Главное меню:
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
წმ. იოანე ოქროპირი
ნათლისღების შესახებ
რა არის ნათლისღება, რისთვის დაწესდა და რა სიკეთეს გვანიჭებს
(ამონაწერი ჰომილიიდან "სანათლავად გამზადებულთათვის", ჰომ. 1)
2. ვინც წმიდა და საშინელ საიდუმლოთ მიეახლება, ფხიზლად და მხნედ უნდა იყოს, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავისგან გათავისუფლდეს, აღივსოს უდიდესი უბიწოებით და მოშურნეობით, რათა, როგორც თვით მეფის მიმღებმა, განაგდოს გონებიდან საიდუმლოთათვის მიუღებელი ყოველგვარი ავი ზრახვა, და საკუთარი თავი იმ ტაძრად გარდაქმნას, რომელიც წმიდა იქნება ყოველი მიმართებით.
ასე უნდა მომზადდეს თქვენი გონება, თქვენი ზრახვები, ასეთი უნდა იყოს თქვენი სულიერი განწყობა. ამგვარი ბრწყინვალე განწყობისთვის კი ელოდეთ ღმრთისგან ღირსეულ ჯილდოს, რომელიც თავისი მოწყალებით მისდამი მორჩილთა დამსახურებებს აღემატება. მაგრამ, რადგან მსახურთაც მართებთ ჯეროვანი პატივი მიაგონ თავიანთ უფალს, ჩვენც ღირსეული საბოძვარი უნდა მივაგოთ მას, უფრო ზუსტად, -
უპირველეს ყოვლისა ვისურვებდი ამეხსნა თუ რატომ აირჩიეს მთელი წლიდან ჩვენმა მამებმა ეს პერიოდი ეკლესიის შვილების მოსანათლად (ძველ დროში, ქრისტეანებს ნათლავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე -
მაგრამ, თუ გსურთ, მოდი, ჯერ ამ საიდუმლო განწმენდის სახელწოდებაზე ვისაუბროთ, ის ხომ მარტო ერთი სახელით არ იწოდება, არამედ მრავლითა და განსხვავებულით. ასე, მაგალითად, ამ განწმენდას ეწოდება მეორედ შობის საბანელი: "მან გვიხსნა", ამბობს მოციქული, "ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით" (ტიტეს 3:5). იწოდება იგი განათლებად, როგორც ამას ბრძანებს იგივე პავლე: "გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი"; და კიდევ: "რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, მაგრამ მაინც დაეცნენ, -
არსებობს ყველა ადამიანისთვის საერთო განბანვა აბანოში, რომლითაც ადამიანები ჩვეულებისამებრ სხეულებრივ უწმიდურებას იბანენ. არსებობს იუდეველური განბანვაც, რომელიც თუმც პირველზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მადლისმიერ განბანვაზე უკნინესი, -
ეს საქმე თავისთავად უწმინდურება რომ არ არის გვიჩვენა თვით მოსე სჯულმდებელმა, რომელიც მკვდარ იოსებს მოასვენებდა, თუმცა ამის გამო არ გაუწმიდურებულა. ამიტომაც, პავლე, როდესაც არა ბუნებისგან, არამედ სინდისის უძლურებიდან მომდინარე უწმიდურებათათვის მსჯელობს, ასე ბრძანებს: "ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას" (რომ. 14:14). ხედავ, რომ უწმინდურება ნივთთა თვისებისგან კი არა ზრახვათა უძლურებისგან მოდის? და კიდევ: "საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს" (რომ. 14:20). ხედავ, რომ თვით ჭამა კი არ არის უწმიდურება, არამედ საცდუნებელი ჭამა ხდება უწმიდურების მიზეზი?
3. ამდაგვარ უწმიდურებას ჰბანდა იუდეველური განბანვა; ხოლო მადლისმიერი ბანვა ამგვარ უწმიდურებას კი არ ბანს, არამედ ნამდვილს, რომელიც უდიდეს გაუწმიდურებას იწვევს და ხორცთან ერთად სულსაც აბინძურებს; ის წმიდად შეიქს არა მათ, ვინც მკვდარ სხეულებს ეხება, არამედ მათ ვინც ეხება მკვდარ საქმეებს; გარყვნილიც რომ იყოს ვინმე, ან მემრუშე, ან კერპთმსახური, ან სხვა ბოროტების მოქმედი, ან კიდევ ყველა ადამიანურ ვნებებს მოიცავდეს, როგორც კი წყლის საბანელში შევა, ამ ღვთაებრივი ჭავლიდან მზის სხივებზე უფრო განწმენდილი აღმოვალს. ნათქვამი გადაჭარბებულად რომ არ მოგეჩვენოს, ისმინე პავლესი, რომელიც ამ საბანელის ძლიერებაზე ბრძანებს: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. " (1 კორ. 6:9-
მე დაგპირდით მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ამ საბანელში შემსვლელი კაცი ყოველგვარი ბიწიერებისგან განიწმინდება, მაგრამ ჩვენმა მსჯელობამ მეტიც აჩვენა, ანუ ის, რომ ამდაგვარნი არა მარტო განიწმინდებიან, არამედ წმიდად და მართლად შეიქნებიან; მან არა თუ თქვა: "განიბანეთო", არამედ დაამატა: "განიწმიდეთ და გამართლდითო". რა შეიძლება იყოს იმაზე საკვირველი, როდესაც ყოველგვარი შრომისა და ძალისხმევის, ან კიდევ კეთილი საქმეების გარეშე მიიღებ გამართლებას? მაგრამ, ასეთია ღმრთის კაცთმოყვარეობის ნიჭი: ის ძალისხმევის გარეშეც გამართლებს; თუ მეფის განკარგულება, რომელიც ორიოდ სიტყვით ათავისუფლებს ურიცხვ დანაშაულებში ბრალდებულებს, სხვებს კი აწინაურებს, მით უფრო ყოვლადძლიერი სული ღმრთისა, რომელიც ყოველგვარი ბოროტებისგან გვიხსნის, გამართლებას გვანიჭებს და უდიდესი მოშურნეობით აღგვავსებს.
როგორც უკიდეგანო ზღვაში ჩავარდნილი ნაპერწკალი უმალ ქრება და უჩინარდება, ღმრთის წყაროში შთაფლული და ჩაძირული ადამიანური ბიწიერებაც იმ ნაპერწკალზე უფრო იოლად და სწრაფად ქრება და უჩინარდება. შესაძლოა კვლავ იკითხოს ვინმემ, მაშ თუ ნათლისღება ყველა ჩვენს ცოდვას განუტევებს, რატომ არ იწოდება იგი ცოდვათა განმწმენდ საბანელად, არამედ იწოდება საბანელად "მეორედ შობისა"? იმიტომ, რომ ის ცოდვებს ის უბრალოდ კი არ მოგვიტევებს, უბრალოდ კი არ განგვწმენდს ბიწიერებისგან, არამედ ამას ისე აკეთებს, თითქოსდა ხელახლა ვიშვებოდეთ. ჭეშმარიტად, ის ხელახლა გარდაგვქმნის და განგვაახლებს, ოღონდ ამჯერად ამას კვლავ მიწისგან კი არ აკეთებს, არამედ სხვა სტიქიისგან, წყლის ბუნებისგან; ის უბრალოდ კი არ განწმენდს ჭურჭელს, არამედ თავიდან ადნობს და განაახლებს.
განბანილი ნივთი, ზედმიწევნითაც რომ განიწმიდოს, თავის თვისებებსა და უწმინდურების ნარჩენებს მაინც ინარჩუნებს; მაგრამ ცეცხლის ღუმელში შეგდებული ნივთი, რომელიც ცეცხლით განახლდება, იქიდან გამოღების შემდეგ ყოველგვარი უწმიდურებისგან განწმენდილია და ახლად ჩამოსხული ნივთივით ელვარებს.
როგორც ცეცხლის ღუმელში შეგდებულ ოქროს ქანდაკებას უბრუნდება ელვარება, რომელიც დროთა განმავლობაში კვამლის, მტვრისა და ჟანგისგან დაბინძურებულა, ასევე ღმერთმაც, აიღო რა ცოდვის ჟანგისგან დაზიანებული ჩვენი ბუნება, შთააგდო წყალში, ვითარც ღუმელში და გადაადნო, ცეცხლის მაგიერ გარდამოუვლინა სულიწმიდა და იქიდან ისეთი განახლებულნი და გარდაქმნილნი აღმოგვიყვანა, რომ ბრწყინვალებით მზის სხივებსაც კი ტოლს არ ვუდებთ. ასე დაამსხვრია უფალმა ძველი კაცი და განაახლა, გარდაქმნა იგი უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე იყო.
წყარო: Творения святаго отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольскаго в русском переводе. Том второй. Кн. Первая (изд. Второе). С.-
რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ