წერილები - ეკლესიისთვის გამონაკლისი კანონი არ არის - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

ეკლესიისთვის გამონაკლისი კანონი არ არის!

ეკლესიოლოგია

ძველმართლმადიდებლებთან დავაში, ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები ხშირად იმოწმებენ ცალკეულ შემთხვევებს, რომლებშიც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (მაგ. ნათლობა) აღსრულებულია დადგენილი საეკლესიო წესისგან გადახრით, სხვაგვარად. დარღვეულია ნათლობისთვის დაწესებული ის აუცილებელი მომენტები, რომლის გარეშე ნათლობა შეუძლებელია ნათლობად ჩაითვალოს (მაგ. მოსანათლავის სამჯერადი შთაფლვა წყალში, მოთხოვნა ნათლობის აღმასრულებელი, ანუ მღვდლის შესახებ და სხვა).

ასეთი შემთხვევები აბნევს ბევრ ქრისტეანს და აფიქრებინებს, რომ თითქოსდა სავალდებულო არ იყოს ნათლობის შესრულება მხოლოდ ერთი ფორმით, - სამჯერადი შთაფვლით წყალში და წმ. სამების სახელის მოწოდებით. მეტიც, ოფიციალურ ეკლესიებში, სადაც მასობრივად და საყოველთაოდ არის გავრცელებული ნათლობის ლათინური ფორმა, წყალპკურება - ამგვარ გამონაკლის შემთხვევებს თავიანთი უსჯულო პრაქტიკის გასამართლებლად იყენებენ და ამტკიცებენ, რომ წყალპკურებითი ნათლობაც ისევე ანიჭებს მოსანათლს მადლს, როგორც მისი უძველესი, შთაფვლითი წესი.

მოდი, შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში.

თავიდანვე აღვნიშნავთ და შემდეგ ამის დამტკიცებას შევეცდებით, რომ გამონაკლისი შემთხვევა კანონი არ არის ეკლესიისთვის!

კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-17 კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (იხ. საქ. ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 377).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათდ მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-х т. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540) (იხ. აგრეთვე: http://www.moral.ru/encyclopedia/r.htm#редко).

წმ. ისააკ ასურელიც ბრძანებს, რომ: "საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს, საერთო განაწესზე არ უნდა ჰქონდეთ ზეგავლენა (წმ. ისააკ ასურელი. ჰომილია 1).

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-22).

ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права М.:"Зерцало",1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს, - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ, ბავშობისას, ზღვის ქვიშაში, თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მსახრობით იქნა ნათელღებული და რის გამოც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი, ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს".

ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით - დაუშვებელია!

ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ ემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, რომლებიც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-მრუშობის ცოდვით, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ ქვეყნიერების მნათობებივით გაბრწყინვებულა თავისი ასკეტური ცხოვრებით; თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია სამღვდლო ხელდასხმა და თუ ასეთი რამ იშვიათად მაინც მომხდარა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საზოგადო წესი" (Деяния VII всел. Собора. Деяния всел. Соборов; изд. 2-ое. Казань, 1891, т. 7, стр. 328).

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ გამონაკლის შემთხვევათა სხვადასხვაგვარი კატეგორიები არსებობს. მათგან ძირითადად გამოვყოფთ ორს: ღმრთის მიერ დაშვებულსა და ეკლესიის მიერ ნებადართულს.

პირველი კატეგორიის გამონაკლისები, როგორც უკვე ვთქვით, ღვთის შთაგონებით ან მისი მიუწვდომელი განგებულებით აღესრულება და წარმართთა მოსაქცევ ნიშად არის ბოძებული. ასეთი გამონაკლისებია, მაგალითად, უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლა: გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქრისტეანებმა, რომელთაც წყალი არ ჰქონდათ, აღარ იცოდნენ როგორ დაეკმაყოფილებინათ მომაკვდავი ებრაელის თხოვნა მოენათლად იგი სიკვდილის წინ. მაშინ, ერთ-ერთმა მათგანმა, "ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა", თქვა "ააყენეთ და გააშიშვლეთ". დიდის ვაივაგლახით წამოაყენეს ავადმყოფი და გახადეს ტანისამოსი. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა პეშვით აიღო ქვიშა და სამჯერ გადაუტარა თავზე ებრაელს სიტყვებით: "ინათლება მონა ღვთისა თევდორე სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ხოლო ჩვენ წმ. სამების თითოეული პირის მოწოდებაზე ვამბობდით: "ამენ". და მოხდა სასწაული, "იესუ ქრისტემ, ძემ ცოცხალმა ღმრთისა, განკურნა და განაძლიერა დავრდომილი..." ქ. ასკალონში მოსულებმა ყოველივე, რაც მათ უდაბნოში შეემთხვათ, ქალაქის ეპისკოპოსს, ნეტარ დიონისეს მოუთხრეს, რომელიც "განცვიფრებული დარჩა ამგვარი საკვირველი ნიშით" (Жемчуг духовный. Вып. Первый. Новозыбков. 1992 г, стр. 228).

მოცემული შემთხვევა, რომელიც, სხვათა შორის, ზეშთაგონებით აღსრულდა, ნათელი დადასტურებაა სწორედ შთაფვლითი ნათლობისა და არა "პკურებითისა". თუ არა შთაფლვის იმიტაციისთვის, მაშ რისთვისღა იყო საჭირო მომაკვდავი ადამიანის, რის ვაივაგლახით ფეხზე წამოყენება, მისი განშიშვლება და ნათლობის იმიტაცია, თუ არა იმისთვის, რომ მათი ქმედება ნათლისღების ჭეშმარიტ სახესთან, განშიშვლებულ შთაფვლასთან ყოფილიყო მიმსგავსებული?!

სანამ ამგვარ გამონაკლის შემთხვევათა არსობრივ მხარეს შევეხებოდეთ, სხვა მაგალითებსაც გავეცნოთ:

"მაქსიმიანეს მეფობის 20 წლისთავის აღსანიშნავად რომში ჩამოვიდა დიოკლეტიანე: მრავალი ქრისტეანი დახოცეს მახვილით და მრავალიც მხეცებს შეაჭამეს ზეიმობაზე. ვნებულთა შორის კომედიანტი გენეზიც იყო. თეატრში, იმპერატორისა და ხალხის წინაშე განასახიერებდა რა ქრისტეანს, ვითომცდა დავრდომილმა შესძახა:

- "ეჰ, როგორი დამძიმებული ვარ მეგობარნო ჩემნო, როგორ ვისურვებდი შემსუბუქებას". სხვებმა მიუგეს: "როგორ შეგეწიოთ? ხომ არ მოგაჭრათ რამე რომ შემსუბუქდე?"

- "უგულისხმონო, - თქვა გენეზიმ, - ქრისტეანად მინდა მოვკვდე".

- "იმისთვის, რომ ამ დიად დღეს დევნილად შემიწყნაროს ღმერთმა".

ამის შემდეგ მოუხმო მან მღვდლებს და შემფუცველს (კომედიანტებს, რომლებიც განასახიერებდნენ მათ). როდესაც ისინი მიუახლოვდნენ გენეზის, მღვდელმა (კომედიანტმა) ჰკითხა:
- "რისთვის მიხმე, შვილო ჩემო?"

მაშინ, გენეზიმ, ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა, დიდის სიმტკიცით მიუგო:

- "მსურს მივიღო მადლი ქრისტესი და ხელმეორედ ვიშვა, რათა განმეტევოს მე ცოდვანი ჩემნი".

და მათაც შეასრულეს მასზე ნათლისღების რიტუალი და როდესაც შემოსეს თეთრი სამოსით, ჯარისკაცებმა (კომედიანტებმა) შეიპყრეს და როგორც ქრისტეს აღმსარებელი, დასაკითხად იმპერატორს წარუდგინეს. გენეზი არ დაელოდა იმპერატორის შეკითხვას და შესძახა:

- "ისმინეთ, იმპერატორო და ყოველნო შეკრებილნო, ბრძენნო და მკვიდრნო ამა ქალაქისა! ყოველ ჟამს, როდესაც ქრისტეანს მიწოდებდნენ (იგულისხმება ქრისტეანის როლის შესრულება - არქიეპ. პ.) ზიზღით ვივსებოდი და ამ სარწმუნოების აღმსარებელთ შეურაცხვყოფდი. მე უარვყავ ჩემი მშობლები და ნათესავები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქრისტეანები იყვნენ. იმ ზომამდე მძულდა ეს სარწმუნოება, რომ თქვენდა სასიამოვნებლად ვათამაშებდი მათ საიდუმლოებებს, მაგრამ, როგორც კი განშიშვლებულს წყალი შემეხო და შეკითხვაზე, მწამს თუ არა ქრისტე, მივუგე, რომ მწამს - მყის ვიხილე ხელი ზეციდან გარდამომავალი და ნათელმოსილნი ანგელოზნი ჩემს თავს ზემოთ, რომლებიც სიყრმითგან ჩადენილ ჩემს ცოდვებს კითხულობდნენ წიგნში. ამის შემდეგ მათ ნათლისღების წყალში განბანეს ეს წიგნი და თოვლივით განასპეტაკეს. ამიტომაც, თქვენ, იმპერატორო, და თქვენც, შეკრებილნო, რომლებიც დასცინით საიდუმლოს, ირწმუნეთ ჩემთან ერთად, რომ იესუ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელი და ჭეშმარიტება, რომლის მიერ თქვენც შეგიძლიათ მოიპოვოთ ცხოვნება".

გაბრაზებულმა იმპერატორმა მისი ჯოხით ცემა ბრძანა, ხოლო პრეფექტს დაავალა იძულებული გაეხადა გენეზი უარეყო ქრისტე. უსაშინელეს წამებათა შემდეგ, 25 აგვისტოს, გენეზის თავი მოჰკვეთეს" (Летопись церковных событий; вып. Первый, от рождества Христова до 555 года. Изд. Спб. 1869 г. Лето от рожд. Христова 304. Стр. 89. В. Т. Зеленков. "Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни", часть 1, первая половина; изд. Торое. Москва 1913 г., стр. 199).

ამგვარად მოინათლა და აღესრულა გენეზი. მის მსგავსად მოინათლა წმ. პორფირიუსიც, ისიც ამასხარავებდა ნათლობის საიდუმლოს. "ივლიანე განდგომილის დაბადების დღეს პორფირიუსს ქრისტეანთა ძაგება და გამასხარავება დაევალა, მაგრამ როდესაც შევიდა წყალში და შთაფლვისთვის მოემზადა, შესძახა: "ინათლება პორფირი სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!" რის გამო ეწამა კიდეც. მას თავი მოჰკვეთეს (Четья минея Макарьевская. Месяца сентября 15 день. В. Т. Зеленков. "Выписки…" გვ. 200).

გენეზისა და პორფირიუსის ნათლობის შემთხვევები ცხადყოფენ, რომ აქ განწმენდის მადლის მონიჭება, წარმართთათვის მოსაქცევ ნიშად იყო ბოძებული.

გამონაკლისი შემთხვევები, როგორც ეს ქვიშით მონათლული ებრაელის მაგალითზე ვნახეთ, უფლის განსაკუთრებული ზეშთაგონებით, ამა თუ იმ ფორმით აღესრულება. ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ წმ. გრიგოლ საკვირველთქმომედის ხელდასხმაც:.

მჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოვებულმა და ღვთით ზეშთაგონებულმა ეპისკოპოსმა ფედიმმა ვერ მოახერხა წმ. გრიგოლის ეპისკოპოსად ხელდასხმა (რადგანაც წმ. გრიგოლი გაურბოდა ეპისკოპოსის ამ სურვილს). "დასარულ განზრახვისა აღსასრულებლად შთაგონებით რომლისადმი საღმრთოისა ტრფიალებისათა, ფედიმ არა მიმხედმან სიშორესა ზედა ადგილისამან, რომელი განყოფდა მას გრიგოლისგან (იგი იყო მას ზედა შორის სამი დღისა ოდენ გზისა სავალისა), აღიხილა ღუთისა მიმართ და ჰსთქუა, რომელ მას ჟამსა ერთად ხედვიდა მათ ორთავ, და ნაცულადა ხელისა დაასხა გრიგორის სიტყუა, ესრეთითა სახითა მიართუა იგი ღმერთსა, და თუმცაღა იგი განშორებულ იყო გუამით, დანიშნა ქალაქი მისდა სამართუელად... მაშინ იძულებული იყო წმიდა გრიგორი თვის ზედა უღლისა მიღებად". თუმცა, "ოდეს შემდგომად ამისა შესრულებულ იქმენ მის ზედა ყოველნი ჰსჯულიერნი წესნი..." (მართლმადიდებლობითი აღსარება, კათოლიკე და სამოციქულო აღმოსავლეთის ეკლესიისა. 1847 წ. გვ. 352-354).

გამონაკლისის პირველ კატეგორიაში არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ამა თუ იმ მოღვაწის სიწმიდის წარმოსაჩენად გვებოძა. ცნობილია ანგელოზის მიერ ნათელღებული და ანგელოზის მიერ ზიარებული წმინდანები.

მეორე კატეგორიას განეკუთვნება ეკლესიის მიერ ნებადართული, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვები გამონაკლისები, რაც არა საიდუმლოს რიტუალურ ან შედგენილობით მხარეს, არამედ უფლებრივ მომენტს ეხება. ასე მაგალითად, მოციქულთა პირველი კანონის შესაბამისად "ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ (იხ. "დიდი რჯულისკანონი". თბ. 1975 წ. გვ. 216). მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც ეკლესიას არ ჰყავს ორი ეპისკოპოსი, ნებადართულია ერთმა ეპისკოპოსმაც შეასრულოს არჩეულის ხელდასხმა.

სჯულის მიხედვით, მღვდლის ან ეპისკოპოსის გარდა არავის აქვს უფლება მიიღოს აღსარება და განუტეოს ცოდვები, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ახლომახლო არ არის მღვდელი, აღსარების მიღების უფლება ღვთისმოშიშ ბერებსაც ეძლევათ, ოღონდ იმ პირობით, რომ მიიღონ მხოლოდ აღსარება, რომელიც შემდეგ უნდა გადასცენ მოძღვარს, თავად კი მონანულს არ მიუტევონ და არ შეკრან ან გასხნან (ანუ დაადონ ეპითემიები) (წმ. სიმეონ თესალონიკელი. Спб. 1857 г. Ч. 2, стр. 162).

ასევე, გამოუვალ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მღვდლის არყოფნის დროს, ნებადართულია თვითზიარება. ამგვარ შემთხვევებს მრავალი მაგალითი გვიდასტურებს. ღირ. ნიკონ შავმთელი ბრძანებს, რომ ბერები ინახავდნენ წმ. ევქარისტიას და დროდადრო თავადვე ეზიარებოდნენ, ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ერისკაცებიც კი ინახავდნენ მღვდლის მიერ ადრევე შეწირულ წმ. ძღვენს და საჭიროების შემთხვევაში ეზიარებოდნენ (Преп. Никона Черныя горы, слово 53, л. 450 об. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვის დასახ. ნაშრ. გვ. 47).

წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ "სულაც არ არის საშიში, თუ ვინმე, დევნულების ჟამს, ახლომახლო მღვდლის არყოფნის პირობებსა და აუცილებელ შემთხვევაში საკუთარი ხელით მიიღებს ზიარებას... ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ მონათლულ ქრისტეანს სახლში აქვს წმიდა ძღვენი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ ეზიარება" (ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. გვ. 47).

ეკლესიის მიერ ნებადართულია აგრეთვე გამოუვალ მდგომარეობაში ერისკაცის მიერ მოსანათლავის წყალში სამგზის დაფვლა (მონათვლა) და სხვა მრავალი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ყველა ამ შემთხვევას ეკლესია უშვებს, როგორც უფლებრივი ხასიათის გამონაკლისს.

ამ უფლების ბოროტად გამოყენება, საჭიროების გარეშე, სჯულიერი პირობების უგულებელყოფით, არათუ მკრეხელურია, არამედ აუქმებს კიდევაც საიდუმლოს, წარმწყმედელია მის მოქმედთათვის და წარმოჩინდება როგორც უსჯულოება. გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის გამოა "ბეზპოპოვცებს" არც მღვდლები სჭირდებათ სულის სცხოვნებლად და არც რომელიმე საიდუმლო შესრულება მღვდლის მიერ, ყველაფერს, სხვადასხვა გამონაკლისებზე დაყრდნობით, თვითონ ასრულებენ. ამიტომაც ბრძანებს ღირსი ნიკონ ჩერნოგორელი, რომ იმგვარი გამონაკლისები, როდესაც ხატის წინ უთქვამთ აღსარება ან დავითის მსგავსად აღუვლენიათ სინანული ღვთის წინაშე, - შეუძლებელია კანონი იყოს ეკლესიისთვის. მათ არასწორ გაგებას და ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკაში დანერგვას უმძიმესი შედეგები მოაქვს (იხ. ვ. ტ. ზელენკოვის ხს. ნაშრომი. გვ. 163).

ასე, რომ იძულებით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის ან საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლისს საზოგადო, ანუ საყოველთაოდ მისაღებ კანონად არ უნდა ვიწყნარებდეთ (იქვე. გვ. 163), რამეთუ ამგვარ დაშვებას შეუძლია გააუქმოს საიდუმლო.

აი, თუნდაც "... არის შემთხვევები, როდესაც, წმ. ევქარისტიის მიღების სურვილიც კი ევქარისტიის მიღებად ეთვლება მორწმუნეს, თუ მომაკვდავია და გულმხურვალედ სურს მიიღოს ეს ღვთაებრივი საზრდელი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰყავს მაზიარებელი მღვდელმსახური. მაშინ, ქრისტე, დამფუძნებელი საიდუმლოთა და კეთილმოსურვებათა გვირგვინმყოფელი, თავისი გამოუთქმელი მრავალმოწყალებით აღავსებს ვითარებით შექმნილ ნაკლულევანებას და წმ. ევქარისტიისგან მონიჭებულ სიკეთეთ მიამადლის ამგვართ.

ასეთი შემთხვევებისთვის თქვა ერთმა მოძღვარმა: "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ ზიარებისთვის, არამედ გწამდეს და ეზიარები"-ო. ამ სიტყვებით განამტკიცებენ მომაკვდავს (რომელსაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზეიბის გამო არა აქვს შესაძლებლობა ეზიაროს), რათა არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, არამედ უმეტესი სასოებით აღივსოს ღვთის გამოუთქმელ მოწყალებათადმი და დარწმუნებული იყოს, რომ ამგვარი უძლიერესი მოსურვება ზიარებად ჩაეთვლება მას. ასე რომ, "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ საზიარებლად, არამედ გწამდეს და ეზიარები".

მაგრამ, ეს ყოველივე ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, გაჭირვების ჟამს და ყოველდღიურობისთვის კანონის ძალა არა აქვს. შემთხვევით ან გაჭირვების დროს მომხდარი ამბავი არათუ კანონი არ არის, არამედ, პირიქით, მან შეიძლება გააუქმოს კიდევაც კანონი.

ამასთანავე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ოცნებით მოზიარე, სინამდვილეში ქრისტეს ხორცსა და სისხლს კი არ ეზიარება, არამედ მას მიემადლება წმ. ევქარისტიისგან მომდინარე სულიერი ნაყოფი და არ შეიძლება შეედაროს მას, ვინც მთელი ღვთისმოშიშებით და ხანგრძლივი მომზადებით ღებულობს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ქრისტესი. განა შესაძლებელია ხისა და ნაყოფის მეპატრონეს გაუტოლდეს მხოლოდ ნაყოფის მფლობელი? ან უმდიდრესი განძის მფლობელს გაუტოლდეს ამ საგანძურიდან უმცირესის მიმღები"? (Камень веры. М. 1730 г. Ч. 11, гл. 1, стр. 409. По синод. Изд. 1843, стр. 142. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. გვ. 44) (აქ, სიტყვა მიმართულია იმ მწვალებელთა წინააღმდეგ, ვინც წმიდა მამის სიტყვებიდან გამომდინარე "გწამდეს და ეზიარები", უპატიოსნესი ხორცის და სისხლის მისაღებად საკმარისად მიიჩნევდნენ მხოლოდ რწმენას - არქიეპ. პ.).

ამრიგად, საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (იქნება ეს ნათლობა, ზიარება, სინანული, ხელდასხმა თუ სხვა) აღსრულებულა, ამ საიდუმლოსთვის დადგენილი წესისგან განსხვავებით, უფლის მიერ შეწყნარებული ყოფილა საიდუმლოს მიღების მოწადინის რწმენისა და მდგომარეობის შესაბამისად და არა იმიტომ, რომ მოცემული წესი საეკლესიო კანონად იყო მიჩნეული.

გამონაკლისის არსი სწორედ იმაშია, რომ ღმერთი საიდუმლოსთან ზიარების მოწადინეს უვსებს იმ დანაკლისს, რაც ამ საიდუმლოს აღსრულებისთვის არის აუცილებელი და რასაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნისას განიცდის ადამიანი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ანიჭებს მას უფალი ნუგეშს, და როგორც ღირსეულს, რწმენის ნაყოფთა სისავსეს აზიარებს უცილობლივ.

ეს ჭეშმარიტება დასტურდება წმ. მამებთან, მაგალითად, ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი თავის წიგნში "განმანათლებელი" (Просветитель) გადმოგვცემს ასეთ შემთხვევას: ერთ ღრმადმორწმუნე, ღვთისმოსავ და მართალ ერისკაც სურდა ბერად აღკვეცილიყო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, უკიდურესი სიდუხჭირის გამო ოცნება ვერ აისრულა. და აი, რაღაც შემთხვევის გამო საჭირო გახდა იმ საფლავის გახსნა, სადაც ის ესვენა და, ჰოი, საოცრებავ! წმიდა სამონაზვნო სამოსელით შემოსილი იხილეს იგი. სიკვდილის შემდეგ მიუღია ის, რასაც ამქვეყნად ასე შეჰნატროდა" (Преп. Иосиф Волоцкий. "Прпосетитель". Москва. 1993 г., сл. 11, гл. 1, стр. 285-286).

და ეს სრულიად ბუნებრივია, რამეთუ იმავე წმიდა მამის მოწმობით, ასე ბრძანებს წმ. მაკარი დიდი: "ვინც ეძებს და აკაკუნებს, უფლის სიტყვისამებრ, და მთელის მონდომებით, სულით და გულით, ვნებათაგან და ამაოებათაგან განშორებული, სიკვდილამდე დაუღალავად ითხოვს ღვთის წყალობას, ამდაგვარი მიიღებს სათხოვარს. და თუ ყოველივე ნაბრძანებს დაიცავს, მაგრამ, დიდი მონდომებისდა მიუხედავად, ღვთის მიუწვდომელი განგებულებით, - ვერ ეღირსება მადლს ამქვეყნად; - ასე გეტყვი შენ და გჯეროდეს, რაც არ ჰქონი აქ, - იქ მიიღებს უეჭველად!" (იქვე. 1. გვ. 286).

ასე, რომ თუ ღმერთი ხედავს ადამიანის რწმენას და გულმხურვალე მისწაფებას სულის განწმენდისა და ცხოვნებისკენ, უხვად მოუვლენს თავის მოწყალებას და გამოუთქმელ სიკეთეთა თანაზიარჰყოფს მას, ხოლო თუ ვინმე რწმენის გარეშე მიეახლება საიდუმლოს, ვერავითარ სიკეთეს ვერ ეღირსება, პირიქით, დაისჯება კიდეც. რამეთუ: "ითხოვდინ სარწმუნოებით და ნუ ორგულებითო" - ბრძანებს უფალი, - რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან" (იაკობი 1:6, 7).

საეკლესიო საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის; არავის მიენიჭება საღმრთო მადლი რწმენის გარეშე, ხოლო საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სადაც არის ღრმა რწმენა, მაგრამ შექმნილია ნაკლულევანება (მაგ. არ არის წყალი ნათლობისთვის, არ არის მღვდელი აღსარების მისაღებად, არ არის წმ. ძღვენი საზიარებლად და ა. შ.) საღმრთო შთაგონებითა და მადლით აღესრულება ყოველი. თუმცა ამგვარი გამოუვალი მდგომარეობიდან თავდაღწევის შემდეგ, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, უნდა სრულყოს მორწმუნემ ეს ნაკლულევანება, რადგან ცოცხლად დარჩენილს არ მიეტევება საიდუმლოს სრულყოფილი სახის უგულებელყოფა.

განსაკუთრებულ შემთხვევაში დაშვებული გამონაკლისებით ნუ შევეცდებით უსჯულოების გამართლებას და გახსოვდეთ, რომ გამონაკლისის აყვანა კანონის რანგში და მისი საყოველთაო წესად დამკვიდრება თვით ჰბადებს უსჯულოებას.

მტკიცედ გახსოვდეთ ნაბრძანები: "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (კონსტანტინოპოლის წმ. ორგზისი კრების მე-17 კანონიდან)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика