სულ ახლახან მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ ნათლისღების (ღმრთის განცხადების) უდიდესი დღესასწაული იზეიმა. იმის შემდეგ, რაც ჩაიარა სადღესასწაულო განწყობამ და ცხოვრება კვლავ რუტინულ რიტმს დაუბრუნდა, გვსურს კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ დღესასწაულს, უფრო სწორედ დღსასწაულთან დაკავშირებულ ერთ უცნაურ ჩვეულებას, რომლის შესახებაც მცირე საინფორმაციო სახის პუბლიკაცია ჩვენი საიტის მკითხველს უკვე შევთავაზეთ, მაგრამ ამჯერად გვსურს უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ფიქრისა და განსჯის მოყვარულ მორწმუნეებს.
ახალმოწესეთა ეკლესიაში არსებობს ტრადიცია, როდესაც უფლის განცხადების დღეს, დიდი აიაზმის კურთხევისას, დიდი აიზმით აკურთხებენ დიდ წყალსაცავებს: ტბებს, ზღვებს ან მდინარეებს და მათში განიბანებიან ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად. განბანვის ეს ტრადიცია სწორედ იორდანეში ქრისტეს ნათლისღებას უკავშირდება. ამ მხრივ ნიშანდობლივ და საინტერესო ამბავს გადმოგვცემენ თვით ახალმოწესეები თავიანთ თხზულებებში. ასე, მაგალითად, ჟურნალ "კარიბჭეში" ვკითხულობთ: "შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.
ძველმართლმადიდებელთ პრაქტიკაში არა აქვთ უფლის ნათლისღების დღესასწაულზე ყინულჭრილებში ბანაობა. ამ ჩვეულების მასობრივი გავრცელება, როგორც ჩანს, საფუძველს იღებს ნიკონ პატრიარქის (17-ე ს.) საეკლესიო რეფორმიდან და არა პოსტსაბჭოური ეპოქიდან.
ჩვენ გვსურს შევჩერდეთ ღმრთის განცხადების დღესასწაულზე იორდანეში ბანაობის ტრადიციის ერთ დეტალზე. არცთუ ხშირად ფოტოსურათებზე ვხედავთ იორდანეს (ასე იწოდება ყველა წყალი, რომელიც კი იმ დღეს სასულიერო პირების მიერ იკურთხება უფლის ნათლისღების დღესასწაულის აღსანიშნად - არქიეპ. პ.), რომელიც მიწაზე (ან გაყინულ მდინარეში, ფეხით სავალ ადგილზე) ამოჭრილია ჯვრის სახედ. საბანაო "ემბაზის" ასეთი სახე საეკლესიო კანონის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს:
ტრულის, ანუ VI მსოფლიო კრების 73-ე კანონი ბრძანებს: "რადგანაც ცხოველმყოფელმა ჯვარმა ხსნა მოგვიტანა, ამიტომაც გვმართებს ჩვენ მთელი გულმოდგინების მოკრეფა და ღირსეული პატივის მიგება მისთვის, რამეთუ მისი მეშვეობითაც ძველი შეცოდებებისაგან გავთავისუფლდით. აქედან გამომდინარე, აზრით, სიტყვითა და გრძნობით თაყვანს ვცემთ მას და ვბრძანებთ: ჯვარის გამოსახულება იატაკიდან უნდა წაიშალოს, რათა ჩვენი გამარჯვების სიმბოლო ფეხით არ იქნეს გათელილი. შესაბამისად, ვინც ამიერიდან სავალ ადგილებზე ჯვარი გამოსახოს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს".
სჯულის კომენტატორ ზონარას განმარტებით "როდესაც ჩვენი უფალი, ღმერთი და მაცხოვარი იესუ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მაშინ დახსნილ ვიქმნენით ცოდვის მონებისგან. ამრიგად, წმიდა მამები ამბობენ, რომ ჩვენი გამოხსნის ამ საფუძველს ღირსი პატივი უნდა მივაგოთ აზრითაც, სიტყვითაც და გრძნობითაც. აზრით პატივს ვცემთ მას, როდესაც ვიხსენებთ რამდენი ნიჭი და სიკეთე მიგვიღია მისგან და გვიკვირს ჩვენდამი გამოვლენილი ღმრთის კაცთმოყვარებისა; სიტყვით, - როდესაც სხვებთან საუბარში ვმადლობთ ჩვენს მაცხოვარს; ხოლო გრძნობით, - როდესაც ჯვარს ვუმზერთ, პატივსა და დიდებას მივაგებთ და ვეამბორებით. მაგრამ რადგან ზოგიერთი, - შესაძლოა ჯვრისთვის მეტი პატივის მისაგებად, - ყველგან ცდილობდა მის გამოსახვას, და მათ შორის მიწაზეც, წინამდებარე კანონით ეს აიკრძალა და ნაბრძანები იქნა ამიერიდან ჩვენი გამარჯვების სიმბოლო მიწაზე არ გამოისახოს და მით გასაქელად არ გავიმეტოთ; ხოლო ვინც ამას გაბედავს ზიარებიდან უნდა განიკვეთოს".
არისტინე: მიწაზე გამოსახული ჯვარი უნდა განადგურდეს. ყოველმხრივ უნდა ვცდილობდეთ, რათა ღირსი პატივი მივაგოთ ცხოველმყოფელ ჯვარს, რომლითაც ძველი გველის ტყვეობიდან ვიქმენით გამოხსნილნი. და თუ დავინახავთ, რომ ვინმეს მიწაზე ჯვარი გამოუსახავს, უნდა წავშალოთ, რათა ფეხით სათელი არ იქნეს ჩვენი გამარჯვების სიმბოლო.
ბალსამონი: "ზოგიერთები ეკლესიის მინდვრებზე ან სხვა ადგილებზე აკეთებდნენ ჯვრებს ქვებისგან, ან სხვა ნივთიერებებისგან. ამრიგად, კანონი კრძალავს ამას, და ამბობს, რომ ჯვარს, რომლითაც აღსრულდა ცოდვის ტყვეობისგან კაცთა გამოხსნა, შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ აზრით, სიტყვით და გრძნობითაც, ანუ აზრით, - როდესაც უსიტყვოთ ვმადლობთ უფალს, სიტყვით, როდესაც ყველას წინაშე ვაღიარებთ ჩვენთვის ბოძებულ წყალობას, და გრძნობით, როდესაც ვხედავთ რა ჯვარს, ვეთაყვანებით და ვეამბორებით მას. ამიტომაც, კრების მიერ განსაზღვრულია განადგურდეს ჯვრის გამოსახულება, სადაც გინდა იყოს, თუ ის მიწაზეა გამოსახული, რათა მასზე სიარულით არ გაიქელოს ეშმაკზე გამარჯვების ჩვენი სიმბოლო. ვინც გაბედავს მიწაზე ჯვრის გამოსახვას განიკვეთოს. ბასილიკონის 1-ელი წიგნის 1-ელი ტიტლოსის 5-ე თავი ამბობს: "არც ბერმა, არც სხვა ვინმემ საზოგადოებრივ ადგილებში, ან იქ სადაც სანახაობებს აწყობენ, ჯვარი არ აღმართონ ან წმიდათა ნაწილები არ გამოფინონ". და 6-ე თავი: "იატაკზე, ან დოლაბის (წისქვილის) ქვაზე, ან მარმარილოს იატაკზე არავინ უნდა გაბედოს ჯვრის ამოჭვრეთა ან დახატვა. არამედ თუ დახატულია უნდა წაიშალოს, ხოლო მისი გამკეთებელი უმძიმესი სასჯელით დაისაჯოს". გარდა ამისა, ბასილიკონის 3-ე წიგნის 1-ელი ტიტლოსის 48-ე თავი ასევე ბრძანებს: "პატიოსანი ჯვრები, რომლებითაც საზოგადო ლოცვებზე გამოდიან, არსად დაიდოს პატივსაცემ ადგილთა გარდა".
ამგვარი განწესებების შემდეგ უკეთურის გარდა ვინ გაბედავს მიწაზე ჯვრის გამოსახვას?
როგორც РИА "Новости"-ს განუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არა მარტო მიესალმება ამ დღესასწაულზე მორწმუნეთა ბანაობის ტრადიციას, არამედ თვითონვე ხელმძღვანელობს. იგივე ხდება საქართველოშიც, სადაც ვხედავთ როგორ ბანაობენ იორდანეში მორწმუნეები და მღვდლები, შიშვლდებიან, ყინულებს ამტვრევენ და ხიდებიდანაც კი ხტებიან ოღონდ წყალში შთაიფლან.
რმე-ს წარმომადგენლის თქმით, ნათლისღების (იორდანის) წყლებში ბანაობა - ეს არის მორწმუნეთა "თანაზიარობა განსაკუთრებულ მადლთან, რომელსაც უფალი ამ დღეს უგზავნის ამ წყლებს". "ეს არის მსხვერპლიც (მორწმუნეთა მხრიდან - რედ.), რადგან ადვილი როდია დათმო შენი კომფორტი და ჩაეფლო ყინულოვან წყალში", - აღნიშნა მან. ამასთან საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ნათლისღების დღესასწაულის წყლებს მიეცეს მაგიური ხასიათი და ხაზი გაუსვა, რომ "ეს არის მხოლოდ ტრადიცია, და არა ეკლესიის კანონიკური დაწესება".
ცნობილმა რუსმა ახალმოწესე მისიონერმა დიაკვანმა ანდრია კურაევმა განაცხადა, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ბანაობა არ წარმოადგენს აუცილებელს მართლმადიდებელი მორწმუნისთვის. მისი თქმით, "არ არსებობს საეკლესიო განწესება, რომელიც დაავალდებულებდა ადამიანს ნათლისღების დღესასწაულზე ჩამხტარიყო ყინულჭრილში. ეს საეკლესიო-სახალხო ტრადიციაა, და არა საკუთრივ საეკლესიო".
მან მოუწოდა მორწმუნეებს "არ გამოიჩინონ არავითარი თვითნებობა ყინულჭრილში ბანაობის დროს, იყონ უკიდურესად ფრთხილნი და აკეთნო ეს ღმრთისადმი რწმენით". "მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომაც, არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ყინვაში ბანაობისგან სარგებლობას ღებულობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამას რწმენით აკეთებენ", - თქვა ანდრია კურაევმა.
იგივე ვითარებას ვხედავთ საქართველოშიც, სადაც მორწმუნეებს ასევე სასულიერო პირები მიუძღვებიან იორდანეში საბანაოდ.
მართლმადიდებელი მორწმუნეები ბათუმში უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს ზღვაში შესვლით აღნიშნავენ. ზღვაში შთაფლვის რიტუალში მონაწილეობას ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი, სხვა სასულიერო და საერო პირები იღებდნენ. მეუფე დიმიტრისთან ერთად იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ზღვაში შთაფლვის ტრადიცია 14 წლის წინ სწორედ მეუფე დიმიტრის ინიციატივით აღდგა" (http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27126/)
ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.
"ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმალავეს წყალში. მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვა მოიხედა და მალე სრულად გამოჯანმრთელდა..." (ჟურნალი "კარიბჭე", № 1, 2005 წ. მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა. ციტ.: http://www.orthodoxy.ge/sakhli/aiazma.htm)
საინტერესოა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურნი, რომლებიც ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ უფლის განცხადების დღეს დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალსაცავებში ხორციელ განბანვას და სრული, შთაფლვითი განბანვით ცდილობენ მრავალგვარ სნეულებათაგან განკურნებას, სულიერ სნეულებას, რომელიც უფლის ჯვარცმით, სისხლის დათხევით, საფლავში დამარხვითა და მესამე დღეს აღდგომით მოგვენიჭა, - პკურებით გამოსახავენ?! აქვს კი ამგვარ ქცევას ლოგიკა? რა უფრო მეტია? - უფლის ნათლისღება იორდანეში თუ მისივე ჯვარცმით, დაფლვითა და აღდგომით მონიჭებული ნათლისღება? რას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქრისტეანისთვის ხორცის განბანვას და ხორციელი სნეულებების განკურნებას თუ სულის განბანვას სულიერი მწიკვლისაგან და ცოდვის მონობისგან გათავისუფლებას? და თუკი ხორციელი სნეულებებისგან განსაწმენდად სხურებას საკმარისად არ მიიჩნევენ ოპონენტნი და აქტიურად ბანაობენ დიდი აიაზმით ნაკურთხ ზღვებსა თუ მდინარეებში, როგორ არის შესაძლებელი სულიერი განწმენდის, ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან გამათავისუფლებელი საბანელის, იგივე ქრისტეანული ნათლისღების პკურებითად ან სხურებითად აღსრულება?
სხვათა შორის, ეს ჩვეულება, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ რუსეთიდან დამკვიდრდა, ადრე (განსხვავებით ახლანდელისგან) არცთუ მოწონებული იყო რუსეთის ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის მიერ. ასე მაგალითად, კრებულში, რომლის სახელწოდებაა: "Настольная книга священнослужителя" ("მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი") (1913 წ.), ნათქვამია: "ზოგიერთ ადგილას არსებობს ამ დღეს (იგულისხმება უფლის ნათლისღების დღესასწაული - არქიეპ. პ.) მდინარეებში ბანაობის ჩვეულება (განსაკუთრებულად ისინი ბანაობენ, ვინც წინა დღეებში განცხრომას ეძლეოდა, მკითხაობდა ან სხვა, და ამ ბანაობას მსგავსი ცოდვებისგან განწმენდის ძალას ანიჭებდა). ასეთი ჩვეულება შეუძლებელია გავამართლოთ მაცხოვრის მიერ წყალში შთაფლვისადმი ან პალესტინელ მომლოცველთა ჩვეულებისადმი მიბაძვით, რომლებიც ყოველჟამ იორდანეში ბანაობენ. აღმოსავლეთის მომლოცველთათვის ეს უსაფრთხოა, რადგან იქ ისე არ ცივა და ისე არ ყინავს, როგორც ჩვენთან. ამგვარი ჩვეულების სასარგებლოდ არ შეიძლება მეტყველებდეს ეკლესიის მიერ უფლის ნათლისღების დღეს ნაკურთხის წყლის განმკურნებელი და განმწმენდელი ძალისადმი რწმენაც, რადგან ზამთარში ამ მიზნით ბანაობა ნიშნავს უფლისგან მოითხოვო სასწაული და სრულიად უგულებელჰყო სიცოცხლე და ჯანმრთელობა" (წყარო:http://azbyka.ru/dictionary/03/voda_svyataya-all.shtml).
და ვინ ეძიებს სასწაულს? - "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათე 12:39; 16:4).
ქრისტე პასუხობს მის გამომცდელ ეშმაკს: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათ 4:7). გინდა იყო ქრისტეს მიმდევარი - მაშინ ნუ გარისკავ შენი სიცოცხლით, ნურც ჯანმრთელობით მაშინ, როდესაც რისკს არ ახლავს მოყვასისთვის მსახურების უმაღლესი მიაზნი (ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძლიერ ცივდებოდნენ და კვდებოდნენ კიდევაც ასეთი ბანაობის შემდეგ).
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე მთავარი: დიდი აიაზმით ნაკურთხ წყალში, რომელსაც ეკლესია "საპკურებელ წყალს" უწოდებს ოფიციალური ეკლესიის "მართლმადიდებლები" ხორციელ სნეულებათაგან განსაწმენდად ყურჭუმობენ და ყურყუმალაობენ, ხოლო იმ წყალში, რომელიც ქრისტეს ჯვარცმით გვებოძა, ცოდვათა სრულად აღმხოცველია და რომელსაც წმიდა მამები "კუბოს" და "დედას", "მეორედ შობის საბანელსა" და "აღმომშობს" უწოდებენ - მხოლოდ ისხურებენ. ასეა გაუკუღმართებული მათი გონება და როგორც ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი ბრძანებდა "ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. ... არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს", ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ერთი რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. ნათლისღებისთვის).
აქვე გვახსენდება წმ. იოანე ოქროპირის მამხილებელი ჰომილიები ებრაელთა წინააღმდეგ; თუ მოვახდენთ ამ სიტყვების პერიფრაზირებას და ებრაელთა ნაცვლად წმ. იოანეს ჰომილიის ქვემოთ მოტანილ ადგილში ჩავსვამთ წყლით წუწაობის მოყვარულ "მართლმადიდებელთ", რომლებიც ამ პროცედურას "ნათლობის საიდუმლოს" უწოდებენ, შეგვეძლევა წმ. მამასთან ერთად ვთქვათ: "არავინაა თქვენზე საწყალობელი: თქვენ ხომ მარადის საკუთარი ცხოვნების წინააღმდეგ მიდიხართ. როდესაც ნათლისღებაში შთაფლვის დაცვა გმართებთ, ქელავთ მას, ხოლო ახლა, როდესაც ეს სულაც არ არის აუცილებელი, - ჯიუტად იცავთ. ვინ შეიძლება იმ ადამიანებზე საწყალობელი იყოს, ღმერთს არა ოდენ საიდუმლოს დარღვევით, ტრადიციების დაცვითაც რომ განარისხებს? ამიტომაც ბრძანებს წმ. სტეფანე: "ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც" (საქმე 7:51), - და ეურჩებითო არა მარტო ღვთის სჯულისა და საეკლესიო საიდუმლოებების დარღვევით, არამედ არაქრისტეანული ტრადიციების დაცვის სურვილით; და სამართლიანადაც იწოდებით "ქედფიცხელად", რადგან უარჰყავით ნათლისღების წმიდა საიდუმლო და მით ქრისტეც უარყავით, თუმცა მისი უღელი საამო და ტკბილი იყო. "დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" (მათე 11:2-30) (წმ. იოანე ოქროპირის "იუდეველთა წინააღმდეგ" პირველი ჰომილიის მიხედვით).
თბილისი. 2015 წ. 24 იანვარი.