ნათლობა - ბერძნული პიდალიონი ნათლისღების შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება


ბერძნული "პიდალიონი" ნათლისღების შესახებ

განმარტებანი "პიდალიონიდან" ("მესაჭის წიგნი", ბერძნული დიდი სჯულისკანონი)

ნათლისღების საიდუმლო

განმარტებანი "პიდალიონიდან"

("მესაჭის წიგნი", ბერძნული დიდი სჯულისკანონი)

(ამონაწერები)


"იესუ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად _ და ეს უცილობელი დოგმატია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. უამისოდ ადამიანის ღმერთთან შერიგების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა" (რომ. 5:10). იმისათვის, რათა მუდამჟამ აღესრულებოდეს მოგონება ღვთის ამ გამოუთქმელი მოწყალებისა ადამიანის მიმართ, რათა მარადჟამ აღესრულებოდეს სიკვდილით მონიჭებული ცხოვრება კაცობრიობისა, როგორც უფალმა, რომელმაც ხორციელად განიცადა სიკვდილი იგი - ასევე მისმა მოწაფეებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს, რათა უცვალებლად აღბეჭდილიყო უფლის სიკვდილის ხატი თითოეულ საიდუმლოსა და თითოეულ მღვდელმსახურებაში ეკლესიისა.

მაგრამ, ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფვლით აღსრულდება. უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა მაშინ, როდესაც ნათლისღებაში ადამიანი თავის თავზე გამოხატავს მას (ანუ სამდღიან სიკვდილს უფლისა - არქ. პ.); ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის მას (ქრისტეს) წყალში ნათლისღებისა. "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, - ბრძანებს მოციქული, - სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ გვიღებიეს" (რომ. 6:3).
აქედან გამომდინარე, თუ გვსურს ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, ნათლობის სამგზის დაფლვით უნდა აღსრულდეს. შთაფლვის აუცილებლობის შესახებ წერილისა და წმ. მოციქულთა განწესებების თანხმიერად მსჯელობენ წმ. მამები დიონისე, კირილე იერუსალიმელი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).

იქვე: "თვით დასავლელ ღვთისმეტყველთაგან კორდერიუსი უარყოფს თომა აქვინელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ აღესრულა ნათლისღება, - შთაფლვით თუ სხვაგვარად - და ამტკიცებს, რომ ნათლისღება უცვალებლად, და მხოლოდ შთაფლვით უნდა აღესრულებოდეს აღმოსავლეთის ეკლესიის განწესებისამებრ. და თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს, შთაფვლის აუცილებლობას. სწორედ ამიტომაც ითხოვდნენ მოციქულნი მოსანათლავის წყალში შესვლას თავიანთ განწესებაში.

შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა - აღმოშობას, ქრისტესთან ერთად თანააღდგომას. სწორედ ამით იყო განპირობებული კათაკმეველთა დიდი შაბათის ღამეს, საკვირაოდ მონათვლა, რათა მოსანათლავნი (არა მარტო გარეგნული მსგავსებით, არამედ დროითაც) თანადაფლულიყვნენ, თანააღმდგარიყვნენ ქრისტესთან ერთად მარადიული სიცოცხლისთვის, არა მხოლოდ ნათლისღებაში გამოხატული ქმედებით (ანუ სამგზისი შთაფლვით - არქიეპ. პ.), არამედ თვით დროითაც აღდგომისა. დიდი შაბათის ღამეს მონათვლის ეს წესი დღემდეა შემორჩენილი.

ფრანცისკ პივატის ლექსიკონში ნათქვამია, თუ როგორ აღაშენა წმ. ოფონმა, - რომელიც, თავის მხრივ, სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მოსანათლავებს - ეკლესიებში ემბაზები იმის შიშით, რომ ლათინებს არ შეერყვნათ წესი ნათლისღებისა და ყრმათა ნათლობა სრული შთაფლვით ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმ. მარკოზის ეკლესიაში.

ევსები (პამფილელი) მოგვითხრობს (7:9) თუ როგორ ითხოვდა მართლმადიდებლური ნათლისღების მხილველი ერეტიკოსი თავიდან გადანათვლას. ცრემლმორეული დამხობილა იგი წმ. დიონისე ალექსანდრიელის წინაშე და მართლმადიდებლური ნათლობა უთხოვია, რამეთუ, მისივე თქმით, მის მიერ მიღებული ნათლობა უფლის გმობით ყოფილა სავსე და ვერ შეედრებოდა მართლმადიდებლურ წესს ნათლისღებისა. აქედან გამომდინარე, ლათინები თავიდან უნდა ივედრებოდნენ ნათლობას და არა პირიქით, თვითონ ელოდნენ მართლმადიდებელთაგან რაიმეს მტკიცებას, რამეთუ სამტკიცებელი აქ არაფერია (Пидалион, Греческая кормчая книга, Москва, 1838, стр. 248, 249).

იქვე: "ამრიგად, ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია.
თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იგივეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი".

იქვე: "ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - ადმ.), მათ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".

იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" - ადმ.) ცრუდ იწოდება და არც სიმკაცრის გამო და არც შეწყნარებით მიღება მისი არ შეიძლება. სიმკაცრის გამო იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან და ამის მტკიცების საჭიროებაც კი არ არსებობს. მარტო ის გარემოებაც, რომ ასეთი სიძულვილი და ზიზღი გვაქვს მათდამი ამდენი საუკუნეა - ცხადყოფს, რომ ვუკადრისობთ მათ და არიანელთა და საბელიანოზთა შესადარ მწვალებლებად მივიჩნევთ.

ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ  შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფვლის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე, რომ ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249).

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика