ისტორია - ეკლესიათა საბოლოო განხეთქილება - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ა. პ. ლებედევი

მეთერთმეტე საუკუნე. ეკლესიათა საბოლოო განხეთქილება

(1053 – 1054 წწ.)

წიგნიდან: ეკლესიათა განხეთქილების ისტორია IX, X და XI საუკუნეებში

საეკლესიო განხეთქილება

განსახილველი ეპოქის მესამე ღირსშესანიშნავი პიროვნება, რომელსაც მოუწევდა რომის მღვდელმთავრის პრეტენზიებისადმი წინააღმდეგობა, იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი. რომის მხრიდან პაპის მოთხოვნებსა და პრეტენზიებს იცავდა პაპი ლეონ IX.

რომაული ჩვეულებების გავრცელება კონსტანტინოპოლსა და იტალიაში, კერძოდ, მის იმ ნაწილში, რომელიც ჯერაც ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციას, აიძულა პატრიარქი კერულარიოსი მიემართა იმ ზომებისთვის, რომელმაც მეტად შელახა რომის მღვდელმთავრის პატივმოყვარება. მითითებული რომაული ჩვეულებების აღსაკვეთად პატრ. მიქაელმა კონსტანტინოპოლში დახურა რომაული მონასტრები, ხოლო იტალიაში, ერთ-ერთი ეპისკოპოსის სახელზე (ეს იყო იოანე ტრანიელი), რომელიც კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა, გააგზავნა ეპისტოლე, რომელშიც დასავლეთის ეკლესიას ზოგიერთ განდგომილებაში ამხელდა.

ჩვენს გეგმაში არ შედის პატრ. მიქაელის მიერ იტალიაში გაგზავნილი ეპისტოლეს მთელი შინაარსის გადმოცემა, რომელმაც ბიძგი მისცა ახალ უთანხმოებას რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, მაგრამ მხოლოდ იმას შევნიშნავთ, რომ მასში, სხვა საკითხებს შორის, მითითებული იყო დასავლეთის ეკლესიის ზოგიერთი გადახრა: ევქარისტიის შესრულება მაცაზე (აუფუებელ პურზე), მარხვის დაცვა შაბათობით და სხვა. ამ ეპისტოლეში პაპის თავმოყვარეობა ალბათ იმას უნდა შეელახა, რომ პატრიარქმა ეს ეპისტოლე მას კი არ გაუგზავნა, არამედ თავის ეპისკოპოსს, რომელსაც სთხოვა ეპისტოლეს შინაარსი ცნობილი გაეხადა როგორც დასავლელი მღვდელმთავრებისთვის, ასევე თვით რომის პაპისთვისაც: "საკუთარი სულის საცხოვნებლად, დაუგზავნე ეს ეპისტოლე მღვდელმთავრებსა და პაპს, ასევე უბრალო მღვდლებსაც და შეჰფუცე მათ, თვითონაც გამოსწორდნენ და ხელი მიჰყონ ღვთის ერის გამოსწორებასაც".

ცხადია, რომ ისეთი ტონი, როგორშიც ლაპარაკობდა პატრიარქი პაპსა და დასავლეთის ეკლესიაზე, კერძოდ ის, რომ მან შესაძლებლად დაუშვა მათი ცდომილების შესაძლებლობა და მოუწოდა გამოსწორებისკენ, პაპის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. რომი ყოველთვის იდგა იმ პრინციპზე, რომ რომის ეპისკოპოსი ყოველგვარ სამსჯავროზე უზენაესია და მასთან გატოლება არავის შეუძლია. მაგრამ, სწორედ ეს გაბედა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. მიქაელის ეპისტოლე, რომელიც დასავლეთში გაიგზავნა 1053 წლის მიწურულამდე დიდი ხნით ადრე, პაპ ლეონ IX-საც მიუვიდა.

პაპმაც დაწერა საპასუხო წერილი, ოღონდ ის უკვე პირდაპირ პატრიარქ კერულარიოსს მიწერა. მისი ეპისტოლე ძალზედ დიდია და თანაც რელიგიურ საკითხებს სულაც არ ეხება. პაპი უმთავრესად ყურადღებას ამახვილებს იმ პრეტენზიათა დასაბუთებაზე, რომლის ერთობლიობამაც წარმოშვა ე. წ. პაპის ძალაუფლება.

კონსტანტინოპოლის ეკლესია ამ ეპისტოლეში ყოველმხრივ დამცირებული და გაკიცხულია. პაპი კონსტანტინოპოლის ეკლესიას ისე მიმართავს, როგორც მკაცრი მამა გზასგადაცდენილ შვილს. აღსანიშნავია, რომ ამ ეპისტოლეში პაპი არა მხოლოდ მოითხოვს თავისი უფლებების დაცვას, რაც ჯერ კიდევ ადრინდელმა პაპებმა მიისაკუთრეს, მაგ. ნიკოლოზ I, მაგრამ აყენებს კიდევ ახალ მოთხოვნებს თავისი მოჩვენებითი უფლებების გასაფართოვებლად.

ვნახოთ, ერთის მხრივ, რაში ჰპოვებს პაპი თავის უპირატესობას სხვა ეპისკოპოსებთან შედარებით, და მეორეს მხრივ, რის საფუძველზე ცდილობს იგი უარყოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის უფლებები, რომელსაც დაუბრკოლებლივ ანიჭებს საკუთარ ეკლესიას.

უპირველეს ყოვლისა ეპისტოლეში განცხადებულია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბედავს და თავს უფლებას აძლევს რაიმე ასწავლოს რომის ეკლესიას:

"შენ, საყვარელო ჩვენო, და ჯერ კიდევ ქრისტეში წოდებულო ძმაო, წინამძღვარო კონსტანტინოპოლის ეკლესიისა, არნახული კადნიერებით და გაუგონარი გამბედაობით გაკიცხე აშკარად სამოციქულო და ლათინური ეკლესია, - და რისთვის? იმისთვის, რომ ის უფლის ვნებათა მოგონებას აღასრულებს უფუარ პურზე (მაცაზე). იხილეთ თქვენი წინდაუხედაობა და ბოროტმზვაობრობა, გგონიათ ზეცას წვდება თქვენი ბაგე, არსებითად კი მიწაზე იკლაკნება თქვენი ენა; განთქმულნი ხართ კაცობრივი არგუმენტებითა და მჭევრმეტყველებით შერყვნათ უძველესი რწმენა. გონს თუ არ მოეგებით, მოაჯდებით დრაკონის იმ კუდს, რომლითაც მან ციურ ვარსკვლავთა მესამედი მიწაზე რომ გადმოყარა (იგულისხმება აპოკალიფსური დრაკონი - ა. ლ.). აი, უკვე 1020 წელია რაც ევნო მაცხოვარი და ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ მხოლოდ ახლა, თქვენგან უნდა ისწავლოს რომის ეკლესიამ როგორ აღასრულოს ევქარისტია, თითქოსდა არაფერს ნიშნავდეს, რომ აქ, რომში იყო, ცხოვრობდა, ასწავლიდა და ბოლოს თავისი სიკვდილით განადიდა ღმერთი იმან, ვისაც უფალმა უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა" (მათე 16:17).

ამის შემდეგ პაპი დეტალურად აღწერს თუ რატომ არ შეიძლება სხვა ეკლესიამ შეაგონოს რომის ეკლესიას და თანაც, ყოველთვის რჩება სხვათა წინამძღოლად.

"იფიქრე, როგორი უგუნურებაა იმის გაფიქრება თითქოსდა ზეციურმა მამამ, მოციქულთა თავადს, პეტრეს, დაუმალა მსხვერპლშეწირვის (ევქარისტიის - ა. ლ.) გარეგნული ფორმა, პეტრეს, რომელსაც სრულიად გაუხსნა თავისი ძის ღვთაებრიობა; და მასვე, პეტრეს, არა ანგელოზის ან წინასწარმეტყველის, არამედ საკუთარი პირით აუწყა: "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი" (მათე 16:18).

პაპის მსჯელობითვე, რომის მღვდელმთავრის პირველობის საკითხში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს პეტრეს ჩრდილის სასწაულმოქმედების უნარს. საკუთარი პირველობის სასარგებლო პაპის ეს არგუმენტი იმდენად ორიგინალურია, რომ უნდა გადმოვცეთ ის სრულად:

"პეტრეში, - ამბობს პაპი, - განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მისი სხეულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ. წმინდანთაგან არავის ჰქონია ასეთი ძალა; თვით უწმიდეს უფალსაც კი თავისი სხეულის ჩრდილით არავინ განუკურნავს; არამედ მხოლოდ პეტრეს მიანიჭა ეს პრივილეგია, რათა თავისი ჩრდილით სნეულთათვის ემკურნალა. აქ არის უდიდესი მინიშნება დღევანდელი და მომავალი ეკლესიებისა, ანუ პეტრე ხდება ორივე ეკლესიის განმკარგულებელი და მათ მდგომარეობას საკუთარ თავშივე მიუთითებს: დღევანდელი ეკლესიას ის მიანიშნებს თავისი ხილული სხეულით, ხოლო ჩრდილით, ჩვენთვის ჯერ კიდევ უხილავ ეკლესიას, მტკიცე სიმბოლოს ჭეშმარიტებისა და ზეციური ღვთისმოსაობისა".

აი პაპის კიდევ ერთი ეშმაკური განმარტება სახარებისა, რომელიც მიზნად ისახავს ამტკიცოს რომის პირველიერარქთა (პაპთა) უპირატესობა მთელი ეკლესიის სხვა ეპისკოპოსებზე. პაპი იღებს უფლის გამონათქვამს: "ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლუკა 22:32).

"ამით უფალმა თქვა, - აცხადებს პაპი, - რომ დანარჩენ ძმათა სარწმუნოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ხოლო პეტრეს რწმენა შეურყეველი დარჩება. არავის შეუძლია უარყოს, რომ როგორც კაუჭით (cardo) იღება კარი და იხურება, ასევე პეტრეთი და მისი მემკვიდრეებით განისაზღვრება მთელი ეკლესიის წესრიგი და მოწყობა. როგორც კაუჭი აღებს კარს და კეტავს, თვითონ კი უძრავი რჩება, ასევე პეტრეს და მის მემკვიდრეთ უფლება აქვთ თავისუფლად გამოუტანონ განაჩენი ყოველ ეკლესიას, და არავინ უნდა აღაშფოთოს ან შეარყიოს მათი მდგომარეობა; რადგან უზენაესი კათედრა არავის სამსჯავროს არ ექვემდებარება (summa sedes a nemine judicatur)".

აი, ის საეკლესიო საფუძვლები, რომლითაც ცდილობს პაპი განამტკიცოს თავისი ძალმოსილება ეკლესიაში და მიანიშნებს, რომ ამაოდ სურს კონსტანტინოპოლის ეკლესიას იმ უფლებების მისაკუთრება, რომელიც მხოლოდ რომის ეკლესიის პრეროგატივაა; ამაოდ უტოლებს თავს რომს კონსტანტინოპოლი, პაპ ლეონის აზრით, ეს არის უდიდესი შეცდომა კონსტანტინოპოლის მხრიდან. უფრო მნიშვნელოვანია და საინტერესოა პაპის ახალი იდეები თავის საერო ძალაუფლებაზე, რომელსაც ის ავითარებს კერულარიოსისთვის მიწერილ ეპისტოლეში და ყალბ დოკუმენტს, ე. წ. donatio Constantini-ს ეფუძნება.

ეკლესიის სხვა იერარქებთან შედარებით თავისი უპირატესობის დემონსტრირების შემდეგ, პაპი, რომელიც ესწრაფვის კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღირსების დაკნინებას, - რაც არის კიდევაც ამ ეპისტოლეს მიზანი, - პაპი ავითარებს იმ აზრს, რომ რომის მღვდელმთავრები განუზომლად აღემატებიან ყველა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებს, რადგან ერთსა და იმავე დროს, ისინი მღვდელმთავრებიც არიან და მეფეებიც. აღმოსავლეთში ადრე ამგვარი არაფერი სმენოდათ; ამიტომაც, გასაგებია, კონსტანტინოპოლში ამ სიახლეზე თუ როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ.

ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან გახდნენ პაპები მეფეებიო - არწმუნებს ლეონი კერულარიოსს... შემდეგ პაპი ლეონი აღწერს, კონკრეტულად რითი დააჯილდოვა კონსტანტინემ თავისი თანამედროვე პაპი სილვესტრი პაპის საყდრის ასამაღლებლად. პაპის აზრით, თურმე კონსტანტინეს მისთვის უპირველესად სასახლე რომში უჩუქებია... შემდეგ, პაპის თქმით, კონსტანტინე რომის მღვდელმთავარს ამშვენებს სამეფო რეგალიებით.

თავის წერილში პაპი იმასაც ამტკიცებდა, რომ თითქოსდა იმპერატორს ნდომებია საკუთარი ხელით დაედო სამეფო გვირგვინი პაპის თავზე, მაგრამ "პაპმა არ ისურვა ოქროს გვირგვინი, და ამიტომაც, იმპერატორმა მას საკუთარი ხელით დაადო ფრიგიული (phrygium) გვირგვინი, რომელიც თავისი სითეთრით ელვარებდა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენდა".

პაპ ლეონის თქმით, იმპერატორმა კონსტანტინემ, იმის შემდეგ რაც სამეფო რეგალიებით შეამკო რომის პაპი, პაპის ამალისა და კლერიკოსების სამეფო კარის მსახურებთან გატოლებაც მოისურვა. ამრიგად, უზრუნვია რა პაპის პიროვნებასა და მის გარემოცვაზე, კონსტანტინეს, პაპის წერილიდან გამომდინარე, სილვესტრისთვის ფაქტიურად, რომის სამფლობელოთა ნახევარი მიუბოძებია და აი, ასე, რომის მღვდელმთავარი რომის იმპერატორი გახდა.

რომის მღვდელმთავარის სიდიადის ამგვარი მტკიცებულებების შემდეგ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, პაპის მოსურვებით, უნდა მისულიყო იმის შეგნებამდე თუ რამდენად უსუსურია მისი როლი ქრისტეანულ მსოფლიოში და როგორი მოწიწებითა და მორჩილებით უნდა მოეკიდოს ის რომის ეკლესიის მღვდელმთავარს.

წარმოაჩინა რა მთელი ბრწყინვალებით თავისი საეკლესიო და სახელმწიფო ძალა და სიდიადე, პაპი ლეონი, კონსტანტინოპოლელი მწყმსმთავრების დასამცირებლად, რომლებმაც გაბედეს და ჭკუა ასწავლეს რომის მღვდელმთავარს, მიქაელ კერულარიოსისადმი მიწერილ თავის წერილში მაქსიმალურად ცდილობს წარმოაჩინოს კონსტანტინოპოლის ეკლესია მისთვის არახელსაყრელი მხრიდან.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის დასამცირებლად პაპი უთითებს თუ რაოდენ მრავალი ერეტიკოსი გაჩენილა აღმოსავლეთის ეკლესიაში ზოგადად, კერძოდ კი კონსტანტინოპოლის კათედრაზე. პაპის განსაკუთრებულ მრისხანებას იწვევს ის კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, რომლებიც უგულებელყოფდნენ პაპის პირველობას და პაპის სურვილებისამებრ არ მოქმედებდნენ; მეტიც, მათ პრეტენზიებს პასუხობდნენ თავიანთი მოქმედებების სრული სიმართლის შეგნებითა და ღირსებით.

ასე, მაგალითად, ლეონი მწვალებელ პატრიარქთა შორის მოიხსენიებს წმ. იოანე მმარხველს, რომლის მთელი დანაშაული პაპის წინაშე ისაა, რომ მან არ თქვა უარი "მსოფლიო პატრიარქის" წოდებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ამ პატრიარქის წინამორბედთ ეწოდათ და რომელზე უარის თქმასაც პაპი ითხოვდა.

ასეთია, ძალზედ მოკლედ პაპ ლეონ IX წერილის შინაარსი, რომელიც მან პატრიარქ მიქაელ კერულარიოსს მისწერა. მასში ნათლად არის წარმოჩენილი ყველა უცნაური და გამაოგნებელი პრეტენზია შუასაუკუნეების პაპიზმისა. კონსტანტინოპოლელ მწყემსმთავრებს გამუდმებით უნდა ეფხიზლათ, რათა პაპთა მიერ მოქსოვილ ბადეს მართლმადიდებლური ეკლესიები არ მოეცვა. მიქაელ კერულარიოსი სწორედ ამ ამოცანას ასრულებდა. საშიშროება მით უფრო დაემუქრა აღმოსავლეთის ეკლესიას, როდესაც პრეტენზიული სიტყვები, დროისა და ვითარების მიხედვით, საქმედ იქცა.

არავინ იცის გამოიწვევდა თუ არა რაიმე რეაქციას პაპ ლეონის წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიქაელისადმი, - ძალზედ სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთში წაიკითხავდნენ მას და დაივიწყებდნენ, - რომ არა ერთი ვითარება, რომელმაც განხეთქილებამდე მიიყვანა კიდევაც ეკლესია.

პაპის ამ წერილამდე უადრეს პაპსა და ბერძენ იმპერატორ კონსტანტინე მონომახს შორის დამყარდა წმიდად პოლიტიკური ხასიათის კავშირი, რომელიც სხვადასხვა ვითარების გამო ძალიან მალე გადავიდა ეკლესიის ნიადაგზე. იტალიის ბერძნულ ოლქებს საკმაოდ ძლიერად ავიწროვებდნენ ნორმანები, რომელთაგან თვით პაპიც კი ძლიერ შეწუხებული იყო. ასეთ ვითარებაში აღმოსავლელი იმპერატორი იმედოვნებდა, რომ პაპის მეშვეობით მიიმხრობდა გერმანიის იმპერატორ ჰენრიხ III სამოკავშირეო ომში ნორმანთა წინააღმდეგ და დაიცავდა თავის სამფლობელოებს იტალიაში. ეს გეგმა პაპისთვისაც მომგებიანი იყო. ამ და სხვა მიზეზებმა აიძულა იმპერატორი კონსტანტინე მონომახი მიმოწერა ჰქონოდა პაპთან. მასთან გამოცხადდა პაპის ელჩობა, რომელმაც შემდგომ საკუთარ თავზე აიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქის შერიგება პაპთან, ცხადია, ამ უკანასკნელისთვის მომგებიანი პირობების გათვალისწინებით.

თუმცა, ელჩობამ ბერძნულ იმპერიას სარგებლობა ვერ მოუტანა ვერც პოლიტიკური და ვერც რელიგიური თვალსაზრისით, პირიქით, - რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა კონფლიქტი მიიყვანა სრულ განხეთქილებამდე.

ელჩობამ მოიტანა პაპის ორი წერილი - ერთი პატრ. მიქაელის სახელზე, მეორე კი იმპერატორისაზე. ეს წერილები კიდევ ერთხელ ადასტურებდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინაშე რომის მღვდელმთავრის უსაზღვრო მედიდურობას და იმ არაგულწრფელობასა და იჭვნეულობას, რომლითაც უყურებდა პაპი კონსტანტინოპოლის ეკლესიას, რაც გამორიცხავდა მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას ამ ორ ეკლესიას შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კატასტროფას დასაბამი მისცა არა იმდენად ამ წერილებმა, რამდენადაც პაპის ლეგატების დაუოკებელმა, ქედმაღლურმა და უგუნურმა საქციელმა, რომელმაც გახლიჩა და გადაამტერა კიდევაც ეს ორი ეკლესია.

მაგრამ, მოდი, ჯერ ის წერილები განვიხილოთ, რომლებიც ამჯერად გაუგზავნა პაპმა პატრიარქსა და იმპერატორს.

პატრიარქისადმი მიწერილ წერილში პაპი თავს ახვევს მას იმ აზრს, რომ თითქოსდა მას (ანუ ბერძენ პატრიარქს - მთარგმნ.) გააჩნია მისწრაფება თავის მფლობელობაში გადაიყვანოს აღმოსავლეთის ყველა ეკლესია, ანუ გახდეს აღმოსავლეთის პაპი ისევე, როგორც რომის პაპია მღვდელმთავარი მთელი დასავლეთისა. ლეონ IX წერს:

"ახალი პატივმოყვარებით აღძრული, შენ გინდა ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქებს ჩამოართვა თავიანთი ძველი პატივი და ყოველგვარი კანონის წინააღმდეგ გინდა დაუმორჩილო ისინი საკუთარ ძალაუფლებას. როგორი საფრთხისკენ მიექანები ყველა საღად მოაზროვნისთვის ნათელია".

პაპის ამ სიტყვებში სხვა არაფერია გამოხატული თუ არა ეჭვი და შური კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოსალოდნელი აღზევების წინაშე. პაპს თვითონ სურდა ბატონობა აღმოსავლეთზე, მაგრამ ამ მიზანს უპირველეს ყოვლისა ხელს უშლიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთის ეკლესიის უფლებებს მხურვალედ იცავდა.

იყო რა ეჭვიანი სხვა ეკლესიათა მიმართ, პაპი ძალზედ მგრძნობიარე იყო, როდესაც მიანიშნებდნენ, რომ რომის ეკლესია არ არის მთელი ქრისტეანული ეკლესიის თავი, როგორც ეს თვით რომის ეპისკოპოსებს ეგონათ. პაპის სიტყვებიდან ჩანს, რომ პატრიარქი მიქაელი ლეონისადმი მიწერილ თავის წერილში (რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია) ამცნობდა მას, რომ რომის კათედრას მხოლოდ მაშინა აქვს ძალა, როდესაც ის კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან თანხმობით მოქმედებს; ზუსტად ასევე, კონსტანტინოპოლის ეკლესიის კათედრას მაშინა აქვს ძალა, როდესაც ის მოქმედებს რომის ეკლესიის თანხმიერად, ანუ ორივე ეკლესიის მნიშვნელობა ეყრდნობა უერთიერთ შეთანხმებულ მოქმედებას: თითოეული საჭიროებს მეორის თანადგომას და არცერთს არ შეიძლება გააჩნდეს პრეტენზია რაიმე პრიორიტეტსა თუ რომელიმე უზენაეს ავტორიტეტზე.

პაპი უკმაყოფილო დარჩა პატრიარქის ამგვარი იდეით, მიუხედავად მისი სრული კანონიკურობისა და საფუძვლიანობისა. ის გააფთრებული იცავს თავის უპირობო და გაუყოფელ უპირატესობას ეკლესიაში და წერს: "რა სისულელეს ამბობ, საყვარელო ძმაო? როგორ შეიძლება რომის ეკლესიას, რომელიც არის თავი და დედა ყველა ეკლესიისა, არ ჰყავდეს თავისი წევრები? რა თავი იქნება ან რა დედა ის ამის შემდეგ? ჩვენ გვწამს, - წერს პაპი, - და მყარად ვაღიარებთ: ის ეროვნება (ეკლესია) დედამიწაზე, რომელიც თავისი ამპარტავნებით რამეში არ დაეთანხმება რომის ეკლესიას, უკვე აღარ იქნება წოდებული ეკლესიად. იმ დღიდან ის იქნება ერეტიკოსთა საკრებულო, სქიზმატიკოსთა თავყრილობა და სატანის სინაგოგა".

აი ასე გამოხატავდა პაპი თავის აბსოლუტიზმს საეკლესიო საქმეებში; დაუშვებელია მთელს ეკლესიაში ვინმე გაუტოლდეს რომის მღვდელმთავარს - არც რომელიმე ეკლესია, არც რომელიმე იერარქი.
ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ რომის პაპი პატრიარქ მიქაელ კერულარიოსს უყურებს როგორც პირს, რომელიც ძლიერ შეცდა, როდესაც მან გაბედა და იოანე ტრანიელისადმი მიწერილ თავის წერილში არ დაეთანხმა დასავლეთის ზოგიერთ მოსაზრებას. ამიტომაც, განიხილავს რა პატრიარქს, ვითარც ცდომილ პიროვნებას, პაპი მას სინანულისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

ლეონ IX პატრიარქს წერს: "დაე გადავიდეს მწვალებლობა და სქიზმა, დაე დამყარდეს მშვიდობა; ყოველმა, ვინც თავს აღიარებს ქრისტეანად - შეწყვიტოს რომის წმიდა და სამოციქულო ეკლესიის შეურაცხყოფა. ამაოდ მიიჩნევა მამის (ქრისტეს? - ა. ლ.) პატივისმცემლად ის, ვინც შეურაცხყოფს მის პატარძალს, რომის ეკლესიას (?!). ღვთის შეწევნით, ვიმედოვნებთ, რომ შენ არ აღმოჩნდები დამნაშავე მსგავს დანაშაულში, ან იქნებ უკვე გამოსწორდი, ან კიდევ, გამოსწორდები ჩვენი შეგონების შემდეგ".

გასაგებია, რამდენად უღირსი და შეურაცხმყოფელია ამ წერილის ტონი კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის!

რაც შეეხება პაპის წერილს იმპერატორისადმი, ის ნაკლებად საინტერესოა პატრიარქისთვის მიწერილ წერილთან შედარებით. თუმცა აქაც არის ისეთი ნიუანსები, რომლებიც მნიშვნელობას როდია მოკლებული.

პაპი სარგებლობს შემთხვევით და მსუბუქად მიანიშნებს, რომ არსებობს საიმპერატორო გვირგვინის მომნიჭებელი და დამდგმელი; რომ, აღმოსავლეთის იმპერატორს გვირგვინი სწორედ რომის ეკლესიამ დაადგა.

აი ასე შორს მიდიოდა პაპის პრეტენზიები. რომის მღვდელმთავარს სურს არა მარტო რელიგიური ბატონობა მთელს აღმოსავლეთზე, არამედ პოლიტიკურიც. მხარდაჭერის იმედით, ლეონი შესჩივის იმპერატორს პატრიარქის უსამართლობას და უპატივცემობას რომელიც თითქოსდა მან გამოიჩინა პაპის მიმართ. საფუძვლად კი დაუდო მისი მიმართვა იოანე ტრანიელისდმი. პატრიარქზე ჩივილს პაპი ამთავრებს ასეთი კატეგორიული განცხადებით: "თუ პატრიარქი გაჯიუტდება, ანუ ის არ დაემორჩილება პაპის ნებას, მაშინ შეუძლებელი იქნება მშვიდობა ჩვენს შორის", ანუ რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის.

იბადება კითხვა: რატომ ღელავს ასე რომის პაპი? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მიქაელმა გაბედა აღენიშნა რომის მხრიდან დაშვებული ზოგიერთი ცდომილებანი და მიუთითა მათი გასწორების აუცილებლობაზე სხვა მსგავს შემთხვევებში. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საბედნიეროდ, პაპის იმედები იმპერატორთან დაკავშირებით არ გამართლდა.

ბუნებრვია, რომ ამ წერილებს ვერც საეკლესიო და ვერც საერო ხელისუფალნი თანაგრძნობით ვერ შეხვდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში მარტო ამ წერილებს არ შეეძლოთ წაექეზებინათ კონსტანტინოპოლის ეკლესია რაიმე გადამჭრელი ღონისძიებებისკენ რომის ეკლესიასთან მიმართებაში.

მაგრამ, რისი გაკეთებაც ვერ შეძლეს წერილებმა, კონსტანტინოპოლში ჩასულმა პაპის ლეგატებმა აღასრულეს თავიანთი საქციელით. 1054 წელს, რომიდან კონსტანტინოპოლში გამოგზავნილი ელჩობის სათავეში იდგა კარდინალი ჰუმბერტი. "ეს იყო წარმოუდგენლად ვნებიანი და ფიცხი ადამიანი, თანაც, რომის კათედრის გააფთრებული დამცველი". არ არის გასაკვირი, რომ ასეთი თვისებების მქონე ელჩი გახდა კიდევაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საეკლესიო მშვიდობის დარღვევის მიზეზი.

საქმე საკმაოდ სწრაფად დასრულდა. ჰუმბერტი გამაოგნებელი და გამომწვევი მედიდურობით ცხადდება კონსტანტინოპოლის ეკლესიაში და ისე იქცევა, თითქოსდა კონსტანტინოპოლი რომის ეკლესიას იყოს დაქვემდებარებული და მას, ჰუმბერტს, რომელიც აქ რომის უფლებამოსილებებით მოვიდა, პატრიარქი მოვალე იყო დამორჩილებოდა.

ჰუმბერტსა და ელჩობის სხვა წარმომადგენლებს საკმაოდ გამომწვევად ეჭირათ თავი პატრიარქთან მიმართებაში, და "მათ ამაყ ტონს, რომლითაც ვითარც პაპის ლეგატებს, სურდათ პატრიარქთან ლაპარაკი, მათ წინააღმდეგ უნდა აემხედრებინა პატრიარქი". მაგრამ პატრიარქმა თავს უფლება არ მისცა შეურაცხყოფა მიეყენებინა ლეგატებისთვის. რადგან მას არ სურდა დაეთმო რომის პრეტენზიებისთვის. მიქაელ კერულარიოსი უბრალოდ განერიდა ყოველგვარ მოლაპარაკებებს პაპის ლეგატებთან. ეს უკანასკნელნი ვერ ეღირსნენ პატრიარქის "გამოსწორებას", რადგან კერულარიოსს კარგად ესმოდა, რომ პაპის ლეგატებთან დათმობები იქნებოდა რომის პირველიერარქის უფლებების აღიარება მთელს ქრისტეანულ სამყაროში.

მიქაელის პრინციპულობით გაღიზიანებული პაპის ელჩები, რომლებიც არც კი ფიქრობდნენ პაპის ინტერესების საზიანოდ რაიმე დათმობებზე წასვლას, წავიდნენ საქციელზე, რომელიც დღემდე სამარცხვინო ლაქად ამჩნევია დასავლეთის ეკლესიას. 1054 წლის 16 ივნისს მათ გადაწყვიტეს ანათემაზე გადაეცათ კონსტანტინოპოლის ეკლესია. და კონსტანტინოპოლის სოფიის ტაძარში, იმ დროს, როდესაც იქ ღვთისმსახურება ტარდებოდა, შევიდნენ ტაძრის წმიდა საკურთხეველში და დადეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ანათემის სიგელი.

აი ისიც:

"რომის პირველმა და წმიდა სამოციქულო კათედრამ, რომელსაც, როგორც მეთაურს, ეკუთვნის მზრუნველობა ყველა დანარჩენ ეკლესიაზე, საეკლესიო მშვიდობისა და საზოგადო კეთილდღეობისთვის წარმოგვგზავნა ჩვენ, თავისი ლეგატები, ამ სამეფო ქალაქში, რათა მოვსულიყავით და გაგვეგო, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ჭორი, რომელიც გამუდმებით ესმის მას ამ ქალაქიდან". შემდეგ, ლეგატებმა შეაქეს იმპერატორი, კლერიკოსები და ერი ღვთისმოსაობისთვის, ხოლო პატრიარქზე კი განაცხადეს: "რაც შეეხება მიქაელს, რომელიც არასწორად იწოდება პატრიარქად, და მის სულელ (stultitiae) მომხრეებს, მის გარემოცვაში ყოველდღიურად ითესება მრავალგვარი ღვარძლი და ერესი. სიმონიანელთა მსგავსად ჰყიდიან ისინი მადლს ღვთისა, ვალეზიანელთა მსგავსად ასაჭურისებენ მოგზაურთ, და ამას უშვრებიან არა მარტო კლერიკოსებს, არამედ ეპისკოპოსებსაც. არიანელთა მსგავსად, თავიდან ნათლავენ წმიდა სამების სახელით მონათლულთ, განსაკუთრებით კი ლათინთ. დონატისტთა მსგავსად ამტკიცებენ, რომ მთელს სამყაროში, ბერძნული ეკლესიის გამოკლებით, წარწყმედილია ქრისტეს ეკლესია, ჭეშმარიტი ევქარისტია და ნათლისღება. ნიკოლაელთა მსგავსად ნებას ქორწინების უფლებას აძლევენ საკურთხევლის მსახურთ. სევერიანელთა მსგავსად ბოროტმეტყველებენ მოსეს სჯულზე. სულიწმიდის მგმობელთა მსგავსად უარყოფენ სულიწმიდის გამომავლობას ძისგან. მანიქველთა მსგავსად გასულერებულად მიიჩნევენ აფუებულს. ნაზორეველთა მსგავსად იცავენ იუდეველურ სხეულებრივ განბანვებს, რვა დღეზე უადრეს არ ნათლავენ ახალშობილთ, მშობელ დედას კი არ აზიარებენ, და თუ წარმართები არიან უარს ეუბნებიან ნათლობაზეც. ამ და სხვა ცდომილებათა გამო პაპის შეგონებისდა მიუხედავად, მიქაელი მაინც ვერ მოეგო გონს. ამიტომაც, ჩვენ, - ლეგატები, - ვერ ვითმენთ რა ესოდენ შეურაცხყოფასა და უსამართლობას, რომელიც დაშვებულია პირველი სამოციქულო კათედრის მიმართ, წმიდა და განუყოფელი სამებისა და შვიდი მსოფლიო კრების წმიდა მამათა სამოციქულო კათედრის ძალით, ანათემას გადავცემთ მიქაელს და მის თანამოაზრეებს, თუ გონს არ მოეგებიან.
მიქაელსა და მის თანამოაზრეებს, რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილ ცდომილებებსა და კადნიერებაში, - ანათემა, მარანათა სიმონიანელებთან, ვალეზიანელებთან და ყველა მწვალებელთან ერთად, ეშმაკთან და მის ანგელოზებთან ერთად. ამინ, ამინ, ამინ".

ვფიქრობ, არც არის საჭირო იმის განხილვა, რამდენად უსამართლოა აღმოსავლეთის ეკლესიის მიმართ გამოთქმული ის ბრალდებები, რომლითაც აღსავსეა ეს სიგელი; არც იმის მტკიცებაა საჭირო, რომ არაფერი აქვთ საერთო აქ მოხსენიებულ ერეტიკოსებს, მათ რწმენასა და ჩვეულებებს იმ გადმოცემებთან, რომელსაც იცავდა აღმოსავლეთის ეკლესია კერულარიოსის პერიოდში. საკმარისია ითქვას, რომ ამ ბრალდებებს სინამდვილესთან ყოვლად შეუსაბამოდ მიიჩნევენ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საუკეთესო მწერლებიც. ასე მაგალითად, "კრებათა ისტორიის" ავტორი, ხარისხით ლათინი ეპისკოპოსი, ამ სიგელის შესახებ ამბობს: "ანათემის სიგელს (რომაელი ლეგატებისა - ა. ლ.) არ გააჩნია ზომიერება, რადან ის კერულარიოსს და მის თანამოაზრეებს ბრალს დებს თითქმის ყველა უძველეს მწვალებლობაში".

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ თავის გაუგონარ მედიდურობაში დასავლეთის ეკლესია ცდომილებებს ხედავდა იქ, სადაც იყო ძველი საეკლესიო გადმოცემებისა და კანონების განუხრელი მიმდევრობა.

პაპის ლეგატების ასეთი საქციელის შემდეგ, რომელმაც სახალხოდ მიაყენა შეურაცხყოფა აღმოსავლეთის ეკლესიას, კონსტანტინოპოლმა, თავდაცვის მიზნით, თავისი მხრიდან, ასევე დაგმო რომის ეკლესია, უფრო სწორედ რომის ლეგატები, რომელსაც რომის მღვდელმთავარი მეთაურობდა. იმავე წლის 20 ივლისს პატრიარქმა მიქაელმა მოიწვია კრება, რომელზეც საკადრისი პასუხი გაეცა საეკლესიო განხეთქილების მოქმედთ. კრების დადენილებებში ნათქვამია:

"ზოგიერთი უკეთური ადამიანი ჩამოვიდა დასავლეთის უკუნიდან ღვთისმოსაობის სამეუფოსა და ამ ღვთითდაცულ ქალაქში, რომლიდანაც, როგორც წყაროდან, წმიდა სწავლების მდინარენი ქვეყნიერების კიდეებამდე მიედინება. ამ ქალაქს მოევლინენ ისინი, როგორც მეხი, როგორც ქარბუქი, როგორც ყინვა, ან კიდევ ვითარც ველური ტახები, რათა გაექელათ ჭეშმარიტება".

ამასთან, საკრებო დადგენილებით ანათემას გადაეცნენ რომაელი ლეგატები და მათთან შეხებაში მყოფი პირები. კრების მითითებული განჩიენება ეუწყა ყველა მართლმადიდებელ პატრიარქს, რომლებმაც შეიწყნარეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეს ურთიერთ ანათემები, ქრისტეს ეკლესიის ისტორიის უმთავრესი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში სხვა არავითარი შეხლა-შემოხლა არ დაფიქსირებულა ამ ეკლესიებს შორის, ყოველგვარი საეკლესიო ერთობა მათ შორის იმსხვრეოდა.

დასავლეთის ეკლესია განვარდა აღმოსავლეთის ეკლესიის ერთობისგან.



საზოგადო დასკვნა



საზოგადო, საეკლესიო მმართველობის ტიპი, ანუ ნიმუში, მოცემულია II და IV მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებში, როდესაც საეკლესიო იერარქიის სათავეში დაყენებულნი იყვნენ რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალემის უფლებით თანასწორი პატრიარქები.

უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს საეკლესიო საქმეებში ყველა მათგანი მოქმედებდა საერთო თანხმობით და არცერთ მათგანს, საერთო თანხმობის გარეშე, არაფერი უნდა მოემოქმედნა; ამავე დროს, რომის ეპისკოპოსი, რომელიც ხშირად სარგებლობდა მისთვის ხელსაყრელი ვითარებით, ზოგჯერ მსოფლიო კრებათა პერიოდშივე ბედავდა დაერღვია საეკლესიო მმართველობის მითითებული წყობა და საკუთარ თავს წარმოაჩენდა უზენაეს პატრიარქად, როგორც მსოფლიო ეკლესიაზე მზრუნველი და მმართველი.

მაგრამ, პაპთა პრეტენზიები განსაკუთრებულ განვითარებას და პიკს აღწევენ IX საუკუნისთვის. პაპს სურს იბატონოს აღმოსავლეთის ეკლესიის საქმეებში ისე, როგორც ის ბატონობს დასავლეთის ეკლესიის საქმეებში. ამ დროს აღმოსავლეთის ეკლესიის ინტერესების დამცველი იყო პატრიარქი ფოტი, რომელმაც ფრთები შეაკვეცა რომის პაპთა ამპარტავნებას, რისთვისაც ანათემაც დაიმსახურა მათი მხრიდან. მართალია, ფოტიმ ამ განკვეთისთვის პაპს სამაგიერო ანათემით უპასუხა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უთანხმოებისა და განხეთიქლებისკენ, ხსენებული ანათემის წარმოთქმით, პირველ მიზეზს ქმნის და პირველივე ნაბიჯებს დგამს რომის პაპი.

ძალაუფლების მოსაპოვებლად მიმართული თავისი გეგმის განხორციელებას პაპი ფიქრობს პატრიარქ ნიკოლაოს მისტიკოსის დროსაც, მაგრამ ამჯერად პაპის მხრიდან საქმე ანათემამდე არ მიდის, დავის ბოლო იყო შედარებით მშვიდი.

თუმცა, ასე არ მოხდა პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის დროს. რომის ეკლესიამ საყოველთაოდ, სახალხოდ, თვით კონსტანტინოპოლში, ანათემას გადასცა კონსტანტინოპოლის ეკლესია და მისი პატრიარქი. კონსტანტინოპოლმაც იგივე ღონისძიებით უპასუხა, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით.

ამგვარად, საეკლესიო განხეთქილებისა და ორი ეკლესიის საბოლოო დაშორების მიზეზს ისევ რომის ეკლესია იძლევა.

როდესაც განიხილავ ამ ფაქტებს, რომლებშიც აისახება ორი ეკლესიის, რომისა და კონსტანტინოპოლის, მტრული დამოკიდებულებანი, საბოლოო განხეთქილებად რომ ჩამოყალიბდა მათ შორის, პასუხისმგებლობა ისტორიის სამსჯავროს წინაშე უნდა დაეკისროს რომის ეკლესიას, რომელიც იყო ამ განხეთქილების მიზეზი და საფუძველი.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика