წერილები - გიორგი წულაძის დიდი მარცხი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გიორგი წულაძის დიდი მარცხი

სოლოვკელი ბერების ამბოხი

სოლოვეცკელი ბერების კრება ნიკონის რეფორმის წინააღმდეგ

რელიგიურ დავაში, რომელიც ძირითადად ოფიციალური ეკლესიისადმი იყო მიმართული და არა პოლიტიკური პარტიებისადმი, საგაზეთო სტატიებსა თუ ცალკეულ წიგნებში, ასევე ზოგიერთ ინტერნეტ ფორუმებსა და ჩვენს ოფიციალურ საიტზე, თითქმის ყველაფერი განვმარტეთ იმ ზომით, რა ზომითაც შეგვეძლო. პრაქტიკულად არ დარჩენილა ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებული კანონიკურ-ეკლესიოლოგიური საკითხი, რომელსაც არ შევხებოდით. ცხადია, სათქმელი ამოწურული როდია და ნებისმიერი თემის უფრო ღრმად და მეცნიერულად წარმოჩენა ყოველთვის არის შესაძლებელი. თუმცა, ამ ეტაპისთვის, პოპულარულ დონეზე განმარტებული გვაქვს ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც საკამათოდ რჩება ჩვენსა და ოფიციალურ ეკლესიას შორის. სათქმელი თითქმის ამოვწურეთ და გვანცა კოპლატაძისა და ბასილ კობახიძის ცილისმწამებლურ გამოხდომებს თუ არ ჩავთვლით, დავა-პოლემიკა თითქმის დავასრულეთ. ჩვენი სათქმელი ვთქვით და საზოგადოებისა და ერის წინაშე ქრისტეანული ვალი მოვიხადეთ.

მაგრამ ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძველმართლმადიდებლობის წინააღმდეგ კვლავ გააქტიურდნენ ოფიციალური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლები, და ისინიც კი, ვინც ეკუმენიზმის ბრალდებით თანხმობასა და ერთობაში არ იმყოფებიან ოფიციალურ ეკლესიასთან და რუს თუ ბერძენ ძველმესტილეთა ეკლესიებს არიან შეფარებულნი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოდავედ მოგვევლინა ვინმე გიორგი წულაძე, რომელმაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად გამოიდო თავი ჩემი კრიტიკით და ზურგს უკან ქილიკით. გ. წულაძე ამავე დროს არის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მომხრე და მისი პოლიტიკის ფანატიკური მიმდევარი. ჩემი სასულიერო პრაქტიკის განმავლობაში არსოდეს მქონია დავა ე. წ. "ზვიადისტებთან" (სხვა სახელს ვერ ვუწოდებ წულაძისნაირ "მოაზროვნეებს"), რადგან პოლიტიკურად განწყობილ ადამიანებთან დავას ყოველთვის ვერიდებოდი. ბ-ნ ზ. გამსახურდიას საწინააღმდეგო არასოდეს არაფერი მქონია (მიუხედავად იმისა, რომ თვით ბ-ნი ზვიადი მაინცა და მაინც არ სწყალობდა ქართველ ძველმოწესეთ) და არც გამოვსულვარ მის წინააღმდეგ რაიმე სტატიით ან პოლემიკით. ჩვენ ყოველთვის ღმრთის განგებას ვიყავით მინდობილნი, კეისარს კეისრისას ვუხდიდით (ახლაც ვუხდით) და ღმერთს კიდევ ღმრთისას მივაგებდით; ჩვენს თავზე მოწევნულ განსაცდელებს კი ღმრთის სიყვარულითა და საღმრთო განგებულებისადმი მორჩილებით ვუმკლავდებოდით. ასე განვვლეთ რამოდენიმე ათწლეული.

ცხადია, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მომხრეობა არანაირ დაბრკოლებას არ გვიქმნის ადამიანური თუ ეკლესიური ურთიერთობისთვის, რადგან ძველმართლმადიდებელთა შორისაც არიან ბ-ნ ზვიადის იდეების მომხრენი და თავადაც მრავალი მეგობარი მყავს მათ შორის, თუმცა მე პირადად არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პრეზიდენტის (მოქმედისა თუ ყოფილის) მიმდევარი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჭეშმარიტება და იმის შეგნება, რომ ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, ყველას ეკუთვნის.

ჩემთვის ყოველთვის ერთი რამ იყო უმთავრესი: პოლიტიკური უთანხმოება არ შეიძლება გახდეს ეკლესიური უთანხმოების მიზეზი, პირიქით, სწორედ ეკლესია და მართლმადიდებლობა უნდა ასრულებდეს გამამთლიანებელ როლს, რის გამოც მას არ შეუძლია დადგეს რომელიმე მხარის გვერდით. ეკლესია ადამიანურ შეხედულებებზე მაღლა დგას და უზენაეს ჭეშმარიტებას ემსახურება, ამიტომაც ის არასოდეს დგება ამქვეყნიური პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესების სამსახურში. ასე ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დღემდე, ამიტომაც იყო შორს ჩემგან ყოველგვარი "იზმები" და პოლიტიკური მიმართულებები.  

მეტიც, სოციალურ ქსელებში სწორედ ბ-ნ ზ. გამსახურდიას მომხრეებსაც დავუმეგობრდით მე და ჩემი სულიერი შვილები. მაგრამ, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, მათი მხრიდან მეგობრობის ნაცვლად ვიწვნიეთ წარმოუდგენელი ბოღმა, მტრობა და სიძულვილი. შესაძლოა აქ თავისი როლი ითამაშა იმ რელიგიურმა ფანატიზმმა, რომლითაც ხშირად იმუხტებიან ოფიციალური საპატრიარქოს დღევანდელი ან ყოფილი მიმდევრები, როდესაც მათი ეკლესიის დარღვევებზეა ლაპარაკი... ეს ძალზედ საწუხარია, რადგან თვალწინ გვეშლება სულიერად გაპარტახებულ ადამიანთა სულის შემძვრელი სურათები. ადამიანებისა, რომლებიც რატომღაც გადაჩვეულები არიან კრიტიკულ აზროვნებასა და მსჯელობას, ღმრთისგან მინიჭებულ თავისუფლებას, რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტების შესაცნობად... ადამიანებისა, ვინც იმდენად აფანატებენ თავიანთ სულიერ მოძღვრებს, რომ "მოყვარეს პირში უძრახეს..." პრინციპიც კი მიუღებელია მათთვის... ასეთ ადამიანებს რომ ვხვდები, უნებლიედ მაგონდება რომანი "დათა თუთაშხია", არქიფო სეთური და მისი პატარა სექტა-სახელმწიფო, თავისი ტოტალიტარული რეჟიმით და სულიერი დიქტატურით... მაგონდება "მამა და მარჩენალის" ფანატიკოსი მრევლი, რომელსაც კრიტიკული აზრის გაგონებაც კი არ სურს... თვალწინ მიდგება სიმართლის მთქმელი დათას ჩაქოლვის შემაძრწუნებელი სურათი... ჩაქოლვისა, რომელსაც მხოლოდ ერთი "ლოგიკა" აქვს, - მან გაბედა და ხმა ამოიღო "მამა და მარჩენალის" სამხილებლად...

არა აქვს მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში ვინ შეიძლება იყოს ეს "მამა და მარჩენალი", სასულიერო პირი თუ საერო ლიდერი... აქ მოვლენის არსია მთავარი და ის ჭეშმარიტება, რომ როდესაც ადამიანებს არ სურთ სიმართლის დანახვა, ან უკიდურეს შემთხვევაში, საპირისპირო აზრის მოსმენა, როდესაც ისინი იკვებებიან ფანატიზმით, ჭეშმარიტება შორს არის მათგან და ბოროტება ზეიმობს მათი მეშვეობით.

ჩვენ გვესმის, რომ როდესაც ვიღაც იბრძვის, დავობს და თავისას იცავს ბუნებრივად გამოხატავს თავის მრწამსს და მსოფლმხედველობას და ეს სრულიად ნორმალური მდგომარეობაა, რადგან ყველა ადამიანს სჯერა თავისი მხარის, მაგრამ გაუგებარია იმ ადამიანთა საქციელი, ვინც გაურბის პოლემიკას და მეტიც, ზურგს უკან აგრძელებს თავისი ოპონენტის გაუთავებელ ლანძღვა-გინებას მიუხედავად იმისა, მოსმენილი აქვს მისი რაიმე არგუმენტი სადავო საკითხზე თუ არა... მისთვის მთავარია ის, რომ ოპონენტი "კადნიერად" შეეხო იმ "წმიდათა წმიდას", რომელიც ყოველგვარი კრიტიკის გარეშეა ამგვართა ცნობიერებისთვის... და თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით ამგვარ ადამიანთა სულიერებას, დავინახავთ, რომ ისინი ძალზედ შორს დგანან იმ იდეალისგან, რომელსაც, როგორც ელემენტარულ ჭეშმარიტებას, გამუდმებით იცავდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები.

წმიდა მამათათვის უცხო იყო ბოღმა, უაზრო კრიტიკა, უსაფუძვლო დავა, ოპონენტის უაზრო ლანძღვა და მუქარები... ასე რომ ელაპარაკა რომელიმე წმინდანს, გამოცდილი ერეტიკოსები, რომელთა შორისაც მრავალი ძალზედ განათლებული და მცოდნეც იყო, დაუყოვნებლივ დაჰკრავდა გამარჯვების ბუკ-ნაღარას, რადგან ვინც უაზროდ ილანძღება და საკითხის არსის განხილვას გაურბის, ის ამ ინტელექტუალურ შერკინებაში დამარცხებულია და შერცხვენილი. ვხედავთ კი რაიმე მსგავსს წმ. მამათა ცხოვრებაში? ცხადია არა და ნუმც იყოფინ! პირიქით, ისინი გულდასმით უსმენდნენ და კითხულობდნენ მწვალებელთა თუ სქიზმატიკოსთა შრომებს; ეცნობოდნენ მათ ნააზრევს, რათა შემდეგ უკუეგდოთ ის რაც ცუდია, და შეეწყნარებინათ ის რაც კარგია. როგორც წერილ არს - "შეეწყნარებინათ კეთილი და განეგდოთ უვარგისი".

სხვა ნიშანი, რომელიც ახასიათებდათ წმიდა მამებს იყო მოყვასისადმი სიყვარული. ამ მხრივ ისინი მწვალებელთა მიმართაც შემწყნარებლობასა და მოთმინებას გვირჩევენ და გვარიგებენ "სიყვარულით ავუხსნათ მათ ჩვენი სასოება". ხოლო "ერთი და ორი დარიგების შემდეგ" გავცილდეთ, როგორც ეს წმიდა წერილშია ნათქვამი.

ჩვენ თუ ვინმეს "სექტანები", "სქიზმატიკოსები" ან თუნდაც "მწვალებლები" ვგონივართ, ხომ უნდა ამოძრავებდეთ ჩვენს მიმართ ძმური სიყვარული, რათა ღმერთში ერთობის სურვილით აღძრულებს მოწადინეობა ჰქონდეთ მიგვითითონ ჩვენი შეცდომები. ხომ უნდა ჰქონდეთ საფრხეთაგან ძმათა დახსნის დიდი სურვილი? სამწუხაროა, მაგრამ, ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებად მოაქვთ თავი, მსგავსი არაფერი შეიმჩნევა... მათგან ვხედავთ მხოლოდ იმპერატიულ პოზიციას - "ჩვენ ვთქვით, თქვენ კი მიიღეთ, რადგან ჭეშმარიტებაა ის, რასაც ჩვენ გეუბნებით"; არანაირი საპირისპირო აზრი, არანაირი კამათი - ნებისმიერი შეკამათება მიჩნეულია "ამპარტანვებად", "განკითხვად", "ლანძღვად" და ა. შ. მოკლედ, ჩვენს ოპონენტებს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიდან თუ მისგან განმდგარი საზოგადოებებიდან, არ გააჩნიათ უმთავრესი თვისება, რაც ყოველ ქრისტეანს უნდა ჰქონდეს, და რითაც, სხვათა შორის, ძალზედ იქებენ თავს, - მოყვასის სიყვარული.

აი, როგორ ახასიათებს ქრისტეანულ სიყვარულს წმ. მოციქული პავლე: "სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 13:4-7).

მომიტევეთ, ვგრძნობ რომ ძალზედ გამიგრძელდა შესავალი, მაგრამ იმედია მკითხველი გამიგებს, როდესაც შევთავაზებ "ქრისტეან" გ. წულაძის გამონათქვამებს ჩემი მისამართით, რომელიც ჭეშმარიტი ეკლესიის შვილად ჰგულვობს თავს და ჭეშმარიტების მქადაგებლად მოაქვს თავი. მინდა შეაფასოს მკითხველმა რამდენად შეესაბამება ჩემი ოპონენტის გამოხდომები მოციქულის მიერ ბოძებულ განმარტებას და არის თუ არა მისი გამოლაშქრება ჩემს წინააღმდეგ რამენაირი ქრისტეანული გრძნობის გამოძახილი...

კარგი იქნება თუ დაუკვირდებიან თავიან საქციელს თვით გ. წულაძე და მისი მეგობრები, რომლებიც სიხარულით იწონებენ ჩემს ლანძღვას და არ კი ფიქრობენ რამდენად სამართლიანია მათი საქციელი, რამდენად სამართლიანია ლანძღო ადამიანი, რომელსაც შენთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა წაართვი.

საქმე იმაშია, რომ ამ ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ჯგუფში "სჯულისკანონი", დამამატა ვინმე იოანე ბულაურმა და მთხოვა ჩემი აზრები გამომეთქვა მის გვერდზე. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ჩვენს შორის არ არის ევქარისტული ერთობა და ბევრი საკითხი გვაშორებს ერთურთს, საერთოც ბევრი გვაქვს და ამ საერთოს საფუძველზე შეამხანაგება ურიგო არ იქნებოდა ჩვენთვის. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან კონფესიური თუ ეკლესიური განსხვავებულობას ხშირად მეტად აგრესიულად გამოხატავენ ხოლმე და სხვადასხვა ეკლესიის წევრებს ერთმანეთთან მეგობრობა ფრიად უჭირთ. მაგრამ ასე არ მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ურთიერთობა ნორმალურად მიმდინარებოდა და მეც ჩვენს შორის სადავო საკითხებს არ ვეხებოდი, ხოლო თუ ვეხებოდი, ძალზედ ფაქიზად, რადგან არ მსურდა უნებლიედ რაიმე ტკივილი მიმეყენებინა ჩემი ახლადშეძენილი მეგობრისთვის. შემექმნა შეხედულება, რომ იოანე ბულაური საეკლესიო თემატიკით დაინტერესებული პიროვნებაა და ცდილობს სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა წარმომადგენლებთან დაახლოებას, რათა შეისწავლოს მისთვის საინტერესო საკითხები. თუმცა, ეს ილუზია მალე გაქარწყლდა, რადგან უეცრად ჩემს წინააღმდეგ აბობოქრდა რამოდენიმე პიროვნება, რომელთაგან განსაკუთრებით აქტიურობდა ვინმე გიორგი წულაძე (თუ არ ვცდები საიტ "დიდგორის ველის" ადმინისტრატორი). ჩემს სულიერ შვილთან გამართულ პოლემიკაში გ. წულაძემ ვერ გამოავლინა ვერც საკითხთა ჯეროვანი ცოდნა და ვერც დიალოგის კულტურა და ტაქტი და ვერც ცოდნა, რის გამოც ძლიერ განრისხდა და ჯერ დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩემი გაგდება ჯგუფიდან "დიდი სჯულისკანონი", შემდეგ კი ჩემი სულიერი შვილისაც. გაისმა ლოზუნგები და მოწოდებები, მაგალითად, ასეთები: "თქვენ მწვალებლები ხართ, გასაგებია?... არ ვაპირებ დრო დავხარჯო "სტაროვერულ სექტაზე".

ან კიდევ: "მოვითხოვ, ჯგუფიდან გაძევდეს "სტაროვერების სექტა" არქიეპისკოპოსად რომ მოინათლა პავლემ თავი!" (სტილი დაცულია - არქიეპ. პ.).

აჰა კიდევ ერთი მაგალითი: "ნუ ამ სტაროვერსაც (იგულისხმება ჩემი სულიერი შვილი გ. მახარაშვილი - არქიეპ. პ.) მივაყოლებთ მოძღვარს, ვატყობ რომ შეუსმენელია... სწორედაც რომ მწვალებელთა ხერხია, შეგიტყუონ ეკლესიოლოგიურ კამათში და ისე დახლართონ ტყუილ-მართალი, რომ დემონები გააძლიერონ და დაასუსტონ მართლმადიდებელი. მე არ ვგულისხმობ, გულუბრყვილო და რწმენაში უმეცარ ხალხს, მათთვის ბევრი მიშრომია, და დამითმია, მაგრამ აი ამ თვითმარქვია არქიეპისკოპს პავლესნაირ გაქნილ, დემაგოგ, მზაკვარ სექტის მეთაურს და მის თანამეინაიხე მახარაშვილს, ფეხი არ ჩაუვათ! აბა მიჰყე, შენს მოძღვარს" და მისთანანი...

მოკლედ, "დევნილი მთავრობის" მომხრეებმა და საიტ "დიდგორის" მესვეურებმა გაგვრიცხეს თავიანთი მეგობრების სიიდან, დაგვბლოკეს და ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს ჩვენთან. გამოგვაცხადეს "გაქნილ", "დემაგოგ" და "მზაკვარ" ადამიანებად და მეტიც, ჩვენს ზურგს უკან გააგრძელეს ჩვენი კიცხევა და ლანძღვა-გინებანი. აი, რას წერდნენ ისინი ერთმანეთს თავიანთი ჯგუფიდან ჩვენი ამოშლის შემდეგ: "ნუ, კიდევ კარგი გავაძევეთ "სტაროვერთა სექტა", თორემ დღესაც თავს დაესხმებოდნენ ამ დიდ მამებს და მათ მაკურთხებელ მარჯვენათა "თითების წყობას", გუშინ მთელი დღე ამ მამებს "ვიცავდი"... თვითმარქვია არქიეპისკოპოს პავლეს ამათზე მაღლა უჭირავს თავი... მისი მსხვერპლი გ. მახარაშვილი კიდევ ასე მიმართავს სტაროვერ ლიდერს "ჩემო დიდო მეუფეოო".

საცოდაობაა გ. წულაძისნაირი ადამიანების ყურება. მათში არ შეიმჩნევა არანაირი ქრისტეანული სათნოება, მოთმინება, სიყვარული, სმენისა თუ დიალოგის კულტურა, უყვართ ცარიელ კარში თამაში და უსაფუძვლო ლანძღვა-გინებანი. დაუკარგავთ ყოველგვარი ქრისტეანული ღირსება და არიან ასეთ დაკნინებულ, საცოდავ მდგომარეობაში... ჩვენ ეს არ გვიხარია, პირიქით, გულს გვტკენს, რადგან მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლური რწმენისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს შორის ხიდის გადება შესაძლებელია, მთავარია თვით ადამიანებს ჰქონდეთ ამის გულწრფელი სურვილი.

ჩვენი ეს წერილიც ამგვარი ხიდის გადების სურვილით არის ნაკარნახევი და არა იმით, როგორმე პასუხი მივაგოთ ჩვენზე გადამტერებულ და დაუძინებელ ოპონენტებს, რომლებიც ჩემი და ჩემი სულიერი შვილების დამცირებით არიან დაკავებულნი და არა ჯანსაღი პოლემიკით.

რადგან ბ-ნი გ. წულაძე კვლავ აგრძელებს ჩემზე თავდასხმებს ფეისბუკის გვერდებიდან, საჭიროდ ჩავთვალე ზოგიერთი რამ განვმარტო და ვაჩვენო მას საკუთარი "არგუმენტაციის" საფუძვლები.

დავიწყებ ტერმინით "თვითმარქვია", რადგან ბ-ნი წულაძე, ჩემი სალანძღავი ეპითეტების არსენალში ამ ტერმინს განსაკუთრებულ ადგილს უთმობს და თავის პოსტებში "თვითმარქვია ეპისკოპოსად" მაცხადებს.

ადამიანი, რომელიც საეკლესიო სჯულისკანონის მიხედვით ცდილობს ეკუმენისტებისა და სხვა მწვალებლების მხილებას, ალბათ გარკვეული უნდა იყოს, რომ ამ ტერმინს სრულიად კონკრეტული დატვირთვა გააჩნია და მასში კონკრეტული მოქმედება არის ნაგულისხმევი. სხვაგვარად რომ ვთქვა, რომელიმე სასულიერო პირს (არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მას ცნობთ თუ არა) "თვითმარქვია" რომ უწოდოთ გარკვეული პირობებია საჭირო, სხვაგვარად ვერავინ მოიხსენიებს მას ამ ტერმინით. შევეცდები ავხსნა რატომ.

ეპისკოპოსს ან რომელიმე სასულიერო პირს "თვითმარქვია" მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს, თუკი მას ეს წოდება აღებული აქვს სხვა ეპისკოპოსთა დაუკითხავად, კანონიკური ხელდასხმის გარეშე, თვითნებურად, მალულად, მოტყუებით, სიმონიით (ხელდასხმის შესყიდვა ეპისკოპოსთა მოქრთამვით) და ა. შ. ან მიღებული აქვს სხვა ეპისკოპოსთა მონაწილეობით, ოღონდ ე. წ. ფარული ხელდასხმით.

ფარულია ის ხელდასხმა, რომელსაც აღასრულებს ორი ან სამი ეპისკოპოსი ეკლესიის სხვა ეპისკოპოსების უწყებისა და ნებართვის გარეშე. ასე, მაგალითად, დიდ სჯულისკანონში მაქსიმე კინიკიელზე (ცინიკოსზე) ვკითხულობთ: "მაქსიმე კინიკიელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ ვამბობთ, რომ მაქსიმე არც ყოფილა ეპისკოპოსი და არც არის, ხოლო მის მიერ ხელთდასხმულნი არ ითვლებიან სამღვდელოებად, ანუ კლერიკოსებად. ყოველივე მის მიერ ქმნილი უქმია და დაუმტკიცებელი" (II მსოფლ. კრების 4-ე კანონი).

რატომ არის მაქსიმე კინიკიელის მიერ აღსრულებული ღვთისმსახურებანი და ხელდასხმანი "უქმი და დაუმტკიცებელი"? ამის პასუხს გვაძლევენ სჯულის კომენტატორები:

ზონარა: " ეს მაქსიმე იყო ეგვიპტელი, ცინიკოსი ფილოსოფოსი. ცინიკოსებად ისინი იწოდებოდნენ მათი კადნიერებისთვის, უხეშობისა და უსირცხვობისთვის. მაქსიმე თავიდან დიდ მამასთან, გრიგოლ ღვთისმეტყველთან მოვიდა და მიიღო რა კათაკმევლობა, მალევე მოინატლა. შემდეგ კი კლერიკოსთა დასშიც ჩაირიცხა. ის იმდენად დაუახლოვდა ამ წმიდა მამას, რომ მასთან ერთად ტრაპეზზსაც კი იყოფდა. მაგრამ, მოისურვა რა სამღვდელმთავრო კათედრა კონსტანტინოპოლში, ფული გააგზავნა ალექსანდრიაში საიდანაც მოუწოდა ეპისკოპოსებს რათა გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთი დაახლოებული პირის დახმარებით კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრად ხელი დაესხათ მისთვის. ის იყო, ეპისკოპოსები ეკლესიაში მოვიდნენ და ხელდასხმისათვის ემზადებოდნენ, მართალმა ქრისტეანებმა რომ შეიტყვეს მათი განზრახვა და ეკლესიიდან გააძევეს ისინი. თუმცა, გაძევების შემდეგ როდი დამშვიდდნენ, პირიქით, განმარტოვდნენ ერთი მუსიკოსის სახლში და იქ დაასხეს ხელი მაქსიმს. მაგრამ, მაქსიმემ ვერანაირი სარგებლობა ვერ მიიღო ამ ხელდასხმისგან, რადგან არაფრის შესრულება არ შეეძლო".

იგივეს ბრძანებს პატრ. ბალსამონიც და კონსტანტინოპოლის პატრიარქობაზე მეოცნებე მაქსიმეს შესახებ ბრძანებს: "ამრიგად, წმიდა კრებამ (იგულისხმება II მსოფლიო კრება - არქიეპ. პ.) განსაზღვრა, რომ მაქსიმე არ ყოფილა და არც არის ეპისკოპოსი, რადგან უკანონოდ იყო ხელდასხმული, მის მიერ ხელდასხმული კლერიკოსებიც არ არიან კლერიკოსები".

ამრიგად, სჯულისკანონიდან ცხადი ხდება, რომ მაქსიმე იყო თვითმარქვია, რადგან მან ხელდასხმის მიღება სცადა სიმონიით და როცა ეს ხრიკი ვერ გაუვიდა, ფარული ხელდასხმით, ეკლესიის კანონების საწინააღმდეგოდ და მათი უგულებელყოფით, რის გამოც ის ეკლესიამ არაფრის მქონედ ჩათვალა და მისი არანაირი ქმედება არ მიიღო. სწორედ ამდაგვარ ადამიანებს ეწოდებათ "თვითმარქვია" ეპისკოპოსები.

მაშ, რა იგულვა არაკანონიკური გ. წულაძემ ჩემს საეპისკოპოსო ხელდასხმაში? ჩემთვის და ჩემი სულიერი შვილებისთვის ეს უცნობია, რადგან თვით გ. წულაძე ჩემი "თვითმარქვიობის" არანაირ მტკიცებულებას არ გვაწვდის. ბ-ნი წულაძე თუ ჩემს "თვითმარქვიობას" იმიტომ იჩემებს, რომ მე ვარ იმ ეკლესიის წევრი, რომელთანაც მის ეკლესიას არა აქვს ევქარისტული ერთობა, უნდა განვუმარტო, რომ ევქარისტიის უქონლობა შეუძლებელია იყოს სხვა ეკლესიის მღვდელმთავართა და საეკლესიო კლერიკოსთა "თვითმარქვიებად" გამოცხადების საფუძველი. ჩემი ხელდასხმები (დიაკვნობიდან მოყოლებული არქიეპისკოპოსობამდე) ყოველთვის სრულდებოდა ეკლესიური ერის თანხმობით და არჩევით. სრულდებოდა საჯაროდ, ლიტურგიკულად, აუცილებელი წესების დაცვით. სხვათა შორის, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსად ჩემი აღსაყდრება მეტად საზეიმო ვითარებაში მოხდა და ის აღასრულა ჩვენთან ევქარისტულ ერთობაში მყოფმა რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ალექსანდრემ (კიდევ ორი ეპისკოპოსის თანამონაწილეობით), რაც მეორე ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩემი მღვდელმთავრობის უშუალო აღიარებას წარმოადგენს. ამიტომაც, რა შუაშია აქ "თვითმარქვიობა" და რას ეფუძნება გ. წულაძის ეს გამოხდომა ნამდვილად არ გვესმის.

ამრიგად, ტერმინ "თვითმარქვიას", საეკლესიო ტერმინოლოგიასა და კანონებში ჩაუხედავი ადამიანის გარდა, ვერავინ მიწოდებს, და ეს იმ შემთხვევაშიაც კი, ჩვენი ეკლესიის კანონიკურობას თუნდაც არ ცნობდეს. სჯულისკანონში ჩახედული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ ეკლესიაში არსებობს მწვალებელთა მიღების სამი წესი: სრული ნათლისღებით, მირონცხებით და ლოცვით.

სრული ნათლისღებით ღებულობენ იმ მწვალებლებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ნათლობის მართლმადიდებლური წესი (სამგზის შთაფლვა წმ. სამების თითოეული სახელის მოწოდებით ყოველ შთაფლვაზე) და ამიტომაც უნდა გადაინათლონ.

მირონცხებით ეკლესია ღებულობდა და ღებულობს იმ მწვალებლებს, რომლებსაც ნათლობა დარღვეული არა აქვთ, მაგრამ დამკვიდრებული აქვთ სხვადასხვა სახის მწვალებლობანი.

და ბოლოს ლოცვით ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა კურნებად საკითხთა გამო ეკლესიიდან გასულებს, სქიზმატიკოსებს ან ე. წ. "კიდეშესაკრებელობის" ცოდვით მოწყლულებს, რომლებიც უმიზეზოდ უმხედრდებიან თავიანთ ეპისკოპოსებს და ცალკე აგებენ საკურთხევლებს.

არც ერთ ამ კატეგორიას ეკლესია არ უწოდებს "თვითმარქვიას", რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმარქვიებად უნდა გამოცხადდნენ ყველა მწვალებლური და სქიზმატური ეკლესიის დიაკვნები, მღვდლები და მღვდელმთავრები... მათი ეკლესიაში მიღების წესები კი უნდა შეიცვალოს და ეკლესიისკენ მოქცევის დროს, როგორც თვითმარქვიებს უნდა ჩამოერთვათ ხარისხი და არა თუ თავიდან არ უნდა დაასხან ხელი, არამედ ვერასოდეს გახდებიან სამღვდლო ხელდასხმების ღისრნი, ვინაიდან თვითმარქვიები, როგორც სამღვდლო პატივისთვის შეუფერებელი საქციელის მოქმედნი, ვერასოდეს გახდებიან სამღვდლო პატივის ღირსნი.

წესით, "თვითმარქვიობასთან" ყველაზე ახლოს დგანან პირველი კატეგორიის მწვალებლები, რომელთაც დარღვეული აქვთ ნათლობის წესი, მაგრამ რადგან ეს გამომდინარეობს მათი მწვალებლური შეხედულებიდან და მათი რწმენის გამოხატულებას წარმოადგენს, პირდაპირი მნიშვნელობით არ შეიძლება იწოდონ "თვითმარქვიებად". ეკლესია მათ უბრალოდ ნათლავს მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში და თუკი ღირსნი აღმოჩნდებიან ხელდასხმასაც აძლევს, რაც შეუძლებელი იქნებოდა თვითმარქვიობის შემთხვევაში.

ასე, რომ გ. წულაძეს ჩემი "თვითმარქვიობის" ჩვენება თუ სურს, მან ეს უნდა დაამტკიცოს დიდი სჯულისკანონის საფუძველზე და არ უნდა ილაქლაქოს ჭორიკანა დედაკაცივით, თანაც ზურგს უკან, ისეთ ვითარებაში, როდესაც მე, ფეისბუკის სპეციფიკიდან გამომდინარე, პასუხის გაცემის შესაძლებლობა წართმეული მაქვს. გ. წულაძის მხრიდან ამგვარი საქციელი, ღიმილის მომგვრელ მიამიტობაზე რომ არაფერი ვთქვათ, არავაჟკაცურია და არაქრისტეანული.

შემდეგი ტერმინი, რომელსაც ბ-ნი წულაძე საზოგადოდ ჩვენი ეკლესიისა და კონკრეტულად ჩემი მისამართითაც იყენებს არის "სექტა". ცხადია, რომ როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე აქაც ოპონენტი თავს არ იწუხებს ტერმინის განმარტებით და იმის მტკიცებით თუ რატომ არის "სექტა" ძველმართლმადიდებლური ეკლესია.

მეტიც, ის საერთოდ არ განმარტავს სექტის რაობას საიდანაც ჩანს, რომ ამ ტერმინს ის უბრალოდ სალანძღავ სიტყვად იყენებს. გ. წულაძისა და მისი თანამოაზრეებისთვის ამ ტერმინებს ("თვითმარქვიას" და "სექტას") არანაირი რელიგიური დატვირთვა და შინაარსი არ გააჩნია, არამედ უბრალო ლანძღვად და დამამცირებელ ტერმინებად ჟღერს გ. წულაძისნაირი "პატრიოტებისა" და "მორწმუნეების" თვალში.

ჩვენ არაერთხელ განგვიმარტავს სექტის რაობა. საკმაოდ დეტალურად და საფუძვლიანად განვუმარტეთ ის რამოდენიმე წლის წინ აწ გარდაცვლილ გ. გაბაშვილს, რომელთანაც გამართული გვქონდა საღვთისმეტყველო დისპუტი. ამ თემას მთელი წიგნიც კი მივუძღვენი, რომლის სახელწოდებაა "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?". ვისაც ანტერესებს იმის გარკვევა თუ რა იგულისხმება ტერმინში "სექტა" შეუძლია იხილოს ეს ნაშრომი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში, აქ კი მოკლედ ვიტყვით, რომ სექტად იწოდება ის რელიგიური დაჯგუფება, რომელიც გამოეყოფა რომელიმე ძირითად რელიგიურ მიმართულებას (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, მართლმადიდებლობა და ა. შ.), აიღებს ამ რელიგიური მიმართულების რომელიმე ნაწილს და მიანიჭებს მათ მთლიანი სწავლების სტატუსს, აყალიბებს საკუთარ ორგანიზაციულ სისტემას, ჰყავს საკუთარი დამფუძნებელი და ძირითადი მიმართულებისგან განსხვავებული სწავლება. ზოგიერთი წყარო სექტის ცნებას უფრო ვრცელი გაგებით განმარტავს და ასწავლის, რომ ასე იწოდება ნებისმიერი რელიგიური ან არარელიგიური დაჯგუფება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სწავლება და საკუთარი პრაქტიკა, რომელიც უცხოა იმ რელიგიისთვის ან იდეოლოგიისთვის რომელსაც გამოეყო. ამასთან, ნებისმიერი სექტა, როგორც მართლმადიდებლური სწავლების მთლიანობის უარმყოფელი, აუცილებლად ერეტიკულია. არაერეტიკული სექტა არ არსებობს! სექტის ბუნებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელიცაა. ყველა სექტა აუცილებლად არის მწვალებლური!

ამტკიცებს კი გ. წულაძე რაიმე არგუმენტით ჩვენს "სექტანტურობას?" ცხადია არა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას საკმაო ჯაფა მოუწევს რათა აჩვენოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ნიუანსი.

საქმის გასაადვილებლად გ. წულაძემ და მისმა თანამეინახეებმა შესაძლოა მიმართონ უკვე მზა განმარტებებს, რომლებსაც ისინი ამოიკითხავენ სხვადასხვა ენციკლოპედიებში, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა გ. გაბაშვილმა ჩვენთან პოლემიკისას. ამიტომაც, უაზროდ რომ არ გაისარჯონ, წინასწარ ვამცნებთ გ. წულაძესაც და ყველა მის თანამოაზრეს, ვისაც კი ჩვენი სექტანტებად გამოცხადების სურვილი გაუჩნდება, რომ ეს განმარტებები თვით ოფიციალური ეკლესიის თანამედროვე ღვთისმეტყველთა მიერაც დაწუნებულია და აღიარებულია, რომ ისინი საკითხის არსს გამოხატავენ უფრო ოფიციალური ეკლესიების პოლიტიკის კურსით, ვიდრე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მწვალებელთა თუ ათეისტთა მიერ შედგენილ ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში რელიგიურ საკითხებს საკუთარი მრწამსის შესაბამისი ინტერპრეტაციებითა და პოლიტიკის გათვალისწინებით განიხილავენ.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ, მაგალითად ისეთ ენციკლოპედიებშიც კი, როგორიც არის ბროკჰაუზის და ნიკონიანური "მართლმადიდებლლობის" საღვთისმეტყველო ლექსიკონებში, სადაც თეოლოგიური თემები ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანელ მოძღვართა მიერ არის დამუშავებული, ჩვენთვის საინტერესო და ძველმართლამდიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები ტენდენციურად იყოს გაშუქებული. თანაც ცნობილია, რომ შემდგენლები საკითხებს მხოლოდ მათი თანადროული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად განიხილავენ.

ეს დასტურდება ჩვენი ადრინდელი ოპონენტების მიერ დამოწმებული წყაროებიდან, სადაც სექტის შესახებ ნათქვამია: "ოფიციალურ ენაზე, რელიგიური ბრძოლის ეპოქებში, ერთი და იგივე თემი ხან სექტად იწოდება, ხანაც - ეკლესიად, თუ - სარწმუნოებრივ აღმსარებლობად, იმისდა მიხედვით, თუ რა მიმართება ჰქონდა მისდამი მთავრობას (სტ. სექტანტობა "ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედია", ტ. 29-ე, გვ. 324-330; სპბ. 1900 წ. ციტ. "ივერიის გაბრწყინება" # 5 (26) 1998 წ. გვ. 12, სვ. 2).

ხოლო ნიკონის დროიდან რუსეთის მთავრობას ძველმორწმუნეთადმი განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ასე, რომ მათი ენციკლოპედიები და ლექსიკონები საკვლევ და სადავო საკითხებს მეტად ტენდენციურ და შეზღუდულ ჩარჩოებში გვაწვდიან.  

ამის დასტურია მაგალითად სოიკინის მიერ გამოცემული "სრული მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო ლექსიკონი". კერძოდ, ცნობილია წვერის პარსვისადმი ნიკონიანური ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება თვით ნიკონიანელი პატრიარქის ადრიანეს დრომდე, რომელიც წვერის გაპარსვის სასტიკი წინააღმდეგი იყო (იხ. Полный правосл. богосл. словарь, т. 1, репринт 1992, ст. 72, 73). მაგრამ იმის შემდეგ, რაც ეს დამოკიდებულება შეცვალეს (განსაკუთრებით კი პეტრე პირველის დროიდან), ნიკონიანელი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები წვერის პარსვას ცოდვად აღარ მიიჩნევდნენ და ეს ამავე ლექსიკონშიც აისახა (ამ საკითხზე იხ. "მართლმადიდებელი" #3 (14), 1998 წ. გვ. 16, სვ. 2).

ასე, რომ ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა მიერ შედგენილი განმარტებები მეტად ტენდენციურია და მიმართულია მათი იმჟამინდელი აღმსარებლობის გამართლებისკენ. თავად განსაჯეთ – აი, რა არის ნათქვამი განმარტებაში, რომელიც ამოწერილია ბროკჰაუზის ენციკლოპედიიდან:  "სექტად იწოდება ორგანიზებული საზოგადოება ადამიანებისა, რომელთაც გაბატონებული ეკლესიისგან განსხვავებული აზრი აქვთ" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – მ.პ.). როგორც ვხედავთ, აქ სექტის რაობა პირველი სიტყვებიდანვე გაბატონებულ ეკლესიასთან მიმართებაშია გააზრებული. მოკლედ, სექტა ის დაჯგუფება ყოფილა, რომელიც გაბატონებულ ეკლესიასთან ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული შეხედულების გამო სქიზმაშია, თუმც შეიძლება თავად სრულებითაც არ იყოს სქიზმის მიზეზი. თუ ეს განმარტება "მეცნიერულია", როგორც ამის რეკლამირებას ახდენენ ოპონენტები, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს მეცნიერული მტკიცებულებისათვის აუცილებელ პირობას. საზოგადოდ ცნობილია, რომ "მეცნიერული დებულებები გამოთქვამენ არა რომელიმე პიროვნების პოზიციას, არამედ ობიექტურ ვითარებას, ამის გამო ისინი ჭეშმარიტია, მათი უარყოფა კი მცდარი.

მეცნიერება ინტერსუბიექტური მეთოდების გამოყენებით ადგენს უტყუარ და უეჭველ დებულებებს, რომლებიც ყველასთვის ერთნაირად მისაღებია... მეცნიერულ მტკიცებებს აქვს ინტერსუბიექტური ხასიათი, ამიტომაც ის ყველასთვის აუცილებელი და სავალდებულოა" (შეად. ვ. ერქომაიშვილი. "ფილოსოფია", თბილისი. 1994 გვ. 20-23). ასე რომ, მეცნიერული ფორმულა საყოველთაოა და შეუძლებელია ითქვას, რომ ეს განმარტება სწორია მხოლოდ ერთ რომელიმე რეგიონში (ვთქვათ, რუსეთში ან საქართველოში), სადაც გაბატონებული "ეკლესია" ნიკონიანურია, ხოლო თუ იგი საყოველთაოა და ყველა ქვეყნის გაბატონებულ "ეკლესიებთან" მიმართებაშიც სწორია, მაშინ მართლმადიდებლობაც სექტანტობა ყოფილა, რამეთუ მას დღემდე სქიზმად მიიჩნევენ პაპისტები; და თუ დღეს ვინმე "კათოლიკურ" იტალიაში ან ევროპის პროტესტანტული აღმსარებლობის ქვეყნებში, იქ, სადაც მართლმადიდებლობა არ არის გაბატონებული, მართლმადიდებლობის აღორძინებას მოინდომებს, ოპონენტების მიერ შემოთავაზებული "ლოგიკისა" თუ "მეცნიერული" განმარტების მიხედვით, იგი სექტანტი აღმოჩნდება. ამავე მიზეზით სექტანტად თავისუფლად შეიძლება გამოცხადდეს თვით გ. წულაძე, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოყოფილია ოფიციალურ ეკლესიას და სხვა დაჯგუფებას თუ თემს არის შერწყმული.

ამრიგად, სექტისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხზე ზემოთ დამოწმებული მტკიცება ამოსავალ პუნქტად მიიჩნევს ეკლესიის ან სექტის ისტორიული ვითარებით გამოწვეულ მდგომარეობასა და სახელმწიფოში გაბატონებულთა აზრს, რომელიც, სრულიად ბუნებრივია, შეუძლებელია უცდომელი იყოს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი საუკუნეების ისრაელში, სადაც გაბატონებული რელიგია იუდაიზმი იყო, ქრისტეანობა ამ გაბატონებული რელიგიიდან გამოყოფილ ერთ-ერთ სექტად და მწვალებლობად ითვლებოდა. აი როგორ უჩივიან წმ. პავლე მოციქულს ანანია მღვდელმთავარი და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი: " ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძვრელი ყოველთაშორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაი (საქმე 24:5). "გალილეველთა მწვალებლობაში" ასეთი არასათანადოდ მოტივირებული და გამოუკვლეველი ბრალდებები მხოლოდ იუდეველთა მხრიდან ქრისტეანობისადმი აკვიატებული სიძულვილის მაჩვენებელია" (Толковая Библия; изд. преемников А. П. Лопухина. Петербург 1904-1913. Репринт).

დღემდე უცვლელია სინედრიონის ეს პოლიტიკა ქრისტეს ეკლესიის მიმართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქრისტეანობის სამოსს ამოფარებულმა მგლებმა უკვე არა იუდეველობას, არამედ მათ მიერ ფალსიფიცირებულ "სახელმწიფო ეკლესიებს" მოარგეს იგი. ჩვენ სექტის თეოლოგიურ განმარტებას, მის სტრუქტურულ და არსობრივ დახასიათებას ვითხოვთ, ხოლო ნიკონიანური ადეპტები სინედრიონის მიერ შემუშავებულ ისტორიულ-სიტუაციურ და სრულიად აბსურდულ გააზრებას გვთავაზობენ, რასაც არაფერი აქვს საერთო ღვთისმეტყველებასთან.

არის სხვა უზუსტობებიც. ასე მაგალითად, ზემოთდამოწმებულ პირველ განმარტებაში წერია: "სექტა არის სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, რომელსაც ადამიანთა შედარებით (ვისთან ან რასთან შედარებით? – მ.პ.) მცირე რაოდენობა მისდევს". აქ სექტის მეორე თვისებად მცირერიცხოვნებაა მოცემული.

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ სექტა შეიძლება მცირერიცხოვანიც იყოს, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფთ მოსაზრებას, თითქოსდა მცირერიცხოვნება სექტის ნიშან-თვისებაა, რამეთუ ასეთი აბსურდული მტკიცება უამრავ თვისობრივ და თუნდაც ფაქტობრივ წინააღმდეგობას წარმოქმნის. ასე, მაგალითად, მცირერიცხოვან სექტა გამრავლების შემთხვევაში "ეკლესიად" "გარდაიქმნება" და ამ გაგებით ბაპტისტთა (დაახლ. 50 მლნ-ზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში) და იეღოვას მოწმეთა (4 მლნ-ზე მეტი ადამიანი) სექტები, თავიანთი მრავალრიცხოვნობის გამო, "ეკლესიებად" უნდა აღვიქვათ; ან კიდევ, რადგანაც მაცხოვრის სიტყვების მიხედვით ვიცით, ბოლო ჟამს მორწმუნენი მცირედნი იქნებიან (ლკ. 14:24), და რომ უფლის სამწყსო მცირეა (გვანუგეშებენ კიდევაც: "ნე გეშინის ჩემო მცირე სამწყსოვ, რამეთუ შენთან არს მამაი ჩემი ზეციერი"(ლკ. 12:32), უნდა დავასკვნათ, რომ ამ ნიშნის მიხედვით ქრისტეს ეკლესია "სექტად" გადაიქცევა, რაც აბსურდია.

ასევე მცირერიცხოვანი იყო ეკლესია მისი დაფუძნების პირველ პერიოდში და, თუკი მცირერიცხოვნება სექტის ნიშანია, მაშინ ქრისტეს სექტა დაუფუძნებია და არა ეკლესია; არადა, თავად მაცხოვარი ბრძანებს: "ამინ გეტყვი თქუენ. აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ შემუსრავენ"(მათე 16:18).

დამოწმებულ განმარტებაში ვკითხულობთ: "... ამასთან იგი (ე. ი. სექტა - არქიეპ. პ.) ისეთი სარწმუნოებრივი აღმსარებლობაა, რომელიც უმრავლესობის თვალსაზრისით ცრუდ და მავნედ ითვლება" (ციტ. "ივერიის გაბრწყინება", # 5 (26), 1998 წ. გვ. 12, 2). შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოპონენტთა მიერ დამოწმებული მასალები სრულიად ტენდენციურია და მათ მეცნიერულ დონეზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაინც ვიკითხოთ: რომელი უმრავლესობის თვალსაზრისით? ან ვინ იგულისხმება ამ უმრავლესობაში? მართლმადიდებლური ესქატოლოგიური სწავლების მიხედვით, ანტიქრისტეს გამეფების პერიოდში დადგება დრო, როდესაც მართლმადიდებლობას ცრუდ და მავნედ ჩათვლიან უმრავლესობაში მყოფი მისი მოწინააღმდეგეები. მაშ, ეკლესია იმ დღიდან სექტად იქცევა? ან განა ასე არ იყო ქრისტეანული წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც ახალშობილი ქრისტეანული რელიგია ცრუ და მავნე იყო მმართველი სინედრიონის თვალთახედვით? და მეორეც" როდისმე თუ გაუზიარებიათ წმინდა მამებს გაბატონებული უმრავლესობის აზრი, თუკი უმრავლესობა მწვალებელი იყო?

იმავე წყაროში გვხვდება კომენტარი, რომ უძველეს ეპოქაში სიტყვა "სექტა" და "ერესი" გამოიყენებოდა, "როგორც სრული სინონიმები" (იქვე, #5 (26), 1998 წ. გვ. 12, სვ. 2). ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მეორე განმარტებაში მოცემული სიტყვებიც: "სექტანტობის მისადაგება შესაძლებელია ორთავე კანონიკური ცნების: როგორც – განხეთქილების (სქიზმის), ასევე – მწვალებლობისადმიც (ერესისადმი)" (იქვე. სვ. 3). განათლებულმა მკითხველმა უწყის, რომ ესა თუ ის სიტყვა ან ცნება ხშირად დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი შევიწროებას ან გაფართოებას განიცდის. ამ გაგებით "სექტა" და "ერესი" მართლაც იდენტურნი არიან. მაგალითად, ლათინურად Sectam alicujus ვიღაცის მიმდევრობას, სწავლებას, მიმართულებას, სკოლას ნიშნავს (ვთქვათ "სტოიკოსთა სკოლა" – Sectam stoicorum) ("Тоталитарные секты: свобода от совести". Москва 1997 г., стр. 80).

იგივეს აღნიშნავდა სიტყვა airesis – "ერესი". ის გამოიყენებოდა ფილოსოფიურ მიმართულებათა და სკოლათა აღსანიშნავად (დიაკვანი ანდრია კურაევი. დასახ. ნაშრ. გვ. 150). ე.ი. "სექტა" და "აირესის" ერთი და იგივე სიტყვის – "სკოლის" აღმნიშვნელი სინონიმები გახლდათ, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი პოლიტიკურ და ფილოსოფიურ სკოლებში ეს მაშინ მისაღები ტერმინი იყო, რელიგიურ სფეროში საძრახის მოვლენად ითვლებოდა, კერძოდ, ეს იყო მწვალებლობა, არასწორი მოძღვრება, "ერესი" – დღევანდელი გაგებით. თუმც აღნიშნული ადგილი ჩვენს მოსაზრებასაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც სექტა, როგორც მთლიანი მართლმადიდებლური მოძღვრების უარმყოფელი, აუცილებლად ერეტიკულია.

გარდა ამისა, გარკვეული გაგებით თვით სექტაც შეიძლება იწოდებოდეს ეკლესიად. "ეკლესია" ბერძნული სიტყვაა და შესაკრებელს ან შეკრებას ნიშნავს და, თუ მას არა მკაცრი მართლმადიდებლური გაგებით, არამედ წმიდა ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე მივუდგებით, მაშინ სექტაც ეკლესიაა და "ეკლესია" და "სექტა" სინონიმებია. წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც, მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19:40) და რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს (ესენი "წმინდა წყლის" სექტებია – მ.პ.) და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე  (საყოველთაო – მ.პ.) ეკლესიაში, ამიტომაც ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: " სად არის საყოველთაო ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა" (წმ. კირილე იერუსალიმელი. კატეხიზმო. ჰომილია 16. § 26).

ასე, რომ შეგვიძლია თვით "გაბატონებულ ეკლესიებსაც" სექტა ვუწოდო და, პირიქით, სექტასაც ვუწოდოთ "ეკლესია".

ტერმინთა ასეთი აღრევა და მათი გაუაზრებლობა დღევანდელი, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით, მხოლოდ მკითხველის დასაბნევად და იმაში დასარწმუნებლად გამოიყენება, თითქოსდა არაფერი შავდება, თუკი ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას (ან ნებისმიერ მართლმადიდებლური აღმსარებლობის კონფესიას) "სექტას" ვუწოდებთ, მაგრამ ასეთი მსჯელობა ტყუილსა და დანაშაულს შეიცავს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამ ტერმინებს ("სექტა" "ერესი") რელიგიური გაგებით აღიქვამს, ამ მხრივ კი ის უარყოფითი ტერმინია; და მეორეც: ამ ცნებათა არადანიშნულებისამებრ ბოროტი გამოყენებით ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდ აქეზებს იმ ბრბოს, რომელიც საკითხში ჩაუხედავია; ამგვარმა პოლიტიკამ შეიძლება მოგვცეს მეტად ტრაგიკული და სავალალო შედეგი. მაცხოვრის ჯვარმცმელი და ქრისტეანთა მდევნელი ბრბო ამისი მეტად თვალსაჩინო მაგალითია.

მაგრამ მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ გ. წულაძის მსჯელობას და გავერკვეთ მაინც რამ გამოიწვია მისი გაგულისება ქართველ ძველმართლმადიდებელთა მისამართით. წულაძის გაგულისება გამოწვეულია რამოდენიმე მომენტით, კერძოდ:

1. ზოგიერთ მართლმადიდებლურ ხატზე გამოსახული თითთაწყობის უარყოფით, რომელიც გ. წულაძეს პირჯვრისწერისა და კურთხევისთვის აუცილებელ წყობად მიუჩნევია. ამ მიზნით, ანუ პირჯვრისსაწერად და კურთხევის გასაცემად, ძველმართლმადიდებლური ქრისტეანობა აღიარებდა და აღიარებს მხოლოდ ერთ წესს - ორი თითით პირჯვირსწერას. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ რას ეფუძნება ეს აღსარება და არსებობს თუ არა მსგავსი საფუძველი სამი თითით, ან ე. წ. "სახელობითი" კურთხევის გაცემის აღიარებისთვის.

2. არ ვაღიარებთ მათი ეკლესიის მიერ შერაცხილ წმინდანებს (ანუ XVII ს-დან, ნიკონის რეფორმის შემდგომ შერაცხილთ), რასაც ლამის შეურაცხყოფად აღიქვამს ჩვენი ოპონენტი.

მივყვეთ ოპონენტის გაგულისების მიზეზებს თანმიმდევრობით.

პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის მამტკიცებელ საბუთებად ჩვენ ვიყენებთ:

1. წმიდა მამათა სწავლებას პირჯვრისწერაზე და მის განმარტებას და 2.  საეკლესიო კრებათა კანონიკურ დადგენილებებს.

ხოლო ხატმწერლობას, რომელსაც ხშირად ეფუძნებიან ჩვენთან მოდავე ოპონენტები, წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე წყაროს, რადგან მიუხედავად იმისა, მართლმადიდებლური ხატები მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების უტყუარ ასახვას წარმოადგენენ, სხვადასხვა ეპოქაში (გამომდინარე იქიდან, რაოდენ დახვეწილი იყო თვით ხატწერის ხელოვნება) ხატებზე გამოსახული დეტალები განიცდიან ცვლილებებს, უზუსტობებს და ზოგჯერ დარღვევებსაც კი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ხატი მოგვიანებით მწვალებლებმა გადააკეთეს, ხოლო ზოგიერთი მათგანის დამწერის ვინაობა ცნობილი არ არის და ძნელია იმისი თქმა, რამდენად შეიძლება ესა თუ ის ხატი მართლმადიდებლური ეკლესიის მკაცრი სწავლების გამოხატულებას წარმოადგენდეს. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო და კარგი იქნება თუ საკითხის სპეციალისტებს მოვუსმენთ, რომელთაც განმარტებული აქვთ ეს საკითხი.

ამრიგად, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი წყაროები ნებისმიერი მართლმადიდებლური სწავლების შეუვალი ფუნდამენტი გახლავთ და მათი უარყოფა თვით მართლმადიდებლობის უარყოფის ტოლფას ქმედებას წარმოადგენს. ამიტომაც, როდესაც ორი თითით პირჯვირსწერისა და კურთხევის გაცემის პრაქტიკას მივსდევთ, ვიცავთ მათ სწორედ ამ სამი ფუძემდებლური წყაროებიდან გამომდინარე და ოპონენტებისგანაც საკუთარი პრაქტიკის გამართლებას იმავე პრინციპით ვითხოვთ; ანუ მათ უნდა აჩვენონ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა (ასევე "სახელობითი" წყობით კურთხევის გაცემა) არის წმიდა მამათა სწავლება განმტკიცებული საეკლესიო კრებების მიერ (ცხადია, წმიდა მამებში XVII ს-მდე გაბრწყინვებულ მამებს ვგულისხმობთ). შესაბამისი მასალების წარმოდგენის გარეშე იძულებულნი ვიქნებით განვაცხადოთ, რომ ოპონენტების მიერ წარმოდგენილი საეკლესიო პრაქტიკის მიღებისთვის არანაირი მართლმადიდებლური საფუძველი არ არსებობს.


პირჯვრისწერის შესახებ


თავიდან მოკლედ განვმარტავთ რა არის კურთხევა და პირჯვრისწერა: ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებს შორის მრავალი საწესჩვეულებო და ლიტურგიკული შინაარსის მქონე სწავლა-მოძღვრებითი განსხვავებაა, მათ შორის ერთ-ერთია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესები. ძველმართლმადიდებლური ეკლესია პირჯვრისწერას ასწავლის ძველი, საეკლესიო გადმოცემის თანახმად. თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი:

"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს" (იხ. სურ. 1) (იხ.м. Макарий. История Русской церкви. Том 5. Отдел 1. ГЛАВА I. http://magister.msk.ru/library/history/makary/mak5101.htm).

პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139, ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა").

ამიტომაც, ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავს ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"

საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос - да будет проклят!" (Стоглав, изд. втор. Казань, 1887 г., гл. 31, стр. 65).

აქვე განმარტებულია, რომ ეს კრულვა წმ. მამათა განჩინებას ეყრდნობა, ხოლო თუ გვკითხავენ, ამგვარი ანათემა სადღა წარმოთქვეს წმ. მამებმაო, პასუხად იმავე იაკობიტთა და მონოფიზიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს დავასახელებთ, სადაც გამოთქმულია ეს კრულვა.

ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტეანი პირჯვარს უნდა იწერდეს ორი თითით და არა სხვაგვარად. ქვემოთ მოცემული გალერეა სრულიად წარმოაჩენს ამის დამამტკიცებელ ფაქტობრივ მასალას.

იხ. გალერეა:
ორი თითით პირჯვრისწერის გამომსახველი მართლმადიდებლური ხატები.
ან კიდევ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე: სერბიული ხატები ორთითიანი წყობით.

როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა ეპოქაში (გამომდინარე იქიდან, რაოდენ დახვეწილი იყო თვით ხატწერის ხელოვნება) ხატებზე გამოსახული დეტალები განიცდიდნენ ცვლილებებს, უზუსტობებს და ზოგჯერ დარღვევებსაც კი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ხატი მოგვიანებით მწვალებლებმა გადააკეთეს, ხოლო ზოგიერთი მათგანის დამწერის ვინაობა ცნობილი არ არის და ძნელია იმისი თქმა, რამდენად შეიძლება ესა თუ ის ხატი მართლმადიდებლური ეკლესიის მკაცრი სწავლების გამოხატულებას წარმოადგენდეს. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო და კარგი იქნება თუ საკითხის სპეციალისტებს მოვუსმენთ, რომელთაც განმარტებული აქვთ-თქო ეს საკითხი. ამ თემაზე ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიკამათეთ ზოგიერთ ფორუმზე (ეს დიალოგები სრულად არის გამოქვეყნებული ჩვენს ოფიციალურ საიტზე: განყოფილებაში "პირჯვრისწერა" და განყოფილებაში
"კითხვა-პასუხი" ამიტომაც აქ ამ თემაზე აღარ შევჩერდები. დაინტერესებული პიროვნება ისედაც ნახავს გამოქვეყნებულ მასალას, ხოლო თუ კაცს ეს საკითხი არ აინტერესებს, არც აქ მიაქცევს ყურადღებას.

მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც გვინდა გ. წულაძეს განვუმარტოთ. ამ საკითხში ხშირად არის გაურკვევლობა და უთავბოლო კამათი. მრავალ ძველ ხატზე თითების წყობა სხვადასხვაგვარად არის გამოსახული, რაც ხშირად კურთხევის ან პირჯვრისწერის წესი ჰგონიათ. ავტორიტეტული მკვლევარები (მაგ.: პროფ. ე. გოლუბინსკი) ამტკიცებენ, რომ თითების ამ წყობას საკუთრივ კურთხევასთან და პირჯვრისწერასთან არაფერი აკავშირებთ, რადგან ეს არის ე. წ. "ორატორული" ჟესტი, რომელსაც ხატების მქადაგებლობის ან ამა თუ იმ ქმედების აღსანიშნად იყენებდნენ ხატმწერნი. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებლის, მღვდელ დიმიტრი იურიევიჩის სტატია სათაურით: "ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში". კარგი იქნება თუ გ. წულაძე გაეცნობა ამ სტატიას და მიხვდება, რომ თითების წყობა ხატებზე ყოველთვის როდია კურთხევის ან პირჯვრისწერის მაჩვენებელი.


წმინდანთა შესახებ


მომდევნო საკითხი, რომელმაც ასევე გამოიწვია გ. წულაძის გულისწყრომა გახლავთ ახალმოწესეთა წმინდანთა უარყოფის საკითხი. გ. წულაძეს რატომღაც გაუკვირდა, რომ ჩვენ, ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არ ვაღიარებთ მათი ეკლესიის მიერ აღსრულებულ წმინდანთა კანონიზაციას. მას აღაშფოთებს ის, რომ არ ვცნობთ იოანე მაქსიმოვიჩს, გაბრიელ ქიქოძეს და ა. შ. მაგრამ საქმეში ჩახედულ ადამიანს ამგვარი გაგულისება მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის.

ერთიც საკითხავია, ასე რომ ბრაზდება იოანე მაქსიმოვიჩისა თუ გაბრიელ ქიქოძის კანონიზაციის უარყოფაზე, რატომ იმას არ ამბობს (თუმცა შესაძლოა არ იცის), რომ მისმა ეკლესიამ გაუნათლებლებად შერაცხა მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიანად" წოდებული კრების მამები, ისეთები, როგორებიც იყვნენ მაგალითად, კრების თავმჯდომარე, უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი, ცნობილი საკითხავი თვენის შემდგენელი; სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედი მამები: გური და ბარსონუფი, წმ. აკაკი ტვერელი და სხვები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ კრებას, უმეცრებად გამოაცხადეს მხოლოდ იმიტომ, რომ დააკანონეს ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევის გაცემა, ასევე ორჯერადი ალილუია და მრავალი სხვა რამ. მოგვიანებით ნიკონის რეფორმატორულმა გუნდმა ყოველგვარი კვლევა-ძიებისა და მტკიცებულებების გარეშე ძველი საეკლესიო გადმოცემები "მწვალებლურად" გამოაცხადა.

მოდით, ვკითხოთ ჩვენს ოპონენტ "მართლმადიდებლებს", რატომ გამორიცხეს წმინდანთა დასიდან რეფორმამდე სამი საუკუნის განმავლობაში უხრწნელად მდებარე წმინდანი ანნა კაშინსკაია? რატომ შეურაცხყვეს უდიდესი რუსი მამები? თუ რუსეთის ეკლესიის წმინდანებზე და, საერთოდ, რუსეთის ეკლესიის პატივისცემაზეა ლაპარაკი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხის ისტორია 19-ე საუკუნიდან და სერაფიმე საროველიდან კი არ იწყება, არამედ 9-ე საუკუნიდან და ჰყავს სერაფიმე საროველზე უფრო დიდი მოღვაწეები.

საგულისხმოა, რომ გაბატონებული ეკლესიის ადეპტებს თითქმის ზეპირად აქვთ შესწავლილი სერაფიმეს "სასწაულები", მაშინ, როდესაც მათთვის აბსოლუტურად უცნობია ძველ მართლმადიდებლობასა და ძველ ბიზანტიურ გადმოცემათა განუხრელ მიყოლაში გაბრწყინვებული წმინდანები: აკაკი ტვერელი, გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, ანა კაშინსკაია, იოანე ნოვგოროდელი და სხვები.

ყურადსაღებია მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაც. ჩვენ, როგორც ძველმართლმადიდებელნი, ასევე გაბატონებული რეფორმატორებიც, ერთხმად ვაღიარებთ, რომ წმინდანად ვერ შეირაცხება ქრისტეს ეკლესიას და მის მცნებებთან დაპირისპირებული ადამიანი. ნებისმიერ ქრისტეანს წმინდანად შეიქს არა მხოლოდ მისი პატიოსანი ცხოვრება, არამედ მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეკლესიის წმიდა გადმოცემების ერთგული დაცვა. აქედან, გაუგებარია, როგორ შეიძლება წმინდანი იყოს ის, ვინც არათუ არ ერთგულებს ამ გადმოცემებს, არამედ, პირიქით, ებრძვის მას და ცდომილებადაც კი მიიჩნევს, რითაც, სხვათა შორის, განიკითხავს მანამდე მოღვაწე, ამ გამოცემათა მიმდევარ სხვა უდიდეს წმინდანებს; და თვით ქრისტესა და მის მოციქულებს, ამ გადმოცემათა მომნიჭებელთ?

ამიტომაც, ცოტა უცნაურია ძველმართლმადიდებელთა ოპონენტების კატეგორიული ტონი და მოთხოვნა, თითქოსდა ძველმორწმუნე ქრისტეანებმა თურმე აუცილებლად უნდა სცნონ წმინდანად სერაფიმე საროველი, გაბრიელ ქიქოძე და იოანე მაქსიმოვიჩი.

მაშ, ვიკითხოთ, რომელი კონფესიაა მართლმადიდებლური და ჭეშმარიტი? რომელსა აქვს ღვთის მადლი და რომელს არა? რომელში აღესრულება ჭეშმარიტი სასწაულები და რომელში ცრუ და ყალბი? საწყენად და შეურაცხყოფად ნუ მიგვიღებს გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის საეჭვო ამ მხრივ მათი ეკლესიის "წმინდანთა" აგიოგრაფიაშიც.

სერაფიმე საროველის ცხოვრებაში, მაგალითად, ვხვდებით აშკარად ცრუ სასწაულებს, რომელთაც ამ ბოლო დროს უარყოფენ თვით ნიკონიანელებიც. არის ხიბლისმიერი მომენტებიც (რად ღირს თუნდაც, სერაფიმეს დანაბარები ამოთხარონ დიდი ორმო (ანუ სანგარი) დივეევოს მონასტრის ირგვლივ, რათა ანტიქრისტემ ვერ შეძლოს მისი გადმოლახვა; წმიდა წერილის საწინააღმდეგო სწავლებები (მაგ.: მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომამდე, მისი, ანუ თვით სერაფიმეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ); ან აშკარა ფილეტური სწავლება იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ღმერთს თურმე ჰყავს მხოლოდ ორი რჩეული ერი - რუსები და ებრაელები ყველა დანარჩენი კი არის ფურთხი და ჭუჭყი).

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა არ სურდა რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მმართველ ორგანოს, ე. წ. "წმინდა სინოდს". რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? ოფიციალური, გაბატონებული ეკლესიის ისტორიკოსი ბ. კუტუზოვი თავის სტატიებში ხაზს უსვამს სერაფიმე საროველის ძველმოწესეობრივ გარეგნობას - ნიკონამდელი ბარტყულა (ბერების თავსაბურავი - რედ.), მანტია და კრიალოსანი  ("ლესტოვკა", რომლითაც გამოისახებიან მხოლოდ ძველმორწმუნენი).

კიდევ ბევრი რამის თქმა შეგვეძლო გ. წულაძის სასცილო გამოხდომების გამო. რად ღირს თუნდაც მისი გაკვირვება ჩემი სულიერი შვილის მხრიდან ჩემი მისამართით გამოთქმული "მაკურთხე დიდო მეუფეო"-სთან დაკავშირებით. გ. წულაძე გასაგებია რომ ჩემს სამღვდელმთავრო ხარისხს არ აღიარებს, მაგრამ აღიარებს მას ჩემი სულიერი შვილი და ამგვარი მიმართვა მღვდელმთავრისადმი სწორიცაა და ჯეროვანიც. როგორც ჩანს ამგვარი რამ უცხოა "პოლიტიკურად" დამუხტული და რელიგიურად დაცლილი წულაძისთვის.

ჩვენ შეგნებულად არ ვებმებით პოლემიკაში არც გ. წულაძესთან და არც მის მსგავს "პოლემისტებთან", რომელთაც იმდენი ვაჟკაცობა და რაინდობა არ გააჩნიათ, რომ ზურგს უკან არ ილაპარაკონ იმ ადამიანებზე, რომელთაც პასუხის გაცემის შესაძლებლობა არა აქვთ. ამ მხრივ თვით საპატრიარქოს ადეპტებიც კი უკეთესად გამოიყურებიან, რადგან მათ ფორუმებში, სადაც უფრო გამძაფრებული პოლემიკა გვქონდა, ვიდრე გ. წულაძესთან, არც კი მოფიქრებიათ ჩვენი გაგდება, რადგან უწყოდნენ, ამის გაკეთება იქნებოდა საკუთარი უსუსურობის აღიარება და დიდი მარცხი.

როგორც ჩანს ბ-მა წულაძემ ეს ჯერ არ იცის.


თბილისი. 2013 წ. 3 მაისი.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика