წერილები - არის თუ არა ინტერნეტი ბოროტება - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

არის თუ არა ინტერნეტი ბოროტება?

კიმპიუტერები

დღეს, გრანდიოზული ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, მეცნიერებასა და ტექნიკას უდიდესი ადგილი უპყრია ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომაც დღის წესრიგში დგება ტექნიკურ საშუალებებში ჩვენი სწორი ორიენტაციის აუცილებლობა. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ინტერნეტი. მაგრამ ის ყველა ქრისტეანში როდი იწვევს ერთგვაროვან რეაქციას. წინამდებარე წერილში შევეცდებით, თუ დეტალურად არა, ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ საკითხის არსებით მხარეს და გავცეთ პასუხი კითხვას - არის თუ არა ინტერნეტი ბოროტება?

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო შექმნილმა ვითარებამ გვაჩვენა, რომ ჩვენი საიტების გამოჩენა ინტერნეტში ლამის სასიცოცხლო აუცილებლობა გახლდათ. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი, საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესია ყოველმხრივ ავიწროვებდა ძველმართლმადიდებლურ ბეჭდვით გამოცემებს, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულნი ვიყავით საკუთარი ინფორმაციის გავრცელების საშუალებას. ჩვენს მიერ საკუთარი ძალისხმევით გამოცემული ლიტერატურა, მხოლოდ ჩვენი ეკლესიის მრევლში თუ ვრცელდებოდა, ფართო საზოგადოებას კი ის ვერ მიეწოდებოდა უკვე ხსენებული გარემოებების გამო.

ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დროს, ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ქრისტეანებს შევთავაზე შეგვექმნა საკუთარი საიტი ინტერნეტში და მისი მეშვეობით მიგვეწვდინა ხმა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ძველმართლმადიდებლობითა და მისი ისტორიით. მიუხედავად ამ კეთილი მიზნისა, ზოგიერთი დააფრთხო ამ "ინტერნეტულმა" იდეამ. მათი აზრით ინტერნეტი შექმნილია არა სიკეთისთვის, არამედ სულის წარსაწყმედად, გასართობად.

მოდი, უემოციოდ და ყურადღებით განვიხილოთ სადავო საკითხი და შევეცადოთ ობიექტურად ჩავწვდეთ მის არსს.

ძველმართლმადიდებლობა საზოგადოდ რომ არ ეწინააღმდეგება ინტერნეტს და მეტიც, აქტიურად იყენებს მას ჩანს იქიდან, რომ პრაქტიკულად ყველა ძველმართლმადიდებლურ კონფესიას (არაძველმოწესე მართლმადიდებლებზე ხომ აღარაფერს ვამბობთ), საკუთარი ინტერნეტ-საიტები გააჩნიათ, რომელთა მეშვეობითაც საკმაო წარმატებით ქადაგებენ თავიანთ სარწმუნოებას. მაშ, რამდენად გონივრული იქნება უარი ვთქვათ ამ სიკეთეზე და ზოგიერთი ადამიანის ვიწრო თვალსაწიერის, გონებაშეზღუდულობისა და ჩამორჩენილობის გამო მოვექცეთ ინფორმაციულ ვაკუუმში.

ვფიქრობ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქრისტეანი დამეთანხმება იმაში, რომ სანამ რაიმე წამოწყებას დავგმობდეთ, აუცილებელია მიმოწვლილვით შევისწავლოთ მისი არსი, შევუფარდოთ ღმრთის სჯულს, და ვნახოთ, გვაძლევს თუ არა უფალი ამგვარი საქმის წამოყების უფლებას. წმინდანთა თხზულებებში შეუძლებელია ვიპოვოთ პასუხი ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონებისა და კომპიუტერების შესახებ, რადგან ისინი ძველ საუკუნეებში არ არსებობდნენ და, სრულიად ბუნებრივად, წმიდა მამებს მათ შესახებ შეუძლებელია რაიმე გამოეთქვათ. მაგრამ მათი ცხოვრების მაგალითიდან და  გარშემო სამყაროსადმი მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ძირითადი დასკვნების გაკეთება მაინც ჩვენზეა.

ასე მაგალითად, ნოვგოროდელმა არქიეპისკოპოსმა წმ. იოანე საკვირველთმოქმედმა კეთილი მიზნისთვის გამოიყენა თვით ეშმაკი, როდესაც ლოცვით შეჰკრა იგი, მოაჯდა ზურგზე და იერუსალიმს გაემგზავრა (იხ. კიევო-პეჩორის პატერიკი), შემდეგ კი კვლავ უკან დაბრუნდა თავის მონასტერში. მაშ, ამ წმიდა მამის მაგალითზე, მოდი, ჩვენც "შევკრათ" დაცემული კაცობრიობის გამოგონებანი და მისივე სასიკეთოდ, ღმრთის სიმართლისა და ჭეშმარიტების სამსახურში ჩავაყენოთ. ვინ აგვიკრძალავს ამას? ვერ იპოვით ვერც ერთ წმიდა მამას, რომელიც ამგვარ სასიკეთო განზრახვას აკრძალავდა...

ვინ გამოიგონა ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, ელექტრობა, ტელეფონი? - ცოდვებში დაცემულმა კაცობრიობამ, და თანაც არა იმიტომ, რომ ცდილიყო ცათა სასუფევლის მოპოვებას. მაგრამ ვსარგებლობთ თუ არა ჩვენ ამ სიკეთეებით? რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ!

ძველ საუკუნეებში, ცხენებით, ვირებითა და ჯორებით გადაადგილდებოდნენ, მაშ, ზოგიერთის ლოგიკით, ვინც თანამედროვე ტექნიკაში მხოლოდ ბოროტებას ხედავს, უარი ხომ არ უნდა ვთქვათ ავტომობილებზე და გადავჯდეთ წარღვნამდელ ტრანსპორტზე? მაგრამ ვინ იზამს ამას? - არავინ! ყოველ შემთხვევისათვის, ქრისტეანთა დიდი უმეტესობა და ისინიც კი, ვინც ტექნიკურ პროგრესში მხოლოდ ბოროტებას ხედავს, წარმატებით იყენებს თანამედროვე შესაძლებლობებს თავის ყოველდღიურობაში.

მაშ, ნუ დავბეჭდავთ წიგნებს, რამეთუ სტამბური ბეჭდვა, თავის დროზე, "ეშმაკის გამოგონებად" ითვლებოდა. არც საწერ-კალამი გამოვიყენოთ და მელნებსა და ბატის ბუმბულებს მივუბრუნდეთ. იმ დროს, როდესაც მწვალებლები, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მილიონობით ტირაჟით გამოსცემენ თავიანთ ლიტერატურას, ჩვენ ჯორზე ამხედრებულებმა ვიწრიალოთ ქალაქიდან ქალაქში, მიმოწერა კი საფოსტო მტრედებს მივანდოთ და თვეობით ველოდოთ მათ მოფრენას.

რატომ ვერ დადის ზოგიერთამდე რაოდენ მომგებიანია ეკლესიისთვის იმ საგნების გამოყენება, რომლებიც თუნდაც დაცემულ ადამიანთა გამონაგონია ცხოვრების კეთილმოსაწყობად? - ეს გვაძლევს დროის ეკონომიას, ნაყოფიერს ხდის შრომას, თავისუფალს გვხდის უფრო მნიშვნელოვანი ქრისტეანული საქმეებისთვის. ძნელია ამ კეთილმოწყობაზე უარის თქმა თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლებლობა არ მივცეთ მწვალებლებს ძალა მოიკრიბონ თავიანთ ანტიეკლესიურ საქმიანობაში; არ იფიქრონ, რომ მათი კადნიერება ეკლესიის წინააღმეგ, მათი უღმერთობა უპასუხოდ და დაუსჯელად რჩება.

წმიდა მამებს ოდესმე უარი რომ ეთქვათ კაცობრიობის გამოგონებათა გონივრულ გამოყენებაზე, მაშინ მათი მიბაძვის საფუძველი ჩვენც გვექნებოდა. მაგრამ ისინი ნათლად ხედავდნენ, როგორი ზშეიძლება მოიტანოს მათზე (სასარგებლო სიახლეებზე) უარის თქმამ.

ასე, მაგალითად, როგორც უკვე ვთქვით, წიგნების სტამბურად ბეჭდვა მწვალებელთა გამოგონებაა (უკიდურეს შემთხვევაში, მსოფლიო გამოგონებათა ლომის წილი მოდის არა მართლმადიდებელ ქრისტეანებზე) და ამასთან, გაუჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა თავიანთი მწვალებლური შხამი მასობრივი ტირაჟებით გაევრცელებინათ. მაგრამ, როდესაც ეკლესიამ ნათლად დაინახა ეს საშიშროება, იგივე საშუალება მწვალებელთა წინააღმდეგ თვითონვე გამოიყენა: ეკლესიამაც დაიწყო წიგნების გამოცემა და თავისი სწავლებების ტირაჟირება მწვალებელთა სამხილებლად.

ყოველი გამოგონება, რომელიც ბოროტების წისქვილზე ასხამს წყალს, ბოროტებისვე წინააღმდეგ უნდა მივმართოთ იმით, რომ ეს გამოგონებანი ჩავაყენოთ სიკეთის სამსახურში. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ კაცობრიობის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მიღწევის, ინტერნეტის შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გაუსვლელად თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენგან ათასობით და ასიათასობით კილომეტრით დაშორებულ ადამიანს; შექმნათ წიგნები, დააგზავნოთ წერილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ მრავალი სხვა. არ ვიცი, რა უნდა ეწოდოს ამ გამოგონებაზე უარის თქმას, უფრო ლაკონურად როგორ ავხსნათ რა უპირატესობას მივცემთ მტერს ჩვენს წინააღმდეგ და საზოგადოდ მთელი ქრიტეანობის წინააღმდეგ, თუ უარს ვიტყვით ასეთ ტექნიკურ წინსვლაზე და მის ჩაყენებაზე ეკლესიის სამსახურში.

შეიძლება ვინმემ გვითხრას: "არ გვჭირდება არავითარი ინტერნეტი, ჩვენ ღმერთი შეგვეწევა". დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანებს ღმერთი ყოველთვის შეეწევა, მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ თანამედროვე გამოგონებებზე, თვალი მოვუხუჭოთ იმ უზარმაზარ სარგებლობას, რომელსაც ისინი გვაძლევენ? განა წმიდა მამები ჩამორჩებოდნენ თავიანთ დროებას? პირიქით, დრო-ჟამი თვითონ ჩარმორჩებოდა ეკლესიის მამათა სულიერებას. კაცობრიობა არნახული ნაბიჯებით მიიწევს წინ ტექნიკურ პროგრეში, მაგრამ სულიერად, ასეთივე ტემპებით ჩამორჩება.

ქრისტეანთა სულის ცხოვნებისთვის, თავისთავად ინტერნეტი ან რაიმე სხვა გამოგონება საჭირო სულაც არ არის. მაგრამ, ისინი საჭიროა იმისთვის რათა წინ აღვუდგეთ ეშმაკს და გადავარჩინოთ მის მიერ დაბრკოლებული ადამიანები.

ეშმაკი თავისიანებს შეეწევა, უფალი კი გვაძლევს უფლებას დავამტკიცოთ, რომ არ ძალუძს ბოროტს კაცობრიობისა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოიგონოს ისეთი რამ, რაც ისევ მის წინააღმდეგ არ შებრუნდება...

ჩვენ შეგვიძლია დავეუფლოთ ტექნიკურ სიახლეებს, რომელსაც ის "კარნახობს" დაცემულ კაცობრიობას, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ იმას, რაც სასარგებლოა ქრისტეანთათვის. როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს" (1 კორინთ. 6:12). თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკს არ ძალუძს არაფრისგან რაიმეს ქმნა. მას არაფერი ეკუთვნის სამყაროში. ის "ქმნის" იმისგან, რაც უკვე შექმნილია და არსებობს როგორც მასალა; ის "ქმნის" უკვე არსებული ბუნების კანონებისგან, რომელიც ღმერთმა დაამყარა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ "უფლისაა დედამიწა და სავსება მისი" (1 კორინთ. 10:26). ოღონდ, ადამიანის სულის საცხოვნებლად, უნდა შეგვეძლოს ყოველივე ამისგან სასარგებლოსა და საჭიროს ექსტრაგირება.


ჩვენ გვეუბნებიან, რომ "ინტერნეტი - ადამიანის სულის საცხოვნებლად როდი გამოუგონიათ". შესაძლოა მას, ვინც გამოიგონა ინტერნეტი, სულაც არ ჰქონოდა ასეთი მიზანი, ასევე იმას, ვინც აღმოაჩინა ელექტრობა. ელექტრობა კი გახლავთ ყველა დღევანდელი გამოგონების საფუძველი. მის გარეშე არ არსებობს არც ინტერნეტი, არც მანქანები და არც ბევრი სხვა რამ. მაშ, რას იტყვით ამის შესახებ? რამდენადაც ვიცი, ელექტრობას ყველა იყენებს და მათ შორის ისინიც, ვინც ინტერნეტს ებრძვის.

რუსეთში ვიცნობდი ერთ მოძღვარს (აწ გარდაცვლილს), რომელიც მიიჩნევდა, რომ ელექტრობა ბოროტებაა, რომელიც "კაცობრიობის გადასარჩენად" როდი მოუფიქრებიათ; რომ ეს არის დემონის მზაკვარება. როდესაც ერთხელ ვესტუმრე გამიკვირდა, რომ ზიარებას არ აძლევდა იმ მორწმუნეთ, ვინც ელექტრობით სარგებლობდა. შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რათა დაგვერწმუნებინა იგი თავისი შეხედულების აბსურდულობაში? რატომ მოხდა ასე? - იმიტომ, რომ ეს პიროვნება არ განასხვავებდა საყოფაცხოვრებო საკითხებს სარწმუნოებრივთაგან. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი ვარდება ამგვარ ცთომილებაში. როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "ყველას როდი აქვს ცოდნა" (1 კორინთ. 8:7). არიან უძლურნიაც და არასრულყოფილნიც, რომლებიც უფრო ცრურწმენებითა და ცრუშეხედულებებით ცხოვრობენ, საგნებზე საკუთარი სულიერი განვითარების დონისა და მათში არსებული ცოდნის მიხედვით მსჯელობენ და არა წმიდა მამებისეული გონივრული განსჯით. მოციქული პავლე ამგვარ ქრისტეანთა შესახებ ბრძანებს, რომ როდესაც ისინი დაინხავენ ისეთ რამეს, რაც ვერ თავსდება მათ მენტალიტეტში, მათ ჩვეულებრივ ცნობიერებაში, ცთუნდებიან და გონიერ ქრისტეანთა თავისუფლება "მათთვის დაბრკოლება ხდება" (შეად. 1 კორინთ. 8:9). ამიტომაც, წმიდა მოციქული პავლე გვირჩევს შემწყნარებელნი ვიყოთ ამდაგვართადმი, ვინაიდან ჩვენ ის კი არ გვსურს, რათა "ჩვენი ცოდნით წარწყმდეს ჩვენი უძლური ძმა... ვისთვისაც მოკვდა ქრისტე" (1 კორინთ. 8:11). რადგან, მოციქულის მიხედვით, "თუ ამნაირად შევსცოდავთ ძმათა მიმართ და მოვსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც ვსცოდავთ" (1 კორინთ. 8:12).

მაგრამ მოდი განვსაჯოთ, შეიძლება თუ არა ყველა საკითხში დავექვემდებაროთ გონებრივ უძლურებას? ის, რაც შეგვიძლია ვქმნათ ღმრთის სადიდებლად და სხვათა სასარგებლოდ, ხომ არ უნდა ავკრძალოთ ვიღაცის უგუნურების გამო? ერთს თუ ინტერნეტი აბრკოლებს, მეორეს - ელექტრობა, მესამეს კომპიუტერი და მობილური და ა. შ. მაშ, ვის დავუთმოთ? იქნებ ბნელში ცხოვრებას გვირჩევთ სხვათა დასაცინად? თუ აჯობებს ავუხსნათ ძმებს ყოველგვარი გამოგონების სარგებლიანობა და გამოვიყენოთ იგი კეთილ საქმეთათვის? ბოლოს და ბოლოს, დანით პურიც შეიძლება დაჭრა, რითაც სასარგებლო და საჭირო საქმეს გააკეთებ, მაგრამ ამასთან, დანითვე კაციც შეიძლება მოჰკლა. ასე, რომ ბოროტება ინტერნეტში კი არ არის, არამედ მისი კეთილად გამოყენების უუნარობაში ან ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებაში.

"რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით? თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?" (1 კორინთ. 10:29, 30). ხოლო თუკი მადლიერი ვარ მიწიერი სიკეთეებით, და არა მარტო ჩემთვის, არამედ მოყვასისთვისაც, "რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?" (შეად. 1 კორინთ. 10:30) და ვიყენებ კეთილი მიზნისათვის?

ხშირად ვდგებით ისეთი მომენტების წინაშე, როდესაც განუხრელად უნდა მივსდევდეთ წმიდა მოციქულ პავლეს ზემოთხსენებულ სიტყვებს, მაგრამ, ზოგიერთები, უყენებენ რა მას ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებს, იმოწმებენ მას არასწორად და საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტავენ. ასე თუ გავაგრძელებთ, ეკლესიაში უძლურნი და უგუნურნი გაბატონდებიან და მაშინ გამეფდება წყვდიადი და უმეცრება, ჩვენ კი მწვალებელთა მხრიდან გმობისა და დაცინვის ღირსნი შევიქნებით. არადა მოციქული ამბობს: "ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ" (1 კორინთ. 10:32, 33).

ინტერნეტში შეიძლება შექმნა საკუთარი გვერდი და ელექტრონულ ფორმატში განათავსო წიგნები, გაზეთები, წერილები, ცალკეული სტატიები, აუცილებლობის შემთხვევაში - გამოსახულებები; ედავო მწვალებლებს, აწარმოო დიალოგი, იქადაგო და დაიცვა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ერთი სიტყვით, შეიძლება ყველაფერი რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ ქრისტეს სადიდებლად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ინტერნეტი მოიცავს მკითხველთა მრავალმილიონიან აუდიტორიას (გრძნობთ თუ არა სიკეთის მასშტაბებს, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ინტერნეტის დახმარებით?).

ინტერნეტში ჩვენი ყოფნა არ აწყობს მხოლოდ ეშმაკს. ვიღაც ამბობს, რომ ის ძირს უთხრის კაცობრიობას ინტერნეტის მეშვეობით. მაშ, მოდი და თვითონ ჩავაგდოთ იგი მისსავ მთხრებლში, რადგან შეგვიძლია ინტერნეტის ძალა და შესაძლებლობები მივმართოთ მის წინააღმდეგ. ინტერნეტის დახმარებით თუ მასობრივად შეიძლება ადამიანების გახრწნა, მათი ცნობიერების მასობრივი მოწამვლა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ პირიქით და ვიქადაგოთ მისით ქრისტეანული მორალი, განვწმინდოთ მილიონები, მოვიყვანოთ ისინი ჭეშმარიტ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ურიცხვი სული და მით გამოუთქმელი სიკეთე ვქმნათ? მაშ, განა არ იბადება კითხვა: "ხომ არ არის დანაშაული ხელიხელგადაწნული ან ფეხიფეხ გადადებულნი ვიჯდეთ უსაქმურად და გვერდიდან დავაკვირდეთ, როგორ დაუსჯელად და დაუბრკოლებლად რყვნის ინტერნეტი მილიონობით ადამიანს"? მაგრამ, როგორც იტყვიან: "მსგავსს მსგავსით მკურნალობენ".

ბევრს "აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ" (რომ. 10:2, 3).

ძვირფასო სულიერო შვილებო, ქრისტეში ძმებო და დებო, კარგად დაფიქრდით, რას მოვიგებთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით. დე, ღმერთი იყოს თქვენთან.


არქიეპისკოპოსი პავლე. თბილისი 29.04.2016.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика