რჯულისკანონი - წმიდა მოციქულთა კანონები - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დიდი სჯულისკანონი

მოციქულთა კანონები

რჯულის კომენტატორთა:
იოანე ზონარას († 1159 წ.), ალექსი არისტინესა († 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (†1199 წ.) განმარტებებით

მოციქულთა კრება

მოციქულთა კანონების შესახებ


აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა ყველა კრებულში უპირველესი ადგილი უჭირავს წმიდა მოციქულთა კანონებს.

კანონთა სახელწოდებიდან ჩანს, რომ ისინი მიეწერება წმიდა მოციქულებს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს არავითარი მოწმობა ვამტკიცოთ, რომ ეს კანონები, იმ სახითა და შემადგენლობით, როგორადაც ისინი არსებობენ კრებულებში, წერილობითად, მოციქულთა ეპისტოლეების დარად, გადმოცემულ იყო რომელიმე მოციქულის მიერ. მოციქულთა თხზულებების კოდექსშიც მოციქულთა კანონებს არ ათავსებდნენ.

ცნობილია, რომ წმიდა მოციქულთა მოღვაწეობა ქრისტეანობის დანერგვისა და ქრისტეს ეკლესიის მოწყობის საქმეში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ წერილობითი დარიგებებითა და ადგილობრივ ეკლესიათა დაფუძნებით. მოციქულებმა სიტყვიერად იმაზე უფრო მეტი გადასცეს მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებსა და მათ წინამძღვრებს, ვიდრე წერილობით. თავის მხრივ, ადგილობრივ ეკლესიათა წინამძღვრები და ეპისკოპოსები (იგივე მოციქულთა მემკვიდრეები), მოვალენი იყვნენ მოციქულთაგან მიღებული სწავლებანი გადაეცათ თავიანთი მემკვიდრეებისთვის (2 ტიმ. 1:2). ამ დაუწერელ, მაგრამ სიტყვიერად გადმოცემულ მოციქულთა მცნებებსა და დარიგებებს, ჩამოყალიბებულს კანონების სახით, წარმოადგენს სწორედ მოციქულთა კანონები, რომლებსაც უპირველესი ადგილი უპყრიათ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა კრებულებში.

ყოველივე ამას უპირველეს ყოვლისა ადასტურებს:

1) მოციქულთა კანონების თემატური და არსობრივი თანხმობა იმ საგნებზე რაც ახალი აღთქმის წიგნებშია გადმოცემული მოციქულთა მიერ.

მოციქულთა კანონებიდან მრავალი თითქმის იდენტურია სახარებისეული სწავლებისა და მოციქულთა ეპისტოლეებისა არა მარტო სულითა და არსით, არამედ გამოთქმის ფორმებითაც. მხოლოდ სახარებებსა და ეპისტოლეებში არის გადმოცემული მცნებები მწყობრად, კანონებში კი განსაკუთრებული, ცალკეული განსაზღვრებების სახით. ასე მაგალითად, მაცხოვარი ამბობს: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა" (მათე 5:32). მოციქულთა 48-ე კანონი კი განაწესებს იმას, რაც ამგვარ ქმედებას მოსდევს: "თუ ერისკაცმა თავისი ცოლი განიშოროს და შეირთოს ან მეძავი, ან სხვისგან გაშვებული ქალი, უზიარებლობით დაისაჯოს" და ა. შ. ან კიდევ, მოციქულ პავლეს ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ (1 ტიმ. 3:2-13) და ტიტესადმი (1:5-9), ასევე მოციქულ პეტრეს ეპისტოლეებში (1 პეტრე 5:1-4) და მოციქულ იოანეს ეპისტოლეებში (3 იოანე 1-10) გადმოცემულია ის პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კლერიკოსთა დასში ჩასარიცხი პიროვნება, გადმოცემულია კლერიკოსთა ზნეობრივი, ოჯახური და სამსახურებრივი მოვალეობანი. იგივე მოთხოვნებია გადმოცემული მოციქულთა კანონებში: 17, 25, 42, 43, 44, 61, 80, რომლებშიც ან იკრძალება კლერიკოსთა დასში მათი მიღება, ვინც მოციქულთა ეპისტოლეებში გადმოცემულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ან განაწესებს მათ პატივაყრას და სასულიერო დასიდან დამხობას, ვისაც ზემოთთქმულ პირობათა საწინააღმდეგოს ხელდასხმის შემდეგ შეამჩნევენ.

მოციქულთა საქმეებში (8:18-25) ლაპარაკია სიმონ მოგვზე, რომელიც სულიწმიდის ნიჭთა სასყიდლით (ფულით) მიღების მცდელობისთვის დაგმო მოციქულმა პეტრემ. მოციქულთა 29-ე კანონი კი სასულიერო პატივიდან სამუდამოდ დაამხობს მღვდელმსახურს, რომელმაც სასულიერო ხარისხი ქრთამით მიიღო, თანაც კანონი პირდაპირ სიმონ მოგვზე მიუთითებს (ამიტომაც უწოდებენ ამ ცოდვას "სიმონიას" - მთარგმნ.).

მოციქული პავლე ტიმოთესადმი მიწერილ თავის პირველ ეპისტოლეში (5:19-21) ამ ეპისკოპოსს აძლევს დარიგებას პრესვიტერთან დაკავშირებული ბრალდების შესახებ. მოციქულთა 32-ე კანონი კი ლაპარაკობს ეპისკოპოსის მიერ პრესვიტერისა და დიაკვნის განკვეთის შედეგებზე. მოციქულის ეპისტოლეში დადებულია საფუძველი, კანონში კი მის შემდგომ განვითარებაზე უთითებენ.

2) ამავე დასკვნამდე მივყავართ მოციქულთა კანონების თანხმობას ქრისტეანობის პირველი საუკუნეების საეკლესიო პრაქტიკასთან. მოციქულთა კანონებს პირველი საუკუნეების საეკლესიო პრაქტიკას თუ შევადარებთ, შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ ამ უკანასკნელში მოქმედებდა და აღესრულებოდა მრავალი ისეთი რამ, რაც მოციქულთა კანონებშია განწესებული.

მოციქულთა კანონებში ყველგან შესამჩნევია განსხვავება იერარქიის სამ უმთავრეს ხარისხს (ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკვანი) შორის. წმ. კლიმენტი რომაელი, ეგნატე ღმერთშემოსილი, ტერტულიანე და ირინეოსი მოწმობენ, რომ მათი დროის ეკლესიაში, ანუ პირველ და მეორე საუკუნეებში, ასეთი დაყოფა უკვე არსებობდა.

მოციქულთა კანონებში განწესებულია კლერიკოსთა დასში არ მიიღონ ორჯერ დაქორწინებულნი და მძიმე ცოდვებში დაცემულნი, მართლმადიდებელ ქრისტეანებს ამცნებენ არ თანაეზიარონ მწვალებლებს და ეკლესიიდან განკვეთილებს, არ გაიმეორონ ჭეშმარიტი ნათლობა და ხელდასხმა, ნათლობა აღასრულონ სამჯერადი შთაფვლვით წყალში მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და არ ცნონ მწვალებელთა ნათლობები, დაიცვან ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვები, ასევე დიდი მარხვა, მაგრამ უფლებას იძლევიან გაიხსნილონ (გარკვეული ზომით - მთარგმნ.) კვირა დღეები და დღესასწაულები, არ შეიძულონ ქორწინება, ხორცის ჭამა და ღვინო. ყველა ამ დაწესებაზე, როგორც ეკლესიურზე, პირველი სამი საუკუნის საეკლესიო მწერლები უთითებენ.

3) წმიდა მამები, ადგილობრივი და მსოფლიო საეკლესიო კრებები ადასტურებენ მოციქულთა სახელით წარწერილ კანონთა სამოციქულო წარმომავლობასა და ავტორიტეტს. მამები და კრებები იმოწმებენ ამ კანონებს, როგორც მოციქულებისგან გადმოცემულს, მათზე ამყარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და უარყოფენ მათ საწინააღმდეგო საეკლესიო წეს-ჩვეულებებს.

ასე მაგალითად, წმ. ბასილი დიდი (კან. 3, 12), ანტიოქიის ადგილობრივი კრება (3, 9, 21, 23), ღანგრის (21), კონსტანტინოპოლის (394 წ.) და კართაგენის (60) ადგილობრივი კრებები თავიანთ განსაზღვრებებში მოციქულთა კანონებს ზოგჯერ "საეკლესიო დადგენილებებს", "წმიდა მამათაგან გადმოცემულ ძველ ჩვეულებებს", "მოციქულთა გადმოცემებს", "ძველ წეს-განგებებს", "კანონებს" და პირდაპირ "მოციქულთა კანონებსაც" უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არ იმოწმებენ მოციქულთა კანონებს, საეკლესიო კრებები ზოგჯერ, თავიანთ გადაწყვეტილებებში მისდევენ მოციქულთა კანონებში მოცემულ განსაზღვრებებს. I, II, III, IV, V, VI და VII მსოფლიო საეკლესიო კრებები არა მარტო მრავალგზის იმოწმებენ მათ, არამედ ამცნებენ მართლმადიდებელ ქრისტეანებს მიიღონ ეს კანონები როგორც სამოციქულონი.

ასე, მაგალითად, I მსოფლიო საეკლესიო კრება განსაზღვრავს შეწყდეს მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არც ეპისკოპოსი, არც პრესვიტერი და არც დიაკვანი არ გადავიდეს (I მსოფლ. კრების 15, შეად. მოც. კან. 14, 15).

საჭურისთა, ახალმოქცეულთა, განკვეთილთა, კლერიკოსთა დასში ჯერ გამოუკვლევლად და გამოუკითხავად არჩეულთა, შემდეგ კი მძიმე ცოდვებში მხილებულთა, ასევე სარწმუნოებიდან განდგომილთა შესახებ არსებულ თავის განსაზღვრებებში (I მსოფლ. კრებ. 1, 2, 4, 9, 10) ნიკეის კრება მისდევს ამ საკითხებზე უადრეს არსებულ განწესებებს; ხოლო ამგვარი დადგენილებები, დასახელებულ საგანთა შესახებ, არსებობს მხოლოდ მოციქულთა კანონებში (21, 80, 32, 25, 61).

II მსოფლიო საეკლესიო კრება უკრძალავს ეპისკოპოსებს თვითნებურ გადასვლას თავიანთი ეპარქიიდან სხვის ეპარქიაში და ნიკეის კრების დადგენილებათა გარდა სხვა დადგენილებებსაც იმოწმებს; მაგრამ ნიკეაზე უძველესი დადგენილებები ამ საკითხებზე ცნობილია მხოლოდ მოციქულთა კანონებში.

III მსოფლიო კრება (კან. 8) ადასტურებს რა თითოეული ეკლესიის უფლებების ხელუხლებლობასა და უპირატესობებს, პირდაპირ წმიდა მოციქულთა კანონებს იმოწმებს.

IV მსოფლიო კრებამ, თავისი განსაზღვრება ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ მისი პირადი ქონების ხელუხლებლობის შესახებ (იხ. კან. 22), დააფუძნა ძველ დადგენილებებს, მაგრამ ამ საკითხზე  მოციქულთა მე-40 კანონზე უძველესი დადგენილება არ არსებობს.

VI მსოფლიო საეკლესიო კრება, გარდა იმისა, რომ ადასტურებს და განმარტავს მოციქულთა ზოგიერთ კანონს (შეად. VI მსოფლ. კრების 2, 3, 30, 55-ე კანონები, მოციქულთა 85, 17, 18, 26, 5, 64-ე კანონებს), თავის მეორე განწესებაში ყველას ავალდებულებს დაურღვევლად დაიცვან წმ. მოციქულთა კანონები, ხოლო ამ განწესების დამრღვევთ ასე ამუნათებს: "ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ ადგენს ეს წმიდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი... ხოლო ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისგან ცრუ სახელით წარწერილი სხვა კანონების შეწყნარება. ხოლო თუ ვინმემ ზემოთჩამოთვლილ კანონთაგან რომელიმეს დაშლას და დარღვევას მიჰყოს ხელი, იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად და რაც განსაზღვრულია, ის სასჯელი მიიღოს და მისგანვე მოიპოვოს მან კურნება იმისა, რაშიც ცდება".

VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც ასევე დაიმოწმა მოციქულთა რამდენიმე განწესება (შეად. VII მსოფლ. კრების 3, 5, 11-ე და მოც. 30, 29, 38-ე კანონები), ადასტურებს და ითხოვს მოციქულთა ყველა კანონის დაცვას ასეთი სიტყვებით: "მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც არიან დასხმულნი სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებებისა, განჩინებების დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენც შევაჩვენებთ, ვინც განკვეთეს - ჩვენც განვკვეთთ, ვინც უზიარებელ ყვეს, უზიარებელ ვყოფთ, ვინც განაკანონეს, ჩვენც აგრეთვე განვაკანონებთ მათ" (VII მსოფლ. კრ. 1-ლი კანონი).

ამგვარად, თავისი არსით (ზოგჯერ კი ბუკვალურადაც) უეჭველია მოციქულთა კანონების თანხმობა ახალაღთქმისეულ სწავლებასთან და პირველი საუკუნეების ქრისტეანულ ეკლესიის პრაქტიკასთან. ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ დადგენილებები, რომლებიც სადღეისოდ ჩვენთვის ცნობილია მოციქულთა კანონების სახელით, წმ. მამათა და ადგილობრივ თუ მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ  სრულიად მკაფიოდ არის აღიარებული, როგორც მოციქულთა გადმოცემა.

როგორი სახით არსებობდა თავდაპირველად მოციქულთა კანონები
?

მოციქულთა კანონები, როგორც მცნებები და დადგენილებები, რომლებიც მოციქულებმა სხვადასხვა ეკლესიებს გადასცეს, ყველა ეკლესიაში როდი იყო ცნობილი იმ შემადგენლობით, როგორიც ჩვენ დღეს ვიცით. მტკიცებულებად იმისა, რომ მოციქულთა კანონები პირველ საუკუნეებში სრულად როდი იყო მიღებული ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ, გამოდგება ამ საუკუნეთა საეკლესიო პრაქტიკის მითითებები, რომლებიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთ ეკლესიაში მოქმედებდა ჩვეულება, რომელიც არ იყო მოციქულთა ზოგიერთი კანონის თანხმიერი; ძნელია ეს სხვაობანი შევათანხმოთ იმ აზრს, თითქოსდა პირველ ორ საუკუნეში არსებობდა მოციქულთა კანონების სრული კრებული და ის დაცული იყო უკლებლივ ყველა ეკლესიაში.

შედეგად, მთელი თავისი შემადგენლობით, მოციქულთა კანონები არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც კანონთა კრებული, რომლებიც ერთდროულად და თავისი სრული შემადგენლობით იყო გამოცემული მოციქულთა მიერ. პირიქით, ეს არის კანონები, რომლებიც მოციქულებმა სიტყვიერად გადასცეს მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებს ან თავიანთ სულიერ მემკვიდრეებს.

მაშ, ვინ და როდის შეკრიბა ეს კანონები და მისცა მას დღევანდელი სახე?

ამ საკითხის გადასაწყვეტად შესაძლოა დაიმოწმონ შემდეგი ისტორიული ცნოებები და მათზე დაფუძნებული შეხედულებები: VI საუკუნის დასაწყისში ჩვენ უკვე გვაქვს მოციქულთა კანონების ორი კრებული: დიონისე მცირისა (დასავლეთში) და იოანე სქოლასტიკოსის (აღმოსავლეთში). მოციქულთა კანონები ცნობილი იყო V საუკუნის პირველ ნახევარშიც, რასაც ადასტურებენ ქალკედონის (451), კონსტანტინოპოლის (448) და ეფესოს (431) საეკლესიო კრებები. ამ კრებათა საქმეებსა და კანონებში არსებობენ უეჭველი მოწმობები იმისა, რომ იმ დროს უკვე არსებობდა მოციქულთა კანონები.

ქალკედონის კრების სამი განწესება ძალზედ წააგავს მოციქულთა კანონებს (შეად. ქალკიდ. 7, 2, 3. მოც. 83, 30, 81 კანონებს) და უეჭველია, რომ ქალკედონის კრების დადგენილებათა შედგენისას მხედველობაში ჰქონდათ მოციქულთა ხსენებული განწესებები. აქედან, უეჭველია, რომ ქალკედონის კრების გამოთქმები: "ღვთაებრივი კანონები", "დამტკიცებული კანონები", "კანონთა მიმდევრობა", "წმიდა კანონები" და ა. შ., მოციქულთა ხსენებულ გადმოცემებზე უთითებენ.

ასეთივე ხასიათი და მნიშვნელობა აქვთ ეფესოს კრების მოწმობებს საეკლესიო მსახურებაზე, დადგენილებებსა და საეკლესიო წეს-განგებებზე, ისევე როგორც კონსტანტინოპოლის 448 წლის კრების მოწმობებს საღმრთო განწესებებზე. ყველა ამ შემთხვევაში მხედველობაში აქვთ მოციქულთა კანონები, თანაც, უეჭველად, მათი სრული კრებული, რომელიც 85 კანონისგან შედგება, რადგან მოწმობები თანაბრად ეხება როგორც პირველ, ასევე ბოლო განწესებებს.

მოციქულთა კანონების კრებული ცნობილი იყო IV საუკნის მიწურულშიც, როგორც ეს ჩანს 394 წლის კონსტანტინოპოლის კრების მოწმობიდან, რომელიც გამოთქმულია შემდეგი სიტყვებით: "როგორც მოციქულთა კანონებით არის დადგენილი".

მეტიც, მოციქულთა კანონები ცნობილია IV საუკუნის პირველ ნახევარშიც, რადგან ამ დროის კრებები მოციქულთა მრავალ კანონს იმოწმებენ. მაგალითად, ანტიოქიის კრება თავის დადგენილებებში იმეორებს მოციქულთა ოცი კანონის შინაარსს. ნიკეის პირველი მსოფლიო კრებაც მოციქულთა ზოგიერთ კანონს იმეორებს, თანაც კრებულის სხვადასხვა ადგილიდან. საერთოდ კი, უეჭველია, რომ მოციქულთა კანონების კრებული არსებობდა ყველა საეკლესიო კრებაზე ადრე. კრებები იმოწმებენ მათზე უადრეს არსებულ ძველ განწესებებს; მოციქულთა კანონებში კი არსად ვხვდებით მოწმობას რომელიმე სხვა, მანამდე არსებულ განწესებაზე, გარდა წმიდა წერილისა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მითითება იმაზედ თუ როდის არის შედგენილი მოციქულთა კანონები, ყველაზე სავარაუდო დროდ აღიარებულია II საუკუნის მიწურული და III საუკუნის დასაწყისი.

ვინ არის მოციქულთა კანონების შემდგენელი?

ამ საკითხზე არ არსებობს სავარაუდო პასუხიც კი. ბევერეგის აზრი კლიმენტ ალექსანდრიელზე, როგორც მოციქულთა კანონების შემკრებზე, მტკიცე საფუძველს მოკლებულია და შეუვალი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.

რაც შეეხება მოციქულთა კანონების რიცხვს, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის ეკლესია, რომელიც მისდევს ამ კანონთა დიონისე მცირისეულ ლათინურ თარგმანს, აღიარებს მხოლოდ 50 კანონს, აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი 85 კანონს. ეს განსხვავება თავიდანვე აღმოცენდა იმიტომ, რომ იმ ბერძნულ ხელნაწერში, რომლიდანაც არის შესრულებული დიონისე მცირის თარგმანი, დაცული იყო მხოლოდ 50 კანონი. მაშინ როდესაც აღმოსავლეთში არსებობდა კოდექსები, რომლებშიც გადმოცემული იყო მოციქულთა კანონების სრული კრებული (85 განწესება), როგორც ამას იოანე სქოლასტიკოსი ადასტურებს.

ამ რიცხვთან ახლოსაა (კონკრეტულად, 82, 83 კანონი) მოციქულთა კანონების სირიული, არაბული და ეთიოპიური კოდექსები. VI მსოფლიო კრებამ (კან. 2) განაწესა, რათა "მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი..."

მოციქულთა კანონები ძირითადად შეიცავენ განწესებებს, რომლებიც ეხება კლერიკოსებს. 85 კანონიდან 76 ეხება სასულიერო პირებს და მათგან მხოლოდ 4, მათთან ერთად, ერისკაცებს.

1

ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.

ზონარა: ქიროტონიას დღეს ხელდასასხმელად არჩეულ კანდიდატისთვის წასაკითხ და მასზე სულიწმიდის გარდამომწვევ ლოცვებს უწოდებენ, რადგან მღვდელმთავარი ხელის გაწვდენით აკურთხებს ხელდასასხმელს. მაგრამ ძველად ქიროტონიას თვით არჩევას უწოდებდნენ, რადგან, როდესაც ქალაქის მოსახლეობას მღვდელმთარვის არჩევის ნება ეძლეოდა, შეკრებილთაგან ზოგნი ერთს უჭერდნენ მხარს, სხვები კი მეორეს. ამიტომაც, მრავლის მიერ არჩეულს უპირატესობა რომ ჰქონოდა, ამომრჩევლები, როგორც ამბობენ, ხელს იწვდენდნენ და მღვდელმთავარსაც ამ გაწვდენილი ხელების დათვლით აირჩევდნენ, ანუ ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა, მღვდელმთავრადაც იმას აირჩევდნენ. აქედან არის აღებული ქიროტონიის სახელწოდებაც, რომელსაც იმავე აზრით იყენებდნენ კრების მამები, რა აზრითაც იყენებდნენ მას ძველად და ქიროტონიას არჩევას უწოდებდნენ. ლაოდიკიის კრების მე-5 განწესებაში ნათქვამია: "ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით" - ქიროტონიები კი კრებამ უწოდა არჩევებს. მღვდელმთავრის ხელდასხმაზე ჩვეულებისამებრ მრავალი იკრიბება, მაგრამ არჩევის დროს, ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენების გამო, ზოგიერთს ამ ბრალდებათა გახმოვანებისას იქ ყოფნა და მოსმენა ეკრძალება. - ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ორ ეპისკოპოსსაც; ხოლო ეპისკოპოსის არჩევის უფლებას პირველი კრების მეოთხე კანონი იმ ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს განუწესებს, უკიდურეს შემთხვევაში სამს მაინც, თუკი სხვები თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ ამ ხელდასხმაზე.

არისტინე: ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. ხოლო ეპისკოპოსის არჩევაში სამ ეპისკოპოსზე ნაკლები არ უნდა მონაწილეობდეს, თუ ამ ღონისძიებაზე ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის შეკრებას რაიმე მიზეზი არ აბრკოლებს. ეძებე აგრეთვე, ნიკეის კრების მე-4, კართაგენის მე-13 და ანტიოქიის მე-19 კანონები.

ბალსამონი: მოციქულთა ეს კანონი ლაპარაკობს ქიროტონიაზე, რომელსაც ეკლესიაში მღვდელმთავარი აღასრულებს, პავლე მოციქული სიტყვისამებრ: "ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა" (1 ტიმ. 5:22) და არა ხელის გაწვდენით არჩევაზე, როგორც ძველად აკეთებდა ამას ქალაქის მოსახლეობა და როგორც ამბობდა ზოგიერთი, რომლებიც დაუწერელ გადმოცემას მისდევდნენ. მართალია, ლაოდიკიის კრება თავის მეხუთე კანონში ბრძანებს, რომ ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით, რომლის გამოც ზოგიერთები ასკვნიდნენ, რომ ეს კანონი ლაპარაკობს არჩევაზე, მე მიმაჩნია, რომ ისინი ცუდად მეტყველებდნენ, რადგან ეკლესიაში ქიროტონიები მრავალთა თვალწინ, მაგრამ საიდუმლო ლოცვებით აღსრულდება. მეტიც, როდესაც ნიკეის კრების მეოთხე კანონი განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსის არჩევა აღესრულდება ეპარქიის ყველა, უკიდურეს შემთხვევაში სამი ეპისკოპოსის მიერ, - თუკი სხვები, ასეთ შემთხვევაში, თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ, - მიკვირს, როგორ ამბობდა ზოგიერთი, რომ ეს კანონი, რომელიც ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსის ხელდასხმაზე ლაპარაკობს, შეიცავს აზრს მღვდელმთავრის არჩევაზე.

2

მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან.

ზონარა: მღვდლებისა და დიაკვნების არჩევისა და ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ეპისკოპოსს, რომელსაც ხელდასმულები უნდა დაექვემდებარონ.

არისტინე: ერთ ეპისკოპოსს შეუძლია ხელი დაასხას მღვდელსა და დიაკონს. ნათელია.

ბალსამონი: თანამიმდევრულად გვეძლევა რა განწესებანი ქიროტონიების შესახებ, ეს კანონიც საფუძველს გვაძლევს წინამორბედი კანონი ეპისკოპოსთა ხელდასხმებს განვაკუთვნოთ და არა მათ არჩევებს. რადგან არ არის განწესებული მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლერიკოსი ჯერ აირჩიონ, შემდეგ კი ხელი დაასხან.  

3

თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირავს უფლის მიერ განწესებულის გარდა სხვა რამეს, თაფლს, ან რძეს, ან ღვინის ნაცვლად თაფლუჭს (მათრობელ სასმელს), ან ფრინველს, ან რომელიმე ცხოველს, ან ცერცვეულიდან რაიმეს ახალი ხორბლის თავთავის კონისა და ყურძნის გარდა, თავის დროზე, განიკვეთოს, რადგანაც არ არის ჯეროვანი საკურთხეველში სხვა რამის შეტანა, გარდა ზეთისა ასანთებლად და საკმევლისა წმიდა შესაწირავის დროს.

ზონარა: უფალმა, ასწავლა რა თავის მოწაფეებს უსისხლო მსხვერპლის აღსრულება, ამცნო მათ შეესრულებინათ იგი პურითა და ღვინით. ამიტომაც, მოციქულებმა აკრძალეს პურისა და ღვინის ნაცვლად საკურთხეველში სასმელის სხვა რომელიმე სახეობის გამოყენება, მაგალითად, თაფლუჭისა. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რაც ათრობს, გარეშე ღვინისა. ასეთია ადამიანების მიერ ხელოვნურად წარმოებული სასმელები, მაგალითად, არაყი, ან სხვა მსგავსი რამ. მოციქულებმა ნება დართეს მწიფე ყურძნის, ახალმოწეული ხორბლის თავთავებისა და მომწიფებული, ანუ საჭმელად ვარგისი ბოსტნეულის მოტანაც (რადგან ამაზე მიანიშნებს გამოთქმა: "თავის დროზე"); თუმც, ამათი შეწირვა ნებადართულია არა როგორც მსხვერპლისა, არამედ, როგორც პირველმოწეული ნაყოფისა. ნებადართულია ზეთის შეწირვაც, ასანთებად ნათლისა ჭეშმარიტი ნათლისა მიმართ და საკმევლისა წმიდა შესაწირავის დროს. წაიკითხე აგრეთვე ტრულის კრების კანონები 28, 32, 57.

არისტინე: მღვდელი, რომელიც საკურთხეველში შესწირავს რძეს, თაფლს ან თაფლუჭს ან ცხოველებს და ბოსტნეულს - გარდა ახალმოწეული თავთავებისა, ყურძნისა, ზეთისა და საკმევლისა, დაემხოს თავისი პატივისგან.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან ზოგიერთის შეტანა საკურთხეველში აკრძალულია იმიტომ, რომ ასეთია ელინური ჩვეულება, ზოგისა კი იმიტომ, რომ წესია იუდეველთა. ხოლო ახალი ნაყოფის, ბოსტნეულისა და ყურძნის შეწირვა უფლის მიმართ, როგორც სამადლობელისა, ნებადართულია.

ბალსამონი: ღვთაებრივმა მოციქულებმა, რომლებმაც აკრძალეს ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლი, როდესაც პირუტყვი იკვლებოდა, ყველას ამცნეს უფლის მიერ მოცემული უსისხლო მსხვერპლის აღსრულება და განაწესეს იმ მღვდლის დამხობა, რომელიც ამის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებს. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რომელიც ღვინის გარეშე იწვევს თრობას. როდესაც კანონი ამბობს: "ხორბლის თავთავის კონისა და ყურძნის გარდა", არ იფიქრო, რომ მათი შეწირვაც ნებადართულია, არამედ, ესეც აკრძალულია. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მათი ეკლესიაში მიტანა ვითარც შეწირულობისა და მიეცემა მღვდელს, როგორც მოწეული პირველნაყოფი, რათა გვიკურთხოს და ვმადლობდეთ უფალს, რომელიც გვაძლევს პურს ჩვენი არსობისა და ყოველივეს რაც ჩვენი სიცოცხლისთვის საჭიროა. ამიტომაც, ჩვეულებისამებრ პატრიარქთანაც მიაქვთ ყურძენი ვლაქერნის ღვთაებრივ ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დასრულების შემდეგ. მე ვიცნობდი ერთ-ერთი მონასტრის პატიოსან იღუმენს, რომელიც დაამხეს თავისი პატივისგან იმისათვის, რომ ბოროტი ადამიანის შეგონებით ყველი და ხორცი შეიტანა საკურთხეველში, თითქოსდა მათით შესაძლებელი იყო მრავალ დაავადებათა განკურნება. ზეთი და საკმეველი საკურთხეველში მიაქვთ არა სამსხვერპლოდ, არამედ ტაძრის გასანათებლად და ჭეშმარიტი ნათლისა და ღმრთისადმი მადლობის აღსავლენად. წაიკითხე აგრეთვე VI მსოფლიო კრების 28 და 32-ე კანონები.

4

ხოლო სხვა ყველაფერი, პირველი ნაყოფები და ხილი, უნდა გაეგზავნოს ეპისკოპოსსა და მღვდელს სახლში და არა საკურთხეველში. ცხადია, ეპისკოპოსი და მღვდლები ამას გაუყოფენ დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა მსახურებს.

ზონარა: მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა შეიტანონ, არამედ, ღმრთის სამადლობლად. ნაყოფის შეწირვის მსურველმა სახლში უნდა გაუგზავნოს ის ეპისკოპოსსა და მღვდელს, ხოლო მათ არა მარტო თავიანთთვის გამოიყენონ შემოწირულობა, არამედ კლერიკოსთა მთელ დასსაც დაუნაწილონ.

არისტინე: მწიფე ნაყოფს სახლში უგზავნიან ეპისკოპოსსა და მღვდელს; წინამძღვარნი კი მათ კლერიკოსებსაც დაუნაწილებენ.

ყურძნის გარდა, სხვა, პირველმოწეული მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა შეიწიროს, არამედ სახლში გაეგზავნოს ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რომლებიც შემდეგ გაუყოფენ მათ დიაკვნებსა და სხვა კლერიკოსებს. ხოლო ყურძენს, რომელიც ეკლესიაში მიაქვთ დანარჩენი ნაყოფებისგან განსხვავებით,  ასეთი უპირატესობა იმიტომ აქვს, რომ მისგან იწურება ღვინო უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის.

ბალსამონი: დააკვირდი, ამ კანონშიც განწესებულია, რომ ტაძარში ეპისკოპოსს მიუტანენ ბოსტნეულსა და ყურძენს, როგორც პირველმოწეულ ნაყოფს; ხოლო სხვა დანარჩენს სახლში გაუგზავნიან, რათა მით ღმერთს ღირსეული მადლობა აღუვლინონ. ხოლო თუ როგორ შეიწირება წმინდათა და გარდაცვლილთა სახელზე მიტანილი წანდილი, ანუ კორკოტი, რომელსაც სხვადასხვა ნაყოფებითაც ამშვენებენ, შეიტყობ ათანასე დიდის სიტყვიდან გარდაცვლილთა შესახებ. შენ კი იგულისხმე, რომ მოცემული კანონი აქეზებს ეპისკოპოსებს იზრუნონ თავიანთ კლერიკოსებზე და ეკლესიის შემოწირულობანი მათაც შეარგონ.

5

ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.

ზონარა: ძველად ცოლ-ქმრისთვის უმიზეზო გაყრა ნებადართული იყო და ეყრებოდნენ ერთმანეთს როდესაც მოესურვებოდათ; მაგრამ უფალმა, როგორც სახარებებში წერია, ეს უარყო. ამრიგად, უფლის მცნების თანახმად, მოციქულები კრძალავენ გაყრას. აქ ჯერ ხელდასხმულებზეა ლაპარაკი, რომელთაც განუწესებენ, რომ ხელდასხმული კლერიკოსი თუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით, უნდა დაყენდეს მანამ, სანამ ისევ უკან არ დაიბრუნებს. ხოლო თუ არ დაიბრუნებს, მაშინ სრულად უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში კნინდება ქორწინება, თითქოსდა საქორწილო თანაცხოვრება უწმინდურებას წარმოშობდეს; არადა წმიდა წერილი ქორწინებას წმიდას უწოდებს და ცოლ-ქმრის საწოლს კი შეუგინებელს. კანონმა ახსენა ეპისკოპოსებიც, რომლებსაც ცოლები ჰყავდათ, რადგან იმ დროს, სჯულიერად დაქორწინებულ ეპისკოპოსებს თავიანთ ცოლებთან ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ტრულის კრებამ, რომელსაც მეექვსესაც უწოდებენ, მეოცე კანონით ეს აკრძალა. უმიზეზო განქორწინება სამოქალაქო კანონითაც აკრძალულია, თუმცა დაწესებულია გარკვეული მიზეზები რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს კანონიერი განქორწინება.

არისტინე: მღვდელი, თუ მეუღლეს განიშორებს, განიკვეთოს; ხოლო ამის შემდეგაც თუ არ შეიწყნაროს, დაემხოს პატივისგან.

ვინმე პრესვიტერი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს მოჩვენებითი ღვთისმოსაობის და არა საფუძვლიანი მიზეზის გამო, უნდა განეყენოს. ხოლო განყენების შემდეგაც თუ არ გამოსწორდება, - დაემხოს თავისი პატივისგან. იხილე აგრეთვე ტრულის მეექვსე კრების კანონები 12 და 13, რომელშიც განიხილება იგივე საკითხი.

ბალსამონი: მეექვსე მსოფლიო კრებამდე, რომელიც ტრულის სამეფო პალატებში ჩატარდა, ეპისკოპოსებს უფლება ეძლეოდათ ჰყოლოდათ ცოლები საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგაც, როგორც ჰყავთ ცოლები, მაგალითად, მღვდლებსა და დიაკვნებს მათი ხელდასხმის შემდეგ. ამრიგად, რადგან იუსტინიანეს 117-ე ნოველის გამოცემამდე, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის 28-ე წიგნის მე-7 ტიტლოსში, ყოველ მსურველს უფლება ჰქონდა გაყროდა თავის მეუღლეს ყოველგვარ მიზეზს გარეშე, წინამდებარე კანონი განაწესებს, რომ ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს, უფლება არა აქვთ ღვთისმოსაობის მომიზეზებით გაეყარონ თავიანთ მეუღლეებს. ამ კანონის განწესებამ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებით (რადგან ეპისკოპოსს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ, უკვე აღარა აქვს ცოლთან თანაცხოვრების უფლება) ძალა დაკარგა, რადგან ამჯერად, ყოველს, ვინც უნდა იყოს ის, შეუძლია გაეყაროს თავის ცოლს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ხსენებულ ნოველაში. კერძოდ: 1) რომელიმე მეუღლის შეთქმულება მეფის წინააღმდეგ; 2) ცოლის მრუშობა; 3) მეუღლეთაგან ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა; 4) თუ ცოლმა იქეიფა ქმრის ნების გარეშე ან ტანი დაიბანა უცხო მამაკაცებთან ერთად; 5) თუ ცოლმა ღამე გაათია ქმრის სახლის გარეთ, თანაც არა თავის მშობლებთან; 6) თუ ცოლი, ქმრისგან მალულად დაიარებოდა დოღზე; 7) თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა აირჩია მონაზვნური ცხოვრება და კიდევ სხვა მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ნოველაში.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика