აპოლოგეტიკა - ნიკონის რეფორმის დამცველთა მაგალითების განხილვა 5 - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა

სტაროვერობა

ძველმართლმადიდებლობა                                                                                  ახალმოწესეობა

შინაარსი:

_____________________


მიტროპოლიტ მიტროპოლიტ დანიელის მიერ, ღირსი მაქსიმე ბერძენის განკითხვის შესახებ


ახალმოწესე: მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებათა დასაცავად, რომლებმა დაგმეს ორი თითით პირჯვრისწერა, შეგვიძლია მივუთითოთ ისტორიულ შემთხვევას, როდესაც რუსეთის მიტროპოლიტმა დანიელმა წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო ღირ. მაქსიმე ბერძენი და ის მწვალებლადაც კი გამოაცხადა. არადა, არც ჩვენ და არც თვენ, ძველმოწესეები, არც მიტროპოლიტ დანიელს და არც ღირ. მაქსიმეს მწვალებლად არ მივიჩნევთ. ამიტომაც, არ შეგიძლიათ ჩვენი ეკლესია გამოაცხადოთ მწვალებლურად, თუნდაც მან თქვენ მწვალებლები გიწოდათ.

ძველმოწესე: ნება მომეცით გკითხოთ: სად არის ნათქვამი, რომ მოსკოვის მიტროპოლიტმა დანიელმა მაქსიმე ბერძენი წიგნების არასწორი გასწორებისთვის დაგმო?

ახალმოწესე: ასე წერია ე. ანტონოვის პასუხებში 105 შეკითხვაზე, კერძოდ 25-ე პასუხში.

ძველმოწესე: ანტონოვს არასწორად უწერია. მაქსიმე ბერძენის დაგმობას ერთი მიზეზი არ ჰქონია, მიზეზი მრავალი და სხვადასხვაგარი იყო. პროფ. ე. გოლუბინსკის "რუსეთის ეკლესიის ისტორიაში" ვკითხულობთ: "დანიელი მონასტრებისადმი მიწების სამემკვიდრეოდ (ვოტჩინების) გადაცემის ღირ. იოსებისეული იდეის მეტად მოშურნე მომხრეთა რიგს მიეკუთვნებოდა. შედეგად, როგორც ასეთი, ბასიანე კოსოის და ღირ. მაქსიმე ბერძენს საკუთარ მტრებად მიიჩნევდა. ამ მტრების სრული და ულმობელი დამარცხება იყო ის უმთავრესი ამოცანა, რაც ძლიერ დაეტყო დანიელის მმართველობას... ღირ. მაქსიმე ბერძენი, რომელიც ბასიანეს თანამოაზრე იყო, მის თანამშრომელად გამოვიდა: ვოტჩინების საკითხში ისიც ჩაერთო და თანაც წერილობითად... ცხადია, ამის გამო მას, ისევე როგორც ბასიანეს, დანიელის რისხვა უნდა დაემსახურებინათ... ღირ. მაქსიმე დანიელის მოწინააღმდეგე იყო მონასტრებისათვის მიწების სამემკვიდრეოდ გადაცემის საკითხში, მაგრამ შეუძლებელია ჰქონოდა მისდამი ის პირადი, მიკერძოებული სიძულვეილი, რაც დანიელისადმი გააჩნდა ბასიანეს... ხოლო დანიელს განსაკუთრებული სიძულვილი უნდა ჰქონოდა ბასიანესა და მაქსიმეს წინააღმდეგ, როგორც ვოტჩინის საკითხის მოწინააღმდეგეებისადმი.


მაგრამ, პირადი სიძულვილი, როგორც ცნობილია, აღემატება ყოველგვარ სხვა სიძულვილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძულე ნამდვილად აღიარებს საკუთარ ნაკლოვანებებს, რომლის გამოც ხდება მძაფრი კრიტიკის მიზეზი. გამომდინარე აქედან, ბასიანესა და მაქსიმეს მიმართ დანიელს იმდენად სასტიკი და მძაფრი სიძულვილი უნდა ჰქონოდა, რამდენიც კი შეეძლო, არადა, როგორც მომდევნო მოვლენებმა აჩვენა, ყველაზე ულმობელი და შეურიგებელი სიძულვილი შესძლებია" (т. II, стр. 704, 705, 707).

აქედან უპირველეს ყოვლისა ჩანს ის, რომ მიტროპოლიტ დანიელის სიძულვილს ღირ. მაქსიმესადმი ჰქონია კერძო საფუძველი, ანუ დანიელს ღირ. მაქსიმე სძულდა ვოტჩინების საკითხისადმი მისი წინააღმდეგობისათივს, რის გამოც, თავისი შურისმგებელი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა რაც უნდა დასჯდომოდა შური ეძია ღირ. მაქსიმეზე და ამისი შემთხვევაც მალე მიეცა.

"უცებ როდი შესძლო დანიელმა მისწვდომოდა ბასიანეს, - ვკითხულობთ ე. გოლუბინსკის იმავე ნაშრომში, - მაგრამ, მაქსიმეს მალე წაატანა ხელი და მთელი თავისი საშინელი ძალით თავს დაატყდა" (გვ. 707). სიმოკლისთვის საქმის დეტალურ აღწერას არ შევუდგები და გამოვტოვებ როგორ მიაღწია დანიელმა მაქსიმეს დასჯას თავად ბასილ ივანეს ძეს მეშვეობით და ისიც არა საეკლესიო საკითხთა გამო, არამედ უფრო პოლიტიკური მოტივაციით, არამედ წავიკითხავ იმ ადგილს, სადაც ლაპარაკია თუ რისთვის გაასამართლეს მაქსიმე, რათა ცხადი გახდეს: შეიძლება თუ არა ეს მაგალითი გამოდგეს პატრ. ნიკოინის რეფორმის გასამართლებლად.

მაშ ასე, ე. გოლუბინსკის იმავე "ისტორიაში" ვკითხულობთ: "მიტროპოლიტ დანიელის მრისხანებამ მაქსიმეს 1525 წელს დაატყდა თავზე: მაქსიმე დააპატიმრეს, რათა ამ წლის თებერვლის პირველ რიცხვებშივე წარედგინათ სასამართლოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების უმცირესი ნაწილი იყო საეკლესიო ხასიათისა, დიდმა თავადმა მაქსიმეს დასჯა ეპისკოპოსთა კრებას მოსთხოვა და კრების მხოლოდ პირველ სხდომას ესწრებოდა თავისი ძმებითა და აზნაურების თანდასწრებით, რის გამოც კრება პირველად სამეფო პალატებში გაიმართა.

კრების შესახებ არსებული ცნობების მიხედვით ჩატარებულა მრავალი სხდომა და დიდი გამოძიება მაქსიმედ ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს თუ სიმარტლეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ სასამართლო წინასწარგანზრახვით ჭიანურდებოდა რათა ეჩვენებინათ, თითქოსდა მაქსიმეს საქმე მიმოწვლილვით გამოძიებას ითხოვს და თითქოსდა ის დამნაშავეა... მაქსიმე ორჯერ, 1525 და 1531 წლებში, გაასამართლეს.

1525 წლის კრების საქმეებიდან ვიცით, რომ მაქსიმე დაადანაშაულეს ერთ მწვალებლობაში; შემდეგ, 1531 წელს ის დადანაშაულებულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის კადნიერ მოხსენიებაში, პოლიტიკურ დანაშაულში, პოლიტიკურ-დამნაშავეობრივ მსჯელობებსა და სისხლის სამართლის ერთ საქმეში. მაქსიმე ბერძენის მოჩვენებითი მწვალებლობა მდგომარეობდა შემდეგში. დიდი თავადის განკარგულებით მას დაავალეს ჩვენი საღვთისმსახურო წიგნების გასწორება. იმ პერიოდში მაქსიმემ ჯერ კიდევ კარგად არ იცოდა რუსული ენა და როდესაც ზატიკის შესწორება დაიწყო, დაუშვა ენობრივი შეცდომები, რომლებშიც ზოგიერთი მწვალებლობა მოიაზრებოდა (კერძოდ ამაღლების საღვთისმსახურებო ტექსტებში). მაქსიმემდე ღვთისმსახურების ტექსტში ქრისტეს შესახებ ეწერა: "...взыде на небеса и седе одесную Отца" ("ამაღლდა ზეცით და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"), "...седяй одесную Отца" ("რომელი მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"). მაქსიმემ ასე ჩაასწორა: "...седел (седел еси) одесную Отца ("იჯდა მარჯვენით მამისა"), "седевший одесную Отца" (რომელი იჯდა მარჯვენით მამისა").

მაქსიმეს ეგონა, რომ არასწორი ადგილები სწორად ჩაასწორა და სურდა თავისი გასწორებულის დაცვა. ამის საფუძველზე მას წარუდგინეს შემდეგი ბრალდება: "Максим инок святогорец говорил и учил многих и писал о Христе, яко седение Христово одесную Отца есть мимошедшее, и минувшее: якоже Адамово селение в раи и прямо рая седение, тако и Христово седе-ние одесную Отца мимошедшее" ("მაქსიმე მთაწმინდელი ქრისტეს შესახებ ამბობდა და მრავალსაც ასწავლიდა თითქოსდა მამის მარჯვენით ქრისტეს ჯდომა წარმავალია, დროებითია და გარდასულია; როგორც გარდასულია ადამის სამოთხეში შესახლება და შემდეგ სამოთხის წინ ჯდომა, ასევე ქრისტეს მამის გვერდით ჯდომაც გარდასულია").

თავისთავად იმის მტკიცება, რომ თითქოსდა მაქსიმე მამის მარჯვნივ ქრისტეს ჯდომის გარდასულობას (წარსულობას) ასწავლიდა, უკიდურესი სისულელეა, მაგრამ ნამდვილად დასაშვებია დაეცვა თავისი არასწორი ჩასწორება და სანამ რუსულ ენას ჯეროვნად არ ისწავლიდა, ამ ჩასწორების დაცვა მეტ-ნაკლები პრინციპულობით დასაჯერებელია...
1525 წლის ჩანაწერი, რომელიც ბრალდებათა ჩვენთვის საინტერესო ერთ პუნქტზე ლაპარაკობს, ამტკიცებს, რომ როდესაც მაქსიმეს ბრალდება წაუკითხეს, ის იმავეს პასუხობდა, რასაც ადრე: "в том разньства ни котораго несть, а то мимошедшее Адамово селение в рай и седение прямо рая мимошедшее есть, такоже (и) Христово седение одесную Отца, мимошедшее есть".
რადგან 1525 წელს მაქიმეს უკვე იმდენად კარგად უნდა ცოდნოდა რუსული ენა, რომ მისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო გამოთქმებს: "седе"-სა და "седел"-ს შორის განსხვავება, ძალზედ საეჭვოა ასე ექადაგა. უფრო მაქსიმემ კრებისგან თავისი უნებლიე შეცოდების გამო პატიება ითხოვა. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, არავისთვის არ უნდა იყოს საეჭვო, რომ მაქსიმე მწვალებლობას კი არ იცავდა, არამედ არასწორ თარგმანს, რომელიც სწორი ეგონა. ამგვარად, საქმე ისეც რომ ყოფილიყო, როგორც კრების საქმეთა ჩანაწერები აჩვენებს, მაქსიმეს დანაშაული იმაში კი არ იქნებოდა, თითქოსდა მწვალებლობას იცავდა, არამედ იმაში, რომ იცავდა მწვალებლური აზრის შემცველ არასწორ თარგმანს, რომელსაც არ აღიარებდა..." (с. 711, 712 и 713).

იგივეს ვკითხულობთ სხვა ისტორიაში: "ის (მაქსიმემ) დაიწყო ტრიოდიონის შესწორება, შემდეგ კი სხვა წიგნებისაც. მრავალრიცხოვან და უხეშ შეცდომებს, რომლებიც მას ამ წიგნებში ხვდებოდა, მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით აკრიტიკებდა, თუმცა სლავური ენის არცოდნის გამო, წიგნების შეწორებისას შეცდომები თვითონაც დაუშვა. მაგალითად, ტრიოდიონში, მამის მარჯვენით ძის ჯდომის შესახებ მან გამოიყენა არასწორი გამოთქმა: "седел ecu, седев..." როდესაც ამ შეცდომებზე უთითებდნენ, ამბობდნე, რომ მაქსიმეს კი არ ასწორებს, არამედ აფუჭებსო საღმრთო წიგნებს... მაშინ წარადგინეს მის მიერ დაშვებული შეცდომები და 1525 წლის კრებამ ის წიგნთა შერყვნის გამო დასაჯა. მაქსიმე დააპატიმრეს და ვოლოკოლამის მონასტერში ჩაამწყვდიეს.

1531 წ. მაქსიმე ისევ გამოიძახეს კრებაზე და კვლავ წიგნების გაფუჭებასა და სხვადასხვა მწვალებლობებში დაადანაშაულეს, რომლებიც მის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეტაფრასტულ თარგმანში იპოვეს და, ბოლოს, იმაშიც, რომ არ ინანიებს თავის დანაშაულს, ავრცელებს საკუთარ თარგმანებს, რუსულ მონასტრებს კი გმობს და ვერცხლისმოყვარეებად აცხადებს. ამის შემდეგ მაქსიმე ტვერის სამი ყრმის მონასტერში გადაიყვანეს, სადა 1533 წლამდე იყო პატიმრობაში. რამოდენიმეჯერ მაქსიმემ გათავისუფლება და ათონის მთაზე დაბრუნება ითხოვა; 1545 წ. ამგვარი თხოვნით ალექსანდრიის პატრიარქ იოაკიმესაც კი მიმართა. მაგრამ ამაოდ. მაქსიმეს გაშვება არა თუ არ სურდათ, სავარაუდოდ, ეშინოდათ კიდც. "ის არის გონიერი კაცი, რომელმაც იხილა ჩვენი სიკეთეც და ცოდვებიც. როდესაც რუსეთიდან წავა, ყველას მოუყვება ჩვენს შესახებ", ლაპარაკობდა მასზე ბოიარინი ბერსენი. მხოლოდ 1553 წ. გაათავისუფლეს ის პატიმრობიდან და გადაიყვანეს სერგის ლავრაში; მაგრამ აქ მაქსიმემ არც თუ დიდი ხანი იცოცხლა და 1556 წ. გარდაიცვალა კიდეც" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 513, 514, 515).

შეიძლება კიდევ გაგვეგრძელებინა კითხვა, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, წაკითხულიდანაც სრულიად მკაფიოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიტროპოლიტმა დანიელმა გადააჭარბა მაქსიმეს დანაშაულობის საკითხში, თუმცა არც იმის უარყოფაა შესაძლებელი, რომ მის გასამართლებას საფუძვლად დაედო მის მიერ თარგმანში რუსული ენის უცოდინრობით დაშვებული შეცდომები.

უეჭველია ისტორიკოს ე. გოლუბინსკის დასკვნაც, რომ მაქსიმე პატიებას სთხოვდა კრებას არამიზანმიმართულ შეცდომებში და ამის შემდეგაც თუ პატიმრობაში დარჩა, სულ სხვა მიზეზთა გამო, რომელსაც არაფერი აკავშირებს წიგნების გასწორებასთან.

ახალმოწესე: მითხარით გეთაყვა, რაში მდგომარეობდა ეს მიზეზები?

ძველმოწესე: ნაწილობრივ ამაზე უკვე მიგითითეთ ჩემს პირველ მტკიცებულებაში გოლუბინსკის "ისტორიიდან", მაგრამ შემიძლია სხვა მოწმობებიდანაც დავამატო, რომ მაქსიმე "ჯერ იმაში დაადანაშაულეს, რომ ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის ყოფილ ელჩ სკინდერთან და ამბოხებულ ბოიარებთან: ივან ბერსენთან (ბეკლემიშევი) და თევდორე ჟარენისთან, რომლებთან ერთადაც დაუგმია თავადისა და მიტროპოლიტის ქმედებები და საერთოდ, მთელი რუსეთიც, მაგრამ სასამართლოზე გამოჩნდა ამ ბრალდებათა უსაფუძვლობა" (Истор. русск. словесн. Порфирьева, стр. 514).

კმაყოფილი ხართ ამგვარი განმარტებებით?

ახალმოწესე: დიახ.

ძველმოწესე: შეიძლება თუ არა თქვენს მიერ მოტანილი ამ მაგალითით ნიკონის რეფორმის გამართლება?

ახალმოწესე: არა! მთავარია, ნათლად ჩანს, რომ მაინც ღირ. მაქსიმე ბერძენი ცთომილი, მწვალებლური აზრების შემცველი თარგმანებისთვის იქნა განსჯილი.

ძველმოწესე: სრულიად ცხადია; მაშინ როდესაც თქვენმა ეკლესიამ, მოსკოვის 1656 და 1667 წლების კრებებით, განსაჯა მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავდნენ და მიჰყვებოდნენ სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემებს.


მიტროპოლიტ იონას მიერ არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის შესახებ


ახალმოწესე: შემეძლო იმითაც შემოვფარგლულიყავი, რაც უკვე განვიხილეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი მაგალითი, ჩემი ეკლესიისა და მისი მოძღვრების გასამართლებლად რომ დავიმოწმე მეჩვიდმეტე საუკუნეში გატარებული რეფორმის გამო, მას არ ამართლებს. მაგრამ ბარემ მთლიანად ამოვწუროთ ჩვენი მისიონერების მთელი არსენალი, რომელსაც ისინი საკუთარი თავის გასამართლებლად მიმართავენ. ამიტომაც, გავბედავ და კიდევ რამოდენიმე მაგალითს მოვუხმობ, კერძოდ: კრუტიცკის მიტროპოლიტმა იონამ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე და მწვალებელი უწოდა მას მხოლოდ იმიტომ, რომ არქიმანდრიტმა დიონისემ, როდესაც საეკლესიო წიგნებს ასწორებდა, წყლის კურთხევის ლოცვიდან ამოიღო სიტყვა "და ცეცხლითა" ("и огнем"). მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამისთვის მწვალებლად არავის გამოუცხადებია. ასეა ჩვენი ეკლესიაც, მართალია 1656-1667 წლების კრებათა სახით მან დაგმო თქვენი წინაპრები, მაგრამ მაინც მას მწვალებლურად არ უნდა ვაღიარებდეთ.

ძველმოწესე: თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანად მოიქცა მიტროპოლიტი იონა, როდესაც მან დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, თუ უსამართლოდ?

ახალმოწესე: რა თქმა უნდა, უსამართლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამართლებს ჩვენს ეკლესიას. მიტროპოლიტი იონა თუ უსამართლოდ მოიქცა და ამისთვის არავის მწვალებლად არ შეურაცხავს, განა შეიძლება ჩვენი ეკლესიის გამოცხადება ერეტიკულად თუკი ისიც მსგავსადვე მოიქცა და უსამართლოდ განსაჯა თქვენი წინაპრები? თუ გნებავთ, წაგიკითხავთ როგორი დამოკიდებულება აქვს ისტორიას არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის გამო და როგორ არის შეფასებული მიტროპოლიტ იონას საქციელი.

ძველმოწესე: წაიკითხეთ, გეთაყვა.

ახალმოწესე: ვკითხულობ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან": "აქ მოქმედებდა აშკარა უსამართლობა და დიონისე, თავისი ღირსეული თანამშრომლებითურთ დადანაშაულებულ და დასჯილ იქნა სრულიად უბრალოდ. აი ასე, უკანონოდ, მკაცრად და სასტიკად მოეპყრნენ თანამედროვენი ადამიანს, ვინაც უბედურებისა და უმეფობის საშინელ პერიოდში ამდენი გააკეთა ეკლესიისა და მამულისთვის..." (т. 10, стр. 185). ხედავთ, როგორ არის აქ ნათქვამი: მიტროპოლიტი იონა არქიმანდრიტ დიონისეს უკანონოდ მოეპყრაო. დავუშვათ, რომ 1656-1667 წლების მოსკოვის კრებებზე თქვენც უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ მაინც, ამ მაგალითზე დაყრდნობით, არ უნდა მიგვიჩნევდეთ ერეტიკოსებად. რას იტყვით ამაზე?

ძველმოწესე: გეთანხმებით, რომ მიტროპოლიტი იონა უსამართლოდ მოიქცა. მაგრამ, განა ეს უსამართლობა უსამართლობადვე დარჩა თუ გამოსწორდა? და არქიმანდრიტ დიონისეს ბედი მომავალში როგორ წარიმართა?
ახალმოწესე: ეს მე წავიკითხე ჩვენი მისიონერული წიგნიდან "პასუხი 105 შეკითხვაზე", რომელიც ჩვენმა მისიონერმა ე. ანტონოვმა შეადგინა. იქ ამაზე მეტი არაფერი წერია.

ძველმოწესე: საქმეც იმაშია, რომ თქვენ, როდესც მე მელაპარაკებით, უპირატესად თქვენი მისიონერების მიერ შეთხზულ წიგნებს იმოწმებთ. თუ გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ თქვენი მისიონერები სიმართლეს მხოლოდ უნებლიედ ან შეცდომით ამბობენ თქო.

ახალმოწესე: ჰქენით სიკეთე, განმიმარტეთ: რითი დასრულდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს ურთიერთობა?

ძველმოწესე: თქვენ ხომ წაიკითხეთ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან" ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი იონა დიონისეს უსამართლოდ მოექცა?

ახალმოწესე: დიახ, წავიკითხე.

ძველმოწესე: მაგრამ, ამ ისტორიის გაგრძელება თუ წაიკითხეთ?

ახალმოწესე: არა, ადგილი, რომელიც მე თქვენ წაგიკითხეთ, ჩვენმა მისიონერმა მიმითითა.

ძველმოწესე: მაშ ისმინეთ, რა არის ნათქვამი იმავე ისტორიაში და როგორ დამთავრდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს საქმე: "მეორე საკითხი (ეს განიხილებოდა ფილარეტ ნიკიტას ძეს მოსკოვის პატრიარქად აღსაყდრებიდან უახლოეს პერიოდში), რომელსაც პატრიარქმა ფილარეტმა მიაქცია ყურადღება, იყო საეკლესიო წიგნების გასწორებისთვის უდანაშაულოდ დასჯილთა, კერძოდ, სამების მონასტრის არქიმანდრიტ დიონისეს, მცხოვან არსენის გლუხოის და მღვდელ ივან ნასედკას საკითხი. აქედან, ნასედკა მართალია არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ მღვდლობიდან და ეკლესიიდან განკვეთეს. როდესაც მოსკოვში იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე ჩამოვიდა, მან აქ ჯერ კიდევ ჰპოვა მრავალი, ვინც ამ დანამატზე ("და ცეცხლითა") დავობდა, როგორც მოწმობს ამას თავის სიგელში, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოაგზავნა და მალევე შეიტყო რა ბედი ეწია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანამატის ამოღების წინადადებით გამოდიოდნენ. მან მხოლოდ დახმარების ხელი გაუწოდა დიონისეს, რათა გამოაშკარავებულიყო მისი სიმართლე", და შეეცადა დაუყოვნებლივ შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. შესაძლოა მან მეფეს აუხსნა კიდევაც წიგნის შემსწორებელთა უდანაშაულობა; უკიდურეს შემთხვევაში, დიონისე პატიმრობიდან ჯერ კიდევ ფილარეტ ნიკიტას ძეს პოლონეთიდან დაბრუნებამდე გაათავისუფლეს. ხოლო როგორც კი ფილარეტი პატრიარქი გახდა, თეოფანემ ურჩია მას გადაესინჯა გასამართლებულ შემსწორებელთა საქმე.

იმავდროულად, ერთ ერთმა შემსწორებელმა, ნასედკამ, ახალი პატრიარქისთვის თავისი საქმე რომ გაეცნო, ვრცელი "სიტყვით" მიმართა მას, რომელშიც დეტალურად აღწერა მათი გასამართლების მიზეზები. ეს სიტყვა, რომელიც 30 თავისგან შედგება, თუმც ნასედკას დაწერილია, სამართლიანად შეიძლება განვაკუთვნოთ სამივე შემსწორებელს. რადგან ნასედკამ ამ წერილში სიტყვა სიტყვით მოათავსა ყოველივე ის, რაც ჩვენ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტეანისადმი მიწერილ არქიმანდრიტ დიონისეს მიმართვაში ვნახეთ და მცხოვან არსენის მიერ ბოიარინ სალტიკოვისადმი მიწერილ ეპისტოლეში ვიხილეთ.

ნასედკამ მხოლოდ სხვა განლაგება მისცა ყოველივე ამას, არ დაწერა საიდან აიღო, საკუთარი თავისგან კი მხოლოდ რამოდენიმე ჩანართი და განმარტება დაურთო, მიუთითა საეკლესიო საგალობელთა და ლოცვათა დარღვევის რამოდენიმე ახალი მაგალითი. პირველ თორმეტ თავში ის აჩვენებს, რატომ ამოიღეს შემსწორებლებმა ღმრთის განცხადების მსახურების ლოცვიდან ფრაზა "და ცეცხლითა"; დანარჩენ 22-ში კი გადმოცემულია რატომ შლიდნენ ზოგიერთი ლოცვის დაბოლოებას და მოტანილია ამგვარი ლოცვების მრავალი მაგალითი. თავის "სიტყვაში", რომელიც პატრიარქ ფილარეტს მიაწოდა, ნასედკა მხოლოდ დამცირებული ითხოვდა პატიებას იმ საცთურისა და შფოთის გამო, რომელიც გამოიწვია მან დედაქალაქში (თ. 1), მაგრამ შემდეგ, ქრისტეს სახელითა და საშინელ სამსჯავროზე პასუხისგების შიშით, ევედრებოდა მღვდელმთავარს არ უარეყო მისთვის მიწერილი ეს სიტყვა და განეხილა ის არა როგორც ერეტიკოსის საჩივარი, არამედ გულდასმით გამოეკვლია იგი, და თუ შემსწორებლები ჭეშმარიტების დამრღვევნი აღმოჩნდებოდნენ, მართალ გზაზე შემოებრუნებინა, ხოლო თუ სიმართლეს ღაღადებდნენ, გაემართლებინა ისინი" (თ. 13).

ფილარეტის პატრიარქად აღსაყდრებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2 ივლისს, ორივე პატრიარქმა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონას უბრძანა კრებაზე წარმოედგინა დიონისესა და მისი მეგობრების საკითხი. ეს უკვე იყო არა მხოლოდ მოსკოვის სამღვდელოების, რომელმაც კურთხევანის შემსწორებლები გაასამართლა, არამედ ყველა რუსი მღვდელმთავრის კრება, მათდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირებითურთ, ორი პატრიარქისა და თვით მეფის თანდასწრებით. კრებაზე მრავალი იდავეს საკითხზე და იკვლიეს საღმრთო წერილი; დიონისე რვა საათზე მეტ ხანს პასუხობდა შეკითხვებს და უარყოფთა ყველა თავისი ბრალმდებლისა და ცრუმოწმის ცილისწამებებს. ყველა მათგანი შერცხვენილ იქნა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონასთან ერთად. ხოლო ღირ. დიონისე, რომელსაც თვით მეფე მიხაილ თევდორეს ძემ შეაქო, გამოჩნდა როგორც ჭეშმარიტი აღმსარებელი, საღმრთო წერილის სიწმიდის მტკიცე დამცველი. პატრიარქები და მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები და მთელი წმიდა კრება გაკვირვებული იყო დიონისეთი, ეამბორებოდა მას ყველა და მადლობდა სულიერი სიხარულით. ამის შემდეგ დიდი პატივითა და მრავალი საჩუქრით გააცილეს ის ლავრაში... (პატრიარქმა ფილარეტმა) 1625 წლის 9 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა სასულიერო ხელისუფლებას ყველა ეკლესიიდან ამოეღოთ ნაბეჭდი კურთხევანები, და ამოეშალათ მათში დამატება: "და ცეცხლითა", ასევე გაეკეთებინათ მინიშნებები, რათა ეს დამატება მომავალში აღარავის წაეკითხა ღმრთის განცხადების ლოცვაში" (т. XI, стр. 10, 11, 12, 13 и 19).

მაშ, ხედავთ თუ არა როგორ იყო იქ საქმე და როგორ დამთავრდა იგი?! მიტროპოლიტი იონა, რომელმაც უდანაშაულოდ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, პატრიარქმა ფილარეტმა დაიბარა კრებაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესიის თითქმის ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა და მოსთხოვა განეხილა არქიმანდრიტ დიონისეს გასამართლების საკითხი. კრებამ მოისმინა ყველა ბრალმდებელი და აღმოაჩინა, რომ არქიმანდრიტი დიონისე უსამართლოდ ყოფილა დასჯილი. კრების ყველა მონაწილემ დაადასტურა ეს ფაქტი, შედეგად, მიტროპოლიტი იონაც დაექვემდებარა ამ კრების გადაწყვეტილებას.

მოხდა თუ არა მსგავსი რამ 1656-1667 წლების კრებებზე? ცხადია, არა! თქვენმა კრებებმა ანათემას გადასცეს სრულიად უდანაშაულო მართლმადიდებელი ქრისტეანები, საქმე კვლავ არ განიხილეს და ეს კრებები უკანონოდ არ ჩათვალეს; უდანაშაულოდ დასჯილ ჩვენს წინაპრებს კი დღემდე უწოდებენ "რასკოლნიკებს". ის მართლმადიდებლური გადმოცემები, რისთვისაც დასაჯეს და მწვალებლებად გამოაცხადეს ჩვენი წინაპრები, დღეს თქვენი ეკლესიის მიერაც მართლმადიდებლურად არის აღიარებული, მაგრამ მათი სამარცხვინო გმობა და კიცხევა დღემდე არ არის დაგმობილი. და წიგნები, რომლებიც ძველი გადმოცემების გმობას შეიცავენ, მართლმადიდებლურად არიან აღიარებულნი.

ერთის სიტყვით, ეს მაგალითი კი არ ამართლებს, არამედ მკაცრად ამხელს თქვენი ეკლესიის მოძღვრებს. არქიმანდრიტ დიონისეს შემთხვევაში საქმე დასრულდა მშვიდობით. მაშინ როდესაც მოსკოვის 2656-1667 წლების კრებების საქმე, აგერ უკვე მესამე საუკუნეა თავის სატანურ ღვარძლს ანთხევს მისთვის საძულველ ძველმორწმუნე და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ.

ახალმოწესე: დიახ, ყურადღებით თუ განვიხილავთ საქმეს, მართლაც ასეა, და ეს მაგალითი არ შეიძლება იყოს ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი.

ძველმოწესე: ახლა კი გთხოვთ გააგრძელოთ, კიდევ რა შეგიძლიათ დაიმოწმოთ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.


ნეტარ თეოდორიტე კვირელისა და წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი მისი თხზულებების შესახებ

ახალმოწესე: ამჯერად გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი მოწმობა. ნეტ. თეოდორიტე კვირელმა დაწერა ყალბი თხზულება წმ. კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ და ის მწვალებლობაში დაადანაშაულა, მაშინ როდესაც წმ. კირილე სრულიად მართლმადიდებელი იყო. გაილაშქრა მან ეფესოს წმიდა კრების წინააღმდეგაც, რის გამოც მეხუთე მსოფლიო კრებაზე თეოდორიტე ანათემას გადასცეს თავის ყალბ თხზულებებთან ერთად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეხუთე მსოფლიო კრება წმიდად მიიჩნევა, ისევე როგორც თეოდორიტეა აღიარებული ნეტარ და ზოგან წმინდანადაც კი. ჩემის აზრით, ეს შეიძლება გამოდგეს ჩვენი ეკლესიისა და მოსკოვის XVII საუკუნის კრებათა გასამართლებლად.

ძველმოწესე: მითხარით, გეთაყვა, საიდან მოიტანეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე გადასცა ანათემას იმისთვის, რომ მან არასწორად დაწერა მესამე მსოფლიო კრებისა და კირილე ალექსანდრიელის 12 თავის შესახებ?

ახალმოწესე: როგორ, განა არ დაუწერია თეოდორიტეს ეს ყალბი თხზულებები!..

ძველმოწესე: დიახ, დაწერა.

ახალმოწესე: ხოლო მეხუთე მსოფლიო კრებაზე ის გაასამართლეს; არაერთხელ მომისმენია როგორ მოჰყავდათ მისიონერებს ეს მაგალითი თავიანთ გასაუბრებებში.

ძველმოწესე: რას არ დაიმოწმებენ თქვენ მისიონერები!... მისიონერების ნალაპარაკევს სჯობია წავიკითხოთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეები ამ საკითხზე. ისმინეთ, რა წერია ვიგილიუსის მიერ ტომიელი ეპისკოპოსის, ვალენტინიანესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგან ჩვენი შვილი, სახელოვანი და ცნობილი კაცი ვიზინიანე, მასთან კი ისინიც, ვინც კონსტანტინოპოლში თვალს ადევნებენ შენი ძმობის ეკლესიის საქმეებს, ამბობენ, რომ ღმრთის მტრებს გამოუგონიათ თითქოსდა ჩვენს გადაწყვეტილებებში (ნუმც იყოფინ!) დაგმობილნი იყონ ეპისკოპოსები იბა და თეოდორიტე, წაიკითხონ, რომ ჩვენ, ძმა მინას, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მივწერეთ საქმის შესახებ, რომელიც აქ წამოიჭრა და დარწმუნდებიან, რომ ღმრთის წყალობით, არ დაგვიშვია და განზრახვაც არ გვქონია ისეთი რაც რწმენისა და ღირსპატივსაცემი ოთხი კრების საწინააღმდეგო იქნებოდა, სადაც მიღებული იქნა განსაზღვრება ერთი და იმავე სარწმუნოების შესახებ, ანუ ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ეფესოს პირველი და ქალკედონის კრებებისა, ან რაც შეეხებოდა თუნდაც რომელიმე მათგანს ვინც ზემოთაღწერილი ქალკედონის კრების დადგენილებებს ხელი მოაწერა" (т. V, стр. 175-176).

ხედავთ, რა არის ნათქვამი ამ კრების საქმეებში, რომ არა თუ არ დაუსჯიათ თეოდორიტე, მისთვის იოტისოდენა წყენაც კი არ მიუყენებიათ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე განსაჯეს და ანათემას გადასცეს თეოდორიტეს თხზულებები, რომელიც მან დაწერა ეფესოს კრების, კერძოდ კი კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ, და არა თვითონ თეოდორიტე. ეს ჩანს თვით მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებიდან: "განვსჯით და ანათემას გადავცემთ, - ვკითხულობთ საქმეებში, - ყველა სხვა მწვალებელთან ერთად, ვინც განკუთხულ და ანათემირებულ იქნა ზემოთხსენებული ოთხი კრებისა და წმიდა და კათოლიკე ეკლესიის მიერ; თეოდორეს, რომელიც იყო მოფსუესტიის ეპისკოპოსი და მის უკეთურ თხზულებებს; ასევე იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ მართალი რწმენისა, წმ. კირილეს თორმეტი თავისა და ეფესოს კრების წინააღმდეგ. ასევე რაც დაწერა მან თეოდორისა და ნესტორის დასაცავად" (გვ. 187). შემდეგ: "ამრიგად, ანათემას გადავცემთ... იმას რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ..." (იქვე). შემდეგ: "ვინც იცავს თეოდორიტეს უკეთურ თხზულებებს, რომლებიც მან ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეფესოს პირველი, წმიდა კრების, ასევე წმ. კირილეს თორმეტი თავის წინააღმდეგ დაწერა... შეჩვენებულ იყოს" (იქვე). და ბოლოს: "ევტიქიმ, ღმრთის წყალობით ახალი რომის, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, განსაზღვრა ის, რაც ზემოთ ითქვა... ვგმობ და შევაჩვენებ იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ, და ხელი მოაწერა" (იქვე). როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე ანათემას გადასცა?

ახალმოწესე: დიახ, აქედან სრულიად ცხადია, რომ თეოდორიტე არ ყოფილა შეჩვენებული მეხუთე მსოფლიო კრების მიერ. მაგრამ აი რას ვერ ვიგებ: როგორ მოხდა, რომ თეოდორიტე, რომელმაც ამდენი დაწერა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაინც მართლმადიდებელი დარჩა?

ძველმოწესე: თეოდორიტემ თავისი არასწორი თხზულებები დაწერა კირილეს წინააღმდეგ, ასევე მესამე მსოფლიო კრების დროს და მის შემდეგ, რისთვისაც საეკლესიო ერთობისგან მოკვეთილ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად პირველად არ დაემორჩილა მესამე მსოფლიო კრების განსაზღვრებას და მონაწილეობა მიიღო ე. წ. "ყაჩაღთა" კრებაში, როგორც ეს მესამე მსოფლიო კრების საქმეებიდან ჩანს. იქ წერია: "წმიდა კრებამ თქვა: შეურაცხყოფისთვის, რომელიც უწმიდეს და უნეტარეს კირილესა და უწმიდეს მემნონს მიაყენეს იოანემ, ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა და მისმა თანამოაზრეებმა, ჩვენს წმიდა კრებას უნდა გაესამართლებინა ისინი ამგვარი უგუნურებისთვის, თანაც ჩვენი მესამე მოწოდების შემდეგაც იოანე და მისი თანამოაზრეები არ დაემორჩილნენ წმიდა კრების მოთხოვნას, არც კრებაზე მოვიდნენ და არც მოუსვლელობის მიზეზი განაცხადეს. მიუხედავად ამისა ჩვენ, როგორც ეპისკოპოსები თავს მოვალედ ვთვლით დიდსულოვნობით გადავიტანოთ მომხდარი, მაგრამ ამჯერად, იმის შემდეგ რაც განსაზღვრულია, განიკვეთონ საეკლესიო ერთობისგან" - და მოსდევს განკვეთილ ეპისკოპოსთა სახელები, რომელთა შორისაც მოხსენიებულია თეოდორიტე კვირელიც (Деяния вселенских соборов», т. I., изд. 1887 г., стр. 285). თუმცა თეოდორიტემ შემდგომში შეინანა თავისი ცთომილებანი და დაგმო ნესტორიცა და მისი ცრუსწავლებაც.

ახალმოწესე: საიდან ჩანსეს?

ძველმოწესე: ეს ჩანს წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც წერია: "თეოდორიტეს მოქმედება მთელს ეკლესიასთან მიმართებაში დაიწყო იმ დროიდან, რაც ალექსანდრიის კრებამ ნესტორი მწვალებლად გამოაცხადა (430 წ.). ერთის მხრივ, ნესტორისთან დიდი ხნის ნაცნობობამ, რომელსაც პატივს სცემდნენ თავისი მკაცრი ცხოვრების გამო, და მეორეს მხრივ კირილე ალექსანდრიელის ანათემატიზმებში დაეჭვებამ, რომელიც მართლმადიდებლობის აპოლოგიაზე უფრო აპოლინარის სწავლების აპოლოგიად ეჩვენებოდა, კირილეს ანათემატიზმების წინააღმდეგ თეოდორიტემ მკაცრი პასუხების დაწერა გადაწყვიტა. ამავე დროს იოანე ანტიოქიელთან ერთად ის არწმუნებდა ნესტორის მკაცრი ყურადღება მიექცია თავისი აზრებისთვის და დაეცხრო ის მღელვარებანი, რომელიც მის გამო ეკლესიაში ატყდა. კირილეს ნაჩქარევმა მოქმედებამ კრებაზე, რაც ნესტორის გადაუდებელი დასჯის მოთხოვნაში გამოიხატა, თეოდორიტეს მიზეზი მისცა არასწორად გამოეცხადებინა კრების გადაწყვეტილება და დაეწერა თავისი თხზულება კირილეს წინააღმდეგ (432 წ.). მაგრამ შემდეგ, როდესაც დამშვიდებით იქნა განხილული ეფესოს კრების დადგენილებები, თეოდორიტე და ანტიოქიის პატრიარქი კირილეს დაუზავდნენ; ხოლო ნესტორი, რომელიც არც მანამდე გაუმართლებია ვინმეს, დაგმობილ იქნა და ძმობის საკვრელები იმ დროიდან არავის დაურღვევია" ("Историческое учение об отцах Церкви". Филарета Черниговского, т. III, стр. 118 и 119).

თეოდორიტეს შესახებ იგივე წერია სხვა წიგნშიც, სადაც ვკითხულობთ: "თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის შესხებ ცნობილია, რომ ისინი განკითხულ იქნენ დიოსკორეს მიერ ეფესოს ყაჩაღთა კრებაზე". შედეგად, ისინი ორივენი განკითხულ იქნენ, ჯერ ერთი, ისეთი პირის მიერ, ვინც არამართლმადიდებლურად აზროვნებდა და თვითონ იყო დასჯის ღირსი, და მეორეც, ისეთ კრებაზე, რომელმაც თავი საყოველთაოდ შეირცხვინა და "ყაჩაღთა კრების" ზედწოდებაც მიიღო. ასეთი პიროვნებისა და კრების მსჯავრი კი მსჯავრად არ მიიჩნევა. მართალია, როგორც თეოდორიტე, ასევე იბაც, არამართლმადიდებლური შეხედულებებისგან მთლად თავისუფალნი როდი იყვნენ, მაგრამ ისინი მაინც სამართლიანად შეიწყნარა ეკლესიამ, რადგან კრებამ მიმოწვლილვით განიხილა თეოდორიტესა და იბას გასამართლების ვითარებანი, გამოიკვლია მათი სარწმუნოება და მანამ არ შეუერთა ისინი ეკლესიას, სანამ სრულიად არ დარწმუნდა მათ მართლმადიდებლობაში. მაშ, როგორღა აკნინებს მათი შეწყნარება ქალკედონის კრების მნიშვნელობას?

თეოდორიტესა და იბას კვლავ მიქცევა თავიანთი არასწორი შეხედულებებისკენ ცნობილიც რომ ყოფილიყო, მათ გამო ქალკედონის კრების გმობა და უარყოფა მაინც უსამართლო იქნებოდა. ევტიქიანელები აღიარებენ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას, მაგრამ ამ კრებამ თავის დროზე ეკლესიას რამოდენიმე ისეთი ეპისკოპოსი შეუერთა, რომლებიც შემდეგ კვლავ მწვალებლობას მიუბრუნდნენ. რაც შეეხება იმას, რომ ქალკედონის კრებამ თეოდორიტეს არ მოსთხოვა წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი თავისი თხზულებების გმობა, ამგვარი მოთხოვნა ზედმეტი იყო, რადგან თეოდორიტემ იმავე კრებაზე ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. მაშასადამე, ამით მან გადაჭრით უარჰყო ის შეხედულებები, რომელთაც ადრე ნესტორისთან ერთად იცავდა" ("Обличительное богословие" Иннокентия архимандрита, изд. 1895 г., Казань, т. I, стр. 171, 172 и 173).

დასასრულ, ამის შესახებ წერია მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც: "წმიდა კრებამ თქვა: მხედველობაში თუ მივიღებთ თეოდორიტეს უკეთურ ნაწერებს, ქალკედონის წმიდა კრების შორსმჭვრეტელობა უნდა გვიკვირდეს. რადგან, როდესაც იცოდა მისი ღმრთისმგმობელობა, მრავალ მოწოდებას იყენებდა მის წინააღმდეგ; ამდენად, არც შეიწყნარებდა მას, წინასწარ რომ არ დაეგმო ნესტორი და მისი ღმრთისმგმობელობა, რომელთა დასაცავად ირჯებოდა ადრე" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 119). ამ მოწმობებიდან ჩანს, რომ თეოდორიტემ შეინანა ყოველივე ის, რაც დაუწერია ადრე მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყნარა ის ეკლესიამ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე კი დაგმეს და ანათემას მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები გადასცეს.

ახალმოწესე: თქვენ მე წამიკითხეთ ადგილები წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც ნათქვამია, რომ თეოდორიტე კირილე ალექსანდრიელს შეურიგდა, არადა მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებში არის თეოდორიტეს ეპისტოლე (გვ. 117), რომელიც მან იოანე ანტიოქიელს გაუგზავნა კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შემდეგ. მაშასადამე, თეოდორიტე კირილეს მოწინააღმდეგე იყო მისი სიკვდილის შემდეგაც. როგორ ავხსნათ ეს?

ძველმოწესე: ველოდი რომ ამას მკითხავდით. ამისი ახსნა მარტივია. იმავე წიგნში, რომლიდანაც მე თქვენ თეოდორიტესა და კირილე ალექსანდრიელის შერიგების შესახებ წაგიკითხეთ, არის მინიშნება, სადაც წერია: "უნდა ვიცოდეთ, რომ ავრცელებენ თეოდორიტეს წერილებს ნესტორისადმი, რომელშიაც ისინი ერთმანეთს შეიწყნარებენ, მაგრამ ეს ყალბი წერილებია, რომლებსაც თვით მწვალებლები თხზავენ იმისთვის, რათა ებრძოლონ ეფესოს კრებას". თვით წმ. კირილე წერდა: "არ უნდა ვენდოთ მათ, ვინც ამბობს, თითქოსდა ისინი (აღმოსავლელი ეპისკოპოსები) სულ სხვას ამტკიცებენ, არამედ როგორც ცრუნი და მატყუარანი, საკუთარი მამის, ეშმაკის მსგავსნი, განვაგდოთ; ხოლო თუ გიჩვენებენ წერილებს, რომლებიც თითქოსდა ცნობილ პიროვნებებს დაეწეროთს, სინამდვილეში კი საკუთარ გამონაგონს გთავაზობენ, არ არის ჯეროვანი მათ თავხედობას ვენდოთ".

გარნიერმა, რომელმაც (სირმონდის შემდეგ) თეოდორიტეს მიმოწერათა ახალი ტომი შეადგინა, სულაც არ მიაქცია ყურადღება ლეონტისა და თვით კირილეს ამ მოწმობებს. "ამ მოწმობების მიხედვით ჩვენ ნაყალბევად უნდა ვაღიაროთ თეოდორიტეს ე. წ. "წერილები": ა) ნესტორის მიმართ; ბ) იოანე ანტიოქიელის მიმართ კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შესახებ. ამ უკანასკნელის დამწერმა ისიც კი ვერ გულისხმაყო, რომ კირილე ახალგაზრდობაში როდი გარდაიცვალა და იოანესათვის კირილეს გარდაცვალების შესახებ წერილის მიწერა უკვე საკმაოდ გვიანი იყო, რადგან თვით იოანე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო" ("Историче¬ское учение об отцах Церкви", стр. 119, в примечании).

იგივეს ვკითხულობთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც, კერძოდ 117-ე გვერდის სქოლიოში, სადაც მდებარეობას თქვენს მიერ მითითებული თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქელისადმი. "ეს წერილი, როგორც ჩანს, არ ეკუთვნის თეოდორიტეს და ის მწვალებელთა ნაყალბევია, რაც იმ გარემოებითაც იმხილება, რომ იოანე ანტიოქიელი ნეტარ კირილეზე ადრე გარდაიცვალა. არსებობს კირილეს მიმართვა დომნოსადმი, რომელიც იოანეს მემკვიდრე იყო. ეს მიმართვა ქალკედონის კრებაზე წაიკითხეს (საქმე 14). დომნო ზემოთხსენებული იოანეს ნაცვლად დააწესეს ეპისკოპოსად მისი სიკვდილის შემდეგ" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 117).
ახალმოწესე: შედეგად, თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქიელისადმი კირილეს გარდაცვალებაზე სიყალბეა?

ძველმოწესე: დიახ, და აშკარად მწვალებელთა ნახელავია.

ახალმოწესე: თქვენ დამიმტკიცეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ დაგმო არა თვით თეოდორიტე, არამედ მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები. თვით თეოდორიტე განკვეთილ იქნა მესამე მსოფლიო კრებაზე, თუმცა შემდეგ მან შეინანა თავისი ცთომილება და კვლავ შეუერთდა ეკლესიას. ეს თქვენ ბრწყინვალედ დაამტკიცეთ. მაშ, რატომ იმოწმებენ ჩვენი მისიონერები ამ მაგალითს?

ძველმოწესე: რატომ იმოწმებენ თქვენი მისიონერები ამ მაგალითს, თვით მისიონერებს უნდა ჰკითხოთ, მე კი, ჩემის მხრიდან გეტყვით: იმიტომაც იმოწმებენ, რომ თავიანთი ეკლესიის დასაცავად სხვა არაფერი დარჩენიათ. გარდა ამისა, თქვენს მისიონერებთან დაკავშირებით უცნაური და სასაცილოა ისიც, რომ ძველმორწმუნეები სრულიად საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებზე ანათემას გადასცეს მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ იცავდნენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, აქედან კი გამოდის უცილობელი ლოგიკური დასკვნა, რომ ანათემას თვით გადმოცემებიც გადასცეს. მაგრამ მისიონერები არაფრის დიდებით ამას არ აღიარებენ და პირზე დუჟმორეულები გაჰკივიან თითქოსდა კრებებმა გადმოცემები კი არ დაჰგმეს, არამედ ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გამოეყვნენ. ხოლო ახლა, როდესაც სრული სიცხადით დამტკიცდა, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ განიკითხა არა თვით თეოდორიტე, არამედ მისი არასწორი თხზულებები, ტყავში ძვრებიან და ამბობენ, თითქოსდა მეხუთე კრებას დაეწყევლოს თვით თეოდორიტე. გასაოცარი, თუმცა ჩვეული მანერა აქვთ თქვენს მისიონერებს!...

ახალმოწესე: მე კიდევ მაქვს მაგალითი.

ძველმოწესე: კეთილი, მოგვახსენეთ.


ალექსანდრიის პატრიარ თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" დასჯის შესახებ


ახალმოწესე: ვფიქრობ გსმენიათ იმის შესახებ, როგორც განიკვეთა ეკლესიიდან ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიის უდაბნოდან მოსული ბერები, რომელთა წარმომადგენლები მაშინ იყვნენ ოთხი ძმები, რომლებსაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი" ძმები შეარქვეს; მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს ერთობა ჰქონდა ამ ძმებთან და არც ერთნი და არც სხვები, ამ განკვეთის გამო მწვალებლებად არ მიიჩნეოდნენ. ზუსტად ასე იყო მოსკოვის 1656-67 წლების კრებებზეც და თუკი ეკლესიიდან განუკვეთიათ მართლმადიდებელი ქრისტეანები, როგორც თქვენ ამბობთ, მაინც არ უნდა გამოყოფოდით ჩვენს ეკლესიას ამ განკვეთის გამო და მწვალებლებად გამოგეცხადებინეთ.


ძველმორწმუნე: თქვენს მიერ ამჯერად დამოწმებული მაგალითი ჩემი პირველი ოპონენტის, ყოფილი სინოდალური მისიონერის, კრუჩკოვისგანაც მომისმენია. თუმცა, ეს ისე, სხვათა შორის. ამ მაგალითთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არც ის გამოდგება ყოფილ პატრიარქ ნიკონის რეფორმების გასამართლებლად.

ახალმოწესე: გთხოვთ დამიმტკიცოთ ამ მაგალითის უარყოფის სიმართლე.

ძველმოწესე: დიდი სიამოვნებით. უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად აუცილებელია გავარკვიოთ, რისთვის მოიკვეთა პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიელი ბერები. ამისთვის მტკიცებულებებს წაგიკითხავთ. ეპისკოპოს არსენის სეკლესიო მოვლენათა ისტორიაში ვკითხულობთ: "ჯერ კიდევ წარსულ (402) წელს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა მრავალი ბერი, რომლებიც ორიგენეს მწვალებლობის ბრალდებით ნიტრიის უდაბნოდან გამოდევნა ალექსანდრიის ეპისკოპოსმა თეოფილემ" (лето 403, стр. 141, изд. 1899 г.).

ინებეთ სხვა მტკიცებულებაც: "წმ. იოანე ოქროპირის ბრწყინვალე წარმატებები საეკლესიო მმართველობისა და კეთილმოწყობის საქმეში, არ მოსწონდა თეოფილეს; მაგრამ ის კმაყოფილი იყო დედაქალაქში იოანეს მიმართ უკმაყოფილების მატებითა და მისდამი სამეფო კარის დამოკიდებულების გაუარესებით. თავისი მზაკვარი და გამჭრიახი გონებით მან განჭვრიტა, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობები იოანეს მიიყვანდა კატასტროფამდე და თეოფილეც მოუთმენლად ელოდა ამ პროცესს, დარწმუნებული იმაში, რომ საქმე ვერ მოგვარდებოდა მისი ჩარევის გარეშე.

მართლაც საქმე ისე წარიმართა, როგორც ვარაუდობდა თეოფილე და ძალიან მალე მიეცა კიდევაც შემთხვევა თავისი დაფარული ღვარძლი გადმოენთხია სრულიად უდანაშაულო ოპონენტზე. თეოფილეს იოანეზე გალაშქრების მიზეზი გახდა ნიტრიის უდაბნოს ზოგიერთი ღვთისმოსავი ბერის საქმე. ცნობილია, რომ ნიტრიის უდაბნო ბერ-მონაზვნობის დაფუძნების დღიდან დაყუდებულ და განშორებულ ბერთა საყვარელი ადგილი იყო. აქ ლოცვითა და მარხვით მოღვაწეობდა უამრავი მოსაგრე, რომელთა შორის განსაკუთრებული ღვთისმოსაობითა და განსწავლულობით ოთხი ძმები სარგებლობდნენ, რომელთაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი ძმები" შეარქვეს.

თავიდანვე თეოფილე მათ მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა და ორ მათგანს სასულიერო ხარისხის მიღებაც კი აიძულა, რათა ემსახურათ თვით ალექსანდრიაში. მაგრამ როდესაც ძმებმა წმიდა და ბერული პირდაპირობით მიუგეს, რომ მათ არ სურდათ მსახურება ქალაქში, რომელიც თვით არქიეპისკოპოსის ცოდვებით არის შებილწული, თეოფილე მრისხანებით აღენთო, განრისხდა, ლანძღვა-გინებით აიკლო და ორიგენიზმის მიმდევრობაში დაადანაშაულა ისინი... თუმცა, ამით როდი დაკმაყოფილდა თეოფილე, "გრძელ ძმებს" რომ გასწორებოდა, მის მიერ ხელდასხმულ და თანაშემწე ეპისკოპოსთა კრებაც მოიწვია, რომელზეც "გრძელი ძმები" განიკითხეს როგოროც მწვალებლები და ჯადოქრები, რომლებმაც თავიანთი მწვალებლობით მთელი უდაბნო მოსწყლეს" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, т. I его творений, изд. 1898 г., стр. 73 и 74). აი, როგორი იყო თეოფილეს დამოკიდებულება "გრძელი ძმებისადმი". ამის შემდეგ მინდა გკითხოთ: სამართლიანად მოექცა თუ არა პატრიარქი თეოფილე ნიტრიელ ბერებს?

ახალმოწესე: არა, უსამართლოდ.

ძველმოწესე: რატომ?

ახალმოწესე: იმიტომ, რომ ეს ბერები, "გრძელი ძმები", სინამდვილეში არავითარ ორიგენისტულ მწვალებლობას არ მისდევდნენ, და თეოფილემ ისინი მხოლოდ ამ ბრალდების მომიზეზებით გაასამართლა.

ძველმოწესე: სრულიად სწორია; მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თეოფილემ ისინი გაასამართლა როგორც ორიგენისტები მხოლოდ იმისთვის, რომ დაუფარავად ამხელდნენ თეოფილეს ბიწიერ ცხოვრებას.

ახალმოწესე: მადლობა უნდა გადაგიხადოთ წაკითხული მოწმობისთვის და მისი განმარტებისთვის. აქედან ნათელი შეიქნა, რომ თქვენი წინაპრები, მათ კვალობაზე კი თქვენც, უკანონოდ გამოეყავით ჩვენს ეკლესიას მოსკოვის 1656-1667 წლების კრებათა დროს.
ძველმოწესე: საიდან გამოგყავთ ამგვარი დასკვნა?
ახალმოწესე: აი საიდან: ჩვენ თქვენთან ერთად დავადგინეთ, რომ პატრიარქ თეოფილემ არასწორად გაასამართლა "გრძელი ძმები", და ამის გამო, როგორც უკვე აღვნიშნე, არც თეოფილე გამოუცხადებია ვინმეს მწვალებლად, და არც "გრძელი ძმები". არც ერთს და არც მეორეს მწვალებლად არ მიიჩნევდა წმ. იოანე ოქროპირი. ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც მოსკოვის ზემოთხსენებულ კრებებთან და საერთოდ, მთელს ჩვენს ეკლესიასთან დაკავშირებით.

ძველმოწესე: როგორი სიმსუბუქეა თქვენს მსჯელობაში! ამგვარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით შემდეგი მიზეზების გამო: 1) თეოფილემ, "გრძელი ძმების" გასამართლებისთვის, თუმც არასწორად და უსამართლოდ, მაგრამ მაინც მიუთითა მათ ვითომცდა მწვალებლობაზე, ხოლო თქვენმა 1656-1667 წლის მოსკოვის კრებებმა ჩვენი წინაპრებისა და მათთან ერთად ჩვენს განსაკითხად, ვერავითარ მწვალებლობაზე ვერ მიუთითეს, არამედ დაგმეს და დაწყევლეს ჩვეულებები, რომლებიც იცოდნენ რომ სრულიად მართლმადიდებლური იყო; და 2) თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" გასამართლებას თქვენც და ჩვენც უსჯულოებად მივიჩნევთ, ხოლო თქვენს მიერ ზემოთხსენებულ კრებათა უსჯულო წყევლა-კრულვებს თქვენი ეკლესია სრულიად კანონიერად და სჯულიერად აღიარებს; მეტიც, მისიონერები დღემდე ტყავში ძვრებიან იმისთვის, რათა დაიცვან ეს კრულვები, როგორც უცვალებელი დოგმატი. იმისთვის, რათა მოტანილი მაგალითი გამართლებდეთ, მოსკოვის კრებათა კრულვები უსჯულოდა უნდა აღიაროთ, როგორც ეს არის სინამდვილეში.

ახალმოწესე: თქვენი ეს მსჯელობა, უნდა ვაღიაროთ, სამართლიანია, და შეიძლება მას დავეთანხმოთ, მაგრამ აქედან ჯერ კიდევ არ გამოდის, რომ თითქოსდა შესაძლებელი იყოს არასწორი კრულვების გამო ეკლესია მწვალებლურად გამოაცხადო. მე ამას ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებიდან დავამტკიცებ. ვკითხულობ ბარონის ისტორიიდან: "არასწორიც რომ ყოფილიყო კრულვა, ეპისკოპოსებს მაინც მიაშურებდნენ, ხოლო უსამართლო კრულვებს ყურადღებას არ აქცევდნენ" (ч. I, Лето Господне 412, число 4). აი, როგორ იყო ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში! ასე უნდა მოიქცეთ თქვენც.

ძველმოწესე: ვფიქრობდი, რომ არ გადალახავდით კეთილგონიერების საზღვრებს და არ დაიწყებდით ბარონის ისტორიიდან ამ ადგილის დამოწმებას. მაგრამ მისიონერულმა "ხავსმა" შეგაცდინათ, და თქვენც გადაწყვიტეთ ჩასჭიდებოდით მას, რადგან ხედავთ რომ უკვე იძირებით. მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ საკმაოდ მცირე გამოგლიჯეთ ბარონის ისტორიას. თუმცა, განა ამიტომაც არ არის თქვენი მოწმობა "ხავსი". ავიღოთ ბარონის ეს ადგილი ცოტა ზემოდან და დავინახავთ რომელ კრულვებზეა აქ ლაპარაკი: "აქ უნდა ვახსენოთ, რომ იმ დროს ეპისკოპოსებს ჰქონდათ ძალაუფლება არა მარტო ერისკაცებზე, არამედ საერო ხელისუფლებზეც, და თუკი ღმრთის საწინააღმდეგოდ ან ეკლესიის კანონთა წინააღმდეგ შეცოდავდნენ, ანათემას გადასცემდნენ" (იქვე). შემდეგ კი მოდის თქვენს მიერ დამოწმებული ფრაზა. მითხარით: იოტისოდენად მაინც თუ ამართლებს ეს ადგილი თქვენს კრებებს?

ახალმოწესე: მაშ, როგორ: კრულვა ხომ უსამართლოა, და, თუკი ასეთია, მაშინ თქვენს წინაპრებს ის სხვა ეპისკოპოსებთან უნდა გაესაჩივრებინათ და არა მოეძულებინათ ეკლესია და გამოყოფოდნენ. დიახ, შესაძლოა ეს გაგეკეთებინათ კიდეც, მაგრამ ვისთვის უნდა მიგემართათ, ეპისკოპოსებიც აღარ დაგრჩათ. აი თქვენი უბედურება!

ძველმოწესე: როგორ მოხდა, რომ ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს ეპისკოპოსები აღარ დაგვრჩა, მე აგიხსნით, ან უმჯობესია წაგიკითხავთ, რაკიღა ამ საკითხსაც შეეხეთ. ასე მაგალითად, წიგნში "დეკანოზი ამბაკუმი" ბოროზდინა წერს: "გარდა ამისა, ნიკონმა ერთპიროვნულად, ყოველგვარი ადგილობრივი კრების გარეშე, ჯერ მანტია ჩამოგლიჯა, შემდეგ კი დასაჯა... პავლე შეიპყრეს და პალეის კუნძულის ღირ. კორნელის სახელობის მონასტერში ჩაამწყვდიეს, რამოდენიმე წლის შემდეგ... ძველი ღვთისმოსაობის დაცვისთვის, დიდ პარასკევს ცოცხლად დაწვეს" (2-го счета стр. 164).

მე ვფიქრობ, რომ უბედურნი ისინი კი არ არიან, ვინც წმიდა ჭეშმარიტებისთვის ევნენ, არამედ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას დევნიდნენ და ასეთი იყო პატრიარქი ნიკონი ყველა მისი მომხრე ეპისკოპოსითურთ. ეს სხვათა შორის. ახლა კი მოისმინეთ, არიან თუ არა დამნაშავენი ჩვენი წინაპრები, თუკი მათ არ შეეძლოთ თქვენი ეპისკოპოსების მოქმედება გაესაჩივრებინათ თავიანთ ეპისკოპოსებთან და იყო თუ არა შესაძლებელი ამის გულისთვის მათთან კავშირი გაწყვეტა, რომელთაც მართლმადიდებლები მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის დასწყევლეს. ამის შესახებ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "წმიდა კანონთაგან გვისწავლია: ვინც მწვალებლობის ქადაგების გამო განეშორება თავის ეპისკოპოსს, ამგვარნი არა თუ კანონთამიერ განკანონებას არ დაქვემდებარებიან, არამედ ქების ღირსნიც კი არიან, რადგან გამოეყვნენ არა ეპისკოპოსს, არამედ ცრუეპისკოპოსს, და ეკლესია კი არ დასერეს განხეთქილებით, არამედ ეკლესია იხსნეს განხეთქილებისაგან" («Просветитель», слово 12).

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან დამოწმებული ადგილი უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს იმათ განკვეთასა და ანათემირებაზე, ვინც თვით ღმრთისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ სცოდავს. ჩვენს წინაპრებს კი არაფერი მსგავსი არ უქნიათ. იმ დროს (ბარონის ისტორიიდან) განკვეთილნი სხვა ეპისკოპოსებს იმ შემთხვევაში შესჩიოდნენ, თუ მათი განმკვეთელი ეპისკოპოსები უსამართლოდ მოქმედებდნენ, არ გამოეძიებდნენ განკვეთილთა საქმეს, მათ უდანაშაულობას ამა თუ იმ ცოდვაში. აქ კი, პირიქით, თქვენი მისიონერები დღესაც ამბობენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების განკვეთები და ანათემატიზმები სწორია, ქმედითია და კანონიკური და ტვირთად აწევს მათ, ვინც კრებათა "ნაბრძანებს" არ შეასრულებს, არადა ამ კრებათა მიერ განწესებულია არა რაიმე მწვალებლობების უარყოფა, არამედ მწვალებლობად შერაცხილ მართლმადიდებლურ ჩვეულებათა.

აი, ასეთი განკვეთები არის უსჯულოება და საძულველი. ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არის ნათქვამი დიდ სჯულისკანონში, კართაგენის კრების 38-ე კანონის ბალსამონისეულ განმარტებაში: "კლერიკოსს ან ერისკაცს თავისი ეპისკოპოსი თუ განკვეთს მითითებულ ცოდვათა გამო, ის განკვეთას უნდა დაექვემდებაროს და არ დაარღვიოს მორჩილება, სანამ მისი უდანაშაულობა გამოძიებულ არ იქნეს; ხოლო თუ რაიმე დანაშაულისთვის ეპისკოპოსი უმიზეზოდ განკვეთს ერისკაცს ან კლერიკოსს, მაგალითად იმისთვის, რომ ის არ ეთანხმება მის კადნიერ სურვილებს; ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია უგულებელყოს განკვეთა, რადგან ჯეროვანია თვით უსამართლო განმკვეთელი დაისაჯოს რადგან, ეპისკოპოსები საკუთარ ნებაზე თუ დაიწყებენ ერისკაცთა და კლერიკოსთა განკვეთას, ყოველი თვითმსაჯულნი შეიქნებიან და ვერავინ გაბედავს მათ წინააღმდეგობას განკვეთის შიშით; არ არის გამორიცხული ასეთებმა თვით ღვთისმოსაობაც განიკითხონ და ამგვარად საღმრთო კანონები მრავალი უბედურების მიზეზად გარდააქციონ, რაც დაუშვებელია" (Кормчая полного перевода).

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან მოხმობილი მაგალითის პასუხად ამაზე უკეთეს და ნათელ მტკიცებულებას ვერ ვიპოვით. აქ ასახსნელიც კი არაფერია. თქვენ ჯიუტად ითხოვდით დამემტკიცებინა, შეიძლება თუ არა 1656-1667 წლების კრებათა კრულვებისთვის თქვენი ეკლესიის ეპისკოპოსები მწვალებლებად იქნენ გამოცხადებულნი. მრავალი მოწმობის წაკითხვა შემეძლო ამ მხრივ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთით შემოვიფარგლები. ღირ. თევდორე სტოდიელი წერს: "ვინც მართლმადიდებელ ქრისტეანს უსამართლოდ შეაჩვენებს, მწვალებელია... და თვით უფალს განსჯის" (Письма, ч. I, стр. 233).

აჰა მოგეცით პასუხი თქვენს გაკადნიერებულ მეძიებლობაზე. ჩემის აზრით, ჩემი ეს პასუხი სრულიად საკმარისია თქვენთვის.

ახალმოწესე: თქვენს მიერ წაკითხული მოწმობების შემდეგ ვამჩნვე, რომ ეს მაგალითიც ვერ არის ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი. თუმცა, თადარიგში მაქვს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ჯერ არ დამიმოწმებია.
ძველმოწესე: კეთილი ბატონო, დამიმოწმეთ რაც იცით.


პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯის შესახებ

ახალმოწესე: ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასეთი ფაქტიც არსებობს: ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ დუბის კრებაზე უდანაშაულოდ დასაჯა წმ. იოანე ოქროპირი და განდევნა კონსტანტინოპოლიდან. ოქროპირი სასულიერო წოდებისგანაც დაამხეს. სხვათა შორის, მას ორიგენიზმშიც სდებდნენ ბრალს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს თეოფილე ერეტიკოსად არ მიუჩნევია, ასევე არც თქვენ, ძველმოწესეები, და არც ჩვენ, თეოფილეს არ მივიჩნევთ ერეტიკოსად. მეტიც, ეკლესია თავის სჯულმდებლობაში ("დიდ სჯულისკანონში") ხელმძღვანელობს პატრიარქ თეოფილეს 14 კანონითაც. რას იტყვით ამის შესახებ?

ძველმოწესე: მითხარით გეთაყვა: სამართლიანად და კანონიერად აღიარებთ თუ არა პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯას?

ახალმოწესე: არა, არ ვაღიარებთ, და მე უკვე აღვნიშნე, რომ თეოფილემ წმ. იოანე ოქროპირი უდანაშაულოდ დასაჯა-თქო. მაგრამ საქმე ამაში როდია. მე ვამბობდი, რომ თეოფილე ამ უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად მწვალებლად არავის შეურაცხავს, თქვენ კი ჩვენი კრებები, რომლებმაც თქვენის აზრით უკანონობა ჩაიდინეს და უდანაშაულოდ განსაჯეს თქვენი წინაპრები, მწვალებლურად გყავთ გამოცხადებული, - აი რაშია საქმის არსი! ახლა კი დამიმტკიცეთ გეთაყვა თქვენი ამგვარი გადაწყვეტილების სამართლიანობა.

ძველმოწესე: ჩვენი წინაპრების თქვენი მოძღვრებისგან ჩამოშორების სამართლიანობა დიდი ხანია რაც დამტკიცებულია. ამის შესახებ ვლაპარაკობდით ჩვენ თქვენს მიერ დამოწმებული მაგალითების განხილვისას. აქ კი ჩემს მოვალეობად მივიჩნევ დაგიმტკიცოთ მხოლოდ ის, რომ არც ეს მაგალითი ამართლებს ყოფილი პატრიარქ ნიკონის უგუნურ რეფორმას.

მაშ ასე, განვიხილოთ ეს შემთხვევაც. შეუძლებელია იმის დაშვებაც კი, რომ წმ. იოანე ოქროპირი მისდევდა ორიგენისტულ მწვალებლობას. აქედან გამომდინარე, ყველა მიზეზი ოქროპირის დასჯისა ცილისმწამებლურია, რომელი წმიდა მამის მტრებისგან და მოშურნეებისგან მომდინარეობდა. მართლაც, რას წარმოადგენდა ის კრება, რომელსაც თეოფილე თავმჯდომარეობდა და რომლის ინიციატივითაც იქნა ის მოწვეული? ამაზე პასუხს თვით ეკლესიის უდიდესი მნათობი წმ. იოანე ოქროპირი გვაძლევს: "ვხედავ, რომ სატანა, რომელიც ჩემს სწავლებას ვერ ითმენს, უკვე თავყრილობას აწყობს ჩემს წინააღმდეგ" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, Творения, т. I, стр. 79). ჩემო ძვირფასო თანამოსაუბრევ, თქვენ თუ გსურთ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებები გაამართლოთ თეოფილეს მიერ მოწყობილი კრებით, მაშინ უცილობლივ უნდა აღიაროთ, რომ თქვენი თავყრილობები იმავე სულის მიერ იყო შთაგონებული, ანუ სატანის მიერ. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს მაგალითი გამოდგეს ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.

ახალმოწესე: თქვენს მიერ მოტანილი შედარება წარმატებული გამოდგა, მაგრამ მაინც ვერ დამიმტკიცეთ, რომ წმ. იოანე ოქროპირის უსამართლოდ დასჯის გამო თეოფილე მწვალებლად უნდა გამოცხადდეს, იგივე უნდა იფიქროთ თქვენ ჩვენს მოძღვართა შესახებაც, რომლებიც მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებს ესწრებოდნენ.

ძველმოწესე: გმადლობთ იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც დამეთანხმეთ იმაში, რომ მეტად არაზუსტად შეარჩიეთ მაგალითი თქვენი კრებების გასამართლებლად. ახლა კი თქვეს ბოლო სიტყვებზე გიპასუხებთ. პატრიარქი თეოფილე მწვალებლად იმიტომ არ არის გამოცხადებულია, რომ მას არავითარი მწვალებლობა არ უქადაგია. სარწმუნოებით ის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო, ამ უბრალო მიზეზით არ თვლიდა მას წმ. იოანე ოქროპირი მწვალებლად, იმავე მიზეზით არ მივიჩნევთ მას ერეტიკოსად ჩვენც და თქვენც.

თეოფილეს კრებამ წმ. იოანე ოქროპირი განიკითხა არა მართლმადიდებლური სარწმუნოების ან მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის, როგორც ეს თქვენმა კრებებმა მოიმოქმედეს, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვა იმპერატრიცა ევდოქსიამ, იმპერატორ არკადის მეუღლემ, რათა წმ. იოანეს შეეწყვიტა თავისი კათედრიდან საიმპერატორო კარის ცოდვების მხილება. ამიტომაც, ევდოქსიამ აირჩია რამოდენიმე ეპისკოპოსისგან შემდგარი პარტია თეოფილეს მეთაურობით, რომლებმაც თავი მოუყარეს ცილისმწამებელთა და ფულით მოსყიდულთა ხროვას, შეთითხნეს ცილისწამებები წმ. იოანე ოქროპირის წინააღმდეგ და ბოლოს ამ ცილისწამებათა საფუძველზე გაასამართლეს იგი; მაშინ როდესაც, თქვენმა კრებებმა მართლმადიდებელი ქრისტეანები გაასამართლეს მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის. იმ გადმოცემებისთვის, რომლებიც მათ წმიდა მამათაგან მიიღეს.

ამ ღვაწლის გამო ჩვენი წინაპრების დაწყევლით, თქვენმა კრებებმა დასწყევლეს ყველა ის წმიდა მამა, ვინც ამ გადმოცემებს იცავდა და შთამომავლობას გადასცემდა. ამის შესახებ "მსოფლიო კრებათა საქმეებში" ("Деяния вселенских соборов") ვკითხულობთ: "და აწ, მისი (ნესტორის) განკარგულებით, არ ვიტყვი პირდაპირ განვიკვეთებით-თქო, მაგრამ გვესმის მრისხანე ანათემა". მაგრამ, თუკი იმისთვის შეგვაჩვენებენ, რაც ეკლესიას ადრეც ეპყრა, "როგორ არის შესაძლებელი, მარტო ჩვენ შეგვეხოს ეს ანათემა და არ შეეხოს მთელს საყოველთაო ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს და არა მარტო იმათ ვინც ამჟამად ცხოვრობს, არამედ ღმრთის სავანეებში გადასახლებულებსაც" (т. I, стр. 140).

თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ესწრაფვოდნენო, ამგვარი უსჯულო მოქმედებებით თქვენმა წინაპრებმა ანათემა და მწვალებლის სახელი საკუთარ თავზე გარდამოიწვიეს, როგორც მოწმობს ამას წმ. თევდორე სტოდიელი: "თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ცდილობენო, სხვა ღია კრებაზე ანათემას გადასცეს მათი უსჯულო სწავლებისადმი უთანხმოებაში მყოფნი, ანუ ზუსტად რომ ვთქვათ, მთელი კათოლიკე ეკლესია, და მათგან, ვინც გზაზე გადაუდგა, ზოგი შორს გადაასახლეს, ზოგი საპყრობილეებში ჩაამწყვდიეს და აღმართეს დევნა, აქაური ჩვეულებისამებრ" (ч. I, стр. 220, письмо 33).

რაც შეეხება თეოფილე ალექსანდრიელის 14 კანონს, რომელიც ეკლესიამ სჯულისკანონში შეიტანა, ოდნავადაც კი არ ეხება ჩვენს შორის განსახილველ საკითხს, თუმცა ორიოდ სიტყვას მაინც ვიტყვი. მართალია, თეოფილე ალექსანდრიელი წმ. იოანე ოქროპირის მტერი იყო, მაგრამ ამავე დროს ის მართლმადიდებელი პატრიარქი გახლდათ და როგორც ალექსანდრიის ოლქის უხუცეს ეპისკოპოსს უდავო უფლება გააჩნდა მოეწესრიგებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესია. სწორედ მისი ამ მოღვაწეობის დასტურს წარმოადგენს ის 14 კანონი, რომელიც მან პასუხად დაუგზავნა ეკლესიაში მოღვაწე სხვადასხვა პირებს. რადგან იმ მიზეზებმა, რამაც პატრიარქ თეოფილეს ეს კანონები დააწერინა, ეკლესიაში თავი მისი გარდაცვალების შემდეგაც იჩინა, ეკლესიამ გადაწყვიტა ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიეღო, რამეთუ სრულიად შეესატყვისებოდა მის სულისკვეთებას და ამომწურავად იძლეოდა პასუხს მსგავს საკითხებზე.

განა უცნობია თქვენთვის, რომ ეკლესიამ თავის საღვთისმსახურებო განაწესში მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო, რომელიც მონოთელიტი მწვალებლის, კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის შექმნილია. გარდა ამისა, წმ. ეკლესია დღემდე აღასრულებს პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს, რომელიც პაპმა ჰონორიუსმა დააწესა და, რომელიც ასევე მწვალებელი იყო. მიუხედავად ამისა, არც პატრიარქი სერგი და არც პაპი ჰონორიუსი ეკლესიას მართლმადიდებლებად არ მიუჩნევია. ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ თეოფილეს 14 კანონს, რომელიც სულაც არ აჩვენებს თეოფილეს სიწმიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიიღო.

ახალმოწესე: გმადლობთ, კმაყოფილი ვარ თქვენი განმარტებებით.



წინამდებარე განხილვის ავტორის დასკვნა


ღმრთის შეწევნით ვამთავრებ ამ ჩემს პირველ წერილობით ნაშორმს და ვადასტურებ, რომ აქ გადმოცემული დიალოგი არის არა გამოგონილი თხზულება, არამედ პრაქტიკულ გასაუბრებათა კრებული, რომელიც მრავალგზის მიწარმოებია გაბატონებული ეკლესიის მისიონერებთან. ერთადერთი, რაც გასაუბრებას დავამატე ის წყაროებია, რომელთა გამოყენება ზეპირ პოლემიკაში შეუძლებელი იყო. რაც შეეხება მისიონერთა ხრიკებს მითითებულ წყაროებთან დაკავშირებით, გადმოცვეცი მხოლოდ ის, რაც უშუალოდ მათგან მსმენია. ჩვენს უფალ ღმერთს ვევედრები, რათა ყოველივე მართლმადიდებელ ქრისტეანთა სასიკეთოდ და თავისი ეკლესიის სადიდებლად წარმართოს. ამ დიალოგის მკითხველთაგან კი მხოლოდ დიდსულოვნებას ვითხოვ; და თუ ამ ნაშრომში რაიმე შეცდომა აღმოჩნდება, მომიტევოს, რადგან მის დაცვას კი არ დავიწყებ, არამედ გულისყურით მივიღებ ყოველ შენიშვნას, რადგან ნათქვამია: "მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი" (ეფეს. 4:2).

ღმერთი მშვიდობისა დე იყოს ჩვენს შორის!

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика