წერილები - გათელილი ჯვარი... საპატრიარქოსთან - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ვასილ ბურკაძე

გათელილი ჯვარი... საპატრიარქოსთან?!


გაზ. "ივერიის გაბრწყინება" 1995 წ. 18 ივლისი-28 ივლისი. გვ. 4)


ჯვარცმა

უკვე წელიწადზე მეტია, რაც თბილისში, საპატრიარქოს ბაღში, კარის წმიდა გიორგის ეკლესიის მახლობლად აღმართულია უჩვეულო ძეგლი - საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო, რომელიც საფრანგეთიდან საჩუქრად გადმოეცა ქართველ ხალხს და თვით პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიდგა აქ.

ძეგლი წარმოადგენს სვეტს, წრეში მდგარი ოთხი ქალის ქანდაკით, რომელთაც თავს ზემოთ დედამიწის გამომსახველი ნახევარსფეროებრი თაღი უკავიათ; თითოეული ქალის ქვეშ შესაბამისი წარწერაა ფრანგულ ენაზე,
გადმომცემი იმ მცნებებისა, რომელთაც ეს ქალნი განასახიერებენ: "ძმობა", "ერთობა" (ანუ "თანასწორობა"), "თავისუფლება" და "საფრანგეთის დიდი რევოლუცია, პარიზი 1789-1793 წლები"; მაშასადამე, ძეგლის ავტორთა აზრით, დედამიწა, ანუ მთელი კაცობრიობა ამ ოთხ რაიმეზე დგას.

უკანასკნელ წარწერას, გარდა ამისა, მიწერილი აქვს: "ტფილისი, 1918 წლის 26 მაისი", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძეგლის დამდგმელთა შეხედულებით, საქართველოში სოციალ-დემოკრატების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთის რევოლუციას, ანუ იმ ღვთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო მოვლენას, რომელმაც აქამდე არნახული უკანონობა, უღმერთობა, მძვინვარე ტერორი და აღვირახსნილი, კერპთაყვანისმცემლურ რიტუალამდე აყვანილი გარყვნილება დაატეხა თავს მონარქიულ საფრანგეთს და მთელი ევროპის მომავალი ცხოვრებაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა.

დღეს უკვე ცხადია, რომ ყოველი რევოლუცია იყო და არის ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოების, ხალხის ბუნებრივი პატრონების - ცხებული მეფეებისა და ღმრთივდადგენილი მწყემსის - ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბოროტმოქმედება.

და აი, საპატრიარქოსთან აღმართული ძეგლი კადნიერად განადიდებს ამ ბოროტმოქმედებას მისი ყალბი ლოზუნგითურთ - "ძმობით, ერთობით და თავისუფლებითურთ", რაც ყოველთვის მიუღწეველი იყო და განუხორციელებელიც, რამეთუ ღმერთმა იერარქია, ანუ უფროს-უმცროსობა, ნიჭისა და ღირსების სხვადასხვაობა დაუდგინა ადამიანებს და - მოვალეობაც მსახურებისა ოჯახისადმი, საზოგადოებისადმი, ქვეყნისადმი, მეფისადმი, ეკლესიისა და ღმერთისადმი, და არა ყოვლის წამლეკავი თვითნებობა; ხოლო ძმობას რაც შეეხება, მასზე უმაღლესად მეგობრობა დაგვიწესა უფალმა და თავდადება მოყვასისათვის, რამეთუ შეუძლებელია ყველა ყველას ძმა იყოს - ქრისტეს მსახურიც და სატანის მონაც... სწორედ ამ ბოროტმოქმდებას - რევოლუციას უკავშირებენ ძეგლის დამდგმელნი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და ისინი, ალბათ, სულით და საქმით ქართველი მენშევიკების მემკვიდრენი არიან, რადგან ამ უკანასკნელთათვისაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ რევოლუციის ერთ-ერთი მანევრი იყო, მიმართული ქართველი ხალხის მოსატყუებლად, და არა მართლაც ნამდვილი აღდგენა ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა და ქართველი უღმერთო სოციალ-დემოკრატების მზაკვრობა სულ მალე დადასტურდა კიდეც, როცა მათ ხალისით დაუთმეს ადგილი თავიანთ "ძმებს" - მძვინვარე ღვთისმბრძოლ ბოლშევიკებს... მაგრამ ეს ვრცელი საუბრის საგანია. ჩვენ კი ამჯერად სხვა, მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაზე გვსურს გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება.

ყველა, ვინც საპატრიარქოს ბაღში მივა და ხსენებულ ძეგლს ნახავს, ადვილად დარწმუნდება, რომ პოსტამენტად, საფუძვლად მას ჯვარი აქვს! მაშასადამე, ეს ძეგლი, რომელიც თავისი არსით (ვითარცა რევოლუციის სიმბოლო) წარმოადგენს ღვთის გმობას, გარეგანი სახითაც მკრეხელურია და მიუღებელი, რამეთუ ჯვარის გამოსახულებას თელავს, შეურაცხყოფს.

VI მსოფლიო საეკლესიო კრების 73-ე კანონი პირდაპირ განგვიწესებს, რომ "ცხოველმყოფელ ჯვარს უნდა მივაგოთ ღირსი პატივი და არ გამოვსახოთ იგი მიწაზე" (იხ. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987 წ., გვ. 553). ცხადია, რომ რაკი ჩვენი ძეგლის შემთხვევაში ჯვარის გამოსახულება, გაკეთებული მარმარილოსგან, ქვემდებარეა, მიწაზე გართხმულია და მას ზემოდან ღმერთის მოწინააღმდეგეთა სიმბოლური ძეგლი ადგას, ამდენად იგი გათელილია, შებილწულიც კი!

მიწაზე გამოსახულს ჯვარის ნიშს ზემოდან ძალზე მშვენიერი, ღვთისმოშიშებით აღსავსე ძეგლიც რომ ედგას, ეს მაინც უჯერო რამ იქნებოდა, რადგან ჯვარის - ადამიანთა ხსნის ამ საკვირველი და წმიდა ხატის გათელვა, ქვე-მდებარედ გამოსახვა არამც და არამც არ შეიძლება.

საპატრიარქოსთან აღმართული ძეგლი კი არაორაზროვნად გვიღაღადებს, რომ ჯვარზე აღმატებულ რამედ მის ავტორ-დამდგმელთ მიაჩნიათ რევოლუცია, ანუ, როგორც ითქვა, ეკლესიის, სარწმუნოებისა და სჯულიერი ხელმწიფების საწინააღმდეგო ქმედება.

შესაძლოა საპატრიარქოს მესვეურებმა, რომელთაც აკურთხეს ეს ძეგლი, არც იცოდნენ (ანდა არ სჯეროდეთ) რევოლუციის ამგვარი - სატანური არსი, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან ზედმიწევნით იცოდნენ ქრისტიანული სიწმინდეების ჯეროვანი დაცვა, რომელთა შორის უფლის ჯვარი უპირველესია, რამეთუ მასზე და მისით აღასრულა იესო ქრისტემ კაცობრიობის ხსნა, და იგია სასწაული ძისა კაცისა, რომელიც გამოუჩნდება ადამიანებს ცაზე უფლის მეორედ მოსვლის წინ განკითხვად ცოცხალთა და მკვდართა...

ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი ჩვენი ერთგულების მტრები ამ ღვთისმგმობი ძეგლის აღმართვით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოსთან თითქოს უტიფრად ამას გვეუბნებიან: ქრისტეს ჯვარი ძლეულია სატანის მსახურთა მიერ, ეკლესია დამარცხებულია და მისი წინამძღოლნიც უკვე ღმერთის მოწინააღმდეგეთა ნებას ემორჩილებიანო!... მაგრამ მათ არ უწყიან, რომ უფლისავე ძალმოსილი სიტყვით, მისი ეკლესია უძლეველია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ მისი რჩეული ძალები, ვერ ერეოდიან მას; მათ არ სჯერათ ეკლესიის სიწმიდე და უძლეველობა, რადგან უგუნურნი არიან, უარმყოფელნი შემოქმედი ღმერთისა, და ამის გამო ბორგნეული სიცოფით შეპყრობილნიც, მსგავსად თავიანთი ცრუ და მკვლელი მამისა, ეშმაკისა, რომელმაც იცის ჭეშმარიტი ღმერთი, მისი სიწმიდე, ძლიერება და უვკდავება, მაგრამ მაინც წინა-აღუდგება მას, მაინც ცდილობს დაღუპოს მისი ქმნილების გვირგვინი - ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი...

თბილისში ამ მკრეხელური, ღვთისმგმობი და წმიდა ჯვარის შეურაცხმყოფელი ძეგლიდან სულ რაღაც ორიოდ წუთის სავალზე არის წმიდათაწმიდა ალაგი, სადაც ოდესღაც ასიათასმა თბილისელმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო ურჯულო დამპყრობელთაგან "მხოლოდ და მხოლოდ" იმისთვის, რომ არ ისურვა ქრისტიანული სიწმიდის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა, ფეხით გათელვა!...

დღეს კი ყოველი ჩვენგანი ამ ძეგლის ოდენ ხილვითაც კი შეურაცხყოფს და თელავს კიდევ უფრო დიდ სიწმიდეს ქრისტეს ეკლესიისა, ანუ მთელი კაცობრიობისა და სამყაროისა - საკვირველ ჯვარს ჩვენი უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი, რომელსაც შიშით, ძრწოლით, სიხარულითა და მოწიწებით უნდა განვადიდებდეთ თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.





გაზ. "ივერიის გაბრწყინების" 1995 წლის ივნის-ივლისის ნომრის პირველი და 4-ე გვერდები ზემოთმოტანილი პუბლიკაციით.


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика