აპოლოგეტიკა - ბატონ ზვიად გამსახურდიას - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ეპისკოპოსი იონა (ჩახავა)

ბატონ ზვიად გამსახურდიას

პასუხი ზვიად გამსახურდიას

ბატონო ზვიად, ბუნებრივია, რომ თქვენ, ქართველ ხალხს მხოლოდ ქრისტეს გზით სიარულს ურჩევთ, - კეთილი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ღმერთისა და ადამიანის მტერმა კაცთა საცთუნებლად ჭეშმარიტებას მრავალი ცრუ განმარტება მოუძებნა...

ქრისტე და ჭეშმარიტი ქრისტიანობა კი ფორმითა და შინაარსით ყოველმხრივ დასრულებული საღვთო სჯულია (კანონია), რომელიც მთელი თავის საწესჩვეულებო სისტემით მართლმადიდებლურ აღსარებაში არის გამოხატული.

საქართველოს, თუ ყოველთვის საქმით არა, სიტყვით მაინც არასოდეს უთქვამს უარი ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ აღმსარებლობაზე, რაშიც ქართული ფენომენის სულიერი შინაარსი, მისი გონებრივი და ზნეობრივი საზრისია მოცემული. შვიდი მსოფლიო საეკლესიო წმიდა კრების მიერ დადგენილი დიდი რჯულის კანონი საღვთო წერილისა და საღვთო გადმოცემის ძველბერძნული სწავლებაა, და ქრისტეს აღთქმისა და მადლის რჯულის უცთომელობისა და ძალის რწმენას გულისხმობს.

თუ მართლმადიდებლები ვართ, ვიცით, რომ რჯული თავისი წესჩვეულებებითა და ტრადიციებით, ღმერთშემოსილმა მამებმა სულიწმიდის კარნახით აუწყეს კაცობრიობას და შეგვახსენეს სახარების შეგონება: "სჯულის მომსმენნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ სჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან" (რომ. 2:13).

გნებავთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, გნებავთ, მორალურად, კეთილს ვემსახურებით თუ ბოროტს, ბელიარს ვემორჩილებით თუ ქრისტეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საღვთო რჯულისკანონის კრიტერიუმებით შეიძლება გავარკვიოთ და დავადგინოთ.

სწორედ საღვთო რჯულისკანონის, როგორც სააზროვნო და სამოქმედო საზომის უგულებელყოფამ დაგვიბნელა გონების სუილ, როცა ათეისტური და თუ გნებავთ, ოკულტური უღმერთოების შხამი მივიღეთ... რაც იყო, იყო მაგრამ ახლა უფლება არა გვაქვს არ ამოვიცნოთ დრო... ჩვენ კი კვლავ, წლების მანძილზე შექმნილი შაბლონებისა და ფსიქოლოგიური ბარიერების ზემოქმედებით, საქართველოს ისტორიისა და ქრისტეს რჯულის გარეთ დავეძებთ აზროვნებისა და მოქმედების მოდელებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო წესის ნიმუშებს.

რჯული კი...

რჯულის კანონის უმაღლესი საღვთო ღირებულებას უარვყოფთ, როცა მისი სიწმინდეების პრაქტიკული აღდგენის სრულიად გარდაუვალი აუცილებლობის ქადაგებას სექტანტურს ვუწოდებთ და ყოველგვარი განმარტების გარეშე სხვებსაც ვაფრთხობთ არ ცდუნდნენ და ყური არ უგდონ მას.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, როგორც ნაწვიმარზე სოკოები, ისე მრავლდებიან საქართველოში სხვა და სხვა არამართლმადიდებლური სექტები, მიმდინარეობები, რელიგიები და ისინი არავის ახსოვს, გაისმა თუ არა სავსებით ქრისტიანული მოთხოვნა მართლმადიდებლური რადიკალიზმის შესახებ, საკმაოდ ენერგიულად ამოქმედდა წინააღმდეგობის სული...

თუ რჯულისკანონის, როგორც ძველი სამოციქულო სწავლების ჭეშმარიტებას უარვყოფთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ: საქართველოს ისტორიაში ქრისტეს რჯული მხოლოდ თეოლოგიური ინსტრუმენტი, მხოლოდ დიპლომატიური საშუალება იყო და არა თვით უფლის მიერ კურთხეული მადლის გარდამოსვლის კანონი;

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს განმანათლებელი მინდა ნინო, გრიგოლ ხანძთელი, მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი თუ თამარ მეფე არ იყვნენ ჭეშმარიტნი და გულახდილნი თავიანთ ფილოსოფიურ და რელიგიურ მრწამსში და ისინი წმინდა და მარადიულ ქრისტიანული ორიენტირების გარეშე მხოლოდ ლოგიკური შემასმენელებით, წარმავალი ღირებულებების საფუძველზე, მატერიალისტებივით აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ.

ან თქვენდამი მონდობილი ერის წინაშე კანონიკური არგუმენტებით უნდა დაგვისაბუთოთ და მიგვითითოთ, არსენ იყალთოელის მიერ ძველბერძნულიდან თარგმნილი და დავითისგან "უცთომელ კანონად" აღიარებული "წმიდან და საეკლესიო კანონთა კრებულის" რომელ მართლმადიდებლურ წესს ვარღვევთ ჩვენს საეკლესიო მოთხოვნებში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში?

ხოლო თუ ამგვარ ცთომილებას ვერ წარმოადგენთ, მაშინ თქვენ ჭეშმარიტებას ლანძღავთ და სცემთ!...

ცთომა (წესის გამრუდება) მომაკვდინებელია ერისა" - გვასწავლის რჯული, ასეთი ცთომა კი ასეულს სცილდება, საქართველოში, როგორც ერის, ისე ბერის ცხოვრებაში, და ასეთ პირობებში განა ლოგიკურია, ქრისტიანი ამ ცთომილებათა გასწორებას აღუდგეს წინ? ნუთუ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შინაარსში აღარაფერია მარადიული და ნუთუ ცდება მისი კანონი, როცა საქართველოს უბედურების მიზეზებს ასეთ უბრალო ფორმულირებას აძლევს: "ღვთის მადლისგან გაშიშვლდა ცთომის მიერ და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს". ცთომა კი ქართული ლექსიკონის თანახმად წესის გამრუდებას ნიშნავს.

"ვინც თავისით ლაპარაკობს საკუთარ დიდებას ეძებს" (იოანე 7:18). საქართველოს ძველმართლმადიდებელთა ეკლესია თავისით არაფერს ამბობს და მის მოწოდებებსა და მოთხოვნებში არაფერია სუბიექტური და გამოგონილი.

იგი ერის ხსნის გზებსა და საშუალებებს მხოლოდ და მხოლოდ საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაში ხედავს და ამასვე ქადაგებს. ამიტომ, გაუგებარია საქართველოში კანონიკური, სამოციქულო ღვთისმსახურების აღდგენის მოთხოვნას, როგორ უწოდებთ ქართული ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას? და ეს მაშინ, როცა საღვთო რჯულის მკაცრად მპყრობელი ეკლესია ერთადერთი საშუალებაა საღვთო მადლისა და წყალობის მისაღებად, რის გარეშეც ადამიანი განწირულია: "ღვთის მადლის გარეშე არაფერი კეთილის გაკეთება არ შეგვიძლია" (მეხუთე მსოფლიო საეკლესიო წმიდა კრების კანონი 113).

ბატონო ზვიად, როგორ მივიღოთ ასეთი მადლი თუკი რჯულის კანონებისა და წესების უგულებელმყოფელ ეკლესიას არა აქვს ძალა ჯერ ნათლისღებისა და შემდეგ ყველა დანარჩენი საიდუმლოს მიმართ, რომლებზეც დაფუძნებულია ქრისტეს ტაძარი? და თუ არა რჯულისკანონი, დაგვისახელეთ სხვა კანონთა კრებული, რომელსაც უნდა ენდოს და დაეყრდნოს საქართველო.

საკმარისია, რჯულის პრიზმაში გავხედოთ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რათა დავინახოთ, შექმნილი მდგომარეობის არსობრივი მიზეზი და მოსალოდნელი სასჯელი... თუ სასწრაფოდ ქრისტიანულ-კანონიკურ მოძღვრებაში არ მოვიძიებთ ეროვნულ მიზნებსა და მათ მისაღწევ საშუალებებს.

სანამ გონებრივი და ზნეობრივი სუროგატებისგან არ გავთავისუფლდებით და მარად უცვლელ და ჭეშმარიტ რჯულისკანონს არ დავემორჩილებით, სულიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე საუბარიც ზედმეტია, ამ თვალსაზრისით დაცემული ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ილუზიაა.

საღვთო რჯულთან სიტყვით და საქმით დაპირისპირებაა ყველა უბედურების, ყველა წარუმატებლობის მიზეზი, რომელიც უფსკრულისკენ მიგვაქანებს.

ბატონო ზვიად, ნუ გამოიყენებთ თქვენს მდგომარეობას უკანონობის სასარგებლოდ და რჯულის წინააღმდეგ. დადგა დრო, სულიერი და ფიზიკური დაღუპვის გზაზე გადაეღობოთ ერს თქვენი სახელისა და ავტორიტეტის ძალით და ასე აღასრულოთ ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნის მიმართ უზენაესის ნება!

თეოლოგიურ ალმანახ "ღვთიური გზის" არქივიდან.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика