აპოლოგეტიკა - პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ

ორთითიანი პირჯვრისწერა


შესავალი


1. რა განსხვავებაა ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებში დამკვიდრებულ პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის?

2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირჯვრისწერის წესი?

3. ამ ორი წესიდან რომელია სწორი და რატომ?

4. რითი ამართლებენ გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები თავიანთ პრაქტიკას და რატომ უარყოფენ ძველმართლმადიდებლურს?

5. რატომ არ შეიწყნარებენ ძველმოწესეები სამი თითით პირჯვრისწერას?

6. რატომ არის სამი თითით პირჯვრისწერის წესი ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა, ორი თითით პირჯვრისწერის წესი კი არა?

7. რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული?

8. რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია კურთხევის გაცემის ჟამს ორთითიან წყობასთან დაკავშირებით?

9. საიდან მოდის პირჯვრისწერის წესი?

10. რატომ არის აუცილებელი ორი თითით პირჯვრისწერა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ ასეთ პირჯვრისწერას აქვს ძალა?

11. განეკუთვნება თუ არა პირჯვრისწერის წესი იმ ჩვეულებათა რიგს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა?

12. მაგრამ ხომ ცნობილია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა პირველივე საუკუნიდან იცვლებოდა და რას იწვევდა ეს ცვლილებები?

13. რამდენად ძველია ორი თითით პირჯვრისწერა?

14. კიდევ რა ისტორიული მოწმობები არსებობს, რომლებიც დაადასტურებდნენ ძველ საბერძნეთში და, საერთოდ, მთელს ქრისტეანულ სამყაროში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობას?

15. რა შეიძლება ითქვას ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან და სწავლებებიდან მოტანილ იმ მაგალითებზე, რომლებსაც ახალმოწესე მკვლევარები იმოწმებენ?

16. კიდევ რა შეიძლება ითქვას ორი და სამი თითით პირჯვრისწერის წესთა შესახებ?

17. რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?

დასკვნა


შესავალი



ყველამ კარგად იცის, რომ ძველი მართლმადიდებლები, გაბატონებული ახალმოწესეებისგან განსხვავებით, პირჯვარს იწერენ ძველი წესით: ხუთთითიანი წყობით (შეერთებულია ცერი, ნეკი და არათითი წმ. სამების ერთობის აღსარების სიმბოლოდ, ხოლო აღმართულია ორი: საჩვენებელი და შუათითი, ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად) რომელიც უფრო ორი თითით პირჯვრისწერის სახელწოდებითაა ცნობილი. ამავე წყობით გაიცემა კურთხევაც ძველმართლმადიდებელ მღვდელმსახურთა მიერ.

გაბატონებულ ეკლესიაში კი პირჯვარს იწერენ სამი თითით (შეერთებული ცერით, საჩვენებელი და შუათითით), ხოლო კურთხევას გასცემენ ხუთთითიანი წყობით, სადაც აღმართულია საჩვენებელი თითი, მოხრილია შუათითი, ცერი გადაჯვარედინებულია არათითთან, და აღმართული და მცირედ მოხრილია ნეკა თითი. გაბატონებული ეკლესიის ადეპტების შეხედულებით ეს წყობა სლავურ (ზოგიერთის აზრით ბერძნულ-სლავურ) ენაზე გამოხატავს მაცხოვრის სახელს - IC XC.

პატრიარქ ნიკონის დროიდან, როდესაც ბერძენი იერარქების წაქეზებით მეფე ალექსი მიხეილის ძემ და თვით პატრიარქმა დაიწყეს საეკლესიო რეფორმა ბერძნებთან სრული უნიფიკაციის მიღწევის მიზნით, ორი თითით პირჯვრისწერის წესი გამოცხადდა მართლმადიდებლობისთვის უცხო და მწვალებლურ გადმოცემად, რის გამოც ის დაიწყევლა. ასევე დაიწყევლა და ეკლესიიდან მოკვეთილ იქნა ამ ჭეშმარიტად ძველი და მართლმადიდებლური, საეკლესიო ჩვეულების მიმდევარი.

XIX საუკუნის მიწურულს და XX-ის დასაწყისში, რუსეთის ეკლესიაში დაიწყო ერთგვარი მოძრაობა სამეცნიერო და სასულიერო წრეებში, რომელთა მიზანი იყო ისტორიული სიმართლის დადგენა. ამ მოძრაობამ გამოიღო ის შედეგი, რომ საბოლოოდ დადგინდა პირჯვრისწერის ძველი წესის მართებულობა და ის, რომ ნიკონ პატრიარქის რეფორმას, რომელმაც მწვალებლობად გამოაცხადა ძველი საეკლესიო წესები, არ გააჩნდა აბსოლუტურად არანაირი საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და კანონიკური საფუძვლები. ნიკონის არგუმენტები მის მიერ დაწუნებული და დაწყევლილი ძველი წესების წინააღმდეგ არ დადასტურდა არც ისტორიული მონაცემებით. პირიქით, ისტორიულ და ლიტურგიკულ წყაროებში აღმოჩნდა მრავალი მასალა, რომელმაც დაადასტურა ძველი წესების (მათ შორის პირჯვრისწერის ძველი წესის) სრული მართლმადიდებლურობა. ამავე მოძრაობის შედეგი იყო ის, რომ 1971 წელს, რუსეთის ადგილობრივმა, გაბატონებულმა ეკლესიამ, პატრიარქ პიმენის მეთაურობით, მოიწვია ადგილობრივი კრება (თუმც ამ კრებაზე მიწვეული იყვნენ სხვა ადგილობრივ ეკლესიათა და თვით ძველმართლმადიდებლურ კონფესიათა მწყემსმთავრები. მათ შორის იყო საქართველოს დღევანდელი პატრიარქი ილია II-ც), რომელმაც აღიარა პატრიარქ ნიკონის შეცდომა და მოხსნა ყველა ანათემა თუ წყევლა-კრულვა გამოთქმული მოსკოვის 1667 წლის კრების მიერ.

მიუხედავად ამისა, საქართველოში და თვით რუსეთშიც, დღემდე ძლიერია მიდრეკილება სამი თითით პირჯვრისწერისადმი. თანაც იმ დონეზე, რომ პრინციპულად არ სურთ აღიარება ორი თითით პირჯვრისწერის და ეწინააღმდეგებიან პრაქტიკაში მის დანერგვას. ამ მიმართებით ხშირად გვიმოწმებენ საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის ლექტორის ბ-ნ ედ. ჭელიძის 1989 წელს გამოცემულ ნაშრომს "ეკლესია - სძალი უფლისა". ძველმართლმადიდებლებთან პოლემიკაში თუ რომელი წესია უფრო სწორი და მართებული ორი თითით პირჯვრისწერა თუ სამი თითით, ძველმართლმადიდებელთა ოპონენტები ანიჭებენ მეტად პრინციპულ მნიშვნელობას. რაც ნათლად ჩანს ბ-ნ ედ. ჭელიძის ამ ნაშრომიდანაც (ცხადია პრინციპულობა ამ წესთა შორის მართებულად ორი თითით პირჯვრისწერის აღიარებაში არც ძველმორწმუნეებს აკლიათ).
ვინ არის მართალი და რომელი წესია მისაღები?

სწორედ ამ საკითხს ეძღვნება ეს მოკრძალებული პუბლიკაციაც, რომელშიც კითხვა - პასუხის ფორმით შევეცადეთ გაგვეცა პასუხი ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის. ჩვენი თანამემამულეებს გულწრფელად სჯერათ, რომ პირჯვარი უნდა დაიწერონ სამი თითით და, რომ თითქოსდა ეს არის წმინდა ეკლესიის მამათა უტყუარი გადმოცემა, მაგრამ "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით შევეცადეთ აგვეხსნა ამ შეხედულების სიმცდარე.

ჩვენ გვსურს საქართველოში ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემების, მართლმადიდებლური წესისა და რიგის აღდგენა და დამკვიდრება. ამიტომაც ვცდილობთ ასე დაბეჯითებით მორწმუნე საზოგადოებისათვის იმ მასალის მიწოდებას, რომელიც, როგორც ჩანს, უცნობია მისთვის. ამ ეტაპზე მადლობასა და დითირამბებს არავისგან ველოდებით, მაგრამ თუ გამოიჩენთ გულისხმიერებას და მოისმენთ ჩვენს არგუმენტებს იქნებ აღმოვაჩინოთ, რომ ყოველივე, რის მიწოდებასაც საზოგადოებისთვის ცდილობს ჩვენი ეკლესია საყურადღებოა და მნიშვნელოვანი.


1. რა განსხვავებაა ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებში დამკვიდრებულ პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესებს შორის?

ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებს შორის მრავალი საწესჩვეულებო, ლიტურგიკული და დოგმატური შინაარსის სწავლა-მოძღვრებითი განსხვავებაა, მათ შორის ერთ-ერთია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესები. ძველმართლმადიდებლური ეკლესია პირჯვრისწერას ასწავლის ძველი, საეკლესიო გადმოცემის თანხმიერად. თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა მიერ, ეს შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველი მიტროპოლიტის, ნიკოლოზისადმი:

"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს" (იხ. სურ. 1).



სურ. 1

2. რატომ არის მნიშვნელოვანი პირჯვრისწერის წესი?

პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139, ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა").

პირჯვირსწერა არის ჯვარცმული ქრისტეს აღიარება და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვის წყევისაგან გამოხსნის რწმენის გამოხატულება, ამიტომაც წმ. კირილე იერუსალიმელი გვასწავლის: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი" (ედ. ჭელიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 188)


3. ამ ორი წესიდან რომელია სწორი და რატომ?

პირჯვრისწერის ძველმართლმადიდებლური წესი ცნობილია პირველი საუკუნეებიდანვე. სადღეისოდ უკვე უეჭველად დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორედ მოციქულთა გადმოცემა და ქრისტეს ეკლესიის უცვალებელი წესი. ორი თითით პირჯვრისწერა, განსხვავებით სამი თითით პირჯვრისწერისგან, სწორია იმიტომ, რომ მასში მოცემული სწავლა-მოძღვრებითი შინაარსი სრულ თანხმობაშია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან. სამი შეკრული თითით (ცერით, ნეკით და არათითით) გამოვხატავთ ჩვენს რწმენას წმ. სამებისადმი, ხოლო ორი აღმართული თითით (საჩვენებელი და შუათითით), რომლებსაც ვიდებთ შუბლზე, ჭიპზე, მარჯვენა და შემდეგ მარცხენა მხარზე, - აღსარებას მაცხოვრის განკაცებისა, ჯვარცმისა, მკვდრეთით აღდგომისა და მეორედ მოსვლისა.

სამი თითით პირჯვრისწერა კი არის მწვალებლობა, რადგან მასში მოიაზრება არა ჯვარცმული ქრისტეს კაცობრივი ბუნება, არამედ წმინდა სამება. ამის შესახებ არსებობს 1666-1667 წლების კრების განსაკუთრებული დადგენილება: “პირჯვრისწერისას სამი თითი უნდა შევაერთოთ, რითაც მივანიშნებთ სამებას, ბოლო ორი თითი კი გვაქვს უქმად” (ანუ არაფერს ნიშნავს). ნიკონიანელი რეფორმატორები გვიან მიხვდნენ ამგვარი პირჯვრისწერის აბსურდულობას და XVIII-XIX საუკუნეებში ამ ორ მოკეცილ თითს მიანიჭეს ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლური მნიშვნელობა. ეს სწავლება (მოკეცილი ორი თითის შესახებ) კერძო პირებმა შეადგინეს და კრებითად მიღებული არ ყოფილა.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ თუ რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია სამი თითით პირჯვრისწერით და როგორი აღმსარებლობაა ჩადებული ამ წესში, კერძოდ: კეთილმსახურსა და მართლმადიდებელ ქრისტეანსა მართებსო, - ვკითხულობთ მათ განმარტებაში, - პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელის სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი., ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობასო... შემდეგ კი ნათქვამია: და ესრეთ, ამ ნაირად ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა, როგორცა ვთქვით ზემოთ, ჭეშმარიტად პატივის იცემების და იდიდების ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი”.

საინტერესოა, მაინც რომელი სწავლების საფუძველზე “იდიდების” სამი თითით ჯვარცმული მაცხოვარი, თუკი სამი თითი სამების ერთარსობის სიმბოლოდ არის შეკრული? - გიპასუხებთ: ხაჩეცართა და მონოფიზიტ იაკობიტთა სწავლების საფუძველზე, რამეთუ სწორედ ამ სწავლებასთან არის დაკავშირებული ერთი თითით პირჯვრისწერის ადრინდელი, მონოფიზიტური ჩვეულება და მისი გვიანდელი სახეცვლილება - ხაჩეცარი, რომელიც წმიდა სამების, ანუ ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმულად გამოცხადებას ასწავლის სამწმიდაო ლოცვაში (“წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო”) - სიტყვების “რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის”, - დამატებით.

ვერ ვიტყვით, თითქოსდა გაბატონებული, ნიკონიანური ეკლესია ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმას ასწავლიდეს, მაგრამ აქ დამკვიდრებული პირჯვრისსაწერი თითების წყობა აშკარად ზემოთ ხსენებულ მწვალებლურ შეხედულებებს იმეორებს.


4. რითი ამართლებენ გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის აპოლოგეტები თავიანთ პრაქტიკას და რატომ უარყოფენ ძველმართლმადიდებლურს?


ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებთან წერილობით პოლემიკაში, გაბატონებული "მართლმადიდებელი ეკლესიის" როგორც ძველ, ასევე თანამედროვე ადეპტთაგან სამი თითით პირჯვრისწერისა და თითების განსაკუთრებული მოყვანილობით (რომელიც ვითომცდა სლავური ლიტერებით იესუს სახელის აბრევიატურას IC XC - ს მიანიშნებს) კურთხევის დასაცავად ასეთი არგუმენტები გვესმის:

1. თურმე პირველი საუკუნიდან პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით, რომელიც მოგვიანებით (დაახ. IX საუკუნისთვის) შეიცვალა ორი თითით (როგორც დღემდე იწერენ პირჯვარს ძველმართლმადიდებლები) და საბოლოოდ კიდევ ერთხელ შეიცვალა სამი თითით. ხოლო სიტყვიერ პოლემიკაში ნიკონიანელი (ასე ვუწოდებთ ჩვენ ქართველ და რუს ახალმოწესე "მართლმადიდებელთ") ახალმოწესეები ამბობენ, რომ საერთოდ მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ან რომელი თითებით გადაიწერს პირჯვარს ქრისტეანი; თუ პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ რომელიმე კონკრეტულ წესში ჩადებულია მართლმადიდებლური სწავლება, შეიძლებაო, - ბრძანებენ ისინი, - მუშტითაც გადაიწეროსო კაცმა პირჯვარიო.

2. არსებობს ასეთი შეხედულებაც: თურმე ორი თითით პირჯვრისწერა და კურთხევა არის მღვდელმსახურთა პრეროგატივა და უბრალო ერისცკაცს უფლება არა აქვს, ასე გადაიწეროს პირჯვარი.

3. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და მიიჩნევენ, რომ პირჯვრისწერა საერთოდ არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან, მასზე რომ იყოს დამოკიდებული მართლმადიდებელი ადამიანის სულის ცხოვნება, მაშინ ვერ ცხონდებოდნენო მარჯვენა ხელის ან საერთოდ უხელო ადამიანებიო.
გამომდინარე აქედან, გაბატონებული ახალმოწესეობრივი "მართლმადიდებლობის" ადეპტები ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის მყარ და მტკიცე ჩვეულებას ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა გაუნათლებლობასა და სიჯიუტეს მიაწერენ. რამდენად სწორია ჩვენი ოპონენტების ასეთი შეხედულება და რატომ იწერენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები პირჯვარს ორი თითით?

ახალმოწესეთა წარმოდგენილ არგუმენტებს მოკლედ ასე შეიძლება ვუპასუხოთ: კურთხევის გასაცემი თითების წყობა შეუძლებელია იკითხებოდეს სლავურ ან ბერძნულ ენებზე, ვინაიდან ის ბოძებულია მაცხოვრის მიერ. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: "განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი. და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათა მიმართ და განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად" (ლუკა 24 : 50, 51).

"აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხნა იგინი" რას ნიშნავს თუ არა იმას, რომ უფალმა თვითონვე ასწავლა მოციქულებს წესი ერის კურთხევისა?! ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით: უფალმა აკურთხა მოწაფეები, რათა, მიენიჭებინა ძალა, რომელიც მათ სულიწმიდის გარდამოსვლამდე დაიცავდა, და ჩვენს დასამოძღვრადაც, რათა, როდესაც ჩვენც განვეშორებით ჩვენს ქვეშევრდომთ, კურთხევის ძალით დავიფაროთ ისინი განსაცდელთაგან (იხ. ნეტ. თოფილაქტე ბულგარელის განმარტება ლუკას სახარებაზე. ლკ 24 : 50, 51).

სწორედ აქედან იწყება მღვდელმსახურთა მიერ ერისა და იერარქიულად მათ ქვემდგომთა კურთხევის ჩვეულება. სწორედ ქრისტესმიერი კურთხევიდან იღებს დასაბამს წესი ვაკურთხოთ ქრისტეანი რაიმე საქმის დაწყების, ან მოგზაურობის, ან განსაცდელის ჟამს და იგი (თუ არ ვიგულისხმებთ საკურთხებელ თითებს შორის განსხვავებას) საერთოა ძველმართლმადიდებელთა და ახალმოწესე ნიკონიანელთათვის.

გარდა ამისა, ჩვენს ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ ქრისტე მოვიდა ისრაელის ძეთა შორის და მოციქულებიც ყველანი ებრაელები იყვნენ. გამომდინარე აქედან, გაუგებარია, რატომ უნდა დაევალებინა ქრისტეს თავის მოციქულთათვის მსოფლიო ხალხების კურთხევა და მათშიც ამ წესის დამკვიდრება მათთვის უცნობ, არამშობლიურ ენებზე. ამიტომაც ვფიქრობ, არც არავინ უნდა შემოგვედავოს იმაში, რომ ლიტერები IC XC, შეუძლებელია ქრისტეს ეგულისხმა თავის კურთხევაში; და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თუკი ალოგიკურია ბერძნულად მოციქულთა კურთხევა, საერთოდ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ზოგიერთთა მოსაზრება, თითქოს ქრისტემ მოციქულები აკურთხა იმ დროს არ არსებული დამწერლობის (ანუ, სლავურის) მიხედვით. რადგან ვიცით, რომ სლავური ანბანი, რომელიც ბერძნული ასოების საფუძველზე ჩამოაყალიბეს სლავთა განმანათლებლებმა კირილემ და მეთოდემ, შეიქმნა ქრისტეს ამაღლებიდან ათი საუკუნის შემდგომ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ, პირჯვრისწერისგან განსხვავებით, კურთხევის ეს წესი, როგორც ნიკონიანელთა თხზულებებიდან ჩანს, რატომღაც არ დაქვემდებარებია არავითარ ცვლილებას. მეტიც, გამოდის, რომ მთელი ათი საუკუნე მართლმადიდებელი მამები მათთვის სრულიად უცხო ენობრივი შინაარსის მქონე და გაუგებარი იეროგლიფებით აკურთხებდნენ მორწმუნეებს. თანაც არც ერთხელ არც ერთი წმინდა მამა არ დაინტერესებულა ამ უცნაური "კურთხევის" შინაარსით და არ მოუცია არანაირი განმარტება.

რაც შეეხება პირჯვრისწერისას მღვდელმსახურთა პრეროგატივას მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არავითარი ამდაგვარი პრეროგატივა არ იცის. ჩვენთვის უცნობია რომელიმე წმინდა მამის შეხედულება, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ მღვდლებმა, ერისკაცებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული წესით - ორი თითით უნდა გადაიწერონ პირჯვარი, ხოლო ერისკაცებმა სამით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ მამებში საერთოდ არ არსებობს სამი თითით პირჯვრისწერის წესის განმარტება, მარტო ის გარემოება, რომ 1667 წლის მოსკოვის კრებამ, რომელიც მოეწყო ბერძენი იერარქების წაქეზებით და რომელსაც თავმჯდომარეობდა ქ. ღაზის პატივაყრილი "მიტროპოლიტი" ბერძენი პაისი ლიგარიდი, ორი თითით პირჯვრისწერა შერაცხა მწვალებლობად და დასწყევლა ისიც და ყველა მისი მიმდევარიც, აჩვენებს თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და აბსურდულია თანამედროვე ახალმოწესე "მართლმადიდებლების" მცდელობა, პირჯვრისწერის ყველა წესი აღიარონ თანასწორად.

ახალმოწესეთა სამღვდელოება კი, მიუხედავად ამისა, თავის მრევლს ასწავლის, თითქოს ორი თითით პირჯვრისწერა ეს არის სასულიერო პირთა პრეროგატივა. ასევე, თითქოსდა ორი თითით გასცემენ ისინი კურთხევასაც, რიგით ერისკაცთ კი ამისი უფლება არა აქვთ და მათ, პირჯვარი სამი თითით უნდა დაიწერონ.

1667 წლის ახალმოწესეთა მოსკოვის კრებამ, რომელსაც პატივაყრილი თუ პატივაუყრელი აღმოსავლელი იერარქებიც ესწრებოდნენ, დააკანონა არა ორი თითით კურთხევა, არამედ უცნაურად, ხუთი თითით, რომელიც ვითომცდა გამოხატავს ქრისტეს სახელს (უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობა ამ კრებამ, და მისი მიღებით, - მთელმა აღმოსავლეთის ეკლესიამ, გამოაცხადა მწვალებლობად. ანუ, თუ დავუჯერებთ გაბატონებული ეკლესიის სასულიერო პირებს და მათ ადეპტებს, გამოდის, რომ ახალმოწესე სამღვდელოება ერს აკურთხებს მწვალებლობად შერაცხილი დაწყევლილი თითების წყობით...

კურთხევის გაცემის წესს ჩვენ უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით, აქ კი ვიტყვით, კურთხევა იმით განსხვავდება პირჯვრისწერისგან, რომ, თუ პირჯვრისწერის უფლება ნებისმიერ ქრისტეანს გააჩნია, კურთხევის გაცემა მხოლოდ მღვდელმსახურთა პრეროგატივაა. მღვდელმსახურს, ერისკაცისაგან განსხვავებით, სხვათა სულების პატრონობაც ევალება, ამიტომ, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის ცხონებაზე უნდა იზრუნოს და ჯვრით მოიზღუდოს თავი ეშმაკის მზაკვარებისგან, სხვასაც უნდა გადაწეროს ჯვარი და ამ ქმედებით აკურთხოს იგი. ამ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო ეშმაკის დასათრგუნი ახალი ფორმული მოგონება?! ანუ, თუ პირჯვრისწერისთვის განწესებული თითების წყობით ითრგუნება ეშმაკი, იგივე წყობას კურთხევისას ძალა არა აქვს (რომელი წმინდა მამა იუწყება ამგვარ რასმე)? ან, პირიქით: თუ კურთხევის გასაცემ იმ წყობებსა აქვს ძალა, რომელთაც ჭეშმარიტ საკურთხებელ თითთამიერ წყობად მიიჩნევენ, რატომ ამგვარადვე არ იწერენ პირჯვარს?

თუკი ერთიც (პირჯვრისწერა) და მეორეც (კურთხევა) თრგუნავს ეშმაკს და ღვთიურ წყალობას აზიარებს მორწმუნეს, რა საჭიროა მათ შორის განსხვავება, განა პირჯვრისწერისა და კურთხევის წესები ორივე ერთი და იმავე მაცხოვრისგან არ გვებოძა? ხოლო თუ პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითების წყობებს შორის არ არის არავითარი სხვაობა მადლმოსილებისა და ძალმოსილების თვალსაზრისით, რაღა საჭიროა თითების წყობის შეცვლა ამ ორი პირჯვრის გარდასახვით? რა საღვთისმეტყველო მნიშვნელობაა ჩადებული ამგვარ ცვალებადობაში?

ჭეშმარიტად, როგორც პირჯვრისწერა, ასევე კურთხევის გაცემა მაცხოვრისგან მოგვეცა, რომელმაც თავადვე დაგვიდგინა გარკვეული დოგმატური აზრის მატარებელი წყობა თითებისა და მათი მოძრაობის წესიც. როგორც ვთქვით, ეშმაკის დასათრგუნად და ღვთიური მადლისა და ძალმოსილების მისანიჭებლად, ხოლო კურთხევის გაცემასა და პირჯვრისწერას შორის არსებობს მხოლოდ ერისკაცთა და მღვდელმსახურთა ფუნქციებისგან გამომდინარე უფლებრივი განსხვავება (ანუ ერისკაცს არა აქვს უფლება, გასცეს სამღვდლო კურთხევა მაშინ, როდესაც მღვდელმსახურს თვით უფალმა მიანიჭა ეს უფლება).

გარდა ამისა, მტკიცება, თითქოსდა ახალმოწესეთა მღვდლები და ეპისკოპოსები ერს აკურთხებენ ორი თითით, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. აი რას ვკითხულობთ საღვთო რჯულის შემსწავლელ სახელმძღვანელოში კურთხევის გაცემის შესახებ: "ღვთისმსახურნი (ანუ ღვთისმსახურებისთვის საგანგებოდ დადგენილი პირები - არქიეპ. პ.) - ჩვენი სულიერი მამები: ეპისკოპოსები (მღვდელმთავრები) და მღვდლები - გადაგვსახავენ ჯვარს ასოებით IC XC., რაც (სლავური ანბანის მიხედვით - ეპ. პ.) იესუ ქრისტეს ნიშნავს. ეს მიანიშნებს, რომ მღვდლის მიერ გვაკურთხებს თვით იესუ ქრისტე" (Закон Божий для семьи и щколы. Составил протоиерей Серафим Слободский, изд. четвертое, типография преп. Иова Почаевского, Джорданвиль, 1987 г., стр. 46).

იქვე საილუსტრაციოდ მოცემულია ამგვარი სახელობითი წყობის, ანუ კურთხევის გასაცემი თითების წყობის გამოსახულება, რომელსაც ქვემოთ აქვს წარწერა: Благословляющая рука священнослужителья (მაკურთხებელი ხელი ღმრთისმსახურისა. იხ. სურ 2).

საკუთარ მრევლზე ჯვრის გამოსახვის (ანუ კურთხევის) ასეთი წესი, რომელიც უცნობია ძველი მართლმადიდებლობისთვის, დააკანონა ნიკონიანური რეფორმების დამაგვირგვინებელმა მოსკოვის 1667 წლის კრებამ რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლელი პატრიარქები და სასულიერო იერარქები სხვადასხვა ქვეყნიდან (არსებობს ცნობა, რომ ამ კრებას ესწრებოდნენ ივერიის წარმომადგენლებიც). ასე გადმოსცემია თურმე ეს ჩვეულება ეკლესიას თვით მოციქულთაგან. მოციქულებსვე მიუღიათ კურთხევის ზემოთხსენებული ჩვეულებაც, რომელშიც თითები განსაკუთრებული წყობით იკითხება როგორც IC XC (იხ. სურ. 2). აი, ამ კრების განჩინებაც:

"ასევე, მთელ სამღვდელო დასს ერის კურთხევას ასე ვუბრძანებთ: მარჯვენა ხელის ორი თითი შეაერთონ, საჩვენებელი თითი აღმართონ, ხოლო საშუალო ოდნავ მოხარონ, რაც იესუს (IC) მიანიშნებს. შემდეგ, ორი თითი: ცერი და არათითი გადააჯვარედინონ, რითაც ასო X აღინიშნება. და კვლავ, მათ ნეკა თითიც მიუერთონ, რომელიც ოდნავ უნდა მოხარონ, რითაც გამოსახავენ ასო - C -ს და ამ სამი თითით გამოხატონ XC. და ყველა ამ თითებით, რომლებითაც გამოისახება იესუ ქრისტე IC XC (იხ. სურ. 2) ქრისტეანთა კურთხევის წესს გამცნებთ:…თუკი ვინმე ჩვენგან ნაბრძანებს არ შეისმენს და ჩვენს წინააღმდეგობას შეუდგება, შევაჩვენებთ და ყოველგვარ სასულიერო პატივს ავყრით (Деяния московских соборов, 1667 г., изд. Москва, синод. типогр., л. 5-7, об.). უფრო დეტალურად იხ. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ბეჭდვითი გამოცემა "მართლმადიდებელი", 2001 წ., # 2 (23), გვ. 6, სვ. 1).

ამრიგად, როგორც ვხედავთ, გაბატონებული ეკლესია და მათი სულიერი მამები მრევლს ორი თითით კი არ აკურთხებენ, არამედ ხუთი თითით, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ, მათივე თქმით, მაცხოვრის სახელის სლავურენოვან დაწერილობას (Иисус Христос) - ს მიანიშნებს. ეს წყობა დააკანონა რეფორმატორულმა ეკლესიამ და წყევლა-კრულვით, შეჩვენებით და პატივის აყრით დაემუქრა ყველას, ვინც არ შეასრულებდა ამ წესს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამ წესს არავითარ შემთხვევაში ორი თითით კურთხევის გაცემას არ უწოდებენ! ამიტომაც აქვე გავარკვიოთ, რას უწოდებენ ორი თითით კურთხევის გაცემას ნიკონიანელი რეფორმატორები.

ნიკონიანური ეკლესიის კრებათა და მოძღვართა დადგენილებებით, ჯვრის გადასაწერი თითების წყობა (ორი თითით კურთხევა და პირჯვრისწერა) გამოცხადდა: 1. არიანელობად (Скрижаль, л. 15); 2. ნესტორიანელობად (იქვე გვ. 16); 3. მაკედონიანელობად (Пращица, отв. 30, л. 92; отв. 35, л. 99, 100; отв. 52, л. 112); 4. ღმრთისმგმობ განყოფად (Скрижаль, л. 796); 5. სომხურ მწვალებლობად (Увет, л. 68, 119); 6. ჯოჯოხეთის კარიბჭედ (Скрижаль, л. 715: Игнатий Тобольский, стр. 103); 7. დემონთა სავარძლად (Д. Ростовский, "Розыск", л. 188); 8. ეშმაკის გადმოცემად (Обличение, л. 16; В. Т. Зеленков, Выписки... Вторая половина, Москва, 1912 г., стр. 90, 92, 93-97, 110) და სხვა.

სერაფიმე საროველი, ნიკონიანური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი "წმინდანი", ორი თითით პირჯვრისგადამწერ და კურთხევის გამცემ ძველმორწმუნეებზე ამბობს, რომ თურმე: "სასოებით აღსავსე ადამიანებიც რომ იყვნენ, მაინც შეკრული იქნებიან, რამეთუ წმინდა მართლმადიდებლური (ე. ი., მათი, ნიკონიანური - ეპ. პ.) ეკლესია არ შეიწყნარებს ამ ჯვარს" (Житие преп. Серафима, сост. автор летописи Серафимо-Дивеевского монастыря, СПб, 5, 1903 г., стр. 75, по изд. 1 СПб, стр. 70, 71). ამდაგვარი მოწმობების მოტანა მრავლად შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ თითების როგორი წყობით აკურთხებს თავის მრევლს ნიკონიანური ეკლესია და რას უწოდებდა ის ორი თითით პირჯვრისწერას.

მაშ, თუ ოპონენტების ეკლესია, მათი საეკლესიო კრებები და "წმინდანები" "არ შეიწყნარებენ ამ ჯვარს" (ანუ ორი თითით პირჯვრისწერას და კურთხევის გაცემას), მიიჩნევენ მას ერეტიკულად და მრავალგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტითაც კი "ამკობენ", სრულიად ამოაგდეს თავიანთი საეკლესიო პრაქტიკიდან და ამგვარი წყობით კურთხევას თავიანთ სასულიერო პირებს პატივის აყრითა და სამარადისო შეჩვენების მუქარით უკრძალავენ, მტკნარი სიცრუე ყოფილა ოპონენტების მტკიცება, თითქოსდა მათი მღვდლები მრევლს ჯვარს ორი თითით გადასახავენ.

ან, თუკი ორი თითით პირჯვრისწერა არის მწვალებლობა, "ჯოჯოხეთის კარიბჭე" და "ეშმაკის გადმოცემა", როგორ შეიძლება მისით ვინმეს "კურთხევა"? აქედან კი რა გამოდის: ან ტყუის მოსკოვის 1667 წლის კრება, რომელმაც, როგორც მწვალებლობა, დაგმო და დაწყევლა ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის წესი და ანათემას გადასცა ამ წესის დამცველი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები; ან ტყუიან ჩვენი თანამედროვე ახალმოწესეები გასული XIX, XX საუკუნეების ცნობილ მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად, როდესაც ამ კრების საპირისპიროდ ამტკიცებენ, რომ პირჯვრისწერის წესი, პირველივე საუკუნიდან იყო არა ორი ან სამი თითით, არამედ ერთით პირჯვრის გადასახვა. მეტიც, სამი თითით პირჯვრისწერა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბერძნეთში ფეხს XIII საუკუნიდან იკიდებს.

მაშ, რომელია უტყუარი - თანამედროვე ახალმოწესეთა შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება 1667 წლის კრების დადგენილებას, თუ 1667 წლის კრება, რომელიც წყევლა-კრულვას უთვლის ყველას, ვინც არ გაიზიარებს კრების შეხედულებას სამი თითით პირჯვრისწერის მოციქულთამიერ წარმომავლობაზე? ეს შეკითხვა ჩვენ გვინდა დავუსვათ ამ მოკრძალებული ნაშრომის წამკითხველ ახალმოწესეებს და საერთოდ ყველას, ვისაც ძველმართლმადიდებელთა სიმართლე აეჭვებს.

სანამ საკითხთა უფრო დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ გავცეთ პასუხი კიდევ ორ არასწორ შენიშვნას:

1) საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ან რომელი თითებით გადაიწერს პირჯვარს ქრისტეანი თუ პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ რომელიმე კონკრეტულ წესში ჩადებულია მართლმადიდებლური სწავლება.

პასუხი: მუშტით პირჯვრისწერაზე წმინდა მამათაგან არაფერი გვსმენია. პირიქით, მათ თხზულებებში მეტად მკაფიოდ და ცხადად არის წარმოდგენილი სწავლება პირჯვრისწერის შესახებ როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმის თვალსაზრისით (უფრო დეტალურად იხ ქვემოთ). მაგრამ, ასეც რომ იყოს ანუ თუ "ასეც შეიძლებოდა და ისეც", მაშინ საერთოდ გაუგებარი ხდება, რას ერჩოდნენ რუს ქრისტეანებს ბერძენი იერარქები, როცა მათ მიერ შენარჩუნებულ ძველ ქრისტეანულ ჩვეულებას ეწინააღმდეგებოდნენ? ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამგვარი არგუმენტებით ძველმოწესეთა სიჯიუტესა და უმეცრებას წარმოაჩენენ, არადა, პირიქით კი გამოსდით! მათი თანამედროვე წარმოდგენები წინააღმდეგობაშია მათსავე ადრინდელ დადგენილებებან, რომლის გამოც დახოცილია და ნაწამებია მილიონობით ადამიანი; და, პირიქით, ძველი წარმოდგენები წინააღმდეგობაშია ახალთან. თუ ახალმოწესეები თავად დაინტერესდებიან, რომელია მართალი, ჩვენ ამ საქმეში ყოველნაირ დახმარებას გავუწევთ.

2) ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და მიიჩნევენ, თითქოსდა პირჯვრისწერა საერთოდ არ არის მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან, მასზე რომ იყოს დამოკიდებული მართლმადიდებელი ადამიანის სულის ცხოვნება, მაშინ ვერ ცხონდებოდნენო მარჯვენა ხელის არმქონე, ან უხელო ადამიანები.

პასუხი: ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ თვით სარწმუნოების დოგმატებიც არ ყოფილა სულის ცხოვნებისთვის საჭირო და აუცილებელი ელემენტი, ვინაიდან ვინ იტყვის ან დაამტკიცებს, რომ ვერ ცხონდებიან დაბადებიდან გონებაჩლუნგი ადამიანები? რა ქნან მათ, როგორ ცხონდნენ, თუკი ბუნებას ისე დაუჩაგრავს, რომ ქრისტეს შემეცნების უნარი წაურთმევია მათთვის? და, თუ ცხონდებიან, ან იტყვიან, რომ ასეთ განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევაში ნათლობის ბეჭედი და ნათლიის რწმენა აცხოვნებს მათ (რაშიც დავეთანხმებით), რატომ არ უნდა ცხონდნენ რაღაც უბედური შემთხვევის გამო ან დედის მუცლიდანვე ფიზიკური ნაკლით დაბადებული ადამიანები?

გონებაჩლუნგი, დაუნი და უხელფეხო ადამიანი შეიძლება ცხონდეს, მაგრამ ვერ ცხონდება ფიზიკურად და გონებრივად სრულიად საღი, რომელსაც, დავრდომილთაგან განსხვავებით, სრული შესაძლებლობა აქვთ სულითაც, გონებითაც და გარეგნული ცხოვრებითაც გამოხატოს თავისი სარწმუნოება და ამას შეგნებულად არ აკეთებს.




სურ. 2.

კურთხევის გასაცემი თითების წყობა, სადაც თითების განლაგებაში, როგორც ოფიციალური ეკლესია ასწავლის, იკითხება მაცხოვრის სახელის დასაწყისი და ბოლო ასოები, კერძოდ: IC XC.


5. რატომ არ შეიწყნარებენ ძველმოწესეები სამი თითით პირჯვრისწერას?

თუკი, როგორც უკვე ვნახეთ, ერთი თითით პირჯვრისწერა მონოფიზიტ-იაკობიტთა წესი იყო, რომლითაც ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ, ხოლო, როგორც თვით ედ. ჭელიძეც აღნიშნავს: "…ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსება სამება აღინიშნება… და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი და ერთი სახისმეტყველება აქვს" (ედ. ჭელიძე. ხსენებ. ნაშრ. გვ. 207) გამოდის, რომ ვეთანხმებით ჯვარცმული ღვთაებრივი ბუნების შესახებ მონოფიზიტურ სწავლებას, რომელიც უკვე სამი თითით პირჯვრისწერის წესში მოიაზრება; და, თუკი პირჯვრისსაწერი თითებით პირჯვრის გარდასახვა, წმ. ბასილი დიდისა და კირილე იერუსალიმელის განმარტებით, ჯვარცმულის აღსარებას ნიშნავს, ცხადია, რომ ის, ვინც ან ერთი, ან სამი თითით პირჯვრისწერას ასწავლის, მონოფიზიტური მწვალებლობის მქადაგებელია და ღვთაებრივი ბუნების ჯვარმცმელი ღვთისმბრძოლი და შეჩვენებული პეტრე კნაფევსის მსგავსად, რომელმაც სამწმიდაოს ლოცვაში ("წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო") დაამატა სიტყვები "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის" და ამით ჯვარს აცვა ღვთაებრვი ბუნება; ამიტომაც ჯერ ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით კი რუსმა მამებმა მიტროპოლიტ მაკარის მეთაურობით, რომლის ავტორიტეტს არც გაბატონებული ეკლესია უარყოფს, შეაჩვენეს ყოველი, რომელიც ორი თითით არ გადაიწერდა პირჯვარს; და თუ ბერძნებმა (როგორც ამას პროფ. ნ. კაპტერევი და პროფ. ე. გოლუბინსკი ამტკიცებენ) იაკობიტ მონოფიზიტთა წინააღმდეგ ჩამოაყალიბეს ეს ფორმულა, რუსმა მამებმა, როგორც უკვე ვთქვით, სამი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იგი.


6. რატომ არის სამი თითით პირჯვრისწერის წესი ღვთაებრივი ბუნების ჯვარცმა, ორი თითით პირჯვრისწერის წესი კი არა?

არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ირონიულ შენიშვნას, რომელიც ხშირად გვესმის: "გავრცელებულია ღიმილისმომგვრელი მტკიცება: ვინც საკუთარ თავზე სამი თითით იწერს პირჯვარს, ის ამ გზით ჯვარს აცმევს სამებას. ამ თვალსაზრისის მომხრეებს შევახსენებთ, რომ როდესაც მორწმუნე ადამიანი პირჯვარს იწერს, ჯვრის ფორმას გამოსახავს მთელი ხელის მტევანი. ორი თითით პირჯვრის გადამწერნი სამ შეკრულ თითს (ცერი, არათითი, ნეკი) სამების სიმბოლოდ რაცხენ, მაგრამ განა ეს სამი თითიც ასევე არ შემოწერს ჯვრის ფორმას, როგორც ორი დანარჩენი?"

"შეიძლება მოგვიგონ, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თითებს, რომლებიც უშუალოდ ეხება სხეულს. ამგვარი შეპასუხება არ იქნება მართებული, რადგანაც მაგალითად, კურთხევის გაცემის ჟამს მოძღვარი მხოლოდ ჰაერში გამოსახავს ჯვარს და ეს ჯვარი ბუნებრივი აუცილებლობით, ცხადია, გამოისახება ყველა თითის მიერ მოკეცილია ის, თუ აღმართულია, რადგანაც ჯვრის გამოსახვაში მონაწილეობს მთელი ხელის მტევანი... სამი თითით პირჯვრისწერა თუ სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიწერდეთ პირჯვარს სამებისადმი … ჯვარი წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეწოდება ნათლისღებას, ხოლო ნათლისღება კონკრეტულად სამებისადმი აღესრულება. თუკი პირჯვრისწერის თითებით არ შეიძლება სამების აღნიშვნა, მაშინ ნათლისღებასაც არ უნდა აღვასრულებდეთ სამებისადმი, რადგანაც, როგორც ვთქვით, ნათლისღება იგივე ჯვარია" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 203-204).

ჯვარი, კლიმენტი ალექსანდრიელისა და თეოდორიტეს განმარტებით, არის საუფლო ნიშნისა და ძლევის სახე (იქვე. გვ. 187, 191). მასში ჯვარცმული ქრისტე იქადაგება, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი ბრძანებს: "აღიბეჭდვის ნიშითა მის ცხოვრებისათა… რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასო მისა და სძალ სიძისა მის დიდისა, რომელი (ე. ი., ქრისტე - ეპ. პ.) იქადაგების ყოველსა ჟამსა ნიშითა ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული. თბილისი. 1979 წ. გვ. 139), ამიტომაც არის ეს ბეჭედი ქრისტესი უფლის ვნებისა და აღსარების ნიშანი, ხოლო ნათლისღება მოცემული გვაქვს ჯვარცმული მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილის (დაფლვის) სახედ: "ისმინე პავლესი, რასა იტყვის, ვითარმედ: დავეფლენით მის (ქრისტეს და არა სამებას - ეპ. პ.) - თანა ნათლის-ღებითა სიკუდილად" და ვითარმედ "ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს ეცვა" (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. წიგნი I. გვ. 167. თბილისი 1993 წ.). აი, რატომ არის, რომ "არა თუ ოდენ ნათლისღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასა ნათლის-ღებაი…" (იქვე. გვ. 168), რამეთუ მიგვანიშნებს თუ ვისი მაცხოვნებელი მსხვერპლის გამო მოგვეცა ნიშად სამგზის დაფლვა წყალში სულთა განსაწმენდად.

როგორც უკვე ვთქვით და წმ. მამებიც დავიმოწმეთ, ჯვარი თითებით ქრისტეს სახელის მიმართ (ანუ ქრისტეს აღსარების ნიშნად) უნდა იქნეს გამოსახული. ქრისტეა ჯვარცმული (ადამიანური ბუნებით) და არა სამება და, რადგანაც ჯვარცმული მაცხოვარი "სამ დღე იყო საფლავსა შინა" (წმ. იოანე ოქროპირი) ნათლისღებისას სამგზისი დაფლვის წესიც სწორედ ამ ნიშნის გამოა ბოძებული. სწორედ ამიტომ იწოდება ჯვარი ნათლისღებად და ყოველივე ეს წმ. სამების მფარველობითი ბეჭდით აღიბეჭდება, ამიტომ ინათლება მოსანათლავი სამგზის დაფლვისას სამების სახელზე და იწერს პირჯვარს ორი თითით (საჩვენებელი და შუათითი), სამი თითი კი (ცერი, ნეკა და არათითი) შეკრული აქვს სამების მფარველობითი აღბეჭდვის ნიშნად.

მაშასადამე, თითების წყობაც და ნათლისღებაც ჯვარცმულის აღსარებისა და მისი სამი დღის განმავლობაში საფლავში დების ნიშად გვაქვს ბოძებული. ამიტომაც არსებობს პირჯვრისწერასა და ნათლისღებას შორის ასეთი აღმსარებლობითი კავშირი.

ედ. ჭელიძის მტკიცებით კი, იგივე წმ. მამათა განმარტებებიდან გამომდინარე, რომლებიც თითებით ჯვარცმულის აღსარებას ითხოვენ, სამი თითით პირჯვრისწერა ჯვარცმულის აღსარებას გულისხმობს, და, თუკი ჯვარი იგივე ნათლისღებაა, გამოდის, რომ ჯვარზე ღვთაებრივი ბუნება მომკვდარა და, ნათლისღებაში სამგზისი დაფლვაც, რომელიც, ედ. ჭელიძის განცხადებით "სამების მიმართ აღესრულება", ღვთიური ბუნების სამდღიანი დაფლვის სახედ ყოფილა ბოძებული და მართალი ყოფილა პეტრე კნაფევსი, რომელიც სამწმიდაო ლოცვაზე ("წმიდაო ღმერთო…") სიტყვების - "რომელი ჯვარს ეცვი ჩვენთვის" დამატებით იმავეს ამბობდა, რაც ჩვენს დროში გამოთქვა ედ. ჭელიძემ. კნაფევსმა შეჩვენება დაიმსახურა, რას იმსახურებენ სამი თითით პირჯვრისწერის მიმდევრები, თავად განსაჯეთ.

უფრო მეტიც, ბ-ნ ედ. ჭელიძის მოცემული განმარტება სამი თითით პირჯვრისწერისა ჯვარცმული ქრისტეს აღსარებას საერთოდ არც კი გულისხმობს. აი, რას წერს იგი: "მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, ვინც ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემას აღიარებს, თვლის, რომ ეს ორი თითი მაცხოვრის ორბუნებოვნებას აღნიშნავს (როგორც ჩანს, ასე არ თვლის ბ-ნი ედ. ჭელიძე - ეპ. პ.), თუ სამი თითით პირჯვრისწერა სამების ჯვარცმას ნიშნავს, მაშინ ორი თითით პირჯვრისწერა მაცხოვრის ორივე ბუნების ჯვარცმას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ განა შესაძლებელია ეს? განა მაცხოვრის საღვთო ბუნებისთვის ჯვარცმის მიწერა იგივე სამების ჯვარცმას არ ნიშნავს?" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 204).

სამი თითით პირჯვრისწერაში, რომლის სამართლიანობასაც ამტკიცებს ბ-ნი ედ. ჭელიძე, როგორ არის? შეკრულია პირველი სამი და მოკეცილია ბოლო ორი თითი. მაგრამ, რადგან ბ-ნი ჭელიძე თითების წყობაში მხოლოდ სამების მფარველობით აღბეჭდვას ხედავს, გამოდის, რომ მის მიერვე მოცემულ განმარტებაში ორი მოკეცილი თითი, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს.

მაშასადამე, თუ თითების წყობით, - როგორც წმ. მამები განმარტავენ, - უნდა გამოვხატავდეთ აღსარებას იმისა, ვინც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო ბ-ნი ჭელიძე და, საზოგადოდ, ყველა ახალმოწესე ამ აღსარების ნიშნად ჰკრავს სამ თითს, რაც, მათივე მტკიცებით, წმ. სამების ერთარსობის სიმბოლოს წარმოადგენს, და ასე გამოხატავენ ჯვარცმულის აღსარებას, გამოდის, ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას მიიჩნევენ.

ჩვენ ვიცით, რომ ამ საშინელი მწვალებლობის ავტორი არ არის ბ-ნი ედ. ჭელიძე. ჯვარცმულის აღსარებად და სადიდებლად სამი თითის შეკვრა და მით პირჯვრისსაწერი თითიების წყობაში ჯვარცმულად წმ. სამების გამოცხადება გაბატონებული ეკლესიის მოძღვრებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი თავგამოდებით იცავს ბ-ნი ედ. ჭელიძე. კერძოდ, ჩვენ უკვე ვახსენეთ გაბატონებული ეკლესიის მიერ 1963 წელს გამოცემულ "ლოცვანში" მოცემული განმარტება პირჯვრისწერის შესახებ, სადაც წერია: "კეთილმსახურსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანსა მართებს, რომ პირჯვრის დასაწერად შეაერთოს ხელის თითები ესრეთ: პირველად უნდა შეაერთოს თავისი მარჯვენა ხელი სამი თითი, სახედ წმიდისა სამებისა. დიდი თითი, ე. ი. ცერი და შემდგომ მისი ორი თითი: ამით ცხადად ვაჩვენებთ წმიდისა სამებისა თანასწორობას და ერთარსობას და ამასთანავე შეურევნელობას..." (ორ თითზე აქ საერთოდ არ არის მოცემული განმარტება - ეპ. პ.), ხოლო შემდეგ ნათქვამია: "და ესრეთ, ამ ნაირად ჯვრის პირზედ გამოსახვითა სამითა თითითა, როგორცა ვთქვით ზემოთ, ჭეშმარიტად პატივის იცემების და იდიდების ჩვენგან გამოუთქმელი ძალითა ჯვარცმული მაცხოვარი და პატიოსანი ჯვარი".

ცხადია, რომ, წმ. მამათა მოთხოვნის თანახმად, გაბატონებულ ეკლესიას ესმის თითები ჯვარცმულის აღსარების ნიშნად რომ უნდა შეკრას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირჯვრისსაწერი თითების წყობით გამოხატოს აღსარება ჯვარცმულისა და ადიდოს იგი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ორი თითით (მაცხოვრის ორბუნებოვნების სიმბოლოდ) "ჰქმნან ბეჭედი ჯვარი" ჯვარცმულის აღსარებას სამი თითით გამოხატავენ.

ამრიგად, სამი თითით პირჯვრისწერა ჯვარცმაა სამებისა, არა იმიტომ, რომ აქ, როგორც ოპონენტები ბრძანებენ "მთელი ხელის მტევანი ჯვრის ფორმას შემოწერს", არამედ იმიტომ, რომ ჯვარცმულს სამი თითით განადიდებენ; და ჯვარცმულად ღვთაებრივ ბუნებას წარმოაჩენენ".


7. რატომ არ აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები სახელობითი კურთხევის წესს, რომელიც მრავალ ძველ ხატზეც არის გამოსახული?

ამ საკითხში გასარკვევად, აუცილებელია, განვიხილოთ თვით ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" ეს სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ახალმოწესეთა ეკლესიის კრებითი განმარტებების მიხედვით ღმერთმა, როდესაც ის ადამიანს ქმნიდა თურმე, სპეციალურად მისცა მას ისეთი თითები, რომლითაც შეძლებდა ბერძნული და სლავური ასოების გამოხატვას: IC XC. "საღმრთო განგებით, - ვკითხულობთ გაბატონებული, ახალმოწესეობრივი ეკლესიის მიერ კრებითად დამტკიცებულ წიგნში "ფილაქანი" ("Скрижаль), - დასაბამიდანვე ასეა მოწყობილი თითები კაცისა, არც მეტი, არც ნაკლები… რათა მას ამგვარი კურთხევა შესძლებოდა" ("Скрижаль, л. 817, об).

ეს განმარტება ეჭვზე უფრო მეტად გაკვირვებას იწვევს. ჯერ ერთი, სულ ცოტა ხნის წინათ შექმნილ ადამსა და ევას საიდან უნდა სცოდნოდათ ან ბერძნული, ან სლავური, რომლებიც, თავის მხრივ, იმ დროს არც არსებობდა?! მეორეც, ადამიანს თითები მიეცა არა იმისთვის, რომ მათით ასოების დემონსტრირება მოეხდინა, არამედ ფიზიკური საქმიანობისთვის. მესამეც, ადამიანის მსგავსი თითები აქვთ მაიმუნებს, ლემურებსა და მღრღნელთა ზოგიერთ სახეობასაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ამ ცხოველს თითები მიეცა "სახელობითი კურთხევის გამოსახატავად".

არანაკლებ საკვირველია ამ სწავლების მეორე პუნქტი. ახალმოწესეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წყობის ავტორი არის თვით მაცხოვარი: "თითების ამგვარი მოწყობა საკურთხებლად თვით ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტესგან გვისწავლია" - წერენ ისინი ("Жезл", л. 63) მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინცა აქვს წაკითხული ახალი აღთქმა, ცნობილია, რომ უფალი ახარებდა, ქადაგებდა და მოციქულებს ელაპარაკებოდა ებრაულ ენაზე. ვარაუდი, მაცხოვარმა თითქოსდა ებრაელებისთვის უცხო ენაზე (ბერძნულად ან სლავურად) ასწავლა თავის მოწაფეებს ერის კურთხევა და თვითონაც ასე აკურთხა მოციქულები, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უაზროა.

სწავლება სახელობითი კურთხევის შესახებ არა მარტო წმინდა წერილისა და ისტორიის საწინააღმდეგოა. ნაციონალიზებული, ბერძნულ-რუსული "კურთხევა" ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას სახარების ქადაგებისა ყველა ენაზე და ყველა ხალხისთვის. ებრაელების, გერმანელების, ჩინელებისა თუ კორეელების კურთხევა სლავური ლიტერებით, ყველაზე მცირე, მეტად უტაქტოდ გამოიყურება.

დიდ ეჭვს იწვევს სახელობითი კურთხევის თვით ფორმაც. გარეშე დამკვირვებელმა შეუძლებელია ამოიკითხოს მასში ასოები: IC XC. როდესაც ვათვალიერებთ ძველ ხატებს, ცერა და არათითის შეერთება წააგავს ასო O - ს, თანაც ამ ხატებზე ნეკა თითი გამართულია, ხოლო ამავე თითების (ცერა თითისა და არათითის) გადაჯვარედინება რომლითაც, როგორც ახალმოწესეები ირწმუნებიან, თითქოსდა ასო X გამოიხატება, უფრო წააგავს ბერძნულ "ალფას" (α).

ცხადია, ახალმოწესეებსაც კარგად ესმით ამგვარ მტკიცებულებათა აბსურდულობა, ამიტომაც თავიანთ კრებით დადგენილებებსა და აპოლოგეტურ ლიტერატურაში იძლევიან საკურთხებელი თითების წყობის "სწორი" დაშიფრვის მეთოდოლოგიას, რომელიც ძალიან წააგავს ქირომანტიას. აი რას წერენ ისინი:

"როდესაც მღვდელი აკურთხებს, მას გამართული აქვს საჩვენებელი თითი, შუა თითი კი ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს იესუს - IC. და კვლავ, ცერა თითი მიერთებულია არათითზე, ნეკა კი გამართულია და ოდნავ მოხრილი, რაც ნიშნავს ქრისტეს - XC. მოხრილი ნეკა ასო C-ს მიანიშნებს. და აი, ასე ყველა თითი ერთობლივად მაცხოვრის სახელს IC XC მოასწავებს" (Деяния собора 1666 г., л. 47, об.).

მაგრამ ზუსტად დაშიფრული და სწორად შესრულებული სახელობითი კურთხევის შემდეგაც გარეშე დამკვირვებელს უჩნდება შეკითხვა: "რომელი მიმართულებით უნდა წავიკითხოთ ასოები, რათა ამოვიკითხოთ IC XC? ზემოდან ქვემოთ, უკნიდან წინ თუ ხელის ზურგის მხრიდან? საიდან, რომელი მიმართულებით და როგორ უნდა ამოიკითხოს საკურთხებელმა პირმა ამ თითებში IC XC? უსუსურობა და ამგვარ აგებულებათა აბსურდულობა ცხადზე უცხადესია. მეტიც, წმინდა მამებისეულ ლიტერატურასა და ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სახელობითი კურთხევის ძველ წარმომავლობას. მის პირველ განმმარტებლად ახალმოწესეები მიიჩნევენ ნიკოლოზ მალაქსას. ეს მღვდელი ცხოვრობდა ბერძნულ ქალაქ ნავპლიაში მე-16 საუკუნის ბოლოს. სახელობითი კურთხევის "განმარტების" გარდა მალაქსას ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგო მრავალი სხვა თხზულებაც შეუთხზავს. ასე მაგალითად, "დიდი ეკლესიის ტიბიკონში" რომელიც აღმოსავლეთში პირველად 1838 წელს გამოიცა და შემდგომი გამოცემებიც იქვე დაიბეჭდა 1851 და 1868 წლებში, ნათქვამია: "ნიკოლოზ მალაქსა… მოუცავს ამპარტავნებას და საეკლესიო საგალობლების წერაც მოუნდომებია. რომ შეუთხზვია სტიქარონები ვენეციაში გაუგზავნია და ახალგამოცემულ ბერძნულ თვენში დაუბეჭდია. რისთვისაც კონსტანტინოპოლში წმინდა სინოდს გამოუცხადებია სქიზმატიკოსად, მისი დაწერილი საგალობლები კი ქრისტეს ეკლესიაში საგალობლად აუკრძალავს".

რაც შეეხება ძველ ხატებს, რომლებზეც ორი თითი, - საჩვენებელი და შუათითი - აღმართულია, ხოლო ცერი და ნეკა ერთმანეთთან მიერთებული, ამასთან, ნეკა გამართულია, ძველ ავტორთა უმრავლესობა მათ (თითების წყობას - არქიეპ. პ.) ყურადღების მისაქცევ ორატორულ, სამქადაგებლო ჟესტად მიიჩნევს. ამ თეორიის დასამტკიცებლად აკადემიკოს ე. გოლუბინსკის მოჰყავს მრავალი ქრისტეანობამდელი კლასიკური და წარმართული გამოსახულება, რომლებზეც ანალოგიური სიმბოლოა გამოსახული, თუმცა გამართული ნეკა თითი, ძველ ხატებში გვხვდება გვიან, დაახლ. მე-6, მე-7 საუკუნეებიდან. ყველაზე ძველ ქრისტეანულ გამოსახულებებზე - სარკოფაგებზე, დიპტიქებზე და პიკსიდებზე გვხვდება მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სიმბოლოები. ორატორული ჟესტის ნიშანი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამ პერიოდში ანტიკური საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის ზეგავლენასთან. შემთხვევები გვაქვს დასავლეთის ეკლესიაშიც. იქ ხატმწერები გამართულ ორ თითს ამატებენ ასევე გამართულ ცერა თითს. ვინც გულდასმით შეისწავლის დასავლეთის ხატმწერლობის ისტორიას შეამჩნევს, რომ XI-XV საუკუნეებში ორი თითი თანდათანობით გადადის ახალ, ე. წ. "სამოციქულო" კურთხევაში. აქაც, ისევე როგორც აღმოსავლეთში, გვხვდება ფრესკები და ხატები, რომლებზედაც ერთნი წმინდანთაგან აკურთხებენ მკაცრად ორი თითით, სხვები კი ორი თითით, მაგრამ იმ ვარიაციით, რომ გაშვებული აქვთ ნეკა თითი (აღმოსავლეთში) ან ცერა თითი (დასავლეთში).


8. რას ასწავლის გაბატონებული ეკლესია კურთხევის გაცემის ჟამს ორთითიან წყობასთან დაკავშირებით?

"კურთხევის გაცემის ჟამს ჯვრის გარდასახვის წესის ისტორია დიდი ხანია საფუძვლიანად არის შესწავლილი" - ო, წერენ ისინი და იქვე გვთავაზობენ პირველ სიყალბეს ამ საკითხთან დაკავშირებით; "ცხადყოფილია, - წერს ედ. ჭელიძე, - რომ უძველესი დროიდანვე ეს წესი ხელის თითების წყობის მიხედვით ძირითადად ოთხი სახისა იყო". აი ეს ოთხი სახე.



სურ. 3

"პირველი მათგანი უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც სპეციფიკურად ქრისტიანული სახე. საქმე ისაა, რომ თითების წყობის დანარჩენი სამი სახეობა გარეგნულ ანალოგს პოულობს ქრისტეანობამდელ ეპოქაშიც (ანუ ეს პირველი სახე, ბ-ნ ჭელიძის აზრით, მხოლოდ ქრისტეანობისთვის არის დამახასიათებელი და ქრისტეანობამდელ ეპოქაში ის არ გვხვდება -ეპ. პ.). საგულისხმოა ისიც, რომ ხსენებული პირველი სახე თითთა წყობისა, ამავე დროს, იწოდება კონკრეტულად ძველბერძნულ წესად, რადგანაც ძველბერძნული მართლმადიდებლური ხატები უმთავრესად სწორედ ამ სახეს გვიჩვენებენ, თუმცა მის გვერდით თავს იჩენს დანარჩენი სამი სახეც" (ედ. ჭელიძე. დასახ ნაშრ.).

თავისი "მტკიცებების" დასტურად კი ძველბერძნულ და ძველქართულ ხატებსაც იმოწმებს, რომლებზეც თურმე ის სახე, რომელიც, ძველმართლმადიდებელთა თქმით, ერთადერთ ჭეშმარიტ პირჯვრისწერად და კურთხევის გაცემად არის განჩინებული, უფრო იშვიათად გვხვდება (გვ. 215, 216).

უნდა განვმარტოთ, რომ ხატებზე გამოსახული თითები ყოველთვის არ გულისხმობს პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ კომბინაციებს. პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი წყობა მხოლოდ ერთია (
სურ. 1). გარდა ამისა, ყველა ახალმოწესე (ნიკონიანელი) მწვალებელი ურევს ზემოთ დამოწმებულ თითების წყობათა პირველ ნიმუშს თითების ე. წ. ძველბერძნულენოვან, "სახელობით" წყობასთან, რომლის მიხედვითაც მაცხოვრის სახელი იკითხება პირველი და ბოლო ასოების მიხედვით: IC XC. (სურ. 2). მაგრამ თითების სხვადასხვაგვარი წყობა ძველ ხატებზე ყოველთვის როდი ნიშნავს პირჯვრისსაწერ ან კურთხევის გასაცემ წყობას. ცნობილი ბიზანტიოლოგი და მეცნიერ-მკვლევარი, ე. გოლუბინსკი აღნიშნავდა, რომ თითების წყობა ძველ ფრესკებსა და ხატებზე, ხშირად გამოიყენებოდა როგორც ორატორული ჟესტი (იხ. მაგალითად, მისი "Из нашей полемики со староверами").

ასე რომ, ბ-ნ ედ. ჭელიძის მიერ წარმოდგენილ ვარიანტებს თითების წყობისა, ძველმართლმადიდებლური წესის გარდა მხოლოდ პირობითი, სიმბოლური მნიშვნელობები აქვთ და კურთხევის გაცემის წესებს არ წარმოადგენენ. თანაც გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიებში კურთხევა სწორედ ამ მწვალებლური, “ბერძნულენოვანი” თითთამიერი წყობით გაიცემა და არა ნახატზე მოცემული პირველი ვარიანტის მიხედვით, როგორც ოპონენტები ამტკიცებენ, თუმცა კურთხევის გაცემა არც ამ ვარიანტით არის მიღებული, რამეთუ ის, თვით ნიკონიანელი აკადემიკოსის აღიარებით, მხოლოდ და მხოლოდ ქადაგების სიმბოლოს, ორატორულ ჟესტს წარმოადგენს და არავითარ სარწმუნოებრივ-დოგმატურ შინაარს არ შეიცავს (იხ. ე. გოლუბინსკი. დამატება) დანარჩენი ფორმით, განსაკუთრებით კი წმიდა მართლმადიდებლური წესით, ნიკონიანელებს კურთხევა არასოდეს გაუციათ და არც დღეს გასცემენ.

რაც შეეხება ქართულ ხატებსა და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, რომელთაც არგუმენტებად იყენებს ბ-ნი ედ. ჭელიძე, უნდა ითქვას შემდეგი: ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე, “პორტაიტისაზე”, მაცხოვარს თითები შეკრული აქვს სწორედ ორთითიანი წესით და არა ისე, როგორც ოპონენტი ამას წარმოაჩენს. მარტივად რომ ითქვას, ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა ივერიის ღვთისმშობლის ხატზე მოცემული იყოს მისთვის სასურველი თითების კომბინაცია, არის სიცრუე.

მე-17 საუკუნის დასაწყისში სოლოვეცკელმა ბერებმა ამ ხატის უზუსტესი ასლი დაწერეს. ხატი აღიარებულია პორტაიტისას ყველაზე ზუსტ ასლად. ცხადია, რომ ყველას არ შეუძლია ათონზე გამგზავრება და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ადგილზე ნახვა. თუ ხელთ არა გვაქვს ამ ხატის (ვგულისხმობთ დედანს) ფოტოსურათი, რათა განვსაჯოთ, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის მასე ბ-ნი ედ. ჭელიძე, მაშინ უნდა ვნახოთ სოლოვეცკელი ბერების მიერ XVII საუკუნეში დაწერილ ზუსტ ასლს ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომლის ასლსაც აქვე გთავაზობთ და სადაც ნათლად ჩანს, რომ მაცხოვარს თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით. გარკვევით გაარჩევთ იმასაც, რომ ყრმა მაცხოვარს ცერა თითი არათითსა და ნეკაზე გვერდიდან აქვს მიდებული (იხ. ქვემოთ სურ. 4).

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ნიკონიანური რეფორმების ზეობის ჟამს მრავალი ძველმართლმადიდებლური ხატი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვარი, წმინდანი ან ანგელოზი და თითების იმგვარი წყობა, რომელსაც აღიარებენ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები (სურ. 1), მწვალებლებმა გადააკეთეს იმდაგვარად, როგორც ეს ზემოთ, მე-3 სურათის, პირველ, მესამე და მეოთხე ვარიანტებზეა გამოსახული.



სურ. 4.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი - "კარიბჭისა" ("პორტაიტისა")


9. საიდან მოდის პირჯვრისწერის წესი?

პირჯვრისწერის წესი რომ მოციქულთაგან გადმოგვეცა, ამას არავინ ეჭვობს. როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს: "ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის და ამას არავინ თვლის საკამათოდ, ვისაც საეკლესიო განწესებათა ცოტაოდენი ცოდნა მაინც აქვს. თუ დაუწერელი გადმოცემების დარღვევას მივყოფთ ხელს, ვითომცდა იმიტომ, რომ მათ არა აქვთ დიდი ძალა, ამით თვით სახარებას ვავნებთ უმთავრეს საკითხებში, ჩვენი ქადაგება შეიკვეცება და მხოლოდ სახელწოდებაღა შეგვრჩება. თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს, მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ, ვინ გვასწავლა წერილობით?" (წმ. ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის 27-ე თავიდან სულიწმიდის შესახებ. იხ. "დიდი რჯულისკანონი". თბილისი. 1976 წ.).

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ, თუ პირჯვრისწერა სამოციქულო გადმოცემაა, მაშინ, ცხადია, პირჯვრის საწერი თითების წყობაც ასევე მოციქულთა გადმოცემა უნდა იყოს, წარმოადგენდეს, როგორც მოწმობს ღირსი მაქსიმე ბერძენი, რომელიც თავისი წიგნის მე-40 თავში ორი თითით პირჯვრისწერას მოციქულთა საიდუმლო გადმოცემას უწოდებს. მოგვიანებით, მოციქულებსვე მიაწერეს ორი თითის სამით შემცვლელებმა პირჯვრის საწერი თითების წყობა, - თითქოსდა მათგან და მსოფლიო კრებათა მამათაგან ესწავლოთ იგი. კერძოდ, ნიკონ პატრიარქის განსაკუთრებულ თხოვნაზე, მოეცათ განმარტება პირჯვრის საწერი თითების შესახებ, იმდროინდელმა აღმოსავლეთის მწვალებელმა იერარქებმა პატრ. მაკარი ანტიოქელმა, მიტროპოლიტებმა: გაბრიელ სერბიელმა, გრიგოლ ნიკიელმა და გედეონ მოლდაველმა მიუგეს: "Предания прияхом с начала веры, от свв. Апостол и свв. отец и седми соборов творити знамение честного креста с тремя первыми персты руки... (Митр. Макарий. "История русской церкви", т. 12, стр. 169. Л. Ф. Пичугин. "Старая вера". Москва, 1991 г., стр. 8). - ანუ, სამი თითით პირჯვრისწერა თვით მოციქულთაგან, წმიდა მამათა და მსოფლო საეკლესიო კრებათაგან მიგვიღიაო.

ასე რომ, თვით ახალმოწესე ბერძენი იერარქები და რუსი პატრიარქი ნიკონი, მაკარი ანტიოქელის მეთაურობით მიიჩნევდნენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა თურმე წმ. მოციქულთაგან მოდის. ამგვარად, ისინი აღიარებენ, რომ პირჯვრისწერის დროს საჭიროა თითების გარკვეულ წყობად შეკვრა და ეს წყობა მოციქულთაგან გადმოგვეცა. ოღონდ გაბატონებულ "მართლმადიდებელთა" რწმენით, მოციქულთაგან გადმოგვეცა სამი თითით პირჯვრისწერის წესი, ძველმართლმადიდებელთა რწმენით კი ორით.

როგორც კი ამას აღიარებენ, გაბატონებული ეკლესიის აპოლოგეტები თვითონვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ შეხედულებას, რომ პირველი ქრისტეანები თურმე ერთი თითითაც იწერდნენ პირჯვარს. ნიკონის დროინდელი კრება, - საწინააღმდეგოდ თანამედროვე ახალმოწესე ღვთისმეტყველთა და მკვლევართა მტკიცებულებისა, - დაბეჯითებით და გადაჭრით ირწმუნება, რომ პირჯვარს პირველივე საუკუნიდან იწერდნენ სამი თითით და არა ერთით. მეტიც, ამ კრების "მამები" წყევლა-კრულვას უთვლიან ყველას, ვინც კრების ამ დადგენილებას არ დაეთანხმება და მოციქულთა გადმოცემისამებრ პირჯვარს სამი თითით არ დაიწერს: "...кто от христиан православных не творит крест тако по преданию восточныя церкви, еже держа с начала веры до днесь, - есть еретик... и сего ради имамы его отлучена от Отца, и Сына, и Святаго Духа, и проклята" (Митр. Макарий. "История..." ციტ. იქვე).


10. რატომ არის აუცილებელი ორი თითით პირჯვრისწერა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ ასეთ პირჯვრისწერას აქვს ძალა?

საგულისხმოა, რომ XVII საუკუნის ძველმორწმუნეთა სულიერი წინამძღოლი, დეკანოზი ამბაკუმი თავის ავტობიოგრაფიულ "ცხოვრებაში" ახსენებს არა ორი, არამედ ხუთი თითით პირჯვრისწერას, რაც იმას ნიშნავს, რომ პირჯვრისსაწერი თითების წყობაში იგულისხმება არა მარტო მაღლა შემართული ორი თითი, არამედ ის სამიც, რომელიც წმ. სამების აღსარების ნიშნად არის შეკრული. უბრალოდ, ჯვართან მიმართებაშია ორი თითი ქრისტეს ზეციდან გარდამოსვლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელში შობის, ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების და მეორედ მოსვლის ნიშანი.

როდესაც, მოსკოვში იმხანად შეკრებილმა "მსოფლიო პატრიარქებმა" და რუსმა იერარქებმა სიტყვით მიმართეს ამბაკუმს და ჰკითხეს თუ რატომ ჯიუტობდა და პირჯვარს ხუთი თითით რატომ იწერდა, თუკი "მთელი პალესტინა, - ასევე სერბები, ალბანელები, რუმინელები, რომაელები და პოლონელები, - ყველა ესენი პირჯვარს იწერენ სამი თითით", ამბაკუმმა უპასუხა, რომ "ხუთი თითით პირჯვარს იწერდნენ პირველი რუსი მწყემსმთავრები, ასევე წმიდა მამები მელეტი ანტიოქიელი, ნეტ. თეოდორიტე კვირელი, პეტრე დამასკელი და მაქსიმე ბერძენი. ასევე ასმუხლიანი კრების (1551წ.) მონაწილე საკვირველთმოქმედი მამები. ("Последнее слово ко мне рекли: "что-де ты упрям? вся-де наша Палестина, - и серби, и альбанасы (ალბანელები - არქიეპ. პ.), и волохи (რუმინელები - არქიეპ. პ.), и римляне, и ляхи (პოლონელები - არქიეპ. პ.) , - все-де трема персты крестятся, один-де ты стоишь во своем упорстве и крестишься пятью персты! - так-де не подобает!" И я им о Христе отвещал сице: "вселенстии учителие! Рим давно упал и лежит невосклонно, и ляхи с ним же погибли, до конца враги быша христианом. А и у вас православие пестро стало от насилия туркскаго Магиета, - да и дивить на вас нельзя: немощны есте стали. И впредь приезжайте к нам учитца: у нас, Божиею благодатию, самодержство. ДО Никона отступника в нашей России у благочестивых князей и царей все было православие чисто и непорочно и церковь немятежна. Никон волк со дьяволом предали тремя персты креститца; а первые наши пастыри, якоже сами пятью персты крестились, такожде пятью персты и благословляли по преданию святых отцов наших: Мелетия антиохийскаго и Феодора Блаженнаго, епископа киринейскаго, Петра Дамаскина и Максима Грека. Еще же и московский поместный бывый собор при царе Иване так же млагая персты креститися и благословляти повелевает, яко ж прежнии святии отцы, Мелетий и прочии, научиша. Тогда при царе Иване быша на соборе знаменосцы Гурий и Варсонофий, казанские чюдотворцы, и Филипп, соловецкий игумен, от святых русских" (Житие протопопа Аввакума им самим написанное. მკითხველს შეუძლია თხზულება მოიძიოს ინტერნეტში).

მხოლოდ უძველესი, ძველმართლმადიდებელთა მიერ დაცული პირჯვრის საწერი ეს ხუთთითიანი წყობა გამოხატავს უმთავრეს დოგმატებს ქრისტეანობისა (იხ. სურ. 5). სამი თითით პირჯვრისწერისას კი (იხ. სურ. 6) გაუქმებულია ძე ღმერთის განკაცების საიდუმლო და ნაცვლად ღმერთკაცის ჯვარცმის აღსარებისა, რომელიც ადამიანური ბუნებით გაეკრა ძელზე და არა ღვთაებრივით (როგორც მონოფიზიტები ასწავლიან), ჯვარზე ვნების საიდუმლოს სამი თითით გამოხატავენ, რითაც ჯვარცმულად აცხადებენ ღვთაებრივ ბუნებას, წმ. სამებას: მამას, ძეს და სულიწმიდას.



სურ. 4.                              სურ. 5    


11. განეკუთვნება თუ არა პირჯვრისწერის წესი იმ ჩვეულებათა რიგს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა?

არა გვაქვს არავითარი საფუძველი პირჯვრისსაწერი თითების წყობა განვაკუთვნოთ საეკლესიო წეს-ჩვეულებათა იმ რიგს, რომლებიც სხვადახვა მიზეზის გამო განსაზღვრულ ცვლილებებს ექვემდებარებიან.

მოციქულთაგან გადმოცემული წეს-ჩვეულებები არ შეიძლება შეიცვალოს! (იხ. II მსოფლ. კრების მე-2 და მე-7 კანონები. III მსოფლ. კრების მე-8; IV მსოფლ. კრების 20-ე; VI მსოფლ. კრების 2, 6, 7, 13, 18, 19, 29, 32, 56, 84, 95-ე კანონები. ასევე ღანგრის ადგილობრივი კრების 21-ე კანონი და მრავალი სხვა). მითუმეტეს, უცვალებელნი არიან ამ გადმოცემათა საფუძველზე მიღებული საეკლესიო ანათემატიზმები, როგორც ეს დადგენილია, მაგალითად, საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მონოფიზიტებისგან ან ხაჩეცართაგან გადმოსულთა მიღების წესში: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩუენება!" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ციტ. მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია. 1976 წ. # 1. გვ. 22).


12. მაგრამ ხომ ცნობილია, პირჯვრისსაწერი თითების წყობა პირველივე საუკუნიდან იცვლებოდა და რას იწვევდა ეს ცვლილებები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაბატონებულ ახალმოწესეთა ეკლესიაში გავრცელებულია აზრი, თითქოსდა თავიდანვე ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა (იხ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 194, 200, 201). სხვათა შორის ისიც ვთქვით, რომ იგივე ავტორი დასახელებულ ნაშრომში ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ ბრძანებს: "ერთი თითით პირჯვრისწერა ტრიადოლოგიური აზრით იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რადგანაც ორივე შემთხვევაში სწორედ ერთარსი სამება აღინიშნება (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - ეპ. პ.). კერძოდ, ერთი თითი მოასწავებს ერთარსებას ღვთისას, სამი კი სამპიროვნებას, ხოლო მართლმადიდებლობაში ერთარსება ყოველთვის სამებაა და სამება ყოველთვის ერთარსებაა. სწორედ ამ აზრით, ერთი თითით პირჯვრისწერა იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა და ამ ორ ფორმობრივ სახესხვაობას სრულიად ერთი ძალი, ერთი შინაარსი, ერთი სახისმეტყველება აქვს".

ანდა, თუკი ჯვრის სასწაული წმ. ბასილი დიდის თქმით (იხ. ზემოთ) იესუ ქრისტეს სახელის მიმართ გამოიხატება და მისივე თქმით, ჭეშმარიტად მოციქულთა გადმოცემაა, როგორ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ქრისტეს სახელის მიმართ ჯვრის გადასახვას ერთი თითით პირჯვრისწერაც გულისხმობდეს? ხომ გვარწმუნებენ ერთი თითით და სამი თითით ჯვრის გამოსახვა ტრიადოლოგიური თვალსაზრისით ერთი და იგივეა და წმ. სამების ღვთაებრივი ბუნების ერთარსობის მაჩვენებელი არისო (იხ. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. 1990 წ. გვ. 207); მაშ, სად არის აქ ქრისტეს სახელი? როგორ გინდათ მოიაზროთ მწვალებლების მიერ ღვთაებრივ პირთა თანაარსობის საჩვენებლად მიჩნეულ სიმბოლოში (ერთ ან სამ თითში) მაცხოვრის ღმერთკაცობრივი ბუნება?

არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესი არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს არსებულა ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში! არც ისტორიული მოწმობებით და არც თითების წყობაში გადმოსაცემი დოგმატური შინაარსის მიხედვით (ერთარსება სამება და განკაცებული მაცხოვარი) არც ერთი და არც სამი თითით პირჯვრისწერის წესის სჯულიერება არ დასტურდება! ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცვალა ორი თითით, რომელმაც გამოდევნა ერთი თითით პირჯვრისწერის წესი და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბერძენთა შორის.

ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ახალმოწესეთა მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს თეორია პირჯვრისსაწერი თითების წყობის "განვითარების" შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტთა მიერაც. აი, რას წერს პროფ. კაპტერევი ამის შესახებ:

"თავდაპირველი და ყველაზე უძველესი ფორმა პირჯვრისსაწერი თითების წყობისა, რომელსაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში იყენებდნენ და ეკლესიის რწმენით (იგულისხმე ახალმოწესეთა ეკლესია - ეპ. პ.), თავის დასაბამს იღებს მოციქულთა დროიდან, იყო ერთი თითით პირჯვრისწერა, - ანუ, მაშინ პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით".

კაპტერევის აზრით, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი უეჭველი მოწმობები არსებობს. "ასე მაგალითადო, -წერს ის, - წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც პირჯვარს იწერ, წარმოიდგინე მთელი მნიშვნელობა ჯვრისა… არა უბრალოდ თითით უნდა გამოვსახოთ ჯვარი, არამედ გონებითა და სარწმუნოებით" - "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 199)).

"წმ. ეპიფანე ლაპარაკობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეანზე იოსებზე, მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". პირჯვრისწერაში ერთი თითის გამოყენებაზე წერენ: ნეტარი იერონიმე, ნეტარი თეოდორიტე, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე, წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, იოანე მოსხი და VIII საუკუნის პირველ მეოთხედში ანდრია კრიტელი. მხოლოდ კირილე იერუსალიმელთან ვხვდებით ასეთ მოწმობას: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი".

თვით ჯვარი პირჯვრისწერის წესში ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გამოისახებოდა სხვაგვარად, ვიდრე შემდგომ პერიოდში. კერძოდ: ერთი თითით იწერდნენ მაშინ ჯვარს შუბლზე, ზოგჯერ პირზე, თვალებზე, გულზე და საერთოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებზე. ისეთი პირჯვრისწერა, რომელიც ამჟამად გამოიყენება და იწყება შუბლიდან, გადმოდის ჭიპზე, ადის მარჯვენა მხარზე და შემდგომ გადადის მარცხენაზე, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში საერთოდ არ გამოიყენებოდა არამედ, - გასული საუკუნეების მკვლევართა აზრით, - ჩვეულებად გვიან, დაახლოებით IX საუკუნიდან დამკვიდრდა.

"გასაგებია, - აგრძელებს პროფ. კაპტერევი, - თუ რატომ შეცვალეს ბერძნებმა (არაუგვიანეს IX საუკუნისა) ერთი თითით პირჯვრისწერის ძველი წესი ორ თითზე. როდესაც გამოჩნდა მონოფიზიტთა მწვალებლობა, მან ერთი თითით პირჯვრისწერის მანამდე არსებული ფორმა თავისი სწავლების პროპაგანდირებისთვის გამოიყენა, რადგან ერთ თითში ხედავდა ქრისტეს ერთი ბუნების შესახებ თავისი სწავლების სიმბოლურ მინიშნებას. მაშინ, მართლმადიდებლებმა, მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ, ჯვრის ნიშში დაიწყეს ორი თითის გამოყენება, როგორც ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიმბოლური გამოხატულება. ისე მოხდა, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა იქცა მონოფიზიტობის თვალსაჩინო ნიშნად, ორი თითი კი მართლმადიდებლობისა.

მონოფიზიტობასთან ხანგრძლივმა და შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელსაც ბერძნული ეკლესია ეწეოდა, ბუნებრივად აიძულა მართლმადიდებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ორი თითით პირჯვრისწერისთვის, როგორც თვალსაჩინო და გასაგებ მინიშნებად იმისა, რომ ამგვარად პირჯვრისმაწერალი იყო მართლმადიდებელი ქრისტეანი. მითუმეტეს, რომ სირიაში, ეგვიპტესა და სხვა ბერძნულ ქალაქებში მართლმადიდებლური მოსახლეობა აღრეული იყო მონოფიზიტებთან.

ბერძნებმა ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო შეცვალეს ძველქრისტეანული ერთი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელსაც ოთხას წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდნენ, რომელიც შემდეგ შეცვალეს სამი თითით პირჯვრისწერით. მიზეზი სავარაუდოდ შემდეგშია: თუ ბერძნებმა ერთი თითით პირჯვრისწერის ძველ წესზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავიდანვე მკაცრად მართლმადიდებლური და ეკლესიის დიდ მამათა მიერ აღიარებული ეს ფორმა თანდათანობით თავისთავად არამართლმადიდებლური გახდა, არამედ იმიტომ, რომ მისით ისარგებლეს მონოფიზიტებმა, რომლებმაც ამ წესს, მართლმადიდებელთა საცთუნებლად, დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება, ასე რომ ერთი თითით პირჯვრისწერა გახდა მონოფიზიტობის სიმბოლო, ორი თითით კი - მართლმადიდებლობისა; ორი თითით პირჯვრისწერაზე ბერძნებმა უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავისთავად ის არამართლმადიდებლურ წესად გარდაიქმნა, არამედ სრულიად სხვა მიზეზთა გამო.

თუკი ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი მონოფიზიტობა შეწყდა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო.

ორიდან სამ სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც ეს წესი უკვე საბოლოოდ გაბატონდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსებმა, მათზე უადრეს კი სხვა მართლმადიდებელმა სლავებმა, ქრისტეანობა მიიღეს ბერძნებისგან მაშინ, როდესაც, როგორც ვნახეთ, კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის წესი აღიარებული იყო ერთადერთ და სწორ ფორმად და ყველა იყენებდა მას, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების აღმნიშვნელ სიმბოლოს. რუსებმა მას შემდეგ, რაც ბერძნებისგან ქრისტეანობა მიიღეს, კონსტანტინეპოლელი საეკლესიო იერარქებიც მოიწვიეს, რომლებმაც სარწმუნოებაშიც დამოძღვრეს ისინი და ბერძნული ეკლესიის ყოველი წესი და რიგი იქაც დაამკვიდრეს.

აქედან გასაგებია, რომ ქრისტეანობით რუსეთის განმანათლებელმა კონსტანტინეპოლელმა ბერძნებმა, უპირველეს ყოვლისა, რუსებს ასწავლეს პირჯვრისწერა, როგორც მართლმადიდებლობისადმი კუთვნილების ყველასთვის თვალსაჩინო ნიშანი. ცხადია, რომ ბერძნებმა ახალგანათლებულ რუსებს პირჯვრისწერა მათი ჩვეულებისამებრ ასწავლეს, ანუ ისე, როგორც ეს იმ დროს დამკვიდრებული იყო ბერძნებს შორის და რაკიღა მაშინ მართებულ და მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის პირჯვრისწერის აუცილებელ ფორმად ორთითიანი წყობა ითვლებოდა, ბუნებრივია, ბერძნებმა ასეთი პირჯვრისწერა დაამკვიდრეს მათ მიერ მოქცეულ ყველა სლავ ხალხს შორის. აი, საიდან გაჩნდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V) ს в (Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).

როგორც უკვე აღინიშნა, ახალმოწესეობაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომლის თანახმად პირველ საუკუნეში პირჯვარს ერთი თითით იწერდნენ. პირჯვრისწერის ეს ჩვეულება ეკლესიაში IX საუკუნემდე იყო, მაგრამ ამ პერიოდში, მონოფიზიტ-იაკობიტთაგან განსასხვავებლად, რომლებიც ერთი თითით პირჯვრისწერას უკავშირებდნენ თავიანთ მწვალებლურ სწავლებას ქრისტეზე, მართლმადიდებლური ეკლესია გადადის ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელიც მაცხოვრის ორი ბუნების აღსარებისა და მონოფიზიტთაგან განმასხვავებელ ნიშად დაიდო. სწორედ ამ მიზეზით, როგორც ირწმუნება პროფ. კაპტერევი, "ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცვალა ორი თითით, რომელმაც გამოდევნა ერთი თითით პირჯვრისწერის წესი და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბერძენთა შორის".

მოგვიანებით ეკლესიაში ეს ორი თითი იცვლება სამით. პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა თუკი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინეპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, - სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო.

ორი თითიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V). ს დ в (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V).

ახალმოწესეთა ეს სწავლება პირჯვრისსაწერ თითთა "განვითარების" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას ბადებს. თავად განსაჯეთ: ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეანები პირჯვარს თავიდანვე, ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, ეს წესი იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V), მონოფიზიტთა გამო, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ მართლმადიდებელთა მსგავსეად ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ, რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"? მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა არა IX საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში - ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება ხომ მონოფიზიტური მწვალებლობის დასამხობად მოიწვიეს! საგულისხმოა, რომ ეს მწვალებლობა, რომელიც უკავშირდება ვინმე ევტიქის სახელს, აღმოცენდა ნესტორიანელობასთან დაპირისპირებაში. ევტიქი ნესტორიანელობას სწორედ მონოფიზიტური სწავლების პოზიციიდან უპირისპირდებოდა. ის ასწავლიდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეს ჰქონდა სხვა, მესამე ბუნება. აქედან იბადება კითხვა: რატომ შეცვალა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი "არა უგვიანეს IX საუკუნისა" მონოფიზიტთა გამო, თუკი მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა V საუკუნეში და IX საუკუნემდე ოთხი საუკუნით ადრე, ქალკედონის IV (451წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი? - ეს გაუგებარია!

კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, რომ ვითომცდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით, შეცვალეს ნესტორიანელთა გამოც, რომელიც აღმოცენდა მონოფიზიტობამდე და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე ორი საუკუნით უადრეს.

გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით?

არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ - ნესტორიანელობა; IV-მ მონოფიზიტობა. ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური, კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის. მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობათა აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის შემდეგ?

რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს?

ეს კიდევ არაფერი! - თუ ეკლესია ასე წარამარა ცვლის თითების წყობას პირჯვრისწერის წესში, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ნიშნითაც განსხვავდებოდეს მწვალებელთაგან, და, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ამ თვალსაზრისით დაწესდა, მაშინ როგორ ასხვავებდნენ (ან განასხვავებენ) სამი თითით პირჯვრისმაწერალი "მართლმადიდებლები" საკუთარ თავსა და თითებში გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას ე. წ. "მართლმადიდებელ" უნიატთაგან, რომლებიც ასევე პირჯვარს იწერდნენ და იწერენ სამი თითით? ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ კათოლიციზმთან უნიონალური შეთანხმების თანახმად, წმ. სამების საიდუმლოში, რომლის აღსანიშნავადაც კრავენ პირველ სამ თითს, უნიატი "მართლმადიდებლები" აღიარებდნენ "ფილიოკვეს" კათოლიკურ დოგმატს, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა გამოდის როგორც მამისგან, ისე ძისგანაც. რატომ არ იცავენ ახალმოწესე მართლმადიდებლები ძველი ეკლესიის პრინციპს (თუ ასეთი არსებობდა) და არ აუქმებენ სამი თითით პირჯვრისწერის წესს და არ მოიფიქრებენ თითების ახალ კომბინაციას პირჯვრის გადასაწერად? თავიანთივე სწავლების თანახმად, მათ ასე უნდა გააკეთონ და პირჯვარი გადაიწერონ მუშტით, რამეთუ მწვალებელთა გამო ყველა წყობა უნდა უარყონ. თითებზე ნორმალური კომბინაცია აღარ რჩება აღმსარებლობითი ნიშის გამოსახატავად… დარჩა მხოლოდ მუშტი და ბრანწი.

მართლმადიდებლური ეკლესია თავის მართლმადიდებლურ წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრისსაწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი მსგავსებით.

ცხადია, რომ ახალმოწესეთა ეს სწავლება ისეთივე უსუსურია, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის "გამამართლებელი" ყველა სხვა "არგუმენტი".


13. რამდენად ძველია ორი თითით პირჯვრისწერა?

გვარწმუნებენ, რომ არ მოიპოვება საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერის არც ერთი ძველბერძნული მოწმობა და, ამდენად, ყველა ის მრისხანე გამონათქვამი თუ წყევლა ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ სრულიად უნიადაგოა, რადგანაც თურმე "საკუთარ თავზე ორი თითით პირჯვრისწერა უცხოა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 203).

ჩვენ უკვე დავიმოწმეთ არსენ იყალთოელის მიერ შედგენილი ძველი ქართული წყარო, "დოგმატიკონი" - არსენ იყალთოელის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაშრომი, "ფილოსოფიურ და პოლემიკურ-დოგმატური ტრაქტატების კრებული"; როგორც კ. კეკელიძე წერს, "ამ ძეგლში თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო ქართველებისთვის", ქრისტეანობის დოგმატიკურ-ფილოსოფიური შინაარსის შესაგნებად" (კ. კეკელიძე, "ქართული ლიტერატურის ისტორია". I გვ. 278, ციტ. ივ. ლოლაშვილი, "არსენ იყალთოელი". თბილისი 1978 წ. გვ. 104). ამიტომაც მის შესამკობად შეუთხზავთ იამბიკოც:

"დოღმატიკონი ვარ მე წიგნი რწმენითა,
სჯულთა საღმრთოთა გონების მქონეთა მრთუმელი,
ქრისტეანეთა მზეებრ მანათობელი, იუდეანთა და სარკინოზთა მარღვ
და უთაოთა სომეხთა პირის დამხშველი"
(ქუთ. 564. ფ. 300 ციტ. იქვე).


სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"

საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос - да будет проклят!" (Стоглав, изд. втор. Казань, 1887 г., гл. 31, стр. 65).

აქვე განმარტებულია, რომ ეს კრულვა წმ. მამათა განჩინებას ეყრდნობა, ხოლო თუ გვკითხავენ, ამგვარი ანათემა სადღა წარმოთქვეს წმ. მამებმაო, პასუხად იმავე იაკობიტთა და მონოფიზიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს დავასახელებთ, სადაც გამოთქმულია ეს კრულვა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"

ხომ უეჭველია, რომ სხვადასხვა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს ეკლესიის ყველაზე ავტორიტეტული მამები დაადგენდნენ ხოლმე, ხოლო საყოველთაო სახელმძღვანელოდ და წესად იგი მხოლოდ მათი საკრებო განჩინების შემდეგ მიიღებოდა. იაკობიტელთა მიღების წესი კი ამ მწვალებლობის გაჩენის დღიდან არსებობს ქრისტეს ეკლესიაში.

რადგანაც იაკობიტელთა მწვალებლობა მონოფიზიტური ერესის ნაშიერია, რაც კონსტანტინეპოლელი არქიმანდრიტის ევტიქის სახელს უკავშირდება, უეჭველია, რომ მონოფიზიტთა და იაკობიტთა მიღების წესიც, იმავე დროს და იქვე, კონსტანტინეპოლში იქნებოდა დადგენილი, რასაც ადასტურებს ავტორიტეტული მკვლევარი და ისტორიკოსი, პროფ. ნ. კაპტერევი თავის ნაშრომში, "Патриарх Никон и царь Алексей Михайлович". ცნობილი იაკობიტელი ისტორიკოსის ასემანის ცნობაზე დაყრდნობით, ის წერს:

"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.

იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, ცდილიყო იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის. "როდესაც ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ასსემანი, - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ არ შეერივნათ ზეთი ღვინისთვის ევქარისტიის საიდუმლოში და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80).

ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერსოა ის, რომ ქართული ეკლესიაც, ბერძნულის დარად, ზემორეხსენეულ მწვალებელთა მიღებისას ამ წესით სარგებლობდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს წესი არსენ იყალთოელის "დოგმატიკონშია" მოცემული და მას ეწოდება "შეჩუენებაი იაკობიტთა და ყოველთა ერთ ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა". ტექსტში, რომელიც ბერძნულიდან არის თარგმნილი, ჩამოთვლილია იაკობიტური (და მონოფიზიტური) ცთომილებანი, რომელთაც ანათემას უთვლის ამ მწვალებლობიდან მართლმადიდებლობად მოქცეული ქრისტეანი. მასში ნათქვამია: "რომელი საძაგელისა მისგან წვალებისა იკობიტთა და ხაჩეცართაისა უბიწოსა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ყოვლითა სულითა და გულითა მოუხდებოდის, შეჩუენებაი თანა-აც ყოველთავე აქა მოხსენებულთაი". მათ შორის:

"ვინცა ვინ არა ნათელსცეს სამითა შთაფლვითა სახელსა ზედა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, შეჩვენებულ იყავნ!"

"ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". ჟურნ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1. გვ. 29).

ქ-ნი მაია რაფავა პუბლიკაციაში აცხადებს, რომ "ყველა ბრალდება, - რომელიც "შეჩვენებაში" არის გადმოცემული, - თეორიულად ცნობილი და პრაქტიკულად დაკანონებული იყო მის დროს" (იქვე. გვ. 28). აქედან კი გამომდინარეობს, რომ არსენ იყალთოელის დროს ორი თითით ჯვრის გამოსახვა როგორც პირჯვრისწერისთვის, ასევე კურთხევის გასაცემად დოგმატური შინაარსის მატარებელი და ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესი იყო. სწორედ ამ წესს უარყოფდნენ მონოფიზიტები (აქედან გამომდინარეობს ბრალდებაც) და, როგორც პროფ. კაპტერევის მოწმობიდანაც ჩანს, თავიანთი დოგმატური შეხედულებისამებრ, კერძოდ ქრისტეს ერთბუნებოვნების აღსანიშნავად, ერთი თითით გამოხატავდნენ ჯვარცმული ქრისტეს აღსარებას.

შეჩვენების მოცემული ფორმულა გამორიცხავს თითების წყობის ყოველ სხვაგვარ კომბინაციას. მონოფიზიტების მიღების წესში ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ ერთი თითით ჯვრის გარდასახვაში, რომელშიც გამოხატულია მონოფიზიტური სწავლება ქრისტეს ერთბუნებოვნების შესახებ - ჯვარცმული მაცხოვრის ორბუნებოვნების აღსარება დარღვეულია, ხოლო "ასმუხლიანი" კრების (1551 წ.) მიერ ეს კრულვაჯ, ასევე ქრისტოლოგიური და ტრიადოლოგიური დოგმატის დარღვევის საპირისპიროდ, უკვე სამი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული; ეს წვალება იმხანად ვრცელდებოდა რუსეთში. ამის შესახებ წერს უდიდესი მკვლევარი სერგი ზენკოვსკი (1907 - 1990): "...собор решительно настоял, чтобы русская церковь пользовалась древним двухперстным знамением и запретил пользоваться "новым" трехперстным знамением, введенным в греческой церкви в тринадцатом-четырнадцатом веке, которое начало в то время (ე.ი. 1551 წლისთვის, როდესაც მოწვეულ იქნა "ასმუხლიანი" კრება) распространяться и в России (С. Зенковский. "Русское старообрядчество", Москва, "Церковь", 1995 г., стр. 37).

მოკლედ, ცხადია, რომ სწორედ მონოფიზიტურმა მწვალებლობამ მოიფიქრა ერთი თითით ჯვარცმულის აღსარების გამოსახვა (Н. Каптерев. "Время патриаршества Иосифа", вып. 1, стр. 83. Арсений Уральский. "Оправдание старообрядческой святой Христовой Церкви в ответах на притязательные и недоумительные вопросы нашего времени. Яссы, 1887 г., стр. 84).

დაბოლოს, ყოველივე ზემოთქმულს დავუმატებთ: თვით შეჩვენების ფორმულა გვიდასტურებს, რომ ორთი თითით ჯვრის გარდასახვა თვით ქრისტესგან მოდის, რამეთუ ნათქვამია, "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩუენება!" ამიტომაც მტკიცება იმისა, თითქოსდა პირველ საუკუნეებში ქრისტეანები ერთი თითითაც იწერდნენ პირჯვარს, სიყალბეა!

ასევე სიყალბეა იმის მტკიცებაც, თითქოსდა ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის და, საერთოდ, ძველი ქრისტეანობისთვის უცხო იყოს ორი თითით ჯვრის გადასახვა!

ჭეშმარიტებას არ შეესაბამება ერთი ან სამი თითით პირჯვრისწერის ტრადიციის არსებობა ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში. რამეთუ არც ერთი თითით და არც სამი თითით პირჯვრისწერა არ გამოხატავს ორბუნებოვანი იესუ ქრისტეს აღსარებას, როგორც ამას ითხოვენ წმ. ბასილი დიდი და წმ. კირილე იერუსალიმელი.

ქრისტეს აღსარების გამომხატველი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი თითი (ქრისტეს ორბუნებოვნების აღსანიშნავად); ამიტომაც, ვინც ორი თითით პირჯვრისწერის წესს ეწინააღმდეგება და სანაცვლოდ სამი თითით პირჯვრისწერის წესს ამკვიდრებს ან ერთი თითით პირჯვრისწერის წესს იზიარებს, განა ღვთისმბრძოლ ევტიქის და დიოსკორეს არ ეთანხმება, რომლებიც ამბობდნენ: "ღვთის განხორციელების შემდეგ მე თაყვანს ვცემ ერთ ბუნებას - განხორციელებული და განკაცებული ღმერთის ბუნებას" (დიოსკორე. იხ. გაზეთი "მადლი" "IV მსოფლ. საეკლ. კრებას. 13. 08. 91. გვ.3). "მონოფიზიტთა შეხედულებით, განკაცების შემდეგ ღვთაებამ ქრისტეში მისი ადამიანობა შთანთქა" (იქვე). ამიტომაც ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთების შემდეგ მხოლოდ ერთ, ღვთაებრვი ბუნებას ცნობდნენ).

დაბოლოს, როგორ შეიძლება გავიზიაროთ ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მტკიცება თითქოსდა თითთაწყობის რაიმე წესი "უცნობია ძველბერძნული მართლმადიდებლობისთვის" (ედ. ჭელიძე), ან ძველი ქრისტეანობისთვის მაშინ, როდესაც ქრისტეანულ ხელოვნებაში არსებობს ამ მტკიცებულების არაჭეშმარიტებისა და სიცრუის მამხილებელი უამრავი დოკუმენტი. სრულიად სამართლიანია ქვემოთ მოყვანილ ციტატაში გამოთქმული აზრი, რომ:

"პირჯვრისსაწერი თითების წყობის შესწავლის საკითხში, ჩვენი აზრით, აუცილებელია, ვიხელმძღვანელოთ არა მარტო წერილობითი, არამედ ქრისტეანული ხელოვნების ნივთიერი ძეგლებითაც, რომლებიც, როგორც ერთგვარი ისტორია, დაგვეხმარება უფრო მეტი სისრულით გავცეთ პასუხი ძველქრისტეანულ ეკლესიაში პირჯვრისსაწერი ამა თუ იმ წესის არსებობის საკითხს" ("Двоеперстие в памятниках искусства и письменности", Барнаул, 2001 г., стр. 16).


14. კიდევ რა ისტორიული მოწმობები არსებობს, რომლებიც დაადასტურებდნენ ძველ საბერძნეთში და, საერთოდ, მთელს ქრისტეანულ სამყაროში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობას?

ყველაზე ადრეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ ბერძნებში გამოიყენებოდა ორი თითით პირჯვრისწერის წესი ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში.

იმის სურვილით, რომ შეერიგებინა მონოფიზიტები მართლმადიდებლებთან, ანუ მელქიტებთან, - როგორც სირიელი ნესტორიანელები უწოდებდნენ მართლმადიდებლებს, - და ასევე ნესტორიანელებთან, ის ამბობს: "ნესტორიანელების, მელქიტებისა და იაკობიტების სარწმუნოების ერთობის ფონზე ის გარემოება, რომ სხვადასხვაგვარია მათში ჯვრის გამოსახვის წესი, არც ისე მნიშვნელოვანია. კერძოდ, ერთნი (მონოფიზიტები - ეპ. პ.) ჯვარს გამოსახავენ ერთი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ; სხვები ორი თითით (მართლმადიდებლები - ეპ. პ.), ოღონდ პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ. როდესაც იაკობიტები პირჯვარს გამოისახავენ ერთი თითით მარცხნიდან მარჯვნივ, ამით მიანიშნებენ, რომ სწამთ ერთი ქრისტე - რომელმაც ცოდვისგან (მარცხენა მხარი) გამოსყიდულნი მადლთან (მარჯვენა მხარი) მიიყვანა. ხოლო ნესტორიანელები და მელქიტები, რომლებიც ჯვრის ნიშს გამოსახავენ ორი თითით - მარჯვნიდან მარცხნივ, მით აღიარებენ, რომ სარწმუნოებას დასაბამი მიეცა მარჯვენა მხრიდან, ხოლო ურწმუნოებასა და ცთომას მარცხნიდან" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).

"ილია გევერის გარდა, - წერს თავის ნაშრომში პროფ. კაპტერევი, - დიდი ხანია ცნობილია კიდევ ორი მოწმობა XII საუკუნისა, რომელიც ადასტურებს, რომ იმ დროს მართლმადიდებლები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით. ასე მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო პირჯვარს, მონოთელიტთა მსგავსად, იწერენ ერთი თითით, "მაშინ, როდესაც თითები ჯვრის ნიშის გამოხატვისას ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამი იპოსტასი". ე. ი., მართებულ პირჯვრისწერის წესად მიაჩნდა ორი თითით პირჯვრისწერა.

ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრის წერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).

"ზოგიერთი ცდილობს, - წერს პროფ. კაპტერევი, - ამ ფაქტების დაკნინებას, მით, რომ, მართალია, ეს ფაქტები მეტყველებენო ორი თითით პირჯვრისწერაზე, მაგრამ ეს ჩვეულება არსებობდა მხოლოდ სირიელ ქრისტეანებში, რომლებიც ცხოვრობდნენო მონოფიზიტთა და ნესტორიანელთა შორის და ამიტომაც, მას უნდა შევხედოთო როგორც ადგილობრივ, სპეციფიკურად სირიულ ჩვეულებას, რომელიც არასოდეს ყოფილა საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის, სადაც ორი თითი არასოდეს გამოიყენებოდა. მაგრამ საქმის ასეთი გაგება უსამართლოა და სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ნაპოვნია ორი მოწმობა, რომლებიც აბსოლუტურად უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ XI და XII საუკუნეებში თვით კონსტანტინეპოლის ეკლესიაშიც პირჯვრისსაწერად ორი თითი გამოიყენებოდა.

ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინეპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რათა საღვთისმეტყველო საუბრები ჩაეტარებინა მათთან. თეორიანემ აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალებს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინეპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია. თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ, მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს, და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ - სომხები), არამედ თითებსაო".

მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).


15. რა შეიძლება ითქვას ერთი თითით პირჯვრისწერის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან და სწავლებებიდან მოტანილ იმ მაგალითებზე, რომლებსაც ახალმოწესე მკვლევარები იმოწმებენ?

პროფ. კაპტერევისა და, საერთოდ, ახლმოწესეთა გაბატონებული ეკლესიის ეს საზოგადო თეორია მიუღებელია მთელი რიგი მიზეზების გამო. მივყვეთ თანამიმდევრობით:

1. ერთი თითით პირჯვრისწერის ვითომცდა სიძველის საჩვენებლად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ახალმოწესე "მართლმადიდებლები" იმოწმებენ წმ. იოანე ოქროპირს, რომელმაც თქვა, "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" ( იმავეს ამტკიცებს თავის წიგნში ბ-ნი ედ. ჭელიძეც. დასახ. ნაშრ. გვ. 199).

უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის სავალდებულო პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ წმინდა იოანე ოქროპირის ტექსტში მოხსენიებული "თითითა" რამეთუ არცთუ იშვიათად, ცნობიერებაში შესაძლებელია იმგვარი დაშვებანი, როდესაც ლაპარაკია ერთზე, მაგრამ იგულისხმება ორი (ან მეტი); ანუ, როდესაც გონება ორობითს ან მრავლობითს მხოლობითით გამოხატავს. ასე მაგალითად: ხშირად ამბობენ: "ჩემი ყურით მოვისმინე", ან "საკუთარი თვალით მყავს ნანახი", და სხვა მრავალი ამდაგვარნი, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ აქ მსმენელიც და მხედველიც ორივე ყური, ან ორივე თვალია და არა მხოლოდ ერთი; ან თუკი "ფეხით გავეშურე"-ო იტყვის ვინმე ამის მთქმელს ცალ ფეხზე მოხტუნავედ ხომ არ წარმოვიდგენთ, ამიტომაც არა გვაქვს არავითარი საფუძველი (მით უმეტეს, როდესაც მოგვიანებით მოცემულიც კი იქნა ერთი თითით პირჯვრისმაწერალთა საწინააღმდეგო წყევლის ფორმულა) - წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამში "თითითა ხოლო..." პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. მით უფრო, რომ წმ. იოანე ამ ტექსტში პირჯვრისწერის სულიერ მნიშვნელობაზე მსჯელობს და არა პირჯვრისსაწერი თითების წყობაზე.

საგულისხმოა, რომ იოანე ოქროპირის აკადემიურ გამოცემებში მოცემულია ეს "არა თითითა მხოლოდ…" მაშინ, როდესაც ღვთისმეტყველების მაგისტრმა გრიგოლ დიაჩენკომ იოანე ოქროპირის ამ სიტყვების თარგმანში, რომელიც იცავდა ორიგინალის სიზუსტეს, გადათარგმნა: "თითებით". "არა მხოლოდ თითებით უნდა გამოვისახოთ ბეჭედი ჯვარი", - ასეა ოქროპირის სიტყვები ნათარგმნი მის წიგნში: "Уроки и примеры христианской надежды" (1894 г., стр. 318). ამგვარი ურთიერთწინააღმდეგობა გაბატონებულ ახალმოწესეთა თარგმანებში ბუნებრივად ბადებს ეჭვს მათი ვარაუდების სამართლიანობაში და სადავო საკითხზე სწორ წარმოდგენას ვერ იძლევა (С. И. Быстров. Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности. Барнаул. 2001 г., стр. 16). თუ ასე არ არის, მაშინ ის როგორ გავიგოთ, რომ უძველეს წყარო "Златоструй" - ში (რომელიც წმ. იოანე ოქროპირის ზნეობრივ მოძღვრებათა და ქადაგებათა კრებულს წარმოადგენს და სერბიელ მეფეს, სვიმეონს გამოუკრებია) იგივე სიტყვა "თითი" მრავლობითშია ("не просто персты должно изображать его (крест)) და შემდგ. ("Златоструй", сл. 28); ან, როგორ გავიგოთ "მარგალიტში" მოტანილი გამონათქვამი ოქროპირისა, სადაც პირჯვრის საწერ თითებზე მრავლობითშია ლაპარაკი? (ეპ. არსენი ურალელი. ციტ. იქვე). თუ მხოლობითში დაყენებული "თითი" ერთი თითით პირჯვრისწერად ესმით ჩვენს ოპონენეტებს, მაშინ აქ (რაკიღა ორი თითით პირჯვრისწერას უარყოფენ) სამი თითით პირჯვრისწერად უნდა შეიმეცნონ მრავლობითი "Персты" მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ედ. ჭელიძისა და სხვა ახალმოწესეთა ნათქვამს იმის შესახებ, რომ სამი თითით პირჯვრისწერა მხოლოდ VIII საუკუნიდან შემოდის (გვ. 200, 201), მაშინ, როდესაც წმ. იოანე ოქროპირი IV საუკუნეში ცხოვრობდა. ასე რომ, რჩება მხოლოდ მესამე ვარიანტი, - "მარგალიტში" მოხსენიებული მრავლობითი "персты" ორი თითით პირჯვრისსაწერ წყობად უნდა გავიგოთ.

ან რაღა ვთქვათ წმ. კირილე იერუსალიმელის შესახებ, რომელიც ბრძანებს: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი… და შემდგ". (იქვე). ამ შემთხვევაში, წმ. კირილე ჯვრის გადასახვას თითებით ითხოვს და არა თითით. თუ VII საუკუნემდე პირჯვარს მხოლოდ ერთი თითით იწერდნენ, საინტერსოა, რას უნდა ნიშნავდეს წმ. კირილეს მოთხოვნა - თითებით გადავიწეროთ ჯვარი, მითუმეტეს, რომ აქ ნაბრძანებია თითებით აღვიაროთო ჯვარცმული (ქრისტე); თითებით ჯვარცმული ქრისტეს აღიარება სამით კი არა, ორი თითით გამოიხატება - ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად.

წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", რომელიც სინოდის განჩინებით 1824 წელს ითარგმნა იაროსლავის სასულიერო სემინარიაში, ზემოთ დამოწმებულ წინადადებაში წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოიღეს სიტყვა "თითებით" და ჩასვეს სიტყვა "ხელით" ("შუბლზე აშკარად ვქმნათ ხელით, ბეჭედი ჯვარი"). ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში სიტყვების ამგვარი შეცვლა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი", რამეთუ მათთვის თვალი აეხვია ორი თითით პირჯვრისწერისადმი გამეფებული სიძულვილს.

2. "წმ. ეპიფანე ამბობს, - წერს პროფ. კაპტერევი, - ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეან იოსებზე, რომ მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". ამ მაგალითში სრულიად ცხადად არის ნათქვამი რომ ამ ვინმე იოსებს საკუთარ თავზე პირჯვარი კი არ გადაუწერია ერთი თითით, არამედ "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი".

სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგანზე ჯვრის გამოსახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველ ქრისტეანებს შორის. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით მაგალითებს, როდესაც ესა თუ ის წმინდანი ამა თუ იმ მიზეზით ჯვარს გამოსახავს საგანს, რაც, ბ-ნ ედ. ჭელიძის სიტყვებით თუ ვიტყვით, ამ კონკრეტულ საგანზე ჯვრის გამოსახულების დახატვას ან აღბეჭდვას ისახავს მიზნად და არანაირად არ წარმოადგენს პირჯვრისწერის დამადასტურებელ მოწმობას. ისევე როგორც საგანზე ჯვრის გამოსახვა რიგითი ქრისტეანის ან ბერის მიერ ყოველთვის არ აღნიშნავს ამ საგნის კურთხევას, რომელიც, საზოგადოდ, მღვდელმსახურის პრეროგატივაა. ამიტომაც, თუ მართლმადიდებელმა იოსებმა წყლის ჭურჭელზე თითით ჯვარი გამოსახა, ამით აჩვენა, რომ მას სწამდა ჯვრის ძალისა და მოისურვა, წყალი აღბეჭდილი ყოფილიყო ამ ნიშით. ამ მიზნის მისაღწევად კი სულაც არ იყო აუცილებელი მორწმუნე ქრისტეანს შეეკრა ან ორი თითი, ან სამი და ასე გამოესახა ჯვარი წყალზე. მან, უბრალოდ ჯვარი, "დახატა", ახალმოწესეობის აპოლოგეტები კი ამ სრულიად გასაგებ და მარტივ ქმედებას რატომღაც პირჯვრისწერის წესად აღიქვამენ.

ამგვარ მეთოდს ბ-ნი ედიშერ ჭელიძეც მიმართავს, როდესაც გადმოგვცემს წმ. ბარბარეს ცხოვრებაში გადმოცემულ შემთხვევას:

3. "წმ. ბარბარას შესახებ დაწერილი უწყება გვაქვს უწმიდესი მამის სვიმეონ მეტაფრასტის აღწერილობაში; - წერს ედ. ჭელიძე, - ეს აღწერილობა ძველქართულად არის თარგმნილი. უპირველესად მოგვაქვს თავად ძველბერძნული ტექსტის უწყება:

"მხევალი ღვთისა ბარბარა ჩამოვიდა კოშკიდან, რომ ენახა, თუ როგორ შენდებოდა აბანო. როდესაც იხილა მან, რომ სამხრეთის მხარეს ორი სარკმლით ნათდებოდა იგი, ბრალი დასდო ხელოსნებს და ასე უთხრა მათ: "რატომ არ დაუმატეთ ორ სარკმელს მესამეც, რომელიც კეთილმშვენიერებასთან ერთად მეტ ნათელსხივოსნებასაც შემოიტანდა?" მათ მიუგეს: "მამაშენისგან გვებრძანა ასე". ბარბარამ დააძალა მათ, გამოეკვეთათ სხვა სარკმელიც, მაგრამ ხელოსნები შეყოყმანდნენ შემატებაზე და მარჯვედ მოიმიზეზეს შიში მისი მამისადმი. მაშინ ბარბარამ ერთად წარმოაჩინა თითებიდან სამი და თქვა: "სამი, სამი სარკმელი უნდა გამოკვეთოთ, ხოლო თუ ამის გამო განრისხდება მამა, მე გავცემ მას პასუხს". დაემორჩილნენ ხელოსნები და შეასრულეს ბრძანება. როდესაც აბანოს მთელი მორთულობა განეგო, უფრო დაკვირვებით დაათვალიერა იგი წმინდანმა და რადგან მისი გული სახიერი სულის მადლით იყო მოცული, ხოლო ქრისტესმიერი რწმენა თავისუფლებით აღავსებდა მას, ემბაზის წინ დადგა ქალწული და აღმოსავლეთით მზირალმა მის მარმარილოზე თითით გამოწერა ჯვრის საღვთო სახე შთამომავლობისთვისაც რომ საცნაური ყოფილიყო, რაც მან ქმნა, და რომ ქადაგებულიყო ქრისტეს ძალი, თითით აღნიშნული სახე ჯვრისა თითქოსდა რკინით ამოიჭრა და გამოინიშნა მარმარილოზე, რაც დღემდე ჩანს…".

მოგვიანებით, როდესაც წმ. ბარბარას მამამ იხილა სამი სარკმელი შვილს ჰკითხა: "მითხარ მე, როგორ და რის გამო სჯობია ასე?" მან მიუგო: "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან (იგულისხმება ორი სარკმელი - ეპ. პ.), რადგანაც სამი სარკმელი ნათელყოფს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს. ამის თქმით ყოვლითურთ გააცხადა მან წმიდა სამების სიდიადე. ბარბარას მამა შეაშფოთა უცხო და უჩვეულო სიტყვამ, განიმარტოვა შვილი, აბანოს ემბაზთან მივიდა და ჰკითხა მას: "როგორც არის ყოველი კაცი ნათელმყოფელი სინათლე სამი სარკმლისა?" ბარბარამ მიუგო: "მისმინე და გულისხმაყავ ჩემგან თქმული". მყისვე ჯვრის ნიშანი დაანახა მან მამას, თანაც თითებითვე უჩვენა იგი და უთხრა: "იხილე - მამა, ძე, და სულიწმიდა" (დამოწმებულ მონაკვეთში ყველა ხაზგასმა ედ. ჭელიძისაა - ეპ. პ.). ამ ნათლით სულიერად ბრწყინავს ყველა ქმნილება" (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი. ღვაწლი წმიდისა, დიდებულისა და კეთილადმძლისა ქრისტეს დიდმოწამისა ბარბარასი, პგ. 116, სვ. 304-308. ციტ. ედ. ჭელიძის დასახ. ნაშრ. გვ. 209-211).

რისი მინიშნება სურს ბ-ნ ედ. ჭელიძეს, როდესაც ხაზს უსვამს სიტყვებს: "ერთი", "სამი", "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან" და ა. შ.? ალბათ იმისა, რომ მკითხველმა ამ სიტყვებში იგულისხმოს პირჯვრისწერის წესი და ორი თითით პირჯვრისწერას სამი თითით პირჯვრისწერა ამჯობინოს. სავარაუდოდ ამ თვალსაზრისით არის ხაზგასმული სიტყვები "სამი ბევრად განირჩევა ორისაგან".

მკითხველისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სარკმელთა რაოდენობაზე მამა-შვილს შორის გამართული პოლემიკა არანაირად არ უკავშირდება პირჯვრისსაწერ თითთა წყობას. წმ. ბარბარა მამას პირჯვრიწერას კი არ ასწავლის, არამედ წმ. სამების საიდუმლოს განუმარტავს. ვფიქრობ, მეტად არასერიოზულია, ყველგან, სადაც კი მამათა და დედათა ცხოვრებაში შეგვხვდება მაგალითები იმისა თუ როგორ გამოსახავენ საგნებზე ჯვარს ერთი თითით, იმწამსვე ვიფიქროთ, რომ ეს იმ დროს არსებული ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გამოხატულებაა. ვიხილოთ სხვა მაგალითებიც და თავად განსაჯეთ:

4. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი (რომელსაც ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ეყრდნობა პროფ. კაპტერევი) თავის "გასაუბრებაში იტალიელ მამათა და სულის უკვდავების შესახებ" გვიყვება: ვალერიის პროვინციაში მცხოვრები ვინმე ღვთივსათნო კაცის ნექტარიუსის ამბავს, რომელსაც ასეთი სასწაული მოუმოქმედნია. იმ მხარეში, სადაც ნექტარიუსი ცხოვრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვეულებად ჰქონიათ პურის ცხობის წინ მოზელილ ცომზე გამოესახათ ჯვარი ისე, რომ პური თითქმის ოთხ ნაწილად იყოფოდა. ერთხელ მასთან ერთად მცხოვრებ ძმებს, რომლებიც პურს აცხობდნენ, დაავიწყდათ მოზელილ ცომზე ჯვრის გამოსახვა. წმინდანმა ეს შეამჩნია და, როდესაც ძმებმა მოზელილი ცომი ღუმელში შედეს და ნაკვერჩხალი და ფერფლი დააყარეს, პურზე ჯვრის გამოუსახველობის მიზეზი იკითხა. იმწამსვე იმ მიმართულებით, სადაც ნაკვერჩხალქვეშ პური იდო, თითით ჯვარი გამოსახა. ამისგან პურმა გამოსცა ისეთი ხმა, როგორიცა აქვს ცეცხლის სიმხურვალისგან გამტყდარ თიხის ჭურჭელს. როდესაც ღუმელიდან გამომცხვარი პური გამოიღეს იხილეს მასზე ჯვარი, რომელიც გამოსახულ იქნა არა შეხებით, არამედ რწმენით (იხ. Святого отца нашего Григория Двоеслова Собеседования о жизни италийских отцов и о безсмертии души. Москва, 1996 г., кн. первая, гл. 11, стр. 60, 61).

5. ნეტარი თეოდორიტე (რომელსაც იმოწმებს პროფ. კაპტერევი) თავის თხზულებაში: "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" წმ. ივლიანეს ცხოვრებაში გვიყვება თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, - ჰყვება წმინდანი, - და პირი გააღო, რათა ჩავეყლაპე მაშინ, გამოვსახე რა თითით ჯვრის ნიში (უფრო ზუსტად: გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157).

საგულისხმოა, რომ ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, დამოწმებული ადგილის კომენტარში გაზიარებულია პროფ. კაპტერევის იდეა პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების შესახებ. პროფ. ა. სიდოროვიც იმეორებს იმ აზრს, რომ "ორი თითით პირჯვრისწერა გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი… კიდევ უფრო გვიანდელია სამი თითით პირჯვრისწერის წესი" (იქვე).

მოტანილი მაგალითები საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყოველი მათგანი აჩვენებს არა ერთი თითით პირჯვრისწერის წესს, არამედ ქრისტეანთა ჩვეულებას, თითით გამოსახონ ჯვარი სხვადასხვა საგნებს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ გაბატონებული ეკლესიის პროფესორები და მკვლევარები (მ. შ. კაპტერევი, სიდოროვი, ჭელიძე და სხვები) ერთი თითით პირჯვრისწერის წესის გასამართლებლად გამოყენებულ ადგილთა თარგმანებს არ გვაწვდიან იმ სიზუსტით, როგორც არის ის გადმოცემული დედანში (ვთქვათ, ძველბერძნულში). ამის საჩვენებლად დავიმოწმებთ თვით ბ-ნ ედ. ჭელიძეს და პროფ. სიდოროვს.

წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" ედ. ჭელიძე წერს: "წმ. ბასილი დიდის ძმას, წმ. გრიგოლ ნოსელს, რომელსაც უწოდებდნენ "ქრისტეს ეკლესიის სამკაულს", დაწერილი აქვს ეპიტაფიური ენკომია, რომელიც მიძღვნილია წმიდა მამის მელეტი ანტიოქელისადმი. ამ შრომაში ერთგან წმ. გრიგოლ ნოსელი ახსენებს ახალგარდაცვლილი მამის მარჯვენა ხელს და ამბობს (მოგვაქვს წმ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი):

"სადა არს საწადელი იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯუარისწერითა დაჰბეჭდვიდა" (ხელნ. A - 55, XII ს., 319 ვ). როგორც ვხედავთ, - აგრძელებს ედ. ჭელიძე, - წმ. გრიგოლ ნოსელის უწყებით წმ. მელეტი ანტიოქელი პირისმიერ კურთხევას (ე. ი. პირით წარმოთქმულ კურთხევის ფორმულას) თითთამიერი ჯვრის გარდასახვით სრულყოფდა.მოტანილი ციტატიდან ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის ფაქტი, რომ წმ. მელეტი კურთხევას გასცემდა "თითთა თვისთა ჯუარისწერით" (სად დაიკარგა აქ ერთი თითით ჯვრის გამოსახვის ჩვეულება, თუკი ორი თითით და მით უმეტეს სამით ჯვრის დაწერა გვიან საუკუნეებში შემოვიდა? - არქიეპ. პ.). აქვე ვუპასუხებთ: ორზე მეტი! საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენას, განსხვავებით ქართულ-რუსულისაგან, აქვს სამი რიცხვი: მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი (ორზე მეტი), ძველბერძნულ ორიგინალში კი "თითთა"-ს შესაბამისი სიტყვა დგას არა ორობით რიცხვში, არამედ მრავლობითში, ხოლო მრავლობითი რიცხვი ბერძნულ ენაში ყოველთვის ორზე მეტს გულისხმობს.

ბერძნული სიტყვა "ტუს დაკტიულუს" ნიშნავს ორზე მეტს. წმ. გრიგოლ ნოსელს რომ ორი თითით ჯვრის გარდასახვა ეგულისხმა, მის ტექსტში გვექნებოდა არა "ტუს დაკტიულუს", არამედ "ტო დაქტიულო" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 217-219. იქვე ედ. ჭელიძე აღნიშნავს, რომ მხოლობითში ძველბერძნულად "ერთი თითი" გამოითქმის როგორც "ტო დაქტიულონ").

ცნობილია, რომ ბ-ნი ედ. ჭელიძე არის ძველბერძნული ენის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე. მისი ეს დაბეჯითებითი მსჯელობა, თუ როგორ უნდა გამოითქვას ძველბერძნულად ერთი, ორი ან სამი (მრავლობითი) თითი, ჩვენ, ძველბერძნული ენის არმცოდნეებს დაგვეხმარება იმის გარკვევასა და დამტკიცებაში, რომ ახალმოწესე მთარგმნელები ძალზე ხშირად მეტად არაზუსტად თარგმნიან წმ. მამათა ცხოვრებიდან იმ ადგილებს, რომლებიც ჯვრის გამოსახვასთან და თითების წყობასთან არის დაკავშირებული. ედ. ჭელიძის მსჯელობაც იმიტომ დავიმოწმეთ, რომ ცხადი უნდა გახდეს ნეტ. თეოდორიტეს მიერ აღწერილ შემთხვევაში, როდესაც წმ. ივლიანემ გველს გადაწერა ჯვარი და ჯვრის ძალით სული გააცხობინა, ეს ქმნა არა ერთი, არამედ ორი თითით.

საბედნიეროდ, პატროლოგ ა. სიდოროვს თავის კომენტარებში ეს ადგილი ძველბერძნული დედნიდანაც აქვს დამოწმებული. მასში ვკითხულობთ: (ძირითად ტექსტშია): "Я же, начертав перстом знамение креста и призвав имя Божие, отогнал от себя всякий страх и увидел, что зверь тотчас же пал на землю бездыханным" (Блаж. Феодорит Кирский. История боголюбцев, изд. "паломник", 1996 г., стр. 157). კომენტარი: "Букв.: "Букв.: "явив перстом памятник победы (трофей) Креста" (იქვე. კომენტარი 41-ე. გვ. 312). ა. სიდოროვის მოწმობით, დედანში გვაქვს არა "ტო დაქტიულონ", არამედ "ტო დაქტიულო", რომელიც, ბ-ნ ედ. ჭელიძის მოწმობით, აღნიშნავს ორ თითს და არა ერთს.

საზოგადოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი საეკლესიო წყაროების თარგმნისას, იქ, სადაც ლაპარაკია ახალმოწესეთა და ძველმართლმადიდებელთა განმასხვავებელ ნიუანსებზე, ახალმოწესეთა თარგმანებში ასეთი დამახინჯებანი არცთუ იშვიათია. როგორც უკვე ვთქვით, წმ. კირილე იერუსალმელის "კატეხიზმოში", წმ. კირილეს სიტყვებიდან ამოღებულია სიტყვა "თითებით" და ჩასმულია სიტყვა "ხელით". ახალმოწესეთა სემინარიის თარგმანში ამგვარი შეცვლა სიტყვებისა სხვა არაფრით შეიძლება ავხსნათ, თუ არ იმით, რომ მთარგმნელებმა ჯვარცმულის თითებით აღსარების ქვეშ ორი თითით პირჯვრისწერის წესი ამოიკითხეს და შეცვალეს იგი სიტყვით "ხელი".

გაბატონებულ ნიკონიანურ ეკლესიას რომ სძულს ორი თითით პირჯვრისწერა, იმითაც მტკიცდება, რომ "Добротолюбие" - ს სინოდალურ გამოცემებში მათ შერყვნეს პეტრე დამასკელის (VII ს.) წიგნი და იქიდან ამოიღეს მისი მოწმობა ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ; ეს ადგილი ბერძნული დედნის მიხედვით ასე იკითხება: ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება. ასევე ამოიღეს მათ იოანე მოსხის (მესხის) "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე", იგივე "Луг духовный") ორი თითით ჯვრის გამოსახვის მაგალითი (იხ. "ქართული მწერლობა". ტ. 1. გვ. "ლიმონარი"б დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის გამოცემა. გვ. 398).

არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ამ ძველი მართლმადიდებლური ჩვეულების მიმართ (და საერთოდ, იმ საკითხების თარგმანისას, რომელიც ეხება ძველმართლმადიდებელთა და გაბატონებული ეკლესიას შორის არსებულ განსხვავებებს) იჩენენ ქართველი მთარგმნელებიც ოფიციალური "მართლმადიდებლობის" მხრიდან. ასე მაგალითად, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ ახალქართულ ენაზე გამოცემულ "ლიმონარში" ხსენებული ადგილი მოცემულია ძველქართული წყაროს შესაბამისად, მაგრამ მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზონთა გამოცემაში ( იოანე მოსხი "ლიმონარი ანუ სამოთხე". რუფინუსი. "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება". თბილისი 2005წ.) თარგმანი, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის მონაზვნებს ხელთ ჰქონიათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იოანე მოსხის ძველი ქართული ტექსტი, შეუსრულებიათ რუსული "Луг духовный" - დან. ცხადია, მღვიმევის დედათა მონასტრის თარგმანში ორი თითით ჯვრის გამოსახვის მოწმობა იოანე მოსხის "ლიმონარიდან" ამოღებულია.

მეორე მიზეზი, რომელიც შესაძლებლობას არ გვაძლევს გავიზიაროთ შეხედულება - თითქოსდა პირველი ქრისტეანები პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით და ორი თითით პირჯვრისწერა საბერძნეთსა და დასავლეთში IX საუკუნიდან დამკვიდრდა, გახლავთ კატაკომბური კედლის მხატვრობისა და პირველქრისტეანული ხატმწერლობის ნიმუშები. ასევე სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც ათვალსაჩინოებს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არათუ ცნობილი იყო პირველქრისტეანთათვის, არამედ გამოიყენებოდა კიდეც პრაქტიკაში. (ამ მხრივ დაინტერესებულ მკითხველს მივუთითებთ ძალზე საინტერესო ნაშრომს სახელწოდებით: "Двоеперстие в памятниках христианского искусства и письменности" (Барнаул, 2001 г.). რომელშიც თავმოყრილია თვალსაჩინო დოკუმენტები ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად. ჩვენ ამ წიგნიდან შემოგთავაზებთ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს. იხ. ქვემოთ სურათები).



იმპერატორ იუსტინიანე II-ს (527-565) სოლიდუსი (ლათ. სოლიდუს - მყარი, მტკიცე, მასიური - რომის ოქროს მონეტა. პირველად 309 წ. დაბეჭდა იმპ. კონსტანტინე დიდმა. სოლიდუსმა შეცვალა მანამდე არსებული ავრეუსი. 314 წ. შემოვიდა რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში, ხოლო 324 წლიდან მთელს იმპერიაში).



ძველქართული მინანქრული ხატი


16. კიდევ რა შეიძლება ითქვას ორი და სამი თითით პირჯვრისწერის წესთა შესახებ?

როგორც თავიდან ვწერდით, პირჯვრისსაწერი და საკურთხებელი თითების წყობა ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამებისადმი (მამის, ძისა და სულიწმიდის) და წმ. სამების მეორე იპოსტასის, განკაცებული ძე ღმერთის, მაცხოვნებელი მსხვერპლისა, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისადმი რწმენა წარმოადგენს. ასევე, აღვნიშნეთ, რომ სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად გვებოძა ჩვენ, ქრისტეანთ, უძველესი დროიდან როგორც პირჯვრისსაწერი თითების განსაკუთრებული წყობა, ასევე გასაზღვრული ქმედებაც, რაც ამ წყობით ჯვრის გამოსახვასა და ხელის გარკვეული მიმართულებით მოძრაობაში (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ) გამოიხატება. ზემოთთქმულის დასტურად, ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ მოვიტანთ პირჯვრისწერის მართლმადიდებლურ განმარტებას, რათა, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სხვა წესების შედარებით ძველმართლმადიდებლური ჩვეულების სრული სჯულიერება და მისგან განსხვავებული ყველა სხვაგვარი წყობის სრული უსჯულოება წარმოვაჩინოთ.

ამრიგად, ძველმართლმადიდებლური ეკლესია ასე განმარტავს პირჯვრისსაწერად და საკურთხებლად შეკრული თითების წყობას და მათი მეშვეობით შესასრულებელ ქმედებას. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა. ორ დანარჩენს, საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის - სიმბოლოდ. შუათითი ოდნავ მოხრილი უნდა იყოს (თუმცა ხატმწერლობაში ეს წესი ყოველთვის ზედმიწევნით დაცული არ არის), რაც მაცხოვრის ღვთაებრიობაზე მიგვანიშნებს, რომელმაც მოდრიკა ზეცა (ფსალმ.) და განკაცდა დედამიწაზე.

ორი თითით კურთხევის სხვა, ადვილად ხელმისაწვდომ მაგალითს შეიძლება გავეცნოთ იოანე მოსხის "ლიმონარში": "აღიღო კათხაი იგი სავსეი წამლითა და დასწერა მას სამგზის ჯვარი ორითა თითითა თვისითა და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ კათხასა ამას, - და შესვა იგი წინაშე მათ ყოველთა და არარაი ევნო მას" (იხ. ქართული მწერლობა. ტ. I. იოანე მოსხი. "სამოთხე". გვ. 398).

წმიდა მამებისეული ზუსტი დოგმატური გადმოცემის შემცველია სამღვდელმთავრო წირვაზე ერის კურთხევის სამღვდელმთავრო წესიც, როდესაც მღვდელმთავარი ტრიკირიითა (სამსანთლიანი სასანთლე) და დიკირიით (ორსანთლიანი სასანთლე) აკურთხებს ეკლესიაში შეკრებილთ, სადაც ტრიკირია (ბერძნ. … სამი. … სანთელი ) ღმერთის სამპიროვნობის სიმბოლოა, დიკირია კი განკაცებული ღმერთის, წმ. სამების მეორე პირის, იესუ ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს.

ამრიგად, მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებიდან გამომდინარე, წმ. ეკლესია ერთმანეთისგან განცალკევებულად ითხოვს წმ. სამების ერთპიროვნობისა და წმ. სამების მეორე იპოსტასის, ძე ღმერთის განკაცებისა და მისი ორბუნებოვნების აღსარებას, რაც ზემოთ მოტანილ მაგალითებშიც ცხადად არის წარმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ცალკე სამ თითში არაფრით არ შეიძლება მოაზრებულ იქნას განკაცება მაცხოვრისა, რამეთუ სამი თითი აქ წმიდა სამების ღვთაებრივ პირთა ერთობისადმი რწმენას გამოხატავს და, საღვთისმეტყველო განმარტებათა თანახმად, მასში არ არის მოაზრებული ქრისტეს განკაცება. ამ საიდუმლოს (ე. ი., განკაცებას მაცხოვრისა) ცალკე აღმართული ორი თითით (ან დიკირიით, როგორც ეს სამღვდელმთავრო წირვაზე სრულდება) გამოხატავენ, რაც სრულიად მართლმადიდებლურია.

მაგრამ რა ხდება ედ. ჭელიძის მიერ მოცემულ განმარტებებში? გამოხატავს პატივცემული ლექტორის მიერ მოცემული მტკიცებანი ზემოთ მოტანილ დოგმატურ სწავლებას წმ. სამების ერთობისა და ძე ღმერთის განკაცების შესახებ? თუკი სამ თითში, რომელიც, ზემოთ მოტანილ განმარტებათა თანახმად, ღმერთის სამპიროვნობისადმი რწმენის ნიშნად გვაქვს შეკრული, ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება მოიაზრება და არა განკაცება, რამეთუ მეორე იპოსტასი წმ. სამებისა თავისი ღვთაებრიობითაა თანასწორი მამისა და სულიწმიდისა და არა ადამიანური ბუნებით, მაშინ როგორ არის შესაძლებელი, ერთ თითშიაც აღვიარებდეთ ორ ბუნებას მაცხოვრისა? ერთი თითით პირჯვრისწერა ხომ, ედ. ჭელიძის თქმით, იგივეა, რაც სამი თითით პირჯვრისწერა, რამეთუ ტრიადოლოგიური თვალსაზრისით "სამება ყოველთვის ერთარსებაა, და ერთარსება ყოველთვის სამება".

მაგრამ, წმ. მამათა თანახმად, პირჯვრისსაწერ თითთა წყობაში ჯვარცმულის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს აღსარება უნდა იყოს გამოხატული, ხოლო იქ, სადაც წმიდა სამების თანაარსობაზე და სამი ღვთაებრივი პირის ერთობაზეა ლაპარაკი, ჯვარცმული ადამიანური ბუნების მოაზრება დოგმატურ განსაზღვრებათა საწინააღმდეგოა. ასე რომ, ჭელიძისა და გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის მიერ შემოთავაზებულ განმარტებებში ჯვარცმული ქრისტეს აღსარება საერთოდ არ დევს, არადა, სწორედ ამას ითხოვენ ჩვენგან წმ. მამები!

წმ. ბასილი დიდი: "სასწაული ჯუარისასა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი სჯულისკანონი. "მეცნიერება". თბილისი. 1975 წ. გვ. 506).

წმ. კირილე იერუსალიმელი: "ნუ შეგვრცხვება, აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი…" (ციტ. ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 188).

წმ. ეპიფანე კვიპრელი: "აღიბეჭდვის ნიშითა მით ცხოვრებისაითა რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი იქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული. თბილისი. 1979 წ. გვ. 139. ედ. ჭელიძის დასახ. ნაშრ.).

მაშასადამე, პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემას მათში ჩადებული უნდა იყოს სრული სარწმუნოებრივი განსაზღვრება, კერძოდ, ის, რომ ჯვარცმულია წმ. სამების მეორე იპოსტასი, რომელიც განკაცდა ჩვენ ცოდვილთათვის და ჩვენივ ცხოვნებისთვის ჯვარს ეცვა თავისი ადამიანური ბუნებით. ეს დოგმატი ხუთივე თითის გარკვეული წყობით არის გამოხატული (სამი შეკრული და ორი ზეაღმართული). მასშია მოცემული ის სარწმუნოებრივი განსაზღვრება, რომლისადმი რწმენა (ანუ რწმენა ღმრთის სამპიროვნობისა და ერთობისა და მეორე პირის განკაცებისა და ჯვარცმისა, აღდგომისა და ამაღლებისა) ანიჭებს პირჯვრისწერას საიდუმლო მადლიან ძალმოსილებას. თითების სწორედ ამ წყობაში დევს ის ინფორმაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად და შეურყვნელად მოდის და რომლისადმი მორწმუნის მიმართებაც პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითთა წყობას საიდუმლო მადლმოსილებისა და ძალის შენარჩუნებას განაპირობებს.

პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი თითების სხვა წყობებში გაუქმებულია ეს დოგმატები, ამიტომაც ადამიანი რწმენას ავლენს არა წმ. სამების მეორე იპოსტასის, განკაცებული ძე ღმერთის მიერ ჯვარცმით მონიჭებული მადლმოსილებისადმი, არამედ სრულიად უცხო, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელ დოგმატებისადმი მიმართებაში. ასეთია ერთი და სამი თითით პირჯვრისწერის და ასევე კურთხევის გაცემის ედ. ჭელიძისეული ვარიანტები (იხ. ქვემოთ), რის გამოც პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის ძალმოსილება გაუქმებულია.

აქ შეიძლება მოგვიგონ: "კეთილი, მაგრამ, განა პირველი სამი შეკრული და ბოლო ორი მოკეცილი თითიც იმავეს არ გულისხმობს, რასაც ძველმართლმადიდებლური წყობა თითებისა, სადაც, პირიქით, აღმართულია საჩვენებელი და შუათითი და შეკრულია ცერი, ნეკა და არათითი? განსხვავება ხომ მხოლოდ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში ჯვართან მიმართებაშია სამი თითი; ხოლო მეორე შემთხვევაში, ანუ ძველმართლმადიდებლური წესით, ჯვართან მიმართებაშია ორი და არა სამი თითი".

კიდევ ვიმეორებთ: ჯერ ერთი, 16667 წლის მოსკოვის რეფორმატორული კრებისა, ედ. ჭელიძისა და 1963 წლის ლოცვანში მოცემულ განმარტებათა თანახმად, რომელიც ახალმოწესეთა საზოგადო სწავლებას წარმოადგენს, სამი თითით პირჯვრისწერაში ორი მოკეცილი თითი, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს. ის სრულიად გაუქმებულია, რამეთუ, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ერთი თითით პირჯვრისწერის სახეცვლილებაა (რამეთუ მას ტრიადოლოგიური დოგმატის გამოხატულებად მიიჩნევენ) და სამების ერთარსობას გამოხატავს, - განკაცებული და ჯვარცმული ქრისტე აქ საერთოდ არც არის ნაგულისხმევი, ხოლო თუ ნაგულისხმევია, მაშინ მივიღებთ მონოფიზიტურ სწავლებას, რომლის მიხედვითაც, როგორც უკვე ვთქვით, ქრისტეს განკაცების შემდგომ ქრისტეს ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა მისი ადამიანური ბუნება და ამიტომაც ერთი ან სამი თითით იწერენ პირჯვარს. ასე რომ, ზემოთ ხსენებულ განმარტებათა შესაბამისად, სამი თითით პირჯვრისწერაში, სადაც მოკეცილია ბოლო ორი თითი, განკაცების საიდუმლო, უბრალოდ, გაუქმებულია. მეორე, მოკეცილ ორ თითს (სამი თითით პირჯვრისწერაში) ნიკონიანელები ანიჭებენ იგივე მნიშვნელობას, რასაც აღმართულ ორ თითს ძველმორწმუნენი (იხ. ნახ. 1); ე. ი. განკაცებული ქრისტეს ორბუნებოვნების ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი განმარტება მოგვიანებით, ნიკონის შემდეგ დამკვიდრდა ახალმოწესეთა ეკლესიაში და, როგორც ჩანს, ზემოთ მოტანილი დოგმატური შეუთავსებლობის გამო (თვით ნიკონი და სხვა მისი თანამოაზრეები ამ მოკეცილ ორ თითს ასევე არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ).

მესამე, - ნიკონიანური გაგებითაც კი პირველი სამი შეკრული და ბოლო ორი მოკეცილი თითით პირჯვრისწერაც საწინააღმდეგოა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო განმარტებისა თუნდაც იმიტომ, რომ ჯვართან მიმართებაშია არა ორი (თუნდაც მოკეცილი), არამედ სამი შეკრული თითი, ხოლო თითებით, რომლებიც პირჯვრისსაწერად არის შემართული, - შუბლს (ქრისტეს მარადიული მეთაურობის), ჭიპს (განკაცების), მარჯვენა მხარს (ამაღლების და მამის მარჯვენით ჯდომის) და მარცხენას (მეორედ მოსვლის ნიშნად) ქრისტეს, წმ. სამების მეორე პირის, განკაცებისა და ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვის წყევისაგან გამოსყიდვის დოგმატის აღსარების ნიშნად ვეხებით და არა სამების ჯვარცმის ნიშნად (ნუმც იყოფინ!).

ნათლისღების საიდუმლოში, ზეთის ცხებისა და მირონის ცხების რიტუალებში, ადამიანის სხეულის სხვადსხვა ნაწილებზე: შუბლზე, თვალებზე, ღაწვებზე, ნესტოებზე, გულზე, კეფაზე, ხელებზე, მუხლებზე და ტერფებზე ჯვრის გამოსახვა: ზემოდან - ქვემოთ, მარჯვნიდან - მარცხნივ იმავე შინაარსის მქონეა. კერძოდ, ის უფლის გარდამოსვლის, განკაცების, ჯვარცმის შემდგომი აღდგომისა და ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლის სიმბოლოა.

განა სამებაა განკაცებული და გარდამოსული? განა სამება ეცვა ჯვარს? განა სამება აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა? განა სამება ზის მარჯვენით მამისა? (ეს ხომ აბსურდია და ამგვარი ფიქრიც კი სრული უკეთურებაა!) და, თუ გვეთანხმებით, რომ ამგვარად მსჯელობა ყოვლადწმიდა სამების გმობაა, მაშინ რატომ არის პირჯვრისსაწერი თითების ახალმოწესეობრივ კომბინაციაში წინ წამოწეული სამი თითი, რომელსაც იდებენ შუბლზე, ჭიპზე, მარჯვენა და მარცხენა მხრებზე, ხოლო ორი მოკეცილი თითი, ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლო, - უკანა რიგში გადაწეული?

რატომ ეხება სამი თითი, სამების ერთობის სიმბოლო, ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც ეკლესიის მეთაურობის, განკაცების, ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომის და მეორედ მოსვლის სიმბოლოებად ქცეულან? განა ცხადი არ არის, სამი თითით პირჯვრისწერის ახალმოწესეობრივი ჩვეულება პირჯვრისსაწერ თითებში ჩადებული მართლმადიდებლური დოგმატიკის გაუკუღმართება რომ არის?!

გონებადაბნელებულ მწვალებელთა გარდა ვის ძალუძს, თავისი რწმენა და სასოება გამოხატოს ამგვარი უკუღმართი და ღვთისმგმობი სწავლებისადმი. პირჯვრისწერას ხომ მაშინა აქვს ძალი და მადლი, როდესაც პირჯვრისსაწერ თითებში გამოხატული დოგმატური აღმსარებლობისადმი მიმართული რწმენით არის გარდასახული, თუ არადა ხელების უაზრო ქნევად მიიჩნევა წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა მამათა განმარტებების მიხედვით.


17. რა არის კურთხევა და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?

კურთხევა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, არის თანხმობა ან ნებართვა რაიმე კონკრეტულად განსაზღვრულ, ღვთივსათნო და სულის ცხოვნებისაკენ მიმართულ საქმეზე, ხოლო თუ რომელი საქმეებია ღვთივსათნო და მაცხოვნებელი ჩვენი სულებისთვის, უნდა ვისწავლოთ ღმრთისგან - ყოველგვარი წყალობისა და კურთხევის წყაროსგან, რომელმაც წმ. მოციქულთა და წმ. მამათა პირით წმ. წერილსა და წმ. გადმოცემაში გადმოგვცა ყოველივე.

პირველი (საერთო) კურთხევა სამყაროს და პირველ ადამიანთა შექმნისთანავე თვით უფალისაგან მიიღო კაცთა მოდგმამ: "და აკურთხა იგინი ღმერთმან, მეტყველმან, აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას და ჰმსთავრობდით თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:28).

ხოლო ამის შემდგომ, რჩეული ერის ეგვიპტის ტყვეობისაგან გამოხსნისა და ძველაღთქმისეული ეკლესიის დაფუძნებისთანავე, უფალმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ასწავლა თუ როგორ უნდა ყოფილიყო კურთხეული თითოეული კაცი, ერთგული შვილი ეკლესიისა: "და ეტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი, არქუ აარონს და ძეთა მისთა, ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელმან. ესრეთ აკურთხევდით ძეთა ისრაელისათა, მეტყუელნი მათდა მიმართ: გაკურთხენინ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ; გამოაჩინენ უფალმან პირი თვისი შენ ზედა და შეგიწყალენ შენ; და აღიპყარნ უფალმან პირი მისი და მოგეცინ შენ მშვიდობაი; ღაღადებდენ სახელსა ჩემსა ძეთა ისრაელისათა, და მე ვაკურთხნე იგინი" (რიცხვ. 6:22-27).

ახალაღთქმისეული ეკლესიის დამფუძნებელმა, ძემ ღმრთისა და მაცხოვარმა ქვეყნისა სიტყვითა და საქმითაც გვასწავლა, როგორ უნდა ვაკურთხოთ ძენი ახალი ისრაელისა; თავისი ზეცად ამაღლების წინ იესუ ქრისტემ "განიყვანნა იგინი (მოწაფენი - ეპ. პ.) გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი და აკურთხან იგინი" (ლუკა 24:50). ამით მან აჩვენა, რომ წმ. მოციქულებსაც მართებდათ კურთხევის გაცემა მორწმუნეთათვის; ხოლო წმ. მოციქულთაგან უფლება და შესაძლებლობა, გაეცათ კურთხევა მემკვიდრეობით მიენიჭათ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს.

წმ. იოანე ოქროპირი სამღვდლო კურთხევას უწოდებს "სულიერ იარაღს, რომელიც ყოველის მხრიდან იცავს ქრისტეანს". ლიტურგიაზე წმ. ევქარისტიის უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსისა და მღვდლის ხელი სულიწმიდის მოწოდებით ქრისტეს უპატიოსნეს ხორცად და სისხლად შეცვლის პურსა და ღვინოს; ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, ემბაზში სამგზისი შთაფლვით მარადიული ცხოვრებისთვის ბადებს ადამიანს; ნებისმერ ადგილასა და ნებისმერ დროს გადმოჰყავს ღვთის კურთხევა იმ ადამიანებზე, რომლებიც ღირსნი არიან კურთხევისა და ღვთისმოშიშებით ესწრაფვიან მას.

მღვდელმსახურისგან მიღებულ წმ. კურთხევას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, რომ წმ. ანტონი დიდი ჭიქა წყლის დალევასაც კი არ გვირჩევს მის გარეშე. ასევე, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ეპისკოპოსთა და მღვდელთა კურთხევის გარეშე არაფრის ქმნას არ გვირჩევს: "რაითა რაოდენსაცა რას იქმოდეთ, თვინიერ ეპისკოპოსისა თქუენისა არ რას ჰყოფდეთ, არამედ, რაითა მღვდელთაცა დაემორჩილენით ვითარცა მოციქულთა ქრისტესთა… და აწ უკუე, რომელი ამათ, არა ერჩდეს, არამედ ურჩ იყოს, ეგევითარი იგი ყოვლითურთ უღმრთო არს და უსჯულო, რამეთუ ქრისტეს შეურაცხყოფს და ბრძანებათა მისთა დააკნინებს" (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი. ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ. საქ. საეკლ. კალენდ. 1988 წ. გვ. 536, 540).

მღვდლისა და, მით უფრო, ეპისკოპოსის მიერ გაცემული კურთხევით უფალი უხილავად ანიჭებს ყოველგვარ სიკეთეს მათ, ვინც გულწრფელად და რწმენით ითხოვს "სიკეთისთვის" (შეად. იაკობ. 4:5) რამეთუ ის, ვინც ითხოვს კურთხევას, ღმერთს უფრო მიმართავს, ვიდრე ადამიანს და მადლობს და ადიდებს ქრისტე მაცხოვარს, რომელიც ამ დროს "მადლის იარაღით", თავის მღვდელმსახურთა ხელით, მოქმედებს.

ასე რომ, "ნაყოფი" კურთხევისა მთხოვნელის რწმენაზე და ღირსებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მაკურთხებელ მღვდლებზე.…აქვე ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმასაც, რომ წვერგაპარსულ მამაკაცებს, სიგარეტისა თუ სულისწარმწყმედელ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიმღებთ, ასევე ბილწადმოუბრებს (ეფეს. 4:29) და სხვა ქრისტეანის სახელის შეურაცხმყოფელ უღირს და უხმარ ჩვეულებებს დაქვემდებარებულებს, ასევე უწმინდურ მდგომარეობაში (დედაკაცურ წესში) მყოფ ქალწულებს და დედაკაცებს, თავდაუბურავ მანდილოსნებს არ მართებთ მიღება კურთხევისა და არც მღვდელი უნდა აძლევდეს ამგვართ კურთხევას, რამეთუ, როგორც წმ. პავლე მოციქული ბრძანებს, ხელმწიფება იგი (ანუ ძალმოსილება, უფლებამოსილება) "რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებლად" ეკლესიისა (2 კორინთ. 10:8), არ შეიძლება მისდა "დასარღუეველად" იქნეს მიმართული.

ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი ღმრთისმსახურის ხელით - საღმრთო კურთხევის მიღება არის საქმე უწმიდესი და მას მაცხოვნებელი მნიშვნელობა აქვს თითოეული მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის.


დასკვნა


ამრიგად, პირჯვრისსაწერ თითების წყობას იმდენადა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მასში ჩადებლია უმთავრესი დოგმატური შეხედულებანი.


პირჯვრისწერით, - ანუ იმ საკრალური ინფორმაციის მოგონებით, რომელიც თითების წყობასა და შესაბამის მოძრაობაშია ჩადებული და რომლის მიმართაც გამოხატავს თავის რწმენას მართლმადიდებელი ქრისტეანი, - ითრგუნება ეშმაკი.

კერძოდ კი, პირჯვრისწერა - ეს არის წმ. სამების მეორე იპოსტასის განკაცების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის, ამაღლების, მამის მარჯვენით ჯდომისა და მეორედ მოსვლისადმი და საერთოდ, ადამიანთა ცოდვის წყევისაგან გამოსყიდვის სიმბოლური გამოხატულება.

თითების წყობის შეცვლით შეიცვალა მთელი ინფორმაცია, რის შედეგადაც ადამიანის რწმენა და სასოება ყალბი, სულისწარმწყმედელი მწვალებლური სწავლებისადმი იქნა მიმართული. ამგვარი პირჯვრისწერა თუ კურთხევა ვერ ანიჭებს ადამიანს საიდუმლო მადლმოსილ ძლიერებას.

მადლი და ძალა ძველმართლმადიდებლური პირჯვრისსაწერი და საკურთხებელი თითების წყობისაგან განსხვავებულ ნებისმიერ წყობას იმიტომ ეკარგება, რომ თითების წყობა გამოხატავს დოგმატურ სწავლებას, რომლისადმი რწმენითა და სასოებით არის განმსჭვალული ყოველი ჭეშმარიტი ქრისტეანი. დაიშალა ეს წყობა? - ავტომატურად იშლება რწმენის ობიექტი! შეიცვალა თითების კომბინაცია? - იცვლება დოგმატური შეხედულებაც (თითებში გამოხატული), რის გამოც როგორც პირჯვრისწერას, ასევე კურთხევის გაცემას ეკარგება ღვთიური ძალმოსილება.

ბ-ნი ედ. ჭელიძე, თავის წიგნში ერთგან წერს: "ეკლესია, რომელიც ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ვერ ასხვავებს და რომელიც მართლმადიდებლად რაცხს მწვალებელს, თავადაც მწვალებელია" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. 1990 წ. გვ. 17). ამ სიტყვებით ჩვენმა ოპონენტებმა თვითონ გამოუტანეს განაჩენი როგორც საკუთარ თავს, ასევე მათი სულიერი წინაპრების, რუსი თუ ბერძენი "ძმების" რეფორმატორულ მოღვაწეობას.

ანუ, ახალმოწესეთა გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესია თავად აღმოჩნდა მწვალებლური, ვინაიდან არათუ ერეტიკოსი და მართლმადიდებელი ვერ განუსხვავებია ერთმანეთისგან (გავიხსენოთ თუნდაც როგორ "ამორიცხეს" წმინდანთა დასიდან ნიკონმა და მისმა მომხრეებმა წმ. ანნა კაშინსკაია (XIIIს.) მხოლოდ იმიტომ, რომ მის უხრწნელ გვამს თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი კომბინაციით), არამედ დავიწყნია უძველესი მართლმადიდებლური გადმოცემები, რომელიც 1667 წელს, რეფორმის "დამაგვირგვინებელ" კრებაზე, დასწყევლა როგორც მწვალებლობა და ამით საკუთარი თავი შეუყენა ანათემას.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика