ნათლობა - როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღება - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღება

ამონაწერი კრებულიდან: ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი (3/2010)

ნათლისღება

"ნათლისცემის წინ კათაკუმეველთ გახდიან სამოსელს; დიაკონები სცხებენ ზეთს წმ. სამების სახელით და ჩაუშვებენ ემბაზში; შემდეგ მღვდელი ნათელს-სცემს თავჩაყოფით სამგზის, და წარმოთქვამს ნათლისღების ფორმულას: "ნათელს-იღებს... სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა". შემდეგ აღმოიყვანენ ემბაზიდან, შეამშრალებენ ახალი ტილოთი და მღვდელი სცხებს ნელსაცხებელს (წმ. მირონს - რედ.) სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე".

ძველი ქართული ტექსტი: "ამის შემდგომად განძარცუნენ კათაკუმეველნი, სცხონ ზეთი დიაკონთა და იტყოდიან ესრეთ: ეცხების (სახელით უწოდონ, რაიცა იყოს) სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და შთაავლინონ ემბაზსა და ნათელ-სცეს თავჩაყოფით სამგზის და იტყოდიან ესრეთ: ნათელ-იღებს სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა..." (ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი (3/2010). გვ. 622).

პუბლიკაციის ავტორი ე. კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ: ეს არის ნათლისღებასთან დაკავშირებული რიტუალების აღწერა უძველესი იერუსალიმური ტრადიციის ქართულ "კურთხევათა" კრებულებიდან.

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სქოლიში ბ-ნი ე. კოჭლამაზაშვილი სიტყვებთან "მღვდელი ნათელს-სცემს თავჩაყოფით სამგზის" სქოლიოში აკეთებს ასეთ შენიშვნას:

"გამოთქმა "ნათელ-სცეს... სამგზის" ნიშნავს არა ნათლისღების საიდუმლოს სამგზისობას, არამედ თავის ჩაყოფინებას (ხაზგასმა ავტორისაა - რედ.) სამგზის. "სამი ნათლისღების" (ანუ სამგზისი თავის ჩაყოფის) მითითებას ვხვდებით მოციქულთა კანონებში: "უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაი, სიკუდილსა მიმართ უფლისა აღსრულებული, - განიკუეთენ" (მოციქ. კან. 50) (გაბიძაშვილი 1975; 221). "ნათლისღების" ბერძნული შესატყვისი baptisma სწორედ "თავის ჩაყოფას", "ჩაყვინთვას" ნიშნავს, ამიტომაც გამოთქმა - "სამნი ნათლისღებანი", რაც მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამგზის თავის ჩაყოფას გამოხატავს, ბერძნულენოვან მკითხველთათვის გაუგებარი არ რჩება. ხოლო რადგანაც baptisma-ს შესატყვისი ქართული ტერმინი "ნათლისღება" "ჩაყვინთვის" ნიუანსს არ შეიცავს "სამი ნათლისღების" ხსენება, შესაძლოა, გაუგებრობის წყაროდ იქცეს. ამიტომაც "დიდი სჯულისკანონის" ქართულად მთარგმნელს, არსენ იყალთოელს ზემოთხსენებული კანონისთვის დაურთავს შენიშვნა: "შეისწავლე სამნი ნათლისღებანი ნაცვალად, სამთა შთაყოფათა" (გაბიძაშილი 1975; 221)". (სლავურ "დიდ სჯულისკანონში", ამ ადგილას, ანუ წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, ასევე მოცემულია მსგავსი მითითება კონკრეტული მოთხოვნით: "Во святом крещении крестящихся погружати, а не обливати" (Кормчая. Опечатана с подлинника патриарха Иосифа. Репринтное издание. Санкт-Петербург. 1997 г. Изд. "Воскресение"/Свято-Успенское Подвирье Оптиной Пустыни. Стр. 160).

იმავე წიგნში (გვ. 584) ვკითხულობთ: "მაშასადამე, პავლეს სიტყვით (იგულისხმება წმ. მოციქული პავლე - რედ.), ნათლისღება ქრისტეს "სიკვდილისა მიმართ" აღესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათლისღების რიტუალი, ანუ წყალში შთაფლვა ("შთაყოფა", "ყურჭუმა") - ქრისტეს სიკვდილისა და დაფლვის მსგავსებას გამოსახავს; ნათლისღების ქრისტიანი ქრისტეს თანანერგი ხდება; და თუ იგი დაემსგავსება მას სიკვდილსა და დაფლვაში, დაემსგავსება აღდგომაშიც, და უკანასკნელ ჟამს, საყოველთაო აღდგომისას, "გარესკნელის ბნელში" კი არ განიდევნება, არამედ ქრისტეს ნათელში მოხვდება, განახლებული ცხოვრებით ივლის (რომ. 6:4).

სქოლიოში კვლავ მოცემულია ავტორის შენიშვნა:
"ნათლისღების ბერძნული შესატყვისი -  baptisma - სწორედ წყალში ჩაყვინთვას ნიშნავს ("ჩაყვინთვის" შესატყვისად პოსტათონურ ტექსტებში გვაქვს შთაყოფა და ყურჭუმა. იხ. დიდი კურთხევანი, გვ. 105)".

ამრიგად, ყოველივე ზემოთნათქვამიდან ცხადი ხდება, რომ ადამიანის ნათლობა უნდა შესრულდეს სანათლავ ემბაზში (ან ბუნებრივ წყალსაცავში, სადაც ადამიანის შესვლა და თავის შთაყოფა იქნება შესაძლებელი) სრული, სამგზისი შთაფვლით და თითოეულ შთაფლვაზე ყოვლადწმიდა სამების თითოეულ იპოსტასთა მოწოდებით, ანუ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.



აღსარებაი მართლმადიდებლობითისა სარწმუნოებისაი

(ეპისკოპოსად ხელდასხმის წესიდან (17-18-ე სს.)


"... კუალად აღვიარებ შვიდთა მათ საიდუმლოთა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი: პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისაი, იქმნების სამგზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანითა, და არა მსგავსად ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღებაი".

ამონაწერი კრებულიდან: ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი (3/2010 გვ. 119
).

რედაქციისგან: წინამდებარე ტექსტი, რომელიც აღებულია კრებულიდან "ქრისტეანულ-არქეოლოგიური ძიებანი (3/2010 გვ. 119) წარმოადგენს საეპისკოპოსოდ ხელდასასხმელი კანდიდატის მიერ წარსათქმელი მრწამსის ტექტს. ტექსტი კრებულში გამოსაქვეყნებლად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ბრძანებს, რომ "აღსარებაი მართლმადიდებლობითისა სარწმუნოებისაი" ესაა სამი ექსცერპტი ეპისკოპოსად ხელთდასხმის წესიდან, რომელიც შეუდგენია ანტონ I კათალიკოსს (1720-1788). ამ წესის სრული ნუსხა შემორჩენილია H 1283 ხელნაწერში. სქოლიოში ბ-ნი ექვთიმე აღნიშნავს, რომ "... სამღვდელმთავრო გამორჩევისა და კურთხევის ქართული განწესების შესადგენად მას უსარგებლია ბერძნული და რუსული წყაროებით. ბერძნული წყაროს მაგივრობას კვიპრიანე სამთავნელის თარგმანი სწევდა, და სწორედ იქიდან ამოუღია ანტონს სარწმუნოების აღსარების ფორმულები და ხელთდასხმის ლოცვები (ე. ი. განგების ვერბალური ნაწილი), რიტუალურ მოქმედებათა განწესების შედგენისთვის კი ნიმუშად გამოუყენებია ანალოგიური რუსული განწესება და გადაუმუშავებია იგი ქართული რეალობის გათვალისწინებით" (დასახ. კრებ. გვ. 22 სქოლიო).

საიტ "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის" რედაქცია (25.10.13.)

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика