შინაარსი
7. “კეთილი შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის...”
ოპონენტების მომდევნო ბრალდება, რომელსაც თუთიყუშებივით ლამის ყოველ ნომერში იმეორებენ, ასეთია: “აღნიშნულ ერეტიკულ ნაშრომს ოპონენტები არასრულად გაემიჯნენ, როდესაც უარყვეს მასში დაცული ოდენ “მცდარი განმარტებანი და გამონათქვამები” და მთლიანობაში არ დაგმეს მწვალებლური წიგნი - “რა უნდა ვაკეთოთ” (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ.პ.) მეტიც, თეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად შეუფერებელ და უადგილო განმარტებებსაც კი იძლევიან, არაფერი რომ არ ვთქვათ იმ უტიფარ და უზრდელურ გამოხტომებზე, რაც მათთვის ესოდენ დამახასიათებელია. ისინი წერენ: “მათ ჯეროვნად ვერ დაგმეს და მხოლოდ ნაწილობრივ გაემიჯნენ მას(ე.ი. წიგნს - მ.პ.), რამაც მოპაექრენი “ნახევრად ჩახაველთა” (“ნახევრად არიანელთა” ანალოგიით) სიტუაციაში გადაიყვანა...” და ა.შ.(“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) 1998წ. გვ. 14 სვ:1 გვ. 10 სვ: 3).
ამ და ზოგიერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით უკვე ვწერდით და საფუძვლიანი საღვთისმეტყველო განმარტებებიც დავიმოწმეთ (მაგ.: რა არის სახარება და რატომ არის შეუძლებელი განსახილველი წიგნის სახარებად აღქმა, რომ ის არ არის წმ. წერილივით ღმრთივსულიერი, რომ შეუძლებელია მისი შედარება თვით აპოკრიფულ “სახარებებთანაც” კი; დეტალურად აღვწერეთ, აგრეთვე, ერეტიკოსთა მხილების მსოფლიო ეკლესიის მიერ დადგენილი წესიც (დანართი #2 გვ. 100, 103-104) მაგრამ რა, - “შეაყარე კედელს ცერცვი!” ოპონენტთა თავში არანაირი განმარტება არ შედის, ამიტომ, მკითხველისთვის რომ ცხადი იყოს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: იმისთვის, რომ წიგნს სრულიად გავემიჯნოთ, ის სრულიად ერეტიკული უნდა იყოს, ამ ნაშრომში კი, მართალია, არის ცთომილებები, მაგრამ მთლიანობაში ის ერეტიკული არ არის!
არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ეპისკოპოს იონას წიგნი “რა უნდა ვაკეთოთ” მისი ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული, გაზეთებში “ღვთიური გზა” (#1-9) და “აღდეგინ ღმერთი” (#10-11) და ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ძველი პუბლიკაციების კრებულია. აქვეა ახალი საღვთისმეტყველო წერილები, ნაწყვეტები წმ. მამათა თხზულებებიდან, ქადაგებები, ოფიციალურად გაბატონებულ ე.წ. “მართლმადიდებლურ” “ეკლესიათა” და მასონური უსჯულოების მამხილებელი ფოტო-დოკუმენტური და წერილობითი მასალები.
სამწუხაროდ, ამ წიგნში (როგორც ამას თვით ავტორიც აღიარებს) აღმოჩნდა ცთომილებანი რასაც, ჩვენი ორგზისი განმარტების მიუხედავად (იხ. დანართი 1 და 2-ე გვ. 93, 101), “ივერიის გაბწყინების რედაქცია, როგორც იტყვიან, “თითზე იხვევს”. საზოგადოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ცთომილების გამო, - რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საკითხის უცოდინრობით და რომლისგან დაზღვეული არავინ არ არის - დაუშვებელია ადამიანის ერეტიკოსად გამოცხადება (მით უმეტეს, თუ ავტორი თანახმაა, გაასწოროს იგი). ასეთი პრაქტიკა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცნობია. ამასთან, დაუშვებელია ამგვარი ავტორის მთელი რელიგიური ნაღვაწის უარყოფა! ერეტიკოსი ოპონენტები კი ჯიუტად და თვითმიზნურად მოითხოვენ წიგნის მთლიანად უარყოფას და, როგორც ჩანს, ამას ისინი ჩვენზე იოლი გამარჯვების მოპოვების იმედით აკეთებენ - ვინიცობაა, თუკი წიგნს მთლიანობაში დაგვაგმობინებენ, ბუნებრივია, დაგმობილი და უარყოფილი აღმოჩნდება ახალბერძნულ-ნიკონიანური რეფორმებისა და გაბატონებული კონფესიის მამხილებელი ყველა ის მასალა, რაც ამ წიგნშია შეტანილი.
მეტიც: წიგნის მთლიანი დაგმობის შემთხვევაში მასში შეტანილი წმ. მამათა თხზულებების დაგმობისთვის ერეტიკოსებად გამოგვაცხადებენ. გარდა ამისა, ამგვარი დაგმობით ავტომატურად მოხსნიდნენ ყველა იმ ბრალდებას, რაც წიგნშია წარმოდგენილი, და ჩვენი კონფესიის არასაჭიროებასაც დაამტკიცებდნენ, რამეთუ მასში საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების მიზეზებიც არის გადმოცემული. მოკლედ, ხელის ერთი მოსმით შეეცდებოდნენ ჩვენს მოცილებას.
როდესაც ოპონენტებმა გვთხოვეს, გამოგვეხატა ჩვენი აზრი წიგნთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ეს წიგნი არის არა ერთი მთლიანი თხზულება, არამედ კრებულია, მეტად შეურაცხმყოფელი უტიფარი გამოხდომებით გამოგვეხმაურნენ; კერძოდ, ისინი წერენ: “ბატონი მურთაზ ჩახავა სკუთარ ნაშრომს აღიქვამს და მკითხველს ასე წარუდგენს, როგორც - ერთ მთლიანობას: საკითხავია ვისი “ტიკი-ტომარაა” ჩვენი ოპონენტი, როდესაც ავტორის კომპეტენციაში იჭრება და საწინააღმდეგოს ამტკიცებს?!” (“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) 1998 წ. გვ. 14 სვ: 3).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დისპუტის დასაწყებად მოგვეთხოვებოდა ჩვენი დამოკიდებულების გამოვლენა ამ ნაშრომისადმი და არა იმის ჩვენება, თუ რა აზრი აქვს საკუთარ წიგნზე მის ავტორს; ამდენად, გამოვხატეთ რა ჩვენი ჩვენი შეხედულება, ავტორის კომპეტენციაში არ შევჭრილვართ და, წიგნს მისი დამწერი თუნდაც ერთ მთლიანობად მიიჩნევდეს, ჩვენ მის აზრს ვერ დავეთანხმებით, რამეთუ თვით წიგნი ამჟღავნებს საკუთარ რაობას.
წიგნის მთლიანი დაგმობა - მასში არსებული მართლმადიდებლური სწავლება-მოძღვრებების გამო - შეუძლებელია! სამწუხაროა, რომ ოპონენტებმა ეს ვერ შეიგნეს. კარგი იქნება, ისინი ჩვენ თუ არა, საკუთარი ეკლესიის ავტორიტეტს, სასულიერო აკადემიის ლექტორს, ბატო ედიშერ ჭელიძეს თუ მაინც დაუჯერებენ, რომელიც ერთ-ერთ თავის ბროშურაში წერს: “ცნობილია რომ თვით კანონიზებულ წმინდანთა სწავლებიდანაც ზოგი შეხედულება მოგვიანებით უარყოფილ იქნა (თუნდაც წმ. იუსტინეს; წმ. ირინეოსისა; წმ. ლუკიანესი და სხვა) მოღვაწის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მისი სწავლების უდიდესი ნაწილი, ან უძირითადესი სწავლებანი ყოვლად საღვთო უნდა იყოს”(ედიშერ ჭელიძე “ადამიანი – ხატი პირმშო ხატისა” თბილისი 1995 წ. გვ. 43). ეპისკოპოს იონას კრებული, მიუხედავად მასში არსებული ზოგიერთი ცთომილებისა (რომელთა გასწორებას ავტორი მომდევნო გამოცემისთვის აპირებს), ამ პირობას სრულიად აკმაყოფილებს. წიგნის, როგორც კრებულის დანიშნულება და უდიდესი ნაწილი სრულიად საღვთოა. ბუნებრივია, რომ ერეტიკოსებს მათი უსჯულოების მამხილებელი წიგნის მთლიანი უარყოფა მოუსურვებიათ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, მართალია ერეტიკოსთა ნებისმიერ შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ მათი ულტიმატუმების დაკმაყოფილებას საჭიროდ არ მიიჩნევს! მითუმეტეს, თუკი ულტიმატუმს არანაირი კანონიკური საფუძველი არ გააჩნია!
ამ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტებს მეტად შეუსაბამო “არგუმენტიც” მოჰყავთ: “ბატონ პავლე” ხორავას, რომ მოსთხოვონ შარლ ბოდლერის პოეტური კრებულის – “ბოროტების ყვავილებისადმი” თავისი ზოგადქრისტეანული მიმართება გამოხატოს, - საინტერესოა, რანაირად მოიქცევა: კარგ და ცუდ ლექსებად დაჰყოფს მას, თუ - ერთიანად უარყოფს, ვითარცა სატანური გენიის ნაყოფს?! - სხვათაშორის, მას მერე, რაც “ბოროტების ყვავილში” შემავალი ლექსები ერთ კრებულად შეჰკრა (ხაზგასმა ავტორებისაა - არქიეპ. პ.), ის არც ერთ გამომცემელს უკვე აღარ დაუნაწევრებია და აღნიშნული წიგნი ხელშეუხებელ მონოლითად არსებობს...” (“ივერიის გაბრწყინება” #5 (26) 1998 წ. გვ. 14 სვ: 3).
იმ პრინციპით, რომელსაც ოპონენტი გვთავაზობს, თავისუფლად შესაძლებელია არათუ შარლ ბოდლერის, არამედ პოეტური გენიის ქართველ წარმომადგენელთა: ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის და თვით შოთა რუსთაველის უარყოფაც! ხომ ცნობილია, რომ პირველის შემოქმედება გამოკვეთილი წარმართული მიდრეკილებებით ხასიათდება, მეორე აშკარად განიცდის დემონის ზეგავლენას, ხოლო მესამეს ერთ მთლიან თხზულებაში “ვეფხისტყაოსანში”, როგორც უნივერსალურ მხატვრულ ტექსტში, ასახული აქვს ისეთი ფენები, რომელთა ფესვები გარეშეთა სიბრძნეში დევს. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია ვარსკვლავთმრიცხველობა “ვეფხისტყაოსანში”, ნეოპლატონიზმი, ეზოთერმიზმი, სოფიოლოგიური იდეები... მაშინ “ვეფხისტყაოსანიც” მთლიანობაში უნდა დაიგმოს! მთლიანობაში ამა თუ იმ წიგნის თუ თხზულებათა ან მწერლის შემოქმედების დაგმობის თემას გავაგრძელებთ, მაგრამ მანამდე მსურს, ოპონენტებს შევახსენო, რომ ეპისკოპოს იონას წიგნი თეოლოგიური ხასიათის კრებულია, რომელსაც ხელოვნების ნაწარმოებთაგან განსხვავებით თავისებური მიდგომა სჭირდება. თუ შარლ ბოდლერზე ვისაუბრებთ, ამ პოეტს ჰქონდა თავისი ესთეტიკური მრწამსი, რომლის გათვალისწინების გარეშე მისი პოეზიის ტექსტუალური ანალიზი ქრისტეანული მრწამსის ავტომატურ-მექანიკური მიყენებით ვერ მოხერხდება და თავისუფლად შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს (იგივეს ვიტყვით ნებისმიერ საერო მწერალსა თუ პოეტზე). შარლ ბოდლერის ესთეტიკური მრწამსი ასეთია: “რადგანაც ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს, ხელოვნებამაც ეს ტრაგიკული ფაქტი უნდა ასახოს" (ის. ქ.ს.ე. 1977 ტ.2. გვ. 442) სხვათა შორის, გალაკტიონს, რომელსაც თავისი შემოქმედების ადრინდელ პერიოდში ბოდლერის ძლიერი ზეგავლენა განუცდია, შეუქმნია თხზულებათა ერთი მთლიანი კრებული – “არტისტული ყვავილები”(იხ. ქ.ს.ე. 1977 ტ.2. გვ. 442) (ბოდლერის “ბოროტების ყვავილების” რემინისცენცია აქ აშკარაა) ასე, რომ თავისუფლად შეგვიძლია “დავგმოთ” “არტისტული ყვავილებიც”.
ჩვენი პოლემიკა ღვთისმეტყველებას ეხება და არა საერო ხელოვნებისადმი (კონკრეტულად კი პოეზიისადმი) მიდგომას, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც ჩანს, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ამიტომაც ამ თემაზე საუბრისგან ამჟამად თავს შევიკავებთ. რაც შეეხება გარეშეთა სიბრძნეს, უნდა აღინიშნოს, რომ “ქრისტეანი მოაზროვნენი, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, არ უარყოფდნენ იმ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელნიც ზნეობრივი თვალსაზრისით სულისათვის სასარგებლო სწავლებას ან მაგალითს ხედავდნენ” (გ.კოპლატაძე, გ. რუხაძე “ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება” საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი 1977 წ. გვ. 32).
მაგალითისათვის გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”-ც კმარა, სადაც გიორგი მერჩულე გვამცნობს, რომ გრიგოლ ხანძთელმა “... სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად და რომელი პოვის სიტყუაი, კეთილი შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის” ამრიგად, როგორც გიორგი მერჩულე გვამცნობს, “გრიგოლს, რომელიც ყრმობიდანვე ქრისტეს მსახურად იზრდებოდა, ამა სოფლის ფილოსოფოსთა (ან საერო) სიბრძნე ხელაღებით კი არ უარუყვია (ხაზგასმა ჩვენია – არქიეპ.პ.), არამედ გულმოდგინედ შეუსწავლია, და რაც სულისთვის სასარგებლო უპოვია შეუთვისებია”, ამიტომ “მსოფლიო ეკლესიის ჭეშმარიტი მოძღვრები სულ სხვაგვარად უყურებდნენ ამ საკითხს, ისინი არა მხოლოდ ღირსეულად აფასებდნენ საერო ფილოსოფიას, არამედ მისგან იყენებდნენ კიდევ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ” (გ. კოპლატაძე, გ. რუხაძე “ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება” საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი 1977 წ. გვ. 33). ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ წარმართი ფილოსოფოსები როგორც ცალკეულ ნაწარმოებებში, ასევე მთელ შემოქმედებაში ბევრად უფრო მეტ მიუღებელ სწავლებას გამოთქვამდნენ, ვიდრე ეს, საერთო მართლმადიდებლური სულისკვეთების მიხედვით, მართლმადიდებელი მწერლების თხზულებებში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ განა ეს მათი მართლამადიდებლური ნაწარმოებების სრული უარყოფის უფლებას იძლევა?
თუკი წარმართი ფილოსოფოსების თხზულებებიდან ზნეობრივი თვალსაზრისით სულისთვის სასარგებლო სწავლებებს ან მაგალითებს არ უარყოფდნენ, რანაირად შევძლოთ ამის გაკეთება მართლმადიდებელ მწერალთა ან თუნდაც წმიდა მამათა მიმართ? განა შეიძლება მთლიანად დავგმოთ მათი თხზულებები ზოგიერთი ცთომილების გამო? როგორ მოვიმოქმედოთ მართლმადიდებლურად მოაზროვნე და ეკლესიის საკეთილდღეოდ, მართლმადიდებლური სჯულის აღორძინებისთვის მოღვაწე ეპისკოპოსთა ან მწერალთა მიმართ ისეთი რამ, როგორსაც წმიდა მამები წარმართებთან დაკავშირებითაც კი არ იქმოდნენ, არამედ “კეთილ სიტყვას შეიწყნარებდნენ, “ჯერკუალს” კი განაგდებდნენ”, მითუმეტეს, რომ მათი ავტორები, ჩვენი ავტორისგან განსხვავებით, საკუთარ ნაწერებში უკვე ვეღარაფერს ჩაასწორებდნენ?
მეტიც, წმ. მამები თვით ზოგიერთი ერეტიკული თხზულებებიდანაც კი სასარგებლოს მიღებას გვირჩევენ, ასე მაგალითად, როდესაც ღირ. იოანეს ჰკითხეს: “გვმართებს თუ არა წავიკითხოთ ევაგრეს წიგნები”. ღირსმა მამამ უპასუხა: “არ შეიწყნარო მხოლოდ ასეთი (მწვალებლური) აზრები (იგულისხმება ევაგრე პონტოელის გნოსტიკური შეხედულებები – არქიეპ. პ.), (1) წაიკითხე მასში მხოლოდ ის, რაც სულისთვის სასარგებლოა. “სათრომელი ბადის შესახებ” სახარებისეულ იგავში ნათქვამია: “შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიან” (მათე 13:48). შენც ასე მოიქეცი” (Преп. Варсонуфия Великого и Иоанна «Руководство к духовной жизни». Изд. «Правило веры». 1995 вопр. 608 с. 384).
ჩვენც ასე ვიქცევით, საყვარელნო – “შევკრიბავთ კეთილსა მას ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალსა განვაგდებთ” და როგორც წმ. ბარსონუფი დიდი და ღირსი იოანე ვერ იწოდებიან ნახევრად გნოსტიკოსებად, ასევე აბსურდია ჩვენი შერაცხვა ნახევრად ჩახაველებად.
ნახევრად არიანელებთან ჩვენი შედარება, რბილად რომ ვთქვათ, ალბათ, ოპონენტთა ბოროტი ხუმრობაა! არიოზის მიმდევრებმა სრულიად არაფერი დაგმეს არიოზის სწავლებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ კრებულში მოძიებულ ყველა ცთომილებას უარვყოფთ და დოგმატებს ასევე აღვიარებთ, როგორც ამას გვასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია; ასე, რომ ჩვენ არ შევიცავთ და არც შევიწყნარებთ არც ერთ ცთომილებას და ყოველივეს ისე აღვიარებთ, როგორც აღიარებს მათ წმ. მართლმადიდებლური ეკლესია! მაშ, რა შუაშია აქ ან “ნახევრად არიანელობა” ან “ნახევრად ჩახაველობა”?! ოპონენტთა ეს მტკიცება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა! ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ოპონენტების სარკაზმს საერთო არაფერი აქვს ქრისტეანობის სულთან. ცხადია, რომ ამ ტერმინს (“ნახევრად ჩახაველნი”) არავითარი საღვთისმეტყველო საფუძველი არ გააჩნია!
_________________________________________
1. წმ. ისააკ ასურელი (IVს.) თავის თხზულებებში 14-ჯერ იმოწმებს ევაგრეს და “უდავო მოძღვარსა” და “წმინდანთა შორის ბრძენს” უწოდებს (იხ. Творения аввы Евгария. Аскетические и богословские трактаты. А.И. Сидоров «Евгарий Понтииский...» гл. 2. изд. «Мартис» 1994 гю 73). ღირ. პალადი მონაზონი, ევაგრეს მოწაფე და ცხოვრების აღმწერელი, თავის “ლავსაიკში” წერს, რომ “ევაგრე იყო ქრისტეს სახელგანთქმული დიაკონი, მოციქულებრივი ცხოვრების კაცი... ქრისტეს სახელოვანი მეომარი” («Добротолюбие» изд. в 12 томах. т. 2. Авва Евагрий. Изд. Русск. дух. центр...// Моск. подворье св. Пантелеимонова монастыря// «Роман газета». 1993 г. с. 563). მაგრამ ღირ. იოანე კიბისაღმწერელი, სინური ისიხაზმის უმთავრესი წარმომადგენელი, ევაგრეს “ღმრთისგან დევნილს” უწოდებს (А.И. Сидоров ციტ. იქვე გვ. 62). ნეტ. იოანე მოსხი კი თავის “ლიმონარში” (რუს. «Луг духовный») ევაგრეს მოიხსენიებს ერეტიკოსად, რომელც ორიგენეს, დიდემეს, ნესტორის და ევტიქისთან ერთად იმყოფება ბნელსა და მყრალ ტარტაროზში, ხოლო მის კელიაში დაბუდებულია ბილწი და ბოროტი ეშმაკი (იხ. «Луг духовный», гл. 26. 177). მიუხედავად ამისა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია ნიკონიანელ ე.წ. “წმინდან” თეოფანე დაყუდებულისათვის, ევაგრეს თხზულებები თავის «Добротолюбие»-ში შეეტანა. ევაგრეს საკითხი ოპონენტებთან ჩვენი პოლემიკის საგანი არ გახლავთ, რის გამოც ამჯერად მხოლოდ ამ მცირედით შემოვიფარგლებით, მაგრამ იმ სამართლით, რომლითაც განსჯიან ჩვენ ეპ. იონას წიგნის მართლმადიდებლური ნაწილის შეწყნარების გამო, ევაგრეს ტარტაროზში უნდა მოუსვან თავიანთი სათაყვანებელი “წმინდანი” და მომავალ ცხოვრებაში თვითონაც მოიკალათონ მათ გვერდით.