ისტორია - ნარკვევები რუსეთის ისტორიიდან - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ა. ვ. კარტაშევი

ძველმოწესეთა გასამართლება 1666-1667 წლების კრებაზე

ნარკვევები რუსეთის ისტორიიდან , ტ. II პატრიარქების პერიოდი (1586-1700). ეკლესიის საშინაო ცხოვრება

17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმა

მოსკოვის 1666 წლის კრება 29 აპრილიდან 2 ივლისამდე მიმდინარეობდა. ნოემბერში კრებაზე ჩამოვიდნენ პარტრიარქები პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. მათ ისე დახვდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მოხვდნენ არა რუსების, არამედ ბერძნების (და თანაც მავნე) გარემოცვაში. მათი მთავარი კონსულტანტი იყო პაისი ლიგარიდი, კაცი მეტად ფლიდი და მზაკვარი, რომლის სიბოროტემ და ტენდენციურობამ შეურაცხმყოფელი ამბიციებით დაასნებოვნა ორივე პატრიარქი.

ძველმორწმუნეთა ოპოზიციური დამოკიდებულება პაისიმ ისე ახსნა, თითქოს ეს იყო რუსების ერთი ნაწილის ნაციონალისტური შეხედულებით გამოწვეული მტრობა ყოველივე ბერძნულისადმი. ამ საქმეში ლიგარიდს მხარი დაუჭირა სხვა ბერძენმაც, კერძოდ, ათონის ივერონის მონასტრის არქიმანდრიტმა დიონისემ, რომელიც მოსკოვში თხუთმეტ წელიწადს (1655 წლიდან 1669 წლამდე) ცხოვრობდა. მან შეისწავლა რუსული ენა, ასწორებდა ამ დროის საეკლესიო წიგნებს და სახელი გაითქვა ყოველივე რუსულზე თავისი ბერძნული ქედმაღლობით. რუსულის უცოდინარი პატრიარქები განწირულნი იყვნენ ტენდენციურობისთვის, რადგან იძულებულნი გახდნენ, მათთვის მიჩენილი ამ ორი ბერძენი თარჯიმნისა და მრჩეველის თვალით შეეხედათ მოვლენებისთვის.

როგორც ერთმა, ასევე მეორე მრჩეველმა თავისი შეხედულებები გამოთქვა წერილობით. პ. ლიგარიდს დეკანოზ ნიკიტა დობრინინის სავედრებელი არზის უარმყოფელი წერილი ჯერ კიდევ მეფის ბრძანებით ჰქონდა დაწერილი, არქიმანდრიტმა დიონისემ კი სპეციალურად კრებისთვის გაამზადა ძველმოწესეობის უარსაყოფი წერილი. როგორც კი დიონისეს ამ ტრაქტატს 1667 წლის კრების საბოლოო დადგენილებასთან შეადარებთ, ცხადად დაინახავთ, რომ სწორედ დიონისეს ეს თხზულება დაედო საფუძვლად აღმოსავლელ პატრიარქთა განჩინებას ძველმორწმუნეობის საკითხში, რომელიც ზედმიწევნით არის ასახული ამ კრების აქტებში. დიონისე არა მხოლოდ ბერძნისთვის დამახასიათებელი სიამაყით აცამტვერებს რუსების უმეცრებას, არამედ თავის თხზულებაში მოჰყავს სრულიად ანტიისტორიული, ანტიმეცნიერული და თავისუფალი კონცეფციები. მისი ტრაქტატი ისტორიის უცოდინარის ისეთივე დიპლომს იმსახურებს, როგორსაც იმსახურებენ მისი მოწინააღმდეგეები. ამავე დროს, ყველა მისი თანამედროვე ბრმა იყო საეკლესიო არქეოლოგიის სფეროში და ყველანი ერთნაირად უმწეოდ გამოიყურებოდნენ ამ საკითხზე გამართული დავისას. მწარე სინამდვილეა ისიც, რომ ბერძენი დიონისე, წმიდა საღვთისმეტყველო და სამეცნიერო-ისტორიული თვალსაზრისით, არაფრით სჯობს ჩვენს ძველმოწესეებს და იბლანდება იმავე წესთმორწმუნეობაში. მისი კონცეფცია ასეთია:

ბერძნების გარეშე რუსებს არ ძალუძთ, შეინარჩუნონ მართლმადიდებლობა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ როგორც კი მათ დამოუკიდებელი საეკლესიო ცხოვრება დაიწყეს, მაშინვე გაუჩნდათ ეს “სიახლეები” (!) პირჯვრის საწერი ორი თითის, ორჯერადი ალილუიას, მზის მიმართულებით მოძრაობისა და სხვათა სახით. ამჯერად ბერძნებთან ურთიერთობა აღდგენილია და გაჩნდა შესაძლებლობა, გასწორდეს ეს ცთომილებანი: … “რაკიღა რუსმა მიტროპოლიტებმა შეწყვიტეს ქიროტონიის მისაღებად კონსტანტინოპოლში სიარული, ბერძენი მღვდელმთავრებიც აღარ ჩადიოდნენ რუსეთს. ამის გამო შემოიჭრა აქ ეს საცთური: ორი თითით პირჯვირსწერა, დამატება მრწამსში, ორჯერადი ალილუია და ა. შ… დარჩა ეს ნიადაგი დაუმუშავებელი… და მოიცვა იგი ბნელმან”. “ეს უწესივრობანი და მწვალებლობანი აღმოცენდა აქ მწვალებელთაგან(!), რომლებიც ბერძნებს გამოეყვნენ და თავიანთი ამაო ბრძენმეტყველების გამო მათ არაფერში უთანხმებდნენ” (დიონისე აქ მიანიშნებს ასმუხლიანი კრების მამებზე).

შეცბუნებულთა კითხვაზე: როგორ ვერ შეამჩნიეს ეს პატრიარქებმა იერემია II-მ, რომელმაც ხელი დაასხა პატრიარქ იობს, იერუსალემის პატრიარქმა თეოფანემ, რომელმაც ხელი დაასხა პატრიარქ ფილარეტს, და ასევე იერუსალემის პატრიარქმა პაისიმ, რომელიც პატრიარქ იოსების დროს მოსკოვში იმყოფებოდაო - დიონისე პასუხობდა: მათ არ იცოდნენ რუსული ენა და აქ ლამის პატიმრებივით იყვნენ; სახლიდან გარეთ არ უშვებდნენ და თავისუფალ ურთიერთობას უზღუდავდნენო. მოსკოვის პოლიციური მეთვალყურეობა დიონისემ ისე მზაკვრულად განმარტა, თითქოსდა მოსკოველები ამგვარი ღონისძიებებით მალავდნენ თავიანთ “მწვალებლობებს”. - ეს არის შემზარავი სოფისტიკა!

დიონისე დაწვრილებით და მიკერძოებით განმარტავს ორი თითით პირჯვრისწერის წესს და მასში - არც მეტი, არც ნაკლები, - არიანელობასაც ხედავს, მაკედონიანელობასაც, საბელიანელობასაც და აპოლინარიელობასაც!.. ორჯერადი ალილულია კი ელინური მრავალღმერთობა ყოფილა და, ასე გასინჯეთ, მისი საწინააღმდეგო - იუდეური თუ აგარიანული მონოთეიზმიც: “ვერ გულისხმაუყვიათ ამ შეჩვენებულთა და დაბრმავებულთ, რომ ეს არის უდიდესი და უბოროტესი ერესი”.

იესუს ლოცვის ძველი რედაქციაც, სიტყვების “ღმერთო ჩვენო”-ს გარეშე, ასევე არიანელობა ყოფილა. საკურთხებელი და პირჯვრისსაწერი თითების წყობა სასულიერო პირებსა და ერისკაცებში ერთნაირია და, რაკიღა ის არ არის “სახელობითი”, მაშ, მიგვიღია ლუთერანული და კალვინისტური ერესი. ერთი სიტყვით, ეს არის წესთმორწმუნეობის დოგმატიკა, რომელშიც არ არსებობს წესების მრავალფეროვნება; აქ შესაძლებელია მხოლოდ დროებითი გაუგებრობა, ანუ უმეცრებით არასწორი წესის გამოყენება. მაგრამ, იმის შემდეგ, რაც ჩვეულების ხასიათი კრებითად და ავტორიტეტულად არის გამორკვეული, ეკლესიაში მისი მიმდევრობა დაუშვებელია და ამის მოქმედი, როგორც ჯიუტი და ბოროტი მწვალებლური ნების მქონე, იმსახურებს ანათემას.

ამგვარად, ეს ფსევდოისტორიული და ფსევდოდოგმატიკური კონცეფცია იღებს ასეთ სახეს: რუსეთი სრულიად მართლმადიდებლური იყო, სანამ რუსი მიტროპოლიტები ხელდასხმის მისაღებად კონსტანტინოპოლს მიდიოდნენ. ბერძნებისგან მოწყვეტამ გამოიწვია ის, რომ რუსები “დაბნელდნენ” და იწყეს “ბოროტის კეთილად შეწყნარება, მწარისა კი ტკბილად”. და აწ, განსაკუთრებით კი მეფე ალექსი მიხეილის დროს, კვლავ დაიწყო “დიდი რუსეთის მიწამ გამობრწყინება”, რადგან ახლაღა, ბერძენი პატრიარქების მოწვევით შეუდგა რუსეთი სარწმუნოების საკითხებში მისი თანამედროვე ბერძნული ეკლესიის უზენაესი ავტორიტეტის აღიარებას.

ასე მივიღეთ თეორია, რომელიც ელაქუცება ელინურ პატრიოტიზმს და რომელიც სრულიად ანტიისტორიულია. ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ მოხერხებულად შეუძლია ენაქლესია ადამიანს, ზუსტი მეცნიერული ცოდნისა და ორიენტირების გარეშე მეცნიერებისა და ღვთისმოსაობის სახელით დაატრიალოს ათასი უბედურება. მხოლოდ რუსი მღვდელმთავრების ანალოგიურ უმეცრებას შეეძლო ასეთი მდუმარებით მიეღო ეს ანტირუსული თეორია და ყოფილიყო ასეთი უმწეო იმ აღმოსავლელ იერარქთა წინაშე, რომლებიც წინდაწინვე უცილობელ ავტორიტეტებად ჰყავდათ აღიარებული. ბერძნებმა რუსების გული იმით მოიგეს, რომ მათი მსჯელობა 1666 წლის კრებაზე “ჭეშმარიტად და მართლად” აღიარეს, “აკურთხეს და დაამტკიცეს”; განუწესეს ყველას, მტკიცედ პყრობოდათ გასწორებული წიგნები და წესები და ყოველივე ეს რუსული ეკლესიისთვის უბედური, მაგრამ მათთვის საჭირო მოტივირებით შეკმაზეს.

დიონისეს უმეცრული თეორიის გასამართლებლად საჭირო იყო არა მარტო ძველრუსული საეკლესიო წესების მწვალებლობად გამოცხადება და მათი დამცველების ანათემირება, არამედ ძველმოწესეთა მთავარი არგუმენტის, ასმუხლიანი კრების მიერ განმტკიცებული რუსული საეკლესიო სიძველეების უარყოფა. ამიტომაც დიონისემ, აღმოსავლელმა პატრიარქებმა და - ვაი, რომ მათთან ერთად - 1667 წლის კრებაში მონაწილე ყველა რუსმა მღვდელმთავარმა განსასჯელთა სკამზე დასვეს მთელი რუსული საეკლესიო ისტორია, გაასამართლეს იგი, განსაჯეს და გააუქმეს. აი, როგორ უარყვეს, მაგალითად, რუსული საწესჩვეულებო სიძველის ბალავარი, ასმუხლიანი კრება:

“კრებამ, რომელიც მოსკოვის მიტროპოლიტმა მაკარიმ ღვთისმოსავისა და დიდი ხელმწიფის, მთელი რუსეთის თვითმპყრობლის, იოანე ბასილის ძის დროს მოიწვია, წმიდა ჯვრის ნიშის ორი თითით გამოსახვა, ორჯერადი ალილუიას გალობა და სხვა მრავალი დაამტკიცა გულუბრყვილო უგუნურებითა და უმეცრებით ასმუხლიან წიგნში განამწესა, ხოლო მისი დამარღვეველი წყევლით შეკრა, ჩვენ, მართლმადიდებელი პატრიარქები: კიროს პაისი, სამყაროს მსაჯული პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა; და კიროს მაკარი, პატრიარქი ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთისა; და კიროს იოასაფი, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა; და მთელი წმიდა კრება მაკარისა და ხსენებული (ასმუხლიანი) კრების ამ უსამართლო და უგუნურ წყევლას განვხსნით, ხოლო თვით ამ კრებას არაფრად მივიჩნევთ - თითქოსდა არც ყოფილა.

ამ მაკარიმ და ძმათა მისთა ეს დადგენილებები მიიღეს თავიანთი უმეცრებით და უგუნურებით, თვითნებურად, როგორც მოესურვებოდათ, ბერძნულ და ძველ სლავურ ისტორიულ წიგნებთან, ასევე მსოფლიო პატრიარქებთან შეუთანხმებლად”.

სხვა ადგილას 1667 წლის კრება ასმუხლიანი კრების წარუმატებლობის მიზეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას არ ესწრებოდნენ აღმოსავლელი იერარქები და მათგან არ მიუღია კურთხევა, თუმცა, ადგილობრივ კრებას ეს არც სჭირდებოდა. ამიტომაც, რამდენადაც XVI საუკუნის რუსების აზრით, მოსკოვი, III სულიერი რომი, არათუ არ საჭიროებდა ბერძნული ეკლესიის რჩევა-დარიგებებს, არამედ გაურბოდა კიდევაც მას, რადგან რუსებს ეჭვი ჰქონდათ, რომ იმდროინდელი ბერძნული ეკლესია მოწყლული იყო ლათინური (ფლორენტიული) (იგულისხმება ფლორენტიის უნია - რედ.) სენით, XVII საუკუნის ბერძნების გესლიანი და გამქირდავი საყვედურები უეჭველად იყო ერთგვარი შურისძიება რუსების რელიგიური თავდაჯერებულობისა და ქედმაღლობისთვის (ბერძენთა წინაშე - მთარგმნ.) სამაგიეროს მისაგები.

ეს იყო თავისებური ცერემონია, ბერძნების მიერ ოსტატურად და დროულად დადგმული და გათამაშებული, დადგმული იმისთვის, რომ დაესუსტებინათ 1449 წლიდან 1667 წლამდე მოქმედი და ბერძნებისთვის ესოდენ უსიამოვნო რუსული ავტოკეფალია. თავისი “უბრალოებითა და უმეცრებით” გულზვიად რუსულ ეკლესიას “არცთუ უბრალო”, მაგრამ ასევე უმეცარი და გაუნათლებელი ბერძნების მიერ მიეცა მეტად დამამცირებელი სეკუცია (გაროზგვა - მთარგმნ.). ძველმორწმუნეებთან პოლემიკაში ეს არ უქნია არც 1666 წლის კრებას და არც პატრიარქ ნიკონს. ეს მხოლოდ უცხო ხელს შეიძლებოდა ექნა.

აი, თვალნათელი ილუსტრაცია იმისა თუ რა შეუძლია ზღვარგადასულ ნაციონალიზმს, რომელიც ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის შობდა სიძულვილის ნაყოფს. სწორედ ამისთვის არ უყვართ ბერძნები ბულგარელებს, რუმინელებს, არაბებს. გაცილებით უმნიშვნელო შეცდომებისთვის ზოგჯერ რუსები არ უყვართ ქართველებს და ა. შ. ბერძნები იმდენად შეიჭრნენ როლში, რომ ასე ქედმაღლურადაც ამბობდნენ: “გვსურს და ვბრძანებთ", “განვმარტავთ ჩვენ, ორი პატრიარქი ამ კანონს…”, და “ვინც ჩვენს მცნებებს და კანონს დაარღვევს აკრძალვებითა და განკვეთით უნდა დაისაჯოს”…

ასმუხლიანი კრებისა და ძველმორწმუნეთა მსჯელობას უარყოფდნენ მკვეთრად და დაუნდობლად: თეოდორიტეს სიტყვა ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ “შეთითხნილია ვინმე ცრუმეტყველთა და ფარულ (!) მწვალებელთა მიერ”, რომელთა სახელების პოვნა შეუძლებელი იყო და არარსებულ მწვალებლებს “ფარული” ერეტიკოსები შეარქვეს. წმ. ეფროსინე ფსკოველის ცხოვრება (რომელშიც გადმოცემულია გამოცხადება და სწავლება ორჯერადი ალილუიას შესახებ) “სიზმრისეული ოცნების მიხედვით არის დაწერილი”. ხოლო თქმულება თეთრ ბარტყულაზე “ცრუა და არასწორი” - რომელსაც წერდა “თავქარიანი” ავტორი, ვინმე დიმიტრი ტოლმაჩი.

ამ შეურაცხმყოფელ დადგენილებებს ყველა რუსმა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი. ასეთი იყო ლოიალობის მათი საწყაო მეფის მიმართ, რომელიც, თავისი სამეცნიერო უმწეობისა და ბერძნული ავტორიტეტის ბაზაზე მდგომი, პატრიარქებისადმი თავადაც ლოიალური იყო. ეს მწარე ანგარიშსწორებაა უმეცრების შეწყნარებისთვის. ბერძნები კი გამარჯვებას ზეიმობდნენ. კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი მიწერილ წერილში ისინი წერდნენ, რომ ყოველივე ეს მათ მოაწყვეს ad Majorem graecorum gloriam; რომ აწ “დიდი საყდარი” გარანტირებულია მეფის წყალობით და, საერთოდ, “…ჩვენი მოსვლით დანგრეულია მტრობის შუაკედელი. აწ ვიმედოვნებთ, კვლავ მივეწიფებით ჩვენს ადრინდელ თავისუფლებას, პატივსა და დიდებას, რომელიც ძველთაგანვე გვქონდა. რადგან აქ (ე. ი. რუსეთში - რედ.) ზოგიერთმა თავისი სიშმაგითა და მძვინვარებით სახელი გაუტეხა ჩვენი მოდგმის უტურფეს ბრწყინვალებას, რის გამოც ზიზღისა და უარყოფის ღირსად შევქმნილვართ დიდებულთ შორის. მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ და ყოველდღე უფალს ვევედრებით, რათა განგდებულ იქნეს და განქარდეს საერთო პატივისა და ჩვენი მოდგმის ბრწყინვალებისათვის".

გამარჯვებული ბერძენი პატრიარქები ყველა წვრილმანს, იქნებოდა ეს საყოფაცხოვრებო თუ სტილის საკითხი, წყვეტდნენ უბრალო და მრავალრიცხოვანი მითითებით: “დე ქნან აღმოსავლეთის ეკლესიის განწესების მიხედვით”, “როგორც დაწესებულია ძველთაგან, აღმოსავლეთის ყველა წმიდა ეკლესიაში კიევში და ყველგან, მოსკოვის სახელმწიფოს ფარგლებში”. ასეთი ლოგიკით აღჭურვილი პატრიარქები მოითხოვენ, რომ რუსმა მღვდლებმა და დიაკვნებმა აწ უნდა ატარონ ისეთი სკუფიები, როგორსაც ატარებენ აღმოსავლელი კლერიკოსები, რომლებიც თავსაბურავად იყენებდნენ სპეციფიკურ კამილავკებს. ასეთი ბერძნული კამილავკების ტარების რეკომენდაციებს აძლევდნენ რუსებსაც. მსგავსადვე, სამღვდელო პირებს მიეცათ განკარგულება, ჩაიცვან ბერძნული ყაიდის ანაფორები (სასულიერო პირთა შესამოსლები - რედ.): “შესამოსელი ისეთი უნდა ატარონ, როგორსაც ატარებენ აღმოსავლეთის ეკლესიის სამღვდლო პირები და ბერ-მონაზვნები”… “ვინც ბერძნული შესამოსელი დაგმოს, ერისკაცი იქნება ის თუ სამღვდელო პირი, განიკვეთოს…”; “წმიდა და საყოველთაო ეკლესიაში ერთსულოვნება და თანხმობა უნდა იყოს ყოველ საკითხში, როგორც საღვთისმსახურებო, ასევე შესამოსელსა და სხვა საეკლესიო წეს-განგებებში. ასევე სხვა საეკლესიო დასის წევრებიც ისე უნდა იმოსებოდნენ, როგორც ვიმოსებით ჩვენ, ბერძნები”.

1667 წლის საერთო დადგენილება საეკლესიო წესებისა და მათი მოწინაღმდეგეების შესახებ ასეა ფორმულირებული: “ჩვენი ეს კრებითი განკარგულება და ანდერძი გადაეცეს ყველა ზემოთ მოხსენიებულ მართლმადიდებელს. უცვალებლად მათ დაცვასა და აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიისადმი მორჩილებას განვაწესებთ. უკუეთუ ვინმემ არ ისმინოს ჩვენი ნაბრძანები, არ დაემორჩილოს აღმოსავლეთის წმიდა ეკლესიასა და ამ წმიდა კრებას, თუ ვინმე დაგვიწყებს დავასა და დაპირისპირებას, ასეთ მოწინააღმდეგეს ჩვენ, ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელი სულის მიერ ჩვენთვის ბოძებული უფლებამოსილებით - სასულიერო დასთაგანი თუკი იყოს, დავამხობთ პატივისგან, ყოველივე ღვთისმსახურებისგან განვაშიშვლებთ და შევაჩვენებთ. ხოლო, თუ ერისკაცი იყოს, განვკვეთთ და მამის, ძისა და სულიწმიდისგან უცხო ვყოფთ, გადავცემთ ანათემას და, როგორც მწვალებელსა და დაუმორჩილებელს შევაჩვენებთ. განვკვეთთ მათ მართლმადიდებელთა ერთობისგან და ეკლესიისგან სრულიად განვაძევებთ, ვიდრე გონს არ მოეგება და შეინანებს. ხოლო, თუკი გაჯიუტდეს ვიდრე თავის აღსასრულამდე, სიკვდილის შემდეგაც განკვეთილ იყოს და დაიდოს წილი მისი და სული მისი იუდა გამცემთან, ქრისტეს ჯვარმცმელებთან, არიოზთან და სხვა წყეულ ერეტიკოსებთან ერთად. რკინა, ქვა და ხე დაირღვეს და განიხრწნეს, ხოლო ამდაგვარი დაუმორჩილებელი დაურღვეველი და განუხრწნელი იყოს სამარადისოდ. ამენ”.

ძველმორწმუნეებზე, როგორც მწვალებლებზე, არსებული ეს პირქუში და ბნელი შეხედულება აითვისეს და გააგრძელეს ოფიციალური ეკლესიის პოლემისტებმა. ამ აზრს იზიარებენ ეგნატ ტობოლსკელი თავის “გზავნილებში” («Послания»), დმიტრი როსტოველი თავის “როზისკში” («Розыск»), პიტირმ ნიჟეგოროდელი თავის “შურდულში” («Пращица»), არსენ მაციევიჩ როსტოველი და სხვები. ეს ტრადიცია XVIII საუკუნეში შეწყვიტა მოსკოვის განათლებულმა და გონიერმა მიტროპოლიტმა პლატონმა, რომელმაც დააწესა “ერთმორწმუნეობა” (Единоверие).

ოფიციალური ეკლესიის სახელით მან პირველმა დაწერა ეს კეთილი და ჭკვიანური სიტყვები: “თუკი წმიდა სამებისადმი რწმენა უბიწოა, როგორი თითებითაც უნდა გამოსახონ, სულის ცხონებას ეს ვერ დააბრკოლებს. როგორც უნდა იარონ - მზის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ, დიდ განსხვავებას არც ეს წარმოაჩენს… კარგია მზის მიმართულებით სიარული, ოღონდაც თუკი ეკლესიასთან ხარ ერთობაში ”. მაშინ, როდესაც XIX საუკუნის რუსული ეკლესიის პირველი თეოლოგი, მიტროპოლიტი ფილარეტი თავის “გასაუბრებებში ძველმორწმუნედ წოდებულთან” («Беседы к глаголемому старообрядцу») შეეცადა, მისთვის დამახასიათებელი პომპეზურობით აეხსნა მანამდე ასწლეულობით გამეფებული შეხედულება ძველმოწესეობაზე, როგორც მწვალებლობაზე, ფილარეტი წერდა, თითქოსდა “რასკოლნიკების” ფანატიკურმა სიჯიუტემ შთააგონა რუსულ ეკლესიას “ფრთხილად ყოფნა და ეჭვი: ორი თითით პირჯვრისწერა ხომ არ იყო ან ხომ არ აღმოჩნდება ღმერთზე რაიმე ახალი სწავლების გამოხატულება?” მაგრამ რაკიღა ასწლოვანმა გამოცდილებამ ეს არ დაადასტურა, თურმე ნუ იტყვით და, “ერთმორწმუნეობა” დღეს დასაშვებად ამიტომაც იქნა მიჩნეული.

სინამდვილეში, ერთმორწმუნეობის დაწესების შემდეგ რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ და მასთან ერთად მთელმა რუსულმა ეკლესიამ De facto გააუქმა 1667 წელს ბერძნების მიერ ჩვენზე თავსმოხვეული შეხედულება ძველ ჩვეულებებზე, როგორც მწვალებლობაზე. ამჯერად მხოლოდ ფორმალურად, de jure, post factum არის საჭირო, რუსული ეკლესიის ამ მდუმარე და მართებულ გადაწყვეტილებას სანქცია მიეცეს ისევ ადგილობრივ კრებაზე 1667 წლის წყევლა-კრულვათა ფორმალური მოხსნით. ამ კრებამ თვითონ მოგვცა მაგალითი თუ როგორ უნდა გააუქმო მისი გადაწყვეტილებანი. ასმუხლიანი კრების დადგენილებათა გაუქმებით 1667 წლის კრებამ დაიმოწმა ძველი კრებების პრაქტიკა, რაც მათი წინამორბედი კრებების დადგენილებებს აუქმებდა.

მაგალითიც თვითონვე მოგვცა, როდესაც გააუქმა არა მარტო ასმუხლიანი კრების დადგენილებანი, არამედ - უფრო მსუბუქი მოტივირებით - 1622 წლის რუსული ეკლესიის დადგენილებებიც, რომლებიც პატრიარქმა ფილარეტმა მიიღო ლათინთა გადანათვლის თაობაზე. იმ დღიდან ლათინთა გადანათვლა ჩვენთან გაუქმებულია, ხოლო ბერძნებთან XVIII საუკუნეში ისევ გაჩნდა. ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით (იგულისხმება 1622 წლის კრების დადგენილებების გაუქმება - მთარგმნ.) 1667 წელს, მეფის საამებლად, ბერძენმა იერარქებმა მიმართეს ვრცელ განმარტებას: “ვინც, გამოთქვას უკმაყოფილება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ფილარეტ ნიკიტას ძის დროს მოწვეული კრების ამ დადგენილებათა გაუქმების გამო, ვამცნებთ, რომ არ უნდა აღშფოთდნენ და ეჭვი არ უნდა შეიტანონ ჩვენს გადაწყვეტილებაში, რამეთუ ძველად კრებით კრებასაც ეკამათებოდნენ და პირველის გადაწყვეტილებებს კი არ კიცხავდნენ, არამედ ასწორებდნენ და უკეთესისკენ წარმართავდნენ… რაღა ბევრი ვილაპარაკოთ, წმიდა მამებმაც ხომ მოციქულთა დადგენილებები და განწესებები მოგვიანებით უკეთესისკენ წარმართეს და შეასწორეს, როგორც ამას ვხედავთ VI მსოფლიო კრების მე-12 განწესებაში; და მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება, როდესაც ადრე მოწვეული წმიდა კრებების დადგენილებებს მომდევნო კრებები ასწორებდნენ, თუმცა უწინდელ კრებებს არ გმობდნენ და არც კიცხავდნენ. ამიტომაც ნურც ამჯერად უწმიდესი ფილარეტის დროს მოწვეული კრების გასწორებისთვის დაბრკოლდება ვინმე; მხედველობაში ზემოთ მოტანილი მაგალითები იქონიეთ”.

აი, ამ "ზემოთ მოტანილი მაგალითების" საფუძველზე გვმართებს სწორედ თვით 1667 წლის კრებების დადგენილებების გაუქმება.

ამ “ბერძნულმა” კრებამ თავისი წყევლა-კრულვებით კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენში ძველმოწესეობა, რომელიც ჩამოყალიბდა არა როგორც საეკლესიო ოპოზიცია, რომელიც შესაძლო იყო ჩამცხრალიყო და მცირე სექტის ფარგლებამდე შემცირებულიყო, არამედ როგორც მღელვარების მომენტში ფართო სახალხო მოძრაობა ეკლესიიგან უმედოდ გამოყოფა. და წყევლა-კრულვათა ამ ჭრილობას, მეფის, საამებლად, ბერძნებმა კიდევ მარილი მოაყარეს, როდესაც რასკოლნიკთა “ფიზიკური დასჯაც” მოითხოვეს. ანუ მოწამებრივი გვირგვინებიც დაადგეს მათ. ბერძნებმა ურჩიეს მეფეს, “სამოქალაქო კანონისთვის” დაექვემდებარებინა განკვეთილნი. აი რამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ რუსული ეკლესიის განხეთქილება. 1667 წლის მამები იმოწმებდნენ ბერძნული ეკლესიის ისტორიაში არსებულ სისასტიკეს, წერდნენ: “ბოროტეულნი (ანუ ძველმოწესენი - მთარგმნ.) სამოქალაქო კანონითაც უნდა დაისაჯონ და სხვადასხვაგვარ წვალებასა და ტანჯვას მიეცენ”. შემდეგ მოტანილია ისტორიული მაგალითები: “და ასე, ზოგიერთებს ენებს აჭრიდნენ, სხვებს - ხელებს, ნაწილს - ცხვირებს და ყურებს და დამცირებულთ საქვეყნოდ ატარებდნენ, შემდეგ კი სიცოცხლის ბოლომდე კატორღაში აგზავნიდნენ”. “აქედან ცხადი ხდება, რომ ერეტიკოსები და სქიზმატიკოსები არა მარტო საეკლესიო სასჯელთ ექვემდებარებოდნენ, არამედ საერო კანონმდებლობითაც ისჯებოდნენ” - “დაე, შენმა მტკიცე მარჯვენამ დაიცვას ღმრთის ეკლესია მათგან; დე, შურს იძიებდე მათზე მათი უღმრთო აღტყინებისთვის და დაიცავდე ქრისტეს სამწყსოს მგელთაგან, რომლებიც გამძვინვარებულნი ძრწიან და ეძებენ, ვიმნე შთანთქონ” (რუსი იმპერატორებისა და საეკლესიო ხელისუფალთა “სასახელოდ” უნდა ითქვას, რომ ბერძების ეს მოწოდება მათ ზედმიწევნით შეასრულეს - მთარგმნ.).

1666 წლის საეკლესიო კრების რუსი მამების აზრს არ უმუშავია ამ მიმართულებით. აი, რატომ ვუწოდეთ უბადრუკი, მეფე ალექსი მიხეილის ძის იდეას - გაერჩია პატრიარქ ნიკონის საქმე აღმოსვლელ იერარქთა ავტორიტეტზე დაყრდნობით - და მათსავე სამსჯავროსთვის გადაეცა მათთვის გაუგებარი, ღრმად ნაციონალური და რუსული რელიგიურობისთვის სპეციფიურად მტკივნეული საკითხი ჩვეულებათა შესახებ.

ძველმოწესეობის გასამართლებულმა მეთაურებმა ამ კრებას უწოდეს “ცოფიანი” და იგი კონსტანტინე კოპრონიმეს ხატმებრძოლურ კრებას (754 წ.) შეადარეს, სადაც “ხელმწიფეს ქრისტე კი არ ედგა გვერდში ან მოძღვრავდა სული ჭეშმარიტი, არამედ ეშმაკი”.

ასე დაიწყო რუსული განხეთქილების ისტორია.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика