ნათლობა - ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

"ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ"

ნათლისღებითი ნათესაობა

2008 წლიდან ოფიციალური, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის მწყემსმთავარი ილია II აწყობს ე. წ. საჯარო "ნათლობებს", რომელიც, როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, თურმე "დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად" ტარდება. 2008 წლის 19 იანვრიდან დღემდე, ილია II-ს უკვე ცხრა საჯარო ნათლობა გაუმართავს და ოთხი ათასზე მეტი ნათლული შეუძენია (http://www.open.ge/index.php?m=4&art=350).
ერთი კაცის მიერ ამდენი ათასი ადამიანის ნათლიობას (მიმრქმელობას) ქრისტეანობის ისტორიაში პრეცედენტი არ გააჩნია, როგორც ისტორიული, ასევე კანონიკური თვალსაზრისით.

"მართლმადიდებელი ადამიანის საზოგადოებაში ცხოვრება, - ვკითხულობთ ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ გამოცემულ ბროშურაში: "ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ" (თბილისი 1995 წ.), - განსაზღვრულია და მოწესრიგებულია გარკვეული ზნეობრივ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმებით. ადამიანთა ურთიერთობებს ამასთან ერთად აქვს თავისი სულიერი ასპექტი, რომელსაც განსაზღვრავს საეკლესიო სამართალი წმიდა წერილზე და წმიდა გადმოცემებზე დაყრდნობით. თანამედროვე საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის უცხო გახდა ადამიანთა ურთიერთობების სულიერი მხარე. მისი აღდგენა ერის სარწმუნოებრივი განათლების ერთ-ერთი პირობაა" (პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. წინათქმა).

ამ მიზნით, ბეჯით ადამიანებს გადაუთარგმნიათ იოანე ქსიფილინოსის (პაპუწისშვილის) ხელნაწერი თანამედროვე ქართულ ენაზე (მთარგმნ. დავით რევაზიშვილი), სადაც "მორწმუნე ქრისტეანს ასწავლიან ქორწინების საიდუმლოს სამართლებრივ მხარეს". პროტ. გ. გამრეკელის თქმით "ეს ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ უნებლიე ქაოსს ამ ურთიერთობებში და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ქრისტეანული ოჯახის შექმნას" (იქვე).

ქაოსი კი მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის შექმნის მოსურნე ადამიანები უგულებელყოფენ ნათესაობით კავშირებს და განურჩევლად შეეუღლებიან ერთურთს, რაც თაობათა (ზოგჯერ სისხლის) აღრევად იწოდება და მართლმადიდებლური სჯულმდებლობით მკაცრად ისჯება.

ნათლობის წყალპკურებითი, ანუ წყალგადასხმითი წესი, - როგორითაც ილია II და ოფიციალური ეკლესიის მესვეურები "ნათლობებს" ატარებენ, - მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მიღებული არ არის, რის გამოც ამგვარად მონათლულთ არც ნათლისღების ბეჭედი გააჩნიათ და, ცხადია, არც რაიმე ნათესაური კავშირი ურთიერთ შორის (როგორც ჩანს ეს კარგად იცის თვით ილია II-აც და ამიტომაც ატარებს ასე თამამად ათასობით ნათლობებს). მაგრამ, რადგან, ოფიციალურ "მართლმადიდებლურ" ეკლესიაში გვყავს მრავალი ახლობელი, რომლებიც, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთაგან განსხვავებით, ამგვარ ნათლობას ჭეშმარიტად მიიჩნევენ, აინტერესებთ ჩვენი აზრი ამ საკითხზე და გვეკითხებიან: იქმნება თუ არა ნათესაობითი კავშირი ერთი მიმრქმელის (ნათლიის) მიერ მონათლულ ქრისტეანებს შორის და თუ იქმნება, რომელ თავამდეა აკრძალული ქორწინება მათ შორის? ამიტომაც, თავს მოვალედ ვთვლით გავცეთ მათ პასუხი.
პასუხს კი ვპოულობთ თვით "პატრიარქ" ილია II-ს მიერ ნაკურთხ ზემოთხსენებულ ბროშურაში. აი, რა არის ნათქვამი აქ ნათლისღებითი ნათესაობის შესახებ.

"ნათესაობა იყოფა ხუთად. პირველია სისხლის, მეორე მძახლობის, მესამე სამნათესაობის (ეს მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება), მეოთხე წმ. ნათლისღებისა და მეხუთე შვილად სახელდებულისა (აყვანისა)" ("ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ" გვ. 9).

ნათლისღების ნათესაობისთვის ვკითხულობთ: "წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია), ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით, ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა. ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისთვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.

მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი - სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.

ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა" (იქვე. გვ. 25).

ნათლობითი ნათესაობისთვის საგულისხმოა წმ. სიმეონ თესალონიკელის შემდეგი განწესებაც: "ყრმებისათვის, რომლებიც მოინათლნენ წმიდა ემბაზში".

"არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთიდაიგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-ქმრობა, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე კაცის მონათლულები არიან, ე.ი. ერთი სულიერ მამის ამოყვანილები წმიდა ემბაზიდან".

ყველამ კარგად ვიცით, რომ ხორციელ ნათესაობაში აკრძალულია ქორწინება მერვე თავამდე (იხ. ქვემოთ სქემა), ხსენებულ ბროშურაში შეგვახსენებენ: "სისხლით ნათესაობა საჭიროა წმიდად დაიცვას ყველამ მერვე თაობამდე, მერვე თავის შემდეგ კი გახსნილია დაუბრკოლებლად" (იქვე. გვ. 13). ხოლო ნათლობითი ნათესაობა, მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონის თანახმად - სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდია. ამგვარად თუ ერთი მამის ხორციელი შვილების შთამომავლები მერვე თავამდე ვერ დაქორწინდებიან, მითუმეტეს ერთი სულიერი მამის მიერ მონათლული შვილები. მათთვის კი, ვისთვისაც წყალგადავლებითი "ნათლობა" ჭეშმარიტად ნათლობაა, ამდაგვარი აღმოჩნდება ყველა ის 4000 ათასი ყრმა, რომელიც ერთი მამის (ამ შემთხვევაში ილია II-ს) მიერ "მოინათლა". ასე, რომ მათთვის გაუგებარი აღმოჩნდება, როგორ უნდა ემსახურებოდეს ერთი ადამიანის მიერ ათასობით ქართველი ყრმის ნათლიმამობა "ერის გამრავლების საკითხს", როდესაც ის, სინამდვილეში, სისხლის აღრევის პოტენციურ საფრთხეს უქმნის ამ პატარებს მომავალში.















ამრიგად, ჩვენი ერის მომავალი, უამრავი ახალშობილი ყრმა, ილია II-ს მიერ გაწირულია ორმაგად: პირველად იმიტომ, რომ ილია II და მისი სამღვდელოება არ ნათლავენ ჭეშმარიტი, მოციქულთამიერი წესით - სამგზის შთაფლვითი ნათლობით, რითაც, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის (მე-18 ს.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "ნათლის მინიჭების ნაცვლად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში" (იხ. მისი "გრდემლი", თ. 20. ნათლისღებისთვის) და მეორედ იმიტომ, რომ, წყალპკურებითი ნათლობა სწორიც რომ იყოს, ილია II-მ მოიფიქრა ახალი უსჯულოება, რომლის თანახმადაც ის ნათლიად დაუდგა ათასობით პატარას, რითაც ერთმანეთთან დააკავშირა ნათლიობითი ნათესაობით, სადაც ურთიერთ ქორწინება იკრძალება მერვე თაობამდე. კიდევ კარგი, რომ წყალპკურებითი "ნათლობა" არის ყალბი და არაფრის მაქნისი და ამგვარად "მონათლული" ფაქტიურად მოუნათლავია, როგორც ამას აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრები განმარტავენ (იხ. მაგალითად: ქართლის კათალიკოს, ბესარიონ ორბელიშვილის "გრდემლი"; ასევე მართლმადიდებელ მამათა და აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები (არქიეპ. პავლე "ისმინეთ უნათლავნო და შეძრწუნდით!").

ამრიგად, "პატრიარქის" ქმედებას არა აქვს არანაირი გამართლება. მეტიც, ის ეწინააღმდეგება მის მიერვე ნაკურთხი ბროშურის მიზანსა და დანიშნულებას მოაწესრიგოს ქრისტეანების ცხოვრება და ნათესაობითი კავშირები "ზნეობრივ-ეთიკური და სამართლებრივი ნორმებით", რათა "თავი დავაღწიოთ უნებლიე ქაოსს ამ ურთიერთობებში და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ქრისტეანული ოჯახის შექმნას".


 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика