წერილები - კვაჭიკო ეპისკოპოსის მორიგი ხრიკები - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

"კვაჭიკო-ეპისკოპოსის" მორიგი ხრიკები

Kvachko episkoposi Antipa Sxuluxia

ბელოკრინიცელთა "ეპისკოპოსი" ანტიპა (სხულუხია)

ა/წ-ის 18 ნოემბერს, საქართველოში მოქმედი ე. წ. "რუსეთის ძველმოწესე მართლმადიდებელთა ბელოკრინიცული იერარქიის ზუგდიდის ეპარქიის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა "ეპისკოპოს" ანტიპას მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბ- ბიძინა ივანიშვილისადმი, სადაც მიმართვის ავტორი პრემიერ-მინისტრს სთავაზობს, რომ აიღებს შუამავლის ფუნქციას აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში და სთხოვს მას პროტექცია გაუწიოს რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური ეკლესიების საპატრიარქოებში.

"ეპისკოპოსი" ანტიპა წერს (სტილი დაცულია - არქიეპ. პ.): "ვინაიდან
აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის მუდმივად მოქმედი ეპისკოპოსი, აფხაზეთის მღვდელმსახურნი ცდილობენ დაამყარონ კონტაქტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-თან, რომლის კათედრა მდებარეობს კონსტანტინოპოლში - ამჟამინდელ სტამბულში. რამოდენიმე შეხვედრა უკვე შედგა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საეკლესიო კანონების თანახმად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს (მს) არ აქვს უფლება დააყენოს ეპისკოპოსი აფხაზეთზე, ვინაიდან აფხაზეთი იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს (სს) ამოფორის ქვეშ. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ საეკლესიო წესთა უგულებელყოფის შემთხვევაში კი, საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია აღიაროს კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რაც მს- დიდ ზიანს მიაყენებს. მეორეს მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს, საეკლესიო კანონთა თანახმად, არ შეუძლია იმოქმედოს აფხაზეთში, რადგან აფხაზეთის მთავრობა და სამღვდელოება, აქვთ რა საკუთარი მოსაზრებები, რომელთა განხილვა ახლა შორს წაგვიყვანს, არ აღიარებენ სს- გადამრჩენად.

დღესდღეობით
, ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე, სს- არ შეუძლია აფხაზეთის სულიერი მწყემსვა მისი მთავრობისა და სამღვდელოების წინააღმდეგობის გამო, ხოლო მს-, თავის მხრივ, არ ძალუძს ეს საეკლესიო კანონთა დარღვევის გარეშე".

ამ ვითარებიდან გამომდინარე, ბელოკრინიცელი "ეპისკოპოსი" ანტიპა აფხაზეთში პრობლემის მოგვარების გზად იქ ბელოკრინიცული იერარქიის დაფუძნებას სახავს (მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს არასოდეს გამოუთქვამთ სურვილი გამხდარიყვნენ ბელოკრინიცელი ძველმოწესეები), რომელსაც, ცხადია, თვით "ეპისკოპოსი" ანტიპა უნდა ჩაუდგეს სათავეში.

ამ საკითხის მოსაკვარახჭინებლად ოცნებებში წასული ბ-ნი ანტიპა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს უშუამდგომლოს მას (ანუ ანტიპას) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილესთან და წერს: "მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ, მის უწმინდესობა კირილესთან თქვენი ახლო ურთიერთობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, პატრიარქი კირილე თქვენი თხოვნის საფუძველზე მიიღებს ივერიის ძველმართლმადიდებელი ეკლესიის სათვისტომოს დელეგაციას ჩემი მეთაურობით, რათა ურთიერთმისაღებ პირობებზე, თბილისის საპატრიარქოს ინტერესების დაცვით, მოვაგვაროთ აფხაზეთის სულიერი მწყემსვის საკითხი".

მოკლედ, სარგებლობს რა აფხაზეთში შექმნილი სიტუაციით, ბელოკრინიცელი "ეპისკოპოსი" ანტიპა, აფხაზების დაუკითხავად და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოყენებით, ცდილობს საკუთარი გავლენის გავრცელებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ "ყამირის" ათვისებას თავის სასარგებლოდ.

"ეპისკოპოს" ანტიპას გეგმა მგომარეობს შემდეგში: "პატრიარქი კირილე, - წერს ბ-ნი ანტიპა, - აღიარებს იმ იერარქიას, რომლის წევრი გახლავართ მე, მრავალცოდვილი, და იმყოფება მეგობრულ დამოკიდებულებაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ძველმართლმადიდებელი (იგულისხმეთ ე. წ. ბელოკრინიცული იერარქია - არქიეპ. პ.) ეკლესიის კათედრის წინამძღვართან, მის უდიდებულესობა მიტროპოლიტ კორნილისთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პატრიარქი კირილე არ იქნება წინააღმდეგი სულიერი მუშაობა აფხაზეთში მე განვახორციელო
(რაც მეტად საეჭვოა, რადგან "მეგობრული" ურთიერთობა ძველმოწესე მიტროპოლიტ კირილესთან ძველმოწესეობის ამ ფრთის შემოერთების შორსმიმავალ გეგმებს ისახავს - არქიეპ. პ.). მითუმეტეს, რომ აქვს რა მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი იერარქიის წარმომადგენელთან მოსკოვში, ის შეძლებს  საკუთარი ინტერესების დაცვასაც (? - არქიეპ. პ.), ხოლო აფხაზეთის სულიერ მწყემსვაში ჩვენი ჩარევით კი საეკლესიო კანონები არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გვქონდეს რუსეთის ფედერაციის (რფ) მთავრობასთან რს-ს მხარდაჭერის იმედი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ აფხაზეთის მთავრობამაც და სამღვდელოებამაც მიიღოს ჩემი კანდიდატურა მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად აფხაზეთის მოსახლეობასთან სულიერი სამუშაოს ჩატარებისათვის. ყოველივე ეს შეაჩერებს მღვდელმსახურთა შორის არსებულ იმ აქტივისტებსაც, რომელნიც ეპისკოპოსს აფხაზეთისათვის სტამბულში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-თან  ეძიებენ".

მაგრამ, ბ-ნ ანტიპას გეგმით მარტოდენ პატრ. კირილეს დათანხმება ანტიპას მიერ შემუშავებულ გეგმაზე საკმარისი არ არის, საჭიროა ამავე პროექტში ჩართულ იქნას საქართველოს ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოც. ეს პროცესი ბ-ნ ანტიპას ასე წარმოუდგენია: "თქვენი ავტორიტეტის ზეგავლენა, ბ-ნო ბიძინა, აუცილებელია თბილისის საპატრიარქოშიც. თუ ინიციატივა გამომდინარე იქნება თქვენგან, სს-ს წარმომადგენლები ზემოთაღნიშნული საკითხების განსახილველად ჩვენთან შეხვედრაზე უარს არ იტყვიან. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ სს-ს, თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და დაიკავებენ პოზიციას, რომელსაც ჩვენ იერარქიასთან დაკავშირებით ემხრობა როგორც რუსეთის და რუმინეთის საპატრიარქოები, ასევე მთელი მართლმადიდებლური სამყარო.  ამით მოგვეცემა საშუალება წინ წავწიოთ როგორც აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები, ასევე შემდგომ სამხრეთ ოსეთისაც. ჩვენსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის საერთო, პირველ რიგში, ჩვენი მამულის - ივერიის - საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს. სს-ს არც ახლა, და არც უახლოეს ხანში არ აქვს შესაძლებლობა სულიერად მწყემსოს აფხაზეთი და სამხ. ოსეთი. ჩვენი ძველმართლმადიდებელი იერარქია არსებულ ვითარებაში სარგებლობს უპირატესობით სწორედ იმიტომ, რომ არ იმყოფება საქართველოს საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ.  გასათვალისწინებელია, რომ ძველმართლმადიდებელი იერარქია, რუსეთშიც და სხვა სახელმწიფოებშიც, არ იმყოფება საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს იმყოფებოდნენ მეგობრულ უერთიერთობაში და ერთობლივად დაიცვან საკუთარი სამშობლოს ინტერესები, რა თქმა უნდა, საეკლესიო კანონთა ფარგლებში. თუ აფხაზეთის მღვდელმსახურნი მოახერხებენ მსოფლიო პატრიარქის ომოფორის ქვეშ შესვლას, ეს არ იქნება სიკეთის მომტანი არც აფხაზეთის ხალხისათვის, და არც ივერიისა და რუსეთისათვის".

ამავე გეგმის ნაწილს მოიცავს ოთხი ქალაქის დაძმობილების გეგმა, რომელიც ბ-ნ ანტიპა სხულუხიას აზრით "ბევრად გაუმჯობესდება ურთიერთობა როგორც ქვეყნებს, ასევე ამ ქალაქების მოსახლეობებს შორისაც". ეს ქალაქებია: "ზუგდიდი (საქართველო), სადაც განისვენებს ღვთისმშბლის კვართი, ახალი ათონი (აფხაზეთი), სადაც განისვენებს ცხედარი წმ. მოციქული სიმონ კანანელისა, ბრაილა (რუმინეთი), რომელიც მოიცავს ვრცელ ზონებს ევროპასა და რუსეთში ეკონომიკური პროექტების სასიკეთო განხორციელებისათვის, უგლიჩი (იაროსლავის ოლქი, რუსეთი), რომელიც შედის რუსეთის უძველეს ქალაქთა ოქროს წრეში და უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით" (იქვე).

როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია!..

ბელოკრინიცელ ძველმოწესეთა იურისდიქციაში მყოფი ზუგდიდელი "ეპისკოპოსის" "სამშვიდობო" გეგმა, რომელიც თავისთავად მრავალ შეუსაბამობას შეიცავს და გახლავთ ოდენ ღიმილის გამომწვევი რელიგიურ-პოლიტიკური კარიკატურა, ჩვენი ყურადღებისა და მსჯელობის საგანი არ გახდებოდა რომ არა ერთი გარემოება: ბ-ნი ანტიპა თავისი გეგმისა თუ ჩანაფიქრის თავდაპირველ ავტორად სახავს აწ გარდაცვლილ მწერალსა და პოეტს, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის შვილს, ბ-ნ ზურაბ ნარმანიას. ამ კუთხით (და არა მარტო ამ კუთხით), "ეპისკოპოს" ანტიპას წერილი შეიცავს უდიდეს ავანტიურას, რომელშიც ის ცდილობს გასვაროს ჩვენთვის ძვირფასი და უკვე გარდაცვლილი ადამიანის სახელი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ "ეპისკოპოსმა" ანტიპამ ჯერ სრულიად უცერემონიოდ მიისაკუთრა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წოდება, რომლის გამოც ერთხელ უკვე მოვთხოვეთ განემარტა თავისი ამგვარი ქმედების აზრი, თუმცა უშედეგოდ, - ბ-ნმა ანტიპამ სრული დუმილით ჩაუარა ჩვენს მიმართვას, რომელიც გაეგზავნა მას როგორც თავის ოფიციალურ საიტზე, ასევე საკუთარ გვერდზე ფეისბუკში. იგივე მიმართვა გამოქვეყნდა ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ საიტზეც www.oldorthodox.ge (იხ. სტ. "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოს პავლეს მიმართვა . . ბელოკრინიცელი ეპისკოპოსის ანტიპასადმი" (2012 წლის 7 აპრილი)). ამჯერად კი მან გადაწყვიტა გამოეყენებინა იმ ადამიანის სახელი, ვინც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებასთან და მის სათავეებთან.

ბ-ნ ანტიპა სხულუხიას მტკიცებით: "აფხაზეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების მცდელობა 1991 წ.-დან ჰქონდა ჟურნალ „ცისკარის“ რედაქტორის მოადგილეს, აწ განსვენებულ, ბ-ნ ზურაბ ნარმანიას, რომელიც ამისათვის საეკლესიო კანონთა შესწავლასაც კი შეუდგა. ბ-ნმა ზურაბმა შემოიკრიბა თანამოაზრენი, მათ შორის მეც, მრავალცოდვილი, და დავიწყეთ კვლევა გზათა აფხაზეთის ხალხთან ჩვენი ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად. ამ ძიებამ გამოააშკარავა ივერიაში ძველი საეკლესიო ღვთისმოსაობის აღდგენის აუცილებლობა და შემდგომ მოღვაწეობა უკვე ამ მიმართულებით განვაგრძეთ. ვცდილობდით გავერთიანებულიყავით ძველმართლმადიდებელი ტრადიციის მქონე იმ იერარქიასთან, რომელსაც აღიარებენ გადამრჩენად რუსეთში და ევროკავშირის ქვეყნებშიც. აი, უკვე 18 წელია ვიმყოფები ამ იერარქიის შემადგენლობაში და აქედან 12 წელი მღვდელმსახურის წოდებაში. 2005 წ. აღვიკვეცე ბერად და მას შემდეგ დაყენებული ვარ ძველმართლმადიდებელი იერარქიის არქიელად ივერიაზე (საქართველოზე). ამომწურავი ინფორმაცია ჩემი რუმინეთში ხელთდასხმის და საერთოდ, ივერიის (საქართველოს) ძველმართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ოფიციალურ საიტზე: http://realorthodoxy.ge/" .

მაგრამ, "ეპისკოპოსი" ანტიპა, იგივე ჯამბულ სხულუხია შეგნებულად გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ საქართველოში ძველი ღვთისმოსაობის აღდგენის (ანუ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების) პროცესში ბ-ნი ზურაბისა და ბ-ნი ჯამბულ სხულუხიას გზები გაიყარა. ის შეგნებულად დუმს იმ ფაქტზე, რომ საეკლესიო ღვთისმოსაობის აღდგენის ძიებაში ბ-ნმა ზურაბმა უარჰყო ე. წ. "ბელოკრინიცული იერარქია", რომლის წიაღში აგერ უკვე 18 წელია იმყოფება ბ-ნი ჯამბული, და ამჯობინა რუს ძველმართლმადიდებელთა ის შტო, რომელსაც "ძველმართლმადიდებლური ეკლესია" ეწოდება, რომლის დაფუძნებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეპისკოპოს იონას და არა ჯამბულ სხულუხიას სახელი.

ამრიგად, "ეპისკოპოსი" ანტიპა (ანუ ჯამბულ სხულუხია) სრულიად დუმს იმ ღვაწლზე, რაც ამ საქმეში მიუძღვის ეპისკოპოს იონას და საქართველოში ძველმართლმადიდებლური იერარქიის აღდგენის ლამის პირველწამომწყებად სახავს საკუთარ თავს, რისთვისაც ცდილობს გამოიყენოს ბ-ნ ზურაბ ნარმანიას სახელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ძველმართლმადიდებლობის აღდგენის იდეა ეკუთვნოდა არა ბ-ნ ზურაბს, არამედ აწ გარდაცვლილ ეპისკოპოს იონას (ჩახავა), რომლის გარშემოც იყვნენ შემოკრებილი თვით ბ-ნი ზ. ნარმანია და სხვა მართლმადიდებელი ქრისტეანები. ჯამბულ სხულუხია ამ ჯგუფის წევრი შორის არასოდეს ყოფილა, პირიქით, იმ დროს, როდესაც საქართველოში ფუძნდებოდა ძველმართლმადიდებლობა, როდესაც ეპისკოპოსი იონა და ზურაბ ნარმანია მძაფრ პოლემიკას აწარმოებდნენ ედიშერ ჭელიძესთან, არჩილ მინდიაშვილთან, გიორგი გამრეკელთან და სხვებთან, ჯამბულ სხულუხია ბიზნეს-მოღვაწეობას ეწეოდა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც გაიცნო და დაქორწინდა ბელოკრინიცელ რუს ქალზე და მისი ზეგავლენით მიიღო კიდევაც ბელოკრინიცული ძველმოწესეობა.

ასე, რომ ჯამბულ სხულუხიას, ბელოკრინიცელ "ეპისკოპოს" ანტიპას, არანაირი წვლილი არ მიუძღვის საქართველოში ძველმართლმადიდებლური მოძრაობის დაწყებისა და დამკვიდრების საქმეში; იმ დროს, როდესაც ბ-ნი ჯამბული ბიზნესმენობით იყო გართული რუსეთის ტერიტორიაზე, ბ-ნი ზურაბი ძველმართლმადიდებელთა ეკლესიას აშენებდა თბილისის ზღვის ტერიტორიის შემოგარენში; წერდა წერილებს, ჩაბმული იყო პოლემიკაში და ყველგან, ის გამოდიოდა როგორც ძველმართლმადიდებლური ეკლესიის და არა "ბელოკრინიცული" იერარქიის დამცველი.

მიუხედავად ამისა "ეპისკოპოსი" ანტიპა სრულიად უსინდისოდ აცხადებს: "ბ
-ნო პრემიერ-მინისტრო, თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ ნებას ეკლესიური გზით აფხაზეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით, ჩვენ შეგვეძლება გავუწიოთ ერთმანეთს დახმარება პროექტის რეალიზაციაში, რომლის საძირკველი ჯერ კიდევ 1991 .-დან ჩადებულია - ზურაბ ნარმანიას მიერ. პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი მოიცავს პროექტის სულიერ მხარეს, ხოლო მეორე - საეროს, დაკავშირებულს კულტურულ-ეკონომიკურ საკითხებთან. მოცემული პროექტის განხორციელება, -ნო ბიძინა, მხოლოდ თქვენი პატრონაჟითაა შესაძლებელი, რაც დაგვიდასტურეს რუსეთის ფედერაციის თბილისის საკონსულოშიც, კერძოდ კონსულის მოადგილემ -ნმა ალექსანდრე ბელოვმა / 19 ოქტომბერს" (იქვე).

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბ-ნ ზურაბ ნარმანიას არაფერი აკავშირებს ავანტიურისტ ჯამბულ სხულიხიას, იგივე "ეპისკოპოს" ანტიპას მბოდვიარე გეგმებთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბ-ნ ზურაბს მრავალი წერილი აქვს დაწერილი ძველმართლმადიდებლობის დასაცავად, ის ბევრს ქადაგებდა მეგობართა წრეებშიც, მე ვიყავი ბ-ნ ზურაბის სულიერი მოძღვარი და არავის, - არც მე, არც ჩვენი ეკლესიის სხვა რომელიმე წევრს, ვინც კი ბ-ნ ზურაბს ახლოს იცნობდა, - ამგვარი "პროექტის" შესახებ არაფერი გვსმენია. ზურაბ ნარმანიას არა თუ არავითარი საძირკვეული არ ჩაუყრია იმ იდეისთვის, რასაც თავის მიმართვაში გვთავაზობს ჩვენი თანამედროვე "კვაჭიკო-ეპისკოპოსი", არამედ თავის წერილებში, ბ-ნი ზურაბი გაკვრითაც კი არასოდეს შეხებია ამ საკითხს. ასე, რომ "აფხაზეთის სულიერი დამწყემსვის პროექტი", თავიდან ბოლომდე გახლავთ ჯამბულ სხულუხიას ფანტაზიისა და ავანტიურული იდეების ნაყოფი.

ამ ადამიანის ამორალურობა ჩანს კიდევ იმაში, რომ საკუთარი იდეის მოწმედ და წამომწყებად იმოწმებს გარდაცვლილ ადამიანს. ამგვარი ქმედების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადვილია გარდაცვლილს დააკისრო საკუთარი მბოდვიარე იდეების ქადაგება, რადგან ამ ფაქტის გადამოწმების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს სრულიად ბუნებრივი ვითარების გამო. ჯამბულ სხულუხია, ცრუეპისკოპოსი ანტიპა, ამ მხრივ წარმოჩინდება, როგორც ბ-ნ ზურაბ ნარმანიას სახელის შეურაცხმყოფელი, აშკარა ავანტიურისტი და სინდისგარეცხილი ადამიანი (თუ შეიძლება სინდისგარეცხილს "ადამიანი" ეწოდოს).

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ეპისკოპოსი" ანტიპა არის ჩვენი დროის კვაჭი კვაჭანტირაძე, რომელიც საკუთარი აფიორების მისაღწევად არ ერიდება არა თუ ყოფილი მეგობრების სახელის გამოყენებას, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების "შებმასაც" კი.

ჩვენ არ ვიცით რას ეუბნება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბ-ნ ზურაბ ნარმანიას სახელი, რომელთან ერთადაც თითქოსდა ჯამბულ სხულუხიას ძველმართლმადიდებლობის დაფუძნება და აფხაზეთის სულიერი პრობლემების მოგვარება დაუსახავს საქართველოში, მაგრამ ჩვენთვის საკმაოდ ძვირფასია და ავტორიტეტული ბ-ნ ზურაბის სახელი, როგორც ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლული ერთ-ერთი პირველი ქრისტეანისა და მისი შესანიშნავი აპოლოგეტისა.

"ეპისკოპოს" ანტიპას შევახსენებთ, რომ ბ-ნ ზურაბს არასოდეს დაუცავს ბელოკრინიცული იერარქია, რადგან იცოდა ამ იერარქიის ნაკლოვანებები, იცოდა, რომ ჭეშმარიტად ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი ეჭვები გააჩნდა და დღესაც აქვს ამ იერარქიის კანონიკურობასთან დაკავშირებით (იხ. მაგალითად:
"ბელოკრინიცელთა წესდება"); არც წერილობით და არც სიტყვიერად მას არასოდეს უქადაგია ის, რასაც ამჟამად მიაწერს მას სინდისგარეცხილი ბელოკრინიცელი "ეპისკოპოსი".

ამრიგად, ბ-ნი ჯამბულ სხულუხია, იგივე "ეპისკოპოსი" ანტიპა, ჩვენი თანამოძმისა და თანამებრძოლის, ბ-ნ ზურაბ ნარმანიას სახელის გამოყენებით, საქართველოში ძველმართლმადიდებლური სარწმუნოებისა და იერარქიის დაფუძნების სათავეებში საკუთარი თავის წარმოაჩენას ცდილობს. ამგვარი მცდელობა ააშკარავებს "ეპისკოპოს" ანტიპას "კვაჭურ" ხასიათს, რაც ერთადერთი არ არის არც მის ზემოთხსენებულ მიმართვაში და არც მის მოღვაწეობაში მთლიანად.

რად ღირს თუნდაც იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ იმ დროისთვის, როდესაც "ეპისკოპოსი" ანტიპა ამ მიმართვას აქვეყნებდა საკუთარ საიტზე (ანუ 2012 წლის 8 ნოემბერს) უკვე შეჩერებული გახლდათ მღვდელმსახურებაში. 2012 წლის 5 ნოემბერს, ქ. ბრაილაში მოწვეულ სამღვდელმთავრო კრებაზე, ბელოკრინიცელ მართლმადიდებელთა რუმინეთის მიტროპოლიის არქიეპისკოპოსმა ლეონტიმ ის მსახურებაში აკრძალა (შესაბამის მასალები იხილეთ აქ:

სამღვდელმთავრო კრების ოქმის სრულ ტექსტში, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე http://oldbelievers.wordpress.com/2012/11/14/the-bishops-council-decisions-braila-romania-november-6-2012/ ვკითხულობთ:

2.2.  Освященный Архиерейский Собор потчеркивает, что епископу Антипы (Схулухия) не дозволяется священнодействовать на територий всех епархий Русской Древлеправославной Старообрядческой Церкви Белокриницкой Иерархии.

2.3.  Просить преосвященного епископа Антипия (Схулухия) прекратить на официальном сайте иверской епархии «realorthodoxy.ge», публиковать лживые материалы направленные на дискредитацию Белокриницкаго митрополита и архиереев Белокриницкой митрополии.

2.4. Предложит очередному Осв. Собору Белокриницкой митрополии упразднить епархию Зугдидскую Колхидской нисменности Иверий (ИДЦБИ).


ამრიგად, ამ ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (მისი სამართლიანობის კანონიკური ანალიზი სულაც არ არის ჩვენი წერილის მიზანი) 2012 წლის 6 ნოემბერს ანტიპა სხულუხიას აეკრძალა ყოველგვარი მღვდელმოქმედება ბელოკრინიცელთა ნებისმიერ ეპარქიაში; მას ბრალად ედება ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება და წინადადებას აყენებს მომავალი საერთო კრების წინაშე საერთოდ გააუქმონ ზუგდიდის ეპარქია, რომელიც ადრე იწოდებოდა "კოლხეთის დაბლობის ძველმართლმადიდებელ" ეკლესიად, რომელიც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და უწოდა "საქართველოს (ივერიის) ძველმართლმადიდებელი ეკლესია", რითაც, როგორც უკვე ვთქვით, მიისაკუთრა ჩვენი ეკლესიის ოფიციალური სახელი.

ამდენად, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის მომენტში "ეპისკოპოს" ანტიპას უკვე აღარ გააჩნდა საეპისკოპოსო უფლებამოსილებანი. ამ ფაქტს აღიარებს თვით "ეპისკოპოსი" ანტიპაც, რომელმაც 18.11.2012 წ. საპროტესტო წერილი გამოაქვეყნებინა თავის მრევლს საკუთარ საიტზე სათაურით: "ამონაწერი ივერიის ეპარქიული სხდომის ანგარიშიდან: Доклад на Собор Иверской древлеправославной  Церковной общины от г-на Александра Сартания и Андриана Хасая")... სადაც გაპროტესტებულია მიტრ. ლეონტის უკანონო მოქმდებები "ეპისკოპოს" ანტიპასთან მიმართებაში (ჩვენ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ ამ აკრძალვის კანონიკური სამართლიანობის თუ უსამართლობის მტკიცებას. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ ადამიანი, რომელიც აკრძალულია მსახურებაში ბედავს და ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პირს ახვევს ავანტიურაში).

ამრიგად, იმ დროს, როდესაც ბელოკრინიცელთა მიტროპოლიამ სრულიად აკრძალა მღვდელმსახურებაში "ეპისკოპოსი" ანტიპა და მიზნად ისახავს ეპარქიაც კი გაუუქმოს საქართველოში (კერძოდ, ზუგდიდში), "ეპისკოპოსი" ანტიპა წერს მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რათა უშუამდგომლოს რუსეთისა და საქართველოს ოფიციალური ეკლესიების პატრიარქებთან აფხაზეთის სულიერი დამწყემსვის საკითხში...

რას უნდა ნიშნავდეს "კვაჭიკო-ეპისკოპოსის" ეს განაცხადი? სად ან რას უმიზნებს ბელოკრინიცელი აფერისტი? ჩვენის აზრით, თუ მას ეს აფიორა გამოუვა (რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან "ეპისკოპოს" ანტიპა სხულუხიას ვერ იტანენ ვერც მოსკოვში და უკვე ვერც რუმინეთში), ის თავისი იერარქების წინაშე წარსდგება როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც ერთ-ერთი პრობლემური რეგიონის მზრუნველობა დაევალა ქართული და რუსული ოფიციალური ეკლესიების პროტექციით. ამგვარი პოლიტიკური შედეგით, ბელოკრინიცელი იერარქები დადგებიან ისეთი ფაქტის წინაშე, რომელმაც შესაძლოა ისინი აიძულოს კვლავ თავის უფლებამოსილებაში აღიარონ "ეპისკოპოსი" ანტიპა და აღუდგინონ მას ზუგდიდის ეპარქია, რომელსაც სავარაუდოდ გაუუქმებენ მომავალ საერთო კრებაზე.

"ეპისკოპოს" ანტიპას დანარჩენ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ოცნებებს ჩვენ აქ არ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, რაც მეტად მკაფიოდ ჩანს ჯამბულ სხულუხიას, ამ ბელოკრინიცელი "ეპისკოპოსის" წერილში: ის აშკარად სთავაზობს რუსეთს და თვით ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის აგენტობას საქართველოში.

ამრიგად, მე, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ეკლესიის გარდაცვლილ წევრს, ჩვენთვის ძვირფას და საყვარელ სულიერ შვილს, ბ-ნ ზურაბ ნარმანიას არაფერი აკავშირებდა ჯამბულ სხულუხიას, იგივე "ეპისკოპოპოს" ანტიპას, ამ გაქლესილი ავანტიურისტის პროვოკაციულ გეგმებთან.

ხოლო თვით ჯამბულ სხულუხიას მოვუწოდებთ მოუხმოს გონიერებას, ხელი აიღოს ავანტიურაზე და შეინანოს თავისი ბინძური და უკეთური საქციელი.


თბილისი. 2012 წ.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика