შინაარსი
ბოლოთქმა
ვფიქრობ, ეჭვგარეშეა ოპონენტთა უსამართლობა და არაობიექტურობა. თვალშისაცემია მათი მიკერძოებულობა, ალოგიკურობა, გაბატონებული ნოკონიანური ეკლესიის სასარგებლო დემაგოგიურობა, სულიერი და ზნეობრივი დაცემულობა. ჩვენს საფუძვლიან ბრალდებებს ყალბი განმარტებებით გაურბიან და ყველანაირი ბინძური საშუალებით ცდილობენ საკუთარი სიყალბის გამართლებას, რაც მეტად დამახასიათებელია ერეტიკოსთათვის. წმ. იოანე ოქროპირი ამის შესახებ წერდა: “როდესაც ერეტიკოსს ამხელს ჭეშმარიტება, გაურბის მას და მიელტვის სხვა გამონაგონის მფარველობას; აქაც რომ დამარცხდება, ახალ საფუძვლებს ეძებს საკუთარი უგუნურების გასამართლებლად, მაშინ როდესაც არავინ გაურბის მბრწყინავ და განმანათლებელ ჭეშმარიტებას, რამეთუ ის არავის დევნის, ბოროტეული კი მაშინაც გარბის როდესაც არავინ მისდევს” (იგავნი 28:1) (Творения св. Иоанна Златоуста. т. 7. СПБ 1902 с. 834) და ასე, ერთი სიცრუიდან მეორემდე, ცილისმწამებლური გამოხდომებიდან სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, ძუნძულ-ძუნძულით, ტყუილს ჩაჭიდებული “გაბაშვილისტები” ყოველნაირად ცდილობენ საზოგადოების თვალში ჩვენს დამცირებას.
ოპონენტთა მთელ ამ კრიახში მთავარი მაინც ის არის, რომ თავგამოდებით იცავენ “მართლმადიდებლობის” სახელს ამოფარებულ, “ეკლესიად” სახელდებულ და გულუბრყვილო მორწმუნეთა სულებზე გაბატონებულ მაფიოზურ სტრუქტურას, რომელშიც სამღვდლო ანაფორას ამოფარებულ ვაჭრებსა და მაფიოზებს საეკლესიო სიწმინდეებზე და მორწმუნე ადამიანთა გაჭირვებასა და დალხინებაზე დიდი აღებ-მიცემობა გაუმართავთ, ეწევიან მსუბუქ ცხოვრებას, ერესს ასაღებენ “მართლმადიდებლობად” და არად დაგიდევენ თვით საკუთარი “ეკლესიის” მიერ დამტკიცებულ წესგანგებებსაც. გმობენ წმიდა, შეურყვნელ და ძველი გადმოცემების დამცველ ჭეშმარიტ ეკლესიას, რათა არ დაკარგონ “კლიენტურა”, რომელთაგან კრეფენ დიდ შემოსავალს. თვითონ ვერ შედიან ცათა სასუფეველში და “შემავალთაც უტევებენ არა შესვლად” (მათე 23:14). ამ მიმართებით განსაკუთრებით აქტიურობს “გაბაშვილისტების” მსგავსი “საპატრიარქოს ადვოკატურა”, რომელიც ოფიციალური ეკლესიის ნომეკლატურაა, ძირითადად (ზოგიერთი, ჭეშმარიტების გზას აცდენილი პატიოსანი პიროვნების გარდა) გაბაშვილის მსგავსი ცრუმესიტყვეებისგან შედგება და რომელთა ძირითადი დანიშნულება ძირძველი მართლმადიდებლობისა და ქრისტეს ჭეშმარიტი, წმიდა ეკლესიის კომპრომეტირებაა. ამიტომაც არის, რომ ისინი მკრეხელური ცილისწამებებით, ქუჩური “ღვთისმეტყველებითა” და აშკარა დისკრიმინაციით უღობავენ გზას ჭეშმარიტი ტაძრისკენ მომავალთ. ჩვენს წინააღმდეგ მომართული მათი ყველა პუბლიკაცია დემაგოგია და სიცრუის აპოლოგიაა!
ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ კავასილა ბრძანებდა: “მრავალთა შეხედულება ჯერ კიდევ ვერ შეიქმს ადამიანს უარესად, თუნდაც ბევრი ვინმე ფიქრობდეს მასზე ცუდად” (Николай Кавасила. Семь слов о жизни во ристе. сл. 7. п. 27. Москва 1874. с. 165) მსგავსადვე, გაბაშვილისნაირთა თვალსაზრისი ჩვენს ეკლესიაზე და მის მოძღვრებზე ვერс თავად ძველმართლმადიდებელთა ეკლესიასა და ვერც მის მოძღვრებს შეიქმს ცუდად, თუნდაც მას მთელი საზოგადოება აუმხედრონ. ეკლესია თავის ღირსებაზე თვითვე მეტყველებს, თუმცა მისი დაფასება მხოლოდ ობიექტურ და სამართლისმოყვარულ საზოგადოებას თუ შეუძლია. აქ, ალბათ, უპრიანი იქნება კვლავ განმეორება იმ აზრისა, რაც თავიდანვე მოგახსენეთ: მით უფრო მაღალია საზოგადოებაზე მავნე ადამიანთა ზეგავლენის კოეფიციენტი, რაც უფრო სულიერად მახინჯი და მათსავით ზნედაცემული ინდივიდებისგან არის შეკოწიწებული თვით საზოგადოება. ყოველივე ამის ფონზე, ამ წუთისოფელში მართლმორწმუნეთ მარადის უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: “ნეტარ იყვნეთ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა, ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი მომართ სიცრუით ჩემთვის, გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა” (მათე 10-12), ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულ ყველა ადამიანს მათი მხრიდან უკეთესი და სჯულიერი გადაწყვეტილებების მოლოდინით ღირ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვებით მივმართავთ: “... ო, ძმანო ჩემნო! რატომ არ იზრახავთ იმას, რისთვისაც ცხოვნდებით, არამედ ირჩევთ იმას, რის გამოც დაექვემდებარებით ტანჯვას. რატომაა, გაუკუღმართებულად რომ გესმით ყოველივე და უკუღმა განმარტავთ წერილს, თქვენი სულების წარსაწყმედად?” (შეად. Слова преп. Симеона Нов. Богослова, вып. 1. сл.. 26 «О покаянии и против те, которые криво толкуют писания», 1892 с. 232).
დიდება უფალს ყველაფრისთვის. ამინ!