შინაარსი
3. მართლმადიდებლობა ერთი მთლიანობა
ა) სექტის ეტიმოლოგია
სანამ საკუთრივ სექტის რაობას შევეხებოდეთ, ვნახოთ, როგორ არის განმარტებული ეს სიტყვა სექტათა მამხილებელ იმ გამოცემაში, ოპონენტებს თავიანთი "ფოტოგამოფენის" შესაქმნელად რომ გამოუყენებიათ.
სიტყვა "სექტა" ლათინური წარმოშობისაა _ ვკითხულობთ ამ გამოცემაში _ ამ ტერმინის ეტიმოლოგიური სხვადასხვა ვერსია არსებობს:
შეცტა, - აე - აზროვნების ან ცხოვრების გზა, წესი, მოქმედების სახე. (Sequi sectam alicujus - ვიღაცის ნაკვალევზე სიარული, ვიღაცის მიმდევრობა.
- სწავლება, მიმართულება, სკოლა (Secta stoicorum - სტოიკოსთა სკოლა), ჯგუფი, ბრბო (Secta latronum - ყაჩაღთა ბრბო; ხროვა).
Secuor, secutus sum, sequi - ვინმეს ნაკვალევზე მიყოლა; დამორჩილება, ვინმეს მსახურად ყოფნა.
Seco, secui, sectum, sectare - ჩამოჭრა, ჩამოკვეთა, განყოფა, განცალკევება.
სექტათა უმრავლესობა მიისწრაფვის, დათრგუნოს კრიტიკული აზროვნების უნარი და ამით კონტროლი გაუწიოს თავისი ადეპტების ცნობიერებას. სექტაში მოხვედრის შემდგომ ადამიანი მისი ლიდერის ტოტალურ ზეგავლენას განიცდის და მის დაქვემდებარებაში იმყოფება - ხდება იზოლირებული, განეშორება საზოგადოებასა და ოჯახს. წყვეტს კავშირს თავისი ქვეყნის სულიერ კულტურასთან. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემწეობით სექტები საკუთარ საზღვრებში წარმატებით ახორციელებენ ტოტალურ კონტროლს.
გარეგნულ მრავალფეროვნებასთან ერთად რელიგიურ სექტებს ბევრი საერთო ნიშან-თვისება ახასიათებს როგორც სტრუქტურული ასევე ფუნქციონალური თვალსაზრისითაც.
ბ) საზოგადოებაზე სექტის ზემოქმედების მეთოდები
ტოტალიტარული სექტების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თავისებურებებია:
1. კონტროლის დაწესება ადამიანთა თავისუფალ ნებაზე და მის მიერ სექტანტურ სახელმძღვანელოთა დაზეპირება:
- რკინისებური, მკაცრი დისციპლინა;
- სექტის ბეჭდვითი სახელმძღვანელოების დაზუთხვისა და შტუდირების აუცილებლობის მოთხოვნა;
- ანგარიშგებისა და სტატისტიკის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა;
- ადეპტებისთვის ორგანიზაციის წინაშე ბრალეულობის გრძნობის შთაგონება;
- ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათზე, ვისაც სურს სექტასთან ურთიერთობის გაწყვეტა.
2. ლიდერზე და ორგანიზაციაზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფორმირება:
- კრიტიკული აზროვნების უნარის დათრგუნვა;
- ადეპტის მოთხოვნა კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან (მათ შორის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ა. შ.) გაწყდეს ყოველგვარი ურთიერთობა.
- ურთიერთობათა წრის მხოლოდ სექტის წევრებით შემოზღუდვა.
3. უმეცრებიდან სიცრუისკენ:
- მეცნიერებისა და განათლების უარყოფა;
- ანტიისტორიზმი, სამამულო ისტორიისა და კულტურისადმი ზიზღგარეული გულგრილი დამოკიდებულება (რაიც სულიერი და ინტელექტუალური განვითარების შედეგია);
- ზოგიერთი სექტისგან ტრადიციულ კონფესიათა, მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიის შეუწყნარებლობა;
- პლაგიატი, ეკლექტიზმი, ძველი ერესების განმეორება;
- დოგმატთა სწრაფი ცვალებადობა;
- ეზოთერულობა, სიმართლის დამალვა, ახალბედებისთვის ინფორმაციის არასრული და თანდათანობითი გახსნა;
- მიზნის მისაღწევად ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიც არის მოტყუება, ცილისწამება, სიყალბე.
4. ზემოქმედების მეთოდები:
- უბრალოება, ხელმისაწვდომობა და მიმზიდველობა (პრივიტიმიზმი, რომელიც არცთუ იშვიათად დეგრადაციამდე მიდის);
- ახლებური მეტყველების დაფუძნება (სპეციალური სექტანტური ლექსიკა და ტერმინოლოგია);
- ადამიანთა გადმობირება უშუალოდ ქუჩაში, მეტროში, სასწავლო დაწესებულებებში;
5. საარსებო წყაროები:
- მსხვილ ფინანსურ საშუალებათა აკუმულირება, რის ხარჯზეც შეუძლიათ არენდით აიღონ კინოთეატრები, კულტურის სახლები, სტადიონები, გადასცენ თავიანთი პროგრამები რადიოთი და ტელევიზიით;
- საწყისი ფინანსური დახმარებები უცხოეთიდან, რაც თანდათანობით გადადის თვითდაფინანსებაზე (ანუ სექტის მიმდევართაგან მატერიალური და ფულადი სახსრების ამოქაჩვის პროცესისა და მექანიზმის აწყობაზე);
- ადეპტებისგან გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მათი ფინანსურ დამოკიდებულებაში მოქცევა;
- მიმდევართა შრომისა და ენერგიის მთლიანად და სრულად გამოყენება (რაც "გამოწურული ლიმონის" ეფექტს, ანუ ნერვულ და ფიზიკურ გამოფიტვას იწვევს).
6. საკუთარი პოზიციების გამაგრების მეთოდიკა:
- სწრაფვა მმართველი წრეების მიმხრობისკენ (რასაც ზოგჯერ მექრთამეობითაც ახერხებენ);
- მცდელობანი, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ კომერციულ სტრუქტურებში დაამკვიდრონ სექტის წარმომადგენლები;
- მისწრაფება, მიიმხრონ ანგაჟირებული "სპეციალისტები" (რელიგიათმცოდნეები, იურისტები, სოციოლოგები, ექიმები და ა. შ.).
7. აქტიური რეაგირება კრიტიკაზე:
- ბრძოლა კრიტიკულად განწყობილ სპეციალისტთა (მედიკოსთა, რელიგიათმცოდნეთა და ღვთისმეტყველთა) წინააღმდეგ;
- უკიდურესად ფრთხილი და თავშეკავებული ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან (მსს);
- სწრაფი რეაგირება მსს-ს კრიტიკაზე;
- დავაქრობა (მოდავეობა-მომჩივანობა).
გ) სექტის სტრუქტურული თავისებურებანი
მრავალი ტოტალიტარული სექტა აგებულებით პირამიდულ სტრუქტურას ეფუძნება. მის სათავეში დგას დამფუძნებელი ან ლიდერი (პრეზიდენტი, გურუ და ა. შ.), რომელსაც ექვემდებარება დაახლოებულ პირთა (ქველიდერთა) განსაზღვრული წრე, ამ უკანასკნელს კი, თავის მხრივ, წვრილ მსახურთა უფრო მცირე წრე _ მოწაფეები ექვემდებარებიან. ესენი კიდევ უფრო ქვემდგომ მოწაფეთა ლიდერები არიან და ასე შემდეგ თვით პირამიდის საფუძვლამდე - სექტის რიგით წევრებამდე. ლიდერობა-წინამძღოლობის მსგავსი სისტემა განსაკუთრებით ახასიათებს ე. წ. "იეღოვას მოწმეებს". თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ მათი იერარქიული პირამიდის სქემას წიგნიდან"Тоталитарные секты: свобода от совести" (Изд. Московское подворье Св. Троицко-Сергиево Лавры. "Татьянин день", студ. газета МГУ. Москва. 1997 г., стр. 90).
სტრუქტურული აგებულების თვალსაზრისით შესაძლებელია პარალელის გავლება სექტასა და ნებისმიერ ბანდიტურ დაჯგუფებას შორის: მეთაური - "პახანი"; უახლოესი მეგობარი - საძმო; მლიქვნელები _ "შესტიორკები". ასევე ბევრი საერთოა სექტასა და მაფიოზურ სტრუქტურას შორის: ნათლიმამა - მეგობართა მეგობრები - შემსრულებლები ("შესტიორკები") და რიგითი წევრები, ოღონდ, მაფიისაგან განსხვავებით, სადაც რიგითი წევრები ზემდგომთ არ იცნობენ, ლიდერს, დამფუძნებელს, პრეზიდენტს ან გურუს სექტის ყველა წევრი იცნობს.
ადამიანთა შორის რეგლამენტირებული ურთიერთობა მაფიოზურ სტრუქტურებში მეტად წააგავს ურთიერთობის იგივე ფორმას სექტაში: მკაცრი მორჩილება ნათლიმამისადმი, საერთო ინტერესებისა და ორგანიზაციის ინტერესებისადმი მსახურება, თავდებობა (ღირსების კოდექსი), წევრების ფინანსური დამოკიდებულება მეთაურისზე და ა. შ. ასე, რომ შესვლა თავისუფალია, აი გამოსვლა კი... მეტად ძნელი, ზოჯერ შეუძლებელიც არის.
"სექტიდან, ისევე, როგორც, ბანდიდან ან მაფიოზური ორგანიზაციიდან, გამოსვლა უკიდურესად ძნელია. ხშირად ურთიერთობის გაწყვეტის მცდელობა ტრაგედიითაც მთავრდება" (იქვე, 1997 წ. გვ. 80-83).
როგორც ვნახეთ, სექტათა ორგანიზაციული სტრუქტურა, მართვისა და შიდა და გარე ურთიერთობათა ფორმები მეტად სპეციფიკური და მართლმადიდებლური ეკლესიის ანალოგიური ინსტიტუტებისგან განსხვავებულია. ამდენად, ოპონენტთა მიერ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის გამოცხადება "სექტად", და ისიც "სუპერ-ერეტიკულ სექტად", ყოვლად უსაფუძვლოა. ამ ცილისწამების ავტორებს ელემენტარული ობიექტურობის გრძნობაც არ გააჩნიათ და სრულიად აშკარად ახორციელებენ საზოგადოებაში ძველმართლმადიდებლური ეკლესიისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულების გამომუშავების პოლიტიკას, ეს კია, ამგვარ პოლიტიკას საღად მოაზროვნე საზოგადოებაში მომავალი არა აქვს, ხალხი სიმართლეს თვალს არ მოუხუჭავს, ხოლო სიმართლე ოპონენტთა მხარეს რომ არ არის, ამის გარკვევა მეტად ადვილია.