ამა წლის 26 სექტემბერს ყოველკვირეულ გაზეთში "გალაქტიონი" დაიბეჭდა ჟურნალისტ ნინო საბაშვილის სტატია ""მადლი" 20 წლისაა", რომელიც ეხება საპატრიარქოს ამ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს ერთ ერთ დამაარსებელს, ქ-ნ გვანცა კოპლატაძეს. ამ სტატიაში გამოქვეყნებულია ინტერვიუ თვით ქ-ნ გ. კოპლატაძესთან, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს "მადლის" დაარსების ისტორიას და სასხვათაშორისოდ "სტაროვერებსაც" ახსენებს, ცხადია, საპატრიარქოს ადეპტებისთვის დამახასიათებელ კონტექსტში.
გვანცა კოპლატაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
(საქართველოს საპატრიარქო)
ქ-ნი კოპლატაძე მკითხველს აცნობებს, რომ 20 წლის უკან (ე. ი. 1990 წ.), როდესაც გაზეთი "მადლი" დაარსდა, "პრესა მოზღვავებული და განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო. ერთი კვირის შემდეგ ("მადლის" დაარსებიდან - ადმ.) გამოვიდა სექტანტური გაზეთი - "აღდეგინ ღმერთი", რომელიც "სტაროვერებს" ეკუთვნოდათ. იყო საშიშროება, რომ ამდენ ჟურნალ-გაზეთში "მადლი" ჩაიკარგებოდა".
გვაცნობს რა საპატრიარქოს გაზეთ "მადლის" დაარსების ისტორიას ქ-ნ გვანცა გვიყვება თუ რა "განსაცდელები" გადახდენია თავს ამ გაზეთს: "ჩვენი გაზეთის მეშვეობით საზოგადოებას ვუხსნიდით, ვასწავლიდით, თუ რა იყო სწორი, რომ არ შემცდარიყო და არასწორ გზას არ დასდგომოდა... - წერს ქ-ნი კოპლატაძე, - მიუხედავად ამისა, "მადლს" წლების განმავლობაში მტრობა არ მოჰკლებია". თურმე "გაზეთი ხშირად ჯიხურებში არ მიდიოდა, თუ მიდიოდა გამყიდველები გამოსაჩენ ადგილას არ დებდნენ..." ზოგჯერ დასაბეჭდი ფურცელიც არ გვქონდაო და პროდუქტების შესახვევ ქაღალდზე ვბეჭდავდითო ნომერს. მაგრამ მიუხედავად ამისა, "გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა" (გაზ. "გალაქტიონი". 26 სექტემბერი. კვირა. გვ. 4).
მაგრამ, ყველაზე დიდი უბედურება, რაც საპატრიარქოს "მადლს" შემთხვევია ყოფილა ის, რომ გამყიდველები მას არა თუ "გამოსაჩენ ადგილას არ დებდნენ", არამედ ჰოი, საშინელებავ, "სტაროვერების გაზეთთან ერთად ყიდდნენ" და მეტიც, თურმე "შიგნით დებდნენ, როგორც "მადლის" დამატებას"" (იქვე).
რისი თქმა უნდა ყოველივე ამით ქ-ნ კოპლატაძეს? დავიწყებთ იქიდან, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლები ჩვენც კარგად გვახსოვს. ეს იყო "პერესტროიკის", საბჭოთა კავშირის რღვევისა და საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლები. მაშინ ქართულ პრესაში პირველად გამოჩნდა ერთეული, რელიგიურ-საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთები. მაგრამ, ჯერ ერთი, "პრესის ისეთი მოზღვავება", რომ მასში საპატრიარქოს "მადლი" ჩაკარგულიყო, ნამდვილად არ გვახსოვს და მეორეც, საპატრიარქოს "მადლი" ყოველთვის იდო გამოსაჩენ ადგილებზე. თანაც, არასოდეს გვინახავს, რომ ძველმართლმადიდებელთა გაზეთი საპატრიარქოს გამოცმებში ჩაედოთ, პირიქით, ძველმართლმადიდებელთა ბეჭდვითი წყარო, მეორე ნომრის გამოცემის შემდეგ, საერთოდ აკრძალეს. ამიტომაც, ვფიქრობთ, ქ-ნი კოპლატაძე ფერებს განზრახ ამუქებს.
გაუგებარია აგრეთვე, რატომ უკავშირებს ქ-ნ გ. კოპლატაძე "პრესის მოზღვავებას", საპატრიარქოს "მადლის" გამოცემას და ძველმოწესეთა გაზეთის გამოშვებას ერთმანეთთან. საპატრიარქოს "მადლის" გამოცემა არ ყოფილა განპირობებული "სტაროვერების" გაზეთის გამოცემით (გ. კოპლატაძის აღიარებითვე, ის "მადლის" გამოცემის შემდეგ გამოვიდა). არც "პრესის მოზღვავება" უნდა ყოფილიყო საპატრიარქოს "მადლის" გამოცემის მიზეზი. მაშ რაშია საქმე? რისი თქმა სურს ქ-ნ კოპლატაძეს? რა კავშირშია ეს სამი მომენტი ერთმანეთთან და რა ლოგიკა აქვს მის ამ განცხადებას?
ძნელია დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება, მაგრამ, "სტაროვერების" აქ მოხსენიება, როგორც ეს გ. კოპლატაძისნაირ პიროვნებებს ახასიათებთ, დაუოკებელი, ანტისტაროვერული ისტერიით უნდა იყოს განპირობებული; იმით, რომ როგორმე კიდევ ერთხელ ჩირქი მოსცხონ ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ, რომლის გულისთვის არც ლოგიკას დაგიდევენ და არც ისტორიულ ფაქტებს.
მთავარი, ძვირფასო მკითხველო, აქ არც "პრესის მოზღვავებაა" და არც ის, რომ ერთ გაზეთს (თუნდაც სტაროვერებისას) შეეძლო დაეფარა საპატრიარქოს "მადლი" (განა სასაცილო არ არის ამის მტკიცება?), მთავარი აქ ისაა, რომ საერთო კონტექსტში, საპატრიარქოს გაზეთის თავს გადახდენილი ცუდი ამბები, თუ ფაქტობრივად არა, ქვეცნობიერად მაინც დაუკავშირდეს "სტაროვერებს". ქ-მა კოპლატაძემ, კიდევ ერთხელ ხომ უნდა შეახსენოს მკითხველს "სტაროვერების" "სექტანტობა"?! აი, რატომ დასჭირდა მას "სტაროვერების" გაზეთის ("აღდეგინ ღმერთი") გახსენება, რომელიც დღეს თითქმის აღარავის ახსოვს.
რაც შეეხება ძველმართლმადიდებელთა შერაცხვას "სექტანტებად", ამგვარი ქმედება ქალბატონ გვანცას სინდისის ქენჯნას სულაც არ უღვიძებს. საპატრიარქოს აპოლოგეტ ქალბატონს ან საღვთისმეტყველო განათლება არ გააჩნია და ძველმართლმადიდებელთა ეკლესიასთან ტერმინ "სექტის" შეუსაბამობა ვერ გაურკვევია, ან კიდევ სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად, დემაგოგიისა და აგიტაციის ბილწი კანონების დაცვით, ძველმართლმადიდებელთა კომპრომეტირებას ესწრაფვის საზოგადოების თვალში.
საგულისხმოა, რომ ქ-ნ გვანცა კოპლატაძეს, რომელიც ასეა შეშფოთებული ძველმართლმადიდებელთა არსებობით, სულაც არ აწუხებს კორუფცია, რომელიც საპატრიარქოში ჰყვავის; არც ის აწუხებს, მისი ეკლესია რუსეთის აგენტებით, მამათმავლებით და ნარკომანი მღვდლებით რომ არის სავსე და ამგვარი "მღვდელმსახურები" ათასობით მორწმუნე ადამიანის სულებს წამლავენ, მართლმადიდებლობას აძულებენ და მით სექტანტობას ამრავლებენ; სულაც არ აწუხებს მას ნამდვილი სექტანტების მომრავლება საქართველოში, რომლებთანაც მისი საპატრიარქო საკმაოდ მეგობრულ ურთიერთობაშია და ზოგიერთთან თანამშრომლობს კიდეც, ატარებს პრეს-კონფერენციებს და ერთობლივად წიგნებსაც კი გამოსცემს (მაგ. ბაპტისტების ლიდერ მალხაზ სონღულაშვილთან ერთად გამოსცა ბიბლია თანამედროვე ქართულ ენაზე, რომელიც, სხვათა შორის, მალხაზ სონღულაშვილმა, საპატრიარქოსგან განსხვავებით, თავის მრევლს უფასოდ დაურიგა). მეტიც, იქნებ გაიხსენოს ქ-ნმა კოპლატაძემ, როგორ პოპულარიზაციას უწევდა საპატრიარქო ბაპტისტების მიერ გადაღებულ ფილმ "იესოს"; და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...
აი, თუნდაც შემთხვევა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქ-ნ გვანცა კოპლატაძეს არა თუ არ აწუხებს ეს ყოველივე, არამედ აშკარად ანტიმართლმადიდებლურ გამოცემებსაც კი ავრცელებს. მაგალითად, საქართველოს ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს მაღაზიებში შელოცვების წიგნის გამოჩენით შეშფოთებული ქრისტეანები წერენ:
"კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გასასვლელში განთავსებულ საპატრიარქოს მაღაზიაში იყიდება კარლო ბუაჩიძის წიგნი – „მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები“. წიგნი გამოცემულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2001 წელს, მისი რედაქტორები არიან ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ქალბატონი გვანცა კოპლატაძე და სხვები. წიგნის მეორე გვერდზე წერია, რომ იგი დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ხსენებულ წიგნში დაბეჭდილია მაგიური შელოცვები და წარმართული წეს-ჩვეულებები.
სრულიად გაუგებარია, თუ როგორ მოხდა, რომ საპატრიარქოს გამომცემლობისა და ეკლესიის მწყემსის კურთხევითა და ხელშეწყობით დაიბეჭდა და გავრცელდა მაგიური შელოცვები, წყევლა-კრულვა, რომელსაც რაც არ უნდა დაარქვა – ხალხური სიტყვიერება, ფოლკლორი თუ მავნებლების შელოცვა – მაინც ბოროტი ძალის გამოვლინებად და მის იარაღად რჩება. არადა წიგნში ერთი სიტყვაც არ არის თქმული იმის შესახებ, რომ ქრისტიანისათვის დაუშვებელია შელოცვების წარმოთქმა და წარმართულ რიტუალში მონაწილეობა. მკითხველებმა, საპატრიარქოსა და ეკლესიის მღვდელმთავართა ავტორიტეტს მინდობილებმა, ამ შელოცვების პრაქტიკაში გამოყენება რომ დაიწყონ, ხომ ბოროტი ძალის ხელში აღმოჩნდებიან?"
სტატიის ავტორები სვამენ ლოგიკურ კითხვებს: "ნუთუ საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსები უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და მეტიც, ხელს უწყობენ მაგიური შელოცვების, წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელებას?"
ან "უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ამ წერილის გამოქვეყნებამდე აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგვეყენებინა საქართველოს საპატრიარქო?" და განმარტებას თვითონვე გვაძლევენ:
"მართებული მოსაზრებაა, ჩვენ ასეც მოვიქეცით – ხსენებულ წიგნთან დაკავშირებით მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს პრესცენტრს რამდენიმეჯერ მიმართეს და მასში არსებული მაგიური შინაარსის შელოცვებისა და სხვა მიუღებელი ტექსტების შესახებ აუწყეს. პრესცენტრი წიგნს გაეცნო და მისი გაყიდვა დაუშვებლად მიიჩნია, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოყოლია – ქალბატონი გვანცა კოპლატაძე კვლავ განაგრძობს წიგნის რეალიზაციას..." (თეა პაიჭაძე. რა უნდა შელოცვების წიგნს საპატრიარქოს მაღაზიაში?! http://www.religia.ge/news6.html).
მაგრამ, მოდი, ისევ საპატრიარქოს გაზეთ "მადლსა" და ძველმართლმადიდებელთა "აღდეგინ ღმერთს" დავუბრუნდეთ.
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და უნდა შევახსენოთ ქ-ნ გვანცას, რომ "აღდეგინ ღმერთი" ერთი კვირის შემდეგ კი არა, "მადლის" გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. პირველი ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ძველმართლმადიდებლებმა გამოსცეს იყო არა "აღდეგინ ღმერთი", არამედ "ღვთიური გზა", რომლის მესამე ნომერი, სხვათა შორის, საპატრიარქოს დიდი ზეგავლენით, სრულიად აიკრძალა და ის, თბილისიდან მოშორებით, ერთ-ერთი რაიონის ადგილობრივ სტამბაში დაბეჭდეს, რადგან თბილისში, ისევ საპატრიარქოს ზეგავლენით, ძველმორწმუნეთა გაზეთებს უკვე აღარ ბეჭდავდნენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოგვიანებით, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში დაარსდა გაზეთი "მართლმადიდებელი", რომლის გამომცემელმა და რედაქტორმა ხელშეკრულება დადეს პრესის გამავრცელებელ საზოგადოება "მაცნესთან", რათა ეს გამოცემა "მაცნეს" ჯიხურებში გავრცელებულიყო. გაზეთის გამოცემიდან ერთი თვის თავზე "მაცნეს" დირექტორს დაურეკეს და "მართლმადიდებლის" გავრცელება კატეგორიულად აუკრძალეს.
ასე, რომ ძალიან ვთხოვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის თვით გ. კოპლატაძეს, თავს ნუ მოისაწყლებენ და უწყინარი კრავებისა თუ "დაჩაგრულების" როლს ნუ მოირგებენ!
მათ თავზე გადასდით მატერიალური კეთილდღეობა, გამოსცემდნენ და გამოსცემენ უამრავ ჟურნალ-გაზეთს, აქვთ უამრავი ინტერნეტ-საიტი, გააჩნიათ ტელევიზია და რადიო, ეხმარებათ მთავრობა, ურიცხავენ მილიონობით ლარებს, აძლევენ მიწებს, ტაძრებს აშენებენ იქ, სადაც მოეპრიანებათ: სასაფლაოებზე, კორპუსებს შუა, ბაზრისა და მეტროს ტერიტორიებზე და პირდაპირ შუა ტრასაზეც კი (ანუ ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხი ირევა და ბლომად ფული კეთდება), და ასეა ეს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროიდან დღემდე... ამიტომაც, უნდა იქონიონ სინდის-ნამუსი, ნუ ღვრიან ნიანგის ცრემლებს და თავზე მოწამეების გვირგვინებს ნუ იდგამენ... არცერთ მათგანს არასდროს ულოცია და უმსახურია ისეთ მძიმე პირობებში, ძველმოწესეები რომ ცხოვრობენ და ლოცულობენ; რომელთა სიდუხჭირეში მათაც მიუძღვით წვლილი, როგორც ძველმორწმუნეთა იდეოლოგიურ და ადმინისტრაციულ მდევნელთ... (გაიხსენეთ თუნდაც ყოფილი მღვდელ-დეპუტატის, არჩილ მინდიაშვილისა და ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მუქარები საქართველოდან ძველმოწესეთა გაძევების თაობაზე; გაიხსენეთ იარაღის მუქარით როგორ აუკრძალეს მათ ტაძრის მშენებლობა; გაიხსენეთ ოფიციალურ სამთავრობო და საპატრიარქოს ბეჭდვით გამოცემებში ანტისტაროვერული ისტერია, რომელიც, დღემდე გრძელდება და ა. შ.).
საპატრიარქოს მეხოტბეები გ. კოპლატაძის შესახებ წერენ, რომ ის არის "უნიჭიერესი და ფუტკარივით მშრომელი ქალბატონი", "კეთილშობილების, უბრალოების, შრომისმოყვარეობის და პრინციპულობის მაგალითი"; რომ ქ-ნი კოპლატაძე არის "ქრისტეანულად მორიდებული და უპრეტენზიო..." (სპარტაკ ქობულია. გვანცა კოპლატაძის ღვაწლი რწმენის, სასოებისა და სიყვარულის გადასარჩენად. http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=6514). როგორ შეეფარდება ასეთი დახასიათება სინამდვილეს, მკითხველმა თუნდაც ზემოთმოტანილი ფაქტებიდან განსაჯოს...