Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
წმ. მელიტონ სარდელი (II ს.)
ნათლისღების შესახებ
წმ. მელიტონ სარდელი ნათლისღებას განიხილავს "კოსმიურ ასპექტში": წმინდანის თანახმად, მთელი დედამიწა "განიბანება" (λούεται – "ბანაობს", ანუ "ინათლება") მდინარეებითა და წვიმებით; ოკეანეს "მზის ბაპტისტერიუმსა" (το του ήλιου βαπτιστήριον) და "მთვარის საბანელს" უწოდებს (το της σελήνης λουτρόν), რომელშიაც ორივენი, ვარსკვლავებთან ერთად "საიდუმლო ნათელს იღებენ". მაგრამ თუკი ზეციური მნათობნი, -
რომელი გავარვარებული ოქრო, ვერცხლი, სპილენძი ან რკინა არ შთაიფლვის წყალში? ჯერ ერთი იმისთვის, რათა ფერით გაბრწყინდეს, და მეორეც -
თუ გსურს იხილო როგორ შთაიფლვიან ზეცის მნათობნი, ისწრაფე ოკეანისკენ, და იქ გიჩვენებ საკვირველ სანახაობას, ზღვას უსამანოს, გამოუკვლეველ სიღრმეს, წმიდა წყალსა და უვრცელეს ოკეანეს -
როდესაც ცეცხლოვან ეტლში შებმული მზე დაასრულებს თავის სრბოლას, წრეზე რბოლისგან ალმოდებული და სანთელივით ანთებული, თავისი რბოლით დღის (მერიდიანის, შუა ზონის) განმახურვებელი, თითქოსდა შეშინდაო -
როგორც ცეცხლით გავარვარებული სპილენძის ბურთი ცივ წყალში განბანვისას გამოსცემს ხმაურს (შიშინს) და მხურვალებით ბრწყინავს, შინაგანი ცეცხლი კი არ ქრება, არამედ, კვლავ გამოანათებს, ელვასავით გახურებული მზეც, ცივ წყალში განბანვისას კი არ კვდება, რადგან დაუშრეტელია მისი ცეცხლი, არამედ, საიდუმლო შთაფლვით განბანილი, ხარობს, რადგან წყალია მისი მზრდელი და მკვებავი. ერთი და იგივე მზე კვლავ და კვლავ აღმოუბრწყინდება კაცთა მოდგმას განბანვით განწმენდილი. განდევნის ბნელს და ბადებს ნათელს.
მზის კვალად რბიან მთვარე და ვარსკვლავებიც, და ისინიც მზის საბანელში განიბანებიან, ვითარც ბეჯითი მოწაფენი, და მთვარის მიყოლებით ერწყმიან მზის სუფთა ნათელს.
მაშ, თუკი მზე, მთვარე და ვარსკვლავები ოკეანეში განიბანებიან, რატომ არ შეეძლო ქრისტეს განბანილიყო იორდანეში? ცათა მეფე და ქმნილების წინამძღოლი, მზე აღმოსავლეთისა, რომელიც ჯოჯოხეთშიც გამოჩნდა და წუთისოფელშიც მოევლინა მოკვდავთ, ხომ ერთადერთი მზეა ცის კამარაზე.
რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ