აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო 5 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)

ძველი მართლმადიდებლობა

შინაარსი

5. ვის აძლევს ხელს ტერმინთა აღრევა


სექტის რაობის “ზოგად მეცნიერულ” ჭრილში ოპონენტები ბროკჰაუზ – ეფრონის, ხოლო “საღვთისმეტყველო” ჭრილში სოიკინის მიერ შედგენილ ენციკლოპედიებს დაყრდნობიან. საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსჯელობისას ადამიანები მეტ-ნაკლებად სუბიექტურები არიან, ამიტომაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ენციკლოპედიები, რომელთაც გარკვეული შეხედულებების მქონე ადამიანები ადგენენ, ამ სუბიექტივიზმისგან თავისუფალია. მაგალითად, პაპისტთა მიერ შედგენილ ენციკლოპედიებში მართლმადიდებლობის ხოტბა-დიდებას ვერ იპოვით, საკითხების ერთობ ტენდენციურ გაშუქებას კი ყველგან წააწყდებით; ასევეა ნებისმიერი ათეისტური ლექსიკონიც: ათეისტი შემადგენელები მართლმადიდებლურ დოგმებს და სხვა ისტორიულ საკითხებს საკუთარი მრწამსის შესაბამისი ინტერპრეტაციებით განიხილავენ. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ, როგორც ბროკჰაუზის, ასევე ნიკონიანურ “მართლმადიდებლურ” საღვთისმეტყველო ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში, რომლებშიც თეოლოგიური თემები ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანურ მოძღვართა მიერ არის დამუშავებული, ჩვენთვის საინტერესო და ძველმართლამდიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები ტენდენციურად იყოს გაშუქებული. თანაც ცნობილია, რომ შემდგენლები საკითხებს მხოლოდ მათი თანადროული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად განიხილავენ. (1).

ნიკონის დროიდან რუსეთის მთავრობას ძველმორწმუნეთადმი განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ასე, რომ წინამდებარე ენციკლოპედიები საკვლევ და სადავო საკითხებს მეტად ტენდენციურ და შეზღუდულ ჩარჩოებში გვაწვდიან (2).

ასე, რომ ძველმართლმადიდებელთა მტრების, ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა მიერ შედგენილი და ოპონენტების მიერ მოწოდებული ორივე განმარტება მეტად ტენდენციურია და მიმართულია მათი იმჟამინდელი აღმსარებლობის გამართლებისკენ. თავად განსაჯეთ – აი, რა არის ნათქვამი პირველ განმარტებაში, რომელიც ამოწერილია ბროკჰაუზის ენციკლოპედიიდან: “სექტად იწოდება ორგანიზებული საზოგადოება ადამიანებისა, რომელთაც გაბატონებული ეკლესიისგან განსხვავებული აზრი აქვთ” (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – არქიეპ.პ.). როგორც ვხედავთ, აქ სექტის რაობა პირველი სიტყვებიდანვე გაბატონებულ ეკლესიასთან მიმართებაშია გააზრებული. მოკლედ, სექტა ის დაჯგუფება ყოფილა, რომელიც გაბატონებულ ეკლესიასთან ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული შეხედულების გამო სქიზმაშია, თუმც შეიძლება თავად სრულებითაც არ იყოს სქიზმის მიზეზი. თუ ეს განმარტება “მეცნიერულია”, როგორც ამის რეკლამირებას ახდენენ ოპონენტები, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს მეცნიერული მტკიცებულებისათვის აუცილებელ პირობას. საზოგადოდ ცნობილია, რომ “მეცნიერული დებულებები გამოთქვამენ არა რომელიმე პიროვნების პოზიციას, არამედ ობიექტურ ვითარებას, ამის გამო ისინი ჭეშმარიტია, მათი უარყოფა კი მცდარი.


მეცნიერება ინტერსუბიექტური მეთოდების გამოყენებით ადგენს უტყუარ და უეჭველ დებულებებს, რომლებიც ყველასთვის ერთნაირად მისაღებია... მეცნიერულ მტკიცებებს აქვს ინტერსუბიექტური ხასიათი, ამიტომაც ის ყველასთვის აუცილებელი და სავალდებულოა” . (შეად. ვ. ერქომაიშვილი. "ფილოსოფია", თბილისი. 1994 გვ. 20-23). ასე რომ, მეცნიერული ფორმულა საყოველთაოა, ამიტომაც შეუძლებელია ითქვას, რომ ეს განმარტება სწორია მხოლოდ ერთ რომელიმე რეგიონში (ვთქვათ, რუსეთში ან საქართველოში), სადაც გაბატონებული “ეკლესია” ნიკონიანურია, ხოლო თუ იგი საყოველთაოა და ყველა ქვეყნის გაბატონებულ “ეკლესიებთან” მიმართებაშიც სწორია, მაშინ მართლმადიდებლობაც სექტანტობა ყოფილა, რამეთუ მას დღემდე სქიზმად მიიჩნევენ პაპისტები; და თუ დღეს ვინმე “კათოლიკურ” იტალიაში ან ევროპის პროტესტანტული აღმსარებლობის ქვეყნებში, იქ, სადაც მართლმადიდებლობა არ არის გაბატონებული, მართლმადიდებლობის აღორძინებას მოინდომებს, ოპონენტების მიერ შემოთავაზებული “ლოგიკისა” თუ “მეცნიერული” განმარტების მიხედვით, იგი სექტანტი იქნება.

ამრიგად, სექტისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხზე ზემოთ დამოწმებული მტკიცება ამოსავალ პუნქტად მიიჩნევს ეკლესიის ან სექტის ისტორიული ვითარებით გამოწვეულ მდგომარეობასა და სახელმწიფოში გაბატონებულთა აზრს, რომელიც, სრულიად ბუნებრივია, შეუძლებელია უცდომელი იყოს. გაბატონებული კონფესიისა და მასთან რაღაც მიზეზებით უთანხმოებაში მყოფი რელიგიური კონფესიების ურთიერთმიმართების იმგვარი იდეოლოგიის შემთხზველები არიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი საუკუნეების ისრაელში, სადაც გაბატონებული რელიგია იუდაიზმი იყო, ქრისტეანობა ამ გაბატონებული რელიგიიდან გამოყოფილ ერთ-ერთ სექტად და მწვალებლობად ითვლებოდა. აი როგორ უჩივიან წმ. პავლე მოციქულს ანანია მღვდელმთავარი და ვინმე მჭევრმეტყველი ტერტულუსი: “ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძვრელი ყოველთაშორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაი (საქმე 24:5). “გალილეველთა მწვალებლობაში” ასეთი არასათანადოდ მოტივირებული და გამოუკვლეველი ბრალდებები მხოლოდ იუდეველთა მხრიდან ქრისტეანობისადმი აკვიატებული სიძულვილის მაჩვენებელია” (Толковая Библия; изд. преемников А. П. Лопухина. Петербург 1904-1913. Репринт).

დღემდე უცვლელია სინედრიონის ეს პოლიტიკა ქრისტეს ეკლესიის მიმართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქრისტეანობის სამოსს ამოფარებულმა მგლებმა უკვე არა იუდეველობას, არამედ მათ მიერ ფალსიფიცირებულ “სახელმწიფო ეკლესიებს” მოარგეს იგი. ჩვენ სექტის თეოლოგიურ განმარტებას, მის სტრუქტურულ და არსობრივ დახასიათებას ვითხოვდით, ხოლო ნიკონიანური ადეპტები სინედრიონის მიერ შემუშავებულ ისტორიულ-სიტუაციურ და სრულიად აბსურდულ გააზრებას გვთავაზობენ, რასაც არაფერი აქვს საერთო ღვთისმეტყველებასთან.

არის სხვა უზუსტობების ასე, მაგალითად პირველ განმარტებაში წერია: “სექტა არის სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, რომელსაც ადამიანთა შედარებით (ვისთან ან რასთან შედარებით? – არქიეპ.პ.) მცირე რაოდენობა მისდევს”. აქ სექტის მეორე თვისებად მცირერიცხოვნებაა მოცემული. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ სექტა შეიძლება მცირერიცხოვანიც იყოს, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფთ მოსაზრებას, თითქოსდა მცირერიცხოვნება სექტის ნიშან-თვისებაა, რამეთუ ასეთი აბსურდული მტკიცება უამრავ თვისობრივ და თუნდაც ფაქტობრივ წინააღმდეგობას წარმოქმნის. ასე, მაგალითად, მცირერიცხოვან სექტა გამრავლების შემთხვევაში “ეკლესიად” “გარდაიქმნება” და ამ გაგებით ბაპტისტთა (დაახლ. 50 მლნ-ზე მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში) და იეღოვას მოწმეთა (4 მლნ-ზე მეტი ადამიანი) სექტები, თავიანთი მრავალრიცხოვნობის გამო, “ეკლესიებად” უნდა აღვიქვათ; ან კიდევ, რადგანაც მაცხოვრის სიტყვების მიხედვით ვიცით, ბოლო ჟამს მორწმუნენი მცირედნი იქნებიან (ლკ. 14:24), და რომ უფლის სამწყსო მცირეა (გვანუგეშებენ კიდევაც: “ნე გეშინის ჩემო მცირე სამწყსოვ, რამეთუ შენთან არს მამაი ჩემი ზეციერი”(ლკ. 12:32), უნდა დავასკვნათ, რომ ამ ნიშნის მიხედვით ქრისტეს ეკლესია “სექტად” გადაიქცევა, რაც აბსურდია. ასევე მცირერიცხოვანი იყო ეკლესია მისი დაფუძნების პირველ პერიოდში და, თუკი მცირერიცხოვნება სექტის ნიშანია, მაშინ ქრისტეს სექტა დაუფუძნებია და არა ეკლესია; არადა, თავად მაცხოვარი ბრძანებს: “ამინ გეტყვი თქუენ. აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ შემუსრავენ”(მათე 16:18).

დამოწმებულ განმარტებაში ვკითხულობთ: “... ამასთან იგი (ე.ი. სექტა - არქიეპ.პ.) ისეთი სარწმუნოებრივი აღმსარებლობაა, რომელიც უმრავლესობის თვალსაზრისით ცრუდ და მავნედ ითვლება” ("ივერიის გაბრწყინება", # 5 (26), 1998 წ. გვ. 12, 2). შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოპონენტთა მიერ დამოწმებული მასალები სრულიად ტენდენციურია და მათ მეცნიერულ დონეზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაინც ვიკითხოთ: რომელი უმრავლესობის თვალსაზრისით? ან ვინ იგულისხმება ამ უმრავლესობაში? მართლმადიდებლური ესქატოლოგიური სწავლების მიხედვით, ანტიქრისტეს გამეფების პერიოდში დადგება დრო, როდესაც მართლმადიდებლობას ცრუდ და მავნედ ჩათვლიან უმრავლესობაში მყოფი მისი მოწინააღმდეგეები. მაშ, ეკლესია იმ დღიდან სექტად იქცევა? ან განა ასე არ იყო ქრისტეანული წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც ახალშობილი ქრისტეანული რელიგია ცრუ და მავნე იყო მმართველი სინედრიონის თვალთახედვით? და მეორეც” როდისმე თუ გაუზიარებიათ წმინდა მამებს გაბატონებული უმრავლესობის აზრი, თუკი უმრავლესობას ერეტიკოსი იყო?

როგორც ვხედავთ, სინედრიონის პოლიტიკა დღემდე არ გაუქმებულა, მეტიც – მას ერთობ აქტიურ პროპაგანდას უწევს გაბაონელი ებრაელების შთამომავალი გ.გაბაშვილი ("ივერიის გაბრწყინება", # 1 (22), 1998 წ. გვ. 4, 5). მისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ებრაელი თალმუდისტები არაებრაელებს “გოებს”, ხოლო მათი საქმეების გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მკეთებლებს “შაბესგოებს” (შაბათის გოიმებს) უწოდებენ. საკითხავია: თავად გაბაშვილი, ქრისტეანობის სახელს ამოფარებული იუდეველი, სინედრიონის ადეპტი ან ჭეშმარიტებას ამხედრებული ქართველი “შაბესგოი” ხომ არ ბრძანდება?

იმავე წყაროში გვხვდება კომენტარი, რომ უძველეს ეპოქაში სიტყვა “სექტა” და “ერესი” გამოიყენებოდა, “როგორც სრული სინონიმები” (იქვე, #5 (26), 1998 წ. გვ. 12, სვ. 2). ალბათ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მეორე განმარტებაში მოცემული სიტყვებიც: “სექტანტობის მისადაგება შესაძლებელია ორთავე კანონიკური ცნების: როგორც – განხეთქილების (სქიზმის), ასევე – მწვალებლობისადმიც (ერესისადმი)” (იქვე. სვ. 3). განათლებულმა მკითხველმა უწყის, რომ ესა თუ ის სიტყვა ან ცნება ხშირად დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი შევიწროებას ან გაფართოებას განიცდის. ამ გაგებით “სექტა” და “ერესი” მართლაც იდენტურნი არიან. მაგალითად, ლათინურად Sectam alicujus ვიღაცის მიმდევრობას, სწავლებას, მიმართულებას, სკოლას ნიშნავს (ვთქვათ “სტოიკოსთა სკოლა” – Sectam stoicorum) ("Тоталитарные секты: свобода от совести". Москва 1997 г., стр. 80).

იგივეს აღნიშნავდა სიტყვა airesis – “ერესი”. ის გამოიყენებოდა ფილოსოფიურ მიმართულებათა და სკოლათა აღსანიშნავად (დიაკვანი ანდრია კურაევი. დასახ. ნაშრ. გვ. 150). ე.ი. შეცტა და აირესის ერთი და იგივე სიტყვის – “სკოლის” აღმნიშვნელი სინონიმები იყო, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი პოლიტიკურ და ფილოსოფიურ სკოლებში ეს მაშინ მისაღები ტერმინი იყო, რელიგიურ სფეროში საძრახის მოვლენად ითვლებოდა, კერძოდ, ეს იყო მწვალებლობა. არასწორი მოძღვრება, “ერესი” – დღევანდელი გაგებით. თუმც აღნიშნული ადგილი ჩვენს მოსაზრებასაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც სექტა, როგორც მთლიანი მართლმადიდებლური მოძღვრების უარმყოფელი, აუცილებლად ერეტიკულია. როდესაც ვწერდით, რომ არაერეტიკული სექტა არ არსებობს, ბუნებრივია ვგულისხმობდით ამ სიტყვის დღევანდელ გაგებას (როგორც ამას გვთავაზობს პროფ. ანდრია კურაევი) და ისიც სწორედ რელიგიურ და არა პოლიტიკურ ან ფილოსოფიურ ასპექტში.

გარდა ამისა, გარკვეული გაგებით თვით სექტაც შეიძლება იწოდებოდეს ეკლესიად. “ეკლესია” ბერძნული სიტყვაა და შესაკრებელს ან შეკრებას ნიშნავს და, თუ მას არა მკაცრი მართლმადიდებლური გაგებით, არამედ წმიდა ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე მივუდგებით, მაშინ სექტაც ეკლესიაა და “ეკლესია” და “სექტა” სინონიმებია. წმ. კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: “ვინაიდან სიტყვა “ეკლესია” სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც, მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: “და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი” (საქმე 19:40) და რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს (ესენი “წმინდა წყლის” სექტებია – მ.პ.) და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო – მ.პ.) ეკლესიაში, ამიტომაც ნუ იკითხავ უბრალოდ: “სად არის ეკლესია”, არამედ იკითხე: “ სად არის საყოველთაო ეკლესია”, რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა” (წმ. კირილე იერუსალიმელი. კატეხიზმო. ჰომილია 16. § 26).

ასე, რომ შეგვიძლია თვით “გაბატონებულ ეკლესიებსაც” სექტა ვუწოდო და, პირიქით, სექტასაც ვუწოდოთ “ეკლესია”.

ტერმინთა ასეთი აღრევა და მათი გაუაზრებლობა დღევანდელი, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით, რასაც ოპონენტები მიმართავენ, მხოლოდ მკითხველის დასაბნევად და იმაში დასარწმუნებლად გამოიყენება, თითქოსდა არაფერი დაშავდება, თუკი ძველ მართლმადიდებლურ ეკლესიას (ან ნებისმიერ მართლმადიდებლური აღმსარებლობის კონფესიას) “სექტას” ვუწოდებთ, მაგრამ ასეთი მსჯელობა ტყუილსა და დანაშაულს შეიცავს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამ ტერმინებს (“სექტა” “ერესი”) რელიგიური გაგებით აღიქვამს, ამ მხრივ კი ის უარყოფითი ტერმინია; და მეორეც: ამ ცნებათა არადანიშნულებისამებრ ბოროტი გამოყენებით ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდ აქეზებს იმ ბრბოს, რომელიც საკითხში ჩაუხედავია; ამგვარმა პოლიტიკამ შეიძლება მოგვცეს მეტად ტრაგიკული და სავალალო შედეგი. მაცხოვრის ჯვარმცმელი და ქრისტეანთა მდევნელი ბრბო რომ მისი მეტად თვალსაჩინო მაგალითია.
ვეჭვობთ, ოპონენტებს სწორად ჰქონდეთ გააზრებული მეორე განმარტების შემდეგი ფრაზაც “ყველა რუსული სექტა შესაძლებელია დაიყოს სამ კატეგორიად “სტაროობრიადულ”, რაციონალისტურ და მისტიურ, სხვაგვარად – საიდუმლო სექტებად; ... “სტაროობრიადული” სექტები იწოდებიან განხეთქილებად (სქიზმებად) ... რაციონალისტური და მისტიური სექტები უპირატესად სახელდებულ არიან მწვალებლურად (ერეტიკულად) და საკუთრივ იწოდებიან კიდეც სექტებად...”

"მაშასადამე, - წერენ ისინი, - მე-2 მართლმადიდებლურ – საღვთისმეტყველო განმარტების თანახმად, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც ოპონენტებს სექტა ვუწოდეთ (ხაზგასმა ჩვენია – მ.პ.) - არსებობს სქიზმური სექტები და ერეტიკული სექტები; სწორედ იმიტომ წამოვაყენეთ დისპუტის წინაპირობა, რათა განგვესაზღვრა მოპირისპირე მხარის სახით ვისთან გვქონდა საქმე, სქიზმურ სექტასთან თუ ერეტიკულ სექტასთან" ("ივერიის გაბრწყინება" # 5, 1998 წ. გვ. 12, 13, სვ. 3-1).


გასაკვირია, რომ ოპონენტები ზემოთ დამოწმებულ განმარტებას “მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო” განმარტებად აღიქვამენ. წინა, პირველი “მეცნიერული” განმარტების მსგავსად აქაც სუბიექტივიზმი სჭარბობს, ხოლო “სექტის” რაობის საღვთისმეტყველო გახსნა აქ საერთოდ არ არის მოცემული. სტატიის ავტორი გვამცნობს ოდენ საკუთარ შეხედულებას სექტათა კატეგორიებზე, ხოლო რა თეოლოგიურ პრინციპს ეყრდნობა სექტათა ამ კატეგორიებში განაწილება, არ ჩანს; ის, რომ ნიკონიანელი ავტორი სექტად მოიხსენიებს “სტაროვერებს” , გასაკვირი რად უნდა იყოს?! ეს ხომ გაბატონებული “ეკლესიის” ძირითადი პოლიტიკაა! ოპონენტებს შეუძლიათ, ჩვენს მიერ მოტანილ კურაევისეულ განმარტებას სოიკინის ნაბოდვარი ამჯობინონ, არჩევანში არ შევედავებით, მაგრამ როდემდე უნდა აყარონ ხალხს თვალში ნაცარი?! როგორც უკვე ვთქვით, ამ მე-2 განმარტებაში, რომელსაც ძირითადად დაყრდნობიან ოპონენტები, მოცემული არ არის სექტის რაობის არანაირი საღვთისმეტყველო გახსნა.

როდესაც ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: “ყველა რუსული სექტა შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად” ავტორი მიანიშნებს , რომ აქ საუბარია არა ბელოკრინიცისა ან ნოვოზიბკოვის ძველმართლმადიდებლურ კონფესიებზე, არამედ სამღვდელოების უარმყოფელთა, ე.წ. “ბეზპოპოვცების” წიაღიდან აღმოცენებულ სექტებზე, რომელთაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ საღვმდელოების მქონე ძველმართლმადიდებლებთან. კონკრეტული ადგილი საღვთისმეტყველო ენციკლოპედიიდან ეძღვნება სექტებს და ისიც მხოლოდ რუსულ, ბეზპოპოვცებისგან აღმოცენებულ სექტებს; სტატიაში ეს სრულიად ცხადად არის მინიშნებული; ბეზპოპოვცები სამღვდელოების უარყოფის გამო განხეთქილებაში აღმოჩნდნენ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაგრამ ცნობილია, რომ ოფიციალურ რუსულ-ნიკონიანური საკრებულო მის საეკლესიო რეფორმასთან შეუთანხმებელ ძველმორწმუნეთა ყველა მიმართულებას ერთი საზოგადო სახელით – “რასკოლნიკად” მოიხსენიებს; ოპონენტებმა ამით ისარგებლეს და, აქაოდა, “მღვრიე წყალში” თევზი ჩვენც დავიჭიროთო, რუსული სექტების კატეგორიებად დაყოფა და სექტანტ-ბეზპოპოვცებისადმი მიძღვნილი სტატია ჩვენს კონფესიას მიუყენეს. მათი ამგვარი მოქმედების მიზეზი ის გახლავთ, რომ არანაირად არ სურთ ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წარმოჩენა კონფესიად და ყველანაირი ხერხით ცდილობენ საკითხში გაუცნობიერებელი მკითხველის მოტყუებას. მათი უმთავრესი მიზანია, წარმოადგინონ იგი სექტად და მისთვის არანაირ ბინძურ ხერხს არ უკადრისობენ. თვით რუსეთშიაც კი ოფიციალური ეკლესია ბელოკრინიცისა და ნოვოზიბკოვის კონფესიებს არასოდეს განიხილავდა სექტად. სექტანტები არიან ბეზპოპოვცები (რომლებზეც ჩვენს მიერ მოტანილი სექტის განმარტება ზედგამოჭრილია) და ეს ყველამ კარგად იცის ჩვენი ოპონენტების გარდა.

ამრიგად, ოპონენტთა მიერ მოტანილ “მეცნიერულ” განმარტებას არ გააჩნია ინტერსუბიექტური ხასიათი, რის გამოც ის ამ სახის განმარტებად ვერ ჩაითვლება. თეოლოგიურ ახსნაზე კი დამოწმებულ ტექსტში საერთოდ არ არის ლაპარაკი.

“ივერიის გაბრწყინების” რედკოლეგიისა და მათი ლიდერის მტკიცებით ჩვენ, სექტისადმი ჩვენეული მიდგომითაც კი, თურმე “მაინც სექტის(ხაზგასმა ოპონენტებისაა – არქიეპ. პ.) კატეგორიაში ვექცევით. ვნახოთ, რა ხდება:

“მოგეხსენებათ, საღმრთო გამოცხადება ეს არის წმ. წერილისა და წმ. გადმოცემის ერთობლიობა, გააზრებული და მოწოდებული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ; წმ. გადმოცემა წარმოადგენს სულიწმიდისეულ სულის მაცხოვნებელ სწავლებას, მემკვიდრეობითად გადმოცემულს ძველ და ახალ აღთქმისეულ მოძღვართა მეშვეობით, სხვაგვარად რომ ვთქვათ იგივე: წმ. გადმოცემა არის წმ. მამებისა და ეკლესიის მასწავლებელთა კანონიკური სწავლება – მთელი მართლმადიდებლური თეოლოგიური კორპუსი (ხაზგასმა ავტორებისაა – არქიეპ. პ.). ჩვენი ოპონენტები ეკლესიის წმ. მამებისა და მასწავლებლებს აღარ სცნობენ მთელს მსოფლიოში რუსეთის პატრიარქ ნიკონის ეპოქიდან (XVII ს), ვიდრე დღემდე ანუ: ისინი აღიარებენ წმ. გადმოცემას ნაწილობრივ, იმყოფებიან რა მის სექტორში, რომელიც მოიცავს იესო ქრისტედან 1666 წლამდე პერიოდს, რის შემდგომაც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გაბრწყინებულ ათასობით წმინდანსა და მათ მიერ გამოთქმულ მაცხოვნებელ მოძღვრებას ხელაღებით უარყოფენ, ყოველ შემთხვევაში – წმ. გადმოცემას აღარ მიაკუთვნებენ (ხაზგასმა ჩვენა – მ.პ.). აქედან ვასკვნით: “ტერმინის” – “სექტა” თვით ოპონენტთა მიერ შემოთავაზებული განმარტებითაც კი ქართველი “ძველმართლმადიდებლები” “სექტანტები არიან, რაკი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ნაკლულად შეიცავენ!...” ("ივერიის გაბრწყინება", #5 (26), 1998 წ. გვ. 13, სვ. 2).

როდესაც წმ. გადმოცემებზე ვმსჯელობთ, გავიხესნოთ, რომ ჭეშმარიტი გადმოცემის გვერდით არსებობდა და დღესაც არსებობს ყალბი გადმოცემები, რომელთაც საღმრთო გამოცხადებასთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ წმიდა გადმოცემა ყალბისგან. კერძოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა დროიდან მკვიდრდება ესა თუ ის გადმოცემა და ეთანხმება თუ არა იგი წმიდა წერილის სულისკვეთებას. თუკი ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან კი არა, გვიანდელი დამკვიდრებულია და წმიდა წერილის სულისკვეთების საწინააღმდეგოა, ცხადია, ის არ არის წმიდა და საღმრთო გადმოცემა. “ერეტიკოსებსაც მრავალი ძველი გადმოცემა აქვთ, მაგრამ ისინი არასამოციქულოა, სული წმიდისგან შთაგონებული არ არიან და ოდენ კაცობრივი გამონაგონია” (Прот. Г. Дьяченко. "Вера, надежда, любовь". Катехизические поучения. т. 1. 1993 г., стр. 21).

ძველმართლმადიდებელნი სწორედ ამ ყალბ, კაცობრივ გამონაგონში არ ვეთანხმებით ნიკონიანურ ეკლესიას და არა მართლმადიდებლურ სწავლებაში, მაგრამ ოპონენტები დუმილით უვლიან გვერდს ამ გარემოებას. ისინი “ეკლესიის” პოზიციებიდან გვედავებიან მაშინ, როდესაც ჩვენ მათ სრულებითაც არ აღვიქვამთ ეკლესიად. ქრისტეს წმიდა ეკლესია ძველ გადმოცემათა მიმყოლია და არა განმაახლებლური, რომელშიც, სხვათა შორის, უამრავი საღვთო დადგენილება და გადმოცემაა უარყოფილი. იმისთვის, რომ ოპონენტებმა ჩვენთან ეკლესიის პოზიციიდან შეძლონ საუბარი, საკუთარი “ეკლესიის” კანონიკურობა და ჩვენი ეკლესიის არაკანონიკურობა უნდა დაამტკიცონ, რაც ვერაფრით ვერ მოუხერხებიათ. ოპონენტთა სურვილი, სექტანტად ან ერეტიკოსებად გამოგვაცხადონ, ოცნება უფროა, ვიდრე რეალობა, ამიტომაც ყველა მათი მტკიცება სრულიად დაუსაბუთებელი, აბსურდული და დემაგოგიურია! ნებისმიერი ნორმალური მოაზროვნესთვის აშკარაა, რომ ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოყენება დემაგოგი აგიტატორების ხელობაა და მეტად დაშორებულია ღვთისმეტყველებისგან.

ჩვენი მოთხოვნა სამართლიანი და ლოგიკურია! სანამ ჩვენი კონფესიების სიმართლეს არ წარმოვაჩენთ, ეკლესიის სახელით მოწინააღმდეგის სქიზმაში ან ერესში მხილება არადამაჯერებელია! ასე, დემაგოგიური განცხადებებით, ყველას შეუძლია თავი აღიაროს ეკლესიად, თავისი “წმინდანები” წმინდანად, ხოლო საეკლესიო პრაქტიკა წმიდა გადმოცემად გამოაცხადოს, მაგრამ მსგავსი განცხადებები დემაგოგიას და პირად მოსურვებას ვერ გასცილდება. ამ დღეში აღმოჩნდნენ ჩვენი ოპონენტებიც!

დემაგოგიის გარდა ოპონენტები სიცრუესაც არ ერიდებიან მტკიცება, თითქოსდა ჩვენ 1666 წლის შემდეგ მსოფლიო ეკლესიაში გაბრწყინებულ ათასობით წმინდანსა და მათ მიერ გამოთქმულ მაცხოვნებელ მოძღვრებას ხელაღებით უარვყოფთ, ყოველ შემთხვევაში – წმ. გადმოცემას აღარ მივაკუთვნებთ – მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამგვარი მტკიცების არავითარი ფაქტობრივი მონაცემი არ არსებობს; მეორეც, ოპონენტები ამაოდ მიიჩნევენ განხეთქილების მოქმედ გაბატონებულ კონფესიებს ქრისტეს ეკლესიად. რადგანაც, ჩვენი ღრმა და ისტორიული თუ თეოლოგიური ხასიათის მტკიცებების მიხედვით, ჭეშმარიტი საკურთხეველი (ე.ი. უბიწო ეკლესია) შენარჩუნებულია ძველმართლმადიდებლობაში, ცხადია, მათ ე.წ. “წმინდანებს” “გაბრწყინებულად” აღარ მივიჩნევთ, მაგრამ აღვიარებთ უამრავ წმინდანს, რომლებიც ნიკონიანელი სატრაპების ხელით მოწამეობრივად აღესრულნენ; აღვიარებთ მათ მიერ დაცულ სარწმუნოებასაც. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ ვის გულისხმობენ “მსოფლიო ეკლესიაში” ოპონენტები, მაგრამ გვაქვს მყარი საფუძველი, მათი ერეტიკული კონფესია არ ჩავთვალოთ წმიდა, სამოციქულო ეკლესიად, ასე რომ ოპონენტთა ეს “ბრალდებაც” მეტად უსუსური და დემაგოგიურია.

კიდევ: სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს ის სწავლება, რომელსაც გამოთქვამდნენ ნიკონიანელი მოძღვრები თუ ე.წ. “წმინდანები”, ჩვენგან ხელაღებით არის უარყოფილი ან, ყოველ შემთხვევაში, არ მივაკუთვნებდეთ წმ. გადმოცემას. ზემოთ ნაჩვენები პრინციპის მიხედვით, ჩვენ უარვყოფთ მოწინააღმდეგეთა ეკლესიის იმ გადმოცემებს, რომელთაც საფუძველი არ გააჩნიათ არც წმ. წერილში და არც წმიდა მამათა თხზულებებში, რაც გვიანდელი გამონაგონია და ეკლესიისთვის მიუღებელია. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლების უდიდეს ნაწილში ჩვენი და ოპონენტთა ეკლესიის გადმოცემა თანხმიერია. ხდება უარესიც; ოპონენტები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში (მაგ. წვერის შესახებ, ნათლისღების შესახებ და სხვა) თვით საკუთარ “წმინდანთა” და მოძღვართა სწავლებასაც კი უარყოფენ. ასე რომ, ნიკონიანელ მოძღვრებს თვითონვე ეწინააღმდეგებიან, რის გამოც მათ სამხილებლად და ამა თუ იმ საკითხზე ჩვენი ეკლესიის შეხედულებათა დასადასტურებლად თვით ნიკონიანური ეკლესიის მოძღვართა მრავალი გამონათქვამის დამოწმება გვიწევს, ვინიცობაა, ჩვენი თუ არ სჯერათ, საკუთარი მოძღვრების მაინც დაიჯერონ. ყველა ის მსჯელობა, გამოთქმა ან მოძღვრება, რომელიც ნიკონიანელ მოძღვართა და ე.წ. “წმინდანთა” მიერ არის გამოთქმული და რომელიც ძველ მამათა სწავლებას ეფუძნება და მათ თანადროულ პრობლემებთან და ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის გამო ინტერპრეტირებულია, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია! ამის დამადასტურებელია ჩვენი წერილები, სადაც ოპონენტებს ამა თუ იმ საკითხში ან საერთო სწავლებაში მათი კონფესიის მოძღვართა სიტყვებითვე შევახსენებთ მათგან მივიწყებულ ჭეშმარიტებას. მეტსაც გეტყვით – არათუ ნიკონიანელ “წმინდანთა”, არამედ თვით ჩვენი უშუალო ოპონენტების მიერ გამოთქმულ მართალ სწავლებასაც შევიწყნარებთ, თუკი იგი ფორმულირებისას ძველ მამათა და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას არ ემიჯნება. ამ თვალსაზრისით, ჩვენს შორის საერთო უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება. ასე რომ, ოპონენტთა ეს ბრალდებაც სრული ცილისწამებაა! თუ არადა, დაგვისახელონ, რომელია ის სწავლება, რომელსაც წმ. გადმოცემას არ მივაკუთვნებთ და დაამტკიცონ, რომ ის ჭეშმარიტად წმ. გადმოცემაა.

ოპონენტებმა, ცხადია, იგუმანეს, რომ მათ ამ მტკიცებას უპასუხოდ არ დავტოვებდით და ჯებირად ასეთი შემხვედრი მსჯელობა აღმართეს: “რა თქმა უნდა, -წერენ ისინი, - ამ დასკვნას ოპონენტები გააპროტესტებენ და განაცხადებენ: 1666 წლიდან ყველა ისტორიული საპატრიარქო ერესში დაეცა და ამ თარიღის შემდეგ მთელი თქვენი წმ. გადმოცემა მწვალებლობაა და სხვა არაფერიო” ("ივერიის გაბრწყინება", # 5 (26), 1998 წ. გვ. 13, სვ. 2). მაგრამ ოპონენტები აქაც უნდა გავაწბილოთ, ნოკონიანურ ეკლესიაში დაცულ წმიდა საეკლესიო გადმოცემას ჩვენ როდი უარვყოფთ.

ნიკონიანურ ეკლესიაში წმ. გადმოცემის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია, შენარჩუნებულია ძირითადი დოგმატური სწავლებაც, მაგრამ აქვე მრავლად არის ერთმანეთისგან განსხვავებული პრაქტიკული და თეოლოგიური შეხედულებებიც (მაგ. ეკლესიოლოგიაში). ეს მიზეზია, რომ მათ კონფესიას განმაახლებლური, ახალმოწესეთა ან ახალმორწმუნეთა, ხოლო ჩვენსას ძველმართლმადიდებლური, ძველმოწესეთა ან ძველმორწმუნეთა ეკლესიები ეწოდებათ. ასე, რომ, რადგანაც ახალბერძნულ-ნოკინიანურ ეკლესიას ჩვენ ქრისტეს წმიდა ეკლესიად აღარ მივიჩნევთ, ცხადია, არც ამ “ეკლესიის” წიაღში “გაბრწყიებულ” “წმინდანებს” აღვიარებთ, თუმც მათ მიერ გამოთქმულ მართლმადიდებლურ მოძღვრებას როდი უარვყოფთ. შეიძლება ვინმეს ეს პარადოქსად მოეჩვენოს, ამგრამ შეუძლებელია უარვყოთ ის სწავლება და ის საეკლესიო წესები, რაც ჩვენს შორის საერთოა და წმ. გადმოცემას ეფუძნება; მეტიც, ჩვენ კი არა, თვით ნიკონიანელმა “წმინდანებმა” და მთელმა მათმა საკრებულომ უარყვეს სრულიად მართლმადიდებლური გადმოცემები, რომლებიც რუსეთის ეკლესიამ გაქრისტიანებასთან ერთად მიიღო ბიზანტიისგან. ნიკონიანურმა ეკლესიამ, აღმოსავლეთის მთელ რიგ იერარქთა და პატრიარქთა ხელშეწყობით, არათუ უარყო ეს გადმოცემები, არამედ კრებითი განჩინებით ანათემასაც კი გადასცა.

მართლმადიდებელთა დევნასა და სასტიკ ტანჯვა-წამებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ისინი არ მოერიდნენ ძველი წმინდანებისა და მამების (მაგ. წმ. ეფროსინე ფსკოველის, წმ. ანნა კაშინსკაიას, “ასმუხლიანი კრების” მამების, მ.შ. ამ კრების თავმჯდომარის, ცნობილი “დიდი საკითხავი თვენი” (Вел. четья минея) შემდგენელის, მიტრ. მაკარის და სხვათა) განქიქებასაც კი. ნიკონიანელი ე.წ. “წმინდანი” დიმიტრი როსტოველი იქამდეც კი გაკადნიერდა, რომ მაცხოვრის სახელი – “Исус” (“იესუ”) შეურაცჰყო (კერძოდ, მისი აზრით, ერთი იოტათი დაწერილი მაცხოვრის სახელი Исус – მესიას კი არა, თურმე “ყურის ტოლას” ნიშნავს) (იხ. მისი "Розыск", часть 1, лист 18).

ნიკონიანურმა ეკლესიამ 1971 წლის გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე შეცდომად აღიარა როგორც ეს რეფორმა, ისე ნიკონისა და აღმოსავლეთ იერარქთა მიერ 1654- 1666 წლებში გამოთქმული ყველა ანათემატიზმი და ძველი საეკლესიო წესების შეურაცხმყოფელი ყველა გამონათქვამი გააუქმებინა ("Поместный Собор Русской Православной Церкви" (30 мая -2 июня, 1971 г., Москва 1972 г.). ამდენად ძველმართლმადიდებელთა სიმართლე ისტორიულადაც დადასტურდა და ლიტურგიკულადაც. მაშ ასე, ნიკონიანელ “წმინდანთა” მიერ “სტაროვერებთან” დავისას გამოთქმული მკრეხელობანი და წყევლა-უარყოფანი, ჩვენს ოპონენტებს დღემდე “მაცხოვნებელი” რომ ჰგონიათ, ნიკონიანურ ეკლესიას კარგა ხანია, რაც უკან წაუღია და ოპონენტების მიერ ჩვენდამი წამოყენებული ბრალდებები საკმაოდ მოძველებულა. ოპონენტებს ვურჩევთ, მიბაძონ თავიანთ “ევქარისტულ” ძმებს, რაც მათი მხრიდან მეტად გონივრული იქნება.


_________________________________________________________

1. ეს დასტურდება თვით ოპონენტების მიერ დამოწმებული წყაროებიდან, სადაც სექტის შესახებ ნათქვამია: "ოფიციალურ ენაზე, რელიგიური ბრძოლის ეპოქებში, ერთი და იგივე თემი ხან სექტად იწოდება, ხანაც - ეკლესიად, თუ - სარწმუნოებრივ აღმსარებლობად, იმისდა მიხედვით, თუ რა მიმართება ჰქონდა მისდამი მთავრობას (სტ. სექტანტობა "ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედია", ტ. 29-ე, გვ. 324-330; სპბ. 1900 წ. ციტ. "ივერიის გაბრწყინება" # 5 (26) 1998 წ. გვ. 12, სვ. 2).

2. ამის დასტურია ოპონენტთა მიერ დამოწმებული მეორე წყაროც, სოიკინის მიერ გამოცემული "სრული მართლმადიდებლურ-საღვთისმეტყველო ლექსიკონი". კერძოდ, ცნობილია წვერის პარსვისადმი ნიკონიანური ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება თვით ნიკონიანელი პატრიარქის ადრიანეს დრომდე (სხვათა შორის, ადრიანეს პატრიარქობის შემდეგ, პეტრე პირველმა საერთოდ გააუქმა პატრიარქობის ინსტიტუტი და ასევე სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა წვერმოსილებას), რომელიც თავად წვერის გაპარსვის სასტიკი წინააღმდეგი იყო (იხ. Полный правосл. богосл. словарь, т. 1, репринт 1992, ст. 72, 73). მაგრამ იმის შემდეგ (განსაკუთრებით კი პეტრე პირველის დროიდან), რაც ეს დამოკიდებულება შეცვალეს, ნიკონიანელი ღვთისმეტყველები და სასულიერო პირები წვერის პარსვას ცოდვად აღარ მიიჩნევდნენ და ეს ამავე ლექსიკონშიც აისახა (ამ საკითხზე იხ. "მართლმადიდებელი" #3 (14), 1998 წ. გვ. 16, სვ. 2).

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика