ნათლობა - ნათლობა უნდა შესრულდეს სრული შთაფლვით - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი


"ნათლობა უნდა შესრულდეს სრული შთაფლვით"

ნათლისღება

ცნობილი მისიონერის თქმით, მხოლოდ ამგვარ ნათლობას გულისხმობს ბიბლიური, წმიდა მამებისეული და ისტორიული რეალობა...

წესი, რომელსაც იორდანეზე ასრულებდა იოანე ნათლისმცემელი, ებრაელებში "მიკვედ" იწოდებოდა, რაც ბუკვალურად "წყლის დაგროვებას" ნიშნავს (შეად. დაბ. 1:10). ამავე სიტყვით აღინიშნება წყლის რეზერვუარი განბანვისთვის (ივრითზე "თვილა") რათა განიწმინდონ რიტუალური სიბინძურისგან.

რიტუალური სისუფთავის დარღვევის შემთხვევაში ბიბლია სხეულის წყლით განბანვას ითხოვს (ლევ. 14:9; 15:5, 7; 16:4, 24; რიცხვ. 19:7-8 და სხვ.). მაგალითად, მკვდარ სხეულთან (რიცხვ. 19:11-13) ან კიდევ რომელიმე უწმინდურ ობიექტთან შეხების შემთხვევაში (ლევ. 5:2-3; 11:24-35). განბანვა, ებრაული რიტუალის მიხედვით საჭირო იყო ბინძური სხეულებრივი გამონაყოფების დროსაც (ლევ. 15), კერძოდ, მენსტრუაციის შემდეგ. მიკვეში განბანვა დაწესებულია მშობიარობის შემდეგ, ასევე იუდაიზმში გადასვლისას ან წარმართული ქვეყნიდან დაბრუნების შემთხვევაში.

პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ იოანე ნათლისმცემელი მიკვე-ნათლობას აღასრულებდა მასთან მისულ ყველა ებრაელზე. ამგვარად, მან ყველა ისინი უწმინდურებად გამოაცხადა და რწმენის საყოველთაო განახლებისკენ მოუწოდებდა. სხვათა შორის, მიკვე შესრულებულად ითვლებოდა მხოლოდ სრული შთაფლვის შემთხვევაში. რაბი მოშე ბენ მაიმონი თავის მონუმენტალურ ნაშრომში "მიშნე თორა" (განყოფილება 1, "ცოდნათა წიგნი") წერს: "კანონიდან იმის შესახებ, რომ ყოველი სახის რიტუალური სიბინძურისგან განწმენდა აღესრულება მიკვეს წყლებში, როგორც ნათქვამია - "და შთაფლავს მთელს თავის სხეულს", - გამომდინარეობს ის, რომ წყალში ერთდროულად უნდა შთაეფლას მთელი სხეული".

ამგვარად, გარკვეულია თუ როგორ სრულდებოდა წმ. იოანე ნათლისმცემელის ნათლობა-მიკვე იორდანეში. შედეგად, უფლის ნათლობაც, რომელიც გვასწავლის ყოველი სიმართლის აღსრულებას, იქ შესრულდა, სადაც დიდი წყალი იყო და სრულიად შეესაბამებოდა მოსეს სჯულს, რომელიც მიკვეში სრულ შთაფლვას ითხოვს. აქედან, უფლის ნათლისღება ერთადერთი მაგალითია ქრისტეანთათვის, როგორ უნდა შესრულდეს სწორად გარეგანი ფორმა ამ საიდუმლოსი.

ნათლობის ქრისტეანულ საიდუმლოში წყალში სრული შთაფლვა წარმოადგენს ცოდვილი ცხოვრების დამარხვას და წყლიდან ახალი ცხოვრებისთვის აღმოშობას. უძველესი დროიდანვე მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებდა მხოლოდ სრულ შთაფლვას. ე. წ. პკურებითი ნათლობა ეკლესიაში მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში იყო დაშვებული, როგორიცაა: მომაკვდავი ავადმყოფის ნათლობა, როდესაც ახლოს წყალი არ არის ან შესაბამისი ემბაზი სრული შთაფლვისათვის; ან კიდევ სადღაც გზაში, თუკი ადამიანი ავად გახდებოდა და არ იყო იმისი იმედი, რომ მიაღწევდა ისეთ ადგილამდე, სადაც სრული შთაფლვა იქნებოდა შესაძლებელი, ნათლობას ასრულებდნენ სხურებით, ზოგჯერ კი ქვიშით (ქვიშით ნათლობის შემთხვევისთვის უნდა ითქვას, რომ მომაკვდავი, რომელიც ასე მოინათლა, შემდეგ თავიდან იქნა მონათლული წყალში სრული შთაფლვით - რედ.).

წმ. კირილე იერუსალიმელი მოსანათლავად გამზადებულთადმი წარმოთქმულ თავის მეორე ჰომილიაში ასე განმარტავს იმ ქმედების მადლმოსილ ძალას, რომელიც აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში (რომ. 6:4): "შთაფლვაში, როგორც ღამეში, არაფერი ჩანს, ხოლო წყლიდან ამოსვლისას ისევ ნათელში ვიმყოფებით". წმ. იოანე ოქროპირი (ჰომ. 25. იოანეს სახარებაზე): "როდესაც თავს შთავყოფთ წყალში, თითქოსდა საფლავში, მასთან ერთად თანადაიმარხება ძველი კაცი... ხოლო, შემდეგ, როდესაც აღმოვიმართებით წყლიდან, ამოდის ახალი ადამიანი". წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (ჰომ. უფლის ნათლისღებაზე): "როგორც მაცხოვარი იყო დაფლული მიწაში, ასევე ვეფლობით ჩვენ წყალში... სამჯერადი დაფლვით".

მაგრამ კანონში გამონაკლისებზეც არის ლაპარაკი. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის 39-ე ჰომილიაში წერს: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათდ მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-х т. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540).

არ არის შემთხვევითი, რომ აწ გარდაცვლილი პატრიარქი ალექსი II ეპარქიულ კრებებზე არაერთხელ ითხოვდა ქ. მოსკოვის მღვდელმსახურთაგან ნათლობა აღესრულებინათ მხოლოდ სრული შთაფლვით, და თუ ამგვარი პირობები ტაძარში არ აღმოიჩნდება, მოსანათლავი გაგზავნონ იმ ტაძარში, სადაც არსებობენ ბაპტისტერიუმები, რომლებშიც მოსანათლავთა სრული შთაფლვაა შესაძლებელი. ის, რომ მრავალ ტაძარს არა აქვს ბაპტისტერიუმი, დაკავშირებულია იმასთან, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ძირითადად ნათლავდნენ ყრმებს, რადგან მოზარდთა ან ზრდასრულთა მოქცევა დასრულებული იყო ჩვენს ტერიტორიაზე ქრისტეანობის აღმოცენების პირველივე საუკუნეებში (ე. ი. IX-X სს. - რედ.).თუმცა, მისიონერულ ტაძრებში ყოველთვის არსებობდნენ ბაპტისტერიუმები. მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მაჰმადიანის ან იუდეველთა მოქცევის შემთხვევაში ნათლობა აღესრულებოდა ასეთ ბაპტისტერიუმში ან დიდ წყალსაცავში, სადაც შესაძლებელია სხეულის სრული შთაფლვა წყალში. ამიტომაც, ბიბლიური, წმიდა მამებისეული და ისტორიული რეალიების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამათა კონსენსუსით, ნათლობა უნდა შესრულდეს სწორედ სრული შთაფვლით. გამონაკლისი აღესრულება მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში.

პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი, არატრადიციული რელიგიების მსხვერპლთა ა. ს. ხომიაკოვის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. სპეციალურად "Русская линия"-სთვის მიცემული ინტერვიუდან

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика