედი პირია ამ ვითარებაში, როგორც "ივერიის გაბრწყინების" მთელი რედკოლეგია აღიარებს, მაგრამ ეკუმენისტური იდეების დანერგვა-განვითარებაში არანაკლები როლი მიუძღვის დანარჩენ სამღვდელოებასაც.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.მ.ს.-ში გაწევრიანდა 1962 წელს. ამ თარიღიდან იწყება ჩვენში ეკუმენური მოძრაობის ისტორიის ათვლა. უნდა ითქვს, რომ ილია II-ის ინტრონიზაციამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში ეკუმენიზმის მდინარე საკმაოდ მდორედ მიედინებოდა, მაგრამ ახალმა პატრიარქმა მას ახალი ძალა და მჩქეფარება შთაბერა... ეკუმენიზმში კიდევ უფრო აქტიურ ჩაბმას, სულიერ პლანში უკვე საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა – ეპისკოპოსებისა და მღვდლების დიდი ნაწილი თითქსოდა ერთმანეთს ეჯიბრებოდა საეკლესიო კანონების დარღვევაში და ამ არაღმრთისსათნო საქმეში პატრიარქი მათ "პირველ ხმას" აძლევდა. – ილია II აწყობს ევროპასა და ამერიკაში ვოიაჟებს, რომლის დროსაც "დიდ სჯულისკანონს" – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების კოდექსს ფეხქვეშ თელავს, რითაც ცდილობს თავი მოაწონოს ევროამერიკელ ეკუმენისტებს" ("ივერიის გაბრწყინება" #17 1997 წ.).

შიომღვიმის მონასტრის მიერ მიწერილ წერილში პატრიარქ ილია II-სადმი, როდესაც მათ გაწყვიტეს ევქარისტული კავშირი ილია II-სთან პუნქტებად ჩამოყალიბებულ მათ პრეტენზიებში, ოფიციალურ სამღვდელოებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: "ნაწილი იერარქებისა საბჭოდან (ე.მ.ს.-დან – ეპ. პ.) გამოსვლას მსოფლიო ინტეგრაციული პროცესის წინააღმდეგ წასვლად მიიჩნევს. ისინი ეკლესიის წევრებს აშინებენ ეკონომიკური სიდუხჭირით, პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული იზოლაციით და ათასი სხვა საშინელებით. ეს ადამიანები ასე იმიტომ აზროვნებენ, რომ ეჭვი ეპარებათ თვით მაღალი ღმერთის არსებობაში, რომლის ნების გარეშე დედამიწაზე არაფერი ხდება და არ უწყიან, რომ ჭეშმარიტების სიწმიდის დასაცავად თავდადებულ ერს ღმერთი არ გაწირავს!

მეორე ნაწილი იერარქებისაა, რომლებსაც არა აქვთ ჭეშმარიტი რელიგიური განცდა, არა აქვთ სურვილი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატების გააზრებისა, ფიქრობს, რომ ეკუმენისტური საბჭოს წევრობა დიდი ცოდვა არ არის – ასეთები სხვადასხვა კომპრომისებით ცდილობენ მოატყუონ ღმერთი და საკუთარი თავი" (იქვე. გვ. 3).



 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика